Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
პროზა
ჩანაწერები
იდეოლოგიური კატაკომბების აჩრდილები


იდეოლოგიური კატაკომბების აჩრდილები

სამშობლოს თავისუფლება
არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა.

შოთა ნიშნიანიძე


არ გვსურს და ვერც ვიყიდით, ვერც სამშობლოსას და პიროვნულს ხომ- მითუმეტეს. აქამდეც ვიარეთ ნაყიდი სიამაყით და მისით მოგვრილი ნასესხები ბედნიერებით, მაგრამ, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, ახლა სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რაიც საკუთარი თავის ახლოდან და ახლებურად დანახვისაკენ გვიბიძგებს. დროისა არიყოს... დროს ხომ მაშინ ენიჭება `დროის~ სტატუსი, როდესაც ის გაივლის.

ჩვენს არსებობასაც მაშინ დაერქმევა ცხოვრების სახელი, როცა რაღაცა გავა და ჩვენი მნიშვნელობაც და, თუ გნებათ, ეთნოკულტურული ერთიანობის არსებობის მოდუსიც მაშინ გამოკრისტალდება. `რაღაცა~ კი ნამდვილად გავიდა, მაგრამ ქართული თვითცნობიერება ისევ ძველ რეჟიმში აგრძელებს `მუშაობას~ და კვლავაც მითოლოგიზებითა და მითოსის წარმოქმნით არის დაკავებული. მეტი რომ აღარა ვთქვათ, თვითშემეცნების პრობლემა სადღეისო კულტურული სიტუაციის უპირველეს და იმპერატიულ გამოწვევად მესახება. ისტორიის თუ სულაც - უისტორიობის ხანაში შედედებული ცნობიერების სტერეოტიპები და, საერთოდ, ის ფსიქომენტალური კომპლექსები, რაც კონკრეტული ვითარებებისა თუ მოვლენების წიაღში გამოიძერწა, ყველაზე კარგად მაინც ლიტერატურაში ვლინდება. სხვაგანაც, მაგრამ ლიტერატურა საზოგადოებრივი განწყობილებების ერთგვარ კატალოგიზებას ახდენს და ამიტომაც გარკვეულ კანონზომიერებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ეროვნული თვითშემეცნებისა და `გაგების სისრულის~ მძებნელს ყველაზე უფრო ხშირად ლიტერატურისკენ გაურბის თვალი. იქ `ჩარჩენილი~ ძირეული შტრიხებისა და საზრისების დეკოდირებაც აქტუალური საკითხია, რადგან `ისტორიაში ჩართვის~ შანსი ახლახან დავლანდეთ და, ცოტა არიყოს, შემკრთალებიცა ვართ, ისტორია რომ ასე მძაფრად გვახსენებს თავს. ამ სიმძაფრის სრული შეგრძნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ოდესღაც ვყოფილვართ მასში, თუკი ოდესღაც მაინც გვიმოძრავია ტრადიციის კალაპოტში და შემდეგ, გარემოებათა გამო, მისი მდინარება შეწყვეტილა, თორემ, სხვა შემთხვევაში, ისტორიის კარზე ბრახუნსაც ვერ გავიგონებდით.

