
ირმა მალაციძე
ირმა მალაციძე საბავშვო მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგია. ის დაიბადა ქალაქ ხაშურში, 1968 წელს და დაამთავრა ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა. ირმა მალაციძემ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს ის ჟურნალისტად მუშაობდა ტელევიზიასა და სხვა მედია საშუალებებში.
2003 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2006 წლიდან ირმა მალაციძე ხელმძღვანელობს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდს. ის არის საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის „შოკოლიტის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი.
ირმა მალაციძე არის არაერთი წიგნის ავტორი და სხვადასხვა პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. ის არის ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო ლიტერატურული პრემიის „ალმა“ სამგზის ნომინანტი.
მისი ავტორობით გამოცემული წიგნებია:
- „სატკბილეთის ქვეყანა“
- „დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში“
- „ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში“
- „ფრი“
- „ზუზუნები და ღუტუნები“
- „თერაპიული ზღაპრები – ექიმი კოდალა“
- „პატარა ბობოს ამბავი“
- „ხელნაკეთი ზღაპრები“
- „ოთხი ჯდოსნური დრო“
- „კურკა“