“შეგიძლია მოედანზე გამოსვლა, ბედავ მოედანზე გამოსვლას”
მთარგმნელი გოგიაშვილმა ლადო
“შეგიძლია მოედანზე გამოსვლა, ბედავ მოედანზე გამოსვლას”ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა ინტერესი დემონსტრაციის მიმართ, იზრდებოდა მისი მნიშვნელობა ჯერ შინ, შემდეგ დასავლეთში. ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის ათი წლის თავზე, 1978 წელს, ჰამბურგის ტელევიზიამ დაამზადა ორსერიიანი ფილმი დემონსტრაციის შესახებ, რომელიც შემდეგ არაერთხელ უჩვენეს. ფილმი რამდენიმე ევროპული ქვეყნის ტელეკომპანიამ იყიდა. წიგნი “შუადღე” გამოვიდა ოთხი უცხოური გამოცემით. წიგნის წარმატება განაპირობა არა “ლიტერატურულმა აღტაცებამ”, არამედ დაძაბულმა ინტერესმა თავისუფლების იმ რამდენიმე წუთისადმი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 1968 წლის აგვისტოს ერთ შუადღეს.
მას შემდეგ, რაც ჩვენ, შვიდნი: კონსტანტინე ბაბიცკი, ლარისა ბოგორაზი, ვადიმ დელონე, ვლადიმერ დრემლიუგა, პავლე ლიტვინოვი, ვიქტორ ფაინბერგი და მე _ გამოვედით 1968 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში, წითელ მოედანზე რამდენიმე პლაკატით პროტესტის ნიშნად საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის გამო და ჩემს გარდა ექვსი ჩვენთაგანი აღმოჩდა დაპატიმრებული, დამოკიდებულება დემონსტრაციის მიმართ _ რისთვისაც მე, თავისუფლებაზე დარჩენილს, შემეძლო თვალყური მედევნებინა _ საკმაოდ სკეპტიკური იყო.
რასაკვირველია, არა ყველას დამოკიდებულება: იყვნენ ენთუზიასტებიც, ისეთებიც, რომლებსაც შურდათ ჩვენი, რომლებიც იმ დღეს მოსკოვში არ იყვნენ, მაგრამ ვინც აუცილებლად წამოვიდოდა ჩვენთან ერთად. იყვნენ უცნობი ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ ჩემთან სახლში, საკუთარი აღტაცების გამოსახატავად ჩვენი საპროტესტო აქტის გამო. მაგრამ სხვაც ბევრი იყო.
იყო ლაპარაკი ისეთი მოქმედების უაზრობის შესახებ, რომლებსაც არ მოაქვს არანაირი ხელშესახები შედეგი, იმის შესახებ, რომ ექვსი დემონსტრანტის ციხეში ჩაჯდომა უაზრო იყო. გაჩნდა ცნობილი ტერმინი “თვითჩაჯდომა”. (ამ ყველაფერს თავის დროზე ყველაზე კარგად აწ გარდაცვლილმა ანატოლი იაკობსონმა გასცა პასუხი, და მისმა ღია წერილმა ჯერ კიდევ დემონსტრანტების გასამართლებამდე ბევრს აუხილა თვალი.) მე მქონდა საუბარი ადამიანთან (ვიქტორ კრასინი), რომელსაც ამ საუბრამდე ახლო მეგობრად ვთვლიდი და რომელმაც მითხრა: “მოსკოვში რომ ვყოფილიყავი _ მე თქვენს დემონსტრაციას გადავდებდი”. “გადავდებდი” ან სულაც “ავკრძალავდი” _ ზუსტად არ მახსოვს. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მოსკოვის “საზოგადოებრივმა აზრმა” შეიცვალა შეხედულება დემონსტრაციაზე, ჩემს თანამოსაუბრეს გავახსენე ის საუბარი.
