(თვით)მკვლელი ანგელოზი
(თვით)მკვლელი ანგელოზი
დღეს გაორების სადავეებს ჩემკენ მოვზიდავ,
ხვალ ტკივილამდე მომბეზრდება თქვენი ატანა,
ზეგ შეიშლება ჩემში უტყვი ანგელოზი და
ბასრი მახვილით გადაუხსნის ვენებს სატანას!
როცა დრო მოვა, მომავალთან გაუნდობელი,
მე უკუვაგდებ გატაცებებს ცეცხლთან თამაშზე,
შენ - წვიმასავით სასტიკი და დაუნდობელი
მოხვალ ჩემთან და თვითმკვლელობას შემომთავაზებ...
ჩამჭიდებ ხელს და გადმოვხედავთ ცხოვრებას მტრულად,
მერე გავიძრობთ ხელთათმანებს, სახეში ვესვრით,
ცივსისხლიანი გადასერავს საფეთქლებს ლულა,
მოწამლავს კისრის არტერიებს ტყვიების გესლი...
შენ მოხვედი და თვითმკვლელობა შემომთავაზე,
უკუნეთამდე დაამძიმებს ღამეს ცოდვები,
სასწრაფოდ სულის ყველა ღია კარი ჩარაზე,
გვირაბის ბოლოს ნათელს ნუღარ დაველოდებით...
. . .
. . . . . . .
. . . . . . .
. . . . . . .
. . . . . . .
. . .
და მაინც მჯერა სადავეებს ჩვენკენ მოვზიდავთ,
და რომ სიცოცხლის უსასრულოდ შევძლებთ ატანას,
რომ შეიშლება ჩვენში მშვიდი ანგელოზი და
ბასრი მახვილით გადაუხსნის ვენებს სატანას...
.