(...დახუჭოს თავისი ასი თვალი!)
(...დახუჭოს თავისი ასი თვალი!)დახუჭოს თავისი ასი თვალი!
დამუწოს თავისი ოთხი პირი!
ხოლო ჩრდილმა,
მხრებზე რო წამოუსხია
და ქარისაგან უფრიალებს,
ჯადო დაკარგოს: გერიდები:
საცხოვრებელი კორპუსი, ეს
კუდიანი დედაბერი უნდა მოვკლა!
ღეჭავს ადამიანებს -
უკან აფურთხებს.
არაფერი მინდა შენი! -
არც სახლი და მისი ჩრდილი, მზის
საათივით დროს რომ უჩვენებს -
მიდის - მომყვება და
კუდს იქნევს - წარსულს:
არ მინდა!
არაფერი მინდა შენი! - არც ქვა,
რომელსაც ფეხი წამოკარი და
ქვა ქვაზე არ დარჩა -
დროში და სივრცეზე
გაგორდით…
“ მე დავიღალე.
ვგრძნობ,
დაღლილობა არის დასასრული
ბავშვობასთან გამომშვიდობების
და გაგრძელდება მთელი სიცოცხლე,
სიბერემდე - სიკვდილამდე ”
- ვამბობ.
ზიხარ ჩემს გვერდით. ხელის
მტევანი კი - კალმახი
მერამდენედ ხტება შენი თმის ჩანჩქერზე -
მაღლა იწევს... ძნელი ყოფილა,
თავზე ხელი გადაუსვა
საკუთარ სიყრმეს..