ანაის ნინი

ანაის ნინი – ამერიკელი მწერალი ქალი, წერდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ეროტიული ჟანრის რომანებმა და დღიურების 11-მა ტომმა.

ანაის ნინი, იგივე ანხელა ანაის ხუანა ანტოლინა როზა ედელმირა ნინ ი კულმელი, დაიბადა 1903 წელს, პარიზის მდიდრულ გარეუბან ნეიი-სურ-სენში, ეს ადგილი პარიზის დასავლეთ საზღვართან, ბულონის ტყის მახლობლად მდებარეობს, მისი მთავარი, შარლ დე გოლის ქუჩა კი ელისეის მინდვრების პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს.

ნინის მამა, ხოაკინ ნინი, ესპანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი, კუბაში დაიბადა 1879 წელს, მაგრამ 1 წლის იყო, როცა მშობლები ბარსელონაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხოაკინი უკან ჰავანაში მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაბრუნდა თავისი პირველი კონცერტის ჩასატარებლად.

დედა, როზა კულმელი შეძლებული ფარნგულ-დანიური ოჯახის შვილი იყო, თავადაც მუსიკოსი და მომღერალი. მან და ხოაკინმა ერთმანეთი ჰავანაში გაიცნეს. მალე ერთობლივი კონცერტიც ჩაატარეს და 1902 წელს, მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, რომელსაც არ სურდა შვილი ღარიბი ესპანელი მუსიკოსისთვის მიეთხოვებინა, ისინი დაქორწინდნენ. როზა ქმრაზე რვა წლით უფროსი იყო.

ანაის ნინი 21 თებერვალს, დილის 8 საათზე დაბადებულა, მაშინ ნინები გენერალ ჰორიონ ბერტიეს ქუჩაზე, 7 ნომერში ცხოვრობდნენ. სახლი ყოველთვის სავსე იყო სტუმრებით, ძირითადად მუსიკოსებით და ყოველი საღამო ერთგვარი მცირე კონცერტით სრულდებოდა ხოლმე. თუმცა ოჯახი ფინანსურად ისევ როზას მშობლებზე იყო დამოკიდებული.

1905 წლის იანვარში შვიდი თვის ორსული როზა ქმართან ერთად შინ, კუბაში დაბრუნდა, იქვე შეეძინათ მათ მეორე შვილი თორვალდი. საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ ნინებმა პატარა სახლი დაიქირავეს სენ-კლოდში. როზა სიმღერაში ამეცადინებდა ბავშვებს, რომ როგორმე ოჯახს დახმარებოდა, ხოაკინი კი ხშირად დადიოდა გასტროლებზე ევროპასა და კუბაში.

1908 წელს ისინი ბერლინში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ანაის ნინს უმცროსი ძმა, ხოაკინი შეეძინა.

1909 წელს ბერლინიდან ბრიუსელის გარეუბანში გადასახლდნენ. მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ. ამ პერიოდში, მამა, ხუაკინი, არცთუ იშვიათად ღალატობდა ცოლს და უამრავ ფოტოს უღებდა ბავშვებს.

1912 წელს ანაის ნინს ოპერაცია დასჭირდა, მძიმედ გახდა ავად, მთელი სამი თვე იავადმყოფა, რის შემდეგაც ოჯახი იძულებული შეიქმნა დამორჩილებოდა ექიმის რჩევას და საცხოვრებლად სამხრეთში, საფრანგეთის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე პატარა ქალაქ არკაშონში გადასულიყო.

აქ ხუაკინმა მდიდარი ოჯახის შვილთან, მარუკა როდრიგესთან გააბა რომანი, ცოლს კი ბარსელონაში მის მშობლებთან გადასვლა ურჩია, ფინანსურად დაგეხმარებიანო. როზამაც გაყიდა ყველაფერი თუ რამე ებადათ და ესპანეთში გაემგზავრა. ანაის ნინს ახლა ესპანურიც უნდა ესწავლა, მაგრამ მამის დაჟინებული მოთხოვნით ფრანგულს მაინც არ ივიწყებდა, ლაპარაკითაც ფრანგულად ლაპარაკობდა და წერითაც ფრანგულად წერდა.

მარტო სიმღერის გაკვეთილებით სამი ბავშვის რჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ როზამ დას სთხოვა დახმარება და მიიღო კიდეც, 1914 წლის ისინი ნიუ იორკში როზას დასთან ანტონელსათან გაემგზავრნენ. გემი ,,მონსერატი” 25 ივლისს გავიდა პორტიდან და 11 აგვისტოს უკვე ამერიკაში იყო. სწორედ ,,მონსერატზე” იწყება ანაის ნინის სამწერლო კარიერა, მისი დღიურები, რომელმაც ავტორს ნახევარი საუკუნის შემდეგ მსოფლიო სახელი მოუტანა.

ანტონელას დახმარბით როზამ პატარა სახლი იყიდა მანჰეტენზე. ანაის ნინი თავიდან კათოლიკურ სკოლაში მიაბარეს, მაგრამ იგი ვერ შეეგუა იქაურ გარემოს და მალევე ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში განაგრძო სწავლა.

16 წლისამ სკოლა მიატოვა და თვითგანათლებას მიჰყო ხელი.

1919 წელს ოჯახს ფინანსურად გაუჭირდა, ამიტომ მანჰეტენზე სახლი გაყიდეს და ქუინსში გადავიდნენ საცხოვრებალად. მაგრამ საქმე სულ უკან და უკან მიდიოდა, როზას უკვე ერთადერთ იმედად ანაისის მდიდარ კუბელზე გათხოვება ესახებოდა.

1920 წლიდან ნინი უკვე ინგლისურად წერს თავის დღიურებს და განსაკუთრებით უახლოვდება თავის დეიდაშვილს, ედუარდო სანჩესს.

