Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
ლექსი
პროზა
რომანი
HOMO TOTUS


HOMO TOTUS

 

 





 © ბაკურ სულაკაურის გამომცელობა

თბილისი 2008


 წინათქმა

კარგ წიგნს, ალბათ, წინასიტყვაობა არც სჭირდება. მაგრამ სანამ იმას გაარკვევთ, ეს წიგნი კარგია თუ ცუდი, რაღაც-რაღაცეების თქმა მაინც მინდა.


ეს სიზმრების წიგნია და ამიტომ არის ასე აჭრელებული ჩანახატებით, იმ არქეტიპული სიმბოლოებით, რომლებითაც სიზმარში სულისა და სამყაროს(სამყაროების) კარი გვეხნება. აქ ნახატები ტექსტის ორგანული ქსოვილია, ერთგვარი, პარალელური თხრობაა, ნარატივია, ამ სიტყვის ფართო გაგებით. ისინი ერთმა არაჩვეულებრივმა ქალმა, ირინა ტორონჯაძემ დახატა, ინტუიტიური და არასწორხაზოვანი ხედვის მხატვარმა.
პატარაობიდან მოყოლებული სულ უცნაურ, ციკლურ სიზმრებს ვხედავ. იმ ბავშვობის სიზმრებმა ახლა დაიწყეს ახდენა და ამან, ცოტა არ იყოს, შემაშინა. ეს წიგნიც ჩემი სიზმრების გაგრძელებაა და ისიც ასახდენად არის ,,განწირული”.
რაღაც უცნაური ბედის წიგნია, სიზმარივით წინასწარ მოსული. ტექსტის დასრულებისთანავე, ავტორი ხომ, წესით, ,,მკვდარია” და როგორც ყველა მკვდარი, არც ის აგებს პასუხს იმაზე, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება.

ამ წიგნში ყველაფერი პირიქითაა. აქ მოთხრობილი ამბები ,,მომავლის” ამბებია და სრულებით არ იცნობს წარსულს. პროტოტიპეპი (არადა, რა სულმდაბლობაა ნაწარმოებში პროტოტიპების ძებნა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა) ,,მომავალში” ჰყავს.
წიგნში მოთხრობილი ამბები, სიზმრის სიმბოლოებთან ერთად, ფოლკლორულ-მითოსურ საფუძველზე დგას. მხედველობაში მაქვს თურქულენოვანი, ოღუზური ფოლკლორული ძეგლი ,,დედე ქორქუთის წიგნი”; ასევე, ახალბერძნული ეპოსი ,,დიგენის აკრიტასი”; სოლომონ ბრძენის და არაბულ-სირიული წარმოშობის, ყურანსა და შუა საუკუნეების აღმოსავლურ ლიტერატურაში მოხსენიებული, ნახევრადლეგენდარული გმირის ლუღმანის(ლუყმან ჰაქიმის) ფოლკლორული ციკლი; აგრეთვე, სიკვდილის ანგელოზთან ბრძოლის სიუჟეტი, რომელიც ბიზანტიური წარმოშობისაა(ვ.ჟირმუნსკის აზრით) და ფართოდ არის გავრცელებული როგორც ქრისტიანული, ისე ისლამური ხალხების ფოლკლორში. ზოგადკავკასიურ ,,ნართულ” მოტივებსაც (ქვაში ჩასახვა; მრეცხავი ქალის სახე; ძერასა) შეხვდებით.
ეკლესიასტეს, სოლომონის და ზირაქის ბიბლიური იგავნიც გამოკრთება ერთი-ორჯერ.

ხათუნა თავდგირიძე
30 აგვისტო, 2008 წელი.





 

––


,,Ars totum requirit hominem” – ეს ფრაზა ძველ ალქიმიკოსს ეკუთვნის.

ეს სწორედ ის ,,HOMO TOTUS ” –ია (,,მთლიანი ადამიანი”), რომელსაც ადამიანი ეძებს. ექიმის ძალისხმევა და პაციენტის ძიება იმ ფარული, ,,მთლიანი” ადამიანისკენ ლტოლვაა, რომლის მანიფესტაციაც მომავლის საქმეა. გზა მთლიანობისკენ საბედისწეროა, ოღროჩოღრო და ცდომილებებით სავსე. ეს არის longissima via (,,უგრძესი გზა”), დაპირისპირებულ მხარეთა გამაერთიანებელი გზა, ბილიკი, რომლის ლაბირინთისებრი კლაკნილები გვაძრწუნებს. სწორედ ამ გზით ვიძენთ იმ გამოცდილებას, ძნელად ხელმისაწვდომს რომ უწოდებენ. მისი მიუწვდომლობა მის ძნელად მოპოვებაშია. ასეთი გამოცდილება მოითხოვს იმას, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს – მთლიანობას.”

კარლ გუსტავ იუნგი
,,ფსიქოლოგია და ალქიმია”
 



საათი ქვიშის, სავსეა უდაბნოს ქვიშის მარცვლებით.

უჩვენებს დროს უდაბნოს გავლით. უდაბნოს ფესვები ინახავს ჯერ წყალს, მერე, წყლის მოლოდინს დაზედაპირი ატარებს ხვატს, როგორც მარადიული ცეცხლის ღიაობას. უდაბნო წყლით იწყება და გვალვით მთავრდება. ეს საათის ორი მხარეა: საწყისი - ,, ზე”, საიდანაც, ქვიშის მარცვლებში გატანილი დრო ,,ქვე” - სასრულში იწრიტება.
საათი ქვიშის, უჩვენებს დროს უდაბნოს გავლით; ამასთანავე უჩვენებს დანაწევრებული სულის და სხეულის გამამთლიანებელ მოძრაობას ზემოდან ქვემოთ. მთლიანია ზედა საწყისი და ქვედა სასრული ნაწილი. მათ შორის ყოფიერებაა და სიზმრები.

ყოფიერება სატყუარაა, თავისი დაუსაზღვრავი მყოფობით. არავინიცის სად ვიწყებით მასში და სად ვმთავრდებით. სად ვნაწევრდებით და სად ვმთლიანდებით. იგი აღვსილია უსაზღვრო საფრთხით, რომელსაც პირობითადსიცოცხლე ჰქვია. ჩვენ მასში ვართ განხვნილნი, მაგრამ არ ვართ მარტო, რაკი სანამ მასში დავივანებდეთ, ჯერ იმაში ვართ ვინც იგი შექმნა. ის ღმერთია: ერთი, ღრმა და ფართო. ის ჩვენს სიზმრებშია გაცხადებული ნაწილ-ნაწილ: რიცხვად, სიღრმედ, ფართოობად, რაკი სანამ დანაწევრებულნი ვართ, მისი სისავსე, მთლიანობა ჩვენთვის ჩაკეტილია.

ის ჩვენს სიზმრებშია და გამამთლიანებელ გზებს გვისახავს. სიზმრებში არქეტიპულ სიმბოლოებს გვაწვდის, რომლითაც მარადისობაში გადავყავართ. მარადისობამდე კი საათია - სავსე უდაბნოს ქვიშით, მლაშე მარცვლებში გატანილი დროთი და სივრცით. ჩვენ ყველანი საათშივცხოვრობთ და ვხედავთ სიზმრებს, რომლებშიც ვფხიზლობთ. ჩვენ მხოლოდ სიზმრებში გვღვიძავს. ჩვენ მხოლოდ სიზმრებში ვაღებთ კარს. კარი აქვსყველაფერს.


გააღე.
გააღე და კარი გახდება გზა.
მე მოგითხრობთ ჩემს სიზმრებს, რომლებიც არის გზა მთლიანობისკენ.
 
ჰ ო მ ო ტ ო ტ უ ს ი





ჰორხამ თანერი ქალაქ უმმანის შუა ნაწილში, ქვიშის საათიანი შუქურის მოპირდაპირე მხარეს, ერთსართულიან, მოძველებულ შენობაში ცხოვრობდა. შენობა წარმოადგენდა მოზრდილ, ანტიკური ტიპის ოთახს, რომლის შესასვლელ კარებს, შიგნიდან და გარედან ერთსიტყვიანი აბრა ჰქონდა მიკრული:
,,გ ა დ ა მ წ ე რ ი”
ჰორხამ თანერის ოთახი ცდომილებებით იყო სავსე. ოთახების რაოდენობა და მდგომარეობა, ციურ სხეულთა მოძრაობაზე იყო დამოკიდებული. ამას გარდა, ოთახს მრავალი სხვა უჩვეულო თვისება გააჩნდა. მათ შორის ისიც, რომ იქ მოხვედრილი ნებისმიერი საგანი და სულიერი არსება, უმალ გადასხვაფერდებოდა. უცაბედი მეტამორფოზა გამოიხატებოდა საგნის ფერის და სუნის ცვალებადობაში, გარეგნულად კი, საგანი იგივე ფორმას ინარჩუნებდა. ადამიანს ეცვლებოდა სისხლის ჯგუფი და რეზუსი, რასაც, თან სდევდა, სხეულის სხვადასხვა ადგილას, კანქვეშ, კარგად შესამჩნევი შედედებული სისხლის ლაქების გაჩენა.

ამ ლაქების გამოწუწნა შეეძლო იმ ფრინველს, რომელიც შუქურის თავზე ცხოვრობდა და ზოგჯერ, ქვიშის საათის შიგნითაც ახერხებდა შეღწევას, სადაც ქვიშის მარცვლებს კენკავდა და სიმლაშის გამო, უმალ უკან აფურთხებდა. ამ გზით მას შეეძლო ცვლილებათა შეტანა დროის მდინარებაში.
_ ისეთი პერიოდიც დადგება, როცა დროს, მარადიულად შენახვის მიზნით, დამარილება აღარ დასჭირდება, _ ამბობდა ჰორხამ თანერი.
ამ უცნაური ფრინველის ძირითად საკვებს ადამიანური სისხლი წარმოადგენდა და შუქურას სახურავში ჩასაფრებული, თანერის ფანჯარაში სწორედ იმ დროს შეფრინდებოდა, როცა იქ, გადამწერის გარდა, ვინმე სულიერი კიდევ ეგულებოდა.

HOMO TOTUS

სისხლის გამოწოვა სრულიად უვნებელ, მეტიც, სასარგებლო მოვლენას წარმოადგენდა, რაკი მისი წყალობით, ადამიანი სრულად თავისუფლდებოდა იმ უარყოფითი, ნეგატიური ენერგიებისგან, რომელიც მის არსებაში წლების მანძილზე გროვდებოდა.
ფრინველს, თავის საქმიანობაში მეტი მოქნილობისთვის, ბასრი, კაუჭიანი ნისკარტის ქვეშ ხორცმეტის მსგავსად ამოზრდილი ორი, ძალიან პატარა, ქალური მოხაზულობის ბაგე ჰქონდა, რომელიც სისხლის გამოწუწვნისას წითლად ეღებებოდა და წითელი ტუჩსაცხით გადაპრანჭულ არსებას ამსგავსებდა. სისხლს ინელებდა, ზუსტად, ყოველი საათის მიწურულს.

ამ დროს გამოსცემდა წვრილ, მაგრამ ძლიერ ხმას, რომელიც ჰგავდა ქალის კივილს. მისი ხმა ქალაქის ყველაზე უკიდურეს ნაწილსაც სწვდებოდა და მის კვალზე, ქალაქის მკვიდრთ, თავიანთი სახლის საათების გასწორებაც შეეძლოთ. ეს იყო, მუდამ მშიერი, მარადიული შიმშილის ფრინველი, რომელსაც ჰორხამ თანერი ,,შიმშილის ქალს” უწოდებდა და დროდადრო, საგანგებოდ ამოქნილ კურტუმოზე, ცერა თითის წაზრდილი ფრჩხილით ეფერებოდა. ამ ფრჩხილზე ყოველი გაწვიმების წინ, თანერს ტაროსის მაუწყებელი ნიშანი ,,ელ” ესახებოდა, რომლის ანთროპომორფული იდეოგრამა იყო, შიშველი მამაკაცი ცაში გაწვდილი დაფით ხელში, დაფაზე გამოსახული ,,ალფა” ასო-ნიშნით.
ჰორხამ თანერს, თავად არასოდეს ეცვლებოდა სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ეს იმის გამო იყო, რომ მის ძარღვებში ჩქეფდა შესაძლებელზე მეტი, სულ სხვადასხვა წარმოშობისა და სხვადასხვა გენეტიკურ მნიშვნელობათა მატარებელი აღრეული სისხლი. ამ უსასრულო და უერარქიო მემკვიდრეობით ნაირგვარობაში, ჰორხამ თანერი გამოარჩევდა რამდენიმე ძირითად გენეტიკურ შრეს, რომლებიც არასწორხაზოვნად, მაგრამ, მაინც საგრძნობი ინტენსივობით იჩენდნენ თავს თანერის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე. ეს იყო ბერძნული - ქრისტიანული, დედისა და ბებიის ხაზით; ებრაული - იუდაური, მამისა და მისი პაპის ხაზით და ოღუზურ-მუსლიმური მამის დიდი ბებიის ხაზით.

და იყო კიდევ ერთი, არაპირდაპირი, მაგრამ, თანერის აზრით, ანგარიშგასაწევი შენაკადი, საკუთარი სისხლის მრავალმდინარეთში _ ლამანური წილი, რომელიც ყოველთვის იმ დროს იჩენდა თავს, როცა ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი და სწორედ იმ დროს უმტყუნებდა თანერს, როცა ერთადერთ ხსნად ესახებოდა. ამ მოუთვინიერებელი სისხლის შემორევის შესახებ ჰორხამ თანერს საკუთარი ვერსია გააჩნდა, რასაც უდასტურებდა სიზმართა ის წყება, რომელიც ციკლურად, შავი მზის კალენდარულ ფაზებში ტრიალებდა და რომელიც ყოველთვის, მის ძარღვებში ლამანური სისხლის გააქტიურებას ემთხვეოდა. ლამანური სიზმარ-ხილვები უკავშირდებოდა იმ ძველთაძველ, ტრადიციულ ლამანურ ქორწინებებს, რომელშიც ლამანი ანიმები და ანიმუსები უღლდებოდნენ მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შთამომავალთა სიზმრებში ხვდებოდნენ. ჰორხამ თანერმა იცოდა, რომ ყველა ქორწილი, რომელშიც სიზმრად იწვევდნენ და საიდანაც, მუდამ, რაღაც სპეციფიური სასმლით გაბრუებული, ოთხზე მოკეცილი ბრუნდებოდა, მისი ლამანი წინაპრების, ანიმების და ანიმუსების შესაუღლებლად გამართული ზეიმები იყო. სიზმრად მიღებული სასმლის ზემოქმედებისგან თანერი მთელი კვირის მანძილზე ვერ თავისუფლდებოდა, იმდენად რომ, მისი საქმიანობისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰქონდა. მის მიერ ამ პერიოდში გადაწერილი ტექსტები პირუკუღმა, სულ თავდაყირა წარმოაჩენდა დედნისეულ პირველწყაროს. ეს იყო დედნისეული ვერსიის სრული უკუწართქმა, რასაც, გადამწერი, ზოგიერთი უძველესი დამწერლობისთვის დამახასიათებელ, მარჯვნიდან მარცხნივ წერის მექანიზმთან ერთად, უარყოფითი ნაწილაკების და ტექსტში შეტანილი ჟღერადი, ინტონაციური შორისდებულების ამუშავებით აღწევდა.


ჰორხამ თანერის ამ ციკლური, უკუწართქმითი პერიოდის შესახებ, როგორღაც, უწყოდა ამ მხარის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის, ბერელების ძიძამ, ძერასამ. მან სწორედ ამ პერიოდს დაამთხვია და ჰორხამ თანერს გადასაწერად მიუტანა თავისი ბატონის ჯანმრთელობის ისტორია, რომლის ბოლო ფურცლებიც თავად შეავსო. ამიტომ, თანერის გადაწერილ ვერსიაში, ბერელის ჯანმრთელობის ისტორია სულ ბოლოდან, გარდაცვალების ჩვენებით უნდა დაწყებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც ახალგაზრდა, პატივსაცემი ბატონი, თავს არამც თუ სასიკვდილოდ, პირიქით, ახალშობილივით გრძნობდა.
ჰორხამ თანერის საქმიანობაში მუდამ იგულისხმებოდა რაღაც ისეთი, საიდანაც განუწყვეტლივ შეიძლება კიდევ რაღაც, სრულიად ახალი დაიბადოს. ის სრულიად ახალი რაღაც, ყოველთვის იქ იყო, თანერის სულში, მაშინაც როცა მას თანერი სრულებითაც ვერ ამჩნევდა, მაგრამ თავისდათავად, უნებლიედ ათავსებდა სტრიქონთა შორის დარჩენილ სიცარიელეებში. ამ სიცარიელეებს თანერი ტექსტის ფუღუროებს უწოდებდა, სტრიქონთა წარყვნა რომ ხელეწიფებათ, ამიტომ დროთა განმავლობაში, მისდაუნებურად, ფუღურო-სიცარიელეების საკუთარი სტრიქონებით გამკვრივება დაიწყო. უცნობი ტექსტების შეყვანა სტრიქონთაშორის სიცარიელეებში ,,ჩამოტოვების” პრინციპით მიმდინარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩანართი ტექსტის გაჩენა ცარიელ ადგილას, მხოლოდ იმ ადგილის კარგა მანძილით გადავლის შემდეგ იყო მოსალოდნელი.

ამას გადამწერი ერთ-ერთ უახლოეს ღამეს იტყობდა, როცა სტრიქონთაშორისი გამკვრივებული სივრცე სიზმრად ეცხადებოდა რომელიმე შორეული წინაპრის სახით და ძველთაძველ, დავიწყებულ ენაზე ესაუბრებოდა. როგორც თანერი ფიქრობდა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მის სულს, გადაწერილ ტექსტებსა და სტრიქონთა შორის სიცარიელეებს შორის პირდაპირი, უწყვეტი კავშირი არსებობდა. ამაში კი, საბოლოოდ, ერთი შემთხვევის წყალობით დარწმუნდა.
ეს შემთხვევა უკავშირდებოდა ადამ ორელის მიერ 1815 წელს დრეზდენის ბიბლიოთეკიდან წამოღებული ხელნაწერი წიგნის შვიდ ვერსიას, რომლებიც აგებული იყო სიზმრის სიმბოლოებზე. ამ არქეტიპულ სიმბოლოებს ხედავდნენ წიგნის პერსონაჟები, რომლებიც უცნობი ავტორის (ან ავტორების?!) მიერ შექმნილ მხატვრულ სივრცეში ცხოვრობდნენ და მასში ახორციელებდნენ იმ კონკრეტული სიმბოლოს მნიშვნელობას, რომელიც იმ პერიოდში სიზმრად ნახეს.
ჰორხამ თანერი, ამ ხელნაწერი წიგნის ვერსიათა გადაწერის პროცესში, მალევე მიხვდა, რომ იქმნებოდა პარალელური, კიდევ ერთი, მონათესავე სიუჟეტთა სემანტიკური ველი, ანუ, ხელნაწერი წიგნის კიდევ ერთი, დამატებითი მერვე ვერსია, რომელიც თითოეული ვერსიის სტრიქონთაშორის სივრცეებში იყო მიმობნეული და გამკვრივებული. ამდენად, ამ მერვე ვერსიის ავტორი თავად ჰორხამ თანერი გამოდიოდა.
დრეზდენის ხელნაწერის შემთხვევა ჰორხამ თანერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მან უამრავი თავსატეხი გაუჩინა.

HOMO TOTUS

ეს ყველაფერი, რომელიღაც საგვარეულო გერბიდან აღებული, მაგნოლიის ტყის ფრაგმენტებით აღბეჭდილი, მარკიან კონვერტში ჩადებული, ერთი ფარატინა ფურცლით დაიწყო. ადამ ორელი, ამ წერილით თანერს ხელნაწერი წიგნის ვერსიების გადაწერაზე უთანხმდებოდა. როცა წერილში მითითებულ მისამართზე, ჰორხამ თანერი, თანხმობის დამადასტურებელ ბეჭდიან დოკუმენტს გზავნიდა, მაშინ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ადამ ორელის ნახევარგვერდიან წერილს, ასეთი სისწრაფით გამრავლება შეეძლო. დრეზდენის წიგნები ადამ ორელის საფოსტო ყუთით გამოგზავნა. მისი მიღებიდან პირველივე ღამეს, თანერმა შეამჩნია, რომ ხელნაწერი ფურცლები ყოველდღიურად მრავლდებოდა და მის ოთახს, თანდათან, პირთამდე ავსებდა.
ჰორხამ თანერს წინ ადამ ორელის სხვა წერილიც ედო, უფრო ვრცელი, რომელიც ცოტა მოგვიანებით მიიღო. წერილი ათიოდე ფურცლისგან შედგებოდა, თითოეულ ფურცელს კი სამ-სამი გვერდი ჰქონდა.

თანერმა დახედა თუ არა წერილს, მაშინვე მიხვდა, რომ ეს წერილიც, დრეზდენის წიგნის კიდევ ერთ, ადამ ორელის მიერ შექმნილ ვერსიას წარმოადგენდა და მაშინ, მისთვის ცხადი გახდა ერთი უდავო და ჩამაფიქრებელი გარემოება: დრეზდენის ხელნაწერს ერთი უჩვეულო თვისება გააჩნდა - ვინც კი მას რაიმე მიზეზით ახლოს გაეკარებოდა, უმალ, წიგნის ახალი ვერსიის შექმნის დაუძლეველი წყურვილით ავადდებოდა, შეპყრობილი ხდებოდა. ეს ჰგავდა გადამდებ, ეპიდემიურ სენს, რომელსაც ხელნაწერისგან გამოყოფილი ძველთაძველი მტვრის, უცნობი, სპეციფიური სუნი და თითოეული ფურცლის მესამე გვერდზე აღბეჭდილი, მოძრავი, გამჭვირვალე ღრუბლისებური ფორმების სივრცეები იწვევდა. ამ სივრცეებს ადამიანების, ცხოველების, საგნების, მოვლენების, მთელი სამყაროს შთანთქმაც შესწევდათ, რის შემდეგაც შთანთქმული არსებები თავიანთ ცხოვრებას, ამავე, ხელნაწერ წიგნში განაგრძობდნენ.
ჰორხამ თანერმა, როგორც ცოტა მოგვიანებით, ადამ ორელის წერილიდან შეიტყო, დრეზდენის სხვა ხელნაწერებს, გაცილებით საშიშ და მომაკვდინებელ სნეულებათა გამოწვევა შეეძლოთ.


. . .
ადამ ორელის წერილი დრეზდენის ბიბლიოთეკის აღწერით იწყებოდა. იგი იტყობინებოდა ამ წიგნთსაცავის უცნაურობათა, იქაური წიგნების და დოკუმენტების უჩვეულო თვისებათა შესახებ.

ყოველივე ამას კი, წინ უსწრებდა წერილის პირველივე გვერდზე, საგანგებოდ ჩაწებებული, სიზმრებიდან ამონაჭერი სომბოლოები, რომელთაც ხელნაწერი წიგნის პერსონაჟები, თავიანთ სიზმრებში თანმიმდევრულად ხედავდნენ:


ფლამინგო, გაშლილი ფრთით
ხე, ხშირი ტოტებით
კომპასი
ჯვარი,ოდნავ გადახრილი
სველი მიწა
გვირგვინი ყვავილების
თვალი
ფასკუნჯი
შავი ბალახი
მარტორქა
ჭიშკარი
ტყე
ჩარჩო
ზღვა
ქალის მკერდი
ტრამალი
მოჭრილი, გადაპარსული თავი
საშო,მენსტრუაციული სისხლით
ზურგის ქარი
კვერცხი ციცრისა
მტრედი
ნაფოტი
ანიმა და ანიმუსი
ზანდუკი
სახლი
ქოთანი
ღამურა
ზარი
ბეჭედი
გვირგვინი: მეფის გამოცანა
საათის ისრები
ყანჩა, რომელსაც ნისკარტით თევზი უჭირავს
რძე
ხომალდი
ქვიშის საათი
ნიღბები
მოედანი
სამყურა ბალახი
სანაპირო
კარი


 
 


ფლამინგო, გაშლილი ფრთით
,,დრეზდენში უძველესი ხელნაწერები ინახება, რომელთა უმეტესი ნაწილი ჯერაც ხელუხლებელია, იმ გადამდები დაავადების გამო, რომელიც ადამიანისთვის მომაკვდინებლად ითვლება. ეს სიკვდილი ჩვეულებრივი სიკვდილისგან იმით განსხვავდება, რომ მას გარდაცვლილი ვერ იგებს და ცხოვრებას ძველებურ რიტმში განაგრძობს. მაგრამ მისი სიკვდილი ცნობილია გარშემომყოფთათვის, ახლობლებისთვის, რომლებიც ცდილობენ გარდაცვლილს აუხსნან მისი უჩვეულო მდგომარეობა, ცდილობენ სიკვდილთან შეაგუონ. ამ მიზნით, მიჰყავთ სასაფლაოზე, აჩვენებენ მარმარილოს ქვას, რომელზეც მისი პორტრეტი, დაბადების და გარდაცვალების თარიღია ამოტვიფრული. საბოლოოდ, მაინც, გარდაცვლილის ძალით დაკრძალვა უხდებათ. ეს დაავადება შუასაუკუნეებში, XI საუკუნის მიწურულს, გაჩენილა მცირე აზიაში, კერძოდ ანატოლიაში, რომელიც იქ შეუტანია ერთ-ერთ მომთაბარე ტომს, რომელიც თავის გენეალოგიას იწყებს ოღუზკაგანისგან. აქედან კი მეზობელ ქვეყნებში გავრცელებულა.
დრეზდენში არის ისეთი წიგნები და ხელნაწერები, რომელთა გაცნობაც დასაშვებია ბიბლიოთეკის შინაგანაწესის მიხედვით.

