Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექცია
ჩანაწერები
რუსული დღიურები


მთარგმნელი ისაკაძე სანდრო

(მე–7 და მე–8 თავი)

სადაც არ ვყოფილვართ რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში მუდმივად საქართველოს ჯადოსნური სახელი გვესმოდა. ადამიანები, რომლებიც არასოდეს ყოფილან საქართველოში და ალბათ არც არასოდეს მოხვდებიან, საქართველოზე საუბრისას ლტოლვასა და ძლიერ აღტაცებას ამჟღავნებდნენ. ქართველებს მოიხსენიებდნენ როგორც სუპერ-ადამიანებს, ძლევამოსილ მსმელებს, საუკეთესო მოცეკვავეებს, ჩინებულ მუსიკოსებს,  საუცხოო მუშაკებსა და შეუდარებელ საყვარლებს. ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარე ქვეყანა, მათვის მეორე სამოთხე იყო. რუსების უმრავლესობას იმის იმედი აქვს, რომ თუ პატიოსანი და უბიწო ცხოვრებით იცხოვრებენ, სიკვდილის შემდეგ საქართველოში მოხვდებიან და არა სამოთხეში. ეს არის ქვეყანა, რომლის მიმართ კლიმატი კეთილგანწყობილია, რომელიც მდიდარია მიწით და საკუთარი პატარა ოკეანეც კი აქვს. მთავრობა მოხელის მიერ კარგ სამსახურს საქართველოში მოგზაურობით აჯილდოებს. ეს არის ადგილი სადაც დიდი ხნის ნაავადმყოფარები ძალებს აღიდგენენ. საქართველო ომის დროსაც პრივილიგირებული აღმოჩნდა, რადგან გერმანელები აქ არ შემოსულან და არც მათ თვითმფრინავებს უფრენია საქართველოს თავზე. ეს ერთ-ერთი გამონაკლისი ადგილია, რომელიც ომს არ დაუზარალებია.

დილით მოსკოვის აეროპორტისაკენ გავემგზავრეთ და საათნახევარი ჩაის სმაში გავატარეთ. ჩაის აეროპორტის „ვიპ“ დარბაზში სტალინის პორტრეტის ქვეშ მივირთმევდით. ჩვეულებისამებრ, მოსკოვიდან წამოსვლამდეც, ღამე წვეულება გვქონდა, უძილოებმა, თვითმფრინავში ჩასხდომისთანავე დავიძინეთ და როსტოვში ჩაფრენამდე არ გაგვღვიძებია. როსტოვის აეროდრომი საკმაოდ დაზიანებული იყო და დიდი რაოდენობის პატიმრები აღდგენითი სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი. შორს ნანგრევებად ქცეული ქალაქიც მოჩანდა, რომელსაც ომის დროს საშინელი ნაყვა გადაეტანა.

დაუსრულებელი დაბლობების გადაფრენის შემდგომ, როგორც იქნა, მთები შევნიშნეთ, ძალიან დიდი დრო გასულიყო მას შემდეგ რაც უკანასკნელად ვიხილეთ მთები. თან, ეს უზარმაზარი კავკასიის  მთები ამაღელვებლად შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩვენმა თვითმფრინავმა მაღლა ასვლა იწყო და ჩვენ დიდი სიმაღლიდან გადავუფრინეთ კავკასიის მთებს. ამ მთაგრეხილზე ბევრ მაღალ მწვერვალსა და ციცაბო ფერდობებს შორის ხეობებში, უძველესი დასახლებები მოჩანდა. ზოგიერთი მთის მწვერვალი ზაფხულის მიუხედავად თოვლით იყო დაფარული. ამდენი ვაკე მიწების შემდგომ, მთებმა თავიანთი მეგობრულობის სასიამოვნო შეგრძნება გაგვიღვიძა.  

როდესაც დიდ სიმაღლეზე ავედით, შორს შავი ზღვაც გამოჩნდა. მთების გადალახვის შემდეგ თვითმფრინავი ქვემოთ დაეშვა და გზა სანაპიროს გასწვრივ გააგრძელა. გარეთ უმშვენიერესი ხედები იშლებოდა. მაღლობების კიდეები ზღვის ნაპირზე ეშვებოდა. ფერდობებზე ლამაზი ხეები იზრდებოდა, შავი კვიპაროსები და სხვა მრავალი სახეობის ფოთლოვანი. მაღლობებზე, სოფლები დიდი სახლებით და ჰოსპიტალებით იყო შეფენილი. აქაურობა სრულიად შესაძლებელია, კალიფორნიის სანაპირო გგონებოდათ, იმ განსხვავებით რომ შავი ზღვა ისეთი მშფოთვარე და მძვინვარე არ არის როგორც წყნარი ოკეანე და სანაპიროც არ არის კლდოვანი. ზღვა ძალიან ლურჯი და მშვიდია და ნაპირს თეთრი პლიაჟები გასდევს.  

დიდხანს მივფრინავდით სანაპიროს გასწვრივ და ბოლოს სოხუმში დავეშვით, რომლის ნაპირსაც მწვანე ბალახის ვიწრო ზოლი გასდევდა. დასაჯდომი ბილიკის გასწვრივ ევკალიპტის ხეები ყვაოდა, მთელ რუსეთში აქ პირველად ვნახეთ ევკალიპტის ხე. არქიტექტურა აღმოსავლური გახლდათ, და ყველაფერი ყვავილებით და ყვავილოვანი ხეებით იყო მოცული. აეროპორტის წინ ჩამწკრივებული ქალები ხილს ყიდდნენ: ყურძენს, ნესვს, ლეღვს, მშვენიერი შეფერილობის ატამსა თუ საზამთროს. ცოტაოდენი ყურძენი, ატამი და ლეღვი შევიძინეთ, სხვა თვითმფრინავის მგზავრები კი ხილით დაიტენნენ, ეს ხომ ჩრდილოეთის ხალხია, რომელსაც არასდროს არ ქონია საკმარისი ხილი. მგზავრებმა გადაამეტეს და როგორც მოსალოდნელი იყო ბევრმა თავი ცუდად იგრძნო. მათი კუჭები არ არის ჩვეული ამდენ ხილს და თავის მიშვება ცუდ შედეგს იძლევა რაც მოხდა კიდეც. ჩვენ განრიგით სოხუმი ოც წუთში უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ თვითმფრინავის ეკიპაჟს სხვა გეგმა ქონდა. მათ მანქანა დაიქირავეს და ხელიდან არ გაუშვეს ზღვაში ბანაობის შანსი, ოცი წუთის ნაცვლად ისინი ორ საათში დაბრუნდნენ. ამასობაში, აეროპორტის ბაღში გავისეირნეთ. ზღვაში ჩვენც სიამოვნებით ვიბანავებდით, მაგრამ საიდან უნდა გვცოდნოდა რომ თვითმფრინავი ოც წუთში არ დატოვებდა ამ საზღვაო ქალაქს. ჰაერი ტენიანი, თბილი და მარილიანი იყო. წვნიანი, მძიმე, და ნამეტნავად მწვანე მცენარეები ეჭვს არ ტოვებდა, რომ ტროპიკულ ბაღში ვიმყოფებოდით.                  

ქართველებს განსხვავებული გარეგნობა აქვთ, ახასიათებთ მუქი - თითქმის ბოშის მსგავსი კანის შეფერილობა, ქათქათა კბილები და გრძელი სწორხაზოვანი ცხვირი. თითქმის ყველა მამაკაცი ულვაშს ატარებს და ისინი გარეგნობით ქალებზე უკეთესები არიან. კაცები გამხდრები და ენერგიულები არიან და მათი თვალები შავი და ნაპერწკლიანია. წავიკითხეთ და გვითხრეს, რომ ეს ანტიკური, სემიტური ერია, ევფრატის ველიდან მოსული ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც ბაბილონი ქალაქი იყო და რომ ეს ერი შუმერების ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი შტოა. ქართველები ფიცხი, ამაყი, მძვინვარე და მხიარული ერია და რუსეთის სხვა ხალხები აღტაცებულნი არიან ამ ერით. ისინი სულ მათ სიძლიერეზე,  სიცოცხლისუნარიანობასა და შესაძლებლობებზე საუბრობენ. „გასაოცარი კავალერისტები და კარგი მეომრები“, ამბობენ მათზე. ქართველი კაცები რუს ქალებში დიდი წარმატებით სარგებლობენ. ეს არის პოეზიის, მუსიკისა და ცეკვის ხალხი და ტრადიციისამებრ შეუდარებელი სიყვარულის ხელოვნებაშიც. და რამდენადაც უდავოა, რომ მათი ქვეყანა ბუნებისგან დაჯილდოვებულია, ასევე ეჭვგარეშეა, რომ ქართველებს ამ ქვეყნისთვის ორი ათასი წლის ომი აქვთ გამოვლილი.         

ჩვენი ეკიპაჟი დღის 2 საათზე დაბრუნდა, მათ თმა ჯერ კიდევ სველი ქონდათ შავი ზღვის წყლით. მათ დანახვაზე კვლავაც ვინატრეთ, რომ ჩვენც შეგვძლებოდა მათთან ერთად ბანაობა, თუმცა სამაგიერო კომპენსაციად ბევრი ტკბილეული გვქონდა მომარაგებული. ძალიან ცხელოდა და ზოგიერთმა მგზავრმა შეიგრძნო ზედმეტი ხილის ეფექტი. რამდენიმე ბავშვი უკვე ცუდად გამხდარიყო.

ისევ ავფრინდით და ზღვის თავზე დაბალ სიმაღლეზე ვიფრინეთ, შემდეგ დიდ სიმაღლეზეც ავედით და გადავუფრინეთ გიგანტურ ყავისფერ მთებს, რომლებიც კალიფორნიის მთებს გავდა. მთის ნაკეცების სიღრმეში პატარა ხეობები მოჩანდა, რომლებსაც ნარგავები და სოფლები გაჰყვებოდა. შემდეგ მთები შავი და უსიამოვნო გახდა, როდესაც უღელტეხილებს შორის მივფრინავდით მწვერვალები ჩვენს სიმაღლეზე წამოჭიმულიყო, საბოლოოდ თბილისის ველიც გამოჩნდა.

ველი დიდი და მშრალი იყო, რომელიც ნიუ-მექსიკოს წააგავდა. დაშვებისას ჰაერი მშრალი და ცხელი იყო, რადგან ველი ზღვიდან მოშორებით მდებარეობდა. თუმცა სიცხე სასიამოვნოც კი იყო. ეს ისეთი სიცხე იყო, რომელიც დისკომფორტს არ გაგრძნობინებდა. მაღალი მთებით შემოსაზღვრული თბილისის დაბლობი ზემოდან თითქმის უნაყოფო მოჩანდა.           

დიდ აეროდრომში დავეშვით, სადაც ბევრი თვითმფრინავი დაგვხვდა, ძირითადად რუსული სამხედრო გამანადგურებლები. ორი საბრძოლო თვითმფრინავის დაშვებისას სხვა ორი მაშინვე ფრინდებოდა და მათი გუგუნი არასდროს წყდებოდა. სავარაუდოთ ეს სამხედრო მანქანები, ახლოს მდებარე თურქეთის საზღვრის მიდამოებთან პატრულირებდნენ.

ჩვენგან დასავლეთით მაღალი მთის თხემზე დიდი ქონგურებიანი გალავნით შემოსაზღვრული ანტიკური ციხე-სიმაგრე ცის ფონზე მოღუშულად მოჩანდა. 

ბატონი ჩმარსკიც ჩვენთან იყო. მასთან დავზავდით და მის მიმართ მეტ თავაზიანობას ვიჩენდით ვიდრე სტალინგრადში, მანაც იგივეთი გვიპასუხა. საქართველოში ეს მისთვისაც პირველი ვიზიტი გახლდათ.

თბილისში ადგილობრივი „ვოკსის"[1] დელეგაცია დაგვხვდა, მათ დიდი და კოხტა ავტომობილი ყავდათ და დელეგაციის წევრებიც საკმაოდ გვესიმპატიურნენ.  ავტომობილით გავემართეთ თბილისისკენ, რომელიც მთებს შორის ხეობაზეა გაშენებული. ეს მშვენიერი ქალაქია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელი მთავარი გზის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. ხეობის ორივე მხარეს მწკრივად გასდევს ანტიკური ნაგებობები და თვით ქალაქის ცენტრსაც მბრძანებლურად გადმოყურებს მთის თხემზე განლაგებული ციხე-კოშკი. ხეობის მეორე მხარესაც ციხეა აღმართული, რადგანაც ეს ვიწრო გასასვლელი ყოფილა  სპარსელების, ირანელების, ერაყელების სამხრეთიდან, და თათრებისა თუ სხვა მოთარეშე ხალხების ჩრდილოეთიდან, მიგრაციის და გადაადგილების მომსწრე, აქვე მომხდარა ბევრი ბრძოლა და, შესაბამისად, ციხე-სიმაგრეებიც ამ ვიწრო გასასვლელში აუგიათ.

ქალაქის ერთი ნაწილი ძალიან ძველია - ვიწრო ყელს მდინარე მიუყვება, რომელსაც ერთ ნაპირად კლდეები გასდევს, უძველესი სახლებიც ამ კლდეებზეა აღმართული. ეს ნამდვილად ანტიკური ქალაქია, მაშინ როდესაც წელს მოსკოვი დაარსების მერვაასე წელს აღნიშნავს, თბილისი გაისად  დაბადებიდან ათასმეხუთასე წელს იზეიმებს. თან, თბილისი ახალი დედაქალაქია, ძველი დედაქალაქი მდინარის აყოლებაზე ოცდაათ კილომეტრში მდებარეობს.     

თბილისს ფართო და ხეებით დაჩრდილული ქუჩები ახასიათებს, ბევრი შენობა თანამედროვეა. ორივე სანაპიროს ქუჩები ზემოთ მაღლობებისკენ მიიწევს. მთის მწვერვალზე დასავლეთის მხარეს, სათამაშო მოედანი და პარკია მოწყობილი, რომელიც ფუნიკულიორით არის დაკავშირებული ქალაქთან. ეს გიგანტური პარკია დიდი რესტორნით, რომელიც თბილისის ველს გადმოჰყურებს და საიდანაც ბევრ მილზე იშლება ხედი. მთის თხემზე კი ქალაქის შუა-ცენტრში მთავარი ციხე აღმართულა უზარმაზარი მრგვალი კოშკებით და მაღალი ქონგურებიანი გალავნებით. ქედებზე ძველი ეკლესიებია შეფენილი, ქრისტიანობა საქართველოს მეოთხე საუკუნეში ესტუმრა და მოქმედი ტაძრები ჯერ კიდევ იმ ადრეულ პერიოდში არის ნაშენი. ამ ქალაქთან ბევრი ანტიკური ისტორია არის დაკავშირებული და სავარაუდოდ ბევრი ანტიკური ხანის აჩრდილიც. ერთ-ერთი ისტორია მოგვითხრობს ირანელ მუსულმან მეფეზე, რომელმაც მრავალრიცხოვანი ჯარის გამოყენებით აიძულა ადგილობრივ ტყვეებს ხიდზე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატისთვის დაეფურთხებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის მოკვეთით დასჯიდა ქრისტიან ქართველებს. როგორც ისტორია მოგვითხრობს  იმ დღეს მდინარე ათასობით მოკვეთილმა თავმა გაავსო.  

თბილისელები უკეთესად ჩაცმულები, კარგი შესახედავები და მეტად ხალისიანები გახლდნენ, ვიდრე სხვა ქალაქების მაცხოვრებლები, რომელებიც რუსეთში ვნახეთ. ქუჩაში მხიარულება და ფერები ლაღობდნენ. ქალაქის მაცხოვრებლები მოხდენილ ტანისამოსში იყვნენ შემოსილნი და ქალებს ფერად-ფერადი თავშალები ეკეთათ.

თბილისი ძალიან სუფთა ქალაქია, პირველი სუფთა აღმოსავლური ქალაქი, რომელიც ოდესმე მინახავს. მდინარეში, რომელიც ქალაქის ცენტრს ორად ყოფს ასობით პატარა ბიჭუნა ბანაობდა. ამ ქალაქში ნგრევის პროცესი არ მიმდინარეობს, გამონაკლისია მხოლოდ ის ანტიკური შენობები, რომლებისთვისაც დროს თავისი მიაქვს.

„ვოკს-ს“ თბილისში დიდი და ეფექტური ფილიალი აქვს თბილისში, რადგან თბილისი ტურისტული ქალაქია, „ვოკს-ი“ არა მხოლოდ უცხოელებთან მუშაობს არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან ჩამომსვლელებთანაც. მათ თავიანთ შენობაში მიგვიპატიჟეს, რომელიც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გახლდათ და, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიანი იყო გემრიელი ნამცხვრებითა და ჩინებული ქართული ღვინით გაგვიმასპინძლდნენ. მათ სურდათ ჩვენთან ერთად დალევა და საუბარი, მაგრამ ჩვენ - დიდი ხნის ნამგზავრები, ძალიან დაღლილები გახლდით და შევპირდით დროის ტარების მოგვიანებით გაგრძელებას  რადგან ძილის დაუოკებელი სურვილი გვაწუხებდა.       

საქართველოში ჩვენი ყოფნისას ბატონი ჩმარსკის ბოროტი გნომი[2] ფაქტიურად ვერ ფუნქციონირებდა, რამაც ჩვენი ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებულება აშკარად გააუმჯობესა.

ორი დიდი ოთახი გვქონდა სასტუმრო ინტურისტში, ოთახები ქუჩებს გადააყურებდნენ და ფანჯრები შენობის სამ მხარეს გადიოდა რაც ძალიან სასიამოვნო გახლდათ, რადგან ნებისმიერ მოძრავ ნიავს შევიგრძნობდით. მხოლოდ ერთი პრობლემა გვაწუხებდა, რაც საუზმეს შეეხებოდა. მთელი აქ ყოფნის პერიოდში, მიუხედავად მრავალჯერადი ცდისა, ადრიანი საუზმე ვერ მივირთვით, რადგან საუზმე მხოლოდ განსაზღვრულ დროს იყო მზად.

