
LIB.GE აკადემიის ონლაინ-სკოლა ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის – განათლება საზღვრებს გარეშე
გიორგი კეკელიძის მიერ დაფუძნებული Lib.ge – აკადემიის ონლაინ-სკოლა, ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის მიღებას აცხადებს. მისი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს, შეინარჩუნონ კავშირი ქართულ ენასთან, კულტურასთან და იდენტობასთან, რაც საზღვარგარეთ ცხოვრებისას საკმაოდ რთული ამოცანაა.
სკოლის პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კურსს, რომლებიც მოსწავლეებს ქართული კულტურისა და ეროვნული ღირებულებების სიღრმისეულად გაცნობაში დაეხმარება. კურსებია:
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია – ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი, რომლის მიზანია ენობრივი უნარების განვითარება და საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ტრადიციების გაცნობა.
- საქართველოს ისტორია – კურსი, რომელიც მოზარდებს საქართველოს ისტორიის დეტალურ ცოდნას შესძენს.
- ქართული ზღაპრები – ამ კურსის მიზანია მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი წიგნთან დაახლოება.
- ინგლისური ენა.
გაკვეთილებს საქართველოში საუკეთესო მასწავლებლები გაუძღვებიან, მათ შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები და საუკეთესო ათეულის წევრები. პრეზენტაციის მიხედვით, პედაგოგებს შორის არიან ნათია უჩავა, ირმა მალაციძე, ჯაბა ლაბაძე, სოფიო ქუხილავა და სალომე ჩაჩხიანი.
ონლაინ-სკოლის გარდა, მოსწავლეებისთვის თვეში ერთხელ სპეციალური ლექციებიც ჩატარდება, რომლებსაც დავით ტურაშვილი, ნათია ფანჯიკიძე, დუტა სხირტლაძე და დამიანე გორდელაძე (მარტოკაცი) წაიკითხავენ.
Lib.ge აკადემიის ბრენდის ელჩი ევროპაში ინგა თოფურია იქნება.