Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ესე
ესკიზი
ინტერვიუ
ლექსი
ნოველ-ესსე
პოეზია
შეყვარებულთა ღამეები


შეყვარებულთა ღამეები

არ გათენდება სთვლის ღამე,

ღამებნელობა კი არი...

მთქმელო, ვერ ამსრულებელო,

რაღა შენ სიცოცხლე არი?!

ხვარამზეს `ღამებნელობა~, გაუთენებელი ღამის დაუსაბამობა აწუხებს და ამოიკვნესებს კიდეც ღამის მტეხველი:

ნეტავი ვაჟად მაქცია,

ქალი არა მქნა თმიანი...

არც ამ ნატვრას იმყოფინებს, სულ რაიმედ თუ რასმედ ქცევას მოისურვილებს. სიყვარულით აღსავსე მისი ლექსებიც ხომ გაბმული ნატვრაა: `ნეტავი ფრინვლად მაქცია...~, `ვერცხლის თასადამც მაქცია~, `ანა მქნა ვერცხლის სათითე~ და ასე შემდეგ.

თუ ხვარამზე სთვლის `ღამის ღამებნელობას~ წუხს, მურმანის სადარდელი ისაა, რომ ღამე მალე არ გათენდეს: _ `ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო.~ ხვარამზეს საწადელი აუსრულებელია და `ღამებნელობა~ ტანჯავს, მურმანს კი გათენება აშფოთებს, ცალმხრივ, არასრულ სიყვარულზეც თანახმაა, თუმცა იცის, რომ ეთერის გული აბესალომს ეკუთვნის.

რომეოსა და ჯულიეტას უშლეგეს სიყვარულს სხვა ხიფათი ემუქრება, ამიტომაცაა, რომ გათენების ეშინია ორივეს.

ჯულიეტა დარჩენას სთხოვს გულის სწორს და აიმედებს: `ჯერ ადრეა, ჯერ ხომ შორსაა. ეს ბულბულია, ტოროლის ხმა ნუკი გგონია.~ `ტოროლა იყო, გამთენიის მაუწყებელი~, პასუხობს რომეო.

დიახ, ტოროლა იყო. საცაა ინათებს და ჯულიეტას სხვა არა დარჩენია, თავის გულისწყრომა ტოროლას დაატეხოს თავს, მხოლოდ იმის გამო, რომ ტოროლას ხმა გათენების მაუწყებელია:

ო, არა, არა, გაეშურე! უკვე გათენდა!

ეს ტოროლაა, შემაზრზენად რომ ჭყივის ასე,

უსიამოვნოდ, უხმატკბილოდ, შემაღონებლად.

ზოგს საამურად ეჩვენება მისი სიმღერა,

მაგრამ ცდებიან _ სწორედ ეს ხმა გვაშორებს ერთურთს.

(ვახტანგ ჭელიძის თარგმანი)

გულში ჩამწვდომია ჯულიეტას სიტყვები: `დღე შემოუშვი, მაშ სარკმელო, სული გაუშვი...~, `ყოველდღიურად, ყოველ საათში მომაწვდინე შენი ამბავი. ჩემთვის კი წუთში ბევრი დღეა. ამ ანგარიშით მე დავბერდები, კვლავ რომეოს ვიდრე ვნახავდე.~

ჭეშმარიტი სიყვარული უმაღლესი გულწრფელობითა და ნაივურობით, თავგანწირვით გამოირჩევა და პოეზიითაა გამსჭვალული.

სამი სიყვარულის ამბავი გავიხსენე. სამივე მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან და თავისებურად ტრაგიკულია.

თუმცა არსებობს ფოთოლათ მერცხალას `სიყვარულიც~, უფრო სწორად, ვნებიანი სურვილი, რომელიც ეროტიკითა და ბაკქური ექსტაზითაა გაჯერებული [როსტომ ჩხეიძე _ `ისიც _ ფრთოსნად ცისა~ (მერცხალას პოეტური საგზალი), `ჩვენი მწერლობა~, #23, 2006]. მერცხალა სკაბრეზის დიდოსტატია, არც თუ იშვიათად მისი ლექსი წმინდაწყლის პაროდიაა, გადაკრული სიტყვაა, ღიმილის მომგვრელი ირონიაა, ყოფითი ამბების გაპამპულებაა, დიონისური თავდავიწყების ხალისიანი სურათებია.

