წასვლა დაიწყო

 

აფეთქების ხმა არავის გაუგია,
მაგრამ მას შემდეგ სამყარო ფართოვდება. 
და სხეულები (ციური და არა მხოლოდ)
შორდებიან ერთმანეთს,
მიიწევენ სამყაროს იმ კუთხეებისკენ,
სამყარო ჯერ თვითონაც რომ არ ყოფილა.
წასვლა დაიწყო!

***
ის საგანიც კი, 
რომელიც ამ წუთას ხელში გეჭირა, 
ყველგან ხედავდი,
ხანდახან უნუგეშოდ ქრება
და პიანინოს თავზეც კი არ არის,
(ყოველთვის ვამბობდი, 
სახლში, სადაც პიანინო არაა, 
ყველაფერი იკარგება).
გზები, 
რომელიც ადრე საძოვარივით იყო,
საცალფეხოა,
(ყოველთვის მეგონა, 
საცალფეხო გზაზე ცალფეხა ხალხი დადის-მეთქი).
წასვლა იწყება,
ისე, როგორც კონცერტი 
ან რეფორმა,
და იძულებული ხდები, 
ყველაფერი მეხსიერებაში გადაიტანო,
იმ თვალებით, რომელსაც ცის ფერი 
დიდი წვალებით შეუნარჩუნდა.

*** 

სანამ გამოქვაბულიდან გამოვიდოდი
და ვიტყოდი,
რომ მზე მზეა,
ცა ცაა,
ღამის მეშინია...
ვისწავლიდი ბგერებს და სიტყვებს, 
სამყარო იყო ახალი
და მიწა მოუხნავი.
და მერე, როცა გამოქვაბულს გამოვეპარე,
ისარგაყრილი ტახებით მოხატულს
(ადრე მეგონა, გულის ხატვა არ იცოდნენ 
და ტახს ხატავდნენ)
და ვთქვი ყველა ნასწავლი სიტყვა,
ისე, როგორც ველურებს სჩვევიათ,
მითხრეს, რომ ჩემი სიმართლე 
ჩემსავით შიშველია და უტიფარი.
და მას შემდეგ, როცა მინდა, 
ვთქვა ის, რაც ერთხელ ვთქვი,
ვყლაპავ ნერწყვს და
ვაქებ ლიმონს ჩაის ჭიქაში,
ან ვამბობ, რომ ყვავილი,
მთელი ცხოვრება რომ ია მეგონა,
ფურუსულა გამოდგა...
მერე კი იწყება წასლა
და გამოქვაბულში დაბრუნებული,
ვხატავ ტახს, რომელსაც ისარი გაუყარეს.

*** 

მიწა გადმოსწიეთ,
ოღონდ ფრთხილად, მთები არ დაიშალოს!
ისე გიყურებ, როგორც ფერეიდნელი ბავშვი
საზღვრის იქით გაშენებულ ვენახს.
შეიძლება გავძვრე კიდეც ცისარტყელას ქვეშ,
სირბილით ვიარო და მოვიდე,
რომ ვიცოდე, მარტო მე არ მენატრები,
რომ ვიცოდე, ეს მართლა ვენახია
და არა დაუკრეფავი, რომელშიც არ უნდა გადავიდე.
რომ არ ვიცოდე ის, რაც ზუსტად ვიცი –
შენ მხოლოდ მითმენ, 
მეტი არაფერი.


*** 

წასვლა დაიწყო!
ძველი, დაჟანგული მატარებელი
იდგა გაუქმებულ ლიანდაგებზე
იმ მინდვრის პირას, 
რომელიც მიჩვეული იყო
მატარებლების ჩავლას.
მატარებლები მიდიოდნენ
ზოგი სად და ზოგი სად, 
მინდორი მათ ვეღარ წვდებოდა.
მინდორი ელოდა, რომ ესეც ჩაივლიდა.
დიდხანს ელოდა
და მერე თვითონ ჩაუარა გაბეზრებულმა.
როცა გათენდა, მატარებელმა ნახა, 
მინდორი აღარ იყო.

*** 

როცა ხიდს გადავდიოდი,
მდინარე ყავისფერი მოდიოდა,
თითქოს მის წყლებში
ყავახანის ჭურჭელი გაერეცხათ.
რა შუაში იყო, 
მაგრამ გამახსენდა, 
რომ სტუდენტობისას
ძალიან გამხდარი ვიყავი,
საკუთარ ჩრდილზე შეიძლება ცოტათი მეტი. 
როდესაც წასვლა დაიწყო,
მაშინაც,
რა შუაში იყო, 
მაგრამ გამახსენდა, 
შუადღის თბილ ამინდში
როგორ მივდივარ ხოლმე საქმეზე.

*** 

შენ ამას შეესწრები,
თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნდე,
დამბრუნებელი აღარა ვარ.
გტოვებ ისეთს, როგორიც აგიღე,
ბევრი არაფერი მომიკლია.
სულ მინდოდა მეკითხა
(მაგრამ, ახლა რაღა აზრი აქვს).
სულ მინდოდა მეთქვა
(ან თუნდაც ამას).
რა გამოვიდა,
ერთხელაც კი ვერ მოგეფერე...

*** 
იმ იხვივით ვარ, 
გადამფრენი იხვივით
ტბა რომ გაყინული დახვდა;
იმ ძაღლივით,
პატრონი რომ გაეპარა სახლიდან,
ის კი მაინც კედლებს დარაჯობდა.
თაგვებს უყეფთა და ობობებს...
გვიან გაიგო, პატრონის წასვლით
მისი წასვლაც რომ დიწყო,
რომ სამშობლო იქ არ არის, 
სადაც დაგაბავენ.

*** 

სხეულები 
(ციური და არა მხოლოდ)
მიიწევენ სამყაროს ბნელი კუთხეებისკენ,
რომელშიც სამყარო თვითონაც არ ყოფილა.
მე მომიწევს, დავათვალიერო ეს სიბნელე
ჩემი ნაკლებად ცისფერი, 
და სამკუთხა თვალებით
და ვთქვა, რომ
თუმცა არავის არაფერი გაუგია,
მოხდა დიდი აფეთქება
და მას შემდეგ 
ჩვენ ყველანი
ერთმანეთს ვცილდებით.