(სად ჩაიცალა ნათლის ჩქერალი..)

 

. . . სად ჩაიცალა ნათლის ჩქერალი,
ცათა მისნებო, დროა გამენდოთ!..
ისევ ზამთარს წერს წერამწერალი,
მიწა გაშლილა საპერგამენტოდ. . . 
აღსდეგ, გრიგალო, ღრუბლებს მიმართე, _
კვესას ელვისას კალმად მოიტან. . . 
მელნად წვიმა წვიმს დანაწვიმარზე, სიყვად - თოვლი თოვს 
სათოვლოიდან. . . 
მზეო, სად მიხვალ, მიგაქვს ნათელი, დისკოს მიდრეკ და მიადაისებ. . .
სხვას მოუწიე სავენახენი,
  შენი ვენახი ვეღარ დაიცევ. . . 
ჩაქრა იგი დღე, იგი ნათება. . . აღარ ღუღუნებს ქარში ქედანი,
კვლავ სიძულვილი გვეგუმბათება, ვლენ ნაშიერნი იქედნეთანი. . . 
უსჯულოება ვითღა ვარჯულო,
ვერღა გალობენ დასნი დასურად,
მიწავ, სამოსელ-შემოძარცულო,
ცაო - 
გაშლილო ფიანდაზურად. . . 
თუმცა . . . უსმინეთ თრთოლვას იისას:
ბაღში კვლავ დავალს ძველი დროება,
მოდის მებაღე გამთენიისას, ნათელს ელტვის და
ესათნოება. . . 
მაღლით იღვრება საღვთო შარბათი, ზვრებს აამტევნებს
ცათა სავსება
და ყვავილების სეფე-დარბაზი მზის სანთიობოს დაემსგავსება;
იყავნ ნათელი! - იტყვის მავანი. . . შენ განმიდგები, 
ყრუო შავეთო,
ქვე მობრუნდება ზეაღმავალი, 
ხმელს ენივთება სავარსკვლავეთო. . . 
ხმელს ენივთება . . . დილა ისახვის, კვლავ აღივსება 
ნათლის ტაგანი,
ამ საოცარი შესაქმისათვის რის მაქნისია მოკვდავთაგანი!..
- არარაისი, სულო ჩემო, არარაისი!..

შენ კი. . . უჩუმრად განასრულებ მწუხრის სერობას,
მზის საუფლოში წარგიძღვება ცათა მისანი
და გამიკვლევენ ტირისდენის ღამებნელობას
თვალნი შენნი -
 ტრედისანი. . . 

მერმე მოდგება, ნათელს მოიტან. . . შენს მტილოვანში ოქრო ისახვის,
ქარს გადმოსძახებ სამრეკლოიდან:
- აწ განემზადე უკუსვლისათვის!..
- უკუსვლისათვის!..
- უკუსვლისათვის!..

აქ კი ჟამი ხმობს, მაცნე მოელის. . . 
ჰა, გარდმოეგო სვეტი მაღალი!..
ჩნდა მაყრიონი ზეგარდმოელის, ცად ახმიანდა მუტრიბთაგანი.
ხმა ზესკნელისა
ქვესკნელს შთაესმა,
ისევ ამღერდა ჩემი ვარდეთი,
კვლავ გარდმოიღო უზეშთაესმა გაუქმებული შარავანდედი. . .