Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
მოთხრობა
პროზა
“ალისა აქ უკვე აღარ ცხოვრობს”, ანუ ლიბერალური ეკონომიკის ქართული სინამდვილე


“ალისა აქ უკვე აღარ ცხოვრობს”, ანუ ლიბერალური ეკონომიკის ქართული სინამდვილე


“სახელმწიფოს ფუნქციაა – დაიცვას კონკურენცია”
მილტონ ფრიდმანი


აქა ამბავი ზღაპრისა და სინამდვილისა

ნოვალისმა თავისი რომანის “ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი”-ს დასრულება ვერ მოასწრო, რადგან სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. მეგობრების გადმოცემით, რომანის მთავარი გმირის ჰაინრიხის უკანასკნელი ქმედება მისი ფერიცვალება იქნებოდა, სადაც მოისპობოდა ზღვარი ზღაპარსა და სინამდვილეს შორის, ანუ გმირი ზღაპრიდან რეალობაში გადმოინაცვლებდა.

რომანი მაინც მხატვრული ლიტერატურაა, რომელსაც ევროპულ ენებში “ფიქშენ”-ს (Fiction) ეძახიან და რაც მოასწრო მწერალმა ისიც მშვენიერია, მიუხედავად იმისა, დასცალდა თუ არა ამბის ზღაპრიდან სინამდვილეში გადმოტანა.

მაგრამ ერთია დაწერილი ზღაპარი, რომელიც როგორც “ფიქშენ” შეიძლება წაიკითხო ან არ წაიკითხო, ან წაკითხვის შემდეგ გამოხვიდე ზღაპრიდან რეალობაში და მეორეა სახელმწიფოს მიერ გაცხადებული “ეკონომიკური თავისუფლების აქტი”, რომელიც ზღაპარივით არ იწერება და არც “ფიქშენ” ჰქვია.

“ეკონომიკური თავისუფლების აქტი”-ს მიხედვით, იგი “გაამყარებს იდეას, რომ ბიუჯეტის სახსრები უნდა იქნენ გამოყენებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცენ საშუალება, სადაც შესაძლებელია, თავად გააკეთონ არჩევანი, და არ იქნან მიმართული მომსახურების სახელმწიფო მიმწოდებლის პირდაპირი დაფინანსებისათვის. ანუ, დავაფინანსოთ არა ინსტიტუტები და ორგანიზაციები, სადაც პაციენტი იძულებული იქნება არჩევანის გარეშე მივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ადამიანები, ვისაც ეს დაფინანსება ეკუთვნის და ყველაზე მეტად სჭირდება და მათ დავუტოვოთ არჩევანის დაფინანსება.

ხოლო ინსტიტუტები დაფინანსდებიან ამ ადამიანების არჩევანის მოგებით.“

მხოლოდ ამ აბზაცში სიტყვა არჩევანი “ოთხჯერაა” ნახსენები. ცხადია, სრულიად სამართლიანად, რადგან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის უმთავრესი პრინციპია არჩევანის თავისუფლება, რომელზედაცაა დამოკიდებული კონკურენტული გარემოს შექმნა და შესაბამისად ხარისხი.


აქა ამბავი ქართველთა მიერ ახალი მიმდინარეობის გამოგონებისა – “არაკონკურენტული ლიბერალიზმისა”

“ეკონომიკური თავისუფლების აქტის” გამოცხადებიდან არ გასულა სულ რაღაც 4 თვე და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N 85 დადგენილების საფუძველზე რაიონები კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებს შორის გადანაწილდა, ანუ ერთ რაიონში სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ მოსახლეობას სადაზღვევო მომსახურებას მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანია გაუწევს.

ისმება კითხვა: სად გაქრა ერთ აბზაცში ოთხჯერ მოხსენიებული არჩევანი? ანუ, რამდენად შეესაბამება მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება “ეკონომიკური თავისუფლების აქტს”, რომლის უმთავრეს პრინციპად ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება წარმოადგენს.

