Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
მოთხრობა
პიესა
მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)


მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

 

მოქმედი პირნი:

 

1.         ქერა ქალი (ყოფილი უსაქმური ტანტრა იოგას მიმდევარი)

2.         შავი ქალი (ყოფილი მწერალი)

3.         მამაკაცი (ყოფილი მეცნიერი)

4.         სტუმარი (მდედრობითი სქესის)

 

(მოქმედება ხდება წრეში, რომელიც ტექნიკურად შეიძლება გამოისახოს განათებით. დრო განუსაზღვრელი.

მოქმედების ადგილი _ საიქიო. ეს ხომ მისტიფიკაციაა).

 

I მოქმედება

 

ქერა ქალი:   ოოო დიდო ტილოპა, მაჰამუდრა, ასანა, მულანთჰარა ჩაკრა, აუუუმ... ჩემი ცოდვების შესახებ მინდა ჩაგაბარო ანგარიში... სიყვარულს ვეძებდი, ვეძებდი იდეალურ მამაკაცს... გარეთ, თუმცაღა გადასარევად ვიცი, რომ არ არსებობს არავითარი საიმედო თავდაცვა სიკვდილისაგან და არც სიყვარული არსებობს...

            თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანი საკუარ თავში გავაერთიანე და თავად ვარ ჰოროსკოპი, საკუთარ სხეულში შევაზავე სისხლი, ლორწო, ყვითელი ნაღველი და შავი ნაღველი. მე რვა დღე მაქვს კვირაში და დღეში ოცდახუთი საათი. ჩემში სიკეთე და ბოროტება სიმბიოზურად თანაარსებობენ.

ადგილი ორივეს ეყოფა საფრთხის კი მხოლოდ მაშინ მეშინია, როცა მინდა რომ მეშინოდეს. ოოო, ფოკერმა შენი იპოსტაზები მჭირდება... დამეხმარები? ხედავ ყველაზე იოლი კითხვებიც როგორ რთულდება როცა კარგად დაუკვირდები... მაჰამუდრა გელოდები... მე შენ ყველაფერი გითხარი, გითხარი იმაზე მეტიც კი რაც ვიცი.

 

შავი ქალი:   რას შვრები ტექსტს იხსენებ? როგორც ჩანს ცოდვები აღარ გასვენებს.

 

ქერა ქალი:   რა გინდა ჩემგან, არ დამანებებ თავს ბოლოსდაბოლოს?

 

შავი ქალი:   რაო ანგელოზო ხომ არ შეგეშინდა, აკი ანგელოზებს არაფრის ეშინიათო.

 

ქერა ქალი:   მე არც არასდროს მითქვამს რომ ანგელოზი ვარ, შენ ამბობ.

 

შავი ქალი:   უნდა ვითამაშოთ.

 

ქერა ქალი:   არა, არ მინდა თამაში, არაფერი არ მინდა ერთი რამის გარდა, გთხოვ თავი დამანებე.

 

შავი ქალი:   ეგ თამაშის პირობაა? პირობებს მე გთავაზობ.

 

ქერა ქალი:   არა, აკი გითხარი არაფრის თამაში არ მინდა... წავალ.

 

შავი ქალი:   არა, ჯერ ვერსად ვერ წახვალ.

 

ქერა ქალი:   გითხარი თავი დამანებე მეთქი.

შავი ქალი:   თავი დაგანებო? რა უტვინო ხარ, მე რომც დაგანებო თავი თვითონ დამიწყებ ძებნას და აქეთ შემეხვეწები.

 

ქერა ქალი:   არა, არაფერსაც არ შეგეხვეწები, ტყუილად გგონია რომ ძებნას დაგიწყებ... მე წავალ...

 

შავი ქალი:   გითხარი ვერ წახვალ მეთქი, ჯერ უნდა ვითამაშოთ.

 

ქერა ქალი:   კარგი ხო, მითხარი რა უნდა ვითამაშოთ და როგორ.

 

შავი ქალი:   ჩემი სურვილები უნდა შასრულო.

 

ქერა ქალი:   რა სურვილები? როგორ? ან რატომ უნდა შევასრულო?

 

შავი ქალი:   რატომ? რა სითავხედეა, იმიტომ რომ ვალი გაქვს ჩემი.

 

ქერა ქალი:   რა ვალი?

 

შავი ქალი:   რა ვალი! თავს ნუ იკატუნებ, სიცოცხლე გმართებს ჩემი.

 

ქერა ქალი:   მე შენ არ მომიკვლიხარ ეგ შენც კარგად იცი, მაგიდას ჩამოარტყი თავი.

 

შავი ქალი:   ანუ შენ გინდა თქვა რომ მე ვიგონებ? აბა ის რა იყო წეღან რო ამბობდი მკვლელის სახელი დავტოვეო.

 

ქერა ქალი:   მე ეგრე არ მითქვამს.

 

შავი ქალი:   სიტყვებზე ნუ მეკიდები და მოკეტე საერთოდ.

 

ქერა ქალი:   შენ...

მისმენდი?

 

შავი ქალი:   აქ ყველაფერი ისმის.

 

ქერა ქალი:   ცუდად ვარ გთხოვ, ძალიან გთხოვ დამანებე თავი.

 

შავი ქალი:   დაიჩოქე!

 

ქერა ქალი:   რა თქვი?

 

შავიLქალი:  დაიჩოქე მეთქი.

 

ქერა ქალი:   გამორიცხულია მაგას არ ვიზავ.

 

შავი ქალი:   რატომ? თავმოყვარეობამ გაიღვიძა შენში?

 

ქერა ქალი:   არც არასდროს სძინებია სიმართლე თუ გინდა.

 

შავი ქალი:   სიამოვნებით მიგახრჩობდი, როგორც შენ მიმახრჩვე ერთხელ, მაგრამ ამით შენ დაგემსგავსები და ამის გაფიქრებაზეც კი გული მერევა.

ქერა ქალი:   შენ არაფერი გამოგასწორებს.

 

შავი ქალი:   ოოო, ეს კი არ უნდა გეთქვა, აი ეხლა კი ჩუუ, ეხლა ჩემი ლაპარაკის ჯერია.

 

ქერა ქალი:   კი შემოგევლე. ილაპარაკე რამდენიც გინდა.

 

მამაკაცი:       რა ხდება ხოცავთ ერთმანეთს?

 

ქერა ქალი:   მემუქრება.

 

მამაკაცი:       მემუქრებაო. რატომ ემუქრები.

 

შავი ქალი:   მხოლოდ დაჩოქება ვთხოვე და არ დაიჩოქა.

 

მამაკაცი:       მხოლოდ დაჩოქება ვთხოვეო, მერე?

 

ქერა ქალი:   მე უარი ვუთხარი არ შემიძლია.

 

მამაკაცი:       მე უარი ვუთხარიო, რატომ არ შეგიძლია.

 

ქერა ქალი:   რა გინდათ ჩემგან.

 

შავი ქალი:   მორჩილება.

 

მამაკაცი:       რა მორჩილება.

 

შავი ქალი:   შენ ნუ ერევი საქმეში მოღალატე.

 

მამაკაცი:       მოღალატეო, უყურე ეხლა ამას.

 

ქერა ქალი:   ჩემს გამო ნუ იჩხუბებთ, მე უნამუსო კი არ ვარ მართლა.

 

მამაკაცი:       უნამუსო კი არა ვარო.

 

შავი ქალი:   არ შეგიძლია არ გაიმეორო ფრაზები? ნერვები მეშლება.

 

მამაკაცი:       უყურე ამას, ნერვები მეშლებაო, შენ ქალბატონო ძალიან ხომ არ წაიგდე ენა, მელანქოლიკი ჩიტირეკია.

 

შავი ქალი:   ნუ მეუბნები მაგ სიტყვას, ხომ იცი რომ არ მიყვარს.

 

ქერა ქალი:   ოჰო, არ უყვარს, შენ არავინ და არაფერი არ გიყვარს საკუთარი თავის გარდა, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ საკუთარი თავის სიყვარული მაინც შეეძლოს ცირკის მასხარას.

 

შავი ქალი:   შეურაცხყოფას მაყენებ.

 

მამაკაცი:       გაჩუმდით, ყელში ამომივიდა თქვენი კინკლაობა, მთელი ცხოვრება ერთმანეთს ჭამთ და აქაც არ ისვენებთ? აქ მარტოები კი არ ხართ, ზოგს მოსვენება უნდა, ზოგს უკვე სძინავს.

ქერა ქალი:   რეებს ლაპარაკობ.

 

შავი ქალი:   შენი საქმე არ არის, ეხლაც კი ვერ მომინელებია რომ არ დაიჩოქე.

 

ქერა ქალი:   არ გეცოდები? მე ხომ უნებისყოფო ქალი ვარ, საცოდავი, წარუმატებელი და ზნედაცემული.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

მე არ ვიგონებ, ეგ სიტყვები მანამდე მითხარი სანამ ყელში გწვდებოდი.

 

შავი ქალი:   ყელში არა, ჯერ თმებში მწვდი.

 

ქერა ქალი:   რა მნიშვნელობა აქვს თანაც ყველაფერს აფექტში ვაკეთებდი საბრალდებო დასკვნაშიც ასე წერია იმიტომ მომისაჯეს მხოლოდ 11 წელი.

 

შავი ქალი:   თერთმეტი ათასი წელიც რომ იყო ჯოჯოხეთში მაინც ვერ ჩამოიწმენდ შენს ცოდვებს.

 

ქერა ქალი:   ვითომ რატომ, ერთი ხორცმეტი რომ მოვაცილე დედამიწას?

 

შავი ქალი:   შენი უტვინო ქმარი იმათ მოსყიდვას ცდილობდა რადგან ეგონა რომ ხალხში თავი მოეჭრებოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა ერჩია ცოლი ციხის მაგივრად სახლში ყოლოდა მიუხედავად იმისა, რომ მოღალატე იყო _ მაინც არაფერი გეშველა.