შინაგანაწესი კი ცხადყოფს, რომ ეს მთლად ჩვეულებრივი წიგნთსაცავი არ არის, უფრო, ერთგვარი წიგნთციხესიმაგრეა, სადაც წიგნები, ხელნაწერები, სხვადასხვა ისტორიული და იურიდიული დოკუმენტები სასჯელს იხდიან იმ დანაშაულებათა გამო, რომელნიც მათ გმირებს ჩაუდენიათ. ამიტომ, როგორც ყველა ციხე, დრეზდენიც საიმედოდ არის დაცული. თუმცა არც იმდენად, რომ იქედან გაქცევა და მიმალვა შეუძლებელი იყოს. ხომ გესმით, ბატონო თანერ, რასაც ვგულისხმობ . . . ”
 
და ჰორხამ თანერი მიხვდა: მისი ოთახი დრეზდენის ხელნაწერებისთვის, არის დროებითი თავშესაფარი იქამდე მაინც, სანამ იგი თავის სამუშაოს შეასრულებს: სანამ ყველა ვერსიას შეისწავლის და მათგან ერთ საერთო ინვარიანტულ ტექსტს შექმნის.

ჰორხამ თანერი საბოლოო, ინვარიანტულ ტექსტში თავისი მერვე ვერსიის ჩართვასაც ვარაუდობდა, რითაც სამუშაოს დრო ერთიორად გახანგრძლივდებოდა. თანერმა ისიც კი გაიფიქრა, თუკი ხელნაწერები დრეზდენის ციხე-სიმაგრიდან გაუჩინარდნენ და მის ოთახს აფარებენ თავს, ხომ არ აჯობებს, მეტი სიფრთხილისთვის, წიგნის შვიდივე ვერსია ჩემს მერვე ვერსიაში გადავმალოო. მით უფრო, რომ თუკი ამ წიგნებს გაუჩინარების უნარი შესწევთ, ადვილი შესაძლებელი იყო, ისინი გადამწერის მაგიდიდან მანამ გამქრალიყვნენ, სანამ თანერი მათზე მუშაობას დაასრულებდა. ადამ ორელის გაფრთხილებაც მოაგონდა, წერილით რომ ატყობინებდა: ,,ოღონდაც გაფრთხილდით, ბატონო თანერ, ეგ ხელნაწერები ქალწულებივით კეკლუცობენ და ჯიუტობენ. არასდროს ამხელენ იმას, რაც სინამდვილეში სურთ. სულ თვალყურის დევნაში უნდა იყოთ, წინასწარ ვერასოდეს განჭვრეტ რას მოიმოქმედებენ!”  

ჰორხამ თანერი შუაღამისას ნაბიჯების ხმამ გამოაღვიძა. მან ფხიზელი ძილი იცოდა და სიმრებსაც ნახევრად ფხიზელი, გახელილი თვალებით ხედავდა.

ახლა უჩვეულოდ მსუბუქმა ნაბიჯების ხმამ მთლიანად გამოაფხიზლა. თვალებს არ უჯერებდა: ხელნაწერებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადმოდიოდნენ ასო-ნიშნები, სტრიქონები, მთლიანი აბზაცები. მათი ჩრდილები ირეკლავდნენ მთვარის ვერცხლისფერ შუქს და გადამწერის ოთახის ფანჯრიდან ღამის წყვდიადში უჩინარდებოდნენ.

HOMO TOTUS

ჰორხამ თანერი საწოლიდან წამოვარდა და სტრიქონთა ჩრდილებს შეერია. უსწრაფესად დაქროდა და გიჟივით ტრიალებდა. იმათ დაჭერას ცდილობდა, რომელთაც წასვლა ჯერ ვერ მოესწროთ. მაგრამ ვერც ერთი სიტყვა, ერთი ასო-ნიშანიც კი ვერ შეაჩერა.

თითოეული მათგანი, შეხებისთანავე ხელიდან უსხლტებოდა ან წყლის ბუშტივით სკდებოდა და ქარწყლდებოდა. მაშინაც არაფერი გამოუვიდა, როცა მთელი ტანით ფანჯრის შუშებს აეფარა: ხელნაწერებმა თანერის სხეული გაიარეს და იქაურობა დატოვეს.
ოთახში ცარიელი ფურცლების კორიანტელი დადგა და ჰორხამ თანერს ცემინება დააწყებინა. ეს იყო რაღაც ალერგიული სიმპტომი, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა დაცარიელებული ქაღალდის მტვერი და შიშის სუნი ერთმანეთში ირევა.
ჰორხამ თანერმა იცოდა, რომ დაღლილი საგნები უჩინარდებიან, ადამიანის სხეულის ნაწილები გადაადგილდებიან, განაწყენებული ხეები ცაში მიფრინავენ, სასახლეები ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეს გადასახლებიან, ქარებს მიღმა უდაბნოები იწრიტებიან, ქალაქები თბილ ქვეყნებში მიცურავენ, სოფლები სოროებში იმალებიან, კონტინენტები გუბურებში იძირებიან.


ხე, ხშირი ტოტებით
მას შემდეგ, რაც ხელნაწერებმა ჰორხამ თანერის ოთახი დატოვეს, მას გაუჩნდა განცდა, რომ ქალმა მიატოვა. იმ ქალმა, რომელთანაც საწოლში მხოლოდ ერთი საათი გაატარა და მთელი ცხოვრება იცხოვრა. ამ ქალს მარცხენა ძუძუ უფრო პატარა და მოხდენილი ჰქონდა, რომელსაც ახალშობილებს აწოვებდა, მამაკაცებისთვის განკუთვნილი მარჯვენა ძუძუ კი _ უფრო დიდი და მოტყლარწული, რადგან, მამაკაცებს არ შესწევთ მისი სწორად გამოწოვის უნარი.

თანერი ფიქრობდა, რომ ამ ქალმა სწორედ ამის გამო მიატოვა.
ჰორხამ თანერის მარტოობაში ყვავის მაგნოლიების ტყე, უთვალავი რძისფერი ყვავილებით, რომლებიც იწვევენ თავბრუსხვევას. ტკივა თავი. ლბილი და ნოტიოა ბალიში, რომელზეც დებს თავს. ბალიში სხვადასხვა ქალის ქერა თმით არის ამოვსებული. ჰორხამ თანერი იცნობს ამ თმებს. ადრეც ამ თმებზე დებდა თავს.  
იცნობს ქალს ფეხის ხმაზე, კარის სახელურზე ხელის შეხებით.

მთელი ცხოვრება მამაკაცის თმას აგროვებს. ის მოდის ყოველ დილით. ზოგჯერ თან მოჰყვება თავისი ჩრდილი, რომელიც მუდამ დაღლილია ღამეული ხეტიალით, რაკი მძინარე მამაკაცებს პარავს თმას, კერავს ბალიშებს თმის ერთი ღერით, გარდაცვლილი უცნობი წინაპრებისთვის.
შუადღისას მოდის სხვა ქალი. ის არასოდეს იცვამს პერანგს კაბის ქვეშ. მას არასოდეს აცვია საცვლები და ფეხები ყოველთვის ჩვეულებრივზე მეტად დაშორიშორებული აქვს. ის აგროვებს ჟღალთმიან მამაკაცთა სპერმას და ალბინოსი თევზების ქვირითს, რომელსაც იზელს სხეულზე და ახალგაზრდავდება.
შებინდებისას მოდის გოგო, რძისფერი კანით. მას მაგნოლიის ყვავილის თავბრუდამხვევი სუნი ასდის და ჰორხამ თანერს ტკივდება თავი.

გოგო ასგზის უფრო დიდია, ვიდრე მისი ბავშვური პირისახე. მან მდედრი და მამრი საგნების გარჩევა იცის. მდედრ საგნებს ყრის, მამრ საგნებს კი საშოში ინახავს. სიარულისას საშოდან უცვივა კაჟი ქვები, რომლებიც უმმანის ზღვის ნაპირებზე მოაგროვა.


კომპასი
,,იცი, რომ გაუჩინარებული საგნები კვლავაც ჩნდებიან? ადამიანის სხეულის ნაწილები თავიანთ ადგილებს უბრუნდებიან? დამცხრალი ხეები ციდან მოფრინავენ? სასახლეები გადასახლებებიდან ბრუნდებიან? დაწრეტილ უდაბნოებს ქარები ქვიშით ავსებენ? ქალაქები თბილი ქვეყნებიდან უკან, სამშობლოში მოცურავენ? მიმალული სოფლები სოროებიდან გამოდიან? დაძირული კონტინენტები გუბურებიდან ამოიმართებიან?
იცი, რომ გაქცეული სიტყვები ხელნაწერებს უბრუნდებიან?
ჩემი სასახლე გამუდმებით გადაადგილდება ქვეყნიერების ოთხ მხარეს. ამიტომ ხან აღმოსავლეთში ვარ, ხან - დასავლეთში, ხანაც - ჩრდილოეთსა და სამხრეთში. ეს იმის გამოა, რომ მამრ მიწაზე არის ნაგები და ერთ ადგილას შეჩერება არ შეუძლია. საძირკველს მხოლოდ მდედრი მიწა აღვივებს.

სასახლის შიმშილს მდედრი მიწა აცხრობს. გამოსაკვებად სხეულის სამ სხვადასხვა ნაწილს აწოვებს: ძუძუებს, ჭიპს და საშოს.
ჩემმა სასახლემ ახლა ისევ დასავლეთისკენ აიღო გეზი. მე მას მივდევ, თან მიმაქვს მთელი ჩემი ავლა-დიდება, რომელიც ერთ პეშვშიც ჩაეტეოდა, მარჯვენა ხელს რომ სცოდნოდა, რას იქმს მისი მარცხენა და ვიდრე ისინი ამას გაიგებენ, მე მიხდება ყველა წვრილმანზე ზრუნვა.
თან მიმყავს ჩემი სამი ქალი. სამი ქალი მაფრთხობდა ყოველთვის: ის, ვინც მდედრი და მამრი საგნების გარჩევა იცის; ის, ვინც მთელი ცხოვრება აგროვებს ჟღალთმიან მამაკაცთა სპერმას და ალბინოსი თევზების ქვირითს; და ის, ვისი ჩრდილიც შუაღამით დაბორიალებს და მძინარე მამაკაცებს პარავს თმას, რომლითაც კერავს ბალიშებს გარდაცვლილი უცნობი წინაპრებისთვის.”  
ადამ ორელი

როცა ჰორხამ თანერმა ადამ ორელის წერილის კითხვა დაასრულა, გაიღიმა. მიხვდა, რომ დრეზდენის ხელნაწერი წიგნები ძველებურად ტექსტებით იყო სავსე.


ჯვარი,ოდნავ გადახრილი
მას არც ღმერთი უხილავს ოდესმე, არც ეშმაკი. წითელი კუროს ტბასთან დაიბადა, სადაც მხოლოდ ჩრდილები ირწყულებენ გამომშრალ ხახას.

ტბაში, როგორც მელანში, დებენ ენის წვერს: ჩრდილები მეტყველებენ და წერენ უამრავ იდეოგრამას. მან ისწავლა უცხო სიტყვების კითხვა, რომლებიც არაფერია, გარდა ერთი სიტყვის სხვადასხვა კომბინაციისა, ერთადერთი მნიშვნელობით. მას აფრთხობს ეს სიტყვა.
მრეცხავი ქალის საშოში უნდა ჩასახულიყო, რომელსაც ყველაფერი ლუწი ჰქონდა: ორიდან ერთ-ერთ საშოში. მაგრამ მამას, გამვლელ მწყემსს, ასო ჰქონდა კენტი. დაკარგა სწორხაზოვნება და თასში ჩამხობილი ქალის წილ, ქვა გაანაყოფიერა.
ქვა, როგორც კვერცხი, შიგნიდან გამოტეხა. გამოვიდა სველი ტერფებით, რომლებიც არ გამშრალა.

გამოსვლისთანავე მუხლები სიპ ქვებზე გადაიყვლიფა. გადაყვლეფილ მუხლისთავებზე შეიძლება წაკითხულიყო ჰიმნები და საგალობლები.
მოგრძო, მწითური თმა ჰქონდა. ასო ჰქონდა პატარა, რომელზეც მწყემსმა დაჰკიდა უხმო ეჟვანი, რომ ყოველთვის სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ ერთმანეთი არასოდეს უნახავთ. ეჟვანი კი, მწყემსმა შეხსნა ერთადერთ ჟღალ ძროხას, თავისი ნახირიდან.
ყოველ დილით ტბაში შედიოდა, წყალს ორად ანაწევრებდა, რომ წყლის წაკითხვა შეძლებოდა. ერთხელაც, ცალკეულ ნაწილებზე ამოიკითხა სულ სხვადასხვა რამ და როცა წყალი ისევ შეკრა, თქვა: მე ვარ სიკვდილი, არა _ აღსასრული. შემიძლია სულს მოვაძრო სხეული, სხეულს ჩრდილი, მაგრამ ვერასოდეს შევძლებ სხეულიდან სულის ამოღებას, რაკი ხელები მაქვს სხეულზე მოკლე, სული კი უფრო ფართო და უფრო მძიმეა, ვიდრე სამყაროს ყველა სხეულის სიცოცხლე ერთად აღებული.
ასოზე შებმული ეჟვანი აამოძრავა.

HOMO TOTUS

გაიფიქრა: რა აზრი აქვს ეჟვანს, თუ ხმას არ გამოსცემს.

აქვს სხვა აზრი: მამას ესმის ეჟვნის ხმა, რომელიც ჟღალ ძროხას შეხსნა. რის შემდეგაც ძროხა ჯერ აჭრელდა, შემდეგ გაცოფდა. ოთხგზის სწრაფად იწყო სვლა და მთელ ფარაზე ერთნახევრით მეტი გახდა. ცოფშეყრილმა ტბის პირას ბიჭი მოძებნა, ასოზე შებმული ეჟვანი მოაჭამა. ასო კი, ენის ქვეშ შეინახა. აქ მამას უთქვამს: ,,ვნახოთ, შვილო ჩემო, ვინ შეჭამა ასო?”
მოვიდა მრეცხავი ქალი: თმა აცვია ბროწეულის, ქსელი უდგას ძოწეულის, ჭურჭელი უდგას ოქროსი, შიგ წყალი უდგას ვარდის. მრეცხავი ქალი: ოქროსფერი ყვავილებით, აბრეშუმის კაბით, ქინძისთავებით, მაქმანებით, თმაში ქორის ბურდღით, ხბოს ტყავის ზანდუკით.

უთხრა: ,,მამამ შეჭამა!” და კიდევ: ,,მაგის წამალი ადვილია.” გახსნა ზანდუკი, ამოვარდა შედედებული ზღვის და ჭიპლარის სუნი. ამოიღო საბერძნეთში შეძენილი პატარა ქვა - ომფალო და შეჭმული ასოს ადგილას ჩასვა: სამს ხუთშაბათს, სამ შაბათს, სამ ოთხშაბათს სამი უმტნელი ამოიღე, სამი უშეტი ჩაუშვი, სამს დილაზე გადაისხი. ტანი აგიდგება ალვის, თმა გაგესხმის ბროწეულის, ქსელი დაგიდგება ძოწეულის, ჭურჭელი დაგიდგება ოქროსი, შიგ წყალი ჩაგიდგება ვარდის.


სველი მიწა
  გაძვალტყავებული და ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილი ჩანდა. ხმამაღლა სუნთქავდა: ფშვინავდა. დაძენძილი სამოსი ეცვა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას - მოუჩანდა ბერძნული ქვა ომფალო. ფეხის ტერფები ჰქონდა სველი, მუხლისთავები კი გადაყვლეფილი.
მაგნოლიების ტყეში შევიდა, რძისფერი ყვავილი კბილით და ტუჩით მოკბიჩა. მიხვდა რომ უთვალთვალებდნენ.

გზა მაინც განაგრძო, ცივი სასახლისკენ აიღო გეზი.
ლიუმ ქვედა ტუჩზე მიმჯდარი მწერი მოიცილა და მარცხენა ხელი ქალს ჩაავლო. ბალახს ორ ზოლად გაჰყვა სველი ნატერფალი. ლიუ მიწაზე დაიხარა და სველი ნაკვალევიდან ბალახთან ერთად მიწის მომცრო, ფხვიერი ლუკმა გადაყლაპა. ენის წვერით ხელისგულზე დარჩენილ ნაფხვენებსაც გაუსინჯა გემო.
_ ეს სიკვდილი იყო, ელიზა! სიკვდილის სველი ანგელოზი! ნაღვარში მობურთალი! ნაღვარმშვენიერი! მხოლოდ სიკვდილს აქვს სველი ფეხები, ქვესკნელის მლაშე წყლებით მარადსველი ტერფები!


გვირგვინი ყვავილების
უსიერი ტყის ძუ ლომს ჰგავს ელიზა ბერელი. ლომივით აკვესებს თვალებს და სხეულზე ფაფარივით იყრის გრძელ ქერა თმას. ფეხებთან თვინიერად უწევს მაგნოლიების ტყის ლომი, რომელიც ბავშვობაში მამამ აჩუქა და მასთან ერთად გაზარდა.

ლომი მუხლისთავებს ულოკავს ელიზას. ქალი კაბას იხდის და ლომის ხორკლიან ენას შიშველ მუცელს ახვედრებს. ელიზა ნადირს ტანქვეშ უწვება და ამოზნექილ სხეულს უწვდის. ლომი ავდება და ენას ალესილ ეშვებს აყოლებს. მსუბუქად უკაწრავს სველ საშოს და ბრჭყალით მკერდსაც უსერავს. ელიზა იკრუნჩხება და დუნდება.
დაკაწრული სხეულით ლომის ზურგზე იშოტება.

გაჰკრავს წვივს და გააქროლებს. ცივი სასახლის უსასრულო დერეფნებში უსწრაფესად დაჰქრის. უსმენს ხმოვნებს, რომელსაც ჰაერი გამოსცემს გადაკვეთისას და გასცქერის უკან დარჩენილ კვალს: ლომი უამრავ ცხელ ქვირითს ყრის და ტოვებს ნერწყვის ფართო, სველ ზოლს. ხელებს ფართოდ შლის ელიზა და ესალმება მსახურთ, რომლებიც წყვეტენ საქმიანობას და ციხე-კოშკთა მდუმარე დარაჯებივით დერეფნებში შეშდებიან. დგანან დახუჭული თვალებით და ღრმად ისრუტავენ მისი რძისფერი კანის, მაგნოლიის ყვავილის თავბრუდამხვევ არომატს, რომლითაც გაჟღენთილია სასახლის სივრცე.
აგონდება ლიუ: მაგნოლიების ტყეში ელის ელიზა ბერელს. შორიდან ყრუდ ესმის ხმა, როგორც ლოდინის ბგერა, რომელსაც გამოსცემს ლიუს ლბილი სული. უახლოვდება ლიუ შიშველ ელიზას, მაგნოლიის ყვავილის სუნში ეხვევა და თავბრუსხვევას იოკებს.

დილის შიმშილს იღვივებს: ქალის მცხრალი სხეულის სველ ოხშივარს ისრუტავს. ხელში აჰყავს და მაგნოლიების ჩრდილში გადაჰყავს. ელიზა ლიუს ტუჩებით ეხება და ეჩურჩულება:
_ ძვირფასო, ქალაქებს თავს ესხმის თევზების და ბაყაყების წვიმა, განაყოფიერებული ცოლები ერთ ღამეში ბერწდებიან, ყვავილები ფუტკრებს გულს სწოვენ, იმპერატორები ვახშმად უფლისწულთა გულ-ღვიძლს მიირთმევენ, ვირთხები შესაჭმელად მერცხლებს ეტანებიან, მე კი ისევ მიყვარხარ, წარმოგიდგენია? მიყვარხარ, ისე, თითქოს ქვეყანაში არაფერიც არ ხდებოდეს!


თვალი
სარსრი ბერელ-უმცროსს დაკრძალვას უპირებდნენ, როცა ცალი, მარცხენა თვალი გაახილა. სხეულის დანარჩენი ნაწილები კი, ისევ უსოლოდ ესვენა ბერელთა საგვარეულო აკლდამაში.
სარსრი ბერელის გაშეშებულ სხეულს ზემოდან მათი შორეული წინაპრის, აგათა აკრიტასის პორტრეტი დაჰყურებდა. სარსრი ბერელის მარცხენა თვალს ეჩვენებოდა, რომ აკრიტასი ცინიკურად უღიმოდა და თვალს უკრავდა.
ბერძენი დიდებულის აგათა აკრიტასის ეს ძველთაძველი პორტრეტი აკრიტასებში თაობიდან თაობაზე გადაეცემოდა. ბერელებამდე, რომლებიც აკრიტასების ერთ-ერთ მატრილინეარულ შტოს წარმოადგენდნენ, პორტრეტის უშუალო მემკვიდრეები ყოველთვის აკრიტასები რჩებოდნენ. მას შეუფასებელ საგვარეულო განძად და საკულტო რელიქვიად მიიჩნევდნენ, რადგან სწამდათ, რომ ამ პორტრეტში ჩადებული იყო აკრიტასების საერთო პრესული.

პორტრეტი წარმოადგენდა ნამდვილ მატიანეს, რომელიც ცოცხლად ინახავდა იმ ბრძოლების და თავგადასავლების ისტორიებს, რომლებიც აკრიტასებს გამოუვლიათ თავიანთი არსებობის მანძილზე, ფიზიკურ თუ სულიერ სფეროში. ამ გადმოცემებში ყველაზე შთამბეჭდავი, მაინც სიკვდილის ანგელოზთან ბრძოლის ისტორია იყო, რომელიც აგათა აკრიტასს სიყრმეში გადახდენია. ეს ამბავი, აკრიტასთა მოდგმას იდუმალებაში ხვევდა: სწამდათ, რომ ამ პორტრეტის სული აკრიტასთა გვარის მფარველი ანგელოზი იყო, რომელიც მუდმივად დევნიდა სიკვდილს მათი ოჯახებიდან, როგორც, ეს დასაწყისში მოხდა, როცა, ჯერ კიდევ ყოველმხრივ გამოუცდელმა ყრმამ, აგათა აკრიტასმა, მის წასაყვანად მოსული სიკვდილის ანგელოზი სძლია და სამუდამოდ გააძევა აკრიტასთა მამულებიდან. შემდეგ კი, როცა უკვდავება მოყირჭდა, შთამომავალთა მეცხრე, თუ მეათე თაობას, პორტრეტში თავი ცოცხლად დაამარხვინა. ამიტომ მიაჩნდათ აკრიტასებს, რომ პორტრეტი ცოცხალია, მას საუბრის და მოქმედების უნარიც შესწევს და მისი შიშით აკრიტასებში სიკვდილის ანგელოზი უდროოდ და უბოდიშოდ ვერ გაჭაჭანდება.
აგათა აკრიტასის პორტრეტი ბერელების ხელში სრულიად უკანონოდ მოხვდა, თუმცა ამაში ბრალი ბერელებს კი არა, ბერელთა გრძნეულ ძიძას, ძერასას მიუძღვის, რომელიც თავისი ჯადოქრობის წყალობით დღემდე ცოცხალია, სარსრი ბერელი-უმცროსის აგებულ ცივი სასახლის სხვენში ცხოვრობს, ყოველნაირ წამლებს ამზადებს და ზოგჯერ მამაკაცებს სხვადასხვა ლამაზი ქალის სახით ეჩვენება.


ფასკუნჯი
ძერასამ მოხიბლა და მოტყუებით უამრავი წამლის საიდუმლო რეცეპტი დასტყუა ერთ სირიელ მუსლიმს, ხანგრძლივადმცხოვრებ ლუღმან ჰაქიმს.

HOMO TOTUS

ვიდრე სირიაში გადასახლდებოდა, ლუღმანი ჩრდილო არაბეთში ნუბიაში ცხოვრობდა და იქაურ არაბებს მკურნალობდა.

თვითონაც არაბი იყო. წარმოშობით უძველეს არაბულ, ადის ტომს ეკუთვნოდა. როცა ადის ხალხი გვალვებმა მოიცვა, ლუღმანი იყო ერთი იმათგანი, ვინც გაიგზავნა მექაში, რომ წვიმისთვის ელოცა. მაგრამ ლუღმანმა თავისთვის ილოცა და ალაჰს ხანგრძლივი სიცოცხლე გამოსთხოვა. მას შვიდი ფასკუნჯის სიცოცხლის ხანგრძლივობა ებოძა და როგორც ამბობენ, სამიათასი წელი იცხოვრა.
ლუღმანს ცხოველების, ფრინველების და მცენარეების ენა ესმოდა. მათგან ბუნების საიდუმლოებებს იგებდა, უამრავ სიბრძნეს იხვეჭდა.

