მიხეილ მგალობლიშვილი (1902-1977)

 

მიხეილ ვლადიმერის ძე მგალობლიშვილი დავიბადე 1902 წლის 10 აპრილს, სოფელ ერკეთში, ჩოხატაურის რაიონში.

მამაჩემი _ ვლადიმერ მიხეილის ძე მგალობლიშვილი, წარმოშობით აზნაური იყო, მიწის მუშა, დედა _ სალომე კონსტანტინეს ასული ბერიძე იყო დიასახლისი.

პირველდაწყებითი სწავლა მივიღე ს. ერკეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც დავამთავრე 1916 წელს და შევედი თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია დაიხურა დასემინარიის მოსწავლეები, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან ვიყავით გადაგვიყვანეს ახლად გახსნილ ქუთაისის მესამე გიმნაზიაში, რომელიც დავამთავრე 1920 წელს.

1921 წლის მარტიდან დავიწყე დამოუკიდებელი შრომითი ცხოვრება. ამ რიცხვიდან დავიწყე მუშაობა საქართველოს მეტყევეთა პროფკავშირის ცენტრალურ გამგეობაში კულტურულ განყოფილების ინსტრუქტორად და ამ დღიდან 50 წლის მანძილზე განუწყვეტლივ ვმუშაობდი კულტურლ-საგანმანათებლო და ხელოვნების დარგში.

მეტყევეთა პროფკავშირებიდან გადამიყვანეს ალკკ ქ. თბილისის ქალაქის რაიონის კლუბის გამგედ, შემდეგ თბილისის ტრამვაის მუშათა კლუბის გამგედ, საქართველოს ფროფსაბჭოს კულტგანყოფილების თვითმოქმედი ხელოვნების სექტორის გამგედ.

ქუთაისის საოლქო პროფსაბჭოს კულტგანყოფილების გამგედ, საქართVელოს კოოპერაციისა და სახ. ვაჭრობის მUსაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის კულტგანყოფილების გამგედ, სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების უფროსად.

1935 წელს დავამთავრე მოსკოვის, ა.ლუჩარსკის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილების თეტრმცოდნეობის ფაკულტეტი.

1936 წელს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან შეიქმნა ხელოვნების საქმეთა სამმართველო, რომლის დაარსების დღიდან ვიყავი ხალხური შემოქმედების უფროსი, ამავე დროს შეთავსებით ვიყავი ხალხური შემოქმედების საკვლევო კაბინეტის და ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორი.

1937 წლის დეკემბერში რეპრესირებული ვიყავი საქართველოს შინსახკომის მიერ და დაუსაბუთებელი ბრალდებით სამეულის მიერ მომესაჯა 10 წლით შრომა-გამასწორებელ ბანაკში მუშაობა.

1940 წელს ეს განაჩენი გადასინჯულ იქნა და სასჯელის ვადა შემიმცირდა 3 წლამდე. 1940 წელში გამანთავისუფლეს და ვმუშაობდი 1958 წლამდე ჯერ თეთრიწყაროს სარაიონო კულტსახლის სამხატვრო ხელმძღვანელად და შემდეგ ბოლნისში ჯერ სარაიონო კულტურის სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად, შემდეგ კინოფიკაციის და ბოლნისის რაიაღმასკომის კულტურის განყოფილების გამგედ.

1955 წლის ოქტომბერში ა/კავკასიის სამხედრო ტრიბუნალის მიერ რეაბილიტირებული ვიქენი 1937 წელში მიღებული შეუსაბამო ბრალდებისაგან და აღდგენილი ყველა უფლებებში. 1957 წლიდან მიმიღეს სკკპ წევრად.

1958 წელს გადამიყვანეს სამუშაოდ საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროში _ კინოფიკაციის სამმართველოში. , ხოლო 1960 წლის მარტიდან კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილების უფროსად. განყოფილების რეორგანიზაციის შემდეგ 1962 წლის ოქტომბრიდან სასცენარო- სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელ მდივნად, სადაც დღემდე ვმუშაობ.