სხვათა შორის, ბრახუნის ეს მეტაფორა მახსენებს დუნკანის მკვლელობის შემდეგ კარზე ბრახუნს შექსპირის `მაკბეთის~ მეორე მოქმედებიდან: მაკბეთმა, კავდორის თენმა, მეფე დუნკანი სიცოცხლეს გამოასალმა... ბოროტმოქმედება მოხდა, ირგვლივ წხვდიადი მეუფებს და... უცებ - ბრახუნი კარზე. ეს კიდევ უფრო მეტ ავბედითობას ანიჭებს მომხდარსა და ჩადენილს. კი მაგრამ, ვინ აბრახუნებს? ვინ და რატომ? - და სწორედ ამ დროს იშვის ის ხახადაბჩენილი პაუზა – უფსკრული, რომელიც კალაპოტიდან ამოაგდებს მოვლენათა მსვლელობას და დროის უკუქცევაც სწორედ ამ მომენტიდან იწყება, რადგან იგი უკვე სამომავლო შურისძიების აქტიდან ითვლება. ის, რაც ძალაუფლებისთვის ბრძოლის წვრილმანი ოინი, ანდა სულაც, მორიგი დაკვეთა თუ სპეცსამსაურის ტაქტიკური მაქინაცია იყო, მყისიერად, სამომავლოდ, სამაგიეროს მიგების ჟღერადობას იძენს და `უფსკრულიც~ ადამიანური განზომილების ფარგლებში ექცევა. სწორედ ამ მომენტში ვგრძნობთ, რომ მიჩვეული და გაწაფული სადაგი დროის დინება შეწყვეტილა, ისტორიის დრო დამდგარა და იგი უკვე აგერ – ხელის ერთ გაწვდენაზეა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება უსასრულო მითოსის წრებრუნვიდან გამოსულა, მისაწვდომობის ფარგლებში მოქცეულა, ერთმანეთზე მიწებებული წლები და დღეები დაუცალკევებია და დაკონკრეტებულა. ეს არის მამარდაშვილისეული `ისტორიაში ჩართვა~ და ეს ყველაფერი ჩვენგან დიდ ნებისყოფასა და ძალისხმევას მოითხოვს. სათქმელი რომ არ ამომიხტეს კალაპოტიდან, დავძენ, უისტორიობაში გამოკვანძულ ფორმათა დეკონსტრუირების გარეშე თვალახელილი ცხოვრება ძალზე გაძნელდება, თორემ თავისუფლების სიოს ფრფინვაზე ვინღა ლაპარაკობს. ხუან დე მაირენა მახსენდება, რომელიც რიტორიკული პათოსით ბრძანებს, გალიები ჩიტების თავისუფლებისთვის გამოიგონესო. პირობითად ჩვენც მივიჩნიოთ, რომ იმ დიდ გალია-საპრობილეში ანაზდად თავსდატეხილი თავისუფლების უკეთ შესაგრძნობად მოგვათავსეს, ვინძლო იმ გალიის ხსოვნა ამგვარი მანიპულაციით უფრო ადვილად დავივიწყოთ. მით უფრო, რომ ჩვენი ფიქრის საგანი – ქართული ლიტერატურა წარსულის ბნელქუშ ეპოქებშიც ხშირად ადასტურებდა თავის ხმადღიანობას. ეროვნული თვითგანდიდების ჭიაც ხშირად გვახსენებდა და ლიტერატურაში იჩენდა თავს, მაგრამეს ყველაფერი ახსნადია, თუ ჩვენი პოლიტიკური უმწეობის ფაქტებს და მისით მოგვრილ მწარე განცდებს და კომპლექსებს გავიხსენებთ.

ამიტომ არის, რომ პატარა ერის შვილებს ვერა და ვერ მოგვიხერხებია უკომპლექსოდ ცხოვრება. საკუთარი რიცხოვნობა პიროვნულ განწყობილებებსაც ჩრდილად ეფინება და გულს ხომ გვიჟანგავს, მაგრამ თავგზასაც კარგა გვარიანად გვიბნევს. ერთი სიტვით, ამას იდეოლოგიურ კატაკომბებში ცხოვრების გამოცდილება და სამხრეთული ცხოველმყოფელი ფანტაზიაც რომ მივათვალოთ, იმ ძირების თვალმოკვრასაც შევძლებთ, საიდანაც ჩვენი დღევანდელი ცხოვრების მუტაციები იღებს სათავეს. კი, როგორ არ ვიცი, რუსული იმპერიის გენერალური და გენერალიტეტური ლოგიკა რას და როგორ მიერეკება განუხრელად. მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე ჩვენი ჩამუქებული ცხოვრება მარტო წინა საუკუნეების `სიუჟეტური ინერციის~ ბრალი არ უნდა იყოს. გასაგებია, რომ იმპერია ყოველთვის ცდილობდა კავკასიური მოზაიკის სახეცვლილებას, საუკუნეების წიაღ გამოტარებული თანაცხოვრების შეშლასა და ერთგულების მიხედვით ერთა სელექციას, მაგრამ თვით ჩვენშიც დაილექა რაღაცა ისეთი, რაიც კავკასიელებს ხშირად ერთმანეთისკენ გზას ვერ გაგვაგნებინებს და, ხეობათა გაღმა-გამოღმა მყოფებს, ხმას ვერ გვაწვდენინებს ერთმანეთისთვის. ეს `რაღაცა~ კი ერთმანეთზე ის წარმოდგენებია, რომლებიც ისტორიული ავბედითობებისა და სიდუხჭირის ჟამთა ნაყოფია და რომელთა უკანაც ხშირად ზედაპირული ხატები და ანარეკლები იმალება და, არანაკლებ ხშირად, ამაყი უკულტურობა გამოსჭვივის.