დილაობით ადრიანად ვდგებოდით, რომ ბევრი ადგილის მონახულება მოგვესწრო ამ ქალაქში რომელმაც შეძლო ჩვენი მოხიბვლა. ჩვენი მძღოლი გასაოცარი კაცი გახლდათ, ყოფილი კავალერისტი ამასთან ერთად ის ჯიპს[3] მართავდა. ჯიპი საუკეთესოს არავისში წარმოაჩენს და ყოფილი კავალერისტი ამ სამხედრო მანქანამ „ქავბოიდ“ გადააქცია. მას უყვარდა ეს მანქანა რადგან შეეძლო რთულ აღმართებზე პირდაპირ ასვლა, შეეძლო წარბშეუხრელად  შეეგდო ის მაღალ ბორდიურებზე და გადახტომოდა ფართო ნიაღვრებს. ჯიპი თამამად შეცურდებოდა დინებაში წყალს მძლავრად ამოშხეფდა და ამგვარად ამოდიოდა მეორე ნაპირზე. ის ნამდვილი გიჟივით მართავდა მანაქანას, მას არავისი არ ეშინოდა. მოძრაობის დროს ზოგჯერ დამრღვევი მძღოლები თუ დააშოშმინებდნენ, შემდეგ გაისმოდა ძალადობრივი ქართული ენით ფრაზების მიმოცვლა, შემდეგ ჩვენი კავალერისტი გაიღიმებდა და გააგრძელებდა ჩვეული მანერით თავის გზას. მან ყველა ასეთ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. ჩვენ ის შეგვიყვარდა. ეს იყო პირველი კაცი მთელს რუსეთში, რომელის დამოკიდებულება პოლიციის მიმართ ჩვენსას ემთხვეოდა. მართვის დროს ხუჭუჭი შავი თმა ფართოდ ეშლებოდა. მას იტაცებდა მართვა და არასოდეს არ სურდა გაჩერებულიყო.

ჩვენმა მძღოლმა თავისი ჯიპით გორაკზე აგვაგრიალა, ქალაქის იმ უძველეს ნაწილში სადაც ძველი ქართული სახლებია დაცული. სახლები უცნაური არქიტექტურით გამორჩევიან, როგორც წესი ორ-სამ სართულიანებს დიდი ღია აივნები აქვთ. კედლებს ეგზოტიკური ჩუქურთმები და ნახატები დაშვენის.

შემდეგ ციხისკენ ავედით, რომელიც მთის კიდეზე იყო აღმართული. ნაგებობა მრგვალი კოშკებით და სქელი კედლებით იყო გამაგრებული. ალბათ სამუდამოდ ურყევი თუ არტილერიის სამიზნე არ გახდებოდა.

ქალაქის ტროპიკულ ბაღშიც ვისეირნეთ, რომელსაც ალამაზებდა მოყვავილე ხეები და იშვიათი მცენარეები, რომელთაგან ბევრი არასდროს გვენახა. ბაღში სასიამოვნო სიგრილე იდგა, რომელიც მომდინარე ნაკადულს მოყვებოდა.   

თბილისში თავს უცხოებად არ ვგრძნობდით, რადგან ეს ქალაქი ჩვეულია უცხოელ ვიზიტორებს, აქ ისე აღარ გამოვირჩეოდით როგორც კიევში და ამ ქალაქმა სახლის განწყობა შეგვიქმნა.

თბილისში ბევრი ეკლესიებია და, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში ასევე ბევრია საუკუნეების სინაგოგები და მეჩეთები, ეს ქალაქი მსგავსად თანამედროვე შემწყნარებლობისა ადრეც რელიგიის მიმართ ტოლერანტული უნდა ყოფილიყო.

მთის აყოლებაზე მამა დავითის ეკლესია მდებარეობს, საიდანაც ქალაქის ცენტრზე იშლება ხედი. თუ არ მეშლება, მეშვიდე საუკუნის ნაგებობა სადა და ლამაზია. ჩვენმა მძღოლმა სადამდეც შეძლო, იქამდე აგვიყვანა და შემდეგ გზა ფეხით განვაგრძეთ. ხვეულ საცალფეხო ბილიკზე ბევრი ხალხი ამოდიოდა, მოდიოდნენ, რომ პატივი მიეგოთ აქ დაკრძალულთათვის და ღვთისმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა.

ეს ტაძარი ქართველებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესია, ტაძრის ეზოში განისვენებენ დიდი ქართველი მწერლები და კომპოზიტორები. სტალინის დედის უბრალო საფლავიც აქ არის. სამი მოხუცებული ქალბატონი და მოხუცი კაცი ერთ-ერთი კომპოზიტორის საფლავის ქვაზე ჩამომსხდარიყვნენ და ძველებურ ყაიდაზე ლიტანიებს ასრულებდნენ, მელოდიური მაგრამ უცნაური მუსიკაა.

ტაძრის შიგნით წირვა მიმდინარეობდა ტრადიციული გალობის თანხლებით. ტაძრიდან გამოსვლისას ხალხი იმუხლებდა და ტაძარს ეამბორებოდა. ეს მოწყვეტილი და მშვიდი ადგილია და ქალაქის კრამიტის სახურავები აქედან საკმაოდ შორსაა. ტაძრიდან თამარ-მეფის გაშენებული ბოტანიკური ბაღებიც მოჩანდა, ამ მითიურმა მეთორმეტე საუკუნის დედოფალმა ქალაქს თავისი კვალი დაამჩნია. თამარი ულამაზესი, კეთილი და ძლიერი მართველი გახლდათ. ის დაჯილდოებული იყო სახელმწიფოს მმართველობასა და აღმშენებლობის უნარით. ის აგებდა ციხე სიმაგრეებს, გამბედაობას უღვივებდა პოეტებს, მის გამო მუსიკოსები ერთად იკრიბებოდნენ და მშვენიერ მუსიკას ქმნიდნენ. თამარი ერთ-ერთია, მსოფლიოს ზღაპრულ დედოფლებს შორის, როგორიცაა ელისაბედი, არაგონელი ეკატერინა, აკვიტანიელი ელეონორა.

როდესაც მამა-დავითიდან ჩამოვედით, საკათედრო ტაძრის ზარების ხმამაღალი რეკვა შემოგვესმა. ტაძარში შევედით, რომელიც აღმოსავლურად და მდიდრულად იყო მოპირკეთებული. შიდა ფრესკები, სიძველისგან და საკმეველისგან გამუქებულიყო. ტაძარში, რომელიც ხალხით იყო სავსე წირვას ასაკოვანი საეკლესიო პირი ასრულებდა. მას თმა სულ გათეთრებოდა და თავს წარმოუდგენლად ლამაზი ოქროს გვირგვინი უმშვენებდა. ეს კაცი, რომელსაც ოქროს ძაფით ნაქარგი მანტია ეცვა, საქართველოს ეკლესიის თავკაცი - კათალიკოსია. წირვაში დიდი სიდიადე იგრძნობოდა. მგალობელთა მრავალრიცხოვანი გუნდის მუსიკა შეუდარებელი იყო. საკმეველის კვამლი, რომელსაც სარკმლებიდან შემოსული მზის სხივები სასიამოვნოდ ანათებდნენ ზემოთ გუმბათისკენ მიიწევდა.

კაპამ ბევრი სურათები გადაიღო. გასაოცარი იყო იმის ყურება თუ როგორ უხმაუროდ მოძრაობდა იგი მრევლს შორის და შეუმჩნევლად იღებდა ფოტოებს.  

მოგახსენებთ, რომ ამ მომენტიდან ჩანაწერებში ვიწყებ მუზეუმების უგულებელყოფას, მაგრამ აქვე შევნიშნავ, რომ უამრავი მუზეუმი მოვინახულეთ. როგორც კაპამ თქვა, მუზეუმი  თანამედროვე რუსეთის ტაძარია, და უარის თქმა მუზეუმის მონახულებაზე იგივეა, რაც უარის თქმა ტაძარში შესვლაზე. ამ ქვეყნის მუზეუმები ყველა ერთმანეთს წააგავს, ერთი სექცია გიყვებათ რევოლუციამდე რუსეთის ისტორიაზე, დასაწყისიდან 1918 წლამდე, და მუზეუმის მეორე ნახევარი დათმობილი აქვს რევოლუციის შემდგომ მიღწევებს, რევოლუციის მოღვაწეებს გმირების და რევოლუციის სცენების გიგანტური სურათებით.

თბილისში ორი მუზეუმია, მათ შორის ერთი, ქალაქის მუზეუმია. ეს უკანასკნელი მთის კიდეზე ქალაქის თავზეა მოქცეული, აქ თბილისის ძველი სახლების მშვენიერი მინიატურული მოდელები და ძველი ქალაქის გეგმები არის დაცული. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ მუზეუმში მაინც მისი ზედამხედველი იყო. ეს კაცი წარსულში ნამდვილად მსახიობი უნდა ყოფილიყო. ის ემოციურად საუბრობდა, პოზირებდა, სიტყვით გამოდიოდა, დრამატული გახლდათ, ტიროდა და ხმამაღლა იცინოდა. მისი ყველაზე წარმატებული ჟესტი მარჯვენა ხელის არტისტული გაშლა გახლდათ, როდესაც იგი ქალაქის ძველ დიდებაზე გვიყვებოდა. ის რა თქმა უნდა ქართულად საუბრობდა, თანაც ისე სწრაფად, რომ თარგმანი ფაქტიურად შეუძლებელი იყო და ვერც იქნებოდა შესაძლებელი რადგან ბატონმა ჩმარსკიმ ქართული არ იცოდა. მუზეუმიდან დროებით დაყრუებულები, მაგრამ კმაყოფილები გამოვედით.

მუზეუმისკენ მიმავალ გზაზე მთის კიდის გასწვრივ სტალინის საბჭოთა კავშირში ალბათ ყველაზე დიდი და ეფექტური სურათია აღმართული. ეს გიგანტური  ასობით ფუტის სიმაღლის კონსტრუქციაა. სურათი ნეონითა შემოსაზღვრული, რომელიც მართალია ეხლა დაზიანებულია, მაგრამ მუშაობის პერიოდში ამბობენ 28 მილის დაშორებიდანაც მოჩანდა.

რამდენი რამ იყო სანახავი, და ჩვენ კიდევ რა ცოტა დრო გვქონდა ამ ყველაფრის მოსასწრებად, გასაკვირიც არ იყო, რომ მთელი ვიზიტის განმავლობაში სულ სადღაც მიგვეჩქარებოდა.

შუადღისას ფეხბურთის მატჩს დავესწარით, რომელიც თბილისისა და კიევის გუნდებს შორის გაიმართა. მათ მშვენიერი მაღალტემპიანი გაშმაგებული ბრძოლა გამართეს ამ დიდებულ სტადიონზე. ყველაზე ცოტა, ორმოცი ათასი კაცი ესწრებოდა თამაშს, გულშემატკივრები ძალიან ემოციურად უცქერდნენ მატჩს, ასეთი ინტერსექციური დაპირისპირებები განსაკუთრებით პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ თამაში საკმაოდ დაძაბულად ჩატარდა, ინციდენტს ადგილი არ ქონია, თუ არ ჩავთლით მხოლოდ ერთ პატარა შეკამათებას. თამაში ორით ორი დასრულდა. დასრულებისთანავე ორი მტრედი გააფრინეს - ეს ტრადიციაა, რომელიც ძველი დროიდან შემორჩენილა. მაშინ ნებისმიერი პაექრობის, მათ შორის სამხედრო ბრძოლების შემდეგ, ათავისუფლებდნენ მტრედს. თეთრი გამარჯვებას ნიშნავდა, ხოლო შავი - დამარცხებას. მტრედებს კი, ეს ამბავი ქვეყნის სხვა ქალაქებში მიჰქონდათ და ასე ვრცელდებოდა პაექრობის შედეგი. რადგანაც თამაში ფრედ დასრულდა, ორი მტრედი გაათავისუფლეს შავიც და თეთრიც.

საბჭოთა კავშირში ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია. ინტერსექციურ საფეხბურთო მატჩებს კი გულშემატკივრები ყველაზე მეტი აგზნებითა და ემოციით ადევნებენ თვალს. ერთადერთი მართლაც ცხარე კამათი, რომელსაც რუსეთში შევესწარით, ფეხბურთის გარშემო დატრიალდა.

ჩვენ თბილისის უნივერმაღები დავლაშქრეთ. ხალხით გაჭედილ მაღაზიებში არჩევანი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმელზე საკმაოდ მაღალი გახლდათ. ბამბის პერანგები სამოცდახუთი რუბლი, რეზინის კალოშები სამასი რუბლი, ხოლო პორტაბელური საბეჭდი მანქანის ფასი სამი ათას რუბლამდე აღწევდა.

მთელი დღე საზოგადოებრივ საცურაო აუზებში და ქალაქის პარკებში გავატარეთ. მშრომელთა პარკში პატარების რკინიგზა იყო მოწყობილი, რომლის მატარებელი იმდენად სრულყოფილი იყო დეტალებშიც კი, რომ მოხიბლულები დაგვტოვა. მემანქანის, ინჟინერის, მეხანძრის და სადგურის უფროსის როლსაც კი თვითონ ბავშვები ასრულებდნენ. მათ ეს სამსახური, სპეციალურად გამართულ შეჯიბრებაში გამარჯვების შედეგად ხვდათ წილად. ამ მატარებლით გასეირნება უფროსებისთვისაც შეიძლებოდა. ჩვენ დავემგზავრეთ უზბეკი ბავშვები დელეგაციას, რომლებიც აქ თბილისელ ბავშვთა მოწვევით იმყოფებოდნენ. გამოირჩეოდა პატარა ინჟინერი ბიჭუნა, რომელიც თავის მოვალეობას დიდი სიამაყით ასრულებდა. სადგური შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველანაირი დანადგარებით იყო აღჭურვილი, იმ განსხვავებით, რომ დანადგარები პატარა ზომის გახლდათ.  თბილისელი ბავშვებისთვის ბავშვთა რკინიგზაზე თანამდებობა დიდი პატივია, შესაბამისად ისინი დიდი სერიოზულობითაც ეკიდებიან თავიანთ მოვალეობებს და  ბევრსაც მუშაობენ რომ ამ ადგილს დაეპატრონონ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო მთელ საბჭოთა კავშირში განთქმულია, ჩვენ სასტუმროს რესტორნით კმაყოფილები ნამდვილად არ გახლდით. აქაური მენიუც მოგვბეზრდა, რომელიც მხოლოდ მწვადისა და დაჭრილი პომიდორისგან შედგებოდა და გადავწყვიტეთ სხვა რესტორანი გვეცადა. ჩმარსკი მე და კაპა სასტუმრო თბილისში გავემართეთ, რომლსაც მოზრდილი სასადილო ოთახი ქონდა და რომელიც მარმარილოს სვეტებით იყო გაწყობილი. აქაურობითაც ვერ მოვიხიბლეთ, რადგან  ორკესტრი უგემოვნოდ და ძალიან ხმამაღლა უკრავდა და აქაური საჭმელი კიდევ უარესი აღმოჩნდა. მწვადის ნაცვლად შემწვარი ხორცის პატარა ნაჭრები მოგვართვეს და ისევ ეს დაჭრილი პომიდორი.

სადილობის დროს ოფიციანტი მოგვიახლოვდა და გვითხრა: „ბატონებო, ქალბატონი ერთ-ერთ თქვენგანთან, ცეკვას ისურვებდა“.

ჩმარსკიმ გადაგვითარგმნა, მას აშკარად ემჩნეოდა რომ ოფიციანტის ამ საქციელს არ იწონებდა. შემდეგ გვითხრა: „ის ნამდვილად მეძავი იქნება.“

ჩვენ მივუგეთ: „და რა არის ცუდი მეძავ ქალში, ლამაზი თუა?“

ჩმარსკიმ, რომელიც ერთადერთი იყო ჩვენს შორის რომელიც ქალს ხედავდა, სახე მოკუჭა. „არა“ - თქვა მან „ძალიან მახინჯია.“

ჩვენ მივუგეთ: „მაშინ მას უარი უნდა ეთქვას, ჩვენ ვთვლით რომ ის საზოგადოებრივი ბოროტებაა. ჩვენ ვთვლით, რომ მახინჯი მეძავი ქალი საფრთხის შემცველია მთლიანად საზოგადოებრივი სტრუქტურისთვის, ეს საფრთხეა სამშობლოსთვის, უსაფრთხოებისთვის, დედის სიყვარულისთვის და მსგავსი ღირებულებებისთვის.“

ჩმარსკიმ მოღუშულად დაგვიკრა თავი და დაგვეთანხმა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რაიმე საკითხზე შევთანხმდით.

ჩვენ გავაგრძელეთ: „ მეორე მხრივ, ის, რომ ლამაზი ყოფილიყო, შესაძლებელია მის არჩევანში შემამსუბუქებელი გარემოებები ყოფილიყო. შესაძლებელია ამის მიზეზი რაიმე ტიპის სოციალური უსამართლობა ყოფილიყო. ის, რომ ლამაზი ყოფილიყო აუცილებლად გამოვიკვლევდით, რა გარემოებამ აიძულა იგი „საჯარო ქალის[4]“ გზა აერჩია და შევეცდებოდით  დაგვერწმუნებინა, რომ კერძო სექტორს დაბრუნებოდა.

ჩმარსკიმ ეჭვის თვალით გადმოგვხედა. ის ხომ ნაკლებად გვენდობოდა.                         

ჩვენ მეძავთან ზურგით ვისხედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და მომპარავად შევათვალიერეთ. ჩმარსკი მართალი იყო, მას ლამაზი ნამდვილად არ ეთქმოდა.

გასაოცარია თბილისში ზაფხულის საღამოები. ჰაერი ფაფუკი, მსუბუქი და მშრალია. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები უმისამართო სეირნობით ტკბებიან. მამაკაცების ჩაცმულობა გამოსარჩევად კოხტა იყო, მუნდირი ზოგჯერ თეთრი სქელი აბრეშუმისა, წელზე ქამრით შემოჭერილი, გრძელი ვიწრო შარვლები, და მსუბუქი შავი ჩექმები. საოცრად ლამაზი მოდგმაა ეს ქართველი კაცები.

ღამღამობით ძველი სახლების მაღალი აივნებიდან მელოდიური უცნაური სიმღერა გვესმოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტად მანდოლინის მსგავსი ინსტრუმენტის ხმა გასდევდა. ხანდახან ბნელი ქუჩებიდან მომავალი სალამურის ხმაც მოგვესმოდა. 

