ნაღვლიანი ოპტიმიზმი
ნაღვლიანი ოპტიმიზმირაც უნდა გასაკვირი იყოს, ამქვეყნიური პესიმიზმი დროთა განმავლობაში ნაღვლიანი ოპტიმიზმის საძირკვლად გადაიქცევა. ყოფიერების ამაოებიდან აღმოცენებული იმედი იმ სარკმელივით იხსნება, საიდანაც მძლავრი შუქი შემოდის, მაგრამ გარეთ ვერაფერს დაინახავ დამაბრმავებელი სიკაშკაშის გამო. რადგან მეფისთვის ამქვეყნიური, ყოველგვარი მატერიალური სიკეთის ფლობა ამაოებათა ამაოებაა და სხვა არაფერი, სწორედ ამგვარი დასკვნა უნდა იქცეს სულისთვის იმ ბიძგად, ღმერთს რომ შემოუნახავს ადამიანისთვის აღმოსაჩენად. ვინც ამ გზას არ დაადგება, ის იოლად ემონება ყოფით პრობლემებს. თვით მეფეც კი თავის მონებზე უარესი მონაა. მას აქვს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში არაფრის პატრონია. ყოფიერების თავსატეხიდან ერთადერთი გასაღწევი, რაც უნდა დაუჯერებლად და ბანალურად ჟღერდეს, კვლავ და კვლავ ღვთის ნების მორჩილებაა.
გამუდმებული ამბოხიც ხომ რწმენისაკენ მიმავალი გზაა, როცა ამაო ბრძოლით დაუძლურებული კაცი ყურს მიუგდებს საკუთარ სულს და რწმენის უბედნიერეს მორჩილებაში პოვებს ნაღვლიანი ოპტიმიზმის სათავეს. არავინ იცის, ვის ძალუძს და ვის არა მარადიული ეჭვის დაძლევა, რომელიც კაცობრიობის ხნისაა და ეს მთავარი მღრღნელი ცხოვრობს (ერთდროულად) ყველა გონიერი ადამიანის გულში.
… მადლობელი ვარ ჩემი ცნობიერებისა და ჩემი სხეულის სიკვდილის.
მხოლოდ იმ ადამიანს შეეძლო დაეწერა ეს სტრიქონები,
რომელსაც უკვე აღარ დარჩა აღარაფერი სამყაროს გარდა…
(ბორხესი, `ვარიაციები~, 1970)
1970 წელს ბორხესმა აღმოაჩინა, რომ მას `აღარ დარჩა აღარაფერი სამყაროს გარდა~. თუმცა გაცილებით ადრე დაწერილ ლექსშიც (1923 წ. ) ირეკლება ურთულესი ძიების პროცესი, შეგუების თუ მორჩილების გზა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ერთადერთი და უცვლელი ხვედრია, ხსნაა იმ ლაბირინთიდან თავდასაღწევად, მიწიერი სურვილებით, გაუმაძღრობითა და სიხარბით რომ იხლართება.
… დრო ბრმად მოუხმობს თვითნება სულს,
რადგან იგი დაზღვეულია ვინმე უცხოთა სიცოცხლეში,
რადგან შენ თვითონ სარკე ხარ და განმეორება
მათი, ვინც ადრე გარდაიცვალნენ,
ვიდრე ამქვეყნად შენ გაჩნდებოდი
და ახლა სხვები შეადგენენ (ანდა ადგენენ) შენს მიწიერ უკვდავებას…
(`ნადავლი~, 1923 წ.
)
ესეც ერთადერთი `ნადავლი~, რომელიც ორმოცდაშვიდი წლის მერე სიკვდილის სამადლობელს ათქმევინებს დიდ არგენტინელ მწერალს და აღმოაჩენს, რომ იგი სინამდვილეში მხოლოდ `სამყაროს~ მფლობელია და სხვა არაფერი აღარ დარჩა. ცხოვრების აზრის ამდაგვარ გაგებას ვუწოდებ ნაღვლიან ოპტიმიზმს. ამ აზრამდე მისასვლელ გზას გაივლის ყველა მნიშვნელოვანი შემოქმედი. ამ აღმოჩენის ხელახალი აღმოჩენა სულაც არ ნიშნავს აღმოჩენილის მექანიკურ გადმოღებას, რადგან მარადიულ წრებრუნვაში ყველას თავისი გოლგოთა ელოდება და მაცხოვრის მადლთან ზიარება მხოლოდ თანაგანცდითა და სინანულით მიიღწევა. ამ გზით მავალი კაცი, თუნდაც მემილიარდე იყოს იგი, პირველაღმომჩენის ნათლით იმოსება.
`ენიგმათა სარკე~, სიზმარეული ცხოვრება, კალდერონისეული `ცხოვრება სიზმარია~, ბლუას მისტიკური ხილვები ბორხესის განსჯის საგანია, გათავისებული სამყაროა, რომლის მფლობელი და ნაწილიც თვითონ არის.