 

მამაკაცი:       გაჩუმდი ერთი, შენ ღალატზე როგორ იღებ ხმას.

 

შავი ქალი:   როგორ მიყვარდი საზიზღარო, როგორ მიყვარდი! შენს მზეს ვფიცულობდი, მთელი ღამე ვფიცულობდი შენზე _ ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვდი, რომ ჩემი ერთგული ყოფილიყავი, შენ კი აი რა გამიკეთე, ამ მათხოვარზე გამცვალე.

 

მამაკაცი:       მე მაინც მგონია რომ ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.

 

შავი ქალი:   რას ნიშნავს აზრი არა აქვს.

 

ქერა ქალი:   ჩემთვისაც არა აქვს აზრი.

 

შავი ქალი:   შენ უბრალოდ გამოძრომას ცდილობ.

 

მამაკაცი:       თუ ძალიან გამაბრაზებ, ამას მოვიყვან ცოლად, იმიტომ რომ შენ ქვრივი ხარ უკვე, სხვათაშორის მეც, ამას კი ქმარი აღარ ჰყავს _ მე შენთან ვაცილებული ვარ, ეს შეიძლება მთლად სწორი ნათქვამი არ არის, მაგრამ ერთად ხომ აღარ ვცხოვრობთ, თან აქ იურისპრუდენცია არავის აინტერესებს, კანონგარეშე ჩვენ ქორწინებას ვერ გამოაცხადებენ როგორც ამას დედაშენი აკეთებდა ჩვენს ჯვრისწერამდე.

 

ქერა ქალი:   მართლა? რატომ?

 

მამაკაცი:       რა ვიცი, არ ვუყვარდი. ეგ რა გასაკვირია, რომელ სიდედრს უყვარს თავისი სიძე, მე პრაქტიკაში ეგეთი რამ არც შემხვედრია, მაგრამ მამათმავლობის დაბრალება უკვე ნამეტანი იყო.

 

ქერა ქალი:   ანუ პიდარასტობის?

 

მამაკაცი:       კი, თანამედროვე ენაზე. ამას ვითმენდი, ძალიან დიდხანს ვითმენდი, მაგრამ მერე ვუკბინე.

 

შავი ქალი:   და კარგადაც მოგხვდა მამაჩემისგან!

 

მამაკაცი:       მახსოვს, მამაშენს რა დამავიწყებს, ისე ძალიან ძლიერად კი მომხვდა.

 

ქერა ქალი:   ძლიერი იყო?

 

მამაკაცი:       უფრო მეტად პრინციპული ეთქმოდა, პრინციპების გულისთვის ღვიძლი დედისგან კატლეტს ისე გააკეთებდა, თვალს არ დაახამხამებდა.

 

შავი ქალი:   გაჩუმდი აბა რას ბოდავ. მამაჩემს შენთვის 2-ჯერ 3-ჯერ თუ წამოურტყამს, ისიც ღირსი იყავი.

 

ქერა ქალი:   მერე შენ ამას ითმენდი?

 

მამაკაცი:       მეტი რა გზა მქონდა, ასაკოვან კაცზე ხომ არ ავწევდი ხელს.

 

ქერა ქალი: მე წავალ სანამ დახოცავთ ერთმანეთს.

 

შავი ქალი:   გითხარი ვერ წახვალ მეთქი, ჯერ უნდა ვითამაშოთ.

 

მამაკაცი:       რას აიჩემე ეს თამაში, ადრე არასოდეს გამიგია შენგან რომ თამაში გიყვარდა.

ჯოკერს თუ არ ჩავთვლით, თანაც სულ ბოლო ადგილზე გადიოდი თუ სწორედ მახსოვს.

 

შავი ქალი: სულაც არა ვარ ხუმრობის ხასიათზე. შენ კიდე საერთოდ გაჩუმდი, ნუ მელაპარაკები, იმიტომ რომ ძალიან მატკინე გული, ჩემი სიყვარული ფეხქვეშ გათელე. აი ამ ქვეშაფსიაზე გამცვალე.

 

ქერა ქალი:   შენ თუ გგონია ჩემამდე და ჩემს მერე ქალები არ ჰყავდა ძალიან ცდები, ჯერ მარტო ხუთი მე ვიცი.

 

მამაკაცი:       შენ არ გყავდა ჩემამდე არავინ?

 

ქერა ქალი:   მე შენგან განსხვავებით არ ვმალავ ამას.

 

შავი ქალი:   რა თავხედია, ტიპიური ბოზი ხარ.

 

ქერა ქალი:   რაც გინდათ ის იფიქრეთ ოღონდ გამიშვით აქედან.

 

შავი ქალი:   ღმერთო რა უსუსური ვარ, არაფერი შეიცვალა. სიკვდილს ხსნასავით ველოდებოდი, თუმცა ასეთი შეშლილი, ფატალური სიკვდილი არ მინდოდა, ვფიქრობდი, ვოცნებობდი, თავს არ ვზოგავდი რომ დიდი მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ მეტყველება დამიწუნეს. მერე... მწერლობა გადავწყვიტე. მინდოდა ერთ მშვენიერ დღეს წიგნის მაღაზიაში საკუთარი წიგნის ცქერით დავმტკბარიყავი.

სათაურიც კი მოფიქრებული მქონდა `(მარადიული სიყვარული)~... ღრმა სიბერეში ვარდისფერ სასთუმალზე, საყვარელი შვილიშვილების გარემოცვაში ლამაზად გაღიმებული დაველოდებოდი სიკვდილს, მერე ყველა გაზეთი დაწერდა _ ღრმა სიბერეში გარდაიცვალა მწერალი ქალი. არა, “სახელოვანი მწერალი” ქალი. აი ამან კი კატის კნუტივით მიმახრჩო, ხოლო აი ეს _ ვითომც არაფერი მომხდარიყოს, სიყვარულით ანთებული მზერით შეჰყურებს და ელაქუცება.

 

მამაკაცი:       საერთოდ არ ვუყურებ.

 

შავი ქალი:   მაგრამ შენ არც მე მიყურებ.

 

მამაკაცი:       გამაგებინე რატომ უნდა გიყურო? სიკვდილამდეც გითხარი რომ არასოდეს მყვარებიხარ.

 

შავი ქალი:   აბა რატომ მომიყვანე ცოლად?

 

ქერა ქალი:   რაღა დროს ამის გარკვევაა.

 

შავი ქალი:   შენ მოკეტე მეთქი. მითხარი რა არ მოგწონდა ჩემში, რით ვერ დავიმსახურე შენი სიყვარული.

 

მამაკაცი:       ბევრი მიზეზი არ მაქვს, ერთია და მთავარი... ვერ მაკმაყოფილებდა.

 

შავი ქალი:   რაო? რატომ თავის დროზე არ მითხარი ეს _ ეს ეს ეს ბოზი გაკმაყოფილებდა?

 

მამაკაცი:       არა, მე სიყვარული ვერ მაკმაყოფილებდა.

 

ქერა ქალი:   მე ხომ გაკმაყოფილებდი?

 

მამაკაცი:       მოეშვი სისულელეების ლაპარაკს.

 

ქერა ქალი:   შენ რა აზრი შეგეცვალა ჩემზე?

 

შავი ქალი:   ესე იგი ჩემზე მეტად გაკმაყოფილებდა, აბა ერთი კარგად ამიხსენი რა ხდება.

 

მამაკაცი:       არაფერი არ იგულისხმება მაგის მეტი რაც ვთქვი.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

 

შავი ქალი:   და მაინც...

რატომ?

 

მამაკაცი:       ძირითადი მიზეზი თქვენს შინაგან განსხვავებებში უნდა ვეძებოთ.

 

ქერა ქალი:   ეგ რას ნიშნავს, მე ხომ მაგაზე არასოდეს მელაპარაკებოდი.

 

მამაკაცი:       თვალებში უნდა ჩაგეხედა, უნდა გეგრძნო მესამე თვალით, მეექვსე გრძნობით თუ რაღაც ჯანდაბით, როგორმე უნდა გეგრძნო გესმის?

 

ქერა ქალი:   რა უნდა მეგრძნო?

 

მამაკაცი:       რომ შენში არამატერიალურობა მხიბლავდა ამ დამხრჩვალისგან განსხვავებით.

 

შავი ქალი:   დეგენერატო, მასხრადაც მიგდებ? იმის მაგივრად რომ ბოდიშს მიხდიდე.

 

მამაკაცი:       რატომ უნდა მოგიხადო ბოდიში, ეგეთი ფატალური სიკვდილისთვის? `ვარდისფერ საწოლზე გარდაიცვალა დიდი მწერალი ქალი~. შენი სიკვდილი სასაცილო და შემთხვევითი აღმოჩნდა, იმიტომ რომ თვითონ ხარ სასაცილო და შემთხვევითიც.

 

ქერა ქალი:   და შენ ჩემში არამატერიალურობა გხიბლავდა? იმიტომ რომ ფულს არ გთხოვდი ხოლმე?

 

მამაკაცი:       რაც არ მქონდა რა უნდა გეთხოვა?

 

შავი ქალი:   ჩემს ფულებს ხომ ანიავებდი.

 

მამაკაცი:       ტყუილია, მაგრამ არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ.

 

ქერა ქალი:   მაშ რას ნიშნავს არამატერიალურობა...

 

მამაკაცი:       არამატერიალური, ანუ ისეთი რამ, რასაც მატერიასთან არა აქვს კავშირი.

 

შავი ქალი:   მაგას საპალტოე ან საკაბე მატერია ჰგონია, მაინც ვერაფერს გაიგებს.

 

მამაკაცი:       სწორედ ეგ მხიბლავდა მასში. არამატერიალურობა...

 

ქერა ქალი:   არამატერიალურს მატერიასთან თუ არა აქვს კავშირი... აბა მაშ...

