შემუელ ჰანაგიდი

პოეტი, ფილოლოგი, თალმუდისტი, ცნობილი სახელმწიფო და საქზოგადო მოღვაწე, დაიბადა 982 წელს კორდოვაში. სწავლობდა ცნობილ მეცნიერთა ხელმძღვანელობით. მიიღო მრახალმხრივი ფილოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლება. ფლობდა რამდენიმე ენას.

1013 წელს გრენადაში ბერბერის შემოჭრის შემდეგ მალაგაში გადასახლებულა. გაუხსნია პატარა სავაჭრო, თუმცა ძირითად დროს ლიტერატურულ საქმინობას ახმარდა. სრულყოფდა თავის თალმუდისტურ ცოდნასა და გამოცდილებას. დიდად გაწაფული ყოფილა არაბულ კალიგრაფიაში, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მიუქცევია.

ამან გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პოეტის შემდგომ ბედ-იღბალზე, მისი კალიგრაფიული ნიჭით აღფრთოვანებულმა ვეზირმა აბუ-ლ-კაზიმ იბნ ალ-არიფმა იგი თავის კარზე იხმო. ჯერ პირადი მდივნობა უბოძა, შემდეგ კი სახელმწიფო საქმეებშიც გარია და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ხშირად ეყრდნობოდა მის რჩევასა და მითითებებს.

1027 წელს ვეზირი ლოგინად ჩავარდნილა. იგი გაუტყდა გრენადის ხალიფას საბუს, რომ მისი წარმატებები სახელმწიფოებრივ მმართველობაში ჰანაგიდის ჭკუისა და გამჭრიახობის შედეგი იყო. იმავე წელს ჰანაგიდს ვეზირის ხალათი უბოძეს. გრენადის ებრაელები პოეტს თავიანთ მეთაურად (ნაგიდ) და მთავარ რაბინად ირჩევენ.

იწყება ჰანაგიდის მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მშვიდობიან წლებში იგი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავს, გულმოწყალეა და ქველმოქმედი (ამას ერთხმად აღნიშნავენ მისი თანამედროვე ებრაელი თუ არაბი პოეტები). მფარველობს მწერლებსა და მეცნიერებს, თანხებს არ იშურებს ძვიტრადღირებული წიგნების შესაძენად. ომში კი წინ მიუძღვის მუსლიმთა გაერთიანებულ ჯარებს და მნიშვნელოვან გამარჯვებებსაც აღწევს.

პოეტის ლექსებშიც ჩანს მიდი მრავალმხრივობისა თუ პიროვნული გაორების კვალი. ზოგი მათგანი გამარჯვებული მთავარსარდლის აღტკინებულ სულიკვეთებას გვიხატავს, ზოგში კი გამჟღავნებულია ბიბლიური სევდა წუთისოფლის რაობაზე ჩაფიქრებული რაბინისა, რომელიც ამ მოჩვენებითი სწრაფწარმავალი დიდების მიღმა მხოლოდღა საწუთრულ ამაოების ადამიანური ყოფის ტრაგედიას ჭვრეტს. შთამბეჭდავად გვიხატავს პოეტი ბუნებრის სურათებს, მისი ელეგიები საინტერესო კონსტრუქციითა და პოეტური ფანტაზიით გამოირჩევა.

ფილოსოფიურ თხზულებებში ჩანს ბიბლიური ლიტერატურის კეთილმყოფელი გავლენის კვალი. ასეთი სულისკვეთებითაა გამსჭვალული, მაგალითად ,,ბენ მიშლენ” (იგავთა ძე ანუ ახალი იგავნი); ,,დივანი”, აფორიზმების კრებული, აგრეთვე ნაწყვეტები პოეტის დღემდე მოუღწეველი ნაწარმოებებიდან: ,,ბენ თეჰილიმ” (ახალი ფსალმუნნი) და ,,ბენ კოჰელეთ” (ახალი ეკლესისტე).

ჰანაგიდის კალამს ეკუთვნის აგრეთვე სამეცბიერო თხზულებებიც: შეუდგენია ბიბლიის კომენტარები, დაუმუშავებია თალმუდის მითოლოგია, დაუწერია წიგნი ებრაული ენისა და სხვა. დიდი ნაწილი მისი სამეცნიერო შრომებისა დაკარგულია.

შემუელ ჰაგანიდი, როგორც ვეზირი (მის მოვალეობაში სამხედრო მოქმედებების წარმოებაც შედიოდა), თვრამეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა გრანადის სახელმწიფოს ჯარებს.

იგი გარდაიცვალა დაახლოებით 1055-56 წელს, ერთ-ერთი საომარი ოპერაციის დროს.

ტექსტი ამოღებულია წიგნიდან ,,შუა საუკუნეების ებრაული პოეზია”, დამატებულია ორიოდე ისტორიული დეტალი.