Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
პოეზია
პროზა
ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის

კარიბჭე-მოკლე დერეფანი



არც წამომყვება, აღარც გამიშვებს
ძიებისა და შიშის ომიდან,
სითბოს ნამცეცებს თითის ბალიშით
ცივ ბაგეებთან აქეთ მომიტანს.
ბედის გორგალში სურვილს ამირევს -
საგზლით რომ გზებად გამომეკვება.
და დამამშვიდებს - ქედის მაგიერ
ფიქრიან კაცის შუბლი ექნება.

ლელა სამნიაშვილი, "მინოტავრს".



კარიბჭე

ძალიან ბნელა.

რაც არ უნდა მიაჩვიო თვალი, მაინც ვერაფერს ხედავ. ძალიან კარგი, დაისვენებენ თვალები.
სიჩუმეა. როგორც არ უნდა გაირინდო და მიაყურადო, მაინც არაფერი ისმის. აღარაფერი გესმის, არც საკუთარი სუნთქვა, არც საკუთარი გულისცემა, ძალიან კარგი, დასვენებენ ყურები, გული, ფილტვები.
არც გშია და არც გწყურია. იმის წარმოდგენაც არ შეგიძლია როგორ ღეჭავ ლუკმას, ან საყლაპავ მილს როგორ ჩაგითუთქავს სასმელი.

ძალიან კარგი, კუჭიც დაისვენებს და ღვიძლიც.
არც ვნება შეგრჩა, არც სურვილი. შენს მეგობარსაც დაუკარგავს ზრდილობა და ფეხზე აღარ წამოდგება ლამაზი ქალის დანახვაზე. ეგეც ისვენებს.
არც ცივა, არც ცხელა. სხეული არც გიხურს, არც სიცივით გიწითლდება და გილურჯდება, არც ხორკლები გიჩნდება კანზე, არც ბუსუსებს გაყრის. ძალიან კარგი, დაისვენებს კანი და სხეული.


ყველა, ყველაფერი ისვენებს და შენ რაღა მოგივიდა, რა მოუსვენრობა აგიტყდა, რატომ გინდა ამდენი ხნის ნანატრ სიმყუდროვეს თავი დააღწიო და იქ შებრუნდე, საიდანაც თავდახსნაზე ოცნებაც არ შეგეძლო. რა გინდა მიტოვებულ, გაუქმებულ ალკატრასში, რომლის ინფანტილური და გამოლენჩებული დამთვალიერებლები მაინც ვერაფერს ხედავენ ნესტიანი კედლების და ჩაშავებული უნიტაზების გარდა.
რა გესაქმება წარსულთან ან მომავალთან, როდესაც არსებობს “ახლა”, არსებობს “ახლა კარგად ვარ”, არსებობს “ახლა კარგად ვარ და სულ ასე იქნება”.
დაისვენე. ნუ დაძვრები ბნელ ხვეულებში, ელექტრომაგნიტული იმპულსი ხარ, მეტი არაფერი, დამბლადაცემული ნეირონების უჯარო სარდალი.
უკვე აღარაფერი შეგიძლია. ყველა, ყველაფერი ისვენებს.

დაწყნარდი, შეეგუე. მოშორდი მაგ კარებს. არ გააღო, ნუ სულელობ, არ გააღო.
იდიოტი.



პირველი ოთახი


დისკეტის პლასტმასის გარსი გატეხა, ნახევრადგამჭვირვალე დისკი ამოიღო და დანით შუაზე გაჭრა. სათვალე მოიხსნა და მზეს გახედა, სინათლემ თვალები მოჭრა. ცალი თვალი მოჭუტა და დისკიდან გაიჭვრიტა, კარგად ჩანდა.


_ გამახედე რა, _ თხოვა გოგომ.
_ ჯერ ადრეა, ხუთ წუთში დაიწყება _ დისკის ნახევარი მიაწოდა.
ორივენი ჩუმად ისხდნენ, მზეს უმზერდნენ ცალი, მოჭუტული თვალით ნახევარდისკებს ამოფარებული.
მთელი ქალაქი მზეს უმზერდა.
_ შეხედე, ამდენი ადამიანი რომ უყურებს შერცხვა და გაწითლდა, _ თქვა გოგომ და გაიღიმა.
_ ხო, ამ პლასტმასიდან მართლა ასე ჩანს _ თქვა ბიჭმა, _ ახლა ალბათ არ იცის რა ქნას უხერხულობისგან, არ არის ადამიანებისგან ასეთი ყურადღებას მიჩვეული.
_ შენ რას იზამდი უცებ ყველა რომ შენსკენ შემობრუნებულიყო და მოგშტერებოდა? _ ჰკითხა გოგომ.


_ დამალვას შევეცდებოდი _ თქვა ბიჭმა.
_ გაბრი! შეხედე, შეხედე, ისიც ცდილობს, უკვე ცოტათი ამოეფარა! _ გოგო ბედნიერი იყო. პირველად უცქერდა მზის დაბნელებას.
ბიჭიც პირველად უცქერდა და გოგოზე ფიქრობდა. უკვე დიდი ხანია სხვაზე არაფერზე ფიქრი არ შეეძლო. ახლაც სულელური აზრი უტრიალებდა თავში, უნდოდა მოხვეოდა და ეკოცნა, მაგრამ არ შეეძლო, მათ შორის მზე და მთვარე იყვნენ ჩამდგარი, მადლობა ღმერთს _ ცოტა ხნით.
_ გაბრი, სულ ჩამობნელდება? _ გოგო ცოტათი შეცბა.


_ არ ვიცი, არა მგონია თქვა ბიჭმა.
არ ჩამობნელებულა. მზემ თითქოს სხივები აკრიფა, უცებ აგრილდა. ბიჭს გული მოეკუმშა და არ შემიმჩნია, გოგო ცოტა შეშინებული იყო, მაგრამ მზეს თვალს არ აცილებდა.
თითქოს გრავიტაციის მუდმივა შეიცვალა, ბიჭს სხეული დაუმძიმდა და ცივმა ოფლმა დაასხა, სუნთქვა უჭირდა. ირგვლივ ყველაფერი გაიცრიცა, შავ-თეთრ ფოტოსურათს დაემსგავსა. თვალები დახუჭა.


როცა გაახილა, მზე დაბრუნებული დახვდა, გოგო გამხიარულებული.
_ აუ, რა მაგარი იყო! კარგად დაინახე?
_ კი, _ თქვა ბიჭმა, _ მაგარი იყო.
_ იცი, ერთ მომენტში შემეშინდა, ერთხელაც რომ მოეფაროს თვალს და აღარ გამოჩნდეს, რა გვეშველება?
_ სად წავა.. თუ არ ამოვიდა, როგორც მამაჩემს მოვპარე დღეს მანქანა, ისე მოვპარავ ჰელიოსს, ნამდვილ მამას თავის ეტლს, ჩაგისვამ და გავაჭენებთ ცაში. ხო მაგარი იქნება? ფაეტონთან ერთად ფაეტონით...
_ კარგი რა.
_ რა იყო? _ გაეღიმა ბიჭს.


_ ვერ ვიტან ეგრე რომ ლაპარაკობ!
_ გავჩუმდები, ერთი პირობით _ ბიჭმა თვალი ჩაუკრა და ლოყა მიუშვირა.
გოგომ გაუღიმა, ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
მამადავითზე ბლომად ხალხი იყო. იმ დღეს ყველა შემაღლებული ადგილისკენ იწევდა, უნდოდათ მზესთან ახლოს ყოფილიყვნენ.
ეკლესიის შესასვლელთან ჩოჩქოლი ატყდა. ბიჭი და გოგო სკამიდან წამოდგნენ, ვაჟას საფლავის ლოდს ჩაუარეს და ინტერესით მიაჩერდნენ ცისფერთვალება, ქერათმიან უცხოელს, დაბნეულად რომ იყურებოდა და არ იცოდა სად წაეღო ფოტოაპარატი. მის წინ მაღალი, შავწვერიანი მღვდელი იდგა და გადაბმული წარბების ქვემოდან, როგორც გამოქვაბულიდან ზიზღით უცქერდა ფოტოხულიგანს.


_ გაბრი, რატომ არ შეუშვეს, გადაღებაა აკრძალული? შემეცოდა _ თქვა გოგომ, შემდეგ მღვდლის მზერას წააწყდა და ბიჭს შეშინებული მიეკრო.
_ არა, შორტებითაა და იმიტომ. ღვთის სახლში შორტებით როგორ შეუშვებდნენ.
ამ სიტყვების დასტურად ხანდაზმულმა შაოსანმა ქოქოლა მიაყარა უცხოელს:
_ გაიპარსე მაინც, შე უჯიშო, შენა!
_ წავიდეთ აქედან, _ თხოვა გოგომ.
_ წამო, ეკლესიაში შევიდეთ, _ თქვა ბიჭმა.
ეკლესიის შესასვლელთან პირჯვარი გადაიწერეს და შეთანხმებულებივით ერთად, მარჯვენა ფეხით გადააბიჯეს ზღურბლს.



მოკლე დერეფანი

რა მნიშვლობა აქვს პირველად ვინ ისროლა.

მთავარია, რომ გავარდა და იმ გასროლის შემდეგ რეზი და ნასყიდა პოლიტიკით დაინტერესდნენ.
აქამდე მათი ინტერესი მოსაწევს, გასაკეთებელს, მანქანას, ნაშებს და იარაღს არ გაცდენია. მოსაწევი ყოველთვის ქონდათ, გასაკეთებელი იშვიათად, მანქანასაც ხანდახან მოპარავდნენ ხოლმე საკუთარ ან სხვის მამებს, ნაშებში და იარაღში უჭირდათ. ბავშვები იყვნენ ჯერ, ჩვიდმეტი არ შესრულებოდათ.
_ გუშინ მორა იყო რუსთაველზე და ბეტეერის პულიმიოტის ტყვიები დაითრია _ თქვა ნასყიდამ.
_ ხო, მეორე დღეა ისვრიან და ჩვენ ჯერ არ გავსულვართ. ბიჭები იქ არიან, ვზროსლები, უბნელები, ჩემი ბიძაშვილია ჯაბასთან, ხო აზრზე ხართ, სანჩო.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


_ ქართველები ერთმანეთს ესვრიან _ მტერი დავამარცხეთ და ახლა ერთმანეთს დავერიეთ _ თქვა გაბრიმ.
_ აუ, არ გაუშვა ახლა ზვიადისტური ბაზარი. სიკვდილის მაინც არ ეშინია მაგის დედა ... _ რეზიმ პრეზიდენტს მშობელი მოუკითხა.
_ შენ არ იყავი ერთი კვირის წინ ჯერ ”ჩაუშესკუ, ჩაუშესკუს” და მერე ნახევარი საათის შემდეგ ”ზვიადი, ზვიადის” რომ ბღაოდი მიტინგებზე? _ თქვა გაბრიმ.
_ ნუ გაახურე რა, მაშინაც შენ პონტში წამოვედით, არ გავკარი მაგათ მიტინგებს? რიჟა ბაზარია, ძმაო, ახლა ომია და კაცის ადგილი ომშია, ხო ასეა ნასყიდ?
_ ომი არა, _აგდებულად თქვა გაბრიმ, _ ეგ სანჩომ გითხრა? შენი ბიძაშვილი მაგარი ბაევიკია, სამკილოიან ავტომატს როგორ ზიდავს, მაგრა მაინტერესებს. ბაიანს ვეღას იჭერს ხელში.


_ აუ, ახლა ამას დავარტყამ _ რეზი აიჭრა.
_ დავაი, ნუ ატრაკებთ, ახლა. _ გაბრი, წამო რა, არ გაინტერესებს რა ხდება?
_ხო, წავიდეთ, _ თქვა გაბრიმ და წავიდნენ.
სროლის ხმა საბურთალოზეც ისმოდა, აქა იქ ავარდნილი შავი კვამლის ბოლქვებიც ჩანდა, მაგრამ ახლოდან სულ სხვა იყო. უნიჭო რეჟისორის გადაღებულ კინოს გავდა ომზე. მეორე დღე იყო მთავრობის სასახლეს უშენდნენ ათასნაირი იარაღიდან და ირგვლივ ყველაფერი იწვოდა, ყველაფერი დანგრეული იყო მთავრობის სასახლის გარდა.
_ გერმანელების აშენებულია, _ თქვა ნასყიდამ.


შეუსვენებლად ისროდნენ. ტყვია-წამალს და ერთმანეთს არ ზოგავდნენ.
კინოთეატრ “რუსთაველის” გვერდით, ვიწრო ქუჩაზე ხალხი იყო შეკრებილი. სეირის მაყურებლები, ასაკოვანები, ინტელიგენტები, ქალებიც იყვნენ, ორი ვიდეოკამერაც. ბიჭები ხალხში გაძვრენ და კარგ სათვალთვალო ადგილზე აღმოჩდნენ. ხელისგულივით ჩანდა მთავრობის სასახლის წინა მოედანი. რამდენიმე დამწვარი მსუბუქი ავტომობილი, ერთი დაცხრილული “კრაზი” და ერთიც აალებული “ბეტეერი”.

