ქართველი მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.
1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „არილი“, „ალტერნატივა“, „ანაბეჭდი“, „ცხელი შოკოლადი“. ამჟამად ყოველკვირეულ ჟურნალში „ტაბულა“ უძღვება საკუთარ საავტორო სვეტს. 2001 წლამდე იბეჭდებოდა გრეგორ ზამზას ფსევდონიმით. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. მ. დოსტოევსკის, ვ. სოროკინის, მ. ელიზაროვის, დ. ხარმსის, ა. ბიტოვის პროზა.
2007 წელს შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში „ჯაყოს ხიზნები“ (ფილმი გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით).
2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“ მიანიჭა პრემია „წლის საუკეთესო რომანი“.