 

მამაკაცი:       სწორე შენიშვნაა, ბევრ რამესთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი, მაგალითად გეომეტრიასთან, ჩემი საბოლოვო დასკვნაც ასეთია _ არც ერთი თქვენგანი ცენტრალური არ არის.

 

შავი ქალი:   ბოდავს.

 

ქერა ქალი:   რა საინტერესოა... ეგ როგორღა გავიგოთ?

 

მამაკაცი:       ცენტრალურები არ ხართ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს რადგან ერთად ხართ განფენილნი დროსა და სივრცეში, მიმართულნი ხართ მესამისადმი, რომელსაც თქვენთან მიმართებაში ცენტრალური პოზიცია უკავია. ეს მესამე მე ვარ. ამდენად, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ერთმანეთი.

მე კი ვერავინ ვერ შემცვლით _ ჩემთან მიმართებაში თქვენ მარგინალურები ხართ.

 

შავი ქალი:   ეგოისტო ღორო!

 

მამაკაცი:       რაც გინდა ის დამიძახე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, იმიტომაც ხარ მწვანე რომ ბოღმა გახრჩობს!

 

ქერა ქალი:   მერე ამაში ცუდი რა არის?

 

მამაკაცი:       არაფერი, მართლა არ მაინტერესებს რას დამიძახებთ. ღორი, გოჭი, აფთარი _ ცალ ფეხზე მკიდია.

 

ქერა ქალი:   არა, მაგას არ ვგულისხმობ, რა არის ცუდი იმაში, რომ ვერ შეგცვლით? ასეა კაცი ცენტრალური უნდა იყოს!

 

მამაკაცი:       ყველას ცენტრში ყოფნა უნდა, ატომის ბუნებაა, ატომისტიკა. თუმცა კარგად არ მახსოვს რატომ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ყველა ცენტრში აღმოჩნდება...

 

შავი ქალი:   გაჩუმდი ღორო!

 

მამაკაცი:       გითხარი, რაც გინდა ის დამიძახე, ნერვი არ შემიტოკდება მეთქი.

 

შავი ქალი:   ღმერთო, რა იდილიაა _ რომეო და ჯულიეტა.

 

მამაკაცი:       რატომ არ გინდა აღიარო რომ ამან არ დაგახრჩო უბრალოდ ცდილობდა დაეხრჩვე შენ ამ დროს ფეხი აგიცურდა ბანანის ქერქზე და მაგიდის კუთხეს ჩამოარტყი თავი.

 

შავი ქალი:   ცინიკოსო ღორო თუ გოჭო თუ რაც გნებავს _ არ გიფიქრია რომ შენი სიტყვები _ უბრალოდ ცდილობდა დაეხრჩვე დანაშაულის წაქეზებაა.

 

ქერა ქალი:   ღორი ვინ არის ზედ ეტყობა. რა უნდოდა შუა ოთახში მაგიდის ფეხთან ნაჭამი ბანანის ქერქს.

 

შავი ქალი:   შენთვის ადვოკატობა არავის უთხოვია, ეჭვიც არ მეპარება რომ შენ დააგდე ბანანის ქერქი მერე ალიბი რომ გქონოდა. საერთოდ შეჭმული და მოპარული ნივთები შენ დაგაქვს ხოლმე ჩანთით როგორც წესი.

 

მამაკაცი:       მე უნდა წავიდე.

 

შავი ქალი:   რა?

 

ქერა ქალი:   რატომ მიდიხარ.

 

მამაკაცი:       თქვენ არასდროს შეიცვლებით.

 

ქერა ქალი:   და რატომ გინდა რომ შევიცვალოთ. ისევე ვაგრძელებთ ცხოვრებას როგორც ადრე. გვიყვარს, გვძულს, მოკლედ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.

 

მამაკაცი:       შენ არ შეგიძლია ამიხსნა რა არის სიყვარული.

 

შავი ქალი:   სამაგიეროდ სიძულვილშია პროფესიონალი/

 

მამაკაცი:       ტყუილია.

ვისაც სიყვარული არ შეუძლია ის ვერც სიძულვილს შეძლებს.

 

ქერა ქალი:   შუძლია, არ შეუძლია! საიდან აკეთებ ასეთ დასკვნებს. მხოლოდ იმიტომ, რომ რამოდენიმე მამაკაცთან მქონდა რომანი?

 

შავი ქალი:   თვრამეტი რამოდენიმეა?

 

ქერა ქალი:   ჯერ ერთი თექვსმეტი იყო. ბლოკნოტში მიწერია ყველას სახელები. და თანაც... მე ვეძებდი... ჩემს შინაგან მამაკაცს ვეძებდი.

 

შავი ქალი:   და რა აღმოაჩინე შენს შინაგანში, მამაკაცური სიმბოლო?

 

ქერა ქალი:   შენი საქმე არ არის, შენ რა გაგეგება ტანტრა იოგასი.

 

შავი ქალი:   არ ვიცოდი იოგა დახრჩობისკენ თუ მოუწოდებდა ადამიანებს, მაგრამ შენ ხომ ადამიანიც არ ხარ.

 

ქერა ქალი:   ეხლა კი მართლა დაგახრჩობდი სიამოვნებით. ვნანობ რომ აღარ შემიძლია.

 

მამაკაცი:       არამატერიალურობა.

 

შავი ქალი:   თუ ღმერთი გწამს ტვინი ნუ წაიღე შენი არამატერიალურობითა და გეომეტრიით.

წარუმატებელი ადამიანები სიტყვებით მანიპულირებენ, ნამდვილი გენიოსები კი საქმით ამტკიცებენ ვინც არიან, თუთიყუშივით იმეორებ წიგნიდან დაზეპირებულ ფრაზებს.

 

ქერა ქალი:   სულაც არა, ძალიან განათლებულია.

 

შავი ქალი:   შენისთანებისთვის ნამდვილად განათლებულია.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

`მე შენში არამატერიალურობა მხიბლავდა~ და შენც კინაღამ ორგაზმი განიცადე სიამოვნებისაგან.

 

ხმა კულისებიდან: თავი შეიკავეთ უცენზურო გამოთქმებისაგან. ხმაურობთ? ხმას არ ვიღებთ. გინება უკვე მეტისმეტია.           

 

მამაკაცი:       აი ხომ გითხარით მარტოები არ ვართ მეთქი.

 

შავი ქალი:   ჯოჯოხეთში ვართ და იმიტომ, დარწმუნებული ვარ სამოთხეში არავის არაფერს უშლიან.

 

ქერა ქალი:   ეგ ჯერ კიდევ საკითხავია უშლიან თუ არა, იმ დღეს ჭორად გავიგე ერთი ინგლისელი მძღოლი მხოლოდ იმიტომ არ შეუშვიათ სამოთხეში რომ მაიმუნის ნაკბენით გარდაიცვალა. წარმოგიდგენია? მთელი ცხოვრება მაიმუნივით იცხოვრო და ბოლოს მაიმუნის ნაკბენით მოკვდე, ტანტრა იოგაში მაგალითად მაიმუნის ნაკბენი ღვთის წყალობაა. მერე..........

 

შავი ქალი:   გაჩუმდით რა, ყურები გამომეჭედა თქვენი სისულელეებით მე მივდივარ.

 

ქერა ქალი:   ვერ გავიგე აკი დამიჩოქეო?

 

მამაკაცი:       დავიღალე! ცოტა ხანს სიჩუმე იყოს.

 

 

(პირველი მოქმედების დასასრული)

 

(სიტუაციის და განწყობის ცვლილება რჩება მითითების გარეშე, ასევე მუსიკა და სხვა გამომსახველობითი ფორმები, წინასწარი განსაზღვრის გარეშე).

 

II მოქმედება

 

შავი ქალი:   მგონი ჯობია ცოტა ხმას დავუწიოთ და ისე ვილაპარაკოთ.

 

ქერა ქალი:   აკი მივდივარო?

 

მამაკაცი:       მაინც ვერსად წავალთ, გარშემო წრეა, მანდალა.

 

შავი ქალი:   მანდალა არა შამბალა.

 

ქერა ქალი:   ვაიმე. შენ საიდან იცი შამბალა?

 

შავი ქალი:   ვიცი, მამაჩემი ამბობდა ხოლმე შამბალ-ყუმბარაო.

უი დამავიწყდა რომ არ გელაპარაკები.

 

მამაკაცი:       ეს მანკიერი წრეა.

 

ქერა ქალი:   კაი რა, ნუ გაახურე მართლა. რისი გეშინია? ვიყოთ ამ წრეში ბოლოსდაბოლოს.

 

შავი ქალი:   რატო ვერ გავალთ დენი გადის შიგნით?

 

მამაკაცი:       უფრო უარესი.

 

შავი ქალი:   დენზე უარესი რა უნდა იყოს?

 

მამაკაცი:       არსებობს დენზე უარესი რაღაცეები.

 

შავი ქალი:   მაგაზე მეტად ის მაღელვებს ამ ქალბატონმა რომ თქვა ხუთი საყვარელი ჰყავდაო. ეს როგორ გამიკეთე?

 

ქერა ქალი:   გაკეთებას რა უნდა, სურვილია მთავარი.

 

ამ მომენტიდან მამაკაცი წრის გარშემო იწყებს ხოხვას, თავისთვის ლაპარაკობს.

 

მამაკაცი:       კვანტური მექანიკის ძირითადი პრინციპი.

 

შავი ქალი:   აუ თავიდან იწყებს. რაღაცას ჩაგარტყავდი თავში რომ იყოს ეს რაღაც და აზრი რომ ჰქონდეს ჩარტყმას.

 

ქერა ქალი:   მანკიერი წრე... რა საინტერესოა, მაგრამ შენ რაღატო მოხვდი ამ წრეში?

 

მამაკაცი:       აი ეგ ვერ მომინელებია. უფრო სწორედ ვერ გამირკვევია.

 

ქერა ქალი:   კარგი რა ფისო მაგას არაფერი ეშველება.

 

მამაკაცი:       ფისოღა აკლდა ამ ზოოპარკს. ნამდვილად რა (ვაშლს ჭამს).