ამ `რაღაცამ~, რა თქმა უნგდა, ქართულ ლიტერატურაშიც იჩინა თავი და უკონტროლო და უკანმოუხედავი მორჩილების ხანაში ჭეშმარიტების ნიღაბი აიფარა. ასე იქცა ლიტერატურა სელექციონერი ექსპერიმენტატორების ხელში იდეოლოგიის მხევლად. საბჭოეთის ხანას ნუ წარმოვიდგენთ მხოლოდ, წინა საუკუნეებიც არის მხედველობაში მისაღები – კავკასიაში რუსეთის მეუფების მთელი ასწლეულები ანუ `ისტორიის უსამართლობით~ თავსდატეხილი ქარიშხლები.

იდეოლოგიური კატაკომბების აჩრდილები

`ისტორია~ `უსამართლობასაც~ იმ ჟამთა შინა შეეწყვილა და ისტორიის ძაფიც მაშინ გაწყდა...
ერთი ჭკვიანი კაცი ბრძანებს, რომ სრული ურთიერთგაგება არაპროდუქტიულიაო. თუ დიდ ცოდვას არ ჩავიდენ, ამ აზრის ექსტრაპოლირებას ერთა შორის გაგებაზეც მოვახდენ დავიტყვი, რომ სრული ურთიერთგაგება კავკასიაში არასდროს ყოფილა, მაგრამ თანაცხოვრების წესი და რიგი კი, მართლაც, საოცარი და საოცნებო ჩამოყალიბდა. ქართულ-ოსური ათალიკობისა და ქართულ-აფხაზური ძუძუმტეობის ინსტიტუტი ამის მშვენიერი ილუსტრაცია უნდა იყოს. ამ უკანასკნელის შეშლა და დასამარება კი დაიტირა ქართულმა ლიტერატურამ, მაგრამ არ მახსენდება რომ ათალიკობაზე სადმე დაძრულიყოს მხატვრული სიტყვა და, თუ ეს სიმართლეს შეეფერება, ამის მიზეზი ისევ და ისევ ის დამკვიდრებული სტერეოტიპი უნდა იყოს, რომლის ძალითაც რომელიმე ერის შვილს ნამეტანი შუბლმზიანი ვეგებებოდით, სხვას კი – ნამეტანი მოქუფრული და შულბშეკრული; ერთს ხოტბასა და ღირსებათა მთელს შლეიფს შევასხამდით, მეორეს კი ლაჩარსა `ყანტალას~ ვარქმევდით.

ეგ კი არა, თვით ჩვენი სახელოვანი კრიტიკოსი აკაკი ბაქრაძე ბრძანებს, რომ ღირსებას ეროვნული სახეც აქვსო. მე მესმის ამ ნათქვამის მიზანდასახულება გარკვეულ კონტექსტში, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ რიგის `ღირსება~ ნასესხები უნდა იყოს. ჩემგან დიდად პატივცემულ კრიტიკოსზე გამოქვეყნებული ერთი მოგონება მახსენდება, რომელიც მის თანაკლასელს იური ცენტერაძეს ეკუთვნის (იხ. გაზ. `კალმასობა~, 2002, ` 9): დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სკოლის მოწაფეები ლაითურის საბჭოთა მეუონეობაში წაგვიყვანესო სამუშაოდ, ასევე მიღებული პრაქტიკისდაკვალად, ბრიგადირს მისვლისთანავე გვარ-სახელი გამოუკითხავს ახალგაზრდებისთვის და ჯერი აკაკიზე რომ მიმდგარა, ბიგადირისთვის უპასუხნია,_ თარაშ ემხვარიო. კოლმეურნე კაცი ვერ მიმხვდარა მართლაც ამ სახელისა და გვარის მატარებელი იყო ეს ყმაწვილი თუ `მოეყურაო~, იგონებს ავტორი და ამიტომ შეკითხვა გაუმეორებია. _მე იმ გვარისა ვარ,ვისაც უკან დახევა არ სჩვევიაო და `თარაშივით არც მას დაუხევია მთელი ცხოვრება უკანო~,- წერს სიყვარულით გამთბარ სტრიქონს ბატონი აკაკის თანაკლასელი.

