Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
რომანი
კალეიდოსკოპი


კალეიდოსკოპი

 



სულ რაღაც ორი საათი იყო დარჩენილი...

ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში მეჭირა, ხელი მიკანკალებდა, თუ მთლიანად ვკანკალებდი, არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ არ ვიცოდი საიდან დამეწყო... ჯერ სააბაზანოში შევედი და შხაპი გადავივლე. მერე ხალათი მოვიცვი და სარკესთან დავჯექი. ჩემი სახე რომ დავინახე, შიშის გრძნობამ შემიპყრო... ფერი მქონდა ოდნავ შეცვლილი, წარბები არეული, ტუჩები ერთმანეთზე შეწებებული. ვნერვიულობდი...


მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს მთელი ჩვიდმეტი წელი ველოდი, ვგეგმავდი, ვოცნებობდი _ ამ წუთას არაფრის თავი არ მქონდა. მთელი ჩემი ენერგია თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ შთანთქა და ასე დაცლილი დამტოვა... ალბათ ესეც ჩემს გამოსაცდელად ხდებოდა, ალბათ ახლა დადგა ის დღე, როდესაც ხუთიანი უნდა მიმეღო (ახალი სტანდარტებით ათიანი). მაგრამ, როგორც ყველა გამოცდის წინ, ახლაც მინდა აქაურმა ცივმა და აუტანელმა ქარმა დამიბეროს და ამ ოთახიდან სადმე შორს გამაქროლოს...
გარეთ ცივა, ქარია და მგონი თოვს, თუ წვიმს. აქედან კარგად არ ჩანს. ვიცი, რომ მზე არ ანათებს.

ამ ქალაქში ნეტავ ოდესმე თუ ანათებს მზე? რა ძნელია ასეთ ცივ და მიუკარებელ ბუნებასთან შეთვისება... სულ რაღაც საათი და ორმოცი წუთი დამრჩა. ნუთუ შიში მომერევა და უკან დავიხევ? რა სისულელეებზე ვფიქრობ... რა თქმა უნდა ავალ, აქვე, მეათე სართულზე ბარია, იქაც იგივე ხედია, რაც, ჩემი ოთახიდან, იგივე მდინარე ჩანს, უცნაურად ნაცრისფერი, ისეთი მიუწვდომელი მდინარე, გეგონება ამ ქალაქში საერთოდ არც მოედინება... ხიდამდე ამოსული, მდორე წყალი, მდინარე, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, რაც ამ გაყინულ ქალაქს. სად არის ჩემი კაბა? ახლა ის ვიცი დანამდვილებით, რომ კაბა უნდა ჩავიცვა და ლამაზი ვიყო, ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს ვყოფილვარ, ისეთი _ როგორსაც ამდენი წელი ვგეგმავდი. და ვიქნები კიდეც! ეს დღე ყველაზე ლამაზი იქნება ჩემს ცხოვრებაში, ის სამუდამოდ შემცვლის, შეცვლის ჩემს ყოველდღიურობას, ჩემს ბედს...


კაბა ჩავიცვი, ფეხსაცმელი შევუხამე, თმა ჩამოვიშალე და ისევ სარკესთან დავჯექი... სახეზე თითქოს იმაზე მეტი ნაოჭი აღმოვაჩინე, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე მქონდა. წვრილი, ნაზი ხაზები, რომლებიც ნაზად და შეპარვით, შენს განვლილ ცხოვრებას გახსენებენ.
ნეტავ თვითონ როგორ ემზადება? ალბათ ჩემსავით შხაპი გადაივლო, კარადასთან დგას და ფიქრობს რა ჩაიცვას. ვიცი, უნდა თავი მომაწონოს, არადა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება, მთავარია, რომ იმავე ჰაერით სუნთქავს, რომლითაც მე, იმავე ცას უყურებს, რომელსაც მე... და ალბათ მის სახლთანაც ეს ცივი მდინარე მიედინება. მისთვისაც ჩვიდმეტი წელია გასული, და ახლა ჩემთან წამოსასვლელად ემზადება.


წამწამებზე ტუში წავისვი, სულ ეს იყო ჩემი მაკიაჟი. ტუჩები ისევ დაწებებული მქონდა, წყალი მოვსვი, სიგარეტი არ მქონდა, ქვემოთ ჩასვლას ვეღარ მოვასწრებდი, უკვე ერთი საათი იყო დარჩენილი.
 საწოლზე მივწექი, ვიცოდი კაბა დამეჭმუჭნებოდა, მაგრამ არ მენაღვლებოდა, ტანსაცმელს ვერაფრით გავიხდიდი. ნეტავ რისი ბრალი იყო, ასე რომ დავმძიმდი, დავიქანცე და გულზე ლოდი დამაწვა.
  საწოლიდან წამოვდექი და გონზე მოსასვლელად, აივანზე გავედი. არაფერი ჩანდა, შიგადაშიგ ვარსკვლავებიც იყო, მთვარეც, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი სტატიკაში ჩაყინულიყო, შემოძარცვული ხეები აქა-იქ ირხეოდა, თვალები დავხუჭე და კედელს მივეყრდენი, ათასნაირი აზრები მიტრიალებდა. თავი ისევ თვითმფრინავში მეგონა, გუშინდელი დილა მახსენდებოდა, _ როგორ მეშინოდა დაფრენის, სრულიად უცხო ქალაქში, სადაც ფეხი არასოდეს დამიდგამს.

მახსოვს, აეროპორტშივე მივხვდი, რომ ეს ცივი და უკიდეგანო ქალაქი, ჩემი არ იყო. სანამ სასტუმროში მივიდოდი, ტაქსის ფანჯრიდან რისი დანახვაც მოვასწარი, იმან დამარწმუნა, რომ სრულიად უცხო გარემოში მოვხვდი. სიცივე ამ ქალაქში ყველგან და ყველაფერში აღწევდა და შინაგანად გაყინულს და შეშინებულს, კიდევ უფრო მეტად მაგრძნობინებდა უცხოობას.
დღისით ვისეირნე კიდეც, მაგრამ ამ ქალაქის მიმართ განწყობა არ შემცვლია, ისევ ისე არ მომწონს, როგორც გუშინ დილას, აეროპორტიდან რომ მოვდიოდი. არ ჰგავს არც ერთ ჩემს საყვარელ ქალაქს, არც რომს, არც მადრიდს, თითქოს ნიუ-იორკს ჰგავს რაღაცით, ალბათ სიდიდით, ან დაკარგულობის შეგრძნებით, რომელიც თავიდანვე გეუფლება ნიუ-იორკში ჩასულს, მაგრამ მალევე ეჩვევი, და ისე გიყვარდება, როგორც ის ქალაქი, სადაც დაიბადე და გაიზარდე.  
დავიკარგე, გავიყინე, სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ყველგან თბილი და ოქროსფერი მზე ანათებს. გუშინ დილას რომ ჩამოვფრინდი, ცრიდა და ცივი ქარი ქროდა, ამ სიცივეში იყო რაღაც შეურაცხმყოფელი, რაღაც ძალიან შორეული და უცხო...

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოდურ კაფეშიც შევედი, მარტო, დიდხანს ვერც იქ გავჩერდი. სახლში გაყინული დავბრუნდი. იქამდე სანამ დავრეკავდი, დრო ვერაფრით გავიყვანე. დიდხანს ვფიქრობდი ჩემს თავზე, როგორ უნდა მეცხოვრა ამ უზარმაზარ, უცხო ქალაქში, პასუხი არ ჩანდა, ამაზე ფიქრიც კი მზარავდა. როგორ აღმოვჩნდით ასეთი განსხვავებული ადამიანები? როგორ გაძლო ამ უკიდეგანო და უსაზღვროდ გაყინულ, ნაცრისფერ ქალაქში? კითხვები არ მასვენებდა, ამიტომაც ავდექი და მისი ნომერი ავკრიფე...
– ალო, მე ვარ – სულ ეს იყო რისი თქმაც მოვახერხე.
– ჰო, გისმენ, ჩამოხვედი? აქა ხარ?
– ჰო, ჩამოვედი, და აქა ვარ, სასტუმრო „ჰაიათში“.
– მერე, როგორა ხარ? ხომ კარგადაა ყველაფერი?
– კი, თითქოს ყველაფერი კარგადაა! შენ როდის მოხვალ?
– სად?
– სასტუმროში.
– ექვსისთვის შევხვდეთ.  
– აქ ამოხვალ, ჩემს ოთახში?
– არა, მოდი ექვსზე ზემოთ ბარში ამოვალ, მეათე სართულზე.
– კარგი, გელოდები – ტელეფონი გაითიშა, – საყვარელო...

ჩავილაპარაკე ჩემთვის.
ვიგრძენი, რომ აივანზე გავითოშე. უცებ გამოვფხიზლდი, სულ ვკანკალებდი, ქარმა ყურები მომიყინა, ფიქრებმა შორს წამიღო და ვერ მივხვდი, როგორ გავიდა დრო. ოთახში რომ შემოვბრუნდი, უკვე ექვსს ათი წუთი აკლდა...


 
ბავშვობა

 
  ბავშვობაზე როცა ვფიქრობ, ვიძაბები ხოლმე... თითქოს, არც მახსოვს ვიყავი თუ არა ოდესმე ბავშვი? რაც მეტს ვფიქრობ, უფრო მეეჭვება, იყო კი ოდესმე? ყველაზე ხანმოკლე ეტაპი (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) გრძელ სიზმარში, თავისი პერსონაჟებით, ადგილებით. ბავშვობა, ჩემი ყველაზე ადრეული მოგონებაა, ალბათ მანამდეც იყო რაღაც, არ შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ ეგ უკვე აღარ მახსოვს, იმის ნიჭი არავის მისცა ღმერთმა, იქამდე რაც იყო _ ის ახსოვდეს. ბავშვობა რომ სიზმარი იყო, მაგას ბევრი ფიქრი არ უნდა, – დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ბაბუა ნანახი მყავს.

კალეიდოსკოპი

ორი წლის ვყოფილვარ, რომ გარდაიცვალა, არადა,სიზმარივით, ერთი კადრი მიტრიალებს თვალწინ, როცა ბაბუას სახელს ახსენებენ – მე ვწევარ ბადეებიან საწოლში, (პატარა რომ ვიყავი, ბადეებით შემოფარგლული ნიკელის საწოლი მქონდა), წინ ბაბუა მიზის, ხელში ჩემი ყვითელი „დონალდი“ უჭირავს, _ ხან მომაწვდის _ ხან წამართმევს და, ისევ მომაწვდის. ამას ვყვები და ყველას ეცინება – `ბაბუ რომ ცოცხალი იყო, მაშინ არც „დონალდი“ გყავდა და არც ბადეებიანი საწოლი გქონდაო. ბაბუ რომ გარდაიცვალა, მერე გაჩუქეს ყვითელი „დონალდი“ და ნიკელის საწოლშიც მერე იწექი, ქეთუნა (ჩემი დეიდაშვილი), რომ გაიზარდა და შიგნით ვეღარ ეტეოდაო!” არადა, ბაბუ ნანახი მყავს, ყავისფერ-თეთრ ზოლიან პიჟამოში, მიზის გვერდში და „დონალდით“ მეთამაშება. რაც უნდა თქვან, მე მაინც ვიცნობდი ბაბუას.
  თავიდანვე ვთქვი, ვიძაბები ბავშვობას რომ ვიხსენებ-მეთქი, – კიდევ ერთი კადრი მაქვს პატარაობიდან ჩაბეჭდილი გონებაში და ვერაფრით ამომიშლია. ვითომ, მე და ჩემი ნათლიის შვილი, არწივით დავფრინავდით ჩემი ქუჩის თავზე, ხან ტრამვაის ჩავუფრინეთ, ხან დიდი ალვის ხის კენწეროს, ბოლოს კი მთაწმინდაზე, მოედანზე დავეშვით, არწივიდან გადმოვხტი და ბებოსთან ჩავირბინე. მივრბოდი და თან ვყვიროდი, – ბებოოოო, არწივზე ვიჯექით მე და გიაააა! – ამ კადრის შესახებ არავისთვის მომიყოლია, მაგრამ ოდესღაც, ნამდვილად იყო.

გიას `კლეჩატი” პერანგი და `ვრანგლერები” ეცვა. ამ კადრს არ ვყვებოდი სახლში, ვიცოდი გიჟად ჩამთვლიდნენ, და ალბათ მართალნიც იქნებოდნენ. ეს სურათები ჩემს გონებაში, ფილმივით ჩაბეჭდილია და ყველაფერი, სწორედ იქიდან დაიწყო, საიდანაც ეს კადრები მოდის. პატარა იტალიური ეზოდან, ბებიას სახლიდან, რომელიც მთაწმინდის, ერთ-ერთი ვიწრო ქუჩის ბოლოს იდგა...  
 პატარა რომ ვიყავი, დედამ თავთან, სამი პაწია ოქროსფერი ანგელოზი დამიკიდა, დღემდე თან დამყავს ჩემი ანგელოზები, ბავშვობაში, თუ რომელიმე ჩემი სურვილი ამისრულდებოდა _ ანგელოზები მეხმარებოდნენ, ბავშვურად ვთხოვდი, ღამით ჯადოსნურ სურვილებს ვეჩურჩულებოდი _ ჩემი ბავშვური ღამეების ანგელოზებს...
 ბებომ ბაღში არ მიმიყვანა. სახლში თვითონ იყო ჩემი ბაღის მასწავლებელი.

დილიდან ღამემდე ბებო იყო ჩემი ერთადერთი და განუყრელი მეგობარი, იქამდე, სანამ...
 ერთხელ მამამ უზარმაზარი შუშის ქილა მოიტანა და დიდ ოთახში ფანჯრის რაფაზე დადგა. შიგნით სხვადასხვა ფერის ქვები ჩაალაგა და პატარა კენჭები ჩაყარა. მერე კი, რაღაც მილი და ცელოფანის პარკში მოცურავე ხუთი თევზი ჩაუშვა – ორი ოქროსფერი და სამი წითელი. მათთვის საჭმელიც დამიტოვა, დამიბარა, _ დღეში სამჯერ აჭამე, მიიჩვიე და გიყვარდესო! – თევზების პატრონს სხვა ყველაფერი დამავიწყდა. ჩემი პატარა გონება და დიდი დრო მთლიანად თევზებმა მოიცვა. თევზებს შუშის გარედან ვეფერებოდი, პატარა თითებს აკვარიუმს ვაყოლებდი და რაღაცეებს ველაპარაკებოდი.

დილას გაღვიძებაც მაგიტომ მიხაროდა – ვიცოდი, თევზები მიყვარდა, იმათაც ვუყვარდი და მელოდნენ...
 ერთ დილას გავიღვიძე, ბებო თავთან მეჯდა, მითხრა მამამ თევზები უკან წაიყვანაო. დიდ ოთახში გამოვვარდი, ფანჯარა ცარიელი იყო, აღარც აკვარიუმი, აღარც თევზები... დღემდე არ ვიცი, რატომ გამიქრო მამამ თავისი მოყვანილი თევზები, არც არასოდეს მიკითხავს... ბებოს ჩავეხუტე და სლუკუნი დავიწყე... მერე დედამ და მამამ პარკში წამიყვანეს სასეირნოდ, თითქოს გულის გადასაყოლებლად. სახლში დაბრუნებულმა კი უარესად მოვიწყინე, თავი მარტო ვიგრძენი...

თოჯინას ვახვევდი, ბებო ვერ შევნიშნე და ასე, უეცრად, ჯუღუს ვთხოვე, თოჯინა დაეჭირა.მანაც ხელი გამომიწოდა, გამომართვა და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა...
_ ჯუღუ, დაიკავე პატარა გოგო, მე ჰამაკს გავჭიმავ და ჩავაწვინოთ – ვეუბნები ჯუღუს.
ჯუღუც ანგელოზებს ვთხოვე, მარტო ვიყავი, და... გამიჩინეს... ჯუღუ ბებოს და თევზების შემდეგ, ჩემი პირველი მეგობარი იყო, სადამდეც მიწვდებოდა ჩემი გონება, იქამდე ვფანტაზიორობდი.  
_ ბავშვი ტირის, მოდი აქ, სად დადიხარ, გამაგიჟებ შენ, – მეუბნება ჯუღუ.
_ ჯუღუ, წამოდი ყვავილები დავკრიფოთ, ჯუღუ, წამოდი ციგებით ვისრიალოთ, ჯუღუ, მოდი ბურატინოს ვუყუროთ ერთად, გამოგიშვებენ? ბებომ ვაშლის `პეროგი” გამოგვიცხო.
_ დღეს წვიმს, ალბათ არ გამომიშვებენ!
 ასე გადიოდა დღეები და ალბათ თვეებიც, ჯუღუს გვერდიდან არ ვიშორებდი, მასაც ახარებდა ჩემთან მეგობრობა. მისთვისაც ხომ მე ვიყავი პირველი მეგობარი.  
 ერთხელ, ჯუღუსთან ერთად სამზარეულოში შევიპარე, და უფროსების ლაპარაკს მივაყურადე.

ანერვიულებული ბებო, დედაჩემის მეგობარს ეუბნებოდა:
_ ძალიან მადარდებს ბავშვი, სულელივით სულ თავისთვის ლაპარაკობს, ხელგაშვერილი დადის, თითქოს ვიღაცაზე უკიდია ხელი. ღამე ძილის წინ საწოლთან ჩამოჯდება და უმღერის ვიღაცას _ `დაიძინე, ჩემო პატარა ჯუღუ-ო”, ჯუღუ-ჯუღუ, გადამრია უკვე.
_ იქნებ ექიმთან წავიყვანოთ, ფსიქოლოგთან, რას იტყვი? – ჩაერია საუბარში ჩემი ნათლია.
_ ჩემი გოგო, ჯანმრთელი ბავშვია, ჯუღუ მოიგონა, ალბათ მარტო გრძნობდა თავს, გაუვლის, არაფერია, – თქვა დედამ, გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. იცოდა, რომ იქ ვიყავი. ჯუღუს გავხედე, თვალებში ცრემლები დაგუბებოდა. ხელი მოვუჭირე და გავამხნევე – `უფროსებს ყურს ნუ უგდებ, ჩვენი არ ესმით-მეთქი”, მაგრამ ჯუღუ ძალიან მოწყენილი ჩანდა, ვერაფრით მოვახერხე მისი შემორიგება...

 
 მალე სკოლაში შევდიოდი, ვიცოდი, ჯუღუსაც უნდა დაეწყო სწავლა, მერე ერთმანეთს ისე ხშირად ვეღარ შევხვდებოდით. მეორე დილას, ჯუღუ რომ მოვიდა, ბებოს გამომცხვარი ნამცხვრით გავუმასპინძლდი, არ ჭამა (როგორც ყოველთვის, ნამცხვარი, ამ დღესაც ხელუხლებლად იდო ჯუღუს თეფშზე), წვიმდა... გარეთ ცუდი ამინდი იყო, მივხვდი, რომ ჯუღუ მალე უნდა წასულიყო სადღაც, ჩემგან შორს, მე თვითონ უნდა გამეშვა. ჯუღუ `გორკაზე” წავიყვანე, ხელი მეკიდა, მე, ბებო და ჯუღუ მივდიოდით, როცა მივედით, ბებოს გავენთავისუფლე, მოშორებით, კუთხის სკამზე ჩამოვჯექი და დავიწყე:
_ ჯუღუ, ჩვენ ერთად ვეღარ ვითამაშებთ, ვეღარც „გორკაზე“ ამოვალთ ერთად... უნდა წახვიდე...  
_ ვიცი, აღარ მოვალ შენთან, შენ კი, თუ მოგენატრები, იცოდე _ მე შენი მფარველი ანგელოზი ვიქნები ყოველთვის, და სულ გიყურებ ...  
_ არ გამებუტები?
_ არა, მოდი ჩაგეხუტო, წადი, ბებო გელოდება, მე კი აქ დავრჩები და მერე წავალ...

ბედნიერი იყავი...
 დავინახე როგორ მიდიოდა ჯუღუ, წვიმაში მარტო... ბებოს თავი კალთაში ჩავუდე და გავიბუტე. სახლში რომ მივედი სიცხე მქონდა, ბებომ დედას და მამას დაურეკა, დედას მოვუყევი ჯუღუსთან განშორების ამბავი და ცოტა შემიმსუბუქდა ტკივილი.

კალეიდოსკოპი

კარგად რომ გავხდი, აბასთუმანში წავედით, იქ ბევრი ბავშვები იყვნენ, ერთად ვთამაშობდით და ჯუღუც მივივიწყე... ისე მივივიწყე, როგორც დიდი გოგო ივიწყებს ტკბილ სიყვარულს _ მაშინვე, როცა ახალი ტკბილი სიყვარული მოდის. ახლა ვხვდები, ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ ჯუღუსთან განსაშორებლად დიდი ქალივით წავედი, ისიც კი მახსოვს რამდენი ხანი ვტრიალებდი სარკის წინ, მინდოდა ჯუღუს მოვწონებოდი და ისე წასულიყო, _ ჩემზე მეტად დასწყვეტოდა გული ჩვენი განშორების გამო...

ყველა გოგო ბავშვობიდანვე პატარა ქალად იბადება, პატარა ამბები კი დიდ ამბებად იქცევა, ჯუღუსნაირ მეგობარს, მეზობლის ბიჭი ცვლის, მეზობელს_ კლასელი, კლასელს_ უფროსკლასელი და ასე, როგორც რუსები იტყვიან, `пошло - поехало!” მერე კი, ყველაფერი მეორდება, ცხოვრების ყველა ეტაპი ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ ადამიანები, ადგილები, და ხანდახან მუსიკა იცვლება... დანარჩენი კი ბრუნავს... ყველაზე საინტერესო ურთიერთობები, რომლებიც არასოდეს მთავრდება!
 აბასთუმნიდან დავბრუნდი, მანქანიდან გადმოვფრინდი და მახსოვს, ბებოსთან ჩასახუტებლად გავიქეცი, მაგრამ ჩემს ჩიხში, დათვივით უზარმაზარი ძაღლი დამხვდა, ისე შემეშინდა, იქვე, კედელთან, გავშეშდი.
_ ნუ გეშინია, _ გამოდი აქეთ, შე მსუქანო შენა, გამოიწიე, გაატარე პატარა გოგო, შეაშინე არა? მოდი, აქედან გაიარე, – მომმართა ძაღლის უკან მდგომმა, პატარა ბიჭმა.
_ მეშინიააა, მამაააა – ამოვიხავლე შიშისგან გულგახეთქილმა.
_ ნუ გეშინია, ბანზაი არ იკბინება, იცი, რა კეთილია.
_ მეშინიაააა – არ ვცხრებოდი მე.
_ მოდი აქ, მომე ხელი, ბანზაი გაეთრიე აქედან, პატარა ბავშვს რომ აშინებ, რა გგონია, მოდი გოგონა, მომეცი ხელი, – ხელი გავუწოდე და ეზოში შემიყვანა. ჩვენს აივანზე ბებო რომ დავინახე, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

 
_ ბებო, იქ ბანზაია, დიდი ძაღლი, დათვს ჰგავს.
_ ჰო, ბებო, ახალი მეზობლები არიან, აქ გადმოვიდნენ ამ ზაფხულს, სვეტას სახლში.  
_ სვეტა სად წავიდა?
_ სვეტა ლვოვში _ თავის ბიჭთან. შენ გენაცვალოს ბებო, როგორ მომენატრა ჩემი პატარა, სულელი გოგო.
  აბასთუმნიდან დაბრუნებულს, სახლში მუდამ სიახლეები მეჩვენებოდა ხოლმე, მე და ბებო მთელი საღამო ფანჯრის რაფაზე ვისხედით და ქუჩას გავყურებდით, ბებო ქუჩის ამბებს მიამბობდა, მე კი სულ იმაზე მინდოდა ლაპარაკი, რომ ორ-სამ დღეში სკოლაში მივდიოდი, ფორმა ათჯერ მაინც გადმოვიღე, ვიზომებდი, ჩანთას ამოვალაგებდი, ჩავალაგებდი, გულიც სხვანაირად, ბავშვურად მიცემდა. ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, უცებ ის ახალი მეზობლის ბიჭი დავინახე, ძაღლს ექაჩებოდა, ჭიშკარში შეჰყავდა, ძლივს შეათრია, გამოვიდა, ჩემი ფანჯრის ქვეშ დადგა და რაღაც მანიშნა. აი, კიდევ ერთი კადრი – ახალი ბიჭი, ჩემი ფანჯრის ქვეშ დგას, მოკლე ლურჯ შორტებში და ცისფერ მაისურში, ცერა თითი ცისკენ აუშვერია და რაღაცას მანიშნებს. დღემდე არ ვიცი რა მაჩვენა, ალბათ ის, რომ ბანზაი კარგი ძაღლია და ნუ გეშინიაო, არ ვიცი, მაგრამ კადრი ჩაიბეჭდა, _ დგას და მანიშნებს, რომ კარგად არის საქმეო.