ბეტეერის უკან ავტომატიანი ბიჭი ფართხალებდა, ჯინსის ქურთუკი ეცვა, თეთრი ბოტასები და ხაკისფერი შარვალი, მუცელში იყო დაჭრილი.
კიოდა და ფართხალებდა, მაგრამ არავინ მიშველებია, გაბრიმ თეთრხალათიანებს გახედა, რომლებიც იქვე იდგნენ და ნერვიულად ქაჩავდნენ სიგარეტს, საკაცე კედელზე მიეყუდებინათ.
ნასყიდამ შენობის კუთხიდან გაყო გაბურძგნული თავი და კინაღამ წააცალეს, თავზევით დაჩეხეს ტყვიებმა კედლის გრანიტი, ვინც ახლოს იდგა ინსტინქტურად უკან დაიხია და ამით ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიეს.
_რას გავს ეს, არც თვითონ უყურებთ, არც სხვას აყურებინებთ _ აჯუჯღუნდა ერთი და სხვებიც აყვნენ.
”ახლა ამათ შიგ არა აქვთ?” _ დავახვიეთ აქედან, _ თქვა გაბრიმ და გადააფურთხა.
ქუჩას ქვევით ჩამოყვნენ და რუსთაველის გამზირის პარალელურ ქუჩაზე შეუხვიეს. ავტომატიანები სახლებს და იტალიურ ეზოებს შესეოდნენ, ეტყობა მესამე წრეზე იყვნენ უკვე წასული, ბევრი ვერაფერი გამოქონდათ.


ქაშვეთის უკან გავიდნენ. ზევით ორი ქვემეხიდან უშენდნენ ათწუთიანი ინტერველებით _ უფრო სწაფად დატენვას ვერ ასწრებდნენ.
წვერებიანი, თავზე ხაკისფერბენდენაწაკრული მებრძოლი კამერის წინ პოზიორობდა, ჯერ ”აკაემის” მჭიდი მიაცალა პირველ სკოლას, მერე ტანკსაწინააღმეგო ხელის ნაღმტყორცხი გაიდო მხარზე, მთავრობის სასახლეს დაუმიზნა და სასხლეტს გამოკრა. რეაქტიული ნაღმი წივილით გავარდა, მაგრამ აფეთქების ხმა არ გაუგიათ, შინდისისკენ აფეთქდებოდა სადმე, კოჯრამდე ვერ მიაღწევდა.
ნასყიდა და რეზი ”ბეემპესთან” ნაცნობებს წააწყდნენ. ნასყიდა სახალისო ამბებს ყვებოდა და მეომრებს ართობდა, იმათ მოსაწევიც ქონდათ და დასალევიც. მერე ვიღაცა მოვარდა გინებით, ფორმიანი.

აქ რას აკეთებთო, ქაშვეთშიო, ზევით, სამრეკლოზე სნაიპერიაო, ზვიადისტებისო, უკვე სამი კაცი დაგვიბრიდაო, დავაი, აეყარეთო და მეომრები ზლაზვნით გავიდნენ სნაიპერის მოსახსნელად.
იმის გაგება, კიდევ რამდენი მებრძოლი მოკლა სნაიპერმა ბიჭებმა ვეღარ მოასწრეს.
ნასყიდა ”ბეემპეში” იყო შემძვრალი, უცებ ორი ავტომატი გამოათრია, ერთი კონდახიანი, მეორე მოკლე, ცოტა ხანს იფიქრა, მერე ადგილს მოწყდა და გაიქცა თავქუდმოგლეჯილი.
_ დავაი პლეტი, _ ამოიხავლა რეზიმ და ისიც გაიქცა.
სანამ მებრძოლები გონს მოვიდოდნენ, გაბრიმაც მოასწრო გაქცევა. ხუთას მეტრამდე ირბინეს სპრინტერებივით, მერე ნასყიდას კრუნჩხვები დაეწყო, ენა გადმოაგდო და ავტომატები ბიჭებს მიუგდო. გვარდიელები დედის გინებით მისდევდნენ.

ბიჭები იქვე ეზოში შეცვივდნენ. რეზი აივანზე ავარდა, მაგიდაზე მიკრობილი ჭუჭყიანი პოლიეთილენის გადასაფარებელი ააგლიჯა და ავტომატები გაახვია. გინება უკვე ძალიან ახლოდან ისმოდა, ბიჭები ეზოდან გამოვარდნენ და წამით მოასწრეს კუთხეში გახვევა, ავტომატის ჯერი მიყვათ უკან. რეზიმ ცოტაც გაირბინა, ერთი სადარბაზო რატომღაც გამოტოვა და შემდეგი სახლის სადარბაზოში შევარდა.
გაუმართლათ, სადარბაზოს უკანა კარიც ქონდა.




შიდა ეზო

დიდი, მოვლილი ეზოს შუაგულში ასწლოვანი სამეფო მაგნოლია დგას. ყველაზე ლამაზი და ყველაზე დიდი მარადმწვანე ხე საქართველოში, უზარმაზარ ეზოს ჩრდილავს.

ბავარიის პრინცმა აჩუქა ერთი ნერგი აფხაზ თავადს – როსტომ შერვაშიძეს და მეორე ბებიამისის ბაბუას _ მღვდელ იოანე ჩიხლაძეს.
სამი მაფიოზი ზის ეზოში, მაგნოლიის ჩეროში. მაფიის უგვირგვინო მეფე, კაპო დი ტუტი კაპი, ლაკი ლუჩიანო ბებიამისია - გუცა ჩიხლაძე. მისი ხელქვეითები – ალ კაპონე, ლუსია ბებია და ბაგსი სიგალი – ნონა ბებია პერიმეტრს აკონტროლებენ ლიბრგადაკრული ცოცხალი თვალებით _ მრავალმინუსიანი ლინზების მიღმა არაბუნებრივად დიდი თვალები უჩანთ. ჯოხები მომართული აქვთ. ეზოში ბავშვების ხმაური ისმის.
ძველი სახლის ცისფრად შეღებილ აივანზე ზის მოწნულ სავარძელში და სახლივით ძველი ბიბლიოთეკიდან აღებულ გაყვითლებულ ფურცლებიან წიგნს კითხულობს.

წიგნში საფრანგეთის რევოლუციის ამბებია მოთხრობილი.
ძველი წიგნებით და ჟურნალებით გამოტენილი უზარმაზარი კარადის გაღება მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია და გასაღებს ბანკის დირექტორივით უფრთხილდებიან.
გაბრი ამაყობს, რომ იონა ბაბუამ ბიბლიოთეკიდან წიგნების აღების უფლება მისცა, თუმცა სიმართლე რომ ითქვას მის გარდა სხვა არც დაინტერესებულა ამ ძველი წიგნებით. გაბრის უყვარს ძველი, გაცრეცილი, ჩაყვითლებულ-ჩანესტიანებული წიგნების სუნი და გემო. ის ამბებიც უყვარს ამ წიგნებიდან რომ იგებს. მისი თანატოლები შუადღის სიცხეს ხეების ჩრდილში აფარებენ თავს და ათასნაირ თამაშს იგონებენ, გაბრიც თამაშობდა, მაგრამ მალე მობეზრდა და ახლა წიგნის წაკითხვა ან ბაბუამისის მოყლილი ამბების მოსმენა ურჩევნია.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


იონა ბებიამისის ბიძაშვილია და ყველას ბაბუაა, უფროსებისაც.

ყველა დიდი რიდით ეპყრობა, ბავშვებს მისი ეშინიათ, გაბრი ვერ ხვდება რატომ. მაგნოლიის ამბავიც იონა ბაბუამ უამბო, კიდევ სხვა ბევრი საინტერესო ამბავი. გაბრიმ იცის, რომ იონა ბაბუა ოცი წელი ციხეში იჯდა, მაგრამ ციხის ამბებს არასდროს უყვება, არც გაბრი ეკითხება.
გაბრი იონა ბაბუას ოთახშიცაა ნამყოფი. ეს ამბავი არავისთვს გაუმხელია, მაინც არ დაუჯერებდნენ. ბაბუას საწოლის თავზე ძველი შაშხანა ეკიდა. გაბრი ისე მიაშტერდა თოფს, რომ ბოლოს ბაბუამ ჩამოხსნა და ახლოდან დაათვალიერებინა.


იონა ბაბუა ნაყაჩაღარი და ნახიშტარია. ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა. აჯანყების მეთაურები თავადები და კულაკები იყვნენ, ხალხის მტრები, აიყოლის პატარა ღლაპები, ჩაახოცინეს რუსებს და მერე გაიქცენ საფრანგეთში, დატოვეს სულელი მეთოფეები წითელი არმიის პირისპირ. იონა ბაბუა ათი წელი იყო ტყეში გასული და მერე ჩაბარდა მთავრობას. გაუმართლა, არ დახვრიტეს. მისი ერთი ძმა, სანიმუშო კომუნისტი და აგრონომი რეპრესიებს შეეწირა, მეორე ძმა სამამულო ომს. იონა ბაბუა ამ დროს ციხეში იყო, “ლაგერში”.

ამ ხნის განმავლობაში დიდ ოჯახს მოხუცებიან რძალ-ბავშვებიანად ბებიამისი პატრონობდა.
ეს ამბები გაბრიმ ბიძამისისგან იცის, ბიძია ძალიან ჭკვიანი და კეთილი კაცია. რაიკომის მდივანია და ყველას უყვარს, ყველა პატივს ცემს, საღამოობით შავ ვოლგას შემოაყენებს ხოლმე ეზოში, კაცებისთვის სასმელები მოაქვს, ბავშვებისთვის – ტკბილეული და ლიმონათი.
გაბრი მიხვდა, რომ უკვე თხუთმეტი წუთი ერთ წინადადებას ჩაშტერებოდა წიგნის გვერდზე, რომელიც იაკობინელების ტერორის ამბავს უამბობდა. თვალები მოაშორა წიგნს, თავი გაიქნია და ფიქრები მოიშორა, მაგრამ ერთი სურათი – კედელზე ჩამოკიდებული შაშხანა – ვერა.
ეზოდან დაუძახეს. ბებია ეძახდა.

წიგნი დადო და ეზოში ჩავიდა.
_ ჩემი ჭკვიანი ბიჭი, ბებია შემოგევლოს, დაგვალევინე ბებრებს კაი ცივი წყალი, წყაროზე ნუ ჩახვალ ბებო, ძალიან ცხელა, მაცივრიდან მოგვიტანე, ხო ბებია? _ ბებიამ გაუღიმა სამადსამკბილიანი კეთილი, ლამაზი ღიმილით.
_ მაფიის სიტყვა კანონია, _ თქვა ბიჭმა და ჩიკაგოს კლანის ლეიტენანტის ღირსებით დაუკრა თავი მოხუცებს, რითაც საერთო უკბილო სიცილ-ხითხითი გამოიწვია.
აივანზე ავიდა. სამზარეულომდე “ზალა” უნდა გაევლო. “ზალა” ორ ოთახში გადიოდა. მარჯვნივ სამზარეულო იყო, მარცხნივ იონა ბაბუას პატარა ოთახი.


ბიჭი შეჩერდა. უცებ გულისცემის აჩქარება იგრძნო, ცოტა ხანს იყოყმანა და მარცხენა ოთახის კარს მიაწვა. კარი დაკეტილი არ დახვდა.





ოთახი მარცხნივ

ღმერთო, ვიცი, რომ მისმენ, ღმერთო.
მაპატიე, რომ არასდროს არაფრისთვის მადლობა არ მითქვამს. არც არაფერი მითხოვია, არა, ხშირად არ მითხოვია.
მაპატიე, როცა მახსენდები, სულ კაიფში ვარ ხოლმე, იმდენი საფიქრალია, მაპატიე.

შენ ყველაფერი შეგიძლია. ამდენი დეგენერატის მოსმენა გიწევს და კარგ საქმეზეც არავის ახსენდები.
სადაც მივწვდი და მოვახერხე ყველა წმინდა წიგნი წავიკითხე, ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ გამომარჩიე და მინდოდა შენი არც ერთი სიტყვა არ გამომჩენოდა, ყველგან და ყველაფერში შენს ნიშანს ველოდი, ვეძებდი, ყველგან ვეძებდი, ყველაფერში. მერე ვხედავდი ხოლმე, ან მეგონა რომ ვხედავდი. მესმოდა ხოლმე, არა, ნამდვილად მესმოდა.
ვიცი, რომ ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია.
ჩემი სისუსტის, ჩემი შიშის.


არც რწმენაში ვარ ძლიერი, არც საქმეში. ვიცი, რომ შენ ვერაფერს დაგიშავებ ისიც ვიცი, რომ გიყვარვარ და რატომ...
აღარ შემიძლია. მე კი არა ძველები ვერ უძლებდნენ, ანტიკურები, ნახევრადღემთები.
მე ჩემი ნევროზისთვის ვერ გამიძლია, შენს გამოცდებს როგორ გავუძლებ! აბა, რომელი იობი მე ვარ? იობ ივო..
ღმერთო, მოდი ვთქვათ რომ სიზმარია, მოდი ვთქვათ, რომ ხვალ გავიღვიძებ გაოფლლილი, გულამოვარდნილი, გვერდით მეყოლება, შეშინებული შემომხედავს და მკითხავს რა მოგივიდაო, მე კიდე ვეტყვი, რომ იდიოტური სიზმარი ვნახე და არაფერსაც არ მოვუყვები და მერე..
ღმერთო, საშინლად იტანჯება, შენ ხომ ხედავ, რა დღეშია, ტკივილზე უარესი უიმედობაა, გავრეკეთ, ღმერთო ყველამ გავრეკეთ, ექიმები და ექიმბაშები აღარ გვეკარებიან და დედამისმა ვიღაც ნაგიჟრები გაჩითა, მგონი სატანისტები არიან, რაღაც რიტუალებს აწყობენ, გამარეკინეს, ისეთებს მღერიან! რაღაცეებს ასმევენ, რაღაც სისაძაგლეების ნახარშებს, ისეთი სუნი აქვს, ას მეტრაში წაგაქცევს.