ქართველების გამომგონებლობით ნიჭს საზღვარი არ აქვს. კაცობრიობას სიახლე შევძინეთ – არაკონკურენტული ლიბერალური ეკონომიკის სახით, სადაც ადამიანს არ აქვს არჩევანის თავისუფლება.

თავდაპირველად არის მითი, რომელსაც იდეოლოგია თავისებურად იყენებს აზროვნების პროცესის ჩასანაცვლებლად. ასეთი მითი გახლდათ 100 საავადმყოფო (ცხადია, აქ მხოლოდ ციფრზე მაქვს აქცენტი, საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციას და კერძო სექტორის ჩართვას ჰოსპიტალურ მენეჯმენტში თავისი გამართლება აქვს, რომელსაც ვერ აცდა ბევერიჯის სისტემის ისეთი ქვეყანაც კი, როგორიცაა ბრიტანეთი ტრასტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით). ზოგმა დასვა კითხვა – რატომ მაინცდამაინც 100 და არა 98, ან 70? (ცნობისათვის საქართველოში 61 მუნიციპალიტეტია და 5 თვითმმართველი ქალაქი, ასევე ცნობისათვის, 4 მილიონიან სინგაპურში 29 საავადმყოფოა, მაგრამ ეს სხვა წერილში გავაგრძელოთ). ალბათ 100-ც აქვს გამართლება, რადგან მითები ციფრებში გამოხატულ სილამაზესაც მოითხოვენ.

ამაზე დღეს რატომღაც არ ლაპარაკობენ. არც იმაზე ლაპარაკობენ, თუ რა შედეგები ექნება სადაზღვევო სისტემის დარაიონებას. გერმანიაში ასეთ სისტემას “ლენდურს” უწოდებენ, რომელიც თავად გერმანიამ უარყო რამდენიმე წლის წინ როგორც კონკურენტული გარემოს ხელშემშლელი. თუმცა დუმილი მითებზე დაფუძნებული სისტემის ყველაზე საყვარელი სტრატეგიაა.


“აქა ამბავი ეშმაკების დეტალებში “სრიალისა”

ეშმაკი, როგორც ცნობილია, დეტალებშია. დეტალებში ჩახედვა კი ძალიან არ უყვარს მითოლოგიზირებულ სისტემას, რადგან დეტალებით ცნობისმოყვარეობა პანდორას ყუთის გახსნას ჰგავს, საიდანაც შესაძლოა ეშმაკებივით ამოფრინდეს ყველანაირი სიავე და ბოროტება, და უბედურების წყაროც კი გახდეს. ამიტომაც მოსწონთ და ფართოდაა მიღებული ჩვენში ზედაპირზე “სრიალი” (კახა ბენდუქიძის ტერმინს მოვიშველიებთ), მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დისკურსების და ღრმა ანალიზის გარეშე.

დეტალები კი ასეთია: ჯანდაცვის სექტორში აღნიშნული ცვლილებით უქმდება ის სტრუქტურული რეფორმები, რაც ლიბერალიზაციის დროშით ამ სფეროში ბოლო წლებში მიმდინარეობდა. პოსტრევოლუციური წლების განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები მიზნად ისახავდა დარგში საბაზრო რეგულატორების განვითარებას, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და ხელშეწყობას.

რეფორმამდე საქართველოს მოქალაქეებს უფლება არ ჰქონდათ აერჩიათ მათთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია. ჯანდაცვის დაფინანსებას ახორციელებდა მხოლოდ ერთ სახელმწიფო ფონდი. 2007 წელს დაწყებული რეფორმების შედეგად მზღვეველის სახით მოქმედებს მრავალი სადაზღვევო ორგანიზაცია და დაზღვეულს შეეძლო არჩევანი გაეკეთებინა სადაზღვევო კომპანიებს შორის. ამ კუთხით საქართველო ეხმიანებოდა მსოფლიოში სადაზღვევო სფეროში არსებულ ყველაზე პროგრესულ მიმართულებას, რისი განხორციელებაც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამაც კი ვერ გაბედა.

