ჯოსაფატ ბარბარო

 


ჯოსაფატ ბარბარო 1413 წელს დაიბადა ვენეციაში, ძველ არისტოკრატულ ოჯახში. მან ადრიდანვე მოჰკიდა ხელი სავაჭრო საქმიანობას, ამას თან დაკავშირებით იგი ჯერ კიდევ 1936 წელს წავიდა აღმოსავლეთში და მხოლოდ 16 წლის შემდეგ დაბრუნდა უკან.
     1460 წელს იგი დაინიშნა იტალიური კოლონიის ტანას კონსულად, ეს იყო სავაჭრო ქალაქი მდინარე დონის ნაპირას, რომელიც XIV- XV საუკუნეებში განთქმული იყო თავისი სავაჭრო საქმიანობით და სადაც თავისი პირველი მოგზაურობის დროს უკვე იმყოფებოდა ბარბარო. მაგრამ მან უარი თქვა ამ მოვალეობის შესრულებაზე.
     1463 წელს დაიწყო ომი ვენეციის რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის, რომელიც 16 წელიწადს გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით ბარბარო 1463 წელს ჯერ რესპუბლიკის რეზიდენტად დაინიშნა დალმაციაში, ხოლო 1465 წელს იგი უკვე ალბანეთში გადაიყვანეს, სადაც აჯანყებული ალბანელები იბრძოდნენ თურქების წინააღმდეგ. ბარბერო 1465 წელს ალბანეთში ვენეციის ჯარების მეთაური ხდება და 1469 წლამდე ინარჩუნებს ამ თანამდებობას. მან სახელი გაითქვა სხვადასხვა ბრძოლაში სკანდერნეგის (გიორგი კასტრიოსტი 1405-1468), ალბანეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის მეთაურის, გვერდით.
      1473 წლის 11 იანვარს ვენეციის სენატმა მიიღო დადგენილება, დახმარებოდა თეთრბატკნიანთა სახლემწიფოს. გადაწყდა, უზუნ ჰასანის კარზე ელჩად ჯოსაფატ ბარბარო დაენიშნათ, რომლიც ყარამანიის სანაპიროზე იარაღს ჩაუტანდა უზუნ ჰასანს. ოსმალეთზე გამარჯვების შემთხვევაში სულთნის აღმოსავლეთ სამფლობელოები თეთრბატკნიანთა ხელში გადავიდოდა, ვენეციას კი ამ მიწებზე თავისუფალი ვაჭრობის უფლებას მიიღებდა.
      იმავე წელს, თებერვალში, ვენეციაში სპარსეთის ელჩის თანხლებით, რომელიც თავის მხრივ, სამშობლოში ბრუნდებოდა, ბარბარომ დატოვა იტალია და მოვალეობის აღსასრულებლად გაემართა, თან კი დიდი რაოდენობით იარაღი და დენთი წაიღო. ზღვით მივიდა კუნძულ კვიპროსზე და იქ მონაწილეობა მიიღო ადმირალ მოჩენიგოს ფლოტის მიერ თურქების წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო ოპერაციებში.
      გზაშივე შეიტყო მან, როგორ დაამარცხეს თურქებმა უზუნ ჰასანი 1473 წლის აგვისტოში, თავად კი საპრსეთის სამეფო კარზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1474 წლის ზაფხულში ჩავიდა.
       იგი თან ახლდა უზუნ ჰასანს საქართველოში ლაშქრობის დროს.
       1478 წელს უზუნ ჰასანის გარდაცვალების შემდეგ, მან დატოვა სპარსეთი და ერზრუმის, ალეპოსა და ბეირუთის გავლით 1479 წელს ჩააღწია ვენეციაში.
       ჯოსაფატ ბარბარო სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ვენეციის სენატის წევრი და თან დოჟის ანტონიო ბარბარიგოს მრჩევლადაც ითვლებოდა.
       მისი მოგზაურობის აღწერა ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი მოიცავს 1436-1451 წლებში კავკასიასა, სამხრეთ რუსეთსა, ყირიმსა და სხვა ადგილებში მის მოგზაურობას, მეორე ნაწილი კი მთლიანად  სპარსეთსი გატარებულ პერიოდს ეთმობა.
      ბარბარო აღწერს სხვადასხვა ხალხის ზნე-ჩვეულებებს, საქმინობას, გეოგრაფიას, იძლევა პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ცნობებსაც. თუ პირევლ ნაწილში იგი დასავლეთ საქართველოს (მენგრელიის) შესახებ საუბრობს, მეორე ნაწილში გვაძლევს ცნობებს XV საუკუნის მეორე ნახევარში თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს და საქართველოს რთულ ურთიერთობათა შესახებ.
     ბარბაროს ,,მოგზაურობანი” პირველად 1541 წელს ვენეციელი მანუციოს კრებულში დაიბეჭდა, მეორედ და მესამედ 1543 და 1545 წლებში. იმავე 1545 წელს იგი ცალკე წიგნადაც გამოიცა.
      პირველად ბარბოროს ,,მოგზაურობანის” ის ნაწილი, რომელშიც საქართველოზეა ლაპარაკი იტალიურიდან ქართულად თარგმნა ალ. ჭყონიამ და 1892 წელს, ჟურნალ მოამბის XI ნომერში დაიბეჭდა. მეორე თარგმანი ელ. მამისთვალიშვილმა შეასრულა, იგი შესულია 1981 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ საქართველოს ისტორიის წყაროების 26-ე წიგნში: ,, XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ”.

                                                                                         ტექსტი მომზადებულია ელდარ მამისთვალიშვილის წერილზე დაყრდნობით