1921 წელს, მან წარუმატებლად სცადა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის კურსი გაევლო კოლუმბიის უნივერსიტეტში, მხოლოდ ინგლისურისა და ფრანგულის სწავლის ნება დართეს, რაც მალე მობეზრდა და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიატოვა.

ამავე წელს, რათა ოჯახს დახმარებოდა, ანაის ნინმა მოდელად დაიწყო მუშაობა.

1921 წლის 12 მარტს მან საკუთარ სახლში გამართულ ცეკვებზე ჰიუ პარკერ გილერი გაიცნო. 1922 წლის 8 ივნისს ისინი დაინიშნენ. მაგრამ დაქორწინება ჯერ ვერც ერთს ვერ გადაეწყვიტა. მიზეზი მშობლების წინააღმდეგობა იყო. ჰიუ მშობლემა ევროპაშიც კი გაუშვეს სამი თვით სამოგზაუროდ, ოღონდ ნინი მიეტოვებინა. მაგრამ ამაოდ.

1923 წლის 3 მარტს ახალგაზრდებმა ჰავანას კათოლიკურ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი.

ჰიუ ლიტერატურასა და ეკონომიკას სწავლობდა, ჰქონდა მყარი ფინანსური მდგომარეობა, დაკავებული იყო საბანკო საქმით. ახალდაქორწინებულები, 1924 წელს პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. ცხოვრობდნენ პარიზის მდიდრულ გარეუბნებში, ამის გარდა ანაის ნინს ჰქონდა საკუთარი სახლი-ნავი მდინარე სენაზე.

პარიზში ისინი ბევრ ხელოვანს მფარველობდნენ, მათ შორის ჰენრი მილერსაც (1932 წლიდან), რომელიც მოგვიანებით ნინის საყვარელი გახდა, ვისაც ქალმა ასობით წერილი მიწერა და ვის ლიტერატურულ და ადამიანურ გავლენასაც სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.

ანაის ნინმა თავისი პირველი წიგნი, რომელიც დ.ჰ. ლოურენსს ეძღვნებოდა 1932 წელს გამოსცა. 30-იან წლებში გამოიცა ასევე მისი რამდენიმე რომანი, მათ შორის ,,ინცესტის სახლი” – 1936 წელს. ანანის ნინის მოთხრობები იბეჭდებოდა, როგორც პერიოდულ გამოცემებსა და ჟურნალ-გზეთებში, ისე ყოველწლიყრ ანთოლოგიებში.

1944 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული ,,შუშის ზარის ქვეშ”. 40-იანი წლებში გამოდის მისი ისეთი ცნობილი წიგნები, როგორებიცაა ,,ცეცხლის კიბე”- 1946; ,,ალბატროსის ბავშვები” – 1947; ,,ჯაშუში სიყავრულის სახლში” – 1954; და სხვა.

მეორე მსოფლიო ომის დაიწყებამდე ნინი ა.შ.შ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ითამაშა რამდენიმე ფილმში, ქმრისგან საიდუმლოდ კალიფორნიაში ჰყავდა თავისზე 16 წლით უმცროსი საყვარელი, რუპერტ პოლი, რომელზეც 1955 წელს დაქორწინდა კიდეც. არ წყვეტდა ლიტერატურულ საქმიანობას.

მისი დღიურების პირველი ტომი მკითხველმა მხოლოდ 1966 წელს იხილა. მაშინ ანაის ნინი 63 წლისა იყო, დღიურებს კი 11 წლის ასაკიდან წერდა, იმ დღიდან, როცა შორეულ 1914 წელს, ბარსელონაში, გემ ,,მონსერატის “ ბორტზე ავიდა.

დღიურებმა ავტორს მსოფლიო სახელი მოუტანა. ეს თერთმეტი ტომი გამოირჩევა დახვეწილი სტილით, ცოცხალი სცენებითა და ორიგინალურობით.

პოპულარობის მოპოვების შემდეგ ანაის ნინი მთელს ამერიკაში კითხულობდა ლექციებს და ფემინისტური მოძრაობის ერთგვარ ლიდერადაც კი იქცა. 1975 წელს, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე გამოსცა წიგნი - ,,ლაპარაკობს ქალი: ანაის ნინის ლექციები, სემინარები, ინტერვიუები”.

ანაის ნინი 1977 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა ლოს ანჟელესში, გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა მისი ცნობილი რომანები: ,,ვენერას დელტა”- 1977 და ,,პატარა ჩიტები”- 1979. არადა ,,ვენერას დელტა” ნინმა 1940 წელს დაწერა, მაშინ ამ წიგნის თითო გვერდში თითო დოლარს უხდიდნენ.

ნინის საყვარლები იყვნენ მეოცე საუკუნის ცნობილი მწერლები _ ჰენრი მილერი, ანტონინ არტო, გორ ვაიდალი, ლოურენს დარელი და სხვანი.

ნინის დღიურების უკანასკნელი მეთერთმეტე ტომი, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1980 წელს გამოვიდა.

1990 წელს ფილიპ კაუფმანმა ნინის დღიურების პირველ ტომზე დაყრდნობით გადაიღო ფილმი სახელწოდებით ,,ჰენრი და ჯუნი”, რომელშიც მწერლის როლი მსახიობმა მარია დე მედეიროსმა შეასრულა.

ანაის ნინი წერდა: ,,მე მხოლოდ ცეცხლის მწამს. სიცოცხლის, როგოც ცეცხლის.”

გარდაცვალების შემდეგ, მისი სურვილისამებრ, ანაის ნინის სხეული დაწვეს, ფერფლი კი სანტა მონიკა ბეის ყურეში მოაბნიეს.