აღარ შემიძლია, ვერც ვუყურებ და ვერც ვშორდები, ყოვედღე ვკვდები და დილით მაინც ვიღვიძებ, რატომ? რატომ?
ვიცი, რომ უბრალოდ უნდა დავდგე ხატის წინ და ვილოცო, ყველანი, დედამისიც, მამამისიც, მაგის ძმაც, ჩემებიც, ყველანი, მთელი თბილისი უნდა დავდგეთ ხატის წინ და უნდა ვილოცოთ და შეგევედროთ, ვილოცო და შეგავედრო, მეტი არაფერი შეიძლება, მაგრამ არც ეგ შემიძლია და მომკალი..
მოდი რა, მოდი ვთქვათ, რომ დავიძინებ და ხვალ მარტო ის გაიღვიძებს, ჯანმრთელი, ვიცი, რომ ძალიან გაუჭირდება, ვიცი, რომ ცხოვრება აღარ მოუნდება, მაგრამ სიცოხლე უყვარს და გაუძლებს, ეგ უფრო გაუძლეს, ღმერთო, სიცოცხლე უყვარს და შეიძლება ბედნიერიც იყოს, მართლა შეიძლება, მოდი, ასე იყოს რა!
ღმერთო, მომისმინე, მე ხო გიჟი ვარ, მე ხო ბევრის გამწარება შემიძლია, ცოცხალს თუ დამტოვებ და სიცოცხლის აზრს წამართმევ, ძალიან ბევრს გავამწარებ, სულ უცოდველ სულებს გამოგიგზავნი ხოლმე, გადანომრილებს, ისეთთებს ვიზამ, შენც რო გაგიკვირდება!
მაპატიე, არ ვიცი რაებს ვბოდავ.
დაიღალა, ძალიან დაიღალა, ღმერთო, როგორ არ გეცოდება? არ არის ერთი ანგელოზის ადგილი მაინც ამ დამპალ მიწაზე? თუ არ არის, რისთვის გამომიგზავნე, რას გვერჩოდი. ან ჩვენ რას გვერჩოდი, ან მაგის უბედურ მშობლებს, წესიერი და კეთილი ხალხია, რა დავაშავეთ, გეკითხები რა დავაშავეთ და ვინ დააშავა ის მაინც ვიცოდე, რომ ან იმის სისხლი დავლიო, ან იმის ძვლები ამოვთხარო?!
ღმერთო, მე მჯერა სასწაულების, მართლა მჯერა, შენ უკეთ იცი, როგორ უნდა იყოს, როგორც იცი ისე მოაწყე, ოღონდ ეგ ერთი რა, ეგ ერთი სასწაული ჩვენთვის, ვიცი, რომ არაფრით დამიმსახურებია, მაგრამ იმისთვის რა, ის ხო ანგელოზია, სულ ბავშვია, ახლა ამ გვირაბში გავივლი და ბოლოში ის დამხვდება, შენი სასწაული, ჩემი სასწაული, ღმერთო!




გვირაბის ბოლო

პალატაში ოთხი პაციენტია და კიდევ ბლომად ხალხი _ ახლობლები.
ფანჯრის მხარეს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უფროსი წევს, პოლკოვნიკი, კუჭის გახეთქვის გამო გაჭრილი და შეკერილი, მის წინ თეთრი არწივის ბრიგადის შვიდკაციანი ბატალიონის უფროსი, შავგვრემანი, ქართლელი ბიჭი, რომელიც აპენდიციტის შეტევით მოიყვანეს და სწრაფად მოიკეთა ოპერაციის შემდეგ.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


კარების მხარესაც ორნი არიან. არტილერისტს თიაქარი აწუხებს, ტრიკი აქვს ჩამოვარდნილი, როგორც ძველად იტყოდნენ.

არტილერისტი ლამაზი ბიჭია, მის საწოლთან გოგოები მორიგეობენ. ოპერაციისთვის ამზადებენ და ბოლო დროს ცოტას ლაპარაკობს, ნერვიულობს.
მეოთხე პაციენტი, უსახელო ჯარისკაცი, ერთადერთია პალატაში, რომელიც აქ ცხელი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობით მოიყვანეს. ბეჭში მოხვედრილი ტყვია მარჯვენა ფილტვს აცდა და ლავიწთან გამოფლითა რბილი ქსოვილი. თვე გავიდა იმის შემდეგ.
თავს ნორმალურად გრძნობს, ყოველ შემთხვევაში ასე ეუბნება წვერებიან, ახალგაზრდა ექიმს, რომელიც მის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს.
როცა ახერხებს, მშობლებს და ოჯახის წევრებს დასასვენებლად გაყრის ხოლმე და ამ დროს დაბარებულივით ამოდიან ძმაკაცები, თან მოსაწევი, დასალევი და ხალისი მოაქვთ.


ახლაც აქ არიან. პაატა მის საწოლთან ზის სკამზე და ქალაქის ჭორებს უყვება, ძირითადად საკუთარ სასიყვარულო შარებს. თან შიგადაშიგ გახედავს არტილერისტის გოგოს და თვალს ჩაუკრავს ხოლმე დაჭრილს.
რეზი და ნიკუშა მეზენიტე პოლკოვნიკს და შავგვრემან თეთრ არწივს ჩაუძმაკაცდნენ, ამბებს აყოლინებენ, ომის ამბებს, თვითონაც ყვებიან.
_ გადამრიეს კაცი, სამი ბატარეა დავაკომპლექტეთ და სულ ოთხი საზენიტო პულიმიოტი მოგვცეს, ტყვიებიც ჩემი საჩალიჩოO გახდა, კრასნოდარიდან ჩამოვატანიე ახლობელს, მარა ვის გინდა რო ესროლო? ერთნაირი თვითმფრინავები გვყავს ჩვენც და აფხაზებსაც, სუები. მიგები არც მაგათ ყავთ, რუსეთიდან მოფრინავდნენ ხოლმე, მაგრამ იშვიათად.
_ აბა როგორ არჩევდით? _ კითხულობს რეზი.


_ რას ვარჩევდით. მაგათ თვითმფრინავს ფრთაზე და კუდზე ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი ახატია, ჩვენსას კიდე შვიდქიმიანი და შინდისფერი, მიდი და გაქანებულ ისტრიბიტელზე ქიმები ითვალე, თანაც ჩვენები ძირითადად ჩვენივე პოზიციებს ბომბავენ. შტაბში ვეხვეწე, მეთქი ერთი დურბინდი მაინც მოგვეცით, რო ვარსკვლავს შევხედოთ და ჩვენებს არ ვესროლოთ, მარა არ მოგცეს, ვინც გადმოიფრენს, ესროლეთო, მაგ ზენიტკებით ტყემლის მეტს მაინც ვერაფერს ჩამოყრითო, გვეკაიფებიან შობელძაღლები _ პოლკოვნიკი გაცხარდა და ნიკუშა მის დამშვიდებას ცდილობს.
_ხო, მაგარი ბესპრიდელია, იმათ ხო ვაგინებთ, არა? მარა ჩვენებიდანაც რამდენი საყაჩაღოდ და წამლისთვის იყო მარტო წასული. არა, ძმაო მე კი არ ვამბობ, რო როცა გეომებიან, შენ ბალეტი უნდა ეცეკვო ან ყვავილები ესროლო, ომია და ტრაფეიც არი, მარა ბიჭები იხოცებიან, ჩვენი ძმები და იმენა ვინც იქ პრასტოი ვიგოდაზე წავიდა იმათ დედებს შევეცი, ასე არ არის, ძმაო? – ნიკუშა შავგვრემან თეთრ არწივს მიმართავს, რომელმაც წაუყრუა და პასუხის ღირსად არ ჩათვალა.
არწივს თავისი საფიქრალი აქვს, მანქანებზე ფირქობს. 09-ის და ნივას გაყიდვა მოასწრო, მერე ამ ოხერმა ბრმა ნაწლავმა ჩააწვინა და ახლა ორი ჟიგულის ამბავი აფიქრებს, ცეკავშირის გარაჟში დააყენა, მაგრამ მხედრიონელებმა მაინც დაადგეს თვალი.


ნიკუშას ცდუნებას ვერ უძლებს და საკუთარ თავგადასავლებს ყვება.
დაჭრილი უფრო პაატას უსმენს, ვიდრე ნიკუშას, სანამ საკუთარ სახელს არ გაიგონებს.
_ საწაულათ გადარჩენილები ვართ, სამი დღის უძინარი, მშივრები. ძლივს გამოვასწარით ოჩამჩირიდან, იმენა სულ ბოლო იყო ჩვენი კალონა. სენეკთან ერთი დივიზია ხალხი უყენია ქობალიას გზაზე და იასნია ჩავაბარეთ იარაღი. თან რო ვთქვა, არ აბიჟნიკობენ, ამბობდნენ, რო ზევით დაიასნებულია ყველაფერი, ჩვენ კიდე ვფიქრობთ, რო დროზე სახლში მივიდეთ და დავისვენოთ, ტრანსპორტს არ გვართმევენ, დაჟე ბენზინს გვისხამენ, ვისაც ჭირდება. ფორმა ხო ყველას გვაცვია, სუ თაზა ფორმები დაგვირიგეს იპოდრომზე, სანამ ოჩამჩირეში გადაგვაფრენდნენ ვერტალიოტების დესანტით უკვე ჩაბარებულ ტერიტორიაზე.


კაროჩე ეს ფორმა ისე გვაცვია, აი, პოლის ჯოხს რო ჩააცვა რა, მარა გაბრის იმენა მაგრა უხდება _ ნიკუშამ დაჭრილისკენ ანიშნა _ ბაევიკს გავს, შეხედავ, ჯერ დაგევასება, მერე შეგეშინდება, _ პალატა სიცილი-ხითხითით ივსება, რეზი კანაფით დატენილი სიგარეტის კვამლს ხმაურით ისრუტავს და მოკიდებულ სიგარეტს ტრიკიანს აწვდის, ისიც არტყამს ხმაურიან ნაფაზს, ახველებს, და რეზის უბრუნებს _ ხოდა ეს რემბო დგას, თავზე ბენდენა, რეიბანები, ხელში კალაში, ჟილეტზე სამი აბოიმა, ლიმონკები აქეთ-იქეთ. ყველამ ჩავაბარეთ ავტომატები და ბოლოს ამასთან მიდის ქობალიას გვარდიელი, წიე, მარგალი კოჩი. “მომეცი შენ ახლა შენი ავტომატი, მაგალითად” ეუბნება, ამან კიდე წადი შენიო უთხრა, გვერდზე გადააფურთხა, სიგარეტი უჭირავს ხელში, ხოდა ჟილეტის ჯიბიდან ზაჟიგალკას იღებს და ზურგით ტრიალდება, ქარს რო ზურგი შეაქციოს და მოუკიდოს, მარა იმ გამოყლეებულმა გვარდიელმა რაღაც ცუდი ისქესა და მიუშვა ეგრევე ბეჭებში. კაროჩე, მაგარი ამბავი აიწია, ეგრევე მოვარდა ერთი მაიორი, იმ გვარდიელს შედგა, მეგრულად აგინებს, სკან დიდა და რამე, მერე ერთი გაუქანა, ამას ეგრევე პერევიაზკა და წამალიც დაარტყეს, ისე რო ეს გონზე არ არი. მერე გაჩითეს ვილისი, მე და რეზი ჩავუჯექით და სამტრედიაში ჩაგვიყვანეს, იქ ჩვენები დაგვხვდნენ, მხედიონელები და იმათი ნივით გამოვგაზეთ თბილისში. რიკოთზე გვირაბიდან გამოვდვართ და ეს აზრზე მოვიდა, თვალები გაახილა და გვიყურებს, ჩვენ მაგარი გაგვიხარდა, გვგონია, რო თბილისამდე ვერ ჩავასწრებთ, იმენა გაშავებულია და ძლივს სუნთქავს, მარა მამენტალნა მოვიდა აზრზე და რეზის ეკითხება ჩემი ავტმატი სად არისო.
_ ავტომატიო, _ პალატა სიცილით ჩაბჟირდა, ტრიკიანი იხვეწება ნუ მაცინებთო, არ შეიძლებაო, თან სასთუმალთან მიყუდებულ “კალაშნიკოვს” უყურებს და ხროტინებს.


ჯარისკაცი ბრაზდება. “უნიჭო თეატრალები! ყველა ვიღაცის როლს თამაშობს, ნებისმიერ როლზე თანახმაა, რასაც ცინიკოსი რეჟისორი მიუგდებს ძველი და გაჟიმული სახელი რომ ქვია – “ქალაქი”.
შეუძლიათ იყვნენ ქურდები, ახვრები, ყაჩაღები, კაცისმკვლელები, ან უბრალოდ წინასწარ გამოცხადებული ლაჩრები, გენეტალიების სახელობის იარლიყარტყმულები, ბოზები, ოღონდ საკუთარი თავი არ გასცენ, ოღონდ ღმერთი არ გაუწყრეთ და საკუთარი ადამიანობა, იგივე საკუთარი სისუსტე არ გამოაჩინონ. ამის დედას შევეცი და კიდე თვითგადარჩენის ინსტინქტის!”
ამ ყველაფერს საკუთარ ძმებზე და საკუთარ თავზე ფიქრობს და სინდისი ქენჯნის.
დილიდან გადაწყვიტა _ დღეს უნდა ადგეს. თვეზე მეტია წევს. ბიჭებს ისტუმრებს და პაატას თხოვს დარჩენას, მარტო ვერ გაივლის.

