სამი ესე
სამი ესე1.ჰერმეტიზმი და სწორად წაკითხვის ალბათობა
მეორედ გადავხედე შენს ლექსს და მომეჩვენა, რომ ჩემი შეფასება არ იყო ზუსტი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ლექსის საგრძნობ ჰერმეტულობას, რაიმე კონკრეტულზე დაბეჯითებით საუბარი თითქოს ძნელია, მაგრამ წვიმაში მდგომი თუ მოსიარულე აჩრდილები, რატომღაც, მივამგვანე მომიტინგეთა დამახასიათებელ დგომასა თუ მსვლელობას. ეს ჯიუტი სურვილი იგივე “წყლულიანი გზის” გავლისა და”ნასუფრალით გასუქებული ჩრდილები” მკარნახობს, მიმანიშნებს დღევანდელ განწყობაზე.
შესაძლოა ლექსი საერთოდ არ გულისხმობდეს იმას, რაც მე დავინახე, მაგრამ დაჟინებული მსვლელობა იმავე “წყლულიან გზაზე” და “ღმერთი ზის და წყალს ნაყავს ანუ წვიმს”, ისეთ განწყობას აჩენს, რომელიც თავიდსთავად არის ლექსი და არც კი საჭიროებს ასეთ /მიტინგურ/ დაკონკრეტებას.
ყოველივე ეს, რაც შენს ლექსშია ჩამუქებული, დამახასიათებელია ჰერმეტული პოეზიისთვის. ზოგჯერ ჰერმეტული ლექსი ემგვანება ორ თუ სამუცნობიან განტოლებას, რომელიც ამოხსნის გარეშე ლექსია, ხოლო ამოხსნის მერე კარგავს იმ იდუმალებას, რაც მას ლექსად აქცევს.
ჰერმეტული პოეზია დამკვიდრდა იტალიაში ორმოციან წლებში. ასე წერდა ეუჯენიო მონტალე ფაშისტების ბატონობისას და მისი თანამოძმენიც იგავურად ცდილობდნენ ეთქვათ ის, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეჟიმის პირობებში. ზოგიერთი ტექსტის გაშიფრვა მოხერხდა მომავალში, რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ავტორთა დახმარებით.
მსგავსი იგავურობა, ჰერმეტიზმი აუცილებლად იჩენდა თავს ტოტალიტალური რეჟიმის ქვეყნებში და ასე იყო საბჭოეთშიც.
დახშულობის პოეტიკა, გაუმხელელზე სიმბოლური მინიშნებები _ თავისთავში ატარებს რაღაც საიდუმლოს, თუნდაც მცირედს, რომლის პირდაპირ თქმასაც ერიდება ავტორი ეთიკური ან პოლიტიკური ცენზურის ან იქნებ თვითცენზურის გამო.
ზოგჯერ საინტერესოა ერთ ლექსზე ასეთი განსჯა, მეტადრე მაშინ, ავტორს თუ საერთოდ არ უფიქრია იმაზე, რაზეც მიმომხილველი საუბრობს. ასეთი რამ მეც მომსვლია, როგრორც ავტორს და შესაძლოა ისევე ვცდები, როგორც ჩემი კრიტიკოსები ცდებოდნენ, მაგრამ ისისც უნდა ითქვას, რომ ლიტერატურა გამუდმებული ინტერპრეტაციაა და ადვილი დასაშვებია., რომ ავტორს სრული წარმოდგენა არც კი ჰქონდეს თვითონ რა დაწერა, რისი დაწერა სურდა, ან რა გამოუვიდა.
2.ფრუსტრაციის კვალი
იოლი წარმოსადგენია, კრიტიკოსმა თავის სათქმელი მიაწეროს პოეტს ან უბრალოდ ლექსის “სწორად” წაკითხვის ერთ-ერთი შესაძლო ვერსია შემოგვთავაზოს. აი, ასეთი ლიტერატურული თამაშები მაფიქრებინებს, რომ დაუსრულებლად შეიძლება ატრიალო ტექსტი, მეტადრე პოეტური, და რაც გინდა ის მიაწერო ავტორს.
კრიტიკოსი თუ ბოროტად გამოყენებს თავის ლიტმცოდნეობრივ უნარებს, საიდანაც უნდა იქიდან მოაბამს ქოთანს ყურს და შემდგომ ამისა, თვითკმაყოფილი დახედავს ნაწერს და ტკბება თავის “მოხერხებულობით”, ასე იოლად რომ გაუსწორდა ავტორს. მგონი ეს ის კრიტიკოსია თვითონ რომ ხელი მოეცარა პოეზიაში და ფრუსტრაციის წარუშლელი რესენტიმენტი გამუდმებით აიძულებს მას შური იძიოს ავტორზე, რომელიც ისე წერს, როგორც თვითონაც უნდოდა ეწერა, მაგრამ არ გამოუვიდა. კრიტიკოსი მიზნად ისახავს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აიკვიატებს ამა თუ იმ პოეტს და ცდილობს გაანადგუროს მისი ტექსტი, მხოლოდ იმის დასადასტურებლად, რომ მან თხზვის ყველა ტექნოლოგია ავტორზე უკეთ იცის, გარდა იმისა, რისი სწავლებაც წარმოუდგენელია და ცდილობს დაირწმუნოს თავი, რომ ავტორზე მეტი შეუძლია, როგორც “მთხზველს”. ამ ტიპის კრიტიკოსებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ პოეზიაში ტრანსცედენტის აუცილებელი მონაწილეობის მტკიცება და თვლიან რომ რაიმეს წერა, ქმნადობა კი არა კეთებაა.