“დიახ” _ თქვა მან შეძრულმა და არც თუ სინანულის გარაშე, იმის გამო, ხელიდან რომ გაუშვა ასეთი შესაძლებლობა, _ “მეც წამოვიდოდი თქვენთან ერთად”.
რატომ შეიცვალა საზოგადოებრივი აზრის და მასთან ერთად ჩემი თანამოსაუბრის დამოკიდებულება დემონსტრაციის მიმართ? ამ დამოკიდებულებამ შეცვლა დაიწყო ჯერ კიდევ სასამართლომდე, მაგრამ ძირეულად შეიცვალა ხუთი დემონსტრანტის გასამართლების შემდეგ ...…პროცესმა ნათლად აჩვენა რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება.
თვითონ დემონსტრაცია, როგორც პროტესტის აქტი და თითოეული ჩვენგანის მასში მონაწილეობა დაფუძნებული იყო ინდივიდუალურ ზნეობრივ აღმაფრენაზე, პირადი პასუხისმგებლობის გრძნობაზე _ არ შემეშინდება ხმამაღლა ნათქვამის _გამოვედით ისტორიისათვის. ჩვენი ქვეყნის ისტორიის გამო. იმის გამო, რომ მასში არ დარჩენილიყო მხოლოდ საგაზეთო გვერდები ძმური დახმარების მხარდამჭერი სახალხო მიტინგების ამსახველი ფოტოებით. რათა გაჟღერებულიყო _ თუნდაც ეული _ პროტესტის ხმა.
მეგონა, ამ ყველაფრის გაგება პირველივე დღესვე შეიძლებოდა; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ოდნავ მაინც გვიცნობდა. (სამწუხაროდ, 25-ის შემდეგ პირველ დღეებში, განხილვების საყვარელი თემა იყო, რომელმა ჩვენთაგანმა “წაათრია” მოედანზე ყველა დანარჩენი. გაუგებარია მხოლოდ, ასე ცოტა ადამიანი რატომ “წავათრიეთ”: დემონსტრაციის შესახებ წინასწარ იცოდა არა შვიდმა, არამედ, სავარაუდოდ შვიდმა ათეულმა ადამიანმა.)
აღმოჩდა, რომ ბევრ ადამიანს ჩვენი ქმედების არსის სრული გაგებისათვის დასჭირდა მონაცემები იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი; რაც მთავარია _ ხუთი განსასჯელის საბოლოო სიტყვების ტექსტები, რომლებიც ელვისებურად, სულ რამდენიმე დღეში გავრცელდა “სამიზდატის” საშუალებით. მაგრამ, როგორც ჩანს, ან მოუთმენელი ვარ, ან შეუწყნარებელი.
რატომ უნდა გაეგოთ ყველაფერი ერთბაშად, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც თვითონ არ იყვნენ მიდრეკილნი ასეთი რისკისაკენ? და, ბოლოს დაბოლოს, სწორედ ჩვენ მეგობრებს არ მოყავდათ ზღვა არგუმენტები დემონსტრაციის წინააღმდეგ 24 აგვისტოს, ღამით?
უმარტივესი ჭეშმარიტების _ თითოეული ჩვენგანის მიერ ზნეობრივი, თანაც პირადი, ინდივიდუალურად ზნეობრივი ხასიათს ქმედების _ გაგებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ხუთივე განსასჯელმა სასამართლოზე თავი წარმოაჩინა როგორც ნათელმა, განუმეორებელმა და იმავდროულად განსხვავებულმა პიროვნებამ.
