Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
პროზა
ზღაპრები, ლეგენდები, იგავები


მთარგმნელი დუმბაძე ქეთევან
ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

(ორიგინალის ენა–იტალიური)

 




ქაღალდი და მელანი

საწერ მაგიდაზე დასტად ელაგა სუფთა ერთნაირი ფურცლები. მაგრამ, ერთ დღეს, ერთ-ერთი მათგანი მარყუჟებით, ხაზებით, კაურებითა და წერტილებით სულ მთლად გადაჭრელდა. ეტყობა, ვიღაცას კალამი აეღო, მელანში ჩაეწო, ფურცელზე სიტყვები დაეწერა და ნახატებითაც მოეხატა.
_ რატომ, რისთვის მომაყენე ასეთი შეურაცხყოფა? – ჰკითხა სამელნეს გულნატკენმა ქაღალდმა, - შენმა მოუშორებელმა მელანმა დაალაქავა ჩემი ქათქათა სხეული და სამუდამოდ გააფუჭა იგი! ვის რაღად ვჭირდები ასეთი?
_ ნუ ღელავ! – ალერსით მიუგო სამელნემ, - შენი დამცირება და დათხვრა არც უფიქრიათ, მხოლოდ საჭირო რამ ჩაინიშნეს, ამიერიდან ქაღალდის უბრალო ნაგლეჯი კი არა, არამედ უსტარი ხარ. დღეიდან ადამიანის ნააზრევს იცავ და სწორედ ეს არის შენი პირდაპირი დანიშნულებაც და ფასიც.
კეთილი სამელნე მართალი გამოდგა. ერთ დღეს ადამიანი საწერ მაგიდაზე უწესრიგოდ მიმობნეულ ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს ალაგებდა.

ყველას ერთად თავი მოუყარა და, როცა მათ აგიზგიზებულ ბუხარში შეყრა დაუპირა, უეცრად სწორედ ის “დალაქავებული” ფურცელი შენიშნა. ადამიანმა დამტვერილი, უვარგისი ფურცლები ბუხარში შეყარა, ის ფურცელი კი სათუთად შეინახა მაგიდის უჯრაში, როგორც გონების ეპისტოლე.

ტალი და კვესი

ერთ დღეს ტალს ისეთი მოხვდა კვესისაგან, რომ აღშფოთებულმა ჰკითხა:
_ რას მერჩოდი მხეცივით რომ მეცი? არ გიცნობ და არც მინდა გიცნობდე. შენ, ალბათ, ვიღაცაში გეშლები. თუ შეიძლება, თავი დაანებე ჩემს გვერდებს, მე ხომ არაფერს გიშავებ.
_ ტყუილად ნუ ბრაზობ, მეგობარო, - ღიმილით მიუგო კვესმა, - ცოტაც და ნახავ რა სასწაულსაც მოვახდენ შენი წყალობით.
დამშვიდდა ტალი და მოთმინებით იტანდა კვესის დარტყმებს. და ბოლოს, ტალიდან სასწაულმოქმედი ცეცხლი გამოკრთა. აი, ასე ღირსეულად დაფასდა ტალის მოთმინება.
ზღაპარი იმათთვის მოვყევი, ვინც სწავლაში არც ისე ყოჩაღია, მაგრამ თუ მოთმინებას იქონიებს და სიბეჯითეს გამოიჩენს, დათესილი თესლი აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებაო, - ნათქვამია.


ენა და კბილები

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, რომელსაც უმძიმესი სენი სჭირდა - ეს სენი უფროსებსაც ხშირად ემართებათ ხოლმე – იგი უზომოდ ბევრს ლაპარაკობდა.


_ რა ღვთის რისხვაა! – ჯაჯღანებდნენ კბილები, - როდისღა დაწყნარდება და გაჩუმდება ენა?
_ რა გინდათ ჩემგან? – თავხედურად პასუხობდა ენა, - ღეჭეთ, ღმერთმა შეგარგოთ, რასაც მოგართმევთ და ხმა გაკმინდეთ. მორჩა და გათავდა, რა მაქვს თქვენთან საერთო, არავის მივცემ ნებას ცხვირი ჩაყოს ჩემს პირად საქმეში, და მით უმეტეს სულელური რჩევა დარიგებებით წამიღოს ტვინი!
და ბიჭი განუწყვეტლივ ლაქლაქებდა, დილიდან საღამომდე, უდროო დროსაც კი. დროდადრო ლაპარაკში ისეთ გაუგებარ სიტყვებს გამოურევდა, რომელთა შინაარსიც თავად არ ესმოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ბიჭი ისე გაიტაცა ლაპარაკმა, რომ თავისდაუნებურად ხათაბალაში გაება. მერე კი იმისთვის, რომ როგორმე თავი დაეღწია უხერხულობიდან, ენას უფლება მისცა გაუგონარი ტყუილი ეთქვა. მაშინ კი ვეღარ მოითმინეს კბილებმა, - აივსო მათი მოთმინების ფიალა და გამეტებით უკბინეს თავგასულ ცრუპენტელას.
ენა სისხლისაგან გაწითლდა, ბიჭი კი სირცხვილისაგან და სიმწირისაგან ატირდა.
მას შემდეგ ენა წინდახედულად, ფრთხილად იქცევა, ბიჭიც, სანამ კრინტს დასძრავს, ასჯერ წონის ხოლმე სათქმელს.  


სამართებელი

ერთ დალაქს არაჩვეულებრივად ლამაზი სამართებელი ჰქონდა, რომელსაც არც საქმესი ჰყავდა ბადალი.ერთ დღეს, როცა სადალაქოშიარავინ იყო და დალაქიც სადღაც წასულიყო, სამართებელს ჭკუაში დაუჯდა ქვეყნისათვის შეეხედა და თავიც ეჩვენებინა.

ქარქაშიდან ამოსრიალდა, ბასრი პირი დაშნასავით გამოშალა ბუდიდან და გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს ამაყად დოინჯშემოყრილი სასეირნოდ გაეშურა.
ზღურბლზე გადაბიჯებაც კი ვერ მოასწრო, რომ ფოლადის გაპრიალებულ პირზე მზე აუთამაშდა, სახლების კედლებზე კი მხიარულად აცეკვდნენ ათინათები.
არნახული სანახაობით რეტდასხმული სამართებელი ენით აუწერელმა აღტაცებამ შეიპყრო და მაშინვე გაიბღინძა.
_ ნუთუ ამის შემდეგ სადალაქოში უნდა დავბრუნდე? – ესძახა სამართებელმა. – არავიტარ შემთხვევაში! სიგიჟეა, რისთვის უნდა გავიმწარო სიცოცხლე, რისთვის უნდა ვპარსო ვიღაც ხეპრეების გასაპნული ლოყები და ნიკაპი. განა ჩემი ადგილი წვერიპარსიასთანაა? სულაც არა! ისე დავემალები, ვერსად მომაგნოს!
გადიოდა ხანი, დადგა წვიმიანი შემოდგომა. მოწყენილმა მარტოსულმა სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა. მან ფრთხილად გაშალა სამართებელი ბუდიდან და ამაყად მიხედ-მოიხედა.
მაგრამ, აი საშინელება! ნეტავ რა მოხდა? ოდესღაც ნაზი პირი გაუხეშებოდა, ჟანგიან ხერხს დამსგავსებოდა და მზის სხივებს აღარ ირეკლავდა.
სამართებელი მიხვდა, რომ შეცდა და მწარედ ატირდა:
_ რატომ ავყევი ცდუნებას? როგორ მივლიდა და მელოლიავებოდა დალაქი! როგორ ხარობდა ჩემი შღომით! ღმერთო ჩემო, ახლა კი, რა დღეში ჩავვარდი – პირი გამშავებია, დავკბილულვარ და საშინელი ჟანგი მომდებია. დავიღუპე, რაღა მეშველება!
სწორედ ასეთი სამწუხარო ხვედრი ელის ყველას, ვინც ნიჭიერია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ თავისი ნიჭი განავითაროს და სრულყოს, ამაყდება და თვითკმაყოფილი უსაქმურობას ეძლევა. ასეთი ადამიანი, ამ სამართელივით, თანდათან კარგავს ნათელი და მახვილი აზროვნების უნარს, იფიტება, ზარმაცდება და ბოლოს მის სულსა და ხორცს უვიცობის ჟანგი ჭამს.
 

ალი

მინის საბერ სახელოსნოში თვეზე მეტხანს დუღდა სამუშაო, უზარმაზარ ღუმელში კი დღე და ღამე არ ნელდებოდა ცეცხლი.

ბევრი მშვენიერი ნაკეთობა შექმნეს ოსტატების მარჯვე ხელებმა, რომლებიც ჩაბერვით საოცარ ფორმებს აძლევდნენ გამდნარი მინის მასას.
ერთ დღეს ღუმელში მძვინვარე ცეცხლმა, მასიურ ბრინჯაოს შანდალში ჩასმული, რომელიღაც ოსტატის დატოვებული ანთებული სანთელი შენიშნა და მაშინვე სანთლის სუსტი ალის შთანთქვის დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო.
და აი მუგუზლიდან გუგუნით ამოვარდა ლურჯი ალი, კვამლსადენს თავი აარიდა, მოხერხებულად გაძვრა ღუმელის კარის ვიწრო ჭუჭრუტანაში, იქვე მდგომ სანთელს გადაევლო და ხარბად შეუდგა მის შთანთქვას.
გაუმაძღარმა ალმა წამში მოუღო ბოლო სანთელს. მერე კი მასთან ერთად რომ არ დაღუპულოყო, შეეცადა მშობლიურ სტიქიას დაბრუნებოდა. რას არ ეცადა სასიკვდილოდ განწირული ალი, რამდენჯერ მოუხმო დასახმარებლად ანთებულ ღუმელში დარჩენილ თანამოძმეებს, როგორ არ იკლაკნებოდა, იკრუნჩხებოდა, მაგრამ ვერა და ვერ დააღწია თავი გამდნარი სანთლის თითებს, ასე მჭიდროდ რომ მოხვეოდნენ მას.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები


ყვიროდა, ტიროდა და გაბოროტებული შიშინებდა ალი, ბოლოს კი მახრჩობელა კვამლად გადაქცეული თავისივე კვამლმა გაგუდა.
ღუმელში კიდევ დიდხანს ტკაცუნებდა მხიარულად შეშა და ფერად - ფერად ნაპერწკლებს ისროდა. ცეცხლის ენები კი შეხმატკლილებულად ცეკვავდნენ.
 

წყალი

წყალი ჩვეული განცხრომით ლივლივებდა მშობლიური ზღვის სტიქიაში.
მაგრამ ერთ დღეს სულელური აზრი აეკვიატა – როგორმე ცას მიწვდომოდა.
წყალმა დახმარებისთვის ცეცხლს მიმართა, რომელმაც თავისი მცხუნვარე ალით იგი ჰაერზე მსუბუქ, ორთქლის ერთიციდა წვეთებად აქცია.
ორთქლი მაშინვე ზეცაში აიჭრა.

იგი ჰაერის ყველაზე მაღალი და ცივი ფენებისკენ მიიწევდა.
როცა ორთქლის წვეთები ღრუბლებს მიღმა აღმოჩნდნენ, ისე შესცივდათ, რომ კანკალმა აიტანა. ცოტა რომ გამთბარიყვნენ, ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე კი ჰაერზე უფრო დამძიმდნენ და იმწამსვე ჩვეულებრივი წვიმასავით უკან მიწაზე ჩამოცვივდნენ.
პატივმოყვარეობის სენით შეპყრობილლი წყალი ზეცაში კი აიჭრა, მაგრამ იქიდან გამოაძევეს. მწყურვალმა დედამიწამ უკანასკნელ წვეთამდე შთანთქა იგი და წყალი კიდევ დიდხანს იხდიდა სასჯელს ნიადაგში, სანამ შეძლო ზღვის სივრცეს დაბრუნებოდა.



სურო

მაღალი ღობის უკან სურო მჭიდროდ შემოხვეოდა კუნელის ტანსა და ტოტებს.
ერთ მშვენიერ დღეს სურომ კუნელის კენწერომდე მიაღწია, მიხედ-მოიხედა და გზის მეორე მხარეს ღობე დაინახა.
_ როგორ მინდა იქ გადავძვრე! – წამოიძახა სურომ – როდემდე უნდა ვიჯდე ერთ ადგილას, რაც არ უნდა თქვა, ის ღობე ბევრად უფრო ლამაზიცაა და მაღალიც.
მას შემდეგ შურიანმა მცენარემ საბოლოოდ დაკარგა მოსვენება. იგი თანდათან აგრძელებდა ღეროებს და დღითიდღე უახლოვდებოდა სანუკვარ მიზანს. და აი, დადგა ნანატრი წამი! კიდევ ერთხელ გაიწია სურომ, მეზობელ ღობესთან ტოტს მისწვდა და მჭიდროდ ჩაებღაუჭა მას. მოპოვებული გამარჯვების სიხარული და სიამაყე დაეუფლა.
მაგრამ საღამო ჟამს დაგვიანებული გამვლელი გამოჩნდა და როცა მოულოდნელი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, სუროს მწვანე ყვავილწნული ჩამოგლიჯა და იმის გამო, რომ არავის სჭირდებოდა იქვე გზასთან თხრილში ჩააგდო.


მთვარე და ხამანწკა

ხამანწკას გაგიჟებით უყვარდა მთვარე. შეყვარებული თვალებით, მოჯადოებულივით საათობით შესცქეროდა ღამის მნათობს.
თავშესაფარში შემძვრალ ღორმუცელა კიბორჩხალას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ყოველთვის, როცა ღრუბლებიდან მთვარე გამოიხედავდა ხოლმე, თავდავიწყებული ხამანწკა ნიჟარის დარაბებს აღებდა.

ჰოდა, კიბორჩხალამ მისი შეჭმა გადაწყვიტა.
ერთხელ ღამით, როცა მთვარე ახალი ამოსული იყო და ხამანწკა ჩვეულებისამებრ პირდაღებული მიშტერებოდა, კიბორჩხალამ თავისი მარწუხებით კენჭი აიღო და ისე მოხერხებულად შეაგდო ნიჟარაში. მთვარის შუქის მოტრფიალე ხამანწკა ბევრს ეცადა თავისი სადაფის სახლის დარაბები მიეხურა, მაგრამ გვიანღა იყო, - კენჭმა ხელი შეუშალა.
ასეთი განსაცდელი ელის ყველას, ვისაც თავისი გრძნობების დაფარვა არ შეუძლია. სხვისი საიდუმლოს გასაგონად დაცქვეტილი ყურები და დასანახად დაჭყეტილი თვალები კი ყოველთვის მოიძებნება.

 
ობობა საკლიტეში

შიგნით და გარეთ, მთელი სახლი რომ კარგად დაზვერა, ობობას ყველაზე უფრო საკლიტე მოეწონა და იქ დარჩენა გადაწყვიტა.
რა მოხერხებული და საიმედო თავშესაფარია. აქ ვერავინ ვერ მიაგნებს ობობას. ის კი, თავშესაფარიდან თავს გამოყოფს და მშვიდად, ყოველგვარი საფრთხის გარეშე უთვალთვალებს რა ხდება ქვეყანაზე.
_ ქვის ზღურბლთან ბუზებისთვის გავბლანდავ ქსელს, - ოცნებას მიეცა კმაყოფილი ობობა, - კიბის საფეხურზე სულ სხვა ქსელს მოვქსოვ მსუქანი მუხლუხებისთვის, კარის ჭუჭრუტანებს შორის კი ეშმაკურ ხაფანგს დავუგებ კოღოებს.…
ბედნიერებისა და ნათელი მომავლის იმედით გაცისკროვნებული ობობა ცაში დაფრინავდა, რკინით მოჭედილი საკლიტე დაუძლეველ ციხესიმაგრედ ეჩვენებოდა და ეგონა, რომ უფრო უსაფრთხო თავშესაფარი არც არსებობდა.  
სანამ ობობა ოცნებას მისცემოდა და მომავლის მაცდურ გეგმებს აწყობდა, მის მახვილ სმენას ნაბიჯების ხმა მოესმა, რომელიც სულ უფრო ახლოვდებოდა. ბუნებით ფრთხილი ობობა იმწამსვე თავისი თავშესაფარის სიღრმეში შეძვრა.
შინ დაბრუნებულმა სახლის პატრონმა გასაღების აცმა ააჩხაკუნა, ერთ-ერთი შეარჩია, საკლიტეში შეყო, გადაატრიალა და… მეოცნებე გასრისა.


მუხლუხო

ფოთოლზე მიკრული მუხლუხო ინტერესით ადევნებდა ტვალყურს როგორ ცეკვავდნენ და მღეროდნენ, ასკინკილათი დახტოდნენ, გასწრებაზე დარბოდნენ და როგორ ფრინავდნენ მწერები.… გარშემო ყველაფერი მოძრაობდა.

მას კი, საბრალოს, მხოლოდ მას არ შეეძლო არც სიმღერა, არც სირბილი და არც ფრენა. მუხლუხოს მხოლოდ ხოხვა შეეძლო და ისიც დიდი გაჭირვებით. სანამ მუხლოხო ერთი ფოთლიდან მეორეზე გადახოხდებოდა ხოლმე, ასე ეგონა, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.
მიუხედავად ამისა იგი ბედს მაინც არ უჩიოდა, არავსი არ შურდა, რადგან ესმოდა, რომ ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს.
და აი, მუხლუხოსაც უნდა ესწავლა აბრეშუმის თხელი ძაფის დართვა, რათა მისგან სახლი – პარკი მოექსოვა. მუხლუხო ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას და ზუსტად დათქმულ ვადაში თბილ პარკში გახვეული აღმოჩნდა.
_ ამის მერე რაღა უნდა მოხდეს? – იკითხა თავის თავშესაფარში გამოხვეულმა ქვეყნიერებას მოწყვეტილმა მუხლუხომ.
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, – მოესმა პასუხად – ცოტაც მოითმინე და შენი თვალით ნახავ!
როცა მუხლუხოს გამოღვიძების დრო დადგა და გამოფხიზლდა, იგი უწინდელივით მოუქნელი მუხლუხო აღარ იყო. პარკიდან მარჯვედ გამომძვრალმა, გაოგნებულმა შენიშნა, რომ ათასფერადი ფერებით მოხატული ფრთები ამოსვლოდა. მან მხიარულად აიქნია ფრთები, ბუმბულივით მსუბუქად აფრინდა ფოთლიდან და ცისფერ ნისლში გაუჩინარდა.  


სამართლიანობა


_ არა, ქვეყანაზე სამართალი არ არის! – გულსაკლავად დაიწრიპინა თრითინას კლანჭებიდან სასწაულით გადარჩენილმა თაგვმა.


_ როდემდე უნდა ვითმინო უსამართლობა?! – შესძახა აღშფოთებულმა თრითინამ, რომელმაც ძლივს შეასწრო კატას ვიწრო ფუღუროში.
_ ბოლო აღარ უჩანს თვითნებობას! – დაიკნავლა კატამ, შეახტა მაღალ ღობეს და შიშით გადმოხედა დაბლა მოყიალე ქოფაკს.
_ დამშვიდდით, მეგობრებო! - თქვა გლეხკაცის ეზოში, გალიაში გამომწყვდეულმა ბრძენმა ბუმ. – თქვენი ჩივილი ცხოვრებაზე სწორია, მაგრამ განა სიმართლე რომელიმე თქვენგანის მხარეზეა?
ამ სიტყვების გამგონე თაგუნამ სოროდან გამოიხედა, თრითინამ ფუღუროდან გამოყო ცხვირი, კატა ღობეზე მოკალათდა, ძარლი კი უკანა თათებზე ჩამოჯდა.
_ სამართლიანობა, - განაგრძობდა ბუ, - ბუნების კანონია, რომლის მიხედვითაც დედამიწის ყველა ბინადარს შორის გააზრებული თანხმობა მყარდება.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

ამ ბრძნული კანონს ემორჩილება ყველა ცხოველი, ფრინველი, თევზი და მწერიც კი. აბა, ნახეთ როგორ შეხმატკბილებული ცხოვრობენ ფუტკრები.
მართალი იყო ბუ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ფუტკრების სკა, მან იცის, რომ იქ ერთპიროვნულად ბატონობს დედა ფუტკარი, ნათელი გონებით ხელმძღვანელობს ყველას და ყველაფერს, ფუტკრების მრავალრიცხოვან ოჯახში სამართლიანად ანაწილებს მოვალეობებს. ზოგიერთი მათგანის მოვალეობა – ყვავილებიდან ნექტარის მოგროვებაა, ერთნი ფიჭაზე მუშაობენ, მეორენი მომაბეზრებელი ბზიკებისაგან იცავენ სკას, ზოგიც სისუფთავეს იცავს. არიან ისეთი ფუტკრებიც, რომელთა მოვალეობაა დედა ფუტკარს ემსახურონ - ერთ ნაბიჯზეც კი არ მოშორდნენ მას.


როცა მბრძანებელი მოხუცდება, ყველაზე ღონიერი ფუტკრები ზურგზე შეისვავენ მას და სათუთად დაატარებენ, ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილები კი ათასნაირი შინაური მალამოებით წამლობენ, და თუ ერთი ფუტკარი მაინც გაბედავს არ შეასრულოს თავისი მოვალეობა, მას საშინელი სასჯელი ელის.
ბუნებაში ყველაფერი გონივრულადაა გააზრებული და მოწყობილი. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. სწორედ ამ სიბრძნეშია ცხოვრების ჭეშმარიტი სამართლიანობა.  