 

ქერა ქალი:   რა სიმბოლურია, სამოთხის ბაღია ნამდვილი.

მე ევა ვიქნები. შენ ადამი. ვაშლი უკვე გვაქვს.

 

შავი ქალი:   გველი?

 

(ქერა ქალი მისკენ იშვერს თითს და იცინის).

 

მამაკაცი:       რა ტუტუცი ხარ. შენ ვერც კი ხვდები რა საშიშროება გვემუქრება.

 

ქერა ქალი:   კარგი რა, რაღა შეიცვლება, თუ წრიდან ვერ გავაღწევთ გამოდის რომ აქ უნდა ვიყოთ. რაც იმას ნიშნავს რომ ნერვიულობას აზრი არა აქვს.

 

მამაკაცი:       კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ძირითადი კანონის თანახმად ბუნებაში ფიზიკური პროცესები დისკრეტული...

 

ქერა ქალი:   მეც მინდა ვაშლი.

 

მამაკაცი:       ანუ წყვეტილი ხასიათისაა. კერძოდ ეს ნიშნავს რომ ნებისმიერი სახის ენერგია...

 

შავი ქალი:   მგონი გაგიჟდა.

 

მამაკაცი:       მათ შორის სითბურიც შეიძლება გადაიქცეს მხოლოდ გარკვეული, ძალიან მცირე პორციებით _ ანუ კვანტებით.

 

შავი ქალი:   მაინც არ იტყვი ბოლოს რამდენი კაცი გყავდა?

 

ქერა ქალი:   უფრო გასაგებად შეგიძლია მითხრა რა გაინტერესებს?

 

მამაკაცი:       ნაწილაკების ინტენსიური სითბური მოძრაობის გამო...

 

შავი ქალი:   რამდენ კაცთან იწექი მეთქი სანამ ციხეში მოგკლავდნენ.

 

მამაკაცი:       ჩვეულებრივი ტემპერატურის პირობებში

 

ქერა ქალი:   მართლა გაინტერესებს? 16-მეთქი წეღანაც ვთქვი.

 

შავი ქალი:   დედა რა ამბავია. გინესის წიგნში გინდოდა მოხვედრა?

 

მამაკაცი:       ნივთიერების კვანტური თვისებები არ ჩანს...

 

ქერა ქალი:   მე უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ ამას.

 

შავი ქალი:   არც მე.

ყავა არ მოგენატრა? ეჰ ყველაფერს მივცემდი ერთი ჭიქა ყავისთვის.

 

ქერა ქალი:   და ერთი ღერი ვინსტონისთვის.

 

მამაკაცი:       ტემპერატურის დაწევისას ნაწილაკების სითბური მოძრაობის ინტენსივობა და მათი ენერგია მცირდება და იწყება ნივთიერების კვანტური თვისებების მკაფიო გამოვლენა. ვიპოვე, ვიპოვე.

 

ქერა ქალი:   რა იპოვე?

 

მამაკაცი:       გასასვლელი. ბოდიშს ვიხდი მაგრამ სამწუხაროდ აქ ყველა ვერ გაეტევა.

 

შავი ქალი:   გაბარიტების მიხედვით წესით შენ ვერ უნდა გაეტიო.

 

მამაკაცი:       გაბარიტები არაფერ შუაშია. კატალექტიკური ექსტერიორიზაცია.

 

ქერა ქალი:   ერიჰა...

 

მამაკაცი:       ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ...

 

შავი ქალი:   გისმენთ.

 

მამაკაცი:       ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი რომ ასე იქნებოდა.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

გასასვლელი ვიპოვე მაგრამ ერთი პრობლემაა.

 

ქერა ქალი:   ჰა მიდი ამოღერღე.

 

მამაკაცი:       კერძოდ ის, რომ მხოლოდ ერთ-ერთი თქვენგანის გაყვანა შემიძლია. მეორე უნდა დარჩეს.

 

ქერა ქალი:   მანკიერ წრეში?

 

მამაკაცი:       სწორედ მიმიხვდი. ახლა ჩემს წინაშე დიდი პრობლემაა ასე ვთქვათ მორალურ-ზნეობრივი.

ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება.

 

შავი ქალი:   შეხედე ამ იდიოტს, მე ცოლი ვარ ბოლოსდაბოლოს. მართალია თურმე არც გიყვარდი და ვერც გაკმაყოფილებდი როგორც საჭირო იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ძნელბედობის ჟამს აი ამ ბოზზე არ გამცვლი.

 

ქერა ქალი:   მან უკვე გააკეთა თავის არჩევანი. ცოლი კი არ ხარ, იყავი.

 

შავი ქალი:   გაჩუმდი. რაღაცეები დამრჩა რეზერვში და არ ამაჭიკჭიკო.

 

ქერა ქალი:   შენზე მეტი მე მაქვს სალაპარაკო. იცი რას გეტყვი? მე ქმარს მაინც არ ვღალატობდი. უფრო სწორედ თავიდანვე გაფრთხილებული მყავდა რომ ასე იქნებოდა.

 

მამაკაცი:       გაჩუმდით!

 

შავი ქალი:   ეხლა თქვენ გაჩუმდით. მე აქ არ დავრჩები.

არ შემიძლია. უჰაერობა მაწუხებს. ეხლა რომ არ გავიდე მერე რაღა მეშველება.

 

მამაკაცი:       მაგას რატომ ამბობ. რა გინდა ეხლა შენ გაგიყვანო და მე თვითონ აქ დავრჩე?

 

შავი ქალი:   არა საყვარელო. მე და შენ გავიდეთ და ეს აქ დავტოვოთ.

 

ქერა ქალი:   საყვარელიც გახდა უკვე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რომ ღალატობდი მაშინ არ იყო საყვარელი?

 

შავი ქალი:   ტყუილია არ დაუჯერო. თავის გადარჩენას ცდილობს.

 

მამაკაცი:       გაჩუმდით.

არ მაინტერესებს ეს ჭორები. ეს, ეს, ეს ბინძური მონაჩმახები... თქვენ ორივე გადარჩენაზე ფიქრობთ. მე რომ არაფერი მეთქვა რომელი იფიქრებდით რომ აქედან გასვლაა საჭირო. თქვენთვის მნიშვნელოვანია სად იქნებით და არა ის თუ ვინ იქნებით. თუმცა იმას ვერ ხვდებით რომ რაღაცით უნდა დაიმსახუროთ აქედან გასვლა.

 

შავი ქალი:   და რა უნდა გავაკეთოთ.

 

მამაკაცი:       ეგზისტენციალური ნახტომია საჭირო.

 

შავი ქალი:   როგორი ნახტომი?

 

მამაკაცი:       ცოტა ყურადღება მოიკრიბეთ. აი შენ მაგალითად რას გასწავლის შენი ტანტრა იოგა.

რა დაგამახსოვრდა იქიდან.

 

ქერა ქალი:   წრედი უნდა შევკრა თვალდახუჭულმა შიგნით...

 

შავი ქალი:   შიგნით, შიგნით, სულ შიგნით ელანდება.

 

მამაკაცი:       გაჩუმდი. მერე რისთვის უნდა შეკრა?

 

ქერა ქალი:   უიმე აბა რა ვიცი მე. სანამ დამიჭერდნენ მანამდე დავდიოდი ტანტრა იოგას წრეზე. ეგ გაკვეთილი შემდეგ ხუთშაბათს უნდა აეხსნათ.

 

მამაკაცი:       რომელ შემდეგ? თუ რის შემდეგ?

 

ქერა ქალი:   ვა კაცო, დაჭერის შემდეგ ხუთშაბათს. თვალებს გვახუჭინებდნენ. ჩვენ სრული რელაქსაცია გვევალებოდა. მერე შიგნით უნდა შევხვედროდით.

 

შავი ქალი:   ვის უნდა შეხვედროდი?

 

ქერა ქალი:   დამანებეთ რა თავი, როგორ მატკინა გული.

მისი გახსენებაც კი აღარ მინდა. არ მოვიდა.

 

მამაკაცი:       იცოდეთ დროში ვართ შეზღუდულები. სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

 

შავი ქალი:   მე მოვდივარ.

 

ქერა ქალი:   მეც.

 

მამაკაცი:       მე რაღას ვაკეთებ?

 

შავი ქალი:   შენც მოდიხარ საყვარელო. ეს დაკავებულია. თავის შინაგანი კაცი ჰყავს სანახავი.

 

მამაკაცი:       თქვენ ვერ გააკეთებთ ეგზისტენციალურ ნახტომს.

 

შავი ქალი:   კაი ერთი. ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე.

 

ქერა ქალი:   ან ძალიან პატარა ჩვენზე.

 

მამაკაცი:       დასხედით. ყურადღებით მისმინეთ.

ამ წრიდან გასვლის შანსი თქვენში უფრო მსუბუქს მეტი აქვს. მეორე უნდა დარჩეს და დაელოდოს. სანამ ახალი მხსნელი არ გამოჩნდება. რას იზავ ბედისწერას ვერსად გაექცევი.

 

შავი ქალი:   მე უფრო მსუბუქი ვარ.

 

მამაკაცი:       შინაგან სიმსუბუქეზეა ლაპარაკი.

 

ქერა ქალი:   ეგ რას ნიშნავს?

 

მამაკაცი:       აი ეგ არის არამატერიალურობა, დაახლოებით.

 

შავი ქალი:   ძალიან გთხოვ ეხლა თავიდან არ დაიწყო თორე გპირდები შენზე მეტად  

            გავაფრენ.

 

მამაკაცი:       ეგ არის შინაგანი სიმსუბუქის არსი. ნახტომისთვის მზად ხართ?

 

შავი ქალი:   ჯანდაბამდე გზა გქონიათ. ესეც ვიცოდი ჩაწყობითაა ყველაფერი. რაღას  

            მელაპარაკეთ ამდენი თუ დაგეგმილი გქონდათ.

