იმათი დედებიც...
იმათი დედებიც...აქ, თბილისში..
_ შენიანი ვარ ძმაო!
_ ვისიანი?
თოვლი სულაც არ იყო იისფერი. ჩვეულებრივი იყო, თეთრი. ერთი ეგ არის, ხანდახან ფერფლი გამოერეოდა ხოლმე, შავი.
ლამაზია შავ-თეთრი თოვლი. ხვეტავდნენ ხოლმე იმ ქუჩას, მთავარს, მაგრამ, რა! ჰო, გვამებიც გაჰქონდათ, თოვლთან ერთად. მოწინააღმდეგეს რომ შეამჩნევდნენ, გამორიცხული არ იყო, დაეფურთხებინათ ზედ და გადაებოტებინათ. ხელები ეყინებოდათ ავტომატზე და ბინძურად იგინებოდნენ, ქართულ-რუსულად იგინებოდნენ. იარაღი ბლომად იყო! ამათაც ჰქონდათ და იმათაც! შეაყენებდნენ და მიდიი! არა, ვერც ვერავის გაამტყუნებ – წამალი გინდა ძმაო? ფული გინდა? ხოშიანი მანქანა გინდა? ჰა, აგერ არის... ოღონდ მამული... გაზაფხული რომ მოვა, ხომ გინდა ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სირბილი თუ კუნტრუში?!
სულ არ მეძინება, არც მეცინება...
თეთრი ღამეებია, თბილისური თეთრი ღამეები, ლენინგრადისაში არ აგერიოთ. სულელურად ახრჩოლებულ ლამფასთან ვათენებ და ვაღამებ, ხანდახან საჭმელსაც ვჭამ ხოლმე. საზიზღარ ხასიათზე ვარ, მერამდენე დღეა უკვე... წამალიც მომბეზრდა და მოსაწევიც გამითავდა, თუმცა მაინცდამაინც არც მენატრება. გუშინ არკადა იყო ამოსული ჩემთან და მეუბნება, წამოდიო, იცი რას ვკაიფობთო? ავტომატები ყელამდე და მაგარს ვგრიალებთო. თავისდთან მეპატიჟება ნარკომანი ვირიშვილი! მინდა ახლა ეს დავიდარაბა? არადა, ეს დარტყმული სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკება – პატარატიზმი არა გაქვს შენო... ამათ მხარეზეა, ხო აზრზე ხარ ვის მხარეზე? მე ვერა ვარ აზრზე, იმიტო რო დღემდე ვერ გავარკვიე, იმ დროს ვინ ვის მხარეზე იბრძოდა, თუმცა, ეს უკვე სულ სხვა თემაა.
ჰო, არკადამ წამოდიო და მე კიდევ სამცეცხლშუა ვარ და ძალიანაც დაფიქრებული. არკადას მოტანილი წამალიც ფაფუ! ახლა ვზივარ და ვცდილობ გაწყვეტილი ფიქრი გადავაბა...
მთელი ხროვა ვიყავით. ვინ არჩევდა და ვინ უყურებდა _ ათეული, ოცეული. ერთად ვიყავით და არაფრისა გვეშინოდა. ბეტეერიც გვყავდა და ერთი დანჯღრეული ტანკიც. აიმ სახლთან ვიდექით, მთლიანად დაცხრილული რომ იყო. ტყვიამფრქვევი გვქონდა ერთი, ტანკსაწინააღმდეგოსავით.
რომ აკაკანდებოდა, ცხვირის გამოყოფასაც ვეღარ ბედავდა ვერავინ. დაჟე, ხმაზე სცნობდნენ! ამ ტყვიამფრქვევთან ალესკერა იჯდა, - ქურთი თუ იეზიდი, არ ვიცი, მაგრამ საშინელი ლოთი რაღაცა კი იყო. `რუსსკაია~ უყვარდა ძალიან და ჯიხურებს რომ გავწეწავდით, ყოველთვის მოგვქონდა მისთვის, ლუდიც, რა თქმა უნდა, ფირმა ლუდი `პილზენი~, თუ არ ვცდები. ჩამოიმწკრივებდა ეს ალესკერა და იყო თავისთვის გატრუნული და გამოსირებული.