დაფნა, მურტი და მსხალი


ერთ დღეს ბებერ, ტოტებგაშლილ მსხალთან ორი ქამარში ნაჯახგაყრილი გლეხი გაჩერდა.
_ ჰეი, მსხალო! – გასძახა დაფნამ – დახვდი სტუმრებს!
ამასობაში გლეხებმა ხელებზე დაიფურთხეს, მკლავები დაიკაპიწეს, ნაჯახები მოიმარჯვეს და ზედ ძირში შეუდგნენ ხის ჭრას.
_ რისთვის შეურიგდი მწარე ხვედრს? – ნიშნის მოგებით ჰკითხა მურტმა, - სად გაქრა შენი უწინდელი სიამაყე?
_ აღსასრულის დღე დაგიდგა, მსხალო, არ ცხრებოდა დაფნა, - შენი ფოთლები ვეღარ დაგვიჩრდილავენ მზეს.
სასიკვდილოდ დაჭრილმა მსხალმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წაილუღლუღა.
  - ვგრძნობ, რომ აღსასრულის დღე დამიდგა, მაგრამ თქვენ ტყუილად ღვარძლიანობთ. რა იცით, თქვე უვიცებო, რომ გლეხები სახელოსნოში წამიღებენ მეჩუქურთმესთან და ხელმარჯვე ოსტატი ჩემი მყარი სხეულიდან არაჩვეულებრივ ქანდაკებას გამოთლის.
მსხალი არ შემცდარა – ქანდაკება, მართლაც, რომ მშვენიერი გამოვიდა. მისი სილამაზით აღტაცებული ხალხი ოსტატის და პატივისცემის ნიშნად დაფნის გვირგვინებითა და მურტის ყვავილწნულებით ამკობდნენ მას.

ასეთია დაფნისა და მურტის ხვედრი, - მუდამ დამტვრეული ტოტებით იცხოვრონ, რათა მათი ტოტებით ადამიანის ქმნილება შეამკონ.


ობობა და ბზიკი

ობობა, როგორღაც, ბუზების საყვარელ თავშეყრის ადგილას აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ შეუდგა მათთვის ხაფანგის ქსოვას. საყრდენად ორი ტოტი ამოარჩია და მათ შორის სიგრძე-სიგანეზე უწვრილესი ვერცხლისფერი ძაფების წვნა დაიწყო.
მანამ წნა, სანამ უხილავი ქსელი არ მოქსოვა. საქმეს რომ მორჩა, ფოთლის უკან დაიმალა.
დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. ქსელში გაბმული მოფართხალე მსხვერპლი რომ შენიშნა, ობობა იმწამსვე თავშესაფარიდან გამოძვრა და ხელი სტაცა მსხვერპლს.
იქვე, შორი-ახლოს ყვავილის გვირგვინზე ბზიკი ჩამომჯდარიყო, რომელმაც ობობას მზაკვრობა შენიშნა.

მისმა პატიოსანმა და კეთილშობილმა გულმა ვერ აიტანა ამგვარი ვერაგობა. ფრთები ააფრიალა, მრისხანედ დაიბზუილა, თავს დააცხრა დაუნდობელ ბოროტმოქმედს და თავისი სასიკვდილო ნესტარი ჩაასო მას.
საბრალო ბუზები კი გადარჩნენ.


წაბლი და ლეღვი


ერთ დღეს წაბლის ხემ მეზობელ ლეღვის ხეზე ამძვრალი ადამიანი დაინახა, რომელიც ტოტებს ზნექდა, მერე კი ნაყოფს კრეფდა და ძალიან გაუკვირდა. როგორც ჩანს ადამიანს ძალიან მოეწონა ლეღვის გემო და მაშინვე საქმეს შეუდგა – პირი ნაყოფით გამოიტენა და ყბები აამუშავა.
_ მომისმინე, მეზობელო! მიმართა წაბლმა ლეღვს, თან უკმაყოფილოდ გააქნია თავი, - ამის ფასი რა ცოდვა გაქვს ჩადენილი დედაბუნების წინაშე, ასე რომ გაგწირა? შეხედე, რა კარგად ვარ მოწყობილი! ხედავ, რა საიმედოდაა დამალული და დაცულია ჩემი გემრიელი ნაყოფი, შენგან განსხვავებით ბუნებას მათზე ზრუნვისთვის ძალღონე არ დაუშურებია, - თვითკმაყოფილმა სიყვარულით დახედა თავის ნაყოფს და განაგრძო, - ბუნებამ მათ თხელი პერანგები ჩააცვა, გარედან კი აბრეშუმივით ნაზ სარჩულიან კომზოლში გამოაწყო. ეგ კიდევ არაფერი, ზემოდან ეკლიან ნაჭუჭ-ჯავშანში მყავს დამალული, ასე რომ ადამიანი, ისე ვერ იხილავს ჩემს ნაყოფს, როგორც საკუთარ ყურებს.
ამ სიტყვების გამგონე ლეღვმა თავი ვეღარ შეიკავა, ახარხარდა და როცა სიცილით გული იჯერა, წაბლს უპასუხა:
_ შენ, ეტყობა, ცუდად იცნობ ადამიანს, მეგობარო, თორემ ასე დაუფიქრებლად არ იმსჯელებდი, ზოგი ადამიანი იმდენად ჭკვიანი და მოხერხებულია, რომ მაინც მისწვდება საგულდაგულოდ დამალულ ნაყოფს. ჭოკებით, ჯოხებით და ქვებით შეიარაღებული სულს ამოგხდის და წაბლს ჩამობერტყავს და როცა ისინი მიწაზე დაცვივდებიან, ადამიანი ქვებით შეუდგება მათ სრესას და ჭყლეტას ისე, რომ შენი ნაქები ლამაზმანები დამდუღრულებივით გამოცვივდებიან თავიანთი ეკლიანი ნაჭუჭებიდან.
მერე ლეღვი წამით დაფიქრდა და დაუმატა:
_ ცოდვას როგორ ჩავიდენ, ბუნებაზე როგორ გავნაწყენდები, როცა ყველა ალერსითა და კეთილად მეპყრობა, ჩემს გემრიელ ნაყოფს კი მხოლოდ ხელებით კრეფენ, ცდილობენ არ გასრისონ, არ გაჭყლიტონ იგი და ამიტომ არც მე მინდა ვინმეს ვალში დავრჩე, პირიქით მადლობის ნიშნად მსურს ადამიანები ჩემი გემრიელი ნაყოფით დავაჯილდოვო.

 




ფარვანა და ალი

საღამოს ბინდში მოფარფატე და სიგრილით დამტკბარმა კოხტა ფარვანამ შორს მოციმციმე ალი შენიშნა. მაშინვე იქით გაეშურა, საიდანაც შუქი მოდიოდა და როცა მის ახლოს აღმოჩნდა, დაინახა, რომ ფანჯარაზე ლამპარი იდგა. ფარვანამ მის გარშემო დაიწყო ფრენა, გაოცებული ათვალიერებდა და თავის თავს ეკითხებოდა ნეტევ ვინ არის ეს უცნობიო.
გარშემო ტრიალით გული რომ იჯერა, ფარვანამ გადაწყვიტა ახლოს გაცნობოდა კაშკაშა ცეცხლს და ზუსტად ისე ეთამაშა მასთან, როგორც ბაღში ერთობოდა ხოლმე ყვავილებთან ერთად – მათ გვირგვინებზე ჩამომჯდარი რომ ქანაობდა, როგორც საქანელაზე.
ფარვანამ უკან დაიხია, მერე მკვეთრად აიჭრა ზემოთ, გაქანდა და ისე გადაუფრინა ცეცხლის ყვითელ ალს, თითქმის შეეხო, გეგონებოდა იწვევსო. უეცრად რაღაცამ მტკივნეულად უჩხვლიტა და ზემოთ აისროლა. ლამპარის გვერდით ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა ფარვანამ გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ცალი თათი დაჰკარგვოდა და ფრთების ბოლოებიც შეტრუსვოდა.
_ როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო? – საკუთარ თავს ეკითხებოდა საგონებელში ჩავარდნილი ფარვანა და პასუხს ვერ პოულობდა.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

ვერაფრით იჯერებდა, რომ ასეთ საოცარ, უწყინარ ალს შეეძლო ბოროტება ჩაედინა ან ზიანი მიეყენებინა მისთვის. ცოტა ხნის შემდეგ ოდნავ გონს მოსულმა ფარვანამ ისევ გაშალა ფრთები და აფრინდა.

ანთებულ ლამპარს ისევ რამდენჯერმე შემოუფრინა და მშვიდად გაეშურა პირდაპირ ალისკენ, მასზე ქანაობა სურდა, მაგრამ იმწამსვე ზეთში ჩავარდა, რომლითაც მზაკვარი ალი იკვებებოდა.
_ ო, რა ულმობელი ხარ, _ ჩაილუღლუღა ფარვანამ, თან უკანასკნელი ძალა ეცლებოდა, _ მე შენში მეგობარს ვეძებდი და სიკვდილი ვიპოვე, ძალიან გვიან მივხვდი, რა ბოროტი და საშიში ყოფილხარ! ძვირად დამიჯდა შენთან თამაშის სულელური განზრახვა!
_ საბრალო ფარვანა! – უპასუხა ღამის ლამპარმა, - რა ჩემი ბრალია, თუ შენი გულუბრყვილო ოცნების საგანი – მთვარის შუქით განათებული ყვავილი არ ვარ? ჩემი დანიშნულებაა ღამე გავუნათო ადამიანებს. ის კი ვინს ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობა არ იცის, აუცილებლად დაიწვება.


 
ვაზი და ბებერი ხე

ერთ დღეს, თავი რომ უფრო ლაღად და იმედიანად ეგრძნო, ვაზმა გადაწყვიტა ბებერ ხეს ტანზე შემოხვეოდა. მეგობრებმა, რომლებიც, როგორც წესი და რიგია, ვენახში გლეხის ჩარჭობილ სარებზე დაყრდნობილები იზრდებოდნენ, გაოცებულებმა ჰკითხეს:
_ რა ხეირია ამ ბებერ ხესთან ყოფნა? მას ხომ ერთი ამოსუნთქვაღა დარჩენია, ვაითუ გადატყდეს და წაიქცეს, მაშინ რაღა გეშველება?
_ ნუ დარდობთ, როგორმე გავძლებ თქვენი რჩევა-დარიგებების გარეშე!
უხეშად უპასუხა თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ვაზმა. იგი უფრო მჭიდროდ ეხვეოდა ხეს და თავს იმით იმშვიდებდა, რომ ჭკუით აჯობა დანარჩენებს _ ეგონა, უფრო მაღლა, მზისკენ თუ აზიდავდა თავის მწვანე ლერწებს, ამით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებდა. მაგრამ ვაზის რჩეული იმდენი ხნის იყო, რომ ფეხზე ძლივსღა იდგა. ტოტები გახმობოდა, ფუტურო, ნახევრად დამპალ ტანზე კი ქარის ყოველ დაბერვაზე ჟრუანტელი უვლიდა.


ერთ დღეს ხემ მძიმედ ამოიოხრა და წაიქცა. წინდაუხედავი ვაზი კი დამხობილი გოლიათის ქვეშ მოყვა და დაიღუპა.



შროშანი


მდინარე ტიჩინოს ნაპირზე, რომელიც ლომბარდიის მინდვრებსა და ველებზე მოედინება, მშვენიერი შროშანი ყვაოდა. დანარჩენი მინდვრის ყვავილები მოწიწებით უხრიდნენ თავს შროშანს და ცდილობდნენ მზე არ დაეჩრდილათ მისი ბრწყინვალებისთვის. ის კი იდგა აშოლტილი, მხიარულად ირხეოდა ქარისგან და დაუღალავად ტკბებოდა მდინარეში თავისი ანარეკლით. ენითაუწერელი სილამაზით მოჯადოებულმა ტალღებმა გადაწყვიტეს ყვავილი მოეტაცათ.
მალე ვნებისა და დაუოკებელი ჟინისგან აფორიაქდა მდინარე. ტალღები სულ უფრო და უფრო აღელდნენ. მდინარის შხეფებისგან დასველებული შროშანი კი ისევ ყელყელაობდა, ამაყად იდგა თავის ღეროზე და თავს იწონებდა.
მაშინ ტალღებმა იმატეს, უფრო ხშირ-ხშირად ასკდებოდნენ ნაპირს, ზედ უვლიდნენ და თავზე ევლებოდნენ შროშანს, სანამ ნაპირი არ ჩამოიქცა და აქაფებულ მორევში არ ჩაიყოლა თავმომწონე ეული მზეთუნახავი.
 

კაკალი და სამრეკლო

ერთ დღეს ყვავმა სადღაც კაკალი იშოვნა და სამრეკლოზე გაფრინდა.

მოკალათდა და გემრიელი ლებნის ხელში ჩასაგდებად ფეხებში მომწყვდეულ ნადავლზე ნისკარტით გამეტებით შეუდგა კაკაუნს. არ ვიცი, დარტყმა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, თუ ყვავს უმუხთლა ბედმა, კაკალი კლანჭებიდან გაუსხლტა, ქვევით ჩაგორდა და კედლის ნაპრალში მიიმალა.
_ ო, კეთილო ქომაგო-კედელო! – შეევედრა ყვავის ნისკარტის დარტყმებისაგან ოდნავ გონს მოსული კაკალი, თან თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე – ნუ დამღუპავ, შემიბრალე! შენ ისეთი მყარი და დიდებული ხარ, ისეთი მშვენიერი სამრეკლო გაქვს. ნუ გამაგდებ, შემიფარე!
ზარები ყრუდ და გამკიცხავად აგუგუნდნენ, _ კედელს აფრთხილებდნენ, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ, კაკალს არ ენდოო.
_ ნუ მიმატოვებ ობოლს გაჭირვებაში! _ ისევ ევედრებოდა კაკალი, ცდილობდა ზარების გაბრაზებულ გუგუნში ხმა მიეწვდინა კედლისთვის, _ ის იყო მშობლიური ტოტი უნდა მიმეტოვებინა და ტენიან ნიადაგზე ჩამოვვარდნილიყავი, რომ ბოროტი ავაზაკი თავს დამაცხრა და როცა გაუმაძღარი ყვავის ნისკარტში აღმოვჩნდი, დავიფიცე – თუ სიკვდილს გადავურჩი, სიცოცხლის ბოლომდე რომელიმე ორმოში გავიტრუნები, წყნარად და მშვიდად გავატარებ მეთქი დარჩენილ დღეებს.
კაკლის ვედრებამ გული აუჩუყა და ააცრემლა ბებერი კედელი, ზარების გაფრთხილების მიუხედავად, კედელმა გადაწყვიტა, მასპინძლობა გაეწია კაკლისათვის და თავის ნაპრალში დაეტოვებინა.
დროთა განმავლობაში კაკალს შიშმა გადაუარა, მოშინაურდა, გათამამდა და ფესვები გაუშვა. ფესვები სტუმართმოყვარე კედელში მიძვრებოდნენ. სულ მალე კედლის ნაპრალიდან პირველმა ყლორტებმა გამოხეთქეს. ისინი ერთად მიიწევდნენ წინ და ძალას იკრებდნენ. კიდევ ცოტა ხანმა განვლო და კაკლის ნორჩი ყლორტები ამაყად დაჰყურებდნენ თვით სამრეკლოსაც კი.

ყველაზე მეტად კი ფესვებისაგან კედელი დაზარალდა, რადან იცინი სულ უფრო იტოტებოდნენ, არყევდნენ და ანგრევდნენ ძველ ნაგებს და უმოწყალოდ ფანტავდნენ აგურებსა და ქვებს.
ძალიან გვიან მიხვდა კედელი, რამდენად ცბიერი აღმოჩნდა შეუხედავი, საწყალი კაკალი, რომელიც მშვიდ ცხოვრებას ჰპირდებოდა მასპინძელს.
ნდობისათვის მწარე სინანულის და თავის გაკიცხვის მეტი რაღა დარჩენოდა კედელს, მან ხომ ბრძენი ზარების გაფრთხილება არ შეისმინა.
კაკლის ხე გულგრილი სიამაყით იზრდებოდა, სამრეკლო კი სულ უფრო და უფრო ინგრეოდა.
 


ცეცხლი და ქვაბი


თბილ ნაცარში ძლივს შესამჩნევად კიდევ ღვიოდა ნაკვერჩხალი. დიდი სიფრთხილითა და მომჭირნეობით ხარჯავდა უკანასკნელ ძალებს, რათა საბოლოოდ არ ჩამქრალიყო და არ გაგუდულიყო ნაცრისფერ ნაცარში.
ვახშმის დრო მოვიდა და თითქმის გაციებულ ღადარში ვიღაცამ ერთი აღება შეშა და გამომშრალი ფიჩხი შეუკეთა. მერე შეშებს შორის, რომლებზეც შეჭამანდით სავსე ქვაბი ეკიდა, ცეცხლის ალი ამოძვრა. ხმელი შეშით გალაღებული ცეცხლი ნელ-ნელა ღვივდებოდა და ღუმელიდან დამდგარ ჰაერს დევნიდა. მორებთან თამაშითა და ცელქობით გართული ცეცხლი ხან ქვემოდან ამოყოფდა თავს, ხან გვერდიდან, ხანაც ზემოთ ამოხტებოდა და სულ უფრო და უფრო მატულობდა.
ცეცხლი დაჟინებით მიძვრებოდა მორებს შორის. მისი ენები ტკაცანით ისროდნენ ნაპერწკლებს.… მუქი ჩრდილები სამზარეულოს მოედნენ, მხიარულად აცეკვდნენ კედლებზე და კუთხეებისაკენ გაიქცნენ.
მოუსვენარი ცეცხლი სულ გაგიჟდა, არხეინად დაიფრუტუნა და ჯიუტად სცადა ღუმელის საფარს გასცდენოდა.

სულ მალე ღუმელიც აგუგუნდა და ათასნაირ ხმაზე ამღერდა.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

ხან რიხიანად სტვენდა, ხან კი საბრალოდ ზმუოდა. სამზარულოში განათდა და დათბა.
როცა ცეცხლმა დაინახა, რომ შეშა საბოლოოდ დაიმორჩილა, სულ მთლად გავიდა თავს, გაჭირვეულდა და გათავხედდა.
ცეცხლს ღუმელი უკვე ევიწროვებოდა - მუქარით აშიშინდა, ატკაცუნდა და ნაპერწკლების სროლა დაიწყო. ენები ზემოთ ატყორცნა და გადაწყვითა ზეცაში აჭრილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად… კვამლით გარუჯული ქვაბის ძირს დაეჯახა.  
 


ალვის ხე


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ალვის ხე, სხვა მრავალ ხესთან შედარებით, ყველაზე სწრაფად იზრდება. მისი ყლორტები თვალსა და ხელს შუა მიიწევენ ზევით და მთელს არემარეზე ყველას უსწრებენ სიმაღლეში.
ერთ დღეს ახალგაზრდა ალვის ხემ გადაწყვიტა ცხოვრების თანამგზავრი გაეჩინა და არჩევანი ვაზზე შეაჩერა.
_ რა უცნაური ახირებაა! – ებუზღუნებოდნენ თანამოძმეები, - ნახავ რა დღეშიც ჩაგაგდებს ეგ ლამაზმანი! რად გინდა? თავი დაანებე! ჩვენი საქმე სიმაღლეში ზრდაა, ეს არის ჩვენი ხვედრი.


მაგრამ ჯიუტმა ხემ თავისი გაიტანა. შეყვარებული ალვა ახალგაზრდა ვაზთან შეუღლდა და ნება დართო მჭიდროდ შემოხვეოდა, თან ძლიერ ხარობდა.
ვაზმა რომ მყარი საყრდენი დაიგულა, სწრაფად გაიზარდა და ნაყოფიც უხვად მოისხა. როცა გონიერმა გლეხმა შენიშნა, რომ ალვის ხის ტოტზე შემოხვეული ვაზი კარგად ხარობდა, გაზაფხულზე ალვას ტოტები დააჭრა, რათა ვაზი თან არ აჰყოლოდა სიმაღლეში და შემოდგომაზე მწიფე ყურძნის მტევნების კრეფა არ გასჭირვებოდა.
სად გაქრა ალვის ხის ტანადობა? განში გავიდა, უწინდებური სიხალისეც დაკარგა და ბედს შეურიგდა.
დგას ახლა თავისთვის ჯირკივით დაბალი, ტოტებდაჭრილი და თავის ნაყოფიერ სატრფოს საყრდენად ემსახურება.
მისი თანამოძმეები კი აშოლტილან და უდარდელად აშრიალებენ ფოთლებს.
 