აქ ყველას და ყველაფერს ეროსი მართავს. ნაკლებად მაინტერესებს, ეს ეროტიკულობა ნამდვილია თუ მოგონილი, მართლა იყო თუ მერცხალას ფანტაზიის ნაყოფია. მთავარია, რომ მერცხალას ნათქვამი ყველაზე ახდენს ზეგავლენას, მეტადრე მათზე, ვისაც სჯერა, რომ `გონებით ღმერთის სჯულის მონაა, ხოლო სხეულით _ ცოდვის კანონის.~

მერცხალას სიკვიმატე, ენამოსწრებულობა, ოცნების სინამდვილედ წარმოსახვა ყველა საზღვარს სცდება:

ფოთოლათ მერცხალაი ვარ,

მთქმელი ოხერი სიტყვისა,

ქალ კი უმისოდ ვერ გაძლებს,

მგელ კი გაიძლებს შიმშილსა.

სხვაა ხვარამზეს, მურმანის, აბესალომისა და ეთერის, რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული, სხვაა ფოთოლათ მერცხალას სკაბრეზული ხილვები: `ოცნება ოცნებად და ცაბაურთა ბეწინას ქალს რომ შეფრფინავდა შორიდან, საიმედოს ვერც აქ ჰპოვებდა ვერას... მაგრამ მერცხალას ფიქრი სულ სხვაგან გადაიხრებოდა და დაუოკებელ სურვილს ლექსს გაანდობდა~ (როსტომ ჩხეიძე):

მაგასთანამც დამაწვინა,

სუ ღამე ქნა ერთ კვირასა!

მერცხალასგან არაფერია გასაკვირი. იქეიფა სადღაც, ყველა წავიდ-წამოვიდა, დარჩა მერცხალა დედაბრის სახლში ღამის გასათევად, იფიქრა, იფიქრა და ასეთმა სტრიქონებმა გაუელვა თავში ნაბახუსევს:

დიდება შენდა უფალო,

მერცხალა დარჩა უქალო,

ხან ისეთა გულ მამილის,

ე ბებერ წამაუქანო.

სხვაგანაც, სხვა მელექსე, გულის სწორთან სწრაფად გარბენილ ღამისთვის ნანობს:

მეცხვარის ცოლსა მივუწექ,

აუქან-ჩამოუქანდი,

მალე გათენდა, ტიალი,

თორო ვიც, რასაც ვუქამდი.

კიდევ რას აპირებდა ეს მამაცხონებული, კაცმა არ იცის. ქადილი ყოველთვის ჰიპერბოლურია, ალბათ, ამ ლექსშიც.

არ წამოვიწყებ საუბარს `ეროსისა~ და `აგაპეს~ თემაზე. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ეროსი რომ იქცეს აგაპედ, საამისო რეცეპტი არ არსებობს, ამგვარ ზრდას მხოლოდ რწმენა განაპირობებს.

არც ნათქვამი და არც ბეჭდური სიტყვა არ იკარგება თუ გულსა და გონებაში ჩაითესა, წუთისოფელი კი ვიდრე იარსებებს, შეყვარებულებს ღამეები უეცრად შემოათენდებათ ან გაუმხელელი სიყვარულის შემნახველებს `ღამებნელობის~ გატეხვა მოუწევთ.





P.S.

წიგნი `ფოთოლათ მერცხალაი ვარ~ შეადგინა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და ვარიანტები დაურთო ირაკლი გოგოლაურმა, ურედაქტორა და მამის გარდაცვალების შემდეგ გამოსცა მისმა ქალიშვილმა თამილა გოგოლაურმა.

ამ პატარა კრებულს თავის კონსულტატიც ჰყავს _ დავით მჭედლური.

მან ხომ შესანიშნავად იცოდა ფშავური ზეპირსიტყვიერება. ფოთოლათ მერცხალას არაერთი ლექსი, როგორც წიგნში ჩართული შენიშვნებიდან ირკვევა, დავით მჭედლურს ჩაუწერია..