LIB.GE აკადემიამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ცერემონიაზე ორი რჩეული მასწავლებელი გამოავლინა

30 სექტემბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს რიგით მეცხრე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნადLIB.GE აკადემიის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ 2025 წლის ათეულიდან ორი რჩეული მასწავლებელი, თამუნა მაჭარაშვილი და დათია ბადალაშვილი, გამოავლინა და თითოეულს 1000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა.

  • თამუნა მაჭარაშვილი, თბილისის N77 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორ-მასწავლებელი, გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით: აქტიურად იყენებს არაფორმალური განათლების მეთოდებს, პროექტულ სწავლებას და არის დებატების კლუბის და „პოლიტიკური სკოლა 77“-ის ავტორი. მისი ნამუშევრები წარმატებით მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში.
  • დათია ბადალაშვილი, დიდი თონეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, პედაგოგიური პრაქტიკის პარალელურად, თემის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მან აღადგინა სოფლის ბიბლიოთეკა, რომელიც ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო ცენტრად იქცა. დათია ასევე არის ნომინირებული მწერალი და ჟურნალ „მასწავლებლის“ აქტიური ბლოგერი.

ცერემონიის ფარგლებში, გამოვლინდა 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. ვულოცავთ ჟანა ხაჩატურიანს ამ მნიშვნელოვან აღიარებას, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას უწყობს ხელს. 

LIB.GE აკადემიისა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს თანამშრომლობის უმთავრესი ასპექტი დასაქმების ხელშეწყობაა: 2025 წლის ათეულის ყველა წევრს  სთავაზობს თანამშრომლობას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროცესში. აღნიშნული შეთავაზება ასევე გავრცელდება წინა წლების საუკეთესო ათეულის წევრებზე.

მემორანდუმის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, წარმატებული პედაგოგების გამოვლენა და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში.

Back to top