Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
ლექსი
პოეზია
კატის რექვიემი


კატის რექვიემი

 

ვუძღვნი ომისდროინდელ ბავშვებს და კატებს

 

ეგვიპტურ ”მიცვალებულთა წიგნში” გველთან მორკინალი კატა მზის ღმერთის რას იპოსტატია.

კატის თუნდაც უნებლიე მოკვლისთვის სიკვდილით ისჯებოდნენ ეგვიპტეში.

 

ო, დიადო კატავ, -- ღმერთების მსჯავრის აღმასრულებელო!

 

ფარაონთა სარკოფაგებზე დაწერილი მზის ხოტბა.

 

 

ძველინდიელთა რწმენით კატა ეშმაკის თანაშემწეა, რომლისგან ძალას სესხულობენ ჯადოქრები.

მკრეხელობაა გაუძალიანდე დედაბუნებას, მას უფრო განადიდებს მაძღარი შვილი.

 

ჰოფმანი - ”კატა მურის ცხოვრებისეული თვალსაზრისები”.

 

 

ზაფხულში სოფლად ჩავდიოდი არდადეგებზე,

სად ხარ, ბავშვობავ,

ჭინჭის ბურთი სად გადამალე?

შენ ცოცხალი ხარ! სულ ჩემში ხარ

არა და, დაგეძებ

და თუ მკვდარი ხარ -

ისევ მე ვარ შენი სამარე.

ამოგთხრი, ზემოთ ამოგიყვან,

მე ვიქნები შენი ჯალათი

და სირცხვილს გაჭმევ,

რა თქმა უნდა, ერთად პანღურთან.

გამო, შე ბრიყვო,

ჩემი სულის უღრან ჭალაში

სულელ ხბოსავით რომ მიმალულხარ.

 

ომის დრო იყო...

მწარე იყო კაცისა თუ კატის არჩივი,

მშიერი კატა

მუსრს ავლებდა თაგვებს და ბარტყებს;

არც რძე, არც ყველი, არც ტარანი არ შეგვარჩინა

და არც წიწილებს არ აკლდათ საფრთხე.

დასთრევდა კუდი მთელი არშინი

ბუთქურა,

მსხვილი

და ბალანხშირი.

დიახ, შიმშილი ფისუნიას უღრღნიდა სტომაქს

და ეს შიმშილი -

გრძელზე გრძელი გვემა მუცლური

კუდის არშინით ფისუნიამ იმდენი ზომა,

რომ კუდბუთქურა

ბოლოს დარჩა კუდგაქუცული.

სულ მალე კატა დაემგვანა ქეციან თუ მუნიან ტურას,

საწყალი კატა -

ვითომ ვეფხვის მინიატურა.

 

- მიშველეთ ვინცხამ!..

დიდუუ, დიდუუუ -

აქოთქოთდა ერთ დღეს დიდედა,

- კიდო მშიერი დამიტოვა იმ წუნკალმა, ბეჩა, ბაღნები!

ბებიამ კატა შეაჩვენა და... გაიმეტა -

მოკვლა გვიბრძანა,

კატის მოკვლა

ცივი ბრძანებით.

და ჩავუსაფრდით...

ოჯინჯალზე ჩამოვკიდეთ ყველის ნაბრეგი

და როცა ფისო

ის-ის იყო ყველის ნატეხს წაეთომარა -

წამოვუცვივდით... შევიპყარით, როგორც აბრაგი

და როგორც ტუსაღს,

სიკვდილმისჯილს,

გადავაცვით თავზე ტომარა.

კატა

საყდრიდან ამოხეთქილ ლეღვს გამოვაბით

და თრთოდა ტოტი,

             სავსავებდა ქრისტეს ხელივით...

უფლის კისერზე ეს საყდარი იყო დოლაბი

და თრთოდა ტოტი...

თრთოდა...

თრთოდა...

                             ქრისტეს ხელივით.

თითქო საყდარი ხელსა გვკრავდა და გვიშორებდა...

და მაინც...

კატას მძიმე ქვები დავცხეთ ყორედან...

(ის ქვები მერე... წლების მერე აღარც მე ამცდა!)