კარმიდამოში კი, სიცოცხლის შვიდი ფრინველი ჰყავდა გაშვებული, რომელთაც ქალის რძეში დამბალი იფქლის მარცვლებით კვებავდა. როცა ექვსი ფრინველი ერთმანეთის მიყოლებით სახლის უკან მოწყობილ სასაფლაოზე დამარხა, სიკვდილის შიშმა შეიპყრო და გადაწყვიტა, მთელს ქვეყნიერებაზე ეხეტიალა და რადაც არ უნდა დაჯდომოდა, სიცოცხლის ბალახი მოეპოვებინა. ლუღმანს ერთ ძველ ქითაბში ჰქონდა ამოკითხული, რომ სიკვდილის წამალი მზადდება იმ ბალახისგან, რომელიც კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში, წითელი კუროს ტბის მოპირდაპირე შავ მთაზე, წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე მოდის, პატარა, შავ ყვავილს იკეთებს და მხოლოდ ერთ დღეს ხარობს. ლუღმანმა ზურგზე მოიკიდა თავისი საწამლე ზანდუკი, უკანასკნელი ფასკუნჯი თავზე შეისვა და სირიიდან კავკასიისკენ გამოემართა. უთვალავი მთა, ტყე და ველი გადმოიარა; უცნობი ზღვები და კლდის მწვერვალებზე გამოკიდული, უჩვეულო ტბები გადმოლახა, უთავბოლოდ იხეტიალა და საბოლოოდ მოაღწია ჩრდილოეთ კავკასიამდე, ალანიის ქვეყანაში, ძერასას სამშობლოში.  


შავი ბალახი
ლუღმან ჰაქიმი ძერასას ალანეთში ჩასვლის პირველივე დღეს შეხვდა. სხვა ქალებს არ ჰგავდა ძერასა: ხელში სარეცხით სავსე თასი ეჭირა.

მოღეღილი კაბიდან მოუჩანდა მარცხენა მოკვნეტილი ძუძუსთავი, რომლის ქვემოდან მოისმოდა იფნის ტყეების შრიალი. ქალს წელამდე სცემდა შავი თმის გრძელი ნაწნავი, რომელშიც ოთხყურა, ერთძარღვა, ცასუმზირა და სხვა უცხო ბალახები ჰქონდა ჩაწნული. ლუღმანი უცებვე მოიხიბლა ამ იდუმალი არსებით, მიუახლოვდა, ნაწნავზე ისე მაგრად დაქაჩა, რომ ქალს თმის ძირები აუწითლდა.  
_ თუ ქალწული ხარ, გახდი ჩემი ცოლი და შენს თმაში ჩავწნავ სიცოცხლის ბალახს, რომელსაც შავ მთაზე ვიპოვი _ უთხრა არაბმა ქალს.
ძერასამ სარეცხი თასი დადო და არაბის მოღუშულ შუბლს, მდაბიურ სქელ ტუჩებს, ხორკლიან შავ კანს სახეში ჩასცინა. მერე თასი ისევ აიღო და კაცი წითელი კუროს ტბისკენ გაიყოლა, სადაც მტკნარი წყლის ქვიშიან ნაპირზე აღმოცენდებოდა და ზამთარ-ზაფხულ ხარობდა ოთხყურები, ერთძარღვები, ცასუმზირები და ბევრი სახვა უცხო ბალახი.
_ აი, შავი მთა! _ თითი გაიშვირა ძერასამ ტბის მოპირდაპირე მაღლობისკენ და არაბი იქეთ მიახედა. _ იმ მთაზე უამრავი ყვავილია, ზუსტად იმდენი, რამდენი თმის ღერიც აქვს იქ მისულ ადამიანს. თითოეულ ყვავილს რომელიმე წინაპრის სუნი ასდის და ადამიანი ამ სუნით საიქიოს ამბებს იგებს.

შენ კი იმდენი წელი გიცხოვრია, შენი ყველა წინაპარი შენ თვითონ ხარ.
ლუღმანი ქალს თვალებში ღრმად ჩააცქერდა. უსაზღვროდ კმაყოფილი იყო, განგებამ ასეთ უჩვეულო, იდუმალ და თავის მსგავს არსებას რომ შეახვედრა. ძერასა ღვთის საჩუქრად და სასიკეთო ნიშნად მიიჩნია, თავისი მიზნის აღსრულების გზაზე და განგების ნების უკეთ განსაჭვრეტად ძერასას სულისკენ გაიკვლია გზა. ოღონდაც იქ ვერაფერი იპოვა საიმედო, დამამშვიდებელი: მხოლოდ თვალუწვდენელი, უსწორმასწორო, შავბნელი მწვერვალები და მათი უფსკრულები. ლუღმანი მთლიანად შთანთქა ძერასას სულის ქვესკნელმა და გულმოდგინედ დაფარა შიში, რადგან სასაცილოდ ეჩვენებოდა დამფრთხალი ბრძენი უსუსური ქალწულის წინაშე.
 _ შენ საიდან იცი, რამდენი წელი ვიცხოვრე?! _ ესღა თქვა ლუღმანმა.
_ მხოლოდ ის ეძებს სიკვდილის წამალს, მხოლოდ ის ვერ ეტევა მისთვის მოძებულ კანში, მხოლოდ ის ვერ ელევა თავის უბადრუკ სიცოცხლეს, ვინც განუზომლად დიდხანს იცხოვრა, ვინც თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობით უკვდავებას მიუახლოვდა. შენ იმდენი წელი იცხოვრე, შენი ყველა წინაპარი შენ თვითონ გახდი.

მე კი იმდენი წელი უნდა ვიცხოვრო, რომ ყველა ჩემი შთამომავალი მე ვიყო.
ძერასას წითელი კუროს ტბაზე ყოველ დილით მიჰქონდა სარეცხი, რეცხავდა და უცხო ბალახების მწვანე წვენში ავლებდა. ლუღმან არაბი ამ დროს შავ მთაზე სიკვდილის წამალს ეძებდა და ძერასასთვის სხვადასხვა ფერის ყვავილების კონები ჩამოჰქონდა, სახეზე აფარებდა და მოკვნეტილ ძუძუსთავზე კოცნიდა. ძერასა ცბიერად იღიმოდა და კვლავინდებურად დასცინოდა მის მოღუშულ შუბლს, სქელ, მდაბიურ ტუჩებს და ხორკლიან, შავ კანს.
_ თუმცა მაქვს შავი სახე, გული მაქვს თეთრი; თუმცა მაქვს სქელი ტუჩები, სამაგიეროდ ისინი სიბრძნეს მეტყველებენ _ ეჩურჩულებოდა ლუღმანი ქალწულს, მაგრამ თვითონვე ხვდებოდა, ამ ქალის სიახლოვე ყველა მის სიბრძნეს რომ აქარწყლებდა და იმდენად უბრმავებდა თვალებს, როგორც სხეულის გარეთ, ისე მის შიგნით, ბუნების საიდუმლოებათა მწვდომს, მიახლოებითაც არ შეეძლო ქალწულის გრძნეული ზრახვანი განეჭვრიტა. ძერასა სწორედ იმ სიბრძნის მიტაცებას ესწრაფვოდა, რომელსაც ლუღმანის სქელი, მდაბიური ტუჩები მეტყველებდნენ, ხოლო არაბის თეთრი გული ვერასოდეს შეძლებდა მისი გულის დაპყრობას, რადგან ქალს გული საერთოდ არ გააჩნდა. ძერასას, ჩვილობაში, ჯადოქარმა დედამ გული სულ ბოლო წვეთამდე გამოუწუწნა და ძუძუსთავიც მაშინ მიაკვნიტა.

გამოწოვილი გულის ადგილას კი იფნის ჩელტი ჩადგა. ამიტომ იყო, რომ როცა ძერასა აღელდებოდა, მარცხენა მოკვნეტილი ძუძუს ქვემოდან იფნის ტყეების შრიალი მოისმოდა.
ძერასასაც ჰქონდა დედისგან თანდაყოლილი ცბიერება და გრძნეულება. არაბის ნათქვამზე ბევრი არ უფიქრია. მარცხენა მოკვნეტილი ძუძუსთავი კაბიდან ამოაგდო და შუაღამით მძინარეს თავზე წაადგა. არაბი იფნის ტყეების შრიალის ხმამ გამოაღვიძა და ვიდრე თვალს გაახელდა, მანამ მიხვდა, ეს აღელვებული ძერასა ედგა საწოლის თავთან:
_ ქალწული ვარ და გავხდები შენი ცოლი, როცა შავ მთაზე სიცოცხლის ბალახს იპოვი, რომელსაც თმაში ჩამიწნავ. ოღონდ კიდევ ერთი პირობით: თუ ვერ შეძლებ ჩემი სიქალწულის დარღვევას, დამიტოვებ სიცოცხლის ბალახს და აქედან სამუდამოდ გაუჩინარდები!
ლუღმანი ბრძენი იყო და ბრიყვივით გაღიმა. მან ცხოველების, ფრინველების და მცენარეების ენა იცოდა, მაგრამ ქალის არაფერი გაეგებოდა.

ათასი ჯურის მცენარეებს ცნობდა, მაგრამ ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, რომ მცენარეთა მსგავსად, არსებობს ქალთა ნაირგვარობა, რომლებიც წელიწადის დროის სულ სხვადასხვა მონაკვეთში აღმოცენდებიან, ყვავიან და კვდებიან; სულ სხვადასხვა ადგილებში: ტყეებში, ველებზე, წყლებსა და უდაბნოებში იზრდებიან და მაშინაც კი, როცა ერთი ჯიშისანი არიან, ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ერთი ტოტის სხვადასხვა ფოთოლი.

HOMO TOTUS


ლუღმანი ძერასას ნათქვამზე ოდნავადაც არ დაფიქრებულა. არ უფიქრია, რომ შესაძლებელი იყო, ამ ქალს ორი საშო ჰქონოდა, რომელთაგან ერთ-ერთს, მის საწინააღმდეგო ყველაზე დაუნდობელ, მსახვრალ იარაღად აქცევდა და საქვეყნოდ გაამასხარავებდა: როცა ერთი საშოთი შეეუღლებოდა, მეორე საშოთი ისევ ქალწული დარჩებოდა. ყველაფერი კი, ზუსტად ასე მოხდა: ძერასამ არაბ ჰაქიმს მრავალი გრძნეულება და წამლის დამზადების საიდუმლო დასტყუა; ქორწინების პირველ ღამეს, შავ მთაზე ნაპოვნი სიცოცხლის ბალახი თმაში ჩააწნევინა, სხეულზე წითელი ტბის უცხო ბალახით დამზადებული გამაბრუებელი ზეთი შეაზელინა და საყვარელი ქალის ნდომით მოთმინებადაკარგულს, ზედა, ჩვეულებრივზე მეტად ამობურცული საშოთი შეეუღლა. გარიჟრაჟზე, ჯერ ბოლომდე გათენებულიც არ იყო, ძერასამ, ნეტარების მორევში ბოლომდე ჩაძირულ მეუღლეს, გადაულახავი ქალური ზიზღი სტყორცნა, თავისი თბილი, ვნებით დამბალი სარეცლიდან ელდანაკრავივით წამოაგდო და ხელუხლებელი, ქვედა საშო აჩვენა. მერე შეთანხმება შეახსენა და იმავე დღეს, სასწრაფოდ დაატოვებინა ქვეყანა.  
ლუღმანს ისეთ სასოწარკვეთილს დაუტოვებია ძერასას სამშობლო, თავისი ფასკუნჯის წაყვანაც არ გახსენებია.

ეს ფრინველი ძერასას დიდი ხნის შემდეგ, თავისი ქვეყნიდან მოშორებით, ერთი ბერძნული ქალაქის შუაგულში, ქვიშის საათიანი შუქურის თავზე უნახავს.


მარტორქა
არც ძერასა დარჩა დიდხანს სამშობლოში.
შავი ნაწნავიდან სიცოცხლის ბალახი გამოიღო, ორად გაყო, წინ დაიდო და თქვა:
_ ვისაც საშო აქვს ორი, სიკვდილიც ორი აქვს, ამიტომ სიცოცხლეც ორი სჭირდება.
ბალახის ერთი ნაწილი ტუჩებით და ენით გამოწრუპა, მეორე ნაწილი კი ლუღმანისგან საქორწინოდ მიძღვნილ სოლომონის ბეჭედს ქვემოდან ამოაკრა და გულზე დაიკიდა. იფნის შოლტებით დახურული თავისი ქოხი ზურგზე წამოიკიდა და შავ მთაზე გადასახლდა. ძერასა აქ პოულობდა ყველა იმ უცხო ბალახს, რომლითაც ნაირ-ნაირ წამლებს ამზადებდა. იგონებდა შელოცვებს და მომაკვდინებელ წყევლებს, რომელთაც ტბის ქვიშიან ნაპირზე იფნის ჩხირით წერდა.

თუკი ვინმე, შემთხვევით, ამ წარწერებზე გადაივლიდა, ტბის თესლით ავადდებოდა. ეს სენი დაავადებულს ყოველ ღამით საწოლში ათგზის აშარდვინებდა, მანამ სანამ სხეული სითხისგან მთლიანად არ დაეწრიტებოდა. ამის შემდეგ სნეული დაავადებისგან თავისუფლდებოდა, მსუბუქდებოდა და ღამ-ღამობით ფრენის უნარსაც იძენდა.
ერთ დილას, როცა ძერასამ სარეცხის თასი შავი მთიდან ტბაზე ჩამოიტანა და რეცხვას შეუდგა, ყველა თავისი შელოცვა და წყევლა წაშლილი ნახა. წარწერების ადგილი კი საქონლის ჩლიქის უთვალავ ნაფეხურს დაეფარა. ძერასამ ერთი ხმამაღლა შეჰკივლა და სახე ფრჩხილით ჩამოიხოკა:
_ ის მოვიდა. ის ეძებს ქალს ორი საშოთი, გამოწუწნული გულით, მოკვნეტილი ძუძუსთავით, ყელზე სოლომონის ბეჭდით.

ის მოვიდა, ვინც წითელ კუროს მწყემსავს და ნახირში ერთადერთი ჟღალი ძროხა ურევია. მისი თესლი ასგზის უფრო მჭრელია, ვიდრე იმ მარტორქის მეორე რქა, რომელმაც დედაჩემის საშო მოხნა და მე გავჩნდი.
დაყარა სარეცხი და უკანმოუხედავად, სამხრეთ-დასავლეთისკენ გაქანდა. არც მაშინ მოიხედა უკან, როცა წითელი კუროს ტბის მეორე ნაპირიდან მწყემსმა თავისი გამკვრივებული თესლი სტყორცნა, გაქცეულ ქალს ააცილა და იქვე მოზრდილ ქვას ხმაურით დაანარცხა. ძერასა შეშინებული გარბოდა და უკან არ იხედებოდა. ასე სირბილით მიუახლოვდა საბერძნეთის საზღვარს.


ჭიშკარი
უცხო ქალაქში ჩასულ ძერასას, ყველამ ცხვირწინ მიუხურა კარი. იქაურობის დატოვებას რომ აპირებდა, გზად მაგნოლიების ტყეში შეისვენა და რძისფერი ყვავილების თავბრუდამხვევი არომატი ჩასუნთქა.

მიწაზე ჩამოცვენილი ყვავილების გაყვითლებულ ფურცლებსაც არომატული სუნი ასდიოდა.
_ აყვავებულს და დამჭკნარს ერთნაირი სუნი აქვს. აქ არის ჩემი ადგილი! _ გაიფიქრა ძერასამ და ბერელების სასახლისკენ გაემართა. კარი თავად სასახლის მეპატრონემ, სარსრი ბერელ-უფროსმა გაუღო.
სარსრი ბერელ-უფროსს თეთრი, საყელოსთან ფერადად დაქარგული პერანგი, ზოლიანი, ვიწრო შარვალი ეცვა, რომელიც კოჭებამდე სწვდებოდა და ჯიბიდან აბრეშუმის ვარდისფერი ცხვირსახოცი ჰქონდა გადმოშვებული. მოწყენილობისგან თვალის უპეები დაწვრილებოდა და წარბებიც ჩამოფხატოდა. ძერასამ თავით ფეხებამდე დაათვალიერა და გაიღიმა:
_ მშვენიერი სანახავი ხართ, ბატონო, მართლაც დიდებული სანახავი!
_ მართლა? შენ აქ საიდან გაჩნდი, პატარავ?
_ მართლაცდა, პატარები სად არიან?
_ პატარები არ გვყავს! საერთოდ არავინ არ გვყავს, ყველა ამოწყდა!
_ ესე იგი, შენი ძიძა ვიქნები!
_ აი, მომწონს! შემოდი, დაისვენე და ხვალ აქედან მოუსვი!
ძერასა სასახლის დერეფანში შებორიალდა და უზარმაზარ სივრცეში ჩაიკარგა.

მშიერი ცხოველის ყნოსვით სამზარეულო მოძებნა, ტკბილეული დაილაგა და გამოძღა. შემდეგ სხვენში აიპარა და ერთი კვირა იქ ისე იცხოვრა, სარსრი ბერელს მისი არსებობა საერთოდ გადაავიწყდა. როცა მოაგონდა, ინანა, რომ გაუშვა.
გაიფიქრა, ამ სახლში ერთით ნაკლები ვიქნებით, ერთით მეტი, თუ ერთით არაფერი, უკვე მნიშვნელობა არა აქვს.
სწორედ ამ დროს გამოეცხადა ძერასა, თეთრი წინდებით ხელში. წინდები ფეხებზე წამოაცვა, სხეულზე მოხვეული ბეწვი გაუსწორა, სავარძლის კიდესთან ჩაცუცქდა და უთხრა:
_ მე ვარ ის, ვისაც აქვს ერთით მეტი, ერთით ნაკლები, და ერთით არაფერი.



ტყე
სარსრი ბერელ-უფროსს ძერასა ჩვილი ბავშვივით უვლიდა. ყოველ ღამით, ძილის წინ მარჯვენა ძუძუს აწოვებდა და თუ ძალიან მარტოსულად ჩათვლიდა, მთელ ღამეს მის საწოლში ატარებდა.

დილით, თავისი ბატონის სარეცლიდან ძალიან ადრე წამოხტებოდა და სასახლის სხვენში შუადღემდე შეიკეტებოდა.
ერთხელ, როცა ძერასას სარსრი ბერელი-უფროსი მძინარი ეგონა და მისი საწოლიდან გაპარვას აპირებდა, ბერელმა მაჯაში წაავლო ხელი და მისთვის უჩვეულო, ნაზი ხმით უჩურჩულა:
_ გულით გიყვარვარ? ისე, როგორც ძიძას უნდა უყვარდეს ბავშვი, რომელსაც უვლის და საკუთარი ძუძუთი კვებავს?  
ძერასამ სარსრი ბერელს მეორე, თავისუფალი ხელი მოკვნეტილი ძუძუს ქვეშ დაადებინა:
_ მოდი, უსმინე, აქ მხოლოდ იფნის ხეებია, რომლებიც ქარიშხლების მოლოდინის ხმებს გამოსცემენ. გული? განა იქ რჩება ადგილი გულისთვის, სადაც ტყეები ფოთლების ნაცვლად ტკივილებს აშრიალებენ?! მე ვარ ის ვისაც აქვს ერთით მეტი საშო, ერთით ნაკლები ძუძუ და არაფერი _ დედისგან გამოწუწნული გული.
სარსრი ბერელ-უფროსმა ძერასას მარცხენა ძუძუს ქვეშ აკოცა და თქვა:
_ მე კი ის ბავშვი ვარ, რომელიც იფნის ხეების ტყეში დაიკარგა.


ჩარჩო
სასახლის მთავარ დარბაზში სარსრი ბერელი-უფროსის გარდაცვლილი მშობლების და იმათი მშობლების პორტრეტები ერთმანეთის მიყოლებით ეკიდა.
_ ყველა ამოწყდა! _ ხმამაღლა თქვა ძერასამ და მოხუც მსახურს თვალი ჩაუკრა.
_ დიახ, ყველა ამოწყდა! ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით!
_ თქვენ მსახურები რატომ არ ამოწყდით? _ ისევ თვალი ჩაუკრა ძერასამ მსახურს.
_ ჩვენ ბერელები არ ვართ, ის უცნაური სენი მხოლოდ ბერელებს დაერია!
_ მერედა, სარსრი ბერელი?
_ მაგას ჯვარი წერია და, არც ეგ არის გამორიცხული .

HOMO TOTUS

. .
_ სუ, შე ეშმაკის ნაპურჭყალო! სარსრი ბერელს მე მივხედავ!
_ აი, მაგათ ნათესავებს, აკრიტასებს ახლოსაც ვერ ეკარება, იმათ აგათა აკრიტასის პორტრეტი იცავს.
ძერასა დაკვირვებით დააცქერდა პორტრეტებს და გაიფიქრა: სხვებისთვის იცოცხლეს და საკუთარი სიკვდილისთვის მოკვდნენ! ყოველთვის ასეა, სიცოცხლე საერთოა, საკუთარი მხოლოდ სიკვდილი არსებობს!
და იმავე ღამით აკრიტასების მთავარი მამულისკენ გასწია.


მიცვალებულებივით ეძინათ აკრიტასებს. მხოლოდ აგათა აკრიტასის პორტრეტს ეღვიძა და ულვაშის მარჯვენა ბოლოს ცერა თითით იფხანდა. ძერასა იცნო და შეაჟრჟოლა.
_ შე, ეშმაკის ნაპურჭყალო! მიცანი? სველი ანგელოზის დედა! აი, შენს წასაყვანად მოვედი, მიბოძე შენი სამი ღერი თმა! _ შესძახა პორტრეტს ძერასამ და ზედ შეაფრინდა. ბრჭყალებით დაეკიდა აკრიტასის მხრებს, სამი ღერი თმა ააგლიჯა და უკან ჩამოხტა.
აკრიტასის პორტრეტს კიდევ ართხელ შეაჟრჟოლა და ოფლის რამდენიმე წვეთი გადმოუგორდა.
ბერელების სასახლეში დაბრუნებულმა ძერასამ, თმის ღერები საგვარეულო ბუხრის ნაცრის ორმოში ჩაფლა და დასაძინებლად წავიდა. რამდენიმე დღეში, აგათა აკრიტასის პორტრეტი ბერელთა მამულში თავისით მოვიდა და საგვარეულო აკლდამაში დაეკიდა.

სარსრი ბერელი მაშინვე ძერასასთან გაქანდა:
_ მითხარი, ასეთი რამეები სად ისწავლე?! შეგიძლია გამოთვალო რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩენია?
_ გაინტერესებს როდის მოკვდები? როცა შენს სასახლეში მოვედი, უკვე მკვდარი იყავი. მე ვეცდები შენი შთამომავლები ვაცოცხლო!



ზღვა
სარსრი ბერელ-უმცროსს სარსრი ბერელი-უფროსი დიდი პაპის პაპად ეკუთვნოდა. სარსრი უმცროსის მამა, ერთ-ერთი ბერძნული საზღვაო ფლოტის გენერალი, ხმელეთზე, სირდანიის ველებზე ოღუზურ ტომებთან ბრძოლაში დამარცხდა და უკან გამობრუნებული, თავის მცირე გადარჩენილ ამალასთან ერთად, ისე გაუჩინარდა, თითქოს არც არასდროს არსებობდა: ასე უკვალოდ მხოლოდ წვიმის წვეთები უჩინარდება ზღვის ზედაპირზე.
უმმანის ზღვაში უნახავთ მისი სამხედრო ხომალდი უკანასკნელად.


ქალის მკერდი
იმ დროისთვის, როცა საზღვაო ფლოტის დამარცხებული გენერალი უმმანის ზღვის წყლებში დაცურავდა, მისი ცოლი, ბერელთა ერთადერთ შთამომავალს მუცლით დაატარებდა და ქმრის მოლოდინის თუ მუცლის სიმძიმის გამო გამუდმებით კვნესოდა.
_ ნუღარ ელოდები, ის არ დაბრუნდება! შენი ქმარი უმმანის ზღვამ შთანთქა, როგორც ძველთაძველმა, დაღლილმა, ბებერმა დედამ _ უთხრა მოხუცმა ძიძამ ქალს და მუცელი ხელით მოუსინჯა.
_ აი, ეს ბიჭი კი ყოველთვის დაბრუნდება.