2010 წლის მარტის თვიდან გაქრა კომპანიებს შორის კონკურენცია, სადაზღვევო კომპანიები ერთპიროვნულ მონოპოლიებად იქცნენ შესაბამის რაიონში. მარტივია მტიცება, რომ სადაც კონკურენცია არაა იქ არაფერი ესაქმება ლიბერალურ ეკონომიკას. ამ ცვლილებით სადაზღვევო სისტემა ისევ დაუბრუნდა იმ ფორმას, რომლის მიუღებლობაც გარკვეულწილად საფუძვლად დაედო თავის დროზე მონოპოლისტური სადაზღვევო სისტემის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას.

მივყვეთ დეტალებს.

“ალისა აქ უკვე აღარ ცხოვრობს”, ანუ ლიბერალური ეკონომიკის ქართული სინამდვილე

ახალი გეგმა ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიების მიერ 26 ე.წ.

სამედიცინო რაიონში განსაზღვრული სიმძლავრისა და თანამედროვე დონის საავადმყოფოების შექმას. ეს ნიშნავს რომ დაზღვეულს არამარტო სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება ერთმევა, არამედ არანაკლებ უმთავრესი უფლება – თავად აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება, ვინაიდან ასეთ პირობებში პაციენტი იძულებული ხდება შემოიფარგლოს მხოლოდ მის რაიონში მოქმედი სადაზღვევო კომპანიის, მისი კლინიკის და სამედიცინო პერსონალის მიერ შეთავაზებული მომსახურებითა და პირობებით. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ირღვევა ,,პაციენტის უფლებების შესახებ” კანონის მე-5, მე-7 და მე-8 მუხლები.

ზოგმა ექსპერტმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და განაცხადოს: მართული ჯანდაცვის ფორმებს პრეცენდენტი აქვს მსოფლიოში და არაფერია აქ მიუღებელი. ასეთი პასუხიც დეტალების იგნორირებაა და ისევ ზედაპირზე “სრიალი”, რადგან იქ, სადაც მართული ჯანდაცვის ფორმები არსებობს, ბენეფიციარებს აქვთ ამ ორგანიზაციების არჩევის უფლება, რითაც იქმნება კონკურენტული გარემო. რაც ჩვენში რაიონებად გადანაწილებული სადაზღვევო სისტემის დროს სრულიად გამორიცხულია.


აქა ამბავი არჩარევის თუ ჩარევისა, ანუ მართლა ერევა თუ არა სახელმწიფო ბაზარზე?

“ეკონომიკური თავისუფლების აქტი”-ს მიხედვით სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს ბაზარს. სრულიად მისაღები განაცხადია, რადგან რაც უფრო მინიმალურია ჩარევა მით უფრო ვითარდება ბაზარი. მაგრამ ისევ დეტალებშია ეშმაკები – როდესაც კონკურენტულ სადაზღვევო სისტემას ერთი ხელის მოსმით გადააქცევ არაკონკურენტულ სისტემად, ხოლო სადაზღვევო პროგრამაში მონაწილეობის პირობად სადაზღვევოების მიერ საავადმყოფოების აშენებას დააყენებ, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ რომ სახეზეა სადაზღვევო ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის აშკარა მცდელობა.

ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეოლოგი მილტონ ფრიდმანი წერდა:“ჩვენ ვერ ავიცილებთ მთავრობისათვის გარკვეულ საკითხთა გადაცემას“ და ამ საკითხთაგან უპირველესად მიიჩნევდა “კონკურენციის დაცვას”.