ჭიანჭველა და ხორბლის მარცვალი

მკა დამთავრდა. მინდორში დარჩენილი ხორბლის მარცვალი მოუთმენლად ელოდა წვიმას, ყინვების დადგომამდე რღმად რომ ჩამძვრალიყო ნესტიან ნიადაგში.
ხორბლის მარცვალს გვერდზე ჭიანჭველამ ჩაურბინა. შენიშნა, გაიხარა და დიდხანს არ დაუყოვნებია, მძიმე ნადავლი ზურგზე წამოიკიდა და ქოშინ-ქოშინით წაბობღდა ჭიანჭველების ბუდისკენ.
შინ რომ გათენებამდე მიეღწია, ჭიანჭველა გაუჩერებლად მიცოცავდა, ტვირთი კი სულ უფრო მძიმდებოდა და ზურგზე აწვებოდა სიქაგამძვრალ ჭიანჭველას.
_ რას იწყვეტ წელლს? აქ დამაგდე! – შეევედრა ხორბლის მარცვალი.
_ რომ გადაგაგდო, ზამთარში საკვების გარეშე დავრჩებით, ჩვენ ბევრნი
ვართ და ყოველი ჩვენგანი ვალდებულია რაიმე იშოვნოს ჭიანჭველების ბუდის მარაგის გასამრავლებლად – რიდით უთხრა ჭიანჭველამ.
მაშინ დაფიქრდა მარცვალი და უთხრა:
_ მესმის შენი, ასე უნდა იქცეოდეს ყველა პატიოსანი მშრომელი, მაგრამ შენს უნდა გამიგო, ყურადღებით მომისმინე, ჭკვიანო ჭიანჭველა!
იმით კმაყოფილმა ჭიანჭველამ, რომ შესვენების საშუალეა მიეცა, მძიმე ტვირთი ზურგიგან ჩამოაგდო და დასასვენებლად ჩამოჯდა.
_ იცოდე, - თქვა მარცვალმა, - ჩემში დიადი ცხოველმყოფელი ძალაა, ჩემი დანიშნულება ახალი სიცოცხლის წარმოშობაა. მოდი ერთ საქმეზე მოვილაპარაკოთ.
_ რაზე?
_ აი, რაზე, თუ ჭიანჭველის ბუდეში არ წამათრევ და აქ, ჩემს მშობლიურ მინდორში დამტოვებ, მაშინ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, სამაგიეროდ ას, ზუსტად ჩემნაირ მარცვალს მიიღებ.
გაოცებულმა ჭიანჭველამ უნდობლად გაიქნია თავი.
_ დამიჯერე, კეთილო ჭიანჭველა, რასაც გეუბნები სრული ჭეშმარიტებაა, თუ შენ ახლა უარს იტყვი ჩემზე და მოიცდი, მაშინ მე ასმაგად დავაჯილდოებ შენს მოთმინებას და არც შენი ჭიანჭველების ბუდე დაზარალდება.
ჭიანჭველამ კეფა მოიფხანა და გაიფიქრა – “ასი მარცვალი ერთის სანაცვლოდ? ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში ხდება”
_ როგორ გააკეთებ ამას? – ჰკითხა ჭიანჭველამ, - ცნობისმოყვარეობა კლავდა, მაგრამ ჯერ მაინც არ სჯეროდა.


_ მენდე! – უთხრა მარცვალმა, _ ეს ცხოვრების ყველაზე დიდი სადუმლოებაა. ახლა კი ამოთხარე პატარა ორმო, ჩამმარხე, ზაფხულში კი ისევ დაბრუნდი.
ჭიანჭველა დანიშნულ დროს მინდორში დაბრუნდა.
ხორბლის მარცვალმა დანაპირები შეუსრულა.


ფუტკარი და მუქთახორები

_ წესი და კანონი არ არსებობს თქვენთვის თქვე უსაქმურებო!? – ვეღარ მოითმინა ერთ დღეს მუშა ფუტკარმა, როცა ვერაფერი შეასმინა მუქთახორა მამალ ფუტკრებს, რომლებიც უსაქმოდ დაფრინავდნენ სკის გარშემო, _ ოღონდ არ იმუშაოთ! შეგრცხვეთ მაინც! საითაც არ გაიხედავ ყველა შრომობს, ყველა ზამთრის მარაგს აგროვებს. თუნდაც ერთიციდა ჭიანჭველას შეხედეთ, პატარაა, მაგრამ ბეჯითი. მთელი ზაფხული წელში წყდება, შრომობს, ცდილობს არცერთი დღე არ გამოტოვოს, ზამთარი ხომ კარზეა მომდგარი!
_ შენც ნახე რა მისაბაძი კაცი! - შეუღრინა ერთ-ერთმა მამალმა ფუტკარმა მუშა ფუტკარს, რომელმაც ტვინი წაუღო თავისი რჩევა-დარიგებებით, _ შენი ნაქები ჭიანჭველა ყოველ მოსავალზე მარცვლებს ანადგურებს, და კიდევ, ეგ წუწურაქი, ყველანაირ ნაგავს სახლში მიათრევს.
მუქთახორას ნუ აჭმევ და სალაპარაკო მიეციო ნათქვამია. არც სხვის ლაფში ამოსვრას მოერიდება, თავად კი ყოველთვის მონახავს თავისი უსაქმურობის გასასამართლებელს.


ჩიტბატონა

ჩიტბატონამ ჭიაყელა მოინადირა, გახარებული თავის ბუდესთან მიფრინდა, მაგრამ ბარტყები შიგ არ დაუხვდა. სანამ იგი ნადირობდა, ბოროტმოქმედებს მოუტაციათ ისინი.
ტირილითა და გოდებით დაეძებდა ჩიტბატონა დაკარგულ ბარტყებს.

მთელ ტყეს მოედო მისი კვნესა და მოთქმა, მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა.
მეორე დღეს საბრალო მშობელს სკვინჩა შემოხვდა, რომელმაც ამცნო, შენი ბარტყები ერთ-ერთი გლეხის სახლში ჯერ კიდევ გუშინ ვნახეო.
სიხარულისგან თავგზააბნეული ჩიტბატონა, გამალებით მიფრინავდა სოფლისაკენ და სულ მალე იმ სახლთან აღმოჩნდა, რომელზეც სკვინჩამ მიუთითა.
ჩიტბატონა სახლის სახურავის კიდეზე ჩამოჯდა, მიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მერე კალოზე ჩამოფრინდა, არც იქ იყო არავინ. მაგრამ, როცა საბრალო ჩიტბატონამ თავი ასწია, ფანჯარაზე ჩამოკიდებული გალია დაინახა, რომელშიც მისი დატყვევებული ბარტყები ისხდნენ. ჩიტბატონა მათკენ გაქანდა.
მამა რომ დაინახეს, ბარტყები ერთხმად, საბრალოდ აჭყიპინდნენ, ევედრებოდნენ ჩქარა დაგვიხსენი ტყვეობიდანო. რა არ იღონა ჩიტბატონამ, კლანჭებითა და ნისკარტით გალიის წნელის გაწევას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. მაშინ მწარედ აქვითინებულმა მიატოვა გალია.
გამწარებული ჩიტბატონა მეორე დღეს ისევ მიფრინდა გალიასთან, სადაც მისი ბარტყები იტანჯებოდნენ.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

დიდხანს უყურა მათ სიყვარულით სავსე თვალებით.

მერე კი პირდაფჩენილ ბარტყებს სათითაოდ ფრთხილად ჩაუდო რაღაც პირში.
მშობელს შხამიანი ბალახი მოეტანა ნისკარტით და ამიტომ ბარტყებმა მაშინვე გაფშიკეს ფეხები.
_ ტყვეობაში ტანჯვას სიკვდილი სჯობს! – მწარედ ამოიოხრა ამაყმა ჩიტბატონამ და ტყეს დაუბრუნდა.


ფიჭვი
 
ერთ ბაღში ფიჭვი ხარობდა. სწრაფად იზრდებოდა, სულ უფრო მაღლდებოდა და ლამაზდებოდა. მისი ფაფუკი კენწერო მეფურიად გადაჰყურებდა და ჩრდილავდა სხვა ხეებს. სიმაღლესთან ერთად იზრდებოდა მისი ამპარტავნებაც. ზიზღით და ქედმაღლურად უცქერდა ყველას, ერთ მშვენიერ დღეს კი მბრძანებლურად შესძახა:
_ მომაშორეთ ეს გასაცოდაცებული თხილის ბუჩქი! – და ხე ძირში მოჩეხეს.
_ მიხსენით ამ აუტანელი ლეღვის მეზობლობისაგან! თავს მაბეზრებს თავისი სულელური გამომეტყველებით, _ ბრძანა მეორედ ახირებულმა ფიჭვმა და ლეღვსაც იგივე ბედი ეწია.
თვითკმაყოფილი, ლამაზი ფიჭვი მედიდურად არხევდა ტოტებს და არ ცხრებოდა, _ ეს ბებერი ვაშლები აღარ დავინახო ჩემს ირგვლივ! – და ხეები შეშად აქციეს.
ასე მბრძანებლობდა დაუოკებელი ფიჭვი. ერთი მეორეზე მიყოლებით აჩეხიებდა ხეებს.

ასე გახდა იგი ერთპიროვნული მბრძანებელი ბაღისა, რომლის წარსული სილამაზიდან მხოლოდ კუნძებიღა დარჩენილიყო. მაგრამ ერთ დღეს ქარბუქი ამოვარდა, ფიჭვი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მას, ფესვებით მაგრად ებღაუჭებოდა მიწას, ქარი კი, რომელსაც გზად აღარცერთი ხე აღარ შეხვედრია, დაუბრკოლებლად აწყდებოდა მარტოხელა ლამაზმანს, უმოწყალოდ ამტვრევდა მას და მიწამდე ზნექდა.
ბოლოს და ბოლოს დალეწილმა ფიჭვმა ვეღარ გაუძლო მძვინვარე ქარბუქის დარტყმებს, გაიპო და მიწაზე დაემხო.
 

ხვიარა და ხვლიკი

ძალზედ გაზრდილმა ხვიარამ ზევით ასწია მზეზე მოელვარე ნაზი, ზურმუხტისფერი ფოთლები. მერე, საკუთარი სილამაზით დამტკბარი ისე გათავხედდა, რომ სხვა მცენარეების მეზობლობას ვეღარ იტანდა. განსაკუთრებით გვერდზე მდგომი ბებერი, გამხმარი ხე აღიზიანებდა თავისი უშფოთველობით.
_ ყური მიგდე, ბერიკაცო! – მიმართა ერთ დღეს ხვიარამ, რას მედები ფეხებში, დროა აიკრიფო გუდა-ნაბადი და მომწყდე თავიდან!
ბებერმა ღერომ წაიყრუა, ვითომ ვერც გაიგო უხეში ხვიარას სიტყვები და ფიქრებში გართულს ხმა არ გაუცია. მაშინ დაუოკებელი ხვიარა მის გარშემო მდგომ ხშირ, კედლად აღმართულ კვრინჩხს გადაწვდა.
_ ეი, შენ, კვრინჩხი ხარ თუ ვიღაცა ხარ! შენგან საშველი აღარ არის, ძმაო, ყელში ამომიხვედი შენი აუტანელი ეკლებიანად. იქით მიაბრუნე ეგ შენი ტოტები, ვერ ხვდები რომ მზეს მიჩრდილავ?
მაგრამ თავისი საქმით გართულმა კვრინჩხმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ახირებული მეზობელი და არაფერი უთქვამს.
მცხუნვარე მზეს მიფიცხებულმა ბებერმა ხვლიკმა ვეღარ მოითმინა და საყვედურით Mმიუგო ხვიარას:
_ რამდენი ხანია გიყურებ და შენი გამიკვირვებია! ნუთუ ისეთი სულელი ხარ, რომ ვერაფერს ხვდები, შენ ხომ ამ ბებერ ღეროს უნდა უმადლოდე, რომ მასზე შემოხვეული იზრდები და ზემოთ მიიწევ, ნუთუ ვერც იმას ხვდები, რომ კვრინჩხის ეკლიანი ბარდი რომ არა, შენისთანა მახინჯს, დიდი ხნის წინ გატკეპნიდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები.
აღშფოთებულ ხვიარას შეპასუხება უნდოდა, მაგრამ ხვლიკმა ხმა არ ამოაღებინა.
_ შენი დანახვაც კი აღარ მინდა! და საერთოდ, დიდგულობასა და უაზროდ ყელყელაობას გირჩევნია, მეზობლებისაგან ჭკუა ისწავლო!



ქვა და გზა


იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ლამაზი ქვა. ნაკადულს, რომელიც მის გვერდით მორაკრაკებდა, ისე გაეპრიალებინა მისი გვერდები, რომ მზის შუქზე ლაპლაპი გაჰქონდა.
მაგრამ გავიდა ხანი და ნაკადული დაშრა, ქვა კი ისევ იწვა გორაკზე, გარშემო კი მაღალი ბალახებისა და ჭრელ-ჭრელი მინდვრის ყვავილებით მოჩითული სივრცე გაშლილიყო.
ქვა ზემოდან დაჰყურებდა დაკლაკნილ მოკირწყლულ გზას.

გზის პირას, აქეთ-იქით, კენჭები და რიყის ქვები ეყარა.
ნაკადულის ჩვეულ რაკრაკს მოკლებული, ეულად დარჩენილი ქვა, სევდიანი თვალებით სულ უფრო ხშირად გაჰყურებდა გზას, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. ერთ დღეს ისე მოსწყინდა, რომ ვეღარ მოითმინა და შესძახა:
_ როდემდე უნდა ვეგდო ასე მარტოდმარტო? რაში მარგია ბალახები და ყვავილები, ჭკუას ვიზამ თუ ჩემი თანამოძმეებთან ერთად ვიცხოვრებ სავალ გზაზე, იქ, სადაც სიცოცხლე დუღს და გადადუღს. თქვა თუ არა ეს, ადგილიდან დაიძრა, დაღმართზე დაეშვა და გზაზე, მის მსგავს ქვებს შორის აღმოჩნდა.
ვინღა არ დადიოდა ამ გზაზე, დროგის რკინით მოჭედილი ბორბლები, ცხენების, ძროხების, თხების, ცხვრების ჩლიქები, კოხტა ჩექმები და ლურსმნით დაჭედილი უხეში გლეხური ფეხსაცმელები.
ქვამ დიდ ალიაქოთში ამოჰყო თავი. აქ მას ხან გულგრილად ჰკრავდნენ მუჯლუგუნს, ხან ქელავდნენ, ამტვრევდნენ, ეჯახებოდნენ, ტალახში თხვრიდნენ, ზოგჯერ საქონლის ფუნაშიც კი ამოგანგლულა.
სად წავიდა, სად გაქრა მისი სილამაზე! ახლა ქვა სევდიანად გასცქეროდა გორაკს, სადაც ოდესღაც მშვიდად იწვა სურნელოვან ყვავილებს შორის.
დაკარგულ სიმშვიდეზე ამაო ოცნების მეტი რაღა დარჩენოდა ქვას, ტყუილად როდი უთქვამთ: სანამ რამე გვაქვს, არ ვაფასებთ, აღარ გვაქვს და მივტირითო.
ეს ამბავი იმათ ეხება, ვინც დაუფიქრებლად ტოვებს მიყრუებულ სოფლებს და ხალხმრავალი, ხმაურიანი ქალაქებისაკენ მიილტვის, იქ, სადაც მაშინვე ამაო ფუსფუსში, გაუთავებელ სირთულეებსა და უსიამოვნებებში ებმება.

   

თხილის ბუჩქი


დიდ ბაღში, ღობის მიღმა შეხმატკბილებული, მშვიდობიანად ცხოვრობდა ხეხილი, რომელიც გაზაფხულობით ვარდისფრად ფეთქდებოდა, ზაფხულის დამლევს კი მწიფე ნაყოფით დამძიმებული წელში იზნიქებოდა.
სრულიად შემთხვევით ამ მეგობრულ, მშრომელ ოჯახში თხილის ბუჩქი შეეჩხირა, რომელიც ძალიან მალე გაიბადრა და გადიდგულდა.
_ როდემდე უნდა ვეგდო აქ, ღობის უკან, - უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა თხილი, - სულაც არ ვაპირებ განდგომილივით ცხოვრებას, ჩემს ტოტებს ღობიდან გადავყოფ, რომ ყველამ გაიგოს რა არაჩვეულებრივი ნაყოფი მაქვს!
და თხილის ბუჩქი მთელი ძალ-ღონით შეუდგა მაღალი ღობის დაძლევას, რათა გამვლელ-გამომვლელის წინაშე მთელი თავისი სილამაზით წარმსდგარიყო.
როცა დრო დადგა და მისი ტოტები თხილით დაიხუნძლა, ყველა, ამვლელი თუ ჩამვლელი, კრეფდა მათ. ვინც ხელით ვერ წვდებოდა ჯოხებსა და ქვებს იშველიებდა.
სულ მალე დაბეგვილმა და დალეწილმა თხილის ბუჩქმა მარტო ნაყოფი კი არა, ფოთლებიც დაკარგა. მისი დასახიჩრებული ტოტები მათრახებივით ეკიდა ღობეზე, ბაღის სიმწვანეში კი არომატული წვენით დატენილი ვაშლები, მსხლები და ატმები იწონებდნენ თავს.



რწყილი და ცხვრის ტყავი

უწყინარი ეზოს ძაღლის ბეწვში უდარდელად ცხოვრობდა რწყილი და ბედს არ უჩიოდა.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები


მაგრამ ერთ დღეს ძვირფასი, სუფთა შალის საამო სურნელი შეიგრძნო.
_ ნეტავ რა უნდა იყოს? – დაინტერესდა რწყილი, ისკუპა და რას ხედავს, მისი ერთგული ძაღლი ცხვრის ტყავზე წამოწოლილა და ტკბილად სძინავს.
_ ოჰ, როგორ ვოცნებობდი ასეთ ძვირფას ქურქზე! – შესძახა აღფრთოვანებულმა რწყილმა, თან ცხვრის ტყავს თვალს არ აშორებდა.

- გაცილებით უფრო ხშირი, ფაფუკი და ლამაზია, და რაც მთავარია, საიმედო. ამაში ხომ აღარც ძაღლის კბილების შიში მექნება და აღარც ბრჭყალების. ჩემი ძაღლი, პირდაპირ, აუტანელი გახდა, სულ დაკარგა ზრდილობა, განუწყვეტლივ იქექება და დამეძებს. როგორ მომბეზრდა გაუთავებელი კუკუ - დამალობანას თამაში! ცხვრის ტყავი ნამდვილად ძაღლის ტყავზე ნაზი და უსაფრთხოა.
რწყილს ბევრი აღარ უფიქრია და ბედნიერი შემთხვევა ხელიდან რომ არ გაეშვა, ძალ-ღონე მოიკრიბა, სკუპი ქნა და ძაღლის ტყავიდან ცხვრის ტყავში გადახტა. მაგრამ რწყილს მოლოდინი და იმედი გაუცრუვდა. ძაღლის ტყავთან შედარებით ცხვრის ტყავი იმდენად ხშირი და უხეში აღმოჩნდა, რომ ფეხებით ბეწვის გაწევ-გამოსაწევად და გზის გასაკვლევად რწყილს დიდი ჯაფა დაადგა.
ეჰ, რამდენი წინააღმდეგობა გადალახა რწყილმა, როგორც იქნა ნანატრ მიზანსაც მიაღწია, მაგრამ, ვაი, რომ დამუშავებული ცხვრის ტყავი ქვასავით მაგარი აღმოჩნდა.
რა არ გააკეთა, როგორ არ ეცადა, მაგრამ ეს გემრიელი ლუკმა მისი საკბილო არ აღმოჩნდა.
სიქაგამძვრალმა, დაუძლურებულმა, ოფლში გახვითქულმა და იმედგაცრუებულმა რწყილმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის განზრახვაზე და უკან დასაბრუნებლად გაუდგა გზას. ერთი სული ჰქონდა ჩვეულ გარემოს _ ძაღლის ბეწვს დაბრუნებოდა და ისევ ძველი ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ძაღლს ცხვრის ტყავზე აღარ ეძინა, უგზო-უკვლოდ გამქრალიყო.
მთელი დღეები განუწყვეტლივ ტიროდა საბრალო რწყილი, თვალზე ცრემლი არ შეშრობია, თავს ვერ პატიობდა მიუტევებელ წინდაუხედაობას, სანამ ხშირ ბეწვში საბოლოოდ გზააბნეული, შიმშილისა და დარდისაგან არ მოკვდა.

 


ნაკადული


ერთმა დაუდევარმა ნაკადულმა დაივიწყა, რომ არსებობას წვიმას უნდა უმადლოდეს.

კოკისპირული წვიმის შემდეგ ისე გაიბღინძა, რომ ყოველგვარი მორიდება დაკარგა და წყალუხვ მდინარედ გადაქცევა განიზრახა.
კალაპოტის გასაფართოებლად, აბობოქრებულმა ნაკადულმა, ნაპირს მოშლა დაუწყო _ მიწას რეცხავდა და ქვებს ანგრევდა.
მაგრამ აი, ქარმა ღრუბლები განდევნა და კვლავ მზემ გამოანათა. ჯიუტი ნაკადული ვერც კი მიხვდა, ისე აღმოჩნდა თავისივე ხელით მოწყობილ მახეში. საგუბარში გამომწყვდეული ჭუჭყიან წუმპედ რომ არ ქცეულიყო და მზის გულზე არ დამშრალიყო, ნაკადულს დიდი ჯაფა დაადგა. დიდხანს დაძრწოდა აქეთ - იქით მიმოფანტულ ქვებს შორის სანამ ხეობაში დაშვება მოახერხა, რათა თავისი წყალი კანონიერი პატრონისთვის – მდინარისთვის დაებრუნებინა.


