მანუელ მარია ბარბოზა დუ ბოკაჟე

მანუელ მარია ბარბოზა დუ ბოკაჟე დაიბადა პორტუგალიის პატარა ქალაქ სეტუბალში 1765 წელს, გამოჩენილი იურისტის ჟოზე ლუისა სოარესა ბარბოზასა და დონა მარია ჟოაკინას, ცნობილი ნორმანდიული წარმოშობის ცნობილი პორტუგალიელი ადმირალის ქალიშვილის ოჯახში.

 

მანუელ მარიას მამაც გატაცებული იყო პოეზიით, წერდა სახუმარო და მენაქორიულ-სენტიმენტალურ ლექსებს, სწორედ მისმა ამგვარმა გატაცებამ პოეზიით, ბაბუის საგმირო საქმეებმა და ფრანგი დეიდის ლიტერატურულმა წარმატებებმა იქონიეს გავლენა მანუელის ჩამოყალიბებაზე.

 

ბოკაჟე ათი წლის იყო როცა დედა გარდაეცვა, მას როგორც უმცროს ვაჟს არ ჰქონდა მემკვიდრეობაზე საკუთარი პრეტენზიის წამოყენების უფლება, ვერც მამის საქმეს გააგრძელებდა, კოიმბრეში იურიდიული განათლების მიღება პატარა თანხა სულაც არ ჯდებოდა.

 

შესაბამისად, მან ერთადერთი გზა აირჩია და უკვე თოთხმეტი წლისა ჩაირიცხა მეშვიდე ქვეით პოლკში, რომელიც მაშინ სეტუბალში იყო განლაგებული. 1782 წელს დედოფალმა დონა მარია I-მა სამეფო საზღვაო აკადემიასთან გახსნა გარდემარინების სკოლა. იმავე წელს სწორედ ლისაბონში მდებარე ამ სკოლაში ჩაირიცხა ბოკაჟე, მისი გვარი სკოლის სიებში 34-ე ნომრადაა მოხსენიებული.

 

საზღვაო არსენალის შენობასა, სადაც სკოლა იყო მოთავსებული, და როსისოს მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა იმ პერიოდის ძალზე პოპულარული კფე, სადაც ხშირად დადიოდნენ პორტუგალიელი მწერლები პოეტები, ლიტერატორები, უბრალოდ კულტურით გატაცებული ადამიანები, ინტელიგენტები. სწავლის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, როგორც ამას მკვლევარები მიუთითებენ, ბოკაჟე ამ კაფის ხშირი სტუმარი გახდა, შედეგად კი 1784 წლის 5 ივნისს იგი სკოლიდან გაცდენების გამო გარიცხეს.