ქართველები საბჭოთა კავშირში ყველაზე მოშვებული ხალხია; მოშვებული და ფიცხი და ხალისით აღსავსე. ალბათ ამიტომაც ეტრფიან მათ ასე რუსები. ალბათ მათაც სურთ, რომ ასეთები იყვნენ.                

დასავლეთის მთების თავზე დიდი მთვარე ამოსულიყო, რომელიც ქალაქს უფრო ანტიკურად და მისტიურად წარმოაჩენდა. მთვარე, რომელიც მთაზე აღმართულ შავ დიდ ციხეს უკნიდან ამოდგომოდა, კიდევ უფრო წარმოაჩენდა მას. აჩრდილები თუ არსებობენ მსოფლიოს ყველა აჩრდილი ახლა აქ უნდა იყოს, დედოფალი თამარის აჩრდილი თუ არსებობს, ის ამ ღამეს მთვარით განათებულ მთის კიდეზე უნდა დასეირნობდეს.       

თბილისის მწერალთა კავშირმა პატარა მიღებაზე მიგვიპატიჟა. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან შევშინდით, რადგან, როგორც წესი, ესეთი შეხვედრები ლიტერატურით ზედმეტად დატვირთულია, ჩვენ კი არც ისეთი ლიტერატურულები გახლდით, როგორც ალბათ აქ ეგონათ. ამასთან ერთად მხედველობაში უნდა მიგვეღო, რომ ქართველებს ჩვენგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ლიტერატურისადმი, მათ ხომ დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო კულტურაში თავიანთი მუსიკითა და პოეზიით, თან, ეს უკანასკნელი მრავალ საუკუნეს ითვლის.  ქართველებში პოეზია ყველას უყვარს, პანთეონებში პოეტები მეფეების გვერდით განისვენებენ. მაშინ, როდესაც მეფეები დავიწყებას მიეცნენ, პოეტები სამუდამოდ ცხოვრებენ. შუა საუკუნეების ქართველი პოეტი, რუსთაველი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი დაწერა, გმირთან არის გათანაბრებული, მის სტროფებს ბავშვებიც კი ზეპირად კითხულობენ და მთელს საქართველოში მისი სურათებია.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საღამოს მოველოდით, შეკრებაზე მაინც წავედით. ოცამდე მამაკაცი და სამი ქალბატონი გვმასპინძლობდა. დიდ ოთახში სკამებზე მოვკალათდით და მისასალმებელი სიტყვა მოვისმინეთ. მისალმების შემდეგ მომხსენებელმა განაცხადა: „და ახლა ბატონი „ეს და ეს“ წაიკითხავს ქართული ლიტერატურის მოკლე ექსკურსს.“

მამაკაცმა, რომელიც ჩემგან მარჯვნივ იჯდა, გადმოიღო ნაბეჭდი ქაღალდების შეკვრა და შეუდგა კითხვას, მე ამასობაში თარგმანის მოსასმენად მოვემზადე. რამდენიმე წინადადების შემდეგ მივხვდი, რომ გამომსვლელი ინგლისურად კითხულობდა.  მთლიანად მის სიტყვებზე მოვახდინე კონცენტრაცია, მაგრამ ათში ერთ სიტყვაზე მეტს ვერ ვიგებდი. ეს  ძალიან საინტერესო ინგლისური გახლდათ, ინგლისური სიტყვები წარმოთქმისას მთლად ინგლისურად არ ჟღერდა. მან ამგვარი გამოთქმით  ჩაამთავრა ოცი ნაბეჭდი გვერდი.

შემდგომ, როდესაც ეს ნაშრომი წავიკითხე გავარკვიე, რომ ეს იყო ქართული ლიტერატურის მოკლედ გადმოცემული ისტორია - ძველი დროიდან თანამედროვეობამდე.     

რადგანაც ჩვენი მასპინძლებიდან თითქმის არავინ იცოდა ინგლისური, მათთვის მომხსენებელი ბატონის ინგლისური უნაკლო იყო და შეკრებილებიც მოწყალე ღიმილს არ იშურებდნენ მისთვის. ქართული ლიტერატურის მოკლე ექსკურსის დასრულების შემდეგ, პირველმა მომხსენებელმა მოგვმართა: „რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ?“

კითხვები ნამდვილად არ მქონდა, რადგან ამ ოც გვერდიანი ექსკურსიდან ცოტა თუ გავიგე, თანაც ოთახშიც საკმაოდ ჩამოცხა და მეც და კაპაც თავს მთლად კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდით.

ლიტერატურული საღამო ქალბატონმა გააგრძელა, რომელიც წამოდგა და გამოაცხადა, რომ ახლა ის რამდენიმე ქართული ლექსის ინგლისურ თარგმანს წაიკითხავდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგი ინგლისურით საუბრობდა, მე ის შევაჩერე და ვუთხარი, რომ პოეზიის კითხვა მარტოს მერჩივნა, რაც ნამდვილად ასეა, რომ ასე მარტო კითხვისას უფრო მეტად აღვიქვამდი ლექსის ნამდვილ ღირებულებას და ვთხოვე მას, რომ ხელნაწერები დაეთმო ჩემთვის. მე დიდი იმედი მქონდა რომ, ჩემი ამ განცხადებით ქალბატონს არ ვაწყენინებდი, მაგრამ მას აშკარად ეწყინა, და მომიგო რომ ეს ერთადერთი ასლი გახლდათ და სამწუხაროდ ვერ დამითმობდა.

ამჯერადაც, სხვა შეკრებების მსგავსად, ამერიკული ლიტერატურის შესახებ დაგვისვეს კითხვები და ამ ჯერადაც თავი საშინლად მოუმზადებლად ვიგრძენით.  წამოსვლამდე, რომ გვცოდნოდა საბჭოთა კავშირში ასეთ კითხვებს დაგვისვამდნენ ალბათ უკეთესად მოვემზადებოდით, მაგრამ ახლა უკვე ვერაფერს გავხდებოდით. ძირითადად ახალ მწერლებზე გვეკითხებოდნენ, ჩვენც ცოტაოდენი ვიბუტბუტეთ ჯონ ჰერსიზე, „გალერეას“ ავტორ ჯონ ჰორნი ბარნსზე, და კარიკატურისტ ბილ მოლდინზე, რომელიც რომანისტივით ხატავს. ბოლო პერიოდში დიდად არ ვკითხულობდით თანამედროვე ამერიკელებს და ჩვენი პასუხებიც შესაბამისად ადეკვატურობისგან შორს იყო. შემდეგ ამერიკაში ცნობილ ქართველებზე შეგვეკითხნენ. ჯორჯ ბალანჩინის გარდა სამი ძმა გაგვახსენდა რომლებმაც კოლექტიურად იქორწინეს მრავალმილიონიანი ქონების პატრონ ამერიკელ ქალებზე. შემდეგ ბატონი მდივანიც ვახსენეთ, მაგრამ თანამედროვე ქართველი მწერლები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ მისი სახელს.

ქართველი მწერლების პროფესიისადმი თავდადებულობიდან გამომდინარე რთულია მათთვის იმის ახსნა, რომ მიუხედავად სტალინის მიერ მწერლების სულის არქიტექტორებად შერაცხვისა, ამერიკაში მწერალი არაფრის არქიტექტორი არ არის და ძალიან კარგია ხანდახან მაინც თუ გაიხსენებენ სიკვდილიდან ოცდახუთი წლის შემდეგ.

არაფერია ისეთი განსხვავებული საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის, როგორც დამოკიდებულება სისტემისა მწერლების მიმართ, და მწერლებისა  სისტემის მიმართ. საბჭოთა მწერლის საქმეა წინ წაწიოს სისტემა ყველაფრის ახსნით, ზეიმითა თუ გამხნევებით. მაშინ როდესაც ამერიკაში და ინგლისში მწერალი საზოგადოების მცველია, მისი საქმეა საზოგადოების უმეცრება გაასატიროს, შეუტიოს საზოგადოებაში გამოვლენილ უსამართლობას და დაღი დაასვას საზოგადოების ცოდვებს. ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ არ იჩენს მოსიყვარულე დამოკიდებულებას საზოგადოება თუ მთავრობა მწერლების მიმართ ამერიკაში. ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის, ტურგენევისა თუ ადრეული გორკის დროს რუსეთშიც იგივე სიტუაცია იყო და მხოლოდ დროს შეუძლია პასუხი გასცეს შეკითხვას, შეუძლია თუ არა სულის არქიტექტორ მწერლობას ისეთივე შედევრების შექმნა, როგორსაც ქმნიდნენ საზოგადოების მცველი ლიტერატორები. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით არქიტექტორების სკოლას ღირებული ნაწარმოები არ შეუქმნია.

ერთი ისეთი შეკითხვაც იყო, რომელზეც შეხვედრის შემდეგაც ვფიქრობდით: „ამერიკელებს თუ უყვართ პოეზია?“

ჩვენ კი მოგვიწია პასუხის გაცემა, რომ ამერიკაში იმის გასაზომად, რაიმე მოწონთ თუ არა ერთადერთი საშუალება არსებობს - ყიდულობს თუ არა საზოგადოება ამას და რადგან ამაჟამად ხალხი ნაკლებად ყიდულობს პოეზიას, შესაბამისად ალბათ ნაკლებადაც მოწონთ.

შემდეგ მათ კიდევ გვკითხეს: „არიან თუ არა ამერიკელი პოეტები  ახლოს ხალხთან?“

ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამერიკელი პოეტები ისევე ახლოს იყვნენ ხალხთან, როგორც რომანისტები. ვოლტ ვიტმენი და კარლ სანდბურგი მაგალითად ნამდვილად არ არიან თავიანთ ხალხს მოწყვეტილნი, მაგრამ ხალხი უბრალოდ ნაკლებად კითხულობს პოეზიას. ჩვენ საზოგადოდ არც თუ ისე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კითხულობს ამერიკა პოეზიას, თუ არ კითხულობს, მაგრამ ქართველებისთვის, ამ ტრადიციულად პოეზიის მოყვარული ერისთვის, პოეზიის უსიყვარულობა დანაშაულს უტოლდება.

მიუხედავად თბილისის სიძველისა, ეს ქალაქი ქვეყნის ახალი დედაქალაქია, ათასხუთასი წლის წინ სატახტო ქალაქი თბილისიდან ჩრდილოეთის ოცდაათი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. შუადღეს ჩვენმა კავალერისტმა თავისი ჯიპით ამ ქალაქის მოსანახულებლად წაგვიყვანა. გზა კარგი იყო - მოხრეშილი, სავსე პატარა ვირებით დატვირთული სატვირთოებით, სამხედრო ავტოებითა და ეტლიანი გერმანული მოტოციკლებით, რომლებითაც ჯარისკაცები მგზავრობდნენ.  ხეობის ორივე მხარეს მაღლობები  ფაქტიურად მიუდგომელი უძველესი ეკლესიებითა და ციხეებით იყო დახუნძლული. ამ ვიწრო გასასვლელებში, რომლებიც აგერ უკვე სამი ათასი წელია დამპყრობლებისგან იცავს ქვეყანას, ანტიკურობის განცდა გეუფლებოდა. გზა მდინარეს მიყვებოდა, რომელზეც ორი კაშხალი შემოგვხვდა,  კაპას მათი გადაღება მოუნდა, მარამ ნებართვაზე უარი უთხრეს. ზუსტად კაშხალის თავზე პომპეუსის ხიდია, რომელიც რომაელებმა აქ გავლისას ააშენეს.

ძველ დედაქალაქს მცხეთა ქვია, ჯერ კიდევ მიჭირს ამ სახელის სრულფასოვნად წარმოთქმა. ქალაქის თავზე, მთის წვერზე მეხუთე საუკუნის ტაძარია აშენებული, ნახევრად ნანგრევებში მყოფი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, მასთან მოსახვედრად საცალფეხო ბილიკი უნდა დალაშქროთ. თვითონ ქალაქში უმშვენიერესი ტაძარი დგას, რომელიც დიდი თავდაცვითი გალავნით არის შემოსაზღვრული.

გალავნის შიგნით ეზო, მწვანე ბალახით იყო დაფარული, ხოლო გალავნის კედლებზე კიბეები იყო ნაკვეთი ისე, რომ ომიანობის დროს მებრძოლებს ტაძრის დაცვა შეძლებოდათ. ეკლესიას უზარმაზარი ბოქლომით ჩარაზული რკინის კარებიანი შესასვლელი ქონდა, კარიბჭის ქვის კედლებზე კი უამრავი პატარა სანთელი იყო მიმაგრებული. მლოცველები სანთლის უკანა მხარეს ცეცხლს უკიდებენ და გახურებულ სანთელს თითით აწებენ ამ კედელზე შემდეგ კი ანთებენ სანთელს წინა მხრიდან, ისე რომ წვის დროს სანთელი კიდევ უფრო მეტად ეკვრება კედელს.   

ტაძრის ერთ კუთხესთან, სადაც ხეობაში მქროლვარე, ცხელი, ზუზუნა ქარი კედელთან შეჯახებისას წუოდა, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი პაროდია მიმდინარეობდა. ეზოში ძონძებში ჩაცმული, მაღალი, გამხდარი, ძარღვიანი კაცი ცეკვავდა, ის იმ ჯურის უნდა ყოფილიყო რომელსაც ჩვენ „სალოსს“ ვეძახით.  ძვალ-გამოკვეთილ მარჯვენა ხელში მას დიდი ბუმბული ეკავა, რომლითაც ჟესტიკულირებდა სიტყვისას, რომელსაც სამი მშვიდად მცოხნელი თხის წინაშე წარმოთქვამდა. შემდეგ მან დააქნია თავისი დიდი ბუმბული, შეწყვიტა თავისი სიტყვა და თხებს შეუტია, თხებმა მოკრივესავით ქედმაღლურად დაიწიეს უკან და ასე გააგრძელეს მისი ცქერა.

საბოლოოდ, ტაძრის მომვლელიც მოვიდა, შავგვრემანი, ძლიერი და არწივისებრი სახის მქონე ქალი. იგი შავებში იყო ჩაცმული და შავი თავსაფრით იმგვარად იყო შებურული, რომ მხოლოდ მისი სახე მოჩანდა. მას შავი სისხლიანი თვალები ქონდა და, როგორც ჩანს, იგი რაღაცა სახის სეკულარული მონაზონი გახლდათ. მან თავისი გასაღებით დიდი ბოქლომი გახსნა და შევედით ძველისძველ დაბინდულ ტაძარში. კედლის ფრესკები უხეში, ძველი და პრიმიტიული იყო, ფერები კი ძალიან მშრალი. შედარებით ახალი ხატები მუქი, ოქროს ჩარჩოებში ჩასმული იყო, რომლებიც მოკირწყლული გახლდათ ოქროსავე ფილიგრანებით.

აქ ჩვენ უცნაური თარგმნის მეთოდი შევიმუშავეთ, ტაძრის მომვლელის ნათქვამს ჩმარსკის უთარგმნიდნენ რუსულად, რადგან მან ქართული არ იცოდა, რომელიც ამ ნათქვამს შემდეგ ჩვენ გვითარგმნიდა. რა თქმა უნდა, ასეთ საუბარს ჩვეულზე მეტი დრო მოვანდომეთ.

შავებში შებურულმა ქალმა, გვითხრა, რომ ეს ტაძარი მეხუთე საუკუნეში დაესრულებინათ, მაგრამ მისი დაარსების ისტორია ბევრად ადრე დაწყებულა და მან მოგვითხრო ერთი გასაოცრად საინტერესო აღმოსავლური ამბავი.

იყო ორი ძმა და ერთი და. მათ გაიგონეს ციდან, თუ ქარიდან რომ დედამიწაზე იესო დაბადებულიყო. მათ ნიშნებით და ჩვენებებით ეცნობათ მის შესახებ. საბოლოოდ ორივე ძმა იერუსალიმში გაემგზავრა, თავიანთი და კი სახლში დატოვეს. ძმებმა ქრისტეს ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრეს, რადგან იერუსალიმში მხოლოდ ჯვარცმის დღეს ჩასულან. და ამ ორმა გულგატეხილმა ძმამ საქართველოს მთების ამ ხეობიდან ითხოვა, რომ მათთვის ქრისტეს კვართის ნაწილი დაეთმოთ, რომელიც სახლში თავის დას ჩამოუტანეს. ქალი იმდენად დაანაღვლიანა ქრისტეს ჯვარცმის ამბავმა, რომ მისი სამოსი გულში ჩაიკრა და ასე მიიცვალა სევდისგან. ძმებმა სცადეს მკვდარი დისთვის კვართი გამოეცლიათ, მაგრამ ქალს ისე მაგრა ქონდა უფლის სამოსი ჩაკრული, რომ ვერაფერს გახდნენ და ასე კვართით მიაბარეს მიწას. ქალის საფლავზე კი, ზუსტად იმ ადგილას სადაც ეხლა ეს ტაძარია აღმართული,  უზარმაზარი ხე აღმოცენდა. წლების შემდეგ საფლავის თავზე ზემოთ მოთხრობილი ამბის უკვდავსაყოფად, ტაძრის აშენება გადაწყვეტილა, თუმცა მშენებლებმა ვერაფრით ვერ შეძლეს ხის მოჭრა, მათი ცულები ხესთან ჭიდილისას ნაწილებად იმსხვრეოდა. შემდეგ ორი ანგელოზი მოვიდა, რომლებმაც სასწაულებრივად მოკვეთეს ეს დიდი ხე და ტაძარიც აიგო. შავოსანმა ქალმა მიგვითითა აყალოს კარავზე, რის ადგილსაც იყო აღმოცენებული სასწაულებრივი ხე, რის ქვეშაც წმინდა ქალის საფლავია, რომელსაც ქრისტეს სამოსელი ხელში ისევ მჭიდროდ უპყრია.