ბებომ შემომხედა და საწოლში ჩაწოლის დროაო, მითხრა.



* * *

ჩემს ფანჯრებსა და სვეტას ძველ სახლს შორის, ჭერმის ხე იდგა, ალექსი ბიძიამ ხის სკამი გამიკეთა, ისე ვუყვარდი, სულ ცდილობდა რამით გავეხარებინე. მერე აკვანიც გამიკეთა თოჯინებისთვის. ჩემი სკამი, ახალ ბიჭს უკვე აეთვისებინა. მეორე დღეს – საღამო ხანს, ქუჩაში რომ გავედი, იქ იჯდა და პატარა დანით რაღაცას თლიდა, მეც მივედი და იქვე ჩამოვჯექი, მინდოდა მეთქვა, რომ პირველად, ეს ჩემი სკამი იყო, – მაგრამ ის სერიოზული სახით იჯდა და რაღაცის თლას არ ეშვებოდა.
_ მე ნინუნა მქვია, ნინო მქვია და ბებო ნინუნას მეძახის!
_ მე ნიკო მქვია, ბაბუაჩემის სახელი.
_ ნიკო? მართლა ბაბუის სახელს ჰგავს, რატომ დაგარქვეს ასეთი მოხუცი სახელი? _ გამეცინა მე.

ნიკომ პასუხი არ გამცა. გასართობი ვერაფერი რომ ვერ მოვნახე, ქუჩა მივათვალიერ-მოვათვალიერე და მოსიარულე მაღაზია შევნიშნე. _ მოსიარულე მაღაზია მოდიის! – დავიყვირე ხმამაღლა და ნიკოს ყურადღებაც, როგორც იქნა მივიქციე.
_ ვიინ?
_ ვინ და გიჟი იგორა. არ იცნობ?
_ არა, საცოდავი, გიჟია?
_ ჰო, ბავშვები მოსიარულე მაღაზიას ვეძახით, ახლა ნახავ, _ შევპირდი ნიკოს.
  გიჟ იგორასთან მივირბინე, ვთხოვე წამომყოლოდა და თავისი “დოვლათი” ეჩვენებინა. იგორაც ბატიფეხური ნაბიჯებით, უკან გამომყვა. ის, ჩვენი უბნის კოლორიტი იყო, ასე დადიოდა პატარ-პატარა ქუჩებში და ყველა ოჯახიდან გადასაყრელ ნივთებს აგროვებდა, მერე ტანზე აისხამდა, ან ხელში დაიჭერდა ძველმანებს და აქეთ-იქით დაატარებდა. ჩვენ ხან მოსიარულე მაღაზიას ვეძახდით, ხან კი, გიჟ იგორას.

მაღალი, წითური კაცი იყო, ზამთარ-ზაფხულ ერთი ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა და არასოდეს არც სციოდა, არც სცხელოდა. ამბობდნენ გიჟები სიცივეს და სიცხეს ვერ გრძნობენო – დღემდე არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა. ხანდახან ბებო იგორას აივანზე შემოიპატიჟებდა, დასვამდა და საჭმელს გამოუტანდა. რაც მორჩებოდა, გაუხვევდა და გაატანდა. აი მაშინ კი ვიხელთებდი დროს და მთელ მის ბარგი-ბარხანას ყირაზე დავაყენებდი. იგორა წავიდოდა თუ არა, ბებო აბაზანაში ჩამსვამდა და კარგად გამქაფავდა. იგორას თანდასწრებით კი არასოდეს მომცემდა შენიშვნას.


_ ნიკო, ეს იგორაა, ჩვენი მოსიარულე მაღაზია. თუ რამე მოგეწონება, შეგიძლია იყიდო, – შევთავაზე ნიკოს. ნიკო უცნაურად მისჩერებოდა იგორას, რომელიც მომღიმარე სახით თავისი აჩონჩხლილი კოვზების, მაგნიტების, გასაღებების, სუნამოს ცარიელი ბოთლების და უამრავი წვრილმანის დემონსტრირებას ახდენდა.
_ ესა ნახე, ბებოს გოგო, მოდი ესა ნახე, რა თოჯინის კაბა მაქვს შენთვის – თხუთმეტი კაპიკია სხვა ბავშვებისთვის, შენთვის ათია, ჰა, იყიდი?  
_ არ მინდა იგორა, ჩემს თოჯინას აქვს კაბები.
_ მაშინ აი ნახე, რა განახო, ეს `ბროშკაა”, სულ ბრილიანტისაა, ანაიდა ბებო იცი, ზემოთ სომხების ეზოდან, ჰოდა იმან გამომატანა გაყიდეო, იყიდი?  
_ ნიკო, შეხედე რა ბრილიანტის „ბროშკაა“?
_ მერე რა, ბრილიანტის „ბროშკები“ რაში მაინტერესებს, – მკვახედ მიპასუხა ნიკომ – თქვენ, შემთხვევით რამე თვითმფრინავის ნაწილი ხომ არ გექნებათ? – ჰკითხა მოულოდნელად ნიკომ.
_ თვითმფრინავი _ это что? ზემოთ როა? ცაში რო დაფრინავს, ბავშვო? მაგის ნაწილი არა მაქვს – იგორა დაფიქრდა, – წავალ ერთი რამეს მოგიძებნი. ვინმე ლიოტჩიკს ექნება.
_ ჰო, რამე თუ ნახე მოიტანე – დაავალა ნიკომ, იგორამ თავისი პაჭა-პუჭები აკრიფა და გზას გაუყვა.

 
_ მოგეწონა მოსიარულე მაღაზია?
_ ისე რა, რა ვიცი, ცოდოა, – თქვა ნიკომ.
_ ცოდო რატოა, არც სცივა და არც სცხელაო – ასე ამბობენ ჩვენს ქუჩაზე.
_ ჰო, შეიძლება, მაგრამ თუ გიჟია მეცოდება.

კალეიდოსკოპი

შენ, თვითმფრინავები გიყვარს?
_ რატომ უნდა მიყვარდეს?
_ მე მიყვარს, აი, ახლა თვითმფრინავს ვთლი და თუ გინდა, რომ გამოვთლი, გაჩუქებ.
_ კაი, – არ ვიცოდი რად მინდოდა თვითმფრინავი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. _ თვითმფრინავები როგორ დაფრინავენ ცაში?
_ შიგ კაცი ზის და ის მართავს.
_ ნიკო, ღრუბლების ზემოთ რა არის?
_ ღრუბლების ზემოთ _ ცა არის.
_ და თვითმფრინავები სადაც დაფრინავენ, ღრუბლებში, რომ დაიკარგონ?
_ თვითმფრინავები ცაში დაფრინავენ, ღრუბლების ზემოთ.
_ ცაში გზებია?
_ ჰო, გზებია.
_ შენ ვინ გითხრა?
_ ბაბუამ.
_ ბაბუაშენმა რა იცის, აი ჩემს ეზოში ჯონდიკოს მამა ცხოვრობს, ნოდარი ბიძია, და იმან იცის. თვითმფრინავებს ატარებს მოსკოვში.
_ რას სულელობ, პილოტია შენი მეზობელი?
_ პილოტი რაღაა?
_ პილოტი ის კაცია, ვინც თვითმფრინავებს ატარებს.
_ ჰო, ესე იგი, ნოდარი ბიძია პილოტია, ყველაფრის ტარება იცის, ტროლეიბუსისაც. ნიკო, პილოტს არ ეშინია?
_ არა, ძალიან უშიშარია, ეეეე, რისი ეშინია კაი რა, თვითმფრინავს ატარებს, ყველაზე მაგარია.

მე რომ გავიზრდები პილოტი ვიქნები და თუ მოგინდება გაფრენ.
_ არ მომინდება, შენ გზები არ იცი.
ვიცი, იქ ხედავ წინ, პატარა ტელევიზორში, ბაბუამ მომიყვა, სულ დაფრინავს აქეთ-იქით.
ნიკო და ის ხალხი ვინც თვითმფრინავში ზის, აქ, მე და შენ გვხედავენ?
არა, პატარა შტერო, იქიდან როგორ დაგვინახავენ, იცი რა შორს არიან?
მოდი, გინდა აქ დავდგეთ და ხელი დავუქნიოთ იმ ხალხს, თვითმფრინავი რომ გადაიფრენს?
დავუქნიოთ, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ დაგვინახონ.
მაინც დავუქნიოთ, რომ ჩამოიფრენს, კარგი?
კარგი... ჰოდა ერთად გავფრინდებით, აი იქ აიხედე, რამსიშორეზე ვიქნებით.
ღამე ხომ არა, ღამე შემეშინდება, ღამე ვარსკვლავები გამოდიან, და ვარსკვლავებს რომ დავეჯახოთ არ მინდა.
ნუ გეშინია, არ დავეჯახებით.
თვითმფრინავი რომ ჩაიფრენს და თეთრ ზოლს ტოვებს, დაგინახავს?
ჰო, დამინახავს.
ეგ რა ზოლია, ნიკო?
ეგ ბოლია, თვითმფრინავი უშვებს.
ჰო, რა ლამაზი ზოლია, მერე ქრება ეგ ზოლი, თვითმფრინავთან ერთად.
ჰო, ბოლია და გაქრება, აბა რა იქნება...
ნიკო, ვარსკვლავების მერე რა არის?
ცა არის, ბევრი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.
დაბნელდა, მე და ნიკო ასე ვისხედით და ცაში ვიყურებოდით, მერე ბებომ დამიძახა და სახლში შემიყვანა.

მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ გამოდიან და ჩადიან ვარსკვლავები, რატომ ტოვებს თვითმფრინავი თეთრ, ღრუბლის მსგავს კვალს? კითხვებზე პასუხები არ მქონდა და შევეცადე ჩემებურად გამეგო... ყველა ბავშვს ხომ ყველაფერზე საკუთარი წარმოდგენა აქვს, მეც ასეთივე ვიყავი.  
 ნიკო, თურმე მხატვარი იყო. მე კი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი გოგო. თავიდან მკითხა, ”შენ ვინა ხარო”, მე ვუპასუხე ”ნინუნა-მეთქი”, მაგას არ გეკითხები _ `რა ხარო?” ასე მკითხა. ისევ ვერ გავიგე და ბოლოს მითხრა, ”მე მხატვარი ვარ და შენო?” _ ”მე არაფერი არა ვარ-მეთქი”, ვუთხარი და გული დამწყდა, იმაზე, რომ თურმე ”ა-რა-ფე-რი” ვიყავი.


_ ნიკო, და რა უნდა ვიყო?
_ შეგიძლია მხატვარი იყო, მომღერალი, მოცეკვავე, – რა ვიცი, ათასი რამე შეგიძლია იყო.
_ ისე , მოცეკვავე კი ვარ.
_ ჰოდა, ძალიან კარგი, წამოდი დაგხატავ, მერე შენ თუ მოგინდება იცეკვე. – ნიკოს ოთახში შევედით, ბებიამისის `კუშეტკაზე” შემომსვა, სახე გამისწორა, ხელები სწორად დამილაგა მუხლებზე. იდგა და მხატავდა. მე, მალე მომწყინდა, ფურცელი და ფანქარი მოვითხოვე, მეც დაგხატავ-მეთქი, ვუთხარი.  
_ ეს თავია, ეს ხელები, ეს ფეხები, ესეც შენი შარვალია, ეს ჯიბეა, ეს თმებია... ფეხსაცმელი არ გამომდის ნიკო, როგორ გგავს, მოდი ნახე, მეც ვხატავ, აბა მარტო შენ კი არა ხარ მხატვარი, – ვბურტყუნებდი ჩემთვის.
_ დამაცადე, ცოტა ხანს ვერ მოვალ, თავი გააჩერე.


_ აბა, შემახედე რა დახატე – ვერ ვითმენდი მე.
_ გაიწიე, ახლოს არ მოხვიდე, მანდ იჯექი სადაც დაგსვი, თორემ ნახატი გამიფუჭდება.
_ რანაირი ხარ რა, ნიკო.
_ კარგი ბუტია, ნუ ბრაზდები, მოდი, ნახე რა ლამაზი დაგხატე, – `კუშეტკიდან” ნელ-ნელა ჩამოვძვერი და ნახატს მივუახლოვდი.
_ აბა, მანახე... რა ლამაზია!.. ნიკო, ეს მე ვარ? ეს რა პრინცესას კაბა ჩამაცვი? თეთრი და ვერცხლისფერი მძივებით მორთული.
_ ჰო, ვერ ხედავ შენ ხარ, შენც ხო პატარა პრინცესა ხარ.

შენნაირი თმა აქვს, გრძელი, ოქროსფერი კულულები.  
_ ნიკო, ფეხსაცმელები როგორ ჩამაცვი?
_ გასწავლი.
_ შენ რა, მართლა მხატვარი ხარ?
_ ჯერ არ ვიცი.  
_ აუ, ნიკო, მაჩუქე რა, სახლში წავიღებ და ბებო კედელზე გამიკრავს.
_ არა, ვერ გაჩუქებ.
_ აუ, რანაირი ხარ, რა.
_ ნუ ხარ ბუტია, წამო, გირჩევნია `გორკაზე” წავიდეთ.
_ ბებოოო, ბეეებოოო, _ შევძახე ქვემოდან ბებოს. – ბებო, გეხვეწები რა, ნიკოსთან ერთად “გორკაზე” წავალ.
_ არა, ბებო, სახლში ამოდი, რაღა დროს `გორკაა”, დაღამდა უკვე.


_ არაო – ბებო არ მიშვებს.
_ არა უშავს, დილით წავიდეთ, ბაბუც წამოვა, ხვალ კვირაა და უთხარი შენი ბებოც წამოვიდეს.
_ ნიკო, იქ რო ნაყინებია, შევჭამთ?
_ ჰო, ჰო, აბა!  
 მეორე დღეს ნიკო მთელი დღე არ გამოჩნდა, მე დილიდან ბებოს საკუჭნაოში ვიყავი და ვეხმარებოდი. ბებო მუდამ გარეთ მაგდებდა ხოლმე, მაგრამ იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა. შიგნით ჯადოსნური სიბნელე სუფევდა, რომელსაც ბებოს მოდუღებული და თავმოხუფული ალუბლის, გარგრის, კომშის, საზამთროს, ლეღვის და ნიგვზიანი თეთრი ბლის მურაბის წკრიალა ქილები, გამჭვირვალედ ანათებდა. ჭერში ლორი ეკიდა, ხის კასრში თაფლი ესხა და ტომრებში კაკალი ეყარა... საკუჭნაოში ჟოლოს, მაყვლის და ალუბლის მარინადების მთელი გამოფენა ჰქონდა მოწყობილი...

მეც პატარა ქალივით, თავგამოდებით ვეხმარებოდი დალაგება-დახარისხებაში. საღამოს ბებოსთან ერთად აივანზე ვიჯექი და მატყლს ვჩეჩავდი, უცებ, ნიკო შემოიჭრა ეზოში და ჩემი აივნისკენ გამოქანდა. ბებოსთან ერთად ძირს ლეიბზე ვიჯექი, ბებო სექტემბერში საბნებს და ლეიბებს კერავდა ხოლმე და მეც ვეხმარებოდი. ნიკო რომ დამადგა თავზე, ძირს ვიჯექი და მატყლს ვწეწავდი, სიცილი დამაყარა:
_ რას აკეთებ?
_ რას უნდა ვაკეთებდე, ვერ ხედავ მატყლს ვწეწავ, – ვუპასუხე თავაუწევლად, ბავშვურად შემრცხვა ნიკოსი და ალბათ ლოყებიც ამეფაკლა.  
_ არ გიხდება მატყლის წეწვა, წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო.
_ აბა აქედან დაიკარგე, თუ არ მოგწონს მატყლის წეწვა, წაბრძანდი შენს გზაზე, მე დილიდან ვსაქმიანობ, შენსავით კი არ დავხეტიალებ აქეთ-იქით.
_ ნინუნა ბებო, ნუ ჩხუბობ, რა გინდა ამ მატყლში რომ ჩამჯდარხარ, ტყუილად ხელს მიშლი, ადექი ახლა და ნიკოს გაყევი, ოღონდ არ დაიგვიანო!
_ ჰო, წამოდი ჩემთან ერთად.

მოხუცი ხომ არა ხარ, მატყლის წეწვა რა გართობაა?
_ წამოვალ, ჰო, დამაცადე ცოტა ხანს, წინსაფარს მოვიხსნი, – ვუთხარი ნიკოს და სამზარეულოში შევედი.

კალეიდოსკოპი

წინსაფარი მოვიხსენი, საკიდზე დავკიდე და ეზოში გავედი. ნიკომ ხელი ჩამკიდა და წავედით.
_ სად მივდივართ?
_ ერთ კაცთან უნდა მიგიყვანო.
_ ვინ კაცთან?
_ წამოდი, ოღონდ შემპირდი, იქ რომ მივალთ, ხმას არ ამოიღებ, არაფერს იტყვი და ჩუმად იქნები.
_ ჩუმად რატომ უნდა ვიყო, რა, მუნჯი ვარ? ვინ არის ის კაცი?
_ “ხუდოჟნიკია” ერთი, ჩვენი მეზობელი, თან ჩემი მასწავლებელია . – ხან ხატვას მასწავლის, ხან ინგლისურ ანბანს, ხან კიდევ ამერიკაზეც მიყვება. წამოდი, ერთად მივიდეთ, იქ რაღაც უდგას და ის უნდა გაჩვენო.

თან მოდი, ნაყინს ვუყიდი.
_ ნაყინს საიდან მოიტან?
_ თხუთმეტი კაპიკი მაქვს და ვიყიდი.
_ ნაყინი უყვარს?
_ ჰო, უყვარს, ამ სიცხეში ვის არ უყვარს ნაყინი? – ცოტა ხანში სანატრელი `მაროჟნე, მაროჟნეეე” გაისმა და რამდენიმე წუთში მე და ნიკო უგრძეს რკინის კიბეს მივუყვებოდით, სულ დაგრეხილს, ქვემოთ რომ ვიყურებოდი, შიშისგან გული მეკუმშებოდა და მთელი ძალით ვუჭერდი ნიკოს ხელს. ხან ჭადრებს გადავყურებდი, ხან მატყლის წეწვით დაკავებულ მეზობლებს (ჩვენს ქუჩაზე, რატომღაც, ყველას ბებია, სექტემბერში კერავდა საბნებს და ლეიბებს), ხან ვახტანგი ბიძია გამოჩნდა, ეზოს რწყავდა, მოკლედ ყველაფერი ტრიალებდა და ეს რკინის დაგრეხილი კიბე არა და არ მთავრდებოდა. ამასობაში კატა შემოგვეფეთა.
_ ფისუნია, ფისო – დავიხარე და კატას მივესიყვარულე.
_ კარგი რა, წამოდი, თორემ დაგვაგვიანდება. გამოადგი ფეხი, რა დროს ფისოა, – დამტუქსა ნიკომ.


 როგორც იქნა მივედით ნახევრად გაღებულ, ძველისძველ კარებთან. ნიკომ კარზე დააკაკუნა და ვიღაცის ფეხის ხმაც გაისმა. წუთში კარი გაიღო და ჩვენს წინ აწოწილი, წვერულვაშა, გრძელთმიანი, გაბურძგნული მოხუცი კაცი აღმოცენდა. ნაცრისფერი, დაფლეთილი, ზოლიანი შარვალი ეცვა და თეთრი, უკვე ჭუჭყისგან სიყვითლეში გადასული მაისური, შიგადაშიგ მთელს ტანსაცმელზე საღებავები აჩნდა. ფეხები აბაზანის სტაფილოსფერ „შლოპანცებში“ ჩაეყო, საიდანაც ორი დიდი ყავისფერი ფრჩხილი უჩანდა. ფეხების დანარჩენ ნაწილზე კი კატას მოესწრო მოკალათება, პატრონივით გაბურძგნულ, გასიებულ და მოუვლელ კატას. ცხოველები ძალიან მიყვარდა, ამიტომაც უმალ ვიგრძენი, დიდი ხნის დაუბანელი და ჭუჭყიანი კატის სუნი.


_ ჯორჯი მასწავლებელო, გამარჯობა, აი, ნაყინი გამომართვით!
_ ნიკო, მოხვედი ჩემო პატარა მეგობარო, მოდი, შინ შემოდით.  
_ წამობრძანდი, ქალბატონო, – უჩვეულოდ მომმართა ნიკომ.
_ ეს რა კარგი გოგონაა? შენი და არის?
_ არა, ჩემი მეგობარია.
_ ღმერთო, რა მშვენიერი არსებაა, – გაბუტული ვიდექი, პატრონის და კატის ნახვისგან დაზაფრულს, ხმის ამოღების სურვილი არ მქონდა, – შემოდით ბავშვებო. ნაყინს სამზარეულოში წავიღებ და ამ წუთას დავბრუნდები. თქვენ იქით შებრძანდით, ჩემო კუდრაჭებო.
_ ნინ, წამოდი , – დაიჩურჩულა ნიკომ.
 მეც გავყევი. კატას თვალს ვერ ვაშორებდი, ის ჯორჯი მასწავლებლის ფეხზე იჯდა და ისე გადაადგილდებოდა, თითქოს ეტლით მიჰყავთო, თავაწეული და ცხვირაბზეკილი.

დიდ ოთახში ვიწრო დერეფნით გავედით. ხის იატაკი იყო, შიგადაშიგ ფიცრებამოყრილი. ღრიჭოებში მტვერი ჩაბუდებულიყო და თითქოს მთელ სახლში მტვრის, სიძველის, ბებიაჩემის გულის წვეთების, ჭუჭყიანი მაგიდის გადასაფარებლის და ნოტიო თეთრეულის სუნი იდგა. აქეთ-იქით ნახატები ეწყო ძირს, კედლებზეც უზარმაზარი ტილოები ეკიდა. საღებავის სუნი მეცა, ნიკოს სახელოსნოში და სკოლაშიც, ხატვის ოთახში, სწორედ ასეთი სუნი იდგა. ვიდექი და ერთი სული მქონდა, ნიკო როდის მოიცლიდა ჩემთვის, რომ მეთხოვა _ `წამიყვანე ამ საშინელი სახლიდან-მეთქი”. მაგრამ ისე იყო გართული, ნახატებს შორის კალიასავით დახტოდა და თან `აუ, ეს რა მაგარი დაუხატიაო”, _ გაიძახოდა.

ამასობაში, ფეხზე კატადაბრძანებული ჯორჯი მასწავლებელიც შემოვიდა.
_ ნიკოლოზ, შენს მეგობარს არ გამაცნობ?
_ დიახ, გაიცანით, ნინო ჰქვია.
_ ნინო, რა მშვენიერი სახელია ,– ნინო, რამდენი წლისა ხარ?
_ თითქმის ცხრისაა,– უპასუხა ნიკომ ჩემს მაგივრად.
_ ცხრის როდის ხდება?
_ მაისში.
_ სულ ცოტა ხანში, – გაეღიმა ჯორჯის, – ნინო, შენ ხატავ?
_ არა, არ ხატავს, არ ეხერხება.
_ აბა რითი გავართოთ ულამაზესი პატარა არსება, რა უყვარს?
_ არ უნდა გართობა, მე მიყურებს ხოლმე, როცა ვხატავ და ასე ერთობა.
_ ნიკოლოზ, ასე არ გამოვა. ქალს მეტი პატივი უნდა სცე, სულ ხელისგულზე ატარო. უნდა გაიგო რა ესიამოვნება, _ შეეცადო ყველა სურვილი აუსრულო – შეძლებისდაგავარად, რა თქმა უნდა.
_ სულ მაგის სურვილების შესრულებაში არა ვარ!
_ ნინიკო, აბა გვითხარი რა გსურს? – არ ვიცოდი რა მსურდა, ამიტომაც მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. – ნიკოლოზ, შენმა მეგობარმა ლაპარაკი იცის?
_ იცის, როგორ არა.
_ აბა სულ ჩუმად რატომ არის?
_ ასე გამაფრთხილა, – ამოვიკნავლე მე, – იქ რომ მივალთ, ხმა არ ამოიღოო.


_ სირცხვილო! კი მაგრამ რატომ?
_ წინასწარ გავაფრთხილე, ძალიან ბევრი შეკითხვის დასმა უყვარს ხოლმე და მაგიტომ.
_ რაც გინდა მკითხე პატარავ, აბა დაიწყე – ამას არ უსმინო. ცუდად აღმიზრდიხარ ნიკო, სულ ტყუილად გივლია ჩემთან.
_ არაფერი არ მინდა, აქვე ჩამოვჯდები და კატას თუ მოუნდება, ვეთამაშები.
_ ჩემს პატარა მონსტრს? როგორ არ მოუნდება შენნაირ გოგონასთან თამაში. – არისტო, მობრძანდი აქ, – ოჰ, ეს კატა კი არა ნამდვილი ვამპირია, მთელი დღე ასე ზის მოკალათებული ჩემს ტერფზე და სხვას არაფერს აკეთებს. არადა საქმე კი აქვს, იმდენი თაგვია ბინაში,მაგრამ ეტყობა თაგვებმა საშინლად შეაშინეს ჩემი არისტოტელე, ამიტომაც არ ჩამოდის ჩემი ტერფიდან.
  ნიკო და ჯორჯი მასწავლებელი უზარმაზარ ტილოსთან იდგნენ და საუბრობდნენ, მე კატამ დამაფასა და თამაში დამიწყო.