მეორე, რამაც მოახდინა უეჭველი ზემოქმედება მოსკოვის, როგორც იმ დროს ამბობდნენ “ლიბერალური ინტელიგენციის” წრეებზე, ეს იყო ჩვენი დემონსტრაციისა და დემონსტრანტებზე სასამართლოს გამოძახილი მსოფლიოში. ამ გამოძახილმა შეარყია მთავარი მოსაზრება დემონსტრაციის წინააღმდეგ _ არგუმენტი მისი “უშედეგობის” შესახებ. გამოდის, არც ისეთი უშედეგო ყოფილა ეს “უაზრო” დემონსტრაცია და არსებობს კიდევ სხვა რეზულტატები, რომელთა აწონაც არ შეიძლება პრაგმატული პოლიტიკის სასწორზე? ვფიქრობ, ასეთი რეზულტატი მართლაც იყო, თუმცა დემონსტრაციაზე მიმავალნი, ჩვენ მასზე საერთოდ არ ვფიქრობდით, არავისთვის არანაირი სამსახურის გაწევას არ ვაპირებდით და არ ვფიქრობდით გამოჩნდებოდა თუ არა ჩვენს საქციელში რაიმე საერთო ტენდენცია,. (მითუმეტეს _ ღირს კი ამაზე ლაპარაკი? _ არ ვთვლიდით, რომ პირველის ხუთ წუთზე ფართოდ გაიხსნებოდა კრემლის კარები და პოლიტბიურო სრული შემადგენლობით, ქვითინით, გვეცემოდა მადლობის სათქმელად: “გმადლობთ, ახალგაზრდებო, თვალები აგვიხილეთ; ჩვენ, სულელებს, არ გვესმოდა, რას ვაკეთებდით ...” _ და იმწუთასვე გაქანდებოდა 35 ათასი კურიერი ბრძანებებით, ჩეხოსლოვაკიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ ...)
დასავლური საზოგადოებრივი აზრისათვის, როგორც მახსოვს, ჩვენი დემონსტრაცია გახდა ყველაზე უფრო უანგარო, ყველაზე უფრო მიზანსწრაფული გამოხატულება ყველაფერი იმ საუკეთესოსი, რაც იმ დროს ჩასახვის პროცესში მყოფი უფლებადამცველი მოძრაობის საფუძველში იყო. დემონსტრაციები მანამდეც იყო _ ძირითადად პოლიტიკური ბრალდებებით დაპატიმრებულთა დასაცავად (1965 წლის დეკემბერი, 1967 წლის იანვარი).
“შეგიძლია მოედანზე გამოსვლა, ბედავ მოედანზე გამოსვლას”მაგრამ უცხო თვალისათვის საქმე ისე გამოიყურებოდა, რომ იცავდნენ “თავისიანებს” _ მეგობრებს, ან, ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ თანამემამულეებს.
დემონსტრაცია საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის წინააღმდეგ, რომლის ძირითადი ლოზუნგი იყო “თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის”, აღქმულ იქნა, როგორც რაღაც განსაკუთრებით უანგარო: საკუთარ თავისუფლებას წირავდნენ “უცხოთა” დასაცავად.
დასაზუსტებლად ვიტყვი, რომ აქ არის ცნობილი გაუგებრობა, უფრო ზუსტად, კი ნახევარი სიმართლე: არც მთლად ასეთი “უანგარო” იყო ჩვენი დემონსტრაცია. და მაინც, ჩვენ საკუთარ თავსაც ვიცავდით, ვიცავდით გარდაუვალისაგან _ დუმილის შემთხვევაში _ დანაშაულში თანამონაწილეობის გრძნობისაგან. მრავლისმთქმელად ჟღერდა წინა საუკუნიდან აღებული ლოზუნგი “თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის”.
ამ ჩვენ თავისუფლებას მივაღწიეთ, გადავიტანეთ ის, განვიცადეთ იმ მცირე დროში, რაც დავყავით წითელ მოედანზე. აქ კი ისევ პროცესი, მასზე ხუთი განსასჯელის გამოსვლა დაეხმარა “სამიზდატის” მკითხველს ეგრძნო ჩვენს მიერ განცდილი თავისუფლების შეგრძნება; ესე იგი _ გაეგო კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: შესაძლებელია თავისუფალი გახდე იმ მომენტშიც კი, როდესაც კარგავ თავისუფლებას და ციხეში მიდიხარ.