ქალმა თავისი მკაცრი ხმით, კიდევ გვიამბო სხვა ისტორიებიც, მაგრამ ტაძრის დაარსებისაზე უკეთესი არც ერთი არ გამოდგა. მონაყოლს თან ერთვოდა რკინის კარის ჭრიალი, რომელსაც შემონაბერი ქარი იწვევდა. მან გვითხა, რომ ტაძარი ყოველთვის ასეთი ცარიელი არ არის და რომ აქ დღესასწაულებზე ათასობით კაცი იკრიბება, რომ ტაძრის ეზოც ისეთი გადავსებულია, რომ გავლა შეუძლებელია, რომ ხალხი კედლებზეც კი ადის. ასეთ დღეებში აქ წირვა-ლოცვაც აღევლინება, და მლოცველები წირვაზე დასასწრებად ძალიან შორიდანაც ჩამოდიან, ასეთ დროს ტაძრის კედლები შემოსაზღვრულია პატარა სანთლებით, რომელიც ღამეში მთლიანად ანათებენ ტაძარს. 

ტაძარი დავტოვეთ და დავინახეთ თუ როგორ ჩაირაზა ისევ რკინის კარები, „სალოსიც“ აქ იყო, აქნევდა თავის ბუმბულს და აგრძელებდა თხების წინაშე თავისი ხრინწიანი ხმით სიტყვით გამოსვლას.

შემდეგ ქალაქის განაპირას მდებარე მონასტრისკენ გავეშურეთ, სადაც ბერებს საკუთარი სამლოცველო აქვთ და სადაც ისინი საერთო საყდარში სახლობენ.

ეს ადგილები მაშინაც ქრისტიანული იყო, როდესაც საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი წარმართული გახლდათ, აქაურ ქრისტიანულ ისტორიებს კი აღმოსავლური ელფერი დაკრავს. ეს გრძელი ხეობა, თბილისიდან ჩრდილოეთით, არქეოლოგიური სამოთხეა, კლდეებზე ბევრია ანტიკური სამარხების კვადრატული ნათხრები. მათ ექსკავაციაზე არ ჩერდება საბჭოთა გამთხრელების მუშაობა. სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ოქროს მონეტებით სავსე უზარმაზარი ზეთისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭელი, ეს თანხა ანტიკური მეფის ჯარისთვის ყოფილა განკუთვნილი, მაგრამ მას თავს დასხმოდნენ და განძიც აქ გადაუმალავს. ყოველდღიურად არქეოლოგები აქ ახალ-ახალ არტიფაქტებს პოულობენ, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორია ეჭვმიუტანელ ცივილიზაციამდე მიყავს. ამ უძველესი ცივილიზაციის ფონზე, პომპეუსის ხიდი შედარებით ახალი ნაგებობაა, ხოლო კაშხალი ნამდვილი ახალბედაა ამ ანტიკური წარსულის მქონე ტერიტორიაზე.   

კაპამ ოთხი ობიექტი შეარჩია, რისი ერთ კადრში მოქცევაც სურდა: კაშხალი, ლენინის ძეგლი, მეხუთე საუკუნის ტაძარი და შუმერული სამარხი. მაგრამ მას, სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა, რადგან კაშხლის გადაღების ნება არ დართეს.

საღამოს გადამწვრები და დაღლილ-დაქანცულები შევხვდით, ჩვენს კუჭებს სამივე შევეწუხებინეთ. მთელი დღე ბორჯომს ვსვამდით, რომელსაც ტუტეს სასიამოვნო გემო ჰქონდა, და მხოლოდ იმის შემდეგ რაც ბორჯომმა თავისი საქმე ქნა, აღმოვაჩინეთ, რომ ეს წყალი სუსტი სასაქმებელია, და იმ რაოდენობის შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ ის სუსტი უკვე აღარ გახლდათ. საკმაოდ მოთენთილად ვგრძნობდით თავს სანამ ჩვენი სირთულის მიზეზს დავადგენდით.  

ამერიკაში ასეულობით სახლია სადაც ჯორჯ ვაშინგტონს გაუტარებია ღამე, რუსეთში კი ბევრია ადგილი სადაც იოსებ სტალინს უმუშავია. მთელს თბილისში რკინიგზელთა ოფისებს გარე კედელზე უზარმაზარი დაფა აქვთ გამოკრული, რომელიც გვამცნობს რომ ერთ დროს სტალინი მათთან მუშაობდა, მემორიალური კედლები კი მრავალფეროვანი ყვავილებით აქვთ მორთული.

სტალინი წარმოშობით ქართველია, იგი თბილისიდან სამოცდაათი კილომეტრის დაშორებით, ქალაქ გორში, დაიბადა. ჩვენ გორის ნახვასაც ვგეგმავდით, რომელმაც უკვე მოასწრო ეროვნული სიწმინდე გამხდარიყო.

ჯიპმა გორამდე ჩასვლას საკმაო დრო მოანდომა. ჯიპი ხომ იმაზე ნელა დადის, ვიდრე მგზავრებს ეჩვენებათ. იგივე ქარიანი ხეობა გავიარეთ, შემდეგ რამდენიმე ველი და სხვა ხეობებიც და საბოლოოდ გორში ჩავედით. ქალაქი მთების გასწვრივ არის გაშენებული და ბორცვებით არის დომინირებული. ქალაქის ცენტრში მარტოხელა მომრგვალებული მთა აღმართულა, რომლის წვერზე დიდებული ციხე არის წამოჭიმული. ციხე ერთ დროს ქალაქს იცავდა და დევნილებს იფარებდა, ახლა კი ნანგრევებიღა შემორჩენილა. სტალინი აქ დაიბადა და აქვე გაატარა თავისი ბავშვობის წლები.

სახლი სადაც სტალინი დაიბადა, ხელუხლებლად არის დატოვებული და არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისგან დასაცავად უშველებელი მარმარილოს კოლენებით გაწყობილი ფარდულია აშენებული, რომელიც ფერადი შუშით არის გადახურული და გარშემო ვარდების ბაღი აკრავს.  სახლი, პატარა ერთ სართულიანი, კირქვითა და რიყის ქვით აშენებული ნაგებობაა ორი ოთახითა და პატარა წინკარით. სტალინის ოჯახი იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ მხოლოდ ერთ ოთახს იყენებდა საცხოვრებლად, აქვე ამზადებდნენ სადილს და აქვე ეძინათ. შესასვლელი თოკით არის შემოსაზღვრული მაგრამ ოთახში შეხედვა შესაძლებელია, სადაც ჩანს ლოგინი, ტანსაცმლის მცირე  კარადა, პატარა მაგიდა, სამოვარი და შელახული ლამპა. ვარდების ბაღის განაპირას სტალინის მუზეუმია განთავსებული, აქ არის დაცული ყველაფერი, რისი შეგროვებაც მოხერხდა სტალინის ბავშობასა და ახალგაზრდობაზე - ნახატები და ფოტოები და სხვა ყველაფერი, რასაც აკეთებდა. აქვეა მისი პოლიციის მიერ დაპატიმრებისას გადაღებული ფოტოც. ის კარგი შესახედაობის ახალგაზრდა ყოფილა, მრისხანე შმაგი თვალებით. ერთ-ერთ კედელზე დიდი რუკაა გაკრული სადაც ნაჩვენებია, მისი მოგზაურობები, ციხეები სადაც ყოფილა დატუსაღებული, და ციმბირის ქალაქები სადაც უცხოვრია გადასახლების პერიოდში. წიგნები და ნაშრომები, რომლებსაც კითხულობდა აქ არის დაცული. აქვეა მისი წერილებიც, რომლებსაც პატარა გაზეთებისთვის წერდა. მისი ცხოვრება ძალიან თანმიმდევრულია, დასაწყისიდანვე შეუდგა იმ გზას რომელსაც დღესაც მისდევს.

კაცობრიობის ისტორიაში არ მოიძებნება არც ერთი მართველი, რომელიც ცხოვრებაშივე ყოფილიყოს ისეთივე განდიდებული, როგორც სტალინი. მისი შედარება ალბათ მხოლოდ ოგასტეს კეისართანაა შესაძლებელი, მაგრამ ვეჭვობთ, რომ თუნდაც მას ქონოდა თავის ხალხში ისეთივე პრესტიჟი, ისეთივე თაყვანისცემა, ისეთივე გაღმერთება, როგორიც სტალინს აქვს საბჭოთა კავშირში. სტალინის ნათქვამი, თუნდაც წინააღმდეგობაში მოდიოდეს ბუნების კანონებთან, სრულ ჭეშმარიტებად არის აღქმული. მისი სახლი გორში უკვე გახდა  პილიგრიმთა ადგილი, რომლებიც აქ ფეხაკრეფით დაიარებიან და ჩურჩულით საუბრობენ. მუზეუმის გამგემ, რომელიც კარგი შესახედაობის ახალგაზრდა გოგონა გახლდათ, ლექციის შემდეგ ვარდების ბაღიდან მნახველებს ყვავილები ჩამოურიგა. საჩუქარი სათუთად შეინახეს, როგორც რაიმე საუნჯე, წმინდა ადგილის მოსაგონებლად. არა, დანამდვილებით არ ვიცით  არაფერი კაცობრიობის ისტორიიდან ასეთ ამბავს, რომ ემსგავსებოდეს.

თუ სტალინმა შეძლო ასეთი ძალაუფლება ჰქონოდა სიცოცხლეშივე, საინტერესოა, რა მოხდება მისი სიკვდილის შემდგომ. რუსეთში ჩვეული ამბავია, სიტყვით გამოსვლისას, სტალინის რომელიმე სიტყვიდან ნაკვეთის ციტირება. მისი ციტატით გამყარებული თეზისები მეტად სარწმუნოა, ვიდრე „ipse dixit - ის“ მეთოდით არისტოტელეს დამმოწმებელი სწავლულის არგუმენტები. მისი სიტყვის საპირისპიროდ არ არსებობს არგუმენტი, მისი სიტყვა არ ექვემდებარება აპელაციას, ის უბრალოდ ჭეშმარიტებაა. მიუხედავად იმისა რომ მისდამი ასეთი დამოკიდებულება გამყარებულია: პროპაგანდით, წვრთნით, მუდმივი ხსენებითა თუ იკონოგრაფიით  სტალინისადმი დამოკიდებულება სხვა შემთხვევაშიც ასეთივე იქნებოდა და ამას მაშინ ხვდებით როდესაც ჩვენსავით ხშირად მოისმენთ რემარკას: სტალინი არასოდეს შემცდარა, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში ის ერთხელაც არ შემცდარა“. და ესეთი რემარკა ითქმება არა როგორც რაიმე რაზეც მსჯელობა შეიძლება, რისი უარყოფაც შეიძლება, არამედ როგორც აბსოლუტური, შეუკამათებელი ჭეშმარიტება.        

დავბრუნდით  ჯიპში, და ჩვენმა კავალერისტმა გაგვაქროლა ერთ განაპირა ველისკენ, რადგან გვსურდა  ქართული ღვინის წარმომავლობა გვენახა, ქართული ვენახი. ვიწრო ველზე გავედით, და ისევ ყველგან ძველისძველი ნაგებობები გვხვდებოდა, ველი ორივე მხრიდან მთებით იყო შემოსაზღვრული და ვაზი ფერდობებზეც იყო შეფენილი.  ყურძენი სიმწიფეში შედიოდა. აქ ვაზის გარდა, ხეხილის ბაღებიც იყო გაშენებული, სადაც ფორთოხალი, ვაშლი, ალუბალი და ქლიავი მოდიოდა. გზა ვიწრო და უხეში იყო; თან, ადგილებში მას ნაკადული კვეთდა. ჩვენი კავალერისტი ყიჟინით მიაჭენებდა თავის ჯიპს, თან, უჩუმრად ჩვენც გვაკვირდებოდა, რომ დარწმუნებულიყო გვეშინოდა თუ არა მისი სახიფათო სიჩქარის, ჩვენ კი ნამდვილად შეშინებულები ვიყავით და მაგრა ვეჭიდებოდით სახელურებს, რომ მანქანიდან არ გადავცვენილიყავით. ის ისეთი სისწრაფით კვეთდა ნაკადულებს, რომ წყალი ძარის ნახვრეტებიდან ისხმებოდა და გვასველებდა. გავიარეთ პატარა ფერმერული მინდვრების სერია, რომლებიც მთის ხეობებით იყო გამოყოფილი. ყველა ხეობას თავისი ციხე ქონდა, სადაც შემოსევების დროს გლეხები იხიზნებოდნენ ხოლმე.

როგორც იქნა გავჩერდით პატარა დასახლებასთან მთებზე გაშენებულ ვენახებს შორის, აქ ლანჩის მირთმევას ვგეგმავდით. ერთ სახლთან ასიოდე კაცი შეკრებილიყო, გამოწყობილნი თავიანთ საუკეთესო ტანსაცმელში, ჩუმად იდგნენ და რაღაცას ელოდებოდნენ. შემდეგ ოთხი მამაკაცი სახლში შევიდა და იქიდან მხრებზე შედგმული კუბო გამოიტანეს. ისინი, გარდაცვლილის ფერდობზე დასამარხად, მთაზე ამავალ გზას აუყვნენ და მთელი ჯგუფი მათ გაჰყვა. ისინი დიდხანს მოჩანდნენ. პროცესია სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა.  მთის ბილიკზე მიიკლაკნებოდა, მაღლა მდებარე სასაფლაოსკენ.

ვენახში შევედით და ლანჩის მირთმევას შევუდექით. მონსტრი ლანჩი - ხიზილალა, სოსისი, შებრაწული ბატკნის ნაჭრები, ქორფა პომიდორი, ღვინო და შავი პური თან გვქონდა წამოღებული. შემდეგ ახალდამწიფებული ყურძენი დავკრიფეთ და ხარბად შევექეცით. და, რა თქმა უნდა, სულ შემთხვევით ჩვენი დამძიმებული კუჭები კიდევ უფრო დამძიმდა. პატარა მწვანე მინდორი გულისგასახარად ყვაოდა, სიმწვანის კარგი სუნით გაჯერებული ჰაერიც დამატკბობლად თბილი იყო. ცოტა ხნის შემდეგ მანქანაში ჩავსხედით და უკან გორისკენ გამოვბრუნდით.

ქალაქის სტუმარი ამერიკაში მიყავთ სავაჭრო პალატის, აეროდრომის, ახალი სასამართლოს შენობის, აუზის სანახავად. რუსეთში კი აუცილებლად წაგიყვანენ მუზეუმისა და კულტურისა და დასვენების პარკის მოსანახულებლად. ამ ქვეყანაში ყველა ქალაქს აქვს თავისი კულტურისა და დასვენების პარკი, მერხებითა და გრძელი ყვავილების რიგებით, ლენინისა და სტალინის ძეგლებით და რევოლუციის დროინდელი ბრძოლების ქვის მემორიალით. კულტურისა და დასვენების პარკის ნახვაზე უარის თქმა ისეთივე უზრდელობაა, როგორც ამერიკაში ახალი მშენებლობის. მიუხედავად იმისა, რომ ჯიპში რყევით ძლიერ დავიღალეთ და მზითაც კარგად შევიბრაწეთ,  გორის კულტურისა და დასვენების პარკს მაინც ვერ გამოვტოვებდით.

ყვავილების თვალიერებით მოხრეშილ ბილიკებს მივუყვებოდით და უეცრად საკმაოდ საინტერესო მუსიკის ჰანგები შემოგვესმა, რომელიც პარკის უკანა მხრიდან მოდიოდა. მუსიკა ძალიან გავდა სტვირის ჟღერადობას, რასაც დოლების ფონზე უკრავდნენ. მუსიკის ხმისკენ გავწიეთ და დავინახეთ სამი კაცი, რომლიდანაც ორი სალამურს უკრავდა ხოლო ერთი პატარა დოლს. მალევე მივხვდით რატომ აგვერია სალამურის ხმა სტვირისაში, მესალამურეებს ლოყები დაბერილი ჰქონდათ და ჩასუნთქვის დროსაც კი, სალამური არ წყვეტდა დაკვრას. მუსიკა ველური და უხეში იყო. დამკვრელები მაღალი ღობით შემოღობილი მოედნის შესასვლელთან იდგნენ. ღობის გარშემო ხეებზე ბავშვები მოკალათებულიყვნენ და გაფაციცებით უცქერდნენ ღობის შიგნით მიმდინარე წარმოდგენას.

აქ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები იმართებოდა, დღეს უნდა გამოვლენილიყო რესპუბლიკის ჩემპიონი. აღარ ვნანობდით, რომ პარკში მოსვლა მოგვიწია და საშუალება მოგვეცა ორთაბრძოლებს დავსწრებოდით. არენის მაგვარი მოედანი მრგვალი მერხებით იყო შემოსაზღვრული, რომელიც მაყურებლებისთვის იყო განკუთვნილი. საჭიდაო მოედანი ესე ოცდახუთი ფუტის დიამეტრისა იქნებოდა და ნახერხით იყო სავსე. მოედნის ერთ მხარეს მსაჯების მაგიდა იყო განთავსებული, მათ უკან კი - პატარა ფარდული, სადაც მონაწილეები ტანსაცმელს იცვლიდნენ.

ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე აღმოჩნდა, მათ ადგილიც გამოგვიყვეს და კაპასთვისაც გაანთავისუფლეს ხედი, რომ გადაღება შეძლებოდა. 

დამკვრელები წინა რიგში მოკალათდნენ და ფალავნებიც გამოვიდნენ არენაზე, ისინი უცნაურ კოსტიუმებში გამოწყობილიყვნენ, ფეხშიშველებს მოკლე ტილოს ზედები ეცვათ, ტილოსავე ქამრით, ქვემოთ კი მოკლე შორტები.  

მოჭიდავეთა თითოეული წყვილი მსაჯების მაგიდასთან მიდიოდა და ოფიციალურად იღებდა დასტურს ფინალურ შეჯიბრებაში მონაწილეობაზე, და შემდეგ კი თავთავიანთ ადგილებს იკავებდნენ. სალამურების ველური ჰანგები შემოგვესმა დოლის მძიმე ჟღერადობის ფონზე. პირველი წყვილიც შეერკინა ერთმანეთს.

ეს საკმაოდ საინტერესო ჭიდაობის სახეობაა, ალბათ ჯიუჯიცუს ყველაზე ახლო ნათესავი. ფალავნებს უფლება არ აქვთ  პერანგებისა და ქამრების გარდა ხელი სადმე ჩაჭიდონ თავიანთ მოწინააღმდეგებს. მოწინააღმდეგეების შეჭიდების შემდეგ მთავარი არის ერთმანეთის შეცდომების დაჭერა, და წონის გადატანით, ოპონენტის წონასწორობის დარღვევა და მიწაზე დაგდება და ამგვარად გამარჯვება. ბრძოლის განმავლობაში, სანამ ერთ ერთი-ერთი მოჭიდავე არ დამარცხდება, მუსიკა არ ჩერდება.    