ექიმმა აუკრძალა, მაგრამ დღეს რომ არ ადგეს გაგიჟდება, ისედაც ბევრი არაფერი უკლია სიგიჟეს.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


ჯერ საწლზე წამოჯდება, პაატას დახმარებით. თანაპალატელები გაოცებული თვალებით მიჩერებიან, მაგრამ ხმას არავინ იღებს.
ფეხი უნდა აიდგას, კიდევ ერთხელ.
თავბრუ ესხმის და გულისრევის შეგრძნება ჯერ მუცელში დაუვლის, მერე საყლაპავ მილში ამოსრიალდება პითონივით. ამოაბოყინებს და ისევ უბრუნდება სუნთქვის უნარი. ფეხები უცახცახებს.

ყველა კუნთს და ხერხემლის ყველა მალას გრძნობს, ცოტაც და გონებას დაკარგავს, მაგრამ პაატა შეუდგება მხარში. “ვდგავარ?” – გაოცებული კითხულობს.
_ხო, ჯონ სილვერივით _ ეხუმრება პაატა.
_გავიდეთ.
_სად უნდა გავდეთ, ხო არ გარეკე, ექიმმა რო დაგვინახოს, დაგვბრიდავს!
_გავიდეთ, მეფსია, _ გაბრი მშვიდად ამბობს და პაატაც აღარ ეწინააღმდეგება, არც ბუზღუნებს, კუს ნაბიჯებით მიდიან დერეფანში.
_ძაან გაბურძგნული ვარ? _ გაბრი ერთი თვის დაუბანელია.
_ კი, ყვავის ბუდესავით გაქვს თმები.


_ წვერი ხო მიხდება?
პაატა შეხედავს და მოკლედ მოუჭრის:
_ არა.
_ წადი შენი.
ტუალეტში სარკეში იყურება და საკუთარ თავს ვერ ცნობს. კანი გაყვითებული აქვს, წვერებიან ჩონჩხს გავს, “წვერცანცარა მხიარული როჯერი, დოშაზე დასახატი სიფათი მაქვს”.
ტუალეტის კაბინასთან პაატა დაბნეული სახით უყურებს.
_ ჰა, გადავაფსათ ვახტანგურად? რას მიყურებ, შეჩემა, გამიღე კარები და დამელოდე, დაგიკაკუნებ რო მოვრჩები.
_ არ ჩავარდე.


_ ჩავვარდე, თორე პირველად ჩავვარდები. ისედაც ყელამდე არ ვართ?
_ წადი, შე ჩეჩმის ფილოსოფოსო, ფრთხილად იყავი, _ ამხნევებს პაატა.
კაბინის კარს აღებს და გაჭირვებით დგამს ნაბიჯს. გრძნობს, რომ ძნელი და მომქანცველი გზა დასრულდა, წინ ჩიხია.







ჩიხი

მომცრო ხეზე ყვითელი ჭავლი მიუშვა. ხეა თუ ბუჩქია? მანდარინის ხე.. ვერ იხსენებს, მანდარინის ბუჩქი...

ვერც ეს გაიხსენა. ხელები უკანკალებს. კარგია, როცა ფერთხავ, მაგრამ როცა ღილების შეკვრას ცდილობ...
დიდხანს ცდილობს აცახცახებული თითებით მომწვანო-ხაკისფერი შარვლის ღილების შეკვრას და ბოლო ორ ღილზე ხელს ჩაიქნევს. ავტომატის მოკლე ჯერების ხმა ისმის შორიდან. ამ სოფელშიც იქნებიან, ყველგან არიან, ჰაერი, რა კარგია ჰაერია და არ მყოფნის. ოჯახის ახლობელი ექიმის სიტყვები ახსენდება, ”ნევროზი, ჰაერის უკმარისობა, ვალოსედი, რიბოქსინი, სუფთა ჰაერი, ვარჯიში”.

ღვინო, დუდუკი, ქალები, მანდარინი, კალაში. ავტომატს დენთის სუნი უდის, დენთს გოგირდის _ კანალიზაციის გულისამრევი სუნი. ომის სუნი.
ბიჭები სად არიან, ერთად მოვრბოდით. ნახევარი საათია მანდარინის ბაღში იმალება, მაგრამ გული მაინც ამოვარდნილი აქვს, პირდაღებული ღრმად სუნთქავს.
ვერტმფრენებით გადმოსმული დესანტი მოწინააღმდეგეს გადააწყდა, ჩამოსხმიდან ნახევარ საათში ოცმეთაური და სამი მებრძოლი მოკლეს. ბიჭები მოკლულებს და დაჭრილებს მოათრევდნენ და გარბოდნენ, თვითონაც არ იცოდნენ საით, ინსტინქტურად იმ მხარეს, საიდანაც სროლა ნაკლებად ისმოდა.


იცოდნენ, რომ სადღაც ჩვენებიც უნდა ყოფილიყვნენ, ისიც იცოდნენ, რომელ სოფლებში, მაგრამ არ იცოდნენ, რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ და კიდევ არ იცოდნენ, რომ ჩვენები უკვე ყველა პოზიციიდან გარბოდნენ.
ეს არ იყო ომი. არც ომობანა, ომობანას დროს ორივე მხარეს აქვს სტრატეგია და მიზანი.
ჩაგვხოცავენ აქ, თუ უკვე ჩახოცილები არ ვართ. ცოცხალი არ უნდა დამიჭირონ, პაკრიშკას აცვამენ თავზე და ცეცლს უკიდებენ, თქვენი დედები მოვტყან, ბოზებო! ნასყიდა მკვდარი იყო, კუსას გივიკო და ნიკუშა მოათრევდნენ რიგრიგობობით.
გავაღწევ, გავაღწევთ, არ უნდა შემეშინდეს, ცუდზე არ უნდა ვიფიქრო. რატომ აქვს ნიანგს წითელი თვალები? პამიდვრებში რომ კარგად დაიმალოს, მეც წითელი მაქვს, ალბათ.


ბლიად, რატომ ყვითელი არ მაქვს! პირი გაუშრა. მანდარინი მოწყვიტა და კანიანად ჩაიტენა პირში.
როცა ეგონათ სამშვიდობოს იყვნენ გამოსული, სნაიპერს გადააწყდნენ, მერე მთას ესროდნენ, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. გაიფანტნენ
ბიჭები უნდა მოვძებნო, ვინც გადარჩა. ვინც ვერა, ისინიც. უნდა გავაღწიოთ, ყველამ, ცოცხლებმაც და მკდრებმაც. თვალზე ცრემლი მოადგა, ყელში გაეჩხირა ბოღმა და უილაჯობა, მერე გული ამოუჯდა, ცოტა ხანს იქვითინა, ჩუმად.

ცოტათი მოეშვა გულს, სუნთქვაც აღარ უჭირდა ისე ძალიან.
დაღამდება მალე, ხუი ივო ზნაიტ სიბნელეში ჯობია სიარული თუ სინათლეში, უნდა გავიდე აქედან. ავტომატი მოიმარჯვა, ათიოდე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა. გული ისევ ამოუვარდა, ელდისაგან საფეთქლები კინაღამ დაუსკდა და პირში საძაგელი, სპილენძის გემო ჩაუდგა. მისგან ათ ნაბიჯში შუა ხნის კაცი იდგა. შევერცხლილი წვერ-ულვაში ქონდა და მოჭუტული, დაღლილი თვალები. პირველად ეს მოხდვა თვალში და მერე მისკენ მიშვერილი ავტომატი.

აფხაზი იყო, ან ჩეჩენი, ქართველი არ იყო, ამას უცებ მიხვდა.
რო მესვრის მერე თუ მოვასწრებ გასროლას, ჩვეულებისამებრ ძალიან სწრაფად ფიქრობდა, საფრთხის მოლოდინი გაცილებით საშიშია, ვიდრე საფრთხე, რომელსაც თვალებში უყურებ, ალბათ ისიც ამას ფიქრობს, ორივენი მოვასწრებთ, იასნია, ორივენი მოვასწრებთ. ავტომატს არ უნდა ვუყურო, თვალებში, თვალებში. ჭარმაგი დაღლილი თვალებით უყურებდა მწვანე ჯარისკაცს, აცახცახებული ხელით ავტომატს რომ უმიზნებდა. მერე ძალიან ნელა, ფრთხილი მოძრაობით ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. ახალგაზრდამ ასლის სიზუსტით გაიმეორა ჭარმაგის მოძრაობა, შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი და გაჩერდნენ. ცოტა ხანს უყურეს ერთმანეთს თვალებში და გააგრძელეს უკუსვლა.

მერე შეთანხმებულებივით შებრუნდნენ და ერთმანეთს ზურგი შეაქციეს.
ზურგში არ მესვრის ნაბიჯს აუჩქარა და უცებ:
_ვარა! _ ჭარმაგი ეძახდა, სწრაფად შებრუნდა, აფხაზს ავტომატი დაშვებული ქონდა.
გამშრალი უყურებდა მამის ასაკის მეომარს. მერე აფხაზმა გაუღიმასავით და გამოსძახა:
_ მი ნე ვინავატი, ვარა! ეტატ ვაშ ედიკ ვა ვსიომ ვინავატ!
იმდენი შენ შეგეცი-ს გაფიქრებაც ვერ მოასწრო და გასროლა კი არ გაიგონა, დაინახა:
დაინახა როგორ გადავარდა უკან აფხაზი და როგორ გამოასხა სისხლმა საძილე არტერიიან, პატარა შადრევანივით ჭავლმა.
გასროლას გივიკო მოყვა. გივიკოს დანარჩენები. გივიკო გვამთან მივიდა, ფეხი წაკრა და გაბრის მოუბრუნდა.


¬_ რატო არ ესროლე? საქმე გაურჩიე და დობრათ დაშორდით?
გაბრიმ არაფერი უპასუხა.
_დავაი, წავიდეთ, ამას შენ მოიკიდებ, დასვენებული ხარ – გივიკომ კუსასკენ მიუთითა. კუსა გაშავებული იყო და არ სუნთქავდა _ ჩვენების კალონა ტრასაზე ჩამოივლის, აქედან ორი კილომეტრია.
_ რა იცი? _ გაუკვირდა გაბრის.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


_ ნიკუშა ჩვენებს ებაზრა რაციით.
_ მაგან ხო რაციის ჩართვაც არ იცის. _ რადისტი მკვდარი იყო.


_ ხო, ჩავრთეთ და შემთხვევით გავარტყით სიხშირე.
ერთ საათში გზაზე გავიდნენ. ცოცხლები და მკვდრები.




გზა

ჭკვიანების როლს ყველაზე მონდომებით გიჟები თამაშობენ. ამ მომდომების და გიჟურად ვირტუოზული თამაშის გამო ხალხს გიჟები ყველაზე ჭკვიანები ჰგონია, განსხვავებით ძალად თავმოგიჟიანებული ადამიანებისგან, რომლებსაც ნიჭიერებს და გენიოსებსაც უწოდებენ.
ზოგჯერ გიჟებს ბეზრდებათ როლის თამაში, ან უბრალოდ მუდმივ დაძაბულობას და შეუსვენებელ თამაშს ვერ უძლებენ.
ასეთ დროს გიჟებს ამწყვდევენ, იმისთვის, რომ სრული თავისუფლება მიანიჭონ.


ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ბავშვობაში მიხვდა და სანამ ძალით გამოამწყვდევდნენ, როგორც ცხენთავა ჯონათან სვიფტს ან მისტიკოს მეოცნებე ჰოლდერლინს, თვითონ აიშენა პატარა სენაკი, გიჟი მეგობრების ფოლიანტებისგან და შედარებით მომცრო ტომებისგან ამოიყვანა თავისი მიუდგომელი ციხესიმაგრის სამი კედელი, მაგრამ მეოთხეს ამოყვანა ვერ მოასწრო.
ვეღარ მოასწრო თავისი მარადიული მასწავლებლების და მეგობრების გარემოცვაში გარიდებოდა ყველაფერ იმას, რისი დანახვის და შეცნობის წინათგრძნობითაც დააჯილდოვეს ზევიდან ძალიან საეჭვო ვითარებაში და გაუგებარი დამსახურებებისთვის.
ვერ მოასწრო ასკეტივით სენაკში გამოკეტვა და მისდაუნებურად ლაბირინთში აღმოჩნდა გამომწყვდეული.
მერე თოფი გავარდა.
სანამ რუსთაველზე ძმა ძმას და ბიძაშვილი ბიძაშვილს ესროდა, მანამდე, კარგა ხნით ადრე ბაბუამისის ოთახში გავარდა.
კედელზე ჩამოკიდებული თოფიც ისვრის ადრე თუ გვიან და მით უმეტეს კედლიდან ჩამოხსნილი და კარადის სარკეში, საკუთარი გამოსახულებისთვის დამიზნებული.
თოფი გავარდა და სარკის მინასთან ერთად იმდენი რამე დაამსხვრია, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა ეცხოვრა, თან უნდა მოენდომებინა, ძალიან უნდა მოენდომებინა, ამ ნამსხვრევებისგან ხელახლა რომ შეეკოწიწებინა ის, რასაც თავმოყვარე ადამიანი სინდისის ქენჯნის გარეშე დაარქმევდა სიცოცხლეს.