...ჰოდა ერთხელაც არის და ვდგავართ, ჩვეულებრივ. თან კაცი გვყავდა გაგზავნილი და წამალს ველოდით. გავიხედოთ და, ზემოდან ტალახში ამოსვრილი `შესტიორკა არ მოგრიალებს? გადავტენეთ, ვისაც რა იარაღი გვქონდა და ფრთხილად გავედით გზაზე. ეგეთ ამბებში ყოველთვის ვიბნეოდით და იდიოტურად ვუყურებდით ერთმანეთს.
ჩვენი მხრიდან ვიღაცამ ისროლა კიდეც. მძღოლს კიდევ ვერ გაეგო, რა ექნა, ერთი ეგ იყო სიჩქარეს არ ანელებდა. დაღმართი იყო და მოლიპული გზა. მოკლე ჯერს გრძელი მოყვა. ასე ვიქცეოდით და უცებ ჩვენიანი გამომდგარიყო? მანქანამ ნელ-ნელა დააგდო სიჩქარე და ბოლოს სულ გაჩერდა.
-გააჩერე შენი დედა! – ხმის ჩახლეჩამდე ვბღაოდით.
ავტომატი რატომღაც ხელში აღარ მეტეოდა.
- ნელა გადმოდი შენი დედა! ეგრევე არ გადმოხვიდე, თორე დაგაჭედებ!
მძღოლმა ოდნავ ჩამოსწია ფანჯარა და შეშინებული თვალებით ამოგვხედა. ავტომატი მაშინვე დაადეს თვალებს შუა და ჩვენც მივედით.
-ძმებო, თქვენი ჭირიმეთ, ძმებო! იმათიანი ვარ ვარ
მაგრამ უნდა გამიშვათ! დაჭრილი მიმყავს ძმებო, იქნებ გადარჩეს, შვილია ჩემი!
მანქანაში ჩავიხედე და თფუუ, მაგის დედა ვატირე! ყველაფერი უბედური მე როგორ უნდა დავინახო – შიგ ყელში ქონდა მოხვედრილი და რაღაცა ხორცის ნაგლეჯი უბედურად კონწიალობდა, მუქი ლურჯი იყო და სისხლიანი. სახეც არ უჩანდა, სულ წითელი იყო.
ფეხები რაღაც არანორმალურად გადაგრეხილი და გახეული შარვლიდან ბალნიანი წვივები მოუჩანდა. ამის დანახვაზე სერჟანტი კინაღამ წაიქცა სიცილისაგან. მერე უცებ გაჩუმდა და `რავქნათბიჭები~ თვალებით მოგვაჩერდა.
უცებ მანქანის მძღოლმა რაღაც არანორმალურად შეჰყვირა და ჩემს ზურგს უკან მდგარს შეჰღრიალა:
-შენა, ალმასხანას ბიჭი არა ხარ? ძმაკაცები ვართ, ბიჭო, მე და მამაშენი!
მოკლედ, მაგარი ახლობლები გამოდგნენ. მძღოლს
სითამამე მომატებოდა ამასობაში და დარწმუნებული იყო, რო გავუშვებდით.
-ცოდოა მაგის დედაც, გავუშვათ! წადი შენი დედაც!
მიაგინა კიდეც.
იმან კიდე გაიგო `ცოდოაო~ - ეგრევე ქართველობაზე მოგვაწვა. ჩვენი ბედკრული, ჰმ ბედკრული საქართველო დაგვაფიცა თუ დაგვაგინა და თქვენი ჭირიმეთო, გზა გამითავისუფლეთო როგორმეო! ახლა გზის გათავისუფლება რო მოინდომა! ბუბა, გასძახე ალესკერას, ვეუბნები და ეს კიდევ მთელი ძალით ღრიალებს:
-ალესკეეერ, ამოქოქე, მიდიიი!
