სოფლის სამდურავი

 

1.

ღმერთო, რომელი შენ ჰსუფევ ჰეართა თანა ცაშიგან,

შენ ხარ სავსება ყოველთა, რაც არის ქვეყანაშიგან,

ეშმაკთა გუნდსა დასთრგუნავ, წარვლენ ცეცხლისა ალშიგან,

და ისრაელთა ლტოლვილთა შენვე გაუძეღ ზღვაშიგან. 

2.

არსებით მპყრობო, შენ გაქებს, რაცა სად მონა შენია,

შენგან იზრდების სულდგმული, ყოველი მონაშენია.

ვინ სულისათვის იღწვიდეს, დააგდოს მონაშენია!

და მას აღარ მიხვდეს უწყალოდ კვერთხითა მონაშენია.

3

ღმერთო, ხსნისათვის ჩვენისა ქვეყანაზედან მოსულო,

ვინ მიწა კაცად შეგზილა, იმას შეუვრდი, მო სულო!

როს ანგელოზნი უწყალოდ გქენჯნიდენ, აწ ამო სულო,

და ან ცოდვა ცრემლით შეინდევ, ან თავი აწამო სულო.

4.

ჩვენ ღმერთი ქებით ვადიდოთ, ცრემლითა შევსძრათ მორევად,

ის უხილავი ეშმაკი ჩვენზედ არ იყოს მორევად,

ჯოჯოხეთს შიგან არ აღძრას კუპრი მან ჩვენთვის მორევად,

და ცთომასა არსად წავადგეთ, თავი არ შევქმნათ მორევად.

5

.მე მეშინის რისხვისაგან, ვაი თუ, მეხი დამეცესა,

ღმერთსა ამას სულთქმით ვჰხადი, ამცილდეს და არ მეცესა,

მიჯობდა, თუ სულისათვის სინანული დამეწესა,

და მემუშაკა, მეწაღმართა, ცრემლი ველად დამეთესა.

6.

ჩემსა ცოდვას ვით ღა შევინდობ, ცრემლიც რომ შევქმნა მე ღვარად?

ნაკადად მდინდეს თვალთაგან, ღაწვი გამიხდეს მეღარად,

აწ მიწა რად არ ჩადრკების, ზედან მიყენებს მე ღარად?

და ჩემი ამ სოფლის სიცრუვე აქ მოვიხმარო მე ღარად.

7.

სულო, ნიადაგ წვლილდები, ლხინი აროდეს მოგეცა,

ტანჯვისა მზა არს ლახვარი, საკრავად გულსა მოგეცა,

გიჯობდა ეკკლესიისა კარი ნიადაგ მოგეცა, 

და ცრემლითა მოლი მოგერწყო, ტანს მუდამ ძაძა მოგეცა.

8.

სულო წყლულო, დაკოდილხარ, ჭირნი რაღათ მოანელი?

რთვილი გაზრობს, მზე გაცხუნებს, ზოგჯერ ქარი მოვა ნელი,

ხელი რატომ არ გაჭრილხარ, ნეტარ რასღა მოანელი?!

და ვერა ჰკურნებს ჭირსა შენსა, რომ შემოკრბეს მოანელი.

9.

შენ, ცოდვილო სულო ჩემო, სიკვდილის რად არ მოელოდი? 

ჯოჯოხეთში ქვა დაგკრიბონ, არ დაგრიდონ, მოელოდი, 

შენთვის ყოვლგან ღრუბელია, მზემანც დაგკრას-მოელოდი, 

და კერპთ-მსახურთა განვემონეთ, არსად გვხადოს მოელოდი. 

10.

შემაშთო სოფლის ზრუნვამა, ვამე, რაღა ვჰყო აწა მე? 

-განაგდე შვება სოფლისა, თავი ღვთისათვის აწამე! 

უფალსა შენსა ჰმსახურე, გულითა მასცა აწ ამე,_

და მიგელის მძაფრი სასჯელი, მაშინ რაღა ვჰყო, აწამე! 

11.

უწყის უფალმან, სოფელი არავის გაუთავდების, 

პირველად ამოდ შეიტკბობს, საყვარლად დაუამდების 

აღარ გაჰყვების, ბოლოს ჟამ უმუხთლების, გაუავდების, 

და მე მას ვგმობ, ვინცა მიენდოს, ანუ ვინმც დაუზავდების. 

12

.გასინჯეთ საქმე სოფლისა, ნეტარი ვის გასთავებია? 

ვის ჰქონდა მუდან სრა_ტახტი, მოშლია მას თავებია, 

ვინ რომ დაიპყრა ქვეყანა, დღე მასცა ასთავებია, 

და სულო, მოშორდი სოფელსა, მუდამ მას რად დაებია?! 