ბრძოლები დიდ ხანს არ მიმდინარეობს, როგორც წესი ერთი წუთი საკმარისი გახლდათ გამარჯვებულის გამოსავლენად. როგორც კი ერთი წყვილი ასპარეზობას ამთავრებდა, მეორე წყვილი მსაჯებისგან იღებდა ნებართვას ბრძოლის დაწყებაზე. ეს სპორტის სახეობა, სპორცმენისგან დიდ სისწრაფეს, ძალასა და ტექნიკას საჭიროებს. ზოგიერთი ორთაბრძოლა იმდენად სწრაფი და ძლიერი გახლდათ, რომ ბრძოლა დამარცხებულის ჰაერში აფრენითა და ზურგზე დაშვებით მთავრდებოდა.

გულშემატკივრების რაოდენობა იზრდებოდა, რადგან კულმინაციასთან მიახლოებისას შეჯიბრი უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ფინალს ვეღარ დავესწრებოდით, რადგან საღამოს მატარებლით შავი ზღვისკენ უნდა გაგვეწია, და მანამდე კი ოპერაში სეზონის გახსნაზე ვიყავით მიწვეულები. ამასთან ჯიპს იარები განუვითარდა, ჩვენ კი სამოცდაათი კილომეტრი გვქონდა გასავლელი, სანამ თბილისამდე ჩავიდოდით. პრობლემა საწვავის მილს აღმოაჩნდა და თბილისამდე ბევრჯერ მოგვიწია გაჩერება, რომ მილისთვის ჩაგვებერა და მანქანა აგვემუშავებინა.

თბილისში იმდენად დაღლილები დავბრუნდით, რომ ოპერაში წასვლაზე უარი ვთქვით. ჯიპში რყევისგან მოტეხილი მუხლი გამიღიზიანდა, იმდენად მტკიოდა, რომ ვეღარც დავდიოდი. ერთი საათი მდუღარე აბაზანაში სიცოცხლისეულ აუცილებლობას წარმოადგენდა.

სადგური ხალხით იყო სავსე და საშინლად ცხელოდა. ხალხის ნაკადში გზა გავიკვლიეთ და ბოლოს ჩვენს ვაგონსაც - 1912 წლის პირველი კლასის „ვაგონ-ლიტს“, მივადექით. კარგად გვახსოვდა ეს ბელგიური ვაგონი, თავისი მწვანე ველვეტით, მუქი გაპრიალებული ხით და ელვარე მეტალით, გვეცნობოდა სიძველის სუნიც. ორმოცი წლის წინ საუკეთესო გადამზიდი რკინიგზაზე, დღესაც კომფორტულია და მშვენიერ მდგომარეობაში იყო. ამ ფუფუნებისა და მეფურობის პერიოდის გადმონაშთის, მუქ ხეს დრო უფრო ამუქებს, ხოლო მწვანე ველვეტს უფრო ამწვანებს. მატარებელში ძალიან ცხელოდა და ჩვენს კუპეში ფანჯარა გავაღეთ, იმწამსვე გამცილებელი გამოჩნდა, შემოგვიბღვირა და ფანჯარა დაკეტა. მისი გასვლისთანავე, ისევ გამოვაღეთ ფანჯარა, მაგრამ გამცილებელს როგორც ჩანს მეამბოხეებზე ყნოსვა ქონდა განვითარებული, ის შემობრუნდა და ნოტაციების კითხვითა და სახეში თითის ქნევით ჩაგვიკეტა ფანჯარა. გამცილებელი ისეთი ულმობელი იყო, რომ ჩვენ იმის მიუხედავად, რომ მატარებელში ვიხრჩობოდით, ფანჯრის გაღება ვეღარ გავბედეთ. მისი ლექციის თარგმანი კი შემდეგი იყო: მგზავრობისას მატარებელი ბევრ გვირაბს გაივლიდა, გვირაბებში კი ძრავის გამონაბოლქვი ღია ფანჯარაში შემოვიდოდა და მწვანე ველვეტს დასვრიდა. ჩვენ ვემუდარეთ მას ფანჯრის გაღების ნება დაერთო, დასვრილი გადასაკრავის გაწმენდასაც შევპირდით, მაგრამ მხოლოდ უფრო მეტი ნოტაციები და თითის ქნევა დავიმსახურეთ. რუსული წესისგან გადახვევა შეუძლებელია.

ფანჯრის ამბავმა გაგვახსენა მოსკოვში ერთი ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკის მიერ მოყოლილი ისტორია. ომის დროს ის მოსკოვში ჩამოფრინდა ამერიკული თვითმფრინავით, რომელსაც დელეგაცია უკანვე უნდა წაეყვანა. მათი არყოფნის დროს თვითმფრინავს გუშაგი მიუყენეს, რომელსაც ნაბრძანები ქონდა არავინ არ აეშვა ბორტზე. წამოსვლის დრო რომ მოვიდა გუშაგმა დელეგაციაც აღარ შეუშვა თვითმფრინავში, ჩვენ მეგობარს კი, ბორტზე ასვლის მცდელობისას, კინაღამ ესროლეს, მიუხედავად, ბრძანებების, საშვების და პირადობის დამადასტურებლების წარდგენისა. საბოლოოდ გუშაგი გამოცვალეს, ახალ გუშაგს კი ნაბრძანები ქონდა აეშვა ხალხი ბორტზე. როგორც გუშაგების მეთაურმა აუხსნა ჩვენი მეგობრის კომპანიას, ბრძანებების შეცვლამ, ან ორნაწილიანმა ბრძანებებმა შესაძლებელია დააბნიონ კაცი, ამიტომ ბრძანებების შეცვლაზე უფრო ადვილი გუშაგების შეცვლაა. კაცი ერთი ბრძანებით ბევრად პატიოსნად ასრულებს მას, ვიდრე კაცი, რომელმაც ორ ბრძანებას შორის ერთი უნდა აირჩიოს. ალბათ ამ მიდგომაში დისციპლინის ელემენტიც დევს.

ეჭვი არ იყო, რომ გამცილებელი, ფანჯარას არ გაგვაღებინებდა. შეიძლება მართლა დავმხრჩვალიყავით, მაგრამ ეს არაფერს შეცვლიდა. არ ვიცოდით, რა სასჯელი შეიძლება მოყოლოდა ღია ფანჯრით მგზავრობას, მაგრამ გამცილებლის სერიოზულობიდან გამომდინარე, სასჯელი ალბათ ათწლიანი პატიმრობა მაინც იქნებოდა.

როგორც იქნა მატარებელიც დაიძრა და ჩვენც მოვკალათდით ჩვენს კარცერში, მაგრამ მალევე გაჩერდა და მთელი ღამე მატარებელი ყოველ ორ მილში ჩერდებოდა. საბოლოოდ, ტკბილად ჩაგვეძინა და გვესიზმრა თითქოს ქვანახშირის საბადოზე დაგვიჭირეს.          

დილით ადრე გაგვეღვიძა და აღმოვაჩინეთ, რომ სულ სხვა გარემოში ვიყავით, ბუნება მთლიანად შეცვლილიყო. თბილისის მშრალი ჰაერის ნაცვლად, ტროპიკულ, ტენიან ჰავაში გავიღვიძეთ.          

ლიანდაგის გასწვრივ პატარა სახლები მძიმე ფოთლებში და ყვავილებში გახვეულიყო, პატარა ბოსტნებში კი ისეთივე სიმაღლის სიმინდი ხარობდა, როგორიც კანზასში, ალბათ ორი კაცის ხელა. აყვავილებული ჰიბისკუსი მაღლობებს აჰყოლოდა, და არემარე კი ნესვის ნარგავებს და ფორთოხლის ხეებს დაეხუნძლა. ეს უმდიდრესი და ულამაზესი მხარეა. დილაუთენია ხალხი ბანზე გამოსულიყო და მატარებელს თვალს აყოლებდა. ქალები ტროპიკებისთვის სახასიათოდ ბრწყინვალედ ჩაცმულიყვნენ, მათ განსაკუთრებით წითელი, ყვითელი და ლურჯი თავსაფრებით და ღია გამოყვანილი ქვედაბოლოები შვენოდათ. გავიარეთ, ბამბუკის ტყეები, უზარმაზარი ფერმები და თამბაქოს ველები. აქაური სახლები განსხვავებული იყო, ისინი ფეხებზე იდგნენ და პირველ სართულამდე მაღალი კიბე ადიოდა. დილაადრიანად ბავშვები და ძაღლები სახლების ქვეშ თამაშობდნენ.

მაღლობები ხშირი ფოთლოვანი ტყით იყო დაფარული. ჩავუარეთ ჩაის, მსოფლიოში ალბათ ყველაზე ლამაზი კულტურის პლანტაციებს, ჩაის ბუჩქების მწკრივები კილომეტრებზე გაწოლილიყო და გორაკების თითქმის წვერში წყდებოდა. მიუხედავად ასეთი ადრიანი დილისა, ქალები უკვე გამოსულიყვნენ ჩაის ახალთახალი ფოთლების საკრეფად, მათი თითები, ბუჩქებს შორის პატარა ჩიტებივით თრთოდნენ.

კარგად მოშიებულებმა გამოვიღვიძეთ, მაგრამ მატარებელში ვერაფერს შევჭამდით. რუსეთში მგზავრობისას ვერც ერთ სატრანსპორტო საშუალებაში საჭმელი ვერ მოვიძიეთ. საგზალი ან თან უნდა წაიღო, ან მთელი მგზავრობა მშიერი იყო. იმიტომაც არის რომ აქ მგზავრებს ბარგის მხოლოდ მეათედია ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები, ხოლო დანარჩენი საკვები. კიდევ მოვინდომეთ ფანჯრის გამოღება, მაგრამ გზად კიდევ უნდა შემოგვხვდებოდა გვირაბები, ამიტომ ისევ უარი გვტკიცეს. შორს ჰორიზონტზე უკვე მოჩანდა ზღვის სილურჯე.

მატარებელი ზღვის სანაპიროს მიუახლოვდა, და შემდეგ გზა მის გასწვრივ გააგრძელა. აქ მთელი სანაპირო, ერთი დიდი ზღვის კურორტია. ამიტომაც უზარმაზარი სანატორიუმები და სასტუმროები მოკლე მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. მიუხედავად ასეთი ადრიანი, საათისა პლიაჟები დამსვენებლებით იყო სავსე. ეს ხომ თითქმის მთელი საბჭოთა კავშირისთვის დასვენებისა და შვებულების ადგილია. სანაპიროს გასწვრივ მატარებელი უკვე ყოველ რამდენიმე მეტრში ჩერდებოდა და ყველა გაჩერებაზე, დამსვენებლების ჯგუფები ჩამოდიოდნენ, რომლებიც ამა თუ იმ სანატორიუმში იყვნენ ჩამოსულები. აქ დასვენება  ყველა რუსი მოხელისთვის საოცნებოა, ეს  ხანგრძლივი, ნაყოფიერი შრომის ჯილდოა. აქ იკრებენ ძალებს ხანგძლივი ავადმყოფობისა და ტრავმების შემდეგ. ამ მხარის ნახვის შემდეგ მივხვდით თუ რატომ გვიმეორებდნენ ყველგან რუსეთში - „მოიცადეთ, აი საქართველოს რომ ნახავთ...“

ბათუმი ძალიან სასიამოვნო, ტროპიკული ქალაქია, სავსე სასტუმროებითა და პლიაჟებით. აქვეა მნიშვნელოვანი პორტიც. ეს არის პარკების და დაჩრდილული ქუჩების ქალაქი, სადაც მუდამ უბერავს ზღვის ბრიზი და  ქალაქს ზედმეტი სიცხისგან იცავს.

ბათუმის ინტურისტის სასტუმრო საუკეთესო და ყველაზე მდიდრული გახლდათ მთელ საბჭოთა კავშირში. ოთახები ახლადდეკორირებული იყო და ყველა მათგანს თავისი ვერანდა ქონდა კომფორტული სკამითურთ. შესაძლებელი იყო მთლიანი ფანჯრების სრულად გამოღება. სამუზეუმო ვაგონში გატარებული ღამის შემდეგ ჩვენ დიდი ლტოლვით შევხედეთ ლოგინებს, მაგრამ დაღამებამდე ძილით ვერ დავტკბებოდით. ამჯერად მხოლოდ აბაზანით დავკმაყოფილდით, რადგან ცოტა დრო გვქონდა და ბევრი რამის ნახვა უნდა მოგვესწრო.

შუადღისას რამდენიმე სანატორიუმი დავათვალიერეთ, ეს დიდი კომპლექსები მომაჯადოვებელ ბაღებშია განთავსებული, და თითქმის ყველა მათგანი ზღვას გადაჰყურებს. ძალიან სახიფათოა, გახდე რუსული სანატორიუმების ექსპერტი. ყველა, ვისაც კი ოდესმე რუსეთში უმოგზაურია, სანატორიუმების ექსპერტი ხდება და ყველა ახალი ექსპერტი აბათილებს წინამორბედის ნაამბობს. ამიტომ ამ დაწესებულების აღწერისას ძალიან უნდა ვიფრთხილოთ. მხოლოდ იმას გადმოვცემთ სიტყვა-სიტყვით, რაც გვითხრეს იმ კონკრეტულ სანატორიუმებში, რომლებიც მოვინახულეთ, თან, სანაძლეოს ჩამოვალ, რომ მიუხედავად ამისა ვინმე მაინც შეგეკამათება.     

პირველი სანატორიუმი მდიდრულ სასტუმროს გავდა, გიგანტური ხეებით იყო გარშემორტყმული და წინ უზარმაზარი ტერასა ამშვენებდა, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა. კომპლექსი სანაპიროს გრძელი კიბით უკავშირდებოდა. სანატორიუმი ელექტრიკოსების კავშირის მოსკოვის განყოფილებას ეკუთვნოდა და დამსვენებლებიც ელექტრიკოსები იყვნენ. ვიკითხეთ, თუ როგორ ხვდებოდა აქ დამსვენებელი, და მოგვიგეს, რომ, ყველა ქარხანასა თუ ცეხში, არის სპეციალური კომიტეტი, რომელიც შედგება არა მხოლოდ ქარხნის მუშაკებისგან, არამედ მიმაგრებული ექიმისგანაც. დამსვენებლების განსაზღვრისას კომიტეტი ითვალისწინებს ფაქტორებს, როგორიცაა მუშაობის ხანგრძლიობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაღლილობის ხარისხი, და რაც მთავარია იმსახურებს თუ არა მუშაკი გაწეული სამსახურისთვის ჯილდოს. თუ თანამშრომელი ავადმყოფობს და ხანგრძლივ დასვენებას საჭიროებს მას კომიტეტის სამედიცინო განაყოფი წარადგენს. 

ამ სანატორიუმის ერთი ნაწილი განკუთვნილია მარტოხელა მამაკაცებისთვის, ერთი ნაწილი მარტოხელა ქალებისთვის, ხოლო ოჯახებისთვის კი ცალკე ბინის ტიპის აპარტამენტებია. იყო ერთი რესტორანი სადაც ყველა სადილობდა, იყო სათამაშო ოთახები, კითხვის ოთახები და მუსიკის ოთახები. ერთ სათამაშო ოთახში, ჭადრაკისა და შაშის თამაში მიმდინარეობდა, მეორეში სწრაფი პინგ-პონგი.  ჩოგბურთის მოედნები გადაჭედილი იყო მოთამაშეებითა და მაყურებლებით, სანაპიროზე ჩამავალი კიბეებიც ხალხით იყო სავსე, ზოგიერთი ოთახებში ბრუნდებოდა, ზოგი კი, პირიქით, საცურაოდ ჩადიოდა. სანატორიუმს საკუთარი ნავები და სათევზაო ეკიპირებაც ქონდა. ბევრი დამსვენებელი უბრალოდ იჯდა და შავი ზღვის ხედითა და ცხელი ჰაერით ტკბებოდა. ისინი ხომ აქ ძალებს იკრებენ ავადმყოფობისა თუ ინდუსტრიული ტრავმის შემდეგ. საშუალო შვებულების ხანგრძლიობა ოცდარვა დღეა, მაგრამ ქარხნის კომიტეტის გადაწყვეტილებით დასვენებამ უფრო დიდხანსაც შეიძლება გასტანოს.

გვითხრეს, რომ ბევრ პროფესიულ კავშირს აქვს სანატორიუმი ზღვის ნაპირზე. ეს სანატორიუმი, მაგალითად, ერთდროულად სამასამდე დამსვენებელს ემსახურებოდა.

ავტომობილით გავუყევით სანაპიროს და რამდენიმე მილის შემდეგ მივადექით სხვა სანატორიუმს, რომელიც ასევე გიგანტურ სასტუმროს გავდა. ეს ნახევრად კლინიკა ნახევრად სასტუმრო განკუთვნილი იყო ტუბერკულოზითა და სხვა ფილტვების დაავადებებით ავადმყოფი პაციენტებისთვის. ძალიან სასიამოვნო მზიანი სანატორიუმი სამოთხეა ავადმყოფებისთვის. მწოლიარე პაციენტების ლოგინები აივნებზეა გამოტანილი და ისინი ტკბებიან ზღვისა და ბაღების ხედით, ამბულატორიულად მომკურნალეები კი დასეირნობენ, მუსიკას უსმენენ და გარდაუვალ ჭადრაკს, ფეხბურთის შემდეგ მნიშვნელობით მეორე თამაშს, თამაშობენ. 

ავადმყოფები აქ რაიონის სამედიცინო საბჭოს მოვლინებით ხვდებიან. ჩვენ რომ ვესტუმრეთ სანატორიუმს, ცარიელი გვეჩვენა, რადგან ყველა პაციენტო ოთახში იყო. შემდეგ ზარის ხმა გაისმა და თანდათანობით ბევრი მათგანი სასეირნოდ გამოვიდა.

როგორც გვითხრეს, ასეულობით ასეთი სანატორიუმი იყო გაშენებული შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და, მართლაც, გზიდან, რომელიც ნაპირს მიუყვებოდა, ხეებს შორის ბევრი მათგანი მოჩანდა.

