Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
ინტერვიუ
მოთხრობა
პიესა
რეპორტაჟი
რომანი
იაგუარების ტექნო


იაგუარების ტექნო

რედაქტორი: გაგა ლომიძე
დაკაბადონება: ზინა






პირველი გამოცემა.

2008

 Nestan-nene Kvinikadze, 2008 2008  ნესტან-ნენე კვინიკაძე, 2008
~Nestan Kvinikadze Publishing 2008  `ნესტან კვინიკაძის გამომცემლობა~, 2008







ISBN






«Child of the whispering skies
Born in a corporate dungeon
Where people are cheated of life
I knew I could never stay home
Risky love, risky love, risky love, sweet love
Risky love, risky love, give me love, sweet love, risky love, risky love»
by Iggy Pop
Ripop/sakamoto/laswell




ეძღვნება მამაჩემს, რა თქმა უნდა



















მოგვიანებით ყველა გაიგებს, ვინც არის გოგონა და რა იდეალმაც აღიტაცა, შორ გზას რომ მიაშურა; პოლიტიზებული როკ სტარივით რატომ აღეგზნო... გოგონას მოუნდა ჰყოლოდა ცხენი. ერთი. არაბული, რადგან ახსოვდა, რომ არაბული ცხენის გულის ფეთქვაზე საოცარი არა არის რა. მოუნდა, ამ ცხენზე შეეწყო ყველაფერი, რაც ჰქონდა და გაქცეულიყო. სად და რვაფეხებით ცნობილ კენტის საგრაფოს მშვიდ
ზღვისპირა ქალაქ უიტსთაბლიში, რომელიც ტექნოს დაეპყრო.
ეს უვნებელი თამაშია. გულის მდუმარებაში რომ მზადდება.

რასაც თან ახლავს იმედგაცრუების ნაცნობი პროცესი.
იყო?
კი, ბატონო!
კარგია, თუ ის ანგელოზი იყო.
მაგრამ ახლა ხომ ანგელოზიც ვერაფერს გახდება?! ძალას ვერ შეეჭიდება.

იმ ზაფხულს გვალვა იყო; დუღდა ქალაქი და სიგრილე მხოლოდ სადარბაზოების კარზე დამონტაჟებული მიკროფონებიდან იპარებოდა. იმ ზაფხულს მამაჩემმა პრეფერანსი მასწავლა; იმ ზაფხულს, 30 ივლისს, თვრამეტი საათის ინტერვალით, ერთიმეორეს მიყოლებით გარდაიცვალნენ ინგმარ ბერგმანი და მიქელანჯელო ანტონიონი. ახლა რა იქნება? ვის იმედზე რჩება კინო? იმ დანიელი ბიჭის, კამერის ცახცახი სტიაქიად რომ ექცა? – წერდნენ ჟურნალები.
იაგუარის ნერწყვები ცვივა ციდან!
იმ ზაფხულს გამომეფიტა ორგანიზმი და გემოგლობინი დაბალი მქონდა. მაინც წავედი ზღვაზე.

შუადღეა. გასაღები არ აღმომაჩნდა. სოფო სილამაზის სალონში წავიდა ისე, რომ გასაღები არ დამიტოვა.

რა ვქნა? დაახლოებით ერთი საათი გასაღები არ მექნება. გავუყევი ბულვარს, ღამენათევი, ნამთვრალევი. მივდივარ. საშინელ ხასიათზე ვარ. ვხედავ, ახალი სკამები დაუდგამთ ბულვარში. სკამები ისეა განლაგებული, ამფითეატრს მოგაგონებს. ხალხი ზის: ბავშვები და დედები, წყვილები, მოხუცები.

სკამების განლაგებიდან გამომდინარე, ყველა ერთი მიმართულებით იყურება. ჩავიარე. გავიფიქრე, რომ ეს ხალხი თითქოს რაღაცას ელოდება. ზოგადად თუ ჩემგან? მგონი ჩემგან! შევჩერდი, ერთი ხელი ზევით ავწიე, მეორე მუცელთან შევაჩერე და რევერანსით ვთქვი: მოგესალმებათ მოცეკვავე ოფოფი!
სიჩუმე გამძაფრდა. არა, უფრო სწორად, სიჩუმემ მთელი სანაპირო ზოლი მოიცვა. გააღწია ფანჯრებიდან და მახლობელი სტამბოლიდან დაჭერილი არაბული რადიოტალღები გაარღვია. იქ, სადღაც, გავიგონე ქარვის კრიალოსნის ტრიალის ხმა და თამბაქოც ჩაიწვა ვიღაცის ცარიელ კოლოფში.

მიყურებდა ყველა. შემრცხვა. მივხვდი, რაც გავაკეთე და ამიტომ სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.
ზღვას ვუყურებ, თან ჟურნალს ვადევნებ თვალს: `ტექნო ადამიანთა გულებისკენ მოიწევს~, _ წერენ სათაურში.
ჰეი, მანდ, საბჭოთა კავშირის afterparty -ზე!
დღეს ბაბუაჩემის დის გარდაცვალების დღეა. ხვალ მეორე დის და ერთ კვირაში მესამის. ასე მიყვნენ ერთმანეთს.
სამი ბებია, ბაბუა, დედა, მამა, ბიძა და ბიცოლა მზრდიდნენ.
ბაბუას ძვირფას კალმებს ვპარავდი და მამაჩემს ვყიდდი _ ვატყუებდი, კლასელმა მაჩუქა-თქო. კაპიკებად დაყიდული კალმების ბიზნესს ბოლო მაშინ მოეღო, როცა თურმე ბრიუსელიდან საპატიო საჩუქრად ჩამოტანილი ოქროსთავიანი კალამი მოვპარე ბაბუს, მივყიდე მამას და ოჯახურ გარემოში, ინტელექტუალური დებატების ჟამს, მამამ კალმიანი ხელი ამაყად რომ გაშალა, ბაბუას თვალები გაუფართოვდა და ორივემ ერთდროულად მე შემომხედა.
ვაჭარო!!! _ ისმოდა მთელი საღამოს მანძილზე.
მოღალატევ!!!
მაგრამ მომიტევეს. ბოლოს და ბოლოს, რამდენ ხანს დამსჯიდნენ? ამდენი ხალხი ხომ მხოლოდ ჩემი კეთილდღეობისთვის მუშაობდა.

ჩემთვის წვალობდნენ და მხოლოდ ჩემზე ფიქრობდნენ.
ერთხელ ბებიამ სკოლაში რომ მომაკითხა, ჩანთაში სკოლის წინ _ ფრანგულ საცხობში ნაყიდი ნამცხვარი მედო. ჭამა ვერ მოვასწარი და სახლში მისულმა, როცა ბებია საპირფარეშოში შევიდა, სრულიად დაუდევრად, ეს ნამცხვარი მაღალ მაცივარზე შემოვდე, სკამი დავიდგი და ისე.
საღამოს ყველა მისაღებ ოთახში შევიკრიბეთ. ერთს ჩანთა ეყიდა ჩამთვის, მეორეს კაბა, ასაწყობი სახლები და ბუბლიკები... იყო დღის განხილვა.
სამზარეულოდან ერთ-ერთი ბებიის ხმა მოისმა, რომელიც თავის უფროს დას ეკითხებოდა, ეს ნამცხვარი შენ მოიტანეო. როგორც კი ეს გავიგე, სათქმელი გადავყლაპე, მივხვდი, რომ ახლა ხმას თუ არ ამოვიღებდი, ჩვენს დიდ ოჯახში რაღაც ძალიან საინტერესო თამაში დაიწყებოდა. ასეც მოხდა.
_ არა. ალბათ მამამ მოუტანა გოგონას.
_ მე არ მიყიდია.
_ არც მე.
და ნელ-ნელა ყველა ფეხზე წამოდგა.

ფეხზე წამოდგომამ დაძაბა სიტუაცია. კი მაგრამ, ბავშვები ხომ არ ხართ, ვინ დადო ეს ნამცხვარი მაცივარზე?
იდგა სიჩუმე და ტრიალებდა მზერა. უდანაშაულო სახით სიმღერა წამოვიწყე. ნელ-ნელა ყველაფერი მიწყნარდა.
_ ასე თუ გამოვშტერდი, _ ჩაილაპარაკა იმ ბებიამ, რომელმაც ნამცხვარი აღმოაჩინა. მერე აიღო და ნაგვის ყუთში ჩააგდო.
მაგრამ თამაშის გაგრძელება მომინდა. ყოველდღე ვყიდულობდი ნამცხვარს და იმავე ადგილას ვდებდი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ოჯახის წევრებს მართლა რაღაც ცუდს უგრძნობდათ გული. ჯერ კარის საკეტი შეცვალა ბაბუმ. მერე ბებიებმა მეზობლები დაიბარეს, ჩვენი შვილიშვილის მოწამვლა ხომ არ უნდათო. მეც, თამაშის გასამძაფრებლად, ვტიროდი ხოლმე – მეშინია, რა ხდება, ვის რას ვუშავებ მეთქი.
მაგრამ ფარსი რომ არ დასრულდა, ჩვენს ოჯახშიც შემოაბიჯა ქალაქში გავრცელებულმა _ უცხოპლანეტელების და ბარაბაშკების ვერსიამ. და როცა რიგ-რიგობით სამსახურის გაცდენა დაიწყეს, უკვე შემეშინდა.
ერთ საღამოს ყველაზე ტოლერანტულ ბებიას მოვკიდე ხელი. ოთახში შევიყვენე. ჯერ ყველა დავაფიცე, რაღაც რომ გითხრა, ხომ არ მცემ და მომკლავთქო.

ქალი გადარეული მიყურებდა, არასოდეს დაგვიკარებია ხელი და...
_ ბებო, ყოველ შუადღეს მაცივარზე მე ვდებ ნამცხვარს. თუ გადაწყვეტთ, რომ სახლიდან გამაგდოთ, მზად ვარ!
რვა წლის ბავშვისთვის, რომლის კეთილდღეობისთვის ოჯახის ყველა წევრი თანაბარი დატვირთვით იღებს მონაწილეობას, ალბათ მართლაც ძნელი საპატიებელია პროფესორ-მასწავლებლების ასე აგდება. ბაბუას მთელი ქვეყანა ეკითხებოდა ჭკუას, სახლში კი შვილიშვილს უკანასკნელი იდიოტივით ჰყავდა გამასხარავებული.
დაუნდობელი! მატყუარა!
ერთი თვე ყველაფერი მომაკლდა.
მერე ისევ „შემიყვარეს“.
მერე მეზობელი გოგო ვცემე, თმის სამაგრების ქურდობა დავაბრალე.

იაგუარების ტექნო

ისე ვცემე, რომ სამი თვის მანძილზე, კაბა და ჩანთა კი არა, ტკბილეული არ უყიდიათ ჩემთვის.
მერე თინეიჯერობის ასაკი მოვიდა, სულით ტრანსვესტიტებს გადავეყარე.
მერე მარტო ცხოვრება მოვითხოვე. და დღემდე...
ხო, დღემდე არ ვიცი, რამდენი თევზია შავ ზღვაში, მაგრამ ვიცი, რომ სქელტანიანი წიგნების კითხვა დიდხანს მარტოობაში ყოფნას ნიშნავს. ადრე ასპროცენტიანი შეგრძნებები მქონდა, ხშირად და მალ-მალე. მერე, ერთ ზაფხულს, უფრო სწორად, გაზაფხული რომ მთავრდებოდა, სკოლასთან ჩავიარე, სადაც ამერიკის დროშისფერი ოპტიმიზმით სავსე ბავშვები წყლით სავსე კოკა-კოლის ბოთლებით წუწაობდნენ.

ვიფიქრე, ახლა თუ გამწუწეს და ჩემი მარკ სპენსერისებური მობილიზებულობა ფეხქვეშ გათელეს... ბავშვებს ზედაც არ შემოუხედავთ. და იმ ზაფხულს თუ გაზაფხულის მიწურულს პირველად მივხვდი, რომ დიდი ვარ. დიდი და უინტერესო. რომ ჩემი რუტინულობა ახლა ბანკში მუშაობაზე უფრო მოსაწყენი და გლანდების ოპერაციაზე უფრო მტკივნეულია. თუმცა, არ ვიყავი მარტო. მიყვარდა და იმასაც ვუყვარდი.

სამი წელი ვიყავით ერთად... ვკითხე, მოსაწყენი ვარ მეთქი. არა, საიდან მოიტანეო...
ერთმანეთი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე გავიცანით. 80-იანების მოდაზე ჩაცმული, სახეს ტყავის ქურთუკის საყელოში ვმალავ, საგამოფენო დარბაზის კარს ვეყრდნობი. ცივა. შორიდან ბიჭი მოდის, გვიახლოვდება და ჩემ მეგობარ სოფოს ეუბნება: მგონი, ერთმანეთს 90-იანებში ვიცნობდითო. გამეღიმა...

დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ამაფორიაქა ამ ოთხმა სიტყვამ?!
მერე მე მომიბრუნდა და მომაშტერდა.
_ სად ცხოვრობ?
_ ნილოსის უბესთან, _ ვუპასუხე და მეორე დღიდან ერთად ვიყავით.
რატომ მომწონდა ასე ძალიან?
მოულოდნელობებით სავსე გრაფიკოსი იყო. არასოდეს ვიცოდი, როდის მოუკიდებდა სიგარეტს. მანერები ისეთივე დახვეწილი ჰქონდა, როგორც ნამუშევრები. პიტნის საწუწნი კანფეტები უყვარდა. ერთგვარ თერაპიულ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე. გვყავდა ნაცნობები, მოგვწონდა მოდა და მომავალზე ვფიქრობდით. ჰოდა, ის მომავალიც დადგა: ევროპის სახელგანთქმულ ქალაქებში სახლების პირველი სართულები ერთმანეთს დაემსგავსა; უხეში ტექნო დახვეწილი ელექტრონიკიდან სექსუალურ დისკომდე გავრცელდა.

იმ ქალაქისგან ყველაფერი მივიღეთ, რაც შეიძლებოდა.

ახალს აღარაფერს ველოდით. ამიტომ, სწორედ იმ ზაფხულს თუ გაზაფხულის მიწურულს, ბარგი ჩავალაგეთ და წავედით. არც მახსოვს, როგორ დაიწყო. მაგრამ ახალ დაწყებულზევე... თურმე ყველაფერი წინ იყო.
არაფერს ვგეგმავდი იმ დღეს. ჩვენი ნაქირავები ოროთახიანი ბინის მეორე ოთახში ვისხედით. კომპიუტერთან.

ასე, თავი მედო მის მხარზე. სამშენებლო კომპანიისთვის სარეკლამო რგოლს ამონტაჟებდა. დაკვეთა სამშობლოდან მოდიოდა. ფრთხილად წამოიწეოდა, თავს ამაწევინებდა სიგარეტს ჩააქრობდა და ისევ მიმიხუტებდა. მახსოვს, ფეხს ვათამაშებდი... ცოტა ნერვიულად, ეგეც მახსოვს. ალბათ, ამიტომ ამოვიდა ქვედა სართულიდან მეზობელი, ჩვენი თანამემამულე მამაკაცი და დიდხანს დარჩა, საუბარი გაგვიბა...

თან ფეხზე დამაკვირდა, რას შვრება ასეთსო.
იმ დღეს პირველად გავიგე: სოკო კოსმიური მცენარეა, რადგან წესით, დედამიწაზე არანაირად არ უნდა ხარობდეს... ააა... კიდევ გავიგე, რომ მედიცინა არის მეცნიერება სხეულის ეროტიული აფეთქების შესახებ, ავსებასა და დაცლასთან მის მიმართებაში... გავიგე, სიკვდილი თურმე სიბერეს კი არა, დავიწყებას მოჰყვება... რომ კაქტუსზე ლეღვიც ხარობს, ასე, ათასში ორ-სამჯერ; რატომ შეიძლება პატარა ჟირაფმა დიდ ჯიპში დედა დაინახოს, ჩაეხუტოს და არ მოშორდეს... რომ ჩვენში რომელიღაცა მკვლელია!

_ მკვლელიიი?!!!
რისი გამომხატველი შეიძლება იყოს ეს სიტყვა? დამნაშავე ხარ თუ თავს იცავდი? მოძალადე, დამპალი, უვარგისი, დაუნდობელი... კიდევ რა ასოციაციები ახლავს? გარეწარი, ციხეში უნდა ეგდოს ეგ! არავის არ უნდა უყვარდეს.
რა ამბავი უნდა მოყვეს ახლა ამან? ნუთუ მოყვება, რომ შაბათია, თავთავების ფშვნეტის დღე?...
ოთხი ძმა უკვე საინტერესოა.

ან საშიში. გააჩნია, როგორ შეხედავ. მაგრამ რაღაც ინსტალაციის ეფექტი ნამდვილად დაჰყვება.
უზრუნველყოფილმა, თითქმის ფუფუნებაში გატარებულმა ბავშვობა-თინეიჯერობამ ძმებს თავისებური ცრურწმენა ჩაუნერგა. ცრურწმენა იყო, როცა ძვირფასი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, მეზობელ ოთხ დას სიმაღლის მიხედვით დააყენებდნენ და სიმღერას აიძულებდნენ. იმდენ ხანს, სანამ ნარკოტიკი ნეონად არ იქცეოდა და აცეტონივით არ ამოშრებოდა სხეულიდან.
უმცროსი და ტიროდა ხოლმე... უფროსები არ იმჩნევდნენ და სიბრაზით სავსენი, მაინც აგრძელებდნენ. მათ საჩუქრები ელოდათ.

ძვირფასი.
მერე უფროსი ძმა დაიყვირებდა – ვირაბ ჰადრა სანა, _ გოგონები ასანას სიზუსტით შეასრულებდნენ. სანახაობა ამით სრულდებოდა. ასე იყო ადრეც. მდიდარი მეზობლების სამოსახლოში დების მშობლებიც მოხეტიალე მსახიობებივით იწელებოდნენ ხოლმე ღობეზე და საპატიო სტუმრების გასართობად ურთულეს ტრიუკებს ასრულებდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ტრიუკს შეეწირა ოთხი დის დედა. გაწყდა თოკი და ოქროსფერკაბიანი გამხდარი ქალის სხეული თეთრ კაფელზე უღონოდ დაეცა.

მაგრამ იმ დღეს ყველაფერი სხავნაირად დაიწყო. იმ დღეს ოთხი ძმის უზარმაზარ სამზარეულოში ახალი ყავის აპარატი მოიტანეს.

რა თქმა უნდა, მეზობელი დები მოიწვიეს, რომ აპარატის ინსტრუქცია აეთვისებინათ და ნარკოტიკების მორიგი ნაკადის წამოსვლას ესპრესოს არომატი შეზავებოდა. ერთი და მეორეს ენაცვლებოდა, იყო საქმიანი სვლა სამზარეულოდან ზოლიან შეზლონგებამდე, სადაც ტანზე მზედაკრული ძმები ნახევრადშეღებული გუგებიდან ჰედონიზმის ზენიტში ლივლივებდნენ.
ბიჭები რაღაცით ერთმანეთს გავდნენ. ნაკვთებით და ხელებით. მაგრამ უმცროსს ყველაზე გამოკვეთილი კონტურები ჰქონდა. მოძრაობისას ისე მოქნილად ირხეოდა ხოლმე მისი თხელი სხეული მარჯვნიდან მარცხნივ, გეგონებოდა, გადატყდებოდა. თეძოს კონტურები აშკარად გამოკრთებოდა ხოლმე შიშველ ტანზე მორგებული ჯინსის შარვლიდან.
იმ დღეს, უმცროსი ძმა მოხერხებულად აიჭრა აუზის კოშკურის საფეხურებზე.

ზევით. სულ ბოლოში და იფრინა. ძლივს ამოტივტივდა. დებმა ამოიყვანეს. კისერს ვერ ატრიალებდა.
სევდამ დაისადგურა გლობალურ ფუფუნებაში. და საღამოსვე, დაზარალებულთან ორი შამანი აფრინეს. აკუპუნქტურის თერაპია უნდა ჩაეტარებიანათ მისთვის.
ოთხი დის რვა გაფართოებული თვალი ვერანდის შუშიდან აკვირდებოდა უმცროსი ძმის სხეულზე დასობილ 48 ნემსს.

შამანები ღრმა ნაფაზებს ურტყამდნენ, თავზე ადგნენ და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ.

იაგუარების ტექნო

მერე ეს თხელი სხეული ნაქსოვი თავშალივით მოიგდეს და გადატეხვამდე ატრიალეს ჰაერში. ეს მეტისმეტი იყო. უმცროსი და ატირდა და სახლისკენ გაიქცა.
უმცროს ძმას სახეზე მისთვის აქამდე უჩვეულო გრძნობის კვალი დაეტყო. თავი ვერანდისკენ შეაბრუნა, სადაც ახლა მხოლოდ სამი და იდგა.
უმცროსი უმცროსს ეძებდა.

_ მამა, არ გვინდა მათზე გათხოვება. უსიყვარულოდ, _ აცრემლებული თვალებით შველას ითხოვდნენ გოგონები.
_ თან ცუდი ბიჭები არიან. საჩუქრებს იმიტომ გვჩუქნიან, რომ ძალით გვამღერონ...
მამა დუმდა და სახე ეღუშებოდა.

მარტოობაში გამოზრდილი ოთხი შვილის გულისტკივილი დამძიმებულ სხეულს კიდევ უფრო დიდ სევდას გვრიდა. რა უცნაურია ცხოვრება, _ ფიქრობდა მამა გულში _ ყველაზე მდიდარი ოჯახი ოთხივე შვილის ხელს ერთდროულად მთხოვს.
_ ან თავს მოვიკლავ ან მოვკლავ... მეზიზღება! – შეჰკივლა უფროსმა დამ.
ეს უმცროსი ძმის ოინები იყო, რომელსაც მართლა შეყვარებოდა უმცროსი და. მისი ძმებისთვის კი უკვე არამხოლოდ ცოლის შერთვა გამხდარიყო სულერთი, არამედ მთელი არსებობის კონტექსტიც.
დაჩაგრული მეზობლებისთვის, რომელთაც ყველაზე გავლენიანი ოჯახის სამოსახლოსგან მხოლოდ ერთი ღობე ყოფდა, მეზობელი ბიჭები არასოდეს ყოფილან სასურველი. უბრალოდ, გაჭირვებაში ცხოვრებას ხშირად სწორედ ისინი ანიჭებდნენ საზრისს. მაგრამ მათ საჩუქრების გარეშე ერჩივნათ ცხოვრება. დილიდან ღამემდე იძულებით ნამღერისგან გულისრევის გრძნობა ხშირად წამოაგდებდა ლოგინიდან ხან ერთს, ხან მეორეს.

ისინი კი რაღაც უცნაურ ვნებებს იკმაყოფილებდნენ, უდარდელ ბავშვობა-თინეიჯერობას რომ მოჰყვა თან.

მამას ოთხი გალესილი დანა ედო მაგიდაზე, რომელსაც დები შემოსხდომოდნენ. გოგონები ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. სხეულიდან გამოყოფილი სპეციფიური და სიგარეტის სუნი ერთმანეთში აიჭრა. გაუცნობიერებლის შიში, მაგრამ გაცნობიერებული სიძულვილი ჩანდა მათ თვალებში. უმცროსი კანკალებდა, რადგან ფიზიკურადაც პატარას, ძლივს ეჭირა ხელში მძიმე დანა.
მამას მოპირდაპირე სახლისთვის სხვენიდან უნდა ედევნებინა თვალი. პირველ ღამესვე გასრულდებოდა ეს ბურჟუაზიულ-მისტიური ზღაპარი, რომელიც მსხვერპლს ითხოვდა. თითო ძმის საძინებელში შუქის ჩაქრობიდან მეხუთე წუთს, დები სათითაოდ დაუსვამდნენ დანას ყელში მოძალადე ძმებს.

მამა გაოფლილი იჯდა სხვენში და მისი სახე თამბაქოს კვამლში იბინდებოდა.

ეწეოდა. რა იცი რა ხდება... რომელიმემ რომელიმეს დანა რომ უპოვნოს და პირიქით მოხდეს?...
ვინც პირველი მოათავებდა საქმეს, იმ წამსვე სახლში უნდა დაბრუნებულიყო საიდუმლო გზით, წინა ღამით მამამ რომ გაიყვანა. მერე შეკრებილები ერთად გაიქცეოდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, სად? მთავარია მონობას აარიდოს შვილები...
და აი, ჩაქრა ერთი ნათურა. მამამ თვალები დახუჭა. ათ წუთში სხვენის კარი შეიღო და მამას ქმრის სისხლით შეღებილი მეორე ქალიშვილი შერჩა.

აბღავლებული, პირიდან დორბლი რომ ცვიოდა და თვალებში ჭკუიდან გადასულის მზერა ჰქონდა. მამამ თავი მოპირდაპირე ფანჯრებისკენ მიატრიალა, სადაც კიდევ ერთი ოთახი ჩაბნელდა და შვიდ წუთში არაადამიანური ხრიალი შემოესმა, ახლა მეორედ. ეს მესამე და იყო. დანა გამოჰყოლოდა. ადგილზევე მოწყდა და დაეცა.
_ მეგონა, ასეთი რაღაცეები არ ხდებოდა... _ არაამქვეყნიური ხმა აღმოხდა უფროს დას, რომელიც მათში ყველაზე მშვიდი დაბრუნდა, სისხლის ნასახიც არ ქონდა და მხრებში არაბუნებრივად გამართულიყო.
ერთ მწკრივად ჩაწყობილები მეოთხე ფანჯარას მიშტერებოდნენ, სადაც შუქი არ ქრებოდა.

მამა ჩაიკეცა. თითქოს ათმა წელმა გაიარა. დავიღუპე, _ თქვა და მუშტი ჩაიდო პირში.
– ვირაბ ჰადრა სანა... წავედით... _ თქვა უფროსმა და დებს მხრებზე შემოკრა, _ მამა, ადექი!
_ მკვდარი ბავშვი როგორ დავტოვო... შვილო, _ შეშლილივით წამოიძახა.
_ მამა, ბავშვმა თვითონ დაგვტოვა!
_ რას ამბობ...
_ ოთახში არ არიან...

გაიქცნენ...

იმ ღამეს კლუბში ვერავინ მალავდა, რომ ოჯახები უსიყვარულოდ შექმნეს და ამიტომაც ტეკილათი გაჯერებულ მარილიან ტუჩებს თამამად უწვდიდნენ ერთმანეთს. ესეც ასე.
_ ვააა, როგორ ხარ? – მოულოდნელად მეფეთება მთვრალი ნაცნობი და ვესალმები.
_ რავი, აი ჩემი საყვარელი – ფოტოს მაჩვენებს... ამ ასაკის ტომ კრუზი მიყვარს მხოლოდ, სხვა არა, აი ამ ასაკის.

ბარის შორიახლოს, ხელზე დაყრდნობილი, მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყო მტკივნეული აქამდე არც დაშორება და არც დაგვიანებული ზარი. რატომ მეტირებოდა სექსის მერე და ვწყდებოდი იმ თეთრეულს შლეგიანივით. ახლა ვხვდები, რატომ შეიძლება იყოს ადამიანი უთავმოყვარო, როგორ შეიძლება ერთ ობიექტზე საათობით გაუშტერდეს თვალი, როგორ მოგვაროს სიყვარულმა მუცელში რაღაც აუხსნელად სასიამოვნო სისხლის ცირკულაცია. როგორ გამოყოფს ტვინი ბედნიერების სითხეს. და როგორ ავიწყდება დამახსოვრებული ნარკოტიკის გემო, რადგან ახლა უკეთესი ახსოვს.

შეიძლება, რომ სისხლისგან დაიცალოს მთელი ოჯახი, მაგრამ მაინც შეყვარებული იყო? მთელი ქვეყანა რომ ინგრეოდეს, ესეც სულერთია... ბროწეულის და წითელი წიწაკის ბუჩქი მახსენდება... ან ეს რა შუაშია? პოულობდე შენს თავს სრულიად სხვა ქალაქში, სადაც ახლა უკვე ასეთი ადაპტირებული ხარ. გყავს ნაცნობები და წარსულს მალავ. მალავ, რადგან სიყვარულს არ შეექმნას საფრთხე.
ის არასოდეს ღიღინებს. რაც დრო გავიდა, უფრო გალამაზდა. აჰყვა მოდის ახალ ტენდენციებს და მიჭირს ხოლმე უცებ შევხსნა შარვალი ან კაბა.

ჩვენ დავიწყება ვისწავლეთ. და აქაურებში ავირიეთ. დილას არ ვიმჩნევთ, რომ ღამე ძალიან ცუდად გვძინავს. და შუადღისას ერთმანეთის კალთებში ვთვლემთ. ძალიან მალე ვიშოვეთ სამსახური. უცნაურია... იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვქონდა.

