Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
მოთხრობა
ღამურების სახლი


ღამურების სახლი

ეს უცნაური ამბავი, ერთ პატარა, უკარფანჯრო ოთახში დაიწყო.

ახალგაზრდა გოგომ სწორედ ამ ოთახში გაახილა თვალი. თავი ძალიან დამძიმებული ჰქონდა, თითქოს ერთი თვე ძილში გაეტარებინოს, აზროვნებაც შენელებული... თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა.

ვერაფრით ვერ შეძლო გონება მოეკრიბა და გაეხსენებინა აქ საიდან და როგორ აღმოჩნდა.

ოთახი მკრთალი შუქით იყო განათებული. საოცარი ის იყო, რომ თავად სინათლის წყარო არ ჩანდა. ოთახი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. მას არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა... თითქოს ერთიანად ჩამოესხათ... გაუგებარი იყო, თუ საიდან შემოდიოდა მთვარის მკრთალი შუქი.

ოთახი საშუალო ზომისა იყო. წყვილი სკამი, პატარა მაგიდა, რომელზეც ყველაფერი წყვილად ეწყო... თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და ა.შ. პირსაბანი, კედელზე სარკე, და... განიერი საწოლი. მხოლოდ ერთი.

ასეთ ვითარებაში აღმოჩენა ვის არ ჩააგდებს სასოწარკვეთილებაში...

მაგრამ, იმედი ხომ ბოლოს კვდება...

გოგოსაც იმედი ჰქონდა, რომ მალე ყველაფერი გაირკვეოდა. ოთახში სინათლე მხოლოდ რაღაც მექანიზმის წყალობით იცვლებოდა. მთვარის შუქიდან_დღის განათებაზე და პირიქით.

აქ დროც პირობითი იყო... ვერ გაიგებდი, როდის თენდებოდა და როდის ღამდებოდა სინამდვილეში. გოგოს გათვლით, 9 დღე იყო გასული, რაც ამ ოთახში ცხოვრობდა.

თუკი ამას ცხოვრება ჰქვია. ვერ იხსენებდა, როდის დაიძინა, ხოლო გაღვიძებისას, მაგიდაზე კვერცხი, პური და ჩაი ხვდებოდა. ოთახის თითოეული სანტიმეტრი თითებით ჰქონდა გასინჯული, კედლებზე არანაირი კვალი, არანაირი ნიშანი, არავითარი ნაწიბური... ამას საერთოდ გადაჰყავდა ჭკუიდან. მეათედ რომ გაიღვიძა, ოთახი დღის სინათლით იყო განათებული, როგორც კარგ, მზიან ამინდში. გოგომ ამოიოხრა:

_ეჰ, გათენდა!..

მოულოდნელად, გვერდით რაღაც ამოძრავდა...

შეშინებული გოგო წამოხტა და ადგილზე გაშეშდა. მის გვერდით ახალგაზრდა, დაახლოვებით მისი ტოლი ბიჭი იწვა და ეძინა. გოგოს ყვირილზე, ისიც შეშინებული წამოხტა. ნამძინარევს ისეთი გამომეტყველება ედო სახეზე, რომ გოგო მაშინვე მიხვდა, რომ ისიც მისნაირი მსხვერპლი იყო. აი, თურმე რას ნიშნავდა წყვილი ჭურჭელი და სკამები... თურმე აპირებდნენ მეორე მსხვერპლის შემოყვანას!..

ბიჭს მართლაც არაფერი ახსოვდა გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ დამთავრდა სამუშაო დღე ბანკში, მანაც გამორთო კომპიუტერი, ჰალსტუხი უჯრაში შეინახა და სახლისკენ გაეშურა.



ბიჭი კარგა ხანს დამუნჯებული იჯდა. გოგოს ნაამბობი რომ მოისმინა, მერეღა შეძლო ხმის ამოღება.

_ალბათ გზაში მომიტაცეს!.. გამთიშეს... ვინ ოხრები არიან?.. რა უნდათ? თუ ჩვენი აქ ამოხოცვა უნდათ...

გოგომ პირზე ხელი ააფარა და შეშინებულმა ყურში ჩასჩურჩულა:

_გაჩუმდი! რამე ისეთი არ წამოროშო.

რასაც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ! მგონი გვისმენენ!

ბიჭმა გაიხედ-გამოიხედა.

_ალბათ მართალი ხარ! გვისმენენ! კედლებში მოსასმენი აპარატები ექნებათ ჩამონტაჟებული.

_გვაკვირდებიან! გვსწავლობენ! ამას უკვე მივხვდი!

_როგორ?

გოგო მაგიდასთან მივიდა.

_არ ისაუზმებ?

კვერცხი გაფცქვნა და ჭამა დაიწყო.

_დიდი ხანია აქ ხარ? ჭამა რომ შეგიძლია...

_კაცმა არ იცის... ...მგონი ქათმები უნდა ჰყავდეთ...



_ვის?

_ამათ! ყოველდღე კვერცხი! დილით, შუადღეს, საღამოს...

გოგომ ჩაი მოსვა.

_უჰ, ყავა რას დამამშვენებდა!!! დილა ყავის გარეშე ვერ წარმომედგინა!

_ჩვენ ესე უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს?..

_თუ სხვა ვარიანტი იცი რამე, მეც მასწავლე!!! უცნაური გემო აქვს ამ ჩაის...

ბიჭი ოთახში ბოლთას სცემს, როგორც ჩიტი გალიაში, ისე აწყდება კედლებს. სინჯავს.

_ტყუილად ირჯები! მე უკვე ყველა მილიმეტრი შესწავლილი მაქვს.



_მაინც, ვინ არიან?!. თუ ფულის გამოძალვის მიზნით ვყავართ დაჭერილები, დიდ ხეირს ვერ ნახავენ.

_რას ამბობ! უფრო, ექსპერიმენტს ატარებენ ჩვენზე!

_ექსპერიმენტს?.. მაგათ საცდელი ვირთხები ხომ არ ვგონივართ?!.. ეგ საიდან დაასკვენი?

