Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
ინტერვიუ
პოსტმოდერნიზმი საქართველოში - (რევაზ სირაძე,ლევან ბრეგაძე,ირმა რატიანი,ზურაბ ქარუმიძე,დათო ბარბაქაძე)


პოსტმოდერნიზმი საქართველოში - (რევაზ სირაძე,ლევან ბრეგაძე,ირმა რატიანი,ზურაბ ქარუმიძე,დათო ბარბაქაძე)

მასალა ჟურნალ ,,ლ'ილ" - დან (2007)

ერთი კითხვა რამდენიმე რესპოდენტს -

გთხოვთ გვესაუბროთ პოსტმოდრენიზმის შესახებ ქართულ ლიტერატურაში


რევაზ სირაძე – ფილოლოგი, მკვლევარი


პოსტმოდერნიზმის გავრცელებას ჩვენში არაერთი სიახლე მოაქვს (ლიტერატურის თეორიაში, ლიტერატურულ-შემოქმედებით პროცესში, თუ მხატვრობაში და ასე შემდეგ). ამჯერად გამოვყოფთ ახალგაზრდა მეცნიერთა კრებულს -,,ლიტერატურის თეორია”(2006წ.), რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა გამოსცა. აქ ბევრი სიახლეა, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და აშინაარსებს. პოსტმოდერნზე ბევრი კარგი კრიტიკული სტატია დაიწერა.

ახლებურ ცნებათმეტყველებას სულ უფრო ხშირად იყენებს ხოლმე კვლევა-ძიებანი ( მაგალითად პლურალურობა საკითხთა გააზრებისას, ,,რიზომა” – ვითარცა წყაროთა ახლებური გაგება, ლიმინალობა და სხვანი)
სასურველია თეორიებთან ერთად კიდევ მეტად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს საკუთრივ სემოქმედებითი პროცესი, რათა არ მოხდეს ისე, რომ იტყოდნენ ხოლმე, ურემი ხარებაზე წინ მიდისო.

ლევან ბრეგაძე – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი

არსებობს თუ არა პოსტმოდერნი საქართველოში?
დიახ, დიდი ხანია.
მხატვრობაში _ ავთო ვარაზი, ირაკლი ფარჯიანი.
თეატრში _ რობერტ სტურუა.
კინოში _ ფარაჯანოვი, ელდარ შენგელაია, მიხეილ კობახიძე.
მუსიკაში _ გია ყანჩელი.
მწერლობაში _ გივი მარგველაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ვახტანგ ჯავახაძე, გურამ დოჩანაშვილი, რევაზ ინანიშვილის რამდენიმე მოთხრობა, ნაიარა გელაშვილის `ჩვენება~ ლამის მანიფესტია პოსტმოდერნისა, უფრო ახალგაზრდებიდან _ აკა მორჩილაძე, ლაშა იმედაშვილი, მრავალი სხვაც.
ერთგან დავწერე და ახლა გავიმეორებ: პოსტმოდერნიზმი თავისი ეკლექტურობით, შემოქმედებითი თავისუფლებით, სიტყვებით, იდეებით და სტილებით თამაშისკენ მიდრეკილებით, ძველი ლიტერატურული ტექსტების ახლებური (გა)დამუშავებით, მათი მახვილგონივრული კომენტირებით და ზოგჯერ პაროდირებითაც, ხალისით მიიღო ჩვენმა მკითხველმა, მსმენელმა, მაყურებელმა.
მოკლედ, ერთობ ქართული რამ გამოდგა ეს პოსტმოდერნი!