ატმის ხე

ერთ ბაღში, თხილის ბუჩქის გვერდით, ატმის ხე იდგა და შურით შესცქეროდა მეზობლის თხილით დახუნძლულ ტოტებს.
_ რატომ ასხია ჩემზე მეტი ნაყოფი? – განუწყვეტლივ ბუზღუნებდა უგუნური ხე, _ აბა, ეს არის სამართელი? ნეტავ, მეც ამდენი ატამი მესხას! რითი მჯობს!
_ ნუ გშურს სხვისი! – უთხრა ერთხელ მის გვერდით მდგომმა ქლიავის ხემ, - ნუთუ ვერ ხედავ, რომ თხილს შენზე ძლიერი ტანი და მოქნილი ტოტები აქვს? ტყულად ჯუჯღუნსა და შურს ჯობს იმაზე იზრუნო, რომ უკეთესი ატმები მოისხა.
_ მაგრამ შავი შურით დაბრმავებულმა ატამმა არ მოინდომა ქლიავის კეთილ რჩევას დაჰყოლოდა და არც არანაირმა ლაპარაკმა არ გაჭრა.
ატამმა მაშინვე უბრძანა თავის ფესვებს, უფრო ღრმად ჩამძვრალიყვნენ მიწაში, მაგრად ჩასჭიდებოდნენ, მეტი სასიცოცხლო წვენი და ტენი გამოეწოვათ მისგან. ტოტებს უბრძანა კვირტები ემრავლებინათ, ხოლო ყვავილებს ნაყოფად ქცეულიყვნენ.
როცა ყვავილობამ ჩაიარა, ხე თავიდან ბოლომდე მწიფე ნაყოფით დაიხუნძლა.
წვნიანი ატმები დღითიდღე მძიმდებოდნენ, ისე, რომ ტოტებს მათი დაჭერა უმძიმდათ.
და აი, ერთ დღეს ატმის ხემ სიმძიმისაგან დაიკვნესა და ჭახანით გადატყდა. მწიფე ატმები კი მიწაზე ჩამოცვივდა და უშფოთველი თხილის ძირში დალპა.


ლომი


ლომის ბოკვერებს ჯერ თვალებიც კი არ ახელიათ.

ბრმები, უმწეოდ დაბორიალებენ დედა ლომის თათებს შორის. გემრიელ რძეს დაეძებენ, დრუნჩებით ეტაკებიან დედის თბილ მუცელს და არანაირ სხვა ძახილს ყურს არ უგდებენ.
ამაყი მამა ლომი გვერდზე დგას, ცდილობს ხელი არ შეუშალოს დედა ლომს ლეკვების მოვლაში და თან ყურადღებით ადევნებს თვალყურს თავის ნაგრამს.
უცებ ლომმა მეფური ფაფარი გააქნია და მძლავრად დაიღრიალა. ბოკვერებს მაშინვე აეხილათ თვალები, ხოლო სავანის დანარჩენი ბინადარნი თავზარდაცემულნი მიმოიფანტნენ.
ლომის მრისხანე ღრიალის მსგავსად, რომელიც ცხოვრებაზე თვალს უხელს ბოკვერებს, გონიერი მშობლების სამართლიანი ქება და დასჯა სათნოებას უღვივებს მოზარდებს. ამით მშობლები სწავლის სურვილსა და კეთილშობილებას უნერგავენ ბავშვებს და ყოველგვარ სიმახინჯესა და უკეთურობას დევნიან მათგან.


ობობა და ნამგალა

ობობა იძულებული გახდა თავისი მოვერცხლისფერო ქსელი მეასედ გაეჭიმა ხეებს შორის, რადგან დამცინავი ნამგალა ფრთით ჭრიდა მას.
_ ხელს რატომ მიშლი მუშაობაში? – ჰკითხა აღშფოთებულმა ობობამ, - მე ხომ არაფერს გიშავებ?
_ ნამდვილი მტარვალი ხარ და მეტი არაფერი! – წაიჭიკჭიკა ნამგალამ, - შენი უხილავი ქსელი კი მწერების სასიკვდილო ხაფანგია!
_ შენ მეუბნები, ძმობილო, მაგას? – გაუკვირდა ობობას. – ერთი მითხარი, რით მჯობიხარ? მთელი დღეები ნისკარტ დაფჩენილი დაფრინავ წინ და უკან და განურჩევლად ანადგურებ სწორედ იმ მწერებს, რომლებზეც ვითომ ასე შეგტკივა გული. შენთვის ეგ გართობაა, მე კი წელში ვწყდები, წვრილ ძაფებს ვრთავ, მერე მათგან არშიებს ვქსოვ, ბადეში მოხვედრილ ნადავლს კი ამდენი პატიოსანი შრომის საფასურად ვიღებ.
სხვა სხვის საქმეში ბრძენია, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანას თავისი სამრეკლოდან გადმოჰყურებს.


თხილის ბუჩქი და თელა

თხილის ბუჩქი ამაყად არხევდა ჯერ კიდევ დაუმწიფებელი ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს.
ერთ დღეს თხილის ბუჩქმა აიხედა და მისდა გასაკვირად დაინახა, რომ მის გვერდით სქელვარჯიანი ხე გაზრდილიყო, რომელსაც ფოთლების გარდა ტოტებზე არაფერი ესხა.
_ ვინ მოგცა იმის უფლება, რომ მზე დამიჩრდილო და ჩემს ნაყოფს დამწიფების საშუალება არ მისცე? მიპასუხე! - იკითხა განრისხებულმა თხილის ბუჩქმა.
_ შენ ვინა ხარ? მე თელა ვარ! - გაუბედავად და მორიდებით ჰკითხა მეზობელმა.
_ ეი, შენ თავით ფეხებამდე ფოთლებში ჩაფლულო! – დასცინა თელას უკმაყოფილო თხილის ბუჩქმა, - ნაყოფი რა უყავი? ნუთუ არა გრცხვენია, ასე უაზროდ რომ იზრდები და ხელს უშლი სხვებს? აბა, დამაცადე, მალე დამწიფდება ჩემი ნაყოფი, მიწაზე დაცვივდება, მერე ისევ გაიხარებს და მერე ნახავ რა დღესაც დაგაყრით.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები


მართლაც არაჩვეულებრივი მოსავალი მოვიდა, თითქოს საგანგებოდ, სათითაოდ გადაარჩიესო თხილი, მაგრამ ერთ დღეს ჯარისკაცებმა ჩამოიარეს და როცა თხილის ბუჩქი დაინახეს, ხარბად ეცნენ მას, მთელი თხილი დაკრიფეს და ტოტები დაამტვრიეს.
გულჩვილმა თელამ თანაგრძნობით შეხედა დადუმებულ მეზობელს.
_ საბრალო თხილო, ტყუილად მიწინასწარმეტყველე დაღუპვა, რა იცოდი, რომ თავად გელოდა საშინელი ხვედრი. როგორ მებრალები, როგორ დაგღუპა საკუთარმა ნაყოფმა.
თხილის ბუჩქი კიდევ დიდხანს იშუშებდა ჭრილობებს და ტკივილებისაგან საშინლად წუხდა. კეთილი თელა კი იზრდებოდა, არავისი შურდა და არც არავის ერჩოდა.


შვილების მადლიერება

ერთხელ დილით, ორმა, დედალ-მამალმა ოფოფმა იგრძნო, რომ ბუდიდან ვეღარ გადმოფრინდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცა უღრუბლო იყო და დღე მზიან ამინდს ჰპირდებოდათ, ისინი ნისლის მეტს ვერაფერს ხედავდნენ და ვერც ვერაფერს არჩევდნენ – თვალებზე ბინდი გადაკვროდათ.
ოფოფები მოხუცები და უძლურები იყვნენ, ფრთებზე და კუდზე ბუმბული ისე გახუნებოდათ და გამოფიტოდათ, რომ ხმელი ფიჩხივით ემტვრეოდათ. ძალაც სრულიად გამოლეოდათ.
მოხუცმა ოფოფებმა გადაწყვიტეს აღარ მიეტოვებინათ ბუდე და ერთად დალოდებოდნენ უკანასკნელ წამს, რომელიც მოსვლას არ დააყოვნებდა.
მაგრამ შეცდნენ, მოულოდნელად მათი შვილები გამოჩნდნენ. ერთ-ერმა მათგანმა, რომელმაც შემთხვევით ჩაუფრინა მშობლიურ ბუდეს, დაინახა მობლების უძლურება და თავის და-ძმასთან გაფრინდა ამბის შესატყობინებლად.
როცა ყველა ახალგაზრდა ოფოფი მამისეულ ბუდესთან შეიკრიბა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა:
_ ჩვენმა მშობლებმა გვიბოძეს უდიდესი და უძვირფასესი განძი _ სიცოცხლე, მათ გამოგვკვებეს და დაგვაფრთიანეს, ზრუნვა და სიყვარული არ მოუკლიათ ჩვენთვის, ახლა კი, როცა ორივე ავადაა, ჩვენი წმინდათა წმინდა ვალია განვკურნოთ და მოვუაროთ მათ.
ამ სიტყვების თქმასთან ერთად ყველა ერთსულოვნად შეუდგა საქმეს.

ზოგმა ახალი, უფრო თბილი ბუდის მშენებლობა დაიწყო, სხვები მწერებისა და ჭიაყელების საჭერად გაეშურნენ, დანარჩენები კი ტყეში გაფრინდნენ.
მალე მზად იყო ახალი ბუდე, სადაც შვილებმა ფრთხილად გადააიყვანეს მოხუცი მშობლები. Mმშობლები რომ გაეთბოთ, შვილებმა მათ ფრთები გადააფარეს, ზუსტად ისე, როგორც დედა ჩიტი ათბობს ხოლმე თავისი სხეულის სითბოთი გამოუჩეკავ ბარტყებს. შემდეგ ახალგაზრდა ოფოფებმა მშობლებს წყაროს წყალი დაალევინეს, გამოკვებეს და ფრთხილად ამოპუტეს ძველი, გაუხეშებული ბუმბული.
სულ ბოლოს, დანარჩენი ოფოფებიც დაბრუნდნენ ტყიდან და ნისკარტით სიბრმავის განმკურნებელი ბალახი მოუტანეს მშობლებს. ისინი სასწაულმოქმედი ბალახის წვენით მშობლების მკურნალობას შეუდგნენ, ამას კი დიდი დრო ჭირდებოდა, და შვილები მოთმინებით ელოდნედნენ, როდის დადგებოდა ეს დრო, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ მშობლებს უყურადღებოდ.
და აი, დადგა ნანატრი დღე - დედამ და მამამ თვალი გაახილეს, მიმოიხედეს და შვილები იცნეს. Aასე განკურნა შვილების მადლიერებამ და სიყვარულმა მშობლები, თვალის სინათლე და ძალა დაუბრუნა მათ.


გულისხმიერება

ორი ახალგაზრდა სირაქლემა დარდისაგან აღარ იყო. ყოველთვის, როცა ისინი კვერცხების გამოჩეკვას დააპირებდნენ, კვერცხები მათი სიმძიმისგან ტყდებოდა.
იმედდაკარგულებმა, რომ ოდესმე მაინც მიაღწევდნენ საწადელს, გადაწყვიტეს უდაბნოს მეორე ბოლოში მცხოვრებ მრავლისმნახველ, გამოცდილ სირაქლემასთან წასულიყვნენ რჩევისთვის.
მიზნის მისაღწევად სირაქლემებს მრავალი დღე და ღამე მოუწიათ სირბილი.
_ გვიშველე! – შეევედრენ სირაქლემები, _ დაგვარიგე და გვასწავლე უბედურებს, როგორ გამოვჩეკოთ კვერცხები! ღოგორ არ ვცადეთ, მაგრამ ბარტყები მაინც ვერ ვიყოლიეთ.
_ ჭკვიანმა სირაქლემამ ყურადღებით მოისმინა მათი სევდიანი ამბავი და უპასუხა:
_ ეს ძალიან რთული საქმეა, სურვილისა და მონდომების გარდა, კიდევ რაღაცაა საჭირო.
_ რა? Eერთხმად შესძახეს სირაქლემებმა, _ ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ.
_ თუ ასეა, მოისმინეთ და დაიმახსოვრეთ! მთავარია – გულისხმიერება. სიყვარულით უნდა ეპყრობოდეთ დადებულ კვერცხს, მუდამ ზრუნავდეთ მასზე, როგორც ყველაზე ძვირფას საგანძურზე.

მხოლოდ თქვენი გულების სითბოს შეუძლია სიცოცხლე შთაბეროს მათ. _ სირაქლემები დაიმედებული და ფრთაშესხმული დაბრუნდნენ უკან.
როცა კვერცხი დადეს, დედალ - მამალი თავს ევლებოდნენ, სიყვარულითა და სათნოებით აღსავსენი, თვალს არ აშორებდნენ მას. მრავალმა დღემ განვლო. ყოველდრიური სიფხიზლისაგან სირაქლებები ფეხზე ვეღარ იდგნენ, მაგრამ მათი რწმენა, მოთმინება და გულმოდგინება დაფასდა.
ერთ მშვენიერ დღეს კვერცხი შეინძრა, გაიბზარა და გატყდა.
ნაჭუჭიდან ერთი ციცქნა სირაქლემას ფუმფულა თავმა ამოიხედა.


ვაზი და გლეხკაცი

ვაზი მადლიერებით შეჰხაროდა გლეხკაცს. გაზაფხულზე მიწა რომ შემოუბარა, უნდა გენახათ როგორ ფრთხილობდა ბარი მის ნაზ ფესვებს რომ არ გამოსდებოდა, რა სიყვარულით ევლებოდა თავს, გამძლე სარს უმარჯვებდა და უფრო ლაღად რომ გაზრდილიყო, ზედ ახვევდა.
ასეთი ზრუნვით გახარებულმა ვაზმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ტკბილი, სურნელოვანი მტევნებით დაესაჩუქრებინა ადამიანი.
როცა რთველის დრო დადგა, ვაზი თავიდან ბოლომდე მსხვილი მტევნებით იყო დახუნძლული.

გულმოდგინე პატრონმა ერთი მეორეზე მიყოლებით დაკრიფა ისინი და ფრთხილად ჩააწყო კალათში. შემდეგ დაფიქრდა, სარები ამოთხარა და შეშად გამოიყენა.
უმადური გლეხკაცისაგან დაუმსახურებლად განაწყენებულ ვაზს ახლა მთელი ზამთარი შიშველ მიწაზე გდება და გაყინვა ელოდა. სამაგიეროდ, შემდეგ წელს წინანდებურად გულუხვი როდი იყო.
წინდაუხედავ გლეხკაცს ძვირად დაუჯდა თავისი სიხარბე.


ყარყუმი


ერთ დღეს, როცა მელა სადილს მიირთმევდა, წინ არაჩვეულებრივ ქურქში
გამოპრანჭულმა ყარყუმმა ჩაურბინა.
_ ხომ არ დამეწვევით, მეგობარო? ნუ მოგერიდებათ! – შესთავაზა მას უკვე დანაყრებულმა მელამ.
_ დიდად გმადლობთ, - ამაყად უპასუხა ყარყუმმა, - ამ წუთას გეახელით.
¬_ ხა, ხა, ხა! – გადაიხარხარა მელამ, - დედამიწის ზურგზე არ მეგულება ყარყუმივით მორიდებული ცხოველი. ან რა ფაქიზები ხართ! საოცარია პირდაპირ, დღეში ერთხელ ჭამთ და ქურქის გასვრას შიმშილი გირჩევნიათ.
უცებ სად იყო და სად არა, მონადირეები გამოჩნდნენ. მელა თვალის დახამხამებაში მიიმალა, ყარყუმი კი თავქუდმოგლეჯილი გავარდა თავისი თავშესაფრისკენ.
მზეს თოვლის დადნობა მოესწრო და ყარყუმის სორო, დილით ჯერ კიდევ მოვლილი და გაწკრიალებული, ტალახით მოთხვრილიყო.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები


გაქათქათებული ყარყუმი ერთი წამით შეყოვნდა, შეეცადა ბეწვი არ დაესვარა და სწორედ მაშინ განგმირეს იგი მონადირეებმა.
ზომიერება მანკიერებისგან საიმედო დამცველია. ამაყი ყარყუმი თავისი სიწმინდის შელახვას, სიკვდილს ამჯობინებს.


შოთხვი და შაშვები

შოთხვს მოთმინების ფიალა აევსო.

მას შემდეგ, რაც მწკლარტე კენკრა დამწიფდა, თავხედი და მომაბეზრებელი შააშვებისაგან საშველი აღარ იყო. დილიდან საღამომდე გუნდებად დასტრიალებდნენ თავს, ნისკარტითა და ბრჭყალებით დაუნდობლად აკორტნიდნენ მთელ ტოტებს.
_ გეთაყვა, ძალიან გთხოვთ! – შეევედრა შოთხვი ყველაზე შემაწუხებელ შაშვს, - ვიცი, რომ ჩემი კენკრა შენი უსაყვარლესი საჭმელია, ღმერთმა შეგარგოს, მიირთვი რამდენიც გინდა, არ მენანება, მაგრამ თავი დაანებე ჩემს ფოთლებს, ნუ წიწკნი მათ, ისინი ხომ მცხუნვარე მზისგან მიფარავენ. ნუ მტანჯავ შენი ბრჭყალებით, ნუ მაძრობ ტყავს!
შაშვი პირველი ჩხუბისთავი იყო მთელ გუნდში და შოთხვის სიტყვები არ ესიამოვნა.
_ ხმა გაიკმინდე, როცა არ გეკითხებიან! თავად ბუნებამ მოაწყო ისე, რომ შენ ჩემი სიამოვნებისთვის ისხამდე ნაყოფს. რა უნდა გელაპარაკო, დაყუდებულ რეგვენს! Eერთი ამას დამიხედეთ, Fფოთლები და ტოტები ენანება, ვითომ არ იცი არა, რომ ზამთარში შეშად დაგჩეხავენ.
ასეთი პასუხის გამგონე შოთხვი უფრო დასევდიანდა და ჩუმად აქვითინდა. შაშვი კი, რომელმაც სიკვდილი უწინასწარმეტყველა შოთხვს, თავად გაება გლეხკააცის დაგებულ მახეში.
დაჭერილი ჩიტისთვის გალიის გასაკეთებლად გლეხმა რამდენიმე წნელი ღობიდან ამოაძრო, ერთი ორი მოქნილი ტოტი კი შოთხვს მოატეხა.
ასეთი შეხვედრა ჰქონდა შოთხვს თავის შეურაცხმყოფელთან, რომელიც ახლა დაღვრემილი იჯდა გალიაში და კრინტს არ ძრავდა.  
მაგრამ შოთხვს ხმა არ ამოუღია, რადგან ახალგაზრდობაში გაგონილი სიტყვები გაახსენდაა: - `როგორც თბილი ტანსაცმელი იცავს სიცივისაგან, ისე იცავს მოთმინება წყენისგან. სულის სიმშვიდე გამოიჩინე, მოთმინება მოიკრიბე და არანაირი წყენა, როგორი მწარეც უნდა იყოს იგი, არ შეგეხება.~

კიბორჩხალა

ერთი მსუნაგი კიბორჩხალა საფარში იჯდა.

Kკიბორჩხალამ შენიშნა, რომ მდინარის ჩქერში ნავარდს, თევზებს დიდი წყაქვეშა ლოდის გარშემო წყნარ, ჩრდილიან ყურეში ცურვა ურჩევნიათ.
წყალი იქ ჰაერივით გამჭვირვალე იყო და თევზებიც უფრო ლაღად გრძნობდნენ თავს, ჩრდილითა და მოცეკვავე მზის ათინატებით ტკბებოდნენ.
კიბორჩხალა დაღამებას დაელოდა, და როცა დარწმუნდა, რომ სიბნელეში მას თვალსაც კი ვერავინ მოჰკრავდა, თევზების საყვარელ ადგილას, ქვასთან, მიხოხდა, სორო ამოთხარა და როგორც მხეცი ბუნაგში, ისე გაიტრუნა. თავისი გადმოკარკლული თვალებით ფხიზლად ადევნებდა თვალ-ყურს მოცურავე თევზებს და თუ რომელიმე მათგანი ახლოს აღმოჩნდებოდა, გაქნილი კიბორჩხალა მას მარწუხებში მოიქცევდა და მერე დიდი სიამოვნებით მიირთმევდა.
_ რას სჩადიხარ, მეზობელო! – უკმაყოფილოდ წაიბუზღუნა ბებერმა ლოდმა, - ამომფარებიხარ და ყაჩაღივით თავს აცხრები საწყალ თევზებს. მაგრამ იცოდე, შენთვისაც მოიცლის განგება!
კიბორჩხალას წაარბიც არ შეუხრია, თავისი ეშმაკური ხრიკის მიგნებით კმაყოფილი ზღვარგადასულ ყაჩაღობასა და თევზის ნაზი ხორცით პირის ჩატკბარუნებას განაგრძობდა.
ერთ დღეს იქუხა, ქარი ამოვარდა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მდინარე ადიდდა და უზარმაზარი ტალღა მთელი ძალით მოასკდა ქვას. ძლიერი დარტყმისაგან ქვა გადაბრუნდა და თავგასული ყაჩაღი – კიბორჩხალა ქვეშ მოიყოლა.