თავისთავად ეს ფაქტი იმის მიმანიშნებელიცაა, თუ რა გავლენა ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას და, ზოგადად, ქართულ მწერლობას ყმაწვილის სულზე. რა გასაკვირია, რომ არანაკლები გავლენა ექნებოდა მას ეთნიური აფხაზების ნაციონალურ პატივმოყვარეობაზე, რომლის გაღვივებაშიც ქართულ ლიტერატურას თავისი წვლილი მიუძღვის. `პატივმოყვარეობაზე~ რომ მივანიშნებ, მინდა დაგარწმუნოთ, ეს ცნება `თავმოყვარეობაში~ არ მერევა, რადგან ის ეთნოგრაფიული პატრიოტიზმი, რომელსაც ქართული ლიტერატურა მიმართავდა, ოდენ ფასადურ ანუ, როგორც უკვე ვთქვით, ნასესხებ სიამაყეს ნერგავდა. ვიმეორებ, გარკვეულ და სრულიად გასაგებ კონტექსტში იქნებ ამასაც ჰქონდა დატვირთვა და მნიშვნელობა, მაგრამ დღეს ამ ყველაფრის გახსნილად და კრიტიკულად შეფასება გვმართებს. სწორედ ახლა, როცა თავსმოხვეულმა თუ სულაც ქართული ბედოვლათობით გამოწვეულმა, ეთნოკონფლიქტებად სახელდებულმა კრიზისებმა დუღილის ტემპერატურას მიაღწია, ვითარების ოდნავ მცნობ მკითხველსაც კი არ გაუძნელდება იმაში დარწმუნება, თუ რა გულმოდგინებით მიმართავდა ქართული ლიტერატურა აფხაზური ეთნოსის ესთეტიზაციას მაშინ, როდესაც არანაკლები გულმოდგინებით იმავე ლიტერატურის ოს პერსორაჟებს ლამის ხთონური ძალების მოციქულებად სახავდა. რაკი კონკრეტულად თარაშ ემხვარი ვახსენეთ, `მთვარის მოტაცების~ შექმნის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებაც საგულისხმო უნდა იყოს, რადგან აფხაზური სეპარატიზმი სწორედ იმ ეპოქაში აღწევს საბედისწერო აღზევებას, რის შედეგად დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსსაც იძენს და ინარჩუნებს კიდეც 1931 წლამდე. სულ რაღაც სამიოდე წლის შემდეგ იწყებს კონსტანტინე გამსახურდია რომანზე მუშაობას.

ტექსტის შემდგომი `ცხოვრების~ ისტორიაც ნათელყოფს, რომ თხზულება ეპოქის შესატყვისი იდეოლოგიის ფაბრიკაციას ახდენს. უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ლიტერატურა ამ დროს იდეოლოგიური ტრანსფორმაციის სფეროდ გვევლინებოდა, რადგან ქართველ-აფხაზთა გამოკრისტალებული თანაცხოვრება ხალხთა მეგობრობის იდეის ჭრილში განიხილებოდა.
სხვა აფხაზი პერსონაჟებიც გავიხსენოთ, ერთგვარად საკრალიზებული და ცხოველმყოფელი ინდივიდუალობის მატარებელნი – უჯუშ ემხა, ჰაკი აძბა და, ბოლოს, აგერ, სულ ახლახანს, ჩვენს რეალობაში, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებულ განწყობილებებზე აღმოცენებული ტატაშ მარშანი _ დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობიდან. ყველანი თითქმის ეტალონური ტიპები არიან და, თუ გახსენებაა, ერთგვარად ინფერნალიზებულ, ქართული ლიტერატურის ოს პერსონაჟებსაც მიმოვავლოთ თვალი. ალექსანდრე ყაზბეგის ოს `კატებზე~-მახამეთებსა, ბეჩირებსა და თაფსირუყოებზე რომ აღარა ვთქვათ, ჯაყო ჯივაშვილიც იკმარებდა, ქვეგამხედვარობის ბეჭდით დამღადასმული ოსი ეროვნების ლიტერატურული პროტაგონისტები უზნეობის სიმბოლოებად რომ გამოგვეცხადებინა...
ღირსებას ეროვნული სახე აქვსო! ჩვენი ლიტერატურის მიხედვით, როგორც ჩანს, _ უღირსობასაც.
ძალიან კარგად მესმის, რომ კერძო კაცი საკუთარ წარმოდგენათა ტყვე შეიძლება აღმოჩნდეს; ვითარებათა გამო (ე.წ. იდეოლოგიური ბანგი), ერიც კი შეიძლება ამ ხაფანგში აღმოჩნდეს, მაგრამ მერე ამ ყველაფერზე რეფლექსირება თუ არ მოვახდინეთ, ან შოვინიზმის გაუნელებელ ცეცხლში მოვხვდებით ან მორჩილების მდორე მდინარე გაგვიყოლიებს. უკიდურესობათა ეს ამპლიტუდა მხოლოდ თვალდახუჭულ პატრიოტიზმსა კვებავს და ფრიად უხერხულ მეგზურად წარმოგვიდგება სხვა ერის წარმომადგენლის გულისაკენ მიმავალ გზაზე. ამ გზას ვერც მოფერებით გავიკვლევთ და ვერც გმობით.