არ მოწყეს აქ შოუ?

                       დეგენერატები.

 

მამაკაცი:       აი მაგას გეუბნები. ძალიან მძიმე ხარ ვერ გადახტები.

 

შავი ქალი:   ეგ არის გადახტომის დიდოსტატი. ათას რამეზე და ათას ვინმეზე. წადით გზა მშვიდობისა.

 

ქერა ქალი:   ნუ მოუსმენ, მხოლოდ ის მითხარი რა უნდა გავაკეთო.

 

მამაკაცი:       მე უნდა მომყვე. მოდიხარ?

 

ქერა ქალი:   აკი ნახტომიო?

 

მამაკაცი:       ჰო, ნახტომი აუცილებელია.

 

ქერა ქალი:   კი მაგრამ, როგორ ან სად უნდა გადავხტე?

 

მამაკაცი:       წრესთან რომ მივალთ მე წრეს გავარღვევ და იქიდან ძალიან დიდი შუქი შემოვა. არანორმალური, უსაზღვროდ ძლიერი ნათება. შენ შეგიძლია თვალები დახუჭო.

თუმცა წონასწორობა არ უნდა დაკარგო. არ უნდა წაიქცე. მერე სინათლე შეაღწევს შენს ძვლებში გაანათებს შენს სხეულს, გაათბობს შენს გულს... მე გპირდები, მე გასწავლი შენი შეცდომებიდან...მე შევეცდები გამოგასწორო..

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

 

ქერა ქალი:   მიყვარხარ!

 

მამაკაცი:       ემოციებს ნუ აჰყვები. ჩვენი ურთიერთობა ახლა მეათეხარისხოვანია გესმის? მთავარია გჯეროდეს... შუქის.

 

ქერა ქალი:   მერე?

 

მამაკაცი:       მერე შენ ძალიან მსუბუქი გახდები, ხელს ჩამჭიდებ და ერთად გადავხტებით იქ.

 

ქერა ქალი:   რა მაგარია.

 

მამაკაცი:       ნუ ჩქარობ ეს ცოტა საშიშია.

 

ქერა ქალი:   შენთან ერთად არაფრის მეშინია სიცოცხლე.

 

მამაკაცი:       გაჩუმდი.

გთხოვ მისმინე. თვალებში მიყურე. მზად ხარ?

 

ქერა ქალი:   ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, მოიცა... რომ გადავხტებით მერე სად წავალთ?

 

მამაკაცი:       სად წავალთ? არ ვიცი. ზუსტად არ ვიცი. ამიტომაა გადახტომა საშიში, მაგრამ...     იქ უკეთესი იქნება. იქ არავინ ჭორაობს, არ არის სექსი, შური, კონკურენცია,    კომუნალური გადასახადები.

 

ქერა ქალი:   სექსი არ არის?

 

მამაკაცი:       რა თქმა უნდა არის, ოღონდ სხვანაირი... სულიერი სექსი.

 

ქერა ქალი:   ეგ რაღაა?

 

მამაკაცი:       არ ვიცი, ეს ჩემი ეჭვებია. იქ არავის კლავენ, არ არის ღალატი, ეჭვები. იმიტომ            რომ არ არის ამის საჭიროება.

 

ქერა ქალი:   და რას აკეთებენ ამის მაგივრად იქ?! ყავა იქნება?

 

მამაკაცი:       არაფერს არ აკეთებენ. უბრალოდ ბედნიერები არიან.

 

ქერა ქალი:   რას ლაპარაკობ მართლა? კარგად იყავი. მე აქ ვრჩები.

 

მამაკაცი:       ეს ზუსტად ისაა...ჯორჯ ორუელის წიგნში 1984 სწორედ ეს წერია.            წინასწარმეტყველებია, როგორც დღეს და არასდროს. მე უნდა გადავხტე ბოლოსდაბოლოს.

რას ჩაგაცივდი თავადაც ვერ გამიგია. ადამიანები არ იცვლებიან. იგივე შეიძლება ითქვას მათ მისწრაფებებსა და სურვილებზე. მხოლოდ ფორმები იცვლება. აი ეს არის დეტერმინიზმი... აი, ამ ჩაის ჭიქას ხომ ხედავთ, თანდათან ცივდება და ბოლოს ოთახის ტემპერატურაზე შეჩერდება, მაგრამ თუ მაგარი ბიჭია, თანდათან გაცხელდეს აბა. ჩემი ფეხები.

შეუცნობელის გაურკვეველ ლაბირინთებში რა ესაქმებათ უტვინო დედაკაცებს. უწინ ვირი ავა ხეზე.

 

შავი ქალი:   რა ჩაის ჭიქა, ხომ ხედავ რომ ჭკუიდან გადახვედი უკვე. გეყოფა რა სისულელეების ბოდვა. ღმერთო! რა დავაშავე ასეთი.

 

მამაკაცი:       აი, სწორედ ეს... ეს არის ის... ამაზე ვამბობ, რომ მე... მე ერთი შეშლილი გჯობივართ ორ ჭკვიანს.

დაე, ასე იყოს. სიგიჟე მირჩევნია. ამას ვამბობდი წეღან სწორედ რომ ვერ შემცვლით-მეთქი. მე ცენტრში ვარ. მე ვღებულობ სამყაროს ისეთს, როგორიც არის. შეიძლება არ მომწონდეს იგი, მაგრამ ხომ ვღებულობ. ღმერთო, რა მძიმე განცდაა და ამავდროულად სასიხარულოც.

მე ცენტრში ვარ... მივდივარ.

 

შავი ქალი:   ნუ გაახურე რა. მშვენივრად შეგცვლით. ვითომ ვინ ხარ ასეთი?!

 

მამაკაცი:       ვინ ვარ? შენ უბრალოდ კანონებიც კი არ იცი წვინტლიანო დედაკაცო. შენ არ იცი რომ როდესაც X, Y და ძ მთელი რიცხვებია და ყოველი მათგანი N ხარისხშია აყვანილი. პირველი ორის ჯამი არასდროს გაუტოლდება მესამეს თუ N მეტია ორზე.

 

ქერა ქალი:   და თუ არ არის ორზე მეტი?

 

მამაკაცი:       არც კი გაბედოთ მაგის გაფიქრება. მშვიდობით.

 

სტუმარი:     მოიცა არ წახვიდე.

 

(ყველა მოქმედი პირი ერთ ადგილას იყინება, ისმის ინსტრუმენტალური მუსიკა, სტუმარი ყველა პერსონაჟთან მიდის და ხელით აკეთებს უცნაურ მოძრაობებს _ მთლიანობაში მაყურებლისთვის ეს სიტუაცია გაურკვევლობის ეფექტს იწვევს.

მოულოდნელად სტუმარი სამჯერ უკრავს ტაშს და მუსიკა ჩერდება. გაყინული პერსონაჟები კვლავ იწყებენ მოძრაობას).

 

მამაკაცი:       რატომ?

 

სტუმარი:     მოთმინება იქონიე, ყველაფრს აგიხსნი.

 

მამაკაცი:       არა, გადაწყვეტილი მაქვს, უნდა წავიდე.

 

სტუმარი:     მე ძალას არ გატან. რა უფლება მაქვს. უბრალოდ წინადადებას გთავაზობ. ვნახოთ იქნებ შეიცვალო აზრი.

 

მამაკაცი:       (მღერის ფრაზას სიმღერიდან) Nothing Gonna change my world...

  

სტუმარს:      ლენონს უსმენდი როგორც ყველა მეოცნებე. თავი დაანებე ლენონს.

მე ცოტა უფრო მეტი შემიძლია.

 

მამაკაცი:       მოიცა რა, ერთი ჩვეულებრივი გზააბნეული სული ხარ. ერთი რიგითი არარაობა.

 

სტუმარი:     ნაადრევად ნუ გააკეთებ დასკვნებს გენაცვალე. მე გაბრაზებაც შემიძლია.

 

მამაკაცი:       შენთან კამათს არ ვაპირებ, არც ანგარიშების ჩაბარებას. უბრალოდ ავდგები და გავალ აქედან. ამ დაწყევლილი წრიდან და არც არავისი მეშინია.

 

სტუმარი:     შეგეშინდება შვილო.

 

ქერა ქალი:   ნეტა ვიცოდე რას წაგიგდია ენა.. გაგვეცანი მაინც ვინ ხარ.

 

სტუმარი:     ანუ?

 

შავი ქალი:   რა ანუ, ვინ ხარო გეკითხებიან.

 

სტუმარი:     აი მეორე ბულბულიც აჭიკჭიკდა.

 

ქერა ქალი:   წადი რა შენი გზა მონახე.

 

სტუმარი:     წესიერად ილაპარაკე შვილო.

 

შავი ქალი:   შვილოს ვის ეძახი ლაწირაკო.

 

სტუმარი:     წესიერად მეთქი შვილო.

 

მამაკაცი:       დაწყნარდით, ვინ ხარ, რა გქვია?

 

სტუმარი:     რაც გინდათ ის დამიძახეთ: ღორი, გოჭი, აფთარი, სულ ცალფეხზე მკიდია.

 

მამაკაცი:       ეგ ჩემი სიტყვებია.

 

ქერა ქალი:   შენ, რა გვისმენდი?

 

სტუმარი:     აქ ყველაფერი ისმის.

 

შავი ქალი:   ეს კიდევ ჩემი სიტყვებია.

 

მამაკაცი:       აქ, ვინმე არის კიდევ ჩვენს გარდა?

 

სტუმარი:     არავინ.

 

მამაკაცი:       ესეიგი მხოლოდ ჩვენ ოთხი?

 

სტუმარი:     არა მხოლოდ მე – ერთი.

 

შავი ქალი:   რატომ ერთი?

 

სტუმარი:     იმიტომ, რომ თქვენ არავინ არ ხართ.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

(იცინის)

 

ქერა ქალი:   გიჟია.

 

სტუმარი:     საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, დიახ გიჟი ვარ.

