ჩრდილები
ჩრდილები(თამუნას)
ბინდდება.
გზაა.
მუქდება ჩრდილი. ცვდება ნაბიჯი.
საათის ამ დროს მიგვიხმობდა დედა სავახშმოდ,
სახლთან ახლოს რომ ვყოფილიყავით
(რომელსაც კარი კვლავ შიგნიდან ეღება მხოლოდ
და არ ერგება სხვა გასაღები –
ეს ნიშნავს, რომ იქ მუდამ გველიან).
ცოტა ხნის მერე დავლევდით ჩაის.
იდილიაა.
რომით. უშაქროდ.
აქ კი ჩრდილები უცხო ფორმებს იღებს და პირი
მიშრება. სიცხე არა – ისევ
წყურვილი მახრჩობს.
შენს გამოწვდილ ხელს დაძაბული ვეძებ –
ბინდდება.
არ დამეკარგო.
იქნებ მოვასწროთ.
მოვასწროთ მისვლა სახლამდე, სადაც
ძველი ხავერდის ფარდების რხევა
საჩვენო ზღაპრის შესავალია.
სადაც საბანქვეშ უხმო თამაშს სახელი არ აქვს.
სადაც მოშლილი ონკანებიდან
მოგონებების წვენი მოწვეთავს –
ჩვენი სიტყვებით შედედებული,
ისე მძიმე და მონოტონური –
წკაპ. დავიწყების უტყუარ ფონად.
მე კი ფინჯანში მოვაგროვებ –
ვიხსენებთ.
ვთვრებით.
ახალს ვერაფერს ვეღარ ვამბობთ.
გზაა.
ბინდდება..