დემონსტრაციის დასავლურ (მაშინდელ, ადრეულ) აღქმას რომ დავუბრუნდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ის მიმდინარეობდა 1968 წელს, ზუსტად იმ წელს, როდესაც დასავლეთ ევროპა შეაზანზარა სტუდენტურმა მღელვარებებმა, ხოლო აშშ მოიცვა დემონსტრაციებმა ვიეტნამში ომის წინააღმდეგ და შავკანიანი მოსახლეობის უფლებებისათვის. ზუსტად დემონსტრაციის წინა ღამით ლარისა ბოგორაზთან სტუმრად ყოფნისას, ვათვალიერებდით 1968 წლის პარიზული მაისის ამსახველ ფოტოალბომს: მასობრივი, მრავალათასიანი დემონსტრაციები, ბარიკადები, შეტაკებები პოლიციასა და სტუდენტებს შორის _ ყველაფერი ეს ძლიერ შთაბეჭდილებას ქმნიდა. დასავლეთისათვის კი, რომლისთვისაც ეს ჩვეულებრივი რამ იყო, ან და სულაც ერთი წლის განმავლობაში შეეჩვია ასეთებს, ძლიერი შთაბეჭდილება იყო თვით სისადავე, უხმაურო-მშვიდობიანი სახე ჩვენი დემონსტრაციისა.
სინამდვილეში, მოსკოვის ცენტრში, საბჭოთა იმპერიის გულში, წითელ მოედანზე, შვიდი ადამიანი დაჯდა ტროტუარის კიდეზე და აღმართა პლაკატები. ლოზუნგების ყვირილის გარეშე. ყვირილს და ძალადობს _ მხოლოდ მათი მხრიდან ვხედავთ, ვინც ნაჩქარევად ახდენს დემონსტრაციის ლიკვიდაციას: იფხრიწება ნაჭერი ან ქაღალდი პლაკატების დახევისას, ისმის ხმამაღალი შეურაცხყოფა, დარტყმების ცვენაა, ადამიანებს ძალადობრივად ტენიან მანქანებში; ისინი წინააღმდეგობასაც კი არ უწევენ. ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში, იმ დღეებშიც კი დემონსტრაციები გაცილებით მასობრივი და მშფოთვარე იყო _ დემონსტრაციების თავისუფლება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე აგრესორი ქვეყნის დედაქალაქში.
ჩვენი დემონსტრაცია სრულიად არ გავდა ყველაფერ იმას, რასაც დასავლეთში დემონსტრაციას ჰქვია _ ახლა კი განსაკუთრებით მესმის _ არ შეიძლებოდა არ გამოეწვია, ერთის მხრივ გაკვირვებული აღფრთოვანება; მეორეს მხრივ _ გამარღვეველი, მაშინ ჯერ კიდევ ბუნდოვანი მიხვედრა: მაინც რა სახელმწიფოა ასეთი _ სსრკ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი), რა სისტემაა ასეთი _ კომუნისტური, სადაც შვიდი მშვიდი ადამიანი პლაკატებით ხელში, აღიქმება როგორც მუქარა მთელი “სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობისათვის”, სადაც მშვიდობიანი პროტესტის ყველაზე უფრო მოკრძალებული აქტი დაუყოვნებლივ და ძალადობის გამოყენებით აღიკვეთება.
წიგნი “შუადღე”, როგორც ზემოთ ითქვა, გამოიცა საზღვარგარეთის ოთხ ქვეყანაში: საფრანგეთში, ინგლისში და აშშ-ში და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მექსიკაში. გერმანული გამოცემა არ იყო. მომიყვნენ, 1970 წელს როგორ შესთავაზეს წიგნის ხელნაწერი რამდენიმე გერმანელ გამომცემელს, მაგრამ ყველა ერთხმად პასუხობდა: “ეს შეუძლებელია.