მოინდომა.
ბევრჯერ დაძლია არყოფნის სურვილი.
ბევრი იხეტიალა ლაბირინთში და ბოლოს გზამ საწყის წერტილთან მიიყვანა – ცარიელ ფურცელთან.
ნოუთბუქის ეჯრანზე კურსორი ხან გარბოდა, ხან ჩერდებოდა, ცოტა ხნით. ჯერ სათაური დაბეჭდა:
ერთი ერთი და კიდევ ერთი გვერდი გამოფზილებაზე მეოცნებე გაბრი დ’ოლჩინის ცხოვრების წიგნიდან.
შენდეგ სასეირო, გამოგონლი ეპიგრაფი _ ინგლისელი მათემატიკოსის ჯორჯ ბულისა და მისი მომწერლო ქალიშვილის _ ეტელ ლილიან ვოინიჩის ვირტუალური გადაძახილი.
გამხიარულდა.


სავსე საფერფლეში ნახევრად მოწეული სიგარეტი ჩაჭყლიტა და მიხვდა, რომ პიესას წერდა.
წერის დროს ლაბირინთის სამი ოთახი გაიარა, რომლებსაც ლოგიკური მოქმედებების სახელები ერქვა: კონიუნქცია, დიზიუნქცია და უარყოფა. ყველაზე მარტივ აქსიომატურ სივრცეში ჩაკეტილი მოქმედებებით უფრო ადვილი იყო ლაბირინთში ხეტიალი.
ოთახიდან ოთახში თითეული გადასვლა აუტანელი ტკივილის ნაცვლად ყრუ ტკივილს აყენებდა, რაც დიდი შვება იყო აუტანელი ტკივილის შემდეგ.
თითქოს არაფერ შეცვლილა. ისევ ძველებურად იყო ლაბირინთში გამომწყვდეული, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ ეს გრანდიოზული შენობა სპეციალურად მისთვის ააგეს. ის იყო ლაბირინთის ერთადერთი პატრონი.


წერა ისევე სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც კითხვა.
ოდესმე მისი რომელიმე მარადიული შეგირდი ან მასწავლებელი იმ უტყუარ დასკვნამდეც მივიდოდა, რომ სინამდვილეში წერა იგივე კითხვაა და პირიქით.
ახლა შეეძლო მარტივი მოქმედებები უფრო მრავლისმომცველი და შინაარსიანი გაეხადა. შეეძლო ამ ხერხით მთელი რომანი აეწყო, ან პიესა, ან კინოსცენარი. ნებისმიერ შემთხვევაში სამი გვერდი მაკულატურის შექმნა გაცილებით ნაკლები დანაშაულია ინფორმაციით გამოლენჩებამდე გაჭყეპილი კაცობრიობის წინაშე, ვიდრე მთელი რომანის ან პიესის.
ამ აზრმა გაამხიარულა. აივნის კარები გამოაღო, გაზაფხულის ჰაერი ჩაისუნთქა და მთვარეს გახედა.


მიხვდა, რომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში არც დაძინება გაუჭირდებოდა, არც გაღვიძება.





საავადმყოფოდან გამოწერილი ქალაქის ქუჩებში დავეხეტები. ახალი გასართობი მაქვს _ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა.
რეაქციით ვტკბები, რომელიც ერთი წამით დაეხატებათ სახეზე და მერე ჩვეული მიმიკებით და თბილი მოკითხვით აქრობენ, ბუნებრივიცაა _ საკუთარ თავს აღარ ვგავარ. არაფერს აღარ ვგავარ, მაგრამ ხომ არ მაგრძნობინებენ.
ბოლო დროს ბევრი დაიხოცა, უფრო მეტი დაიჭრა და ერთი გაყვითლებული, თვალებამოღამებული და გაუპარსავი ნაომარი არავის უკვირს, მაგრამ ძმაკაცებმა თავიანთი და ჩემი თავგადასავალი ისე გაბუქეს, იმდენჯერ მოყვნენ, რომ თვითონაც დაიჯერეს და საკუთარ გაყინულ სოროებში შემალული ადამიანები მით უმეტეს ყველაფერს ადვილად იჯერებენ _ ერთი-ორი თვით ლეგენდა ვარ, მოდაში ვარ, ისიც იმათთვის ვინც მიცნობს, ვისაც ჩემს შესახებ სმენია და ასეთები არც ისე ბევრნი არიან.
ქსივა მაქვს და იარაღის ტარება შემიძლია, მაგრამ არ ვატარებ.

ქსივაც საკმარისია, ფორმიანებთანაც ჭრის და უფორმოებთანაც. ბევრს ვმოძრაობ. ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია, ისედაც იმდენი ხანი ვიწექი.
ნელ-ნელა ახალი გასართობიც მბეზრდება.
მაინც ვაგრძელებ ხეტიალს. დავდივარ, არც დღისით ვჩერდები, არც ღამით. საწოლის დანახვა არ მინდა, დაწოლაზე ფიქრიც არ შემიძლია.


როცა ძალიან ბევრს დადიხარ, ქალაქის ქუჩები აღარაფრით არ განსხვავდება შარაგზისგან. ვკეცე, ვკეცე და ვერ დავკეცე ქუჩაბანდები, გამზირები, ჩიხები, შესახვევები.
იმდენს დავეხეტები, რომ დრო უკან მრჩება და მანძილი ყოველთვის წინ. რამდენიც არ უნდა ვიარო ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწევ ვერსაით. არც ფეხის აჩქარებას აქვს აზრი, არც მიმართულების შეცვლას, გაქცევა ხო საერთოდ სისულელეა. ასე უფრო საინტერესოცაა, თითქმის არ ვიღლები და გზაში მხოლოდ ისინი მხვდებიან, ვისაც ჩემსავით უყვარს ხეტიალი და ვისთან შეხვედრაც მიხარია.
ბუნებრივია, რომ პირველად სტივენს ვხვდები.


სტივი, ლაბირინთის ამშენებელი ანტიკური ხუროთმოძღვრის მოგვარე ბანცალით გამოდის ლუდხანიდან. სასაცილო ქუდი ახურავს, ჩაცმულობაც ისეთი აქვს, ქალაქში დამცინავ მზერას და სიტყვას რომ გააყოლებენ, მაგრამ მისთვის სულერთია. რაღაცას ბუტბუტებს ხილვადის გარდაუვალ მოდალობაზე, ბეც თვალებს აცეცებს სათვალის სქელი ლინზების მიღმა.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის

კაფანდარაა, თითქოს Hჰაერში ლივლივებს. სასაცილო სიფათი აქვს, გეგონება ვიღაცამ საგანგებოდ ტაფით ან რაიმე მსგავსი მძიმე საგნით დაუმუშავა.
_ ნამდვილი ფაგოტი ხარ, ვოლანდის ამალიდან, _ ვეუბნები და ხელს ვართმევ, _ ბეგემოტი და აზაზელიღა გაკლია!
_ ფაგოტი მხოლოდ ვალერიანის წვეთებს სვამდა და არც ისე დიდი ხუმარა იყო, როგორც ექიმს უნდა მოგვაჩვენოს _ სტივმა გამიღიმა _ იისფერი რაინდი, მეომარი ერესიარქი. ოდესმე შენც დაირქმევ ერესიარქის სახელს.


_ შენ რატომ აირჩიე ანტიკური ხუროთმოძღვრის გვარი? _ მშვენივრად ვიცი, რომ თვითონ არ აურჩევია, მაგრამ ახლა ნასვამია და რაიმე საინტერესოს დავაცდენინებ.
_ ფანტაზია არ მეყო. არსუკიძის ამბავი უფრო მომწონს, თან როგორ პოეტურად ჟღერს: “დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია!”, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. გენიალურია, ისე, დედალოსსაც არ დაადგა უკეთესი დღე კრეტის ლაბირინთისთვის, მაგრამ მისი და იკაროსის ისტორია ჰელიოსის და ფაეტონის ამბის გამეორებაა. გამეორებაი გამეორებათა და ყოველივე გამეორება არს!
მონოლოგს ვაწყვეტინებ:
_ არ დაამატებ? ეროვნული ვალუტა მაქვს, კუპონი ქვია, ხუთ მილიონად თითო კათხას ჩავცლით, თქვენებურად პაინტს. კიდევ ორჯერ ორასი ჭაჭა მოგვივა. ეგ კი აღარ ვიცი თქვენებურად როგორ იქნება.


_ ხუთი მილიონიო? არითმეტიკაში მოვიკოჭლებდი. მაგრამ ამ თორმეტობითს ისევ ეგ მილიონობითი სისტემა მირჩევნია. ჭაჭა იყოს, მაგრამ ჯერ კვენტინს უნდა შევხვდეთ.
_ კვენტინს?? _ დავიბენი.
_ დიახ, შენ რომ გოგო მოგწონდა, ხეების სუნი რომ ჰქონდა, იმის ძმას, _ სტივმა თვალი ჩამიკრა.
_ კი მაგრამ.. კვენტინ კომპსონი ხომ..

ჰარვარდს.. _ ვეღარაფერი ვთქვი დაბნეულობისგან.
_ არაფერიც არ მომხდარა, _ თქვა სტივმა _ დღემდე დაეხეტება და იმ უთოებს დაათრევს.
სიხარულისგან ენა მებმის.
_ ეგ ეშმაკის ფეხი, მე კიდევ ერთი სიცოცხლე გავათავე. აჰა, გახდა თუ არა ნამდვილი ჰარვარდელი პიჟონი? კლუბშიც ჩაწერენ, იქნებ ლოჟაშიც მიიღონ, ეგ ძალად დენდი, ეგა! რაღა უწინდოდ სიარული და რაღა უთოებით!
_ ძალიანაც ნუ აიგდებ, _ მთხოვს სტივი _ ხომ იცი, როგორი მგრძნობიარეა.
_ ეს ისე, სიხარულისგან, _ ვეუბნები მე _ სად შეგვხვდება?
_ აი, შეგვხვდა კიდეც, _ სტივი ხელს უქნევს ნაცრისფერპიჯაკიან ფერმკრთალ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ხელში მოზრდილი პორტფელი უჭირავს.

კვენტინი მოღუშული სახით მოდის, მაგრამ სტივის დანახვაზე მონაცრისფრო სახეს ღიმილი უნათებს და ფეხს უჩქარებს. შემდეგ ღონივრად გვართმევს ხელს, თვალი მისი პორტფელისკენ გამირბის.
ქუჩას მივყვებით და ვსაუბრობთ. კვენტინი ნელ-ნელა გამოცოცხლდა. ჯერ სტივს ებაასება, მერე მე მომიბრუნდება:
_ შენ არასდროს გყოლია და?
_ არ მყოლია, თუმცა კი მინდოდა მყოლოდა. აი, სტივს სამი და ყავს, ნებიერაა.
_ დიახ, მშვენიერი გოგონები არიან, _ ამბობს სტივი, _ უკეთესიც იქნებოდნენ ჩემს წიგნებს ლომბარდში რომ არ აგირავებდნენ.


_ უცნაური ქალაქია დუბლინი, _ ვეუბნები მე _ თბილისურ ლომბარდებში წიგნებში არაფერს მოგცემენ.
_ თბილისი უფრო ლამაზია, _ მამხნევებს სტივი. საარაკო გონებამახვილობის მიუხედავად უკეთეს კომპლიმენტს ვერ ახერხებს.
_ ძველი ხალხი ხართ კელტები, _ გვეუბნება კვენტინი _ აქ რომ არ ვიყო, დასხდებით და დილამდე ჭკვიანური სახით ისაუბრებთ სისულელეებზე. მთელი თქვენი მჭერმეტყველების შედეგი ნაბახუსევზე თავის ტკივილია. ბარბაროსები ხართ.
_ ჩვენ ბოდიში, ჩვენ ჰარვარდი არ დაგვიმთავრებია, _ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ვეუბნები.


_ არც მე, _ კეთილად იღიმის კვენტინი და მერე შემრიგებლურად ამბობს, _ ერთნაირები ვართ _ სამივენი პროვინციიდან. მამასაც უყვარს დალევა, ჩემს ორივე მამას.
_აი, კიდევ ერთი პროვინციელი! _ ჩვენს შესახვედრად მაღალი, მხარბეჭიანი კვარტერონი მოიჩქარის, მაკონდოს დამაარსებელი, ოცი წლის პატრიარქი, ხოსე არკადიო ბუენდია. კოკას მომყვანი უგვარო ბარონების წინაპარი.
_სალამი ჯოზეფ, _ სტივმა იცის, როგორ უნდა გამოიყვანოს ბუენდია მოთმინებიდან, მაგრამ ხოსე არკადიო ყურადღებას არ აქცევს და მე მომმართავს, _ გაბრიელ, კაბალიერო, როგორ ხარ? არ მესმის ამ გრინგოებთან რა გესაქმება!
_ ეს მხოლოდ მისი კი არა, მისი სამშობლოს არჩევანია, _ ღიმილით ამბობს კვენტინი, _ ჩვენს იქეთ გზა არა აქვთ.
_ამერიკელები არიან ყ.. ხეხ..… ქმხმ..