ძალიან მალე მივიღეთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელიც არცერთ ჩვენს ნათესავს არ უნახავს. ისე შევიცვალეთ, ზოგჯერ ერთმანეთს ვერ ვცნობთ. ამ გარყვნილ რეალობაში ჰეტეროსექსუალებად დავრჩით, მაგრამ მაინც ვერ გავაღწიეთ მოგონებების ორგიიდან. ხშირად სახლში ხან საფულე გვრჩებოდა, ხან საათი. იცი რატომ? ჩვენ დავიწყებას მივაჩვიეთ მთელი სხეული.
ზოგჯერ მესიზმრება, რომ ყველაფერი მაქვს, ბევრი ნივთი და დიდი საცხოვრებელი, მაგრამ პატარა ბავშვები შემორბიან, ნელ-ნელა იზრდებიან და ყველაფერს მართმევენ.
მაგრამ დილით ირკვევა _ სამსახურში დამაწინაურეს. ბევრი ფული მაქვს. ყველაფერი მაქვს.

ნარკოტიკები _ გამიელვებს თავში, მაგრამ არა! ახალ მდგომარეობას ვეძებ, სხვას, და ამიტომ არ მინდა. სად წავიდა ჩემი სურვილები? არაფერი არ მინდა? სად დადის გვიანობამდე? ხო არ მღალატობს? არ ჩანს და მაინც ძალიან აქტუალურია.

იაგუარების ტექნო

ეს რას ნიშნავს? მგონი, ახლა ხმამაღლა ვლაპარაკობ. კიდევ რომ დამაწინაურონ, რა ვქნა?
ბოლოს ძალიან ლამაზი იყო. ეგ კაბა სულ ორი ცალი შეკერა იმ დიზაინერმა, ერთი ამას ვუყიდე... ყველაფრის სურვილი შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს. იმ დღესაც ასე მოხდა.

რატომღაც ძალიან მომინდა იმ ახალ კაბაში, იმ ძველი დანით, მისთვის ყელი გამომეჭრა, რომელსაც, წესით, მე უნდა მოვეკალი. რა? ფიქრობთ, რომ დამინდო? დებს შორის პატარა და საყვარელია? დანა ხელიდან რომ არ გამომეგლიჯა... ყველაფერს ავარიდე!... იმიტომ, რომ მეც შემიძლია სიყვარული. მაგრამ მაინც თავისი დები ენატრებოდა, მკვლელი დები, ჩვენ რომ მივიყვანეთ ამ ზომამდე... ახლა მას მივყავარ... არ ჯერა, უხერხულად მიღიმის, მაგრამ მე მაინც ვკლავ.

არაფერს ვნანობ. ტერორისტი რომ გაგიტაცებს და მაინც მის იმედზე რჩები... ვენდე, როგორც დედით ობოლი პატარა ჟირაფი _ ბრაკონიერების დიდ, შავ ჯიპს, _ დედას რომ აგონებს...

...ისე გამეხარდა, თქვენნაირი წყვილი რომ გადმოვიდა... თითქმის აღარავის ვემეგობრები...
მეზობელი სიგარეტს აქრობს, მოშტერებია ჩვენს ახალგაზრდობას. რენდერი რახანია მორჩა. მაგრამ რაღაც არ სრულდება ამ ამბავში.

თავი ვის მხარზეც მედო, სიტუაციას მუხტავს და დასრულებულ რეკლამას საჩვენებლად უშვებს. ბიჭი, რომელმაც სამშენებლო კომპანიის რეკლამა უკვე დაამონტაჟა. თავს ფრთხილად მაწევინებს. ნელ-ნელა გადის ჩვენს საძინებელში, ხსნის ჩემოდანს. ალაგებს. ბევრს არა, მხოლოდ ძვირფასს. ნელა, თითქმის შეუმჩნევლად, თავს ყოფს გასასვლელში, რომ მეზობელს ნიშანი მიცეს: ნიშანი სიყვარულის და ერთად ყოფნის სურვილის...

ნიშანი ფიქტიური და ფაქტიური ქორწინების.
ისინი გარბიან... ერთი სართულით ქვევით იმალებიან და ვერავინ პოულობს. ვერავინ ამჩნევს.
ჩანს მხოლოდ ანგელოზის ჰალუცინაცია – ჩემი სხეული.

ახლა, როცა ჯერ კიდევ მეწვის გული, მინდა ხოლმე, რომ ტოლერანტული ბებია ოთახში შევიყვანო და ვუთხრა: ბებო, არ მეჩხუბო, მაგრამ მიღალატეს, ბებო. კაცმა _ კაცთან, ბებო! რა ვქნა? მინდა ისევ ისე ჩამიკრას გულში ჩემმა დიდმა ოჯახმა და მატყუარა და დაუნდობელი მეძახოს. ან თინეიჯერობის დრო იყოს, სულით ტრანსვესტიტ მეგობრებთან ერთად, ხუთ საათში რომ ჩავედით ზღვაზე. დრამის საძებნელად. ხელოვნურად რომ ვქმნიდით ისტორიებს და ისტორიებიც რომ გვეძლეოდა.

ნამგზავრებმა ჩვენი სავარაუდო სანაპიროს სახლებს თვალი შევავლეთ. იქნება კი ადგილები გაგანია სეზონზე? მაგრამ ფიქრი არ განვავრცეთ... გასული წლის მისამართზე მივედით და დიასახლისს, ცოტა არ იყოს, თავხედურად ვთხოვდით, მის გადატენილ კოტეჯში გამოეყო ადგილი.
_ თუ წავიდნენ, კი. მაგრამ... _ გაკვირვება ეტყობოდა სახეზე, რომელიც საგულდაგულოდ, მკვებავით ქონდა დამუშავებული და როგორც ნამდვილი ზღვისპირა კოტეჯის დიასახლისს, მზისგან დაფარული და არა გარუჯული სხეული უჩუმრად უთრთოდა. გამოსავალი რომ არ დავუტოვეთ, სანაპირო ზოლზე სხვა კოტეჯების სანახავად გამოგვყვა. თან, გზად შემხვედრ დიასახლისებს თხოვდა გაეკითხათ, ვინმეს ხომ არ ჰქონდა ადგილი, რომ ორი დღით სამი ადამიანი დაებინავებინა.


ფიცრულ კოტეჯში, სადაც ყვითელი ყვავილები ყვაოდა, მსუქანი მამასახლისი დაგვხვდა. ოთახების დასათვალიერებლად მარტო შეგვიშვა, და კარგიც ქნა! დაუცველობის შეგრძნება იმწამსვე დაგვეუფლა: ხის დარაბები არ უნდა ნიშნავდეს კარგს! არც ამდენი ოთახია საჭირო, სადაც ჩამწკრივებული ლოგინები და მკვდრისფერი თეთრეული უცოდველად აფენია და ჩვენს ცოდვილ სხეულებს ელოდება. არა, არ გამოვა ასე, დაბალი სახლი, სადაც მხოლოდ ყვითელი ყვავილებია მიმზიდველი, ვერ მოგვხიბლავს. არც ინტრიგის პერსპექტივა, არც ეგზოტიკა... რაღაც შუალედური არ გვჭირდება. ამას მსუქანი მამასახლისიც გვატყობს და ალბათ ამიტომაც, ჩვენს მაგივრად ამბობს: ჩანს, არ მოგწონთ. ჩვენ დუმილით ვუდასტურებთ.

არც სამსართულიანი, თეთრი ბათქაშით ჩაციებულ სამოსახლოშია ჩვენი ადგილი და არც მანსარდებში, საიდანაც გოგონების დიდი თვალები და მზით გახუნებული თმა მოსჩანს. შარშანდელ დიასახლისს სახეზე დაძაბულობას ვატყობ, რადგან თავხედურ მოთხოვნას ვაგრძელებთ.
და აი ისიც, ქალბატონი ნინა. ასე, 45 წლის. სახლს არა ზღვის, არამედ გზის მხრიდან ვადგებით. სამი საფეხურის ავლის შემდეგ, გვეგებება, ქერათმიანი, კოხტა ტანის ქალბატონი შარვალსა და მკერდმოღებულ მაისურში. თვალთან სილურჯე, პირის გარშემო კი ჰერპესი აქვს. როგორც კი სტუმრების ოთახში შესაძღოლად მიახლოვდება, საშინელი ალკოჰოლის სუნს ვგრძნობ.

ვფიქრობ, რომ ქალი დილის 12 საათზე არ უნდა სვამდეს, თუ, რა თქმა უნდა, რამე არ უჭირს. ჩინებული, კეთილმოწყობილი ორადგილიანი საძინებელი დიდი მისაღებით და დიდი ვერანდით, სადაც ზღვის ხედი უცერემონიოდ იჭრება.
_ ქვედა სართულზეც მაქვს ოთახი, თან ბევრად იაფი დაგიჯდებათ, გვეუბნება მთვრალი ქალი, რომელსაც მექანიკურად ქვევით მივყვებით, სადაც გვეგებება ძაღლი _ გერმანული ნაგაზი. ძაღლი არ იკბინება, სამაგიეროდ თათებით ახტება მეგობარს და ნაკვალევს უტოვებს, რომ სულ გვახსოვდეს... რა და ქალბატონი ნინა და ის ოთახი, როგორიც აქამდე არცერთ ფილმში არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ კინომცოდნე ვარ.
_ ზღვაშია ეს ოთახი? – ვიკითხე, როცა თითქმის ზღვის დონეზე აღმოვჩნდი.
რკინის ფანჯრები და კარი შეიღო. დიდ, დაბალჭერიან ოთახში ოთხი რკინის ლოგინი იდგა მატრასის გარეშე.
კაფელებჩამომტვრეულ ბარის მაგიდაზე გასული წლის “ნესკაფე გოლდი” და გამაგრებული შაქრის ფხვნილი იყო მიმოფანტული. აბაზანა ყავისფერი კაფელით იყო მოპირკეთებული.
ფანჯრები დაბლა იყო და პირდაპირ ზღვა ჩანდა. თითქოს გემზე ხარ.
ერთმენეთს შემპარავი მზერით ვუყურებდით და რა აღარ გაგვახსენდა.
_ კი, კარგია, _ ამოღერღა ერთმა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ჩვენ, ანუ ბიჭები, 2 დღეში რომ წავალთ, გოგონას მარტო ხომ...
_ გეშინია? – გააწყვეტინა ქალმა და სახით ჩემკენ მობრუნდა.
მარტოობის პირველი ღამე ზღვის სარადაფში.

გვიან ღამით ქალბატონ ნინასთან დაქალი მოდის, გრძელთმიანი, ცისფრად შეღებილი თვალებით. შუაღამემდე სვამენ.
მე ვთვლემ, ფანჯარასთან ხმაური მესმის, თავს ვწევ და ვხედავ, რომ ქალბატონი ნინა უბრალოდ დგას და მიყურებს, მთვრალი, ათასფრთიანი ჩიტივით აფოფრილი, უსიამოვნო სუნით და სასოწარკვეთილი იდეებით გაჟღენთილი. მერე ბალიშის ქვემოდან ვაცურებ მობილურს, რომ წინა ზაფხულის დიასახლისს მაინც დავურეკო განგაშის ნიშნად, მაგრამ მობილური არ იჭერს. მხოლოდ ზღვის ხმა ისმის და ნინას კვნესა. ისმის ჩემი გაუცხოებული გულისძგერა, დილით კი ყველაფერი წყნარდება, თითქოს არც უწვიმია.

იაგუარების ტექნო

სველი ვარ, გაოფლილი და მეორე დღეს რატომღაც არ მივდივარ ამ სახლიდან.
_ მე დაგიწვები გვერდით, თუ გეშინია, _ ამბობს ნინა, _ ფიქრებიდან გამოვდივარ და იქვე ვხვდები, რომ აქ დარჩენის შემთხვევაში, უარესი მელის, ვიდრე ამას ჩემი ტრანსავანგარდული ფანტაზია წარმოიდგენს; ვიდრე ამას ჩემი ორი მეგობრის ფიქრის პლატფორმა გაწვდება. და ნესტის და ნინას პირიდან ამოსული ალკოჰოლის სურნელი გვაჩქარებს, თავი დავაღწიოთ სახლს, რომლის გარეთ შარშანდელი დიასახლისი ატუზულა და შეკითხვაზე _ არც ეს არ მოგეწონათ? _ სახეში ვახლით რომ კი, უბრალოდ, ახლა არ ვართ მზად.


მაგრამ ახლა სხვა დროა. ვგრძნობ, რომ რაღაც იცვლება ჩემში. ინტუიცია გამაოგნებლად მიმძაფრდება. ვხვდები, ვინ დარეკავს, ან ვინ შემხვდება ქუჩაში. იმასაც ვხვდები, რომ დეიდაშვილებთან ერთად, საბერძნეთში წავალ დასასვენებლად და ემიგრანტი ნათესავების მოსანახულებლად, რომლებიც დეიდაშვილებისგან განსხვავებით, არასოდეს მენახა.

ცუდად ვიფრინეთ. ძლიერი ქარი იყო. ოთხი საათის მანძილზე, სამი საათი ფეხზე ვიდექი.

თავს ვერ ვიკავებდი. დროდადრო მფრინავი აცხადებდა, ღვედები შეიკარითო და უკვე აღარ გამჩენია შეკითხვები, ყველაფერი ნათელი იყო _ ან ჩამოაგდებდა ჩვენს ბოინგს ცივი ჰაერის მასა და კიდევ ერთი ბრენდის ხომალდი განიცდიდა კატასტროფას; ან არადა _ გადავრჩებოდი. არ ვიცი, რომელი უფრო მეგონა, მაგრამ ხელთ არსებული აბები ვერ მაწყნარებდნენ. ნახევრად შევსებულ თვითმფრინავში თორმეტჯერ შევედი ტუალეტში. საერთოდ არ მინდოდა, უბრალოდ, იქედან კარგად მოჩანდა ბორტგამცილებლების ოთახი და მათთვის თვალებში ჩახედვა მომინდა, რომ სიმართლე გამეგო – იღუპება ხომალდი თუ მე ვეღარ ვუმკლავდები პანიკას. ვიდექი ფეხზე და ვხედავდი, როგორ იმატებდა ბორტგამცილებელი ნელსაცხებელს სახეზე და პომადას ტუჩზე. რას ნიშნავდა ეს? არაფერი გვემუქრება თუ სახელოვან ავიაკომპანიას შესაბამისი თანამშრომლები ყავს – სიკვდილის ბოლო წუთამდე არ იმჩნევენ მოსალოდნელ ტრაგედიას.
და დაჯდა ხომალდი.

სპაზმი ყელში მაწვება და ვეღარაფერს ვგრძნობ.
მიწაზე ფეხი დავდგი და მომეშვა. ახლა ავტომობილში უნდა გადავჯდე.

გალაქსიდიში თეთრი გემი შედიოდა. ჩვენ სწრაფად ვუხვევდით დაკლაკნილ გზაზე. დელფოსური სიამაყე გამოგვყოლოდა და არც ისე გვიანდელი პერიოდის განცდები ტრიალებდა მუცელში, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა: უფრო კამიუ მაგონდებოდა, ვიდრე პლატონი, რადგან ბერძნული პარადოქსებით სავსეს, რაღაც კამიუსებური მჭირდებოდა – კონკრეტიკა და მისტიკა, კურდღლისცოცხები გზებზე და ალჟირის კინოთეატრის საწუწნი კანფეტების მოგონება. ერთი რამ ვიცოდი. მანქანაში ოთხნი ვართ და ემიგრანტი ნათესავების სასტუმროსკენ მივეშურებით, სადაც საპატიო მიღებას გვიმზადებენ.
იქვე, ცეცხლზე, ათ მეტრში, ეგეოსის ზღვიდან ამოყვანილი რვაფეხები იწვოდა. უკვე ბნელოდა, მაგრამ კერძო სასტუმროს ფანჯრებიდან სუსტი განათება გამოკრთოდა.


მიყვარს უცხო გარემოში გასვლა, წამიერი გაუცხოება, შინაგანი კომფორტის პოვნა და ცოტა შესევდიანება. ასე ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერს ვუშვებ ხოლმე.
ეს ანგელოზი საიდან ჩამოგვიყვანეთ? – ამბობდნენ ჩემს დანახვაზე, აჟიტირებული ემიგრანტი ნათესავები. ხო არ ვეტყოდი, არა ვარ ანგელოზი-მეთქი; რომ მშურს მათი, ინდიგოებში გამოწყობილი ახალგაზრდების, ვინც ჩემს შემდეგ შავი ზღვის სერფინგს ნახავენ;
რომ ახლა სიამოვნებით დავყნოსავდი პოპერს, ძველებურ სტიმულატორს, მხოლოდ ჩემს სამშობლოში რომ ყნოსავენ თინეიჯერები. დავყნოსავდი და სიამოვნებით დავარღვევდი ალკოჰოლით დაზაფრულ მათ სიმშვიდეს. უდარდელობას. ნავსადგურში ასჯერ შემოსული გემებიდან, დღემდე რომ არ იციან თუნდაც ერთის სახელი. დისკოს რომ ცეკვავენ ქალები, მათსავით მთვრალი, თვალზე შავფანქარჩამონაღვენთი, გადაგზნებული ქალები.

მათ ქალობას მხოლოდ რძედაცლილი ძუძუები რომ ცხადყოფენ და მოსწონთ, მათ უფლებებს წვრილ-წვრილი ბიზნესის ხელმძღვანელები რომ არღვევენ, მერე ტირიან და ისევ იგივე.
ასეთი გემი შემოვიდა იმ დღეს გალაქსიდიში.
პორტში, ქუდების მაღაზიაში შლაპას ვარჩევდი.
ზურგს უკან საუბარი მესმის. არ ვიყურები. მხარზე ხელს მახებს ახალგაზრდა ქალი, ბოდიშის მოხდით მთხოვს, შეიძლება თუ არა ფოტო გადამიღოს. სავიზიტო ბარათს მაჩვენებს. ბარათის დიზაინის მიხედვით ცხადი ხდება, რომ უცნობი წარმატებული ფოტოგრაფია. იტალიური `ვოგისთვის~ მადონას თემა უნდა გავაკეთო და შენი გადაღება მინდაო. იქვე, პორტის ტერიტორიაზე ვჩერდებით.

ვემორჩილები მის დავალებებს. მოშვერილ ობიექტივში დაუზარებლად ვპოზირებ სინჯებისთვის. დამშვიდობების ჟამს, მაინც წამძლია და ვკითხე, ამ გემით მოგზაურობს თუ არა.
_ კი ბატონო, _ საფრანგეთში მივდივართ, მერე ნიუ იორკში. დარწმუნებული ვარ, დაგამტკიცებთ და მერე ნიუ იორკში მოგიწევს ჩამოსვლაო.
გემზე მინდა!

გემზე ავდივარ. ჰორიზონტს ვაშტერდები: მშვიდობით, ანა და ია, ჩემო საყვარელო დეიდაშვი-ლე-ბო!!! მომენატრებით ძალიან... გახსოვთ ჩვენი თამაშები – “ცოლ-ქმრობანა” და `სიკეთე~? მშვიდობით, არ გეწყინოოოთ. ემიგრანტებს უთხარით, რომ მეც ემიგრანტი ვხდებიიი; რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა მოდელად ამიყვანაააა.

ვდგავარ გემზე და ტანით პორტისკენ გადმოხრილი, ცრემლიანი თვალებით გავკივი:
ვიცი, ხვალ დილითვე მოვიწყენ უთქვენოდ. ჯერ კიდევ ძილბურანში, ხელით მოვძებნი ქათქათა ნოუთბუქს, სამჯერ ავკრეფ პაროლს, ქართულ კოლხეთს ლათინურ თაიმს ნიუ რომანზე გადავიყვან და ჩემი ცხოვრების პირველ ლექსს დავწერ. იმასაც ინგლისურ ენაზე.
პროზისთვის არც მოთმინება მეყოფა და არც გრამატიკა. მირჩევნია უცხო ენაზე ლექსად თქმა. ამოთქმა. ცუდი ინგლისური ჯობია ცუდ ქართულს. მშვიდობით, დეიდაშვილებო!
ბიძაჩემი რუსმა სამხედრომ მოკლა თბილისის ომის შემდგომ ქაოტურ პერიოდში.

ლოგინად ჩავარდნილი ცალთვალა ბაბუა ვაჟის სიკვდილიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ლოგინში.
დედაჩემის წლისთავამდე ორი თვით ადრე, ჯანმრთელი და ენერგიით სავსე ბებიაჩემი გარდაიცვალა. გარდაიცვალა 31 მაისს, რძლის და რაინერ ვერნერ ფასბინდერის დაბადების დღეს. დიაგნოზი იყო დარდი. დედაჩემის გარდაცვალებიდან ცხრა წელიწადში კი მამაჩემი გარდაიცვალა. არ ვიცი როგორ, მე მხოლოდ გარდაცვლილი ვნახე. ამბობენ, სიკვდილამდე ჩაეძინა.

რომ გაიღვიძა, თქვა, თითქოს სიზმარში მნახა. ჩემი ფატაზია ჯერ ვერ ჩაწვდა და ვერასოდეს ჩაწვდება, როგორ დავესიზმრე მამას, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი.
ახლა უკვე ვერასოდეს გაიგებენ ჩემს გულისტკივილს.
როგორ დგებოდა ეზოში ყავისა და ბისკვიტის საოცარი სურნელი და როგორ გამოჰქონდა ბიცოლაჩემს ეზოში, მწვანე გადასაფარებლით მორთულ მაგიდაზე, ნამცხვარი ზებრა.

იაგუარების ტექნო


და ჩემს მეხსიერებაში ამ მოგონების დეტალური სრულყოფილების მიუხედავად, საოცარი უკმარისობის გრძნობა მეუფლება. მგონია, რომ პროზის საწერად ყოველთვის მომიწევს ამის გადაკვეთა. არადა, არ შემიძლია. მირჩევნია ლექსები მივუძღვნა მათ ჩემს მოგონებებში, ჩემს სხეულში და ჩემს დროზე ადრე ესთეტურ მარაზმში გადაზრდილ ცნობიერებაში. მინდა ვწერო ლექსები ინგლისურ ენაზე, რომ მათ მეზობლებს წარმოდგენა არ ქონდეთ ჩემს ტკივილზე; რომ უფრო თამამი ვიყო, არ მერიდებოდეს.
ცრემლი შევიშრე.

გემის რესტორანში დავჯექი და წარმატებული ფოტოგრაფის ანგარიშის ხარჯზე, თევზი მოვითხოვე. ორაგულს დანას ვუსვამ.
მომხიბვლელი გარეგნობის გრძელთმიანი ბიჭი მოპირდაპირე მხარეს ჯდება, მეც იგივე მომიტანეთო ამბობს.
_ დედაჩემის ფოტოაპარატის ყუთის სუნი გაქვს – მეუბნება შუაგულ რომანტიკაში.
_ რამე დაგიშავე? – ვეკითხები აბსოლუტური სერიოზულობით.
გვერდითა მაგიდაზე ბავშვს წყალი გადასცდა. სიცილი ამიტყდა, კინაღამ მოვკვდი. ბოლოს შევნიშნე, რომ ბავშვის მამა თვალებში მიყურებდა. ასე, ალბათ, პირველად შემრცხვა ცხოვრებაში. ვნახოთ, შეიძლება ხვალ მოვუბოდიშო.
ეს რესტორანი შპალერით და ფარდებით ალმოდოვარის კინოს მხატვრობას გავს. როგორც მოგვიანებით გავარკვევთ, ეს სულაც არ არის ასე.

გვერდით მაგიდასთან, ორ მამაკაცთან ერთად მჯდარი ქალი ისე გავს ალმოდოვარის გმირს, რომ აქაურ ესთეტიკასაც იხდენს. შავი ფანქარი თვალქვეშ უსვია. ვარცხნილობა 60-იანების, თუმცაღა არარაფინირებული დალაქის ხელი მაინც ატყვია თმის ბოლოებზე.
ჩემს ახალ ამერიკელ მეგობარს, რომლის დედის ფოტოაპარატის ყუთის სუნიც ამდის, ამ ქალის გაცნობა სურს. მაგრამ მე უფრო ახალგაზრდას ვთავაზობ. ბულგარელი ლუიზა.
ისინი უკვე პინგპონგს თამაშობენ. რა-რა და ეროტიკული სცენა ჩემს თვალწინ გათამაშდა, როცა ბურთი ნახევრადსავსე აუზში ჩავარდა. ბიჭს გოგომ დაასწრო, ფეხზე გაიხადა და ბურთის ამოსატანად აუზში ჩავიდა.
პინგპონგი იმიტომ არ მიყვარს, რომ ესთეტურად რეპს მაგონებს.

რეპი
მძაგს.
ფოტოგრაფი ვივიენი არსად ჩანს.
ღამე დისკოთეკაზე ავედით, ღია ცის ქვეშ. გაწვიმდა. მე, ლუიზა და ახალი მეგობარი ბიჭი ფეხშიშველები ვეწეოდით რიტმს. ატმისფერკაბიანი გოგონა საოცარი სიზუსტით ყვებოდა ელექტრონულ ხმებს. ახლა ასე ცეკვავენ: ფეხის წვერებზე იწევიან და რიტმული მონაცვლეობით, ოდნავი ჩაკუზვით ცვლიან ერთ ფეხს მეორეთი. ხელიც _ ფეხის ადეკვატურად. უცნაურია, რაღაც რეტროსებურიც რომ დაკრავს ამ მოძრაობებს, ან ეს გოგონა იყო რეტროს სტილის.

თითქოს ოციან წლებში რომ ეცხოვრა, იტყოდნენ, რა თანამედროვე გარეგნობა აქვსო.

ჩორჩა! ჩორჩა! – ყვიროდა დილით ხუთი წლის ბავშვი, რომელსაც თეთრი სანდლებიდან პატარა დაძაბული და მოკუნტული ფეხის თითები მოუჩანდა და ყვითელი, კოპლებიანი სარაფნით, ტანით წინ გადახრილიყო, აჟიტირებისგან კუნტრუშებდა და ხელს სანაპიროსკენ იშვერდა. ყველას მზერა სწორედ იქეთ გადავიდა – ყვითელი და შავი ბუმბულით დაფარული, ძლიერი და მელოდიური ხმით გაჰკიოდა ჩორჩა. ერთი სიტყვით, ვივიენს პორტში ჩორჩა, ანუ წეროს მონათესავე ფრინველი და ლამბორჯინი დახვდა. წარმატებულ ფოტოგრაფს, ლუიზასთან და იმ ახალ მეგობართან ერთად, დედამისის ფოტოაპარატის ყუთის სუნი რომ ამდიოდა, ხელს ვუქნევდით.

ჯერ საბერძნეთში ვბრუნდები. შემდეგ სამშობლოში.
ვივიენი ამერიკაში მიფრინავს.
**************
ვისაც თოქ შოუში არ გიმუშავიათ, ჩათვალეთ, რომ საზოგადოებისთვის
თვალებში ჩახედვის ყველაზე მარტივი გზა დაკარგეთ.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა შეიძლება მოხდეს ერთ ჩვეულებრივ ევრორემონტიან ოთახში, სადაც ექვსი კომპიუტერი, ორი ტელეფონი და რვა თანამშრომელი ისტორიებზე ნადირობს.
სადაც ეს რვა ადამიანი ერთ კვირაში ხვდება: მკითხავებს, პარაფსიქოლოგებს, ფენშუისტებს, ასტროლოგებს, კაბალისტებს, სექსოლოგებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს, შიდსის ცენტრის ხელმძღვანელებს, დიეტოლოგებს, მეან გინეკოლოგებს, მწერლებს, მომღერლებს, მსახიობებს, კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, რეალითი შოუს გმირებს; სადაც გმირები საკუთარი ცხოვრებისეული გზის შესახებ ყვებიან: ვიღაც სამშობიაროში მიატოვეს, ვიღაც მსუქანია, მაგრამ ლამაზი ქმარი ჰყავს, ვიღაც აივ-ინფიცირებულია, მაგრამ სხვებს ამხნევებს, ვიღაცის გამო ახალგაზრდა გოგონამ თავი მოიკლა და სტუმარი ყველას წინაშე თავს იმართლებს, ვიღაცას დედამ ცხელი ლობიო გადაასხა თავზე, ვიღაცას მშობიარობა ბარსელონის სანაპიროზე დაეწყო... სატელეფონო სექსის ოპერატორები და მღვდლები... არიან ისეთებიც, რომლებიც კიბერსექსით ცხოვრობენ.
აქ უცხო ენების კარგად ცოდნამ და ჟურნალისტურმა გამოცდილებამ მომიყვანა.

ჩემი საქმეა თემის კვლევის მოძიება სხვადასხვა ფორუმზე და საიტებზე, შემდეგ თარგმნა და პროდიუსერისთვის მიწოდება.
პროდიუსერი ჩემი ხნის გოგოა, ცოტა ექსცენტრული, პერიოდულად ფეთქდება, პერიოდულად გქერავს. ხან ყველაფერი ფეხებზე კიდია, ხან დილის რვა საათზე გვაიძულებს მუშაობის დაწყებას. მას სულ სხვა მიზნები აქვს. შემთხვევით მოხვდა ამ სამსახურში და ლონდონში წასვლამდე თავს ირთობს. როგორც უნდა, ისე იცვამს. შავი თვალები და მოკლე თმა აქვს. ხან 80-იანელი გეგონება, ხან როკერი...