ამისი რეზიდენცია კიდე ცოტა ზემოთ იყო, მანქანის ძარაზე. ქვეშ, არ ვიცი სად ნაშოვნი, თივა ეყარა.
წინ ტყვიამფრქვევი ედგა და ცარიელი და სავსე ბოთლები. ზარმაც კატასავით გაახილა თვალები, რაღაც საზიზღრად მოიქექა მთელი კვირის გაუპარსავი თავ-ყბა და რა გაღრიალებთ ხომ არ შეიშალეთო.
-გზა უნდა ჩაკეტო, აბა შენ იცი!
იმან ჯერ ცარიელი ბოთლი მოიყუდა, მერე სავსე. დიდი ყლუპებით სვამდა. სავაზნე გასინჯა და იარაღს მიუცუცქდა. აუუ, რა ხმა ქონდა?! ყველაფერი ზანზარებდა და ხტოდა, გეგონებოდათ მესამედ მოსვლა იწყება მეორის გამოტოვებითო. საით ისროდა, ვის ესროდა, თავადაც არ იყო გაგებაში. გათავდებოდა ერთი ლენტი, მეორე იქ არ ქონდა?
-აბა, შენ იცი, ძმაო, დაუბერე, ღმერთი შენკენ!
`შესტიორკა~ ზმულით მოსწყდა და ქვემოთ დაექანა.
ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო. ყველა ცნობდა ხმაზე `მინამიოტს~ და ცხვირები იქ წაეყოთ, სადაც მოესწროთ. ისინი ალბათ ალესკერას გაბურძგნულ თავს ნატრობდნენ ტვინდანთხეულოს, ამ ვირიშვილს კი არც გაეგებოდა, რისთვის ისროდა, ზედიზედ ცვლიდა ლენტებს.
ამ შემთხვევაში `პილზენის~ ნახევრად დაცლილი ბოთლი გამოდგა მთავარი. ვიბრაციისაგან ბოთლმა საცოდავად ამოიწკარუნა და მანქანის ძარაზე გაგორდა. ალესკერამ სროლას თავი ანება და ლუდის გადარჩენას მიჰყო ხელი. ის იყო ბოთლი წამოაყენა, `ჩვენი შესტიორკა~ არ დაინახა?! – შენი დედა! – იღრიალა და იარაღს ეცა.
-ალესკერ, რას შვრები, შენი მკვდარი და ცოცხალი!
- ახლა მე ავღრიალდი.
`ჩვენი შესტიორკა~ ცეცხლის ალში იყო, გულაღმა ეგდო ხოჭოსავით და ხრჩოლავდა.
ორი ნაფაზიც და ორი წუთის შემდეგ ჩვენს სახელოვან ალესკერასთან ერთად ქართველი და ყაბარდოელი ხალხის ძმობის სადღეგრძელოს ვამბობდი.
...
იმათი დედებიც...სახლში რა გამაჩერებდა! ისე, მაინტერესებდა კიდეც რა ხდებოდა! ვიცი, ისტორიაშიც რომ შევა ეს წვირიანი და კაიფით გაგლეჯილი ფურცლები და ჩემი თვალით მინდოდა მენახა. მინდოდა ამბის გამომტანიც არ დარჩენილიყო და მაინცდამაინც მე გადავრჩენიულიყავი. მერე მომეყვანა ცოლი და მთელი ჯოგი ბავშვები მყოლოდა. მერე ვუამბობდი – როგორ ესროლეს ამათ იმათ და იმათ როგორ უპასუხეს სროლითა და დედის გინებით.
საღამოს ბუბასთან შევლა გადავწყვიტე, იქვე ცხოვრობდა, ამბის გაგება მაინტერესებდა და საერთოდაც, მომეწყინა. დაღამებას მაინც დაველოდე და ფრთხილად გამოვყავი სახლიდან ცხვირი. დეკემბრის მურტალი საღამო იყო და ჭიქა არაყი ნაღდად მერჩივნა აზიურს.