ეს ფალსიფიკაციაა!” სავარაუდოდ, ფლობდნენ რა საკუთარი, ნაცისტური ტოტალიტარიზმის გამოცდილებას, ისინი დაუჯერებლად თვლიდნენ, რომ შვიდმა რიგითმა, არაფრით გამორჩეულმა მოქალაქემ გაბედა შეწინააღმდეგებოდა კომუნისტური ტოტალიტარიზმის მანქანას, თანაც ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ რომ ვყოფილიყავით საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები ან რომ გვეცადა მავზოლეუმის აფეთქება _ ერთიცა და მეორეც, ალბად, აღქმული იქნებოდა უფრო “სარწმუნოდ”. მაგრამ ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც ვიყავით, და გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ, და სწორედ ამ დროს, ამ “ფალსიფიკაციის” ორი მონაწილე სასჯელს “ლაგერებში” იხდიდა, სამი _ გადასახლებაში, ვიქტორ ფაინბერგი _ ლენინგრადის ფსიქიატრიულ ციხეში; ხოლო მე დამატარებდნენ ბუტირკის ციხიდან სერბსკის ინსტიტუტში და უკან _ უკან უკვე ფსიქიატრიულ ციხეში მოსახვედრი დიაგნოზით.
“შუადღე” ჩეხურ ენაზეც არ გამოიცა, რის გამოც ძალზე ვწუხვარ. თუმცა ჩეხოსლოვაკიაში დემონსტრაციის შესახებ მალევე შეიტყვეს. 1968 წლის შემოდგომაზე ჩემს ღია წერილს დემონსტრაციის შესახებ პროკლამაციის მსგავსად აკრავდნენ კარლოსის უნივერსიტეტში, პრაღაში.
იმ ღრიჭოს წყალობით, რომელიც ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ “საერთო-სახალხო მოწონებაში” ჩვენ გავამტვრიეთ, ჩეხები და სლოვაკები მიხვდებდნენ, რომ ის შვიდი ადამიანი, რომელთა შესახებაც მათ შეიტყვეს, მარტო არ იყვნენ და საბჭოთა ჯარების შეჭრა მათ ქვეყანაში, არამც და არამც არ არის რუსი, ან ე.წ.
“საბჭოთა ხალხის” მიერ განხორციელებული.
და ჩვენ მართლაც არ ვიყავით მარტო. დაუღალავად ვიმეორებ, რომ ჩვენი დემონსტრაცია, რომელიც გახდა ყველაზე უფრო, ან სულაც ერთად-ერთი ფართოდ ცნობილი პროტესტის აქტი ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის წინააღმდეგ, _ სინამდვილეში არ იყო ერთად-ერთი. ხმაურმა, რომელიც ახლდა დემონსტრაციას, მოგვიტანა “მამაცი გმირების” დიდება, დიდება, რომელსაც არ ვესწრაფოდით და არანაირი “გმირები” არ ვიყავით. მით უმეტეს უსამართლო იქნებოდა მათი დავიწყება, ვინც საბჭოთა კავშირში, სხვადასხვა ადგილას, უმეტესად მარტომ, გარისკა გამოეთქვა პროტესტი.
თავის დროზე ჩემთვის ცნობილი ყველა ასეთი ფაქტი შევკრიბე ეპილოგში წიგნისა "შუადღე~, მოგვიანებით კიდევ შევიტყვე ახალი ფაქტები: ბიჭმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრა სკოლა, ლენინგრადში, კიროვის პარკის გასწვრივ გააკეთა წარწერა (ის მაშინ ვერ იპოვეს და მეც არ ვასახელებდი; ახლა ვიტყვი _ ის იყო ლევ ლურიე); 1968 წელს გავრცელებული პროკლამაციებისათვის მხოლოდ 1970 წელს მოხვდა ბანაკში ბორის შილკროტი _ მას ორი წელი ეძებდნენ; მორდოვეთში, განსაკუთრებული რეჟიმის ზონაში ვიქტორ ბალაშოვი ჩეხოსლოვაკიის თვითნაკეთი დროშით აძვრა სახურავზე და ორი საათის განმავლობაში ვერ შეძლეს მისი იქიდან ჩამოყვანა.