ერთი სიტყვით, რაღაცას აპროტესტებს, მაგრამ ვერ ვხვდები, რას. არც მაინტერესებს. მასთან კარგი კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს და დროდადრო რესტორანში ერთად ვსადილობთ ხოლმე.
კიდევ არის გიგა. თოქ შოუს ჰაკერი. ის მარტივად არ მოვლენია სამყაროს. დიდხანს არ უჩნდებოდა დედამისს შვილი. ერთ დღეს ურჩიეს, ხარის გამხმარი გული უნდა შეჭამო და ნაყოფი ჩაისახებაო.

ასეც მოიქცა. ამიტომ ამბობს ხოლმე გიგა, მამაჩემი ხარიაო. ბავშვობაში ძალიან ხშირად დაყავდათ ფსიქოლოგთან, მაგრამ დღემდე არ ეუბნებიან მიზეზს. ამბობს, რომ ხშირად იღებდენენ ვიდეო კამერით თანატოლებთან თამაშისას, მერე უფროსები უყურებდნენ ამ ჩანაწერს. თითქოს რა არის უცნაური, არა? ყველა მშობელს აინტერესებს და სიხარულით შეცქერის თავის შვილს ეკრანზე, მაგრამ სიხარული იქ არ ყოფილა. კადრების შემყურეს, არავის ეღიმებოდა. ნეტავი რატომ? გიგამ ეს დღემდე არ იცის და იქნებ ასეც ჯობს.
სანდრომ, ვიდეო ინჟინერმა, იცის, რა იყო ფსიქოლოგთან მისი სტუმრობის მიზეზი.

ნერვიული ვიყავი და სულ ვკიოდიო. მერე ნუციმ, მეორე პროდიუსერმა, წამოყო თავი, მეცო და გავგიჟდით _ ექვსი კაციდან სამი ბავშვობაში ფსიქიატრთან დადიოდა.

გადაცემის წამყვანი გეია. აშკარად გამოხატავს თავის თავს. არათუ აწმყოს, არც წარსულს მალავს _ როგორ უყვარდა ქალი, მოიყვანა ცოლად, მერე გაუჩნდა ბავშვი და ერთ დღესაც სულ სხვა შეუყვარდა.

იაგუარების ტექნო

კაცი.
ეს აწგანსვენებული საზოგადო მოღვაწის საძინებელში მოხდა, როცა ცხონებული პროფესორი ვაშინგტონში დაკარგული ტერიტორიების საკითხის განხილვას ესწრებოდა. ჩვენი თოქ შოუს წამყვანი და მისი ვაჟიშვილის მეგობარი ბიჭი კი მის საძინებელში ერთმანეთს პირველად უმჟღავნებდნენ ალერსს.
ვუსმენდით ხოლმე მის აღსარებებს. მერე შემოვარდებოდა ექსცენტრული პროდიუსერი, დაგვშლიდა და ჩვენ ჩვენს კომპიუტერებთან თემაზე მუშაობას ვაგრძელებდით.

2004 წელს, საქართველოში ელექტრონული გადარიცხვების სისტემების მეშვეობით, 249,1 მლნ დოლარი გადმოირიცხა, საქართველოდან კი 45,8 მლნ დოლარი გადაირიცხა.

რუსეთიდან საქართველოში 93,6 მლნ დოლარი გადმოირიცხა, პირიქით – 23,8 მლნ დოლარი;
აშშ-დან საქართველოში – 24,9 მლნ დოლარი, პირიქით – 0,9 მლნ დოლარი;
საბერძნეთიდან – 7,8 მლნ დოლარი, პირიქით – 0,6 მლნ დოლარი;
გერმანიიდან – 4,9 მლნ დოლარი, პირიქით – 2,0 მლნ დოლარი;
თურქეთიდან – 4,7 მლნ დოლარი, პირიქით – 1,8 მლნ დოლარი;
დიდი ბრიტანეთიდან – 3,4 მლნ დოლარი, პირიქით – 0,4 მლნ დოლარი;
საფრანგეთიდან – 3,1 მლნ, პირიქით – 0,7;
უკრაინიდან – 2,9 მლნ, პირიქით – 2,2;
ესპანეთიდან – 2,9 მლნ, პირიქით – 0,3;
ისრაელიდან – 2,2 მლნ, პირიქით – 0,2 მლნ დოლარი;
ბელგიიდან – 1,4 მლნ დოლარი, პირიქით – 0,9 მლნ დოლარი,
ყაზახეთიდან – 1,3 მლნ დოლარი, პირიქით – 0,2 მლნ დოლარი,
კანადიდან – 1,0 მლნ დოლარი, პირიქით – ნული,
ნიდერლანდებიდან – 0,8 მლნ დოლარი, პირიქით – 0,3 მლნ დოლარი,
არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან – 0,8 მლნ დოლარი, პირიქით – 0,7 მლნ დოლარი,
თურქმენეთიდან – 0,5 მლნ დოლარი, პირიქით – 0,2 მლნ დოლარი,
პოლონეთიდან – 0,3 მლნ დოლარი, პირიქით – 0,2 მლნ დოლარი,
აზერბაიჯანიდან – 0,1 მლნ დოლარი, პირიქით – 0,8 მლნ დოლარი,
დანარჩენი ქვეყნებიდან – 92,4 მლნ დოლარი, პირიქით – 9,9 მლნ დოლარი.

ქართველი ემიგრანტები

ივნისის თვეში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, შეკითხვით _ “შანსი რომ მოეცათ, დატოვებდით თუ არა საქართველოს და უკეთესი მომავლის იმედით, წახვიდოდით თუ არა საზღვარგარეთ სამუშაოდ” _ ასეთი შედეგები აჩვენა: 500 გამოკითხულიდან 270 მზადაა საზღვარგარეთ დროებით წავიდეს, 199 არ აპირებს წასვლას ხოლო 31-მა ქვეყნის სამუდამოდ დატოვების სურვილი გამოთქვა.

იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და ახლო მომავალში მათი დაბრუნების შესაძლებლობა მცირეა, გამოკითხვის არსებულ შედეგებს კიდევ უფრო ამწვავებს. ამავე დროს, ვფიქრობ, მოცემული შედეგი რეალურ სურათს არ ასახავს, რამეთუ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში, მსურველთა რაოდენობა, ჩვენდა სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ემიგრანტთა უმეტესობა, საქართველოში დაბრუნებას გარდაუვალ “სამომავლო ნაბიჯად” თვლის, პრაქტიკულად, დაბრუნებულთა რაოდენობა მიზერულია და დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მცირდება. შესაბამისად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ახლო მომავალში, მოცემული გამოკითხვის შედეგების პროცენტული გადანაწილება უფრო გაუარესდეს და კატასტროფული რეალობის წინაშე დაგვაყენოს. მოვლენების ასეთი მიმართულებით განვითარების პირობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქმნის. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ სოციალური ემიგრაცია ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გააქტიურდა, ანუ მნიშვნელოვანი დრო გავიდა იმისთვის, რომ “დროებითი ტრენდი” დასრულებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება, არამედ პირიქით, იკვეთება სისტემატური ტენდენცია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაც, ძირითადად, უცხო ქვეყნის სისტემასა და რეჟიმთან მათ ადაპტირებაში აისახება და საქართველოში ემიგრანტების მუდმივად დაბრუნების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

გარდა იმისა, რომ საქართველოდან გახიზნულ თანამემამულეთა დაბრუნების ხელშეწყობისთვის საქართველოს ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს, პარალელურად მიმდინარეობს საქართველოში დაბრუნების ანტი-რეკლამა, რაშიც დიდი წვლილი შეაქვთ ქართველი ემიგრანტების საქართველოში დარჩენილ ნათესავებს და ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დროებით დაბრუნებულ პირებს. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში, ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ენთუზიაზმს სწორედ მათი ნათესავები და ახლობლები აქარწყლებენ.

საქართველოში არდაბრუნების ფართოდ გავრცელებული პროპაგანდა შემდეგი სახის რიტორიკით ხასიათდება: “თავს დაიღუპავ; ერთ თვეში გაქცევაზე დაიწყებ ფიქრს; შენს ცოდვას ვერ დავიდებ და საქართველოში დაბრუნებას ვერ გირჩევ; აქ რომ ჩამოხვიდე, სულელად ჩაგთვლიან; დაეტიე, სადაც ხარ; შენ ჩამოხვიდე კი არა, მე წამიყვანე” და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ აღნიშნული რჩევები, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გულწრფელად გაკეთებული განცხადებებია, მაგრამ სასურველია, მსგავსი კატეგორიულობისგან ყველამ თავი შეიკავოს, რამეთუ ქართველი ემიგრანტების დაბრუნების საკითხი რომელიმე კონკრეტული პირის კეთილდღეობის კრიტერიუმებს სცილდება და, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესებში შედის, რაც, თუ საჭიროა, გარკვეული მსხვერპლის გაღებასაც იმსახურებს.

ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში დროებით დაბრუნებული ქართველების დიდი ნაწილიც არანაკლებ ზიანს აყენებს საქართველოში დაბრუნების იდეას. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პირები საქართველოდან ემიგრაციის ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, თანამემამულეთა ახლო წრეებში ნეგატიურ კამპანიას იწყებენ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტენდენცია ემიგრანტთა გარკვეულ კატეგორიას კი არ ახასიათებს, არამედ თანაბრად ვრცელდება ქალსა და მამაკაცზე, ახალგაზრდასა და ხნიერზე და შეიძლება შეჯამებულ იქნას ერთი წინადადებით _ “ხალხი შეიცვალა”, სადაც „ცვლილებაში“, რა თქმა უნდა, ნეგატიური მხარეები იგულისხმება. ამავე დროს, შესაძლებლობა, რომ ხალხი ემიგრაციაში შეიცვალა და არა საქართველოში, უგულვებელყოფილია, ისევე როგორც შესაძლებლობა, რომ ცვლილებებს ორივე შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, მაგრამ განსხვავებული სახით. ზოგადად კი, იკვეთება ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოში მცხოვრები ქართველების გაუცხოების ნიშნები, რაც დროთა განმავლობაში ინტენსიურობას იძენს.

ამ ეტაპზე საჭიროა, რომ ხელისუფლება ისევე როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქართველი ემიგრანტების საკითხს და შესაბამისად იმოქმედოს.

იაგუარების ტექნო

საჭიროა დაიწყოს ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების აგიტაცია და შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ქართველი მალე დაბრუნდეს ქვეყანაში.

ემიგრაციის შემთხვევაში, “დრო” საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურება და შესაბამისად, “დროის ფაქტორის” უგულვებელყოფა ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი საერთოდ არ დაბრუნდეს სამშობლოში, ხოლო ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნებულებმა საკუთარ ქვეყანაში თავი ემიგრანტებად იგრძნონ.

საქართველოდან წასულ მიგრანტთა ოფიციალური რიცხვი დღესდღეობით დაუდგენელია. ამის შესახებ დღეს ”რადიო პირველის” პირდაპირ ეთერში პროფესორმა გიორგი ლომიძემ განაცხადა. მისი თქმით, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ბოლო 15 წლის მანძილზე, საქართველოდან გასულია მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი. ოფიციალური ციფრი არ არსებობს. ეს 1998 წლის მონაცემებია. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ციფრი გარკვეული მოსაზრებებით უარყო.

ლომიძის თქმით, დღეს საქართველოს პოტენციური მიგრანტებიც ჰყავს. ყოველი მეხუთე ოჯახიდან თითო წევრი მიგრანტია.

საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია ძირითადად რუსეთში, გერმანიაში, საბერძნეთში და აშშ-ში ხდება. როგორც ლომიძემ განაცხადა, საქართველო სხვა ეროვნების მოქალაქეებმაც დატოვეს, რის შემდეგაც ქართული მოსახლეობის რიცხვმა ქვეყანაში 80%-ს მიაღწია.
აღსანიშნავია არალეგალურ მიგრანტთა ქვეყნიდან გასვლაც. კანონის გამკაცრება მიგრანტთა რაოდენობას ვერ ამცირებს, ამით არალეგალთა რიცხვი იზრდება.

”სახელმწიფომ ეს ერთგვარი ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაარეგულიროს. გარკვეულ შემთხვევაში, სახელმწიფო ამ მიგრანტებს დააფინანსებს, რის შედეგადაც არალეგალების რიცხვი შემცირდება” _ განაცხადა გიორგი ლომიძემ.

რადიო "პირველის" შეკითხვაზე:
თქვენ რომ ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობდეთ, დაბრუნდებოდით თუ არა დღევანდელ საქართველოში?

20%-მა დადებითი პასუხი გასცა,
60%-მა უარყოფითად უპასუხა,
ხოლო 20%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ვიზის ტიპები:

ყველაზე ხშირი ვიზის ტიპები:

• ტრანზიტული ვიზა _ როგორც წესი, მოქმედებს 3 დღე, მესამე დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად.
• ტურისტული ვიზა _ მოკლე დასასვენებელი მოგზაურობისთვის, არანაირი ბიზნეს-საქმიანობა ამ დროს დაშვებული არაა. ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არ გასცემს ამ ტიპის ვიზას _ მაგალითად, საუდის არაბეთმა ტურისტული ვიზა მხოლოდ 2004 წელს აამოქმედა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჰაჯი პილიგრიმებისთვის ვიზებს ყოველთვის გასცემდა.
• ბიზნეს ვიზა _ ქვეყანაში ბიზნეს-საქმიანობისთვის. ამ ტიპის ვიზები, როგორც წესი, გამორიცხავენ მუდმივი დასაქმების შესაძლებლობებს, ამ მიზნებისთვის კი ადამიანს სამუშაო ვიზა დაჭირდება.
• დროებითი სამუშაო ვიზა _ მასპინძელ ქვეყანაში დაშვებული დასაქმებისთვის. ამ ტიპის ვიზები, როგორც წესი, უფრო რთული მოსაპოვებელია, მაგრამ ბიზნეს-ვიზებთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი მოქმედების ვადა აქვთ.

ამ ვიზის მაგალითებია, ა.შ.შ.-ს H-1B და L-1 ვიზები.
• „ვიზა ჩასვლის დროს“ _ მომენტალურად გაიცემა ქვეყანაში შესვლამდე _ მაგალითად, აეროპორტში ან საზღვრის საკონტროლო პუნქტზე. მაგრამ ამის მიუხედავად, „სულ არანაირი“ ვიზისგან მაინც განსხვავდება, რადგან ვიზიტორს ქვეყანაში შესვლამდე მაინც უწევს ვიზის აღება. ხშირად „ვიზა ჩასვლის დროს“ მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო გადასახადია, მაგრამ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ვიზიანი ვიზიტორისთვისაც შეიძლება.
• საქორწინო ვიზა _ გაიცემა მოცემული ქვეყნის მაცხოვრებელზე ან მოქალაქეზე, იმისთვის, რომ წყვილს ამ ქვეყანაში დასახლების უფლება მიეცეს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის EEA family permit.
ნაკლებად ხშირი ვიზის ტიპები:

• სტუდენტური ვიზა _ მფლობელს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სწალების უფლებას აძლევს. მაგრამ ალჟირში სტუდენტებს ტურისტული ვიზები ეძლევათ.
• სამუშაო დასვენების ვიზა _ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იმოგზაურონ და ამავდროულად, დროებით მასპინძელ ქვეყანაში იმუშაონ.
• დიპლომატიური ვიზა (ოფიციალური ვიზა) _ მფლობელს დიპლომატის სტატუსს ანიჭებს და, როგორც წესი, მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ეძლევათ.
• საპატიო ვიზა _ უცხოეთის მთავრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების ისეთ წარმომადგენლებს ეძლევათ, რომლებსაც არ გააჩნიათ დიპლომატის სტატუსი, მაგრამ აქვთ დამსახურებები. როგორც წესი, საპატიო ვიზა მის მფლობელს რაიმე პრივილეგიას და იმუნიტეტს არ სთავაზობს.
• ჟურნალისტის ვიზა _ საქმიანი ვიზიტის დროს, ამ პროფესიის წარმომადგენლებს ზოგიერთი ქვეყანა ამ ტიპის ვიზას მოთხოვს. ქვეყნები, რომლებიც ამას მოითხოვენ: კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი, ა.შ.შ.

(I-visa)და ზიმბაბვე.
• საცოლის ვიზა _ გაიცემა შეზღუდული დროით, შემდგომი ქორწინებისთვის, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქესთან დადასტურებულ ურთიერთობაზეა დაფუძნებული. მაგალითად, გერმანელ ქალს, რომელსაც ამერიკელ მამაკაცზე ქორწინება სურს, ა.შ.შ.-ში შესასვლელად საცოლის ვიზის აღებად დაჭირდება (ა.ც.რ.K-1 visa).
• იმიგრანტის ვიზა _ ეძლევა მათ, ვისაც სურს, ვიზის გამცემ ქვეყანაში იმიგრაცია. როგორც წესი, მათ ერთჯერადი მოგზაურობისთვის გასცემენ, რადგან მფლობელი, ქვეყნის მიხედვით, მოგვიანებით მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსს მიიღებს და შესაბამისად, ქვეყანაში შეუზღუდავი სიხშირით შესვლა შეეძლება.


ეს იყო ჩემი მეოცე კვლევა. თუმცა ეს გადაცემა ვერ ჩავწერეთ. სტუმრები არ მოვიდნენ.
და როგორც შარშან, გაზეთში მუშაობისას, სადაც ნახევარი წლის მანძილზე, ყოველ ორშაბათს ვწერდი სვეტს ზოგად და კონკრეტულ კატაკლიზმებზე _ ომის დაწყებაზე და რევოლუციის გარდუვალობაზე, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა. ვწერდი, რომ ავსტრიის დედაქალაქის არქივში ქართველ მეფეთა რამდენიმე წერილია დაცული. მათ შორის _ ერეკლე მეორის მიმართვა კეისარ იოსებ მეორისადმი.
“უერთგულესსა ყოვლად მოწყალესა კეისარსა”, _ ასე იწყება წერილი, რომელიც ძნელად იშიფრება.

ერეკლე მეორე დამორცხვებული თხოვს კეისარს, ჯარის ჯამაგირი უბოძოს და იმ ჯამაგირით ჯარი ევროპის რიგზე გააწყოს, “რომ მტერი ამ ჯარის რიგს საბოლოოდ რომ სცნობს, ვერას დროს ჩვენს მტრობას ვეღარ გაბედავს.
მეფე ქართლისა კახეთისა და სხვათა ერეკლე.
ოკდომბრის 18 წელთა 1782”.
...ღმერთმა ნუ ქნას თუ...

იაგუარების ტექნო

ხელმწიფეებისაგან ჩვენი სათხოვარი არ შესრულდეს”...
კეისარს გული არ აჩუყებია. კეისარმა ერეკლე მეორეს სათხოვარი არ შეუსრულა. დღეს უკვე ევროპის რეგიონთა ასამბლეაში მიღებული ქვეყანა იმ ხანად “თმადავარცხნილ” სახელმწიფოებს არ გახსენებიათ.
ორი საუკუნის შემდეგ, კვლავ მიგვატოვეს. კეისრებმაც და ხელმწიფეებმაც. მოკლედ, ყბაჩამ ისევ დაიგვიანა!
თავისუფლება ძვირად უჯდებათ პატარა ქვეყნებს. ნიკარაგუა: მოსახლეობა სხვებისგან არაფერს ითხოვს, ისინი მშვიდ სიამაყეს განიცდიან _ მათ ხომ სრულიად მარტო მოიგეს ბრძოლა.
ნიკარაგუის გათავისუფლებიდან ძალიან მალე, კარიბის ზღვის პაწაწინა კუნძულმა, გრენადამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ხალხით არის დასახლებული, შეაგროვა და ნიკარაგუელებისთვის დასახმარებლად 5 ათასი დოლარი გამოყო.

ამ უმცირესმა თანხამ უფრო დიდი დახმარება გაუწია მოსახლეობას, ვიდრე ამერიკამ და ამას ნიკარაგუელები არასოდეს დაივიწყებენ.
სოლიდარობის და დახმარების ნიშნად, ნიკარაგუაში 200 კუბელი ექიმი და 100 მასწავლებელი ჩავიდა. რატომღაც ასეა, ხშირად, ყველაზე მძიმე ჟამს, ერთი გაჭირვებული ქვეყანა აღმოჩნდება ხოლმე მეორე გაჭირვებული ქვეყნის საუკეთესო ძმა.

ვწერდი, რომ ამა და ამ სოფელში, სამი ძმიდან წელს მხოლოდ ერთი წავიდა სკოლაში, დანარჩენს ფეხსაცმელი არ ქონდა. ყალბები ვართ, როცა მხოლოდ გული გვიწუხდება და ბიუჯეტიდან ველოდებით სენტიმენტალობების მოშუშებას. არადამაჯერებლად ვფეთქდებით ბოროტების წინააღმდეგ და ჰამლეტივით, მამისმკვლელი ბიძის “მოკვლა” არ შეგვიძლია, იმიტომ კი არა, რომ მკველელობის ჩადენა არ ძალგვიძს (პოლონიუსსაც კლავს და ოფელიასაც), არც იმიტომ, რომ ლოცვის დროს კაცს მოსაკლავად ვერ ვიმეტებთ; არამედ იმიტომ, რომ ნამდვილი ბოროტების მხილება არ შეგვიძლია. გვეშინია.
საშიშია ჩვენი ინტელიგენცია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ათას ინფორმაციას და კინოსეანსს გადამხტარი, რომელსაც მოპარვა და აგარაკები კი არა, რაღაც სხვა უნდა, ბევრად ძვირფასი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომელიც ვეღარაფერს ახერხებს ხელებით საუბრის გარდა, მე და თქვენ _ ეს მარადიული სლოგანი და გარანტირებული სტატუსი.
ვწერდი გულიდან, მაგრამ არავინ მპასუხობდა. მხოლოდ მაშინ, როცა დავწერე სვეტი, სადაც მწერლები გავაკრიტიკე და უცერემონიოდ ვახალე – ყველაზე მაგარ წიგნს მე დავწერთქო, აი მაშინ კი მიპასუხეს – თავხედი, რამხელა ამბიცია აქვს.

თითქოს ვინმეს რამეს დაუშავებდა ჩემი ხუმრობა, თითქოს თავზე არ ჰქონდეთ დამხობილი ინტელექტუალური ტირანია.
იმ დღეს გაზეთიდან წამოსვლა გადავწყვიტე. თან ხელფასს არ მიხდიდნენ რატომღაც. ბოლოს წინა დღეს ფინანსურ დირექტორთან შევედი. ასე მითხრეს, მას კითხეო. კაბინეტი შევაღე და ულვაშიანმა მსუქანმა კაცმა მაგიდაზე შეწყობილი ფეხები რომ არ ჩამოიღო, კი ვინანე, რას ვეკვეტებოდი მეთქი. მაგრამ მაინტერესებდა, რას მეტყოდა, როცა ჰონორარს მოვთხოვდი.
თვის ბოლოსო. რა თქმა უნდა.

საქართველოში სულ სხვაა თვის ბოლოები.
გაზეთში ვერაფერი მაჩერებდა. ვერც ის ბიჭი, რომელსაც ვუყვარდი და ფანატიზმსაც შესაბამისად ამჟღავნებდა. ერთ დღეს მთელი რედაქციის დესკტოპებზე ჩემი ფოტოები დააყენა. არ ვიცოდი და ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ორმოცი თანამშრომლის მზერა, შუადღისას სამსახურში მისულს რომ შემომეგება.
ხან აფრიკულ ღვინოს ვსვამდით შესვენებებზე, ხან ნოხზე ვისხედით და სიყვარულის ახსნას ვისმენდი. ეს ბიჭი სულ თავის ძველ სახლზე ლაპარაკობდა, რომელიც ომის დროს დანგრეულა. ან ჩემზე. მე არ მიყვარდა.

ფანები იშვიათად უყვართ და იმიტომ. ამ ბიჭმა ყველაფერი გააკეთა. სამსახურიდან რომ წამოვედი, სხვაგან მომაგნო. ერთხელ საერთო მეგობარმა დამირეკა, თავს იკლავს და ჩქარა დაურეკეო. მერე ერთი გვინეელი მოდელი ჩამოიყვანა – ეგზოტიკური საჩუქარი გაგიკეთეო. ეს გოგო მეგობარ ბიჭს მიამაგრა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ სამნი აღმოვჩნდით ერთად. შემოვიარეთ ქალაქი და მე და ჯა დავმეგობრდით.

ჯა შავკანიანი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. გვინეის ელჩის შვილი აღფრთოვანდა აქაურობით, მაგრამ სასიყვარულო ტრავმამ მაინც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აღუძრა. დავრჩით ისევ ჩვენ.
მერე ფანი შვეიცარიაში წავიდა. იქედან მწერდა. ახლახანს ერთი მისი წერილი ვიპოვე:
`დიდი ნომერი მაქვს, თეთრი-თეთრი, ფანჯრიდან ტბა მოჩანს. ეს ქუჩა უკვე შემიყვარდა, ძალიან მაგარია, საშენო. სახლებს საღებავი გადასცლია ალაგ-ალაგ.

ყველა ფანჯარას დარაბები აქვს. სახურავები მომწონს ყველაზე მეტად, ამაზე `წიგნური~ არაფერი მინახავს. იცი, რომ სახურავია, ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც წიგნი გგონია. ჩემი ნომრიდან 250-300 ნაბიჯში, შემაღლებულზე, სასახლე დგას. კიბის საფეხურებს უნდა აუყვე. იქედან მთელი ძველი ნიონი ჩანს. არა, ახალიც საკმაოდაა...

უბრალოდ, აქედან ვერ დაინახავ... ხვალ დილას დაგირეკავ ან უკვე დარეკილი მექნება, რაღაცეებს მოგიყვები, რაღაცეებს გკითხავ და მერე მალე ჩამოვალ... მერეც დაგირეკავ... ნიონში ალბათ ძალიან კარგად იქნები. ვიცი, ფილტვის გაყიდვაც რომ მომიწიოს, მაინც ჩამოვალ აქ, თან ამათ მოვეწონე... არადა, რა იციან, რომ ჩემში რაც კარგია, უკვე რახანია მარტო შენ გიკავშირდება. ვერ წარმოიდგენ, გედები რაებს აკეთებენ!
I love you.


Nyon, Switzerland, 2005, June 28".
ერთი წლის მერე, წერილებს არ პასუხობენ!!! ერთი წლის მერე ახალ მისამართზე აგზავნიან: ""I remember just one thing, it was 9:00 AM, I was putting cucumber lotion on my face"".
პასუხი არ არის.
და ისე როგორც გაზეთში, არც თოქ-შოუში დაფასდა შრომა, ათას საზოგადოებრივ ტკივილზე არავინ წუხდა. დიეტა და მკითხავები – ეს აღმოჩნდა ყველაზე რეიტინგული.
დილით ადრე, სამსახურში მისულებს, ფოსტაში წერილები დაგვხვდა, თვალი გადავავლე და ერთმა რაღაცამ გამკრა გულზე.
წინა ცხოვრებაზე როდის გააკეთებთ გადაცემას, _ იწერებოდა 50 წლის მარიკო.
და დაიწო:
წინა ცხოვრებაში რუმინელი საზოგადო მოღვაწე ვყოფილვარ. ასე იტყობინებოდა ყველაზე გავრცელებული ჰოროსკოპების და პარადოქსების საიტი. გიგა ალასკელი, რომელიც შუა საუკუნეებში ცხოვრობდა. ჩვენი პროდიუსერი ესპანელი კაცი იყო, მეთევზე. გეი კი მაშინაც გეი იქნებოდა, აბა რა ესაქმებოდა სოკრატეს საბერძნეთთან?! ეს ხუმრობით, მაგრამ აქ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება.


**********************************

გოგონა და სოფო, სოფოს მისაღებ ოთახში სხედან.

შემოდგომა იწურება და მოულოდნელად აცივდება ხოლმე საღამოობით.
ბავშვობის მეგობრებს ჩაი, ფეიხოას ჯემი, ორცხობილა და ლიმონი უდევთ მაგიდაზე. სოფო ბოლო დროის ამბებს ყვება, მაგრამ გოგონა თითქოს სხვა რამეზე ფიქრობს.

იაგუარების ტექნო

არათანმიმდევრულია და პერიოდულად თვალი სოფოს ნაქსოვ, გრძელ ჟაკეტზე უშტერდება. უფრო სწორად, მარცხნივ, მკერდთან მიკრულ ფოტოზე _ გოგოს და ბიჭის ილუსტრაცია, ბიჭის სახე გადახაზულია და ქვევით ამოქარგულია წარწერა: my exboyfriend.
სოფო გიჟივით წამოვარდება და შეღებულ ფანჯარას კეტავს.
_ არა რა, ელვაზე მეტად არაფრის მეშინია. ჭექა-ქუხილს ყველაფერი მირჩევნია. თან, რა არის, იცი? მგონია, რომ ბომბავენ ქალაქს და ვერც ავხსნი, რა მემართება.
აი, ჩაავლო გოგონამ, ახლა საუკეთესო დროა, ის სათქმელი განავრცოს, რისთვისაც სამსახურიდან დაღლილი მოვიდა სოფოსთან.
_ სოფო, რაღაც მინდა გკითხო და გიჟი არ გეგონო, _ სოფო გაკვირვებული უყურებს, რადგან მათ საერთოდ ყველაფერზე უსაუბრიათ. მათი სიახლოვე სხვა მეგობრებს ხშირად ნერვებსაც კი უშლიდა.