ირმა რატიანი – ლიტერატურათმცოდნე

პოსტმოდერნიზმი განმაზოგადებელი ცნებაა და საკუთარ თავში აერთიანებს ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ადამიანის აზროვნებასა და სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში იჩენენ თავს. აქედან გამომდინარე, პოსტმოდერნს ხშირად დროის სულისკვეთებად მიიჩნევენ და საუბრობენ პოსტმოდერნის ხანაზე. გასული საუკუნის დასასრულს პოსტმოდერნმა მოიცვა მთელი ინტელექტუალური მსოფლიო და გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა.
პოსტმოდერნისტული მიმდინარეობის არსის განმარტება ერთმნიშვნელოვანი არ არის, პირიქით, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ცნებებითა და წინააღმდეგობებითაა სავსე. პოსტმოდერნის ერთ-ერთი მაკოორდინებელი ნიშანი ინტერტექსტუალობაა. თუმცა თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკაში პოსტმოდერნის დახასიათებისას ხშირად იყენებენ სხვა ტერმინებსაც: `ორმაგი კოდირება~, `თხრობის პაროდიული მოდუსი~, `მეტათხრობა~, `ავტორიტეტთა კრიზისი~, ასევე _ მთელ რიგ ფორმულებს: `პოსტმოდერნიზმი არის კლასიკური ტექსტის ხელახალი წაკითხვა დეკონსტრუქციის გზით~; `პოსტმოდერნი არის ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ~; `პოსტმოდერნის ძირითადი წყაროა ობიექტური საწყისების უარყოფა, ყველაფერი უნდა მივიღოთ როგორც ხუმრობა~; `პოსტმოდერნისტული ტექსტი არის ღია ტექსტი და მკითხველის ინტერპრეტაცია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ის არ არის ერთჯერადი ინტერპრეტირების საგანი~;
პოსტმოდერნისტული ეპოქა კრიზისული ეპოქაა, როდესაც წაშლილია ზღვარი ტრაგიკულსა და კომიკურს შორის, ხდება კულტურულ ფასეულობათა დევალვაცია, ეს ფასეულობები მასობრივი ყიდვა-გაყიდვის საგნად იქცევა. კულტურის კომერციალიზაცია ამ ეპოქის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია.
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში პოსტმოდერნისტული ტექსტების კლასიკური ნიმუშებია: ზურაბ ქარუმიძის `თხა და გიგო~, `ოპერა~, `ღვინომუქი ზღვა~, აკა მორჩილაძის `გადაფრენა მადათოვზე და უკან~, `გაქრები მადათოვზე~, `ვეშაპი მადათოვზე~, `სანტა ესპერანსა~, მოთხრობები -`ფრიდონიანი~, `კაპულა ორშაურაშვილის მემუარები~, `აპოკრიფები~ და სხვა არაერთი ნაწარმოები, ზაზა ბურჭულაძის `მინერალური ჯაზი~ და ა. შ.
აზრთა სხვადასხვაობა არსებობს პოსტმოდერნისტული მწერლობის ლიტერატურული ღირებულების შესახებ.

ერთნი ასეთ მწერლობას `წერილობას~ უწოდებენ, მეორენი კი, ვფიქრობ, არც თუ უსაფუძვლოდ, თვლიან, რომ პოსტმოდერნისტული მიმდინარეობის ფარგლებშიც შეიქმნა ტექსტები, რომელიც მომავალში ღირსეულ ადგილს დაიჭერს ქართული კლასიკური მწერლობის საგანძურში.









ზურაბ ქარუმიძე – მწერალი, მთარგმნელი

საქართველოში პოსტმოდერნიზმის ესთეტიკა თავს იჩენს თეატრში, კინოში და ფერწერაში 60-იან და უფრო მეტად 70-იან წლებში. მიხეილ თუმანიშვილის “ჭინჭრაქა”, რობერტ სტურუას “ყვარყვარე”, “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდ III”. განასაკუთრებით სტურუასთან იკვეთება კარნავალიზაციის, კლასიკის პაროდიული ადაპტაციის ესთტიკური პრინციპები, რასაც პოსტმოდერნიზმი ითვალისწინებს. ფერწერაში გამოვყოფდი ირაკლი ფარჯიანს _ მისი ნამუშევრები შეიცავენ “ორმაგი კოდირების” პრინციპს: კლასიკის და ავანგარდის სინთეზირებას, რაც “პირწავარდნილი” პოსტმოდერნიზმია. პოსტმოდერნისტული ესთეტიკა ასევე იგრძნობა ფილმებში: ელდარ შენგელაიას “არაჩვეულებრივი გამოფენა” და “შერეკილები”, გია დანელიას “არ იდარდო” და “ქინძაძა”, ირაკლი კვირიკაძის ,,ქალაქი ანარა” ოთარ იოსელიანთან ნაკლებად _ გვიან-მოდერნისტია. საერთოდ ქართველებს სახვითი ხელოვნება, კინო და თეატრი უფრო გვეხერხება, ვინემ ანალიტიკური ჟანრები ლიტერატურისა.