_აბა ამხელა დაფინანსება საიდან? როგორ ფიქრობ, რა დაჯდებოდა ამ ოთახის აშენება?.. ერთი ხვრელი არააქვს და ვენტილაცია როგორ მუშაობს... სინათლე საიდან შემოდის?..

კედლებია შუქგამტარი... როგორ შემოდიან?

_შემოდიან?..

_აბა, საჭმლით ვინ გვამარაგებს?

ბიჭი დაბნეული და სასოწარკვეთილი ჩამოჯდა საწოლზე და თავი ხელებში ჩარგო.

_ექსპერიმენტი... არალეგალურად!... ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაგვიშვებენ! რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს!.. ჩვენ აქ დავიხოცებით!!!

_ეს ჯერ მხოლოდ ჩემი ვარაუდია! იმედია მცდარი.



ბიჭს უცებ გონება გაუნათდა. გოგოსთან მივიდა და ყურში ჩასჩურცულა.

_ჩვენ, არ უნდა დავიძინოთ! თავი უნდა მოვიმძინაროთ. თუ ისინი, მართლა შემოდიან, როგორც შენ ამბობ... გავიგებთ!!! იქნებ გავიქცეთ კიდეც...

_შენ ფიქრობ, მე არ ვცადე? ვერ ვგებულობ როდის მეძინება. ალბათ ჰაერში უშვებენ რაღაცას!

ბიჭმა საწოლს გახედა.



_საწოლი ერთია! მაგრამ, თუ მართლა ვერ გავიგებთ როგორ დაგვეძინება, მაშინ სულერთია ერთი იქნება თუ ორი.

გოგომ სიცილი ვერ შეიკავა.

_რაც აქ ვარ, პირველად გავიცინე. უცხო მამაკაცთან ერთად ისე უნდა დავიძინო, ვითომ არაფერი...

_მოდი, ვარიანტებზე ვიფიქროთ!

_ეჰ, რაც აქ ვარ სხვა რამეზე არც მიფიქრია!

_და... ექსპერიმენტის გარდა, სხვა რა ვერსია მოგაფიქრდა?

_ამაზე უკეთესი არაფერი!

_იქნებ, რაღაც პოლიტიკური ამბავია?! იქნებ, ახალი პროექტის შემუშავებას აპირებენ და ჩვენზე სცდიან. ან რაიმე რეალურ შოუში გვიღებენ და მთელი მსოფლიო გვიყურებს...



_ეგ უფრო იმედის მომცემი ვერსიაა! მოდი, მოვლენებს მივყვეთ! როგორც შერლოკ ჰოლმსი ამბობდა: „გამოვრიცხავთ შეუძლებელს და დარჩება ჭეშმარიტება!”

_დაიწყე!

ბიჭი გოგოს პირდაპირ, სკამზე ჩამოჯდა.

_დავიწყოთ იმით, თუ რატომ აგვირჩიეს ჩვენ. რა მიზეზით. ჩვენს შორის არის რამე მსგავსება, თუ პირიქით... ორი უკიდურესობა ვართ! ჩვენ არ ვიცით იმათი პოზიცია, მაგრამ ვიცნობთ საკუთარ თავებს. იქნებ გასაღებიც აქარის დამარხული, იქნებ ისინიც ამას ელოდებიან ჩვენგან?!..

_ჭკვიანურია! დაიწყე მოყოლა!

_მე...

უი, რა უცნაურია!..

_რა არის უცნაური?

_ამდენი ხანი ვლაპარაკობთ და ერთმანეთის სახელები არ გვიკითხავს... როგორ მივმართავდით ერთმანეთს?

_არ მივმართავდით, უბრალოდ ვსაუბრობდით!.. რა გქვია?..

ბიჭს გაეღიმა.

_მე... მე მქვია...

ღმერთო ჩემო!..

_რა მოხდა?

_ჩემი სახელი... არ მახსოვს!.. ვერ ვიხსენებ!..

ღამურების სახლი



გოგომ ორივე ხელი საფეთქლებზე წაივლო. ნერვიულობისაგან მთლად აკანკალდა. ბიჭმა ხელები ჩამოაღებინა ნაზად და დაამშვიდა.



_კარგი, მაგაზე არ ინერვიულო! გაგახსენდება! Aაუცილებლად გაგახსენდება! მე გპირდები.

უცებ გამომეტყველება მასაც შეეცვალა. გაფითრდა. გოგო თვალებში უყურებდა. ერთხანს ხმას ვერ იღებდა, წამოდგა, გოგოს ზურგი შეაქცია. მერე გაბედა ხმის ამოღება:

_საკუთარი სახელი მეც არ მახსოვს!

ძლივს ამოღერღა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. გოგოს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.



_ეს როგორ გააკეთეს... თუ შეუძლიათ, რომ ჩვენს მეხსიერებაში შემოვიდნენ და რაც უნდათ ის ამოშალონ, ესეიგი... ადამიანები არ არიან...

გოგო საკუთარმა სიტყვებმა ისე შეაშინა, რომ საწოლზე გადაჯდა და ბიჭს ჩაეხუტა. მანაც იგივეთი უპასუხა. ორივეს უცნაურმა ჯრუანტელმა დაუარა ტანში. ერთმანეთს ერთდროულად დაცილდნენ, მაგრამ არცერთმა არ შეიმჩნია არაფერი.



_მთავარია ისინი არ მიგვიხვდნენ!

ჩურჩულით გააგრძელა გოგომ.

_რას?

_რომ მივხვდით!..

_რას მივხვდით?..

_რომ ისინი... უცხოპლანეტელები არიან!!!

ყრუდ, შორიდან რაღაც მექანიზმის ხმაური გაისმა. ორივეს საწოლზევე დაეძინა. ოთახში, დღის განათება, ღამის განათებამ შეცვალა! უცნაური მთვარის შუქი ანათებდა მძინარეთ.







***

პირველად გოგომ გაიღვიძა. თავი ისევ დამძიმებული ჰქონდა. აზროვნება უჭირდა. საწოლზე წამოჯდა. ბიჭს ისევ ეძინა. სახეზე უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა.

_”რა ლამაზი ნაკვთები აქვს!..”

გაიფიქრა გოგომ.

