ქარში მთვარეს

 

ქარში მთვარეს ეშინია
საკუთარი სიცივის,
შიშით სახე შეცვლილი აქვს,
შეშლილი აქვს სიცილი.
ეშინია, რომ მიწიდან
ვინმე ეჭვით შეხედავს,
რომ უეცრად გააღვიძებს
ცივი ხელის შეხება.
ქარში მთვარეს გაცლილი აქვს
შარმი, შარავანდედი,
დასცინიან, დასცინიან
ბაღში ფარშავანგები.
ვეღარ ხედავს ჩვეულ სიზმრებს,
სახეს მალავს ჩრდილებში,
რომ უცებ არ გამოფხიზლდეს
სასტიკ სინამდვილეში.