სადაც არ უნდა წავიდეს, მუდამ დაბრუნდება!
ქალმა ძერასას უსუსური თვალები მიაპყრო, შეუმჩნევლად ამოიოხრა, მომწვანო-მოშავო ტუტე წყლები დაღვარა და სული განუტევა. ძერასას ჯერაც დაუბადებელი ჩვილის მკვდარი დედის საშოდან ძალით გამოყვანა მოუხდა.
_ მკვდრის შვილი! _ დაიძახა ძერასამ და ახალშობილი ახლადმოწველილი თხის რძეში ამოავლო. მერე, ერთმანეთზე შეწებებული თეთრი, ალბინოსური წამწამები მობანა, სამკეცად შემოხვეული ჭიპლარით დამუნჯებულ ბავშვს ენა გადმოაგდებინა, ენის წვერზე მეჭეჭი უპოვა და ჩაილაპარაკა:  
- სარსრი ბერელი-უმცროსი. სამი ქალის ნიშნის ქვეშ დაბადებული.
მოხუცი ძერასა ერთ ღამეში გაახალგაზრდავდა. შავი თმა ძველებურად დაიწნა და ნაწნავს შიგნიდან და გარედან მაგნოლიის ტყის მცენარეები ჩაატანა.

იმ დღეს სხვენი მიატოვა და ბავშვის ოთახისკენ გამოემართა. კარის შეღებისას მშიერმა ჩვილმა რომ უსუსურად შეღნავლა, ძერასამ მარჯვენა ძუძუში მომსკდარი რძე ვერ შეაკავა და მოთეთრო, გამჭვირვალე სითხით ერთიანად დასველდა.
ძერასას რძეს დღის სხვადასხვა მონაკვეთში სულ სხვადასხვა გემო ჰქონდა: დილით თაფლივით გადამტკბარი და მსუყე იყო; შუადღისას ველური ნექტრის მოტკბო-მომწარო, მსუბუქ გემოს იღებდა; როცა მოსაღამოვდებოდა, სიტკბოს მთლიანად კარგავდა, დედდებოდა და მტრედის რძის ხაჭოსებრი ხდებოდა; შუაღამით კი, როცა ცაზე სხვადასხვა ციური სხეული და თანავარსკვლავედები ამოძრავდებოდნენ, ძერასას რძე დუღილს იწყებდა, ქაფდებოდა და იჭრებოდა. პატარა სარსრი ბერელს აჭრილი რძის გემოც იზიდავდა, მაგრამ ძერასა უკრძალავდა:
 _ ეგ შენ არ გეკუთვნის, ეგ სველი ანგელოზის წილია!


ტრამალი
სარსრი ბერელმა თავისი ცხოვრების პირველი ნახევარი მუდმივ მომთაბარეობაში, ოღუზურ ტომებთან ერთად გაატარა. მათთან ერთად ცხოვრობდა და ომობდა, მათ ბანაკებთან ერთად მოძრაობდა და საკუთარ ბერძნულ სისხლს სულ სხვადასხვა მხარეს: ბიზანტიასა და ბალკანეთის ქვეყნებში, ანატოლიაში, კავკასიასა და მცირე აზიაში, შუა აზიის ველებზე ღვრიდა. ოღუზები მომთაბარეობდენენ უზარმაზარ ტერიტორიაზე და სარსრი ბერელიც მათთან ერთად დაძრწოდა. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ საკუთარ, ბერძნული წარმოშობის ხალხებთანაც უხდებოდა შერკინება და მათ მომაკვდავ თვალებში უცხოელივით ჩახედვა.
ომში წასვლის წინ ძიძამ დაუბარა:
_ მანამ არ დაბრუნდე, სანამ სიბრალულის და დანაშაულის გრძნობა არ გაგიქრება, სანამ სისხლში ყინულის კრისტალები არ გაგიჩნდება, სანამ გული და მუცელი არ გაგიხევდება, სანამ შენი თესლი, ისეთივე მჭრელი არ გახდება, როგორც მარტორქის მეორე რქა!
მაგრამ სარსრი ბერელს ძიძის შეგონება არც სჭირდებოდა.

იგი თავისი ცხოვრების პირველ ნახევარს ცხოვრების მეორე ნახევარზე ფიქრით იწყებდა. მან იცოდა, რისთვის მიდიოდა. იცოდა, ომი და სამხედრო სამსახური მისი საქმე არ იყო, ამიტომ თავისი ქვეყნის ჯარში ვერ ჩაეწერებოდა და მშობლიური მიწა-წყლისთვის ბრძოლის ჟინით ვერ აენთებოდა. მას საკუთარი ქვეყნისგან განყენებული, პირადი ბედისწერა გააჩნდა: უნდა ეშენებინა დროის კოშკები, სივრცის ტაძრები და მარადისობის სასახლეები. ოღონდ ესენი რომ ეშენებინა, ჯერ ის მიწები და ცები უნდა შეესწავლა ზედმიწევნით, რომელთა შორისაც მათ აღმართავდა. მისი არსება, ჯერ სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულს უნდა შესეოდა, ყველა ჯურის ხალხს უნდა შერეოდა, სისხლით მორწყული თოვლი და გატყავებული, ხეებზე პირუკუღმა დაკიდული მკვდრები უნდა ენახა, საკუთარი თესლი უამრავი უცხო ქალის საშოში გამოერანდა და ზუსტად, თავისი ცხოვრების მეორე ნახევრის დასაწყისისთვის დაბრუნებულიყო.  
,,ეს ომია და სისხლისღვრაში სამართლიანობა არ არსებობს.

ომი ბიჭების დასავაჟკაცებლად არის მოგონილი და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ მხარეს იბრძვი. აქ მთავარია, ყველა შიში დატოვო და მანამ დაბრუნდე უკან, სანამ დაბერდები!” აი, რა ამოიკითხა ძერასამ სარსრი ბერელის თვალებში, როცა ჭაბუკი, საღამოხანს, ომში წასვლის წინ, ძიძის მარჯვენა ძუძუს უკანასკნელად წოვდა.

HOMO TOTUS

 
ოღუზი ტომები სირდანიის ველებს რომ შეესივნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ჟლეტას მიჰყვეს ხელი, სარსრი ბერელიც მათთან ერთად იქნევდა ორპირად ალესილ ხმალს, რომლის ანარეკლზეც ოფლით და სისხლით გაწეპილ კულულებს ისწორებდა. თავის ცხენსაც უვარცხნიდა მტვერსა და ქვიშაში ამოგანგლულ ფაფარს და ოღუზთა მხედართმთავარს, ქორქუთს კვალში მისდევდა. ჭაბუკი ფიქრობდა: ,,თუ ნამდვილი ომის ნახვა გსურს, მოწინავე ფლანგში უნდა იბრძოდე. იქ წყდება ომის და შენი პირადი ბედიც. იქ შეიძლება ისეთი რამ ნახო, რაც წარსულს სრულიად დაგავიწყებს და მთელს შენს მომავალს, ერთ წამში, სიზმარივით თვალწინ დაგიტრიალებს.”
და იქ, სირდანიის ველებზე, ომის შუა ცეცხლში, ხმლის ქნევისა და ცხენის ფლოქვების თქარუნის მიღმა, სარსრი ბერელმა ნახა მომავლის სიზმარი.

პირველი სიზმარი მას შემდეგ, რაც საკუთარი მიწა-წყალი დატოვა. ეს იყო არა უბრალოდ სიზმარი, არამედ სიზმართა წყება, უწყვეტი, თანმიმდევრული ისტორიებით, რომლის წყალობით სარსრი ბერელმა მეორე, პარალელური სიცოცხლე შეიძინა. როცა ბრძოლას მორჩებოდა და დასვენებისა და ძილის საშუალება მიეცემოდა, იგი მიდიოდა თავის სიზმრებში, იმ მეორე ცხოვრებაში, სადაც იყო მშვიდობა და სიყვარული, სადაც იყო ოქროსფერთმიანი ამელია.
სარსრი ბერელი მოგვიანებით ფიქრობდა, რომ მაშინ, იქ, სირდანიის ველებზე, სიკვდილის ხახაში ჩასავარდნად გამზადებული, იმ მეორე სიცოცხლემ იხსნა: ომში ყოველთვის თან უნდა გქონდეს მეორე, სათადარიგო სიცოცხლე. აი, ოღუზთა წინამძღოლს ქორქუთს რომ სათადარიგო სიცოცხლე ჰქონოდა, მთელ ცხოვრებას სირბილსა და გაქცევაში, მომთაბარეობასა და უგზო-უკვლოდ ხეტიალში არ გაატარებინებდა თავის ხალხს.
როცა ქორქუთმა, მუდმივად მის კვალზე მდგარი, გარეშე თესლის, ოქროსკულულიანი მხედარი შენიშნა, იკითხა:
_ ვინ არის ის ლამაზი, უცხო ჭაბუკი, ჩვენიანივით რომ იბრძვის, მთელ დღეებს ომის შფოთში ატარებს, ღამით კი ანგელოზის სიმშვიდით სძინავს?
_ ამბობს, რომ სახელგანთქმული ბერძენი გმირის აგათა აკრიტასის შთამომავალია. ომობს იმისთვის, რომ დრო-ჟამის კოშკები და სასახლეები აშენოს.

მას სარსრი ბერელი ჰქვია - სამი ქალის ნიშნის ქვეშ დაბადებული, რომელთაგან ჯერ-ჯერობით იცნობს მხოლოდ ერთს. როგორც კი თვალს მილულავს, იმის სახელს იძახის. ამელიამ, ასე ჰქვია იმ ქალს, რომელთანაც სიზმრებში მთელ ღამეებს ატარებს, მეორე სათადარიგო სიცოცხლე აჩუქა, ამიტომ არ ეშინია სიკვდილის.
კიდევ ერთ სიზმარს ნახულობს გამუდმებით. ეს სიზმარი ბავშვობის განცდებს და შეგრძნებებს უბრუნებს: ის ხედავს უმმანის ზღვის წყლებში მოცურავე ბერძნულ სამხედრო ხომალდს, რომელიც მოძრაობს წრიულად, საათის ისრის მიმართულებით და თანდათან, ჰორიზონტს იქით, სივრცეში იკარგება. ისე უჩინარდება, როგორც წვიმის წვეთები წყლის ზედაპირზე.
ენაზე აქვს თანდაყოლილი მეჭეჭი, რომელიც წინასწარმეტყველებაში ეხმარება.


მოჭრილი, გადაპარსული თავი
ერთი უბედურება სჭირდა ქორქუთს, სხვა უბედურებებს შორის: მას იმაზე მეტად ეშინოდა სიკვდილის, ვიდრე ნებისმიერ მოკვდავს შეიძლებოდა მისი შინებოდა. დანამდვილებით არ იცოდა, როდის შეეყარა მეომრისთვის, მით უმეტეს წინამძღოლისთვის შეუფერებელი ეს სენი.

მაშინ, როცა მამის ბუმბერაზი სხეული ჩინელმა მხედრებმა ჩვეულებრივზე ორგზის გრძელი ხმლით ორად გაკვეთეს, დედის გაწეწილი, მოჭრილი თავი მის ფეხებთან დააგორეს და ბიჭის გადაპარსულ თავზე ხმლის წვერით იმდენი იეროგლიფი ამოტვიფრეს, რამდენიც მისმა ბავშვურმა თავმა დაიტია; თუ გაცილებით გვიან, როცა, უკვე ძლევამოსილმა მხედართმთავარმა და ოღუზი ტომების წინამძღოლმა, ბრძოლით გათანგულმა და გამარჯვებებით სისხლაჩქროლებულმა, სირდანიაში, ვარსკვლავებით გაჩახჩახებულ ღამეს, სიზმრად საკუთარ იღლიაში ამოდებული, თავისი ბავშვობისდროინდელი გადაპარსული, ჩინური ხმლით მოჭრილი თავი ნახა, რომელზეც უამრავი ფერადი იეროგლიფი იყო ამოტვიფრული. მოჭრილი თავი იღლიის ქვეშ ოფლიანდებოდა და იმ იეროგლიფების, უცხო, ქორქუთისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. მაშინ ერთიანად საკუთარ შარდსა და ოფლში ამოთხვრილმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ ამ ერთმა ღამემ მისი სიცოცხლის წლები ისეთივე სისწრაფით გამოხვრიპა, როგორი სისწრაფითაც თვითონ ხვრეპდა, ოღუზი ცოლების კოჟრიანი ხელებით მომზადებულ, უდაბნოს კიბორჩხალებისა და მორიელების წვნიანს. გამუდმებით, ომიანობაშიც და მშვიდობიანობის ჟამსაც, საკუთარ, მოჭრილ, ჩინურად მოხატულ თავზე ფიქრობდა, რომელიც დრო და დრო სიზმრად ეცხადებოდა და მასთან იეროგლიფების ენაზე საუბარს განაგრძობდა. თვითონაც სულ სხვადასხვა ჯურის ადამიანების თავებს აგროვებდა, რომელთაც ისეთი სისწრაფით ჭრიდა, რომ თავებს დღეების და წლების მანძილზეც, ძველებურად ფიქრის და ლაპარაკის უნარი შესწევდათ. სადაც არ უნდა ყოფილიყო, მუდმივად სიკვდილის მწკლარტე, სფეციფიკური სუნი სცემდა. სივრცეში გამლღვალ სიკვდილის თხევად, გამჭვირვალე ფორმას ხედავდა, რომლის ნაწილებიც მოულოდნელად ერთიანდებოდა, მკვრივდებოდა, ქარებით დამარილებულ, შეწებებულ ტუჩებს ძალით უხსნიდა, როგორც შხამიანი, ჭრელი მცურავი ყელში უსრიალდებოდა და ყველა სასიცოცხლო ორგანოს უსპობდა.

ამიტომ, ქორქუთი შუახნის ასაკსაც არ იყო მიტანებული და ორი ათასი წლის, თვალებგამოფუღრულ წინაპარს ჰგავდა. სიკვდილის შიშმა, თავდაპირველად, თვალები დაუბერა ქორქუთს.
ჯარისკაცებისგან უცხო ჭაბუკის შესახებ რაც მოისმინა, ამან კიდევ უფრო გაუძლიერა და გაუასმაგა საკუთარი შიში. მოაგონდა, მას მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს, ირგვლივ კი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, უამრავი, სხვადასხვანაირი სიკვდილია ჩასაფრებული.
_ მეჭეჭი? მეჭეჭი წინასწარმეტყველებაში ეხმარება?! _ ჩაეკითხა საკუთარ თავს ქორქუთი, _ ომში წინასწარმეტყველება უმაქნისია. აქ ყველას ერთი, საერთო მომავალი აქვს, სიკვდილი. ისიც კი, ვისაც ჰგონია, რომ გადარჩა და შინ ცოცხალი ბრუნდება, კარგა ხნის მკვდარია.
თქვა ოღუზთა წინამძღოლმა, კარვების აყრა და იქაურობიდან გაცლა ბრძანა.
სწორედ მაშინ დაიწყო ოღუზური ტომების დიდი მომთაბარეობა ჩინეთიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიებზე.

კალიებივით შეესივნენ სხვათა მამულებს და ქვეყნებს. ყველგან სისხლისღვრა და უბედურება შეიტანეს. ტრამალებიდან მოსულთ, არ შეეძლოთ ტყეებიან, აყვავებულ მიწებზე ფეხის მოკიდება. ამიტომ ერთიანად მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, რასაც კი გზად გადაეყარნენ. გაავერანეს ყოველივე და გაუდაბნოებულ ადგილებში თავადვე დამკვიდრდნენ.
 სულ ბოლოს ამიერკავკასიაში შევიდნენ.

HOMO TOTUS

აქედან ტრაპიზონში გადასვლას და ტრაპიზონელ ბერძენთა ახლადშექმნილ არმიასთან აპირებდნენ შებმას. სარსრი ბერელმა იცოდა, რომ ტრაპიზონელ ბერძენთა ჯარს მისი ნათესავი აკი აკრიტასი მეთაურობდა, რომელიც სიცოცხლეს უმალ იქ დატოვებდა, ვიდრე ბრძოლის ველიდან ჩაფსმული კურდღელივით უკან გაქუსლავდა.

 
სარსრი ბერელმა იმ ღამით ვერაფრით მოისვენა. ოღუზთა წინამძღოლის ქორქუთის კარავი მოძებნა და ძალით შეიჭრა:
_ რა ხანია, თვალყურს ვადევნებ ჩვენს მარშრუტს. უცხო მიწებს ვიპყრობთ და დაპყრობილს ვტოვებთ, შემდეგ იმავე ადგილებს ვუბრუნდებით. საორიენტაციო სამხედრო რუკაც დავხაზე, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რა მიმართულებით ვმოძრაობთ?
_ ჩვენ ვმოძრაობთ სივდილის საპირისპირო მიმართულებით, ოღონდაც, სიკვდილი მუდმივად მხარს იცვლის, იმის მიხედვით, თუ სად ვიმყოფებით.
სარსრი ბერელმა ქორქუთის შიშით დატკეპნილ ხმაში, იმაზე მეტი ამოიკითხა, ვიდრე ყურით მოისმინა: ,,მთელი ეს ომები, სისხლისღვრები, უბედურებები, გაუთავებელი გადაადგილებები მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ სიკვდილს დაემალო, რომელიც საკუთარი ჩრდილივით გამუდმებით უკან მოგყვება. სიკვდილი გაიძულებს რომ ცოცხალი დარჩე.”
სარსრი ბერელმა საკუთარი სხეულის შიგნიდან გარეთ გამომავალი, ზარივით მოგუბული, მძიმედ ჟღერადი ხმაც გაიგონა: ,,აქ იწყება ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი.”
და იმავე ღამით ოღუზთა ბანაკიდან გაუჩინარდა. მან ტრაპიზონის ბერძენთა არმიისკენ აიღო გეზი.



საშო,მენსტრუაციული სისხლით
აკი აკრიტასმა თავისი ცხოვრების პირველი ნახევარი ოჯახში, აკრიტასების მამულში გაატარა.

როცა ცხოვრების მეორე ნახევარი დაუდგა, მოულოდნელად მიატოვა ცოლ-შვილი, მშვიდი ცხოვრება და ბიზანტიელთა დაპყრობით ომებში ჩაება. ის ოცნებობდა ხანგრძლივ სიცოცხლეზე და ისეთ სიკვდილზე, რომელიც მხოლოდ მეომარს შეიძლება ეწვიოს ბრძოლის ველზე.
ფართო მკერდი ჰქონდა, რომელზეც შეეძლოთ შეესვენათ გადამფრენ ფრიველთა გუნდებს. თვალი კარგად უჭრიდა და ჭოგრიტის მაგივრობას უწევდა, რისი წყალობითაც ყოველთვის გუშაგებზე ადრე იტყობდა მტრის მოახლოებას. მას მაჯაზე აჯდებოდა ერთი ბოლოქანქარა ჩიტი, რომელსაც ,,მაბზაკუნას” ეძახიან. ჩიტის კუდზე კითხულობდა დღის ამბებს, როგორც ახალთახალ ცნობებს დედის სათუთი გრძნობებით მოწერილ წერილში. წერილის ქალურად ფაქიზი ინტონაცია, განაწყობდა სინაზისთვის და უხშობდა მრისხანებას ქალური ძალადობების წინააღმდეგ: მას სძულდა სინაზე, რომელსაც ქალი ახვევს თავს კაცობრიობას.

ამიტომ სძულდა ქალები, რაკი მიაჩნდა, რომ საკმარისია ოდნავ მოდუნდე, ისინი, ასოდან, თესლთან ერთად უმალ სიცოცხლეს გამოგწუწნიან. მიუხედავად ამისა, მუდამ თან ახლდა მერცი, ცამეტი წლის ჩერქეზი გოგო, ხორბლისფერი თმით და კანით და ჩამუქებული მწვანე თვალებით, რომელშიც ყოველი გაწვიმების წინ ჩნდებოდა კავკასიონის ყინულით დამზრალი თეთრი მწვერვალების სხვადასხვა პეიზაჟი. გოგონა ბერძნული საზღვაო ფლოტის სამრეცხაოში იპოვა და მაშინვე გაიფიქრა: ,,ამ გოგოს უნარი შესწევს მთელი ჯარი საკუთარი ძუძუთი გამოკვებოს, ოღონდ ჯერ თვითონ უნდა მორჩეს ძუძუს წოვას.” წამოიყვანა და აღუთქვა, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, სამშობლოში დააბრუნებდა.
მერცი ამზადებდა პიტნის, ჯინჭრის და ვარდის ფურცლის ნაყენით შეზავებულ ჩაის და აკი აკრიტასს ძილის წინ ასმევდა. ქონდრით, შაშკვლამის გამხმარი თესლით, ზღვის მარილით და შროშანის ზეთით კაზმავდა ხორცეულით დამზადებულ სხვადასხვანაირ კერძს, რომელსაც მხოლოდ აკრიტასს აჭმევდა. ამიტომ აკი აკრიტასი ყველასგან განსხვავებულად იკვებებოდა და განსხვავებულად მეტყველებდა. მისი ხმის ინტონაციური და ჟღერადი რხევები იმისდა მიხედვით იცვლებოდა, თუ რა კერძი ჰქონდა მომზადებული იმ დღისთვის მერცის.


როცა ერთი ჩერქეზი ჯარისკაცი, ჯერაც უწვერული ბიჭი, ტყვედ ჩაუვარდა ბერძნებს, აკრიტასმა დამფრთხალი ბიჭი ცალკე გაიხმო და მოელაპარაკა, თუ სიცოცხლე და თავისუფლება სურდა, მერცი უვნებლად უნდა ჩაეყვანა სამშობლოში. გოგონასთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ისე გაუყენა კავკასიის მთებისკენ მიმავალ შორეულ გზებს, მაგრამ ტრაპიზონიდან გასულებიც არ იყვნენ, მერცი ჩერქეზს გამოეპარა, აკი აკრიტასთან დაბრუნდა და მისთვის ხორცეულის შეკაზმვა განაგრძო. ამ დღიდან მოყოლებული, მერციმ დაიწყო აკი აკრიტასზე, როგორც თავის მამაკაცზე ფიქრი. მაგრამ გაუჩნდა განცდა, რომ აკრიტასი მხოლოდ სიბრალულის, ბავშვური უსუსურობის გამო იფარებდა თავისი მძლავრი, მამრული მხრების ქვეშ. ამავე მიზეზით თანხმდებოდა გოგონას მზრუნველობას, რომელიც, ამ კაცის წარმოდგენით, მხოლოდ ქალური უტიფრობა და თავსმოხვეული ძალადობა იყო. იყო კიდევ რაღაც, რასაც გოგონა გუმანით გრძნობდა და რისი ახსნაც მის ბავშვურ გონებას არ შეეძლო. აკი აკრიტასმა კი ზუსტად იცოდა ეს რაც იყო: გახსნილი ზღვარი, მორღვეული მიჯნა ორ პოლარულ გრძნობას _ სიყვარულსა და სიძულვილს შორის, როგორც სასწორის ორი, თანაბრად მძიმე, ან თანაბრად მსუბუქი მხარე.

თუ რომელი ნაწილი გადასწონიდა, ამის წინასწარი განჭვრეტა იმხანად, ომიანობაში, ქვემეხების ქუხილსა და ტყვიების ზუზუნში, მკვდრების სუნსა და დაჭრილების კვნესაში შეუძლებელი ჩანდა. მაშინ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ რაზეც არცერთი მათგანი არ ფიქრობდა: ერთ საღამოს, აკრიტასმა მერცის კარავში რომ შეიხედა, გოგონა მენსტრუაციულ სისხლში მოთხვრილი ნახა და მისი თვალების გადიდებულ გუგებში უზარმაზარი შიში ამოიკითხა. მერცი ქალი გახდა და აკი აკრიტასმა იგი ამ წუთიდან შეიზიზღა. გოგონას მაშინვე თვალის უპეებთან ხაზები გაუჩნდა და მიხვდა, რომ აკრიტასის ზიზღმა დააბერა.
ძველებურად შროშანის ზეთში უწვავდა ორაგულის ქვირითს და ზღვის მარილში უშაშხავდა კურდღლის ნეკნებს, მაგრამ როცა მისთვის საჭმელი შეჰქონდა და ფიჭვის მაგიდაზე ულაგებდა, რომელსაც მუდამ ხის ზეთოვანი ფისის თავისებურად არომატული სუნი ასდიოდა, მერცი გრძნობდა, კაბის ქვეშ, სხეულზე ახალ-ახალი ხაზების გაჩენას. გოგონამ სთხოვა, მიეცა მისთვის ნება, ჯარისკაცებისგან გამოეთხოვა მამაკაცური თესლი, რომ სხეული დაეზილა და გაახალგაზრდავებულიყო. მაშინ აკრიტასმა უთხრა, რომ არ არის საჭირო ამის გაკეთება, რაკი გასაახალგაზრდავებლად სხვა გზაც არსებობს.

მას შეუძლია გამოჰყოს სამი ტიპის თესლი: გამაახალგაზრდავებელი, გამანაყოფიერებელი და მომაკვდინებელი. ყოველი ჭამის შემდეგ ის შეეუღლება მერცის და მიუძღვნის გამაახალგაზრდავებელ თესლს, რაც სრულებით საკმარისი იქნება მერცისნაირი გოგოსთვის, რადგან ქალი, რომელსაც უნარი შესწევს მოამზადოს საჭმელი ნამდვილი მამაკაცებისთვის, ის არ უნდა მოცდეს ბავშვების გასაზრდელად.

