აიფარე თვალზე
აიფარე თვალზეწითელი შუშით შევიხედე ჭიანჭველების აფუტკნულ ბრბოში.
ისმის ხმათა შიშნარევი შიშინი, დაგეშილ გველთა შხამიანი სისინი.
ისინი...
ისინი ინით არიან შეღებილი და საფარქვეშ ჭეშმარიტი არაფერი ჩანს.
უაზროდ დაგდებული ქაოტური სადგომები.
ომები...
ომებით აღებული ფერდობები. ობით დასერილი, გადაყრუებული, ბერწი მიწა, საცხოვრისი _ მხოლოდ წამიერი გაელვებისთვის. უსასრულობამ ჩაყლაპა დრო, დრომ საუკუნე, საუკუნემ წელი, წელმა თვე, თვემ დღე, დღემ საათი, საათმა წუთი, წუთმა წამი, წამმა უსასრულობა...
შავ-თეთრი ფერით შეიღება ერთფეროვანი სვლა.
სვლა სილაზე, უდროო წვიმა უფერულ ნაფეხურებს შლის. მოიხედავ უკან, თითქოს არც გქონია სვლა, თითქოს არც ყოფილა შენიღბული წითისოფლის გზა.
ცრის, სისხლისფრად წვიმს, უსასოობა სასიკვდილოდ გჭრის.
გადაიღებს ნაფეხურთა წამლეკავი, მომწამვლელი წვიმა.
გალექილი სიცხით გამოშრება ქვიშა.
დაიხრები, ხელს შეახებ, ვერც აიღებ, დაგეპნევა მზით ნაფერი, მშრალი ქვიშა.
მიდიხარ და თითქოს არსად არის ზღვარი.
წყნარი, მშვიდი სკნელი, არსად ბზარი, არც ტიხარი. არც გგონია საბოლოო დასასრული.
რული ეკიდება თვალებს და სიზმარში სამყაროა უცოდველი. სადღა არის ძელზე მილურსმნული დროის უსაშველო ტკივილი.
სიფრიფანა ნემსის უწვრილესი გზა.
საცნაური და ჩვეული ერთი ფერის ცა.
უცნაური, უჩვეულო, ცხელ ქვიშაზე ამოსულა საკვირველი ბზა.
აიფარე თვალზე მეწამული მინა.
დაინახავ, უსათუოდ დაინახავ როგორც გინდა..