LIB.GE აკადემიასა და მიკრობანკ კრისტალს შორის პარტნიორობის ფარგლებში ახალქალაქში მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა იწყება

LIB.GE აკადემიასა და მიკრობანკ კრისტალს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში იწყება ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული გადამზადების პროგრამა.

პროექტის მიზანია რეგიონში მოღვაწე პედაგოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან ადაპტაცია.

სამთვიანი ინტენსიური კურსი გათვლილია დაწყებითი კლასების ქართული ენის მასწავლებელზე. სასწავლო სესიები გაიმართება კვირაში ორჯერ. პროგრამას უხელმძღვანელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი ნათია კაპანაძე, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაწყებითი საფეხურის პედაგოგის და „ასწავლე საქართველოსათვის“ პროგრამის ფარგლებში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას აერთიანებს. ის არის უფროსი სპეციალური მასწავლებელი და ფლობს მრავალ სერტიფიკატს, მათ შორის ინკლუზიური განათლებისა და „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ქოუჩინგის კუთხით.

პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

მასწავლებლები გაივლიან გადამზადებას მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დაეუფლებიან კურიკულუმების შემუშავების მეთოდებს, ისწავლიან შემოქმედებითი პროდუქტისა და კომპლექსური ბუნების დავალებების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების შემუშავებას და შეფასების მატრიცების შექმნას.

პროგრამა ორიენტირებულია იმ გამოწვევებზე, რომლებსაც დღეს რეგიონის მასწავლებლები აწყდებიან და მიზნად ისახავს მათი პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.

ეს ინიციატივა LIB.GE აკადემიასა და მიკრობანკ კრისტალს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. პარტნიორობის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს სასწავლო პროგრამა გალის რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისთვის.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ემიგრანტი ქალებისა და გოგონების ფინანსური ცნობიერების ამაღლების ონლაინ პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება პერსონალური და სამეწარმეო უნარების გაძლიერებაზე.

ეს ინიციატივები მიმართულია არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და განათლების ხარისხის ამაღლებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

LIB.GE აკადემია არის ინკლუზიური და მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ და ინოვაციურ მიდგომებს. LIB.GE აკადემიის სივრცეში ცოდნა და შემოქმედებითობა ერწყმის ერთმანეთს და საკუთარი ინტერესებისა და მიზნების მიხედვით განვითარების საშუალებას აძლევს ყველას – საქართველოში და დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მიკრობანკი კრისტალი არის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც აქტიურად არის ჩართული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში და მხარს უჭერს განათლების განვითარების ინიციატივებს ქვეყანაში.

Back to top