მგზავრობისას შხაპუნა, ტროპიკულმა წვიმამ დასცხო და საბედნიეროდ სასტუმროში დაბრუნებისა და რამდენიმე საათის ძილის საშუალება მოგვეცა. უჩვეულო მუსიკის ხმამ შეგვაღვიძა, ეს იყო „კლარნეტი მარმელადი“, უდაოდ ბენი გუდმენის შესრულებით, შემდეგ მუსიკა წყდებოდა და იმავე პასაჟს იმეორებდნენ ოღონდაც ეს ნამდვილად აღარ იყო დაუვიწყარი ბენი გუდმენი. ცოტა დრო დაგვჭირდა, იმის მისახვედრად, რომ გვერდითა ოთახის მობინადრე ცდილობდა ბენი გუდმენის იმიტირებას, ის დაუსრულებლად იმეორებდა მის ჩანაწერს და შემდეგ ცდილობდა თვითონ დაეკრა იგივე ნაწარმოები, რაც მთლად კარგად ვერ გამოსდიოდა. ასეთ დროს თუ მიხვდები რა დომხალი გამოსდით, თითქმის ყველა ევროპელს ამერიკული სვინგის დაკვრისას, ასეთ დროს თუ მიხვდები როგორი ზუსტი, როგორი ოსტატური და უნიკალურია ამერიკული მუსიკა. ალბათ ჩვენ მუსიკოსებსაც დიდი ვაი-ვაგლახი ექნებათ, ჩახლართული ქართული რითმების და მელოდიების დაკვრა, რომ სცადონ. ყოველ შემთხვევაში რუსებს დიდი პრობლემები აქვთ ჩვენი მუსიკის დაკვრისას, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით კი ეკიდებიან ამ საქმეს. თბილისში ამერიკული სვინგისთვის ყური არ მოგვიკრავს, მაგრამ ბათუმში საქმე სხვაგვარად იყო. სასტუმროები გაჯერებული ოყო ამ მუსიკით, ალბათ იმიტომ, რომ აქ ბევრი ვიზიტორი მოსკოვიდან არის ჩამოსული, სადაც სვინგი საკმაოდ გავრცელებულია.

საღამოს კონცერტზე მიგვიპატიჟეს, რომელსაც თბილისის ჯაზის ორკესტრი მართავდა. ბენდი მათთვის განკუთვნილ პატარა სცენაზე განთავსდა, რომელიც სანაპიროზე იყო გაწყობილი და შემოგვთავაზეს ამერიკული ჯაზ კომპოზიციები: „shine”, “china boy” და „In the Mood – always In the Mood”. როდესაც კონცერტზე მივედით, ყვავილების დიდი შეკვრები მოგვართვეს, და თავი ცოტა სულელურად ვიგრძენით. არც ერთი ჩვენგანი იმ ტიპის ადამიანს არ მიეკუთვნებოდა, რომელიც კონცერტს თხუთმეტ ფუნტიანი ლილების გარემოცვაში მოისმენდა. ყვავილებს ვერაფერი მოვუხერხეთ, რადგან ბუკეტები ძალიან დიდი იყო. ძირსაც ვერ დავდეთ და მთელი კონცერტი ყვავილებით ხელდამშვენებულებმა გავატარეთ.            

კონცერტის დროს გავაცნობიერეთ, რატომ უჭირთ აქ ამერიკული მუსიკის დაკვრა. ჩვენი სვინგი ხომ იწერება და იმპროვიზირდება დაკვრის დროს, რუსული ორკესტრი კი მონურად იმეორებს იმას, რაც ჩანაწერზე მოისმინა, ასეთი ჩანაწერის მიბაძვა კი შეუძლებელია. თუ უნდათ, რომ სვინგი დაუკრან, ალბათ მთავარ თემად „Dinah”-ი უნდა აირჩიონ და დაიწყონ იმპროვიზაცია. შესაძლებელია ამერიკული სვინგი არ გამოუვიდეთ, მაგრამ დაუკრავენ ქართულ სვინგს და ნამდვილ მუსიკას.

ამოვისუნთქეთ, როდესაც ორკესტრი ნაციონალურ - მთების შმაგი ცეკვების დაკვრაზე გადავიდა. ორკესტრმაც ამოისუნთქა, რადგან უკვე მუსიკას უკრავდა და თავს საკუთარ სახლში გრძნობდა. კონცერტის შემდეგ ორკესტრის ლიდერი და რამდენიმე წევრი სადილად სასტუმროში გამოგვყვა. ლიდერი ძლიერი ენთუზიაზმით აღსავსე კაცი გახლდათ. ჩვენი გამოგონილი ქართულ - რუსულ - ინგლისური თარგმნის მეთოდით შევეცადეთ აგვეხსნა მისთვის ამერიკული სვინგის წარმოქმნის წინაპირობები, განვითარება და კონცეფცია. ის აღფრთოვანებული იყო სვინგის თეორიით და დროდადრო მისი ორკესტრის წევრებთან ერთად ცხარედ განიხილავდა ჩვენ მონათხრობს. იდეა იმისა, რომ მუსიკოსების მიერ მარტივი თემის გარშემო ხდება სრულიად ახალი მუსიკის შექმნა და რომ ეს მუსიკა არც ჩაიწერება და არც შეინახება, არამედ უბრალოდ უნდა დაიკრას, მათთვის ახალი იყო - რაც მეტს ვსაუბრობდით მით, მეტად იდგამდა მათში ეს იდეა ფესვებს. ისიც ვუთხარით, რომ დაკვრისას აუცილებელი არ იყო მთავარი თემა ამერიკული ყოფილიყო და უმჯობესი იყო ქართული სიმღერა აერჩიათ. ცოტა ხანში ისინი ადგნენ, დაგვემშვიდობნენ და სწრაფად გაეშურნენ, ჩვენი წარმოდგენით, სადმე ზღვის სანაპიროსკენ ღამით ქართულ შმაგ მელოდიაზე ექსპერიმენტული, ამერიკული იმპროვიზაციების ჩასატარებლად.

ძილი არასდროს გვყოფნიდა, მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზით არ გახლდით გადაღლილები. სულ სადღაც მიგვეჩქარებოდა, არასდროს არ გვქონდა საშუალება უკან დაბრუნებულებს დავმსხდარიყავით და მშვიდად გვეფიქრა. კაპას კამერა ფეიერვერკივით ანათებდა და მას უამრავი გადაღებული ფირი დაუგროვდა. ჩვენთვის არსებობის ნორმალური, ჩვეულებრივი თუნდაც არაეფექტური მდგომარეობა ნიშნავს დროის მხოლოდ მცირე ნაწილის გატარებას თვალიერებაში და დარჩენილი დროის კი უბრალოდ დასვენებაში და არაფრის კეთებაში დახარჯვას. აქ კი, მოგზაურობისთვის გამოყოფილი ლიმიტირებული დროის პირობებში, ყოველ წუთს ახალ ღირშესანიშნაობას ვნახულობდით და ძალიან გამოვიფიტეთ. იყო კიდევ ერთი რამ, აქ ჩვენ ცხოვრებას თავისი უბიწო ხასიათით ალბათ ისტორიაში ერთი-ორი ანალოგი თუ მოეძებნება. ეს ნაწილობრივ ჩვენი დაკავებულობიდან, და ნაწილობრივ სხვა მხრივ ცხოვრების არც თუ ისე ხელმისაწვდომობიდან გამომდინარეობდა.   

გვიყვარს ლამაზი ფორმის მუხლები ან რამდენიმე ინჩით მუხლს ზემოთ, ლამაზად გამოკვეთილი, კარგად მომდგარ ნეილონის გეტრებში. გვიყვარს ის ეშმაკობები, ფანდები და ფალსიფიცირებები, რასაც ქალები იყენებენ უმანკო და სულელი კაცების გასაცურებლად: ლამაზი ვარცხნილობა, სუნამო, კარგი ჩაცმულობა, მანიკური, ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილი და ხელოვნური წამწამები. მოგვენატრა მახეში გაბმა და გაცურება. გვიყვარს ჩახლართული ფრანგული სოუსები, კარგი ვინტაჟური ღვინო და პერიე-ჟუიეს 1934 წლის შამპანიური. მოგვწონს აბაზანის საპნის ტკბილი არომატი და ახალი ქათქათა პერანგები, ბოშების ვიოლინოების ბატალიონით დაკრული მუსიკა. მოგვწონს ლუი არმსტრონგის ხმაურიანი საყვირი და პი ვი რასელის კლარნეტის ისტერიული სიცილი. შეგნებულად წინდახედულად ვიქცეოდით. ყველაზე ხშირად უცხოელებზე იერიში საბჭოთა პრესაში მათი ლოთობისა და გარყვნილი ცხოვრების სტილის გამოა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზომიერად ალკოჰოლის მოყვარულები და არც არავიზე მეტად გარყვნილები ვართ, თუნდაც ეს ფარდობითი მცნება იყოს, აქ ნამდვილ ანგელოზებად ვიქეცით, თუმცა ეს დიდ სიამოვნებას არ გვგვრიდა. 

არის კიდევ ერთი საკითხი, რამაც ნამდვილად დაგვღალა, ეს არის საუბრები, რომლებიც მუდამ მაღალ ინტელექტუალურ დონეზე იყო შენარჩუნებული. არ გვინდა კატეგორიულად ვამტკიცოთ, რომ რუსები ინტიმურ გარემოშიც ჩაკეტილები, არამსმელები და თავშეკავებულები არიან. ეს დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ცდილობენ მეტ-ნაკლებად თავის წარმოჩენას, როგორც დიასახლისები წვეულების დროს. ამ დროისთვის არა მხოლოდ ღონეგამოცლილები ვიყავით არამედ ყოველი ძალდატანება კრუნჩხვის შეგრძნებას გვგვრიდა.

დილას მაგრად წვიმდა, აღარ ავდექით და ძილი შევიბრუნეთ. ათი საათისთვის მზე გამოვიდა და ჩვენც მოგვაკითხეს და სახელმწიფო ჩაის პლანტაციის სანახავად წაგვიყვანეს. 

ავტომობილით სანაპიროს გავყევით. შემდეგ კი ხეობაში ავუხვიეთ და მწვანე მთებს ავუყევით მთების უკან მდებარე დიდი მდელოსაკენ. აქ ჩაის მუქი მწვანე ნარგავები მილებზეა გადაჭიმული და აქვეა ფორთოხლის პატარა ტყეები. მშვენიერ ადგილზე იყო ეს ფერმა გაშენებული, პირველი სახელმწიფო ფერმა, რომელიც ოდესმე გვენახა.  

ამ შემთხვევაშიც თავს ვიკავებთ განზოგადებისგან და მხოლოდ იმას გადმოვცემთ, რაც ვნახეთ და რაც გვითხრეს. ამ სახელმწოფო ფერმის მართვა ამერიკული კორპორაციასავით მიმდინარეობდა. ფერმას ყავდა მენეჯერი, დირექტორთა საბჭო და თანამშრომლები. ფერმის მუშახელი ახალ, სუფთა და სასიამოვნო ბინებში ცხოვრობდა. ყველა ოჯახს საკუთარი ბინა აქვს გამოყოფილი და თუ დედა ველზე სამუშაოდ არის წასული, მისი შვილებისთვის სპეციალური ბაგა-ბაღია მოწყობილი. ველის მუშებიც იმავე სტატუსით სარგებლობენ, როგორითაც ქარხანაში მომუშავეები.

ამ უზარმაზარ ფერმას საკუთარი სკოლა და ორკესტრიც ქონდა. მენეჯერი ბიზნესმენის ტიპის კაცი გახლდათ, რომელიც მარტივად შეიძლებოდა ყოფილიყო ამერიკული კომპანიის  ფილიალი ქარხნის მენეჯერი. ეს ფერმა ძალიან განსხვავდებოდა კოლექტიური ფერმის ტიპისგან სადაც ყველა მუშას ფერმაში წილი აქვს - ეს უბრალოს ჩაის მოყვანა-გადამუშავების დიდი ქარხანა გახლდათ.

მამაკაცები ძირითადად მიწის გაფხვიერებაზე მუშაობდნენ, ქალები კი კრეფით იყვნენ დაკავებული, რადგან მათი თითები უფრო ჭკვიანურად უმკლავდებოდა ამ საქმეს. ქალები გრძელ რიგებში ჩამდგარიყვნენ, სიმღერითა და საუბრით მოძრაობდნენ ნარგავებს შორის. კაპამ მათ ბევრი ფოტო გადაუღო. ეს სცენა ხომ ძალიან მხატვრულად გამოიყურებოდა. აქაც ნახავდით პროფესიონარულობისთვის დაჯილდოვებულებს. ერთი გოგო მოგვივიდა თვალში, რომელსაც კრეფის სიჩქარის გამო მედალი ქონდა მოგებული. მისი ხელები მართლაც ელვისებური სისწრაფით კრეფდნენ ჩაის ნორჩ ფოთლებს. ჩაის ნარგავების მუქი მწვანე ფერი და მკრეფავი ქალების ჩაცმულობა ერთობლიობაში ძალიან ლამაზ სურათს ქმნიდა. მაღლობის ძირში სატვირთო იდგა სადაც გროვდებოდა დაკრეფილი ჩაი და შემდეგ სატვირთოს გადამამუშავებელ ქარხანაში მიქონდა.

სატვირთოს გავყევით ქარხნის დასათვალიერებლად, რომელიც მთლიანად ავტომატიზებული იყო. მანქანებით ხდებოდა ჩაის დაქუცმაცება, დაჟანგვა და შემდეგ გამოშრობა. ქარხანაში, დირექტორიდან დაწყებული დეგუსტატორებით დამთავრებული, თითქმის სულ ქალები იყვნენ დასაქმებულნი. ქალები მუშაობენ დამქუცმაცებელ, დამჟანგველ და საშრობ მანქანებზე. ქალები ასორტირებდნენ და ფუთავდნენ ჩაის. კაცები მხოლოდ მზა პროდუქციის გადატვირთვით იყვნენ დაკავებულნი.

დირექტორი სიმპატიური ასე ორმოცდახუთი წლის ქალბატონი გახლდათ, სასოფლო უნივერისტეტის კურსადამთავრებული. ქარხანა ბევრი სახეობის ჩაის აწარმოებდა, საუკეთესო პატარა ნორჩი ფოთლებიდან დამზადებული ჩაიდან დაწყებული, ციმბირისთვის განკუთვნილი ჩაის ბრიკეტებით დამთავრებული. რადგანაც რუსეთში ჩაი ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელია, ჩაის ბაღები და ჩაის გადამმუშავებელი ქარხნები, რეგიონალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. 

წამოსვლისას დირექტორმა ქარხნის საუკეთესო პროდუქტით დაგვასაჩუქრა, ეს მართლაც ჩინებული ჩაი იყო. დიდი ხანია ყავის სმას შევეშვით და ჩაიზე გადავედით, რადგან აქაურ ყავას კარგი ნამდვილად არ ეთქმოდა. საჩუქრის შემდეგ კი საუზმეზე ჩვენ ჩაის ვიმზადებდით, რადგან ჩვენი ნამდვილად ჯობდა სხვა ნებისმიერს, რომლის შეძენაც შეგვეძლო.

ქარხნის შემდეგ პატარა საბავშვო ბაღთან შევჩერდით, სადაც სამოცამდე პატარა ბავშვი  მწვანე გაზონზე ცეკვავდა. კაპამ ერთი დიდთვალება და გრძელკულულებიანი გოგონა აღმოაჩინა და მისი გადაღება სურდა, მაგრამ გოგონამ დაიმორცხვა, შეცბუნდა და ტირილი მორთო. მის ნაცვლად კაპამ, რომლებიც ბავშვების დიდ მეგობრად ითვლება, პატარა ბიჭი გადაიღო, თუმცა ისიც ატირდა. მასწავლებელმა აგვიხსნა კულულებიანი გოგონას ასეთი შეცბუნების მიზეზი - ის უკრაინიდან იყო, ობოლი, ქართულ ოჯახს ყავდა ნაშვილები. აქ უცხოდ გრძნობდა თავს, რადგან ქართული ჯერ არ ესწავლა. ბევრმა ქართულმა ოჯახმა იშვილა ბავშვები საბჭოთა კავშირის ომისგან ნამეტანად დაზარებული ადგილებიდან, რადგანაც ეს მდიდარი ქვეყანა ომს არ დაუზარალებია, აქაური ხალხი პასუხისმგებლობით მოეკიდა მთელი ნაციის გასაჭირს. რამდენიმე პატარა სახლთან შესასვენებლად შევჩერდით, და ყველა მათგანი პატარა ხეხილის ბაღით იყო შემორტყმული, ყველგან გაგვიმასპინძლდნენ თხილით, სოფლის ყველითა და ახალი შავი პურით, ახალად-ჩამოკრეფილი სახლის მსხლითა და ყურძნის მტევნებით. მუდმივი ჭამის პროცესში ვიყავით. ქართული არაყიც გავსინჯეთ, ვერავის ვურჩევთ ამ საქმის გამეორებას, რადგან ეს არის რაკეტასავით სასმელი, რომელსაც ჩვენი კუჭები ჩვეულნი არ არიან. სინამდვილეში ეს არაყი კი არ არის არამედ დისტილირებული ღვინოა რასაც ჩვენში გრაპას უწოდებენ, მაგრამ ჩვენთვის ზედმეტად ძლიერი სასმელია.

როდესაც ჩვენმა კუჭებმა გაბერვის შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიეს, ფერმის მენეჯერმა გამოგვიჭირა. ამ მაღალმა, მხრებში გამართულმა, გამხდარმა კაცმა, რომელიც პარტიზანის უნიფორმაში გამოწყობილიყო, წასახემსებლად თავისთან მიგვიპატიჟა. ჩმარსკის და მეორე თარჯიმნის მეშვეობით ავუხსენით, რომ მეტი საკვების მიღება ჩვენ კუჭებს ნამდვილად აღარ შეეძლო. მან კი მოგვიგო, რომ დიდ პატივად ჩათვლიდა თუ მის სახლს ვესტუმრებოდით და მასთან ერთად თითო ჭიქა ღვინოს მაინც შევსვამდით.