სუნი უკვე ნაკლებად მაწუხებდა, უფრო ტკიპებით გამოტენილი კატა მადარდებდა, ცოტა ხანში ისე მოვეწონე კალთაშიც კი ჩამიგორდა და მეც ტკიპების გაცლა დავუწყე.
_ არისტო, არისტო რა ფუმფულა და ტკბილი ყოფილხარ პატარუნა, ვინ გაშინებს, ჰა? იცოდე მოვალ და ყველა თაგვს დავხოცავ. პატარა მსუნაგი კატუნია ვინ არის?
_ ნინ, დასვი ეგ კატა და მოდი აქ.
_ რა გინდა? ჯორჯი სად არის?
_ იქით წავიდა. წამალი უნდა დალიოს, წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო.
 ნიკოს ნეკზე ჩავებღაუჭე და სხვა ოთახში გავედით. იქით ჯორჯი მასწავლებლის საწოლი იდგა, ძირს ღვინის უამრავი ცარიელი ბოთლი ელაგა.

 
_ ნიკო, ეს კაცი ლოთია? წავიდეთ რა აქედან, მეშინია.
_ გაგიჟდი? ჯორჯი, ყველაზე კარგი კაცია მთელს მსოფლიოში! ყველაზე კეთილია,რა უნდა დაგიშავოს? ამოდი აქ, და ჩაიხედე შიგნით. ნახე რა ხდება, ცალი თვალი დახუჭე და ისე.

კალეიდოსკოპი

ხელები აქ მოკიდე და დაატრიალე მილი.
_ რა ლამაზია ნიკო, რა ფერებია? ეს რა არის, ობობას ბრჭყვიალა ქსელებია?
_ რა ობობას ქსელები, ეგ მთელი მსოფლიოა, დედამიწაა. თვითმფრინავში რომ ჩაჯდე და ქვემოთ ჩაიხედო ეგრე ჩანს.  
_ ვინ გითხრა, თვითმფრინავში იჯექი, თუ რა?
_ ვიცი, ნამდვილად ვიცი,როცა ცაში ხარ , ქვემოთ იყურები იმას ხედავ, რასაც ახლა შენ მაგ მილში.
_ მე კანფეტებს ვხედავ, ფერად-ფერად ქოლგებს და მარაოებს, ბზრიალებს, რომბებსაც, პეპლებსაც და ძაღლებსაც ვხედავ. აუ, ნიკო, რა ლამაზიააა! ჩემი აკვარიუმის ფერად-ფერად თევზებსაც ვხედავ და ჯუღუსაც...


_ რეებს ამბობ, რა თევზებს, რა ჯუღუს?
_ აუუ, ნიკო, ეს რა სათამაშოა, მეც მინდა ასეთი.
_ სათამაშო არ არის, კალეიდოსკოპია.
_ ეგ რაღაა?
_ როცა გაიზრდები, მაშინ მიხვდები.
_ აუ, ვითომ შენ დიდი ხარ რა! იცი, მე სადაც დავდივარ, აბასთუმანში, იქაც არის ასეთი დიდი რაღაცეები, კაცები ცაში იყურებიან და ამბობენ ვარსკვლავებს უყურებენო.
_ ვიცი, ბაბუა მიყვებოდა.
_ ჰო, აბასთუმანშია ეგ კონსერვატორია.
_ კონსერვატორია არა ხახვი, ობსერვატორია ჰქვია მაგას, ო-ბსე- რვა-ტო-რი-ა, – დამიმარცვლა ნიკომ.
_ შენ ხომ ყველაფრის მცოდნე ხარ, რა დიდი განსხვავებაა? ობსერვატორია – კონსერვატორია? მერე რა თუ შემეშალა?
_ წამოდი, ნუ ჩხუბობ, მოდი პლაკატი გაჩვენო. აუ, ახალი პლაკატი დაუკიდია. ნეტავ ვინ ჩამოუტანა.
_ რა აბა? დედაჩემსაც ბევრი პლაკატი აქვს, თავის სახლში.  
_ რა პლაკატი აქვს?
_ ლოუ ამტსორნის,– მოვიწონე თავი.
_ ვაა, მართლა? ნახე ნინ, ეს რა ლამაზია. კალეიდოსკოპს არა ჰგავს ეს შუქები? გინდა წავიკითხო აქ რა წერია: `თენ-დეის ინა-მერიქა!” მოიცა, ჯორჯი მოდის, გავიქეცით.
_ ბავშვებო, სად იყავით?
_ ნინის სახლი დავათვალიერებინე.


_ მერე მოეწონა?
_ კი, ძალიან მომეწონა, ის ძალიან ლამაზი იყო, კალეისკოპი თუ რაღაცა, კანფეტები და საჩუქრების ყუთები ტრიალებდნენ შიგნით, _ ჯორჯიმ ისეთი უაზრო სახით გამომხედა, ვერაფრით გაიგო რას ვამბობდი, მერე სავარძელზე ჩამოჯდა და ხვრინვა ამოუშვა.
_ წავედით ნინ, დაიძინა, დალია ეტყობა და დათვრა.
_ არ დამიძინია, _ გამოგვეპასუხა ჯორჯი მასწავლებელი, – ნინის რაღაც უნდა ვაჩუქო, წამოდი პატარა ჩემთან, – არისტოტელე ისევ ფეხზე ეჯდა, ჯორჯიმ კედელთან მიმიყვანა და მკითხა, _ რომელი ნახატი მოგწონს?  
_ აი ის, ცხენები რომ დარბიან მინდორზე.
_ კარგი, გენაცვალე, – თქვა და ის ნახატი ჩამომიხსნა, რომელიც ვაჩვენე – წაიღე, შენს ოთახში დაიკიდე და იქროლე რამდენიც გენებოს.
_ გმადლობთ, – ვუთხარი და გავწითლდი. მერე ჯორჯიმ ორივეს თმებში გვაკოცა და წამოვედით. ნიკო უზარმაზარ ტილოს მოათრევდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.


_ ნინუ, ეგ ყველაზე კარგი ნახატია იცი? იმ დღეს ყიდვა უნდოდა ერთ ქალს, აი, ამდენ ფულს აძლევდა _ გაშალა ხელები ნიკომ, _ და ჯორჯიმ არაფრით არ მიჰყიდა, და ახლა შენ გაჩუქა... ნეტავ იმ პლაკატზე რა ეწერა, დავიმახსოვრე კიდეც.
 ჩემთან სახლში მივედით, ბებოს ალადები დაეცხო, ხელები დავიბანეთ და ჭამას შევუდექით, ნიკო არ ჩუმდებოდა.
_ ანგელინა ბებო, ნინოს ჩემმა მასწავლებელმა ყველაზე კარგი ნახატი აჩუქა, აი შეხედეთ –ნიკომ ჩემს საჩუქარზე მიუთითა.
_ ბებო, რა ლამაზი ცხენებია, მომიკვდეს თავი, ასეთი საჩუქარის გამორთმევა არ შეიძლებოდა, ახლავე უკან უნდა წავიღო.
_ ბებო, არ წაიღო, გთხოვ, ჯორჯიმ მე მაჩუქა, კედელზე დაკიდეო მითხრა, თუ გიყვარდე არსად წაიღო, ჩემია, ჩემი საყვარელი ნახატია . ბებომ ცოტა ხანს იყოყმანა, მერე ნახატი დიდ ოთახში გაიტანა და პიანინოს თავზე დაკიდა.  
_ თქვენ თუ იცით ბავშვებო, ჯორჯი ვინ არის?
_ ჩემი ხატვის მასწავლებელია, – თქვა ნიკომ.
_ რა კარგია ასეთი მასწავლებელი, ის ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადამიანი და ჩემი საყვარელი მხატვარია, ძალიან დიდი ხელოვანია.
_ ხედავ, რა კაცია ჯორჯი?
_ და მე ნახატი მაჩუქა, – მოვიწონე თავი.
_ ნინ, რა ლამაზი პლაკატი იყო არა? – ვერ ივიწყებდა ნანახს ნიკო, –ის რა შუქები იყო, დიდი უზარმაზარი სახლები, სულ განათებული, რა ლამაზი იყო არა, ნინ?
_ კი, ლამაზი იყო.
_ “თენდეის ინ ამერიქა”, რას ნიშნავს ნეტავი? `რაღაც ამერიკაშიო”.

`თენდეისიო”, თენდეის, თენდეის – აუ, რა ლამაზი სიტყვაა, რაღაც ძალიან ლამაზს ნიშნავს, ალბათ. მე ვიცი რასაც ნიშნავს, ნამდვილად ვიცი.
_ რას?
_ ფრენას, დედამიწის ზემოდან ყურებას, ღრუბლებს რომ დაჰყურებ, ცაში ხარ და აქეთ-იქით პლანეტები და ვარსკვლავებია, მაგას ნიშნავს ასე მგონია. `თენდეის” – ნახე რა ლამაზი სიტყვაა?
_ ჰო, ძალიან ლამაზია.
_ დღეიდან, შენ თენდეისი დაგარქვი! გადაწყვეტილია!
_ რას მიედ-მოედები, თენდეისი არა ის.
_ ის არა, ისკიდე – თენდეისი.
_ ის კიდე არა, ცისკიდე – არ მინდა თენდეისი, რატომ დამარქვი? იქნებ საშინელებას ნიშნავს?
_ თენდეის, დამიჯერე, მე არ ვცდები, ამ სახელს აღარ შევცვლი. ნიკო წამოფრინდა, ჩემს აივანზე გავარდა, მოაჯირზე აძვრა და მთელი ხმით დაიყვირა _ თენდეიიიიიის! _ ამ დროს, ბებომ გამოიხედა, გვიანაა უკვე ბავშვებოო გვითხრა, სახლში შემაბრძანა და ნიკოც დაღმართზე დაეშვა. დილასაც მისმა ღრიალმა გამაღვიძა:
_ თენდეის! – სულ დამავიწყდა ახალი სახელი რომ მერქვა, გიჟივით წამოვფრინდი და ნიკოს შევეგებე.


_ თენდეის, არც მიძინია, ისე მიხაროდა, ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი სახელი რომ დაგარქვი. წამოდი, ბაბუას ფუნიკულიორზე მივყავართ. ასე მითხრა, თენდეისიც წამოვიდესო.
_ ახლავე, ბებოს ვეტყვი და მოვდივარ, _ ჩამოვხტი რაფიდან და ბებოს გასაფრთხილებლად გავექანე.
 ნიკოს ბაბუას ფუნიკულიორზე დავყავდით ხოლმე, დიდ შავ ვოლგაში ჩავსხდებოდით , თვითონ წინ ჩაჯდებოდა, რადიოს ჩართავდა და შავ ვოლგაში გამოჭიმულები, ოქროყანის გზაზე მივქროდით. ნიკო ფანჯრიდან ისეთი გაფაციცებით იყურებოდა ხოლმე, გეგონებოდა მთელი ქვეყნის არქიტექტურის ამბავს ეგ წყვეტსო. სოლოლაკში ბაბუას სთხოვდა ნელა იარეო, სადაც მოეწონებოდა გადმოვდიოდით ხოლმე, სათითაოდ ყველა სახლზე თავის აზრს გამოთქვამდა, იქაურ სახლებზე გიჟდებოდა და მეც მაწონებდა.

მეც შევეჩვიე და დღემდე ყველა სახლს ჩაკირკიტებით, გულისყურით ვათვალიერებ, დღეში რამდენჯერმე ვაჩერებ მანქანას, და ვერა და ვერ შევისწავლე ბოლომდე სოლოლაკი, ჩემი უსაყვარლესი უბანი, რომელიც ნიკომ ბავშვობიდანვე სხვა თვალით დამანახა და ალბათ იქ ცხოვრებაც მან მიწინასწარმეტყველა.
 მოკლედ, ახლა ნიკოს ბაბუის შავ ვოლგაში ვისხედით უკან, და რაღაცას ვჩურჩულებდით. ბაბუამისს დიდი ყავისფერი საფულე ჰქონდა. ამოიღებდა ხოლმე კოსტიუმის ჯიბიდან და აბა წავიდა – ნაყინები, ბამბის ნაყინები, ძეხვის ბუტერბროდები, მწვანე ლიმონათი...

კალეიდოსკოპი

მე და ნიკო თან ვიტენებოდით, თან თვალები კარუსელებისკენ გაგვირბოდა. ბაბუა კი, ჩრდილში იჯდა თავისთვის , გაზეთს კითხულობდა და ყველაფრის ფულს იმ თავისი ყავისფერი, საკრალური საფულიდან იხდიდა.
_ თენდეის, ბაბუს იცი როგორი საფულე აქვს?
_ არა, როგორი?
_ ფული რომ თავდება, ერთ კაცს მიაქვს, უვსებს და ისევ უკან მოაქვს.
_ შენ ვინ გითხრა?
_ თვითონ მინახავს, გაზეთში გახვეული ფულები, მწვანეც, წითელიც, ბორდოსფერიც.


_ ეჰ, ბედნიერი.
_ რატომ არის ბედნიერი?
_ აბა, ბებოსთვის ფოსტალიონს, თვეში ერთხელ სამი წითელი ათმანეთიანი მოაქვს, ეგ არის და ეგ.
_ მერე რა, მეტი რად გინდა?
_ მინდა. სკოლასთან რომ საშაქარლამოა, ყოველ დღე ერთ კილო `მეჩტას” ვიყიდიდი, ერთი კილო ათი მანეთი ღირს.
_ ეგ რაღაა?
_ ოცნება, შტერო, ნამცხვარია, შიგნით კაკაოს კრემია და გარედან შოკოლადი აქვს მოსხმული.
_ ეე, `მეჩტა” არა ის, მე მაგდენი ფული რომ მქონდეს, ერთ პატარა თვითმფრინავს ვიყიდიდი.
_ პატარა თვითმფრინავები არ არსებობს, თვითმფრინავები აი ამხელაა, მთელი ფუნიკულიორის ხელა.
_ შენ ვინ გითხრა? ვიცი, რომ, ამერიკაშია პატარა თვითმფრინავები.
_ ჯონდიკოს მამამ მითხრა,_ თვითმფრინავები ჩვენს ეზოზე ბევრად დიდიაო.


_ მე კიდევ ჯორჯიმ მითხრა, ამერიკაში, ზოგ ეზოში, პატარა თვითმფრინავებიც აყენიაო.
_ ნიკო, სულ რაღაცეებს იგონებ, რა. წამოდი ერთი მანქანები ვატაროთ, ოღონდ ნელა, ხომ არ დაგავიწყდა იმ დღეს ნიკაპი რომ დამარტყმევინე? კბილებში ენა რომ მომაწეწკე, ახლაც მტკივა.
_ არა, არ გვინდა ეგ გიჟი მანქანები, მაგას ჯობია მოღრეცილ სარკეებში ჩავიხედოთ და ვიცინოთ.
  მე რეზინაზე გამობმული, ნახერხით გამოტენილი ჭრელა-ჭრულა ბურთებით თამაში მიყვარდა, იქამდე ვურახუნებდი ასფალტს, სანამ არ დაიფლითებოდა და ნახერხის ბუღი არ დაგვახრჩობდა... მერე ნიკო მფრინავ ბუშტებს ყიდულობდა,ჩემთვის წითელს, თავისთვის ლურჯს. ფუნიკულიორის გადმოსახედთან მივირბენდი, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულზე ჩანდა, პირველი მე ვუშვებდი ხოლმე ძაფს ხელს _ `თენდეის, არ გაუშვა, რაააა, ძალიან გთხოვ, ჯერ არ გაუშვააააა”, – მესმოდა ნიკოს ხმა, მაგრამ ძაფს ხელს ვუშვებდი და წითელი ბუშტიც ანძისკენ, მაღლა-მაღლა გაფრინდებოდა. სუნთქვა მეკვროდა სანამ ბუშტის დანახვა ჯერ კიდევ შემეძლო, ბუშტი კი მაღლა-მაღლა, ფარფატ-ფარფატით მიაპობდა ჰაერს, და ჩემთვის გამოუცნობ სივრცეს უერთდებოდა, ვცდილობდი ბოლომდე მიმეწვდინა თვალი ჩემი გაშვებული ბუშტისთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე, ბუშტი სადღაც ქრებოდა, ჰაერში ორთქლდებოდა და გული მწყდებოდა, მაგრამ ნიკოს არ ვუმხელდი, ალბათ არ მინდოდა ჩემი სისუსტე დაენახა:
_ დიდი ამბავი, ბუშტია რა, ოქრო ხომ არ არის? აბა როდემდე უნდა შევინახო? სანამ ბაბუაშენის ხელა არ გავხდები?
_ არა, თენდეის, უბრალოდ ძალიან გულცივად და უმოწყალოდ უშვებ ხოლმე ხელს, მენანება...
 ასე გადიოდა ბავშვობა, ხან ფუნიკულიორზე დავდიოდით, ხან `გორკაზე”, თუ თოვლი იყო, ჩვენს ქუჩაზე კარგი საციგაო კეთდებოდა, და დილიდან დაღამებამდე ვციგაობდით მთელი ბავშვები.

მე მშიშარა ვიყავი, ამიტომ ნიკოს უკან ვეჯექი და ისე მივექანებოდით ერთად თავდაღმართზე. ციგა არცერთს არ გვქონდა, მეზობლის ბიჭს, ალიკას ვთხოვდით... საახალწლოდ, ყველას სახლში დიდი სამზადისი იყო, ბავშვები ერთმანეთთან გადავრბოდით, რასაც ვუყურებდით გვიხაროდა.ბებო გოზინაყს ნამდვილი ჯადოქარივით ამზადებდა. მთელი საათი ხის უზარმაზარი კოვზით ურევდა ხოლმე, `ჩუგუნის” შავ, დიდ ქვაბში მოთუხთუხე თაფლს. გვერდით ცივი წყლით სავსე წიქას დაიდგამდა. `იცოდე ნინუნა, თაფლი მზად მაშინ არის, როდესაც ცხელი წვეთი ტყვიასავით დაეცემა ჭიქის ფსკერსო” _ მეტყოდა ბებო. მეც ვიჯექი და ველოდი, როდის გადაიქცეოდა თაფლი ტყვიად.

მერე დახალულ და წვრილად დაჭრილ ნიგოზს ცხელ თაფლში ჩაყრიდა და ერთად ვურევდით, სანამ ეს მასა გოზინაყად არ გადაიქცეოდა. გამზადებული გოზინაყის პირველი ნაჭერი, ყოველთვის მე მეკუთვნოდა. ბებო ცხელ-ცხელს ჩამიტენიდა პირში, თან პირი მეწვოდა, თან თვალებიდან ცეცხლებს ვყრიდი, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი, და ბებოს შემოქმედებას `კაია, ბებო, კაი”-ს ვაძახებდი. მერე, პატარ-პატარა რომბებად დაჭრიდა, ნახევარს ნათესავებისთვის გადადებდა, მეორე ნახევარს ჩვენთვის, ქვაბში ჩაალაგებდა, კიდეებს კი მე მომცემდა და მეტყოდა _ `ეს, დილას გადადი და იგორას აურბენინეო”, – ჩვენს მოსიარულე მაღაზიას. ოცდათერთმეტში დილით, საძინებელში შემოვარდნილი სურნელი წამომაფრენდა ლოგინიდან. ბებოს ღუმელში , ინდაური იბრაწებოდა, გაზზე, უზარმაზარ შავ ქვაბში, საცივის წვენი დუღდა. ბებო თავისი ხის კოვზით, ისევ გაზთან იდგა და საცივის წვენში, ხის კოვზს ჟონგლიორივით ატრიალებდა და აბზრიალებდა.

ნიკოც დილიდანვე იწყებდა ახალი წლის ღამისათვის მზადებას. ციგას აიღებდა, დიდ ბაბუას ხერხს გამოართმევდა, ხელთათმანებიან ხელს ჩამკიდებდა და ნაძვის ტოტების მოსაჭრელად, `გორკისკენ” მივდიოდით . თოვლიც ხან იდო, ხან არა... ღამე კი ყველაზე მისტიური მომენტი დგებოდა, მთელი ქუჩის ბავშვები, მშობლები, ბებიები და ბაბუები, მარტოხელები, ძაღლები, კატები, იგორა – ყველა, ყველა ჩვენი ფანჯრების წინ, ელექტროობის ბოძთან ვიყრიდით თავს, ალექსა ბიძია თავის პორტატულ რადიოს გამოიტანდა, და თორმეტი საათის შესრულებას გვამცნობდა. იმ წუთას მთელი წლის განმავლობაში ნანატრი დრო დგებოდა, ცას წითელი, ოქროსფერი, მწვანე და ლურჯი ვარსკვლავები დაფარავდა და ქვემეხის ხმაც ყურებს დაგვიყრუებდა, `სალუტი დაიწყოოოო!” – ყვიროდნენ ბავშვები, ყველა ერთმანეთს ვეხვეოდით, ბებო ხელში შენახულ გოზინაყს ჩამიტენიდა პირში, _ `სიტკბო და სიხარული არ მოგაკლოს ბებო, ღმერთმა,” – ასე მეტყოდა და პირგამოტენილი, დუბლიონკაში გახვეული, ბებოს თეთრი ბამბის კაშნეთი და ორთითა ხელთათმანებით, სიამოვნებისგან, მეცხრე ცაზე ვიყავი. `სალუტები” ინთებოდა, ვარსკვლავები სულ უფრო და უფრო ლამაზ ფორმებს ხატავდნენ ცაზე. მე და ნიკო წრეში ვტრიალებდით, და რაღაც წარმოუდგენლად გვიხაროდა, რაღაც, რაც მხოლოდ ბავშვობაში გვიხარია ხოლმე, და მერე აღარასოდეს მეორდება, ბავშვური ახალი წელი...

ახალი წელი დღემდე, ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს, ყოველთვის ორი წუთით მაინც გადავდივარ მთაწმინდის ქუჩაზე,სადაც დღესაც ისევ ჩვენსავით ხვდებიან ახალ წელს, იმ უბნის ბავშვები...
გაზაფხულდებოდა თუ არა, მე და ნიკო, ჩვენი ჭერმის ქვეშ ალექსი ბიძიას გამოთლილ სკამზე ჩამოვჯდებოდით და ვოცნებობდით. გაზაფხულზე აკაცია ყვაოდა ხოლმე, აკაციის სუნს მომწარო-მოტკბო, მოწამლული ყვავილების სუნს ვამსგავსებდი, დღემდე მინდა ეს სურნელი გავიხსენო, მაგრამ ის, დაკარგული ნოტივით, მხოლოდ წამით მახსენდება და ქრება...

კალეიდოსკოპი

აკაციის ძირში, ნაწვიმარზე, სოკოები ამოდიოდა, მე და ნიკოც, ხან სოკოებს ვკრეფდით, ხან კი მატლებს ვაწვალებდით.
_ თენდეის, თავი დაანებე მატლს, რას ერჩი?
_ ვითომ შენ კი არ ერჩი რა?
_ მე ბიჭი ვარ, მატლის წვალება რა შენი საქმეა, წამოდი მაჩვენე, მამაშენმა რომ `პრაიგრივატელი” გაჩუქა, – მთხოვა, ერთ წვიმიან დილას, ნიკომ.
_ ახალი ფირფიტებიც მაქვს, – მოვიწონე თავი, – წამოდი, ჩემს ოთახში ავიდეთ. – ნიკოს ჩემი ოთახი ძალიან უყვარდა, ჩამოჯდებოდა ხოლმე ჩემს საყვარელ რაფაზე და იწყებდა მხატვრის თვალით ქუჩის ყურებას... – დღეს კონცერტი მაქვს, – გამოვუცხადე მე.
_ რა, სიმღერა დაიწყე?
_ არა, თან ვმღერი და თან ვცეკვავ, ოპერას ვაკეთებ.
_ ეგ რას ნიშნავს?
_ ოპერა რას ნიშნავს, არ იცი?
_ არა.
_ რას და თეატრს, სადაც ძალიან ხმამაღლა მღერიან და ლამაზი დიდი კაბებიც აცვიათ.
_ ძალიან ხმამაღლა უნდა იმღერო?
_ შენ მანდ დაჯექი, ჩუმად იყავი და მეც ახლავე მოვალ.