მერე წამოდგა, პირი დაიბანა. თმა გაისწორა. სარკეში თავის თავს დააკვირდა. ოდნავ ფერმკრთალი, მაგრამ ლამაზი ორეული უყურებდა.

_”რა კარგია, რომ მარტო აღარ ვარ!.. თუნდაც ცოტა ხნით...”

Gგაიფიქრა და ჭიქა აიღო ჩაის დასალევად. ერთი ყლუპი მოსვა და მოულოდნელობისაგან შეჰყვირა.



_რა მოხდა?

ბიჭი შეშინებული წამოხტა ფეხზე.

_ყავა!.. ჭიქაში ყავაა!..

ბიჭმა ჭიქა გამოართვა და ჩაიხედა. მოსვა.

_ყავაა!.. შენ არ ახსენე გუშინ ყავა?..



გოგო დაფიქრდა.

_ვინატრე... რასაც ვინატრებთ, აგვისრულებენ?..

_გუშინ, რაზე ვსაუბრობდით?

_ვერსიებზე... მერე... მგონი დაგვეძინა, არა?

_არა, დაგვაძინეს! და, რა ვერსიებზე ვსაუბრობდით?

გოგო დაფიქრდა. გონება დაეძაბა.



_როგორ მიჭირს გახსენება... ჰო, იქ შევჩერდით, რომ ისინი უცხო...

ბიჭმა პირზე ხელი ააფარა.

_შშშ! აღარ გაიმეორო!.. ხმამაღლა...

გოგომ ჩურჩულით განაგრძო.

_ჩემი არგჯერა, ხომ?

_არვიცი...

ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ!

_არგჯერა!

გოგო მაგიდასთან ჩამოჯდა და ყავის სმა განაგრძო.

_დილით შემწვარი სოსისი მინდა, კვერც... არა, კვერცხით არა... უბრალოდ შემწვარი სოსისი...

გოგომ ხმამაღლა წარმოთქვა თავისი სურვილი. ბიჭს გადახედა და თვალი ჩაუკრა. ბიჭმა პირი დაიბანა, მერე პირსაბანს დაეჯაჯგურა.



_რას აკეთებ?...

_რაღაცას ვამოწმებ!

მთელი ძალით ცდილობდა პირსაბანის ადგილიდან დაძვრას, მაგრამ ძვრა ვერ უყო.

_ნუთუ ერთი ხვრელი არ იქნება? სულ პაწაწინა. წყალი ხომ გადის რაღაცნაირად...

დაღლილმა და ნერვებმოშლილმა პირსაბანს თავი დაანება და ახლა სარკეს დაეჯაჯგურა. ყველასდა გასაკვირად, სარკე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოსცილდა კედელს და ხელში შერჩა.

_ეს რა ჯანდაბაა!

ბიჭმა სარკე გადმოაბრუნა, მაგრამ საკიდი ვერ იპოვა.

მერე კედელს დააკვირდა. ხელითაც მოსინჯა, მაგრამ არც კედელზე იყო არაფერი.

_სარკე კედელზე მიმაგრებული არარის! ასეთი რამ არასოდეს მინახავს...

_ხომ ხედავ, ახლაც არ დამიჯერებ?

_მოიცა, აქ რაღაც ამბავია!!! მათ უნდათ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. Eამ ფოკუსებსაც სპეციალურად აკეთებენ. არ გამოუვათ!!!

ბიჭმა ირონიული გამომეტყველებით გაიარ-გამოიარა ოთახში.

_მაშინ, როგორ ახსნი ამ “ფოკუსის” საიდუმლოს?

_არავითარი საიდუმლო არ არსებობს! სინამდვილეში სარკე და კედელი Dდ ა მ ა გ ნ ი ტ ე ბ უ ლ ი ა !

გოგომ სარკე ხელში აიღო და კედელთან მიიტანა.

სარკე კედელს მიეკრა.

_დავუშვათ, მართალი ხარ! მაშინ შენ რა ვერსია გაქვს? სიამოვნებით მოვისმენდი.

_ვერსია?.. ჰმ, მანამდე, მოდი სახელები დავირქვათ!

_დავირქვათ?

გაუკვირდა გოგოს.

_ჰო, სანამ საკუთარი გაგვახსენდება! როგორღაც ხომ უნდა მივმართოთ ერთმანეთს?!

_კარგი, შენ დაიწყე! დამარქვი რაც გინდა!

_მე თეის დაგიძახებ!

_თეის? თეი შენს შეყვარებულს ხომ არ ქვია?

_შეყვარებული არმყავს!

_უცნაურია!.. როგორც წესი, შენნაირი ბიჭები მარტო არ დადიან ხოლმე.

ბიჭს ჩაეღიმა.



_მეც არვიცი თეი საიდან მოვიტანე. ალბათ ფილმში ვნახავდი... არა, ფილმში კი არა, მითოლოგიის წიგნში, ქალღმერთის სახელია!..

_მერე, მე ქალღმერთს ვგავარ?

გაეღიმა გოგოს.

_სწორედაც!

_კეთილი, იყოს თეი! მე ენდრიუს დაგიძახებ!

ბიჭმა სიცილი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა.

_ეგ რომელ ფილმში ნახე? თუ შენს შეყვარებულს ჰქვია?

_არვიცი... არაფერი მახსოვს გარდა იმისა, როგორ გავიზარდე, ვისწავლე, ჩემი სამუშაოც მახსოვს...

ყველაფერი პირადი ცხოვრების გარდა.

_და იქნებ სწორედ შენს პირად ცხოვრებაშია დამარხული ძაღლის თავი...

_შეიძლება ენდრიუ... შეიძლება ეს სახელი ჩემს შეყვარებულს, ან თუნდაც ქმარს ქვია! შენ ყველაფერი გახსოვს?

ბიჭი დაფიქრდა.

_კი... ყველაფერი! სახელის გარდა, უცნაურია!!!ალბათ ცოტა დრო უნდა გავიდეს, რომ მაგ სახელს შევეჩვიო...

_რას ვიცინებ, შენი ნამდვილი სახელი ეს რომ იყოს...

თუ გეხამუშება, ენდრის დაგიძახებ!

თეიმ გადაიკისკისა.