ქართველი ლიბერტარიანელები ამ საკითხშიც განუდგნენ ლიბერტარიანიზმის პრინციპებს. მათ არათუ დაიცვეს კონკურენცია, პირიქით, გახადეს არაკონკურენტული, არაფერი რომ არ ვთქვათ სადაზღვევო ბაზარზე ფარმაცევტული კომპანიების შემოყვანაზე, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტები იუმორით “ბერმუდის სამკუთხედსაც” უწოდებენ – ფარმაციის, საავადმყოფოს და დაზღვევის ერთ ქუდს ქვეშ გაერთიანებამ ბერმუდის სამკუთხედივით საერთოდ ჩაყლაპა კონკურენცია. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ასეთ სამკუთხედებს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.


აქა ამბავი ჯუნგლებისა და ორსახოვანი იანუსისა

ჯუნგლები არ ავითარებენ თავისუფალ ბაზარს, რადგან თავად ჯუნგლები ქმნიან კალაპოტებს თავისუფალი დინების საწინააღმდეგოდ. თავისუფალი განვითარება ბუნებრივი დინების დაცვაშია ჯუნგლური ბელადებისგან. დაცვა კი სრულებით არ ნიშნავს ციკლოპური თვალით თვალთვალს, არამედ ჯუნგლური კალაპოტების მოშლას და სწორ დინებას ზღვისაკენ.

სამედიცინო დაზღვევის სფეროში მიმდინარე რეფორმები სულ უფრო ემსგავსება ორსახოვან იანუსს, რომელსაც ერთი შეხედვით სასურველი და პროგრესული მიზნები აქვს, მაგრამ მეორე მხრივ სახეზეა საპირისპირო შედეგი არაკონკურენტული სისტემის შექმნის სახით. ყველაზე მეტად სამწუხარო და დასაფიქრებელია ის გარემოება, რომ ასეთი სისტემა განაპირობებს შეუქცევად პროცესებს, რითაც სამუდამოდ დასამარდება ლიბერალური მიდგომები და კონკურენტული საბაზრო მექანიზმები ჯანდაცვაში, რადგან სადაზღვევო კომპანიის მიერ აშენებულ საავადმყოფოს უკან ვეღარ ჩამოართმევ. თუ შეიცვალა მიდგომა, ვერც სხვა კომპანიას ააშენებინებ მეორე ჰოსპიტალს და არცაა საჭირო ორი საავადმყოფო ერთ რაიონში.

შესაძლოა ზოგიერთმა ექსპერტმა საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას, რომ დღეისათვის უმთავრესი პრობლემაა თანამედროვე დონის საავადმყოფოს აშენება.

პასუხი მარტივია – რამდენად უღირს ქვეყანას ლიბერალური ეკონომიკის, თავისუფალი, კონკურენტული საბაზრო პრინციპების გაცვლა საავადმყოფოს პრიორიტეტზე. ფაქტიურად ლიბერალური პრინციპები მსხვერპლად შეეწირა ჰოსპიტალს. გიგა ზედანიას წერილი გამახსენდა “სურამის ციხის ინტერპრეტაციისათვის”, სადაც ერის კონსოლიდაციას უაზროდ ეწირება ნაწარმოების გმირი. არადა არც იყო საჭირო!

კარგი იქნებოდა შედარებისათვის განგვეხილა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყნის სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ეფექტურ სისტემადაა მიჩნეული მსოფლიოში. მისი ეფექტურობა შედეგია იმ მართლაც ჭეშმარიტი ლიბერალური მიდგომებისა რასაც ქვეყანა თანმიმდევრულად ადგას აგერ უკვე ორი ათეულ წელზე მეტია. ეფექტურობის გასაღები კი დევს პიროვნების პასუხისმგებლობის და სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევების, ნორმატიული რეგულირების კომბინაციაში. მაგრამ ამაზე მეორე წერილში გავაგრძელებთ.

წერილის დასაწყისში ნახსენები ნოვალისისა არ იყოს, ზღაპრიდან რეალობაზე გადასვლაზე ფიქრისას რატომღაც მარტინ სკორსეზეს ფილმი გამახსენდა – “ალისა აქ უკვე აღარ ცხოვრობს”, როგორც რეალობაში გადმოტანილი ლუის კეროლის ზღაპარი – „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.




.