ნუ ეტყვი...

 

მამა მომიკვდა.
ოქტომბერში, თუ თებერვალში...
ან რა აზრი აქვს სიკვდილისთვის ქრონოლოგიას,
გულისპირზე ვეღარ შევიბნევ.

მამა მომიკვდა.
დედაჩემი კი, ჩემი კარგი, საბრალო დედა
საქსოვ ძაფს ართავს ნესტიან ჰაერს
ხელთათმანების მოსაქსოვად,
რომ შენთვის მოსახვევი თითები შემრჩეს.
(ფაბრიკაში დამზადებული ვიღაც სხვას ერგო).

მამა მომიკვდა.
გუშინ კი კუნთებს მიზომავდა
ოხშივარიან მიწასთან მებრძოლს.
ლამის ოფლში შენი შემცველობაც გამომითვალა
და საღამოს განგებ დამიმლაშა საფირმო შაშხი
რომ საუკუნოდ მომწყურებოდი.
მე კი დილამდე ვარწმუნებდი მთვრალი სიმშვიდით
და ხელის-გულით მუხლის-თავზე,
რომ მისი მიწა ჩემიც მიწაა
და რომ სიკვდილის უფლებას ვართმევ.

მამა მომიკვდა.
დღესაც ვიზომებ მის ნათითურებს
ღვინიან ბოთლზე
და დევის სისხლით ნაბახუსევს
ისევ მეწყება გულ კი არა,
უფრო-სულძმარვა...
და ბორჯომის წყლის
მაცთუნებელ სიცხელეს ვნატრობ.

მამა მომიკვდა.
მან არ იცის საკუთარი გარდაცვალება.
შენც ნუ ეტყვი სიკვდილის მიზეზს...
ცოდოა, იყოს.