თუმცა იმ პერიოდის ლიტერატურაშიც შეინიშნება პოსტმოდერნიზმის ელემენტები: გურამ დოჩანაშვილის “ვატერ(პო)ლოო” მეტაპროზის პრინციპეს შეიცავს _ წერისას წერის პროცესის თემატიზირება. უფრო მიზანმიმართულად ამას იყენებს გივი მარგველაშვილი “მუცალში” _ ეს გახლავთ მეტაპროზა თავიდან ფეხებამდე.
1990-იან წლებში და 2000-იანებში ლიტერატურამ უფრო მეტად გაითავისა პოსტმოდერნისტული პროზის ელემენტები: აკა მორჩილაძის “მადათოვი”,დათო ტურაშვილის ,,გურჯ ხათუნი”, ასევე სხვა ოპუსებიც წარმოადგენენ ქართული ლიტერატურული კლასიკის პაროდიული ადაპტაციას, ხელახალ პაროდიულ წაკითხვას, რაც არსებითია პოსტმოდერნისათვის.

პოსტმოდერნიზმი საქართველოში - (რევაზ სირაძე,ლევან ბრეგაძე,ირმა რატიანი,ზურაბ ქარუმიძე,დათო ბარბაქაძე)

ლაშა ბუღაძის “პირველი რუსი” არის ის, რასაც კრიტიკაში ერქმის “ისტორიოგრაფიული მეტაპროზა” _ ბუნდოვანი ისტორიული ეპიზოდის (თამარის ქორწინება ბოგოლიუბსკიზე) პაროდიული რეკონსტრუირება. პოსტმოდერნისტულია თქვენი მონა-მორჩილის ოპუსებიც, თუმცა ლაგ-ალაგ გვიან-მოდერნისტული მიდრეკილებებიც შეინიშნება _ ასეა, თანმიმდევრული კაცი არ გახლავართ.



















დათო ბარბაქაძე – პოეტი, მთარგმნელი

ქართული პოსტმოდერნიზმი ისეთივე უტყუარი რეალობაა, როგორიც არის ქართული რენესანსი, ქართული რომანტიზმი, ქართული სიმბოლიზმი, ქართული ფუტურიზმი და
ა. შ. უფრო მეტიც, ქართული პოსტმოდერნიზმი მოიცავს ყველა იმ მიმდინარეობას, რაც ქართულ მწერლობაში ოდესმე არსებულა.

ამას ვერ ვიტყვით იმაზე, რაც ოდესმე გაჩნდება და იარსებებს, რადგან ჯერაც არ ვიცით, თუ რა ახალი ტენდენციები იფეთქებს ხვალ-ზეგ შორეულ მსოფლიოში, რათა მაზეგ მასზე ქართული მწერლობის აწმყოსა და წარსულის მორგება ვცადოთ. დღეს კი (რაკი დღეს პოსტმოდერნი უფრო იოლად სამართავი ჰგონიათ, ვიდრე ის რეალური პრობლემები, რომლებიც ქართულ მწერლობას კიდევ დიდხანს დატოვებს ლიტერატურის მიღმა), უფრო მეტ სიბეჯითეს თუ გამოვიჩენთ, პოსტმოდერნის მოპოვებას შევძლებთ ყველა ქართველი მწერლის შემოქმედებაში. ახლა მთავარია, რაც შეიძლება სისტემურად მივიწევდეთ წინ უფრო ადრეული საუკუნეებისკენ და არ შევჩერდეთ მე-20 საუკუნის საყმაწვილო პროზისა და პოეზიის კლასიკოსებთან. ამავე დროს, მეთოდი იმდენად მოქნილი უნდა იყოს, რომ თუ ოდესმე ახალმა კონიუნქტურამ ან სხვა მიზეზებმა მოითხოვა, „პოსტმოდერნი“ იოლად ჩავანაცვლოთ რომელიმე სხვა ცნებით. ამის იმედს ნამდვილად იძლევა იმ ქართველ „კრიტიკოსთა“ და „ლიტერატურათმცოდნეთა“ აქტივობა, რომელთა წერითი და ზეპირი მეტყველება რატომღაც მეორადი საქონლის მაღაზიებივით ივსება ისეთი ტერმინების და ცნებების სიმრავლით, რომელთა შესახებ მათ კოლექციონრებს საოცრად მომხიბლავი წარმოდგენები აქვთ. და მათ თავში დატრიალებული ტერმინოლოგიური ქაოსი მათ ბუნებრივად უბიძგებს წარსულისკენ, საიდანაც ისინი უიმედოდ შემოგვყურებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა ავტორები, რომელთა უმრავლესობას ჯერ პირველი წიგნი არც გამოუცია, არც ისეთი მიამიტები არიან, რომ პოსტმოდერნის ქართველმა „მეპატრონეებმა“ ისინი ასე იოლად მოატყუონ; ახალგაზრდები ყოველთვის კარგად გრძნობენ მაჩანჩალების რიტმს და ამ უკანასკნელებთან ერთად ვერ იჩანჩალებენ..