ბუბასთან კიდე სითბოც იქნებოდა და ყველაფერიც. სამი ჭიქა დავლიეთ და მერე ბუბამ მოვწიოთო. სულ არ მინდოდა და არც შემომხვეწებია. მაგან მოუკიდა და მაგრად ამყრალდა ჰაერი. მოწია და დაიწყო გახურება – წამოო, ბიჭები ვნახოთო. ნერვები მქონდა აშლილი, მინდოდა, ბუბას პრიალა პარკეტზე დამეფურთხებინა და სახლში წამოვსულიყავი. წამოვსულიყავი და დამეძინა.
თბილად დამეძინა დათვივით და ეგრე მძინებოდა ზაფხულამდე. ბუბა კიდე, ერთს თუ იტყოდა... კარამდე თითქმის ძალით მიმათრია და სიცივემ ძვალი და რბილი გამიერთიანა. მოკლედ მივდივართ და აზრზე არა ვარ, საით. რაღაც ცუდს მეუბნება გული და საერთოდ ბინძურ ხასიათზე ვარ. ამ გამოქლიავებულ ბუბას ეგონა, ძმაკაცებს მალე იპოვიდა. მაგარი უმთვარო ღამეა და რამე...
შესახვევში შევედით, ტუპიკი იყო.
მე კი ვიცოდი, მაგრამ ბუბა მიდოდა მეწვალებინა და გავჩუმდი. ინერვიულებდა და გინებას დაიწყებდა. გინება იცოდა, უკეთესს ვერც ინატრებდი! მაინც ცუდად მენიშნა იქაურობა, რაღაც კარგი სუნი არ უდიოდა, მთლად ჩაბნელებული იყო და საერთოდ! ის იყო, უნდა მეთქვა, აქედან ვერ გავალთ, უკან გავბრუნდეთ-მეთქი, რომ ამ დროს იღრიალა ვიღაცამ – ხელები მაღლაო! გამაცია, ეშმაკმა დალახვროს! ამ შუაღამისას, ამ უბედურ ადგილას ვინ და რანაირი გამოტყვრება.
უბედურ კაიფში იყვნენ, ღრიალებდნენ მხეცებივით, მაგრამ მაინც ვერაფერს აგებინებდნენ ერთმანეთს, ვერც ჩვენ. ის ერთი მაინც რას იჭაჭებოდა - `არ გაინძრეთ, თქვენი დედაო!~
-დავბრიდოთ, სიმონ! – ერთი ყვირის და გონია,
ყრუები ვართ.
-დაიცა, ჯერ გავჩითოთ და მერე დავბრიდოთ!
ბუბას შევხედე, სიბნელეში არ ჩანდა, მაგრამ ვიგრძენი, სიცილით იგუდებოდა, აზრზე ვერ მოდიოდა, ეტყობა კაიფი შეუბრუნდა, თორემ იმ შუაღამისას ავტომატზურგშიმიბჯენილს რა ჯანდაბა გამაცინებდა! ფარანიც მოგვანათეს და რავი, ჩვენი სიფათები არ მოეწონათ თუ რა იყო, ჰაერში ისროლეს გრძელი ჯერი. ბუბა სროლის ხმაზე გამოფხიზლდა და ალბათ მკვდრის ფერიც დაედო:
-აუ, გვბრიდავენ ამათი დედა!
არა, რა ძმაო, ერთად ვიყავით, ერთად ვიბრიდებით,
ეს გამოსირებული ბუბა მამშვიდებს.
ეჰ, ბუბა, შე მართლა გამოსირებულო! გმირობა და სიკვდილი რომ მდომოდა, აფხაზეთი აქ არ იყო, ოსეთი აქ არ იყო ჰა? ახლა იყავი ასე ხელაწეული და ყლაპე ფიფქები, სანამ არ მოგბეზრდება, შეძლება უკანასკნელადაც კი...
ერთი მოგვიახლოვდა, არ გაინძრეთო და საგულდაგულოდ გაგვჩხრიკა.
