
Lib.ge აკადემია და „კრისტალი“ განათლებისა და იდენტობის შენარჩუნების მიზნით თანამშრომლობას იწყებენ
Lib.ge აკადემიამ და მიკრობანკმა “კრისტალმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მთავარი მიზანია აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს Lib.ge აკადემიის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და მიკრობანკი “კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ.
თანამშრომლობის მთავარი მიზნები და მიმართულებები:
პარტნიორობა მიზნად ისახავს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:
- ქართული იდენტობის შენარჩუნება: აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლისა და ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
- მასწავლებელთა პროფესიული ზრდა: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებაში მხარდაჭერა, რათა მათ წვლილი შეიტანონ წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში.
- ფინანსური ცნობიერების ამაღლება: ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია ემიგრანტი ქალებისა და გოგონების ფინანსური ცნობიერების ამაღლებაზე და მათი სამეწარმეო უნარების გაძლიერებაზე (პროექტი Buzz Georgia).
მხარეები იზიარებენ იმ საერთო ღირებულებას, რომ ახალგაზრდებისთვის აუცილებელია ხელმისაწვდომი და ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების არსებობა, ისევე როგორც მასწავლებლის შრომის დაფასება და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
Lib.ge-აკადემია არის გიორგი კეკელიძის არაფორმალური განათლების აკადემია, რომელიც აერთიანებს ციფრულ ბიბლიოთეკას, ონლაინ სკოლას ემიგრანტებისთვის და შემეცნებით პროექტებს. მისი მიზანია წიგნიერებისა და ქართული კულტურის გავრცელება საზღვრებს გარეთ. Lib.ge-აკადემიის ელჩები არიან მზექალა შანიძე და ინგა თოფურია
მიკრობანკი “კრისტალი“ საქართველოში მოქმედი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. კომპანია აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების პროექტებში (Buzz Georgia) და სოციალურ პასუხისმგებლობაში.