  იქით გავედი, დღევანდელივით მახსოვს ბებიას კარადის სუნი, ბებოს, უშველებელი კარადა-ოთახი ჰქონდა,შიგ შესვლაც შეიძლებოდა და ბოდიალიც. შიგნით კაბები, პალტოები, ქურქები ეკიდა. ძირს ფეხსაცმელები ეწყო. ზეპირად ვიცოდი სათითაოდ ყველა უჯრა, _ ფერად-ფერადი მაქმანები, ბაფთები, ღილები, სხვადასხვანაირი ფერადი ბოთლები, პომადები და ფერუმარილი, ნაჭრები, ბებოს საცვლები – რა აღარ ელაგა... და ყველაფერს, ერთი და იგივე სუნი ჰქონდა... ბებოს უჯრაში, უშველებელ წითელ ყუთში, თავისი ძმის მორთმეული სუნამო ედო, რომლის არომატი დღემდე მახსოვს. სუნებმა დავიწყება იცის, ის კი არასოდეს, არასოდეს მავიწყდება – `კრასნაია მოსკვა”, – რა თქმა უნდა, აბა ბებოს სხვა რა დუხი ექნებოდა მაშინ? მოკლედ, ყველა ნივთს, `კრასნაია მოსკვას” სუნი ასდიოდა, კარადაში საათობით ვიჯექი ხოლმე და ჩემთვის ჩასაცმელს ვარჩევდი, ახლაც მაგ საქმეზე შემოვიარე და ვიდრე ნიკო ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი მელოდებოდა, კარმენად გარდავიქმენი.

ნიკოს გავძახე ჩართე ფირსაკრავი-მეთქი და დაიწყო. კარადა-ოთახის კარს მთელი ძალით ვკარი ხელი და ქოშების ბაკუნით წავიწიე წინ, თან ქოშებს ვაბაკუნებდი, თან ხოსეს მზერას ვუსწორებდი და ვცდილობდი თვალებით გამომეწვია. ჩემი და ხოსეს დუეტი იმდენად ნათლად მქონდა წარმოდგენილი, რომ ხან ვუბღვერდი, ხან უხეში მოძრაობებით ვიცილებდი თავიდან, ხან ქოშების ბაკუნით ვცდილობდი გამეგდო სცენიდან. რამპა ანათებდა, უზარმაზარი აუდიტორია გასუსული მიმზერდა. რამდენჯერმე თმებში გარჭობილი ვარდიც კი ჩამომივარდა, არ ვიმჩნევდი და ხელის ერთი მოძრაობით ისევ უკანვე ვიბნევდი. მთელი ძალით და მონდომებით ვცეკვავდი. ცალი ხელით ქვედაბოლო მეჭირა და ქოშების ბაკუნით დავქროდი, დავფარფატებდი უზარმაზარ სცენაზე.

ნომრის ბოლოს განსაკუთრებით ვიმეტებდი საკუთარ თავს, თავბრუსდახვევამდე ვტრიალებდი და როგორც კი მუსიკა შეწყდებოდა, ძირს ვეშვებოდი, თავს იატაკამდე ვხრიდი და შეფასებას ველოდი. აპლოდისმენტები არ წყდებოდა, ყვავილების წვიმა მოდიოდა და მოდიოდა სცენაზე, მე კი თავს ზემოთ არ ვწევდი, ასე ვიყავი კიდევ რამდენიმე წუთი და მორთმეული ყვავილების სურნელებისაგან თავბრუდახვეული ადგომას არც ვფიქრობდი. ბოლოს ყვავილი მოვიძრე და პარტერში მოვისროლე, რომელიც, რა თაქმა უნდა, ნიკომ დაიჭირა, ის გაოგნებული და ოდნავ შეშინებული მიკრავდა ტაშს.
_ თენდეის, შენ რა გაგიჟდი? – გამომიყვანა ნიკომ სიზმრიდან.
_ რატომ?
_ რა გიჟის სახეებს იღებდი ცეკვისას. საიდან მოიგონე ეს უაზრო ცეკვა, დამაყრუა შენი ქოშების ბაკუნმა.
_ არ მოგეწონა? უსინდისო ხარ ნიკო! მე ხომ არტისტი ვარ!
_ ძალიან მომეწონა, ოღონდ ცოტა წყნარად იცეკვე ხოლმე, არ გიხდება ეს გიჟის სახეები.  
_ კარმენი ვიყავი, ასე ცეკვავს ზუსტად, ბებომ იმ დღეს, ოპერაში წამიყვანა და იქ ვნახე, ეს ფირფიტაც მიყიდა და იმის მერე ამ ნომერს ვამზადებ ჩემს ოთახში.


_ კარგია, ძალიან ლამაზი იყავი, ნამდვილი მოცეკვავე ხარ, – ნიკო შეეცადა თავისი უხეშობა გამოესწორებინა, _ ბაბუმ მითხრა, რომ გაიზრდები თვითმფრინავს გიყიდი და მოსკოვში გავფრინდეთო, მე კიდევ ვუთხარი რომ მოსკოვში არ მინდა, ამერიკაში გავფრინდებით-მეთქი, ჰოდა, შენ რომ სცენაზე იცეკვებ, მე გარეთ დაგელოდები თვითმფრინავით და ერთად გავფრინდეთ, კარგი?  
_ მე, ფერიას ფერცხლისფერი კაბა და ქოშები მეცმება, თავზე ბრჭყვიალა გვირგვინს დავიდგამ.
_ კარგი, რაც გინდა ის გეცვას, მე გარეთ დაგელოდები, და გავფრინდებით, კარგი?
_ ჰო, ნიკო, არ შემეშინდება?
_ მე ხომ დიდი კაცი ვიქნები თენდეის, რისი შეგეშინდება, ნამდვილი პილოტი ვიქნები.  
 მერე დაღლილი იქვე საწოლზე მივწექი, ნიკო გარეთ იყურებოდა და როგორც ყოველთვის ვარსკვლავებს ელაპარაკებოდა, ყოველ საღამოს, სადმე იჯდა და თვითმფრინავს ელოდებოდა, რომელიც ყოველ ღამე მართლაც გადაიფრენდა-ხოლმე, მერე იტყოდა `წავედი ახლა მე, თენდეის, და ხვალ, სკოლის მერე შემოგძახებ”.
 მერეც ძალიან ბევრი რამე იყო, მთელი ბავშვობა, რომელმაც მართლა ძალიან მალე ჩაიქროლა... ერთხელ, „გორკაზე“ ვსეირნობდით, ზემოთ მივდიოდით, როცა მე და ნიკომ, რაღაც უცნაური შევნიშნეთ. „გორკაზე“ ერთი დიდი ხე იდგა, უზარმაზარი, მე ყაყაჩოებს ვკრეფდი, ნიკომ ხელი დამიქნია, აქეთ მოდიო. მივედი, თან მანიშნებდა, ხმა არ გაიღოო, ჩუმ-ჩუმად იქვე ჩავიმალეთ და ვიღაცეების ლაპარაკს მივუგდეთ ყური.
_ თენდი, მაკაა, თავის შეყვარებულთან ერთად, ხის უკან დგანან და ლაპარაკობენ.


_ ჩვენი მაკა, იზო ბებოსი? გამოცდებს რომ აბარებს და მასწავლებლებთან დადის?
_ ჰო, მაკა, იაკოს და.
_ აქ რა უნდა, ნიკო, კაი რა, მეშინიააა.
_ უიმე, ეს რა მშიშარაა, რა დაგემართა, რისი გეშინია, შეყვარებული ჰყავს და ჩახვეულები დგანან ხის უკან.
_ ვაიმე!
_ ჰო, რა გაგიკვირდა, – ამასობაში მაკას პროფილი გამოჩნდა, წინ ბიჭი იდგა, ხელი ჰქონდა წელზე შემოხვეული, და თვალებში უყურებდა, მაკა ცდილობდა თავი დაეხარა, ის კი, ნიკაპს ზევით უწევდა, მაკა ისევ იგივეს აკეთებდა, უცებ ბიჭმა უფრო ახლოს მიიწია და ტუჩებში აკოცა. – აუ, აკოცაააა! – მომესმა სულელი ნიკოს ხმა, გაოგნებისგან თვალები გაფართოებოდა. ეს ხმა, მაკამაც გაიგო და წამსვე ადგილიდან მოწყდა. ბიჭიც უკან გაეკიდა, თან ჩვენ გვიყურებდა, თან რაღაც უხაროდა , მთელი სახე უბრწყინავდა.
_ ნიკო! რა იყო ეს?
_ მაკას შეყვარებულმა, ტუჩებში აკოცა!
_ ტუჩებში რატომ, ნიკო?
_ გოგო, შენ რა სულ პატარა უნდა იყო? აკოცა, უყვარს და იმიტომ.
_ მერე?
_ რა მერე, მერე კიდევ აკოცებს!
_ ვაიმეეეე!
_ რა ვაიმე, თენდეის, მე რომ გავიზრდები, მეც გაკოცებ ტუჩებში.
_ დებილო! იცოდე ყველაფერს ბებოს ვეტყვი, – ტირილი დავიწყე და სლუკუნ-სლუკუნით წამოვედი სახლში.

კალეიდოსკოპი

ნიკო უკან მომდევდა, გავჩერდი და ვუღრიალე – ნიკო, აღარასოდეს მოხვიდე ჩემთან სტუმრად.

ჩვენ აღარა ვართ მეგობრები!  
_ თენდეის, რა სულელი ბავშვი ხარ, რამ შეგაშინა!
_ ნიკო, გაჩერდი და უკან აღარ წამომყვე, თორემ რაც მითხარი მამას მოვუყვები და გცემს, არ გამომყვე და საერთოდ, აღარ მოხვიდე ჩემთან, გაიგე!!!
_ თენდეის, რა პატარა ხარ, არა გრცხვენია, გეხუმრე, – მეძახდა ნიკო, მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი, თავდაღმართზე გიჟივით ჩავრბოდი, და ნიკოს სიტყვები ნაწყვეტ_ ნაწყვეტ მესმოდა,_ `რა პა—ტაა—რაა –ააა თენდეიიიისიიიიი!” ექოსავით ჩამესმოდა ნიკოს დარქმეული სახელი, რომლის გაგონებაც კი არ მინდოდა, მახსოვს სახლში მივედი, ბებოს კალთაში ჩავეკარი და თავი მოვიმკვდარუნე.
_ ბებო ცუდად ვარ, სიცხე მაქვს და ხვალ ქუჩაში არ გამიშვა, კარგი?
_ კი ბებო, არსად არ გაგიშვებ, წამოდი დავწვეთ, ჩემო პატარა გოგო!
 ბებოსგან განსაკუთრებული სიმშვიდე მოდიოდა, ერთი ხელის შეხებით არჩენდა ყველაფერს, რაც მაწუხებდა. რომ დავინახავდი, ასე მეგონა, აღარაფერი მქონდა სადარდებელი. ვუთხარი, ნიკოს გავებუტე, მისი დანახვაც არ მინდა-მეთქი, ბებო თავიდან შეწუხდა, მერე გაარკვია, რაშიც იყო საქმე და დაწყნარდა. სულ ცდილობდა ნიკოს და ჩემს შერიგებას, მაგრამ ამაოდ. ოთხი წელი, ნიკოს სახლთან, ფეხითაც კი არ ჩამივლია. სკოლაშიც ზედა ქუჩით დავდიოდი, ნიკო თუ ალექსას სკამზე იჯდა, ელვის სისწრაფით ჩავურბენდი ხოლმე, ისე რომ ზედაც არ ვუყურებდი, თავიდან რაღაცეებს შემომძახებდა ხოლმე, მერე შემეშვა...

მიხვდა ალბათ, რომ მე ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი, ათი წლისაც არ ვიყავი... წელიც არ შემსრულდებოდა, და არასოდეს ვამბობდი ცხრის ვარ-მეთქი. სულ ვიმატებდი ასაკს, ნიკო კი უკვე თორმეტის ხდებოდა, უკვე დიდი ბიჭი იყო, – მაგრამ სულ მალე, ბავშვობა დამთავრდა, რაღაც ერთ დღეში, თითქოს ყველაფერი შეიცვალა... არ ვიცოდი ასე მალე თუ მთავრდებოდა ბავშვობა, არც არავინ იცის, მაგიტომაც დავწერე თავიდან, ვიძაბები ბავშვობას რომ ვიხსენებ-მეთქი, ვიძაბები იმიტომ, რომ ის იმდენად ჩქარა გავიდა, ვერც კი მივხვდი, როგორ გაილია და როგორ გავხდი (მაშინ, ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო სიტყვა) – `თინეიჯერი”.






შუა ასაკი –
“თინეიჯერობა”

 
 დადგა ის დღე, როდესაც ცამეტი წელი შემისრულდა. ვიგრძენი _ ასაკი მომემატა, დიდი გოგო გავხდი, ჩემს ოთახს თვალი გადავავლე, თოჯინებით იყო გადატენილი და სასწრაფოდ რაღაც გადაწყვეტილება მივიღე .
_ ბეე, ერთი ბაბა ირას გადასძახე, ილონკა ამოუშვას, რაღაც უნდა მივცე.


_ Ира, пусть Илонка поднимется к нам, – გასძახა ბებომ, ირას.
 ილონკა ორ წუთში გამოცხადდა ჩემს ოთახში, თითებგამოხეულ ჩუსტებში და მუხლებგამოცრეცილი კოლგოტკებით, ხელ-პირი მუდამ დათხუპნული ჰქონდა, ჯიბეში კი ხან ერთი კატის კნუტი ეჯდა, ხან მეორე. ილონკას სიგიჟემდე უყვარდა ჩემს ოთახში ჯდომა, მაგრამ ისეთი მორცხვი ბავშვი იყო, ხელს არაფერს შეახებდა. ასე იჯდა ჩუმად და გამოფიტული თვალებით მომჩერებოდა, შიგადაშიგ ტუჩზე ღიმილი დააჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი გავხედავდი, მოიღუშებოდა, თითქოს სიცილი დაუშალა ვინმემო.
_ ილონკა, რა კარგია რომ მოხვედი, – შევეგებე შემოსულს, – შემოდი, შემოდი, ვინ გითხრა კედელს აეკარიაო?
_ გამარჯობა, ნინუნკა!
_ მოდი აქ, აი ის დიდი ჩანთა მომაწოდე, რაღაცეები უნდა გაჩუქო.
_ Нинунка, поздравляю с днем рождения, желаю всего наилучшего!
_ გმადლობთ, ჩემო პატარა.
_ აი ეს შენ, Баба Ира дала, она тоже хотела поздравить! – ილონკამ პაწაწინა, სადაფის გულსაბნევი გამომიწოდა. ისე უჭერდა ხელს, რომ ხელის გული სულ გაწითლებული და სველი ჰქონდა.
_ ღმერთო ჩემო, რატომ შეწუხდა ბაბა ირა, რა ლამაზია! ახლა მოდი აქ, დაჯექი და მომისმინე.

დღეიდან ყველა ეს თოჯინა შენია.
_ А почему?
_ გაჩუქე და იმიტომ. შენს სახლში ყველას ადგილი უნდა გამოუძებნო.
_ მეე?
_ ჰო შენ, წაიღე და გაუფრთხილდი, გიყვარდეს და მოეფერე, იცოდე მთელი ცამეტი წელი ვაგროვებდი ამ თოჯინებს.
_ ყველა ჩემია?
_ ჰო.
_ ეს გერმანულებიც?
_ ჰო, ეგენიც, ეს ფუმფულებიც, ყველა შენია.
 ილონკას ჩანთა დავაჭერინე და შიგ თოჯინების ჩალაგება დავიწყე. ბევრი თოჯინა იყო, კიდევ დათვები, გოჭები და იხვები, მთელი კოლექცია. ილონკას გაოგნებული სახე არასოდეს დამავიწყდება, სიხარულისგან ყველაფერი უცახცახებდა, თან თითქოს ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი, სულ მალე მისი გახდებოდა.

მერე სახლში გადავყევი, უზარმაზარი ჩანთა ძლივს გადავიტანეთ, თოჯინების ეტლი, ჭურჭელი და ავეჯიც კი გავატანე. ილონკას სახლში ძალიან დუხჭირი მდგომარეობა ჰქონდა, ეს ყველამ ვიცოდით. დედ_ მამა ლოთები ჰყავდა, ამიტომაც ირა ბაბა ზრდიდა, საკუთარი ოთახი არც კი ჰქონდა, ერთი ციცქნა ბინა იყო, სამზარეულო, საძინებელი და დიდი ოთახი, ყველაფერი გაერთიანებული ჰქონდათ. ბაბა ირამ ამხელა ბარგით რომ დაგვინახა, შეეცადა დაგვხმარებოდა, სახლის საძინებელი ნაწილი გამოათავისუფა და ილონკას უთხრა `ეს შენი ოთახი იყოს, დიდი გოგო ხარ უკვეო”. მე სათამაშოების დალაგება დავიწყე, ილონკაც მეხმარეოდა, ძველმანები ბაბა ირამ იმ ჩანთაში ჩაყარა, რითიც მე თოჯინები მოვზიდე და გარეთ გაიტანა, მერე თეთრეულიც გამოუცვალა და ერთ საათში ილონკას სამყარო, მთლიანად შეიცვალა. ისე გალამაზდა იქაურობა, წამოსვლაც აღარ მინდოდა. წამოსვლისას ილონკა ჩამეხუტა, მითხრა, რომ არასოდეს არაფერი გახარებია აქამდე, მე ტირილი არ მინდოდა, ჩემი დაბადების დღე იყო, ამიტომაც მივიხუტე და ყურში ვუთხარი, რომ ადრე თოჯინებს მე ვუყვარდი, ახლა კი ილონკას შეიყვარებდნენ, თუ კარგად მოუვლიდა...
 ჩემს ოთახში სიცარიელე დამხვდა, თოჯინების თაროებზე ფირფიტები, წიგნები და რაღაც-რაღაც ნივთები დავალაგე, ოთახს თვალი მოვავლე.

თითქოს განგებ გავაჩუქე ჩემი თოჯინები, განგებ მოვიშორე ჩემი ბავშვობა თავიდან და ილონკას გადავულოცე. ზაფხული იწყებოდა და აბასთუმანში მივდიოდი. ნიკო მენატრებოდა, ახლა უკვე ვიცოდი, რომ მისი ნახვა მინდოდა, აღარ ვბრაზობდი მასზე. ჩემი დაბადების დღე იყო, ნიკო კი არ მოდიოდა. ბოლოს თვითონ გადავედი მასთან, ეზოში ფეხი შევდგი თუ არა დედამისმა მახარა, რომ ნიკო მთელი ზაფხული არ იქნებოდა. რაღას ვიზამდი, შევეგუე ჩემს ბედს. `სექტემბერში ხომ მოხვალ, ნიკო! როგორ მენატრები, რომ იცოდე, ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ!” ეს აზრი თავში ჩავიდე და მთელი ზაფხული სექტემბრის მოსვლას ველოდი...

მე, უკვე გაზრდილი თენდეისი, ველოდი სექტემბრის მოსვლას, ნიკომ ეს არ იცოდა.  
აბასთუმანშიც ვიყავი, მერე ზღვაზეც. როგორც იქნა გავიდა ეს ზაფხული და ისევ თბილისში დავბრუნდი, ისევ ბებოს სახლში, მთაწმინდაზე.

კალეიდოსკოპი

ბებოსთან როგორც ტყვია ისე მივფრინდი. მას შემდეგ, რაც ნიკოს გავებუტე, ოთხი გაზაფხული გავიდა, ოთხი ზამთარი, ოთხი შემოდგომა და ოთხიც ზაფხული.  
_ ბებოოო, ბებუნა, როგორ მომენატრე, რა კარგია რომ დავბრუნდი, როგორ მიხარია!
_ ბებო გენაცვალოს, რა დიდი გოგო ხარ უკვე.
_ ბე, ნიკო აქ არის თუ იცი? – აივანზევე შევეკითხე ბებოს.


_ კი ბებო, გუშინ აგერ იჯდა ჩვენს ფანჯარასთან, შეურიგდი თუ?
_ არა, ახლა შევურიგდები! – ვთქვი, ჩემი ბარგი-ბარხანა აივანზე დავყარე და ნიკოს ფანჯრებისკენ გავიქეცი.
_ ნიკოოოო! ნიკოოოო!
_ გოგო, რას კრიჩიხარ, რო კრიჩიხარ? ისტერიჩკა ტაკაია, _ გამომივარდა ნიკოს დიდი ბაბუა.
_ ნიკო სახლშია?
_ ვა, თენდეის! – ნიკო უკვე გვერდზე მედგა.
_ ნიკო! – კისერზე ჩამოვეკიდე _ შევრიგდეთ, ხო?
_ მე გაბუტული არც ვიყავი.
_ რა სულელი ბავშვი ვიყავი, არა?
_ ახლა რა, დიდი ხარ?
_ არა ვარ?
_ კი, ძალიან გაზრდილი ხარ, რა მაღალი ხარ თენდეის?
_ ჰო!
_ ეს რა არის? მკერდი გაგეზარდა?
_ რეებს მეკითხები, გიჟო.
_ მკერდი რა, უზრდელობაა?
_ არა, მაგრამ სირცხვილია, მე შემრცხვა.
_ თმებიც გაგეზარდა, სულ სხვანაირი ხარ.
_ შენც გაიზარდე ნიკო და ცხვირიც გაგეზარდა.
_ ჰო, ვიცი, მაგრამ არა უშავს, დამიპატარავდება, ახლა გარდატეხის ასაკი გამდის.


_ ჰო, შენ უკვე თექვსმეტის ხარ. ამდენ ხანს ჩემზე არ ფიქრობდი? არ გაინტერესებდა სად ვიყავი?
_ კი, შიგადაშიგ.
_ სულ არა?
_ კაი რა, მოისვენე თენდეის!
_ ვა, ნიკო, რა მაგარი ჯინსის კურტკა გაცვია.
_ ჰო, ვიცი, ლევისია, ნათლიაჩემმა ჩამომიტანა ამერიკიდან.
_ აა, აი ჩემი ჯინსიც ლევისია. რას აკეთებდი ხოლმე უჩემოდ, ჯორჯი მასწი როგორ არის, ხატავს კიდევ?
_ ჯორჯი, გარდაიცვალა.
_ ვაიმე! მართლა?!
_ ჰო, გასულ ზაფხულს... მე ვიპოვნე, სახლში იყო მარტო, წაქცეული, კატა კნაოდა მთელი ღამე, დილას გადავედი და ჯორჯი აღარ იყო.
_ საცოდავი, რა დაემართა?
_ არ ვიცი, სულ გკითხულობდა. რატომ არ ადიოდი?
_ ნიკო,იმ დღის მერე ხშირად აღარ გავდიოდი ქუჩაში, ზემოთა ქუჩიდან დეიდასთან დავდიოდი სოლოლაკში და იქ ვმეცადინეობდი...

 
_ მაგიტომაც, გხედავდი იშვიათად. ან გარბოდი ან მამა გაცილებდა, რისი გეშინოდა, ვერ გავიგე?
_ არ ვიცი, რაღაც მოხდა იმ დღეს, რაღაც არ მესიამოვნა და შემეშინდა, ახლა აღარც მახსოვს, ოთხი წელია არ გელაპარაკები, რა გულდასაწყვეტია.
_ ჰო, ოთხი წელი გავიდა, არადა ყველაზე კარგი მეგობრები ვიყავით.
_ ჰო, შენ რას აკეთებდი, ნიკო?
_ მე ვხატავდი...
_ მართლა? რა კარგია!
_ ჰო, წელს აკადემიაში უნდა ჩავაბარო, უკვე თექვსმეტის ვარ.  
_ ვიცი, მე ცამეტის ვარ.
_ მაგიტომაც გაგეზარდა მკერდი.
_ აუ, გაჩუმდი რა!
_ კაი რა თენდეის, აღარ მეჩხუბო, წამოდი და ახალ ნახატებს განახებ.
_ ახლავე, წამო, ბებოს სადილი გაუკეთებია, ვჭამოთ და მერე წავიდეთ ნახატების სანახავად.
_ კარგი, წამო.


 ბებოს ქათმის ხარჩო, ღომი და ალესილი ნიგვზიანი ბადრიჯანი გაეკეთებინა, კიტრი და პომიდორი დაეჭრა, ლაღიძის წყალი დაგვისხა, დაჯდა და გვიყურებდა. ასე იცოდა ბებომ, საიდანმე თუ ჩამოვიდოდი იმას დამახვედრებდა, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა... გემრიელად ვჭამეთ, თან ერთმანეთს ვუყურებდით.
ახლა უკვე ისიც ვიცი ჯუღუ ვინ იყო, ახლა უკვე თინეიჯერის ენითაც ვეღარ ვწერ, ვერც ბავშვის ენით, იმიტომ რომ, ჯერ ყველაფერს ვაანალიზებ და მერე ვწერ, არადა ბავშვი რომ ვიყავი, მაშინ ხომ ყველაფერი სხვანაირი იყო, სხვა რამეებს ვგრძნობდი!
  უკვე თინეიჯერი ვიყავი, მაშინ ეს არ ვიცოდი. თინეიჯერის ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი. მიკ ჯაგერის, სტივ ვანდერის, `პინკ ფლოიდის”, `ფაიას” და `ვი არ ზი ვორლდი”-ს პლაკატები მქონდა, ვცდილობდი უცნაურად ჩამეცვა და უცნაურობები მეკეთებინა _ აბასთუმანში, ზღვაზე და ყველგან. ახლა კი თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, ისევ ნიკო, ისევ ბებოს სამზარეულო, ისევ ხარჩო და ძველი სუნი, ბებოს ფანჯრებზე მოკიდებული ორთქლი და ჩემი მშობლიური სახლი, სადაც ყველაზე ბედნიერი, ლაღი და უდარდელი წლები გავატარე, თან ვჭამდი, თან ნიკოს ვუყურებდი, ისეთი ლამაზი იყო, ისე მომწონდა, თვალს ვერ ვწყვეტდი.