13.

სოფელს მყოფნო, სოფლის საქმე გასინჯეთ და გაიგონეთ, 

ეს სოფელი მუხთალია, ნუ მიჰყვებით, შეიგონეთ! 

აწ სად არის ხელმწიფენი, პირველნიცა მოიგონეთ 

და აწ განაგდეთ სოფლის შვება, სინანული მოიქონეთ. 

14

.ვერ მოურჩებით სოფელსა, სრასა სამყოფსა, დაბასა, 

სოლმან იწადა ვედრება და ხორცმან იგი დაბასა, 

სოფელმან ჭირი ჩვენზედა ოთხმოც_და_ათი აბასა,

და განვაგდოთ ქრთამის მიღება, სული მან არ დააბასა. 

15

.სოფლის მპყრობელნო. სოფელი მე ამად არა მიქია, 

მსაჯულად დაჯდეს მესია, პირველ ქადაგა მიქია, 

ცოდვანი ჩვენნი გვემხილნენ, მაშინ რაღა ვჰყოთ იქია!

და კაცს არ მიინდობს ბოლოს ჟამს, ამისთვის გამიქიქია. 

16.

სოფელმანთვისი სიმუხლთე ჩემზედა არა დალია,

მაკვდინებელი წამალი მე მასვა, მან არ დალია,

ჯურღმულსა შიგან შთამაგდო, შიგან დამიხვდა და ლია,

და ტყავისა ნაცვლად სუდარი მომცა, არ მიკლავს დალია.

17.

თუცა კაცი დარჩებოდეს სოფლისაგან გარდუვალად,

მუნ სასჯელი აღარ მიხვდეს, არცა სწვიდეს ცეცხლი ალად,

ვინ დარჩების სოფელს მყოფი, არ მომდურდეს სოფელს მალად,

და ბოლოს არვის გაუთავებს, შეექმნების მას სამსალად.

18.

ნეტაი ყველამ იცოდეთ, სოფელი როგორ მქნელია,

კაცსა მიინდობს ღალატად, მცბიერი_ვითა მელია,

ანასდად გარდუბრუნდების, მით გული გარდამელია,

ა `მას არავინ უნდა მიენდოს~_ესე ნათქვამი ძველია.

19

.ჩემმა ცოდვამ სინანულად დრო არ მომცა დანაცალი,

კაეშნისა ტვირთი მკიდავს, იგ შემქნია დანაცალი,

მუნ მეშინის, ოდეს შექმნას სულმან ხორცის დანაცალი,

და ჯოჯოხეთად ჩვენთვის მზა ჰყოს სახმილი და დანაც, ალი.

20

.კრულმან სოფელმან ჩემი დღე სრულად სიმწარით მანანა,

ძილი არ მომცა მართალთა, არც სადა მითხრა მა[ნ] ნანა,

როს ისრაელთა უწვიმა ღმერთმან მწყერი და მანანა,

და მოხუცებულსა იოკიმს ასული უშო მან ანა.

21

.მე აჯად ვითხოვ ღვთისაგან_არ წამიწყმიდოს სულია,

მუნ გამომიხსნას ტანჯვისგან, აღარ დამაჩნდეს წყლულია,

ზოგნი ღამეთა ათევენ_თვალთ არ მოუვათ რულია,

და ზოგთა გვაქვს შვება სოფლისა_ამისთვის დაგვიძს გულია.

22

.უნდა, რომ კაცმან იხმაროს მისი ჭკუა და გონება,

ევა ურჩ_ქმნილი ცთომითა ჯოჯოხეთს შიგან, მგონ, ება,

სამოთხეს ყოფა ვის სურის, სმენა იქ გაიგონება,

და ვის სწადის შვება მას შიგან, ადვილად მოიგონება.

23

.სამებით ერთსა ვაქებდეთ, ხსნად ადამისთვის მოსულსა,

ვის ჰკიდავს ცა და ქვეყანა_ქებას ვერ ვიტყვი მოსულსა,

ნუ ვემგზავსებით ფარაოსს, მისის რისხვითა მოსულსა,

და სულსა რას არგებს შვენება ხორცთაგან არ ამოსულსა?

24

.შენ, ღვთისმშობელო, კაცთათვის მანათობელი მზე ხარა,

პირველ ბჭედ საშუალ გცნობდეს_ანგელოზისგან გეხარა,

ღმერთი წიაღთა იტვირთე, სხვა კაცი არსად გეხარა,

და ქრისტიანეთა ნუ წარსწყმედ შენ გისმენს_ვისთან სდგეხარა.