_”რა საყვარელი სიცილი აქვს! სახეც...”

გაიფიქრა ბიჭმა.

_მე მომწონს ჩემი ახალი სახელი!

_ჰო, რაღაცნაირად გიხდება! მაშ, ასე... შენზე მომიყევი ყველაფერი... უფრო სწორად რაც გახსოვს!.. ჩემზე მოსაყოლი ბევრი არაფერია! კარატეს ხელოვნებას დავეუფლე. სწავლას მოვრჩი და ბანკში ვმუშაობ.

მყავს და-ძმა... ჩემზე უმცროსები... და ყველაზე პატარაა და ძალიან საყვარელია! ძმა... ისიც საკმაოდ სიმპატიურია!

_მჯერა!

ორივეს გაეღიმა.

_მე ჩემი ბავშვობა მახსოვს. სულ პატარა ვიყავი, ერთი უცნაური თვისება რომ მქონდა. რაღაც კარგი მომენტი რომ იყო… გავშეშდებოდი და გონებას ვძაბავდი, მინდოდა ეს მომენტი ისე ჩამებეჭდა გონებაში, რომ არასოდეს დამვიწყებოდა.

სხვათა, შორის ეს მომენტები მახსოვს ყველაზე მკაფიოდ!

-საინტერესო ბავშვი ყოფილხარ, თეი… და, თუკი ამბობ, რომ ესენი…

ჩურჩულით აგრძელებს:

-უცხოპლანეტელები არიან, მაშინ… იქნებ მაგ წუთების დროს გაუშვი რაღაც “მესიჯი”, შეტყობინება კოსმოსში… შენდაუნებურად...…რეებს ვბოდავ...…

-არა, არ ბოდავ!!! გამორიცხული არაფერია! თანაც ღამ-ღამობით, საათობით ვაკვირდებოდი ცას… ვარსკვლავებს… და ვფიქრობდი სხვა ცივილიზაციებზე… გალაქტიკაში მარტო ჩვენი პლანეტა ხომ არ იქნება დასახლებული?..

ღამურების სახლი



თეი დაფიქრდა. იქნებ, მართლა მისი ბრალია, რაც აქ ხდება?... იქნებ “მსხვერპლი” კი არა, ინიციატორია?!… თუ ასეა, მაშინ უნდა შეძლოს ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა! მაგრამ, ესეც როგორც ყველა დანარჩენი ვერსია, საფუძველს მოკლებულია.

-გააგრძელე! სიამოვნებით გისმენ!

-ერთხელ, მიოლოგიის დიდი წიგნი გადმოვიღე… პაპაჩემს ჰქონდა წიგნების დიდი კოლექცია!.. ვარაუდით გადავშალე და ამოვიკითხე:

_”კიკიმორა” სახლის ავი სული! აქვს გრძელი დინგი და ბატის ფეხები, აშინებს ბავშვებს, კერძოდ… გამოსცემს უცნაურ ხმებს, ბურდავს ძაფის გორგლებს… აფრთხობს ქათმებს… _ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ წიგნი ხელიდან გამვარდნოდა და შეშინებული დედასთან გავქცეულიყავი… მაგრამ, შიში მალევე ცნობისმოყვარეობაში გადამეზარდა! რადგან, სოფელში ვიყავი, მართლაც მესმოდა ღამით უცნაური ხმები... უცებ, აკრიახდებოდნენ მძინარე ქათმები და… ბებია გამუდმებით მეჩხუბებოდა თავისი საქსოვი ძაფების აბურდვის გამო.

მე ხომ ვიცოდი, რომ არ ამიბურდავს?.. მაგრამ, ვინ დაუჯერებდა 10 წლის გოგოს?

_მერე, ძალიან დამაინტერესა!!!

_მერე, შევიარაღდი და დავიწყე გამოძიება!... ოთახში ვყრიდი ძაფის გორგლებს, პატარა ხმაურზე, გამოვრბოდი ოთახიდან. ერთხელ, საქათმეშიც წავედი, თან გული მისკდებოდა შიშისგან…

_სიმართლე გითხრა, მაგას მე ვერ გავბედავდი!!! Gგაოცებული ვარ! მერე?..

_რათქმაუნდა არაფერი!...

გაეღიმა თეის.

_სიმართლე გითხრა, გულიც კი დამწყდა, რომ აღარაფერი მომხდარა!

ცოტა ხნით უხერხული პაუზა ჩამოვარდა.



_ენდრი, იცი ამ ოთახს რა დავარქვი?

_თუ მეტყვი,- მეცოდინება!..…

_ღამურების სახლი!..

_ღამურების?.. საინტერესოა!..

_იცი, ჩემი თავი… ღამურას მაგონებს, რომელიც დღე არავისთან კონტაქტობს,… ფრთებს შემოიხვევს და არის ასე... საკუთარ თავში ჩაკეტილი. ღამით, როცა ყველას სძინავს, თამამდება...…

_შენ საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი, თეი?..

_მე ცხოვრებაში, ჩემი მსგავსი ადამიანი ვერ ვიპოვე! ჩემი არავის ესმოდა! არავინ მყვებოდა, სიგიჟეების ჩადენაში, იძულებული გავხდი, საკუთარი თავი შემეცვალა! საკუთარ პიროვნებაზე უარი ვთქვი!..

წარმოგიდგენია, მაინც ეს რა არის?..

_დაახლოებით!..

_უხილავი ფრთები შემოვიხვიე, ღამურასავით… თავი დავიბრმავე. თავიდან, მეგონა შემთხვევით გავნჩდი აქ, სხვა პლანეტაზე უნდა გავჩენილიყავი...…

_და ეხლა… მაგიტომ ხარ, ამ დღეში?.. მაგრამ, მე? მე რა როლი მაკისრია?... არა, სისულელეა ეს ყველაფერი! Aაი, ნახავ! მალე ყველაფერი დამთავრდება!

თეიმ თავი დახარა და ცოტა ხნით გაჩუმდა. უცებ ენდრის თვალი-თვალში გაუყარა და ხმადაბლა თქვა.



_იცი, მგონი შენ ხარ ის ადამიანი… ვინც გამიგებს! ის, ერთადერთი!... ასე მგონია...