სამსახურებრივ მოვალეობასთან ერთად მთელი 50 წლის მანძილზე ვეწეოდი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. ოცდაათ წელზე მეთხანს ვიყავი ჯერ კომკავშირის, ხოლო შემდეგ პარტიული განათლების ქსელში პროპაგანდისტად.

ვიყავი არჩეული მეტყევეთა პროფკავშირის ცენტრალური გამგეობის, კომუნალური მეურნეობის მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის, ქუთაისის საოლქო პროფსაბჭოს წევრი, ბოლნისის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს დეპუტატი, კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” პარტბიუროს წევრი და მდივნის მოადგილე.

მიღებული მაქვს მთავრობის ჯილდოები:

მედლები: ,,კავკასიის დაცვისთვის”

,,1941-1945 წ. სამამულო ომში მამაცური შრომისთვის” და ,,მამაცური შრომისთვის ვ. ი. ლენინის დაბადების 100 წლისთვის”.

საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს 1968 წლის 2 იანვრის ბრძანებულებით მინიჭებული მაქვს ,,საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის” საპატიო წოდება.

მყავს ოჯახი:

ცოლი ელენე ამირიდონის ასული _ პენსიონერი _ მასწავლებელი;

შვილი მედეა _ ექიმი;

თინა _ საქართველოს რადიოს დიქტორი;

დანიშნული მაქვს ხანდაზმულობის პენსია _ 120 მან.

ვცხოვრობ თბილისში პეკინის ქ. #51 ბ.

 

 

P.S. 

 

მიხეილ მგალობლიშვილმა გარდაცვალებამდე ხუთიოდე წლით ადრე, 1972 წელს შექმნა ასშვიდგვერდიანი ხელნაწერი, გამოსაცემად არა, გამოცემას მაშინ აბა ვინ იფიქრება, და ,,1937” დაარქვა.

ეს არის ნამდვილი ტრაგიკული ავტობიოგრაფია კაცისა, რომელიც საკუთარი აჩრდილის წინაშე ინანიებს ყველა თავის ოდინდელ რწმენას და თითქოს ვალს იხდის იმ ათასობით ადამიანის წინაშე, ვინც მასთან ერთად გაიარა ჯერ ორთაჭალის ციხის საკნები, შემდეგ კი გადასახლება შორეულ ჩრდილოეთში.

წიგნში ინტელიგენტური დახვეწილობითა და პატიოსნებითაა აღწერილი, როგორც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ისე შემზარავი სცენები.

მასში შეხვდებით უამრავ უცნობ ადამიანს, სახლებითა და გვარებით, წარსულითა და ტრაგიკული აწმყოთი, ოღონდ უმომავლოდ. შეხვდებით ხორცშესხმულ შიშს და ადამიანური ბუნების უცნობ სისუსტეებს. პირისპირ შეეჩეხებით არა მხოლოდ წამებულებს, არამედ ჯალათებსაც.

და მიახლოებითი წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ იმაზე, რას გრძნობდნენ, რას ფიქრობდნენ და როგორ ცდილობდნენ გადარჩენას ლეიბის, პიჟამოსა და სიგარეტის ამარა დარჩენილი ადამიანები.

დაბოლოს, თუ ლიტერატურულ შედარებას მივმართავთ, ,,ძია მიშა” (როგორც მეგობრები ეძახდნენ მიხეილ მგალობლიშვილს) ერთგვარ ქართველ იონად წარმოგვიდგება, იონად, მითიურმა ვეშაპმა რომ ჩაყლაპა და მერე შემთხვევით უკანვე ამოანთხია.

,,1937" წიგნად 1990 წელს გამოიცა (ორიოდე წლით ადრე ,,ლიტერატურაულმა საქართველომ” დაბეჭდა მისი რამდენიმე ნაწყვეტი).

ეს არის ამბავი ცოცხლად გადარჩენილი იონასი. ამბავი იმისა, თუ რა ხდებოდა ვეშაპის მუცელში.