ო, უგნურებავ,

ო, სირეგვნევ,

სილენჩევ კაცთა,

თავს სად წამოსწევ,

სად, სად ჩნდები,

სად ისწავლები?

იგინებოდნენ და კიოდნენ კატის თვალები!

იფურთხებოდნენ და

ყმუოდნენ კატის თვალები!

ეს ჯოჯოხეთის მუგუზლები - კატის თვალები!

კატის თვალები...

თვალები...

თვალები...

კატის ჩხავილმა წამოაგდო უხსენებელი

თუ ცისარტყელა ჩამოვარდა ტკივილის სიმწრით?

ხავსიან ქვებზე ელვასავით გადასრიალდა

და ეკალ-ბარდებს შეატოვა ჭრელი პერანგი.

 

მოგონებათა დაფურცლულ წიგნში

სწორედ ეს დღეა ჩანიშნული გველის ზონარით.

საყდარს ყვავები ესეოდნენ ყაშყაშით...

მოთქმით...

თითქოს ცდილობდნენ თეთრი კედლის შეფერადებას.

დიდედა მოკვდა...

და ყვავები აწ ვიღას მოსდის

ფრონტულ სამკუთხა ბარათებად, შავ ბარათებად?

 

არც სიბრალული...

სინანული...

(ეს რა გენია!)

ახლაც არ მინდა დაჯერება იმ უღვთო სცენის.

ის გულქვაობა ახლაც მზაფრავს,

ახლაც მრცხვენია

ორ ფეხზე დგომის, მეტყველება ღვთის ნიჭით - ენით.

 

და ვერ ვინელებ...

ის სიმწარე ჯოჯოხეთური

რათ, როგორ იშვა ჩემი ნებით, ჩემი ხელებით.

მას შემდეგ კატას რამდენს ვნახავ,

იმ დღეს ვემდური,

წაწყემნილივით ვიგინები და ვიწყევლები.

ან ამ ხელებით

როგორ ვწერდი უნაზეს ბწკარებს,

ან საყვარელ ქალს,

ან ბავშვს

როგორ ვეფერებოდი?

იქნება კიდეც თავს ვიტყუებ და ვცდები მწარედ

კაიკაცობის თამაშით და ეფემერობით?

ყველა -

ვინც მიყვარს ახლობელი... ბავშვიც, მოხუციც,

რომელთა გამოც სულ შიშში ვარ და ვერ ვისვენებ,

ჩემი ხილვების მორღვეული მღვრიე ფოკუსით

ყველა რაღაცით იმ კატას ჰგავს...

ღმერთო მიშველე!!

 

ჩემო მაგიდავ,

ამ ლექსს რომ ვწერ, რა გაჭრაჭუნებს?

ან შენ რად დრტვინავ, ტახტო ჩემო, კატაფალკურო?

კატის ბრჭყალებით ჩაჰფრენია სულს მაჯლაჯუნა,

სულშიც,

სინდისშიც

კატა ფხაკურობს...

კატა ფხაკურობს...

კატა ფხაკურობს...

 

ო, ძველო დარდო, რას ქვითკირობ, რას მუმიაობ?

- მიაუუ...

- მიაუუ...

 

.  .  .  .  .  .  .  .

 

ომი რომ არა,

არ წაწყმენდდა ფისოს შიმშილი.

ომი რომ არა -

ფისო ქურდი არ გახდებოდა.

ომი რომ არა -

გამზრდელ კერას არ შებღალავდა,

არ იჩხავლებდა

                ისე, როგორც

                        კარი-კარ ტურა,

არ გახდებოდა კატა ვეფხვის კარიკატურა.

და არც დიდედა დაგვმოძღვრავდა ზღაპრის ავი დედაბერივით

და იმ ცოდვაში ფეხს არ ჩავდგამდით...

ომი რომ არა!

ომი რომ არა!

ომი რომ არა!

ქალაქში ერთი მეზობელი გვყავდა შეშლილი,

ღმერთო, რა ერქვა? ჰო, ამალია!