HOMO TOTUS





ზურგის ქარი
სარსრი ბერელი რომ ოღუზური ხალათით ბერძნულ ჯარში გამოჩნდა, თავით ფეხებამდე თოკით განასკვეს და პირდაპირ აკი აკრიტასის ფეხებთან დაანარცხეს. ტყვე აკრიტასებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ბერძნულ, არისტოკრატულ დიალექტზე ამეტყველდა და ენის წვერზე თანდაყოლილი მეჭეჭის დახმარებით, უახლოესი ბრძოლების ბედის წინასწარმეტყველების სურვილი გამოთქვა. აკი აკრიტასმა მაშინვე ხელები გაუხსნა და თხოვა ენა ეჩვენებინა. მათ ერთდროულად გადმოაგდეს ერთნაირი, აკრიტასული ენები და ერთმანეთის მეჭეჭებს დააცქერდნენ. მერციც სწორედ ამ დროს შემოვიდა კარავში, გაოცებისგან, ზღვის კომბოსტოს ფურცლებში გახვეული, ორთქლზე მოთუშული ინდაურის ფრთები ხელიდან გაუცვივდა და შეჰკივლა:
_ კიდევ ერთი აკრიტასი!
და ხელმეორედ, უკვე ორივესთვის, ყვითელ ყვავილში ჩახარშული და ხენდროს სუნელში შენელებული, ვაზის ტოტებზე შემწვარი, გარეული იხვის და ინდაურის ხორცი შემოიტანა.

აკრიტასები ხორცეულით და კამეჩის რძეში შეზავებული გირჩის არყით დაანაყრა და კარავიდან გასვლისას იკითხა:
_ მაშ, როდის დაიწყება ბრძოლა?
კაცებმა ერთმანეთს ნახევრად მოჭუტული თვალებით შეხედეს და ტყუპისცალებივით ერთნაირად ახარხარდნენ:
_ ბრძოლა არ იქნება. ქორქუთმა მხარი იცვალა. ახლა ინდოეთისკენ აიღო გეზი, მას შემდეგ, რაც, მისთვის ბაინდურ-ხანს, მის მხედართმთავარს, თავისი პატარა ბიჭის მოწერილი წერილი უჩვენებია:
 ,,ჩვენ რომ სახლში ინდოეთიდან ჩამოყვანილი ბუღა და აქლემი დაგვიდიოდა, ბუღა რქებით სიპ ქვასაც ფქვილივით ფშვნიდა. ზაფხულსა და შემოდგომით შეაჭიდებდნენ აქლემს და ბუღას. ძალოვანი ოღუზთა ბეგები მათ ჭიდილს უმზერდნენ და ტკბებოდნენ. ამ ზაფხულს ბაკიდან ბუღა გამოიყვანეს. სამ-სამ კაცს აქეთ-იქიდან ეჭირათ რკინის ჯაჭვით.

მოედნის შუა გააჩერეს. ამ დროს დირსე-ხანის პატარა ვაჟი და კიდევ სამი ბავშვი მოედანზე კოჭს თამაშობდნენ. ბუღა გაუშვეს, ბავშვებს უყივლეს, გაიქეცითო. დირსე-ხანის ვაჟი არ დაძრულა ადგილიდან, დანარჩენებმა თავს უშველეს. იგი კი მოედნის შუაგულში იდგა და ჯიქურ უმზერდა მის გასასრესად დაძრულ პირუტყვს. ბიჭმა ბუღას მუშტი შემოჰკრა შუბლში, ბუღა წაბარბაცდა, მაგრამ კვლავ გამოიწია. ვაჟმა კიდევ შემოჰკრა მუშტი, შემდეგ ხელი შუბლზე მიაბჯინა, მიაწვა და მოედნის ბოლომდე დაახევინა.

ბუღა და ვაჟი ერკინებოდნენ ერთმანეთს. ბუღას ხვითქი გასდიოდა. ვერც ვაჟი იმარჯვებდა, ვერც ბუღა სძლევდა.
იფიქრა ბიჭმა: როცა სახურავს ბოძს შეუდგამენ, იგი სახურავის საბჯენიაო. რატომ ვაწვები შუბლზე, ამით ხომ ვიჭერო?!
 და მყის ხელი მოაშორა. ბუღა ფეხზე ვეღარ დადგა, კისრით გადავიდა. ბიჭმა ხელი დანაზე გაივლო და თავი წააჭრა”


ქორქუთმა ბაინდურ-ხანის ბიჭის წერილი მუშტში მოჭმუჭნა და ხმამაღლა ბრძანა:
_ ახლავე ინდოეთისკენ დავიძრათ და ბაინდურ-ხანის ბიჭს უკეთესი ბუღა ჩამოვუყვანოთ!
გულში კი უთქვამს: სიკვდილს მხარი უცვლია და მის საპირისპიროდ თუ არ ვიმოძრავებთ, ისე დაგვცვივდება სუყველას თავები, როგორც იმ ბუღას, მასზე სუსტმა ბიჭმა რომ თავი წააგდებინა! ინდოეთი შეგვიფარებს, ინდოეთი ქვეყანა არ არის, იგი კაცობრიობაა!
_ ჩვენ კი, ალბათ, სამყაროს ჭიპში ვიმყოფებით! _ თქვა მერციმ და გავიდა.





კვერცხი ციცრისა
_ თუ კი ოდესმე დაბრუნდები, შენთვის ავაგებ სასახლეს, რომელიც განუწყვეტლივ იმოგზაურებს ყველა მიმართულებით და შენს ხელისგულზე აღბეჭდილ თითოელ ხაზს ზედმიწევნით გაიმეორებს. შენობებს ისევე შეუძლიათ მოძრაობა და გადაადგილება, როგორც ადამიანებს. _ უთხრა სარსრი ბერელმა ტრაპიზონიდან გამგზავრების წინ აკი აკრიტასს.
_ მე კი, შემიძლია გაგატანო მერცი, ქალი, რომელიც ამზადებს საჭმელს ნამდვილი მამაკაცებისთვის.
_ მე მყავს სიზმრის ქალი, ამელია!
ისინი უკანასკნელად საუბრობდნენ. ამის შემდეგ აღარასოდეს შეხვედრილან. აკი აკრიტასი დაიღუპა 1071 წლის 19 აგვისტოს, მცირე აზიაში, ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვართან, ვანის ტბის ახლოს, მანციკერტის ციხესიმაგრის კედლებთან. დაიღუპა იმ სიკვდილით როგორზეც ოცნებობდა: ცხენზე ამხედრებული, ხმლით ხელში, გულში გარჭობილი მაჯის სიმსხო შუბით.

მისი სიკვდილი სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როცა მერციმ ვახშმად მაგნოლიის ყვავილის ფურცლებში მოხარშული ციცრის ახლადდადებული კვერცი მოამზადა და ბრძოლიდან დაბრუნებულისთვის უნდოდა ეთქვა:
,,სულერთია, შენ გსურს თუ არა, მუცლით, პატარა აკრიტასს ვატარებ!”
ამის ნაცვლად მერცის ბრძოლის ველზე გასვლა და მანციკერტის კედლებთან მკვდარი აკრიტასის გვამის მოძებნა მოუხდა. აკი აკრიტასს თვალები ღიად დარჩენოდა, რომელშიც იკითხებოდა უზარმაზარი სინანული და შეტყობინება მერცისა და პატარა აკრიტასისთვის, რომ ის მათ სიყვარულში დაიღუპა.


 მტრედი
სამშობლოში დაბრუნებულ სარსრი ბერელს მაგნოლიების ტყე და სახლ-კარი გადაბუგული, ძიძა კი ღამურასავით ხეზე თავდაღმა დაკიდებული დახვდა. ძერასამ იგი მაშინვე იცნო, ჰაერში ფეხებით ამოტრიალდა და პირდაპირ მის მხრებზე ისკუპა. სარსრი ბერელმა გაძვალტყავებულ ძიძას მკლავები მოხვია და ყური მიუგდო იფნის ტყეების შრიალს, რომელიც ძერასას მარცხენა, გამოფუღრული ძუძუს ქვემოდან მოისმოდა.
_ ისწავლე მდედრი და მამრი მიწის გარჩევა? მშენებელმა ჯერ ეს უნდა იცოდეს, სანამ საძირკვლის ჩაყრას შეუდგება, _ ჰკითხა ძერასამ, როგორც კი გადამწვარი სასახლის, დიდი ხნის წვიმებით დანესტიანებულ ნაკვერჩხლებზე შედგეს ფეხი.
სარსრი ბერელს თვალის ერთი შევლებით უტყუარად შეეძლო სცოდნოდა მიწის თვისება. იგი სუნით არჩევდა მიწის მდედრ და მამრ წილს: მამრ მიწას სირბილით გაოფლილი ულაყის ასოს სუნი ასდის. ასეთი მიწა ჩქარი, სულსწრაფია. მასზე შენობა დიდხანს ფეხს ვერ მოიკიდებს.

მდედრ მიწას კი, სველი საშოს გემო აქვს და მუდმივად ნაყოფიერდება. საძირკველს მხოლოდ მდედრი მიწა აღვივებს. სასახლის შიმშილს მდედრი მიწა აცხრობს. გამოსაკვებად სხეულის სამ სხვადასხვა ნაწილს აწოვებს: ძუძუებს, ჭიპს და საშოს. ამ ნაკვერჩხლებზე ავაგებ ბერელთა ახალ სასახლეს, რომელსაც ვუწოდებ ,,ცივს”, რაკი საბოლოოდ მაინც ყველაფერი ცივდება.
და მიუხედავად იმისა, რომ სარსრი ბერელმა მშენებლობის დაწყებამდე ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად გათვალა, თითოეული აგურის ადგილმდებარეობა წინასწარ მოხაზა, სასახლის ოთხმხრივი ნახაზი შეადგინა, რაღაც მაინც დარჩა გაუთვალისწინებელი და გამოუცნობი.  
სარსრი ბერელმა ჩაიფიქრა, რომ ცივი სასახლე ჰგვანებოდა დეზებზე შემდგარ, ზეცისკენ შემართულ, ჯადოსნურ ფრინველს, გაშლილი, აბურძგლილი ფრთებით და დიდზე გაღებული ნისკარტით.

HOMO TOTUS

ასეთი შენობიდან ის შეძლებდა მთელი სამყაროს ჭვრეტას და ყველა ენაზე მეტყველებას.
_ ფრინველი ყოვლისშემძლე არსებაა, ის ცაში ხვდება ღმერთს, _ ფიქრობდა სარსრი ბერელი და თითოეულ აგურს გარეული მტრედის თითო ფრთას აყოლებდა. თიხას და ალიზსს მტრედის კვერცხში ზელდა და ხარაჩოებიდან იფქლის მარცვლებს აყრიდა. როცა დასრულებულ სასახლეს გუმბათიც დაადგა, ძიძა მოიყვანა.
_ ასეთ შენობებს ბაბილონელი ხუროთმოძღვრები აგებდნენ, _ უთხრა ძერასამ სარსრი ბერელს და სასახლეს ზურგი აქცია.
სარსრი ბერელის ცივი სასახლე ჰგავდა დეზებზე შემდგარ, ზეცისკენ შემართულ, ჯადოსნურ ფრინველს, გაშლილი ფრთებით და დიდზე გაღებული ნისკარტით. მისი ფართო, გამჭვირვალე გუმბათიდან სარსრი ბერელი მთელ სამყაროს ჭვრეტდა და სამყაროს ყველა ენაზე მეტყველებდა.

გზავნიდა წერილებს უცხო ქვეყნებში. ძირითადად უცხოელ არქიტექტორებს უკავშირდებოდა და მათ გამოცდილებებს და მიღწევებს იგებდა. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც თავიდანვე ჰქონდა წარმოდგენილი, სანამ, ერთხელაც, მაგნოლიის ტყეში სეირნობისას, ცაში არ გამოჩნდა უცხო ფრინველი. ფრინველმა უზარმაზარი სხეულით ცივ სასახლეს გადაუფრინა და დიდზე გაღებული ნისკარტიდან არაბუნებრივი ხმები გამოსცა. მის ყივილზე შეირხა ცივი სასახლე, დეზებზე აიწია, ფრთები მიწას შემოჰკრა, ცაში აიჭრა და უცხო ფრინველის კვალზე, უსასრულო სივრცეში გაუჩინარდა.
_ იცი, როცა ცაში გადამფრენ ფრინველთა გუნდს მოჰკრავ თვალს და გგონია, თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, სინამდვილეში, ისინი, სულ სხვა მხარეს მიდიან, _ თქვა ძერასამ, როცა გაფრენილ სასახლეს შეასწრო თვალი.
სარსრი ბერელმა იცოდა, რომ დედამიწაზე კონტინენტები მოგზაურობენ, ქალაქები თბილ ქვეყნებში გადასახლდებიან, სოფლები ორღობეებს ტოვებენ, სასახლეები ქვეყნიერების ოთხი მხარისკენ მიფრინავენ.
სარსრი ბერელმა იცოდა, რომ ქვეყნიერებას აქვს სხვა, მეხუთე მხარეც.



ნაფოტი
მეორედ შეუდგა სარსრი ბერელი სასახლის მშენებლობას.

ახლა სხვა რამ ჩაიფიქრა: შენობა ჰგვანებოდა დიდ თევზს, ფართო შუბლით და ზურგის შადრევნებით. ასეთი შენობიდან ის შეძლებდა სამყაროს გულის ჭვრეტას, წარსულსა და მომავალში მოგზაურობას.
_ თევზი ყოვლისშემძლე არსებაა, ოკეანეების ფსკერზე ის ხვდება დაღლილ ღმერთს _ ფიქრობდა სარსრი ბერელი და თითოეულ აგურს ორაგულის თითო ფხას აყოლებდა. თიხას და ალიზს ქვირითში ზელდა და ხარაჩოებიდან უმმანის ზღვის ნაპირებიდან მოტანილ ქვიშის მარცვლებს აყრიდა. როცა დასრულებულ სასახლეს გუმბათიც დაადგა, მოვიდა ძერასა, შეათვალიერა და ამასაც ზურგი აქცია:
_ ასეთ შენობებს ძველი ეგვიპტელი ხუროთმოძღვრები აგებდნენ. დაანგრიე ესეც და ააგე სასახლე, რომელიც ემგვანება გაზაფხულისპირს შეფოთლილ ტყეს. იგი ფესვს გაიდგამს დედამიწის გულში.

 
და სარსრი ბერელი უკვე მესამედ შეუდგა სასახლის მშენებლობას. თითოეულ აგურს ალვისა და იფნის ხეთა ნაფოტებს ატანდა, თიხას და ალიზს ტყის ანკარა წყაროს წყალში ზელდა, ხარაჩოებიდან ნაძვის და წიფლის ნედლ თესლს აყრიდა. როცა მშენებლობა დასრულდა, სასახლის კიბეებზე ჩამოჯდა და საფეხურებს გააყოლა მზერა. ნახა მიწაში ღრმად, ძალიან შორს მიმავალი ფესვები და დაღალა მანძილმა.
სარსრი ბერელის ცივი სასახლე ჰგავდა იფნის და ალვის ხეების ტყეს. მის მამულში მოგზაურობდნენ გზააბნეული სულები, გამქრალი სიზმრები და ხორცს ისხამდნენ დაკარგული აჩრდილები. ადამიანები თავიანთ ბუნებრივ სიმძიმეს კარგავდნენ და ფრენას იწყებდნენ.

ამიტომ ყველა იქ გამვლელს, წელზე ღუზა ჰქონდა ჩამოკიდული.



ანიმა და ანიმუსი
ამელია სიზმრის ქალია. ის მუდამ დაღლილია ღამეული ხეტიალით. მამაკაცების სიზმრებში დაძრწის და იპარავს თმებს. თმის ერთი ღერით კერავს ბალიშებს, გარდაცვლილი უცნობი წინაპრებისთვის.
ერთ ღამეს ის მოვიდა სარსრი ბერელის სიზმარში და სთხოვა გაჰყოლოდა, მათი საერთო ლამანი წინაპრების ქორწილში.
_ ოდესმე ჩვენც ვიქორწინებთ და მაშინ ისინი მოვლენ ჩვენს ქორწილში, _ უთხრა ამელიამ, _ დალევენ კაკტუსის წვენს და გათენებამდე იცეკვებენ ტრადიციულ ლამანურ ცეკვებს. შენ კი ამჯერად სიფხიზლე გმართებს, ომის ცეცხლში ტრიალებ.
მეორე ღამითაც მოვიდა ამელია. ოღუზურ პერანგში გახვეულ სარსრი ბერელს თავქვე მამაკაცის თმით ნაკერი ბალიში ამოუდო:
_ ახლა კი შეგიძლია მშვიდად იომო, აი, შენი სათადარიგო სიცოცხლე. სიმშვიდე ბრძოლაშიც არსებობს.
დღისით ომობდა სარსრი ბერელი, ღამეს კი ამელიასთან ატარებდა.

ამელია ყველგან თან ახლდა. მასთან ერთად მოიარა ბრძოლის ველები: ჩინეთიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმული უზარმაზარი მიწები, სადაც ომობდნენ და მომთაბარეობდნენ ოღუზები. დადიოდნენ ქორწილებში და ტრადიციულ ლამანურ დღეობებზე. ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ღამის მიწურულს, ერთმანეთს ვნებებით გახვითქული სხეულებით ეუღლებოდნენ. როცა სარსრი ბერელი სამშობლოში დაბრუნდა და ცივ სასახლეში საბოლოოდ დამკვიდრდა, ამელია თეთრ კაბაში გამოეწყო, თმაში ლოტოსის ყვავილები ჩაიწნა და სარსრი ბერელი კიდევ ერთ ქორწილში წაიყვანა.
_ ახლა რომელი ნათესავის ქორწილში მივდივართ? _ ჰკითხა სარსრი ბერელმა გზად.
_ ამჯერად ჩვენი ქორწილია, ვიჩქროთ.
ასე მოულოდნელად და უჩვეულოდ სარსრი ბერელმა იქორწინა ამელიაზე, ლოტოსისი ყვავილებით გადახურულ ლამანურ ქოხში, სადაც ყველა ლამანი წინაპრის თვალწინ უნდა შეუღლებულიყვნენ. სარსრი ბერელს მათი თანდასწრებით ამელიასთვის უნდა გადაეცა ყველაზე ძლიერი თესლი, რომ ქალს მისცემოდა ვაჟი, მათი კიდევ ერთი საერთო წინაპარი.

ოდესმე მისთვისაც შეკერავდა რომელიმე ლამანი გოგო მამაკაცის თმის ბალიშს.
ამელიას მუცელი წამოეზარდა, ჯერ წინ გამოეზნიქა, შემდეგ დაბლა დაეწია და საშოდან მოყვითალო წყლების დაღვრა დაიწყო. ძერასამ თბილი წყლები მოამზადა, სარსრი ბერელის საწოლში ჩვილის თეთრეული დაფინა, კისრიდან სოლომონის ბეჭედი შეიხსნა, თეთრეულის შუაგულში დადო და ამელია ბერელთა დანარჩენი ცოლებივით უმტკივნეულოდ ამშობიარა. ახალშობილს ძერასამ ჭიპლარი გადაჭრა, დაბანა, მამის ნაქონი პერანგით შემოსა და საწოლში გადმოიყვანა. მშობიარობით დაღლილ ამელიას კი დაუგვიანდა, გათენებამ მოუსწრო და ძველებურად სიზმარში დარჩა. სარსრი ბერელი აქეთ დარჩა, სიზმრის მეორე მხარეს, ჩრდილების განაპირას და ახლადგამოღვიძებულმა, თავის საწოლში ჩვილი რომ დაინახა, მაშინვე მიხვდა, ყველაფერს. მან, ამ წუთიდან, დაკარგა ამელიას კვალი.



ზანდუკი
პატარა ლიუს ძიძამ ასოზე სოლომონის ბეჭედი შეაბა და ტუჩის ბალიში შეუკერა, რაკი შეამჩნია, რომ ბიჭს ქვედა ტუჩი მაშინაც გაყინული ჰქონდა, როცა ზედა სიცხისგან უხურდა.

HOMO TOTUS

იმ ზედა ტუჩზე გამუდმებით ერთი პატარა ფუტკარი აჯდა. ამ ფუტკარს ლიუსთვის მაგნოლიების ტყიდან მოჰქონდა ყვავილის რძიანი ნექტარი და მსუყედ კვებავდა.
_ იცი, რატომ არ ნახულობს ადამიანი სიზმარს სიცოცხლის ბოლომდე? _ ამბობდა ძერასა და თან სარსრი ბერელის დაბინდულ ფიქრებში მოგზაურობდა _ სიზმარს, ისევე როგორც ადამიანის სიცოცხლეს თავისი განსაზღვრული ხანგრძლივობა აქვს. შენ შენთვის განკუთვნილი სიზმრების დრო წინასწარ გახარჯე. შენი სიზმრები აღარ არსებობენ, ამიტომ მათ ვერ დაიბრუნებ, არც ამელია დაბრუნდება.
მაგრამ, ახლა, სარსრი ბერელი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. მისი ფიქრის თითოეული გაელვება იქედან ძალიან შორს, ბრძოლის ველზე, აკი აკრიტასთან ტრიალებდა და გრძნობდა, რომ ვერაფრით იოკებდა იქ მიბრუნების წყურვილს. ძერასა კი შეუჩერებლად ლაპარაკობდა და ომში გასატანებელ სამხედრო ზანდუკს ალაგებდა.

ულაგებდა აბრეშუმის თეთრ პერანგებს და მოქარგულ ბატისტის ცხვირსახოცებს, შვიდ წყვილ ქუსლიან ფეხსაცმელს და ყაისნაღით ნაქსოვ სხვადასხვა ფერის თხელ წინდებს. წელში გამოყვანილ, ვიწრო შარვლებს და თმის კულულების დასაწყობ ვარდის და ჟასმინის სურნელოვან ბრიოლინებს. როცა ყველაფერი გაუმზადა, ზანდუკი ზურგზე აჰკიდა და უთხრა:
_ რაკი წასვლას არ იშლი და მეც ვერაფრით გაჩერებ, ეს მაინც გახსოვდეს: ომი არ აბრუნებს წარსულს, არც სიზმრებს, ომმა ყველა შენი სიზმარი შეჭამა და თუ ნებას მისცემ შენს გულსაც გამოჭამს. და აი კიდევ რა: ცხოვრების მესამე ნახევარი არ არსებობს.
ძერასას ეგონა რომ მათი განშორება უსასრულოდ გაიწელებოდა დროში, რაკი ვერ ხედავდა ვერანაირ მკაფიო მიზეზს, რის გამოც, სარსრი ბერელს, წინ, ომისკენ უნდა გადაედგა ნაბიჯი, რაც სინამდვილეში უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა; რადგან არსებობს ცხოვრების პირველი და მეორე ნახევარი, რომლის შემდეგ ისევ პირველი ნახევარი იწყება, ოღონდ დამახინჯებული. მაგრამ სარსრი ბერელმა მანამ გადაიფიქრა წასვლა, სანამ ძერასა დამშვიდობებას მოამთავრებდა. ზანდუკში ჩალაგებული ტანსაცმლიდან საუკეთესო ამოარჩია და სადღესასწაულოდ გამოეწყო.


_ მართალი ხარ, _ უთხრა ძიძას, _ ომი გულს გამომჭამს და იმაზე ადრე დამაბერებს, ვიდრე ყველა ჩემი წინაპარი დაბერდებოდეს. ან ის ქალი გამომჭამს გულს, აკი აკრიტასს რომ ხორცეულს უცხო სანელებლებით უკაზმავს. ერთ მამაკაცს შეიძლება სამი ქალი ჰყავდეს, მაგრამ ერთ ქალს ორი მამაკაცი, თანაც ორივე აკრიტასი, დაუშვებელია!
სწორედ ამ დროს მან დაინახა მაგნოლიის ტყიდან მომავალი ამელია, თეთრი კაბით და ქერა თმაში ჩაწნული ლოტოსის ყვავილებით.
_ ზოგჯერ სიზმრები მაინც ბრუნდებიან! _ თქვა სარსრი ბერელმა გულგრილად და თვითონვე გააოცა საკუთარი ხმის სიცივემ. იგრძნო, ხმის ყინულმა კბილებში როგორ გაიხრჭიალა, ნაწილებად ჩაიმსხვრა და ტუჩებიდან სისხლისა და ნერწყვის მომცრო დუჟებად გადმოიღვარა.
ძერასას გაოცებისგან თვალები წინ და უკან დაურბოდა. ამელიას კარგად რომ დააკვირდა, ესღა თქვა:
_ ცდები.
სარსრი ბერელი დაეთანხმა: - მართლაც, სიზმრები არ ბრუნდებიან.