ჩვენ გამოვააშკარავეთ, რუსეთში სტუმრის მოსახიბლი იარაღის საიდუმლოება, რაც დანამდვილებით მათი საკვებია, თუმცაღა ერთ ჭიქა ღვინოზე და მოსაყოლებელზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდით. ერთად გავემართეთ მისი პატარა და აკურატული სახლისკენ, რომელიც მაღლობზე იდგა.

უმჯობესია გვცოდნოდა, წინ რაც გველოდა. მის ეზოს აკურატულად შეკრეჭილ გაზონზე, იმაზე მეტი ხალხი შეკრებილიყო, ვიდრე ერთ ჭიქა ღვინოსა და მცირე მისაყოლებელს შეეხამებოდა. შესვლისთანავე  ორი ლამაზი გოგონა გამოგვეგება წყლის ტოლჩებით და ხელ-პირი დაგვაბანინეს, გასამშრალებლად კი ქათქათა წითლით მოქარგული პირსახოცები მოგვაწოდეს.

შემდეგ სახლში შეგვიპატიჟეს და შემოსასვლელის გავლით მოზრდილ სასადილო ოთახში აღმოვჩნდით, რომელიც ნაქსოვი უმშვენიერესი ფერის ხალიჩებით იყო მორთული, ზოგიერთის ორნამენტები ინდურ მოხატულობას ემსგავსებოდა. იატაკზე ჭილობი იყო გაფენილი, რომელიც მექსიკურ „პეტატეს“ მოგაგონებდათ.

მაგრამ მთავარი მოულოდნელობა ამ ოთახში მაინც თოთხმეტი ფუტის სიგრძის, საჭმელ-სასმელით დახუნძლული, ოც კაცზე გაშლილი სუფრა გახლდათ. ეს ალბათ ჩვენს ცხოვრებაში ერთადერთი სადილი იყო, სადაც შემწვარი ქათამი აპეტაიზერად გახლდათ მორთმეული. მას მოყვა ცივად მოხარშული მწვანე სოუსით შეკაზმული დედალი, სუნელებითა და არაჟნით, ყველის ნაჭრები, პომიდვრის სალათა და ქართული მწნილეული. შემდეგ სურნელოვანი მოთუშული ბატკანი, შესქელებულ სოუსთან ერთად, რასაც შემწვარი სოფლის ყველი და ჭვავის პატარა ფუნთუშები მოყვა. მაგიდის ცენტრი კი, ყურძნით, ვაშლითა და მსხლით  იყო სავსე. ყველაზე საშიში კი ის გახლდათ, რომ ეს ყველაფერი უგემრიელესი იყო, ყველაფერს ახალი და უცხო არომატი ჰქონდა და ჩვენ ყველა კერძის დაგემოვნება გვსურდა. ამდენი საჭმლისგან უკვე ცუდად ვხდებოდით. კაპა, რომელიც მუდამ ამაყობს თავის ოცდათორმეტ ინჩიანი წელით, და რაც არ უნდა მოხდეს, ქამარს არ შეიხსნის, ახლა გაბერილ ბუშტს ემსგავსებოდა, მას თვალები ოდნავ გადმოვარდნილი და ჩასისხლიანებული ქონდა. მე კი მხოლოდ ორი - სამი დღის შიმშილობის შემდეგ შეიძლება დავბრუნებოდი ნორმალურ მდგომარეობას.

მხოლოდ ახლა მივხვდი ერთი ინგლისელის გასაჭირს, რომელიც ომიანობის წლებში შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმეზე მოვლინებული იყო ამერიკაში. იმის გამო, რომ ამ პერიოდში ინგლისში საკვების პრობლემა ქონდათ, მას ყველგან ბევრს აჭმევდნენ, დღეში სამ-ოთხჯერ სადილობდა, საუზმის დროს იხრჩობოდა, ხოლო შუალედებში მასპინძლები საკვებს პირდაპირ პირში ტენიდნენ. ხალხს მისი ისეთი გასუქება სურდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულს მხოლოდ საკუთარი დაგროვილი ცხიმით ეარსება. სამი დღის შემდეგ იგი ავად შეიქმნა, კვირის ბოლოს კი მისი ჯანმრთელობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მისი ასკეტურ საკვებს მიჩვეული კუჭი აღარ ფუნქციონირებდა, მის ავადმყოფობის შემხედვარე ხალხს კი, უფრო მეტად ეცოდებოდა „დამშეული“ ინგლისელი და უფრო მეტად ცდილობდა მის გამოკვებას. რადგან პატიოსანი იყო, თავიდან ცდილობდა აეხსნა, რომ ამ რაოდენობის საკვები პირიქით ცუდად ხდიდა, მაგრამ არავინ უჯერებდა. შემდეგ ხერხს მიმართა და საკვებზე უარს იმით ასაბუთებდა, რომ არ შეეძლო ასეთი ძვირფასი კერძების მირთმევა, მაშინ როდესაც მისი ქვეყანა შიმშილობდა. ამ პასუხზე მას დასცინოდნენ და მაინც აჭმევდნენ. ორ კვირაში იგი სავადმყოფოში მოხვდა, სადაც გამორეცხვის პროცედურები ჩაუტარეს, და სასტიკად გააფრთხილეს, რომ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ძლიერ მოშივდებოდა, მხოლოდ ლიმიტირებული ოდენობის საკვებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამ გაფრთხილების შემდეგ, მას ისტერიული სიცილი აუვარდა, გადატრიალდა და თავი ბალიშში ჩარგო. მე ყოველთვის მეგონა, რომ იგი ამ ისტორიის მოყოლისას ამეტებდა, მაგრამ აქ სტუმრობისას მეტად და მეტად ვიჯერებდი, რომ ეს ისტორია აბსოლუტურ სიმართლეს შეესაბამებოდა.

გაგვაცნეს ოცივე სტუმარი და სუფრასაც მივუსხედით. აქ დაიწყო ჩვენი პრობლემებიც, როდესაც არ ვჭამდით, ჭამას გვაძალებდნენ, ხოლო, როდესაც თეფშებს ვაცარიელებდით, მათ მაშინვე ავსებდნენ. ამასობაში ბლომად ღვინოსაც ვცლიდით, რომელიც ძალიან სასიამოვნო არომატებით სავსე მსუბუქი სასმელი იყო, და რომელმაც ალბათ გადაგვარჩინა კიდეც. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ჩვენი მასპინძელი ფეხზე წამოდგა, მას ლამაზი შავთვალება მკაცრი გამომეტყველების მეუღლეც შემოუერთდა სამზარეულოდან. ფერმის მენეჯერმა ჯანმრთელობა უსურვა სტუმრებს და ამერიკას, შემდეგ კი სუფრის ხელმძღვანელად მეგობარი დანიშნა. თამადის დანიშვნა ძველი ქართული ადათია და თამადის გარდა სადღეგრძელოებს არავინ ამბობს. თუ ვინმეს გაუჩნდება სადღეგრძელოს თქმის სურვილი, სიტყვა თამადას უნდა გადასცეს, რომელსაც როგორც წესი ორატორობის უნარის გამო ანიჭებენ უპირატესობას. სტუმრებსაც აღარ უწევთ სიტყვის წარმოთქმა.

თამადა, რომელიც ადგილობრივი ფერმის ეკონომისტად მუშაობდა, საკმაოდ გრძელ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ ყველა წინადადება ჯერ რუსულად ითარგმნებოდა და შემდეგ რუსულიდან ინგლისურად და, ღმერთმა იცის, რამდენი იდეა დაიკარგა ან არასწორად იქნა გადმოცემული, განსაკუთრებით ქეიფის ბოლოსკენ. პირველ სადღეგრძელოში ზრდილობიანი შექებისა და დალოცვის შემდეგ მან აღნიშნა, რომ მისთვის დასანანი იყო ყველა ის უარყოფითი შემთხვევა და გაუგებრობა, რომელიც რუსებსა და ამერიკელებს შორის ხდებოდა და რომ მას გამოსავალიც ქონდა ნაპოვნი ასეთი ვითარებიდან. გამოსავალი სავაჭრო ხელშეკრულებაში მდგომარეობდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი იყიდდა ამერიკისგან იმ პროდუქციას, რომელსაც ასე საჭიროებდა, და მან ახსენა სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ტრაქტორები, სატვირთოები, ლოკომოტივები, ხოლო ამერიკას, შესაძლებელია, ესაჭიროებოდეს ისეთი რუსული პროდუქტები, როგორიცაა, ოქრო და ძვირფასი ქვები, ხის მასალა, ქრომი და ვოლფრამი. მას ეტყობოდა, რომ ამ პრობლემაზე ბევრო ქონდა ნაფიქრი, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენს მსგავსად ალბათ არ იცოდა რა წინაღობები ედგა წინ ასეთი შეთანხმების მიღწევას.

რადგან უცხოელი სტუმრები ვიყავით, ნება დაგვრთეს საპასუხო სადღეგრძელო წარმოგვეთქვა. ჩვენ დავლიეთ ყველანაირი ფარდის მოსპობის სადღეგრძელო: რკინის ფარდის, ნეილონის ფარდის, პოლიტიკური ფარდის, სიცრუის და ცრურწმენის ფარდისა. აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ფარდები ომის პრელუდიაა, და რომ ომი ორიდან მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება - უგუნურობის ან ლიდერის განზრახვით. ომის მიდრეკილების მქონე ლიდერები, თავიდან უნდა მოვიშოროთ, ხოლო უგუნურობა უფრო მეტად გამოსაკვლევია. დღეს ხომ აღარავის, ყველაზე უგუნურს და აგრესიულად განწყობილ კაცსაც, აღარ გონია, რომ შესაძლებელია თანამედროვე ომის მოგება, შესაბამისად, როდესაც რომელიმე ლიდერი სერიოზულად განიზრახავს ომის დაწყებას, ის შეშლილ კრიმინალად უნდა შეირაცხოს და იზოლირებული იქნას საზოგადობიდან. კაპას ბევრი ომი ენახა, მეც არ ვიყავი ომგამოუვლელი. ამიტომაც ამ თემაზე ჩვენი მყარი შეხედულება გვქონდა.

სადღეგრძელო, რომ დავასრულეთ, სუფრის ყველა წევრი წამოდგა და ერთმანეთს ჭიქები მიუჭახუნა, შემდეგ კი გვერდზე მდგომს მკლავი მკლავში გაუყარეს და ასე დაცალეს ჭიქები.

ქართველები უელსელებივით კარგი მომღერლები არიან. ათი კაციდან ალბათ შვიდს მშვენიერი ხმა აქვს. სუფრაზე მომაჯადოვებელი გუნდური სიმღერის ხმა გაისმა. მათ მთის მწყემსებისა და ძველი მეომრების სიმღერები იმღერეს. მომღერლებს იმდენად კარგი ხმები ქონდათ და ისე შეწყობილად მღეროდნენ, რომ კაცი იფიქრებდა პროფესიონალთა გუნდიაო. შემდეგ სიმღერის ტემპი აჩქარდა, ორმა კაცმა სკამები ამოატრიალა და მათზე დაიწყო დაკვრა, დანარჩენებმა ტაში შემოკრეს, სამზარეულოდან ქალები გამოენთნენ და ცეკვა გააჩაღეს, კაცებიც წამოხტნენ სუფრიდან და მათ შეუერთდნენ.  

ეს მომაჯადოვებელი საცეკვაო სიმღერა იყო, ცეკვა კი ტრადიციული ქართული, ქალ-ვაჟი ხან ცალ-ცალკე ცეკვავდა ხანაც ერთად ფეხის სწრაფი ჩაკვრებით. ასეთი იყო წახემსება და თითო ჭიქა ღვინო ქართულ სოფლის ოჯახში.

მანქანა ბათუმისკენ რომ დაეშვა, ისევ წვიმა დაიწყო.

იმ ღამით მატარებელს მივყვებოდით თბილისისკენ, გამგზავრებამდე კი თეატრში უნდა წავსულიყავით. იმდენად გადატვირთულები ვიყავით, დაღლილობით, საკვებით, ღვინითა და შთაბეჭდილებებით, რომ სპექტაკლმა ჩვენზე ზეგავლენა ვერ მოახდინა. ოიდიპუს რექსის ქართულ დადგმას ნახევრად დახუჭული თვალებით ვუყურეთ. ის კი შევამჩნიეთ, რომ ოიდიპუსს სიმპატიური მამაკაცი თამაშობდა, ელვარე ოქროს კბილებითა და მომაჯადოვებლად წითელი პარიკით. ის კიბეზე ადი-ჩამოდიოდა და თავის სტროფებს ლამაზად და ძლიერად კითხულობდა. როდესაც ოიდიპუსმა თვალები ამოითხარა და პერანგი შემოიხია, თითქმის გვეძინა, არადა მაყურებლებმა სპექტაკლის ნახევარი ჩვენს ცქერაში გაატარა, რადგან ამერიკელი სტუმრები აქ თითქმის ისეთივე იშვიათობაა, როგორც მარსიანელი უცხოპლანეტელი. მასპინძელმა ნახევრად მძინარეები წამოგვიყვანა თეატრიდან, ჩაგვსვა მანქანაში და შემდეგ ვაგონშიც შეგვიყვანა. გამცილებელთან კამათი აღარ მოგვსვლია, რადგან, ჩვენს ლოგინებში მივწექით თუ არა, მაშინვე ღრმა ძილით ჩაგვეძინა.

ჩვენ ახლოსაც ვერ მივდიოდით იმ ქართველებთან რომლებიც გავიცანით. ისინი ჩვენზე მეტს ჭამდნენ, ჩვენზე მეტს სვამდნენ, ჩვენზე უკეთესად მღეროდნენ. ისინი მხიარულები იყვნენ იტალიელების მსგავსად და ბურგუნდიელებივით ენერგიულები. ყველაფერს, რასაც აკეთებდნენ, განსაკუთრებული ტალანტი ეტყობოდა. ეს ხალხი ძლიერ განსხვავდება იმ რუსებისგან, რომლებიც გავიცანით და ადვილად მისახვედრია თუ რატომ აღაფრთოვანებთ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს. მათ  ენერგიას ტროპიკული კლიმატი კიდევ უფრო ზრდის. არაფერს შეუძლია გატეხოს მათი ინდივიდუალობა და ხასიათი. როგორც არ ეცადნენ საუკუნეების განმავლობაში დამპყრობლები, ცარისტული არმიები, დესპოტები, ადგილობრივი თავად-აზნაურობა, ეს ხალხი მაინც არ გატყდა და შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მათ ხასიათს ისე ღრმად აქვს გადგმული ფესვები, რომ ვერავინ შეძლო ბზარი გაეჩინა ამ ხალხის სულისკვეთებაში.

თბილისში თერთმეტზე ჩავედით, ჩასვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩვენც გაგვეღვიძა, ძლივსძლივობით ჩავიცვით, სასტუმროში გავემართეთ და იქ განვაგრძეთ ძილი. ისე დავწექით, რომ არ გვისაუზმია, ჩაიც კი არ დაგვილევია, რადგან მეორე დილით მოსკოვში გაფრენამდე კიდევ ერთი წვეულება გველოდა, რომელსაც თბილისელი ხელოვანები და ინტელექტუალები მართავდნენ. რეკორდებს ვხსნიდით ჭამაში, აქ მუდმივი ჭამის პროცესში ვიმყოფებოდით. ისევე, როგორც სხეული შეიძლება დაიტბოროს და უგრძნობი გახდეს, ღვინისა და გემრიელი საკვების მიმართ, ისე რომ მდიდრული გემოებისა და სურნელების აღქმა გაქრეს, ასევე შესაძლებელია გონებაც ჩაიძიროს შთაბეჭდილებებში, გადაივსოს ლამაზი სცენებით და დაკარგოს ლამაზი ფერების შეცნობის უნარი. ნათქვამია, რომ შთაბეჭდილებები უცხო ქვეყანაზე აკურატული და საზრიანია, სტუმრობიდან ერთი თვე და რომ შემდეგ ეს შთაბეჭდილებები ბუნდოვანდება და აკურატულობა კი მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ უბრუნდება. ასე რომ, ქვეყანაში ან ერთი თვე უნდა დაჰყო ან ხუთი წელი, აღქმის უნარი, რომ არ დაკარგო.

გრძნობა დაგვეუფლა თითქოს დავკარგეთ ნათლად აღქმის უნარი, უსიამოვნო შეგრძნებას გვგვრიდა მოსალოდნელი წვეულება ქართველ ინტელექტუალებთან, რადგანაც გადავიღალეთ და არ გვიდოდა საუბრების მოსმენა, განსაკუთრებით ინტელექტუალური საუბრებისა. არ გვინდოდა გვეფიქრა ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და განსაკუთრებით ჭამა-სმის გაგონებაც კი აღარ გვსურდა. ერთადერთი სურვილი, რაც გვქონდა, გამგზავრებამდე გამოძინება გახლდათ. მაგრამ ქართველებმა ისე გვიმასპინძლეს, ისეთი ყურადღებიანები და თავაზიანი მასპინძლები აღმოჩნდნენ, რომ ამ ბოლო წვეულებაზე უარს ვერ ვიტყოდით. მაგრამ ვცდებოდით და ქართული ნაციონალურ გენიას უფრო მეტად უნდა მივნდობოდით, რადგან წვეულება სრულადაც არ აღმოჩნდა იმდაგვარი, როგორსაც ვიმედოვნებდით.    

ჩვენი სამოსი, მთლად საუკეთესო მდგომარეობაში არ გახლდათ, რადგან ბევრი არ წამოგვიღია, ბევრს ვერც წამოიღებ როდესაც თვითმფრინავით მგზავრობ. შარვლებს ჩამოსვლის შემდეგ არ მიკარებიათ უთო, ხოლო პიჯაკებს საჭმლის პატარ-პატარა ლაქები ემჩნეოდა. სუფთა პერანგები კი გვქონდა, მაგრამ ისინიც ცუდად გაუთოებული. შორს ვიყავით ლამაზად გამოწყობილი ამერიკელების მაგალითისგან. მაგრამ როგორც შეგვეძლო გამოვეწყვეთ, ტანსაცმელს ადვილად მოსაშორებელი ლაქები ჩამოვაცალეთ, სუფთა პერანგები ჩავიცვით და წასასვლელად გავემზადეთ.