 

მამაკაცი:       რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

 

სტუმარი:     ელემენტარული არითმეტიკაა _ 1+3=1 ის

 

მამაკაცი:       აბსურდია, მე ეგეთ არითმეტიკას არ ვცნობ.

 

სტუმარი:     არც მე ვცნობდი სანამ ფაქტების წინაშე არ დავდექი. დაჯექი დედა გენაცვალოს, შენს მეცნიერულ თეორიებს ერთი ცენტის ღირებულებაც არ გააჩნია. ეს შენ თვლი, რომ 2X2=4ია, მაგრამ ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხანდახან შეიძლება 2X2 უდრიდეს ექვსს, შეიძლება რვას, შეიძლება თექვსმეტს, ოცდათორმეტს..

 

მამაკაცი:       არ გეთანხმები

 

სტუმარი:     ეგრეა, თავიდან არავინ არ მეთანხმება ხოლმე.

 

შავი ქალი:   მერე?

 

სტუმარი:     მერე მეთანხმებიან ხოლმე.

 

შავი ქალი:   მერე მაგით რისი თქმა გინდა მეთქი.

 

სტუმარი:     არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ მომწონხართ.

 

ქერა ქალი:   დიდი ამბავი ეხლა შენ თუ არ მოგეწონებით.

 

სტუმარი:     მისმინე შვილო, რამდენი წლის მოკვდი?

 

ქერა ქალი:   ქალს ასაკს არ ეკითხებიან.

 

სტუმარი:     მე ეგ ცოცხლებზე მქონდა გაგონილი. აი ეს ყველაზე მეტად მომწონს.

 

მამაკაცი:       გმადლობთ, ბედნიერი ვარ, ვიცოდი, რომ დღეს რაღაცა გამიხარდებოდა.

 

შავი ქალი:   ირონია არ გინდა, მოკლედ, კონტრაქტს გთავაზობთ.

 

მამაკაცი:       თუ დარჩენაზე უნდა მითხრა რამე, ტყუილად ნუ აიქაფებ პირს.

 

სტუმარი:     შენს მეცნიერულ მოღვაწეობას, რომ დავცინე ეგ გეწყინა არა? შემიძლია ჩემი სიტყვები უკან წავიღო, საერთოდ მე ბევრი რამე შემიძლია.

 

ქერა ქალი:   აუ ნუ ბლატაობ რააა...

 

სტუმარი:     მიყვარს ჟარგონები. შენ აგრესიული იმიტომ ხარ, წარუმატებელი მწერალი რომ იყავი და საკუთარი წიგნის ხილვას რომ ვერ ეღირსე. ასე არაა?

 

შავი ქალი:   საიდან იცი ჩემს შესახებ?

 

ქერა ქალი:   ვერ გაიგე? თურმე ჩუმად გვისმენდა.

 

სტუმარი:     ცდები, მე უფრო მეტი ვიცი. შემიძლია დაგიმტკიცო.

 

ქერა ქალი:   მიდი.

 

სტუმარი:     შენ, ხომ ამბობ, მხოლოდ თექვსმეტი კაცი მყავდაო.

გინდა ზუსტი ციფრი გითხრა?  

 

(ყურში უჩურჩულებს ქერა ქალს. ქერა ქალი გაოგნებულია).

 

სტუმარი:     ხედავ რა კეთილი ვარ? კონფიდენციალურობა დავიცავი, მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება. ჰა რას იტყვი კონტრაქტზე?

 

მამაკაცი:       არ მინდა, არ მაინტერესებს, არ მაღელვებს, ფეხებზე მკიდია, სხვა სიტყვები აღარ მახსენდება.

 

(მამაკაცი თვალს მოეფარება).

 

სტუმარი:     კარგი აღარ ჩამოგეკიდები, გზამშვიდობისა. გოგონებო თქვენ რას იტყვით, ყავა და

            ვინსტონი ახსენეთ თუ სწორად მახსოვს?!

 

შავი ქალი:   ჰო, მაგრამ საიდან?

 

სტუმარი:     აი ეს კარგი დასაწყისია, შენი ქმარი იყო ხო? შენი კიდე საყვარელი... ვაიმე მართლა რა საყვარლები ხართ ერთად. და რა დაემართა?

 

ქერა ქალი:   რა ვიცი, მგონი გაგიჟდა, უნდა გავიდეო, რაღაც ნახტომი გავაკეთოო...

 

სტუმარი:     შენ რა, არ მელაპარაკები?

 

შავი ქალი:   რაზე უნდა გელაპარაკო?

 

სტუმარი:     აი მაგალითად... რატომ ღალატობდი ქმარს?!

 

შავი ქალი:   ტყუილია! არასოდეს მიღალატია!

 

(სტუმარი მასაც ჩასჩურჩულებს ყურში, შავი ქალიც გაოგნებულია).

 

შავი ქალი:   საიდან იცი? 

 

სტუმარი:     მე ყველაფერი ვიცი რაც მჭირდება.

ნუ გეშინია, არაფერს ვიტყვი თუ ყველაფერს            დამიჯერებთ.

 

(ქერა ქალი შავ ქალს უჩურჩულებს ისე, რომ მაყურებელსაც ვერ ესმის: მგონი გვაშანტაჟებს).

 

სტუმარი:     ტყუილს ეუბნები, რაში მჭირდება თქვენი დაშანტაჟება, უბრალოდ მინდა, რომ სულ აქ იყოთ.

 

შავი ქალი:   მეტი რა გზა გვაქვს.

 

სტუმარი:     კარგი რა საყვარელო ნუ ჩამოუშვი ცხვირი, აბა რა ვიცოდი ესე თუ გეწყინებოდა, ქმარს ყველა ქალი ღალატობს და სხვებს რატომ უნდა ჩამორჩე? ჩვენ ნახევრად ცხოველები ვართ, ინსტინქტები მნიშვნელოვანი რამეა, სურვილები არ უნდა დათრგუნო. ის უნდა აკეთო რაც გინდა ¬_ ეს ყველაზე სწორი გზაა.

 

ქერა ქალი:   ტყუილია, ჩემი ტანტრა იოგას პედაგოგი მეუბნებოდა ბედნიერება სურვილების დათრგუნვის შედეგად მოდისო.

 

სტუმარი:     და ბედნიერება თავად სურვილი არ არის? არ გსურს, რომ ბედნიერი იყო?

 

ქერა ქალი:   ეჰ ახლა რაღა დროსია...

 

სტუმარი:     ცდები, მაგის დრო ყოველთვის არის და იქნება. ყოველთვის შეგიძლია გახდე ბედნიერი.

 

შავი ქალი:   ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, ისე სიცოცხლეშიც ეგეთი  

                       ვიყავი.. დეპრესიული.

 

ქერა ქალი:   ჩემი ტანტრა იოგას პედაგოგი ამბობდა....

 

სტუმარი:     კაი რა თუ ღმერთი გწამს,. გავკარი მაგ შენს ტანტრა იოგას. ადამიანი სიამოვნებისთვის არის გაჩენილი. გრძნობების დათრგუნვა, სურვილებზე ამაღლება, სუბლიმაცია _ რა სისულელეა! ბოლომდე უნდა ჩაიძირო სიამოვნების მორევში.

 

ქერა ქალი:   ჰო, სწორედ მაგას ამბობდა ჩემი ტანტრას მასწავლებელი და მერე..

 

შავი ქალი:   აკი ჩავიძირეთ და ჩავიხრჩეთ კიდეც, ეჰ ჩვენი საშველი არ იქნება.

 

სტუმარი:     კონტრაქტი მეთქი.

 

შავი ქალი:   ვერ მესმის რა ყველა ქარაგმებით ლაპარაკობთ.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

ან რატომ უნდა ვენდო ადამიანს რომელიც სულ რაღაც ათი წუთია გავიცანი. დავუდო რაღაც კონტრაქტი...ყავაზე და სიგარეტზე დიდი მადლობა, დიდად ვისიამოვნე, მაგრამ......

 

სტუმარი:     მადლობა საჭირო არ არის, რაც შეეხება სიამოვნებას...

 

(სტუმარი ტაშს უკრავს რამდენჯერმე და ირთვება მუსიკა. აკეთებს გარკვეულ მოძრაობებს, რომელთა საშუალებით ქალებს მარიონეტებივით მართავს და დასრულებამდე ტაშით კვლავ აჩერებს მუსიკას).

 

შავი ქალი:   რა ბედნიერებაა რამდენი ხანია არ მიცეკვია..

 

ქერა ქალი:   თითქოს თავიდან დავიბადე.

 

(დაოთხილი, ფორთხვით შემოდის მამაკაცი).

 

მამაკაცი:       თავიდან დაბადება არ გამაგონოთ.

 

სტუმარი:     ასეც ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი..

 

მამაკაცი:       რაღაც ვერ გამოვთვალე, წრე არ გაიხსნა.

 

სტუმარი:     აკი გეუბნებოდი კონტრაქტი მეთქი.

 

მამაკაცი:       თანახმა ვარ, თუმცა მოიცა, პირობები მითხარი. M

 

(სტუმარი მამაკაცს ყურში ჩასჩურჩულებს)

 

მამაკაცი:       არ არსებობს, გამორიცხულია.

 

სტუმარი:     როგორ არ არსებობს, აბა ერთი აქ მოდი. ეს შენი იქნება

 

(ანახვებს ლეპტოპს).

 

მამაკაცი:       კომპიუტერით აპირებ ჩემს მოსყიდვას?

 

სტუმარი:     მოდი ერთი რამე დავაზუსტოთ: მოსყიდვას კი არა, გადარჩენას. არაფერი მაქვს მეთქი შესახვეწი ხომ გითხარი. საერთოდ აქეთ მეძებენ და კონტრაქტის დადებას მთხოვენ ხოლმე.

 

მამაკაცი:       აქედან გასვლა მინდა!