ქხმუუჰ.. ხოსე არკადიო ახველებს და ყველანი ვიცინით, კოლუმბიელი გრინგოებსაც გულითადად ესალმება.
ჩემი თაროების საძმო.
_ ჩვენი შეხვედრა უნდა აღვნიშნოთ! _ ჯიბის იმედი დიდად არ მაქვს, ჩემი მილიონები ყელის გასასველებლადაც არ გვეყოფა, ამიტომ შინაურებს უნდა მივადგეთ, სადაც ნისიად გვიმასპინძლებენ.
ვიწრო ქუჩის კუთხეში სარდაფთან ვჩერდებით. მოტოციკლის გამაყრუებელი ხმა გვიახლოვდება და დანჯღრეულ ჯაბახანაზე ლამანჩელი გიჟივით ამხედრებული ლამაზი ბიჭი ჩერდება სარდაფთან.
_ ერნესტო! _ ბუენდია ბიჭს გულში იკრავს.


_ ერნესტო გევარა, _ ამბობს სტივი, _ არშემდგარი ექიმი და მოგზაური. მოტოციკლით გადასერა მთელი სამხრეთ ამერიკა, სამჯერ გადაურჩა ცემას ქალის გამო, ერთხელ ვერ გადაურჩა _ სტივი მოკლე ბიოგრაფიული ცნობების მოწოდებას ამთავრებს და ერნესტოს ღონივრად ართმევს ხელს.
გევარა ჩვენთან ერთად ჩამოდის სარდაფში. ძალიან დაღლილი და გამხდარია, თვალები სიცხიანივით ანთებია. შენთან სალაპარაკო მაქვსო მეუბნება. ხელნაწერი უჭირავს და ჩემს კითხვისნიშნიან მზერას პასუხობს:
_ მოტოციკლისტის დღიურებია.
სარდაფიდან ნივრის მწნილის, დაღვრილი ღვინის და მივიწყებული წარსულის სუნი ამოდის.


_ ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია, რომლისგანაც მინდა გამოვფხიზლდე _ ამბობს სტივი.
_ მალე გამოვფხიზლდებით, _ ვეუბნები და თვალს ვუკრავ.
სარდაფში ბნელა. მიკიტანს ვერ ვამჩნევ, მხოლოდ სევდიანი ღიღინი ისმის: “თვალს გავახეელ, ზედ წამწამზე მიზიხააარ”, ღიღინის ხმას მივყვები და დახლს უკან მიყუჟული ლოპიანას ჩამრგვლალებულ სილუეტს ვხედავ.
ჩემს დანახვაზე უცებ გამოცოცხლდება და დარბაზიც ნათდება, ჭახჭახა, ჭაღებიანი ყვითელი სინათლით კი არა, თბილი, სიბნელესთან დაზავებული თეთრი შუქით.
_ ვახ, გაბრიელ ბატონო, ეს რა ლამაზი კამპანია მოგიყვანია, ისეთი სუფრა გაგიშალოთ, რომ იარალის და ღენერალს ყაბახი დავიწყნოდეთ! _ ლოპიანა დაბერდა, ხალისი და მუღამი შემორჩენილი აქვს, ძალ-ღონე ნაკლებად.
_ შენი ჭირიმე, ლოპიანა, ბევრი არაფერი გვინდა, ბიჭებთან ნუ შემარცხვენ, უცხოელები არიან, ამათ ღვინისა ბევრი არაფერი გაეგებათ და ჭაჭა ჩამოგვიდგი, თავისი მისაყოლებლით, დიდხანს ვერ გავჩერდებით, ყელს გავისველებთ და ავალთ.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


_ ახლავე ყველაფერი იქნება _ ლოპიანა სტუმრებს ესალმება და მერე ხვნეშით და წვალებით იწყებს სუფრის გაშლას, მინდა მივეხმარო, მაგრამ არ მანებებს.
კასრზე ვალაგებინებთ ჭაჭით სავსე ხელადას, ჭიქებს, მისაყოლებელს და ზეზეულად ვსვამთ. არავის არ უნდა დაჯდომა. დგომა იგივე სიარულია, ოღონდ ერთ ადგილზე.
ბუენდია გევარას მოგზაურობის ამბებს ეკითხება. ყველანი ინტერესით ვუსმენთ.
_ ამერიკა კი არა არგენტინაც სულ სხვანაირია, კითხულობ ბორხესის და კასარესის მოთხრობებს და დანების ტრიალის მეტი არაფერია, კი ბატონო, დიდი ვაჟკაცი იყო მარტინ ფიერო, მაგრამ მოკვდა, ვიღაც ზანგს მოუკლა ძმა და მერე ის ზანგი უკეთესი მედანე აღმოჩნდა.

მარტო ორთაბრძოლებისგან ხო არ შედგება ისტორია. უაზრობაა ბრძოლა ბრძოლისთვის. შეიძლება ხელოვნება ხელოვნებისთვის ნაკლები უაზრობაა, მე მაგეებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ბრძოლაში იდეალი უნდა გქონდეს და დიდი მიზანი, სხვანაირად საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გაწირვა სისულელეა.
_ შენ როგორც ჩანს იპოვე ეგ იდეალი _ ბუენდია სიტყვას აწყვეტინებს და დამცინავად იღიმის.
_ დიახ, ვიპოვე! _ გამოწვევად პასუხობს ერნესტო, _ ვიცი რისთვის უნდა ვიბრძოლო და ვიბრძოლებ კიდეც.
_ მერე შენი მოწოდება? შენი საექიმო პრაქტიკა? ლეპროზორიუმი, კეთროვანები? _ ეკითხება სტივი.
_ ორი კვირა დავყავი კეთროვანების კუნძულზე, _ ერნესტოს თვალებში ნესტიანი სევდა იღვრება _ ვიცი, რომ ორი კვირა არაფერია, მაგრამ ესეც გზის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაწილი და თანაც რაღაცეებს მივხვდი.


_ გაგვიზიარებ?
_ ჯერ თითოც დავლიოთ, _ ვამბობ მე, თორემ ლოპიანა იფიქრებს, რომ მასპინძლობით უკმაყოფილო დავრჩით.
ჭიქებს სინქრონულად ვცლით, ერნესტო ახველებს და სახე ტკივილის გრიმასებით ევსება. სარდაფის სინესტე და ჭაჭა მის ფილტვების მძიმე გამოცდას უწყობენ.
ცოტა ხნის შემდეგ ახერხებს ხროტინის გარეშე ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას.
_ ყველას გონია, რომ კეთრი გადამდები დაავადებაა, კეთროვანების ცეცხლივით ეშინიათ. სინამვილეში მათი სიმახინჯე გვრით ზიზღს და ამ ზიზღის ბრალია შიშიც და აგრესიაც. ადამიანებს სიმახინჯე ეზიზღებათ და ეს ბუნებრივი ინსტინქტია.


_ მაგრამ მაცხოვარი სიყვარულს ქადაგებდა. მათ შორის კეთროვანების, ხეიბრების და მახინჯების სიყვარულსაც _ აწყვეტინებს კვენტინი.
_ მაცხოვარი ქადაგებაზე უფრო აქტიურ რამეებსაც აკეთებდა, მაგალითად სასწაულებს ახდენდა, კეთროვანებსაც კურნავდა _ შენიშნავს სტივი.
_ კეთროვანების განკურნვა სამწუხაროდ მართლა სასწაულია, _ მოწყენით ამბობს ერნესტო _ სასწაულები კი იშვიათად ხდება. უძველესი დროიდან კეთროვანები იზოლირებული იყვნენ დანარჩენი ადამიანებისგან. მაშინ ეს იზოლაცია უმეცრების ბრალი იყო, რადგან სახადივით გადამდები ეგონათ ეს სენი. მას შემდეგ მედიცინა წინ წავიდა, ლეპრაზორიუმები კეთროვანების გამოქვაბულებზე უკეთაა მოწყობილი, მაგრამ იმ საავადმყოფიში, სადაც მე ვიყავი, ექიმები და სხვა პერსონალი დიდი მდინარის ერთ ნაპირზე ცხოვრობენ, ავადმყოფები მეორე ნაპირზე.


_ თუ ავადმყოფობა არ არის გადამდები, ანუ საშიში, გამოდის, რომ საფრთხე ავადმყოფებისგან მოდის, ამის ბრალია იზოლაცია _ ასკვნის სტივი.
_ მეც ასე მეგონა, _ ამბობს ერნესტო, _ საზარელი სენით სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც სულ მუდამ იტანჯება, თითქოს მართლა სახიფათოა, მაგრამ ასე არ ყოფილა. ავადმყოფების უმრავლესობა ექიმებთან ერთად ცდილობს ებრძოლოს სენს, რომლის დამარცხება შეუძლებელია. ერთმანეთს გვერდში უდგანან და აგრესიის ნასახი არ დამინახავს მათი მხრიდან იმ საზოგადოების მიმართ, რომელმაც ზურგი აქციათ. მათი ბრძოლა სამაგალითოა _ ამბობს ერნესტო.
_ გასაგებია, ბრძოლის იდეალი გიპოვნია, მაგრამ მაინც ვერ გავარკვიეთ იზოლაციის მიზეზი _ ვამბობ მე, _ და სანამ გავარკვევთ, მოდი ყველა კეთროვანი დავლოცოთ. სუფთა გულით და კეთილი სიტყვით დალოცვა წამალზე ნაკლებად არ კურნავს უკურნებელ სენს.


ამჯერად ერნესტო უფრო მოხერხებულად სხვამს და უფრო ნაკლებს ახველებს.
_ მიზეზი ხომ თავიდანვე ვთქვი. არავის არ სიამოვნებს სიმახინჯის დანახვა, არც გამოჩენა. ადამიანის თვალებში ზიზღზე ადვილად არაფერი იკითხება. თვითონ კეთროვანები ვერ უძლებენ ზიზღით სავსე გამოხედვას და დამოკიდებულებას. უსამართობაა ადამიანი გეზიზღებოდეს ან თუნდაც გებრალებოდეს იმის გამო, რაც მისი ბრალი არ არის. ამიტომ ურჩევნიათ განმარტოება, თავისნაირებთან.

ამით სხვის გულებს ცოდვისაგან და არაფრისმომცემი თანაგრძნობისგან ათავისუფლებენ, ხოლო საკუთარს ჩაუდენელი დანაშაულის გრძნობისგან.
_ შენ ფილოსოფიურზე უნდა გესწავლა _ აღნიშნავს სტივი მცირე დუმილის შემდეგ, რომელიც ერნესტოს მონოლოგის შემდეგ ჩამოწვება _ წეღან თქვი, იქ, ლეპრაზორიუმში რაღაცეებს მივხვდიო, ამას მიხვდი, რაც ახლა ილაპარაკე?
_ რასაც მივხვდი, იმას სიტყვებით ვერ გადმოვცემ _ მოწყენით ამბობს ერნესტო.
_ არაუშავს, ჩე, სხვაგვარად მოახერხებ გადმოცემასაც და გამოხატვასაც _ ვამხნევებ ჩემი ჭკუით.
_ ჩე? _ ერნესტო გაკვირვებული მიყურებს _ მგონი გაბრი დაგვითვრა _ სინამდვილეში თვითონაა ორი ჭიქით მთვრალი, ფეხზე ძლივს დგას.
_ ხო, ჩე, _ იცინის ბუენდია, _ როგორ გეტყობა, რომ რეალური ხარ, მომავლისა არაფერი გაგეგება.
_ ძალიან კარგი, თუ არ გაეგება, ზოგი ადვილად გადარჩება, მხოლოდ ხეზე მიაბამენ, _ ამბობს სტივი და მწარე სიტყვას კიდევ უფრო მწარე ყლუპს აყოლებს.
_ ერენსტო, ტყუილად წამოხვედი იმ კუნძულიდან.

შენ იმათიანი ხარ, იქვე უნდა დარჩენილიყავი. ჩვენი ადგილიც იქაა _ ამბობს კვენტინი.
ახლაღა ვაკვირდები კვენტინის მზერას. ასე მხოლოდ დამხრჩვალები იყურებიან. ცივი, შუშის თვალებით, რომლებშიც წყალმცენარეების ნაგლეჯები დაცურავენ. ყელში ბოღმა მაწვება და სტივს ვეკითხები ჩუმად:
_ მაშ, არაფერი მომხდარა? ტყუილი რაში დაგჭირდა?
_ ხანდახან მგონია, რომ მნიშვნელობა არა აქვს მოხდა თუ არა. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ გადახტები ფეხებზე გამობმული უთოებით, _ სტივი მხრებს იჩეჩავს და თვალს მარიდებს.


კვენტინი მობუზული დგას. მძიმე პორტფელი გულში ჩაუკრავს და ჩუმად ბუტბუტებს. სიტყვებს ვერ ვარჩევ. ერნესტო და ბუენდია რაღაცაზე გაცხარებული კამათობენ, სტივი სასმისებს ავსებს, ლოპიანა ისევ დახლს უკან მიმჯდარა და ღიღინებს. სტივის შევსებულ ჭიქას ვცლი სულმოუთქმელად.
_ უბრალოდ ვკვდებით მეარღნენი და პოეტები, მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება! _ ვამბობ რაც შეიძლება პათეტიურად და კვენტინს მივმართავ _ კვენტინ, მეგობარო, ეგ პორტფელი უნდა მაჩუქო.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


ირგვლივ ყველა და ყველაფერი შეშდება.