_მართლა?.. იქნებ, მართლა მე ვარ ის ერთადერთი?.. გამორიცხული არაფერია! ჩემო პატარა ღამურავ!

თეის უცნაური სითბო ჩაეღვარა სხეულში. ენდრიმ მის სკამთან ჩაიმუხლა, ხელით მის ნაზ თმას შეეხო. ყურთან გადაუწია, ნელნელა მიუახლოვდა საკოცნელად...… ერთმანეთის თბილ სუნთქვას გრძნობდნენ.

ტუჩებიც თითქმის მიეკრა ერთმანეთს, რომ მოულოდნელად გამაყრუებელი ხმაური მოისმა. თითქოს, ათასობით ფრინველი ეხეთქებოდა ოთახის კედლებს… შემზარავი წრიპინით. შეშინებული წყვილი კუთხეში მიიყუჟა. თეი ენდრის ჩაეკრა, ყურებზე ხელი აიფარა და სახე მის მკერდში ჩამალა.







***

ეს ამბავი რამოდენიმე წამს გაგრძელდა… ხმაური მინელდა და ბოლოს სულაც მიწყდა. შიშისგან თავს ვერცერთი ვერ სწევდა. ბოლოს, ენდრიმ ოთახს თვალი მოავლო და დარწმუნდა, რომ ეს ამბავი გარეთ ხდებოდა.

წამოდგა, თეი თითქმის ძალით წამოაყენა.

_ეს რა იყო?..

ძლივს ამოღერღა თეიმ.

_არვიცი… თითქოს მომეჩვენა...…

_თქვი!.. ღამურები, ხომ?

ენდრიმ აღარაფერი თქვა, მხოლოდ თავი დაუქნია.

_ღამურები!- “ღამურების სახლი”… ამ ყველაფერს მე ვიწვევ, მე ვქმნი!…

_მაგათაც ეგ უნდათ! რომ ეგ ვიფიქროთ!! ამას თვითონ აკეთებენ!..

_რისთვის? რა დავუშავეთ?..

ასე უცბად სად იშოვეს ამდენი ღამურა?.. ეს ხომ შეუძლებელია?!.. ასეთი რამის გაკეთება, ადამიანის ძალებს აღემატება!

-ამ ოთახის გარეთ სივრცეა… რაღაც… კოშკისმაგვარში ხომ არ ვართ?..

ჩაფიქრებული ენდრი თავისთვის მსჯელობდა და ოთახში სცემდა ბოლთას.

-კოშკისმაგვარში?..

-უცნაური ის არის, რომ აშკარად ოთხივე კედელს ეხეთქებოდნენ.…

-მართალი ხარ! ე.ი. გამოდის, რომ ან მაღლიდან ჩამოდიან, ან ქვემოდან...…

ორივემ ერთმანეთს შეხედა.

მერე, საწოლს ეცნენ და დიდი წვალების მერე, გასწიეს გვერდზე. ორივემ მოულოდნელობისაგან შეჰყვირა. საწოლის ქვეშ, დახვეული თოკი ეგდო.

-გვეკაიფებიან!

გაბრაზებულმა ენდრიმ თოკი ხელში აიღო და შეათვალიერა.
-იციან, რომ აქედან ვერ გავაღწევთ! შენ მართალი იყავი! გვაკვირდებიან, ჩვენს თითოეულ მოქმედებას აკონტროლებენ.

-თუ ასეა, ამ თოკს ტყუილად არ დაგვიტოვებდნენ. იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ამ საწოლს გამოვწევდით!

ენდრიმ ზევით აიხედა.



-ხო, მაგრამ, ჭერი ძალიან მაღლაა. მაგიდაზე სკამიც რომ დავდგათ, ვერ მივწვდებით… სხვაგან კი ეს თოკი რაში გამოგვადგება?

-შემთხვევით არაფერი ხდება! ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს!!!

-მაგაში მეც გეთანხმები… მართლა თამაშში მგონია თავი!..

-და, იქნებ ის ღამურების შეტევა, არც იყო ღამურების შეტევა.

-მაგით რისი თქმა გინდა?

-იქნებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სპეცეფექტი იყო?.. მხოლოდ ხმაური?!..

-ჭკვიანური ვერსიაა! შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ, თეი!.. ძალიან! ოდესმე აუცილებლად გაკოცებ!

თეის შერცხვა და მზერა მოარიდა.Aენდრის გაეღიმა.

უცებ, თეის სახეზე ფერი დაეკარგა, თოკს დააკვირდა, რომელიც ისევ ენდრის ეჭირა ხელში.

-იქნებ ეს თოკი იმისთვის დადეს, რომ...…

თეის ხმა აუკანკალდა.

-რატომ?..

-რომ თავები ჩამოვიხრჩოთ!!!

-რა საშინელი აზრები გიტრიალებს, ძვირფასო! მე პირადად არ ვაპირებ თავის ჩამოხრჩობას!

მტკიცედ თქვა ენდრიმ, მაგრამ უსიამოვნოდ მაინც გააჟრჟოლა.

-ან, იქნებ უარესიც...…

თეი მთლად თეთრი იყო სახეზე, საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.

-უფრო უარესი? რა უნდა იყოს, ამაზე უარესი?..

-იქნებ, უკვე მკვდრები ვართ!!!

-თეის ნათქვამმა, ენდრიც ჩააფიქრა.



-ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორია საიქიო?.. არ გვინახავს!

-ასეთი ნამდვილად არ წარმომედგინა!.. ცოდვები ხომ უნდა მოგვეკითხოს?

-იქნებ, მოგვეკითხა და სასჯელს ვიხდით!

-შენ ფიქრობ, რომ ეს ჯოჯოხეთია?..

ღამურების სახლი



-რაღაც ამგვარი! ან, იქნებ განსაწმენდელში ვართ?

-ეგ არამართლმადიდებლურია! მერე, სად არის ღმერთი?.. ანგელოზები?... ან, თუ ეს ჯოჯოხეთია, სად არიან ჯოჯოები?..

-მაგდენი არვიცი… ძალიან მეშინია! ასე არასოდეს შემშინებია!