ობობა და ვაზი


ზედიზედ რამდენიმე თვე უთვალთვალა ობობამ ქინქლების ფრენას და როცა დარწმუნდა, რომ ყველაზე ხშირად ისინი ვენახში ირეოდნენ, ამიერიდან ვეღარ გადამირჩებიანო, ჩაიხითხითა და ვაზზე ახოხდა. Mმერე ყველაზე დიდ, სურნელოვან მტევანთან მჭიდრო ქსელი გააბა, თვითონ კი გრილ მარცვლებს შორის მოკალათდა. ყაჩაღი ობობა მოულოდნელად ესხმოდა თავს თავშესაფრიდან საბრალო ქინქლებს, რომლებსაც დამწიფებული ყურძნის მწკლარტე სურნელი იზიდავდათ და ვერც კი წარმოედგინათ, რომ აქ მათ საფრთხე ელოდათ. ღორმუცელა ობობამ არაერთი ქინქლა მოგუდა – ხრიკი უმართლებდა.
მაგრამ ყურძნის კრეფის დრომაც მოაწია და გლეხკაცს დიდი ჯაფა დაადგა ვენახში.

იგი მოხერხებულად ხმარობდა დანას – მტევანს მტევანზე ჭრიდა. ის მტევანიც მოხვდა ხელში, რომელშიც ობობა ჩასაფრებულიყო და სვა დიდ მტევნებთან ერთად ისიც უზარმაზარ კალათში აღმოჩნდა.
ასე იქცა ყურძნის მტევანი ობობის ხაფანგად. სხვისთვის დაგებულ მახეში თვითონ გაება და სამუდამოდ გაისრისა.



ხამანწკა და თაგვი

ერთხელ ხამანწკა ბადეში მოხვდა და მდიდარ ნადავლთან ერთად მეთევზეების ქოხში აღმოჩნდა.
“ჩვენ, აქ, ყველას, გარდაუვალი დაღუპვა გველის” – სევდიანად გაიფიქრა ხამანწკამ, როცა იატაკზე დაყრილ გროვაში საცოდავად მოფართხალე და მომაკვდავი თანამოძმეები დაინახა.
უცებ საიდანღაც თაგვი გამოძვრა.
_ მომისმინე, კეთილო თაგუნა! – შეევედრა ხამანწკა, – ქენი სიკეთე წამიღე ზღვასთან!
თაგვმა ყურადღებით შეათვალიერა იგი: - “რა მსხვილი და ლამაზი ხამანწკაა, ალბათ, ხორციც წვნიანი და გემრიელი ექნება” – გაიფიქრა თაგვმა.
_ კარგი, - ხალისიანად უპასუხა თაგვმა, თან გადაწყვიტა, პირი ჩაეტკბარუნებინა იოლი ნადავლით, რომელიც, როგორც იტყვიან ხოლმე, თავისით ჩაუვარდა კალანჭებში, - მაგრამ, შენი ზღვასთან მიყვანა რომ გამიადვილდეს, ჯერ ნიჟარის საგდულები უნდა გამიღო, სხვანაირად დახმარება გამიჭირდება.
თაღლითი თაგუნა ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ გახარებული ხამანწკა ვერც კი მიუხვდა ეშმაკობას და ნიჟარა გაუღო. ხარბი თაგუნა მაშინვე ეცა გემრიელ ლუკმას, შეეცადა კბილები ჩაევლო ხამანწკასათვის, მაგრამ სიჩქარეში წინდახედულობამ უმტყუნა. ხამანწკამ საფრთხე იგრძნო, სასწრაფოდ დახურა ნიჟარა და ვერაგი მღრღნელი ხაფანგში მოაქცია.
თაგვმა ტკივილისაგან ხმამაღლა დაიწრიპინა, იქვე შორიახლოს მყოფმა კატამ კი მისი წრიპინი გაიგონა, ერთი ნახტობით დააცხრა ცრუპენტელას და გადასანსლა.
როგორც იტყვიან ხოლმე, “სიფრთხილეს თავი არ სტკივა”


ღამურა და მერცხალი


ფარდულის სახურავის შვერილის ქვეშ, კედელზე, ღამურა ჩამოკონწიალებულიყო და თავისი აპკიანი ფრთები თავზე წაეფარებინა, რათა მზის სინათლე არ დაენახა.

ასე გაატარა მთელი დღე მზის ჩასვლამდე.
როცა მზე ჰორიზონტს მოეფარა და ცა ჩამობნელდა, ღამურამ სახურავის ქვეშიდან თავი გამოჰყო და ფრთხილად მიმოიხედა.
_ როგორც იქნა ჩაქრა ეს ოხერი სინათლე! – თქვა მან.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

– ოჰ, როგორ დამიბუჟდა საბრალო ფეხები! ახლა კი გავშლი მუხლს და გავინავარდებ ღამის სივცეში.
სწორემ ამ დროს, მთელი დღის საქმეებით გადაღლილი, დაგვიანებული მერცხალი შინ ბრუნდებოდა და კინაღამ ღამურას დაეჯახა, რომელიც ქურდულად, შეუმჩნევლად გამოდიოდა შვერილქვეშ მოწყობილი თავშესაფრიდან.
¬_ შენ არ გაიხარე! – ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა მერცხალმა, - ბოროტი სულივით ხარ, ლაღად და პატიოსნად ცხოვრება არ შეგიძლია.
მართალი იყო მერცხალი.
სიკეთისათვის უცხოა შიში და მალვა, რადგან იგი მზიანი დღესავით სითბოთი და სიხარულით ასაჩუქრებს ყველას. ღამურას კი, ეშინია არ დაბრმავდეს და ისე გაურბის სინათლეს, როგორც სიცრუე სიმართლეს.


ბადე

ბადემ, ისევ და ისევ, უკვე მერამდენედ, უამრავი თევზი დაიჭირა. მეთევზეების კალათები პირამდე აივსო კობრებით, ჭანრებით, ქარიყლაპიებით, ანგალებითა და უამრავი სხვა თევზით.
თევზთა ოჯახები, დედაბუდიანად, მთელი ჯალაბობით ბაზრის დახლებზე ეყარნენ და სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ, გავარვარებულ ტაფებსა და თუხთუხა ქვაბებში სიმწრისაგან იკრუნჩხებოდნენ. მდინარეში დარჩენილი დაბნეული თევზები კი შიშისაგან ცურვას ვერ ბედავდნენ და იმალებოდნენ. როგორ უნდა ეცხოვრათ?!
სიცოცხლე თუ სიკვდილი? – აი, რა იყო საკითხავი! მაგრამ რა უნდა ექნათ, მარტო როგორ უნდა გამკლავებოდნენ ბადეს. მას ხომ ყოველ დღე, თანაც მოულოდნელად.

სულ რომ არ ელი, ისეთ ადგილებში ისვრიან. დაუნდობლად იჟლიტებიან თევზები, და, ბოლოს, მთელი მდინარე დაცარიელდება.
_ ჩვენი შვილების ბედზე უნდა ვიზრუნოთ, მათ არსებობის სრული უფლება აქვთ. ჩვენს გარდა არავინ დაიხსნის მათ განსაცდელისაგან, – მსჯელობდნენ ციმორები, რომლებიც სათათბიროდ მდინარეში ჩაძირული ხის ქვეშ შეკრებილიყვნენ.
_ კი, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია? – მორცხვად იკითხა ჭანარმა, რომელიც ყურადღებით ისმენდა გულადი ციმორის საუბარს.
_ გავანადგუროთ ბადე! – ერთსულოვნად შესძახეს თევზებმა.
ყოვლისმცოდნე ანგალებმა იმ დღესვე მთელ მდინარეს მოსდეს გაბედული გადაწყვეტილების მიღების ამბავი.
მეორე დღეს კი ყველა თევზი, დიდი თუ პატარა, ხის გაშლილი ტოტებით დაფარულ, წყნარ, ღრმა ყურეში კრებაზე მიიწვიეს.  
ათასი ჯურისა და ასაკის თევზი მოცურდა დათქმულ ადგილზე, რათა ბადისთვის ომი გამოეცხადებინათ.
კობრმა საომარი მოქმედებების დაგეგმვა იკისრა, -Mმას არაერთხელ გადაუღრღნია ბადე და გაქცეულა ტყვეობიდან.
_ ყველამ, ყურადღებით მომისმინეთ! – მიმართა მან თანამოძმეებს, ბადე ჩვენი მდინარის სიგანისაა და იმისთვის, რომ კარგად გაჩერდეს წყალზე, მის ქვედა ნასკვებზე ტყვიის სიმძიმეებია მიმაგრებული. ისმინეთ ჩემი ბრძანება: ყველა ჯიშის თევზი ორ ჯგუფად უნდა გაიყოთ. Pპირველმა – სიმძიმეები ფსკერიდან ზემოთ უნდა ასწიოს, მეორე ჯგუფი კი ბადის ზედა ნასკვებს კარგად დაიჭერს. ქარიყლაპიების მოვალეობაა გადაღრღნან თოკები, რომლებითაც ბადე ნაპირზეა მიმაგრებული.
სუნთქვაშეკრული თევზები ყურადღებით ისმენდნენ წინამძღოლის ყოველ სიტყვას.
_ ანგალებს ვუბრძანებ დაუყოვნებლივ წავიდნენ დაზვერვაზე! – განაგრძობდა კობრი, - მათ უნდა შეიტყონ, სად არის ჩაშვებული ბადე!
ანგალები ბრძანების შესასრულებლად გაემართნენ, დანარჩენი თევზები კი ბრძანების მოლოდინში ნაპირთან შექუჩდნენ.

მათ გულებს ბაგა-ბუგი გაქჰონდა. ჩიმორები ყველაზე მხდალების გამხნევებას ცდილობდნენ, ურჩევდნენ შიშს არ აჰყოლოდნენ, მაშინაც კი თუ რომელიმე მათგანი ბადეში გაებმებოდა: მეთევზეები ხომ მაინც ვერ აათრევენ ბადეს ნაპირზე!
როგორც იქნა, მზვერავი ანგალები დაბრუნდნენ და კობრს მოახსენეს, რომ ბადე ქვევით, მდინარის დინების გაყოლებაზე, ას მილიზე იყო ჩაშვებული.
და, აი, თევზების უზარმაზარ არმადა კობრის წინამძღოლობით მიზნის მისაღწევად გაემართა.
_ ფრთხილად იცურეთ! – აფრთხილებდა მათ კობრი, – ოთხი თვალი გამოიბით, რომ დინებამ ბადეში არ გამოგამწყვდიოთ. მთელი სიჩქარით აამოძრავეთ ფარფლები და დროზე დაამუხრუჭეთ!
წინ ნაცრისფერი, ავბედითი ბადე გამოჩნდა.
გააფთრებული თევზები თამამად გადავიდნენ შეტევაზე. სულ მალე ბადე ფსკერიდან ასწიეს. თოკები, რომლების იჭერდა მას, ქარიყლაპიებმა კბილებით გადაღრღნეს. კვანძები კი დაფლითეს.

განრისხებული თევზები ამით არ დაკმაყოფილებულან, ისინი თავს ესხმოდნენ საძულველ მტერს. დაფლეთილ, დაწყვეტილ ბადეს თევზები კბილებით ჩაფრენოდნენ, გამალებით იქნევდნენ ფარფლებსა და კუდებს, თან სხვადასხვა მხარეს მიათრევდნენ და ნაკუწებად გლეჯდნენ მას.
თითქოს მდინარეში წყალი ადუღდაო.
მეთევზეები დიდხანს იქექავდნენ თავებს, ვერაფრით მიმხვდარიყვნენ ბადის უცნაურად გაქრობის მიზეზს.
თევზები კი დღემდე სიამაყით უამბობენ ამ ამბავს თავიანთ შვილებს.


ვირი ყინულზე


ვირმა შებინდებამდე იმდენი იბორიალა მინდორ-მინდორ, რომ ბაგამდე მითრევის ძალაც აღარ ჰქონდა. იმ წელს მკაცრი ზამთარი იდგა, გზები გაყინულიყო.
_ მეტი აღარ შემიძლია, ცოტას შევისვენებ, - თქვა სიქაგამძვრალმა ვირმა და ყინულზე დაწვა.
უცებ საიდანღაც ცქვიტი ბეღურა მოფრინდა და ვირს ყურში ჩასჭიკჭიკა:
_ გონს მოდი, ვირო, გზაზე კი არა, გაყინულ ტბორზე წევხარ!  
მაგრამ ვირს ძილი ისე მორეოდა, რომ აღარაფერი ესმოდა. ვირმა ტკბილად დაამთქნარა და ღრმა ძილს მიეცა. Mმალე ნესტოებიდან ორთქლი გამოუშვა, ყინულმა სითბოსაგან დნობა დაიწყო, ბოლოს კი ჭახანით გასკდა.

გაყინულ წყალში რომ აღმოჩნდა, ვირს იმწამსვე გაეღვიძა, თავზარდაცემული შველას ითხოვდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. საბრალო ვირი დაიხრჩო.
არასდროს არ წაუყრუოთ კეთილ რჩევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენთვის უცნობ ადგილას იმყოფებით.



შევარდენი და ჩიტბატონები


ნადირობიდან დაბრუნებულ შევარდენს თავისდა გასაოცრად საკუთარ ბუდეში, მისი ახალგამოჩეკილი, ჯერ კიდევ შეუბუმბლავი ბარტყების გვერდით ჩიტბატონები დახვდნენ.
იგი გუნებაზე ვერ იყო – უამინდობაში ვერ ინადირა, მთელი დღე მხოლოდ ლეში ხვდებოდა. შევარდნები კი, ყველასთვის ცნობილია, შიმშილით რომ კვდებოდნენ, ლეშს არ შეჭამენ.
დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვამ უფრო გააღიზიანა და განარისხა შევარდენი, უნდოდა მათზე ეყარა ჯავრი და ნაკუწებად ექცია ისინი, მაგრამ დროულად მოეგო გონს, – გაბრაზებულ შევარდენს ჩიტბატონებისთვის არაფერი დაუშავებია.
_ აქ საიდან გაჩნდით? – იკითხა ბუდის პატრონმა.
_ წვიმის დროს ტყეში გზა აგვებნა. – ძლივს წაილუღლუღა ერთ-ერთმა.
მტაცებელმა მძვინვარედ გახედა მას, შიმშილის გრძნობა კლავდა და ბოღმა ახრჩობდა.
შიშისგან აცახცახებული ჩიტბატონები ერთმანეთს ეკვროდნენ, ხმის ამოღებას და ამოსუნთქვასაც კი ვერ ბედავდნენ, არადა, ორივე ჩასუქებული და გაფუმფულებული იყო, მაგრამ ისეთი საწყლები და უმწეოები, რომ ამაყი შევარდენი მათ შეჭმას თავს ვერ აკადრებდა.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები


ცდუნებას რომ არ აჰყოლოდა, შევარდენმა თვალები დახუჭა და ბარტყებს ზურგი შეაქცია.
_ ახლავე გაეთრიეთ აქედან! – დაუცაცხანა მტაცებელმა, - თვალით აღარ დამენახოთ!
და როცა ჩიტბატონები თავპირისმტვრევით გაფრინდნენ.
შევარდენი თავის მშიერ ბარტყებს მიუბრუნდა და უთხრა:
_ ჩვენი საქმე მსხვილი ნადავლია, ჯობს, შიმშილით დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენს თავს უფლება მივცეთ და უდანაშაულო ფრინველით ჩავიტკბარუნოთ პირი!


სულგრძელობა

როცა მართვემ ბუდიდან თავი ამოჰყო, კლდის ძირას უამრავი ფრინველი დაინახა.
_ დედიკო, ვინ არიან ეს ფრინველები? – იკითხა მან.
_ ჩვენი მეგობრები! – უპასუხა დედა არწივმა შვილს, _ მართალია, არწივი მარტოობაში ცხოვრობს, ასე მიუჩინა განგებამ, მაგრამ გარემოცვა მასაც ჭირდება, აბა სხვაგვარად რა ფრინველთა მეფეა?! ჰოდა, ყველა, ვისაც ქვემოთ ხედავ, ჩვენი ერთგული მეგობრები არიან.
დედის განმარტებით კმაყოფილი მართვე ინტერესით უთვალთვალებდა ფრინველთა ნავარდს და მას შემდეგ მათ თავის ერთგულ მეგობრებად თვლიდა.
_ ვაი, ვაი, საჭმელი მოგვტაცა! _ შესძახა უცებ მართვემ.
_ დამშვიდდი, შვილო, მათ ჩვენთვის არაფერი მოუპარავთ. მე თავად გავუმასპინძლდი, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი! როგორი მშიერიც არ უნდა იყოს არწივი, მან აუცილებლად უნდა უწილადოს თავისი ნადავლი მეზობლებს, ასეთ სიმაღლეზე ყველა ფრინველს არ შეუძლია საკვების მოპოვება, და ამიტომ უნდა დავეხმაროთ მათ.
ყველა, ვისაც სურს ერთგული მეგობარი ჰყავდეს, კეთილი და მომთმენი უნდა იყოს, ყურადღებას უნდა იჩენდეს სხვისი გასაჭირის მიმართ.
დიდებასა და პატივისცემას ძალით კი არა, სულგრძელობითა და გაჭირვებულისთვის უკანასკნელი ლუკმის გაყოფით იმსახურებენ.


ლომი და ბატკანი

ერთხელ მშიერ ლომს გალიაში ცოცხალი ბატკანი შეუგდეს.

პატარა იმდენად გულუბრყვილო და მიამიტი იყო, რომ ნადირთა მეფის დანახვამ არც კი შეაკრთო. Fფაფარაშლილი, მრისხანე მხეცი, სულელს, ალბათ, დედა ეგონა, მიუახლოვდა, ალერსით დაიკიკინა და უზომო სიყვარულით, თვინიერებითა და აღფრთოვანებით სავსე ფართო, ნათელი თვალები მიაპყრო.
ასეთმა ნდობამ ლომს ფარ-ხმალი დააყრევინა და ბატკნის გაგლეჯა გადააფიქრებინა. L
უკმაყოფილო ლომი ღრიალებდა. იმ ღამეს ლომმა მშიერმა დაიძინა.

ზარნაშო და კურდღელი

მორზე ჩამომჯდარი ორი ზარნაშო კუდღელს უთვალთვალებდა, რომელიც შემოდგომის ნამკალში ისე გამალებით დარბოდა, თითქოს მწევრების ჯგრო მოსდევსო.
_ საწყალი ყურცქვიტა, - თქვა ერთმა ზარნაშომ, - იმის ვაჟკაცობაც კი არა აქვს საწყალს, რომ სოროში დაიმალოს.
_ რატომ? – დაინტერესდა მეორე.
_ იმიტომ, რომ ეშინია.
_ საოცარია, რისი უნდა ეშინოდეს საკუთარ სახლში?
_ ყველა კურდღელი ასეა, - უპასუხა პირველმა, - ყველაფრის ეშინიათ, შიშს კი დიდი თვალები აქვს. განსაკუთრებით ახლა უფრთხიან ყველაფერს, როცა ფოთოლცვენა დაიწყო. კურდღლები თავქუდმოგლეჯილები გარბიან, როცა ფოთლების წვიმას ხედავენ. მათ ბუნების ყველანაირი ცვალებადობა აშინებთ.
_ ესე იგი, კურდღლები ლაჩრები ყოფილან!
_ რა თქმა უნდა.

Aაი, ეს ყურცქვიტაც მანამ ირბენს გაშლილ ველზე, სანამ ხაფანგს არ გადააწყდება, ან მონადირე არ ამოიღებს ოთხში.
ნათქვამია: ვინც მშიშარაა, ის შიშისგან კვდებაო.


აქლემი და მისი პატრონი


დაჩოქილი აქლემი მოთმინებით ელოდა როდის დატვირთავდა პატრონი. Mმან უკვე დაადო ზურგზე ერთი ფუთა, მეორე, მესამე, მეოთხე . . .
‘’მგონი საკმარისია’’, - ფიქრობდა დადარდიანებული აქლემი, მაგრამ პატრონს ვერ ეურჩებოდა.
ბოლოს და ბოლოს, როცა პატრონმა საქმეს თავი გაართვა, მან მბრძანებლურად გადაუტყლაშუნა შოლტი აქლემს. აქლემი ძლივს წამოდგა ფეხზე.
_ წავედით! – უბრძანა პატრონმა და აღვირი მოქაჩა. ცხოველი ადგილიდან არ დაიძრა.