 

სტუმარი:     აი ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი ინტერესები არანაირად არ ემთხვევა. რა გინდა, ადამიანი ხარ და ადამიანურ ენაზე გელაპარაკები, არ მოგწონს?

 

მამაკაცი:       არა, არაფერი არ მინდა ადამიანური, რაღაც სხვა მინდა.

 

სტუმარი:     რატომ, რას უწუნებ ადამიანებს?

 

მამაკაცი:       მათ ყველაფერი აქვთ.

 

სტუმარი:     არაფერი მესმის...

 

მამაკაცი:       დალაი-ლამა გამოაგდეს ტიბეტიდან და იქ მაკდონალდსი გახსნეს...

 

ქერა ქალი:   არ არსებობს!

 

სტუმარი:     არსებობს, მერე...

 

მამაკაცი:                   რა მერე, ადამიანებს აქვთ მერსედესი და ანდესში ხსნიან კოკა-კოლას ქარხანას.. აფრიკაში ბავშვები იხოცებიან შიმშილით და ამ დროს ვიღაც გაბერილი ბიზნესმენი სადღაც, რომელიმე ექვსვარსკვლავიან სასტუმროში ერთ ღამეში სამოცი ათას ევროს იხდის… გესმის? ადამიანი ღორია, მე არ მინახავს ადამიანზე დიდი ღორი...

 

სტუმარი:     რა კრიტიკული ხარ.

 

მამაკაცი:       ვიღაც გადაფრინდება დუბაიდან რომში ანტიკვარული ავეჯის საყიდლად და ამ ინტერვალში ათასობით ადამიანი კვდება დედამიწაზე იმის გამო, რომ წამლის ფული არ ჰქონდათ.

 

სტუმარი:     წამალი ორაზროვანი სიტყვაა!

 

მამაკაცი:                   არ გინდა ეგ სარკაზმი. ადამიანი ადრე ქვით უჩეჩქავდა თავს მეორეს. ახლა ლაზერული იარაღით კლავს. ადრე შუბებს იმარაგებდნენ, ეხლა ბალისტიკურ რაკეტებზე მილიარდობით დოლარი იხარჯება, რამე ხომ უნდა შეიცვალოს...

 

სტუმარი:     შეიცვალოს, მე წინააღმდეგი არ ვარ.

 

მამაკაცი:       ადამიანებს აქვთ ღვინის ოკეანეები, მაგრამ თვითონვე ებრძვიან ალკოჰოლიზმს. ციხეებს აშენებენ და მერე ისეთ სისტემებს ქმნიან რომ...

შენ რა ყველაფერი ფეხებზე არ გკიდია?

 

სტუმარი:     არა, სულაც არ არის მასე. მე ათას რამეს მაბრალებენ, მაგრამ დამიჯერე, ნახევარზე მეტი აქედან ტყუილია.

 

მამაკაცი:       მათ შეურაცხყვეს პროგრესის იდეა...

 

შავი ქალი: გაჩუმდით, გაჩუმდით... აღარ შემიძლია... თქვენ რა ჩემი სიკვდილი გინდათ?

 

ქერა ქალი:   შენ უკვე მკვდარი ხარ ძვირფასო.

 

სტუმარი:     ხედავ? პროგრესი სახეზეა, ბოზოდან ძვირფასოზე გადავიდნენ. ჩემი გამოჩენა

            ადამიანებს აბედნიერებს გამონაკლისის გარეშე.

 

მამაკაცი:       მე ვარ გამონაკლისი.

 

სტუმარი:     შენ დამარცხდი, მაგრამ არ გინდა აღიარო. გასასვლელი არ არსებობს.

 

მამაკაცი:       მაგრამ არსებობს იდეები, ფორმულები.

 

სტუმარი:     ერთ ადგილას გაიკეთე შენი იდეები და ფორმულები. მე ფული მაქვს და ინტერნეტი, როლსროისი და პორშე.

ჰიპერ მარკეტები და ბირთვული შეიარაღება, შენ კი მხოლოდ ცარიელი სიტყვები. მგონი განსხვავება თვალში საცემია.

 

მამაკაცი:       გამაგებინე ვინ ხარ.

 

სტუმარი:     რაც გინდა ის დამიძახე ცალ ფეხზე მკიდია. სინამდვილეში ისიც ცალფეხზე მკიდია წახვალ თუ დარჩები, მე აქ მეგობრები უკვე ვიპოვე, შეუცვლელი არავინ არის ჩემს გარდა.

 

მამაკაცი:       აკი კონტრაქტიო?

 

სტუმარი:     ხომ გითხარი შემეხვეწები მეთქი.

 

მამაკაცი:       თანახმა ვარ!

 

(სტუმარი ჯიბიდან იღებს დოლარის კუპიურებს, მამაკაცს ხელის მოძრაობით სვამს იატაკზე და ზემოდან აყრის ფულს. მამაკაცი იჭერს კუპიურებს, კოცნის და მერე ჯიბეში ილაგებს. როდესა სტუმარი მოსცილდება, ის აგრძელებს ფულის კოცნას და ალერსს).

 

სტუმარი:     არასდროს მინახავს მამაკაცი, ჩხუბად რომ ღირდეს. თქვენ კიდევ ამის გულისთვის ლამის ერთმანეთი დახოცეთ. შეხედეთ, რამოდენიმე მწვანე კუპიურა დაინახა და მთელი თავისი ფორმულები გადაავიწყდა დარწმუნებული ვარ არც საწოლში იქნებოდა დიდი ვეფხვი, თუმცა გონება ნამდვილად უჭრის.

 

შავი ქალი:   არამგონია ფულის გულისთვის დათმობაზე წავიდეს, თქვენ მაგას ჩემსავით არ იცნობთ.

 

ქერა ქალი:   გეგონოს, მე ვფიქრობ, რომ შენ არ იცნობ კარგად, თუმცა გეთანხმები ფულზე არასოდეს გაიყიდება.

 

შავი ქალი:   შენგან განსხვავებით.

 

ქერა ქალი:   დეგენერატო!

 

სტუმარი:     არ მომწონს თქვენი საუბარი.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

ამ წუთას გითხარით, არცერთი მამაკაცი არ ღირს სამყაროში იმად, რომ თქვენ იჩხუბოთ.

 

ქერა ქალი:   გარდა ჩემი შინაგანი მამაკაცისა.

 

სტუმარი:     კარგი, მასე იყოს. მითხარით რა გჭირდებათ რომ უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი.

შავი ქალი:   მე მაგალითად, სანამ ბედნიერების შენეულ რეცეპტს გავეცნობოდე, ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, სად ვართ და რამდენ ხანს ვიქნებით აქ.

 

სტუმარი:     კონკრეტიკა. ყველაზე მეტად კონკრეტიკა მძულს. დაანებე თავი ამ რეფლექსიებს. რა საჭიროა სახელის დარქმევა.

 

ქერა ქალი:   ჯოჯოხეთში ვართ ხომ? არ დამიმალო გეხვეწები.

 

სტუმარი:                 სახელებს რა მნიშვნელობა აქვს შვილო. თუ არ მოგწონს, ესე იგი ჯოჯოხეთია. თუ ხო _ ესე იგი სამოთხე.

დამიჯერე, ზუსტად ვიცი, სინამდვილეში არც ერთი არსებობს და არც მეორე.

 

შავი ქალი:   ძალიან ფილოსოფიურად კი მსჯელობ, მაგრამ შენს ლოგიკას ცოტა სიმტკიცე აკლია. მე რელიგიურ ოჯახში გავიზარდე. ეგეთ ტყუილს ეგრე ადვილად ვერ გადავყლაპავ.

 

სტუმარი:     მერედა ვინ გთხოვს საყვარელო, გადაყლაპეო. ვგიჟდები ეჭვიან ადამიანებზე.  საერთოდ ეჭვიან ადამიანებში უფრო იოლად ვიბუდებ ხოლმე.

 

ქერა ქალი:   რაო?

 

სტუმარი:     არაფერი, ჩაიარა. კიდევ ერთ ყავას დალევთ?

 

შავი ქალი:   ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭკვიან ქალად გინდა მოგვაჩვენო თავი.

 

სტუმარი:     მერე? გამომდის რამე?

 

ქერა ქალი:   ჩემი აზრით, არც ისეთი ჭკვიანი ხარ...

 

სტუმარი:     რომ...

 

ქერა ქალი:   რომ მაგალითად ამიხსნა, რა ემართება ადამიანის სულს სიკვდილის შემდეგ. არ დაგიმალავ და პირადი ინტერესები მალაპარაკებს.

 

სტუმარი:     რა სისულელეა, ღმერთმა დამიფაროს. ეგეთი ამბიცია არც მქონია, რომ ამის ახსნა შევძლო.

 

შავი ქალი:   ანუ, არც ისეთი მაგარი ხარ, როგორადაც მოგაქვს თავი.

 

ქერა ქალი:   ის მაინც მითხარი, თავიდან დავიბადები?

 

სტუმარი:     დავუშვათ კი ან არა.

რაში გაინტერესებს, იქ არ იყავი? რას აკეთებდი მთელი ცხოვრება სისულელეების მეტს. თავიდან დაიბადები და თავიდან დაიწყებ სისულელეების კეთებას.

 

შავი ქალი:   არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო.

 

სტუმარი:     შენზედაც ვრცელდება ეგ მოსაზრება.

 

შავი ქალი:   ასე მგონია ჩვენს კითხვებს მოხერხებულად არიდებ თავს. ფაქტია, ძალიან ბევრი იცი, რაღაც განსაკუთრებულ ცოდნას ფლობ.

 

სტუმარი:                 განსაკუთრებული ცოდნა საშინელი ნაკლია შვილო. ადამიანი რაღაცნაირად მეტისმეტად შორს მიჰყავს. ისე შორს, რომ იმას ახსნა-განმარტების მიცემა აღარ შეუძლია.