-ახლა ცხელი შხაპი გვჭირდება ორივეს!..

ყავა ხომ არ დაგისხა?..

თეიმ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

-მოდი, ცოტა ხანი წამოწექი!..

თეი დაემორჩილა. ენდრიმ ბალიში წამოუწია, რომ მიყუდება შესაძლებელი ყოფილიყო. თეის წამოწოლაში დაეხმარა, მერე მაგიდასთან მიბრუნდა, ყავის დასასხმელად. ის იყო, დაასხა, რომ თეი ყვირილით წამოხტა.

ენდრის შეშლილივით ეცა, მხრებში ხელები მოჰკიდა და ნჯღრევა დაუწყო.

-მითხარი, ტუალეტში როდის იყავი ბოლოს?..

ენდრი გაშრა.

-მიხვდი?.. რაც აქ ვართ, ტუალეტი არც გაგვხსენებია!..

გაოგნებულმა ენდრიმ თეი მოიშორა, სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.

-ეს როგორ დაგვემართა?..

ეგ მხედველობიდან როგორ გამოგვრჩა?..

-თეი საწოლზე დამხობილიყო და ქვითინებდა.

-ჩვენ ცოცხლები აღარ ვართ, ენდრი!.. აგარ...…

-მოიცა!.. პრინციპში, რას ვჭამთ?..

-კვერცხს, პურს, ჩაის, ყავას... ორივე შარდმდენია!

_ალბათ, ისეთი საკვებია, რომ მთლიანად ვინელებთ.

ან...

-არ მითხრა, რომ ძილში კუჭებსაც გვისუფთავებენ, თორემ...

ორივეს ძალაუნებურად გაეცინა.

-რა გინდა? პატივც გვცემენ, კეთილი უცხოპლანეტელები არიან! ყავა გამოგვიგზავნეს!..

სიცილი ისტერიულ ხარხარში გადაიზარდა.

-ენდრი! ერთი მუცელი მოისინჯე... გაბერილი ხომ არ გაქვს?

თეი საწოლზე გაგორდა.

ენდრი ზემოდან მოექცა და ყელში ხელები წაუჭირა ნაზად. თეის თავი გვერდზე ჰქონდა გადაწეული და სარკეში უყურებდა თავის თავს. უცებ, სიცილი შეწყვიტა და ენდრის მკლავებიდან დაუსხლტა.

-რა მოხდა, გეწყინა?..

-არა! რაღაც გამახსენდა!

-მაინც?

-ადრე, ერთ თამაშს ვთამაშობდი კომპიუტერში... რაღაც მისტიკური დეტექტივი იყო!

-მერე?

-იქ, იყო ერთი ადგილი, მიტოვებული სახლიდან უნდა დაგეხწია თავი. ჰოდა, საწოლის ქვეშ ვიპოვე თოკი...



ენდრი ფეხზე წამოხტა.

-აქამდე როგორ არ გაგახსენდა?.. მერე? რაში გამოიყენე თოკი?..

თეი გონებას ძაბავდა.

-გაიხსენე თეი, გაიხსენე! შეიძლება გასაღებიც მანდ იყოს!..

-თოკს მაგნიტი მოვაბი და მილში ჩავუშვი...

-მაგნიტი?..



ენდრიმ ოთახში მაგნიტის ძებნა დაიწყო. მაგიდის ქვეშ, სკამების ქვეშ, საწოლის ქვეშ... ყველგან ეძებდა.

-არსად არის...

-ვერც იპოვი!..

თეი სარკეს თვალს არ აშორებდა.

-შენ თქვი, რომ სარკე დამაგნიტებულია?

-როგორ ვერ მოვიფიქრე!

ენდრიმ სარკე ჩამოხსნა.

დანით მოაცილა უკანა საფარი.

-არის?.. რას გაჩუმდი?..

ენდრიმ გამარჯვებული სახით ბრტყელი მაგნიტი ამოაცურა. თეიმ სიხარულისგან შეჰყვირა! თოკის ერთ ბოლოზე გამოაბეს.

-როგორ თქვი?.. მილში ჩაუშვი?

-ჰო.



-აქ არანაირი მილი არ არის!

-არის!

თეი პირსაბანთან მივიდა.

-არ შეგიმჩნევია, რომ ჩვენს პირსაბანს ჩვეულებრივზე უფრო ფართო ხვრელი აქვს?..

-მაოცებ, ძვირფასო!..

ენდრიმ ხვრელში თოკის ჩაშვება დაიწყო.

-და... რა იპოვე იმ მილში?

-გასაღები! ოღონდ, ამისგან განსხვავებით იმ ოთახს კარი ჰქონდა!

-ჯერ გასაღები ვიპოვოთ და კარიც გამოჩნდება!

მაგნიტს რაღაც მიეკრა. ენდრიმ სასწრაფოდ მოქაჩა თოკს.

თოკს პატარა, რკინის კოლოფი ამოჰყვა.

-ესეც ჩვენი გასაღები!

დარწმუნებულებმა იმაში, რომ გასაღები დახვდებოდათ, იმედის გაცრუება მიიღეს. კოლოფში არც მეტი და არც ნაკლები... ცარცი იდო! უბრალო ცარცი.

-ცარცი!

-ცარცი?.. ეს რას უნდა ნიშნავდეს?..

_იმას, რომ გვეთამაშებიან! დარწმუნებული ვარ, მაგრად ერთობიან კიდეც!

-ცარცი რაში უნდა გამოვიყენოთ?..



-ცარცს მხოლოდ ერთი დანიშნულებით იყენებენ! წერენ!..

-იმ თამაშში არ იყო ცარცი?

-არა!

თეი ერთერთ კედელთან მივიდა და ლათინური ასოებით დაწერა თავისი და ენდრის სახელები.

THEY & ENDRIY








, ***

მორიგი სიუპრიზი მეოცე გაღვიძებისას, მაგიდაზე დახვდათ შემწვარი სოსისის სახით! რეაქციის გამოხატვის თავი არცერთს არ ჰქონდა. მუნჯებივით მიუსხდნენ მაგიდას და დაიწყეს ჭამა. თეის ლუკმა გადაყლაპული არ ჰქონდა, რომ უცბად ღეჭვა შეწყვიტა და ანდრის შეხედა.

