ყველაზე ძვირი საჩუქარი - ელემენტი სახელად კრონა
ყველაზე ძვირი საჩუქარი - ელემენტი სახელად კრონაგამოგიტყდებით და, ძალიან დიდი ხანია, ასე ძალიან არაფერი მწყენია... ბოლო საჩუქარი, სათამაშო მანქანა დისტანციური მართვით ისეთი უსარგებლო გახდა, გადასაგდებადაც შემეცოდა.
არადა, მთელი სამყარო იყო ჩემთვის – მაშინ, გასულ საუკუნეში, თორემ ახლა ყველა ბაზრობაზე იყიდი მაგაზე ერთი ასჯერ უკეთესსა და მაგარს. აი, წარმოიდგინე, აქედან სამი ბორბალი, იქიდანაც. მერე ზემოდან ისრები, ციფრები, პაუზები, ბექები, ქენსელები აი, როგორც კლავიატურაზეა.
დიდი არაფერი ხომ? ჩვეულებრივი კლავიატურააო, მეტყვით, მაგრამ არა, ხალხო! ეს ყველაფერი ათას ცხრაას 84 წელში ხდება. დაბადების დღე მაქვს და უკვე 9 წლისა ვხდები და მაგარი გარყვნილი ვარ, ბავშვურად. ჩემი გარყვნილობა, როგორც დედაჩემი ამბობს, ნათლიაჩემის ბრალია, ზურასი!
სტუმრების მოსვლას ბოლო არ უჩანს, თუმცა, ყველა მკიდია, როგორც შეუძლია დაკიდება უკვე 9 წლის გამხდარ, გამხდარ ბავშვს. ნაძალადევად ვუღიმი ყველა სტუმარს და სახლში არც შევდივარ. ვის ველოდები? თავადაც მშვენივრად მიხვდით უკვე – ზურა ნათლიას!
და, აი, ისიც! ეზოში წითელი ფერის `სემი~ ჩერდება. იქიდან საშუალოზე მაღალი, საშუალოზე მსუქანი კაცი გადმოდის და... გული თუ რა ვიცი, იქნებ სხვა ორგანოა – ყელში მაწვება...
რო ვიწამლებოდი ხოლმე ბავშვობაში, მაშინ მქონდა ხოლმე ასეთი შეგრძნებები – სუნთქვა მიჭირს კიდეც რაღაცა უუუდიდესის მოლოდინში. ერთი კი ვიცი – ზურა ნათლია მოვიდა, რაღა თქმა უნდა, უსერიოზულესი საჩუქრით, იმიტო რო რაკი მოვიდა, საჩუქარიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი იქნება.
ნათლიას ძალიან, ძალიან ვუყვარდი და, ალბათ, ისიც იცოდა, რო კარში ველოდი და - `კაცური კაცი~, დაბადების დღეს გილოცავ, დიდი, დიდი კაცი გაიზარდეო და ჩამახუტააა!
მამაჩემმა... მაშინ არ იყო, არ მოდიოდა ეგეთები, - რას იხარჯებოდი, რად გინდოდა, სად იშოვე და ასე შემდეგ, ღირსეულად დაუტყლაშუნა ხელი ზურას და ქეიფიც გაჩაღდა...
ოქროს თევზი დაგიჭერია ოდესმე თავის სამსურვილიანად?
ჯადოსნური, ოქროს გასაღები გიპოვია?
უკვდავების წყაროდან თუ დაგილევია ასი გრამი მაინც?
არა????
ყველა სურვილი ერთად ამიხდა, ხალხო, რაც კი მენატრა აქამდე! უშველებელ ყუთში სწორედ ის იდო, რაზედაც ოცნებაც კი, ოცნებაც არ შეგვეძლო მთელ ჩემს `პაკალენიას~. დისტანციური მართვის სათამაშო მანქანა!
ეეეეჰ! ახლა ვიხსენებ ასე მშრალად, თორე მაშინ ჩემთვის მთელი სამყარო იყო.
