სტუმრად ბებიასთან
დაუვიწყარი სტუმრობა ბებიასთან გურიის ულამაზეს სოფელში – სკიჯის სახლის და lib.ge – ს საზაფხულო შემეცნებითი ბანაკი 10 – 15 წლის მოსწავლეებისთვის.
თარიღები:
21 ივლისი – 28 ივლისი
29 ივლისი – 5 აგვისტო
6 აგვისტო – 13 აგვისტო
თქვენი მასპინძელი, გურული ბებია – დაკა ბერძენიშვილი და მოწვეული სტუმრები:
გიორგი კეკელიძე (წიგნიერება)
გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფია)
დამიანე გორდელაძე – მარტოკაცი (ფოლკლორი – მუსიკა)
დათო ნოზაძე (რობოტიკა)
საინტერესეო და სასარგებლო მასტერკლასები წიგნიერებაში, ფოტოგრაფიაში, ფოლკლორში და რობოტიკაში.
აქტივობები:
ორგანული მებაღეობა: ბავშვები ჩაერთვებიან ეზოს, ხეხილის ბაღის, ბოსტნის მოვლაში. ისწავლიან (სეზონის მიხედვით) თესვას, მცენარეების დარგვას, მოვლას და მოსავლის აღებას.
ცხოველების მოვლა: ბავშვები ჩაერთვებიან შინაური ცხოველების – ძაღლების და ქათმების მოვლაში; მიიღებენ ინფორმაციას მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მოვლისა და პროდუქტიულობის შესახებ (ძროხა, თხა). ყველა შინაური ცხოველი აცრილია და შესაბამისი წესების მიხედვით დამუშავებული.
ტრადიციული სამზარეულო: ბავშვები ჩაერთვებიან ადგილობრივი პროდუქტებით კერძების მომზადებაში.
სოფლის საღამოები: ღამის ცის ქვეშ, ჰამაკებში, ამბების თხრობა, სიმღერები, წიგნის კითხვა, ქართული და შემეცნებითი ფილმების ჩვენება;
საფეხმავლო ტურები: ნოდარ დუმბაძის და მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმების გაცნობა, ანა კალანდაძის საგვარეულო კარ-მიდამოს მონახულება, გზად გარემოს დათვალიერება; გასვლები სოფლის მიდამოებში, ჰერბარიუმისთვის მცენარეების მოგროვება ლიდერების თანხლებით.
ეკოლოგიური განათლება: პრაქტიკული გაკვეთილები ბუნების დაცვაზე, მდგრად მეურნეობაზე, ნარჩენების გადამუშავებაზე.
ხელსაქმე და სხვა საოჯახო საქმე სოფლად: ქსოვა, კერვა, ქარგვა, სხვადასხვა მასალით (ხე, ქაღალდი, მცენარის ფოთლები, მძივები და სხვა) სამახსოვრო ნივთების დამზადება, სამჭედლო საქმე, ხის მცირე ნაკეთობების შექმნა.
სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და წარმოების პროცესში მონაწილეობა: სკიჯის საწარმოს დათვალიერება, ჩირის დამზადება, ჩირის კანფეტების დამზადება, შეფუთვებზე მუშაობა.
ეზოს და სამაგიდო თამაშები, რომელიც არდადეგების აუცილებელი ნაწილი იყო: წრეში ბურთი, რეზინობანა, ლახტი, ვისი სული გსურს, კლასობანა, ბადმინტონი, ორდროშობანა, ლოტო, დომინო, ჭადრაკი, კარტი.