`ვარიაციები~, ალბათ, შემთხვევით არ დაარქვა ბორხესმა თავის ცნობილ ლექსს, რადგან ამავე ლექსის სტრიქონებში იკვეთება ეკლეზიასტეს `ამაოება ამაოებათა~, როგორც ნაღვლიანი ოპტიმიზმის პირველწყარო.
შენთან ყოფნა ან უშენოდ ყოფნა –
აი, ჩემი დროის საზომი…
(`ხიფათში მცხოვრები`)
დროის პირობითობა, ასევე პირობითი `დროის საზომით~ მოწმდება, ამიტომაც ბორხესის და, საზოგადოდ, დიდი მწერლის კითხვისას არ შეიძლება დავშალოთ, დავყოთ გონი, სული, განცდა, ანუ მთლიანობა, რომელიც ისეა შეზრდილი ერთმანეთთან, რომ მათი გამოცალკევება შეუძლებელია. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ კიდევ ერთი ლექსის (`ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის`) შეკუმშულ პწკარედს გავიხსენებ:
ჩვენ გვიყვარს იგი, რასაც ვერასდროს ვერ შევიცნობთ,
რაც დაიკარგა…
……………….
სიძველეები, ვერაფერით რომ ვერ გვაოცებენ,
რადგან ბრწყინვალე მითებად იქცნენ.
შოპენჰაუერის ექვსი ტომი,
ბოლომდე წაუკითხავი რომ დარჩა.
……………. .
აღმოსავლეთი, უეჭველად რომ არ არსებობს
ავღანელის, სპარსელისა და თურქისათვის.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი წინაპრები,
რომლებთანაც თხუთმეტ წუთსაც ვერ ვისაუბრებდით,
დავიწყების ძაფით მოქსოვილი
მეხსიერების ცვალებადი ხატები,
ენები, თითქმის რომ არ გვესმის.
მეგობრები, რომელთაც არ შეუძლიათ ჩვენი გაყიდვა,
რადგან უკვე გარდაიცვალნენ.
შექსპირის უსაზღვრო სახელი.
ქალი, რომელიც აქვე იყო,
მაგრამ ახლა ძლიერ შორს არის…
ჩვენ ბორხესის პროზას უკეთ ვიცნობთ, ვიდრე პოეზიას. ამ თეთრი ლაქების შევსება, ალბათ, ოდესმე მოხერხდება. როგორც დავრწმუნდით, საქმე გვაქვს პოეტთან, რომელიც პროზაიკოს ბორხესს თუ არ აღემატება, არც ჩამორჩება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მისი ბრწყინვალე ესეებისა და ნოველების გაგება ამ ლექსების წაკითხვის მერე უფრო გაგვიიოლდება.
ბორხესის პოეზიაში აღბეჭდილი სულისკვეთება, რაღაც თვისებით თითქოს შლის ჟანრობრივ ზღვარს. აკი თვითონაც აღნიშნავდა ამ თავისებურების შესახებ, როცა ერთ-ერთ ასეთ კრებულს მაინც პოეზიად აღიარებდა.
ამ პატარა ოპუსის დასასრულს, კიდევ ერთი ლექსის პწკარედს შემოგთავაზებთ. აქ თქვენ თვალს მოკრავთ ნახევრად უსინათლო მწერლის სილუეტს, რომელიც საკუთარ `ალტერ ეგოს~ სათაურშივე `გუშაგს~ უწოდებს და აღმოაჩენთ გაორებული ბორხესი როგორ მთლიანდება სიბნელის `საკანში~, რომელიც `გარშემორტყმულია უსასრულო კედლით~.
… თენდება და მე ვიხსენებ საკუთარ თავს; იგი აქ არის
უპირველესად ის მაცნობებს, თავის
(და ამავე დროს ჩემს) სახელს.
მე ვბრუნდები მონობაში, რომელიც უკვე სამოც წელზე
მეტ ხანს გრძელდება.
იგი თავს მახვევს საკუთარ მეხსიერებას,
იგი თავს მახვევს ადამიანური არსებობის
ყოველდღიურ პირობებს.
……………….
კიბის უკანასკნელ საფეხურზე მე ვგრძნობ,
რომ იგი სადღაც აქვეა –
ჩემს ნაბიჯებში და ჩემს ხმაში.
……………. .
კმაყოფილი ვარ, რადგან ვამჩნევ,
რომ იგი თითქმის ვერაფერს ხედავს.
მე ვიმყოფები მრგვალ საკანში,
რომელიც არის გარშემორტყმული უსასრულო
კედლით…
თვალს თუ გავადევნებთ ბორხესის და არა მხოლოდ მის შემოქმედებას, აღმოვაჩენთ ერთ უცნაურ ფაქტს, რომ დიდი ადამიანების (სოკრატე) ცოდნაც კი, რომელიც თავისთავად უსაზღვრო ძალაა, მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, კიდევ ერთხელ რომ აღმოვაჩინოთ: `ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა სამყაროს გარდა~..