მიხაროდა ნიკოს ყურება, ადგილს ვერ ვპოულობდი და მინდოდა ჩავხუტებოდი, ან მოვფერებოდი, ან მეკოცნა... აი ასე მარტივად, სამზარეულოში, მაგრამ, ამას ვერაფრით გავაკეთებდი, თვითონაც მიყურებდა, უკვე დიდი ბიჭი იყო, ცხვირი გაბუშტოდა და მუწუკებზე წვერები ჰქონდა ამოზრდილი, თითქოს მიახატესო... თვითონაც მაკვირდებოდა, ვგრძნობდი,რაღაც ახალი იწყებოდა, მაშინაც ვიცოდი, ნიკო, მთელი ცხოვრება მიყვარდა, და ახლაც, მაგრამ ვერ ვამბობდი. ნიკოს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ეშინოდა ასე სწრაფად რომ გავიზარდე, თავს შორს იჭერდა, მაგრამ სულ მიყურებდა, მათვალიერებდა, მე კი უკვე _ `глаза не лгут”, ვიცოდი. თამამად ვიქცეოდი და ძალიანაც მომწონდა. ამ ჩემს სითამამეში, იყო რაღაც ისეთი, რაც ნიკომ ჯერ არ იცოდა, იმის გამო, რომ პატარა ბიჭი იყო, ყველანაირად ვცდილობდი მასზე შთაბეჭდილება მომეხდინა, ყველა ხერხი გამოვიყენე, რაც კი ვიცოდი...
_ ვა, თენდეის, რა მაგარი პლაკატები გაქვს.
_ ჰო, ეს ჩემი საყვარელი მომღერლებია.


_ ეს საიდან გაქვს, – შემეკითხა ნიკო ხართან მებრძოლი ტოროს პლაკატზე, სახელებში ერთ-ერთი ჩემიც ეწერა.
_ ა, ეს მამამ და დედამ ჩამომიტანეს, ესპანეთიდან.
_ აუ, რა მაგარია.
_ კიდევ რა მაქვს საინტერესო?
_ ყველაფერი.
_ რა ყველაფერი?
_ ყველაფერი ახალი და საინტერესო გაქვს.
_ ჰო, აი ეს მაგნიტოფონი მამამ მიყიდა, `შარპისაა”, ორკასეტიანია, ეს `ვოქმენიც”, კასეტას გადმოტრიალება არ სჭირდება.
_ მაგარია!
_ მუსიკას მოვუსმინოთ, ხვალ დილას მოვალ ნახატების სანახავად, კარგი?
_ როგორც გინდა, თენდეის.
 ნიკომ, ძველებურად, ფანჯრის რაფაზე მოიკალათა, მუსიკა ჩავრთე და მეც მივუჯექი, მაგრამ რას დავეტეოდით, პატარები ხომ აღარ ვიყავით.
_ რა ცუდია, ნიკო, რომ ვიზრდებით, იმის საშუალება აღარ გვაქვს, ორივენი ერთ რაფაზე დავეტიოთ.
_ მოიცა, ფეხებს ჩავწევ, მოდი დაჯექი, აი ასე.  
 ნელ-ნელა დაბნელდა, ნიკო ისევ ცაში იყურებოდა, მე მას ვუყურებდი, თან ფრთხილად ვეკვროდი, მსიამოვნებდა, ასე ახლოს რომ ვიჯექი მასთან, შიგადაშიგ თვალს ჩემსკენ აპარებდა, მეც თვალს ვერ არ ვწყვეტდი.

ახლაც ისე მახსოვს ეს წუთები... ბავშვური ბედნიერების შეგრძნებას ჰგავდა, ნიკო ძალიან ახლობელი იყო, ისეთივე, როგორიც ჩემი ფანჯრის რაფა, ჩემი ოთახი, ჰაერში დაკიდებული ორი ტრამვაი, ყვითელი და წითელი, პატარები რომ ვიყავით, წითელი მე ვიყავი, ყვითელი ნიკო, ყოველ ჩავლაზე შევხედავდი და ვეუბნებოდი `ნიკო, ახლა შენ ახლოს მოხვალ და რო ჩამივლი, სურვილი ჩავიფიქროთ”...

კალეიდოსკოპი

ნიკოს არ უყვარდა სურვილების ჩაფიქრება, მეუბნებოდა, ჩემიც შენ ჩაიფიქრეო, თავის დაბადების დღის ნამცხვარზეც კი მე მაქრობინებდა სანთლებს, და ჩემი ბავშვური სურვილებიც მუდამ სრულდებოდა.
_ ნიკო, ტრამვაი მოდის, ახედე, ახლა ჩემთან ახლოს რომ მოხვალ, როგორც კი გამისწორდები, სურვილი ჩავიფიქროთ!
_ ჩემს მაგივრად შენ ჩაიფიქრე, ჩემი სურვილი – შენი სურვილია!
_ მერე არ გეშინია, ყველა ჩემი სურვილი რომ ასრულდეს?
_ მეშინია, დღეს რაც გნახე, მთელი საღამოა მეშინია შენი!
_ მართლა? რატომ?
_ არ ვიცი, თენდეის, სხვანაირი ხარ, დიდი ხარ, დიდი ტუჩები გაქვს, და თითქოს სხვანაირად სუნთქავ... უფრო შესამჩნევად.
_ მართლა?
_ ჰო! რას მიყურებ, თენდი?
_ მომენატრე, ნიკო! რომ გხედავ მუცელში პეპლები მიფრთხიალებს.
_ რა სულელი ხარ, რა პეპლები?
_ აი, აქ, – ნიკოს ხელი ავიღე და დიაფრაგმის ქვეშ რომ რბილი ნაწილია იქ მივიტანე, – თითქოს პეპლები შემომიფრინდნენ და ფრთხიალებენ.
_ ძალიან შეცვლილი ხარ, თენდი, ჩემი პატარა თენდეისი აღარა ხარ, ვიღაც სხვა ხარ!
_ ის ვიღაც, არ მოგწონს?
_ მომწონს რომელია... – ნიკომ შემომხედა და გაწითლდა... გაჩუმდი, გირჩევნია ვარსკვლავებს ახედე, ნახე რა ლამაზია.
_ ულამაზესია, ნიკო!
 ასე მოხდა ჩემი და ნიკოს შერიგება-დაახლოვება.

ახლა უკვე ცამეტი წლის ვიყავი და მეგონა, იმდენად დიდი ვიყავი, მეტი გაზრდა აღარც მჭირდებოდა. ნიკო ხანდახან შიშით მიყურებდა და მაკვირდებოდა, ვერ გაეგო, ასე რატომ შევიცვალე. მე თვითონ დავემსგავსე კალეიდოსკოპს, და ნიკოსაც იქით ვექაჩებოდი, ისიც მორჩილად მომყვებოდა და ერთად ვტრიალებდით ჩემს კალეიდოსკოპში, ჯორჯი ბიძიას კალეიდოსკოპში მომწყვდეული პეპლებივით ვბზრიალებდით და დროც ისე მალე გადიოდა, ვერაფერს ვგრძნობდით, დილიდან-დაღამებამდე განუყოფელნი ვიყავით. თუ ნებას დაგვრთავდნენ ღამეც ერთად ვიყავით და ერთმანეთზე დაკვირვებით ვხვდებოდით, რომ დროც გადიოდა და ჩვენც კატასტროფული სისწრაფით მივყვებოდით მას. ერთ დღესაც შევამჩნიე, რომ ნიკოს ცხვირი დაუპატარავდა, მუწუკები ჩაუქრა და ისევ გალამაზდა.  
როდესაც ადამიანები რაღაცას ჰყვებიან, ძალიან ხშირად ერთმანეთს არ უსმენენ. ამ დროს, ისინი თავის ამბავს იხსენებენ და ერთი სული აქვთ, როდის დაასრულებს მოსაუბრე მოყოლას, რომ საკუთარი თქვან.

ნიკოს სრულიად უინტერესო ბოდვასაც კი განსაკუთრებული ინტერესით ვუსმენდი, თვალებგაფართოებული ვუყურებდი ხოლმე, როცა ლაპარაკობდა და თვალებით ვჭამდი...“თენდეის, წესიერად წამოწექი მაგ `კუშეტკაზე”, და ველურივით ნუ მიყურებ!” – მეტყოდა ხოლმე ნიკო.
 გასართობი და დასაკვირვებელი უამრავი რამ იყო... მე კი ძირითადად ნიკოთი ვიყავი მოცული (და მერეც, ვისთანაც მქონია ურთიერთობა – ყოველი მათგანით ვიყავი მოცული, მათი საქმით და მათი პერსონით, ჩემდამი განსაკუთრებული ინტერესის გამოჩენის ნება, არასოდეს არავისთვის დამირთავს, და თუკი ვინმე ჩემს თავისუფლებას დაესხმებოდა თავს – გავურბოდი). მოკლედ, ნიკოთი და მისი შემოქმედებით იმდენად ვიყავი გართული, ჩემი სწავლა-განათლება, კინოს ღამის სეანსებივით გვიან, იწყებოდა, მაშინ როდესაც ბოლომდე ამოვწურავდით ყველა ნიუანსს და იმ დღისთვის აღარაფერი დარჩებოდა საინტერესო... ნიკო, არა მარტო მხატვრობაში, საერთოდ იყო ნიჭიერი ბიჭი... ხატვას დაასრულებდა, დადგებოდა ნახატის წინ და მიხსნიდა რაღაცეებს, რასაც მე ვერ ვხედავდი, იმას, რასაც ნახატზე ჩვეულებრივი ადამიანის თვალი ვერ ხედავს. ნახატების სიღრმეში ჩაკარგულ ქვეტექსტებს... იმას, რაც ზეციდან მოდის და ნიჭის საშუალებით დედამიწაზე გამოისახება, ყოველი ნოტის, ყოველი სტროფის, ფუნჯის ყოველი მოსმის,ფილმის ყოველი კადრის, ყოველი დაწერილი წინადადების სახით!  
 ნიკოს ხანდახან, ნიკო ფიროსმანს ვეძახდი, ჩავიდოდით მაშინდელ ლენინის მოედანზე, მუზეუმში, პუშკინის სკვერთან და დავდიოდით ნიკო ფიროსმანის ნახატებში.

ნიკო ტვინს მიღრღნიდა – `ფიროსმანს თუ არ დააკვირდი, ისე ვერ ჩახვდებიო”, მე კი არ მომწონდა ნიკო ფიროსმანი, ჩემი ნიკოს ნახატები მერჩივნა და ამას არც ვმალავდი. ბევრი ნახატი არ ჰქონდა, ნელა ხატავდა, ნელა და სერიოზულად. მეც იქვე ვიყავი წამოწოლილი , ხან ვკითხულობდი, ხან ნიკოს ვუყურებდი, ხან კალეიდოსკოპს ვუკირკიტებდი, ჯორჯი ბიძიას სიკვდილის შემდეგ, კალეიდოსკოპი ნიკოს ერგო... კალეიდოსკოპში ყურება არასოდეს მბეზრდებოდა. ჩავიხედავდი, და ყველაფერს ვხედავდი, რაც მინდოდა რომ დამენახა. ბავშვობიდან ძალიან დიდი ფანტაზიორი ვიყავი, ახლა უკვე ვეღარ ვიხსენებ, ნამდვილად ვხედავდი ხოლმე რაღაცეებს, თუ ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო... ნიკოს კალეიდოსკოპი, ყველაზე ძვირფას ნივთად მიაჩნდა, როგორც დიდ განძს, ისე უფრთხილდებოდა.

მიუჯდებოდა და იტყოდა – `თენდი, ჩვენი ცხოვრება კალეიდოსკოპს არა ჰგავს? აქ ყველაფერი ასე ტრიალებს, დღეები ერთმანეთს ამ მძივებივით ებმის... ცხოვრება კალეიდოსკოპია... არა?” _ `კი, ნიკო”, – ვეტყოდი, მერე ის ისევ ხატავდა, მე ვკითხულობდი – დაგვიძახებდნენ – დავიშლებოდით. მერე ისევ შევხვდებოდით და ასე მიდიოდა ჩვენი თინეიჯერობა... ერთხელ, ნიკოსთან მივედი და ვთხოვე გვიან, როდესაც მოსაღამოვდებოდა სხვენზე ავმძვრალიყავით და თან სანთლები აგვეტანა. ნიკო ყოველთვის სიხარულით ასრულებდა ჩემს სურვილებს, ახლაც დამიჯერა, მაისი იყო, თბილოდა, ნიკოს სახლს დიდი სხვენი ჰქონდა, სახურავი სულ შუშის იყო, ვიჯექით და ცას ვუყურებდით ხოლმე, ვიცოდი, იქ ბნელოდა, ამიტომაც ცხრა სანთელი წამოვიღე, სხვადასხვა ადგილას დავდგი და იქაურობა გავანათე.  
 მთელი ღამე სხვენზე გავატარეთ, ვერც შევამჩნიეთ როგორ გავიდა ღამე და დაგვათენდა.

მივხვდი, რომ ბებოს ჩაეძინებოდა და აღარ დამიძახა, ეს პირველი ღამე იყო, რომელიც გავათენე, გავათენე ბიჭთან ერთად... ფილმის კადრივით მახსოვს – ცხრა დანთებული სანთელი, მთელს სხვენს ყვითლად ანათებდა. ძირს ბალიშები გვეწყო, ზედ ნიკოს ბაბუას წითელი `კლეჩატი პლედი” ეფინა, სუნიც რაღაცნაირი იდგა, ჩვენი სიახლოვის სუნს ჰგავდა. ახლა, ამ წუთას ჩემი ტიტინიც კი მესმის, ნიკოს დაღლილ თვალებსაც ვხედავ, როგორ ცდილობს არ დაეტყოს, რომ ეძინება. პლედის სითბო მომდის და დიდი დათვიც მახსოვს, როგორ გადაადგილდებოდა, ერთი ადგილიდან მეორეზე... ნიკო და მე პლედზე გვერდიგვერდ ვიწექით და ერთმანეთს შეპარვით ვეკვროდით, ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით და არაფერს, სულ არაფერს ვამბობდით... რამდენი სიყვარულიც არ უნდა გქონდეს ადამიანს ცხოვრებაში, ასეთი ინტიმური ალბათ არაფერია, როგორც ეს ღამე იყო ჩვენთვის, ღამე, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ორი ბავშვური სხეული, გარეშე ერთმანეთს მაგნიტივით ეკვროდა.

კალეიდოსკოპი

ნიკო თვალს არ მაშორებდა, ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელი და უმწიკვლო მზერით მიყურებდა, ჩემი თვალები კი სხვანაირად ბრჭყვიალებდნენ...




***

კლასში მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა, ისიც ჩემსავით თავის ბებიასთან ცხოვრობდა, ბევრი რამ გვქონდა საერთო. ნიკოს ორი მეგობარი ჰყავდა _ ძიმკა, ფიცრებით და რაღაც უცნაური ხელსაწყოთი მოდიოდა და როცა ნიკო ხატავდა, ის ამ ხელსაწყოთი რაღაცეებს ამოწვავდა ხოლმე ფიცარზე. ხან სახლს, ხან ხეებს, ხან სახლს და ხეებს ერთად. ნიკოს მეორე მეგობარს გურიკო ერქვა, მუსიკის ფანატი იყო და საქართველოში რა მუსიკის შოვნაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოჰქონდა, ზოგი ფირფიტებზე, ზოგიც კიდევ კასეტაზე ჩაწერილი. ლამაზი, წითელი, ორკასეტიანი მაგნიტოფონი მქონდა, ჰოდა ვუსმენდით მუსიკას, ნიკო ჩვეულ ამპლუაში,_ ფუნჯით ხელში. ძიმკას ფიცარზე წვა მალე ბეზრდებოდა, ჩემთან და გურიკოსთან მოვიდოდა და მუსიკაზე ან სხვა რამეზე ვსაუბრობდით. 1989 წელი იყო, უკვე თოთხმეტი წლის ვიყავი, ნიკო ჩვიდმეტის, გურიკო და ძიმკაც ნიკოს ასაკის იყვნენ, ერთი აუხდენელი ოცნება გვქონდა,–საზღვარგარეთ გაღწევა.

თვითმფრინავში ჩაჯდომა ყველას გვინდოდა, მაგრამ ნიკო ნამდვილი მიზანთროპი იყო. თუ არ ხატავდა, სულ თვითმფრინავებზე ლაპარაკობდა, ან რაღაც ჟურნალებს უკირკიტებდა, საღამოს კი დავსხდებოდით, უკვე დიდები, ტანაყრილები, სადმე ჩავიკუჭებოდით და ცაში ვიყურებოდით, როგორც ბავშვობაში, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო... ხანდახან ძიმკა და გურიკოც ჩვენთან ერთად მოდიოდნენ, ავიდოდით მთაწმინდაზე, სულ ბოლოს, სადამდეც შეიძლებოდა აძრომა, დავსხდებოდით ოთხივე და გაუთავებელ ლაპარაკს ვიწყებდით. თუ რამე ახალ ფილმს ვნახავდით – ვარჩევდით. დედასთან დავდიოდი კინოსეანსებზე, ბებოსთან `ვიდეო” არ იყო. დავჯდებოდი მარტო და თუ რამე იყო სანახავი ყველაფერს ვნახულობდი. ერთხელ, `თმები” ვნახე, მოვედი და ბიჭებთან ერთად მთაწმინდაზე წავედი .

 
_ ჰიპებზე ვნახე ფილმი, `თმები”.
_ ეგ ძველი ფილმია, – ჩამერთო ნიკო.
_ მერე რა რომ ძველია, მე ახლა ვნახე და ძალიანაც მომეწონა, ჰიპები მაგარი ხალხია, არაფერი ენაღვლებათ. მაგ ფილმში ერთი ნარკოტიკია, რომ დალევ, გეჩვენება დაფრინავ და თან ცეკვავ, თან თეთრი საქორწინო კაბა გაცვია... სიგიჟეა...  
_ მე არ მინახავს, არც მაინტერესებს ნარკოტიკები, – თქვა ძიმკამ.
_ მეც არ მაინტერესებს, მაგრამ სიგარეტი კი მინდა გავსინჯო, – ვაღიარე მე, – ჯიბეში ხელი ჩავიყავი და მამაჩემის დატოვებული “მალბოროს” ყუთი ამოვიღე, სიგარეტს მოვუკიდე და მოვქაჩე.
_ თენდი, რას აკეთებ?! – გამიბრაზდა ნიკო.
_ უნდა გავსინჯო, აბა როგორ მივხვდე მოვწიო თუ არა, ჯერ ხომ უნდა გავსინჯო და ვნახო, იქნებ მომეწონოს.
_ რა ახირებები გაქვს!
_ კარგი რა, ნიკო, იმ ფილმში გოგოები მარიხუანასაც კი ეწეოდნენ.
_ ყველას უნდა მიბაძო?
_ მაინტერესებს, ცოტაც რომ გავიზრდები, მარიხუანას აუცილებლად გავსინჯავ.
_ თენდეისი ბოდავს, – შერცხვა ნიკოს ჩემს გამო, – ბავშვობიდან ყველა უაზრობა ამან უნდა თქვას და გააკეთოს.
_ გშურს ჩემი ნიკო? თავისუფალი ადამიანი ვარ, – რასაც მინდა გავაკეთებ.
_ ეგ ვინღა შთაგაგონა?
_ თვითონ მივხვდი, ჩემი გადასაწყვეტია სიგარეტს მოვწევ თუ არა, ოჰ, ოჰ, ოჰ რა კარგია, – გასინჯე – სიგარეტი ნიკოს გავუწოდე, გაბრაზდა, წამოხტა და წავიდა...


_ თენდეის, მგონი ნიკოს აწყენინე, – მითხრა ძიმკამ.
_ რა ეწყინა? არ მესმის. პირველად კი არ ვეწევი, უკვე დიდი ხანია დავიწყე, – გავეხუმრე ძიმკას, არადა პირველად ვეწეოდი, სიგარეტი მძულდა, არ მახსოვს რისი გამოხატვა მინდოდა, ამით რას ვამტკიცებდი. მერე ისევ გავხსენი კოლოფი, ისევ მოვუკიდე. გურიკო და ძიმკაც ამყვნენ, მათაც თითო-თითო მოწიეს. ბალახზე ვისხედით, სიგარეტს ვქაჩავდით და რაღაც უაზრობებზე ვლაპარაკობდით. მოკლედ, გადავწყვიტეთ აქ გვევლო და ვინც სიგარეტს იშოვნიდა, თან წამოეღო, ერთად მოგვეწია და გველაპარაკა. მერე რეტდასხმული ბიჭები წამოვყარე და ქვევით ჩამოვედით, ისინი სახლებში წავიდნენ, მე ნიკოსთან მივედი.

თავის „კუშეტკაზე“ იჯდა გაბუტული, პატარა, სამხედრო თვითმფრინავის მოდელს უკირკიტებდა, მივედი და მის გვერდით ჩამოვჯექი.
_ სიგარეტი აღარ მოწიო თენდეის, თორემ აღარ დაგელაპარაკები.
_ კარგი რა, ნიკო!  
 ვუთხარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე, წინ გავიწიე და ტუჩებში ვაკოცე. ეს ისე უცბად მოხდა, შემაჟრჟოლა, ადგილიდან მოვწყდი და სახლში გავიქეცი. რა ჩავიდინე? ნიკოს ტუჩებში ვაკოცე?! წესით, ალბათ ბიჭები კოცნიან პირველები, მე კი გოგო ვარ და პირველმა ვაკოცე...  
 ამ ჩემმა საქციელმა თითქოს ყველაფერი შეცვალა. მეორე დილას, რომ გავიღვიძე, ადგომაც არ მინდოდა, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ სხვა გზა არ იყო, უნდა ავმდგარიყავი და მეტიც, ნიკო უნდა მენახა.

ფანჯრიდან გავიხედე, ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივი მეჩვენა. მაგრამ ჩემში იყო რაღაც ახალი, ეს მსიამოვნებდა... შინაგანად მამხნევებდა, სიახლე, რომელიც თავადვე შევიტანე ცხოვრებაში _ მეამაყებოდა. ბებოსთან გავედი და ჩაი დავლიე, მერე კი ჩავიცვი და ალექსას სკამზე ჩამოვჯექი. ნიკო არ ჩანდა. ცოტა ხანში დიდმა ბაბუამ გადმოიხედა, მე რომ დამინახა თავი უფრო მეტად გადმოჰყო ფანჯრიდან და დამიძახა:
_ Ниночка, наш мальчик уехал!
_ Как уехал?
_ Вот так, папа забрал в горы!
წამით, ყველაფერი გაჩერდა... ჩემს თავს, მოხუც ბაბუას და საერთოდ მთელს სამყაროს გავებუტე.

ძიმკას და გურიკოს შევძახე და `გორკაზე” წავედით. ძიმკას „პინქ ფლოიდის“ ჩანაწერი ჰქონდა წამოღებული. ყურსასმენები ყურებში გავირჭე, სიგარეტი ამოვიღე და გავითიშე. აქ როცა ამოვდიოდი, ცა და დედამიწა ჩემი მეგონა, აღარასოდეს განმიცდია მსგავსი რამ. ასე მეგონა, მთელი ქალაქი, მთაწმინდა და ყველა სახლის სახურავი, ყველა პატარა და დიდი ეზო, ჩემი იყო, ვეღარაფერმა შეცვალა ეს შეგრძნება. ჩამოვჯდებოდი, სიგარეტს მოვუკიდებდი, გურიკოს მაგნიტოფონის ორივე ყურსასმენს გამოვტაცებდი და სადღაც მივფრინავდი. ძალიან მალე, სწორედ მაგ დღეს დავისაჯე, გათიშულმა და სიგარეტისგან დარეტიანებულმა, ვერც-კი შევამჩნიე, მამაჩემი, როგორ წამოგვადგა თავს.

დავიფიცებ, რომ მსგავსი შიში, აღარასოდეს განმიცდია, მამაჩემის გაფითრებული სახე რომ დავინახე, მივხვდი რაც მელოდა. ძიმკას და გურიკოს გაოგნებულ თვალებს ვხედავდი. მამას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ, თეთრი იყო და ტუჩები გალურჯებოდა. ხმა არ ამოუღია, მანქანაში ჩამსვა და ისეთი საშიში და გულისგამაწვრილებელი სიჩუმით მიმაგდო ბებოსთან, მერჩივნა ეყვირა, ხელიც კი გაერტყა, ოღონდ ასე ჩუმად არ მჯდარიყო.