– რას დაყუდებულხარ, გაინძერი! – დაუყვირა გაბრაზებულმა კაცმა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოქაჩა აღვირი.
აქლემი გაჯიუტდა. Fფეხები მიწას მიაბჯინა და ადგილზე გაქვავდა.
_ ოჰ, შე ჯიუტო, - მიუხვდა პატრონი აქლემს გაჯიუტების მიზეზს და ხვნეშით ჩამოხსნა ზურგიდან ორი ფუთა.
_ ახლა, მგონი, შევძლებ, - ჩაილაპარაკა აქლემმა და მორჩილად გაუდგა გზას.
ასე იარეს მთელი დღე მცხუნვარე მზის გულზე, და კაცმა გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, გათენებამდე, რომ მიგვეღწია უახლოვეს დასახლებამდეო.
თითქოს პატრონის ფიქრები გამოიცნოო, აქლემი უცებ შედგა.
_ წინ! – რიხიანად შეუძახა პატრონმა, - კიდევ ცოტა და მივალთ.
_ ფეხები მიგუგუნებს, დღეს საკმარისად ვიშრომე, სინდისიც კარგი საქონელია, - თავისთვის განსაჯა აქლემმა და სილაზე გაიშოტა.
პატრონს ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ რას იზამდა, იძულებული გახდა ფუთები აქლემიის ზურგიდან მოეხსნა და ღამის გასათევად ღია ცის ქვეშ დარჩენილიყო.
პატრონს, რომელიც მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობდა, ეტყობა, დავიწყებოდა, ძველი, პაპისეული, კეთილი ანდაზა – “ერთ აქლემს ორ პირ ტყავს არ აძრობენო”.


ძუ ლომი

ბუნიკებითა და ბასრი შუბებით შეიარაღებული მონადირეები უჩუმრად, სულ უფრო ახლოს და ახლოს ეპარებოდნენ ლომს. ძუ ლომმა, რომელიც ძუძუმწოვარა ბოკვერებს აჭმევდა, უეცრად უცხო სუნი შეიგრძნო და მაშინვე მიხვდა, რომ საფრთხე ელოდა. მაგრამ გვიან იყო. მონადირეებს უკვე ალყაში მოექციათ იგი და მზად იყვნენ, ყოველ წუთს განეგმირათ.
როცა ძუ ლომმა შეიარაღებული ადამიანები დაინახა, შეცბა. იფიქრა გაქცევით ვუშველიო თავს, მაგრამ იმწამსვე გონს მოეგო: მაშინ ხომ მისი ლეკვები გახდებოდნენ მონადირეების იოლი ნადავლი.
და დედამ გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაერჩინა შვილები.

მასზე დამიზნებული ბასრი შუბები რომ არ დაენახა, დედა ლომმა თავი ძირს დახარა, შეუპოვარი ნახტომით დააცხრა ადამიანებს და გააქცია ისინი.
უმწეო ლეკვები კი გადარჩნენ.


საშინელი ცხოველი

ერთი ხანია ტყის ბინადართ შორის ყველაზე გაბედულმა და გაქნილმა ცხოველებმაც კი ვერაფრით გაიგეს, რა ხდებოდა, რატომ ატყდებოდათ უბედურება იმათ, ვინც ბებერ, ფესვმაგარ და სქელვარჯიან ხესთან გაივლიდა.
ერთმანეთზე უარესი ხმები ვრცელდებოდა. ამბობდნენ, ტყეს ურჩხული შემოეჩვიაო, რომელიც სულ მალე ბოლოს მოუღებს ტყის საძმოსო.
სათათბიროდ შეკრებილმა ცხოველებმა ბევრი იფიქრეს, ბევრი იმსჯელეს და რჩევისთვის მელას მიმართეს.
_ მელაკუდა, შენ ჩვენს შორის ყველაზე მოხერხებული და მარჯვე ხარ, მადლი მოისხი, გენაცვალე, ნახე რაშია საქმე, გაიგე ერთი, რა ცხოველი დასახლდა ხეზე.
ასეთი ყურადღებით გახარებულ მელას ბევრი ხვეწნა-მუდარა არ დასჭირვებია, და მიუხედავად იმისა, რომ მწყალობელივით დათანხმდა ცხოველთა თხოვნას, სულაც არ აპირებდა საერთო საქმისთვის საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდო.
წითურმა გაიძვერამ იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა ავბედით ხესთან თავისი ძმაკაცი – ცნობისმოყვარე ყვავი გაეგზავნა.
ყვავმა ხან აქედან მოუარა ხეს, ხან იქიდან, და დაბურულ ფოთლებში ორი მოკიაფე წერტილი დაინახა, მერე კი გაიგონა როგორ ააფახურა ფრთები ვირაცამ.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

ყვავის მიტანილი ამბით თავგზააბნეულმა, შიშისაგან ცოცხალმკვდარმა მელამ სასწრაფოდ ცხოველები შეკრიბა და განუცხადა:
_ მეგობრებო, ჩვენს ტყეს საშინელი უბედურება დაატყდა თავს, საზარელი ცხოველი – გველეშაპი შემოგვჩვევია. მართალია ჯერ-ჯერობით არავის უნახავს მისი ეშვებიანი ხახა და არც არავის გაუგონია მისი თავზარდამცემი ღრიალი, მაგრამ მე ბედს ვერ ვცდი და არც თქვენ გირჩევთ, - სიტყვა დაასრულა მელამ და სასწრაფოდ მოუსვა იქიდან _ მეზობელ ტყეში გადავიდა საცხოვრებლად.
დანარჩენებმაც მის მაგალითს მიბაძეს. Bბებერ ხეზე კი დაბურულ ტოტებში, დიდთვალება ზარნაშო მოკალათებულიყო და ვერ მიმხვდარიყო, ცამ ჩაყლაპა ამდენი ცხოველი თუ დედამიწამ.
მართალი უთქვამთ – “შიშს დიდი თვალები აქვსო.”



ტარანტულის ნაკბენი


ერთ დღეს, ბოსტნის თოხნისას გლეხმა დაინახა, რომ მიწის ბელტიდან დიდი ტარანტული ამოძვრა.
_ რა საზიზრარი ობობაა! – შესძახა გლეხმა და მოულოდნელობისაგან განზე გახტა.


_ აბა, ერთი ხელი გიხლია, გიკბენ! – დაემუქრა ტარანტული გლეხს და ყბები აამოძრავა, - იცოდე, შე უვიცო, რომ ჩემი ნაკბენი სასიკვდილოა და ტანჯვითა და წამებით ამოგხდება სული! იცოდე, არ მომეკარო!
გლეხი მიხვდა, რომ ობობა ტრაბახობდა, ბაქიბუქობდა და ამდენი ლაპარაკით თავს იფასებდა. ყოველი შემთხვევისთვის უკან დაიხია, მერე კი უცებ შიშველი ფეხი დაადგა და მთელი ძალით მიასრისა მიწას ენაწყლიანო ობობა. თან დაუმატა:
_ ძალიან ბევრს კი ლაპარაკობ, მაგრამ ვნახოთ ერთი რა ბიჭი ხარ? მართლა შეძლებ ბაბუაჩემის ბაბუასთან ჩემს გაგზავნას.
_ სანამ გლეხი ბოლოს მოუღებდა, ტარანტულმა მაინც მოასწრო მისთვის მოღერებული გლეხის ფეხის ქუსლზე კბენა. მაგრამ ან გლეხი იყო დარწმუნებული, რომ ობობის მუქარა ტრაბახი იყო და მეტი არაფერი, ან გლეხს ისე ჰქონდა ფეხზე კანი გაუხეშებული, რომ ოდნვი ჩხვლეტის მეტი არაფერი უგრძნია.



ლომი და მამალი

დილაუთენია გაიღვიძა ნადირთ მეფემ, ტკბილად გაიზმორა და მდინარისკენ გაეშურა. როგორც ლომთა წესია, ხმამაღლა დაიღრიალა და ამით დანარჩენ ცხოველებს, რომლებიც წყალს ამღვრევდნენ თავისი მოსვლა ამცნო.
უცებ ლომს უჩვეულო ხმაური მოესმა და შედგა, შემოტრიალდა და დაინახა, რომ მისკენ გაშმაგებული ცხენი მორბოდა, მის უკან კი ცარიელი ორთვალა ეტლი ქვებზე მორახრახებდა.
ლომი იქვე ბუჩქებში შევარდა და შისისგან თვალები დახუჭა. თავის სიცოცხლეში პირველ ხედავდა ასეთ რახრახა ცხოველს.
ოდნავ სული რომ მოითქვა, ბუჩქებში ჩამალულილომი, სამალავიდან გამოვიდა, მიიხედ-მოიხედა და ფრთხილი ნაბიჯით ესევ მდინარისკენ წავიდა.
მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ საზარელმა, გამაყრუებელმა ყივილმა შეაძრწუნა – სადღაც, შორიახლოს მამალი იჭაჭებოდა.
ლომი ადგილზე გაშეშდა და აცახცახდა. მამალი კი თითქოს მასხრად იგდებსო, უფრო ხმამაღლა აყივლდა თავისი ჩახრინწული ხმით და თან აფოფრილი, ბიბილოს ქნევით, აქეთ-იქით დაიწყო სირბილი.

მაღალ ბალახში ლომი მხოლოდ ცეცხლოვან ქოჩორს ხედავდა და მისთვის აქამდე უცნობი, შემზარავი “ყიყლიყო” ესმოდა.
შიშისგან გულგახეთქილ ნადირთ მეფეს წყურვილი სულ მთლად გადაავიწყდა და შერცხვენილი დაბურული ტყისკენ გავარდა.
ეტყობა, ლომებსაც უთენდებათ ისეთი დღეები, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება და ყოველ ნაბიჯზე ფათერაკი ელით.


მგელი

მამალმა მგელმა ცხვრის ფარის სუნი იკრა. ფრთხილი და ეჭვიანი, ტყის სიღრმიდან გამოვიდა. მალვით, უჩუმრად ადგამდა თათებს, ჩქამითაც რომ არ გაეღვიძებინა ფხიზელი ქოფაკი.
ახლოს მივიდა ფარასთან, სადაც ჩასუქებული ცხვრები მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს.
ნადავლი ორ ნაბიჯში იყო. მიმზიდველი სუნი ისე უღიტინებდა ნესტოებში, რომ მშიერ მგელს მუცელი აუბუყბუყდა და თავბრუ დაესხა.
და სწორედ ამ დროს, თათი ქვას გამოსდო და ფეხი დაუცდა. მარცხისთვის რომ თავი დაესაჯა, იმედგაცრუებულმა მგელმა თათი ასწია და ისე გამეტებით იკბინა, რომ სისხლი წასკდა.


მიმინო და იხვი

იხვებზე ნადირობისას მიმინო ერთთავად ხახამშრალი რჩებოდა. ეს ჩასუქებული თაღლითები მუდამ ატყუებდნენ: უკანასკნელ წამს, როცა მიმინოს ბრჭაყელი უნდა ჩაესო მათთვის, იხვები წყალში ჩაყვინთვას ასწრებდნენ და იმაზე მეტ ხანს რჩებოდნენ წყალქვეშ, ვიდრე მიმინოს შეეძლო უძრავად ჰაერში გაჩერება.
იმ დილას მიმინომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. მტაცებელმა, რამდენჯერმე გადაუფრინა იხვების ადგილსამყოფელს, ვითარება შეაფასა, ზუსტად შეარჩია მორიგი მსხვერპლი, ფრთები შეიკეცა და შურდულივით დაეშვა ძირს.

ის-ის იყო ნადავლისთვის ბრჭყალები უნდა ჩაევლო, რომ იხვმა წყალში ჩაყვინთა.
_ ახლა კი ვეღარ გადამირჩები! – შესძახა განრისხებულმა მიმინომ და თავადაც წყალში გადაეშვა.
მიმინო რომ წყალში დაინახა, იხვი მოხერხებულად გახტა განზე, იმწამსვე ამოყვინთა და როგორც კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდა, ვითომც აქ არაფერიაო, ფრთები აიქნია და გაფრინდა. ერთიანად გალუმპულმა მიმინომ კი ვერაფრით ვერ დააღწია თავი წყალს.
როცა იხვმა წყალში მოფართხალე დამარცხებულ მონადირეს გადაუფრინა, მხიარულად ჩამოსძახა:
_ მშვიდობით, მეგობარო! შენს ცაზე თავს ისე ლაღად ვგრძნობ, როგორც წყალში, შენ კი ჩემს ტბაში დაიხრჩობი! ამიერიდან ჭკუას ისწავლი!


მაიმუნი და ბარტყი

ახალგაზრდა მაიმუნი ხიდან ხეზე ხტუნვა-ხტუნვაში ჩიტის ბუდეს წააწყდა და მაშინვე ხელი წაავლო მას. Mმაგრამ ჩიტები მყისვე გაფრინდნენ სხვადასხვა მხარეს. მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს არ გაუღიმა ბედმა, მათ შორის ყველაზე სუსტს, რომელსაც ჯერ ფრენა არ შეეძლო.
სიხარულისგან ცას ეწია მაიმუნი, სახლში ბარტყით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ისე მოხიბლა პაწია ბარტყმა, რომ გულზე იკრავდა ეფერებოდა, კოცნიდა, ლოკვა და ნაზად არწევდა.
დედა გულაჩუყებული შესცქეროდა შვილს, ცელქობისათვის არ დაუტუქსავს.
_ ერთი შეხედე, დედა, რა სასაცილო და საყვარელია! – აღფრთოვანებული ამბობდა მაიმუნი, - ოჰ, როგორ მიყვარს!
მთელი დღე ეალერსებოდა მაიმუნი ჩიტუნას, წამდაუწუმ გულში იხუტებდა. პაწიამ კი ვეღარ გაუძლო მაიმუნის ხვევნა-კოცნას და გაიგუდა.
დაე, ჩაფიქრდეს, ყველა მშობელი, რომელიც შვილს ამგვარ საშიშ გართობებს არ უკრძალავს, ისინი ხომ ხშირად ცუდად მთავრვდება.



დამცინავი არწივი


იღბლიანი ნადირობისა და ნოყიერი ტრაპეზის შემდეგ დასვენებული არწივი მაღლა ცაში აფრინდა და თავის გაშლილი ფრთებით ცისფერ, უსასრულო სივრცეში დანავარდობდა.

თავბრუდამხვევი სიმაღლის მიუხედავად, მახვილი მხედველობა საშუალებას აძლევდა არწივს ყველაფერი დაენახა, რაც კი დედამიწაზე ხდებოდა.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

ტბაში მოცურავე თევზებსაც კი არჩევდა ერთმანეთისგან, მდელოზე მონავარდე კურდღლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ აი, მისი ყურადღება ტოტზე ჩამომჯდარმა ჭოტმა მიიპყრო. “რა უცნაური არსებაა”, - გაიფიქრა არწივმა. – არა მგონია, ჩიტი იყოს”. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ქვევით დაეშვა და როცა უცნობს მიუახლოვდა, შესძახა:
_ ეი შენ! რა გქვია?
_ მე ჭოტი ვარ, - უპასუხა შიშისგან აკანკალებულმა ჩიტმა
_ ხა, ხა, ხა! – გადაიხარხარა აარწივმა და მეზობელ ტოტზე ჩამოჯდა, რა
გჭირს, რატომ ხარ, ძმაო, ასეთი მახინჯი და სასაცილო? ცარიელი თვალები და ბუმბული ხარ!
არწივი მშვენიერ გუნებაზე იყო და სიკვდილამდე დამფრთხალი ჭოტის დაცინვა სიამოვნებას ანიჭებდა.
_ ერთი უფრო ახლოს შევათვალიეროთ ეს საფრთხობელა, ვნახოთ როგორი ხმა აქვს. თუ ხმაც ისეთივე მშვენიერია, როგორც მისის პატრონი, ყურების დაცობა მოგვიწევს!
არწივი საბრალო ჩიტის დაცინვას განაგრძობდა, ტოტები ფრთებით გასწია, უფრო რომ მიახლოვებოდა თავის მსხვერპლს.
სწორედ იმ ადგილას გლეხს მახე დაეგო, ტოტებზე კი ფისი წაესვა.

უცებ არწივმა იგრძნო, რომ ფრთები ხეს მიეწება. რა არ სცადა თავის გასათავისუფლებლად, მაგრამ ბუმბული სულ უფრო ეწებებოდა ერთმანეთს, ფრთები და ბრჭყალები კი საბოლოოდ გაეხლართა ბადეში. მაშინ კი უთხრა ჭოტმა დამცინავს:
_ ტყუილად მიგდებდი მასხრად, არწივო! ღირდა ამისთვის ზეციდან ჩამოფრენა, სადაც არაფერი გემუქრებოდა? ახლა კი მიიღებ საზღაურს სხვისი დაცინვისათვის!


დათვის ბელი და ფუტკრები

დედა დათვმა საქმეზე წასვლაც კი ვერ მოასწრო, რომ მისმა მოუსვენარმა ბელმა, დაივიწყა დედის დარიგება – სახლიდან არ გახვიდეო – და ხტუნვა-ხტუნვით ტყისკენ წაბაჯბაჯდა.
_ რამხელა სივრცე, რამდენი უცნობი რამ, და მიმზიდველი სურნელია! ვიწრო, ჩახუთულ ბუნაგს კი არ ჰგავს. - გამხიარულებული ბელი პეპლებს აედევნა. იმდენი სდია, სანამ დიდ ფუღუროს არ წააწყდა, საიდანაც ისეთი მძაფრი სურნელი ამოდიოდა, რომ ბელს ცხვირში შეუღიტინა.
ბელი კარგად დააკვირდა და დაინახა, რომ შიგ უთვალავი ფუტკარი ირეოდა. ზოგი მრისხანედ ბზუოდა და გუშაგივით ფუღუროს გარშემო დაფრინავდა. ზოგი ნადავლით ბრუნდებოდა, ფუღუროში შედიოდა და მერე ისევ ტყეში მიფრინავდა.
ამ სანახაობით მოხიბლულმა ცნობისმოყვარე ბელმა თავი ვეღარ შეიკავა ცდუნებისაგან.

ვეღარ ითმენდა, ძალიან უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა ფუღუროში. ჯერ ცხვირი შეყო და დაყნოსა, მერე კი თათი ჩაჰყო და რაღაც თბილი და წებოვანი იგრძნო. როცა თათი ფუღუროდან გამოიღო თაფლში ჰქონდა ამოთხვრილი.
ტკბილი თათის გალოკვა და სიამოვნებისაგან თვალების დახუჭვაც კი ვერ მოასწრო, რომ განრისხებული ფუტკრების გუნდი დააცხრა თავს და ყურებსა და დრუნჩში ჩააფრინდა... ბელი გაუსაძლისი ტკივილისაგან აღრიალდა და სასოწარკვეთილი თათებით იგერიებდა მათ. ფუტკრები კი სულ უფრო მწარედ იკბინებოდნენ. მაშინ ბელი მიწაზე გაგორდა და კოტრიალი დაიწყო, ცდილობდა ამით მაინც გაეყუჩებინა მწარე ტკივილი, მაგრამ არც ამან უშველა.
ბოლოს, შიშისგან გონებაარეულმა ბელმა შინისაკენ მოჰკურცხლა. სულ მთლად დაკბენილმა და ატირებულმა დედასთან მიირბინა.

დედა დათვმა, წესისამებრ შვილი ცელქობისთვის დატუქსა, მერე კი ნაკბენები წყაროს წყლით მობანა. მას შემდეგ ბელი დარწმუნდა, რომ მსუნაგობისათვის ყოველთვის დაისჯებოდა.

ჩხუბი

ნახე, როგორ ღუღუნებენ მტრედები! შეხედვა გესიამოვნება! – თქვა ერთხელ ეზოს ძაღლმა ისე, რომ სამი მტრედისთვის თვალი არ მოუცილებია, - ეტყობა ყველა ფრინველი ასე შეთანხმებით ცხოვრობს, მე და კატას კი არ გვგვანან.
_ ძალიანაც ნუ მოტყუვდები, ძვირფასო! – არ დააყოვნა შეკამათება კატამ,
რომელიც მაღალ ღობეზე ჩამომჯდარიყო, - ერთი ყური მიუგდე, რა ხდება საქათმეში.
საქათმიდან ხმამაღალი კაკანი და აყალმაყალის ხმა ისმოდა. უცებ ეზოში დამდუღრულივით გამოვარდა ერთი გაბურძგნული მამალი, დარეტიანებული დაბარბაცებდა და სისხლიან კვალს ტოვებდა. საქათმიდან კი მეორეს გამარჯვებული ყიყლიყო გაისმა.
_ ისევ ვერ მორიგდა ორი მამალი, - განაგრძობდა ყოვლისმცოდნე კატა, სანამ
ერთ-ერთი მათგანი წიწილა იყო, საქათმეში სიწყნარე იყო. წამოიჩიტა თუ არა საშინელი ჩხუბისთავი და აბეზარი გახდა.
მართალი იყო კატა. ქათმები მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, ორ მამალს კი არასდროს არ შეუძლია ერთ საქათმეში ცხოვრება.

მწყურვალი ვირი

დაწესებულ დროს ვირი წყლის დასალევად გუბესთან მივიდა, მაგრამ იხვები ისეთ დღეში იყვნენ, ისე ყაყანებდნენ და ისე აფართხუნებდნენ ფრთებს, რომ მთელი წყალი აამღვრიეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვირს წყურვილი ახრჩობდა, მაინც არ დალია წყალი, განზე გადგა და მოთმინებით დაიწყო ლოდინი.
ბოლოს და ბოლოს, იხვები დაშოშმინდნენ, ნაპირზე ამოვიდნენ და წავიდნენ. ვირი კვლავ მიუახლოვდა წყალს, მაგრამ ისევ ამღვრეული დაუხვდა და თავჩაქინდრული ისევ მორჩილად გადგა განზე.
_ დედა, კი მაგრამ რატომ არ სვამს? – იკითხა ვირის საქციელით გაკვირვებულმა ცნობილმიყვარე პატარა ბაყაყმა, - აი უკვე ორჯერ მოვიდა გუბესთან და ორჯერვე უკან გაბრუნდა.
_ იმიტომ, რომ ვირი წყურვილისაგან მოკვდება და ამღვრეულ წყალს არ დალვს.