“შეგიძლია მოედანზე გამოსვლა, ბედავ მოედანზე გამოსვლას”როდესაც დასავლეთში ამ ამბებს ვუყვები, ამ ყველაფერს აღიქვამენ როგორც დამატებით ინფორმაციას, ხოლო დემონსტრაცია კვლავინდებურად რჩება ლეგენდად.
საინტერესოდ არის ნახსენები ჩვენი დემონსტრაცია ბრწყინვალე ჩეხი მწერლის, იოსებ შკვორეცკის რომანში. მთავარი გმირი დანი სმირჟიცკი (მწერალი, ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟი) და მისი მეგობარი მსახიობი ქალი საბჭოთა ჯარების შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, ვენაში შეხვდნენ და დაუმეგობრდნენ საბჭოთა მწერალს, რომელიც კოლოქვიუმზე იყო ჩამოსული.
საბჭოთა მწერალმა შეძლო თავი დაეღწია მიმაგრებული კაგებეშნიკისაგან და მიმდინარეობს გულწრფელი საუბარი: ნათელია, რომ ამ პერსონაჟს არ აქვს არანაირი ილუზიები საბჭოთა წყობასთან დაკავშირებით (ის ცდილობს, გაუფანტოს მსგავსი ილუზიები საუბარში მონაწილე მიამიტ ინგლისელებს), ის თავისი ჩეხი კოლეგების სრული თანამოაზრეა. გავიდა დრო, მოხდა შეჭრა და მეგობარ მსახიობთან შეხვედრისას, დანი ეუბნება მას: ~იცი, ჩვენმა მეგობარმა რა მოიმოქმედა შეჭრის შემდეგ?~ _ და ის, თვალებანთებული, კითხვაზე კითხვითვე პასუხობს _ თითქმის დარწმუნებით:
_ იმათთან ერთად იყო, წითელ მოედანზე?
_ არა, _ პასუხობს დანი, _ მან ხელი მოაწერა ვარშავის ხელშეკრულების ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეყვანის მხარდამჭერ წერილს . . .
~ლეგენდა~ გავხდით აგრეთვე ჩეხური პოლიტემიგრაციის ფართო წრეებისთვისაც. შვიდი დემონსტრანტიდან ხუთმა დატოვა საბჭოთა კავშირი და ყველა ჩვენთაგანს, ვენის გავლისას, იქაური მრავალრიცხოვანი ჩეხები ხელის გულზე გვატარებდნენ. მათ განსაკუთრებით შეიყვარეს აწ გარდაცვლილი ვადიმ დელონე. თითქმის ყოველ წელს, შეჭრის წლისთავზე, ეპატიჟებოდნენ მას, ჩასულიყო, სიტყვით გამოსულიყო და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს შორისაც აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც გააპროტესტეს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია.
ყოველთვის უსასრულოდ შეძრული ვარ, როდესაც ჩემთან შეხვედრისას ჩეხები იხსენებენ ოდესღაც სკოლაში ნასწავლ რუსულ სიტყვებს და ცდილობენ რუსულად ლაპარაკს, რითაც თითქოს ცდილობენ ხაზი გაუსვან: თქვენ, რუსები, თქვენი ენა, თქვენი კულტურა ჩვენ არ გვეზიზღებოდაო.
სამწუხაროდ, დასავლური პრესა ყოველთვის უფრო ღია იყო ისეთი ტიპის გამონათქვამებისათვის, რაც კუნდერამ თქვა ტანკებზე, რომლებმაც 68 წელს . . . ევროპელებს _ ჩეხებს აზიური კულტურა მოუტანეს.