კალეიდოსკოპი

სახლში ლასლასით ავედი, ბებო ისე თბილად შემხვდა, რომ დავინახე გული შემიწუხდა. არაფერი მინდოდა, ჩემს ოთახში შევიკეტე და ორი სამი დღე სახლიდან ცხვირი არ გამიყვია. სიგარეტის ამბავი ბებოს არ უთხრეს, დაზოგეს, რომ ცუდად არ გამხდარიყო, მერე დედა მოვიდა და მკითხა:
_ რა დაგაკელით? რა დაგემართა ასეთი, რომ თოთხმეტი წლის ასაკში სიგარეტის მოწევა სცადე?
_ არ ვიცი, – ვუთხარი დედას, და უცებ ისეთი მწარე სილა ვიგემე, რომ დავრეტიანდი და საწოლზე დავენარცხე.


_ ძალიან გვაწყენინე, მე და მამას შენი დანახვა არ გვინდა, სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ, ჩვენს სახლში რემონტი, ერთ თვეში დამთავრდება და მერე გადმობრძანდები, მაგრამ იქამდე სახლიდან გასვლის უფლებას არ გაძლევ, გესმის?!
_ მესმის, – ვუთხარი და ჩემს საწოლზე გულაღმა დავეხეთქე.
  ცოტა ხანში ბებო შემოვიდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. ბებოს ჩავეხუტე, ის არასოდეს არაფერს ითხოვდა ჩემგან და ალბათ ის ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სიყვარულს უპირობოდ მაძლევდა, უზომოდ ვუყვარდი. ბებოზე მოყოლა არ შემიძლია, მხოლოდ ტკივილი, სინანულის და მონატრების გრძნობა მოდის... არც მინდა მისი გახსენება, არც სურათს ვუყურებ არასოდეს, გავურბივარ, ისე მენატრება, მეშინია მისი დანახვის, არაფერი უთხოვია ჩემთვის, ისე მაძლევდა თავის ამოუწურავ და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც ისეთი ღრმა და გულწრფელი იყო, რომ დღემდე გამომყვა და ალბათ არც არასოდეს დასრულდება...  
მეორე დღეს ნიკომ მომაკითხა, ყველაფერი მოვუყევი. ძალიან არ მოსწონდა რომ ვეწეოდი, ამიტომაც გამამტყუნა _ მადლობა უთხარი მამაშენს, ასე რომ შეიკავა თავი, მე მის ადგილას კარგად მიგტყეპავდი, – ასე მითხრა და მერე მომეფერა, დამაწყნარა და გამომიტყდა _ ისე მენატრებოდი, თენდეის, უშენოდ, ორ დღეში გული კინაღამ გამისკდა.

ასე დიდხანს აღარასოდეს დაგტოვებ. _ მერე, ფანჯრის რაფაზე ხელი შემომხვია და ასე ვისხედით შუაღამემდე. ნიკო დაბნეულიც იყო, დარცხვენილი და ლოყებაწითლებულიც, რაღაც სხვა სითბო გადმოდიოდა მისგან, ისე მეკვროდა აქეთა მხარი გამიხურდა, მერე სახეში შემომხედა და კიდევ ერთხელ მაკოცა... ეს უკვე ნამდვილი კოცნა იყო, რომელიც არცერთ გოგოს არასოდეს ავიწყდება. პირველი, ყველაფერი განსაკუთრებული გვგონია, სინამდვილეში კი არაფერია ისეთი განსაკუთრებული, როგორიც პირველი კოცნა... ნიკო მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, და აღარაფერს ნიშნავდა ჩემთვის არც დასჯა, არც სიგარეტი და არც არაფერი რაც გამაჩნდა. სწორედ ამ რაფაზე, ჩემი პატარა გულით, ჩემი მოკლე ჭკუით და გამოცდილების გარეშე მივხვდი, იმას რასაც ასაკოვანი ქალიც შეიძლება ვერ მიმხვდარიყო – სიყვარული, სულიერი სიმშვიდეა, რომელიც ყოველდღიურად ახალ სიხარულს გჩუქნის, ყველაფერ ცუდს და ძნელად დასავიწყებელს გავიწყებს.

ნიკო წავიდა, წითელი ფლომასტერი ავიღე და პლაკატზე, რომელზეც ცხენებზე ამხედრებული, ჯინსებში გამოწყობილი, თეთრ შლაპიანი კოვბოი და უდაბნო იყო გამოსახული, ასეთი ფორმულა დავწერე – `მე, სიყვარულისთვის ვარ დაბადებული, თენდეისი...”
ნიკოს ჩემი გადასვლის ამბავი მოვუყევი, ერთ თვეში გადავდივარ-მეთქი, სახე შეეცვალა, მაგრამ მითხრა,ამას არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენი სიყვარული იმდენად დიდია, მას ვერანაირი მანძილი ვერ გაანელებსო... მართალი იყო თუ არა ნიკო, ახლა კი ვიცი, მაგრამ მაშინ დავუჯერე... ბავშვები ვიყავით, ბავშვურად გვჯეროდა...
ამასობაში ჩემს გადასვლამდე, კიდევ ერთი დაბადების დღე მოვიდა, ნიკომ სახლში დამპატიჟა, სახელოსნოში დამსვა და დამელოდეო მთხოვა. ცოტა ხანში სინათლე ჩაქრა და ტორტის ნაცვლად ნახატი შემოიტანა, რომელსაც თეთრი ტილო ჰქონდა გადაფარებული. სანთლები დაანთო, თეთრი ტილო ჩამოხსნა. ნახატზე ღამე იყო, ვარსკვლავები, ცა და ჩემი სილუეტი, ფანჯრის რაფაზე ვზივარ, პეიზაჟში, ცაში გამოკიდებული ტრამვაი, საღამოს ცა და ჩვენი ჭერმის ხეა მოქცეული...

 
_ ნიკო, შენ რატომ არა ხარ ჩემთან ერთად ამ ნახატზე?
_ მე გხატავ, თენდეის და როგორ ვიქნები?
გული ისევ ბავშვურად მეტკინა, უკვე დიდი გოგო ვიყავი, მაგრამ მაინც... მინდოდა ნიკო ნახატზეც და ყველგან ჩემთან ერთად ყოფილიყო... მთელი საღამო მასთან გავატარეთ, გურიკო და ძიმკა მოვიდნენ, მუსიკა ჩავრთეთ და ნიკო მეცეკვა, ალბათ ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით, მაგრამ ნიკო იმდენად ცდილობდა ნამდვილი ჯენტლმენი ყოფილიყო, რომ ღიმილს ვმალავდი, და მეც სრული სერიოზულობით ვეცეკვებოდი, „ქალის-და-მამაკაცის“ ნელ ცეკვას. ძიმკამაც გამომიცეკვა სტივ ვანდერზე, გურიკოც აგვყვა. ამასობაში დიდი ბაბუა ჩამოვიდა და ბოთლით _ „კრასნი ვინო“ მოგვიტანა, გაგვიხსნა, თვითონ ერთი ჭიქა დალია და თითქმის სავსე ბოთლი დაგვიდგა. ნიკომ ჭიქები მოიტანა და ღვინის წრუპვაც ყველამ ერთად ვისწავლეთ... ძიმკა ამბობდა,_ „ჯერ ჭიქა შეანჭყრიეთ, შხეფები ჭიქის კედლებზე უნდა ავიდეს და ჩამოიღვაროს, მერე სურნელი გაუსინჯეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დალიეთო“.

ჩემთვის ღვინო მჟავე იყო, ბიჭები შეზარხოშდნენ და მთელი საღამო სანთლებზე ცეკვაში გავატარეთ, მაშინ `დიჯეები” არ არსებობდნენ (ყოველ შემთხვევაში საქართველოში), ამიტომაც, გურიკო იყო ჩვენი მუსიკის `მასტერი”, რომელიც, მხოლოდ ამ საქმით იყო დაკავებული და საჩუქრადაც, „ბითლზის“ ფირფიტა მომიტანა. ულამაზესი დაბადების დღე მქონდა, მაშინ მეგონა, რომ სხვაგან არც არსებობდა სხვა ცხოვრება... და რომ ამ სახელოსნოს, ნიკოს ბიჭებს, მათ მუსიკას, ამ ნახატებს ვერაფერს შევადარებდი, ეს იყო ჩემი ერთადერთი ცხოვრება, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელს სიცოცხლეს ამ სახელოსნოში გავატარებდი, _ მაშინ ასე მეგონა....
ერთხელაც დადგა დღე, როდესაც ჩემი ქუჩა, ქუჩის ბოლოში მდგარი ბებოს სახლი, მინდოდა თუ არა, უნდა დამეტოვებინა. პაწაწინა იტალიური ეზოდან, ვაკის უკიდეგანო ეზოში გადავსახლებულიყავი და ასეთ ცხოვრებას შევჩვეოდი. დილა რომ გათენდა, ჩემს ოთახს გადავხედე, კედლებზე აღარაფერი ეკიდა, წინა საღამოს ყველაფერი ჩამოვხსენი, ბოლო ჭიკარტამდე, მერე ჩანთები ჩავალაგე, ყველაფერი ერთად დავაწყვე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი... მახსოვს, ჯერ არ დაწყებულ ნოსტალგიაზე ვდარდობდი, რომელიც წინასწარ ვიცოდი, რომ მექნებოდა, ვდარდობდი ბებოს აივანზე, სამზარეულოზე, იმაზე, როგორ გაძლებდა ბებო ვაკეში, დილას,რომ გაიღვიძებდა და თინა ბებოსთან არ გადაირბენდა საქაქანოდ... თითქოს, მარტო ბებოზე ვფიქრობდი, არადა ყველაზე მეტად ჩემი თავი მეცოდებოდა, თითქოს ხელოვნურად უნდა მოვწყვეტოდი იმ სამყაროს, რომელიც იმ დროიდან შევიქმენი, რა დროიდანაც ჩემი თავი მახსოვდა.

კალეიდოსკოპი

ვხედავდი, როგორ დადიოდნენ ჩვენს პაწაწინა ქუჩაზე, ჭიშკრიდან ჭიშკარში ჩემი მეზობლები _ ზემოთ კი ორი `ტრამვაი” ხვდებოდა ერთმანეთს, როგორ ინთებოდა და ქრებოდა სახლებში სინათლე... თხუთმეტი წლის კი ვიყავი, მაგრამ უკვე საკმაოდ კარგად ვიცოდი, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებდი, რომ ცვლილება შესაძლოა კატასტროფულიც ყოფილიყო, და ახალ გარემოს საერთოდ ვერ შევჩვეოდი, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. ამიტომაც ვღელავდი, ეს იყო ერთადერთი პროტესტის ფორმა, რომელიც ამ წუთას შეიძლება მქონოდა... ვფიქრობდი ნიკოზე, მის სახელოსნოზე, ვიცოდი, აქვე ახლოს, რომ არ ვიცხოვრებდი, აღარ მექნებოდა საშუალება, ყოველ წამს მიმერბინა მასთან. ნიკო ამ ზაფხულს აბარებდა, დრო არც მას ექნებოდა. ალბათ არც ჩემი ახალი ოთახი შეუყვარდებოდა. მოკლედ, დილას გავახილე თუ არა თვალი, ისევ ამაზე დავიწყე ფიქრი.

ბებო შემოვიდა, მითხრა,_ მამა მოვა მალე მანქანით, შენს წასაყვანადო. ავდექი, ჩავიცვი, პირი დავიბანე, ჩაის არც მივკარებივარ, ისე დავიწყე მომზადება... ბებო ორი კვირით უნდა დარჩენილიყო, საქმეები მოეგვარებინა და მერე გადმოსულიყო ჩვენთან, მალე მამას მანქანის საყვირის ხმა მომესმა. ბარგი მე და ბებომ მანქანამდე ჩავიტანეთ. სულ ნიკოს სახლისკენ ვიყურებოდი, ბოლოს გამოვიდა, ცუდ ხასიათზე ჩანდა, მითხრა, _ როგორც კი დრო მექნება მოვალო, _ მერე ყურში ჩამჩურჩულა „ ძალიან მინდა, რომ გაკოცო, თენდი...“ – და ხელში რაღაც ჩამიკუჭა. ბებოს ჩავეხუტე, მანქანაში ჩუმად ჩავჯექი, მამამ მანქანა დაქოქა და წავედით... უკან გამოვიხედე და ისე როგორც ჯორჯი ბიძიას კალეიდოსკოპში, ყველაფერი დატრიალდა, ნიკო, ბებო, ჩემი ფანჯრები, ნიკოს კარი, მოსიარულე მაღაზია, გურიკო და ძიმკა, ალექსას სკამი, ტრამვაი, ჩვენი დაღმართი, ყველაფერი ერთმანეთში აირია...

ხელი გავხსენი და ფურცლის პატარა ნაგლეჯი გავშალე:  

N+თ= ყოველთვის

 „ნიკოს უყვარს თენდეისი, უსასრულობამდე ყოველთვის“ _ ეს ფორმულა ნიკომ მოიგონა, იმისათვის, რომ ჩვენი სიყვარული, არასოდეს დასრულებულიყო, – ასე ამიხსნა.  
პირველად რომ შევედი, ჩემს ახალ ოთახში, ისეთი ცარიელი იყო, არც ვიცოდი საიდან დამეწყო მისი შევსება, შემოჰქონდათ და შემოჰქონდათ ჩემი ნივთები, ჯერ მარტო უამრავი ნახატი იყო. ნიკომ ბევრი ნახატის ჩუქება მოასწრო, თუ არ ჩავთვლი იმ ჩანახატებს, რომლებიც ფურცელზე ჰქონდა „მიჯღაპნილი“. აქვე იყო ჯორჯი მასწავლებლის ნაჩუქარი ცხენებიც, რომელსაც ყველა ჩემს სახლში, საწოლის წინ ვკიდებ. იმ დღეს ვერაფერი მოვასწარი, მხოლოდ ნახატები ჩამოვკიდე და ანგელოზები დავიკიდე თავთან. საწოლი დედამ გამიშალა, მერე დიდ ოთახში გავედი, გული ჩამწყდა, მივხვდი, რომ ასე ვერ გავძლებდი, საღამოს, მუდამ ქუჩაში ან სახელოსნოში ვიყავი ხოლმე, მშობლები რაღაცა მელაპარაკებოდნენ, მაგრამ არავის მოსმენა არ მინდოდა. ბებო მენატრებოდა და ჩემს „საკუთარ სახლში“ მინდოდა ცხოვრება.

ამ ასაკიდანვე მივეჩვიე, რომ ყოველთვის იქ ვერ იცხოვრებ ადამიანი, სადაც გინდა. ხანდახან გიწევს ისეთ პირობებს მიეჩვიო, როგორსაც უბრალოდ არ გინდა რომ მიეჩვიო. მიჩვევა საერთოდ ძალიან პირობითი ცნებაა, ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადო კი არ მიეჩვიო, არამედ მთელი გულით გინდოდეს ის, რასაც აკეთებ. ამიტომაც არაფერს არ მივეჩვიე, დილას როგორც კი გავიღვიძე გადავწყვიტე ჩემი ოთახი ისე მომეწყო, რომ მთლიანად ჩემს სამყაროში მეგრძნო თავი.  
პირველად, ნიკო რომ მოვიდა სტუმრად, საჩუქრად ქოთნის ყვავილი მომიტანა. ადრე, სულ მპირდებოდა, ყვავილი უნდა გაჩუქოო, მოუვლი, ამაგი გექნება და გეყვარებაო, მეგონა არ ახსოვდა დანაპირები.  
_ ვა, თენდეის, რა კარლსონივით მეათე სართულზე ცხოვრობ, მიწას მიჩვეული ქალი?
_ რას ვცხოვრობ, ორი დღეა გადმოვედი, ნიკო, როგორ მიხარია აქ რომ ხარ, – მოვეხვიე ნიკოს.
_ კარგი, გაჩერდი, დედაშენი არ შემოვიდეს.

ლამაზი ოთახია, შენ გგავს უკვე, ცოტა ხანში უფრო გალამაზდება.
_ გამოცდებზე რა ხდება?
_ ხვალ მაქვს პირველი, ხომ მოხვალ?
_ მოვალ, აკადემიასთან არა?
_ არა, სასოფლოსთან, – დამცინა ნიკომ, – რატომ სვამ სულელურ შეკითხვებს თენდეის, ახლა მაინც ხომ უნდა გაიზარდო ცოტა?  
_ შენ ვითომ დიდი ხარ, მაგრამ მაინც პატარა სულელუნა ხარ.
_ მოდი ჩამეხუტე, ძალიან მენატრები, – მითხრა ნიკომ და გულზე მიმიხუტა, მენატრებიო რომ მითხრა ცოტა გაწითლდა და შეიშმუშნა, რომ მივეხუტე ვიგრძენი გული როგორ უცემდა, და ყელზეც ძარღვი უფეთქავდა, – თენდი, არა მგონია, რომ უშენოდ სიცოცხლე შევძლო ოდესმე, შენი თმები არ მეჭიროს ხელში, რა აზრი ექნება ჩემს ცხოვრებას, მითხარი?
_ მეც ვერ გავძლებ უშენოდ, რა ვქნათ ნიკო?
_ ჯერ ვერაფერს ვიზამთ, მოდი აქ დავსხდეთ – ნიკო ახლა უკვე ჩემი ახალი ოთახის რაფაზე აძვრა და მეც გვერდში მომისვა, – ცნობილი მხატვარი რომ გავხდები, თვითმფრინავში ჩავსხდებით და იქ წავალთ, სადაც ყველაზე მეტად მოგვეწონება ცხოვრება.
_ სად?
_ არ ვიცი, სადაც მხატვრებს დიდი გასაქანი აქვთ.
_ სად აქვთ მხატვრებს დიდი გასაქანი?
_ ბარსელონაში, ნიუ-იორკში ან პარიზში, არ ვიცი, კიდევ არის ბევრი სხვა ადგილი, მინდა რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ხატვას, ხატვის და შენს გარეშე ერთი დღეც არ შემიძლია ცხოვრება, – რა ბედნიერი ვარ, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, – შენ, საღებავები, ტილო და ფუნჯი.
_ მასტეხენი?
_ ჰო, მასტეხენიც იყოს და ჩემი ჭუჭყიანი ნაჭერიც, ეგეც საჭიროა მხატვრისთვის, მთავარია რომ შენ მყავხარ, სადაც არ უნდა იყო, ვიცი, რომ მყავხარ – თენდი, რა ლამაზუნა ხარ, იცი? რომ გიყურებ სულ მეშინია, რომ სხვა მოგეწონება, ვიღაც, ქუჩის ძველი ბიჭი და მიმატოვებ...
_ ნიკო, რეებს ბოდავ?
_ ჰო, შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ მერე ისევ დამიბრუნდები, ათი წლის მერე დამინახავ და მიხვდები, რომ მე ის ადამიანი ვარ, ვისთანაც გინდა დარჩენილი ცხოვრება გაატარო.
_ ეგ ახლაც ვიცი, არ მჭირდება ათი წელი, თუ გინდა ახლავე დაგიმტკიცებ.
_ რითი?
_ რითი და სუნთქვას შევიკრავ სამი წუთით.
_ გადაირიე, ეგ რა დამტკიცებაა.
_ აბა რა ვქნა?
_ არაფერი, ჭკვიანად მოიქეცი, მე გიყვარდე– ნ+თ=უსასრულობამდე – არ დაივიწყო, კარგი?
_ არასოდეს!
_ მჯერა, რომ არასოდეს დაგავიწყდები, რაც შენ წახვედი საშინელი მოწყენილობაა ჩვენს ქუჩაზე, ასე მგონია, მთელი უბანი დაიცალა, გარეთ არც გავდივარ, შენი ფანჯრებისკენ ვერ ვიყურები.
_ არც მე მინდოდა აქ გადმოსვლა, მაგრამ მოვალ ხოლმე, სულ ვივლი შენთან... გამოცდებს რომ ჩაამთავრებ, დასასვენებლად წახვალ?
_ ჰო, ლენინგრადში მივდივართ ყველანი, მამას მეგობართან, იქ აგარაკი აქვთ და ჩვენც დაგვპატიჟეს...

კალეიდოსკოპი

მამას უნდა სწავლა ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელო, მაგრამ ეგ შორეული გეგმებია, ალბათ ასე ორ წელიწადში, აქ თუ წარმატებით ვისწავლი.
_ მე?
_ შენც წაგიყვან, ჯერ მე წავალ, დავიწყებ იქ ცხოვრებას, და მერე შენც ჩამოხვალ, ხომ ჩამოხვალ?
_ არ ვიცი, ვინ გამომიშვებს?
_ მე წაგიყვან, არავის ვკითხავ, ვნახოთ რა იქნება, ჯერ ტყუილად ვლაპარაკობთ...


_ ნიკო, ლენინგადში რომ წახვალ, თვითმფრინავში ჩაჯდები?
_ არ ვიცი, ამბობენ მატარებლით წავალთო. თუ თვითმფრინავით გავფრინდები, თენდი, შენ ქვემოთ დადგები და ხელს დამიქნევ.
_ ხომ იცი, რომ ის ხალხი ვინც თვითმფრინავში ზის, ვერ ხედავს ქუჩებში რა ხდება? შენ თვითონ არ მეუბნებოდი?
_ ვერ დაგინახავ, მაგრამ მეცოდინება, რომ ჩემზე ფიქრობ, სადღაც დგახარ პატარა ყვავილივით და ხელს მიქნევ. ეგ რომ მეცოდინება უფრო წყნარად ვიფრენ, რა კარგია როდესაც იცი, რომ სადღაც ქვემოთ ის გოგო დგას ვისზეც გიჟდები, დგას და შენს თვითმფრინავს ხელს უქნევს...  
_ ნიკო არ მინდა გაფრინდე, რა ცუდი იქნება იცი, შენ რომ გაფრინდე, მე ვიდარდებ, თვითმფრინავი რომ დაიკარგოს? ან რომ ჩამოვარდეს?
_ რატომ უნდა ჩამოვარდეს თენდი? რა ცუდ რაღაცეებზე გიყვარს ხოლმე ფიქრი, თვითმფრინავი ძალიან იშვიათად ვარდება, მილიონში ერთხელ.
_ მაინც არ მეყვარება სადმე რომ გაფრინდები, რამე რომ მოგივიდეს და ვეღარ გნახო, მერე რა იქნება?
_ ნუ სულელობ, მოდი ჩამეხუტე, – ფანჯარაზე გადავიწიე და ნიკოს დავადე თავი, მახსოვს რატომღაც სევდა შემომაწვა, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და ნიკოს ლოყაზე გადავიდა, ნიკომ მომიშორა და თვალებში ჩამხედა – რა გატირებს?
_ თვითონაც არ ვიცი, უცებ წარმოვიდგინე, რომ ვეღარ გნახავ და ამეტირა, არ გაფრინდე რა, მატარებლით წადით, გთხოვ, ხომ იცი უშენოდ, ვერ ვიცოცხლებ...
_ კარგი თენდი, შენ მართლა პატარა ბავშვი ხარ, რა გატირებს, წინასწარ, რას გამომიტირე?
_ ნიკო, მე და შენ ხომ სულ ერთად ვიქნებით?
_ სულ, სიკვდილამდე, და მერეც, უსასრულობამდე ვიქნებით ერთად... ჩვენი უსასრულო სიყვარულის ფორმულა, ხომ კარგად დაიმახსოვრე?
_ კი, და აი სად დავწერე, _ ნიკოს ერთ-ერთ პლაკატზე შევახედე, რომელზეც ნიუ-იორკი იყო გამოსახული, ქვემოთ წითელი ფლომასტერით ჩვენი ფორმულა ეწერა:
 N+თ= ყოველთვის  
_ მთავარია გულში გეწეროს, თენდეის! – მითხრა ნიკომ და მაკოცა, დიდი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს, მერე, თავის უბანში წავიდა.

მე ჩემს ფანჯარაზე ვიჯექი, მუხლებზე წიგნი მედო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ცაში ვიყურებოდი...