დაოსტატების გზის გავლა აუცილებელია და ვინც ვერ გაიარა და ნახევარფაბრიკატებს წერს დღესაც, თვლის რომ “ეს რუტინაა”და დაოსტატება ზედმეტ ბარგად მიაჩნია. ასეთი მოსაზრება შეგირდობისას დამარცხებულ ავტორ/ებ/ს ეკუთვნის და იოლი შესამჩნევია, მისი სიბრაზე როგორ წააგავს იმ “მხედრის” გამწარებას, ძირითადად უნაგირის მტვრევით რომ იქცევს და იმშვიდებს თავს.
ერთი შეხედვით სახიფათოა ასეთი მწერალი აკვიატებული კრიტერიუმებით, თავისი მარცხის მიჩქმალვას რომ ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს
საბრალო ადამიანთან, რომელიც სულაც არ არის საშიში და ძალაუნებურად ამჟღავნებს არასრულფასოვნების კომპლექსს, როგორც ფრუსტრაცის წარუშლელ კვალს.
.
3. ლექსიკონი
მან მშვენივრად იცის ენა, მისი ლექსიკური მარაგი გაოგნებას იწვევს, მაგრამ ამდენი სიტყვის მცოდნე საინტერესოს ვერაფერს ამბობს, არა იმიტომ რომ სათქმელი არ აქვს, არამედ იმიტომ რომ არ იცის სიტყვას რა უყოს, გარდა ერთისა, რომ სიტყვა სამკაულად უნდა აქციოს ან გაპრანჭვის არაჩვეულებრივ აქსესუარად გამოიყენოს. ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის.
მისთვის უცხოა კონოტაცია, ინტონაციური ნიუანსები, იგავური მინიშნებები, ქვეტექსტური “სამალავები”, დახშულობასა და ნაგულისხმევ ტექსტზე რომ არაფერი ვთქვათ. მიკვირს, იგი რატომ ცდილობს მხატვრული ტექსტი წეროს?! ნუთუ მხოლოდ იმიტომ სიტყვები რომ შეურაცხჰყოს, როცა თავს იწონებს მათი წარმოთქმისას. დიახ, წარმოთქმისას, რადგან ის ისე წერს, როგორც ამბობს ხოლმე. მისი ყალბი ტემბრიც ჩამესმის და ზუსტად ვიცი, როგორ შეიძლება სიტყვის მოკვლა სიყალბით და რაც მთავარია სიტყვის მგრძნობელობისა და სემანტიკის უცოდინრობით.
ამ კაცის განსწავლას ნამდვიალდ მირეჩევნია თუნდაც განმარტებითი ლექსიკონი, რომლის გაშლა და დახურვა ძალიან ხშირად მიწევს და იქ ჩაბეჭდილ საჭირო სიტყვებს რომ ვეძებ და ზოგჯერ ვპოულობ კიდეც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე, ჩემამდე რომ არსებობდა და ჩემი სტუმრობა რომ გაუხარდა.
უცებ თვალი მოვკარი “ენის კარგ მცოდნეს” და მის ირონიულ ღიმილს, ამ ჩანაწერის კითხვისას რომ გადაურბენს სახეზე, როცა ამოიკითხავს, რომ მივიწყებული სიტყვა ახალი სამყაროა ჩემთვის, რომელსაც ჩემი სტუმრობა გაუხარდა.
ამიტომაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რაც სრულიად ბუნებრივია და ჩვენი ლიტერატურული თანაარსებობა ისევე წარმოუდგენელია, როგორც წყლისა და ზეთის “შერევნა”.
P.S.
სახელმწიფო, რომელიც თავის პრიორიტეტად არ თვლის საცნობარო ლიტერატურის შედგენა-გამოცემის წახალისებას და ხელშეწყობას, არად დაგიდევს სხვადასხვა დარგებში ტერმინოლოგიის შექმნასა და ქართული ვერსიების დამკვიდრებას, იგი ფაქტობრივად უარს ამბობს სახელმწიფო ენის სრულ შენარჩუნებაზე უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო ინსტიტუტებში და გვაჩვევს მშობლიური ენის მეორეხარისხოვან როლს, და რაც მთავარია შეგნებულად ან იქნებ შეუგნებლად გვაჩვევს დააკნინებული ენის შეკვეცილ ფუნქციას, როცა უახლოეს მომავალში თუ უკვე ამჟამად არა, შეუძლებელი იქნება უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე სკოლის მაღალ კლასებშიც არაერთი საგნის შესწავლა, შესაბამისი ტერმინოლოგიის უქონლობის გამო.
სამი ესე
13. 4. 2009 წ..