გაოცებულ და შეშინებულ მზერებს ვიჭერ.
კვენტინი ხან მე მომჩერებია დაბნეული გამომეტყველებით, ხან ბიჭებს.
_ ჭკუიდან შეიშალე? _ სისინებს სტივი.
_ კვენტინ, მეგობარო, ეგ პორტფელი უნდა მაჩუქო, _ ამჯერად სრულიად დამშვიდებული ვეუბნები, გულიც საგულესაა.
_ არ შეიძლება _ ამბობს ბუენდია.
_ არ შეიძლება, _ ბიჭები, ლოპიანა, და სარდაფის აგურის კედლები იმეორებენ ექოდ.
_ ვინ მოიგონა? ვინ დაადგინა, რომ არ შეიძლება? ერთი საკუთარი თავი განახათ სარკეში, რაღაც უცებ დასერიოზულდით! რეალურებს დაემგვანეთ, აი! _ ნაძალადევად ვიცინი და პორტფელისკენ ვიწვდი ხელს.

კვენტინიც გაუბედავი მოძრაობით, აკანკალებული ხელით მაწვდის გაცვეთილ და მობეზრებულ ნივთს.
_ კაი მძიმე ყოფილა, ალბათ ბიცეპსები ბატიბუტივით გაყრია _ ჩემს უხეირო ხუმრობაზე არავის ეცინება. სტივი აგრძელებს ჭიქების შევსებას, ბუენდია და ერნესტო ისევ კამათობენ, კვენტინინს ჩემი პორტფელისკენ გაურბის თვალი.
_ ერთიც დავლიოთ და ავიდეთ _ ამბობს სტივი, _ გაბრი, მოდი სადღეგრძელო გვითხარი, შენ გეხერხება.
_ სიყვარულის სადღეგრძელო ვთქვათ _ ვამბობ მე, _ ჩვენი კეთილი მასპინძლის, მედუქნე ლოპიანას სიყვარულს გაუმარჯოს, მუხამბაზით ამოქვითინებულს. დიდი კაცია ლოპიანა, ნიჭიერი კაცი, თავის სტუმრებზე ბევრად ნიჭიერი.
ბიჭები სვამენ, ლოპიანა იღიმება და გულში დაგუბებული მლაშე ზღვიდან ერთ პატარა კურცხალს ათავისუფლებს.


მასპინძელს ვემშვიდობებით. სარდაფში ლოპიანა, სიბნელე და სიმშვიდე რჩებიან.
უკაცრიელ ქუჩას მივუყვებით. ერნესტო ადრევე გამოგვეთხოვა, ჯაბახანა მიწოლით დავაქოქინეთ, კვამლიანი ხმაური დაგვიტოვა და გაქრა.
ჯერ ვგრძნობ, რომ ქუჩაზე მხოლოდ ჩვენ არ ვართ, შემდეგ ვხედავ: ყვითელი, საძაგელი ყვავილები უჭირავს, ნელი ნაბიჯით მოდის, მოსეირნობს. მისი სილამაზით გაოცებულს აღარ მიკვირს როგორ მოხვდა აქ, ჩვენს შორის.
_ მე აქ უნდა დაგემშვიდობოთ, _ ვეუბნები ბიჭებს.


არაფერს არ მეუბნებიან. ისეთივე გამოხედვა აქვთ, როგორიც სარდაფში, კვენტინს პორტფელის ჩუქება რომ ვთხოვე.
სტივს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ მერე ხელს ჩაიქნევს. უხმოდ მემშვიდობებიან. უცებ კვენტინი ტრიალდება და მეუბნება:
_ გაბრი, იქნებ პორტფელი გახსნა, იქ პატარა ბარათია შენთვის.
_ გმადლობ, კვენტინ. ისედაც ვიცი რა წერია იმ ბარათში.


ბარათში წერია, რომ იდიოტი ვარ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველამ თავისი ტვირთი უნდა ზიდოს, მეორეც იმიტომ, რომ სამი თვის ბედნიერებისთვის ვაჟკაცურად უნდა ვიტანჯო მთელი დარჩენილი ცხოვრება და ახლობელი, საყვარელი ადამიანებიც გავამწარო შეძლებიდაგვარად.
კიდევ წერია, რომ შემიძლია გავჩერდე და ჩამოვჯდე.
არ შემიძლია.
რაც არ უნდა ეწეროს, ეს მხოლოდ ჩემი ბედნიერება არ არის.
ქუჩას მივყვებით, მე ერთ მხარეს, ის მეორე მხარეს. შემდეგ მხნეობის ნაშთებს ვაგროვებ და ქუჩას ვჭრი.


თვითონ მეკითხება:
_ მოგწონთ ჩემი ყვავილები?
_ ნარცისები გიყვართ? _ კითხვით ვპასუხობ.
_ დიახ, ძალიან.
_ მაშინ მეც შემიყვარებთ.
გულიანად იცინის.
_ ვითომ რატომ?
_ როგორ თუ რატომ? შემომხედეთ, მეც ყვითელი ვარ და.. ნარცისი.
ქუჩას ორნი მივყვებით.


პირველად ცხოვრებაში ბედნიერი ვარ. უცნაური მდგომარეობაა _ ისეთ სიმსუბუქეს ვრძნობ, რომ კვენტინის უთოებიც ვერ მამძიმებს.






კონცენტრული წრეები

პირველად მტაცებლები აწრიალდნენ. ჯერ ძუ ლომმა დაიბუხუნა გამაფრთხილებლად, მერე გალიაში არხეინად წამოწოლილმა, მობერებული ჰიპივით ფაფარმოშვებულმა მეფემაც მისცა ბანი.
შემდეგ ბაბუინები აკივლდნენ. ბაბუინებს ჩიტები აყვნენ და იქვე ახლოს სპილოების ტრომბონიც ჩაერთო ორკესტრში.
ყველაფერი რეზის სიმღერას მოყვა.

რეზი სულ ზევით და ზევით მიიწევდა და რადგანაც ბავშვობიდან სიმაღლის დაუძლეველი შიში გამოყოლოდა, ნელ-ნელა უწევდა ხმას და ღრუბლიან ამინდში მერცხლის ფრენის სიმაღლეს რომ მიაღწია, უკვე ხმამაღალი ბარიტონით ბღაოდა:
_ გაზაფხული რომ დადგებაა,
შაშვი იწყებს გალობასო,
კაცი რომ გაღარიბდეეება,
ცოლს დაუწყებს ჯავრობასო, დაააა!
პაატამ ყურები თითებით დაიცო და რეზის გასძახა:
– დაყრუვდნენ ძროხები!
მაგრამ რეზის შეჩერება შეუძლებელი იყო, თან ნიკუშაც აყვა თავისი ხრინწიანი ტენორით:

_ წავიქეცი, წავიქეცი,
ლამაზ გოგოს ტრაკში ვეცი,
დედამისი მეუბნეეეება,
რამ გაგზარდა ასე მხეცი, დააა!

როგორც ჩანს მხეცები კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში, რადგან თავიანთი უკმაყოფლება სავსებით ადექვატურად გამოხატეს. ადამიანები ასეთ დროს უსტვენენ, ფეხებს აბაკუნებენ და წინაწარ მომარაგებულ ლაყე კვერცხებს, დამპალ პომიდვრებს და აყრობელული კომბოსტოს მომცრო თავებს ესვრიან უხეირო მომღერლებს, ხოლო მხეცები ყმუოდნენ, კნაოდნენ, ბრდღვინავდნენ, კაკანებდნენ, ზმუოდენ, სისინებდნენ, ჩხრიალებდნენ და კიდევ ათასგვარ ხმას გამოსცემდნენ, როგორც უძველეს დროს, ნოეს თუ კამეჩის სეხნია შუმერი ვაჭარის ჩაუძირავმა არმადამ ღუზა რომ ამოიღო, ბაგირები გადაჭრა და მრავალდღიან კრუიზში გავიდა.
იმის შემდეგ საკმაო ხანი გამოხდა და ისტორიამ თავისი ტრაექტორიის სრული წრე განვლო. *
ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ წარღვნას მილიონობით ადამიანი გადაურჩა, მაგრამ ისტორიას მხოლოდ ნოე შემორჩა, რომელმაც ეს პატივი გადარჩენის ყველაზე სულელური მეთოდის და ყველაზე მასშტაბური პროექტის გამო დაიმსახურა.
გაბრი ცხოველების ხმებს უმენდა და გადარჩენის სულელურ გზებზე ფიქრობდა.
დილიდან უცნაური გრძნობით გაეღვიძა.
ამ გრძნობაზე ზოგი იტყოდა წინათგრძნობააო, მაგრამ გაბრი გრძნობებს დიდი ხანია სახელებს აღარ არქმევდა და გულუბრყვილოდ ირწმუნებდა თავს, იმ კაცების კატეგორიას მივეკუთვნები გრძნობებს ადვილად რომ არ აყვებიანო.


დილიდან მოყოლებული ბევრი რამ მოხდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი.
ჩამოვლაზე იყო. ყველა უნდოდა ენახა, ვისაც ბავშვობიდან ან სულაც ბოლო პერიოდში მიეჩვია.
ერთ დღეში სად ნახავ ყველას.
ჩვეულებრივი დღე გამოუვიდათ _ გამოგოლფთერაკიანი თავგადასავლებით, რაც ძირითადად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საქმეების გარჩევაში და შემდეგ რესტორანში ატეხილ ჩხუბში გამოიხატებოდა.
დღეც ძველებურად და ბანალურად, ანუ ქალებით დასრულდებოდა, რეზი რომ არ გაპათოლოგებულიყო.
აიტეხა და აღარ გადათქვა.


მისი ახირება კეთილშობილური და გმირული პათოსით იყო სავსე. გადაწყვიტა სწორედ ამ ღამით დაეძლია თავისი ერთადერთი ფობია – სიმაღლის შიში.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


გაბრიმ იფიქრა, რომ დილიდან აყოლილი გრძნობა სწორედ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ეხებოდა და მხარი აუბა. აწყობდა ასეთი ფინალი.
პაატა და ნიკუშა შედარებით ფხიზლები იყვნენ, მაგრამ ძმები მარტო არ დატოვეს.
ზოოპარკს, როგორც გარემოს, რაიმე განსაკუთრებული დატვითვა არ ქონია, უბრალოდ ამ პარკში იყო უახლოესი ეშმაკის ბორბალი და ნიკუშას გაახსენდა, რომ ზოოპარკის დაცვის უფროსი მისგან დავალებული იყო.
ღამი სამი საათისთვის სიმღერა და გნიასი აუტანელი გახდა.


ბიჭებს დიდი ხნის წინ აერეოდათ სათვალავი, რომ არა ზოოპარკის დაცვის უფროსი, რომელსაც შარვლის უკანა ჯიბეში ჩატენილი ასდოლარიანი მარცხენა დუნდულს წვავდა და მექრთამე, უხეირო დარაჯი მიწასთან ყოველ მიახლოებისას ქვევიდან პედანტურად ახსენებდა ატრაქციონერებს შესრულებული წრეების რაოდენობას, რასაც ხვეწნა-მუდარას მოაყოლებდა ხოლმე.
_ გამაგდებენ, ნიკუშ, ხო იცი რამდენ დენს წვავს ეს დედამოტყნული, გაიგებენ, დამწვარი პონტია.
_ გაგაგდებენ და ჩემთან წაგიყვან – ნიკუშა აგდებულად პასუხობდა _ კაი საქმეს ვაკეთებთ, ძმაო, კაცურ საქმეს, კაი ბიჭებს ეხმარები, ხო აზრზე ხარ!
დაცვის უფროსი რა თქმა უნდა აზრზე არ იყო, მაგრამ მონოტონური ყოველღამეურობა ყელში ქონდა ამოსული, თანაც კაცმა არ იცის რა უფრო დიდი შარი იყო, ამ მართლა ეშმაკის ბორბლის გამორთვა, თუ დილამდე ტრიალი.
ყელასათვის მოულოდნელად რეზის მდიდარ რეპერტუარი აღმოაჩნდა, რაც მისი მხრიდან მუსიკალური სმენის და ხმის სრული არქონის პირობებში ერთბაშად საკვირველი ამბავიც იყო და დიდი ღორობაც.
როდესაც სიმღერით ხმის იოგები ძალიან ეღლებოდა, დეკლამაციაზე გადადიოდა:
_ წამყვანი როლი მასების,
არ სწამდა გეორგ პლეხანოვს,
და ამიტომაც ლენინმა,
მას უთხრა გეორგ ხლე ხარო.
ამ ლექსის ბოლო ორი ხიხინა მარცვლის წარმოთქმისას ხველა აუტყდა, მაგრამ ყელი “ჯეკ დენიელსის” მოზრდილი ყლუპით ჩაიწმინდა და არანაკლებ პათეტიურად განაგრძო:
_ ჩვენში ბავშვსაც რომ მოუნდეს
უდიდესი გმირობა,
ეს ძალიან ადვილია,
არის ყველა პირობა!
პაატა და ნიკუშა გიჟებივით ხარხარებდნენ და რეზის მცირე ტაიმ აუტი რომ არ აეღო, ეშმაკის ბორბლის აჭრიალებული კალათიდან გადაცვივდებოდნენ ჯანმრთელობისთვის საშიში სიმაღლიდან.
როგორც იქნა სულის მოთქმა მოახერხეს, კალათმაც თავისი ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს მიაღწია.