***

ნიკომ გამოცდები დიდი წარმატებით ჩაამთავრა, მისი ოჯახი გამოცდების დროს გარეთ იდგა და ნერვიულობდა. ამ ხალხთან თავიდანვე არ ვიყავი ახლოს, დედამისი არ მომწონდა, არც მას ვეხატებოდი დიდად გულზე, ჩემი და ნიკოს ურთიერთობით ყოველთვის უკმაყოფილო იყო. მაშინ, რა თქმა უნდა, არ მესმოდა, რას ვუშავებდი. ერთხელ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა თავის ქმარს, ჩემზე:
 _ ამ ბავშვს პატრონი არა ჰყავს, რამდენჯერაც ოთახში შევიხედავ, „კუშეტკაზე“ წევს და ფეხები კედელზე აქვს აწყობილი, უსირცხვილო გოგოა, თხა...
 ეს რომ გავიგონე, ათმაგად ავითვალწუნე ნიკოს დედა, მისი ჩაცმულობა იმდენად მაოგნებდა ხოლმე, რომ სიცილს ვერ ვიკავებდი. დიდი უგემოვნებო ჩამცმელი იყო, მაგრამ ჩემთვის, მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ მე არ ვეხატებოდი გულზე. ბავშვობაში მსგავს რამეებს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა კი ვიცი, მას თავისი მიზნები ჰქონდა...  
 ნიკომ გამოცდები ჩააბარა, დაახლოებით ერთ კვირაში კი ლენინგრადში წავიდა.

თან, ჩემი სუნამოს ცარიელი ბოთლი წაიღო, ჩემი სუნამო, რომელიც თვითონ მაჩუქა ერთხელ, „არომატ თენდეისი“ _ ცარიელი ბოთლი გავატანე. მე, დედასთან ერთად ესპანეთში წავედი, პირველად რომ ჩავჯექი თვითმფრინავში, წარმოვიდგინე, თითქოს ნიკო მახლდა თან, ილუმინატორიდან ღრუბლებს გავყურებდი, ყველაფერი წითელი იყო, მზე ისე აწითლებდა ცას, გეგონებოდა მთელ ცას ცეცხლი უკიდიაო, თვითმფრინავი ღრუბლებს მიაპობდა, შუაზე გახლეჩილი ღრუბლები კი აქეთ-იქით რჩებოდა... მეგონა ფრთები გამომება და თავად მივაპობდი ღრუბლების ტალღებს, ილუმინატორიდან შიგადაშიგ მიწა ჩანდა, დანთებული შუქები კალეიდოსკოპის მსგავსად ტრიალებდა და ბრჭყვიალებდა, ერთმანეთში ირეოდა, ილუმინატორში გავიხედე, და შეკრული ხელები დურბინდისებურად დავატრიალე, თურმე ნიკო არ ცდებოდა, თურმე თვითმფრინავიდან დედამიწა მართლაც კალეიდოსკოპს ჰგავდა, ვხედავდი პატარა, ფერად-ფერად კრისტალურ მძივებს, რომლებიც სიმეტრიული, გეომეტრიული თანმიმდევრობით, ერთმანეთს ებმებოდა და პეპლებს, ბზრიალებს, კანფეტებს, მარაოებს, ოქროს და წითელ თევზებს, საჩუქრების ყუთებს, ქოლგებს, რომბებს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ საგანს ხატავდა... არსებობდა რაღაც ლოგიკური ძაფი, რომელიც ამ მძივებს ერთმანეთს აბამდა, რის მიხედვითაც შუქები ერთმანეთში გადადიოდა, მე სულ სხვა განზომილებაში და ასაკში, _ ჯორჯი ბიძიას სახელოსნოში მიმაფრენდა, ბებოს „ვალერიანკის“ წვეთების სუნიც კი მცემდა, ვხედავდი ჯორჯისაც, ანთებულ ნიკოსაც, რომელიც იქით მექაჩებოდა, საითაც უშველებელი კალეიდოსკოპი იდგა... ნიკოს და ჩემს ბავშვობას, რომელიც არასოდეს დამთავრდებოდა, რადგან ახლა, ამ წუთას, ასე ახლოს იყო ჩემთან. სწორედ განათებული ქალაქის შუქების სახელი დამარქვა ნიკომ, რამდენი ხანია ვიცოდით რას ნიშნავდა ჩემი სახელი ინგლისურად _ „ათ დღეს“, ანთებულ ქალაქსაც ასე ეწერა „ათი დღე ამერიკაშიო“, მაგრამ ნიკოს იმდენად სჯეროდა, რომ მე ცაში ფრენის სახელი დამარქვა, არასოდეს გამჩენია სურვილი, მისთვის ეს საიდუმლო გამემჟღავნებინა და ოცნება დამენგრია. რაც მეტად ვატრიალებდი ხელებს, მით მეტი კადრები იცვლებოდა, –იმ სითბოს და სისუფთავეს ვგრძნობდი, როგორსაც მაშინ, ნიკოს რომ ვეკვროდი ბავშვურად და ვცდილობდი, ერთხელ კიდევ ჩამეხედა ჯორჯი ბიძიას კალეიდოსკოპში.

ვხედავდი ნიკოს, იდგა და კალეიდოსკოპს ატრიალებდა, ვთხოვდი, რომ კიდევ ჩაეხედებინა ჩემთვის. მაგრამ არაფრით დამრთო ნება, ხელი მკრა, და ეს სიტყვები მითხრა, _ „თენდი, როგორ მენანები... უნდა წავიდე...“ ეს თქვა და გაქრა, მე კი მარტო დავრჩი, „არ დამტოვო აქ მარტო, ნიკო“-მეთქი, ვთხოვე, მაგრამ უკვე გვიან იყო, ნიკო გაუჩინარდა, და მის ადგილას მხოლოდ ნაცრისფერი ღრუბლები გაჩნდა. ზურგზე, დედას ხელის შეხება ვიგრძენი.
_ ნინუნა, ფანჯარაზე მიყუდებულს ჩაგეძინა?
_ არა, არ მეძინა, მაგრამ თითქოს სიზმარი ვნახე. არ ვიცი როგორ ვნახე, თუ არ მეძინა?
_ ნამდვილად გეძინა, მე ვცდილობდი გამეღვიძებინე და არაფერი გამომივიდა.

კალეიდოსკოპი


_ დე, დედა, მოდი ხელები ასე გააკეთე, აი ასე მილისებურად დაიჭირე, მერე ჩაიხედე შიგნით, და ისე დახედე მიწას.
_ ნინუნა, ნუ გადარევ აქ ყველას, – მთხოვა მოწიწებით დედამ.
_ დედა, გთხოვ, – სხვა რა გზა ჰქონდა, შეასრულა ჩემი თხოვნა.
_ ჰო, მერე, ახლა რა ვქნა?
_ შენს ბავშვობას ხედავ? გრძნობ რამეს?
_ არა, არაფერს ვგრძნობ.
_ დედა, კალეიდოსკოპი გინახავს?
_ მინახავს.
_ ახლა ხელებს რომ ატრიალებ, ვერ ხედავ იმას, რასაც კალეიდოსკოპში ხედავდი?
_ ახლა მხოლოდ ღრუბლები და შიგადაშიგ მიწა ჩანს, კალეიდოსკოპს ვერ ვხედავ.
_ ეს იმიტომ, რომ შენ უკვე დიდი ქალი ხარ, და არ გინდა დაინახო ის, რაც შეიძლება, რომ დაინახო.
_ სამაგიეროდ შენ ყოველთვის გქონდა იმის ნიჭი, ყველაფერში ის დაგენახა, რაც თავად გსურდა.
_ სულ ცოტა ხნის წინ, ჩემს ბავშვობაში ვიყავი.

ცხოვრება კალეიდოსკოპივით ბრუნავს, თუ გინდა ძველ დროში დაბრუნება, კალეიდოსკოპში უნდა ჩაიხედო, დედა, რა კარგი იყო ბებოსთან, რა უდარდელი ბავშვობა მქონდა, იქაურობა დავინახე, ნიკო დავინახე, ჩემი გრძელი თმები და ნაწნავებიც დავინახე, თეთრი კაბა მეცვა, მწვანე ზოლებით და მაქმანებით, გახსოვს ჩემი კაბა?
_ როგორ არ მახსოვს, ნათლიაშენმა აფრიკიდან რომ ჩამოგიტანა...
_ ჰო, ეგ კაბა მეცვა, ჯორჯი მასწავლებელიც დავინახე, თითქოს იმ ოთახში ვიყავი ისევ და ყველაფერი ბრუნავდა, მერე უცბად ღრუბლები წამოვიდა და მძივი გამიწყდა...
_ კარგია, ამდენი წარმოსახვის უნარი რომ გაქვს.
_ არა, დედა, შენ არ გესმის, ნიკო დავინახე, ხელი გამიშვა და კალეიდოსკოპთან მარტო დამტოვა, ასე მითხრა, _ „მენანები, მაგრამ უნდა წავიდე“-ო.
_ დაგესიზმრა, მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო, ამოიგდე თავიდან, სიზმრები ღვთიური ხილვები კი არ არის, ადამიანის უაზრო წარმოსახვის და ფიქრების შედეგია.
_ მე მაგაზე არ მიფიქრია.
_ კარგი ნინუნა, მალე დავფრინდებით, ღვედი შეიკარი და ცოტა ხანს გაჩუმდი. დაივიწყე, ნუ ფიქრობ მაგაზე.
 ძალიან კი ვეცადე თავიდან ამომეგდო ჩემი სიზმარი, მაგრამ ბარსელონაშიც კი, მთელი ორი კვირა ის უცნაური ხილვა მედგა თვალწინ. რატომ დამტოვა ნიკომ მარტო კალეიდოსკოპთან, რატომ დამემშვიდობა, თითქოს დავიჯერე, რომ ეს ოდესმე ასე იქნებოდა... ერთ დღეს, როდესაც დედამ „საგრადა ფამილიას“ სანახავად წამიყვანა, განგებ დავიკარგე, ფეხით ავირბინე უამრავი კიბე, სულ ზემოთ ავედი, ქალაქს გადმოვხედე, მერე შემოვბრუნდი და „საგრადა ფამილიას“ კედელზე, აგრესიული მოძრაობით ამოვჩხაპნე _ N+თ= ყოველთვის...

ქვემოთ ნელი ნაბიჯით ჩავედი, დედა გულგახეთქილი მეძებდა, არც იცოდა საიდან მოვიდოდი, მაგრამ სწორედ იქ მელოდა, საიდანაც გამოვჩნდი:
_ ნინუნა, ძალიან შემაშინე, არსად აღარ წამოგყვები.
_ მარტო ყოფნა მინდოდა, – ვუთხარი დედას და წინ წავედი, ის უკან მომყვებოდა და რაღაცეებს მეკითხებოდა, მე არაფერი მესმოდა, ბოლოს ძლივს მომაწვდინა ხმა.
_ მოგეწონა? ეგ მაინც მითხარი.
_ კი, მომეწონა, მაგრამ ახლა სახლში მინდა.
 ბარსელონაში ყოფნა არასოდეს დამავიწყდება, არ დამავიწყდება, რადგან აქ ჩემმა წამოსვლამ ჩემი პატარა, აუღელვებელი ცხოვრება ძალიან შეცვალა, ვერაფრით დავივიწყე ის კადრი, რომელიც სამუდამოდ ჩამებეჭდა თავში. უკან დაბრუნებისას დედას ვთხოვე, ილუმინატორის დარაბა არ აეწია.
_ არ გინდა, ბარსელონას დახედო ზემოდან?
_ არა, დედა, შენც ნუ დახედავ, ძალიან გთხოვ.
_ ვითომ რატომ არ უნდა დავხედო? –დედამ არ დამიჯერა და ცოტა ხანში აღფრთოვანებულმა გადმომხედა – შენ არ იცი, ეს რა სილამაზე იყო, სულ ტყუილად არ დახედე.
_ კალეიდოსკოპს ჰგავდა?
_ არანაირად, თვითმფრინავიდან დანახულ ღამის ქალაქს ჰგავდა – ნინუნა, რამხელა სხვაობაა ჩემსა და შენს შორის.

მე რეალისტი ვარ და იმას ვხედავ, რაც სინამდვილეში ჩანს, შენ კი, ჩემო პატარა, სულელო, იმას, რასაც იგონებ და რაზეც ფანტაზიორობ, ცოტა მიწაზეც დაეშვი ბარტყო, ის ცხოვრებაც იგემე, რომელშიც ჩვენ, უბრალო მოკვდავნი ვცხოვრობთ! – იცინოდა დედა.
_ არ ვიგონებ, დე, კადრებს ვხედავ ხოლმე, საიდან მოდის არ ვიცი, მაგრამ ვხედავ...
_ დახუჭე თვალები და დაიძინე, ოთხი საათი ვერ გაძლებ ასე, ღამეც ცუდად გეძინა, ღამე მშვიდობისა!
_ ღამე მშვიდობისა, დე! – ვუთხარი და მხარზე დავადე თავი, მერე კი მართლაც ჩამეძინა.

 ზაფხული რომ მიილია, ნიკო დაბრუნდა, იმავე დღეს ჩემთან მოვიდა, დამიჯდა და ერთი საათი მკოცნა, მეც ვეკვროდი და ვკოცნიდი, თან, თითქოს არ ვენდობოდი, თან ძალიან ტკბილი იყო, მეგონა მის თავს რაღაც ხდებოდა, თვალებში ჩავხედე და მითხრა:
_ თენდი, ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, მთელი ორი თვეა იმდენი ვიტანჯე, იმდენი ვიწვალე და ისე მძულდა ყველა, შენს გარდა, რომ მივხვდი, – უშენოდ ჩემი ცხოვრება მხოლოდ გაძლებაა, შენთან ერთად კი ვცხოვრობ, ჩემო სიზმრის გოგო, ყოველ ღამე სიზმარში გხედავდი, რომ მეღვიძებოდა, ყველაფერი მძულდა – გესმის? არაფერი მინდა და არაფერი მახალისებს შენს გარეშე. მომავალ წელს ხუთი წლით ლენინგრადში წავალ და შენც თუ არ წაგიყვანე, ძალიან უბედური ვიქნები... ვერაფერს შევძლებ, წიგნებიც, მუზეუმებიც, ქუჩებიც, ხალხიც, საჭმელიც კი მძულდა ისე მენატრებოდი, ფუნჯს ხელში როგორც კი ავიღებდი, ყელში რაღაც წამიჭერდა, შენ ჩემი მუზა ხარ, უშენოდ აზრი მეკარგება და სხვა ადამიანი ვხდები. ახლა მივხვდი, რატომ არის ამდენი ომები და აგრესია დაგროვილი სამყაროში, ახლა ჩავწვდი „ბითლზის“ სიმღერების ტექსტებს, მხოლოდ სიყვარულია ის ძალა, რომელიც ადამიანებს აცოცხლებს და ვინც ამას არ ეთანხმება, ის სამუდამოდ უბედური დარჩება.

შენ რომ დაგინახე, მივხვდი რომ გავცოცხლდი, მინდა ყველგან გაკოცო, უამრავჯერ, სულ ერთად დავრჩეთ. მინდა ჩემთან ერთად იწვე საწოლში და სულ გკოცნიდე, უამრავს და ყველგან...
_ ნიკო, როგორ მინდოდა შენი დანახვა, როგორ მენატრებოდი, რა საზიზღარი გრძნობაა მონატრება, არ მიყვარს, აღარასოდეს მინდა რომ მომენატრო, დავიტანჯე და დავიღალე უშენოდ, ახლა აღარსად გაგიშვებ!
_ თენდი, წამოდი, ჩემთან დარჩი ღამე, მხოლოდ დიდი ბაბუა არის ჩვენთან, მინდა ჩემთან დაიძინო, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, წამოდი, გთხოვ, რამე მოიგონე სახლში, ვითომ ვინმე შენს მეგობართან რჩები, წამოდი გევედრები, დღეს ჩემთან თუ არ იქნები, შეიძლება ჭკუიდან გადავიდე, თავს ვეღარ ვიკავებ, შენთან მინდა.
_ მეც მინდა შენთან, იმაზე მეტად ვიდრე შენ ჩემთან... გვიან მოვალ, დამელოდე, ახლა კი წადი.
_ იმიტომაც მიყვარხარ ასე, რომ ასეთი თამამი და ასეთი ვნებიანი ხარ, შენნაირი გოგო არ შემხვედრია და არც შემხვდება, გელოდები ღამე, ჩემო სიზმრის გოგო.
 ეს თქვა და წავიდა.

კალეიდოსკოპი

მე ჩემს ოთახში დავრჩი, შინაგანად ყველაფერი მიკრთოდა, ნეკნებში რაღაც სასიამოვნოდ მტკიოდა, მინდოდა ამ მდგომარეობიდან არასოდეს გამოვსულიყავი. საღამომდე ძლივს მივატანე, ინტერესი, მონატრება და სურვილი მკლავდა, ვერაფრით მოვთოკავდი ამ სურვილს. დაღამდა თუ არა, ნიკოსთან მივედი და გარედან დავიძახე.

ნიკომ კარი გამიღო და მიმიხუტა, ტერფებზე დავადექი და თავის ოთახისკენ დაიწყო მოძრაობა. ოთახში ბნელოდა, ნიკოს საწოლზე მივწექით, ერთმანეთს ორივე შიშით ჩავყურებდით თვალებში, მერე კი ისე მოხდა ყველაფერი, როგორც, ალბათ ყოველთვის ხდება, ნიკოც და მეც გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით, ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს... დილას ჩაძინებულს რომ გამეღვიძა, ნიკოს მოშტერებული მზერა ვიგრძენი:
_ ახლადგაღვიძებულიც რა ლამაზი ხარ, თენდი.  
 ჩამეხუტა, ვიცოდი რომ ნიკო იყო, ვიცოდი რომ მასზე ახლობელი არავინ მყავდა დედამიწის ზურგზე, ის მთელი ძალით მეკვროდა, მეც ვეკვროდი, მაგრამ ცრემლებს ვერაფერს ვუხერხებდი, ვტიროდი... ყველაფერზე ერთად, ყველაფერი ერთად მახსენდებოდა, ნიკოს ვხედავდი, ისეთი სუფთა სახე და თვალები ჰქონდა, რომ ეს კიდევ უფრო და უფრო მაშინებდა და მაშორებდა რეალობას, რომელშიც არც ერთი წუთი არ მინდოდა მეცხოვრა, ისევ კალეიდოსკოპი ტრიალებდა, ისევ ჩემს და ნიკოს სხეულებს ვხედავდი, არაფერი მაიძულებდა ამ ასაკში გადამედგა ეს ნაბიჯი, თუ არა სიყვარულის ასეთი დიდი ძალა. იმდენად ტკბილი იყო ყველაფერი, რომ ვერ ვეწინააღმდეგებოდი, კალეიდოსკოპი კი ტრიალებდა, ბრჭყვიალა, კრისტალური, ფერად-ფერადი მძივები, გეომეტრიული სიმეტრიით ებმოდნენ ერთმანეთს და ჩემს თმებს, ქათქათა თეთრეულს, ნიკოს სახეს და მთელ მის ოთახს ერთმანეთში ატრიალებდა...
_ თენდი, რატომ ტირიხარ?
_ ბედნიერებისგან, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ნიკო, რა უცნაური ყოფილა ბედნიერების ცრემლები...


 მე და ნიკო ერთი წელი ვცხოვრობდით ერთად, სიყვარულის დიდ კალეიდოსკოპში ვტრიალებდით. ამ ეტაპის აღწერა ძალიან მიჭირს, ვერაფრით ვახერხებ ქაღალდზე იმის გადმოტანას, რასაც განვიცდიდით, რასაც ვგრძნობდით, როგორც ვცხოვრობდით... ერთხელაც, ის დრო დადგა, როდესაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება უნდა გვესწავლა. მას ძალიან ვუყვარდი, არასოდეს შემშინებია, რომ დავშორდებოდით, ამიტომაც ვცდილობდი დამემშვიდებინა და მეთხოვა მისთვის, არ ენერვიულა, რადგან ჩვენ წინ მთელი ცხოვრება გვქონდა და ყველაფერი, ჯერ მხოლოდ იწყებოდა და არასოდეს დამთავრდებოდა. ნიკო რომ წავიდა, გამოცდას ვაბარებდი. მეორე დღეს ქართული წერა მქონდა, წინა დღეს კი ნიკო გავაცილე. ჩემთან მოვიდა, მე ვერ მივედი, რადგან ქალბატონი დედამისი, ნიკოს ჩემოდნებს ალაგებდა და არავისთვის ეცალა, – ასე გამომიცხადა წინა დღეს, რაც პირდაპირი მნიშვნელობით იმას ნიშნავდა, რომ მეორე დღეს, იქ არ უნდა მივსულიყავი.

ნიკო რატომღაც ჩემს სახლში არ ამოვიდა, მე ჩავედი სადარბაზოსთან. ყუთში უზარმაზარი კალეიდოსკოპი ჩაედო, რომელსაც ამ ხუთი წლით, ჩემთან ტოვებდა. ჩავეხუტე და ასე ვიდექით დიდხანს, მთელი ძალით მიჭერდა თავის უშველებელ მხრებს, ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, ვერაფერს ვეუბნებოდი. ასე ვიდექით კარგახანს, მერე მე წამოვედი და ის დარჩა, კალეიდოსკოპს ძლივს მივათრევდი, ბოლოს რომ გავხედე ისევ იქ იდგა, სადაც დავტოვე და თვალებიდან ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები. ისევ გავექანე, მოვეხვიე, ვერ ვიმეტებდი გასაშვებად, ალბათ ვერც თვითონ მიმეტებდა...
_ ნუ ტირი, დღეს თვითმფრინავში ჩაჯდები, შენი ოცნების ახდენის დღეა...
_ თენდი, უშენოდ არაფერი მინდა, გესმის?! – წამოვედი, ის ისევ ხის ქვეშ იდგა და ცრემლები მოსდიოდა. ამოვედი, კალეიდოსკოპს ჩემს ოთახში ადგილი მოვუძებნე, მერე ფანჯარასთან დავჯექი და ცას დავუწყე ყურება.

ამ დროს უკვე დიდი გოგო ვიყავი...  

 
 
ნიკოს წასვლამდე და რუსეთიდან მოწერილი წერილები


ჩემთვის, არაფერია ისეთი ინტიმური, როგორც ეს წერილები. ნიკოს წერილები ინტერნეტამდე ბევრად ადრე დაიწერა, ახლა უკვე ძველმოდურია, მაგრამ ყოველთვის, უმშვენიერესი... ასეთი წერილები, ძნელად წასაკითხია მკითხველისთვის, ტკბილი და გადატკბილებულიც კი, მაგრამ, რომ არა, ეს წერილები, ალბათ ჩემთვის ცხოვრება ბევრად რთული იქნებოდა. ხანდახან ვკითხულობ ხოლმე, ამოვიღებ ჩემი დიდი ხის ყუთიდან და ნიკოს თითოეულ ამოსუნთქავას ვგრძნობ, ფილმივით შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ წერს თითოეულ სიტყვას...
 (სტილი დაცულია...)





თბილისი

***
თენდი, წავიკითხე შენი წერილი! არ ვიცი რატომ, მაგრამ ცუდ ხასიათზე დავდექი, უფრო უიმედო ხასიათზე. უიმედო იმ გაგებით, რომ მივდივარ. ძნელია, ძალიან გთხოვ დამიჯერო...

(თუმცა, ვიცი, რომ გჯერა), ძალიან ძნელია „არა“_სთან, მამაჩემთან და ყველა იმ ადამიანთან ჭიდილი, ვისაც ჩემი „სწორ გზაზე“ დაყენება სურს....
თენდეის! გახსოვს გითხარი სიყვარული ყველაზე ძლიერია- მეთქი. შენს თავს ვფიცავარ, თუ არ მჯეროდეს ამისი, რწმენა კი იმედს მმატებს. აი, ახლა, ამ წამს გულზე მომეშვა... გამახსენდა _ შენ მე გიყვარვარ (ისე გიყვარვარ რომ 158567891321476560 წერილიც კი დამიწერე), ვხუმრობ, მაგრამ არ მეხუმრება, თან მაქვს რწმენა, მართლა მაქვს, ეს კი ბევრს, ძალიან ბევრს ნიშნავს. თენდი, იცი როგორი დაუნდობელი (ცოტა მაგრად მომივიდა, იმედია არ მიწყენ) ხარ, როგორი წერილი მომწერე? შენს თავს ვფიცავარ, კინაღამ ვიტირე, – `შეძლებისდაგვარად შენი თავი არ დამაკლდეს”-ო, რომ მწერ. ძალიან მიყვარხარ, ჩემო ბედო!........
იცოდე, რომ ჩემს თავს იმ `შეძლების” დახმარებით არ დაგაკლებ არასოდეს არც იქ, არც აქ.