ჰოდა, ჩემი სიხარული რაღაცა მომენტში მამაჩემის უკმაყოფილო გამოხედვამ დაჩრდილა, მაგრამ მაგარი მეკიდა, ძმებო! ოცნება აღსრულებული იყო - `ემერიქან დვრიმ~ ამ ჩემს მანქანასთან შედარებით ერთ ძუძუებამოყრილი, ხელმაშხალიანი ქალი იყო, მეტი არაფერი. უკმაყოფილო მამა-მეთქი...
წლების მერე გავიგე, რო, ესა, ნათლიაჩემი და მამაჩემი თურმე ერთმანეთს `უჯოკრავენ~. უფრო-უფრო ძვირ საჩუქარს რომელი მოახერხებს და ასეთები! ძაან, ძაან კი გამიტყდა, მაგრამ მამაჩემიც ხო მთელი სულითა და გულით ჩუქნიდა ზურა ნათლიას, და ისიც იმავე გაქანებით უბრუნებდა საჩუქარს.
სტუმრებს იოლად გავუსხლტი, დავიკიდე ყველა, რა თქმა უნდა, და პირველი, რაც დავინახე, ჩემი ძმის გაფართოებული თვალები იყო – მანქანას შესჩერებოდა და არ დამიჯერებთ, ძმებო! ისეთი ბედნიერი ვიყავი – ძმას, ჩემზე ერთი წლით უფროსს, მანქანა გავუწოდე და შენი იყოს, შენთვის მიჩუქნია-მეთქი – ძაან დიდმა ბედნიერებამ იცის ესეთები! ჩემმა ძმამ – შენი დაბადების დღეა და შენი საჩუქარია, როგორ გამოგართმევ – გავსინჯოთ, როგორ დადისო!
მანქანა ყუთიდან `ამოვიყვანეთ~ და იატაკზე `დავსვით~. დავსვით, იმიტო რო მაშინ ცოცხალი არსება იყო ჩემთვის და სადაც ეწერა `ოფფ~, ანუ ჩართეთ, და, ღილაკი გადმოვწიე...
ღილაკი კი გადმოვწიე, მაგრამ რად გინდა, ჩემი ფეხები! არანაირი გრძნობა.
მანქანა ხმასაც არ იღებს. მინდა ერთი მაინც დაიწკმუტუნოს, ან რამე აინთოს, მაგრამ ჩემი ახალი სათამაშო ზურა ნათლიას ნაჩუქარი სათამაშო ერთობ უგრძნობლად დგას და არანაირი რეაქცია არა აქვს. ხელისგულით თბილად რო ვეფერები და თან ღმერთს ვეხვეწები – ღმერთო, ოღონდ ახლა ჩაირთოს, ოღონდ ახლა ჩაირთოს-მეთქი!
კი, კი! სწორად მიხვდით ძმებო!
ისეთი ღრიალი მოვრთე, ქვედა მეზობელი ამოვიდა, ცუდი ხო არაფერი ხდებაო?!
ყველა წამში მიხვდა და მთლად აჭარხლებულმა ზურა ნათლიამ, ბაზარი არ არი, ხვალვე გექნება მაგის ელემენტებიო, - მარტო მაგის ნათქვამი დამაწყნარებდა.
ის ღამე თეთრად გავათენე....
მერე რა იყო?
მოდი აბა, მოვლენებსა და ფაქტებსაც...
20 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე ხო იყო – 30-ში ზურა ნათლიას მეუღლის!
- მამაჩემმა, არ ვიცი, საიდან 100 (ასი) მანეთად ნარდი იყიდა, სპილოსძვლის კამათლებითა და კოჭებით, კაკლის ხეში გაწყობილი და რამე!
6 ნოემბერს, ჩემი ბიძაშვილის, ანუ მამაჩემის ძმის შვილის, სოფოს დაბადების დღეა – ჩემმა ნათლიამ ზურამ, ჩეკებზე (იყო მაშინ ასეთი მაღაზიები) ნაყიდი `პანასონიკის~ მაგნიტოფონი მოიტანა.