-ამჯერად რის თქმას აპირებ?..

-ნეტავ რისი ხორცია?..

ხომ შეიძლება, ადამიანისა იყოს?.. ჩვენნაირების?!.. იქნებ ჩვენ ხორცსაც აჭმევენ მერე ვინმეს...…

-როგორ გეხერხება ადამიანს ხასიათი წაუხდინო!.. არამგონია, რომ ეს სოსისი ადამიანისა იყოს, რადგან ჩვეულებრივი, სოსისისათვის დამახასიათებელი ხორცი აქვს!.. ადამიანს კი ტკბილი ხორცი ჰქონია!..

თეიმ ჭამა განაგრძო.

-საიდან იცი?..

გასინჯულიც ხომ არ გაქვს?..

-არა! მსმენია!

-ეგ კი არა, და... ამ ყოფას ხომ არ შევეგუეთ?..

-არა!

-თითქოს აღარ ვიბრძვით...

-მიუხედავად იმისა, რომ შენთან ყოფნა ძალიან მომწონს, მაინც მინდა ჩემს წარსულ ცხოვრებას დავუბრუნდე! ოღონდ, თუ იქ შენც იქნები!

-თუ ეგრე მოხდა და... აღმოჩნდა, რომ დაქორწინებული ვარ და შვილი ან შვილები მყავს? მაშინ?

ენდრი დაფიქრდა.

_არვიცი!..

ძნელი სათქმელია! ალბათ, სიფრთხილეს გამოვიჩენ! ჩემი ცხოვრების მიზანი, ლამაზი ოჯახის შექმნაა!

-ასე მგონია სადღეგრძელოს ამბობ!

-რატომ სადღეგრძელოს?

გაბრაზდა ენდრი.

-აბა, რა გითხრა?.. ოჯახს დაგანგრევინებ მეთქი?..

-არა! უბრალოდ, შენი მიზანი ცოტა არ იყოს ბანალურად გამოიყურება!

-შენი მიზანი რა იყო?! მაგალითად?..

თეიმ მაგიდიდან ხელსახოცი აიღო, სამკუთხედად გაკეცა. დანით დაბლა, ფართო ნაწილი წერტილებად დაჩხვლიტა.

-ნახე! მაგალითისათვის: -აი, აქ...

ძალიან ბევრი ადგილია!

ხელსახოცი წერტილებით დაფარა. მერე,დანის წვერი სულ მაღლა, სამკუთხედის წვერთან მიიტანა და ერთი წერტილი დაამჩნია.

-ხოლო, აქ... მხოლოდ ერთი ადგილი! ჩემი მიზანიც ეს იყო! ეს ერთადერთი ადგილი დამეკავებინა! მწვერვალზე... არ დავრჩენილიყავი დუნედ მოძრავ მასაში... ხვდები, რისი თქმაც მინდა?..

-კი! მერე, შეძელი?..



-არა მგონია, ასეთ ადგილას კიდევ ბევრი იყოს!..

გაეცინა თეის. მერე, დაამატა:

-ჯერ ყველაფერი წინ მაქვს! მხოლოდ სტიმული მჭირდება! ვინმე რომ შემხვდებოდეს ცხოვრებაში... ვინც ამყვებოდა... ან, უბრალოდ გამიგებდა...

_მე?

-არა! შენ ის არ ხარ! არადა, თავიდან მეგონე...

ღამურების სახლი

პირველად რომ დაგინახე, სწორედ ეგ ვიფიქრე...

რომ მოგძებნეს და ჩემთან მოგიყვანეს… მაგრამ, ყველაფერი გაცილებით რთულადაა!

-მე მომწონხარ! თანაც, ძალიან!

-ეგ საკმარისი არარის! მოწონებამ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგიაროს და რა დაგრჩება?.. არაფერი! კარგი, დავანებოთ ამას თავი! შენ ისა თქვი, ცარცს რა ვუყოთ?

-როგორც მივხვდი... აქ ყველაფერი შენ გიკავშირდება! ყველა მოვლენა! ასე, რომ... თავად გადაწყვიტე!

თეიმ მაგიდიდან ცარცი აიღო. ხელის გულზე დაიდო და დააკვირდა.

-შენ ძალიან გინდა დაბრუნება, ხომ? ენდრი?.. მე ვერაფერს გამომაპარებ! ვგრძნობ! თითქოს ჩემი გეშინია!...



-სისულელეა!

-თან მოგწონვარ, მაგრამ... გეშინია!..

ენდრიმ არაფერი უპასუხა.

-სულელი ხარ!

თეი ნაწყენი სახით წამოდგა და იმ კედელთან მივიდა, რომელზეც წინა დღით სახელები დაწერა. კედელზე ზოგი ასო ვიღაცას წაეშალა. დარჩენილი ასოები ასე გამოიყურებოდა:





THE END

თეის უცნაურად გაეღიმა. კედელთან ენდრიც მოსულიყო და განცვიფრებული მიშტერებოდა ნაწერს.



-დასასრული!

წარმოთქვა თეიმ და ენდრისკენ შებრუნდა.

-ეს რას ნიშნავს?.. თეი?..

-დასასრულს! ძვირფასო!.. დასასრული კი... რაღაც ახლის დასაწყისს! Aარ ვიცი, ეს როგორ მოხდა! არვიცი, ვინ ან რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, არვიცი უცხოპლანეტაზე ვართ თუ დედამიწაზე, არ ვიცი ცოცხალი ვარ თუ მკვდარი... არ ვიცი ხვალ რა მოხდება...

ვხვდები იმას, რომ ამ ყველაფრის “რეჟისორი” მე ვარ! ჩემდა უნებურად... ალბათ!.. და... მინდა მადლობა გადაგიხადო!..

-რისთვის?..

ენდრის ლაპარაკი უჭირდა. ღელავდა.



-იმისთვის, რომ უბრალოდ გაგიცანი... რომ აქ, ჩემთან ერთად იყავი... ღამურების სახლში!..