ლაპარაკზეც შევატყვე, საიდანღაც მეცნობოდნენ, მაგრამ საიდან, სად იყო ბაზარის დრო.
-ესენიც იქ მირეკე, - და მეთვალყურემაც გაგვიგდო
გოგიას ძაღლებივით.
ოთახში შეგვყარეს რაღაც საზიზღარში, დაგლეჯილი, გაწეწილი სავარძლებით და რამე. ერთი თორმეტი კაცი მაინც იქნებოდა, შეშინებული და მოღრეცილი სიფათებით. ერთმანეთს შეჰყურებდნენ და უფრო ეშინოდათ. შეგვრეკეს და კარი მოგვიხურეს. არავისთვის გვცალია და არც ჩვენთვის სცხელა ვინმეს. ბუბა ყველაფერს თავის თავს აბრალებს და ჩუმად იგინება. მომწონს ასეთი.
უცებ კარი გაიღო და ერთი ღრიალი მოისმა.
ვიღაცა იმუქრებოდა, უფრო სწორად ერთი იგინებოდა, მეორე იმუქრებოდა. ერთიც ვნახოთ და ჩემი უბნელი ძმაკაცი არ შემოაგდეს? კაი ბიჭი და რამე! არც ამათ საქმეში ერეოდა და იყო თავისთვის. არავის არაფერს უშავებდა, წყნარი ბიჭი იყო, ახლა კი ისე იგინებოდა, კბილებიდან ნაპერწკლები სცვიოდა. შეუგინებელს არავის ტოვებდა, მგონი ჩვენც გვაგინა, მე და ბუბას. მიკვირს, როგორ არ წამოარტყეს ქეჩოში. ხანშიშესული კაცი ახლდა, მამა იყო, პროფესორო კაცი, კაი კაცი.
-ბიჭებო რატო დაგვიჭირეთ, ბიჭებო. ისედაც
თქვენთან მოვდიოდით, ყველი და პური მოგვქონდა! -
იძახდა პროფესორი და უცებ მართლა არ გაჩითა ყველი და პური? ამის დანახვაზე არანორმალური სიცილი ამივარდა.
ძმაკაცმა პირველად შემომხედა, მიცნო და გადამეხვია.
-ამათი დედა, სიმონ! ჩვენი უბნელები არიან, განგრეულ კაიფში და ვერა მცნობენ, აზრზე ხარ? ელოდე ახლა, როდის გამოვლენ, ან თუ გამოვლენ საერთოდ! ჩვენებმა დაგვიჭირეს, აზრზე ხარ?
ძაღლი საკუთარ პატრონს ვერ ცნობდა და პირიქით. ესეთი ამბები იყო.
ჰო, ერთად ვიყავით მეთქი და არაფრის გვეშინოდა. ვსვამდით, ვჭამდით და დარჩენილ ბუტკებს წეწვას არ ვაკლებდით. ვის უნდა გაეცა ხმა, სამი თავი ვის ქონდა! ბარიგები მაგარ შიში იყვნენ, ზოგი საერთოდაც უარს ამბობდა, წამალი თვალითაც არ მინახავს, როგორია ისიც კი არ ვიციო. მაგრამ გაუყიდია კი არა? ტყავს ვაძრობდით ფეხის ფრჩხილებიანად. სიცოცხლე თუ გინდა, მოიტა, ძმაო! იყო გაბმული კაიფი და ყველა ვხარხარებდით, ვისაც ხარხარი შეეძლო. დაჭრილებიც კი სუსტად, შეძლებისდაგვარად იღიმებოდნენ, მკვდრებსაც რაღაც ღვთაებრივი ღიმილი გადაჰფენოდათ სახეზე.
ჰო, იცინოდნენ-მეთქი, თუმცა ყველას ერთი გული ხომ არ აქვს.