ამიტომ უკვირდა სოფოს, რა უნდა მითხრას ახლა ისეთი, რაზეც არ გვილაპარაკიაო.
გოგონამ სიგარეტს მოუკიდა.
_ გახსოვს, გიორგის ფილმის პრემიერის მერე შენთან რომ მოვდიოდით,…ერთ ტაქსში ცხრანი რომ ვისხედით და ყველა თავისი ოცნების ქალაქს ამბობდა?
_ კი, მახსოვს.
_ ის თუ გახსოვს, ყველას გაკვირვება რამ გამოიწვია?
სოფო იბნევა და ეღიმება.
_ მე და შენ ერთხმად ვთქვით, ლაიფციგი და ამ სინქრონის გამო, დაგვცინეს კიდეც.
_ კი, რა, ლაიფციგში მიდიხარ და მეც მიგყავარ? – გადაიხარხარა სოფომ.
_ არა, სოფიკო! გახსოვს, ჩვენ რომ ვამბობდით, რა უცნაურია, ყველა საყვარელი შემოქმედი _ რეჟისორი, მწერალი, მუსიკოსი _ ყველა გერმანელიაო.
სოფო სიგარეტს უკიდებს და თვალი ფანჯრისკენ გაურბის, სადაც ცა ანათებს და გრუხუნია.
_ სოფი, მეც ხომ ყველაზე მეტად მეშინია ელვის, იმიტომ, რომ ომს მაგონებს, შენსავით. მეორე მსოფლიო ომზე ფილმებს ვერც შენ უყურებ, ვერც მე.
_ ერთმანეთის გავლენა გვაქვს და ახლა მიხვდი? _ გაოგნებული შეჰყურებს სოფო გოგონას.
_ შენც კარგად იცი, რომ ერთმანეთის გავლენა საერთოდ არ გვაქვს; ორივე შემგდარი ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ, თანაც სრულიად სხვადასხვა საქმეს.
_ აბა, რა?
_ ასე ორგანულად გერმანული საიდან ვიცით?
ახლა კი მართლაც შეშინდა სოფო. – ხო არ გადაირიე... _ მერე ნერვიულად ჩაიცინა.
_ არა, სოფიკო! მივხვდი, რატომ გვაქვს ერთმანეთის გატანის და ზრუნვის ასეთი გამძაფრებული გრძნობა. მე და შენ წინა ცხოვრებაში, მეორე მსოფლიო ომში მოვყევით, ვიყავით გერმანელები და ბევრი გადავიტანეთ. აბა, ამდენი დამთხვევა... შენ რა გგონია?
სოფოს უნდოდა საწინააღმდეგო ეთქვა, მაგრამ გოგონას უფრო მეტი არგუმენტი აღმოაჩნდა, უფრო დამაჯერებლად თოკავდა ემოციებს და სათქმელს აყალიბებდა.
სოფო ადგა და მაცივრიდან ნახევრადსავსე არაყი გამოიღო, მერე ჭიქები იპოვა, მაგიდასთან დაბრუნდა და ჩამოასხა.
გოგონა ახლა უფრო დამშვიდებული ჩანდა.

აღარც თვალი უშტერდებოდა ვიღაცის ყოფილ მიჯნურზე. ამოთქვა. ამოთქვა ის, რამაც სული გამოუღრღნა იმ დღის შემდეგ, რაც სამსახურის ელფოსტის მისამართზე რიგითი მაყურებლის წერილი მოვიდა, წინა ცხოვრებაზე გადაცემის გაკეთების თხოვნით.
_ იცი, მგონი, მართლა ეგრეა, _ თქვა სოფომ, როცა მესამე ჭიქა არაყი გადაკრა.
_ რა ვქნა ახლა მე?
_ რა უნდა ქნა?
_ ვიტანჯები, სოფო.
_ რით იტანჯები, ან ეს ასეა, ან შენი მოგონილია. როგორც ვხვდები, ეჭვი არ გეპარება. და რაღაზე ნერვიულობ? წინა ცხოვრებას კი არა, აწმყოს ვერ ვცვლით და რა უნდა ქნა! – გულწრფელობამ წამოაწითლა სოფო.
_ გინდა შვებულება აიღე და სადმე წავიდეთ, ჩვენთვის, წყნარად, როგორც ვიცით?
გოგონა თავს გააქნევს. მერე მხრებს აიჩეჩავს.
გოგონას ეტირებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. სოფომ ავღანური სიმღერა ჩართო, ახალი ნაპოვნი ჰქონდა ინტერნეტში.
გოგონას იქვე, დივანზე ჩაეძინა და მას მერე აღარავის უნახავს ტელევიზიაში.
ექსცენტრული პროდიუსერი ამბობდა, თვალით აღარ დამენახოს, როგორ გაუფრთხილებლად წავიდაო.
რა პონტია, _ იძახდა გეი წამყვანი, სოლარიუმიდან ახალ მოსულს, სულ რომ არ სიამოვნებდა სიგარეტი, მაგრამ მაინც უტიფრად რომ ქაჩავდა ნაფაზებს.

მანქანა კი ჭარბი სისწრაფით მიქრის, მაგრამ ვერც ექსტერიერის თუ სიტუაციის გამოცვლა, ვერც მეოთხე და მეხუთე უბანში, კულტურების შერევის ადგილას, სადაც ბრაზილიური ბარები იტალიური ესპრესოს სურნელს ერევა, თურქული ქაბაბი კი Sexshop -ებით სავსე სივრცეში იკარგება, ვერც ხუთასამდე ღამის კლუბი და ვერც Kronnenhalle Bar – უძველესი ბარი ვერ შველის გოგონას.

პირიქით, თითქოს უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში ნანახი ინსტალაციები, როი ლიჰტენშტაინი თუ Pipilotti Rist კიდევ უფრო იპყრობს გოგონას. კაფე `ტერასაში~, ბარის დახლთან, სამსახურების შემდეგ ჩაცლილი ტეკილები ერთმანეთს ენაცვლება. მოპირდაპირე მხარეს `ოდეონის~ დიდი ვიტრინიდან ნეონებში გახვეული ჰეტერო- და ბისექსუალების ალერსი მოჩანს. აშკარაა ჰომოსექსუალთა სილაღეც.
სოფო და გოგონა ლუდს სვამენ.
_ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიელები აქ ვარჯიშობენ. – ამბობს სოფო და თან მზერით გოგონას ჩაციებია თვალებში.
პასუხი არ არის.
_ ისე, პოსტერი ყველაფერს იტანს, მთავარია, დახვეწილი და გამომხატველი იყოს. – თემიდან ხტება, ცდილობს საუბარში ჩაითრიოს გოგონა, მაგრამ უშედეგოდ.
კარგი ოჯახი იმიტომ შემხვდა, რომ წინა ცხოვრებაში ცოდვები არ ჩამიდენია, ვიყავი კეთილი და სათნო, და დამიბრუნდა. ილოცეთ იმისთვისო, რომ ამბობენ, სწორედ მაგას ნიშნავს, ილოცებ და შეხვდები კიდეც მომავალში.

ალბათ, რამდენ ჩემს წინა ცხოვრების ნაცნობს შევხვედრივარ სულ სხვა ქვეყანაში, მიფიქრია მეცნობა. და ისინი, ვინც უარყოფითს იწვევს შენში? ალბათ წინათ როგორ დაგწყვიტეს გული. ჰოდა, თუ ადამიანებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და სათანადოდ ცხოვრობენ, აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. და სისასტიკე? აი, ოთხი წლის ბავშვი რომ კვდება? ესე იგი, მან მეორე ცხოვრებაში უნდა მიუსწროს ვიღაცას და ბედისწერა აჩქარებს, _ ფიქრობს გოგონა.
Peter Kilchmann Gallery -ში ბუდაპეშტში დაბადებული, ამერიკაში მოღვაწე არტისტის _ რიტა აკერმანის გამოფენაა. " Court Toujours ". გამოფენის გახსნაზე სოფო და გოგონაც აღმოჩნდნენ. იყო უცხო სტუმრებისკენ მიმართული ხანგრძლივი მზერა და ავტორის გამოჩენის მოლოდინი.


,,a lost ball
a lost game
a lost set
a lost match
from all points there is the chance of the turning point
with resistant consistency of keeping the ball in the air
with surety of wanting a match?
another match with the other winner". – ჩაიკითხა გოგონამ პრეს-რელიზში.
მოულოდნელად, სრულიად ექსცენტრული მოძრაობით, საგამოფენო დარბაზის ფოიეში ყვითელი კაბით, შავი (დახეულის ეფექტის) კოლგოტით, თეთრი ჩექმებითა და ყვითელი თმით _ გამოფენის ავტორი შემოვარდა. ხელში ეჭირა პარკი, რომელიც შორიახლოს მიაგდო, გოგონას დაეყრდნო, ჩექმები გაიხადა და პარკიდან ფეხსაცმელები ამოაცურა.

იაგუარების ტექნო

შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე. საჭიროზე ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი რიტამ მოხერხებულად ამოიცვა და საკუთარი ნამუშევრებით მოწყობილ დარბაზში შევიდა, შეუერთდა პერსონაჟებს, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ავტორს და რომლებიც ჩოგბურთის კორტებზე თამაშის მოძრაობებს გამოხატავდნენ.
გოგონა მოშორებით დადგა და სიგარეტს მოუკიდა.
ახლა გასაგებია, რატომ გლოვობენ ადამიანები. შესაძლოა გაცნობიერებულიც არა აქვთ, მაგრამ ქვეტექსტი ახლა ჩემთვის გასაგებია – შავებს რომ იცვამენ, აღარ ხალისობენ, ინტერიერებიდან მხიარულ ნივთებს აძევებენ, სიამოვნების მომგვრელს აღარ ჭამენ, სიხარულს იკლავენ, და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გარდაცვლილ ახლობელს განიცდიან, მის არყოფნას ასე ეგებებიან. „ახლა რომ გვიყურებდეს“ – ახლავს ყველა დაკარგულ ახლობელზე ფიქრს...

ჰოდა, მიცვალებულმა იდეალურ მდგომარეობაში რომ ნახოს ის სივრცე და ადგილი, რომელსაც თავისდა უნებურად მოშორდა, ნახოს, როგორ უპოვიათ კომფორტი შვილებს და დედებს, ცხელ ყავას და ვაშლის ღვეზელს რომ შემოსხდომიან... რომ ნახოს, როგორ თბებიან მზეზე მისი ძმა და მამა, მეგობარი და ცოლი; რომ სხეული უანგაროდ ნაბოძები ქარვის ზღვით ივსება; როგორ კრუსუნებს შენი და სიამოვნებისგან, როცა აბრეშუმის თეთრეულში იღვიძებს, _ ამ განუმეორებელი ყველაფრისთვის მიცვალებულს შენს გვერდით ყოფნის სურვილი უჩნდება; და ეს ფიქრი კიდევ უფრო ასევდიანებს მათ, ვისაც ახლობელი მოუკვდა... რადგან არაფერია იმაზე მტკინვეულად გასაცნობიერებელი, რომ მკვდარს ახლა შენს გვერდით ყოფნა ენატრება, მაგრამ ამის ერთპროცენტიანი შანსიც არ გააჩნია. ჰოდა, გლოვობენ. ისე, ამაში არის ლოგიკა: როცა შავია ტანსაცმელი, როცა სიბნელეა სახლში, როცა არ იცინიან და მხოლოდ ცრემლია თვალში _ ასეთ სივრცეში დაბრუნება მკვდარსაც არ უნდა. და ძალიანაც კარგი. მთავარია, რომ შენ იცი – შენი მიცვალებული შენთან დაბრუნების სურვილით არ იტანჯება.

მას ისიც ეყოფა, რომ მკვდარია და ვერასოდეს გაცოცხლდება.
_ აქ რისთვის ჩამოვედით? – მოულოდნელი აგრესიულობით ეკითხება გოგონა სოფოს, რომელსაც სასმელი მოკიდებია და აშკარად არ ელოდებოდა ამ კითხვას.
_ ცუდია?
_ არა, სოფიკო, ეს შენი სტიქიაა _ გამოფენები და მუზეუმები, მე მაგრა მკიდია. – თქვა და გასასვლელისკენ გავიდა. სოფოც გაყვა.
ალპები ისევ გამოჩნდა. შოკოლადის და ქოქოსის ნელსაცხებლების სურნელია.
მდინარის პირას, მზეზე. მუსიკა და ბევრი ტურისტი. გემები ჩანს და გედები. მაგრამ უფრო ცხადად ჩანს ალპები.

ნატურალურ პროდუქტს, რომელსაც ალპებში მოიპოვებენ, ბედნიერი პროდუქტი ქვია.
სადღაც აქ უნდა იყოს თვითმკვლელების ტყე. ახსენდება გოგონას ვიღაცის მონათხრობი. აქ ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების სუბკულტურული სტილი და პოსტმოდერნისტული ოპტიმიზმია. – ასკვნის.

_ ყველა შუადღეს ჯობია ალპებზე არეკლილი მზით გამთბარი შუადღე, ან ახლა მგონია ასე. ვარ, მართლა ვარ სიტუაციური. – სოფოს ციტატა ისევ შეუფასებელი რჩება. მაგრამ გოგონა აღარ არის აგრესიული, ახლა ტანით რაღაც სიახლეს გრძნობს.
შოპინგი ახალისებს, ახალ ტანისამოსში პოზიორობს სარკის წინ.

და რეკავს. ძლივს რეკავს მობილური ტელეფონი.
_ საღამო მშვიდობისა, ვივიენი ვარ, როგორ ხარ?
სიამოვნებით დადუმდებოდა გოგონა, მაგრამ პასუხს ელოდნენ.
_ ამერიკულ " W "-ს შევთავაზეთ იგივე პროექტი და იქ ჟურნალის უფრო მეტ გვერდს გვითმობენ. თანახმა ხარ? ჩამოხვალ? ფულს გადმოგირიცხავთ ხვალ.
გოგონა ტოვებს სხივმოსილ ევროპას, რომელიც იშვიათად იყურება თავის წარსულში და შეცდომებსაც ვერ ამჩნევს.
ჯეიმს ჯოისი ციურიხშია დაკრძალული.

*******************
2003 წელს MTV -ს დაჯილდოებაზე მადონამ და ბრიტნი სპირსმა ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ახალი ხანა დადგა.
თეთრი მაისურის სიმბოლურ ფიგურად მარლონ ბრანდო ითვლება, მარკ უოლბერგმა ქელვინ კლაინის საცვალი აუცილებელ ატრიბუტად აქცია, დევიდ ბექჰემმა კი Gay Chic -ის პოპულარობა თმის ვარცხნილობით, სამკაულებითა და დიზაინერთა ტანისამოსით განსაზღვრა. დღეს დისკოთეკების პოპულარიზაციასაც (კონკრეტულად კი, House მუსიკას) ჰომოსექსუალებს მიაწერენ.

ნიუ იორკში გოგონას ლიმუზინი დახვდა. ძველი ჩემოდანი, რომელსაც სახელური მოწყდა, თავზე ედო მძღოლს. სასტუმროში დააბინავეს, თავს ევლებოდნენ.


ორი დღე ტანსაცმელს არჩევდნენ, მერე კიდევ ორი დღე `ჩელსი ჰოტელში~ გადაღებები დაიწყო, სადაც 80-იან წლებში მადონა ცხოვრობდა.
I love New York!
ისევ მოხალისდა. ნიუ იორკში ზეატყორცნილი თავისუფლება იგრძნო.
თავისუფლება ყველას ეძლევა მაგრამ ყველაზე დიდ ფუფუნებად სწორედ ის რჩება დღემდე – ფიქრობდა გოგონა რობერტ ფროსტის ქვეყანაში.
პაროლობანა, შტაბობანა, შვიდი ქვა, ორდროშობანა, მაფიოზობანა, სულების გამოძახება, მკითხაობა. რას ნიშნავდა ეს თამაშები? მეტი დამაჯერებლობისთვის გამძაფრებული სიუჟეტი თუ ქვეტექსტებით სავსე კომფორტული ქრისტიანული სამყარო?!
ბავშვობა უკვე ბურუსით არის მოცული. არც კიდევ უფრო ექსპერიმენტებით აღსავსე თინეიჯერობა ჩანს. შემოდის ინფორმაცია და სწორედ ამიტომ ხვდები: სადაც რწმენა არ არის, იქ სექტაც არ ჩნდება, მაგრამ სადაც მძიმეა ცხოვრება, იქ მომავლის ჭვრეტა ხიბლავთ. საქართველოში მკითხავების აქტუალობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად იკვეთებოდა: როცა უკიდურესი იყო გაჭირვება, ფაქტი კი ჯიუტი _ არა, მეგობრებო, კეთილშობილი ეგვიპტელი მეფის ასული არ მოვა ბავშვის გადასარჩენად!
წარმატებული მკითხავები, რატომღაც, აჭარიდან გამოჩნდნენ. იქნებ იმიტომ, რომ საუკეთესო ნალექიანი ყავის ხარშვის საიდუმლოს სწორედ საქართველოს ამ კუთხეში ფლობენ.
ყავა, ბანქო და სანთელი.

ეს მკითხაობის უკვე ჩვეული და ტრადიციული საშუალებებია, მაგრამ მკითხაობა მაგიდაზე ბრინჯის მოყრით, ჩონგურით ან მიძინებულ დაზე ხელის დადებით, როცა მეორე და ბავშვის ხმით შენს მომავალს ყვება: გულში და “კაზიონნი დომში”...
ყველა მკითხავის საცხოვრებელი ბინის დიზაინი და ცხოვრების სტილი დაცულია: ძველი სახლი, მკვდარი ქმარი, საშუალო ასაკის ერთი შვილი, სიგარეტის და უხარისხო ყავის სურნელი. სამზარეულო სავსეა “საბჭოური კიჩით”.
რატომ აღმოაჩნდა მომავლის ჭვრეტის უნარი საზოგადოების ყველაზე წარუმატებელ ნაწილს? რა ლოგიკით იწერება პატარა ჭიქის ძირზე ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სახელები, ჩანს ჩვენი სახე და ის მომავალი, არც ლოგიკას და არც ფაქტებს რომ არ ექვემდებარება. როგორც ნათქვამია, "ცოდვა ქმედებიდან კი არ იშვა, არამედ ცოდნიდან".

იაგუარების ტექნო

მომავლის ჭვრეტის ოფიციალური სადავეები სწორედ ცოდნით დახუნძლულებმა ჩაიგდეს ხელთ, _ ეს ნათელმხილველები იყვნენ. ისინი, ვინც მასონური ლოჟების თუ მსგავსი ზედა ეშელონების პარტნიორებად მუშაობდნენ, პროგნოზებს აკეთებდნენ და ეს პროგნოზებიც მართლდებოდა, მაგრამ...
ნათელმხილველები ამბობდნენ, 21-ე საუკუნეში, ამერიკაში ცათამბჯენებს ვეღერ ვხედავთო, მაგრამ მათ არ უთქვამთ, ვინ დაანგრევს ცათამბჯენებს.
ნათელმხილველები ამბობდნენ, საქართველო გადარჩებაო, მაგრამ მათ არ უთქვამთ, რის ხარჯზეო.

ერთადერთი შანსი გვაქვს. ანდერგრაუნდი უნდა გავაძლიეროთ! ანდერგრაუნდი თუ გაძლიერდება, ველური დასავლეთისკენ აღარ გავიქცევით. და დემოკრატია, რომელიც შენების პარალელურად, იმავდროულად, მსოფლიოს ძირის გამოსათხრელი პრაქტიკული იარაღია, ყველაზე გვიან ანდერგრაუნდს მოადგება. და რა პარადოქსი იქნება, მიწისქვეშეთში ყველაზე საშიში მტერი რომ დახვდება: მტკიცე „მე“-ების არმია და ბასტიონები, ანუ ის, რაც მსოფლიო ისტორიაში ვერცერთმა იარაღმა ვერ დაამარცხა.
ნათელმხილველები ანდერგრაუნდს ვერ პროგნოზირებენ. იქნებ იმიტომ, რომ არის ერთი სიმართლე, რომელსაც ჭვრეტა არ სჭირდება: ანდერგრაუნდი შიგნიდან არ ტყდება, ის მარტივად, ყველასთვის ღიაა.

ალბათ ამიტომაც, ასე ადვილად შეაღო ანდერგრაუნდის კარი გოგონამ, როცა კაფე ` black ~-ში მჯომი, მოსაწევად გარეთ გავიდა და უნებურად გვერდით დაუდგა ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც იამაიკური თმის ვარცხნილობა ჰქონდა, სიგარეტს ეწეოდა და მოპირდაპირე მხარეს ვიღაცას უღიმოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთში გახდა ხილული გოგონასთვის ის ობიექტი – მანქანაში მყოფი ძაღლი, რომელიც ახალგაზრდა ქალს თვალებში უყურებდა და რომელმაც არც კი იცოდა, რომ მანქანის მარკა, რომელშიც ის ზის, ძნელი ამოსაცნობია.

ის თავიდან ბოლომდე მოხატულია. სავარაუდოდ, იამაიკური ვარცხნილობის ლედის მიერ.
ახლა გოგონამ და ქალმა თუ არ გადაკვეთეს ერთმანეთი, რაა რომანი?
ჰოდა, ისინი ერთდროულად იწევენ დიდი საფერფლისკენ სიგარეტის ჩასაქრობად. ერთდროულად შედიან კაფეში, ერთდროულად იღებენ ნივთებს და გამოდიან გარეთ. ორივეს ეღიმება. მერე გოგონა იბნევა, ფიქრობს, საით წავიდეს. ლედი კი ჩანთიდან ფოტოაპარატს იღებს.
_ შეიძლება გადაგიღოთ?
_ აა... – ახლა კი ახსენდება გოგონას, რომ ამ ზეატყორცნილი თავისუფლების ქალაქში ყველაფრის უფლება აქვს, გარდა ფოტოგადაღებისა, კონტრაქტიდან გამომდინარე.

და შესაბამისად, ლედი იმ პასუხს მიიღებს, რასაც არამცთუ ელოდება, უბრალოდ, შოკში ჩააგდებს.
_ კონტრაქტის მიხედვით, არ შემიძლია ამის ნება დაგრთოთ. ჟურნალ W -სთვის 80-იანი წლების მადონას პროტოტიპის სესიაზე ვარ დამტკიცებული. ასე რომ...
_ Fuck !_ ამბობს დაბნეული ლედი და იცინის. ძალიან სასიამოვნოა. მაშინ ჩემთან დაგპატიჟებთ... თან, ტურისტი ხართ. – ნერვიულობა ეტყობა ხმაში.
არა რა, წინა ცხოვრებაში აშკარად ვიცნობდი, _ ფიქრობს გოგონა და იმ მანქანაში იკავებს ადგილს, რომელიც 10 წუთის წინ სხვისი იყო.

აი, ამერიკა. შეღებილ მანქანაში ლედი და ძაღლი.
გოგონა ახალი მეგობრის სახელოსნოში უფრო ზედაპირულ ხელოვნებას ელოდა. აი, რამე კონცეპტუალურად მარტივს. ყოველ შემთხვევაში, უძველესი არქეტიპების, ეთნოგრაფიული განძის, სხვადასხვა კულტურული ხატის ფიუჟენი და ამ ყველაფრის შერწყმა თანამედროვეობასთან აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა.
_ მოშინაურდი, – შესძახა ახალმა მეგობარმა ნივთებით სავსე ოთახში დაკარგულ გოგონას, რომელიც დიდ სავარძელში მოკალათდა და ძაღლს მიეფერა.
_ ამდენი რაღაც როგორ მოაგროვე?
_ ამით ვცხოვრობ, ეს ჩემი სათამაშოებია, _ თქვა და გადაიხარხარა გიჟივით.
გოგონამ ახლა მოხერხებულად ჩაიხედა დიასახლისის ჩანთაში, რომელიც ძალიან დიდი იყო და რომელიც მასპინძელმა ზუსტად მის ფეხებთან დადო. კაბელები და თმის სამაგრები, დისკები, ფლომასტერები, პომოდები, ბლოკნოტები _ ყველაფერი ერთად ეყარა ჩანთაში და რაღაც ანათებდა შიგნით. როგორც გაირკვა, მობილური ტელეფონი იყო.
_ ეე, როგორ ხარ? მომენატრე...

– ერთგვარი ფამილარულობით მიესიყვარულა ვიღაცას.
გოგონა ფეხზე წამოდგა. ჯერ ფანჯარასთან მივიდა, ჩეხოვის გმირივით ნელა, გრაციოზულად მოტრიალდა. როცა დიასახლისმა მობილური ტელეფონი სავარძელზე მიაგდო, გოგონას კულმინაციური კომენტარიც გაისმა: _ ესე იგი, ერთი ქვეყნიდან ვყოფილვართ?
დიასახლისმა თითქოს დაიმორცხვა. მერე გიჟივით გადაიხარხარა. დასხდნენ.
რა თქმა უნდა, საქართველოდან 1988 წელს წავიდა, როდესაც `პერესტროიკა~ იწყებოდა. ამერიკელზე გათხოვილი პირველად ჩიკაგოში, ქმრის ოჯახთან ჩავიდა.
_ ჩიკაგოში ის მოეწონათ, რომ ჩემი ნამუშევრები ძველს გავდა, მე კი ვეწინააღმდეგებოდი.

რის გამოც მაქებდნენ, საპირისპიროს ვაკეთებდი. ჩემს ნამუშევრებს ნიდერლანდურ და ფლამანდურ მხატვრობას ამსგავსებდნენ. ორი წელი ვხატავდი ასე. საერთოდ, აპოლიტიკური ვარ. ჩემი თემა და პერსონაჟები _ `არაინტელექტუალურია~. მაგრამ ჩემგან დამოუკიდებლად, სხვებმა პოლიტიკური ნიშნები დაინახეს. ამის შესახებ სულ საუბრობენ...

არადა, უბრალოდ, სადღაც ნანახი, გაგონილი ან წაკითხული ზედაპირზე ამოდის. ხო ხვდები, რა. კონცეპტუალური მხატვრებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთი იდეიდან გამოდიან ხოლმე, ჩემი ინსპირაცია პრიმიტიული ემოციიდან და უმი იმპულსებიდან, ნოსტალგიებიდან მოდის.
დიასახლისი როლში შევიდა. მით უფრო ახლა, როცა ნიუ იორკის თემას უნდა მიდგომოდა.
იქ ტოტალურად განსხვავებული ვითარება დახვდა. ფერწერას, ფაქტობრივად, არ ცნობდნენ _ მოძველებულად მიაჩნდათ. ჩიკაგოს წარმატებები აქ არაფერს ნიშნავდა. ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო.

ნიუ იორკში კარიბელებს ხატავდა, იმიტომ, რომ იქაური მუსიკა უყვარს, რეგეი მოწონს და გართობა ყოველ საღამოს ბარში სწორედ რეგეის მოსმენა იყო. ორი წელი ხატავდა კარიბიელ შავკანიანებს. აქაც პოლიტიკა დაინახეს:
_ გალერეების მეპატრონეები, ძირითადად, თეთრკანიანები არიან. კოლექციონერებიც. ამიტომ ნამუშევრები არაკომერციულ გალერეებში დაკიდეს. კარგად ხატავსო _ ამბობდნენ, თემა კი არ მოწონდათ _ რასიზმია ამერიკაში, ჩემო გოგონა. მე კი პირიქით, მათ გასაღიზიანებლად, ისევ იმ თემას ვაგრძელებდი.

მხატვარი ხარ და უნდა გამოიწვიო. ალბათ, ასეთ დროს, უნებურად, პოლიტიზებული ვხდები; რეალურად კი მხოლოდ ეს მუსიკა მომწონს და ამ ხალხს ჩემს გვერდით ვხედავ. წინააღმდეგობას ხომ არ გავუწევ საკუთარ თავს?!
დიასახლისი ფეხზე წამოდგა, მაცივრიდან ყველი გამოიღო და დინჯად, ფიგურირებული დანით დაჭრა დაიწყო.
_ მოკლედ, ნელ-ნელა გამოიფინა ჩემი ნახატები.

იაგუარების ტექნო

თავდაჯერება ისევ დაბრუნდა... `ნიუ იორკ თაიმსიც~ გამოეხმაურა და ეს წარმატებას ნიშნავდა. გაჩვენებ მერე იმ ნომერს, სადღაც მაქვს, _ და თვალებით თითქოს “ნიუ იორკ თაიმსის” ძებნა დაიწყო თაროებზე.
აქ ყველა მარტო ცხოვრობს. _ წაიჩურჩულა რატომღაც.

სტუმარს ის დაფა გაუწოდა, რომელზეც ყველი ეწყო დეკორატიულად. მერე ვისკი დაამატა ჭიქებში. _ მთელი მსოფლიოდან ჩადის ხალხი და ერთმანეთს ეჯიბრება. მარტოხელა ხალხის ქვეყანაა, აქ ოჯახის შექმნაზე არავინ ფიქრობს. ალბათ ამიტომაც მოხდა, რომ ქალი, რომლის ხატვაც იქ დავიწყე, სულ მარტოა. ესეც პოლიტიკას დაუკავშირეს. ადრე ასეთი ტენდენცია იყო, რომ მხოლოდ მამაკაცები ხატავდნენ ქალებს; საუკუნეების განმავლობაში, ხატავდნენ ისე, როგორც მოსწონდათ.