ეს გზა ფხიზელ კაცს `გზად~ ექცევა, უნიადაგო რომანტიკოსს კი – ჩიხად. ერთი სიტყვით, კრიტიკული (ანალიტიკური ) პატრიოტიზმი ყველაზე კარგ გამოსავლად მესახება და, თუ ჩვენი ლიტერატურის ქრესტომათიულ პერსონაჟებსაც ამ წახნაგით განვიხილავთ, ვინძლო ახალი დროის ერთბაში შემოტევით გამოწვეული იდენტურობის კრიზისიდან თავი დავაღწიოთ... თუ ვერა – რაღაცა სახვალიო თვალსაწიერი მაინც მოვინიშნოთ. ყოველ შემთხვევაში, ლიტერატურულ მითოლოგიას მაინც დავუსხლტებით და, შავ-თეთრის გარდა, სხვა უთვალავ სხვა ფერსაც შევამჩნევთ. ვიღაცა მხოლოდ გმირი არ იქნება და ვიღაცა – მხოლოდ ლაჩარი. ანდა, ვინ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ ჩვენი ლიტერატურის ქრესტომათიული გმირებით, ზოგადად აფხაზ კაცზე წარმოდგენის სტერეოტიპს რომ ქმნიდნენ, რეალობა აღიწერებოდა! და თუ ეს ასე არ იყო, გამოდის, რომ ვიღაცას თავს ვუქონავდით.

იდეოლოგიური კატაკომბების აჩრდილები

ენა რატომ უნდა მომიბრუნდეს რომელიმე ერის კაცზე ცუდის სათქმელად, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ერი ეტალონური ტიპებისგან არ შეიძლება შედგებოდეს.