ეს ამელია იყო, მაგრამ არც მთლად ამელია. ყველაფერი ამელიასი ჰქონდა, მაგრამ მაინც სხვა იყო. სარსრი ბერელი თავდაპირველად ვერაფრით იგებდა, რა იყო მასში ისეთი, რაც ძველი ამელიასგან განამსგავსებდა, რაც მის თვალში აკნინებდა, ძველ იდუმალებას უკარგავდა და საბოლოოდ, ხელს უშლიდა ძველებურად ყვარებოდა ეს ქალი. ერთ რამეს კი მაშინვე მიხვდა: მას უკვე იმდენი ცხოვრება მოესწრო ამელიასთან, რომ პირთამდე სავსე იყო ამ ცხოვრებით. იმდენი სიყვარული მოესწრო მასთან, რომ ადგილი აღარ რჩებოდა კიდევ რაიმე ხელახალი განცდისთვის.  
ამელია მხოლოდ ლიუსთვის იყო უცვლელი. ჩვილმა ჯერ კიდევ წინა დღით იყნოსა დედის სუნი და მისი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელ დროს, ამ სიტყვებით აიდგა ენა: ,,ჩემი დედა, ამელია!” ძერასამ მაშინვე იეჭვა: ,,ეგ ბავშვი უცნაურად ალაპარაკდა!” მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ამის განჭვრეტა ვერ შეძლო: როცა ამელია სასახლეში გამოჩნდა, ლიუ საპნის ბუშტივით გასკდა და ჰაერში გაქარწყლდა.



სახლი
ცივ სასახლეში ამელიას მოსვლიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მათ მამულში კიდევ ერთი ქალი გამოჩნდა.

ისიც მაგნოლიების ტყიდან შემოვიდა. სარსრი ბერელმა მაშინვე იცნო მისი ხორბლისფერი თმა და კანი და ჩამუქებული მწვანე თვალები, რომელშიც ყოველი გაწვიმების წინ ჩნდებოდა კავკასიონის ყინულით დამზრალი თეთრი მწვერვალების სხვადასხვა პეიზაჟი.
ძერასა შეეგება ქალს, წელზე ხელი მოხვია და თქვა:
_ მოვიდა სარსრი ბერელის მეორე და მესამე ქალი.
სარსრი ბერელს არ გაჰკვირვებია მერცის გამოჩენა, რადგან იცოდა, რომ ქალი, როგორც კატა, ოთახში ყნოსვით აგნებს მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილს. ქალი, მაშინაც, როცა მისი წაყვანა გავიწყდება, შენს კვალში დგება, ყინვასა და ქარში, შიმშილსა და წყურვილში, მოაპობს სივრცეს, მოთმინებით გადის კილომეტრებს, ძლევს მანძილს და მაინც გეწევა. ამ დროს მთავარია შენც მოუმატო სვლის სიჩქარეს რომ ქალმა არ გაგასწროს.
მერცისაც ეს სისწრაფე აღმოაჩნდა და მის გულში აყვავდა მისთვის აქამდე სრულიად უცხო ყვავილი _ ადგილის სიყვარული, რაც მერცის, გაუთავებელ ომებსა და გადაადგილებებში არ შეიძლებოდა გაღვივებოდა. მაგრამ თან კი დაატარებდა, როგორც კანქვეშ ხორცს, რომელსაც მანამ ვერ ამჩნევ, სანამ შემთხვევით სხეულის რომელიმე ნაწილს არ გაიჭრი. ქალს მუდამ თან დააქვს ადგილის სიყვარული და მაშინაც, როცა იქედან მოშორებითაა, მაინც იმ სადღაც არსებულ თავის ადგილზეა მიჯაჭვული. მერცი თავისი ცხოვრების მეორე ნახევარს იწყებდა, სარსრი ბერელს კი ჰქონდა ის, რაც მერცის თავისი ცხოვრების მეორე ნახევარში ჭირდებოდა _ ადგილი.


მეტისმეტად მყუდრო და სისხლისმიერი იყო ეს ადგილი მერცისთვის. ამას ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, როცა შუაგულ ომში, ორი აკრიტასი გვერდიგვერდ ნახა და მათი შედარების საშუალება მიეცა: აკი აკრიტასი ეტანებოდა ხორცეულს, სარსრი ბერელი კი ხორცის ნახარშ წვნიანს ხვრეპდა. ამის შემყურემ გაიფიქრა: ,,პირველი დღევანდელი დღით ცხოვრობს, მეორე კი, ზეგინდელით. მე ხვალინდელი დღე მაინტერესებს.” მაშინ გაყუჩდა, რაკი ჩათვალა, რომ მისი ცხოვრების მეორე ნახევარი ჯერ არ დაწყებულა და ასეც რომ არა, ძაღლივით ერთგულს და მოსიყვარულეს, არსად წასვლა არ შეეძლო. აკი აკრიტასი მის ფიქრს ჩასწვდა და სარსრი ბერელს ქალის წაყვანა შესთავაზა. მერცი კი, აკრიტასს ფართო მკერდზე მიეყრდნო და მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად ატირდა: ,,არასოდეს მიგატოვებ.”
იმ ღამით პატარა აკრიტასი ჩაისახა.

HOMO TOTUS

ომი კი გაგრძელდა.

იცოდა მერციმ: ომი ცხოვრებას არ ჰყოფს პირველ და მეორე ნაწილად. არც ადამიანებს ჰყოფს იღბლიანებად და უიღბლოებად. ომში ყველას ერთი, საერთო მომავალი აქვს _ სიკვდილი.
მერცი იყო ომიდან, სისხლიდან, მკვდრებიდან მოსული ქალი, მაგრამ იმდენი სიცოცხლე მოიტანა, რომ ბერელთა მთელ შთამომავლობას ეყოფოდა. როცა სარსრი ბერელი მის საძინებელ ოთახში შედიოდა, ეჩვენებოდა, რომ ქალი ორის ნაცვლად ოთხი თვალით უყურებდა. როცა მერცი მკლავებს ხვევდა, ორის ნაცვლად ისევ ოთხი ხელის შეხებას განიცდიდა. სარსრი ბერელი გრძნობდა, რომ მერცის იგი ორი ქალის მაგიერ უყვარდა და ამიტომ არ იშურებდა მისთვის მამაკაცურ თესლს. იმდენს აძლევდა, რამდენსაც ქალი ითხოვდა.

მერცი თესლს ალბინოსი თევზის ქვირითში ურევდა, რომელსაც თევზეულის მწკლარტე სუნი არა აქვს და ოდნავ უახლოვდება მამაკაცისას. ამას მერცი ტანზე იზელდა და ახალგაზრდავდებოდა.
როცა ელიზა დაიბადა, სარსრი ბერელი მიხვდა, რომ მისი გული საბოლოოდ ამოივსო სიყვარულით. ელიზას მაგნოლიის ყვავილივით რძისფერი კანი ჰქონდა და ტანზე მაგნოლიების ტყის თავბრუდამხვევი სუნი ასდიოდა. ელიზამ დედისგან იმემკვიდრა ჩამუქებული მწვანე თვალები, ოღონდაც, მის სიმწვანეს, დროდადრო, გადაჰკრავდა წყლის სიყვითლე, როგორც ღამურას შებინდებისას.  



ქოთანი
ქალები, იმისდა მიხედვით თუ რა საგნებს აგროვებენ სხვადასხვა ჯურისანი არიან. ელიზამ მამრი და მდედრი საგნების გარჩევა იცოდა. მდედრ საგნებს ყრიდა, მამრ საგნებს კი საშოში ინახავდა.

სიარულისას მას საშოდან უცვიოდა კაჟის ქვები, რომლებსაც უმმანის ზღვის სანაპიროზე აგროვებდა. როცა საშო მთლიანად გამოევსო საგნებით და შეამჩნია, რომ მათ დაკარგვას იწყებდა, მამას სთხოვა, მისთვის მიეცა ცივი სასახლის ყველაზე დიდი დარბაზი, რომელიც სარსრი ბერელს წრიულად, ოდნავ ოვალურად, ჰქონდა ნაგები. დარბაზს ღამის ქოთნის ფორმა ჰქონდა და ყელის ბოლოს, სიბრტყეზე გაშლილი, დაბალი გუმბათი ეხურა. ელიზამ აქ მამრი საგნების გალერეა მოაწყო და მასში განათავსა ყველა იმ საგნის თითო ეგზემპლარი, რომელსაც მამრული ბუნება გააჩნდა. როცა სარსრი ბერელი პირველად ესტუმრა გალერეას, გაოცდა, საიდან შეიძლებოდა ელიზას ასე ზედმიწევნით სცოდნოდა საგანთა თვისება. იგი, ისევე არჩევდა მდედრ და მამრ საგნებს, როგორც თვითონ მდედრ და მამრ მიწას, ყოველი ახალი მშენებლობისთვის და მაშინ სარსრი ბერელი მიხვდა: ელიზაც მშენებელია, ყველასგან დაფარულად აგებს იმ შენობებს, რომელშიც უამრავ სხვა შენობებს ათავსებს, უთვალავ საგანს და არსებას ატევს. ელიზას ისეთი შენობის აგება ხელეწიფება, რომლის მსგავსი სარსრი ბერელმა ჯერაც ვერ ააგო, თუმც კი, ბევრს ეცადა.


გალერეიდან გამოსვლისას მამამ ლოყაზე ნაზად აკოცა და გაიფიქრა: ეს გოგო ასგზის უფრო დიდია, ვიდრე მისი ბავშვური პირისახე.
 ელიზას ასგზის უფრო გრძელი კლანჭებიც ჰქონდა, ვიდრე იმ ლომს, რომლის ზურგზეც შიშველი სხეულით გაიშოტებოდა და ცივ სასახლეში დააქროლებდა. დაკვირვებით ჭვრეტდა სარსრი ბერელი ელიზას რძისფერ კანს და მაგნოლიის თავნბრუდამხვევი არომატით გაჟღენთილ სასახლის სივრცეს ისრუტავდა. მაგნოლიის ხავერდოვანი, რძისფერი ყვავილის სუნი ასდიოდა ელიზას, მაგრამ ძუ ლომს ჰგავდა და ლომივით აკვესებდა თვალებს.
ცხოვრობდა სარსრი ბერელი სამ ქალს შორის და ფიქრობდა, რომ ისინი, სამივე ერთად, აძლევენ განცდათა ზუსტად იმ ოდენობას, რამდენიც მას - სარსრი ბერელს, ერთ მამაკაცს სჭირდება; რომ ცალ-ცალკე ვერც-ერთი ვერ შეძლებდა მისი გულის მთლიანად ამოვსებას. მას კი სავსე, ამოვსებული გული სჭირდებოდა, რომ დარჩენილ სიცარიელეებში ფეხი ვერ მოეკიდა წუხილს, დარდს, მარტოობას. მაგრამ იყო კიდევ რაღაც, ამოვსებული გულისგან განყენებულად არსებული - მარჯვენა მკერდს ქვემოთ, რაღაც მეორე, მარჯვენა გულის მსგავსი, რომელსაც სარსრი ბერელისთვის გამუდმებით ყრუ, მინავლული, მაგრამ მაინც მკაფიო ტკივილი მოჰქონდა.
_ ამის წამალი არ არსებობს.

მარჯვენა გულს ტკივილისთვის იძენ, _ ამბობდა ძიძა.



ღამურა
ელიზა ცივი სასახლის დატოვებასა და შემდეგ, მოულოდნელ დაბრუნებაზე ოცნებობდა. ეს ოცნება ამსგავსებდა პატარა გოგოს, რომელიც სამყაროს თავისი ჯადოსნური სარკიდან ჭვრეტს. ელიზა ცივი სასახლიდან შუა ღამით გაუჩინარდა, მაშინ, როცა სასახლეში ყველა ერთნაირ სიზმარს ხედავდა და ამ საერთო სიზმრით, ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულნი.
ელიზას გრძელი, მუქი მწვანე მოსასხამი ეცვა, რომელიც მთლიანად უფარავდა სხეულს. მხოლოდ უძილობით გამოღამებული, ყვითელი თვალები მოუჩანდა და ხელთათმნიანი ხელი, რომლითაც ერთადერთი სამგზავრო ზანდუკი ეჭირა. სახლიდან გასვლისას, კარებთან ძერასა დაეწია და აღელვებულმა უთხრა:
_ შენით რომ არ წასულიყავი, მე თვითონ გთხოვდი წასვლას იმ ბიჭის მოსაძებნად და ჩამოსაყვანად, ვისაც სარსრი ბერელის მემკვიდრეობა სრულად ერგო.

ვინც ასოთი ატარებს საქორწინო ბეჭედს, რომელიც ჩვილობაში შევაბი, რომ არ დაკარგულიყო. ეკლესიებსა და მონასტრებში ეძებე, მისი ცნობა ადვილია, ყველასგან განსხვავებულად ლაპარაკობს. მისი აზრები არის დროში წინ წასული და მისი სიტყვები პასუხობენ მოვლენებს დღეებით, ზოგჯერ კვირეებით ადრე. და აი, კიდევ, რა: იმაზე სწრაფად ეზრდება თმა და წვერი, ვიდრე გვიმრას - ფოთოლი.
ელიზამ ზედა ტუჩი აპრიხა, ჩაიცინა და ღიმილში ჩაიგუბა ვნება, რომლითაც მოულოდნელად ყვითელი თვალები ამოევსო. ეს ვნება, მოსასხამში, თვალებთან ერთად გადამალა და კმაყოფილმა, თანაც გულაჩუყებულმა, ძერასას გამხმარ მკლავს აკოცა. მიხვდა, რომ მას გაუჩნდა ბუნდოვანი, მაგრამ მაინც მკაფიო მიზანი, მისმა სახლიდან წასვლამ სულ ბოლო წუთებში შეიძინა აზრი.


ზარი
ლიუ პირისახეზე წვერის გამოჩენას დაელოდა და როცა რამდენიმე მსხვილი ღინღლი ამოეწვერა, ღვთიშობლის შობის მონასტრის ბერებთან გაქანდა და მორჩილად დადგომა ითხოვა.
_ დარჩი და ილოცე შენი და ჩვენი ცოდვილი სულებისთვის, ჩემო შვილო, - უთხრა ლიუს მონასტრის წინამძღოლმა ციბამ.
ლიუს ტაძრის მოვლა, ხატების დასუფთავება, საკმევლის მომზადება, ყოველი საათის მიწურულს კი, ვიწრო კიბით სამრეკლოზე აძრომა და ზარების ჩამოკვრა ევალებოდა.

როცა თოკების ამოძრავებას იწყებდა, ლიუს მაშინვე შიში იპყრობდა. ეს შიში ეკლესიის ჭერს ხვრეტდა და გუმბათი ცაში აჰქონდა. ლიუ ფიქრობდა, რომ არ შეეძლო ზარის ძლევა, რადგან მის ხელებში იგი ისეთ ხმას გამოსცემს, როგორც წყალი - ყინულის ქვეშ, როცა ყინული იწყებს დნობას და ხსნის წყლის ზედაპირს. მაგრამ, ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი შიში გაუქრა და ლიუმ საკუთარ თავს უთხრა: ,,გილოცავ.

HOMO TOTUS

ასეთ დროს ამბობენ, ,,გიჟივით თავისუფალი ხარ!”
ლიუს შიშის გაქრობა უცნაურად დაემთხვა მის ბავშვურ პირისახეზე მონაზვნური ხშირი წვერის ამოსვლას. თითქოს ეს მოხდა ერთ ღამეში - უწვერულმა დაიძინა და ბერის ჭიპამდე ჩამოზრდილი, წითური წვერით გამოიღვიძა. ლიუმ შეამჩნია, თავზე თმის არაბუნებრივად სწრაფი ზრდაც და ლოცვანთან ერთად, მაკრატლით ხელში სიარული დასჩემდა.

დღეში რამდენჯერმე, თავისდაუნებურად იკრეჭდა თმას და წვერს. ამას აკეთებდა მისი ხელები, როგორც მისგან გარეთ მდგომი ორი უცხო არსება: როგორც ორი ჯალათი ან ორი მფარველი ანგელოზი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ლიუ გარედან, სადღაც შორიდან ხედავდა მის თავთან, ხან ყელთან მიბჯენილ ბასრ, მჭრელ იარაღს და მუჭში მალავდა თმის ბღუჯებს, რომელთაც მაშინვე ეკლესიის ეზოში მოწყობილ თმის საიდუმლო სასაფლაოზე მარხავდა.
თმის და წვერის უნებლიე შეჭრა, ისეთივე ინსტინქტად ექცა, როგორც ანაფორის ქვეშ ასოს გასწორება. ანაფორის ქვეშ ხელის შეყოფა იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ ათასგვარი ეჭვით შეპყრობილმა ბერებმა აიძულეს, მათთვის ეჩვენებინა ასო, რომელიც მისი ასაკის შესაფერისად, უმწიფარი და მცირეღინღლიანი აღმოჩნდა. ერთადერთი მოულოდნელობა კი ის ბეჭედი იყო, რომელიც ლიუს, ასოს თავზე, საქორწინო ბეჭედივით ჰქონდა წამოცმული და სიცხეში კანს უოფლიანებდა და უწითლებდა. ბერებმა ბევრი იცინეს და ლიუს ნება მისცეს ბეჭედი ასოთი ეტარებინა.


მონასტრის ყოველდღიურ ყოფაში ლიუ შეუმჩნევლად არსებობდა და ეჩვენებოდა, რომ ის ფიზიკურადაც უხილავი გახდა, რომ ბერები უმეტეს შემთხვევაში ვერ ხედავდნენ მის ფიზიკურ გამოსახულებას. მაშინაც, კი როცა მას ესაუბრებოდნენ, მიმართავდნენ არა საკუთრივ ლიუს, არამედ იმ რომელიმე საეკლესიო მსახურებისთვის განკუთვნილ ნივთს, რომელიც ბიჭს იმ მომენტისთვის ხელთ ეპყრა. ლიუ დარწმუნებული იყო, რომ ისევე როგორც ბეჭედი, ეს თვისებაც ძველი ცხოვრებიდან გადმოჰყვა.
ძველი ცხოვრებიდან ლიუს ასევე გადმოჰყვა განსხვავებული მეტყველება, რომელიც გამოირჩეოდა არა რაიმე ენობრივი მახასიათებლით, არამედ სულ სხვა რამით, მისი მეტყველება იყო მუდამ დროში წინ წასული. მისი სიტყვები პასუხობდნენ მოვლენებს დღეებით, ზოგჯერ კვირეებით ადრე. ეს გავდა მომავლის ჭვრეტას, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება იყო უსარგებლო, რაკი მის პასუხებში ყოველთვის დაფარული რჩებოდა კითხვის არსი. არავინ იცოდა, ლიუ მომავლიდან რომელ მარცვლებს კენკავდა და ინელებდა. ეს არც ლიუმ იცოდა, მაგრამ მან, ამ უჩვეულო წინასწარმეტყველებაში, აღმოაჩინა ის ძალა, რომელიც მის თითოეულ სიტყვას ჯადოსავით გასდევდა.

ლიუს სიტყვის წართქმას შეეძლო ეკლესიის სანთლების ანთება და ჩაქრობა, საყოველთაო ლოცვის შეყოვნება და გახანგრძლივება და როცა ზარის ჩამოკვრის დრო მოაწევდა, ბიჭი გრძნობდა, რომ ამის გაკეთება სამრეკლოზე აუსვლელადაც შეეძლო. ლიუ, მაინც ზემოთ მიძვრებოდა, როგორც მოუსვენარი ბავშვი და უსუსურად ეხლართებოდა მტვრიან, ღამით დანესტილ თოკებს. მათთან ერთად ინთქმებოდა წყვდიადში, როგორც შაქრის ნატეხი მდუღარეში. ითვლიდა ვარსკვლავებს და ღრუბლის მოქუფრულ ნაჭრებს და ძლივს იოკებდა წყურვილს, სათითაოდ რომ არ ჩამოეყარა ისინი მიწაზე.
მაგრამ ლიუ გუმანით ხვდებოდა, რომ ეს ძალა, მისი ფარული უპირატესობა ბერების წინაშე, დაფარულად უნდა ეტარებინა, თუკი მათთან დარჩენა სურდა. განსაკუთრებით უნდა მორიდებოდა ციბას _ მონასტრის წინამძღოლს, შუახნის ასაკს გადაცილებულ ჭრელთვალება ბერს - გველივით ბრძენს და ბაყაყივით ცივსისხლიანს. როცა ამას მიხვდა, ლიუმ ისწავლა დუმილი.

ისწავლა ხმაურის მიძინება საკუთარი სხეულის მიღმა, როგორც წუთიერი გარინდება მძინარე წყალმა. ისწავლა საკუთარი სიჩუმის ტარება და მოიგონა ლოცვა, რომელიც შეიცავს მხოლოდ რწმენას და არ შეიცავს არც ერთ სიტყვას.
ლიუ მაინც განწირული იყო უარყოფისთვის. მისი ძალა ახალ სახეს იძენდა, სხვა ტანში სხეულდებოდა და გრძნობდა სიბრძნის მარცვლებს, თანდათან რომ ავსებდნენ მის სულს, როგორც ხორბალი - კეისრის ბეღელს. ციბამ უსწრაფესად განჭვრიტა ყოველივე, ლიუს ეჭვით სავსე მზერა მიაპყრო და კბილებში წითელი ენა გველივით აასრიალა:
_ ერთი, ეს მითხარი, გამუდმებით რატომ დუმხარ, განა სათქმელი არაფერი გაქვს, ჩემო შვილო?
_ სათქმელი არაფერი მაქვს, _ გაწითლდა ლიუ და იგრძნო, მისმა წვერმა და თმამ კიდევ უფრო მეტი სისწრაფით დაიწყეს ზრდა.
_ მე კი სხვა რამ მგონია . . . _ ციბამ უცებ თვალი თვალში გაუყარა ლიუს: _ მგონია, რომ ერთი ახალგაზრდა ქალი, ჩემი მრევლიდან, სწორედ შენ გეძებს.

მითხრა, რომ ისეთი ვინმეს პოვნა სურს, ვისაც დღევანდელი დღისთვის არა აქვს სათქმელი, ვისი სიტყვაც ზეგინდელ დღეს ეკუთვნის.
_ არაფერი ვიცი . . .
და ლიუმ იგრძნო, რომ განწირული იყო სიძულვილისთვის, შურისგებისთვის, უნდობლობისთვის, თვალთვალისთვის. მის ყოველ ნაბიჯს თვალყურს ადევნებდა ციბა და ელოდა იმ წუთს, როცა ლიუ სამჯერ წაიბორძიკებდა, რომ ეთქვა: ,,საკმარისია, შენ სამჯერ წაიბორძიკე, ჩემო შვილო.” ის კი, ლიუ, ხმასაც ვერ გაიღებს, ვერ ეტყვის ,,ციბა, შენ თვალებს ჭუტავ, ფეხებით ლაპარაკობ და თითებით ასწავლი.” ვერც ამას: ,,ციბა, შენ უზმოზე ჩუმად სვამ თაფლუჭს.” ერთ სიტყვასაც ვერ იტყვის ლიუ, ისე მოუსვამს იქედან. მაგრამ ციბა ერთხელ წაბორძიკებასაც არ დაელოდა. დაგროვილი ბოღმით პირთამდე სავსემ, მოულოდნელად წირვა-ლოცვა შეწყვიტა, მრევლს ზურგი აქცია და ლიუს ისეთი ძალით შეუბღვირა, ბიჭს შიშისგან საკმეველი ხელიდან გაუვარდა.
_ რას აკეთებ? _ უთხრა ციბამ, _ უფსკრულის პირზე წრეს ავლებ? გგონია ამის დამალვა შესაძლებელია? განა სიბრძნე არ გამოსცემს ხმას? სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებს გადასცემს ბგერებს, ქალაქებს და ქვეყნებს სცდება.

. .  
და ლიუ მიხვდა, რომ განწირული იყო უარყოფისთვის. მიხვდა, რომ ამაოა განძის ჩაფვლა გახვრეტილ ჯამში და მაშინ, ყარიბმა და მიუსაფარმა, მშიერმა და შეუმოსავმა, დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო, გაშალა თავისი ტაბლა და თავისი სულის სარკმლიდან ცხაურს იქით გასძახა გლახაკთ, მოსულიყვნენ და დაპურებულიყვნენ. მისკენ გაქანდა სასოწარკვეთილი ბრბო, რომელთა თავზე ციბა დღენიადაგ სახარებას კითხულობდა. ლიუმ გაბედა და გახსნა ბაგე. უთხრა მათ:
_ ყელზე მიიბი, მიიბი შენს თითებზე, გულის ფიცარზე დაიწერე.

ნუ უგულებელყოფ, ნუ წაუყრუებ. უბეში გაქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა გეზარება. მიდი ჭიანჭველასთან, დააკვირდი მის ქცევას და ისწავლე. ვისაც სამკალში სძინავს, მისი სახელი ლპება.

HOMO TOTUS

ყარიბივით მიადგება სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით _ გაჭირვება. მაგრამ ნათელია დღის ბოლო, იხილე შუქი წყვდიადის მიღმა და მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა. ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ: თავიანთი სისხლის დასაღვრელად და თავიანთი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან, საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.

ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს, ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის ემზადება. ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული - გასაცემად. მთელი სამყარო მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა. ანდობენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ხის ნაჭერს და ტივით გადამლახველნი ტალღებისა გადარჩებიან. კაცის სული კურნავს სნეულებას, სულის სნეულებას კი, ვინ განკურნავს?
ლიუმ მსუყე ნერწყვი გადაყლაპა და ვიდრე სიტყვას გააძრძელებდა, თვალი შეავლო უცნობ ქალს, რომელმაც, როგორც ღამურამ შებინდებისას, მწვანე მოსასხამიდან ყვითელი თვალები შეანათა და ლიუ, უმალ, ხიბლიდან გამოიყვანა. ჩაეკითხა დაბნეულ ბიჭს:
_ რა უფრო სამართლიანია: როცა ძაღლს დამნაშავე კატის გამო კლავენ, თუ როცა ორივეს, დამნაშავეს და უდანაშაულოს, ერთმანეთს წააკლავენ?
ლიუს აზრი საბოლოოდ გაუწყდა და ჯერაც უთქმელ სიტყვათა წყებამ თავს ზემოთ ისე გადაუფრინა, როგორც თბილი ქვეყნებისკენ მიმავალმა გადამფრენ ფრინველთა უთვალავმა გუნდმა.
ციბამ ფილტვებიდან დაგუბებული ჰაერი ამოუშვა და გაუჩინარდა. მის კვალს თვალი მიადევნა ლიუმ და შეაჟრჟოლა: ეს იყო, წყალში შეცურებული ქვეწარმავლის ჩრდილი, რომელიც წყლის ზედაპირს მხოლოდ წუთიერად გასდევს და მსწრაფლ ქარწყლდება.

ქალიც გაქრა. ტაძრის უკანა მხარეს, ნაძვის და ფიჭვის სუნით გაჟღენთილ ტყეს შეერია.


ბეჭედი
რამდენიმე დღეში ქალი ისევ გამოჩნდა. ლიუმ იგრძნო, რომ მთელი ეს დღეები, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად გაწელილი ეჩვენა, ამ ქალის მოლოდინში გაატარა. ლიუს აფრთხობდა ყვითელი თვალები: ისინი ჭვრეტდნენ მოვლენებს დღეებით, ზოგჯერ კვირებით ადრე, ამიტომ ქალს, ლიუს მსგავსად, ზეგინდელ დღეზე ლაპარაკი შესწევდა.
,,ახლა რაღას იტყვის?” _ გაიფიქრა ლიუმ და გრძელ, მწვანე მოსასხამში ჩაკარგული ქალის პოვნას შეეცადა.
_ რა უფრო სამართლიანია, როცა ძაღლს დამნაშე კატის მაგიერ კლავენ, თუ როცა ორივეს, დამნაშავეს და უდანაშაულოს, ერთმანეთს წააკლავენ? _ ძველებურად ცბიერად იკითხა ქალმა და ლიუმ იგრძნო, ქალს მოსასხამის, მას კი, ანაფორის ქვეშ, ერთდროულად როგორ აებურცათ ძუძუსთავები. ამან საბოლოოდ დააბნია:
_ ახლავე გინდათ პასუხი თუ შემდეგ შემოივლით?
ქალმა ზედა ტუჩი აპრიხა და ბიჭს ბავშვურ პირისახეში მკვახედ ჩასცინა. ლიუ მართლაც იმ დამფრთხალ, უსუსურ ბავშვს დაემსგავსა, რომელიც ზარის დასარეკად ყოველ საათში ერთხელ, მტვრიან, დანესტილ თოკებში იხლართებოდა.
_ რა თქმა უნდა ახლავე! ისედაც დიდი ხანია ვიცდი.


_ მაშ, რა უფრო სამართლიანია, როცა ძაღლს დამნაშე კატის მაგიერ კლავენ, თუ როცა ორივეს, დამნაშავეს და უდანაშაულოს, ერთმანეთს წააკლავენ? მაშ, რა უფრო სამართლიანია? _ პურის გამხმარ ყუასავით ღეჭდა ლიუ ქალის თითოეულ სიტყვას _ მაშ, ახლავე? ახლავე გჭირდებათ პასუხი? ესე იგი, ვერ მოიცდით? ახლავე, რაკიღა, ისედაც დიდი ხანია იცდით? კარგით, რაკი ასეა, გეტყვით, _ და ლიუ კიდევ ერთხელ შეჩერდა, ძალ-ღონე მოიკრიბა. მან კარგად უწყოდა, რას მოასწავებდა ეს საუბარი და მაინც განაგრძო:
_ რა თქმა უნდა, ის უფრო სამართლიანია, როცა ძაღლს დამნაშავე კატის მაგიერ კლავენ, რადგან ამ დროს, იმას მაინც ფიქრობენ, რომ დამნაშავე მართლაც ძაღლი შეიძლება იყოს.
_ ჩვენი საქმეც ასეა, ან ორივეს დაგვსჯიან, ან მხოლოდ შენ, ამიტომ გირჩევნია, ახლავე გავიქცეთ!
ლიუმ იცოდა, რომ ქალი ზეგინდელ დღეზე ლაპარაკობდა. ზუსტად იცოდა საით, ქარის რომელი მიმართულებით მიაქანებდა ქალი, მაგრამ ახლა მას გაუჩნდა სიტყვათა წათამაშების ბავშვურად უწყინარი, მაგრამ დაუძლეველი სურვილი. რომლის კვალობაზეც, მისდაუნებურად უჩნდებოდა და უფართოვდებოდა ცნობისმოყვარეობის განცდაც: ლიუს მოუნდა, მაინცდამაინც ქალისგან მოესმინა ყოველივე. ამიტომ ჰკითხა:
_ რატომ დამეძებ? საიდან იცი ჩემს შესახებ ამდენი?
მთელი ამ მონაზვნური ცხოვრების მანძილზე, ლიუს პირველად მოუნდა შეეხედა ქალის შიშველი სხეულისთვის. რატომღაც დარწმუნებულიც იყო, რომ ამ ქალს მოსასხამი პირდაპირ შიშველ სხეულზე ჰქონდა მოცმული.
_ მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები.

ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ვიქორწინოთ. ამ ღამით მოვალ, სენაკის ფანჯარა ღია დატოვე და გადმოვძვრები. შევამოწმებ ჩვენი საქორწინო ბეჭედი ხომ არ დაგიკარგავს.
ლიუ გაწითლდა. მიხვდა, ქალი ასოზე წამოცმულ ბეჭედს გულისხმობდა. იგრძნო, სხეული როგორ აებურძგლა და ცხვირის ნესტოები როგორ ამოევსო რომელიღაც ყვავილის სასიამოვნო არომატით. მოაგონდა, ჩვილობაში მუდამ ამ ყვავილის სუნი სცემდა და მისი ხეების შრიალი უგუბებდა ყურთასმენას. ეს ქალიც მისი ძველი ცხოვრებიდან, დავიწყებული მიწიდან მოვიდა:
 იქ, იმ მიწაზე, გზააბნეული სულები და გამქრალი სიზმრები მოგზაურობენ, ხორცს ისხამენ დაკარგული აჩრდილები, ადამიანები თავიანთ ბუნებრივ სიმძიმეს კარგავენ და ფრენას იწყებენ.

იქ, იმ მიწაზე, მაგნოლიების ტყის ნესტში სველდებიან ცივი სასახლის დარბაზები, დერეფნები, გუმბათები. მის ბინადართა სულები კი, ყოველი შებინდებისას უმმანის ზღვის ნოტიო, მარილიან ქვიშაში იმარხებიან. მერე, გარიჟრაჟზე, ისევ ცოცხლდებიან და ფრთხიალებენ, როგორც ხის საქათმეში გამომწყვდეული ფენიქსები.
ლიუმ ქალს მოსასხამი გადაუხსნა და გაიღიმა: ,,შიშველია და გოდლებივით აქვს ძუძუები.” მერე ისევ სამოსში შეფუთა და უთხრა:
_ არაფერი დამიკარგავს, თავადაც დარწმუნდები. მოდი, შენი თვალით ნახე ბეჭედი, რომელიც ჩვენმა ძიძამ შემაბა და მას აქეთ, მთელი ცხოვრება შენთვის ვატარებ.
ელიზამ ლიუს ანაფორის ქვეშ ხელი შეუცურა, ასოზე თითები შეავლო და როცა იქ მსხვილი ლითონის რგოლი იპოვა, ყურის აწითლებულ ბიბილოსთან უჩურჩულა:
_ ეს მართლაც შენ ხარ, ლიუ! _ და ბიჭის ვარდისფერ, ზედა ბაგეს თავისი დანერწყვილი, მსუყე ტუჩებით მიეკრო. როცა მოშორდა, სენაკის კარის ჭუჭრუტანიდან ციბას ცალი, ფართოდ დაქაჩული თვალი დაინახა:
_ ამაზე ვამბობდი . .

. აქ ჩვენ არასოდეს ვიქნებით მარტო, გამუდმებით ჩვენთან იქნება ციბას ერთი თვალი და ორი ყური. მაგრამ ამაზე არ იღელვო - ის გველივით ბრძენია და ბაყაყივით ცივსისხლიანი: ჯერჯერობით ჩუმად იქნება.
ციბა თითქოს ფარულად, ამავე დროს, ლიუსა და ელიზასთვის შესამჩნევად, გამუდმებით თვალყურს ადევნებდა მათ ღამეულ შეხვედრებს.

HOMO TOTUS

კარის მოზრდილი ხვრელიდან ნთქავდა შეყვარებულთა ხმებს და ჭვრეტდა შიშველი სხეულების ურიცხვ მოძრაობას. ციბას მთელ ტანზე ოფლი ასხამდა და უჩვეულოდ არომატულ, მისთვის აქამდე უცნობ მამრულ სუნს გამოსცემდა. ამ სუნით იჟღინთებოდა მონასტრის კედლები.

ეს სუნი აღწევდა მძინარი ბერების წმინდა სიზმრებში და იქ მოხვედრისთანავე უჩვეულოდ მამრულ ფორმებს იძენდა: ცულის, წერაქვის, შუბის, ბუმერანგის, მშვილდისრის, კვერთხის, ჯაჭვის, რქის, გუთნის, ნალის, კიბის, კოშკის, ტოტის, მათრახის, ლახტის, მდინარის, ხარის, მარტორქის, თევზის . . .  
მხოლოდ ციბა არ ხედავდა სიზმრებს. არც არასდროს ეძინა. ერთხელ წათვლიმა, ბავშვობაში და ნახა სიზმარი, რომელმაც ისე დააფეთა, მას შემდეგ, აღარასდროს მოუხუჭავს თვალი. ნახა შიშველი, სველტერფიანი ბიჭი, რომელმაც წაჭრილი ასოდან იმდენი მიაშარდა, რომ ციბა, მთელი კვირის მანძილზე, ირეცხებოდა და შრებოდა.

იმ დროიდან მოყოლებული, საბოლოოდ შეიძულა ღამეები. მათ დადგომასთან ერთად დგებოდა შიში, რომელსაც, მის გულში, ასოწაჭრილი ბიჭის სველი ტერფები აღძრავდა. ახლა კი, ციბას უძილო, მტანჯველი უკუნი გადაიქცა მოულოდნელ ნეტარებად. მან შეიძინა ლიუს და ელიზას ვნებით ამოვსებული ძვირფასი ღამეები და ისე ელოლიავებოდა ამ წუთებს, როგორც მწუხრის ლოცვებს. ბებერი ასოდან, ოფლთან ერთად, გარეთ გამოჰქონდა და ლიუს სენაკის კარს მიღმა ცლიდა უამრავი წლის მანძილზე დაგროვილ, გადამწიფებული თესლის პირთამდე სავსე რეზერვუარს.
ციბა მათ სიყვარულსა და თანაცხოვრებაში უხილავად და ამასთანავე, სისხლხორცეულად მონაწილეობდა. მაგრამ, ძველებურად შხამით და ათასგვარი გესლით ამოვსებული რჩებოდა მისი გული.

ასეთ წუთებშიც, თვალებს ჭუტავდა, ფეხის ფრჩხილებს კბილებით იკვნეტდა და ბიჭის დაღუპვაზე ფიქრობდა. გარინდული იდგა კარის ზღურბლთან და ოთახის სიღრმიდან მოღწეულ თითოეულ სიტყვას, თითოეულ ბგერას გონებაში იბეჭდავდა. შორსმჭვრეტელობდა, თავის დროს უცდიდა. იცოდა: ასეთ შემთხვევებში, ქალის სვლას წინ არ უნდა გაუსწრო, რადგან მხოლოდ ქალმა იცის უკიდურესი სიზუსტით, როდის უნდა უთხრას შეყვარებულს: ,,აირჩი: ან მე ან - ბერის სამოსი.” ციბა ამ წუთის დადგომას ელოდა და როცა ეს მოხდა, მათი სენაკის კარი ფართოდ გააღო, ტალახით და სველი ბალახით გაზინზლული კალოშით შიგ შეალაჯა და სიყვარულში გართულთ, თავზე წაადგა:
_ იმას თუ არ გააკეთებთ რასაც გეტყვით, მე გავიცინებ თქვენს უბედურებებზე!
ელიზამ ყვითელი თვალები მიაკვესა და როგორც ღამურამ შებინდებისას მის წვერს და თმას კლანჭებით შეაფრინდა.
_ გგონია, არ გიცნობ?! გგონია, არ ვიცი ვინ ხარ და თავს რას აფარებ?! ჩვენ ამ ღამით წავალთ და შენ ვერ შეგვაჩერებ, ჯვარსაც შენი ხელით დაგვწერ!
_ სწორედ ამას ვაპირებ, მინდა რომ უკანასკნელად გხედავდე, ლიუ. შენ შეურაცხმყვე შენი სიბრძნით. დამამცირე, დამაპატარავე ხალხის თვალში. არც დაფიქრებულხარ, რომ უხერხულია, პატარა ბიჭი მჯობდე.

არადა, წარმოდგენაც არ გაქვს, რას აკეთებ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს ამ ხალხზე. ცოტაც და ზურგს შეგაქცევდნენ. მე მათ იმ ენაზე ველაპარაკები, რომელიც ესმით. შენი სიტყვა შენთვის შეინახე, აქ იგი არავის სჭირდება.



გვირგვინი: მეფის გამოცანა
როცა ლიუ და ელიზა ცივ სასახლეში დაბრუნდნენ, სარსრი ბერელმა მაშინვე იგრძნო, რომ მთელი ეს დრო მათზე ფიქრში გაატარა. მათი მოლოდინით აშენებდა ციხე-კოშკებს, სასახლეებს, ტაძრებს. როცა შენობებს გუმბათებს ადგამდა, ყოველთვის ლიუს ლურჯი თვალები ედგა თვალწინ. ისეთი თვალები, როგორიც ლიუს ახლა, მრავალი წლის შემდეგ შეიძლებოდა ჰქონოდა.

ამიტომ სარსრი ბერელმა ზუსტად იცოდა, როგორი თვალები ჰქონდა ლიუს და ბერის თმა-წვერში ჩაფლული ბიჭი უცებვე იცნო.
სარსრი ბერელი ფლობდა და განუწყვეტლივ თან დაატარებდა მამობრივ განცდას, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მამობრივ გამოცდილებასთან და ახლა, როცა მისი გული, როგორც ტბის ყინული, გალღვა და წყლის ცივ და თბილ დინებებში ჩაინთქა, მას შეეძლო ორი ხელით დაწყებული საქმის ოთხი ხელით გაგრძელება. ლიუს გამოჩენის წუთებიდან, სარსრი ბერელი გახდა იმაზე ორით მეტი, ვიდრე მანამდე იყო _ ორით ნაკლები. ეს ოთხი ხელი იყო აღვსილი ლოდინის ძალით და ხელისგულებზე ასახული უთვალავი წლის მანძილზე დაგროვილი ხაზებით. მათი ხელები, სამუდამოდ შეეწებებოდნენ ერთ დიდ სხეულს და როგორც ორთავიანი ოთხხელა გოლიათი, ერთად აზიდავდნენ ლოდებს ცათამდის. ერთად მოზელდნენ თიხას და ალიზს, ჩამოთლიდნენ მოჯადოებული ლურჯი ტყეების ნაფოტებს, საძირკვლებში ჩაყრიდნენ წინაპართა სულებს, კედლებში ჩაატანდნენ აჩრდილთა სხეულებს და ყოველი შებინდებისას დაუყურადებდნენ სიზმრებს, რომლებსაც ცხრა მთისა და ზღვის იქიდან, მოიტანდნენ ჩრდილოეთის და სამხრეთის ქარები. მათ იცოდნენ: ქარები ქვეყნიერების ოთხივე მხარეს მოგზაურობენ, მაგრამ სიზმრები ქარებს რომელიღაც სხვა, მეხუთე მხარედან მოაქვთ. მათ იცოდნენ, რომ ქვეყნიერებას აქვს სხვა, მეხუთე მხარე.
მამა ეტყვის ვაჟს: მოდი, დავიწყოთ ქვიშის კოშკებით და თიხის გალავნებით.

ერთად ვაშენოთ, შვილო. ერთად შევუდგეთ ტრამალის გავლას, უდაბნოს ძლევას და ვიმეტყველოთ სამყაროს ყველა დავიწყებულ ენაზე. თუ ქვიშის კოშკის აგებას შევძლებთ, ნამდვილ კოშკებსაც ავაგებთ უსათუოდ. ქვიშა ჩვენს მომავალს ატარებს და ინახავს ჩვენს წარსულს. იგი მოძრაობს ქვიშის საათის მიმართულებით _ ზემოდან ქვემოთ: წარსულიდან მომავლისკენ და მომავლიდან წარსულისკენ და წარსულიდან მომავლისკენ . . .

ქვიშა ჩვენს სულსაც დაატარებს. იგი სულის მატერიაა, მისგან, როგორც უდაბნოს თარგიდან, ქარებმა გამოჭრეს ჩვენი სულების უთვალავი ფხვიერი და ნოტიო ფორმა. ქვიშა ყოველთვის წყალთან ახლოსაა. ქვიშა ყოველთვის სანაპიროა: სანაპირო _ მდინარეების, ან _ უდაბნოების. უდაბნოც წყალია, რადგან წყლის მოლოდინს ატარებს მარადიულად. ადამიანიც მუდმივ მოლოდინს ატარებს და ცოცხლობს მანამ, სანამ ეს მოლოდინი ცოცხალია. ადამიანიც წყლის მოლოდინს ატარებს, რაკი ყოველივე ჩვენში და ჩვენს გარეთ, მხოლოდ წყალია.

ღმერთიც წყალია და ამიტომ გვიკლავს ყველა წყურვილს მარადიულად. ჩემი გული წყლით ამოვსებულია, შვილო, და მე დაღლილი ვარ მისი სიმძიმით, როგორც მრავალჯერ მომკვდარი და აღმდგარი ბებერი მეფე. იქნებ, მეტი ვეღარც შევძლო და მარტოსაც მოგიწიოს ტაძრების შენება.
ამ დროს სარსრი ბერელმა ისევ იგრძნო ყრუ, მინავლებული ტკივილი, მკერდს ქვემოთ, მარჯვენა გულში: ამის წამალი არ არსებობს, მარჯვენა გულს ტკივილისთვის იძენ, შვილო, _ თქვა სარსრი ბერელმა.


საათის ისრები
ლიუს და ელიზას დაბრუნებასთან ერთად, სარსრი ბერელმა თავისი დაკარგული სიზმრებიც დაიბრუნა, რომლებიც ბოლომდე გახარჯულად მიაჩნდა.

HOMO TOTUS

შეიძლება ასეც იყო, რადგან, ახალს აღარაფერს ნახულობდა, მხოლოდ ბავშვობის სიზმრებს, რომელთაც მისთვის ბავშვობის ძველთაძველი განცდები და შეგრძნებები მოჰქონდათ.
ის ხედავდა უმმანის ზღვის წყლებში მოცურავე ბერძნულ სამხედრო ხომალდს, რომელიც მოძრაობდა წრიულად, საათის ისრის მიმართულებით და თანდათან ჰორიზონტის სივრცეში იკარგებოდა.
,,ასე უკვალოდ, მხოლოდ წვიმის წვეთები უჩინარდება ზღვის ზედაპირზე”, ფიქრობდა სარსრი ბერელი ჯერ კიდევ გამოღვიძებამდე.



ყანჩა,რომელსაც ნისკარტით თევზი უჭირავს
ცივ სასახლეში დაბრუნებულმა ელიზამ სარსრი ბერელი მამრი საგნების გალერეაში შეიყვანა, რომ მისი და ლიუს დაბრუნების აღსანიშნავად ეჩუქებინა ყველაზე ძვირფასი ნივთი, რაც კი ამ გალერეაში მოიპოვებოდა.
_ აქ შენზე მშვენიერი და ძვირფასი არაფერია, ელიზა! _ ლოყაზე აკოცა მამამ.
_ მე შენ გაჩუქებ კვლაფსიდრას, რომელიც ქვიშის ნაცვლად ბლანტი სითხით არის სავსე.

ეს სითხე მამაკაცის თესლისა და ალბინოსი თევზების ქვირითის ნაზავია. ის უჩვენებს დროს მარადისობის შემდეგაც.
სარსრი ბერელმა ელიზას კვლაფსიდრა გამოართვა და თავის სამუშაო ოთახში, მაგიდაზე დადო. გადაწყვიტა გულდასმით შეესწავლა ბლანტი სითხის საათი, რომელიც უჩვენებს დროს მარადისობის შემდეგაც. ოღონდაც, მაშინ ეს ვერ მოახერხა, რაკი ხანგრძლივი, მომქანცველი მშენებლობებით იმდენად იყო გამოფიტული, მოულოდნელად გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
ეს არ იყო სარსრი ბერელის პირველი სიკვდილი, არც უკანასკნელი, ამიტომ მის გარდაცვალებას ოჯახში ისე შეხვდნენ, როგორც შემოდგომის ბაღში ალუბლის ხის ფოთოლცვენას. ელიზამ კი სხვა რამ გამოთვალა: სარსრი ბერელის სიკვდილი უცნაურად დაემთხვა მის საჩუქარს. ელიზამ იცოდა, რომ კვლაფსიდრებს, გნომონებს და მათ მსგავს საათებს, ასევე თარაზოებს, კომპასებს, სახაზავებს, ფარგლებს და სხვა საზომებს თუ თავიდანვე არ მოათვინიერებ, დროის უსასრულოდ შეჩერება შეუძლიათ.

სარსრი ბერელიც ისე იყო გაჩრილი ამ უძრაობაში, როგორც ხამსა თევზი მასზე პატარა თევზის ხახაში. ელიზამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მამისთვის არ დაენებებინა სიკვდილი, მაგრამ სანამ რაიმეს მოიფიქრებდა, სარსრი ბერელმა მარცხენა თვალი გაახილა და მესამე დღეს თავისით გაცოცხლდა. ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ყოველთვის მარცხენა თვალით ცოცხლდებოდა, როცა სხეულის დანარჩენი ნაწილები, ამის შემდეგაც რამდენიმე დღეს, კვლავინდებურად უსოლოდ, უმოძრაოდ ესვენა ბერელთა საგვარეულო აკლდამაში.
_ შენ მკვდარი ხარ, მამა! _ დაიყვირა ელიზამ.
სარსრი ბერელმა ერთადერთი ცოცხალი თვალით საკუთარი სხეულის ზემოთ, დაკიდებულ, შორეული წინაპრის - აგათა აკრიტასის პორტრეტს ახედა:
_ ის სიკვდილს არ მანებებს, ელიზა!
_ არც მე დაგანებებ, მამა!
და ელიზა მაგნოლიების ტყისკენ გაქანდა, იქ სადაც რამდენიმე დღის წინ სველტერფიანი ანგელოზი ნახა. ახლაც იქ იყო, ხის ჩრდილში მოგზაურობით დაღლილ სხეულს ასვენებდა და დროდადრო ხელით ისწორებდა ფეხებს შორის დაკიდულ ომფალოს.
_ აქ ვარ, ანგელოზო, აქ ვარ, სარსრი ბერელის სული!
ელიზას ხმით ამოივსო მაგნოლიის ტყე. ხეებს სულ ბოლომდე დასცვივდა რძისფერი ყვავილები. მაგნოლიის ტყის მიღმა კი გამოჩნდა გარდაცვლილ სულთა ჩრდილებით აღვსილი ლურჯი ტბა. ამ ტბაში შეცურდა ელიზა ბერელი.

ელიზამ ქვემოთ, ტერფებში იგრძნო უფსკრულების სიმძიმე და სისველე, რომელსაც მისი სული თანდათან ისე ამოჰქონდა ქვემოდან ზემოთ, როგორც მდინარის ფსკერიდან ყანჩას მსუქანი თევზი. ელიზა კი სულ სხვა, მიღმიერ ხმაზე ესიტყვებოდა:
_ მიდი, ანგელოზო, შემერკინე, სანამდის ძალა შეგწევს, იბრძოლე!
იბრძოდნენ სველი ანგელოზი და ელიზა ბერელი გათენებამდე. ელიზას სული თანდათან ისე ამოჰქონდა ქვემოდან ზემოთ, როგორც შხამიან მცურავს - ტბის ფსკერიდან სიცოცხლის ბალახის უჩინარი ღერო. მაგრამ სული წელამდე ძლივს აიტანა და ოფლსა და სისხლში გახვითქული შედგა. მას მეტი ძალა აღარ შესწევდა. ელიზას წელი ასტკივდა და მოიხარა, როგორც ფეხმძიმე ქალი. წელზე ხელები შემოიხვია და მოხრილმა, ზედა ტუჩი აპრიხა და ჩაიცინა: ,,აქ მთავრდები, ანგელოზო!”
სველი ანგელოზი მოშორდა ელიზას სულს, სხეულიდან გარეთ გამოფრინდა და როგორც ღამურას შებინდებისას, ყვითელ თვალებში ჩააცქერდა:
_ ვინ ხარ შენ, ელიზა ბერელ?
_ შენნაირი!
ანგელოზი კი, მის ფეხებთან დაცემული და ატირებული, უთვალავჯერ იმეორებდა:
,,ვინ ხარ შენ, ელიზა ბერელ?” ,,ვინ ხარ შენ, ელიზა ბერელ?” ,,ვინ ხარ შენ, ელიზა ბერელ?” ,,ვინ ხარ შენ, ელიზა ბერელ?” .