ერთი გვყავდა, სუფთა მანიაკი. მაგრად იჯდა წამალზე, რომ არ გაეჩხირა, ალბათ, გაგიჟდებოდა. ძალიან სუსტი გული ჰქონდა, კაცის წამებას ვერ იტანდა. ერთი უბედურება იყო იმის ბარიგებთან წარგზავნა. წართმევა ეცოდებოდა და სულ შარვალჩამძვრალი ბრუნდებოდა. ბოლო დროს მაგას აღარ აგზავნიდნენ და საერთო წილიდან შეხვედრილი წამალი კიდე არ ჰყოფნიდა. ერთხელაც ამდგარა და პირდაპირ გლდანში გასულა ნაცნობ ბარიგასთან.
ადრეც ბევრჯერ აუღია მისგან და ერთგვარ დავერიაშიც კი იყო, ენდობოდა. მისულა თურმე და ეუბნება – აიღე ძმაო ავტომატი, მაყუთი არა მაქვს, დავიადებ და მერე ამოგიტანო, თანაც შეძლებისდაგვარად ბრაზითა და მუქარით შეუხედია. ბარიგას კიდევ უფგიქრია – ეს კაცი ლომკაშია და რამე არ დამმართოსო. ამდგარა და თავისი ხელით გაუკეთები, თანაც ორმაგი, ავტომატი თავისთან დაუტოვებია. დამჯდარა ეს კაიფარიკი მანქანაზე და წამოსულა. მოვიდა ჩვენთან და რას ვხედავ, ადამიანს აღარ გავს. ფეხზე ძლივს იდგა და რაღაც ურთულეს, ძველქართულ სიმღერას მღერის სამ ხმაში, თანაც მარტოკა.
იმათი დედებიც...გავიხედოთ და სწორედ მაშინ არ ატყდა ბათქი? ყველა ჩავწექით და ზოგიერთმა ჩვენი მხრიდანაც ისროლა. ესეც ჩაწვა თავიდან. ვაჰ, ვუყურებ, აღარ ინძრევა, ხომ არ დაიჭრა-მეთქი და ნელ-ნელა გავხოხდი მისკენ. თავს ზემოთ ტყვიებს გააქვს წკმუტუნი, თავი მაღლა ვერ ამიღია. ეს კიდევ წამოხტა, შლეგიანივით იღრიალა და დამუშტული ხელებით სიცარიელე მოიმარჯვა, ვითომ ავტომატია, რაა! დგას გამოსირებული სიფათით და თავისივე სროლას ახმოვანებს – და-და-და-და თან გახარებულია – დავბრიდეე, ბოზიშვილი ვიყო, დავბრიდეეე! ჩაწექი-მეთქი, ვუღრიალე, მაგრამ გვიანღა იყო, - ჩააწვინეს...
ერთხელაც იყო, ბრძანება მოგვივიდა, იმ სახლს დაარტყითო, აი, მთავარი სახლი რომ იყო... საიდან, საიდან უნდა დაგვერტყა? ეკლესიიდან დაარტყითო, იქიდან დასცხეთ, თან სიმბოლურიც იქნებაო და რამე, ღმერთის ნებით გაანადგურებთო და ეგეთები. ჰოდა, ავიყარეთ მთელი ბანდა და და ტაძარს მივადექით.
მამაო გამოგვეგება, კარგი, კეთილი მამაო. `იარაღით ვერ შეგიშვებთ ტაძარში, იარაღი გარეთ დატოვეთ და ისეო. თავისაზე იდგა და ეტყობოდა გადათქმას არც აპირებდა. მივხვდი, რომ რაღაცით უნდა გაგვეტეხა, თორემ ნამდვილად მენანებოდა სასიკვდილოდ კეთილი მამაო. ავტომატი მივუშვირე და აბა, სამამდე ვითვლი-მეთქი. სამ-სამჯერ დავთვალე ყველამ და მამაოს ფეხის არ მოუცვლია და თვალიც არ დაუხამხამებია, კარებში იდგა და დამანამუსებლად შემოგვცქეროდა. გავიხედოთ და ერთმა ჩლუნგმა გვარდიელმა არ წამოყო თავი? იჩალიჩა, რაა! ტყვია რომ მესროლა, ისიც ვერ შეაკრთობდა მამაოს, ეს კიდევ, ნახე, რას ეუბნება: - მღვდელო, შე ტრაკო შენა! ეკლესიაში თუ არ შეგვიშვებ, ხო აზრზე ხარ...