ამ დროს ფობიისგან თითქმის სრულად განკურნებულმა რეზიმ თვალები დაქაჩა, კალათის შუაგულში ამოშვერილ საჭეს, რომელსაც კონდორივით იყო ჩაფრენილი, ხელი გაუშვა, ფეხზე წამოიჭრა და ხმამაღლა დასჭექა:
_ არც პარიზი, არც მეხიკო
და არც ულან-უდე,
გაგიმარჯოს საქართველოვ,
არწივების ბუდევ!
ამ ლექსმა მხურვალე აპლოდისმენტრები დაიმსახურა, მაგრამ გაბრიმ სკეპტიკურად შენიშნა:
_ სად პარიზი და სად საქართველო, ძმაო. ის ქალაქია, ეს კიდე ქვეყანა. ქალაქზე გვითხარი რამე!
რეზი სულ ცოტა ხნით დაიბნა, მერე სახე გაებადრა და საზეიმო ხმით წაიმღერა:
_ ყველას ვასვათ თბილი ფსელი,
ვინც არ არის თბილისელი!
შემდეგ პუბლიკას გადახედა, ალბათ კუთვნილი ოვაციების მოსაკრეფად, მაგრამ პასუხად დამცინავი სიჩუმე მიიღო და სკამზე დაებერტყა, ისე, რომ კალათმა შემზარავად დაიღრჭიალა.
_ აფსუსი არ არის ეს წესიერი ცხოველები გალიაში ისხდნენ, შენ კიდე ლენდკრუიზერში? _ პაატამ ცერად გახედა და თავი გადაიქნია.
რეზი მიხვდა, რომ ნომერი ჩაუვარდა და რეაბილიტაციას შეეცადა:
_ ეეო, მეოო ჩემო ნაძვის ხეოოო..
მაგრამ რეზის აღარ უსმენდნენ. ატრაქციონერები საკმაოდ გამოფხიზლდნენ და პაატა მჭერმეტყველების ხასიათზე დადგა:
_ვინა თქვა რო ღამის თბილისი მკვდარი ქალაქია! მეზარება თორე ჯოისს რო აქვს დუბლინზე მოთხრობები, ეგეთს დავწერდი თბილისზე.

ორი რამე მიყვარს ყველაფერზე მეტად _ თქვა და სივრცეს დაბინდული მზერა მოავლო _ ქალი და ქალაქი.
შემდეგ მცირე პაუზა აიღო, რომლის დროსაც მიაყურადა, ალბათ ქალაქის მაჯისცემისთვის უნდოდა ყური დაეგდო, მაგრამ მხოლოდ ღამის ჯუნგლების დამახასიათებელი ხმები გაიგონა.
_ თანაც, ქალი და ქალაქი ერთნაირად იწყება _ დაასრულა თავისი მოკლე მონოლოგი და ვისკი მოსვა.
_ ხო, მართლა _ გაეხარდა ნიკუშას, ერთნაირად იწყება, ორივე ქალით.
_ ჩემთვის ერთნაირადაც მთავრდება, - თქვა გაბრიმ და გაეცინა.
_ ეგ როგორ?
_ ტრაგიკულად.
_ იმათ გაუმარჯოს, ვისთვისაც მართლა ტრაგიკულად დამთავრდა, თქვა პაატამ და ამოიოხრა.


_ ხო, _ თქვა ნიკუშამ, _ ჩვენი ბიჭების თამადობით, ყველა კლიჩკიანს გაუმარჯოს. კლიჩკიანები დაიხოცნენ მარტო, აზრზე ხარ? ყველა დაიბრიდა. მარტო ისინი დავრჩით, ვისაც კლიჩკები არ გვქონდა.
_ საუკეთესოები წავიდნენ _ თქვა პაატამ _ სიცარიელეა ირგვლივ. არადა ეგენი იტყოდნენ.
ამ თემაზე უკვე დიდი ხანია ყველაფერი ნათქვამი ქონდათ, მაგრამ პაატა მჭერმეტყველების ხასიათზე იყო.
_ ძნელია ძმაო მაგათ გარეშე ცხოვრება, ძალიან ძნელია, თან მაგათ მაგივრადაც უნდა ვიცხოვროთ.

კუსას ქალები უყვარდა და მაგის გასაჟიმი ქალები ჩვენ უნდა გავჟიმოთ, ნასყიდა ხო ლექსებს წერდა, მაგის დასაწერი ლექსებიც ჩვენ უნდა დავწეროთ, ბალუს მოსაწევი ჩვენ უნდა მოვწიოთ..
_ საღოლ _ ნიკუშამ სიტყვა შეაწყვეტინა. _ მაგარს ბაზრობ.
_ მაგარია, თქვა გაბრიმ _ სხვის მაგივრად გინდა ცხოვრება. მე ჩემს მაგივრადაც არ გამომდის, შენ შუსტრი ხარ, მიდი, ჩემს მაგივრადაც იცხოვრე, მე აქ ჩამოვდივარ.
_ რა ვთქვი _ პაატამ მხრები აიჩეჩა და ნიკუშას შეხედა, _ რა სირობებზე იცრები _ გაბრის მიუბრუნდა, _ არ დაიწყო ახლა.
_ არ ვიწყებ, მოვრჩი.

აქ ჩამოვდივარ-მეთქი, ჩემს მაგივრად ერთი-ორი კრუგი დაარტყით, გადახდილია.
კალათი მიწას მიუახლოვდა და გაბრი ჩამოხტა. დაცვის უფროსმა იმედიანად შეხედა, მაგრამ გაბრიმ ორმოცდაათდოლარიანი რომ ჩაუდო ხელში, მიხვდა, რომ კონცერტი კიდევ გაგრძელდებოდა.
_ ამან თუ ყავისფერები არ ჩაიცვა არ შეუძლია _ თქვა პაატამ და რულმორეულ რეზის წამოარტყა _ ბიჭო, ნუ გძინავს, ის იმღერე, მე რო მევასება.
რეზიმ პირი დააღო და ახლალგამოღვიძებული ადამიანის რიხით წამოიწყო:
_ ორშაფათ დილა გათენდა,
ჩემთვინ უიღბლოოოო.

გაბრი დაცვის ბიჭებს გამოემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. ძაღლის გუნებაზე იყო.

სასმელმა გააბრუა, მაგრამ არ დაათრო. გული ერეოდა. არსად არ უნდოდა წასვლა, რაღაც მომენტში ისიც იფიქრა უკან დავბრუნდებიო, მაგრამ გვიან იყო – ჩაუძირავმა არმადამ უკვე გადაჭრა ბაგირები და შუა მდინარეში გავიდა.

ლეპროზარიუმი - ლაბირინთი კეთროვანთათვის


ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო გაიფიქრა და გაახსენდა, რომ მანქანა ზოოპარკის შესასვლელიდან მოშორებით დააყენა, ავტოგასამართი სადგურის ახლოს. სადგური ღამითაც მუშაობდა და ყურადღებას მიმიქცევენო, იფიქრა.
მანქანას მიუახლოვდა, ჯიბიდან სიგნალიზაციის პულტი ამოიღო, კარების გასაღებად ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო და კეფაში უთოსავით მძიმე საგანი მოხვდა.
პირქვე დაემხო, რამდენიმე წამში თავისი მანქანის დაქოქვის ხმა გაიგონა და სანამ გაითიშებოდა იმის გაფიქრებაც მოასწრო აკუმულატორი ახურებსო.


შემდეგ კარიბჭესთან იდგა და ყოყმანობდა შევაღო თუ არაო.
შევიდა.
პირველი ოთახი სწრაფად გაიარა და მოკლე დერეფანში აღმოჩნდა, საიდანაც იღბლიანად არჩეული სადარბაზო შესასვლელით შიდა ეზოში მოხვდა. იქედან ორ ოთახში შეეძლო გასვლა და ის ოთახი აირჩია, სადაც აუტანელი ტკივილი ელოდა. ტკივილმა გვირაბის ბოლოში გაიყვანა, სადაც წამალი და ჩიხი დახვდა. ჩიხში მეგობრების ცხედრებს წააწყდა და ცხედრებიანად მოახერხა გზაზე გასვლა. გზიდან მთავარ გამზირზე აღმოჩნდა და ბევრი ხეტიალის შემდეგ დარწმუნდა, რომ წრეზე მოძრაობდა.

მთავარი გამზირის ორივე მხარეს უამრავი პატარა გზა მიემართებოდა. ლაბირინთი მხოლოდ ერთი შეხედვით გავდა ციხეს. სინამდვილეში არსად არ უგრძვნია თავი ისე თავისუფლად, როგორც ამ გრანდიოზულ ნაგებობაში, სადაც მისი მოძრაობის ტრაექტორია მხოლოდ მის გადაწყვეტილებაზე და არჩევანზე იყო დამოკიდებული.
იმასაც მიხვდა, რომ როცა მოისურვებდა, ნებისმიერ დროს დატოვებდა ლაბირინთს, მაგრამ არ ჩქარობდა, ხედავდა, რომ ახალი ოთახები, დერეფნები და მოსახვევები ელოდა, რომლებში ისე ვერ მოხვდებოდა, თუ უკვე ნაცნობ ადგილებს არ გაივლიდა, მაგრამ უკვე აღარ ეშინოდა ამ ადგილების, არც მოგონებების. არც იმ ადამიანებთან შეხვედრის, რომლებსაც სამუდამოდ დაკარგულად თვლიდა.
არც გრძნობების ეშინოდა, რომლებიც ჯერ უნახავი ოთახების ბნელ კუთხეებში ელოდა, არც თავგადასევლების და ფათერაკების.
არც იმ მეომრის ეშინოდა, ლაბირინთის ერთ-ერთ ოთახში რომ შეეჩეხებოდა უეჭველად.

არ იცოდა, რომ ეს მეომარი ძმად ერგებოდა და არც ის იცოდა კაენის და აბელის უთვალავჯერ დატრიალებული ისტორია დატრიალდებოდა თუ არა კიდევ ერთხელ წისქვილის ქვასავით, ამჯერად უკვე მის თავზე.
ხარის თავზე.
ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა. ის გადარჩა.
მკერდში ძლიერი ჩხვლეტა თუ ბიძგი იგრძნო და მთელი სხეულით შეხტა.
პირველად გემოს შეგრძნება დაუბრუნდა. მეხსიერებაში სწრაფად შეადარა ეს გემო ყველა გემოს, რომელსაც მისი გემოვნების რეცეპტორებს ოდესმე დაუფიქსირებია და მიხვდა, რომ თუ სიკვდილს პომადის გემო არ აქვს, ყველანაირი საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.


შემდეგ ყნოსვის უნარიც აღუდგა. ჯერ მძაფრსუნიანი სუნამოს არომატთან შერეულმა ოფლის სუნმა შეუღიტინა ცხვირში, შემდეგ მედიკამენტები სპეციფიურმა სურნელმა და ქოშინიც გაიგონა.
ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა თვალის გახელა.
მისკენ დახრილი ახლალგაზრდა ექიმი ქალი დაინახა, რომელიც ენერგიულად უტარებდა გულის მასაჟს და სავსე მკერდი ღონივრად აუდ-ჩაუიოდა. ქალი აღგზნებული იყო, ღრმად სუნთქავდა.
გაბრიმ დახეთქილი ტუჩები გაილოკა. შეეცედა სახიდან ზიზღიან-ტკივილიანი გრიმასა მოეცილებინა და სანამ ექიმი კიდევ ერთხელ ჩაუტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, მოასწრო, გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.


რეანომობილმა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მარჯვნივ აუხვია და რესპუბლიკური საავადმყოფოს ჭიშკარს მიადგა.










* ისტორიის სპირალური განვითარების თეორიის მომხრეებს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩათ: სპირალი თითქოს წრეწირზე რთული ფიგურაა, მაგრამ რეალურად ამორტიზირების გარდა სხვა განსაკუთრებული ფუნქცია არ გააჩნია. თანაც სპირალს საწყისი წერტილი აქვს, შესაბამისად საბოლოოც და სამწუხაროდ ეს წერტილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ ისტორიის სპირალური განვითარების მომხრეებმა ახალი თეორია გამოიგონეს - ისტორიის დასასრულის თეორია, რომლის თანახმადაც კაცობრიობა ამჟამად და შესაბამისად მთელი ისტორიის მანძილზე უმნიშვნელო მანძილითაა დაშორებული დასასრულთან. ულამაზო და უხამსი თეორია, რბილად რომ ვთქვათ.
სინამდვილეში ყველა ტრაექტორია შეკრულ წირს თანხვდება, რომელსაც სილამაზისთვის წრეწირი, ანაც არაზუსტი, მაგრამ უფრო ბუნებრივი სახელი – წრე შეიძლება ვუწოდოთ. მერე რა, რომ ამ წირის რადიუსი შეიძლება უსასრულოდ დიდი იყოს (ასეთ წირს წრფეს უწოდებენ).

მთავარი ისაა, რომ ამ ტრაექტორიის ნებისმიერი წერტილი ერთდროულადაა საწყისი და საბოლოო..