ვხვდები, რომ უტრირებას ვახდენ, მაგრამ იდეოლოგიის ამ კატაკომბებში ქართული ლიტერატურის აფხაზი გმირები მკითხველის ცნობიერებაში აფხაზის ზოგად მოდელს ხომ აყალიბებდა და აყალიბებდა, მაგრამ მერე ამ გავრცელებულ კლიშეს თავად სტატისტიკური აფხაზიც ეტოლებოდა, მოირგებდა,- ექსტრაპოლირებას ახდენდა მთელს ერზე და, საკუთარ სიამაყეში განმტკიცებული, აქეთ გვეყოყოჩებოდა. ლიტერატურული ფანტაზმები ოსებში, ალბათ, კნინობით კომპლექსებს აღვივებდა და რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ჩვენი მწერლობის მიერ შექმნილი მათი ეს პორტრეტი დღეს უკვე აქეთ მომართული აგრესიის წყაროდ? იმპერიული ჩაგვრისგან შეწუხებული კავკასიელი განსაკუთრებით მგრძნობიარე იყო მეზობლის მიმართ, რადგან სულ მუდამ აინტერესებდა, თუ ვინ შეიძლებოდა ეგულვებინა თავის გვერდით გაჭირვების ჟამს, რის საფრთხეც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეგულებოდა და, სწორედ ამიტომ, ხშირად საკუთარ თავზე ამაღლებული წარმოდგენები გულზე ნათელად ებჯინებოდა. დღესაც ასეა და ეს ქმნის სწორედ საკუთარი ეროვნულობისადმი გამძაფრებულ დამოკიდებულებას. სხვისა რა განვიკითხო, როცა ლერმონტოვის ნათქვამი- `ბეჟალი რობკიე გრუზინი~-ო, მე, პირადად, დღემდე მწიწკნის გულს და, ვიდრე ამ ფრაზას გონების თვალს არ გადავაფარებ ხოლმე, ვერა ვმშვიდდები. აბა, რატომ უნდა მოვითხოვო, რომ იმავე მანიპულაციას მიმართოს სხვამ, მით უმეტეს – მასამ. ჩვენი მენტალობის ძირითადი ჩამომყალიბებელი ¬- ¬¬ ¬ ტოტალიტარიზმი გულმოდგინედ ნერგავდა საკუთარ თარგზე მოდერნიზებულ სამყაროს, რომელიც ან შავი იყო ან თეთრი; ან ცაში ატყორცნილი და რომანტიზებული ან სრულად დამიწებული; ან მტერი ან მოყვარე – მორჩილი და `ორისავ მხლებელი~. ამგვარად წარმოდგენილი სამყარო უკიდურესობათა შორის ირყეოდა და, შავ-თეთრის გარდა, ფერთა სხვა გამას არ სცნობდა.

ასე აფორმატებდა იდეოლოგიური მანქანა მენტალურ სამყაროს, რაიც ადამიანებში სინამდვილის კრიტიკული აღქმის უნარს ადუნებდა და ეს ყველაფერი კი სათავეს უდებდა ერთა აპოკრიფულ ისტორიებს. ვიღაცა იდეოლოგიური ცერბერის მეხსიერებაში გაცოცხლებული ერთა ისტორია და წარსული ისე სხვაფერდებოდა და გარდაიქმნებოდა, რომ ბოლოს სრულიად პლასტიკური გვეჩვენებოდა და სუყველაფერი აწმყოსეულ ფორმას ერგებოდა. ამნაირ დარჯაკში გამობრძმედილი კლიშეების მიხედვით, ოსი ნამარდი იყო, აფხაზი კი -ჯომარდი. ლიტერატურაც ამ განწყობილების კატალოგიზაციას მიმართავდა, ხალხური მოარული წარმოდგენების კანონიზაციას ახდენდადა და შედეგად ის ფსიქო-სოციალური დრამა მივიღეთ, რომლის წინაშეც დღესა ვდგავართ.
ერთი სიტყვით, თუ კვლავ პირველსავე სიტყვას მივალთ და თვითშემეცნების პრობლემას მივუბრუნდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ნაციონალურ ტრადიციაში დამკვიდრებული თვითაღწერის რეჟიმი ფრიად და ფრიად გადასახედია, რადგან ამავე რკალში მოიაზრება ჩვენი ქვეყნის სხვა ეთნიური წარმომავლობის შვილებთან ურთიერთობის საკითხიც. კარგად მესმის, რომ ვერც უნაყოფო თვითგვემით მოვხიბლავთ ვინმეს, ვერც მოფერებით და თავის მოქონვით და გმობით ხომ _ მით უმეტეს, მაგრამ უფრო მეტი იმედგაცრუებით რომ არ უზრუნველვყოთ ჩვენი სამომავლო თანაცხოვრება, გაუცხოებულ მოყვრებს ის მაინც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისტორიის გუშინდელი ნამსხვრევებით კი არა, სამოქალაქო ნაციონალიზმის ჩამოყალიბებით ვაპირებთ ქვეყნის მშენებლობას.
მოძალებული პათეტიკის საშიშროება რომ ავიცილო, მოკლედ მოვჭრი და ვიტყვი, რომ ეს ჩვენეული რეფლექსიები მხოლოდ საკითხის დასმად და მიმართულების მონიშვნად უნდა მივიჩნიოთ და, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ იგი აუცილებლად იქცევა შემდეგი ნაბიჯის პირობად. ამგვარ ფიქრთა დინებასაც მხოლოდ ეს თუ გაამართლებს..