აგე იქ, სატანას მსახური ზის და ის უნდა დავბრიდოთ... შენ თუ ეკლესიაში არ შეგვიშვებ, შე ტრაკო, შენა... ესეთები უთხრა. რაღა გავაგრძელო, შევედით.
სარკმელში გავყავით ლულები და სულ ზრიალი ავუყენეთ იქაურობას, იქიდანაც გვესროდნენ, მაგრამ სქელი კედლები საიმედოდ გვიცავდა. კაიფში ვიყავით, რა თქმა უნდა. ერთი ჩვენიანი საპირისპირო კედელთან მიმდგარა, სარკმელში ლულა გაუყვია და დიდი მონდომებით რაღაცას ცხრილავს. მივედი და რას ვხედავ...
დაცარიელებულ, უფანჯრებო სახლს უშენს ტყვიას. უცებ შემოტრალდა და გახარებულმა იღრიალა – დავბრიდეეე, გავარტყი, ბოზიშვილი ვიყო გავარტყიიი! ვფიქობ, რას გაარტყი, ვის გაარტყი შე ჩემა, ცარიელ სახლს ესვრი შე ქლიავო. ხმამაღლა კი ვეუბნები – საღოლ, ძმაო, შენა ხარ, რაცა ხარ-მეთქი.
დილა იყო, ალიონი...
დაღლილი ვარ, დაქანცული და სახლისკენ მეჩქარება. ავტომატი მხარზე მკიდია და ცხოვრება ფეხებზე. კიბეებზე ჩავდივარ ნელ-ნელა. ეგეთი მომენტია, რო ყველაფერი სულ ერთია – გინდა ეს იყოს, გინდა ის, გინდა კიდე კონსერვის ცარიელი ქილა. ყელში მაქვს ყველაფერი ამოსული, გამწარებული ვარ და ვერც ბოლოს ვხედავ ამ ამბებისას.
უცებ ღრიალი მესმის, გაჩერდიო! არც შემინელებია ნაბიჯი, ისე მივიხედე. ჯერ ისევ ბინდია და კიბის თავში გვარდიელის ფორმით დგას ვიღაცა. არ მეცნაურა, მაგრამ მომენტი იყო ესეთი – მეკიდა.
-გაჩერდი, შენი დედა, ვინა ხარ? –
მიყვირის. არავინაც არა ვარ-მეთქი, ჩემთვის გავიფიქრე და გზა გავაგრძელე. გაჩუმებული ვუყურებ და ნელ-ნელა ვინაცვლებ კიბეებზე.
– გაჩერდი, თორე გესვრი! – კიდევ ღრიალებს. ვცდილობ, გამოვიცნო, ვის მხარეზეა, მაგრამ რას გაიგებ.
–თქვენიანი ვარ შე ნაბოზარო! – ვეხმიანები და გზას ვაგრძელებ.
–ვისიანი ხარ? – მიყვირის. ხმას არ ვცემ და გზას ვაგრძელებ.
–გაჩერდი შენი დედა!
არ გავჩერდები-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობ და არც ვჩერდები.
–გესვრიი! – საზარლად ბღავის.
–არ მესროლო, შე ნაბოზარო! – გულგრილად მივაძახე და საფეხურები დავთვალე, სამი საფეხურიღაა დარჩენილი.
–გესვრიიი!
– არ მესროლო, შე ნაბოზარო, შენი დედა! - ვთხოვე.
იმან კიდევ არ შეისმინა ჩემი თხოვნა და გრძელი ჯერი მომიშვა. რა თქმა უნდა, კაიფში იყო და გახარებულმა იღრიალა დავბრიდეეე, ვოეე! მაინც ვისიანი ხარ შე ნაბოზარო, - სინანულით გავიფიქრე და ფრთხილად დავეცი კიბეებზე.
როგორ ომობდნეეეენ....