კატუნი ღელავს
მთარგმნელი წურწუმია სერგო
კატუნი ღელავს...გარინდებული ყურს ვუგდებდი ტალღების ძგერას,
როცა ბინდბუნდში კიაფობდა დაისი ცაზე,
მდინარისაკენ მიქცეული ვჯდებოდი ქვაზე,
ჩაფიქრებული და პირქუში ვტყორცნიდი მზერას,
სამაროვნების, ბომონების, კოშკების მიღმა
ვით მიღელავდა ლავასავით კატუნი მძლავრი,
თითქოს ფრინველთა ლურსმულებით იწერდა ვიღაც,
მის სიმღერებში რომ ისმოდა წარსულის ნავლი...
კატუნ, კატუნი – მიუნდობი, ფიცხი მდინარე!
შორით მოჰქონდა იდუმალი დროის მითები,
ვით მოდიოდნენ მეომარი ძველი სკვითები
და ვით ქელავდა მის ნაპირებს ტომი მძვინვარე!
და ჩინგიზ-ხანის გულბოროტი, ავი აჩრდილი,
ვით უბინდავდა დიად მნათობს ქვეყნიერებას,
ვით მაღლდებოდა შავი კვამლი, ცამდე აწვდილი,
რუსთა ქათქათა დაბების რომ წარყვნა ენება...
ასწლეულების მრუმე ხახამ ჩანთქა ყოველი!
მაგრამ ზღაპრული სივრცეების წიაღში მოდის
კატუნი, კვლავაც უნდობი და დაუდგრომელი,
განელებია მრისხანება მას ჯერაც როდი.
მთებს გადაივლის ივნისის მზე ფრთებმოხატული,
ნაღვლის ბურუსი ბურავს სივრცეს გამოდავებით,
დადუმებულან ყვავილები და საფლავები
და ერთადერთი, როგორ ღელავს ისმის კატუნი.
1967.