შუა წყალში გადამაგდე ნავიდან

 

კარგი იყო არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან.
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...
როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია, 
მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.
ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,
ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.
თვალებს დამთხრი-ფეხქვეშ ჩაგივარდები,
რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები? 
რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია,
ვის შევჩივლო - რუსთაველი მკვდარია!