თეიმ კედელზე ცარცით კარი გამოსახა, სახელური მიახატა და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. კარი გაცოცხლდა.

ენდრი გახევებული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა. კარის მეორე მხრიდან, გაურკვეველი ხმაური ისმოდა.

ვიღაცეების ლაპარაკს ჰგავდა. თეი ფეხისწვერებზე აიწია და ენდრის აკოცა. მერე, სწრაფად მოშორდა და კარი გამოაღო. თვალისმომჭრელი სითეთრე შემოიჭრა ოთახში. ენდრიმ სახეზე ხელები აიფარა და დაიყვირა...

-თეი!.. თეიიი!!!

თეი სითეთრეს შეერია.









***

_ღმერთო ჩემო!.. ენი, ძვირფასო!.. თვალი გაახილა!.. დავინახე! Gგაახილა და მერე დახუჭა!..

-დარწმუნებული ხართ?

-რათქმაუნდა!

თეის ნაცნობი შეგრძნება დაეუფლა. თავი ისევ დამძიმებული ჰქონდა. თვალების გახელა უნდოდა, მაგრამ თითქოს წამწამებზე გირები ეკიდა...

ლაპარაკი თანდათან უფრო მკაფიოდ და გარკვევით ესმოდა. ახალგაზრდა კაცის და ქალის ხმები იყო.

-ენი!..

-ასე ნუ აწუხებთ!.. ერთი თვე კომაშია ადამიანი... თუ მართლა გაახილა თვალი, დააცადეთ!..

-რას ქვია “თუ მართლა?”..

იმის თქმა გინდათ, რომ მომეჩვენა?..

თეიმ თვალი გაახილა. თავზე თეთრებში ჩაცმული ქალბატონი და ნაცნობი სახის მამაკაცი ედგა.

-“ეს ანდრი არ არის!..”

გაიფიქრა.

-“ეს ალბათ ექიმია”..

_ენ! საყვარელო!..

მამაკაცი დაიხარა და თბილი ხელით სახეზე მიეფერა.

მისი ცრემლი თეის სახეზე დაეცა.

-“ენი... ენი მქვია!..”

_ენ! თქვი რამე!..

-ჩემს პაციენტს აწუხებთ! მიმიშვით!

_ერთი თვეა აქედან ფეხი არ მომიცვლია! ერთი თვეა ველოდები, რომ ჩემმა ცოლმა თვალი გაახილოს!..

_”ცოლმა?!.. მე მისი ცოლი ვარ?!..”

-თქვენ თვითონ დამაცადეთ!..

-დაცვას გამოვიძახებ!

-სად ვარ?..



თეის (თუ ენის) ისე გაუჭირდა სიტყვის დაძვრა, თითქოს მთელი ცხოვრებაა, არაფერი ეთქვას.

_რეანიმაციაში, ძვირფასო! ერთი თვეა შენს სააქაოში მობრუნებას ვცდილობთ!

აუხსნა ექიმმა.

_ერთი თვე?.. ერთი თვე აქ ვიყავი?.. ამ საწოლზე?.. უცხოპლანეტელებმა არ გამიტაცეს?.. ღამურების სახლში არ მიცხოვრია?..

მატყუებთ!..

_ენი, ვიცი, როგორ გიჭირს ეს...

_არიცი!.. არავინ არიცის!.. შენ, ჩემი ქმარი ხარ?..

_რათქმაუნდა! ვერ მცნობ?..

ნელნელა მეხსიერებაც აღდგა.

ენის მართლაც გაახსენდა ყველაფერი! Qქმარი... რომელიც სხვათა შორის ძალიან უყვარდა! პროფესიაც! _ის ხომ მწერალია!.. შვილებიც... ყველაფერი!..

_”ენდრი?.. ენდრი ვინ იყო?.. “

ასეთს ვერავის იხსენებდა.

ვერც სახელით და ვერც გარეგნობით!

ის დღეც გათენდა, როცა საბოლოოდ გამოკეთდა და ბორბლებიანი სავარძლით აცილებდა მთელი მედპერსონალი. Aარავის ეგონა, ასეთი მძიმე ავარიის შემდეგ თუ გადარჩებოდა ცოცხალი. მედდამ ენის სავარძელი რამოდენიმე წუთით შეაჩერა კორიდორში. თვითონ საბუთების მოსატანად გავიდა. ენის სავარძელი, ერთერთი პალატის შეღებულ კართან მოხვდა. კარიდან საწოლი მოჩანდა, რომელზეც პაციენტი იწვა. გაფითრებულ სახიანი ახალგაზრდა ბიჭი.



_”ენდრი...”

ხმამახლა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. მოეჩვენა, რომ თითქოს ბიჭიც ოდნავ აღელდა მისი დანახვისას. ერთხანს მდუმარედ უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში... სიტყვის დაძვრას ვერცერთი ბედავდა. Eენი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა მისი სავარძელი ადგილიდან დაიძრა და უკან მოიტოვა პალატა და პაციენტიც.

_იმ პალატაში ვინ წევს?.. სადაც გამაჩერეთ?..



გული საშინლად უცემდა.

_“ნეტა, მართლა ენდრიუ ჰქვია?..”

ფიქრობდა ენი.

_იცანით?

ზედმეტად გაკვირვებულმა შეუბრუნა კითხვა.

_უნდა მეცნო?..

_არამგონია!.. ეს მან დაგაჯახათ მანქანა! შემთხვევით, რათქმაუნდა! უკნიდან... წესით არ უნდა დაგენახათ...

ყოველშემთხვევაში, პოლიციამ ასე თქვა.

_დამეჯახა?..

ენის გაოცებისაგან თავზარი დასცემოდა.

_რა ქვია?.. მის შესახებ რა იცით?..

სწრაფად მიაყარა კითხვები გაკვირვებულ მედდას.

_შონ ანდერსონი ჰქვია! საცოლე უვლის...

სხვათა შორის, ერთსადაიმავე დღეს მოხვედით გონს! ეს სასწაულია! ამაზე მთელი საავადმყოფო ლაპარაკობს!..

ენის აღარაფერი უკითხავს!.. საავადმყოფოს კართან ოჯახის წევრები ელოდებოდნენ..