დეკონსტრუქცია _ ჰეროსტრატეს კომპლექსი?
დეკონსტრუქცია _ ჰეროსტრატეს კომპლექსი?მწერალმა ხელნაწერის პირველ გვერდზე შეაჩერა მზერა და აღმოაჩინა, რომ ახლახან დასრულებულ წიგნს დასაწყისი არ ჰქონდა: იგი არსაიდან იწყებოდა და სადღაც მთავრდებოდა. თუმცა, რაც არ იწყება, როგორ შეიძლება მისი გაგრძელება ან დასრულება?! მაგრამ ყველაფერი არარადან იწყება და არარათივე მთავრდება. მაგრამ ისიც ხომ უდავოა, რომ სტარტსა და ფინიშს შორის მოქცეულ დროსა და სივრცეს მაინც აქვს რაღაც აზრი და მნიშვნელობა.
`კვლევის დეკონსტრუქციული მეთოდი~ სწორედ იმითაა დაკავებული, რომ ათასწლეულის მანძილზე დაგროვილი მეცნიერული თუ ემპირიული საზღვრები მონიშნოს, ერთმანეთისგან გამიჯნოს და გვაჩვენოს, რომ ნებისმიერ განვითარებას აქვს თავისი მწვერვალი, ხოლო მწვერვალს _ ასასვლელი და ჩამოსასვლელი ბილიკები. ლოგოცენტრიზმის დაჟინებული დეკონსტრუქციული ანალიზი, ანუ დესტრუქციული თვალსაზრისი ის შედეგია ან იმ შედეგის ჩვენებაა, რასაც კაცობრიობა პერმანენტულად იმკის გაძლიერებული ღმერთმებრძოლობის კვალად, როგორც ტოტალური ურწმუნოების, იქნებ ცრურწმენის დამკვიდრების უსასრულო შევიწროებული საზღვრების გამო, ამას მხოლოდ ნგრევა, გახლეჩა, დაშლა, გახრწნა მოსდევს, რომელიც თავის მხრივ ათავისუფლებს იმ დამანგრეველ ძალას, თავდაპირველად ჩამალული რომ იყო _ იმ ჟამამდე, რომლის მოსვლა ოდესღაც იწინასწარმეტყველეს, მაგრამ `ცივილიზებულმა~ კაცობრიობამ ყურად არ იღო.
რაც ატომურ ფიზიკაში მოხდა, იგივე პროცესი კაცობრიობამ კარგა ხნის წინ დაიწყო ყოველდღიურ ყოფაში; რაც თანამედროვე ატომურ ფიზიკაში აისახა, რამაც შეაძრწუნა და აღაფრთოვანა კიდეც ცივილიზებული სამყარო და ორივეს _ შეძრწუნებასაც და აღფრთოვანებასაც თავისი მყარი საფუძველი ჰქონდა.
ასე რომ, ახალ სინამდვილეს ჰუმანიტარულ დარგებში ისეთივე კვლევის მეთოდები აქვს, როგორიც მოსალოდნელი იყო უღმერთობის დარჩენილ და უიმედო, სასოწარკვეთილ, ფუფუნების მოყირჭებულ და ამასთანავე დუხჭირ, ეკოლოგიური კატასტროფის მომლოდინე კაცობრიობაში.
დაშლის, დანაწევრების, უფრო სწორად, გახლეჩის შედეგად დამკვიდრებული ბალანსი გლობალური განადგურების შიშით მიღწეული წონასწორობაა, რომლის დარღვევაც ჰეროსტრატეს რომელიმე შთამომავალს, რომელიმე პოლიტიკოსს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლია. დეკონსტრუქციით ჩამოყალიბებული ბალანსი ტექნიკური პროგრესის შედეგია, ხოლო უმაღლესი ტექნიკური აღმოჩენით ღმერთის ჩანაცვლება, რისი მომსწრენიც ვართ ყველანი, დროებითია, მყიფე და წარმავალი.
არის რაღაც, რისი გახლეჩაც შეუძლებელია, თუ ეს `რაღაც~ არ აღმოჩნდა ის უცნობი `არარა~, რომელიც ჩვენს დაბადებამდე იყო და გარდაცვალების შემდეგაც ალბათ მუდამ უცნობი იქნება, როგორც მოსეს შეკითხვაზე გაცემული პასუხი: `მე ვარ იგი, რომელი ვარ…~
2001 წლის 11 სექტემბრის საშინელებამ და ანტიტერორისტული ალიანსის საპასუხო რეაქციამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ არ არსებობს მარადიული ბალანსი _ მით უმეტეს, თუ იგი მხოლოდ სამხედრო ძლიერებაზეა აღმოცენებული, მაშინ, როგორც ცივილიზებული ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა დაწაფებულია ოდენ მასკულტურას, სექსინდუსტრიას, შოუბიზნესს, საშინელებათა ფილმებს, ნარკობიზნესს, ანუ გლობალური ეკონომიკის ნიადაგიდან აღმოცენებულ, თალისმომჭრელ, ხელოვნური მცენარეების ნაირგვარ და მაცდურ ნაყოფს, მხოლოდ ცხოველურ ინსტინქტებს რომ აკმაყოფილებს. ღრმავდება შავი ხვრელი. ფსიქე თანდათან იწოვს ყველას ავადმყოფური ფანტაზიის წიაღში, რეალობას ცვლის ვირტუალური სინამდვილით, რომელიც ნარკოტიკს აღემატება.
კულტურათა ომი, კარგა ხნის წინ რომ დაიწყო და `მშვიდობიან ძალმომრეობად~ იქცა, ხდება ამაზრზენი, რელიგიური ფანატიზმის გამაღვივებელი და მის მიერ გაძლიერებული ფანატიზმის საძულველი ობიექტი.
აი, დეკონსტრუირებული ლოგოცენტრიზმი. აი, ტოლერანტობად გასაღებული ეკონომიკური და კულტურული ექსპანსიის ნაყოფი _ გამძვინვარებული ფუნდამენტალიზმი, რომლის ასალაგმავადაც არჩეულია, მსუბუქად რომ ვთქვათ, საეჭვო გზა, დასასრული რომ არ უჩანს.
ძალადობით ძალადობის დამარცხების თეორიულად დაწუნებული თეზა ისევ ფრთებს ისხამს და დაპირისპირებულ მხარეთა ლიდერების ცნობიერებაში ამოფხეკილია, ამოშლილია ის აზრი, რომ არც ერთი მათგანი არაა `სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი~, რომ ადამიანური და ღვთაებრივი ნების აღრევა დამღუპველია.
ვერ ვიტყვი, რომ დღემდე არსებული ყველა სულიერი ფასეულობა მტვრად იქცა, განადგურდა. 2001 წლის 11 სექტემბერმა წერტილი კი არა, მრავალწერტილი დაუსვა მთლიანად კაცობრიობის გამოცდილებას, აქამდე გავლილ სისხლიან ისტორიას და სხვა ძალით გაგვაგონა მოსეს შეკითხვაზე გაცემული პასუხი: `მე ვარ იგი, რომელი ვარ…~
2002.