ქალი _ მშვენება და სილამაზის სიმბოლო, ყოველთვის წამოწოლილი იყო. ახლა ბევრი არტისტი ქალია და საზოგადოებასაც ქალების ნათქვამი აინტერესებს. ჩემი ქალების სერიის შესაქმნელად დიდი ხანი დამჭირდა. უნდა დამეჯერებინა, რომ აქ უფრო გულწრფელი ვარ და ამას უფრო კარგად გამოვხატავ. დავიჯერე და ბოლო 9 წლის განმავლობაში, ქალის პორტრეტების სერია დავხატე. ამ ქალს ქართული თვალ-წარბი აქვს. – და აქ თითქოს რაღაც დაუთბაო გულთან, ტემპი დაეცა.

ერთგვარი უმეტყველობა მოყვა ამ სითბოს.
სახელოსნოს მაგიდაზე ვისკის ბოთლი ნელ-ნელა დაიცალა. სულ გოგონამ დალია.
I’m working hard _ ეს არის ყველა ნიუ იორკელის პასუხი შეკითხვაზე _ `რას შვრები~... დღეს უკვე მეც დაღლილი ვარ და ქუჩაში შემხვედრ ნაცნობს ვეუბნები, რომ ძალიან მეჩქარება. ჩქარ-ჩქარა ვჭამ. ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ დაჯდომა აღარ გამოდის. ვნანობ, ასეთი ცხოვრება რომ მაქვს, მაგრამ...
ადრე ეგზოტიკურად მთვლიდნენ და ცნობილი კრიტიკოსები და არტისტები მხოლოდ ამიტომ დამატარებდნენ აქეთ-იქით. მაგრამ მაინც ისეთი უსუსური ხარ...

ახლა ვხვდები ამას. სხვა არის, როცა იქ დაამთავრებ სკოლას, იქ ცხოვრობენ შენი მშობლები და ნაცნობები. წლები გადის იმაში, რომ ვიღაცამ დაგინახოს. ისინი ჩნდებიან, სადღაც დაგატარებენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია გაუწიო _ ეგზოტიკური ქვეყნიდან ხარ. ამას თავიანთი საქმისთვის აკეთებდნენ და არა იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდა ემიგრანტია და მოდი, დავეხმაროთო; მარტოა და გალერეებში წავიყვანოთ, რადგან ეს გზა ყველამ მარტო გაიარა. პატარა განსხვავებაა, ნიჭიერი ხარ თუ არა, მაინც ემიგრანტი ხარ. მოსწონთ შენი ნამუშევრები და ერთობიან.
გოგონა ჩასაფრებულივით ისმენდა ყველა სიტყვას, მაგრამ თითქოს ვერ ხვდებოდა, რა უნდა დაემახსოვრებინა და რა დაევიწყებინა.

რა იყო მნიშვნელოვანი და რა შეცდომა არ უნდა გაემეორებინა. მოწონდა ეს ამბავი, მაგრამ სადღაც ჟურნალში წაკითხულ ემიგრანტის ინტერვიუს უფრო აგონებდა.

_ ხვალ ჰელოუინია, _ უცბად წამოიძახა დიასახლისმა. _ ჰოდა, შენც წამოდი. ისეთ მაგარ ადგილას მიდიან ჩემი მეგობრები, ყველაფერს თვითონ ამზადებენ, დეკორატორები არიან და სხვადასხვა თეატრიდან მოაქვთ დეკორაციები. ჩემი boyfriend -იც დაუკრავს.
_ და ტანსაცმელი? – იკითხა გოგონამ, _ რა უნდა მეცვას?
დიასახლისი დაფიქრდა.
_ ხვალ წავიდეთ second hand -ში და იქ ავარჩიოთ, გაწყობს?
_ yes, _ სახე გაუბრწყინდა გოგონას.

ბელგიური შოკოლადი მისთვის ერთგვარ დეპრესიასთან ასოცირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მართკუთხა კოლოფი 15X11-ზე, რომელსაც ორნამენტული ყვავილების თალხი ფერის დიზაინი ამშვენებს და სულდალეული ვარდისფერი ლენტებით იკვრება, იმთავითვე რაღაც დიდ სევდას უკავშირდება. იქნებ იმიტომ, რომ შოკოლადი, ზოგადად, ძველი ბრენდია და გარდასული დროის რევერანსების სევდით არის სავსე.
ღამე მოწყენილმა და დაკარგულმა, ამ შოკოლადებით შეიქცია თავი.

ერთზე მეტი არ უჭამია, შოკოლადის ქაღალდი კი მუჭიდან კარგა ხანს არ გაუშვა.

მხოლოდ second hand -ს შეუძლია ამხელა სიხარული მოუტანოს ადამიანს. მეა და გოგონა ცეკვა-ცეკვით უკვე სახლის გზას მიუყვებოდნენ. ათასგვარი აქსესუარით აჭრელებულები, ძალაგამოცლილები დაეშვნენ სავარძლებში. გოგონას ჩაეძინა. სამშობლოში დატოვებული ნივთები ესიზმრა.

ფეხადგმულ ტყეში, მართალია, ყველაფერი ხელოვნური იყო, მაგრამ კი იცხოვრებდა კაცი ამ ტყუილში. ფუღუროებში მდგარი დიჯეები რიგრიგობით უკრავდნენ, ხეების სქელ ტოტებზე დიდი ჩიტები ისხდნენ. ზუსტად ამხელა სოკოები და რკოებიც უხვად...

ფოთლები და კურდღლები, ტურები და ციყვები; თქვენ წარმოიდგინეთ, წითელქუდა და კალათაც.
დიდ მორზე სასმელი იყო. გოგონა და დიასახლისი სწორედ მორის ა-ლა-ფურშეტისკენ გაეშურნენ. კოქტეილებით ხელში, კიდევ ერთხელ შეათვალიერეს ერთმანეთი და სიცილი ვერ შეიკავეს. მეას მონადირის ფორმა ეცვა, დიდი თოფიც კი ეკიდა. გოგონა კი მეორადი ტანსაცმლის წყალობით, იაგუარის როლში გამოცხადდა სხვა კონტინენტის ჰელოუინზე. გულში ფიქრობდა, არავინ თქვას, რომ ამერიკაში ოპტიმიზმის ხანა 1963 წელს დასრულდაო. მან პირველად ნახა იერშეცვლილი, თითქმის სულელებად გადაცმული საზოგადოება, რომელიც სავსე იყო ოპტიმიზმით და რწმენით.

მეა გოგონას თავის მეგობრებს აცნობდა, შეშინებული გოგონა მოხერხებულად იგერიებდა საჰელოუინო ტრიუკებს. უკვე აღარ მოწონდა აქ ყოფნა, მაგრამ ამის გამჟღავნება უხერხული იქნებოდა, მით უფრო მაშინ, როცა დიასახლისი მეა ასე ილხენდა.
გოგონამ საუკეთესო გამოსავალი ნახა. ერთ-ერთ ფუღუროს მიადგა და დიჯეის შორიახლოს ჩამოჯდა. ვინმე თუ კითხავდა, რატომ ხარ მოწყენილიო, უპასუხებდა, არ ვარ მოწყენილი, უბრალოდ, მუსიკას ვუსმენო. მართლაც კარგი ადგილი აღმოჩნდა, აქედან შესანიშნავად ჩანდა, როგორ ზასაობდნენ მთვრალი სოკო და ჩიტი. როგორ გადადიოდა ყირაზე დეკორატიული ფაუნა, რომელსაც ზღაპრების ჯეროდა, ცუდ სიზმრებს არ ხედავდა და საერთოდ არაფერი იცოდა გოგონას შესახებ, რომელიც ძალიან გავდა მათი ქვეყნის სიმბოლოს.

და რომ არა ეს მსგავსება, აქ საერთოდაც არ იქნებოდა.
მართლა არავინ თქვას, რომ აქ ოპტიმიზმი მოკვდა, ფიქრობდა სოცრეალისტურ შეგრძნებას მოკლებული გოგონა.

_ მაპატიეთ, სიგარეტი ხომ არ გაქვთ? – ფუღუროდან თავი გამოეყო დიჯეის და მაინცდამაინც გოგონას მიმართავდა.
ვინ იცის, როგორ ინანებს გოგონა. ამ დღეს. ამ ტყეს. და იმ სიგარეტს, ჯიბეში რომ ქონდა.
გოგონამ მუცელთან ტყავი გაიძრო და პატარა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო.
დიჯეის მზერა გაუგრძელდა. რა თქმა უნდა, გაუგრძელდა. აბა, რომ არ შეყოვნებულიყო, არც ჩვენ შევყოვნდებოდით მასზე.
_ გიხდება, რაც გაცვია, _ უთხრა დიჯეიმ და თან გაუღიმა.

მერე ერთი ტაბლეტი გაუწოდა. გოგონამ მექანიკურად გადაყლაპა და კოქტეილიც მიაყოლა.
_ შენც გიხდება, სადაც დგახარ.

იაგუარების ტექნო

– მტკიცედ უპასუხა გოგონამ.
_ არც მე მომწონს ეს იდიოტური ფართი...
_ შენ რა იცი, რომ მე არ მომწონს.
_ გეტყობა. – ორივესთვის მოულოდნელად, საუბარმა ტემპი აკრიფა.
_ შენ არ ხარ ამერიკელი, ხო?
_ ამერიკელებს დიჯეები არ ყავთ! ჰოდა, არც მე ვარ ამერიკელი. – დიჯეი კიდევ უფრო გულიანად უღიმოდა გოგონას, რომელსაც აშკარად მოეწონა ნათქვამი. გოგონამ სიგარეტს მოუკიდა.
_ არც შენ ხარ ამერიკელი. ევროპელები ერთმანეთს რაფინირებულობით ცნობენ.
_ ხუმრობ თუ ასეთი გაგება აქვთ ტყის დიჯეებს?

დიჯეი თან დაკვრას განაგრძობდა.

თან საკმაოდ ახლოს მჯდომ გოგონას აკვირდებოდა. გოგონა ნელ-ნელა ტუჩების ნერვიულმა მოძრაობამ აიყოლია.
_ ასეთი კარგი ინგლისური საიდან იცი? – ეკითხებოდა დიჯეი, რომელსაც ამ დროისთვის მოპირდაპირე ფუღუროსთვის დაეთმო ასპარეზი და თავად, გოგონას გვერდით, ხის ძირას მოკალათებულიყო.

ადრე მხოლოდ უმბერტო ეკოსთან, კამიუსთან ან სიუზან ზონტაგთან თუ შეხვდებოდი ერთ აბზაცში მოქცეულ კომენტარებს გლობალური ტკივილის შესახებ. ამას წინათ კი, 26 წლის ლეგენდარული გამომცემლობის _ `ტაშენის~ საიტზე, მთელი მსოფლიოსთვის გახსნილ ჩათში, სადაც მომხმარებლები შეუზღუდავ კომენტარებს აკეთებენ კომპლიმენტებით, სურვილებით, თხოვნითა და შენიშვნებით _ სწორედ ამ ქაოსში მნიშვნელოვან დიალოგს წავაწყდი:

დაუნ ბელი, ამერიკის შეერთებული შტატები
1 თებერვალი, 2006 წელი
`რამდენიმე თვის წინ, საჩუქრად მივიღე 2006 წლის კალენდარი კლიმტის ილუსტრაციებით, რომელიც თქვენმა გამომცემლობამ გამოსცა. გადავხედე და აღმოჩნდა, რომ დღეებია არეული _ ISBN 3-8228-4340-7. რამდენადაც მშვენიერია კალენდარი, იმდენად უსარგებლოა. თქვენს საიტზე საკონტაქტო ინფორმაცია არ არის. იქნებ ეს ნახოს ვინმემ, შეიტყოს შეცდომების შესახებ და მაცნობოს, თუ არის საშუალება, რომ მომაწოდოთ ახალი კალენდარი სწორი დღეებით.

გმადლობთ!~

`ძვირფასო დაუნ ბელ,
თქვენ არ ხართ ერთადერთი ამერიკელი, რომელსაც ეს პრობლემა აქვს. მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ევროპაში ამერიკულისგან განსხვავებულ კალენდრის ბადეს ვიყენებთ: იწყება ორშაბათით და არა კვირადღით, როგორც თქვენთან. გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ კალენდარს და ნახავთ, რომ დღეების მიმდევრობა სწორია! კვირა წითლად არის მონიშნული. შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით იმეილზე: contact@taschen.com
საუკეთესო სურვილებით,
TASCHEN
ომი იყო, მაგრამ ინგლისურის კერძო მასწავლებლები მაინც მოდიოდნენ. ბიუჯეტი აშკარად შეთხელებული გახლდათ, მაგრამ ყველა ოჯახში მოიძებნებოდა ფინჯანი ყავა და ორცხობილები, მასწავლებლებს რომ გამასპინძლებოდა დიასახლისი.
მაშინ ინგლისურის შესწავლის ისტერია იყო. რა უცნაურია, საბჭოთა სისტემის გულუბრყვილო შვილებმა, ჩვენმა მშობლებმა, როგორ იწინასწარმეტყველეს ამ მოქნილი ენის საჭიროება. ზოგჯერ ვფიქრობ, მათ ბევრი მოიკლეს, რომ ჩვენი ერუდირების გამო ქარ-ცეცხლში მოყოლილი კუპონები კი არა, მწვანე დოლარები გადაეხადათ კერძო მასწავლებლებისთვის.

ისინი ბევრი იყვნენ და სამ წელიწადში ერთხელ იცვლებოდნენ. მაგრამ ის ერთი იყო! ჩვენი ცნობიერების ბრიტანული პერიოდის ნამდვილი Hero... His majesty MR. Priestly.
დღეს კარგი ფსიქოლოგივით ვასკვნი, რომ იმ ქაოტურ წლებში, ომი და დეპრესია რომ ჰქვია, სწორედ MR. Priestly -ს სახლში ვიპოვეთ კომფორტი. ლონდონიდან 10 კილომეტრის სავალზე, ვარდებიან ეზოში, მშვიდი მისაღები ოთახით, სწორედ იმგვარი დიზაინის შპალერით, როგორის შექმნასაც ახლა დიდი მონდომებით ცდილობენ არტისტები... პიანინო, კომფორტული სავარძლები, ბუხარი და ხალიჩა.

მშვიდი და ინტელიგენტი, ასაკოვანი `მამა~, რომელსაც ერთგული ცოლი ჰყავდა, კარგი ნახატების კოლექცია და ბიბლიოთეკა ჰქონდა, სადილად კი მიირთმევდნენ პუდინგს, ხორცს სხვადასხვა სოუსით, ვაშლის ნაზუქებს კრემით. მათ ყველაფერი ჰქონდათ, სხვა არც არაფერი სურდათ, თორემ მის შემქმნელებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ, ინტრიგებით აევსოთ სიუჟეტი, სადაც MR. Priestly -ს კატა ასეთი გათამამებულია, ხოლო უეცრად მოვლენილი მეგობარი ინგლისური იუმორით ხუმრობს... თუ არ ვცდები, სადღაც თუთიყუშიც ჩნდება. მისი სტუდენტები კი საშობაო არდადეგებს ხან ესპანეთში, ხანაც შვეიცარიაში ატარებენ. MR. Priestly -ს ძმა სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა და მობილიზებული ინგლისელების დაგეგმილ ცხოვრებას აზღვევდა.

იქ ყველა ოპტიმისტი იყო და ჩვენი პესიმისტური ყოფისთვის ამიტომაც გახლდათ მიმზიდველი ეს გარემო, ჩვენთვის – დაუზღვეველი და ქაოტური საზოგადოებისთვის.
და ამ ოქსფორდებში, ადამსებსა და შექსპირებში, ტრაფალგარის მოედანთან ვიღაც ქალი დამეწია ბევრი აუდიოკასეტით – ვინმე ილონა დავიდოვა, ჟანა დ’არკისეული სიმამაცით საკუთარ თავზე რომ აეღო ბრიტანულიდან ამერიკულ ინგლისურზე გადასვლის დიდი გარდატეხა. ინგლისურს 3 თვეში გასწავლითო, ამბობდა. ღმერთო ჩემო! აბა მთელი ეს წლები რა ხდებოდა? ილონა დავიდოვამ საკუთარ თავზე იტვირთა და გაკვალა ინგლისური ენის შესწავლის ახალი გზები. პრიალა ყდებითა და ილუსტრაციებით ჩვენს ცხოვრებაში MR. Priestly -ს ანტიპოდი გმირები და ტოტალურად განსხვავებული სამყარო გაჩნდა – "Headway", "Language to go"და ტოლერანტული ამერიკა. ეკერსლი უკვე წარსული იყო.
ანგოლა, იაპონია, რობერტ დე ნიროს ინტერვიუ და ათასგვარი მსოფლიო სტატისტიკა... ომი დამთავრდა და ჩვენ ახლა ბისტროებსა და ა-ლა-ფურშეტებზე მოქცევის წესებს გვთავაზობდნენ დამაჯერებელი ილუსტრაციებით.

მედია, პირდაპირი რეპორტაჟები... კონტაქტები თვალის ჩაკვრით და თითების კომბინაციებით შექმნილი დიალოგები, ტრანსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში და მათი ტარიფები, ფულის ბრუნვა. ომი ხომ მორჩა?! მონუმენტური მისტერიები, ფილმის მიმოხილვები, ლეგენდები და ჩვენს მიერ იოლად შევსებული კროსვორდები. ასე დაიწყო ახალი ხანა, ასე დაინგრა კერძო მასწავლებლების დიდი ინსტიტუტი. და დღეს უფრო `დიდებში~, უფრო მარტივად ასწავლიან ინგლისურს, ვის ბრიტანულს, ვის _ ამერიკულს ან სულაც _ კოსმოპოლიტურს.
ამ ინსტიტუტებმა რაღაც დიდი ოპტიმიზმი შექმნეს ომისშემდგომ საქართველოში, უფრო ზუსტად კი, ახალგაზრდებში. მათთვის გზებია გახსნილი, საიტები _ მისაგნები და სამსახურები _ გარანტირებული.

Yes... I do!
დღეისთვის ბევრი შაბლონი დავიწყებას მიეცა: ბრიტანული და ამერიკული ინგლისურის კონფლიქტმა ამოწურა დებატების თემა. ყველა თვითონ ირჩევს, ბოთლი ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი; ახალი კვირა ორშაბათით დაიწყოს თუ კვირადღით. ის მაინც დაიწყება!

ეს იყო ჩემი ბოლო აბი ექსტაზი. დილით სასტიკ დისკომფორტში რომ გავიღვიძე დიასახლისი მეას სახელოსნოში, ძლივს გავსწორდი და ბალიში თავზე წამოვიფარე.

იაგუარების ტექნო

მზარავდა წინა დღის გახსენება. ჰელოუინზე, ტყეში, იაგურის ფორმაში გამოწყობილი დაექსტაზებული გოგო როგორ უხსნის გულს ფუღუროდან გამოსულ ევროპელ დიჯეის.

ღმერთო! ვითომ ეს დღე არ იყო!
მერე თავის დამშვიდებაზე გადავიდა. რა ვქნა ახლა! მაინც არავინ მიცნობს. დიასახლისის გარდა. იმ ბიჭს, კიდე, ან ვნახავ, ან არა.
მაგრამ ამერიკული სცენარები ასე არ ვითარდება, გოგონა! შენი სიმსუბუქე აქ მხოლოდ შენი დროებითი თავშესაფარია.
ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ სიმშვიდე დიასახლისის ხმაურმა დაარღვია.
_ პრივეტ, _ ნელა წამოიწია გოგონა და მეას მიესალმა.
პასუხი არ ყოფილა.
_ მეა, რამე მოხდა? _ გაოგნებული მიაშტერდა გოგონა დიასახლისს, რომელიც ზედაც არ უყურებდა. გოგონა ფეხზე წამოდგა, მიუახლოვდა და მოაბრუნა, _ ცუდად ხარ?
_ ხო! – იყო მკვეთრი პასუხი.
_ რა მოხდა, რა გჭირს?
_ მე თუ შენ?
ამაზე საერთოდ გადაირია გოგონა.
_ გამაგებინე, რას გულისხმობ?
_ მოკიდე შენს იაგუარის ფორმას ხელი და გაეთრიე აქედან!
_ აუცილებლად წავალ, ოღონდ მიზეზს მეტყვი, _ გოგონასაც დაეტყო სიბრაზე.
_ გუშინ მთელი საღამო ჩემს ბოიფრენდთან რომ გაატარე... მოპირდაპირე მხრიდან რომ გიყურებდით, როდის მორჩება ეს ზღაპარი მეთქი.

მერე თავზე წამოგადექი, წავიდეთ, გვიანიათქო და ჩემს შეყვარებულთან ჩახუტებით რომ მიპასუხე, – დიასახლისი ნელ-ნელა გარდაისახა მონსტრად. გოგონას თავში ერთ წამში ათასმა აზრმა გაუელვა, ნუთუ ამ სიტყვების და ამ ნახატების ავტორი ერთია. ან მე რა დავაშავე, ვიღაცას ფუღუროში ჩავეხუტე. რა მერე? ვიცოდი?
_ იცი რა? მთელი ცხოველები და ფრინველები რომ გამაცანი, ვერ მითხარი, ეს ბიჭი ჩემი შეყვარებულიათქო...
_ ნაჩხუბრები ვიყავით და არ მინდოდა მიახლოვება. იმან სამაგიერო გადამიხადა, _ გააწყვეტინა მონსტრმა.
_ არა, მეა, დამიჯერე, მართლა არ იცოდა, ჩვენ რომ ერთად მივედით, მეგობრები რომ ვართ.
_ რა ვართ? მე და შენ მეგობრები ვართ? – დიასახლისი ფეხზე ადგა და გოგონას ნივთებს “ვიქტორია’ს სიკრეტის” დიდ პარკში მოუყარა თავი.
_ წარმატებებს გისურვებ!
გოგონას ამასობაში უკვე მოესწრო მოსაცმლის მოცმა.
ცოტა ხანში კი, კაფეში იჯდა და გონს მოსვლას ცდილობდა.
ელექტრონული ფოსტა შეამოწმა. სოფო გაზეთიდან ამოწერილ განცხადებებს უგზავნიდა.
განცხადება:
1. "ვარ თბილისელი ქალბატონი, 48 წლის, სუფთა წარსულით.

მინდა მყარი, წყნარი, მშვიდი ოჯახი, მომწყინდა გაუგებარი ცხოვრება. სიყვარული, თანადგომა, გაგება მჭირდება. მინდა პატრონი. მინდა, დარჩენილი ცხოვრების წლები გავატარო ისე, როგორც ოჯახს შეეფერება. შემხვდით გაზეთის გამოსვლის მეორე დღეს, მეტრო "ნაძალადევის" სალაროებთან, 3 საათზე."
2. "ადამიანის სული სიმარტოვეს ვერ უძლებს, ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მაშინ მსუბუქი და ლამაზია ყველაფერი, მეთანხმებით? ვარ 30/172/63/, ორი უმაღლესი განათლებით, ადამიანის სულის ლაბირინთების კვლევა ჩემი პროფესიაა. მიყვარს პატარები, მოხუცებთან საუბარი, ზღვა, ავტომობილის მართვა, ცეკვა, სიმღერა, იუმორი, ხელოვნება, ვარ ბინით, აგარაკით უზრუნველყოფილი, მაქვს სამსახური, მგონი დავაგვიანე პირად ცხოვრებაზე ფიქრი"...
3.

ვაქვეყნებ განმეორებით, რადგან გავცივდი და სიცხიანი ვიწექი, ამიტომ ვერცერთ მამაკაცს ვერ შევხვდი. ვარ ნორმალური გარეგნობის, ნამდვილი ოჯახის ქალბატონი, თბილი, ქალური, გვიან გადავწყვიტე ვიმეგობრო შეგნებულ, კულტურულ, სიმპათიურ მამაკაცთან, რადგან ვცხოვრობ უსიყვარულოდ, თქვენი ჯიბე და ქონება არ მაინტერესებს. შემეხმიანეთ, გთხოვთ არ დამაინტრიგოთ.”
4. “ვარ მაღალი, 31 წლის, 2 უმაღლესი განათლებით, დედისერთა, სექსუალური აღნაგობის, ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ... თურმე გულს ვერ უბრძანებ. იყო დრო, უდარდელად დავქროდი, შემდეგ ახლობლები დავკარგე. ახლა მათი სულისთვის ვლოცულობ.

ჩემი პროფესიით სხვებს ვკურნავ, საკუთარი სულის სიმარტოვეს კი ვერ ვუშველე. თუ სტრიქონებს მიღმა მიმალული ტკივილის გესმით, მაშინ ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები...”
5. “ვეხმიანები "იდუმალ ქალს". ჩვენი ცხოვრების პროტოტიპები ანალოგიურია. ვარ 51 წლის, ძირძველი თბილისელი, ქართველი კაცი. შევხვდეთ გაზეთის გამოსვლის მეორე დღეს, 12 საათზე, რუსთაველის ძეგლთან, ხელში მექნება ხელთათმანები...”
6. “ვეხმიანები...

შევხვდეთ მარჯანიშვილზე, რუსულ ეკლესიასთან...
ბუკიას ბაღთან, შადრევანთან, მეცმევა შავი მანტო... ხელში ავტოკალამი მექნება... დაგელოდები... სამედიცინოს ამოსასვლელთან... მიყვარხარ...”
აქ ყველას მარტოობისთვის წერტილის დასმა სურს! ყველა მარტოობის ცარიელ ყოფას აპროტესტებს, რუდუნებით შეკოწიწებული სამყაროს ცენტრს სიამოვნებით უთმობენ განწყობით ადეკვატურ ადამიანებს, და ხან ფოსტასთან, ხანაც მეტროსთან, ვიღაცამ ბაღიო, კალმებით და სანთებელებით, გაზეთებით და დაუოკებელი სურვილით ერთმანეთს ხვდებიან. ესეც ხომ შეიძლება იყოს ლიტერატურა?! ამანაც ხომ შეიძლება ბესტსელერის სახელი მოიხვეჭოს?! მაგრამ ასეთი განცხადებებით სავსეა მთელი სამყაროს, ქალაქების და სოფლების, პრერიების გაზეთები. ეს ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი კი უკვე აღარ არის ლიტერატურა.

თან, დიდ შრომას და სქელ ყდას მოითხოვს. სქელი ყდა კი არასოდეს აქვთ ჩვენს ისტორიებს. სქელ წიგნებში იმას წერენ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო. ეს კი შინაგანი სამყაროს განმტკიცების ერთადერთი საშუალებაა, ყველაზე სასიამოვნო მარტოობა. თანაც, წიგნის კითხვისას, ზემოდან არავინ გიყურებს, იმედებიც იშვიათად გიცრუვდება. ასეთ დროს ხალხური ეპოსის გმირს ემსგავსები, რომელიც უცხო ქვეყანაში მარტო უმკლავდება გოლიათებს.

ვივიენს ქურთუკი ჯერაც არ გაეხადა, გოგონას თავგადასავლით დაინტრიგებული, გემრიელად იცინოდა და ამერიკული კონსტრუქციულობით უმარტივებდა დარდს. როგორც ვივიენისგან შეიტყო გოგონამ, ის დიჯეი ფუღუროს მუსიკოსი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეი, დიჯეი ვიკარდო იყო.
დანგრეული მეგობრობა აღდგენას რომ არ ექვემდებარებოდა, ამაზეც შეთანხმდნენ.

მოკლედ, გოგონა განსაცდელში იყო და ვივიენი მის დამშვიდებას ნამდვილად ვერ ახერხებდა.
_ შენი ვიზა მთავრდება და არ მიდიხარ? – ჰკითხა ვივიენმა.
_ არა, _ მოჯადოებულივით მექანიკურად უპასუხა გოგონამ.
_ კარგი, ბატონო, ნება შენია. ეს ჟურნალებიც შენია. – ვივიენმა დიდი ჩანთიდან ოცნების “w” ამოიღო და სამი ეგზემპლარი გოგონას გადასცა.
გოგონამ ბავშვური ინტერესით მოძებნა ის გვერდები, სადაც ძლივს იცნო თავი. გოგონა შეიცვალა.

ქუჩაში ჰედონისტების მიტინგი მძვინვარებდა. მიმდებარე ტერიტორია მობილური საუნდ სისტემით დაეპყროთ.

იაგუარების ტექნო

გოგონა ცოტა ხანს შეჩერდა და მეამბოხეებს დააკვირდა. მერე ყველაზე მყუდრო ქუჩით გაუყვა გზას.

