ოდა
ოდა
ეს წიწვის ტყე მწვანე ცეცხლია -
სიცოცხლით იწვის.
ტკაცუნობს ტოტი. გიკვირს
თუ როგორ ვრცელდება ხანძარი?
აი, ნაკვერჩხალიც:
ხიდან ხეზე გადაფრინდა...
ჩვენს ალაგასაც დავარდა
ერთი ჩიტი.
და ოცნება,
გვქონოდა ტყისპირა სახლი,
ფერფლად გვექცა.
ეს წიწვის ტყე მწვანე ცეცხლია.
ზამთარშიც ანთიაო, გიკვირს -
რატომ?
- მაშინ,
მთაში გარეკილი პირუტყვი ამინდები
მშივრები როცა ბრუნდებიან,
შენღა რჩები -
ჩვენი ბეღურა.
მოდი,
ჩავიკეტოთ სახლში! - დავიწვათ
2009
.