მრავალმა ჩეხმა ემიგრანტმა, რომლთაც არაფერი იცოდნენ დემონსტრაციის შესახებ, ჰამბურგის ტელევიზიაში დამზადებული ფილმით გაიგეს. ამ ფილმის შესახებ ღირს რამდენიმე სიტყვის თქმა. ფილმს აქვს სერიოზული ნაკლი _ ჩვენდამი, მსხვერპლისადმი გადაჭარბებული თანაგრძნობა, ზედმეტი ~ცრემლი~.
ხოლო როდესაც ჩვენ არ ვართ ~მსხვერპლი~, მაშინ ვართ ~ გმირები~, იმ რევოლუციონერების მსგავსნი, საბჭოთა ფილმებიდან მეფის სასამართლოზე, სადაც მამაცი “ნაროდოვოლცები” (მადლობა ღმერთს, ბოლშევიკებსრომ არ დაგვამსგავსეს) ხალხში ისვრიან ცეცხლოვან სიტყვებს. მაგრამ ამის გამოსყიდვა ხდება კომპოზიციური ჩარჩოს მეშვეობით: ეს არის ფილმი ფილმის გადაღების შესახებ _ გადასაღები მოედნის მიღმა მსახიობები ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი პრობლემებით, პირადი ცხოვრების დრამებით, ხანაც თავდავიწყებით კამათობენ იმ ისტორიის არსზე, რომლის გადაღებაშიც მონაწილეობენ, ხანაც ყელში ამოსდით ეს ჩვენი საზრუნავი და მოსაწყენნი ხდებიან. ამით ფილმის შემქმნელები პირდაპირ ხაზს უსვამენ: თუ რამე არაზუსტია _ საერთო ტონში თუ დეტალებში _ ჩვენ ამგვარად ვხედავთო. ასეთი მიდგომით ისინი მაყურებელს უტოვებენ საკუთარი ხედვის, განსხვავებული გააზრებისათვის შესაძლებლობას.
ბრწყინვალე მსახიობი თამაშობს ლარისა ბოგორაზის როლს: გარეგანი მსგავსების არ არსებობის მიუხედავად, მან შეძლო გამსჭვალულიყო ლარისას პიროვნებით, საოცრად გადმოგვცა ფეთქებადი და ნათელი, მტკიცე სიბრძნის ერთობრიობა. სრულიად გასაოცარი იყო მოსამართლე ლუბენცოვას (მოსკოვში მეტსახელად ლუბიანცევას უწოდებდნენ, მან კარიერა დაიწყო დემონსტრანტების პროცესით და შემდეგ თავი “გამოიჩინა” მრავალი პოლიტიკური პროცესისას) როლის შესრულება. როგორ შეძლო მსახიობმა კომუნისტური თემიდის ამ მსახურის ცივი და გულგრილი სადიზმის გაგება? აღმოჩდა, რომ მსახიობი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან იყო გამოქცეული . .
.
ფილმი მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდა ჩვენი დემონსტრაციის “ლეგენდის” განმტკიცებას. როდესაც ვამბობ “ლეგენდა”, მხედველობაში მაქვს არა რაიმეს დამატება ფაქტიურ მოვლენებზე, არამედ რაღაც შარავანდედი, რომელშიც გახვეულია ეს მოვლენა, დემონსტრაცია, რომელზე გასვლაც ჩვენი შვიდეულისათვის იყო ბუნებრივი, უბრალო, არაგმირული ნაბიჯი. ღრმად მწამს, რომ ლეგენდას ეს შარავანდედი ხელს არ უშლის _ პირიქით, ეხმარება _ არა მხოლოდ ჩვენი მოტივების, არამედ მათი მოტივების გაგებაში, ვინც საბჭოთა კავშირში შეძლო წინ აღსდგომოდა ტოტალიტარულ მანქანას, მიუხედავად “ლაგერებში” მრავალწლიანი პატიმრობის პერსპექტივისა.
გაზეთი “Русская мысль” № 3479, 25.08. 1983.
შემოკლებული თარგმანი.