სად მიდიოდა, ჯერ არ იცოდა. სამაგიეროდ, კარგად იცოდა საკუთარი ქვეყნის ავადმყოფობის ისტორია. მაღალ მთებში და სწრაფ მდინარეებში დაწერილი. ხან სოფოს დეიდა, ხან დედა რომ უკითხავდნენ თანამედროვე აგარაკების ვერანდაზე გაშლილ განიერ ფარდაგზე მოკალათებულ გოგონას და სოფოს. როგორი გამძლე გულები ქონდათ გმირებს, როგორ წამლავდნენ მეფეს, როგორ იგებდნენ ბრძოლებს, მარტო რომ ტოვებდნენ სხვა ქვეყნის დახმარებისთვის ხელგაწვდილ მეფეებს. მეფეებს? _ თვალები უფართოვდებოდათ მაშინ, _ მეფეების მარტო დატოვება? მერე უხატავდნენ გაცსაც და გაიმსაც. ხმალსაც და მუზარადსაც.

დევების ქორწილს. ოქროსთმიან დალის. უამბობდნენ, რომ ეს მხარე სავსეა იგავების პერსონაჟებით და ღალატით; რომ ამაზე მერე მოგვიყვებიან, ცოტა რომ გავიზრდებით. ცოტა გაზრდილებს კი, ანუ თინეიჯერ სოფოს და გოგონას, ნამდვილად აღარ მოუცლიათ ისტორიისთვის. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაუბრუნდნენ და ყველაფერი თავიდან გადაიკითხეს. მისაღები გამოცდებისთვის. აბა, ცოტა მერე, თინეიჯერობა და დაქალებში მოყოლილი “რომეო და ჯულიეტა” იყო მთავარი – პირველი თინეიჯერები, რომელთა შესახებაც ვგებულობთ ლიტერატურის ისტორიიდან.

აი მაშინ კი, გოგონაზე ადრე დაქალებული სოფოს ლექსიკონში ის სიტყვები ამოტივტივდა, არც აგარაკზე, არც ზღვაზე და არც ოჯახში რომ არ გაეგო გოგონას. რა მენსტრუაცია, რა მომივიდა... სოფოს კი შეეფერებინა კარს მომდგარი გარდატეხის ასაკი. სარკეში ისეთი სიხშირით იხედებოდა, იფიქრებდი, იქ ვიღაცას ელოდებაო. გოგონა კი აკვირდებოდა ახლებურ ქცევას, თვითონ ჯერ მხოლოდ ძუძუს თავები წამობერვოდა, ისე შეუმჩნევლად და ისეთი ტკივილით, რომ ნაღდად ვერ გაეგო, მის თავს რა ხდებოდა. სოფო იმას აჩენდა, რასაც გოგონა მალავდა. სოფოს იმაზე საუბარი ხიბლავდა, რისიც გოგონას ეშინოდა.
ცოტა მერეც კი, სოფო ბიჭებს ტუჩებში რომ კოცნიდა, გოგონამ პოზა მოიგონა, რომ არავინ არ მოწონს, ბიჭების არ ესმის.
მერე, როცა შეუყვარდა, სოფოს უკვე სქესის გადაფასების ხანა დაუდგა.

_ პროსტააა, ყველა ერთნაირი დამპალია. – ამბობდა ტუჩების მანერული მოძრაობით და ნაფაზებს არტყამდა, თაბრუს დახვევამდე ღრმას.
გოგონას კი ახლა სურდა მათზე საუბარი. სინქრონში ვერ განვითარდნენ. გამოცდილებით სოფო უსწრებდა, რომელიც ახლა ციცერონივით, მხოლოდ ციტატებით შემოიფარგლებოდა. ბიჭს თუ უნდაა, პროსტა, მიწიდან ამოგიღებს, ყველგან გიპოვისო.

და იპოვა. იმანაც დარეკა. ვინ და დიჯეიმ.

დიჯეი ვიკარდომ. გოგონას მობილურზე.
არ ვიცი, იმან რა უთხრა. სამაგიეროდ, გოგონას პასუხი ასეთი იყო: ოკ.
*****************************
ამ ქუჩას უნდა ჩაუყვეთ, _ მეუბნება შავკანიანი ქალი და მიღიმის.
გაიჭრა მატარებელი ღია ცის ქვეშ. კარგა ხნის შებინდებული იყო. ღამის განათებაა, ხიდებზე საჩვენებელი ფიგურული სრიალის კენტი ქალივით შესრიალდა და დიდ სავაჭრო ცენტრებსა და დაუხვეწავ ვეებერთელა ინდუსტრიულ ინსტალაციებში, თვალმა ბალეტის გაკვეთილად აღიქვა. წამით, მაგრამ ეფექტი ძლიერი იყო. სისწრაფეში მაინც კარგად იკვეთებოდა 15 გოგოს და ერთი მასწავლებლის ჯიუტი ოპტიმიზმით სავსე სხეულები, რომ იჭიმებოდნენ და უკვე არაფერი ჰქონდათ დასაკარგი.

ვაგონში ქერათმიანი გოგონები ისხდნენ. გრძელი, გაშლილი, ხარისხიანი თმა თავისთავად იქცევდა ყურადღებას. სადგურებზე კიდევ უფრო ლამაზი ახალგაზრდები გვემატებოდნენ და გვირაბებში იმის სრული შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს კომფორტი მარადიულია, რასაც სადაფისფერი პომადა ტუჩზე, შამპუნი თმაზე და ნელსაცხებელი ქმნიდა ხელზე.
გოგონა მეტისმეტად შეცვლილიყო. ძლივს იცნობდი და ვერაფრით იფიქრებდი, რომ ეს კბილებდაშორებული მომღიმარი ახალგაზრდა იმ ქვეყნიდან არის, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კვირაში ერთხელ, 3 ლიტრ სისხლს აბარებს, რომ შვილს საჭმელი უყიდოს; სადაც მახლობელ სოფლებში სამი ძმიდან ერთი მიდის სკოლაში, რადგან დანარჩენ ორს ფეხსაცმელი არა აქვს. ქვეყანა, რომელიც გავს ვირთხას, რომელზეც გამუდმებით ცდებს ატარებენ, გამძლეობის ტესტს ცდიან.
ახლა გოგონა იმ ქვეყნის მოქალაქე იყო, რომელიც 246 სახეობის ყველს აწარმოებს; სადაც ის თავის ახალ მეუღლესთან ერთად დასახლდა; სადაც ფსიქოდელიურ შუადღეებს ტექნო საღამოები ცვლის. ინტუიციის შესანიშნავმა უნარმა ახალი პროფესიის შესწავლის სურვილი გაუჩინა. body language კურსები ყველასთვის ღიაა, ოღონდ ფული გადაიხადე.
სხეულის ენა ისეთივე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, როგორც ძველი და თანამედროვე ენები.

ჟესტი და მანერა, მიმიკა, ქცევა და შეფასება, _ აი, რას სწავლობდა გოგონა. ვინ რას ფიქრობს, რას აპირებს და რას განიცდის.
გოგონა საუკეთესო იყო ჯგუფში, ამაში მისი ინტუიციის საოცარი უნარი უწყობდა ხელს. სწავლიდან მესამე თვის თავზე, ის უკვე პროფესიონალი იყო. ახალმა პროფესიამ სიხალისე და ახალი თამაშის წესები მოიტანა, რაც ახალ წყვილს მეტისმეტად ართობდა. თუმცა, გოგონას მხრიდან გაჩნდა კითხვები, რაზე პასუხიც ვიკარდოს ხშირად არ სურდა. უბრალოდ, გოგონას ეს შეკითხვები ახლა უჩნდებოდა, რაც სათავეს ბოლომდე გაშიფრული ვიკარდოს ქცევიდან იღებდა.
მაგალითად, მეას თემა, რომელიც იმწამსვე დახურეს, რაც ერთად ყოფნა გადაწყვიტეს, ახლა უტივტივდებოდა გოგონას. მოჯადოებულივით ჩააცივდა, საიდან იცნობ, სად გაიცანიო.


_ რა მნიშვნელობა აქვს, ეგ თემა დაიხურა და საერთოდ, ის ქვეყანაც დაიხურა ჩვენთვის, რაში გადარდებს, გირეკავს ან გწერს თუ რა? – გაღიზიანდა ვიკარდო.
_ არა, ისე, _ ბავშვივით ათამაშებდა ფეხს გოგონა.
ვიკარდო მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია.
_ მორჩი მაგაზე ფიქრს.
_ ხო, უბრალოდ, შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც კიდევ უნდა ამოტივტივდეს ეგ ადამიანი და მირჩევნია ვიცოდე, საიდან მოვა.

აღმოსავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანსიში, დიდი მუსიკალური ფესტივალის დახურვაზე, ვიკარდო მიიწვიეს.
მწეველების ვაგონს მიბმული არამწეველების ვაგონი. მატარებელში გოგონა და ვიკარდო გვერდიგვერდ ისხდნენ და ჯერ კიდევ დაუძრავ ტრანსპორტში, კომპიუტერში ჩართულ ფილმს მიჩერებოდნენ. გოგონას გარდერობიც შეეცვალა. მისი ექსპერიმენტული ჩაცმის სტილი ახლა მარტივად – ხარისხიან შავ ტანისამოსს ჩაენაცვლებინა. გრძელი თმა უხდებოდა. ვიკარდოს მოწონდა ეს საუცხოო ნაწნავები, თავს და ბოლოს რომ ვერ გაარჩევდი.

და როგორც არამხოლოდ რომანებში და კინოში, ცხოვრებაშიც რომ ხშირია, ისინიც დაემსგავსნენ ერთმანეთს.

იაგუარების ტექნო

ლექსიკონით, ჩაცმის სტილით, მზერით და რაც ყველაზე უფრო ლოგიკურია _ ინტერესებით.
წყვილი კომპიუტერის მონიტორს უყურებდა. მათ ახლა მხოლოდ ეს ფილმი აინტერესებდათ. ალბათ ამიტომაც ვერ ამჩნევდნენ, რომ რაც უფრო აღმოსავლეთისკენ მიიწევდა მატარებელი, მით უფრო დიდი მინდვრები იშლებოდა. მერე ასეთივე დიდი სასაფლაოები. ჰორების ნერვიული გადიგამოდი ტრიალ ველებში.

და ამ ტრიალ მინდვრებში თავმოყვარედ დარჩენილი დიდძუძუებიანი იები. გარემო სხვა ენაზე ლაპარაკობდა, ახალი წყვილი კი _ სულ სხვაზე.
ნანსიში რომ ჩავიდნენ, უკვე ღამე იყო. მაისის დასაწყისი კი იყო, მაგრამ ევროპაში ციკლონი მძვინვარებდა. პატარა ქალაქში მალევე მიაგნეს დაჯავშნულ სასტუმროს და ლიფტში ორივე ერთმა პერსპექტივამ მოხიბლა, _ რომ არაფერი ჯობს ახლა უცხო სასტუმროში, სხვის მიერ გარეცხილ, ქათქათა თეთრეულში შეწოლას და სიყვარულს. ერთი სიტყვით, ორივე სექსზე ფიქრობდა და ნომერში შესვლისთანავე, უძველესი კერპების პოზები მიიღეს.

ტიპური ფრანგული ქალაქი, კუთხის კაფეებით, ქოთნის ყვავილებით. დინჯი ტემპი და ნაოჭები.

ამ ქალაქში არის მოოქროვილ გალავნებში ჩასმული, თეთრი ქვაფენილით გაწყობილი სტანისლასის მოედანი, საიდანაც გზა ხუთი მიმართულებით მიდის. ეკლესიებში წირვები, მთავარ მოედანზე კი ქორალის ფესტივალი. კარგი ფრანგული პროვინცია. ორი უნივერსიტეტი.
სინემა კამეოდან მანუფაქტურის თეატრამდე.
პეპინიერის პარკში, სადაც ციკლონური მაისის გამო, ღია კაფეებში მხოლოდ აქა-იქ იჯდა ხალხი, ვიკარდო და გოგონა, თითქოს მექანიკურად, მაგრამ მაინც გარეთ დამონტაჟებული მშრალ-ყინულიანი ფერადი წვენების ხათრით შეჩერდნენ კაფესთან. ჟოლოს და მანგოს წვენი შეუკვეთეს. მაგრამ მალევე აღიარეს, რომ შეცდნენ. სულ არ იყო სასიამოვნო ეს ცივი სითხე, ამიტომ ჩაიც მოითხოვეს.
ვიკარდომ კომპიუტერი გახსნა, ყურსასმენები გაიკეთა და მუსიკის კეთება დაიწყო.

ღამე ხომ კლუბში უკრავდა.
გოგონას ჯერ ამ გოთურ ქალაქში მძვინვარე ქორალის ფესტივალის რეპეტიციის ხმები ესმოდა, შორიახლოდან მობერილი. მერე პარკში მოსეირნე წყვილებს აშტერდებოდა. მალე კი ვიკარდოს მუსიკა გაიგო. არა, მხოლოდ ბასები კი არა, გადაყვანებიც და ყველა ბგერა. გოგონას თვალებზე ასტრალური ელფერი დაედო, გაეღიმა, რადგან არანაირი ლოგიკით არ უნდა ესმოდეს ეს ხმები ასე კარგად, ეს ძვირფასი ყურსასმენები ხომ სწორედ ამისთვის მოიგონეს. მაგრამ გოგონას ესმოდა და ნელ-ნელა არამცთუ მუსიკის წიაღში და ვიკარდოს სამყაროში გადაიჭრა, არამედ ვიკარდოს წინა ცხოვრების თანაზიარიც გახდა თითქოს.


**********************


ომი ცამეტი წლის დამთავრებული იყო. მამრი ვიკარდო...

მდედრი ვიქტორია... სხვების მსგავსად, ახალი ცხოვრებისთვის ბრძოლას იწყებდა. ომმა ყველა ერთმანეთს დააშორაა, ზოგი სამუდამოდ, ზოგი კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაისროლა სამშვიდობო ჯარივით. ინსტინქტმა ისევ იფეთქა ომისშემდგომი ქალების გონებაში. ახლა ისევ დადგა დრო, მოდას აყოლოდი და თუნდაც ახალი შეყვარებული გეძებნა. მით უფრო, თუკი გარეგნობა გიწყობდა ხელს; თუკი დახვეწილი ყვრიმალები, ოდნავ დახრილი წარბები და ნაცრისფერი თვალები გქონდა. თხელ თითებზე მოკვნეტილი ფრჩხილების ხიბლი...

და მიმზიდველი და ეროტიული, თხელი სხეული... გინდ ომი იყოს, გინდ მშვიდობა.
ახლადშეძენილი მეზობელი ქალის მითითებით, ვიქტორიამ ნაჭრების საწყობს მიაგნო, რომელსაც ქაოტურ ვითარებაში, მალევე გამოუჩნდა პატრონი, რომელიც ხავერდს, ჩითს, ატლასს, მაქმანს, კაბებს და ქუდებს სხვადასხვა ნივთებზე ცვლიდა. იქ შესულს რამდენიმე ქალი დახვდა, ზოგს შირმა მოჰქონდა, ზოგს ლამპა, კარგად შენახული ცოცხიც კი ეჭირა გამხდარ გოგონას, რომელიც განიერ კაბას იზომავდა და თან ტანზე იჭერდა, საკუთარი ფორმისთვის რომ მოერგო. ღიმილნარევი ვიქტორია, რომელიც სასიამოვნო დაბნეულობას შეეპყრო, ყველას მიესალმა და ნაჭრების დიდ თოფებთან ჩამოდგა. დიდხანს არჩევდა. შემდეგ სამი მატერია მოეწონა, დიდი თეთრი საყელოც დაამატა და გამყიდველს სანაცვლოდ დიდი ფოტოალბომი _ რა თქმა უნდა, ფოტოების გარეშე _ გაუწოდა. ეს იყო ერთი ნივთი იმ რამდენიმედან, რაც ომის შემდეგ შემორჩა.

გამყიდველმა ღიმილით დაუდასტურა კმაყოფილება. და ის იყო, იქაურობა უნდა დაეტოვებინა, რომ ვიქტორიას ზურგიდან ვიღაც მოეხვია. ეს ვიქტორიას ძველი მეგობარი იყო, კლასელი და მეზობელი.
_ ღმერთო! – ეს სიტყვები აღმოხდა და ტირილი დაიწყო. მთელი სახე დაუკოცნა მაღალმა ქალმა, რომელიც ამ მისტიურ სარდაფში ასევე ნაჭრების ასარჩევად იყო შემოსული. ვიქტორიას თვალები კიდევ უფრო უფართოვდებოდა და თხელ თითებს პირთან იდებდა, თითქოს ყვირილი უნდოდა და ასე იკავებდა.
_ ახლა არაფერი არ მკითხო. ხვალ შვედეთში მივდივარ და შენც მოდიხარ. აქ მარტო ხარ და დიდი დრო დაჭირდება ყველაფრის თავიდან დაწყებას.
ჰოდა, წაყვა.
ვიქტორიას კი ის ჭირდა, რაც ალბათ მხოლოდ ომის შემდეგ შეიძლება დაგემართოს.

მთელი გზის მანძილზე, ვიქტორია მეგობრის და კლასელის, ერთადერთი გადამრჩენელი ადამიანის (თუმცა არავინ იცის, შვედეთში წასვლა ჯობდა თუ იქ დარჩენა, სადაც ვიქტორია ცხოვრებას წვალებით იწყებდა) სახელს ვერ იხსენებდა. ამას ნამდვილად ვერ ეტყოდა მეგობარს და ამიტომ იტანჯებოდა.
_ პასპორტი გაქვს? – ჰკითხა მოულოდნელად ვიქტორიამ. მეგობარი არ დაბნეულა, მშვენიერი კითხვაა იმ დროისთვის.
_ საბედნიეროდ კი, _ იყო პასუხი.
დრო იწელება, ვიქტორიას ერთადერთი შანსი აქვს, რომ პასპორტის ჩვენება მოთხოვოს და იქ ამოიკითხოს სახელი.
_ მაჩვენე, გეხვეწები. რაღაცის ნახვა მინდა.
მეგობარმა ჩანთა გახსნა, ამოიღო და გაუწოდა.
ელენე. რა თქმა უნდა, ელენე...
_ რა იყო? რა გაინტერესებდა? – ჩაეძია ელენე.
_ შენი დაბადების დღე მაინტერესებდა... აღარ მახსოვდა. ამ დროს, როგორ მიყვარდა ხოლმე.

დედაშენი მატარებლის ფორმის ტორტს რომ აკეთებდა.
სტოქჰოლმი გამოჩნდა. 1957 წელია. დეკემბერი. ნობელის პრემიას ალბერ კამიუს აძლევენ. კურდღლისცოცხებია ირგვლივ.

ასევე სტოქჰოლმში, ბედისგან დავიწყებული ალექსი, იგივე გოგონა, 16 წლის იყო, როცა დედასთან ერთად ფაშისტებს ტყვედ ჩაუვარდა. გარკვეული დროის შემდეგ, დედა წაიყვანეს. არავინ იცის სად.

დილეგში სამ თვეზე მეტხანს ელოდა დღის შუქს და ადამიანურ საჭმელს. ერთ დღეს, მტრის ბანაკიდან ასაკოვანი ქალი ალექსის დილეგში ჩაძვრა. ჩუმად. ჩურჩულებდა. ჩანთა ამოაძვრინა კაბის ქვემოდან. ჯერ დიდი, სქელი თოკი ამოიღო, მერე საჭმელი ამოალაგა: ღორის ხორცი, ცხელი კარტოფილი, კომპოტი, წყალი, პურები, ყველი და კიტრი.

იაგუარების ტექნო

თან, ყველაფერი ნაჭრებად დაეჭრა: _ დედა ხომ შენც გყავს და ალბათ ფიქრობს, რას ჭამს ახლაო.

– უცხო ქალი მალევე გაუჩინარდა. ერთ დღესაც, ალექსიმ თოკის აჭიმვა გადაწყვიტა. რაც იქნება, იქნებაო. აბა, რამდენ ხანს იქნებოდა იქ?

გასასვლელს რომ მიუახლოვდა, ათი წუთი ათვალიერა, ირგვლივ რა ხდებოდა. სიმშვიდე იყო. ამოძვრა. და გაიქცა.

ჭიშკართან ეგდო ის უცხო ქალი მტრის ბანაკიდან, რომელმაც საჭმელი და თოკი ჩაუტანა.
უკვე ჩვიდმეტი წლის ალექსი, რომელიც დაბადების დღეს დილეგში შეხვდა, გემით შვედეთში აღმოჩნდა. სოციალური დახმარების მიზნით, ერთი ვიწრო ოთახი გამოუყვეს.
პირველი სამი თვე მხოლოდ კარტოფილი ქონდა. მაგრამ გამოსავალი თვითონ ნახა. მრავალფეროვნებისთვის ყოველდღე სხვადასხვა ფორმის კარტოფილს ამზადებდა: დღეს მრგვლად დაჭრილს წვავდა, ხვალ სქლად, ზეგ წვრილად და ასე დაოსტატდა. კარტოფილის ჭრას ქაღალდებისაგან აპლიკაციების დამზადება მოჰყვა. მერე ეს აპლიკაციები საშობაოდ საბავშვო ბაღს ფანქრებში გაუცვალა. მერე ნაგავსაყრელზე დიდი ფორმატის ქაღალდები იპოვა და ხაზვა დაიწყო.
წლები გავიდა.
არ დარჩენილა ევროპის არცერთი ქალაქი, სადაც ალექსის დაპროექტებული სახლი და სასახლე არ მდგარიყო.

განვლილი ცხოვრების რთული გზა წარსულში დარჩა. ახლა იყო აფიშების, კატალოგების და გამოფენების ტირანია.
ალექსი ლამაზი იყო. გოგოსავით. თხელი კონფიგურაცია... შავი თმა, შავი თვალები... რატომღაც იმედგაცრუებულის ასოციაციას აღძრავდა. ხელზე ხელის დადება მოგინდებოდა.

და იქნებ ამიტომ იყო მიმზიდველი. სტიკერივით რომ მიიკრავდი სხეულზე, ან ქინძისთავივით _ საყელოზე.
ჰოდა, 1957 წლის დეკემბერს, სწორედ მისი ბინის კარზე დაირეკა ზარი.
ელენე და ალექსი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და დიდხანს არ მოშორებიან. ვიქტორია კი ადგილზე გაშეშდა. ხო ხდება ხოლმე ასე? კი, რამდენჯერაც გინდა. ვიქტორიას შეუყვარდა ალექსი _ კლასელის და მეზობლის, ელენეს ბიძაშვილი, რომელსაც ყველაფერი უწყობდა ხელს, ომგადატანილი მამიდაშვილი, მეგობართან ერთად, თავისთან შეეხიზნა. რამდენ ხანსაც სურდა, იმდენ ხანს.
ვიქტორიამ იმ ღამეს ვერ დაიძინა.

საგულდაგულოდ მოწყობილ საუზმეზე, ვიქტორიამ უნებურად ის ადგილი დაიკავა, სადაც მზე ეცემოდა და ფერმკთალ სახეს კიდევ უფრო გამოკვეთდა.
საუზმისთვის გამზადებული სუფრა, თეფშები ალექსის თეთრ ფერში გადაეწყვიტა. ყველის ასორტი ინსტალაციას გავდა, ხიზილალა _ საიუველირო მაღაზიის დეკორაციას.
ყველა დაძაბული იყო.

მიზეზი არავინ იცოდა.
_ ასეც ვიფიქრე, _ თქვა ელენემ და ოთახს მოავლო თვალი. ვიცოდი, სულ ვიცოდი, რომ ოდესმე ასეთი სახლი გექნებოდა.
_ ხოო? – ალექსიმ თავი დახარა და გაეღიმა.
როგორც კი დრო იხელთა, ვიქტორიამ თვალი თვალში გაუყარა. იქ სასწაული მოხდა. თითქოს ბერძნული ცივილიზაცია შეზანზარდა და რომის იმპერია აღდგა უეცრად. მათი სხეულები გადატყდნენ.
მხოლოდ ელენე ჭამდა.
ვიქტორია ყავას სვამდა, ალექსი _ წყალს.
_ წერილში ყველაფერი მოგიყევი. ამიტომ თავიდან აღარ აგაფორიაქებ.

მოკლედ, ვისზეც უნდა გეკითხა, როგორ არიანო, მარტივი პასუხი მაქვს: ნელ-ნელა ყველა მოკვდა.
ალექსიმ იცოდა ეს და ამიტომ ახლა კომენტარიც არ გაუკეთებია. უბრალოდ, ელენეს შეხედა. მკაცრად.
_ საღამოს დავლიოთ, ხო? _ თქვა ალექსიმ და გოგონებს თვალი შეავლო. ორივე დათანხმდა, ღიმილით და თავის დაკვრით.

უზარმაზარი საცხოვრებელი, რომელიც სამ სართულზე იყო გადანაწილებული, ალექსის შემოქმედების ნაწილი იყო. გაჭიმული დიდი ესკიზები არქიტექტურული დეკონსტრუქტივიზმით.
საღამოს სახლში დაბრუნებულმა ალექსიმ გოგონებს საჩუქრად ახალი ძვირფასი ტანსაცმელი მოუტანა. თანაბარი რაოდენობით.

უბრალოდ, ერთი დამატებითი პარკი ვიქტორიას გაუწოდა. ერთხანს უყურა და რაღაც ნიშანი მისცა.

ტერასის ცენტრში დაბალი, მრგვალი მაგიდა იდგა. თეთრი გადასაფარებელი და ვერცხლის თუ ვერცხლისფერი ჭურჭელი ჩაისთვის. და ფეხმაღალი ბოკალები სასმელისთვის. იყო ასევე მუცელგამობერილი ვისკის ჭიქები.
მოლი და ელენე ისხდნენ და საუბრობდნენ. სურდათ, გულით სურდათ დაევიწყებინათ ის, რაც იყო, მაგრამ ორივემ იცოდა, ასე არ მოხდებოდა.
ვიქტორია შემოვიდა. შავი მოკლე კაბა, ზურგმოხდილი, დაბალძირიანი თხელი ფეხსაცმელი და...

მეტი არაფერი. თვალები.
ალექსიმ სათქმელი გადაყლაპა. წამოიწია და სკამზე მიუთითა, რომ მის პირდაპირ დამჯდარიყო.
სმას გულახდილი საუბარი მოყვა. ელენემ სკოლის ამბები გაიხსენა და თქვა, რომ მთელი კლასის ბიჭებს ვიქტორია უყვარდათ.
_ არა, იტყუება, _ ამბობდა სასმელმორეული და მანერულ ნაოჭებასხმული გოგონა, რომელიც ბედს აქ, ამ მისთვის მისტიურ გარემოში გადმოეგდო, სადაც ესკიზებიც იყო და ამ ესკიზების ავტორიც, რომელიც ალბათ ძალიან შეუყვარდება ვიქტორიას. მაგრამ ალექსის თუ შეუყვარდება, საკითხავი აი ეს არის.

დრო გადიოდა. ელენემ და ვიქტორიამ გარეთ სეირნობას და საჭმლის კეთებას მიჰყვეს ხელი.

მაგრამ ვიქტორია ძირითადად ჩუმად იყო. იშვიათად ამბობდა რამეს. არ შიოდა ხოლმე. ერთადერთი, მხოლოდ ალექსის ნახვის სურვილი ჰქონდა. ენახა და არაფერი ეთქვა.
ალექსიმ მოუხშირა ქალაქგარეთ სიარულს. რა იყო ამაში უცნაური? წარმატებულმა არქიტექტორმა შეიკედლა ბიძაშვილი და მისი მეგობარი. სახლი მთლიანად მათ განკარგულებაში გადავიდა.

ყველა თავისუფალია. რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ამბობდა ხოლმე სახლიდან გასვლის წინ და იღიმებოდა.
ღამე სახლში თუ არ ბრუნდებოდა, რეკავდა და ელენეს აფრთხილებდა. პერიოდულად კი ძვირფას კაფეებში დაყავდა. სეზონის მიხედვით, გარდერობს უხალისებდა და ახალ ფილმებს აცნობდა. ვიქტორიაზე თვალი უშტერდებოდა. ცდილობდა, მისი სიჩუმე დაერღვია.
დრო გადიოდა.
_ რამე რომ იყოს, სად იმუშავებდი? – ჰკითხა ერთხელ ლუდის ბარში ალექსიმ ნასვამ ვიქტორიას.
_ არ მიფიქრია, _ უპასუხა ვიქტორიამ, _ ვიმოგზაურებდი.
_ სად?
_ ყველგან, სადაც თბილა.
_ აქ არ მოგწონს?
ვიქტორია დაიბნა. სიტყვები გადაყლაპა.

მერე ეს სიტყვები საცრემლე ჯირკვლებში გაძვრა და თვალიდან ცრემლად გადმოცვივდა.
_ აუ, მაპატიე, _ დაიბნა ალექსი და ვიქტორიას მოეხვია.
ელენე მუსიკალური ავტომატის წინ ცეკვავდა. როგორც შეეძლო, ისე.
ღამე, ძილის წინ, ბევრი იფიქრა. გადაწყვიტა, ხვალ დილით, საუზმეზე ალექსის ყველაფერს ვეტყვიო.

გვიან გაეღვიძა. ნაცემივით გრძნობდა თავს. აბაზანაშიც დიდი ხანი დაჰყო. გრძელი, შავი კაბა გადაიცვა და მისაღები ოთახისკენ წავიდა. მხიარული ხმები ისმოდა.

