
LIB.GE აკადემია და Geo Hospitals თანამშრომლობას იწყებენ
Lib.ge – აკადემიამ და შპს „ჯეო ჰოსპიტალსმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას, რათა ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს განათლება უფრო ხელმისაწვდომი გაუხდეს. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების არსებობა აუცილებელია.
პროექტის ფარგლებში, ემიგრაციაში მყოფი დედებისთვის და არამხოლოდ, ონლაინ-სკოლა პერიოდულად უფასო ლექციებსა და სემინარებს ჩაატარებს სამედიცინო მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ჩატარდა ფსიქოლოგ ქრისტინა კარანაიას ლექციების ციკლი –
„დედობა ემიგრაციაში“.
მემორანდუმი განუსაზღვრელი ვადით ამოქმედდა ხელმოწერის დღიდან. ის გაფორმდა ორ ერთნაირ ეგზემპლარად და მას შპს „ლიბ.ჯი-აკადემიის“ დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით თოთაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმებას Lib.ge-ს ბრენდის ელჩი ევროპაში, ინგა თოფურია დაესწრო.
ეს თანამშრომლობა გააფართოვებს ონლაინ-სკოლის შესაძლებლობებს და მიგრანტი ოჯახების დახმარებას უფრო ეფექტურს გახდის.