ჩვენ მთის თავზე ავედით ფუნიკულიორით სადაც მშვენიერი რესტორანი იდგა. საღამო დამდგარიყო. ქალაქი უკვე გაენათებინათ. კავკასიონს უკან ბინდის ცა ოქროსფრად მოჩანდა. რესტორნიდან უმშვენიერესი ხედები იშლებოდა.

რესტორანი საკმაოდ დიდი წვეულებისთვის იყო გამზადებული, ერთი მილის სიგრძის ყვავილებით ლამაზად მორთული სუფრა ოთხმოც კაცზე იყო გაშლილი. ქვემოთ ქალაქის ნათურები პატარა ბრილიანტებივით კაშკაშებდნენ და დეკორაციას მატებდნენ წვეულებას. აქ იყვნენ ქართველი მოცეკვავეები, მომღერლები, კომპოზიტორები, კინოხელოვნები, პოეტები და რომანისტები. სტუმრებში ბევრი ერია ლამაზი მომღერალი და მოცეკვავე ქალბატონები. 

როგორც ასეთ მიღებებზეა მიღებული, წვეულება, რამდენიმე ფორმალური სიტყვით გაიხსნა, მაგრამ ქართული ხასიათი და ქართული გენია შეუწყნარებელია კონსერვატიზმის მიმართ. მალე სიმღერა გაისმა, ინდივიდუალური და ჯგუფური სიმღერა, შემდეგ ცეკვებიც დაიწყო, ღვინოც ბევრი ისმეოდა. კაპამ თავისი ცნობილი „კაზაკსკი“ იცეკვა, რომელიც ნამდვილად არ გამოსდის კარგად, მაგრამ ამ ცეკვის ცოდნა თავისთავად აღსანიშნავი მოვლენაა. ჩვენ ძილმა ნამდვილად ახალი სიცოცხლე გვაჩუქა, ღვინომაც თავისი საქმე გააკეთა, და წვეულებამ გვიანობამდე გასტანა. მახსოვს, ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც ჭიქა ასწია და წარმოთქვა, „ეშმაკსაც წაუღია პოლიტიკა.“ მახსოვს, როგორ ვცდილობდი მეცეკვა ქართული ცეკვა უმშვენიერეს ქალბატონთან, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ქართველი მოცეკვავე აღმოჩნდა. მახსოვს, როგორ ვმღეროდით ქუჩაში და როგორ შემოგვიერთდა სიმღერაში მილიცია. ჩმარსკიც კარგად მხიარულობდა. საქართველო მისთვისაც უცხო ხილი გახლდათ. ენისა და ნაციონალური ბარიერები დაიმსხვრა. თარგმანი აღარ გვჭირდებოდა, ისეც ვუგებდით ერთმანეთს.

ძალიან კარგი დრო გავატარეთ და წვეულება, რომელსაც ასე უხალისოდ ველოდით, მომაჯადოვებელი მიღება გამოდგა.

გამთენიისას სასტუმროში დავბრუნდით, დაწოლას აზრი არ ქონდა, რადგან თვითმფრინავი რამდენიმე საათში მიფრინავდა, ახლაც ვერ ვხვდებით ნახევრად მკვდრებმა როგორ შევძელით ბარგის ჩალაგება.         

მასპინძლებმა დიდი მანქანით მოგვაკითხეს და წაგვიყვანეს აეროპორტში, გათენებული და ნამთვრალები ღამის შემდეგ, ისინიც ჩვენსავით გამოფიტულნი ჩანდნენ. აეროპორტში ზუსტად გათენებისას მივედით და არაფერი არ დაგვავიწყდა, ყველაფერი თან გვქონდა, ბარგი, კამერები და ფირები. ჩვეულებისამებრ, აეროპორტის რესტორანში შევედით და დიდ ბისკვიტებს შევექეცით ჩაისთან ერთად. ასაფრენი ბილიკის მეორე ბოლოდან ორი სამხედრო გამანადგურებელი აფრინდა და შეუდგა პატრულირებას.

ბატონი ჩმარსკიც საკმაოდ დაღლილიყო და უყურადღებოდ მოიქცა. ჩვენგან ახლოს გარეთ დიდმა სამგზავრო C-47-მა გახურება დაიწყო, მგზავრებმაც დაიწყეს ჩასხდომა. ჩვენ ვიკითხეთ ეს ხომ არ იყო ჩვენი თვითმფრინავი და მოგვიგეს, რომ არა. ერთი საათის შემდეგ ისევ ვიკითხეთ თუ როდის გავფრინდებოდით და, როგორც აღმოჩნდა პირველი, პასუხი მცდარი იყო და ჩვენი თვითმფრინავი ერთი საათის წინ გაფრენილიყო. კრემლის ბოროტი გნომი ისევ ამუშავდა. ცოტა მწარედ გამოვთქვით უკმაყოფილება, იმის გამო რომ უკვე გაფრენილ თვითმფრინავს უნდა გავყოლოდით. ჩმარსკიც კი აღშფოთდა, მას გრძელი და შფოთმორეული, საუბარი ქონდა აეროპორტის კომენდანტთან, რომლის დროსაც ბევრი იყო ხელის ჟესტი და ისეთი რუსული სიტყვები, სადაც უამრავი უხეში თანხმოვანია, რომელსაც ჩვენ ვერ წარმოვთქვამდით. ასეთი რუსული ემსგავსება შუშხუნას ტკაცატკუცს. ჩმარსკი დაემუქრა კომენდანტს, რომ მთელი ამ შემთხვევის შესახებ სათანადო ადგილას შეიტყობდნენ. ამის გაგონებაზე კომენდანტი მოიღუშა შემდეგ კი მას რაღაც იდეა მოუვიდა, მისი სახე განათდა და გვითხრა: „თქვენ სპეციალური რეისით გაფრინდებით, თვითმფრინავს უკვე ამზადებენ გასაფრენად.“

მისმა ნათქვამმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან გაგვეხარდა სპეციალური რეისით გაფრენის ამბავი, რადგან ცხოვრებაში არასდროს გვეფრინა სპეციალურად ჩვენთვის გამზადებული თვითმფრინავით. წარმოვიდგინეთ როგორ გავიჭიმებოდით სალონის იატაკზე და გემრიელად გამოვიძინებდით. თვითმფრინავი ერთ საათში გაფრინდებოდა, ზუსტად ამდენი დრო სჭირდებოდა მის საფრენად მომზადებას. ჩვენც ამ ამბით კმაყოფილები აეროპორტის რესტორანში დავბრუნდით და კიდევ შევექეცით ბისკვიტებსა და ჩაის.

საათის მიწურულს ვიკითხეთ რა ხდებოდა ჩვენ გაფრენასთან დაკავშირებით და მოგვიგეს, რომ ძრავი მცირედ შეკეთებას საჭიროებდა და რომ ოცდათხუთმეტ წუთში გავფრინდებოდით. ჩვენი მასპინძლებიც ჩვენთან იყვნენ დაღლილებს მაგრად ეძინებოდათ, ვცადეთ მათი თბილისში გამგზავრება, მაგრამ ისინი ძალიან ზრდილობიანები გახდნენ და მოგვიგეს, რომ არ წავიდოდნენ სანამ ჩვენი თვითმფრინავი ჰაერში აფრინდებოდა. ორმოცდახუთი წუთისა და ორი ჭიქა ჩაის შემდეგ ისევ მოვიკითხეთ თვითმფრინავის ამბავი. კომენდანტმა კი მოგვიგო, რომ მას შეატყობინეს თურქების დელეგაციის შესახებ, რომლებიც თურქეთის მთავრობას წარმოადგენდნენ, მოსკოვში მოემგზავრებოდნენ, რომ მიეღოთ მოსკოვის რვაასწლეულთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა და, თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, სპეციალური რეისით გამოფრინდებოდნენ მოსკოვისკენ. იმის მიუხედავად, რომ თურქეთის მთავრობის მიმართ დიდი სიმპატიით არ გამოვირჩეოდით, მთელი სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლებს ვერ ვეტყოდით უარს ჩვენთან ერთად გამოფრენის ნებართვაზე.

„კარგი“, მივუგეთ ჩვენ. „მათ შეუძლიათ ჩვენთან ერთად გამოფრენა.“

მხოლოდ ერთი პატარა პრობლემაღა იყო გადასაწყვეტი. დელეგაცია ჯერ თბილისში იყო და მათ ნახევარ საათში ელოდნენ აეროპორტში. ჩვენ რესტორანში დავბრუნდით და კიდევ ორი ჭიქა ჩაი და ბისკვიტები მივირთვით. ამასობაში მზე ამოვიდა და ჰაერი გაახურა. რუსული გამანადგურებლები, რომლებიც საზღვარს პატრულირებდნენ, ჯდებოდნენ და ფრინდებოდნენ. თვალებში ისეთი მძიმე შეგრძნება დაგვეუფლა, რომელიც მხოლოდ დაუძლეველმა გადაწვამ იცის. კიდევ ერთი საათის ლოდინის შემდეგ მივაკითხეთ კომენდანტს, რომ თურქების ამბავი გაგვერკვია. ჩმარსკიც კი უკვე ნამეტნავად გაღიზიანებული იყო, სად იყვნენ აქამდე თურქები.

როგორც ჩანს, მათი მატარებელი სადღაც თბილისთან ახლოს გაჭედილიყო, და რადგან დელეგაციას უკვე დაპირდნენ, რომ ჩვენი სპეც-თვითმფრინავით ისარგებლონ, ამიტომაც კომენდანტი თავს ვერ მიცემს უფლებას, მათ გარეშე გაგვამგზავროს და აეროპორტში დააყუდოს საბრალო თურქები, ამიტომაც მოგვმართა თხოვნით, რომ იქნებ კიდევ ნახევარი საათი დავლოდებოდით.

ჩაი უკვე გულმკერდის დონეზე ამოსულიყო. რესტორანში დავბრუნდით და კიდევ ერთი ჭიქა შევსვით. ჩმარსკიმ მოწყენილად ჩარგო თავი ხელებში, მე კი მას ბოროტი გნომის შესახებ გავახსენე, რომელზეც ადრე მიპასუხა, რომ საბჭოთა კავშირში ავი სულების არ სჯერათ.

„ეხლა მაინც თუ გჯერათ ავი სულების ბატონო ჩმარსკი?“

მან დაქანცული თვალებით ამომხედა, შემდეგ მაგიდაზე მუშტები დაკრა და სირბილით და ყვირილით გაემართა კომენდანტისკენ.

ჩვენი მასპინძლები აეროპორტის ბაღში ხის ქვეშ ჩაცუცქულიყვნენ და მისძინებოდათ, ჩვენ კი არ შეგვეძლო დაძინება, რადგან ბოლო პასუხით ოცდათხუთმეტ წუთში მივფრინავდით.

ორსაათნახევარში თურქების ბარგით სავსე სატვირთო მოადგა აეროპორტს - ოცი გაბერილი ჩემოდანი, მაგრამ თურქები არ ჩანდნენ. როგორც აღმოჩნდა, მთელი ღამის მგზავრობის შემდეგ, თურქები ძალიან გადაღლილიყვნენ და ამიტომ ცოტა ხნით სასტუმროში წასულიყვნენ გადასავლებად, სასაუზმოდ და ძალების აღსადგენად. კომენდანტი ძალიან შეწუხებული იყო, მაგრამ ეს საერთაშორისო საკითხი იყო, და თუ კიდევ არ გვქონდა გადაფიქრებული თურქების თვითმფრინავში შემოშვება, მას მსოფლიოში უბედნიერეს კაცად ვაქცევდით, გადავარჩენდით მის რეპუტაციას და სამსახურის დაკარგვისგანაც ვიხსნიდით.         

მისი გამოსვლის შემდეგ ისევ დაგვეუფლა სულგრძელობის განცდა. აქვე აღმოვაჩინეთ ერთი მეცნიერული ჭეშმარიტება ზუსტად ვიცოდით რამდენის მოთმენა შეუძლია ადამიანს და ჩვენ ზუსტად მოთმინების ზღვარზე ვიყავით.

პირველის ნახევარზე, თურქებიც გამოჩნდნენ, ოთხი მსუქანი კაცი და ორი ქალი. ვერ მივხვდით ექვს ადამიანს რაში ჭირდებოდა ოცი გაბერილი ჩემოდანი, მაქსიმუმ ორკვირიანი ვიზიტის განმავლობაში. ალბათ დასაკეცი ჰარემი მოყავდათ თან. მათ მედიდურად გაიარეს აეროპორტი და ჩასხდნენ ჩვენს თვითმფრინავში. კარსაც ხურავდნენ, ჩვენ რომ მივაღწიეთ თვითმფრინავს. კართან პატარა შეკამათებაც მოგვივიდა, მაგრამ საბოლოოდ თურქებმა მოგვცეს ასვლის ნება. როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ იყო ჩვენი სპეციალური რეისი, არამედ თურქების სპეციალური რეისი გახლდათ და ჩვენ კი არ გამოვიჩინეთ გულისხმიერება და ვამგზავრეთ ჩვენთან ერთად, არამედ მათ. თან, სულაც არ მოწონდათ ეს ამბავი. აღარ გავახსენეთ ამ ყეყეჩ თურქებს, რომ ჩვენ როგორც ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ვიხდით დოლარებს, რომ მათ დიდებულ ქვეყანაში დემოკრატია შენარჩუნებულიყო. ერთადერთი რაც გვსურდა სწრაფად გაფრენა იყო. ბატონი ჩმარსკი უკვე ყვიროდა და მუშტს იქნევდა, მან გეგმაც დასახა, რომ მოსკოვურ გაზეთებს წერილს გაუგზავნიდა და ინციდენტს დეტალურად აღუწერდა.

როგორც იქნა მოვკალათდით, თურქები დაუმალავად ბუზღუნებდნენ და ზიზღით გვიცქერდნენ, ჩვენ ბარგსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ იმ თურქებისგან, რომლებსაც ოდესმე შევხვედრივართ, ამათ ყველაზე სასიამოვნო სუნი ქონდათ. მათგან ორდოლარიანი თმის ვარცხნილობის არომატი მოდიოდა. ეჭვი მაქვს, რომ სანამ ჩვენ აქ მათ ლოდინში ვიხვითქებოდით, ისინი ვარდის ზეთიან აბაზანაში ნებივრობდნენ.

ჩვენ მასპინძლებს ფანჯრიდან ხელს ვუქნევდით, მათ ხომ დიდი სტუმართმოყვარეობა და თავაზიანობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ჩვენ კი ნამდვილად უსიამოვნებები მივაყენეთ. ჩვენი კავალერისტიც მათთან ერთად იყო და ენერგიულად გვიქნევდა ხელს, მას ხომ ამ ქვეყანაზე არაფერი ღლიდა.

თვითმფრინავში დახუთულობა იდგა, და ჩვეულებისამებრ კონდიცირების სისტემაც მწყობრიდან იყო გამოსული, ამიტომაც ვარდის ზეთის არომატი უკვე გამაღიზიანებელი და გადამეტებული გახდა. ჩვენმა თვითმფრინავმა ნელ-ნელა დაიწყო სიმაღლის აკრეფა, რომ კავკასიონის ქედი გადაგვეკვეთა, მთის კიდეებზე ისევ მოჩანდა ძველი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები.

საქართველო ნამდვილად ჯადოსნური ადგილია და იმ მომენტიდან, როცა ამ ქვეყანას ტოვებ, ის სიზმარი და ოცნების ობიექტი ხდება. აქაურები მართლაც მომაჯადოვებელია ხალხია. მათ მართლაც, მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყანა შეხვდათ წილად და სრულად ტკბებიან აქ ცხოვრებით. მხოლოდ ახლა მივხვდით საბოლოოდ, რატომ გვეუბნებოდნენ სულ რუსები: „სანამ საქართველოს ნახავდეთ, არაფერი გინახავთ“.

ზღვას გადავუფრინეთ და ჩამოფრენის მსგავსად სოხუმში გავჩერდით. საბედნიეროდ, ამჯერად ეკიპაჟი ზღვაში საბანაოდ აღარ წასულა. ქალების რიგი ისევ ყიდდა ახალ ხილს, ატმის დიდი ყუთი შევიძინეთ ჩვენი მოსკოველი კორესპონდენტებისთვის. სპეციალურად ამოვირჩიეთ მაგარი ბოლომდე დაუმწიფებელი ატმები იმ იმედით, რომ გზაში ისინი მომწიფდებოდა და ასეთს მივართმევდით ჩვენს კორესპონდენტებს. სამწუხაროდ, ატმები არ დამწიფდა, და ისეთივე ნახევრად მკვახე დალპა, როგორიც ვიყიდეთ.

გადავუფრინეთ კავკასიონის მეორე რიგს და დაუსრულებელ ვაკეს მოვექეცით თავზე. როსტოვში აღარ გავჩერებულვართ და პირდაპირ მოსკოვისკენ გავფრინდით. მოსკოვში საკმაოდ აცივებულიყო, რადგან ზამთარი უკვე კარს იყო მომდგარი.

ჩმარსკი ძლიერ ნერვიული კაცი გახლდათ, მაგრამ ამჯერად ჩვენც ალბათ გადავამეტეთ. მისი ბოროტი გნომიც კი დაღლილიყო და აეროპორტში პრობლემები აღარ გვქონია. გარეთ მანქანა გვიცდიდა, რომელმაც სასტუმრომდე მიგვიყვანა. ჩვენმა ოთახმა „სავოიში“ ძლიერ გაგვახარა. კიბეებზე ასვლისას გიჟი ელას ბიუსტი თვალს გვიკრავდა და თავს გვიხრიდა. მეორე სართულის გაბერილი დათვი კი ჩვენს დანახვაზე წამოიჭიმა და სალუტით მოგვესალმა.

კაპა აბაზანაში შევიდა და ძველი ბრიტანული ფინანსური რეპორტიც შეიყოლა, მე კი მის იქ ყოფნაშივე ჩამეძინა. რამდენადაც ვიცი მთელი ღამე იქვე გაატარა.                               

 



[1] Всесою́зное о́бщество культу́рной свя́зи с заграницей (ВОКС)

[2] A gremlin is a tiny imaginary evil spirit that people say is the cause of a problem, especially in a machine, which they cannot explain properly or locate.

[3] მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ამერიკული სამხედრო ყველგანმავალი

[4] სიტყვების თამაში - public women - მეძავი, public and private - საჯარო და კერძო.