ელენე იცინოდა.
ვიქტორიასაც უცნაურმა სიმსუბუქემ დაუარა ტანში.

იაგუარების ტექნო

დღეს მხიარული ვიქნებიო, გაიფიქრა.
_ აი, ეს არის ვიქტორია, _ წამოიძახა სასადილო მაგიდასთან მოკალათებულმა ელენემ, რომელსაც გვერდით ეჯდა ალექსი. მაგრამ ალექსის ვინღა ეჯდა გვერდით?
ვიქტორიამ ნაბიჯი შეანელა.
_ დილა მშვიდობისა, _ ეუბნებოდა უცნობი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ძალიან გავდა ალექსის.
და, ალბათ მკვიდრი და არის. აბა ვინ იქნება? _ გაუელვა გონებაში.
დიდი წამწამებით, ალექსისნაირი შავი თვალებით, ოდნავ სავსე მკერდით, შავი ანგელოზი იჯდა ვიქტორიას ადგილას.
_ ყავა? ჩაი? – ჰკითხა ელენემ.
_ სალამი, _ ამოღერღა ვიქტორიამ საერთო მისასალმებელი და ძალით გაიღიმა. ჩამოჯდა. მოწყდა.
_ ეს არის ელფრიდა.

ელფრიდა გამოდის ჩემი... – და აქ თითქოს სიტყვას იხსენებსო ელენე. ამ ერთ წამში კი ვიქტორია ასკვნის და სურს მიაშველოს სიტყვა „და“. ჩემი იგივე და.
_ ჩემი რძალი! – დაასრულა ელენემ და გადაიხარხარა. ალექსი დუმს. ელფრიდა კეკლუცობს. ვიქტორია კვდება.

მაინც რა იყო, ვის არ ყვარებია ასე? რატომ არის ხაზგასასმელი ეს შეუმდგარი სიყვარული?
იქნებ იმიტომ, რომ სხვაგან არსად არ დაუმალავს ქალს სიყვარულის და ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილი.

სხვა მის ადგილას ერთხელ მაინც მიანიშნებდა აშკარად. აკოცებდა. დათვრებოდა და ამოღერღავდა. მაინც ცდიდა. ცდიდა მაინც! რატომ თქვა უარი? რატომ არ იჩქარა?
ეს შეუმდგარი სიყვარული იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ
ვიქტორია ერთადერთი ქალია, ვინც ისე ითმინა სიყვარული, რომ ტანზე ლექსებმა დააყარა. მთელი სხეული, სახიანად, დაუფარა. არასძალით არ მოშორდა და იმ დღის შემდეგ, ოთახიდან არც გასულა.

ღრმა დეპრესიაა, _ თქვეს ექიმებმა, რომლებსაც არ ჯერათ მოჩვენებების.
დრო გადიოდა. ელენე და ვიქტორია იმავე სახლში ცხოვრობდნენ.
დრო ალექსისთვისაც გავიდა. იმ დღის შემდეგ, როცა ელფრიდა და ვიქტორია ერთ მაგიდასთან მოხვდნენ, სხვა ქალაქში გადასახლდა. მალე იქორწინა. კიდევ გავიდა დრო. გაუჩნდა შვილი. ბიჭი.
1960 წელს ვიქტორია გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა.

(რაღა უეცარი).
1961 წელს კი, ალექსი და ელფრიდა ზღვის სანაპიროსთან, გზატკეცილზე, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ქონება მათ სამი წლის ვაჟს დარჩა, რომლის პატრონობაც ელენემ იკისრა.
ვერცერთი ვერ მოესწრო 60-იანი წლების ბუმს. ვერ ნახეს ადამიანები, რომლებსაც ომი აღარ ახსოვდათ და ახალი ომი გულწრფელად არ სურდათ. ვერ ნახეს ემოციებით აზვინული ევროპა და ვერც ჰიპების გაბლარული სახეები. ვერ ნახეს ულტრაახალგაზრდული პასტორალი. გაუტეხელი გულები და აღგზნებული სხეულები. მათ ვერ დაადეს ენა ვამპირის ტუჩს.

ვერ ჩაიცვეს იმ დროის ჯინსები.

მშვიდ ქალაქში მძვინვარე ქორალის ფესტივალი სხვა ხმამ გადაფარა. თეატრის დღეების დახურვაზე ვიკარდო უკომპრომისო ტექნოს უკრავდა. შარვლიდან საცვალი უჩანდა. გოგონა ბექსთეიჯზე, უზურგო სკამზე იჯდა და არაყს და რედბულს მიირთმევდა. ვიკარდო უყვარდა. დამსწრე საზოგადოების ჟესტებით კი მთელი თეატრალების სათქმელს შიფრავდა, რომლებიც მის წინ ატუზულიყვნენ და ენერგიულად ცეკვავდნენ.
გოგონას ვიკარდოში მსმენელებისადმი ერთგვარი ინფანტილური დამოკიდებულება ხიბლავდა. როცა აბსოლუტურად გაუცხოებული, კომპიუტერიდან თავს თითქმის არ წევდა, მხოლოდ მისი სხეული მოძრაობდა იაგუარივით, ფრთხილად და განგაშისმომგვრელად.

პერიოდულად კი გოგონას გამოხედავდა და ახლა ვიკარდოს მოსწონდა გოგონაში ეს უსაზღვრო ლოდინი სეტის ბოლომდე. უყვარდა, რომ მოულოდნელად გოგონა წელზე შემოეხვეოდა და კისერში კოცნიდა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ვიკარდო იღიმოდა.

იაგუარებმა ტანსაცმელი გაიხადეს და ძირს, სასტუმროს ლოგინთან დაყარეს. დაღლილობისგან აბაზანაში შესვლაც ვერ შეძლეს.
_ ბანძობა იყო. – თქვა თვალმიხუჭულმა ვიკარდომ.
_ მაინც თეატრალები...
_ სულ ერთი იყო, მგონი, რას დავუკრავდი.
_ გეგონოს, _ თითქოს გაამხნევაო გოგონამ.
ვიკარდომ ხელზე აკოცა. – ასეთი გადაგზნებული როცა ვარ, ვერ ვიძინებ, _ წუწუნებდა ვიკარდო.
გოგონა თავზე ეფერებოდა.
_ გინდა რამე ზღაპარი?
_ კი.
_ ზღაპარი ან რამე ეგეთი, კაი?
_ კაი, მიდი.


გოგონა ერთხანს გაჩუმდა, სხეულით ვიკარდოს მიეკრო და დაიწყო:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მთის მიტოვებული სოფელი. სოფლიდან ზამთრობით ორ ადგილას ამოდიოდა კვამლი. ორი სახლიდან გამოკრთოდა შუქი. ეს პატარა სოფელი სამყაროს სამი იმედის ძაფით უკავშირდებოდა – კვამლით, რომელიც მძიმედ მიიზლაზნება ცისკენ; ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და ორი პატარა გოგოთი. ერთს წერტილი ერქვა, მეორეს მძიმე. ორი პატარა გოგო ყოველ დილას, უთენია გამოდიოდა ხოლმე სოფლიდან და ზურგზე ჩანთამოკიდებულები გორდაგორ ქვემოთ ჩამორბოდნენ. აქედან ძალიან შორს იყო სკოლა.

ჭალაზე რომ ჩამოვიდოდნენ, იქ ავტობუსი მოდიოდა. აქედან ავტობუსს მიჰყვებოდნენ. ეს ავტობუსი ერთადერთი იყო, რომელიც ამ მივიწყებულ ხეობას სამყაროსთან აკავშირებდა.
დილაობით, რიჟრაჟზე, თოვლიან ფერდობზე მოცურავენ ჩანთებზე დამსხდარი წერტილი და მძიმე. წინ – წერტილი, უკან – მძიმე. ერთ ადგილას წერტილი თოვლში ჩაიფლო და მძიმე ექაჩება ამოსაყვანად. ავტობუსი ჩერდება, მთელი მგზავრები წერტილსა და მძიმეს ელოდებიან. როგორც იქნა, მძიმე ამოაძრობს თოვლში ჩაფლულ წერტილს და გამორბიან.

ავტობუსშიც ჯერ წერტილი ამოდის, მერე მძიმე. სკოლასთანაც ასეთივე თანმიმდევრობით ჩადიან.
თოვს. სოფლისკენ აღმა მიდის, წინ –წერტილი, უკან – მძიმე.
წვიმს. წინ წერტილი მიდის, უკან – მძიმე. მძიმეს ქოლგა უჭირავს და ორივეს აფარია ის ქოლგა.
მასწავლებელი ჯერ წერტილს იძახებს დაფასთან, შემდეგ მძიმეს.
ასე გადიოდა დრო. კვამლი სახლებიდან ამოდიოდა, და ისევ უკავშირდებოდა ეს მიტოვებული სოფელი სამყაროს.
წერტილი და მძიმე გაიზარდნენ.
გათხოვდნენ.
ჯერ წერტილი, მერე მძიმე.
წერტილის ქმარი მაღალია და ძახილის ნიშანს გავს. მძიმეს ქმარი მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.
მამის სახლში სტუმრად მიდის წერტილი, აღმართში მას უკან მიჰყვებიან პატარა წერტილები.
მძიმეც მიდის თავის მოუსვენარ ქმართან ერთად მამისეული სახლისკენ, ქმარი წინ მირბის.

პატარა მძიმეები არ ჩანან, შეიძლება ჯერ არ გაჩენილან. შეიძლება ისინიც მოუსვენრები არიან და წინ მირბიან.
კიდევ გავიდა დრო. შეწყდა კვამლი, ღამ-ღამობით ფანჯრებში აღარ გამოკრთის სინათლე და არც პატარა წერტილ-მძიმეები დადიან აღმა-დაღმა. მათ შესახებ არავინ არაფერი იცის.
ვიკარდო, გძინავს?

ნანსიდან საკუთარ სახლში დაბრუნებულმა, მას შემდეგ, რაც ვიკარდომ კარი გაიხურა და მუსიკის კეთება დაიწყო, გოგონამ მომენტალურად მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფოდ ეპოვა სამსახური.

იაგუარების ტექნო


დავჯდები ახლა, ინტერნეტს გადავქექავ და რაღაცა იქნება. აღარ შემიძლია.
კოკა-კოლის ქილებით და ათასგვარი სასუსნავით კომპიუტერთან მოკალათებული, ნელ-ნელა ხვდებოდა და გულში ფიქრობდა: არაფერში არა მაქვს ისეთი ღრმა ცოდნა, რომ არსებული ვაკანსიები დავაკმაყოფილო. ფოტომოდელობა უკვე იყო.

ახლა რა ქნას? უცხო სევდა შემოაწვა. რას ვაკეთებდი მთელი ეს დრო? რამე მაინც მესწავლა. – ფიქრობდა თავისთვის. დაიღალა. თვალები ამოუშავდა. ჭამს ჩიფსებს. აყოლებს კოკა-კოლას.


ვიკარდოს მუსიკის ხმა შემწყდარიყო. ალბათ ჩაეძინა, გაიფიქრა. სახლში სრული სიჩუმე იდგა. გოგონამ უეცრად რაღაც დისკომფორტი იგრძნო. სკამზე მიწოლილი, ნელ-ნელა წამოიწია, წამოჯდა და გაოფლიანებული ხელები შარვალზე შეიწმინდა. მერე აწითლდა თითქოს, ფეხაკრეფით მივიდა ფანჯარასთან და მოპირდაპირე სარკმელს გახედა, რომლის ფანჯრებიც შეღებული იყო და დიდი მრგვალი მაგიდა მოჩანდა. ახლა კი ნამდვილად გადაირევა გოგონა.

ასე აშკარად როგორ ესმის? ეს ხომ წარმოუდგენელია. არადა, აშკარად მათი ხმაა. რისი და ჭიების, ძველ მრგვალ მაგიდას რომ ჭამენ. კი, ზუსტად ეგ არის, და გოგონა გაფართოებული თვალებით ისევ სკამზე ჯდება. შემდეგ ეს გაოგნება რაღაც პრაქტიკულში გადადის და გოგონას ახსენდება, როგორ არ მისწავლია?! Body Language -ის კურსები წარჩინებით ვინ დაამთავრა აბა? მეზობლის ავეჯის ჭიების ხმა რისი წყალობით ესმის აბა? ვიკარდოს წინა ცხოვრებას როგორ ჩაწვდა, თუ არა სხეულის ენის წყალობით? ჰოდა, ღიმილიანმა ვაკანსიების სარჩევში ეს საკვანძო სიტყვა აკრიფა და გასაიდუმლოებულ ვებ-მისამართზე ამოჰყო თავი, რომელმაც რეგისტრაციის გავლა, საცხოვრებელი მისამართი და კიდევ ბევრი დეტალი მოითხოვა.
ყველა წესის დაცვის შემდეგ, გოგონამ თავი ანტიტერორისტული სკოლის მისმართზე ამოჰყო, სადაც განსაკუთრებული აქცენტი Body Language -ის კურსდამთავრებულ ბანოვანებზე იყო.
გოგონას გაეღიმა _ აი, თურმე რატომ მოხდა ეს ყველაფერი. აი, სად მივდიოდი თურმე.

თავი არ გაუტრიალებია, დიდ ლანგარზე ხელით ისევ ეძებდა სასუსნავს, მაგრამ აღარაფერი იყო ზედ.
გოგონა ადგა. წყალი დალია და აბაზანაში შევიდა.
ათ წუთში აბაზანაში ვიკარდოც შევიდა. არა, გოგონას არ ხიბლავდა წყალში სექსი.

დღეისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობს რეგიონი და ქვეყანა, რომელიც ტერორიზმის ზეგავლენას არ განიცდიდეს.
დღეისთვის მსოფლიოში 500-მდე მსხვილი ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს. მათ ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი გააჩნიათ, რაც ინფორმაციის გაცვლაში, ტერორისტული აქტების მომზადებასა და მათ ფინანსურ უზრუნველყოფაში გამოიხატება.
`ირას~, `ჰამასი~, `ეტას~ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს აქვთ როგორც ტერორისტული, ასევე პოლიტიკური ელფერი, უზრუნველყოფენ სოციალურ საკითხებს, დაკავებული არიან ბიზნესით, მონაწილეობენ არჩევნებში.
ტერორიზმი ნიშნავს წინასწარ განზრახულ, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებრივ ქმედებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიქცევას.
ტერორიზმი საერთაშორისო ტერორიზმში გადაიზრდება მაშინ, როდესაც მსხვერპლი, ინციდენტის ადგილი და აზრი, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული აქტების გატარებას, ერთზე მეტ ქვეყანაზე ვრცელდება.
ტერორიზმი, თავისი ხასიათის მიხედვით, შეიძლება იყოს: რევოლუციური და კონტრრევოლუციური. სუბვერსიული და რეპრესიული. პირველი მიმართულია არსებული სისტემის დესტაბილიზაციისკენ ან სრული განადგურებისაკენ. მეორე, პირიქით, მისი გაძლიერებისკენ.
ფიზიკური და სულიერი – ფიზიკურში შედის მკვლელობა, ადამიანთა გატაცება, მძევლად აყვანა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სულიერი – ფიზიკურის დანამატს წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების დევნაში გამოიხატება.
სელექციური და ბრმა.

პირველი მიმართულია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის, ხოლო მეორე შემთხვევითი ადამიანების წინააღმდეგ.
პროვოკაციული – სამიზნეს პროვოცირება კონტრზომების მისაღებად.
პრევენციული – განვითარების პროცესისთვის ხელისშემშლელი.
ტერორისტულ ორგანიზაციებში ერთიანდებიან ყოფილი სამხედრო პირები. ისინი არ მიეკუთვნებიან რომელიმე პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ მიმდინარეობას და ტერაქტების განხორციელებით ირჩენენ თავს. ასეთი ორგანიზაცია არსებობს ნიკარაგუაში, `რეკონტრასის~ სახელწოდებით და მასში შედიან შტატების შემცირებაში მოყოლილი სანდანისტური არმიის სამხედრო მოსამსახურეები.
არცერთ ქვეყანაში მათ საქმიანობას წარმატება არ მოჰყოლია და თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული, რადგან ასეთ ორგანიზაციებს არასოდეს ჰქონიათ რაიმე სოციალური ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც ისინი საკუთარ მიზანს მიაღწევდნენ.
გოგონა გამოცდისთვის ემზადებოდა.
ოთახში გადი-გამოდიოდა და ხმამაღლა იმეორებდა: იტალიური დაჯგუფება – წითელი ბრიგადები. იაპონური _ `აუმ სინრიკიო~. რელიგიური ტერორისტული ორგანიზაცია. კოლუმბია _ ~M-19~.

1985 წელს ხელში ჩაიგდეს მართლმსაჯულების სასახლე ბოგოტაში. დაიღუპა 100 კაცი.
ურუგვაი _ `ტუპაკ ამარუ~. თავდასხმები ბანკებსა და კაზინოებზე.
ჩრდილოეთ ირლანდია _ ~ირა~, არსებობის შესახებ განაცხადა 1914 წელს. ესპანეთი _ `ეტა~, ბასკების ტერორისტული ორგანიზაცია. დაარსდა 1959 წელს.

ვიკარდოს ერთხანს ეგონა, რომ გოგონა ხუმრობდა. მერე, როცა სახლში გვიან მოსვლა დაიწყო, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი გოგონას გაასმაგებული ცნობისმოყვარეობის შედეგი იყო და არავინ უწყის, როგორ დასრულდებოდა. ვიკარდოს არ ხიბლავდა ეს ახირება.

მაგრამ პირველივე შენიშვნას ისეთი სკანდალი მოჰყვა, კინაღამ ვიკარდოს ძვირფასი კომპიუტერი შეიწირა.
_ გშურს, რომ მეც ჩემი საქმე მქონდეს! ხო, შენ გინდა, რომ მხოლოდ შენი მუსიკით ვცხოვრობდე! – ყვიროდა გოგონა, რომელსაც ერთ კვირაში პრაქტიკები ეწყებოდა, რაც რომელიმე ქუჩაზე განაწილებას და სავარაუდო ტერორისტების ამოცნობას გულისხმობდა.

შავი მერსედეს ბენც CL 500 გზის პირას გაჩერდა. მძღოლი მოხერხებულად გადმოვიდა. შავი ტყავის ხელთათმანიანი ხელით უკანა მარჯვენა კარი გააღო და გადმოსულ მამაკაცს თავი დაუკრა. უცნობი სადარბაზოში შევიდა, შავი მერსედეს ბენც CL 500 სწრაფად მოშორდა იქაურობას.
გოგონამ თვალი გააყოლა დიდ ფანჯრებს, სადაც მალე ამ უცნობი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა, სილუეტი ქალის სილუეტს მიეკრო და საფეთქელთან აკოცა. სილუეტები გაქრა.
გოგონამ ბამბის ნაყინის კეთება განაგრძო.

იაგუარების ტექნო

ამ ქუჩაზე განაწილებულს, კვალის ასარევად და შესანიღბად, პატარა ჯიხურში ბამბის ნაყინის აპარატი დაუდგეს, ვითომ ბამბის ნაყინის გამყიდველი იყო. ორ დღეში აითვისა დამზადება.

დახლს ქვემოთ პატარა ლეპტოპი ჰქონდა, ნებისმერ საჭირო ინფრმაციას სწორედ იქ ამოწმებდა.
ასე გადაამოწმა მერსედესიდან გადმოსული მამაკაცის მონაცემები, მას შემდეგ, რაც სადარბაზოს კარზე დამონტაჟებული ტელეფონის გასწვრივ მისი გვარი ამოიკითხა. მეცნიერი ოპუსი, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციის თავმჯდომარე.
არა, მეცნიერი ოპუსი ნამდვილად არ არის გოგონას ინტერესის ობიექტი. მეცნიერი ოპუსი არასოდეს დაგეგმავს და მით უფრო არ განახორციელებს ტერაქტს. მას ეს სიარულის მანერაზეც ეტყობა. უბრალოდ, ზუსტად ბამბის ნაყინის ახალი ჯიხურის პირდაპირ ცხოვრობს და, შესაბამისად, თვალში ხვდება ყურადღებიან გოგონას.
სამუშაო საათის ბოლოს, დღის შეჯამებას აკეთებს და ახალ დოკუმენტში ათავსებს. ყოველ მეშვიდე დღეს კი, ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზაციაში კვირის შეჯამება მიაქვს, სადაც ამ მონაცემებს განიხილავენ.

დღეები გადის. სახელგანთქმული ქლაბერების და `გლამურული~ ბანოვანების ნონ-სტოპ წვეულებები, სადაც ვიკარდო ბოლომდე ხარჯავს ენერგიას.

ამ დროისთვის კი, გოგონა უკვე ღრმა ძილშია. მრავალდღიან ფეშენ-მარათონები გოგონას გარეშე მიდის. ვიკარდო და გოგონა, ძირითადად, მხოლოდ საღამოს ხვდებიან კუთხის კაფეში, სადაც ვახშმობენ, ლუდს სვამენ და საუბრობენ.
_ ქუჩა აგითვისებია, _ უღიმის ვიკარდო.
_ დიახ, _ ერთგვარი ნიშნისმოგებით პასუხობს გოგონა, _ საბავშვო ბაღი, მრგვალი პარკი, ზედიზედ ორი ოთხსართულიანი სახლი, ნამცხვრების მაღაზია, H&M-ის პატარა ფილიალი, ტურისტებით სავსე დიდი ყავის სახლი, კიდევ ერთი სამსართულიანი სახლი, ფოტოატელიე, Virgin, The body shop, და კიდევ ერთი სკვერიანი სახლი. ეს მარჯვნივ, მარცხენაც გაინტერესებს?
_ არა, მარცხენას მე გეტყვი, თუ გინდა. – მკაცრად და ხუმრობის გარეშე უპასუხა ვიკარდომ, რომელმაც ველვეტის პიჯაკი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა.
_ ნუ ბრაზდები რა, _ სახე დაემანჭა გოგონას. _ საინტერესო სამსახურია, თან კარგად მიხდიან, რატომაც არა. წარმოიდგინე, ტერორისტები რომ ამოვიცნო და ქვეყანა გადავარჩინო ტერაქტს, რასაც შეიძლება ხალხი შეეწიროს.

– გოგონას თვალები გაუბრწყინდა და აზარტში შევიდა, _ ამაზე მაგარი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?
_ რა ტერაქტი? რა ქვეყანა? ვისი ქვეყანა? შენ ხო არ გადაირიე? – ხმას აუწია ვიკარდომ, და მომენტალურად თავი ხელში აიყვანა, იქაურობას თვალი მოავლო.
_ მე მაინტერესებს! – თქვა გოგონამ.
_ რა გაინტერესებს?
_ შევძლებ თუ არა.
_ რას?
_ თავი დამანებე, _ გოგონას ცრემლი მოადგა.
ვიკარდოს არ შეცოდებია ატირებული გოგონა, ან თავი ასე დაიჭირა, რომ თავისი გაეტანა.
_ მომისმინე, ტერორისტები, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობენ. არსებობს მათი შექმნის საჭიროება, რომ მეორე მხარეს რადიკალური ნაბიჯების საფუძველი ქონდეს. შენ შენი აზარტულობის მსხვერპლი ხარ და ვერ ხვდები, რომ ეს თამაში არაა.
_ ეგ დიჯეების ღამენათევი ბოდვაა, _ გაბრაზდა გოგონა, _ მე ერთი წელი ვიზეპირებდი ტერორიზმის ისტორიას და შენ ახლა მეუბნები, რომ ეს არ ყოფილა?!
_ არ გეუბნები, არ ყოფილა-თქო. მე გეუბნები, რომ როცა უნდათ, არის და როცა არა _ არა!... ვეღარ გცნობ, ვერ ვხვდები, რაზე ფიქრობ, გეფერები და შენ კიდე, შენი ახალი ობიექტის მეზობლებისკენ გაგირბის ფიქრი. რაში გჭირდება ეს ყველაფერი?

აი, ლუიზას და იმ ბიჭის ნახვას, გემზე რომ გაიცნო, ვისი დედის ფოტოაპარატის ყუთის სურნელიც ასდიოდა გოგონას, აქ, ამ ახალ სამსახურთან ნაღდად არ ელოდა.
ხელიხელჩაკიდებულებმა ბამბის ნაყინი ისე შეუკვეთეს, რომ გოგონა ვერ იცნეს.
გოგონამაც გაუწოდა. თქვენ დაპატიჟებული ხართო, უთხრა.
_ ეეეე, როგორ ხარ? _ ატყდა მხიარულობა.

_ ჩვენ ვიქორწინეთ და აქ თაფლობის თვის გასატარებლად ჩამოვედით, ეს ხომ შეყვარებულების ქალაქია. – აჟიტირებული ყვებოდა ლუიზა.
_ ეეს? მართლა? – კითხვა დასვა გოგონამ, რომელიც უპასუხოდ დარჩა.
_ მითხარი, რას შვრები, როგორ ხარ? აუ, რამსიგრძე თმა გაქვს, მეც მინდა ასეთი გრძელი თმა, – ლუიზა გოგონას ჯიხურში ჩამოჯდა. ის ბიჭი ფოტოებს იღებდა.
_ არაფერს, მყავს შეყვარებული, ერთად ვცხოვრობთ. ის დიჯეია, მე ამჯერად ბამბის ნაყინს ვყიდი. – და ორივემ გადაიხარხარა.
_ ეეე, _ წამოიყვირა ლუიზამ, თან ძლივს ყლაპავდა ბამბას, _ ჟურნალში რო გნახე, რა მაგარია! ყველას ვეუბნებოდი, ამ გოგოს ვიცნობ მეთქი. – ლუიზა ჩქარა ლაპარაკობდა.

– მდა... და ის ქალი ნახე მერე? მოიცა, რა ერქვა? – თან იცინის და თავზე ხელს იდებს, რომ უკეთ გაიხსენოს, _ ჩორჩა და ის მანქანა რომ დახვდა, რა მანქანა იყო? – უეცრად დგება და ჯიხურს მოშორებით მდგარ ქმარს გასძახებს, _ აუ, იმ მანქანას რა ქვიააა?
_ ლამბორჯინი, _ შეთქმულივით იმწამსვე გასცა პასუხი, თითქოს ელოდებოდაო ამ შეკითხვას. გოგონა დაბნეული ადევნებს თვალს ლუიზას ქცევას და ფიქრობს – ესენი ამასობაში გაგიჟებულანო.
_ ვივიენი ერქვა იმ ქალს და მას მერეც ვნახე. – საუბრის ტემპი შეანელა გოგონამ. _ რამდენი დღე რჩებით აქ? – გოგონას თითქოს მათი თავიდან მოშორება მოუნდა.
_ დღეს ღამე ბულგარეთში მივფრინავთ. ხო არ წამოხვალ, ჰა? შენ ხომ ხარ აი, ახლავე აქედან წამომსვლელი? – უღიმის ლუიზა.
_ არა! – გოგონას მოწყინდა. რაღაცამ შეაწუხა.

არ იცის რამ.

ლუიზა და ის ბიჭი გოგონას შორდებიან. გოგონა ბამბის ნარჩენებს ჭამს და ხელს უქნევს ერთ დროს გაცნობილ ახალგაზრდებს, რომელთა დამეგობრების მიზეზი სწორედ გოგონაა.

სად არის ამ რომანში ის ლირიული ინტერმეცო, რისი ხათრითაც იყვარებენ ხოლმე წიგნს? სად? რომელ გვერდზე? რატომ არ ვწერ, რომ
ახლა წვიმს. ყველასთვის. ბოროტებისთვის და კეთილებისთვის. პოეტებისთვის და მათთვის, ვისთვისაც ეს სულერთია. წვიმს და უმრავლესობა ფანჯრიდან იყურება. ზეფირის ალერსს გრძნობენ გულის სიღრმეში.

კოლხური ოქროს საწმისის ფერი ედება ცას, მიწა კი შაუდღის დისკოთეკას ემსგავსება და საბჭოთა კავშირის afterparty სრულდება.
რატომ არ ვწერ, რომ რეალურად, აქაურობა სულ სხვა სენითაა შეპყრობილი. ხასიათი გიფუჭდება, წყალი კანს გიშრობს, ადრე გაბერებს, უკან მოხედულს კი... გვიანია, ძალიან გვიანი. აქ დღე ისე გადის, ერთი ავტოც კი არ ჩაივლის. წარმართული თამაშებია რაღაც... აქა-იქ ღნავიან სიმწრით გამოზრდილი დეკეულები, ეს თინეიჯერი ძროხები. მე შუაგულ ეზოში ცაცხვის ქვეშ ფარდაგი მაქვს დაგებული.

ფარდაგი ფერადია და განიერი.