 

შავი ქალი:   ესე იგი შენ პასიურ პოზიციას იკავებ. შენი აზრები რომ ვინმეს გაუზიარო ეს სირცხვილია? ხომ შეგიძლია გვითხრა როგორ მოვიქცეთ, აქ ყოფნა უკვე აღარ შემიძლია. შენი კონტრაქტი რას გულისხმობს?

 

სტუმარი:     მე ხომ უკვე გითხარი ჩემი პირობები.

 

შავი ქალი:   მაშინ იმას რა დაემართა?

 

სტუმარი:     მე რომ განზრახული მქონოდა მისიონერი ან მაცხოვარი გავმხდარიყავი ეშმაკობას ვიხმარდი და ყველას ერთნაირ კონტრაქტს დაგიდებდით.

მაგრამ დამიჯერე, ეს მხოლოდ თქვენ დაგაზარალებდათ. ამიტომაც გეუბნები საყვარელო, ზუსტად ვიცი მეთქი რასაც ვაკეთებ. ვერ დავმალავ, ძალიან შემაყვარეთ თავი. არც კი ვიცი რას გავაკეთებდი უთქვენოდ.

 

შავი ქალი:   რა დაგემართა ძვირფასო?

 

მამაკაცი:       ფული, ძალიან ბევრი ფული მაქვს!

 

შავი ქალი:   კარგი რა, ნუ მაშინებ.  შენ ასეთი არ იყავი, ფული არასდროს გაინტერესებდა.

 

მამაკაცი:                   როგორ არა ფული მჭირდება... ოჰაიოში მიწის ნაკვეთს ვიყიდი. ფერმერობას დავიწყებ, ავად თუ გავხდები დუბაიდან ჩამოვიყვან ექიმს ჩემი იაგუარით.

ბევრი შვილები მეყოლება ეკლესიაში ვივლი ან ქიმიურ ლაბორატორიას გავხსნი ლონდონში. ნოთიგნჰილზე. მარწყვის მდელოები მექნება და დიდი ხის აუზი, თეთრი ცხენები, კატები, როლსროისი...

 

შავი ქალი:   ნუ მაშინებ!

 

მამაკაცი:       ნუ გეშინია, ეგვიპტელებისაგან აბებს ვიყიდით, ტრანკვილიზატორებს, ანტიდესპირანტებს, დედამიწას ვაშლივით დავაპატარავებთ და მოვკბეჩთ ხოლმე დილით უზმოზე...

 

შავი ქალი: გაჩუმდი გთხოვ.

 

მამაკაცი:       ჰო, არ დამივიწყო... მე რელიგია ვარ... მეცნიერება ჩემი სხეულია.

 

შავი ქალი:   რა გაუკეთე ნაბიჭვარო!

 

სტუმარი:     თავის არჩევანი ეგ იყო.

 

შავი ქალი:   რა არჩევანი?

 

სტუმარი:     მითხრა კონტრაქტზე თანახმა ვარო.

 

შავი ქალი:   მერე?

 

სტუმარი:     მე ჩემი პირობები ვუთხარი, ბევრი არჩევანი არც გვქონია: ან წრეში დარჩენა, ან სიგიჟე. სიგიჟე აირჩია.

 

შავი ქალი:   მერე დამპალო, რაღაში სჭირდება შენი კონტრაქტი და ფული, თუკი გაგიჟდა.

 

სტუმარი:     აი ეგ მეც მაინტერესებს. ეშმაკმა დალახვროს, რა სულელები ვართ ეს ადამიანები.

 

ქერა ქალი:   მეშინია...

 

სტუმარი:     ნურაფრის გეშინია, შენ არასდროს გაგიჟდები.

 

ქერა ქალი:   ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, მეშინია, მაგრამ არ ვიცი რისი...

 

სტუმარი:     ნუ ჩაუღრმავდები, ადექი და იცეკვე.

მერე კონტრაქტი გავაფორმოთ. პირობები იგივე იქნება რაც გითხარი. არჩევანს ცეკვის დროს გააკეთებ. მე ბევრი დრო არ მაქვს.

 

ქერა ქალი:   დარჩენა რომ ავირჩიო რა აზრი აქვს? გასასვლელი მაინც არ არის... არადა, ეს მეორე...

 

სტუმარი:     გულახდილად გეტყვი ორივეს ერთი და იგივე ფასი აქვს ჩემს თვალში – ძალიან იაფი ფასი.

მრგვალი სამკუთხედი (მისტიფიკაცია)

ფაქტიურად თხის ცურცლზე უფრო იაფი.

 

შავი ქალი:   მესამე გზა არ არის?

 

სტუმარი:     კი, როგორ არა. ჩემთან ერთად წამოსვლა.

 

შავი ქალი:   სად?

 

სტუმარი:     ჯანდაბაში!!! ღმერთო ჩემო, რა მატრაკვეცა ხარ! არ შეგიძლია უბრალოდ ხელი ჩამჭიდო და გამომყვე? როგორ მატყობ ეხლა მე ცუდ ადგილას მივდივარ?

 

შავი ქალი:   არა, მაგრამ შენი მეშინია.

არ ვიცი ვინ ხარ. სად მიდიხარ, არაფერი არ ვიცი. თითქოს რაღაც შეცვალე ჩემში.

 

სტუმარი:                 მე კი არ შევცვალე შენში რამე, ჩემი მოკლე ჭკუით ალბათ ის ინდივიდუალური განცდების სინგულარული კუთხე შეიცვალა საიდანაც აქამდე იყურებოდი.

 

შავი ქალი:   რა?

 

სტუმარი:     წვეტიანი ქვა. მე წავედი. ისედაც ბევრი ვიყბედე. არადა რისთვის? შავი ისევ შავად დარჩა და თეთრი თეთრად. ორჯერ ორი კი ისევ ოთხია.

მოკლედ მეჩქარება, წავედი. გამორიცხული არაა ისევ შემოგიაროთ როდისმე. თუმცა, ვინ იცის...

 

შავი ქალი:   მოიცა, შენთან ერთად მოვდივარ.

 

სტუმარი:     მოდი დედიკოსთან, პატალა...

 

(სტუმარი და შავი ქალი ტოვებენ სცენას)

 

ქერა ქალი:   შენზე თქვა გაგიჟდაო.

 

მამაკაცი:       ვიცი, ეგ სისულელეა. თავი მოვიგიჟიანე, დამიჯერე, ეგრე იყო საჭირო.

 

ქერა ქალი:   მოიგიჟიანე? დოლარებს რომ ლოშნიდი?

 

მამაკაცი:       სპეციალურად ვაკეთებდი ასე. უნდა წავიდეთ.

 

ქერა ქალი:   ღმერთო ჩემო, სად უნდა წავიდეთ? დავიღალე, სიკვდილი მინდა.

 

მამაკაცი:       ეხლა გამაგრდი. აღარ გაიმეორო ეგ სიტყვები არასდროს, გესმის?

 

ქერა ქალი:   აბა წეღან რატომ მობრუნდი უკან?

 

მამაკაცი:       წეღან წრე ვერ გავხსენი, რაღაც ვერ გამოვთვალე.

 

ქერა ქალი:   შენი ცოლი მას გაჰყვა.

 

მამაკაცი:       არ მაინტერესებს. წამოდი მეთქი, უნდა ვიჩქროთ.

 

ქერა ქალი:   შენ არაფერი შეგიძლია, თავი დამანებე...

 

მამაკაცი:       გაჩუმდი, ვიცი როგორც უნდა გავიდეთ აქედნ.

გამომყევი.

 

ქერა ქალი:   ის კიდევ დაბრუნდება!

 

მამაკაცი:       ვინ ის?

 

ქერა ქალი: მთლიანობა ილუზიაა... ვინც ასე ფიქრობს არასწორი რაპორტის შედეგად... მე მზე მიყვარს. ხელისგულებს ვუშვერ მზეს... ხელისგულები მღერიან და მადლობას მიხდიან... მეც მინდა თეთრი ცხენი, ლამაზი ქორწილი გედებიანი ტორტით და მსუქანი მუსიკოსებით...

 

მამაკაცი:       გაჩუმდი, რეებს ლაპარაკობ!

 

ქერა ქალი: დარწმუნებული ვარ, რომ როდესღაც ქვა ვიყავი. ქალი გააგდე ჩემიდან და ჩემში ხარ.

სიკვდილი ცოტათი დაძაბული და მცირე გრძნობითი ღირებულების მქონე რაღაცაა. მაგას ადვილად გაუმკლავდებით ავტომატებით...

 

მამაკაცი:       რა დაგემართა გამაგებინე...

 

ქერა ქალი: რა კარგი კონტრაქტი იყო, წარმომიდგენია როგორ დავდებ ცხელ ლავაშზე და ზემოდან წითელ ტკაცუნა ხიზილალას წავუსვამ... რომელიც სრულიად განსაზღვრული საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

მამაკაცი:       რატო დაუდე კონტრაქტი, რატო? ცოტა ეშმაკობა ხომ უნდა გეხმარა, ნუთუ ვერ მიხვდი ვერაფერს. მე მივდივარ უკანასკნელად გეკითხები _ წამოხვალ ჩემთან?

 

ქერა ქალი:   უბრალოდ სთქმელს შუაზე გაწყვეტინებენ. ძალიან მინდა დავიძინო პიზის კოშკზე. მარტო იმიტომ კი არა ოდნავ დახრილი რომაა, რაღაცნაირად საყვარელია... თევზები, თევზები მიყვარს...

 

მამაკაცი:       მშვიდობით!..

 

(მამაკაცი ტოვებს სცენას).

 

ქერა ქალი:   ამას ჰგონია თავის მოგიჟიანება მხოლოდ თვითონ შეუძლია! მუსიკა.

(მუსიკის ხმა არ ისმის). მუსიკა მეთქი (კიდევ არ ისმის. უეცრად სახე გაუნათდება, წამოიძახებს: ააა და ტაშს შემოკრავს სამჯერ. მუსიკა ირთვება. სცენაზე ისადგურებს აბსოლუტური სიბნელე).

 

 

(დასასრული)

           

           

            

.