შელომო იბნ გებიროლი

 შელომო ბენ-იეჰუდა იბნ გებიროლი _  პოეტი, ფილოსოფოსი, მოგვიანებით ,,ებრაელთა პლატონად” წოდებული _  დაიბადა 1021-1022 წლებში მალაგაში. ცხოვრების ძირითადი ნაწილი სარაგოსაში გაატარა. ადრე დაეღუპა დედ-მამა და ძმები. ბავშვობიდანვე უკურნებელი სენით ყოფილა დაავადებული.

 

    18 წლის ასაკში უპოვია მეგობარი და თანამგრძნობი ისჰაკ იბნ ჰასანი (იეკუთიელი), მაგრამ მალე ისიც გამოსცლია ხელიდან: 1039 წელს იაკუთიელი სიცოცხლეს გამოასალმეს პოლიტიკურმა მტრებმა. ასე ბიოგრაფიულმა ფაქტორებმა გაუძლიერეს პოეტს გარემოს აღქმის უნარი, გაამძაფრეს მისი შინაგანი სამყარო. იგი სრულყოფისაკენ ილტვის, იხვეწება და საბოლოოდ ყალიბდება მისი ფილოსოფიურ-რელიგიური მრწამსი.

     

    გებიროლს რთულ ისტორიულ ვითარებაში მოუხდა ცხოვრება, მის პერიოდში, მთელი მუსულმანური ესპანეთი ჯერ ისლამისტური სექტის, ალმორავიდების ხელში გადავიდა და მათ ჩრდილო აფრიკულ და პორტუგალიურ მიწებს შეუერთდა, ხოლო მოგვიანებით 1147 წლის მახლობელ ხანებში კი იქ მაღრიბული დინასტია ალმოჰადები გაბატონდნენ, მათ დაამხეს ალმორავიდების სახელმწიფო და XIII საუკუნის შუა ხანებამდე მართვადნენ ქვეყანას. 

 

     გებიროლის ფილოსოფიური ნააზრევი იმ დიდი კულტურული ძვრების შედეგია, რომლითაც იმდროინდელი ანდალუსია იყო გარემოცული არაბი ფილოსოფოსების გავლენით. ერთ მხრივ კლასიკური კლასიკური ფილოსოფიის მონაპოვრებს რომ ითვისებდნენ და მეორე მხრივ კი ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობას პოულობდნენ რელიგიაში.

 

     გებიროლმაც წინააღმდეგ იმხნად გავრცელებული სქოლასტიკური თვალსაზრისისა (,,ფილოსოფია ღვთისმეტყველების მსახურია”) ახალი ნეო-პლატონიკური იდეები შემოიტანა ორთოდაქსალური იუდაიზმის მოძღვრებაში და ტრადიციული რელიგიური დოქტრინები ფილოსოფიის შეუვალ კანონებს დაუქვემდებარა.

 

      მისი ძირითადადი ფილოსოფიური ტრაქტატი ,,წყარო ცხოვრებია”, რომელიც არაბულ ენაზე დაიწერა და მხოლოდ მოგვიანებით 1150 წელს ითარგმნა ებრაულად, მხოლოდ ლათინურმა თარგმანმა შემოგვინახა. თხზულების ავტორად საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა ვინმე ავაცებრონა თუ ავენცებროლი, რომელსაც ზოგი ქრისტიანად მიიიჩნევდა ზოგი მუსლიმანად (მხოლოდ 1845 წელს ფრანგმა ორიენტალისტმა ს. მუნკმა დაადგინა ავაცებრონ-ავენცებროლისა და ბრწყინვალე ებრაელი პოეტის შელომ იბნ გებიროლის იდენტურობა).

      

     ნაწარმოები ნეოპლატონიკური პანთეიზმისაკენ აშკარა მიდრეკილებით ხასიათდება, თუმცა მკვლევართა ნაწილი დაბეჯითებით ცდილობდა, თეორია ღვთაებრივი ემანაციისა _  თავისებურად გაგებული და გააზრებული გებიროლის მიერ _ სამყაროს შექმნის ბიბლიურ მოძღვებასთან შეეთავსებინა. თხზულება დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუასაუკუნეების ქრისტიან სქოლასტიკოსთა წრეებში.

 

     მისი გავლენის კვალი შეინიშნება, მაგალითად, ალბერტ დიდის თომა აქვინელისა და სხვათა ნააზრევში. ცოტა მოგვიანებით გებიროლის ფილოსოფიური დებულებები კაბალისტურითეოსოფიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა. შემდგომში მისი შეხედულებები მეტ-ნაკლები კორექტირებით გაიაზრეს ჯორდანო ბრუნომ, ბარუხ სპინოზამ და სხვა.

        

     გებიროლის ფილოსოფიასთან ორგანულ კავშირშია მისი მხატვრული შემოქმედება, რომელშიც ბუნებრივადაა შერწყმული მგრძნობიარე პოეტისა და მოაზროვნე ფილოსოფოსის პიროვნებები. ნაწარმოებთა უკიდურესად ტრაგიკული ჟღერადობ, ზეაწეული და ამღლებული პოეტური ინტონაციები კარგად ეხამებოდა და გამოხატავდა მათი ავტორის შინაგან განწყობილებას. მისი გამძაფრებულ სულიერ ცხოვრებას.

        

    საგანგებო აღნიშვნის ღირსია გებიროლის რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსები, (მათ შორის მისტიკური პოემა ,,გვირგვინი ხელმწიფებია”), რომეთაც ტრადიციულ სასულიერო პოეზიაში შემუშავებული აღსარების ფორმა და ხასიათი აქვთ, თუმცა ამის პარალელურად მძლავრდააა წარმოჩენილი ჭეშმარიტების მაძიებელი პოეტის ლაღი და შეუბორკავი ფანტაზია.

        

    გებიროლი გარდაიცვალა ვალენსიაში. მისი გარდაცვალების სავარაუდო თარიღად 1058 წელია მიჩნეული.

 

 

 

ტექსტი ამოღებულია წიგნიდან, ,,შუა საუკუნეების ებრაული პოეზია”, მხოლოდ რამდენიმე ისტორიული დეტალია დამატებული