მოთმინებით დაელოდება, სანამ წყალი დაიწმინდება და გამჭირვალე გახდება. - უპასუხა დედამ პატარა ბაყაყს,
_ ო, რა ჯიუტია!
_ არა, შვილო, ჯიუტი კი არა, მოთმინების უნარი აქვს. – აუხსნა დედა ბაყაყმა შვილს. _ ვირი მზადაა ყველანაირი სირთულე და წყენა აიტანოს. ჯიუტს მას ისინი უწოდებენ, ვისაც მოთმინება და ამტანობა არა აქვს.


მელა და კაჭკაჭები

ერთხელ, მთელი დღე ტყეში უქმად ბორიალის შემდეგ, მშიერი მელა მინდორში, დიდი ხის ქვეშ აღმოჩნდა, რომელზეც კაჭკაჭების ხმაურიანი გუნდი ფრთხიალებდა.
მაღალ ბალახში ჩამალულმა მელამ ჩიტების ფუსფუსს დაუწყო თვალთვალი და მალევე შენიშნა, რომ საკვების ძებნაში ისინი უშიშრად სხდებოდნენ მიწაზე და განურჩევლად ყველაფერს კენკავდნენ _ ლეშსაც კი არ ერიდებოდნენ.
_ რაც იქნება, იქნება, ვცდი ბედს, - თავისთვის ჩაილაპარაკა მელამ თან მსუქანი, უდარდელი კაჭკაჭების შემხედვარე ნერწყვებს ყლაპავდა. მერე, თეთრკუდა, მხიარული კაჭკაჭები რომ არ დაეფრთხო, ფრთხილად გაიჭიმა ხის ძირში, პირი დააღო და თავი მოიმკვდარუნა.
მალე ერთ-ერთმა კაჭკაჭმა ბალახში მწოლიარე მელა შენიშნა და ხიდან ჩამოფრინდა. ცნობისმოყვარეობა კლავდა.

უსულო მელას ფრთხილად მიუახლოვდა, იქნებ ენა ამოვკორტნოო, სულწასულმა ნისკარტი მელას ხახაში შეჰყო და მაშინევე, როგორც ხაფანგში, სასიკვდილოდ დაჭრილი აღმოჩნდა.

არწივის ანდერძი

ბებერმა არწივმა, რომელიც მიუწვდომელ კლდეებში განმარტოებით ცხოვრობდა, კარგა ხანია წლების ანგარიში დაკარგა, ძველებურად ძალა ვეღარ ერჩოდა, გრძნობდა, რომ აღსასრულის დრო ახლოვდებოდა.
მძლავრი ყიჟინით მოიხმო მეზობელი მთის ფერდობებზე მცხოვრები შვილები.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

როცა ყველა შეიკრიბა, თითოეული მათგანი შეათვალიერა და უთხრა:
_ თქვენ, ყველა ჩემი გამოკვებილი და გაზრდილი ხართ. გაჩენის დღიდან შეგაჩვიეთ მზისთვის თვალის გასწორებას. მე შიმშილით მოვკალი თქვენი ძმები, რომლებიც ვერ უძლებდნენ მზის თვალისმომჭრელ ელვარებას. აი, რატომაა, რომ თქვენ უფლება გაქვთ ყველა ფრინველზე მაღლა იფრინოთ. და ვაი იმას, ვინც გაბედავს მიუახლოვდეს თქვენს ბუდეს! ყოველი ცოცხალი არსება უძლურია თქვენ წინაშე. მაგრამ იყავით სულგრძელნი და ნუ დაჩაგრავთ სუსტსა და უმწეოს.

ნუ დაივიწყებთ უძველეს, კეთილ ჭეშმარიტებას: შეშინება ადვილია, პატივისცემის დამსახურება კი ძნელი.
შვილები ყურადღებით ისმენდნენ მშობლის სიტყვებს.
_ ჩემი დღეები დათვლილია, - განაგრძო მან, - მაგრამ მე არ მსურს ბუდეში სიკვდილი. არა! მე უკანასკნელად ავიჭრები ცაში და ვიფრენ სანამდეც შესძლებენ ამიყვანონ ჩემმა ფრთებმა, მივწვდები ღრუბლებს მიღმა სივრცეს, მზისკენ ვიფრენ, რათა მისმა სხივებმა დამიწვან ბებერი ფრთები და მერე ზღვის მორევში ჩავიკარგები.
ამ სიტყვებზე ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მთის ექომაც კი ვერ გაბედა მათი გამეორება და სიჩუმის დარღვევა.
_ მაგრამ იცოდეთ! – განაგრძო არწივმა, – სწორედ იმ წამს უნდა მოხდეს სასწაული _ წყლიდან ისევ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე აღვსდგები, რათა ახალი ცხოვრება დავიწყო და იცოდეთ, თქვენც იგივე ხვედრი გელით, ასეთია ჩვენი, არწივების ბედი!
და აი, ბებერმა არწივმა ფრთები გაშალა. უკანასკნელად აიჭრა ცაში. ამაყმა და დიდებულმა უკანასკნელად შემოუფრინა კლდეს, რომელზეც მრავალრიცხოვანი შთამომავლობა აღზარდა და მრავალი წელი იცხოვრა. შვილები დუმდნენ და უცქერდნენ, როგორ მამაცურად მიისწრაფოდა არწივი მზისკენ.

ტოროლა

 
დაბურულ ტყეში მოხუცი განდეგილი ცხოვრობდა. მას სიმშვიდე, მარტოობა უყვარდა და ტოროლასთან მეგობრობდა. ერთ დღეს მეზობელი სასახლიდან მასთან ორი შეიარაღებული ადამიანი მივიდა და სთხოვა დახმარებოდა მათ ავადმყოფ ბატონს, რომლის მდგომარეობაც, მიუხედავად განთქმული ექიმების ცდისა, დღითიდღე უარესდებოდა.
მოხუცი, თავისი მეგობრის, ტოროლას თანხლებით შეიარღებულ კაცებთან ერთად მაშინევე გზას გაუდგა და მალე იგი სასახლეში შეიყვანეს.
_ საშველი აღარ არის, - ჩუმად თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც ჩანდა ყველაზე მთავარმა.

განდეგილი კი ზღურბლთან იდგა და თვალს არ აცილებდა თავის ფრთოსან მეგობარს. ტოროლამ რამდენიმე წრე დაარტყა ოთახს, მერე კი მაღალ რაფასთან მიფრინდა, ზედ ჩამოჯდა და ავადმყოფს მიაშტერდა.
_ გამოჯამრთელდება! – მტკიცედ თქცა მოხუცმა, თან ფრინველს ადევნებდა თვალს.
_ როგორ ბედავს ეს ხეპრე, ეს უვიცი სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას! – ერთხმად შესძახეს აღშფოთებულმა ექიმებმა.
ამასობაში კი ავადმყოფმა თვალები გაახილა და როცა მის წინ რაფაზე ჩამომჯდარი ჩიტი დაინახა, გაღიმება სცადა.
სასახლის მბრძანებელს ღაწვები ნელ-ნელა შეუფაკლდა, ძალა დაუბრუნდა და ყველას გასაოცრად, სუსტი ხმით წარმოთქვა:
_ ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს.
გავიდა რამდენიმე დღე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელებული დიდებული რაინდი, ტყეში ეახლა განდეგილს, რათა მადლობა გადაეხადა მისთვის.
_ მე ნუ მემადლიერები! – უთხრა მას მოხუცმა, - შენ ჩიტმა მოგარჩინა. ტოროლა ძალიან მგრძნობიარეა ყველა ავადმყოფის მიმართ. თუ ავადმყოფის გვერდზე მყოფი განზე იხედება – გამოჯანმრთელების იმედი აღარაა და შველაც აღარაფრით შეიძლება. თუ ტოროლა ავადმყოფს თვალს არ აშორებს, მაშინ იგი აუცილებლად დასძლევს ავადმყოფობას. თოროლას, თავისი კეთილი, თანამგრძნობი მზერით ჯანმრთელობა მოაქვს.
ჩვენს ცხოვრებაშიც ასეა.
სიკეთე გულისხმიერ ტოროლას ჰგავს, ყოველგვარ არაჯანსაღს, მახინჯსა და უკეთურს გაურბის და პატიოსანი, კეთილშობილი ზრახვებისა და საქმეების მხარდამხარ ცხოვრებას ამჯობინებს.


იმ ჩიტების მსგავსად, რომლებიც ბუდეებს ჩრდილიან ტყეებსა და აყვავებულ მინდვრებში ქსოვენ, სიკეთეც მუდამ გულისხმიერი, თანამგრძნობი გულის ბინადარია.
ჭეშმარიტი სიყვარული უბედურების დროს გამომჟღავნდება ხოლმე, როგორც სინათლის სხივი, რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო ანათებს.

წეროები

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კეთილი ხელმწიფე, მაგრამ მტერი მაინც აურაცხელი ჰყავდა. ხელმწიფის მორჩილ, ერთგულ წეროებს ძლიერ ადარდებდათ მისი ბედი. ხელმწიფეს ყოველდღე ელოდა საფრთხე, განსაკუთრებით ღამით, როცა ბოროტ მტერს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლო ალყა შემოერტყა სასახლისათვის.
_ რა ვიღონოთ? – დაფიქრდნენ მოსათათბირებლად შეკრებილი წეროები, - ჯარისკაცებისაგან არავითარი ხეირი არ არის. იმის ნაცვლად, რომ ერთგულად ემსახურონ და დაიცვან ხელმწიფე, მთელი ღამეები გამოუფხიზლებლად სძინავთ, მთელი დღის განმავლობაში ნადირობაზე ნარბენ და სიქაგამძვრალ ძაღლებს კი ვერ ენდობი, იმისთვის, რომ ჩვენმა ხელმწიფემ, მშვიდად იძინოს, ისღა დაგვრჩენია, ჩვენ თავად ვუდარაჯოთ სასახლეს.
და აი, წეროები გუშაგები გახდნენ. ისინი სამ ჯგუფად გაიყვნენ, თითოეულ ჯგუფს თითო საგუშაგო ჩააბარეს და გუშაგთა ცვლა დააწესეს.
წეროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი სასახლის გარშემო გაშლილ მდელოზე განლაგდა, მეორე – სასახლის ყველა შესასვლელსა და გასასვლელში ჩადგა, დანარჩენები კი სამეფო საწოლ დარბაზში განლაგდნენ, რათა ერთი წუთითაც არ მოეშორებინათ თვალი მძინარე მბრძანებლისათვის.
_ ვინმეს რომ საგუშაგოზე ძილი მოერიოს, მაშინ რა ვქნათ? – იკითხა ერთმა
ახალგაზრდა წერომ.
_ ამისთვის არსებობს ერთი კარგი საშუალება, - დაამშვიდა იგი ცხოვრების
გამოცდილებით დაბრძენებულმა წინამძღოლმა, – საგუშაგოზე მდგომი ყველა ჩვენგანი ცალი ფეხით მძიმე ქვას დაიჭერს, თუ რომელიმეს ჩაეძინა, ქვა მაშინვე გაუვარდება ფეხიდან და ხმაურს ყველა დანარჩენი გაიგონებს.
მას შემდეგ წეროები რიგრიგობით ფხიზლობენ ღამღამობით. დგანან ცალ ფეხზე და მოლაპარაკების თანახმად ყოველ ორ საათში იცვლებიან.

არც ერთ მათგანს ჯერაც არ დავარდნია ქვა.
სიკეთისა და ერთგულებისათვის ტყუილად როდი უწოდებენ მათ გვირგვინოსან, სამეფო წეროებს.

გველი და ბულბული

სანამ ბულბულის ბარტყებს უშფოთველად ეძინათ ერთმანეთთან ჩახუტებულებს, მზრუნველი მშობლები საშოვარზე გაფრინდნენ.
გველმა თვალი მოჰკრა ამ ამბავს, ბუდისკენ გასრიალდა და ასე იოლად მოპოვებული ნადავლით წინასწარ გაიხარა. მაგრამ, ბულბული ნისკარტში ჭიაყელით უკვე შინისკენ მოიჩქაროდა. დროზე შენიშნა ბოროტმოქმედი, რომელიც მის ბუდეს ეპარებოდა და ვედრებით შესძახა:
_ შეჩერდი! შეიცოდე ჩემი უმწეო ბარტყები! მათი სიცოცხლის საფასურად ისეთ სიმღერას გიგალობ, რომლის მსგავსიც არასდროს არაფერი გსმენია...

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

და მან გალობა და სტვენა დაიწყო. ნაზი, მომხიბვლელი, ნათელი და გაუგონარი სილამაზის სევდიანი ხმები მოეფინა მთელ ტყეს.
გველი დაიბნა, შეყოყმანდა და გაჩერდა. ბულბულის მომაჯადოვებელ გალობას რომ არ დაჰყოლოდა და მის შხამს ძალა რომ არ დაჰკარგვოდა, ყურები კუდით დაიცო და შინისაკენ გასრიალდა.


ვარხვი

როგროც კი ვარხვი საშოვარზე წავიდა, იქვე ჩასაფრებული გველი მაშინვე ქურდულად გასრიალდა მისი ბუდისაკენ.
ფუმფულა ბარტყებს უშფოთველად ეძინათ. გველი სულ ახლოს მისრიალდა, თვალებში ბოროტმა სხივმა გაუელვა და სათითაოდ სასიკვდილოდ დაკბინა პატარები.
უშფოთველად მძინარე ბარტყებს არც კი გაღვიძებიათ.
თავისი საქციელით კმაყოფილი ბოროტმოქმედი თავშესაფარში შესრიალდა, რათა იქიდან უკეთ დამტკბარიყო ფრინველის უბედურებით.
მალე ნადირობიდან ვარხვი დაბრუნდა და როცა ამგვარი საშინელება დაინახა, ხმამაღლა აქვითინდა.

გაუგონარი ბოროტებით გაოგნებული ტყის ბინადარნი გაიტრუნენ.
_ რაღად მინდა უთქვენოდ სიცოცხლე! – მოთქვამდა მკვდარი ბარტყების შემხედვარე საბრალო მამა, – დაე, მეც თქვენთან ერთად მოვკვდე! – გამწარებული გულ-მკერდს ნისკარტით იგლეჯდა. Mამის გადახსნილი ჭრილობიდან სისხლი გადმოთქრიალდა და უსულო ბარტყებს ეპკურა.
მომაკვდავ ვარხვს ძალა ეცლებოდა, მან უკანასკნელად შეხედა ბუდეს, რომელშიც დახოცილი ბარტყები იწვნენ და უცებ, მოულოდნელობისგან შეკრთა.
ჰოი, სასწაული, მისმა დაღვრილმა სისხლმა და მშობლიურმა სიყვარულმა სიკვდილს გამოსტაცეს და სიცოცხლისაკენ მოაბრუნეს ბარტყები და მაშინ ვარხვმა ბედნიერმა დალია სული.

გედი

გედმა მოქნილი ყელი წყლის ზედაპირისკენ დახარა და დიდხანს უყურა თავის ანარეკლს. Dდა გედი ზუსტად მიხვდა დაღლილობისა და ძრწოლის მიზეზს, ძვალსა და რბილში რომ ატანდა, როგორც ზამთრის სიცივეების დროს. ახლა მან ზუსტად იცოდა, რომ დადგა სიცოცხლესთან განშორების გარდაუვალი ჟამი.
გედის ბუმბული ისეთივე მშვენიერი და ქათქათა იყო, როგორც შორეული ჭაბუკობისას. ამდენ ცხოვრებისეულ დავიდარაბასა თუ უბედურებაში, სიცხესა თუ ყინვაში, მან შეძლო უმწიკვლოდ შეენარჩუნებინა თავისი სამოსელის სიწმინდე. და ახლა გედი მზად იყო მშვიდად და ღირსეულად გამოთხოვებოდა სიცოცხლეს.
ლამაზი ყელი ნელა, ფრთხილად გაასწორა და მედიდურად მისცურა ბებერ, მტირალა ტირიფთან, რომლის ქვეშაც უყვარდა ხოლმე მოცდა, სანამ ზაფხულის პაპანაქება გადაივლიდა.
მოსაღამოვდა და ჩამავალმა მზემ ტბა წითლად შეღება.
გამეფებულ საღამოს სიჩუმეში გედის სიმღერა გაისმა. ადრე არასდროს უმღერია გედს ასე სულისშემძვრელად, გულწრფელად და სევდისმომგვრელად ნაღვლიანად.

იგი ბუნების, ცის, წყლის, მიწის სიყვარულით შთაგონებული მღეროდა.
_ გედი მღერის, - გადაუჩურჩულეს ერთმანეთს გამოსათხოვარი სიმღერით აღფრთოვანებულმა თევზებმა, ფრინველებმა, ტყეების, ველების, მინდვრების ყველა ბინადარმა. – ეს მომაკვდავი გედის სიმღერაა.
ნაზი, სევდიანი სიმღერა ექოდ გაისმოდა მთელს არემარეზე, და მერე მზის უკანასკნელ სხივებთან ერთად გარდაიცვალა.


მაკლი

დიდი ხნის წინათ, შორეულ სკანდინავიაში ერთი უცნაური ცხოველი, მაკლი ბინადრობდა.
თავისი უცნაური აღნაგობით ცხენს ჰგავდა, ოღონდ უფრო დიდი და მაღალი იყო, უზომოდ გრძელი კისერი და დაცქვეტილი ყურები ჰქონდა. მაკლი ბალახით იკვებებოდა და თუ ყველა ბალახის მძოველი ცხოველი ძოვისას, ჩვეულებრივ, წინ მიიწევს, მაკლი უკან-უკან იხევდა, რადგან მას იმდენად დიდი ზედა ტუჩი ჰქონდა, რომ ბალახს ფარავდა. გრძელი ფეხები ჰქონდა, რომლებსაც ვერ ხრიდა, ამიტომ როცა ძილი მოერეოდა, იძულებული იყო ფეხზე მდგარს დაეძინა.
მაკლი თავისი წინ გაშვერილი ფეხებით ქარზე სწრაფად დარბოდა. არც ერთ მონადირეს არ შეეძლო მისი დაჭერა. რანაირი ბედაურებით არ ცდილობდნენ დადევნებოდნენ, უსფრთებოდნენ საძოვრებზე, მაგრამ ყველანაირი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა.

ეს ჭირვეული ცხოველი ჭეშმარიტად მოუხელთებელი გახლდათ.
მაგრამ, ერთ მთვარიან ღამეს, მონადირეებმა მძინარე მაკლის მიაგნეს. მათ გასაკვირად მაკლი ფეხზე იდგა და ხეზე მიყრდნობილს ეძინა. ცხოველი რომ არ დაეფრთხოთ, მონადირეემა გადაწყვიტეს ეშმაკობისთვის მიემართათ და ისე დაეჭირათ ფრთხილი ცხოველი და ჩუმად გაიპარნენ.
დღისით მონადირეები იმ ადგილზე დაბრუნდნენ და ხე რამდენიმე ადგილას გადახერხეს, საღამოს კი, იქვე მახლობელ ბუჩქებში ჩაუსაფრთდნენ მაკლის.
მზე რომ ჩავიდა, მაკლი თავის ჩვეულ ადგილზე, ხესთან მივიდა და, როგორც ყოველთვის, დასაძინებლად მიეყრდნო, მაგრამ გადახერხილი ხე მისი სხეულის სიმძიმისგან გადატყდა, მიწაზე დაენარცხა და მაკლი თან გადაიყოლა.
აი, მაშინ კი დაიჭირეს მონადირეებმა ნანატრი ნადავლი.

ფენიქსი

როცა ფენიქსმა თვალუწვდენელ უდაბნოს გადაუფრინა, ბაკანში დანთებული კოცონი შენიშნა. იგი მიხვდა, აღსასრულის ჟამი დამდგარიყო და ბედს უნდა დამორჩილებოდა.
ფენიქსი დედამიწის ზურგზე ყველა არწივზე დიდი იყო: სილამაზითა და ბუმბულის ბრწყინვალებით კი ვერავინ შეედრებოდა.
გაშლილი ფრთებით მედიდურად ბოინობდა ღამის ცაზე, მერე კი ნელ-ნელა ხაზავდა ფართო წრეებს და მიწაზე ეშვებოდა.
როცა ცეცხლს თავზე მოექცა, იგრძნო როგორ მოედო ცეცხლის ალი მის ბუმბულს, ერთიანად დაეხრუკა ფეხები. ფენიქსმა ტკივილი დასძლია, გადაწყვეტილების ერთგული დარჩა და უშიშრად მინებდა ცეცხლს.
კოცონი აშიშინდა, ახრჩოლდა და თითქმის ჩაქრა. მაგრამ მალე ნაცრიდან ცისფერი ალი ამოვარდა.

იგი ქარის დაბერვაზე ცახცახებდა, მაგრამ მაინც ჯიუტად იწევდა ზევით, თითქოს ფრთები გამოისხაო.
ეს ფენიქსი აღდგა ფერფლიდან, რათა კიდევ ხუთასი წელი ენავარდა ცაზე.