იაგუარების ტექნო

ამიტომ ვწრიალებ ფოთლებიდან შემოპარულ მზეზე, სიამოვნებისგან ვწრიალებ. ვკითხულობ ათასგვარ წიგნსა და ლიტერატურულ ჟურნალს, სადაც ხან შეშლილი აკუტაგავას დეიდებზე, ხანაც სილვია პლათის შესახებ, ხან კი საკუთარ წერილებს რაღაც გასაოცარი სიმშვიდით ვეცნობი.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მშვიდად ვწევარ, ჩემთვის, ჩემს განაკვეთზე, აქ მაინც მოდიან: მოდიან ყველა მხრიდან, მოდიან სხვებზე გულაყრილი ახალგაზრდები; მისტიკოსები, ვისაც ღმერთი აუხსნელი სიმკაცრისა და ბუნდოვანების გამო უყვარს; მოდიან ისეთებიც, ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ის, ვინც ემალება; ვისაც სჯერა, რომ მედიცინა არის მეცნიერება სხეულის ეროტიული აფეთქების შესახებ, ავსებასა და დაცლასთან მათს მიმართებაში; ჰიპები და პანკები, ბუდისტები და კამიკაძეები; ჭკვიანები, ლამაზები, ვისაც არ გაუმართლა, ვისაც ბოლო წუთს უღალატეს, ვინც ბანქოს ქაღალდის დამახსოვრება მოასწრო; მოდიან ევროპიდან რომანტიკული თავგადასავლებით დაღლილები, აზიის სამყაროს მთლიანობაში აღქმით აჟიტირებული ინდუსები და სიდნეიში გამოკეტილი ავსტრალიელები; მოდიან ბედის საცდელად, ნარკოტიკებით სავაჭროდ, მიდიან ერთი კონკრეტული დისნეილენდის სანახავად, რომ ბავშვობის ოცნებები აისრულონ... ევოლუციონისტები და გოეთეზე უსაზღვროდ შეყვარებულები... მოდიან შავკანიანი გოგონები... აყვავებული პროვინციების შვილები და მარტოხელა მოხუცები... ვისაც კორდებალეტი უყვარს, ვისაც არომატები უნებლიედ მოგონებებს აღუძრავს, "ტუტსის" ფინალი ვისაც უყვარს, ისინიც...

ენიგმური ღიმილით, სასიკვდილოდ დაჭრილები, ეფემერული სიხარულით სავსენი. ისინი, ვინც სხვის მზეზე თბებიან და გულში თავისას იფიცებენ... მოდიან ლათინური ჰექსამეტრებით და ფარნავაზის დამწერლობებით, რომ ახალი აღმოაჩინონ რაღაც _ ის, რაც აქამდე არავის მოსვლია აზრად... ბისექსუალები და ტრანსსექსუალები... მოდის შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების ახალი თაობა... სადო-მაზო და სენსუალურობაში ამოვლებული სულები და სხეულები... ცხვირის წვერზე ზიზღით; ლოყაზე იარით, გახვრეტილი ჭიპით, დაკოცნილი ჭიპით...

მოდიან მძიმე ჭინთვაში გაჩენილი სიცოცხლეები... მოდიან: ხმელეთზე დატოვებული მეზღვაურები; მეტაფიზიკური დონ ჟუანები; ისინი, ვინც მდინარის სათავეს ეძებენ.
მოდიან, და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

დახლს ქვემოთ დამონტაჟებული კომპიუტერიდან გოგონამ სოფოსთან მიმოწერას მოუხშირა.
თავისუფალ დროს წერდა და წერდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? დრო გამოუჩნდა ახლობლების მოსაკითხად, თუ მარტო იგრძნო თავი დიდ სამყაროში. ტერორისტები მართლაც არ ჩანან თუ მეცნიერი ოპუსის ფანჯარაში ყურებით ვეღარ ერთობა უკვე? იქნებ ვიკარდოსთან აერია ურთიერთობა? დღეში ძალიან ცოტა დრო რჩებოდა იმისთვის, რომ მასთან ერთად ყოფილიყო.
მხოლოდ გვიან ღამით სექსით შემოიფარგლებოდა მათი სიყვარული. კლუბიდან გვიან დაბრუნებულისთვის მეტისმეტად აღმგზნები იყო ატლასის თეთრეულში სულ სხვა ეთნოსის ქალბატონის დახვედრა, რომელსაც ისეთი მიამიტი სახით ეძინა ხოლმე, იფიქრებდი, მართლაც გადამრჩენელის მისიით მოევლინა ქვეყანასო; რომელსაც წვრილბრეტელიანი მაისურიდან მკერდის ნახევარი უჩანდა, მუხლი ზედაპირზე დარჩენოდა და მოდუნებულიყო. ჰოდა, ვიკარდო ამას ვერ უძლებდა. არ ეცოდებოდა მძინარე და დაღლილი გოგონა და ნელ-ნელა კისერში კოცნით აბრუნებდა სააქაოში, სადაც ასი პროცენტით ისაკუთრებდა სხვა ქვეყნის შვილს, რომელიც იმ წამს და მერეც ყველა სხვის შვილს ერჩივნა.
მაგრამ მათ დაკარგეს რაღაც, სტიმული.

და ერთმანეთი. ვიკარდო გოგონას აბრალებდა. გოგონა _ არავის. უბრალოდ, ხშირად წერდა სოფოს, რომელსაც ახალ ჟურნალში დაეწყო მუშაობა, შვიდი წლით უმცროსი ახალი შეყვარებული ყავდა და, ერთი სიტყვით, სიამოვნების ტრამპლინზე იმყოფებოდა.
მაგრამ რომელ მოსახვევში იყო გოგონა _ ერთ დროს მსუბუქი და მხიარული თინეიჯერი?
სოფო ვერ იჯერებდა, _ რა სხეულის ენა, რა ბამბის ნაყინი და რა ტერორისტების ამოცნობაო.
ასეა თუ ისე, სოფომ გოგონას ეს ახირება რისკისკენ ლტოლვის და თამაშის სურვილით ახსნა, _ ფრთხილად იყავი და ვიკარდოს მიხედეო, _ წერდა ხშირად.

_ ერთი ნაყინი, თუ შეიძლება, _ გოგონა სასწრაფოდ წამოდგა,
_ თეთრი თუ ვარდისფერი... – და გოგონას ხმა ჩაუწყდა. ამას კი ნაღდად არ ელოდა აქ.

თავს ძალა დაატანა, _ რომელი? – მკაცრად მოუჭრა.
_ თეთრი, _ ასევე მკაცრად და დაბნეულად, მაგრამ თითქოს ნიშნისმოგებით უპასუხა მეა დიასახლისმა, ვიკარდოს ყოფილმა შეყვარებულმა და მხატვარმა, რომელიც აქედან შორს ცხოვრობდა.
ახლა გოგონას ფიქრები გადაფარა აზრმა – იქნებ ვიკარდოს რომ ყურადღება მოვაკელი, ისევ ამას დაუბრუნდა, უთხრა ჩამოდი და თავიდან დავიწყოთ ყველაფერიო. ან რამე ამის მსგავსი.
მეა იქაურობას ტაატით გაშორდა.
გოგონას ახალი სადარდელი გაუჩნდა.
იმ ღამეს, ოთხ საათამდე ელოდა ვიკარდოს, რომელიც კლუბში უკრავდა. ამასობაში გოგონამ ორი კოლოფი სიგარეტი მოწია, ფეხებზე და ხელებზე ეპილაცია გაიკეთა, ერთი წლის დაულაგებელი სახლი დაალაგა, თავისი და ვიკარდოს ტანსაცმლის კარადა მოაწესრიგა. ამასობაში გადაქექა გაურკვეველი ნივთები, სავიზიტო ბარათები, სადმე იქნებ რაიმე სამხილი ეპოვა, რაც მეას ვიკარდოს ცხოვრებაში დაბრუნების ეჭვს განამტკიცებდა. ვერაფერი ნახა. შემდეგ სამზარეულოში გავიდა და ბოსტნეულის სალათი გააკეთა. ცარიელმა მაცივარმა ცოტა სევდა მოგვარა – უკვე არცერთს აღარ მოაქვს სახლში პროდუქტი.
ჩაი დაისხა.

თავზე ხელი ჩამოიდო. და ამასობაში, კიბეებზე ვიკარდოს ფეხის ხმა მოესმა.
ვიკარდო შემოვიდა თუ არა, სიხარულით შეეგება გოგონას, რადგან ამდენი თვის მანძილზე, პირველად ნახა მღვიძარი.
_ ხო მშვიდობაა? _ იკითხა ვიკარდომ, თავისი მძიმე ჩანთები სავარძელზე დააბინავა და გოგონას ჩაეხუტა.
_ კი, რავი... არა... არ გშია? – დაბნეულმა გოგონამ თეფში მაგიდაზე დადო.
_ კი, შევჭამ, _ დაღლილ და თვალებჩაწითლებულ ვიკარდოს ეღიმება. ეღიმება მის დაბნეულობაზე.
გოგონა კი ამ ღიმილში რაღაც სხვას კითხულობს.
_ ფხიზელი ხარ? – ეკითხება გოგონა და თან ყველს ჭრის.
_ უკვე კი. – ვიკარდო სწრაფად ჭამს. – ჯიხური ხომ არ დაგიხურეს? _ ეღიმება ვიკარდოს.
_ არა! დღეს მეამ იყიდა თეთრი ბამბის ნაყინი.
_ მეამ? აქ რა უნდა? – გაკვირვებისგან ჭამა შეწყვიტა ვიკარდომ.
_ მე შენთვის მინოდოდა მეკითხა.

– სიმკაცრე დაეტყო გოგონას.
_ აუფ, _ შეიცხადა ვიკარდომ, _ იმედია, მე არ მაბრალებ ამ ქალაქში მის უეცარ გამოჩენას.
_ ვიკარდო, რამეს ხო არ მატყუებ?
ვიკარდო ბრაზდება და ფეხზე დგება.

იაგუარების ტექნო

ხელსახოცს იღებს, პირს იწმენდს და თვალებში უყურებს გოგონას:
_ ხო გითხარი, დაგღუპავს შენი ახალი, მოგონილი პროფესია. ხომ ხედავ, რომ შემთხვევითობებს უკვე სერიოზულად განიხილავ. იქნებ ტერორიზმში ეჭვმიტანილიც გგონივარ. მთელი დღეები ყველას რომ ეჭვის თვალით უყურებ, ახლა მე მომადექი? – ხმას აუწია. – ხომ შევთანხმდით, რომ არასოდეს მასზე არ ვისაუბრებდით, რადგან ის ჩემი წარსულია, რომელიც, რომ მნდომოდა, ისევ მექნებოდა. მეა ერთი ავადმყოფი გოგოა, რომელთანაც არც ვიცი რა მინდოდა, ალბათ მისი წარსულის გამო მეცოდებოდა და თან მომწონდა მისი ხელოვნება.

შენ ხომ იცი, ამის გამო შეიძლება ვიღაც შეგიყვარდეს?
_ ხელოვნებისთვის კი, მაგრამ ტრაგიკული წარსულისთვის შეყვარება _ ეს რაღაც ახალია, – სარკასტულად მოუჭრა გოგონამ.
_ იცი რა, მე ემოციური ადამიანი ვარ... _ ვიკარდოს სახე აეჭრა, აქეთ-იქით სიარული დაიწყო. სიგარეტს მოუკიდა. _ კარგი, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ იმ პირობით, რომ ბოლოს შენ მიპასუხებ, ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი.
ვიკარდო ჩამოჯდა და მსახიობივით, მონოლოგს შეუდგა:
_ იმ დროს ფოტოგრაფობით ვიყავი გატაცებული. ვიღებდი სულ, ვიღებდი ყველაფერს. ვიღებდი გოგოებს და ბიჭებს. ერთ დღესაც, აპრილის ბოლოს, როცა ძალიან კარგად გრძნობ თავს, მეგობართან ერთად ღია კაფეში მზეს ვეფიცხებოდი.

ვსვამდით ლუდს, თან ფოტოაპარატს აქეთ-იქით ვატრიალებდი. მწვანეკაბიანი გოგო შევნიშნე, რომელიც მარტო იჯდა მაგიდასთან. საინტერესო პროფილი ქონდა და პერიოდულად ყავაში ნახევარ კოვზ შაქარს იმატებდა. სადღაც სხვაგან იყო თითქოს. ვერ ვხვდებოდი, სად იყურებოდა. თან იმიტომ, რომ სათვალე ეკეთა. ძალიან მომინდა გადამეღო.

მივედი, მივესალმე, კამერა დავანახე და ვთხოვე, შეიძლება გადაგიღო მეთქი. გოგომ თავშეკავებულად გამიღიმა და მკითხა, სათვალით თუ უსათვალოდო. და ამ სიტყვებთან ერთად, სათვალე მოიხსნა. ტიროდა. თურმე ტიროდა. დავიბენი. ჩამოვჯექი.

რამით ხომ ვერ დაგეხმარებით-მეთქი, ვკითხე. მოკლედ, ამის შემდეგ დავმეგობრდით. მერე შემიყვარდა. მის სახელოსნოში ვცხოვრობდი. მიყვარდა და იმასაც ვუყვარდი. ხშირად ტიროდა. მეგონა, ნარკოტიკების გამო.

რამდენჯერმე უმოტივო ისტერიკა რომ მოუვიდა, ვაიძულე მიზეზი ეთქვა.
მომიყვა, რომ სამი და ყავდა. და მამა. დედა ადრე დაეღუპა. ღარიბები იყვნენ. მდიდარი მეზობლები ყავდათ, ოთხი ძმა, რომლებმაც ერთ დღეს ღარიბი დების ცოლად შერთვა გადაწყვიტეს. დებს არ უნდოდათ. მოკლედ, პირველ ღამეს სამმა დამ სამი ძმა მოკლა.

უმცროსი და და მისი ქმარი გაიქცნენ. მერე გაირკვა, რომ იმ უმცროს ძმას თავად მოუკლავს უმცროსი და. – ვიკარდო ჩამოჯდა, ცუდი ფერი ედო სახეზე. – მამაც მალე გარდაიცვალაო. რა მექნა, იმ დღესვე მიმეტოვებინა? მეთქვა, აღარ მიყვარხარ, იმიტომ, რომ მკვლელი ხარ შენც და შენი დებიც-თქო თუ რა? ბოლოს, ორი წლის მერე, რაღაც სისულელეზე ვიჩხუბეთ, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ დავშორებოდი და ყველაფერი დამთავრდა. მორჩა. შენ მიყვარხარ.

ოპტიმიზმისთვის, ეგზოტიკისთვის, სურნელისთვის, რომელიც მარტო შენ გაქვს. შენი ავანტიურისთვის და დიდი იმედებისთვის. შენ კიდევ მკარგავ. გგონია, რომ რადგან არ გეუბნები, ვერაფერს ვხვდები? მხსნელი ანგელოზის ამბიციები გაქვს და თან ბავშვივით იქცევი. მიპასუხე, შენ როგორ მოიქცეოდი?
გოგონა ვეღარაფერს გრძნობდა. მას ახლა ღრმა წარსულიდან დაეწია მოგონებების ბასტიონი. გოგონა გოგოდ და ქალად კი არა, კედელზე მიხატულ მდედრადაც ვერ აღიქვამდა თავს.

ეგონა, ბანქოს შეკვრაში აგურის ქალი იყო, სადღაც შუაში მოყოლილი, რომელსაც ჭრიან და ჭრიან და მაინც შუაშია, არც კი იცის, ვის წინ ან უკან.
გოგონამ სათქმელი აღარ დაასრულა. ახლა მასაც რომ მოეყოლა ამ ისტორიასთან მისი კავშირი, ვიკარდო საერთოდ ხელს აიღებდა ცხოვრებაზე. ვიკარდოც და გოგონაც.
იმას, რასაც მთელი ეს წლები სიმსუბუქით უყურებდა და მხოლოდ გულდაწყვეტით იგონებდა, დღეს შესაწირი საქონელივით ატყავებდა. სახეზე კანი ეხეოდა და ახეულ კანზე თითის დადების წვისგან გული მისდიოდა. ეს რას ნიშნავდა? რას აკეთებდნენ ეს ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში?
ვიკარდო იჯდა და მხრებში იხრებოდა. გოგონა გაშეშებული უყურებდა. ეს თუ კულმინაციაა, სადაა ფინალი?
გოგონამ ძალა მოიკრიბა დასკვნებისთვის.

აი, თურმე რა განიზიდავდა ვიკარდოსგან. ეს აუხსნელი, უთქმელი და მისტიური დამაკავშირებელი ძაფი, რომელსაც აქამდე ვერ გრძნობდა, და რომლის პირველი მინიშნება მაშინ იგრძნო, როცა მეზობლის მაგიდის ჭიების ხმა აშკარად გაიგონა. აბაზანაში რომ შევიდა და იქ შესულ ვიკარდოსთან სექსი იმდენად არ მოეწონა, რომ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს აუპატიურებდნენ.

დილით გოგონა ადრე ადგა. ვიკარდომ მაშინ შეიღვიძა, როცა გოგონა თავის გრძელ თმას იშრობდა. შეიღვიძა, მაგრამ ვიკარდომ არაფერი უთხრა, უბრალოდ დიდხანს უყურა სარკიდან, სადაც გოგონაც ავლებდა მზერას.
თმა გაიშრო თუ არა, სამსახურში წავიდა, ისე, რომ ვიკარდოს არ დამშვიდობებია.
ცხრის ნახევარია. ქუჩა სავსეა სამსახურებისკენ მიმავალი სადა, ტიპური შენგენის ქვეყნების წარმომადგენლებით. გოგონამ ჩაუარა საბავშვო ბაღს, მრგვალ პარკს, მიდის ნელა.

ოთხსართულიანი სახლი ერთი, ოთხსართულიანი სახლი ორი, ნამცხვრების მაღაზია, H&M-ის პატარა ფილიალი და ტურისტებით... სავსე... დიდი... ყავის... სახლი... ფეთქდება.


_ სახელი?
_ გოგონა.
_ პასპორტის სახელი?
_ ა, დალი.
_ გმადლობთ. დალი კანონიერი მოქალაქე არ არის?
_ ...ჰმ...

და რა ჭირს?
_ საშიში არაფერი, ფაქტობრივად, გადარჩა. ხელი აქვს გასაკერი და რაც ალბათ მხოლოდ მას დაასევდიანებს _ თმა დაკარგა.
_ მთლიანად?
_ ბიჭური ვარცხნილობის ტარება მოუწევს ერთხანს.

დიახ, გატყდა მზეთუნახავის სარკე!

ტერაქტი ყოფილა. არადა, გოგონამ ნახევარი წლის მანძილზე, იქ ტერორისტები ვერ შენიშნა.
_ სამწუხაროდ, საქმეს თავი ვერ გაართვით, _ საავადმყოფოშივე გამოუცხადა სანახავად მისულმა ანტიტერორისტული ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ, – ქალბატონო დალი, თქვენ გათავისუფლებული ბრძანდებით სამსახურიდან. – აი, ეს თქვენი ჰონორარი. – თეთრი კონვერტი თეთრ მაგიდაზე დადო. _ და, თქვენი არალეგალობის საკითხს რაც შეეხება, ყველაფერს უპრობლემოდ მოვაგვარებთ. მალე გამოჯანმრთელდით.

მერე უკვე, როცა ფეხზე წამოდგა და კითხვა შეძლო, გოგონამ ყველა გაზეთი და ტელეგადაცემების ჩანაწერები მოიძია, სადაც ამ ტერაქტზე ეწერა.

ჩვიდმეტი დაღუპული და მთლიანად განადგურებული ყავის სახლი. გოგონა მოვლენებს ვერ აკავშირებდა. ის ხომ ყველაფერს პატიოსნად აკონტროლებდა.

იაგუარების ტექნო

როგორ შეიძლება გამოპარვოდა რამე.
ხო გითხარი, ეგენი თვითონ აწყობენ ტერაქტებს, რომ მერე ვიღაც საცოდავებს არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით გაუსწორდნენ. – ვიკარდოს ეს სიტყვები გოგონასთვის დამშვიდობების ტოლფასი იყო. არა იმიტომ, რომ ვიკარდო ცდებოდა.

არც იმიტომ, რომ წყინდა, ზღაპარი რომ დაიჯერა. არც ის, რომ წაგებულის როლში იყო. თმაც არაფერ შუაში იყო _ ხო გაიზრდება? არც ის, რომ ვიკარდო აღარ უყვარდა. უბრალოდ, არაფერი აღარ უნდოდა. ეს თამაში არ ნდომებია. სხვა თამაში იგულისხმა.

მეორე სეზონი გადის. ის მიდის ქუჩაზე, რომელსაც უფრო უკეთ იცნობს, ვიდრე მშობლებს და ვიკარდოს.

ის, რასაც უფრო დიდი ენერგია შეალია. რამაც ერთდროულად ყველაფერი მოუტანა. ყველაფერი ერთად. მხრებში მოხრილია. გონია, რომ ფეხზე თხილამურები აცვია. ეღიმება. მხოლოდ მაღაზიის ვიტრინებში გამოკიდებულ დიდ წითელ ფაქტურებს ამჩნევს, წარწერით სალე.

მაგრამ არაფრის ყიდვა არ სურს. არაფერი ჭირდება.
მიდის. ვინმემ სახლში, სადარბაზოსთან დამაკავშირებელი ტელეფონი რომ აიღოს, ქუჩაზე მიმავალი გოგონას გულისცემას გაიგებს.
გონია, რომ გული ჯვარივით კიდია.
ისევ იღიმის. ჩერდება ერთ-ერთ სახლთან. ცოტა ხნის შემდეგ, სადარბაზოსკენ მიემართება. საჩვენებელ თითს ღილაკისკენ იშვერს, ნელა აჭერს და იქედან მამაკაცის ხმა ესალმება:
_ გამარჯობა, მეცნიერო ოპუს, _ ეუბნება გოგონა.
_ გამარჯობა, _ ისმის დაბნეული ხმა.
_ გაიგეთ ახალი ამბავი?
_ მაპატიეთ, მაგრამ ვინ ბრძანდებით?
_ მეცნიერო ოპუს, რუსეთის ფედერაციაში, ომსკის ოლქში, ნარინჯისფერი თოვლი მოვიდა. თოვლს ცხიმოვანი ლაქები და არასასიამოვნო სუნი აქვს.

ნარინჯისფერი თოვლი ოლქის ზნამენსკის, კოლოსოვსკის, სედელნიკოვსკის, ტარსკისა და ტიუკალინსკის რაიონებში მოვიდა.
მამაკაცი დუმს. მოგვიანებით კი სიცილნარევი ხმა ისმის, დღესვე გავარკვევ, დიდი მადლობაო. მაგრამ ამ დროისთვის გოგონა უკვე ქუჩაზე მიდის. ისევ მიდის. აღარ ეღიმება. სახე ისე ეღუშება, საოცრად დიდი ტკივილისგან როგორც ხდება ხოლმე. მიდის ისე, რომ გგონია, ამას მთიელის წვივსაკრავი, მკვდარი სახედარი და მკლავის დასაფლავებაც ნანახი აქვსო.
მიდის.

ვიტრინები სავსეა დიდი წითელი ასოებით, სალე. მაგრამ ეს გოგონას არ ადარდებს, რადგან არაფრის ყიდვა არ უნდა. არაფერი ჭირდება.
მიდის და ვერ ხედავს, საკონდიტროს ვიტრინებში რომ გაუწყვიათ
კლასიკური კრუასანი, ფანშოკოლადი დანიური გარგრით, ვანილის კრემით, ფენოვანი ვაშლით, ფენოვანი მსხლით, ანანასით, ინგლისური კექსი ცუკატებით, მარწყვის ტარტალეტი, ეკლერი, შუ, თენდერნესი, ბაბარომი, მანგომუსი, ქიში. მინიატურული ნამცხვრები თეთრი შოკოლადის კრემით, ბრაუნისის ცომითა და კრემ-მუსით. ვერ ხედავს, იქვე რომ აცხობენ პურ ჯეპეტას.
მიდის და თმას იხვევს. არა, ასეთი ჩვევა არასოდეს ჰქონია.

უბრალოდ, მოკლე თმას იხვევდა ახლა საჩვენებელ თითზე. ახალდაბანილს, რომელიც მშრალი თმის შამპუნს დაელბო, თხელი და მსხვრევადი თმებისთვის განკუთვნილს. რაც კვებავს და აღადგენს თმის შინაგან სტრუქტურას. თმა ძლიერი და მაგარი ხდება და ადვილია დავარცხნა, რბილია და ბრწყინავს. სავსეა აქედან შორს დაკრეფილი მცენარეების და ბალახების ექსტრაქტებით. რძისფერ მინდვრებში, შავ მდინარეებთან დაკრეფილი კაკაოებით. აქედან შორს.
იქ: ხნიერი დედები და ახალგაზრდა შვილები, გამხდარი ქალები, სოფლიდან სოფელში თავზე დადგმული მაგიდებით რომ დადიან, მკერდი შიშველი აქვთ და წელზე სარანგი აქვთ მოხვეული; გარუჯული კანი...…თამბაქოს ღეჭავენ.

ამ ქალების გვერდით, ახალგაზრდა გოგონა ოდნავ გაბრაზებული და თან შემართული დგას. ახლა დედას უნდა მიხედოს. გოგონა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს და მოხუცი ქალი, რომელმაც ბევრი იცის. ორივე ფიქრობს.
მერე ამ გოგოს ახალგაზრდა ბიჭი ქვიშის ზედაპირზე მზეს დაუხატავს. ეს გოგონა, იაგუარების მიერ გაგლეჯილი ტახის ჩონჩხის გვერდით, სიქალწულეს დაკარგავს. მერე დიდძუძუსთავიანი და ულტრაიისფერი სხივებით ნაკვები ამარილისების შესაგროვებლად წავა.

უხეშად თუ მოწყვეტს ყვავილს, რძე გამოუვა. გოგონას გააჟრჟოლებს, კბილს კბილთან მიიტანს, მექანიკურად თავის ძუძუს დახედავს. და იმ ყვავილის სახელს ყველა ბრუნვაში იტყვის.
_ იცით რა, _ ეს შამპუნი თმის მსხვრევადობას შეაჩერებს და მას შინაგან სტრუქტურას დაუბრუნებს.
_ კარგია, თუ ასე იქნა! უბრალოდ, ჩვენთან, რვაფეხებით ცნობილ კენტის საგრაფოს მშვიდ ზღვისპირა ქალაქ უიტსთაბლიში ასე არასოდეს ყოფილა.




2007-2008
თბილისი

გამოყენებული მასალა:
ნაწყვეტი გოდერძი ჩოხელის მოთხრობიდან `წერტილი და მძიმე~

ნაწყვეტი ნესტან-ნენე კვინიკაძის ინტერვიუდან ` Pop Americana + ჰალუცინაციები. ბოლო დროის ჯადოსნური რეალისტი~ ჟურნალი `ანაბეჭდი~ #16 2006.

ნაწყვეტი გიგა ნანობაშვილის კვლევიდან ქართული ემიგრაციის მონაცემები.



მადლობები:

დიდი მადლობა ეკის.
დიდი მადლობა ჟურნალი `ანაბეჭდის~ ყველა ჩემს რესპონდენტს.
დიდი მადლობა კობა დავარაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ ტელეკომპანია `რუსთავი 2-ზე~ ახალ თოქ-შოუში უნდა მემუშავა და შესაბამისად, დიდი მადლობა ყველა იმ წერილის, ზარის და კომენტარის ავტორს, ყველა სტუმარს, ვინც ამ თოქ-შოუში მუშაობის დროს შემხვდა.
დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ვერც ხვდებიან ხოლმე, რომ ჩემი ახალი ტექსტის გმირები ხდებიან.
მადლობა როსტომ ჩხეიძეს, ერთხელ შვიდი წიგნი რომ მაჩუქა. შვიდივე წავიკითხე და ინსპირაციის ფაქტი ახლა ხელში გიჭირავთ.
დიდი მადლობა ყველა სასტუმროს მომსახურე პერსონალს, რომლებსაც შევხვედრივარ.
მადლობა დიჯეებს ინსპირაციისთვის.
მადლობა „მიქს მაგს“ და „სიტყვას და საქმეს“.
მარი ჰადს _ რომ ორჰან პამუკის ნობელის ლექციას დამასწრო.
მადლობა იმ მაღაზიების შემქმნელებს, სადაც კაბებს ვყიდულობ და ბედნიერი ვარ.
მადლობა თიკოს, რომ მივლის.
მადლობა თომას, რომ ვუყვარვარ.
მადლობა მარინას, რომ ერთადერთი პატრონია ჩემი.
მადლობა ლიზას ოპტიმიზმისთვის.
მადლობა თინას, რომ ხშირად ვენატრები.
მადლობა თაკოს, რომ მითმენს.
ნუცის _ პატარაობაში დედამისის ძუძუ რომ დამითმო.
მადლობა უცნობ ადამიანებს ჟურნალების ყდებზე და შიგნით. ტრანსპორტში, ქუჩაში და ფანჯრებში.
მადლობა ნუცის, ქეთის და თინას, 5 ოქტომბერს აეროპორტში რომ დამხვდნენ.
მადლობა დედაჩემს, რომ სულ ცოტათი ვგავარ, რომელიც 10 წელია არ მინახავს.
და მადლობა მამაჩემს, რომელიც ვერ მოესწრო ამ რომანის დასრულებას, მაგრამ ყველაზე მეტად ელოდა მის გამოცემას.

P.S.
ბოლოს და ბოლოს, დიდი მადლობა დათო ტურაშვილს, რომელმაც 1998 წლის ადრიან გაზაფხულზე გადაწყვიტა, რომ მე მწერალი ვარ..