თავის უცნაურ აზრებივით თმაგაჩეჩილი

უბანში (რძეზე) დადიოდა კატების ამალით,

ამბობდა:

ხალხო, სამოთხის გზა მოლიპულია,

იქ მკვდრის სულები

ბეწვის ხიდით კატებს გადაჰყავთ,

თუ ვისმე კატა დამხრჩვალი ჰყავს ან გალახული, -

კატა ეგეთებს

იმ ხიდიდან ჩაყრის გეენასა,

ეგრეა სწორედ,

სიზმარში მაქვს ბევრჯერ ნახული...

ეგრეა გენაცვა...

ვაი თუ როტვა მართალია ამალიასი!

წინასწარ ვწუხვარ ამ სისასტიკით,

ჯოჯოხეთის ამ ალიანსით.

ჩემს სულს იქ ელის ბეწვის ხიდზე შურისძიება,

ვეფხვად ქცეული კატა მიცდის...

- მიააუუ...

- მიააუუ...

და ვერ მიშველის ვერა ჯურის მონანიება...

 

მართლა კატაა, თუ ეშმაკი უკრავს ჭიანურს?

- მიააუუ...

- მიააუუ...

ისმის კნავილი:

თქვენი ომი, ახ, ვაჟბატონო,

კუჭში შემიძვრა...

კატის რექვიემი

დამნაშავე მე ვარ რატომო?

და შიმშილთანაც არაერთხელ მიაომიაო...

- მიააუუ...

- მიააუუ...

 

ნეკრესის ქარი გაგიგიათ - მტვრევა სინდიყის?

ან გულის ჩხვლეტა, გაბასრული ჭანგის ჩამვლები?

ასე მფხოტნის და ასე მკაწრავს სულშიც, სინდისშიც

კატის ბრჭყალები...

კატის ბრჭყალები...

კატის ბრჭყალები...

მეც წამიკითხავს, როგორც ელდა, ელდა ფარული,

ვით განაჩენი,

აჩხა-ბაჩხა და ნაჩქარევი

კარდიოგრამის მრუდეებში შემოპარული

კატის ბრჭყალები...

კატის ბრჭყალები...

ბრჭყალები...

ბრჭყალები...

 

.  .  .  .  .  .  .  .

 

ციც!

კალმის წვერო,

                                                     არ გამექცე კატის ბრჭყალივით,

ციც!

სიტყვავ ჩემო, არ გამრუდდე კატის კუდივით,

იყავ მოქნილი კატასავით!

და კატისებრი!!!

ჰო, კატისებრი!!!

                  ანუ ვეფხვის მინიატურა.

(ამ მეტაფორამ კვლავ მივარსკვლავა და მინათურა!)

 

თუ სიმაღლიდან გადმოგაგდეს -

                    არაფერია!

იმედი გქონდეს, კატასავით დადგები ფეხზე.

- ბრის, ბრის სიბერევ, სნეულებავ,

ბრის... აცხა... აცხა...

ასი წლის მერე დაიფუშე დაისივით

მზის ოქროს ფაცხად...

- აცხა!

 

.  .  .  .  .  .  .  .

 

აჰა, გაწვიმდა...

                     გარბის წვიმა კატისთათება...

ეს ელვაა თუ

კატის ბრჭყალი ცად ილანდება?

ელავს და ელავს რა უჟმურად, რა უსიამოდ...

- მიააუუ...

- მიააუუ...

 

.  .  .  .  .  .  .  .

 

მე ამ რექვიემს

                   ვუძღვნი კატებს ომისროინდელს,

მე ამ რექვიემს

                   ვუძღვნი ბავშვებს ომისდროინდელს,

ფაფიტლეკიებს - კატებს და ბავშვებს,

ბავშვებს და კატებს - ფაფიტლეკიებს,

ვუძღვნი რექვიემს...

 

და როცა ზოგჯერ მიხარია რაღაცა კარგი,

გამახსენდება ეს ამბავი...

და ცოდვის ის დღე...

ჩემი სიხარული აწივლებულ თაგვივით გარბის

და მოგონება კატასებრ მისდევს...

ისმის კრუტუნი:

ზოგი პწკარი მკვდარ თაგვივით რა უმიაო -

- მიააუუ...

- მიააუუ...


.