ბასილისკო

შორეულ წარსულში, ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოველებით და ფრინველებით მდიდარი ტყეები ყვაოდა, წყალუხვი მდინარეები კი აუარებელი თევზით იყო სავეს, მაგრამ ერთ დღეს, იმ მხარეს საშინელი, ჩიტის თავიანი ურჩხული, ბასილისკო, შემოეჩვია. ღამურასავით ფრთები და თავზე საზარელი, ეკლიანი ფარფლი ჰქონდა, რომელიც კუზივით კუდსა და გრძელ ზურგზე გასდევდა.
რადგან ურჩხული გამოხედვითაც კი შხამს აფრქვევდა, ყველა ცხოველი, დიდი თუ პატარა, სასოწარკვეთილი იყო, მისი მეზობლობის გამო.
საკმარისი იყო ბასილისკოს სპილოსა ან ქორისთვის თავისი უსაშველოდ გესლიანი თვალებით შეეხედა, რომ ისინი იქვე უსულოდ ეცემოდნენ. ცხოველებში ჟამიანობა დაიწყო.
გადარჩენილმა ცხოველებმა და ფრინველებმა გადაწყვიტეს უკანმოუხედავად გასცლოდნენ ამ დამღუპველ ადგილს.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

ღამის სიბნელეს შეფარებულებმა, მათ სასწრაფოდ მიატოვეს მშობლიური სოროები და ბუდეები.
მეორე დღეს ბასილისკო ჩვეულებისამებრ სანდიროდ გაემართა. დიდხანს იწანწალა, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა. გაშმაგებულმა ურჩხულმა თავისი გამანადგურებელი მზერა ხეებს მიაპყრო, და ისინიც მაშინვე გახმნენ და დაიღუპნენ. მერე გაბოროტებულმა ვასილისკომ მიწასა და ქვებს შეხედა, ბალახი იმწუთშივე გადაიბუგა, ქვები კი ნაცრად იქცა.

მერე მდინარეებსაც გადაავლო თვალი და ერთიანად დააშრო.
ასე იქცა ერთ დროს აყვავებული მხარე უსიცოცხლო უდაბნოდ.


სალამანდრა

როგორც კი გლეხკაცის სახლს ცეცხლი წაეკიდა, ყველა ცხოველი, დიდი თუ პატარა ეზოდან გაიქცა. შეშინებული ქათმები, ბატები, მტრედები, კურდღლები, ცხვრები, ღორები, ცხენები ეზოს ძაღლთან და კატასთან ერთად შორიდან უთვალთვალებდნენ ხანძარს. ქარისგან გაძლიერებული ცეცხლის ალი ძველ, გამხმარ მორებს მოედო, აი, ჭერიც ჩამოინგრა და ცეცხლის ალში ნაკვერჩხლები აკიაფდნენ.
უცებ ბუჩქებიდან სალამანდრა გამოძვრა, ცოტა ხანს იდგა თავის მოკლე ფეხებზე, მიიხედ-მოიხედა და შუა ცეცხლში შევარდა. ყველამ, ვინც კი ხანძარს უყურებდა, შეძრწუნებულებმა შეჰყვირეს და უკან დაიხიეს.
_ ნუ ღელავთ! – დაამშვიდა ისინი მამალმა, - სალამანდრასათვის ცეცხლი მშობლიური სტიქიაა, იგი ვერ გრძნობს დამწვრობის ტკივილს.
_ კი მაგრამ, საბრალო, ის ხომ მაინც დაიწვება! – შეშინებული მოთქვამდა ბატი.
_ ცეცხლში იგი ტყავს იცვლის, - უპასუხა მამალმა, - ასეთი ჩვევა აქვს. ცეცხლისგან სალამანდრას კანი უფრო თხელი და გამძლე ხდება და იქიდან გაახალგაზრდავებული გამოდის. მამალი დადუმდა.

სევდიანად ამოიოხრა და დაუმატა: _ ჩვენგან კი ცეცხლზე მხოლოდ ტაბაკა კეთდება.

მარტორქა

მონადირეები ჩრდილიან ბაღში მოკალათებულიყვნენ და ნადირობისას მომხდარ ყველაზე უცნაურ თავგადასავლებს იხსენებდნენ. და აი, ლაპარაკი საიდუმლოებით მოცულ მარტორქაზე ჩამოვარდა.
_ ცხოველი კი არა, ნამდვილი მოჩვენებაა! – წამოიძახა ერთ-ერთმა მათგანმა.
და მართლაც მთელ იმ მიდამოში სხვა სალაპარაკო არც ჰქონდათ. ყველა მხოლოდ ამ პატარა რქიან ცხენზე ლაპარაკობდა. ბევრი მათგანი იფიცებოდა, ნანახი მყავსო, მაგრამ ვერავის მოეხერხებინა ამ უცნაური ცხოველის დაჭერა.
_ იქნებ, ჯოჯოხეთიდან ჩვენი, ცოდვილების, სათვალთვალოდ გამოგზავნილი ბოროტი სულია? – იკითხა ერთ-ერთმა მონადირემ.
_ არა მგონია, მარტორქა ძალიან ლამაზი და უცნაურია იმისთვის, რომ ბოროტი იყოს, - უპასუხა მეორემ, - მაგრამ მისი დაჭერა ძნელი საქმეა და აქ სხვანაირი მოხერხებულობაა საჭირო.
იქვე, შორიახლოს სანდომიანი გოგონა საქარგავს მისჯდომოდა. ამ სიტყვების გამგონეს გულში ეცინებოდა, სხვამ ვინ და მან კი კარგად იცოდა საიდუმლოებით მოცული ცხოველის ხასიათი, რადგან გოგონა მასთან მეგობრობდა, ამის შესახებ კი იმ მხარეში არავინ იცოდა.
საქმე იმაშია, რომ პატარა მოუხელტებელი მარტორქა ყველა ავსა და ბოროტს გაურბოდა, ლამაზი, კეთილი გოგონებისკენ კი მიილტვოდა.
როცა მონადირეები დაიშალნენ და ბაღი დაცარიელდა, ბუჩქებიდან ფრთხილად გამოვიდა მარტორქა. ბალახზე ფრთხილად მიაბიჯებდა, ისე, რომ მისი ფეხის ხმა არავის გაეგო. მეგობარს რომ მიუახლოვდა, თავი მუხლებში ჩაუდო და ნდობით სავსე თვალები მიაპყრო გოგონას.

მისი მზერა სინაზეს და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ.
მარტორქა დიდი ხანია შეეჩვია შრომისმოყვარე გოგონას. შეეჩვია მუშაობისას მისი მარჯვე ხელების ყურებას. გოგონაც შეეჩვია ამგვარ ერთგულებას და მეგობრობას, იგი წმინდად ინახავდა თავის საიდუმლოს.
მაგრამ აბა, საიდუმლოს დიდხანს როგორ შეინახავ, როცა ერთმა იცის, გინდაც მთელ ქვეყანას სცოდნია.
და როცა მონადირეებმა შეიტყეს, მარტორქა ჩუმ-ჩუმად თავის მეგობართან დადისო, ჩაუსაფრდნენ და დაიჭირეს ქალწულებრივი სილამაზის მოტრფიალე.


ლიუმერპა

აზიის უკაცრიელ მთებში საოცარი ფრინველი ბინადრობს. მას ნაზი, მელოდიური ხმა აქვს, ფრენისას კი უმშვენიერესი და დიდებულია. ცაში დალივლივებს თუ კლდეზე ისვენებს, ფრინველი ჩრდილს არ ჰფენს, რადგან მისი ბუმბული და ფრთები მზის სხივებივით ანათებს.
იგი არც გარდაცვალების შემდეგ ქრება უკვალოდ, რამეთუ მისი სხეული არ იხრწნება, ბრწყინვალე ბუმბული კი წინანდებურად ელავს.
მაგრამ თუ ვინმე შეეცდება შეიპყროს ეს საოცარი ფრინველი და ერთი ბუმბული მაინც ამოაძროს, ნათება მაშინვე ჩაქრება, თავხედ რაინდს კი იმ წუთშივე შავი შური დააბრმავებს.
ამ უიშვიათესი ფრინველის სახელწოდება – ლიუმერპაა, რაც “ნათელმოსილს” ნიშნავს. იგი უჭკნობ დიდებას ჰგავს, რომელიც უკვდავია საუკუნეების მანძილზე.

მისი შელახვა ან მითვისება არავის ძალუძს.


უცხოელი

ერთხელ ტოსკანიის ერთ მიყრუებულ ქალაქში უცხოელი ჩამობრძანდა. თავის გამოსაჩენად და ყურადღების მისაპყრობად თავის მშობლიურ ქალაქზე ათასნაირ ტყუილსა და მართალს ჰყვებოდა.
 – რა არ ხდებოდა იქ, ან აქაურ უხალისობასა და მოწყენილობას როგორ შეედრება!
ენაწყლიანი სტუმრის გარშემო ხალხის პატარა ჯგუფი შეკრებილიყო. მალე მათ იმ მხარეში ყველასგან პატივცემული, ჭკვიანი მოქალაქე მიუახლოვდა. ცოტა ხანს უსმინა, მერე კი თავაზიანად შეაწყვეტინა ლაპარაკი და უთხრა:
_ შენ თუ მართლა იმ შორეულ ქვეყანაში დაიბადე, მაშინ ყველაფერი რაც გვიამბე, სიმართლეა და აქ საკამათოც არაფერია.
ამ სიტყვებით კმაყოფილმა უცხოელმა დოინჯი შემოირტყა და მსმენელებს ამაყად გადახედა, აქაოდა მე ვარ, ვინცა ვარო.
გონიერმა მოქალაქემ კი განაგრძო:
_ შენი ქალაქი რომ სასწაულებით აღსავსე ქალაქია, ამაში თვალნათლივ დავრწმუნდით. ჩვენ მხარეში ხომ არასოდეს გვინახავს შენისთანა მახინჯი.

გულისტკივილი

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ერთი სენიორი გზას გაუდგა, რათა ხალხი ენახა და თავიც გამოეჩინა, ქუჩაში თავის ძველ ნაცნობს შეხვდა. მოულოდნელი შეხვედრით გახარებული და გულის მოოხების სურვილით აღსავსე, გაცხარებული შეუდგა მეგობრის გამოკითხვას:
_ ვაჰ, ვერც გიცნობს კაცი! ადამიანის ფერი არ გადევს, მზერაც ჩაგქრობია,
რამე უბედურება ხომ არ მოხდა?
_ ვაი, რომ, მოხდა, – სევდიანად პასუხობდა იგი და თან თვალს არიდებდა მოსაუბრეს, _ ასეთი რამ მაშინ მემართება ხოლმე, როცა...
_ კი მაგრამ, როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ილაპარაკო ამაზე? დაუყოვნებლივ
უნდა მიმართო ჩვენს განთქმულ ექიმს. ყველა ავადმყოფობას დროზე უნდა მიხედვა, _ იგი კიდევ დიდხანს უხრავდა ტვინს სხვადასხვა სნეულებებზე ლაქლაქით და ხმის ამოღებას არ აცლიდა თავის ნაცნობს, _ ძვირფასო მეგობარო, ერთი ეს მითხარ, დიდი ხანია, რაც შეატყვე თავს ხასიათი ასეთი ცვლილებები?
_ ყოველთვის, როცა შენს თვითკმაყოფილ სიფათს ვხედავ, შენი შეხვედრით
გულშემოყრილს მერე მთელი ქვეყანა მძულს ხოლმე.


უქნარა და მზე


_ ჰეი, ძილისგუდა! ადექი, ბოლოს და ბოლოს! – უთხრა გლეხკაცმა შვილს, –
რა ხანია მზე ამოვიდა.

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

არ გრცხვენია ამდენ ხანს საწოლში გდება, ეჰ, შე უქნარა!
_ რას მამადლი და მაყვედრი ამ მზეს? – უკვირდა ბიჭს, თან ტკბილად ამთქნარებდა, - მნათობს საზრუნავიც მეტი აქვს და გზაც გრძელი აქვს გასავლელი. ამიტომაც დგება უთენია. ჩვენი გზა კი სახლის გარშემო მოკლეა, ასე რომ, თუ ერთ საათს კიდევ წავთვლემ, არაფერი დაშავდება.

წესდება ავალებს

ცნობილია, რომ წელიწადის გარკვეულ დროს ბერებმა აუცილებლად მარხვა უნდა დაიცვან. ასეთ დღეებში სამონასტრო წესდება მათ ხორცის ჭამას უკრძალავს. თუმცა, როცა ბერები მგზავრობენ ან საროჭიკოდ დადიან, მაშინ როგორც გამონაკლისი, მათ არ ეკრძალებათ იკვებონ იმით, რასაც ღმერთი უწყალობებს.
ერთხელ ორი ბერი, რომლებიც სამონასტრო საქმეზე სადღაც მიემგზავრებოდნენ, დაღლილები დასასვენებლად და საჭმელად ერთ ფუნდუკში შევიდნენ, სადაც ისინი შემთხვევამ გამვლელ ვაჭარს შეახვედრა.
ფუნდუკის მეპატრონე იმდენად ღარიბი აღმოჩნდა, რომ გასაცოდავებული, გაჩხიკინებული, მტრედისოდენა შემწვარი ქათმის მეტი ვერაფერი მიართვა სტუმრებს.
როცა ქათამი შეიწვა, მეპატრონემ შამფურიდან მოხსნა და Mმთლიანად მიიტანა სუფრასთან, იმ იმედით, რომ სტუმრები თავად გაიყოფდნენ მას.
გაიძვერა ვაჭარმა, თვალი შეავლო თუ არა შემწვარ ქათამს, მაშინვე მიხვდა, რომ იგი ერთ ადამიანს ძლივს ეყოფოდა და ბერებს მიმართა:
 _ წმინდა საძმოვ, თუ არ ვცდები, ახლა შუაგული მარხვაა. ასე არ არის? არ მინდა ჩემს გამო წმინდა კანონი დაარღვიოთ, ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემზე ავიღებ ცოდვას და ქათამს განგარიდებთ.
სხვა რა გზა ჰქონდათ წმინდა ბერებს და გაიძვერა ვაჭარს დაეთანხმნენ.

თავი აღარ გამოუდიათ, ვაჭრისთვის არ განუმარტავთ, რომ მგზავრობისას ბერებს გარკვეული შეღავათები ეძლევათ.
ვაჭარმა დიდი სიამოვნებით შესანსლა მთელი ქათამი, ძვლებიც კი გამოხრა. მისი ორი თანამესუფრე კი პურის ნატეხითა და ყველით დაკმაყოფილდა. ნასადილევს სამივენი გზას გაუდგნენ. ბერები სიღარიბის გამო ფეხით მიდიოდნენ, ვაჭარი კი სიძუნწის გამო. საკმაო გზა გაიარეს, სანამ ფართო მდინარეს არ მიადგნენ, რომელმაც გზა გადაუღობა მათ.
ძველისძველი წესჩვეულების თანახმად, ბერებს შორის ყველაზე ტანადმა და ახალგაზრდამ, რომელიც ფეხშიშველი იყო, მსუქანი ვაჭარი ზურგზე შეისვა, მდინარეში შეტოპა, მაგრამ შუა გზაზე ბერს უცებ სამონასტრო წესდების მკაცრი მითითება გაახსენდა და შეცბუნებული შედგა. მძიმე ტვირთისგან წელმოწყვეტილმა თავი ასწია და მის ზურგზე მოკალათებულ ტომარააკიდებულ ვაჭარს ჰჯითხა:
_ მითხარი, ძვირფასო! ფული ხომ არ გაქვს თან?
_ რა სისულელეს მეკითხები! – გაიკვირვა ვაჭარმა, - დროა, ძმობილო, იცოდე, რომ არცერთი თავმოყვარე ვაჭარი, გრძელ გზას უფულოდ არასდროს გაუდგება.
_ ძალიან სამწუხაროა, - თქვა ბერმა. – მაგრამ ჩვენი წესდება გვიკრძალავს ფულის ტარებას.
და ამ სიტყვების თქმასთან ერთად ვაჭარი წყალში ჩააგდო.

თავიდან ფეხებამდე გალუმპული, სირცხვილისა და სიბრაზისაგან აჭარხლებული თაღლითი ვაჭარი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ქათმის გამო წეღანდელი ეშმაკობისათვის ღირსეულად მიეზღო ბერებისაგან.

მდიდარი და ღატაკი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღატაკი ხელოსანი. სახელოსნოში მუშაობის შემდეგ, იგი იქვე შორიახლოს მცხოვრებ, ერთ მდიდარ ბატონს ეწვეოდა ხოლმე.
ხელოსანი კარზე აკაკუნებდა, ფრთხილად შედიოდა და როცა მდიდრულ პალატებში დიდებული ბატონის წინ აღმოჩნდებოდა, ქუდს იხდიდა და მოწიწებით მდაბლად უხრიდა თავს.
_ რა იყო, მეგობარო, რა გინდა ჩემგან? – ჰკითხა ერთ დღეს სახლის პატრონმა, - ვხედავ, ხშირად მოდიხარ, ქედს იხრი ჩემს წინაშე, მერე კი ხმაამოუღებლად მიდიხარ. თუ რამე გჭირდება, მოიღე მოწყალება, მთხოვე, ნუ გრცხვენია!
¬_ გმადლობთ, თქვენო ბრწყინვალებავ, - მოკრძალებით მიუგო ხელოსანმა, - თქვენთან იმისთვის მოვდივარ, რომ გული ვიჯერო, ვნახო, როგორ ცხოვრობს მდიდარი ადამიანი. მხოლოდ ჩვემისთანა მდაბიოთ შეუძლიათ ასეთი ფუფუნების ნება მისცენ თავის თავს. სამწუხაროდ, თქვენ, დიდებული ბატონები, ასეთ ნეტარებას მოკლებული ხართ და ვერსად ამგვარი რამით ვერ დატკბებით, რადგან თქვენს გარშემო, მხოლოდ ჩემნაირი ღატაკები ცხოვრობენ.


მეწისქვილე და ვირი

ერთხელ მეგობართა წრეში ერთი დიდებული სენიორი, რომელსაც მწიგნობრისა და კარგი მთხრობელის სახელი ჰქონდა გავარდნილი, გაცხარებული ამტკიცებდა, ამ ქვეყნად არაერთხელ მოვსულვარო და ვითომდა თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, ბრძენი და სწავლული პითაგორას გამონათქვამსაც კი იმოწმებდა.
ერთ-ერთი მეგობარი წამდაუწუმ ამასხარავებდა სენიორს თავისი დამცინავი შენიშვნებით და მოყოლას არ აცლიდა. ბოლოს, გაბრაზებულმა, ძველი ფილოსოფიის თაყვანისმცემელმა სინიორმა გადაწყვიტა, დაეშოშმინებინა ქილიკა მეგობარი და განაცხადა:
_ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ერთი რამ გამახსენდა, იმ დროს, მახსოვს, უბრალო მეწისქვილე იყავი.
ეს სიტყვები აშკარად გულზე მოხვდა მეგობარს, თანაც იმ კაცებს კი არ ჰგავდა, პასუხის გასაცემად სიტყვას ჯიბეში ან ჰაერში რომ დაეძებენ.
_ არც არავინ გეკამათება! შენ, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ, როგორ არა, მახსოვს, შენ არ იყავი ის ვირი, ჩემს წისქვილში მარცვლით სავსე ტომრებს რომ დაათრევდი?

ერთიასად
 
შაბათ დღეს მღვდელი თავისი მრევლის დალოცვა-კურთხევისა და ტაძრის მშენებლობისათვის შესაწირის შესაგროვებლად გაემართა.
საღამო ჟამს ადგილობრივ მხატვართან ამოჰყო თავი. როცა მის სახელოსნოში შევიდა, მღვდელი ისე გულმოდგინედ იქნევდა ნაკურთხ წყლიან სასხურებელს, რომ მომავალი ფრესკებისთვის განკუთვნილი მოხატული ტილოები სულ მთლად დაასველა.

როცა მხარვატმა დაინახა, რომ ნამუშევარი საბოლოოდ გაფუჭდა, განრისხდა.
თავისი შეცდომა რომ დაეფარა, მღვდელმა დამშვიდება დაუწყო მხატვარს.
 - ნუ ბრაზობ, შვილო ჩემო, წესია ასეთი! და მეც ისე ვიქცევი, როგორც კანონი მიბრძანებს, რამეთუ ვიცი, რომ ამით კეთილ საქმეს ჩავდივარ. ყველა, ვინც სამართლიანია, უფლის სიტყვებით უნდა ხარობდეს. “დედამიწაზე ჩადენილი ყველა კეთილი საქმისათვის ზეცა ერთიასად გადაგიხდის სიკეთით! – ერთიასად! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და ნუ ბრაზობ”
მხატვარმა მოიცადა, სანამ ენაწყლიანი მოძღვარი სახელოსნოდან გავიდოდა, მერე კი ფანჯარასთან მიირბინა და როცა მიმავალი მღვდელი დაინახა, ერთი ვედრო წყალი თავზე გადაასხა.
 _ მიიღე, მამაო! – გადმოსძახა მხატვარმა ზემოდან, ერთიასად მიიღე ზეცისგან გაფუჭებული ნახატებისათვის! ერთიასად!












 


 



   
 

.