. .
_ ვინ ვარ? ის, ვინც, სიკვდილის შემდეგ იშვა და დამშრალი ძუძუდან აჭრილი რძე გამოწოვა; ის, ვინც ენა და ფეხი ჯერ კიდევ დედის წიაღში აიდგა; ის, ვისაც თმა და ფრჩხილი ისევე სწრაფად ეზრდება, როგორც გვიმრას ფოთოლი; ის, ვინც, სხეულის კიდურებზე, როგორც ნოტიო ნიადაგზე, ახარებს ლურჯ და თეთრ შროშანებს; ის, ვინც იფნის და ალვის ხეებს ნაყოფს აცლის, რომლითაც კვებავს წინაპართა და შთამომავალთა გარდაცვლილ სულებს.
ვინ ვარ? ის ვისაც მაგნოლიის ყვავილის თავბრუდამხვევი სუნი ასდის და ასგზის უფრო დიდია, ვიდრე მისი ბავშვური პირისახე. ის, ვინც, მამრი და მდედრი საგნების გარჩევა იცის, მდედრ საგნებს ყრის, მამრ საგნებს კი საშოში ინახავს.
ვინ ვარ? ის, ვინც დაქცეულ კოშკებს კიბე შეადგა; ვინც დახანძრულ სასახლეებს ჭერი გადაჰხურა; ვინც დამშრალ მდინარეზე ხიდი გადო; ვინც ზღვის ნაპირი წყლებით მონერწყვა.
ვინ ვარ? ის, ვინც მანძილს დროით ზომავს და დროს აცლის ვარდისფერ კანს, ნადირივით ატყავებს და ყველაზე მაღალ ნაძვზე კიდებს.
ვინ ვარ? ის, ვინც შენნაირია და შენი არ ეშინია.



რძე
სხეული უცახცახებდა და ცივ სასახლეში დედას ეძებდა. დედა სადღაც აქ არის, ძალიან ახლოს და ძალიან შორს. ყველა ბერელი ამქვეყნად მოავლინა, ოქროს ძაფებით ნაქარგ ჭინჭებში გამოახვია, უბით ატარა, ძუძუ აწოვა, უნანავა. ის კი, გადაგდებული და დავიწყებული, ცივი წყლებით დანოტივებულ ტბის ქვებს ლოკავდა, გვიმრას ჭამდა და საღამოობით, ხშირი შარდვით აშმორებულ ომფალოს თავისივე ენით წმენდდა.


ბებერი დედა: გამოფუღრული ძუძუებით და დანაოჭებული საშოებით. დედას ორი საშო აქვს, მას კი არცერთი არ აღირსა. ერთადერთი პირმშო ქვაში შეინახა. თბილ წყლებში არ მოაშუშა, ქვაში ჩაფლა. ახსოვს ქვის შიგანი, ბასრი და ბლაგვი ზედაპირით. გული სულ გადაუყვლიფა და ბოლომდე დაუხეხა. იქედან გამოსულს არაფერი გააჩნდა, არავინ ჰყავდა.

სიზმრებსაც სხვებისას ხედავდა.
_ დედაჩემო, ძუძუ მაწოვე, _ უთხრა ძერასას ანგელოზმა შებინდებისას და ყური მიუგდო იფნის ხეების შრიალს, რომელიც დედაბრის მარცხენა, მოჭმულ მკერდს ქვემოდან მოისმოდა.
ძერასამ მარჯვენა ძუძუ გაუწოდა და ანგელოზიც დაეწაფა ხანგრძლივი დუღილით აჭრილ დედის რძეს.

HOMO TOTUS


გათენებამდე წოვდა ძუძუს ანგელოზი, სანამ ძერასა სულ ბოლომდე არ გამოწუწნა; სანამ, სულ ბოლო წვეთამდე არ გამოშრიტა; სანამ სისხლის უკანასკნელი წვეთიც არ ამოაყოლა; სანამ სული არ ამოაცალა. შემდეგ, დედის უსულო, გამოწოვილი სხეული მკლავებზე გადაიწვინა და იქაურობიდან სამუდამოდ გაუჩინარდა.



 
ხომალდი  
ბავშვობის მოგონებათა ზანდუკიდან სხვა სიზმარსაც ნახულობდა სარსრი ბერელი:
ბავშვი იყო, უწვერული ბიჭი. უმმანის ზღვის ნაპირებზე დარბოდა ქერათმიან, რძისფერ გოგოსთან ერთად. გოგო კაჟის ქვებს აგროვებდა და საშოში იწყობდა. თვითონ კი აგროვებდა ქვიშას, რომლითაც ივსებდა მარჯვენა და მარცხენა ჯიბეს.

უმმანის ზღვის ნაპირს უსინჯავდა გემოს და უმალ უკან აფურთხებდა ქვიშის მლაშე, მწკლარტე მარცვლებს.
_ ისეთი პერიოდიც დადგება, როცა დროს, მარადიულად შენახვის მიზნით, დამარილება აღარ დასჭირდება, _ უხსნიდა ქერათმიან, რძისფერ გოგოს და სველ კაბას ხდიდა. ულოკავდა სხეულის კიდურებს და ალმოდებულს ნაპირზე მარტო ტოვებდა. თვითონაც იხდიდა სამოსს და უმმანის ზღვის სიღრმეში მიცურავდა. მოძრაობდა წრიულად, საათის ისრის მიმართულებით და თანდათან უჩინარდებოდა, ჰორიზონტს იქით, როგორც სივრცეში დაკარგული ბერძნული სამხედრო ხომალდი.



ქვიშის საათი
ბავშვობის სიზმრებმა სარსრი ბერელს მოაგონა უმმანი, ძველთაძველი პატარა ქალაქი, რომელიც უმმანის ზღვის სანაპიროზე არის გაშენებული და სადაც ბავშვობაში ძიძასთან ერთად, არაერთხელ ყოფილა. ძერასამ ქალაქის შუაგულში აჩვენა შუქურა, აჩვენა მასში ჩამონტაჟებული ქვიშის საათი და მის მოპირდაპირე მხარეს ერთსართულიანი, მოძველებული შენობა, რომლის კარებს ერთსიტყვიანი აბრა ჰქონდა მიკრული:
,,გ ა დ ა მ წ ე რ ი”

სარსრი ბერელი იმ ზღვისპირა ქალაქისკენ გაემართა. უმმანის ზღვის სანაპიროდან აღებული ქვიშა მარჯვენა ჯიბეში ჩაიყარა და ქალაქის შუაგულისკენ დაიძრა.

გრძნობდა ქვიშის თითოეული მარცვლის გადაადგილებას მარჯვნიდან მარცხნივ: ქვიშა მარჯვენა ჯიბიდან მარცხენა ჯიბეში იწრიტებოდა. ,,გადამწერის” კარი ფრთხილად შეაღო, საიდანაც ოთახის შუაგულში, მაგიდასთან მჯდარმა ბიჭმა თაფლისფერი თვალები და თეთრი, ალბინოსური წამწამები მიანათა:
_ გამარჯობათ, ბატონო სარსრი ბერელ, ხომ ასეა? მე ჰორხამ თანერი ვარ, გადამწერი.
_ მიცნობთ? ვფიქრობ, რომ პირველად ვხედავთ ერთმანეთს.
_ არც მთლად ასეა, ბატონო. თქვენი ჯანმრთელობის ისტორია მაქვს წაკითხული და როგორც კი შემოგხედეთ, გიცანით.
_ როგორ თუ ჯანმრთელობის ისტორია?!
_ თქვენმა ძიძამ მომიტანა, მთხოვა გადამეწერა. თანაც, მომთხოვა, გადამეწერა საპირისპირო მიმართულებით, ანუ ბოლოდან დასაწყისისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ახალი ჯანმრთელობის ისტორიის მიხედვით, თქვენ ჯერ მკვდარი ხართ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დაიბადებით.
_ რას ნიშნავს ეგ ყველაფერი?!
_ აბა რა ვიცი, ეგ რას უნდა ნიშნავდეს, მე მხოლოდ გადამწერი ვარ, ჩემს სამუშაოს ვასრულებ. მაგრამ ნუ ღელავთ, არაფერიც არ გადამიწერია, ახლა ჯანმრთელობის ისტორიებისთვის არ მცალია, ერთ ხელნაწერ წიგნზე ვმუშაობ, დრეზდენის ბიბლიოთეკიდან არის წამოღებული. ერთმა აქაურმა კაცმა შემიკვეთა, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს, ადამ ორელი, თუ გაგიგიათ. .

.
_ არ გამიგია, _ თქვა სარსრი ბერელმა და იგრძნო ქვიშა როგორ ამოძრავდა მის მარცხენა ჯიბეში. ახლა ქვიშის მარცვლებმა მარჯვენა ჯიბეში დაიწყეს გადმოლაგება. ამას გადამწერი ბიჭიც მიხვდა:
_ არ გიფიქრიათ, რომ ადამიანის სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილი შეიძლება იყოს სასწორის ორი, საპირისპირო მხარე, ან ქვიშის საათის ზედა და ქვედა ნაწილი, ან ზღვის ორი სხვადასხვა ნაპირი?
_ კი, ამაზე მიფიქრია. ისიც ვიფიქრე, ეს ორი ნაწილი, ხომ არ ინახავს მესამე, დაფარულ მხარეს. როცა დაგინახე, მივხვდი: ჩვენ ერთ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთისგან გვაშორებს სულ სხვა დრო და მანძილი. მე ვარ დრო მანძილის ბოლოს, შენც დრო ხარ, ოღონდ მანძილის დასაწყისში. აი, ესეც, მესამე მხარე _ და სარსრი ბერელმა ქვიშიანი ჯიბე იქვე, გადამწერის მაგიდაზე ამოაპირქვავა.
 
 

ნიღბები
ძერასას სიკვდილის შემდეგ სარსრი ბერელს გაუჩნდა განცდა, რომ ის არის მკვდარი, რომელმაც ყველა ცოცხალი დამარხა და რომ ირგვლივ აღარავინ დარჩა დასამარხი - არც ცოცხალი, არც მკვდარი.

ვერავინ შეძლო მისი განჯადოება და ამ კოშმარიდან გამოყვანა და რაკი თავს მკვდრად მიიჩნევდა, აოცებდა ის ყრუ, მინავლებული, მაგრამ მაინც მკაფიო ტკივილი, რომელსაც გამუდმებით მარჯვენა გულის არეში გრძნობდა. ამის წამალი არ არსებობს, მარჯვენა გულს ტკივილისთვის ვიძენთ. მაშინაც, როცა ვკვდებით, მარჯვენა გული განაგრძობს არსებობას ჩვენი გარდაცვლილი სულების და სხეულების მიღმა.
და სარსრი ბერელმა კიდევ ერთხელ უმმანის ზღვისპირა ქალაქისკენ გასწია, სადაც ქალაქის აკვატორიაში ქვიშის საათიანი შუქურის მოპირდაპირე მხარეს, ერთ მოძველებულ შენობაში, ყველაფრის გადამწერი პატარა ბიჭი - ჰორხამ თანერი ეგულებოდა. ბიჭი ძველებურად მაგიდასთან იჯდა და გულმოდგინედ განაგრძობდა წერას. წინ ორი სამელნე ედგა და ახლაღა შეამჩნია სარსრი ბერელმა, რომ ამ ორ პატარა ჭურჭელში ფერადი მელნის ნაცვლად, გამჭვირვალე, კამკამა წყალი ესხა. მას ვერ ამღვრევდა კალმის წვერი, რომელსაც თანერი წერის დროს შიგნით ღრმად აწობდა. ამ წყლებით ბიჭს ფურცელზე ჩვეულებრივი მუქი შავი ასოები გამოჰყავდა.
სარსრი ბერელმა გაიფიქრა: თავს დავდებ, მტკნარი და მლაშე წყალია, როგორც მდედრი და მამრი მიწა და ჰორხამ თანერს ჰკითხა:
_ რა ასხია შენს სამელნე ჭურჭლებში, სუფთა წყალივით რომ კამკამებს და ფურცელს კი ფერადად აჩნდება?  
_ ეს მტკნარი და მლაშე წყალია, მტკნარით მამრობითი აზრები და საგნები გამომყავს, მლაშეთი კი _ მდედრობითი.

შენც ხომ სქესის მიხედვით არჩევ მიწას ყოველი მშენებლობის დაწყების წინ. ყველაფერში ასეა: თუ მდედრობითის და მამრობითის წესებს არ დაიცავ, ვერაფერს შექმნი. თავის დროზე, ღმერთმაც ამ პრინციპით შექმნა სამყარო და რაიმე უფრო უკეთესი, უფრო მოქნილი მექანიზმი ქმნადობისთვის, ჯერ არ აღმოუჩენია არც ღმერთს, არც კაცობრიობას. მეც ამას ვაკეთებ, ისევ დრეზდენის ხელნაწერ წიგნზე ვმუშაობ, მისი პერსონაჟების სიზმრებს ვიწერ, მთელი ღამეები მათ სიზმრებს ვარ მიყურადებული და გონების მთლიანად დაძაბვა მიხდება, რომ მდედრი და მამრი წარმოსახვები ერთმანეთში არ ავრიო. ადამ ორელის შეკვეთას ვასრულებ. ადამ ორელი, ქალაქის დასავლეთ ნაწილში რომ ცხოვრობს, ადრეც გეუბნებოდით.

HOMO TOTUS

.

.
_ კი, მახსოვს, ადამ ორელი, როგორ არ მახსოვს, დრეზდენის ხელნაწერი წიგნიც მახსოვს.
_ სხვათაშორის, თვითონაც წერს რაღაც-რაღაცეებს, ძირითადად პიესებს, რომელთაც თავის მამულში, ორელთა საგვარეულო პატარა თეატრში დგამს. თავისივე შექმნილი ახალგაზრდული დასი ჰყავს. ახლაც ახალ სპექტაკლზე მუშაობენ _ ,,ჰომო ტოტუსი”, ასე ჰქვია ადამ ორელის ახალ პიესას. შეგიძლიათ თავადაც ნახოთ, მონაწილეობაც მიიღოთ მის სპექტაკლში. ადამ ორელს თითოეული მაყურებელი ჰყავს გათვალისწინებული თავის სცენარში. როგორც ამბობს, ჩვენი თეატრალური დასი მაყურებელია, თქვენ კი, აქ მოსულნი _ სპექტაკლში მოთამაშენი. ჩვენ თქვენი წარმოდგენების სანახავად მოვდივართ და ამაში ფულსაც ვიხდით.

სპექტაკლის დაწყების წინ მისი მსახიობები სალაროსთან დგანან და ბილეთებს იძენენ.
და ჰორხამ თანერმა სარსრი ბერელს სამად დაკეცილი ფურცელი გაუწოდა:
_ მინდა გთხოვოთ, როცა ადამ ორელის მამულში მიხვალთ ეს წერილი პირადად მას გადასცეთ.
 


მოედანი
სარსრი ბერელმა წერილი მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო და უმმანის დასავლეთ ნაწილისკენ გაემართა, სადაც ადამ ორელის მამული ეგულებოდა. შემდეგ, აღმოსავლეთისკენ წავიდა; ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილებიც მოიხილა, ადამ ორელის კვალს კი, ვერსად მიაგნო. გადაწყვიტა წერილი უკან, ჰორხამ თანერისთვის დაებრუნებინა, მაგრამ, როგორც უკან გამობრუნებულმა აღმოაჩინა, არც ჰორხამ თანერის, ყველაფრის გადამწერი ბიჭის ერთსართულიანი, ანტიკური შენობა იდგა ძველ ადგილას. არც სხვაგან.
ქალაქის შუა ნაწილიდან, ქვიშის საათიანი შუქურის მოპირდაპირე მხარეს, ვრცელი, მაგნოლიის ხეებით გაშენებული მოედანი, იშლებოდა, რომელიც ქალაქს ოთხ ნაწილად ჰყოფდა.



სამყურა ბალახი
სარსრი ბერელმა იცოდა, რომ დედამიწაზე კონტინენტები მოგზაურობენ, ქალაქები თბილ ქვეყნებში გადასახლებიან, სოფლები ორღობეებს ტოვებენ, სასახლეები ქვეყნიერების ოთხი მხარისკენ მიფრინავენ.
სარსრი ბერელმა იცოდა, რომ ქვეყნიერებას აქვს სხვა, მეხუთე მხარე.
ჯიბიდან სამად მოკეცილი ფურცელი ამიღო, დაკვირვებით დააცქერდა და ყველაფერს მიხვდა.
იმასაც მიხვდა, რომ ეს წერილი დრეზდენის ხელნაწერის ერთი ძველთაძველი, გაყვითლებული ფურცელია, რომელსაც სამი გვერდი, სამი მხარე აქვს.


წერილი გაშალა და წაიკითხა.



სანაპირო
,,იცი, რომ გაუჩინარებული საგნები კვლავაც ჩნდებიან? ადამიანის სხეულის ნაწილები თავ-თავიანთ ადგილებს უბრუნდებიან? დამცხრალი ხეები ციდან მოფრინავენ? სასახლეები გადასახლებებიდან ბრუნდებიან? დაწრეტილ უდაბნოებს ქარები ქვიშით ავსებენ? ქალაქები თბილი ქვეყნებიდან უკან, სამშობლოში მოცურავენ? მიმალული სოფლები სოროებიდან გამოდიან? დაძირული კონტინენტები გუბურებიდან ამოიმართებიან?
ჩემი სასახლე გამუდმებით გადაადგილდება ქვეყნიერების ოთხი მხარისკენ. ამიტომ ხან აღმოსავლეთში ვარ, ხან დასავლეთში, ხანაც ჩრდილოეთსა და სამხრეთში. ეს იმის გამოა, რომ მამრ მიწაზე არის ნაგები და ერთ ადგილას შეჩერება არ შეუძლია. საძირკველს მხოლოდ მდედრი მიწა აღვივებს. სასახლის შიმშილს მდედრი მიწა აცხრობს, გამოსაკვებად სხეულის სამ სხვადასხვა ნაწილს აწოვებს: ძუძუებს, ჭიპს და საშოს.
ჩემმა სასახლემ ახლა ისევ დასავლეთისკენ აიღო გეზი. მე მას მივდევ, თან მიმაქვს მთელი ჩემი ავლა-დიდება, რომელიც ერთ პეშვშიც ჩაეტეოდა, მარჯვენა ხელს რომ სცოდნოდა, რას იქმს მისი მარცხენა და სანამ ისინი ამას გაიგებენ, მე მიხდება ყველა წვრილმანზე ზრუნვა.
თან მიმყავს ჩემი სამი ქალი.

სამი ქალი მაფრთხობდა ყოველთვის: ის, ვინც მდედრი და მამრი საგნების გარჩევა იცის; ის, ვინც მთელი ცხოვრება აგროვებს ჟღალთმიან მამაკაცთა სპერმას და ალბინოზი თევზების ქვირითს; და ის, ვისი ჩრდილიც შუაღამით დაბორიალებს და მძინარე მამაკაცებს ჰპარავს თმას, რომლითაც კერავს ბალიშებს გარდაცვლილი უცნობი წინაპრებისთვის.
ჩვენ ვაშენეთ ქვიშის კოშკები და თიხის გალავნები. ერთად დავლახეთ ტრამალები, უდაბნოები. ვიმეტყველეთ სამყაროს ყველა დავიწყებულ ენაზე. ამ გზებზე კი, თანდათან, ქვიშით ამოგვევსო სულები. ქვიშა ყოველთვის წყალთან ახლოსაა. ქვიშა ყოველთვის სანაპიროა: სანაპირო _ მდინარეების, ან _ უდაბნოების. უდაბნოც წყალია, რაკი წყლის მოლოდინს ატარებს მარადიულად.

ადამიანიც მუდმივ მოლოდინს ატარებს და ცოცხლობს მანამ, სანამ, ეს მოლოდინი ცოცხალია. ადამიანიც წყლის მოლოდინს ატარებს, რაკი ყოველივე ჩვენში და ჩვენს გარეთ, მხოლოდ წყალია. ღმერთიც წყალია და ამიტომ გვიკლავს ყველა წყურვილს მარადიულად. ჩემი გული წყლით ამოვსებულია და მე დაღლილი ვარ მისი სიმძიმით, როგორც მრავალჯერ მომკვდარი და აღმდგარი ბებერი მეფე.
იცი, რომ ქვიშა და წყალი სულის მატერიაა? მისგან, როგორც უდაბნოს თარგიდან, ქარებმა გამოჭრეს ჩვენი სულების უთვალავი ფხვიერი და ნოტიო ფორმა და საათებში გამოამწყვდიეს?
საათი ქვიშის, სავსეა უდაბნოს ქვიშის მარცვლებით. უჩვენებს დროს უდაბნოს გავლით. უდაბნოს ფესვები ინახავს ჯერ წყალს, მერე, წყლის მოლოდინს, და ზედაპირი ატარებს ხვატს, როგორც მარადიული ცეცხლის ღიაობას. უდაბნო წყლით იწყება და გვალვით მთავრდება.

ეს საათის ორი მხარეა: საწყისი - ,,ზე”, საიდანაც, ქვიშის მარცვლებში გატანილი დრო ,,ქვე” - სასრულში იწრიტება.
საათი ქვიშის, უჩვენებს დროს უდაბნოს გავლით; ამასთანავე უჩვენებს დანაწევრებული სულის და სხეულის გამამთლიანებელ მოძრაობას ზემოდან ქვემოთ. მთლიანია ზედა - საწყისი და ქვედა - სასრული ნაწილი. მათ შორის ყოფიერებაა და სიზმრები. ყოფიერება სატყუარაა თავისი დაუსაზღვრავი მყოფობით. არავინ იცის სად ვიწყებით მასში და სად ვმთავრდებით. სად ვნაწევრდებით და სად ვმთლიანდებით. იგი აღვსილია უსაზღვრო საფრთხით, რომელსაც პირობითად სიცოცხლე ჰქვია.

ჩვენ მასში ვართ განხვნილნი, მაგრამ არ ვართ მარტო, რადგან სანამ მასში დავივანებდეთ, ჯერ მასში ვართ ვინც იგი შექმნა. ის ღმერთია: ერთი, ღრმა და ფართო. ის ჩვენს სიზმრებშია გაცხადებული ნაწილ-ნაწილ: რიცხვად, სიღრმედ, ფართოობად, რაკი სანამ დანაწევრებულნი ვართ, მისი სისავსე, მთლიანობა ჩვენთვის ჩაკეტილია.
ის ჩვენს სიზმრებშია და გამამთლიანებელ გზებს გვისახავს. სიზმრებში არქეტიპულ სიმბოლოებს გვაწვდის, რომლითაც მარადისობაში გადავყავართ. მარადისობამდე კი საათია, სავსე უდაბნოს ქვიშით, მლაშე მარცვლებში გატანილი დროით და სივრცით. ჩვენ ყველანი საათში ვცხოვრობთ და ვხედავთ სიზმრებს, რომლებშიც ვფხიზლობთ.

ჩვენ მხოლოდ სიზმრებში გვღვიძავს.

HOMO TOTUS

ჩვენ მხოლოდ სიზმრებში ვაღებთ კარს. კარი აქვს ყველაფერს. გააღე. გააღე და კარი გახდება გზა.”

წერილის ბოლოს, მესამე გვერდზე, მსხვილი ასოებით, გადამწერის ინიციალები იყო მიწერილი:
,, ჰ. თ.”


კარი
სარსრი ბერელმა ხელისგული გაშალა და ფურცელი ნელ-ნელა დაეშვა დაბლა. თვალი გააყოლა.

იგრძნო როგორ დაღალა წყლის და ქვიშის სიმძიმემ.
შებინდებისას უმმანის ზღვის სანაპიროსკენ გასწია. გაიხადა. სამოსი ქვიშაზე დაყარა და წყალში შეცურდა. ზღვა იყო თბილი და მლაშე.  
მიცურავდა უმმანის ზღვის სიღრმეში, როგორც ცივი, მტკნარი მდინარიდან გამორიყული, ქვირითით სავსე დაჭრილი ორაგული. მოძრაობდა წრიულად, საათის ისრის მიმართულებით და თანდათან უჩინარდებოდა ჰორიზონტს იქით, როგორც სივრცეში დაკარგული ბერძნული სამხედრო ხომალდი.

.