Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
მოთხრობა
პროზა
სულის ხეტიალი


სულის ხეტიალი

სატუსაღოს კედლებსშუა გაიჭედა ბედისწერით მორკალული კაცთა მოდგმა. ზედახოცვით იჭყლიტება ცოცხალთ ლეში. ვიწროობით აღარ არის სუნთქვა.

ერთ სადგომში ერთმანეთის გვერდით მიჯრით დაიწნეხა სული. მოსაზღვრული კვადრატის სიმჭიდროვით გვამები ზეზეურად დგანან ცოცხალთ გვერდით.
დედამიწა _ დახურული, მრგვალი ქვაბი. მაღლიდან მზე აცხუნებს და დუღს ქვაბში მდგარი მწველი სითხე. იხვრიტება რკინის გარსი. იძვრის მიწა, ვულკანივით ამოხეთქავს გარსქვევითა ბნელი სივრცე.
ის კი ერთი ციდა, სუსტი ჩონჩხით, სიფრიფანა მხრებით. იგუდება გარსმოჯარულ ბნედიანთა წნეხით. ესმის ირგვლივმყოფთა უსასოო, სისხლდაცლილი კვნესა.

მიძვრება შავ კვადრატის უწვრილესი ნაპრალთ შუა.

სურს გაექცეს, მოარღვიოს ამ გალიის მოსახლეთა მწყობრი რიგითობა.
გაწამებით აიწია მოსწორებულ საყრდენს ზევით. შვება იგრძნო, ფეხქვეშ გაეცალა სწორი ხაზი.
ადის მაღლა, აგერ უკვე გადალახა ჯგროთი გაჭედილი ერთი სფერო.
კიდეწამახული სატევარი ჩამოუსვა გარსად შემოჭერილ მძიმე ფარდას და გაიფხრიწა სატუსაღო.
აიშალა ერთფეროვან თავთა დამწყვდეული მდუმარება. ტვინის ჩვეულებრივ სიგრძივ ხაზებს შეეპარა ბუნებრივი ბზარი. დაიხლართა, დაიტოტა ქალასარქვლის ქერქქვეშ დაფარული გზები.
გაფხრეწისთვის მიაკრავენ ეკლის ძელზე. შურისგებით დაგორგლილი ტალახი ცვივა მუჭა-მუჭა. მათ ისევ შავი კვადრატი ენატრებათ, მორკალული, მოსაზღვრული და დანგრეულ ჯებირებს ალაგებენ აგურ-აგურ.
,,სადღა არის ჩარჩო?!”
,,რად წაგვართვი მწყობრი შესაფარი?!”
,,რად ააძვრე სახურავი?!”
,,ქვაბს საფარი დაახურე! შემოკერე ისევ გარსი!” _ საწყალობლად ისმის უნებლიედ თავახდილთა სამდურავი.
აიწევა ძელი ზევით, ადის მაღლა. სიმაღლეზე ვერ ასწვდება ტალახთ სროლა.

სიბრალულით გადმოხედავს მწვალებელთა ქვედა სამანს. დაბორკილი ხელს აიხსნის. თავქვე ეკიდება ძელზე. მიტევების ხელებს იშვერს.

ნაწილი და მთელი... მოკვეთილი ნაწილი. შერისხული სიშორე და მიახლოების წადილი. დგება ჟამი სინანულის.

განზე მდგარი მთელი ხელებს ასწევს.
თავქვე დაკიდული ნაწილის გაშვერილი ხელი. მომნანიე მთელის უთვალავი აშვერილი ხელი.
სიშორეთა ფერება....
ამღვრეული ციდან მოასკდება თეთრი წვიმა. ჩამორეცხავს ტალახისფერ ტაბუს უჩარჩოო, გამჭვირვალე ნება და დაცხრება სულის შრეთა სისხლისფერი ხოცვა-ჟლეტა.

სამყარო _ ღია, უთავბოლო და უფორმო. აღარც წნეხი, აღარც დახურული, ობიანი ორმო. სასუფეველს უშფოთველი მზე ანათებს.
გადაინგრა ჯებირები, მოიშალა საზღვრები. ფრთაგაშლილი მილივლივებს ცაზე. უსაზღვრობით გათანგული დათარეშობს ამ სამყაროს უნაპირო გზებზე.

სიფრიფანა მხრებით აწყვეტილი ქროლვა. უგზო-უკვლოდ სანუკველი წოწიალი.
... და იწყება ახალ გზებზე სულის უბოლოო ხეტიალი.

მიუნხენი, 1998 წელი.