***
***
როგორც ბატონი შალვას ავტობიოგრაფიიდან (http://lib.ge/body_text.php?8539) ჩანს, ჩვენ ნათესავები არ ვიყავით. იგი წარმოშობით კახეთიდან იყო, მე კი იმერეთიდან, თუმცა ძმისშვილად მომიხსენიებდა ყოველთვის და ამ ამბავს ერთი კურიოზიც მოჰყვა.
დიდი ხნის მერე, როცა გიორგი ციციშვილი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე აღარ იყო და სხვაგან მუშაობდა, ყოველი შეხვედრისას, რუსთაველზე ვხვდებოდით, შემაჩერებდა, მომიკითხავდა და აუცილებლად შემეკითხებოდა:
_ როგორ არის მამაშენი შალვა?
_ შალვა არ ჰქვია მამაჩემს, მამაჩემი ივანეა, შინაურულად ღუტუშა.
_ კაცო, რას მასწავლი ვინ არის მამაშენი? მე უკეთ ვიცი!
_ შალვა არ იყო მამაჩემი, არც ბიძაჩემი. უბრალოდ, მოგვარეა, მაგრამ ოჯახის მეგობარია და ჩემზე დიდი ამაგი აქვს.
_ მოიცა, კაცო, როგორ თუ მამა არ არის, შენ მასწავლი, ვინ არის მამაშენი?
_ ბატონო გიორგი, შალვას ცოლ-შვილი არასოდეს ჰყოლია, როგორ ვიქნები მისი შვილი?!
_ კაცო, მე გეკითხები, როგორ არის მამაშენი შალვა, შენ კი მპასუხობ მამაჩემი არ არისო.
ის მაინც მითხარი, როგორ არის?
_ სამწუხაროდ, აღარ არის, დიდი ხნის წინ, 1980 წელს გარდაიცვალა.
_ როგორ, კაცო, რატომ გარდაიცვალა? მე არ ვიცოდი. ძალიან განათლებული და წიგნიერი კაცი იყო. იუბილე რომ მოახლოვდება, მითხარი და აღვნიშნოთ მამაშენის იუბილე.
_ აუცილებლად გეტყვით, ბატონო გიორგი.
თავიდან ხომ არ დავუწყებდი მტკიცებას, მამაჩემი რომ არაა შალვა ალხაზიშვილი და უბრალოდ მოგვარეები ვიყავით.
ბატონი შალვა 1899 წელს არის დაბადებული და მომავალ წელს დაბადებიდან 110 წელი უსრულდება. ვის უნდა გაახსენდეს ეს თარიღი თუ არა მის უმცროს მეგობრებს _ გურამ გეგეშიძეს და მე. ჩვენ ორივე და კიდევ სხვა მრავალი, სამწუხაროდ, უმრავლესობა ცოცხალი აღარაა.
ჩვენ კი მისი წიგნებით, მის ბიბლიოთეკაში გავიზარდეთ. დავურეკავ, ალბათ, გურამ გეგეშიძეს და მოვიფიქრებთ, როგორ აღვნიშნოთ, როგორ მოვიგონოთ ადამიანი, რომელიც ლიტერატურისგან შედგებოდა და ახალგაზრდებისთვის უშურველად გასცემდა თავის ცოდნას და წიგნებს.
ისევ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, თორემ სხვა ვინ მოიცლის?!
.