7 ნოემბერს – დღესასწაული იყო... მამაჩემმა დაასწრო და დილაადრიან დაეცა თავს – ქართული პროზის მთელი ოცდაათტომეული.
7 ნოემბერი – დღესასწაული იყო და ზურა ნათლია რა, ნათლია არ იყო? გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან სპეციალურად ჩემთვის გამოგზავნილი ჯინსები.
24 ნოემბერს ზურა ნათლიას სიდედრის დაბადების დღეა. ქეიფის საბაბი აქვს მამაჩემს, მაგრამ რა წაუღოს? არ დამცინოთ, ძმებო! `ნოლ-სემის~ კარბიურატორის `პრაკლატკის~ შოვნა მაშინდელ (1984წ.) თბილისში ნოვატორობად ითვლებოდა და ქაღალდში შეხვეული, რაღაც უცნაური ნივთი გადასცა მამაჩემმა ზურა ნათლიას. ერთი იმისი სახე გენახათ...
მე ვნახე, მე იქ ვიყავი!
3 დეკემბერს... მამაჩემი თოფების გიჟი ხოა? პაპაჩემის დაბადების დღე საიდან იცოდა ზურა ნათლიამ, დღემდე გამოცანაა! დაგვადგა და რაღაცა უჭირავს, ტყავის შალითაში და რამე! ეს რამე მერე იტალიური, არასერიული წარმოშობის, ორლულიანი თოფი `მაკენა~ გამოდგა, თანაც ოქროს ჩახმახით (მოოქროვილი კი არა, ნაღდი ოქროსი)!
ამან მთლად გააგიჟა მამა!
საახალწლოდ, 31 დეკემბერია! ოღონდაც, ძაან გთხოვთ, არავინ დამაბეზღოთ! სად, ან როგორ იშოვა, არ ვიცი! მამაჩემს ხო თოფები ევასება, ნათლიას კიდე ხმლები! მამაჩემი მაგარი სხარტი ვინმეა, ადგება პირდაპირ, თორმეტს რო წუთები უკლია და ქაღალდში სათუთად შეხვეულ გრძელ რამ ნივთს უწვდის.
– ეს რაააო? – თვალები უფართოვდება ზურა ნათლიას. – გახსენი და ნახავო, – მამა პასუხობს.
შეფუთული ნამდვილი ხმალია და თან აშკარად... ნებისმიერი კოლექციონერი დადებს თავს, რომ ეს ის არი! (სად იშოვე მამა?)
ხმალზე ნათლად, ქართულად წერია - `მე ვარ ავი მუსაიფი, კახთ ბატონის ირაკლისი! – ერეკლე მეფის ნაქონი ხმალი, ხალხო...
მოკლედ, ნამდვილად არ მინდა, თავი შეგაწყინოთ!
მეტი რაღა ჩამოვთვალო:
ამან - ორკასეტიანი `ჰიტაჩი~;
იმან - მთელი ბლოკი `მარლბორო~ (ეს ისე, ვიხადნოიზე);
ამან - დარეჯან დედოფლის ოქროს ყელსაბამი;
იმან - ჩუკოტკაზე მოკლული მურა დათვის ტყავი;
ამან - ზარი ახლობელთან და მაგარი საქმის მოგვარება;
იმან - პიანინო `პეტროფი~;
ამან - საბჭოთა ენციკლოპედიის ყველა ტომი;
იმან – ერთობ უსარგებლო ნივთი - ნამდვილი მობილური ტელეფონი გერმანიიდან (თუმცა, მაშინ არც ჯეოსელი იყო არც მაგთი)
იმან
მეტი საქმე არ გქონდათ, ხალხო, ერთი ცალი `კრონას~ ელემენტი გეჩუქებინათ, ჰა, რა იქნებოდა?!.