გენაცვალე, როგორი გამოწრთობა მოინდომა ჩვენი (ჩემშენი) ცხოვრებამ, – ღმერთმა. აუცილებლად ხუთიანი უნდა მივიღოთ ამ გამოცდაში (თუ ათიანი – ახალი სტანდარტებით). მე ბეჯითი მოსწავლე ვიყავი ბავშვობიდან, ხომ გახსოვს, ახლა ორჯერ არა 15876913214765000000-ჯერ უფრო ბეჯითი ვიქნები. და ალბათ დაგვაჯილდოვებენ ამ რიცხვთა სიმრავლეში, აუცილებლად ხუთიანს დაგვიწერენ `მე და შენ” – (მეშენ) – ჩვენს – სიყვარულს.
თენ, შენ მეუბნები `იქიდან” (“იქაურობის” დედაც ვატირე!) ნუ დამირეკავ ხოლმეო. მოდი იცი რა ვქნათ: როდესაც ღამის ოთხ, ხუთ საათზე დარეკავს გრძელი, გრძელი ზარი, ჩემი ზარი, შენ აიღე ხოლმე და მითხარი ერთი სიტყვა_ „მიყვარხარ“! ან „მომენატრე“ და მე ტელეფონის მეორე მხარეს მდგომი, ახალი უშრეტი ძალით და ენერგიით ავივსები, რომელიც ხუთ კი არა 15876913214765000000 წელს გამაძლებინებს....
 შენ მიყვარხარ და მჯერა..............
 შენ ხარ ჩემი ბედი და გამაძლებინებ............................
 მჯერა, მჯერა, მჯერა.................
 გახსოვს გეუბნებოდი არავინ წარმომიდგენია შენს მეტი, იცი – ცხოვრებაში ასეთი სიმართლე არ მითქვამს, არავისთვის, არასოდეს............
გუშინაც არ დამირეკავს შენთვის, თავი მოგაკელი, პირობის მიუხედავად, – ბოდიშს გიხდი, ეს არასოდეს განმეორდება.

კალეიდოსკოპი


 თენდი, შენი – „არომატ თენდეის“, მომივიდა ახლა და თავბრუ დამახვია, ბედნიერებაა, რომ არის ადამიანი – ძალიან სუსტი და უსუსური მაგრამ ადამიანი, – რომელსაც შენ უყვარხარ, მარტო ამითი შეიძლება იამაყო.

უსუსურებს სიყვარული არ შეუძლიათ...
სულით მახინჯები არ იმსახურებენ სიყვარულს....
მე კი, შენ მიყვარხარ.....
მიყვარხარ ყოველთვის, თენდეის!............
ეს ჩემი ნაწერი, მეთვრამეტე საუკუნის გამოსათხოვარ წერილს ჰგავს, თითქოს გარეთ თებერვალი კი არა აგვისტოს ბოლო, სიცხე და ბუღი იდგეს. მგონი სიცივის გაგრძელება ისე, როგორც ახლა, არასოდეს მდომებია... რადგან სითბო, შემდეგ სიცხე და ბუღი შენთან განშორებას მომიტანს. მართალია, სულ ცოტა ხნით, ერთი ხუთი წლით  ნახე რა ერთი ბეწოა! თებერვალია, და მიხარია რომ, თებერვალია და არა აგვისტო...
 განშორების თვე აგვისტო....
 შეხვედრის თვე აგვისტო........
არ დამითვლია რამდენი დარჩა. კაცმა უსიამოვნო ამბავთა ხანგრძლივობა უნდა დაითვალო, რადგან რიცხვები ყველაფერს აპატარავებენ.... უსაზღვრო ციფრი – ულევიც კი ერთ სიმბოლომდე წაქცეულ რვიანამდე დაიყვანეს. წასვლის წინ, შენი სახლის კედელზე ან ლიფტში ამოვკაწრავ [N+თ= ∞ყოველთვის] აი ნახე, თუ არა.

და ჩემს ნაწილს დავტოვებ ლიფტში, შენი სახლის ლიფტში, ჩვენი ბედნიერების პატარა სამყაროში.... პატარა ნაწილს ამ წერილში.... პატარას სხვებში... დიდს ჩემს მეგობრებში და ჩემს ნახატებში, მერე მთლიანად დავილევი, გავნაწილდები და „იქ“ მხოლოდ ჩემი წარბებიანი სხეული წავა, მე კი,აქ დავრჩები, (დაილოცოს აქაურობა!)
  შენთან ბოლომდე – ყოველთვის – მიყვარხარ _  
  თ ე ნ დ ე ი ს .........................................
ეე! ახლა ამ წამს... რატომღაც მოვტრიალდი.... რატომღაც. თენდი, მთელი ჩემი ოთახი ნისლშია, ჩემი სიგარეტის ბოლი დამტრიალებს თავზე, იცი რა ლამაზია, მაგრამ ბოლის, მიზეზს როცა მივაგენი აღარ მომეწონა, შენი პირველი სიგარეტი, რომ გამახსენდა...

როგორ მატკინე ამით გული, თითქოს უცბად გაიზარდე, და მე აღარ გაინტერესებდი, ასე მეგონა მაშინ სიგარეტში გამცვალე, რა სულელი ვიყავი.... საერთოდ მიზეზი მაგარი იმედისგამაცრუებელი (რამხელა სიტყვაა!) ხან კი იმედისმომცემი (ესეც!) რამეა.  
ნისლი ოთახშიც გაიფანტა, ჩემს თავშიც – უფრო რეალურად ვუყურებ მომხდარს და მოსახდენს. თენდეის! ძალიან გამიჭირდება (არა, ახლა აღარ გვინდა მაგაზე და ჩემს გაჭირვებაზე ფიქრი, ნაადრევია).
საყვარელო! ლამაზო! თენდეის! სიტყვები გამომელია, თუმცა სათქმელი, არა, მოსაწერი ბევრი მაქვს შენთვის!
თენდეის, `ძალიან გთხოვ შენი მაისური დამიტოვე წასვლის წინო”, მთხოვე. ჯერ ცოტა დავიბენი, ისე როგორც, მაშინ შენ, გახსოვს? (წელზე მიიდე! – ჩვენი საიდუმლოა, ჩუუუ არავის მოუყვე...) მერე კი ძალიან გამეხარდა, მაშინაც გამეხარდა, შენ რომ სანთლის მოსატანად წახვედი, თვალები კინაღამ გამიცრემლიანდა, შევხედე ჩემს ლამაზ ჯვარს და დიდი მადლობა გადავუხადე – შენთვის! გაიგე! მიყვარხარ ყოველთვის....
ჩემო, ბედო.....
ჩემო, თენდი....
 
 N+თ=∞Nყოველთვის
თბილისი, ჩემი ოთახი, სანთლებიანი საღამო.




ლენინგრადი

***

ჩემო თენდი!..

რამდენი ხანია...

თეენდიიი! თვალები მტკივა, მომბეზრდა, ჩემი თავის მრცხვენია ხანდახან... ყველა მოგონება, ყველა სიზმარი, ცრემლებს მგვრის.. მარტო დავდივარ ქუჩებში, შემოდგომის მზე მანათებს, მათბობს... მზეა ჩემი სიმარტოვის მეგობარი, სხვა არავინ... თენდი, ჩემო, ჩემთვის ყველა დანარჩენი აქ სხვა ენაზე ლაპარაკობს, ამათ არ იციან რას ნიშნავს `N+თ=∞Nყოველთვის”, რას ნიშნავს – თეეენდიიი, მარტო ვარ, მენატრები, მენატრები, აი ისევ, მიჭირს, გუშინაც დამესიზმრე, მაგრამ გამეღვიძა, ვითომ ჩემს წინ იჯექი, ტანზე არაფერი გეცვა, მე გხატავდი, და თან არ მჯეროდა, რომაქ იყავი და გხატავდი, ამ არდაჯერებისაგან გამეღვიძა, დადგა კიდევ ერთი გიჟური დღე, დღე როდესაც არ ცხოვრობ, ვერ გრძნობ ვერაფერს, რადგან აქ შენ არა ხარ, თენდი, სად ხარ ჩემო სიყვარულო, სად ხარ? სად? ყოველ დღე გირეკავ, გირეკავ როცა შენ გძინავს, როდესაც შენ ღმერთმა ქნას რომ მე გესიზმრები, თენდი, რა უაზრობაა ეს სიტყვები, როგორ მომბეზრდა, რა სისულელეა, თენდი, მიყვარხარ, გარშემო ვერ ვხედავ ვერავის, გარშემო არავინ არის! თენდეის, ჩემო, სადა ხარ, სად?
თვალწინ მიდგას ჩემი ქალაქი, ჩემი თბილისი, შენ, ქუჩაში მარტო... ჩემსავით მარტო... თვალები, რომლებიც ვიღაცას ეძებენ, გოგო რომელიც მარტოა, რა ცუდია, მე რომ ვარ მაგ სიმარტოვის მიზეზი, რა ცუდია ცრემლების გამოგზავნა რომ არ შეიძლება...

მენატრები, მენატრები...
ჩემი აქაური ოთახი სავსეა შენით, კედლებიდან მიყურებ, ჩემთან ხარ ყოველთვის, მამხნევებ. როგორ გაუგებარ ენაზე გელაპარაკები, ჩემო თენდეის. რა შორს ვარ, მოგაბეზრე თავი ამდენი ცრემლებით, იმდენად მოგაბეზრე, რომ ლამაზიც კი აღარ არის უკვე ჩემი ცრემლები... მრცხვენია ამ უაზრობის, რომლის დასაწერადაც ასე დიდხანს ვემზადებოდი, მაგრამ ზუსტად ეს არის, რასაც ვგრძნობ, ეს არის ის არეულობა, ქუჩაში დაკარგულ ბავშვს რომ აავსებს და აატირებს... ქუჩა, მაგარი ახლობელი გახდა ჩემთვის. იცი რამდენს დავდივარ მარტო? ჩემს სამყაროში, ჩემი სიგარეტით, ჩემი მუსიკით, ჩემი გზით და ჩემი ჰაერით... დავდივარ смотрю на мир сквозь черные тучи...

თენდი, იცი როგორ გადავეჩვიე სიხარულს? არადა გასახარი კი ბევრი მაქვს, თუნდაც ის, რომ შენ გახსოვარ. (ღმერთმა ქნას გიყვარდე) დრო რომ გადის, უბრალოდ ძალიან ძნელია უშენოდ ჩემო....
ახლა წერილი გადავიკითხე, ალბათ ძალიან გაბრაზდები ამ სისულელეს რომ წაიკითხავ, მაპატიე იმას თუ არ გეუბნები, რისი გაგებაც გინდა, თენდი, როგორ ხარ? რა ხდება მანდ? წვრილად მომიყევი, რადგან ჩემთვის ყოველ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა.  
წერილში მწერდი `შენ ალბათ არ განერვიულებო?” შეიძლება მართალი ხარ არ მანერვიულებ, მართლაც რომ არ მანერვიულებ, რადგან რაც მე მჭირს უფრო მეტი, უფრო ცუდი, თუ უფრო კარგია, – არ ვიცი. შენ მე მართლა არ მანერვიულებ, უბრალოდ სუნთქვას მიძნელებ, თვალებს მიმღვრევ და ტკივილამდე მიყვარხარ! ვიცი რომ საშინელებებს გეუბნები, შენ არ გიყვარდა ასეთი ნათქვამები, მაპატიე!
აქ ახლა ღამეა თენდი, შემოდგომა გავიდა და ზამთარი იწყება, ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე გრძელი და ცივი ზამთარი... ზამთარი, როდესაც ალიკას ციგას ვერ გამოვართმევ და ჩვენი ქუჩის ბოლომდე ერთად ვერ დავეშვებით, ზამთარი როდესაც შენს გაყინულ ხელებს ჩემი ტუჩებით ვერ გავათბობ და შეიძლება, ბოლოს სადმე მიპოვნონ მიყინული, უსიყვარულობისგან გათოშილი, ყინულის ფიგურა! ისე, როგორც შენს საყვარელ მულტფილმში დაემართება კაის, გახსოვს, კაი და გერდა, როგორ გაფაციცებით უყურებდი ხოლმე და თოვლის დედოფლის დანახვაზე თავს მუხლებში მიდებდი, ახლა კი მე მარტო ვუყურებ თოვლის დედოფალს, და იმაზე მეტად მეშინია მისი დანახვის, ვიდრე შენ გეშინოდა მაშინ, შენი ბებოს ტახტზე თბილად მოკალათებულს...
სურათები ჯერ არ გამიმჟღავნებია, დეკემბრის დასაწყისს ველოდები.

კალეიდოსკოპი

ძნელ დღეებში წავალ და დავბეჭდავ, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდები!
იცი, ხანდახან თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ კარგად თითქმის არასდროს...

მოთმენა ვისწავლე, ვიბრძვი, ვწვალობ, გამოცდებს კარგად ვაბარებ, მაგრამ როდესაც ხატვას მოვრჩები ხოლმე, გირეკავ, გირეკავ თითქმის ყოველ ღამე, თუ გამიმართლა და გამოვედი ნახევარი წუთით შენს ან ჩემს სახლს ვგრძნობ, თითქმის ყოველ ღამე ორ საათზე. (შენთან მაგ დროს სამია). რამდენჯერმე დედაშენის ხმა გავიგე და ყურმილი დავკიდე. შემშურდა დედაშენის, მას ხომ შენ იქვე ჰყავხარ. მერე ძალიან მალე მიწევს ხოლმე დაბრუნება ჩემს უმარილო, უშენო სამყაროში. ასე, რომ ერთი რამე მინდა გთხოვო, ღამის სამზე გრძელი ზარი თუ გაიგე, მე ვარ. უბრალოდ ყურმილი აიღე და მითხარი „მიყვარხარ“ – და იცოდე რომ მთელი ერთი კვირით ჰაერით, წყლით და ცხოვრების მიზნით ვიქნები უზრუნველყოფილი (რა დებილი ვარ!).


იმ დღეს ქუჩაში მივდიოდი, მზიანი დღე იყო, კარგ ხასიათზე ვიყავი, უცებ უკნიდან რაღაც ხმა შემომესმა, წყნარი, შენი ხმა, ნიკოოოო.... მეძახდი, მართლა გეუბნები, მოვტრიალდი და თვალებით დაგიწყე ძებნა, წამით დამავიწყდა სად ვიყავი, თენდი, იცი რა ძნელი იყო მერე? როცა შენ ვერ დაგინახე, თურმე არავინ მეძახდა, ისევ უშენოდ აღმოვჩნდი? მენატრები, მჭირდები, მიყვარხარ და მეყვარები! უსასრულობამდე, იქამდე, სანამ ვიარსებებ!

ულევს გაკოცებ რომ გნახავ
და იქამდეც... ყოველთვის...

***

დღეს თორმეტი ნოემბერია, წერას ვაგრძელებ დღისით, როდესაც უფრო დაწყნარებული და ძლიერი ვარ. მზე მანათებს, პარკში ვზივარ, დიდი ჭადრის ხის ქვეშ, გარშემო მხოლოდ ფოთლებია, მე ისევ მარტო ვარ შენი სურათის წინ. მინდა რამე საინტერესო დაგიწერო, რამე აზრიანი, მაგრამ არ გამომივა, შემიძლია მარტო ის მოგწერო, რომ მიყვარხარ და მენატრები, საღამოს სახლში რომ ვბრუნდები, ფანჯარაში ვიყურები, შენ მახსენდები, ჩემი ბიჭები და ისევ მარტო ვარ ჩემს მონატრებასთან, ჩემი შეყვარებულის სურათებთან, ვრთავ მუსიკას, იმ მომღერალ ქალს, რომელსაც შენი ხმა აქვს, რატომ გიგავს ასე ხმა, ხმა რომელსაც ვერ ვეხები, ვერ ვიხუტებ, ვერ ვკოცნი – ისევ ვიყურები ფანჯარაში და ისევ მახსენდება თბილისი... სიზმრებით ვცხოვრობ, ღამე შენ გკოცნი, ძიმკას ველაპარაკები....

რა მოსაწყენი ისტორიაა, ვერაფრით ვერ ვეგუები რუსეთს, რუსებს და ყველაფერ რუსულს... ერთადერთი იმედი მაქვს რომ დრო გავა, და მე ჩამოვალ, შენ ისევ ჩემი თენდეისი, ჩემი გოგო იქნები... გემშვიდობები ცოტა ხნით, შენს წერილს საშველად გამოწვდილი ხელივით ველი, იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე უყვართ ხოლმე....

მხოლოდ შენი, მოწყენილი ნიკოოოო... თავს გაუფრთხილდი ჩემი ხათრით, გკოცნი ულევს ჩემო სიყვარულო,
არ დამივიწყო რადგან მჭირდები,
მიყვარხარ ძლიერ, თავდავიწყებით...
გავგიჟდი... გავგიჟდიიიი....  
***


 თენდეის....

ცრემლები მომდის...
მიყვარხარ.... მენატრები....
შენ შორს ხარ ჩემგან... მეც – შენგან
თენდი, არ ვიცი რა ვქნა?
ვერ – არ გირეკავ, არ მესმის შენი ხმა....
თითქოს მოვკვდი...
თენდი, აქ ღამეა, .... მანდაც....
ვკოცნი შენს ქაღალდის ტუჩებს და მინდა, რომ იგრძნო სიმხურვალე!
თენდი, მიყვარხარ....
მიჭირს ჩვეულებრივი წერილის სტილზე გადასვლა. საერთოდ, ყველაფერი მიჭირს უკვე....
სამსიტყვიანი წერილის დაწერა მინდოდა შენთვის. სამი სიტყვის თქმა რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ჩემთვის და მინდა, რომ შენთვისაც ჰქონდეს.

სამი სიტყვა, როცა ასეთ ცოტას წერ ტყუილი არ გამოგივა, ამიტომაც, ჭეშმარიტი გრძნობა სამ სიტყვაში თავისუფლად ჩაეტევა. მაგრამ საკითხისადმი რაციონალური მიდგომა მიწევს და სამ სიტყვაზე მეტს ვწერ....
თენდი, არ უნდა გამემეტებინე იმ დღეს შენს სადარბაზოსთან, ბოლო დღეს...
ჩემს წასვლამდე ერთად ყოფნის ბოლო, ლამაზ, ძალიან ლამაზ დღეს... კინაღამ მოვკვდი შენ თვალზე ცრემლი რომ დავინახე. ქალის ცრემლი ჩემთვის ყველაზე დიდი სისუსტეა, შენ კი ჩემთვის ჩვეულებრივ ქალზე გაცილებით მეტს ნიშნავ....
 მხოლოდ ახლა ვხვდები რა მარტო ხარ. წარმოიდგინე მე არა ვარ კიდევ ისე მარტო, როგორც შენ. ისევ გამოდის, რომ შენ გიწევს ჩემზე მეტის გადატანა, მაპატიე, თუ გიყვარვარ...


ახლა ღამეა, სიბნელე, სიჩუმე, მაგრამ მე მარტო არა ვარ. ამ წამს მოვრჩი შენი წერილის კითხვას. აღარ მეგონა თუ რაიმეს დაწერის თავი მექნებოდა.
მთელი დღე ვინახავდი შენს წერილს. დღეს ჩამომივიდა დილით. იცი რა _ შენი ხელი რომ დავინახე ისევ ის „ნიკოოოო“ და ისევ ის „თენდი“ მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ბედნიერი ვარ, რადგან შენ ისევ გიყვარვარ.
არ ვამჟღავნებ ჩვენს სურათებს, შავი დღისთვის ვინახავ.

ნუ გეწყინება. ძალიან გთხოვ. ასე უფრო გამიადვილდება.  

ვკითხულობ დაწერილს და ვგრძნობ რა უსუსური სიტყვებია, როგორ მინდა გითხრა რაიმე ძალის მომცემი, გამამხნევებელი... სიტყვები უსუსურია... ხელთ მხოლოდ უსუსური სიტყვები მაქვს...
გენაცვალე...
ისევ გუბეები გამიჩნდა თვალებში...
ცრემლიანი წერილები, სასაცილოა ზოგისთვის, მაგრამ არა ჩემთვის..
წინ მიდევს შენი სახე, შავთეთრი სურათი, ლამაზი გოგო, შენთან ერთად გატარებული წუთები, როგორ მენატრება! როგორ მომენატრე....
ჩემო ცრემლო, შენ ხარ ერთადერთი, ვის გარეშეც ცხოვრება არ ღირს, ნუ გაგაღიზიანებს ჩემი სენტიმენტები, ძალიან გთხოვ...

ვიცი რომ ჩემი რომანტიზმი ხან გტანჯავს, მაგრამ მე ასეთი ვარ, ასეთი გამხადე, არ დამცინო, გევედრები... მიმიხვდი გეხვეწები არ გამომდის სხვანაირად, ოჯახს ისეთი სასტიკი წერილი მივწერე, რომ წავიკითხე კინაღამ გული გამისკდა. მივხვდი არასწორად მოვიქეცი, რადგან ყველა გავიმეტე, ეგოისტურად – ნერვიულობისთვის...
თენდი, სისულელეებს გწერ, მრცხვენია, მაპატიე კიდევ ერთხელ. ახლა აქ ღამის პირველი საათია, ვწევარ ლოგინში, სხვა სუნი დგას, სხვა ოთახი, სხვა გარე სამყაროა...
თენდეის, როგორ მომენატრე...
მიყვარხარ!
რატომ მთხოვე!
რატომ ხარ შორს!
არ ვიცი რა გითხრა ბოლოს. წერილი თავდება, რადგან თავდება ცრემლის შეკავების მოთმინება, გავაგრძელებ და ვიტირებ, ეგ კი არ მინდა, დამაკარგვინებს ბალანსს და ჩავვარდები ტკივილის, მონატრების უსასრულო უფსკრულში...

თენდეის, ნუ მწერ `მიყვარხარ ისევ”_ მომწერე `მიყვარხარ” მხოლოდ, გთხოვ, მე შენზე ვფიქრობ,
  მე შენთან ვარ...
ჩემო ცრემლო, ჩემო გოგო, ჩემო სიცოცხლე – რა ლამაზი სიტყვებია.




******

თენდეის!
ჩემო სიზმრის გოგოვ, როგორ მომენატრე... ოთხი თვე... უშენოდ. რა საშიშად ჟღერს, რა ცუდია... ჩემო სიზმრის, ჩემო იმედის გოგო. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხააააარ! გამოვშტერდი, რას ვწერ, რას გეუბნები, რაში გჭირდება ეს სისულელეები.

კალეიდოსკოპი

თავს ინვალიდად ვგრძნობ, მუნჯად, ხელებ მოჭრილად – ვერ გხედავ, ვერ გხატავ, ვერ გელაპარაკები, ვერ გეუბნები რომ მიყვარხარ, ვერ გეფერები... აბა ასეთი ცხოვრება – ცხოვრებაა? სად ხარ, რას აკეთებ, რაზე ფიქრობ? ამის გააზრება უდიდეს ტკვილს მგვრის, ასე შეიძლება არაფერი ვიცოდე შენზე? არაფერი ვიცოდე ჩემს გოგოზე, ჩემს სიყვარულზე, ჩემს თენდეისზე...  
გწერ, წარმოგიდგენ შენ – ხსნი ამ წერილს, კითხულობ ამ სიტყვას, რა გახსენდება? სად ზიხარ? რა გაცვია?... ყველაფერი ხარ ჩემი, საშიშად ყველაფერი...
ვკითხულობ ძველ წერილებს (მართალია, ისინი არასოდეს ძველდებიან, მაგრამ მაინც), ვუსმენ ძველ კასეტებს, ერთად რომ ვიწერდით, რა ბედნიერი ხმა მაქვს, რა ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია ავდგე, დავრეკო და ის ყოველთვის სახლში იქნება, ის ყოველთვის გაკოცებს ძილის წინ – ძილს დაგილოცავს – `ტკბილ ძილს, ჩემო სიხარულო” – მეუბნები შენ, ჩემო თენდეის. და მთელი ღამე ტკბილად მძინავს... ახლა კი ჩემი ღამეები კოშმარებად მექცა, შუაღამისას მეღვიძება და ვიტანჯები, ვიტანჯები დილაობით, ვიცი რომ ვერ გნახავ...

რატომ დავისაჯე ასე....
შენი ულამაზესი სურათი მიდევს მაგიდაზე, ყოველთვის თვალწინ მყავხარ, ყოველთვის. რა ლამაზი გოგო ხარ, როგორ იცინი, თვალები გიბრჭყვიალებს – სიზმრის გოგოვ!..  
იმ დღეს ვიღაცამ `Gყპსყ Kინგს” ჩართო. ბევრი ხალხი იყო გარშემო, უცებ ყველა გაქრა, გაქრა... უცებ, ჩემთან ვიყავით სახელოსნოში. გეხუტებოდი, გეცეკვებოდი, ბედნიერი, ძლიერი, მდიდარი, ლამაზი, უცებ შენთან ერთად ვიყავი. თენდიიიი, თენდიიი, გული მეტკინა, ცრემლები ვერ შევიკავე, თვალები რომ გავახილე...

არაფერი აღარ ვიცი, იმის გარდა რომ მიყვარხარ, რომ მჭირდები, რომ მესიზმრები....
შენმა ზარმა გამაბედნიერა. მართლა პატარა ბავშვივით დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა (მერე შემრცხვა და ჩემს თავზე გავბრაზდი), კოლოფიდან, ჩემი თენდეისი მელაპარაკებოდა, იცინოდა, მისმენდა, თვე ნახევარი გავიდა მას მერე, დიდი დრო, პატარა დრო, არ ვიცი. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ისევე მენატრები, როგორც თვითმფრინავში, ლენინგრადში, თბილისში ყველა განშორების შემდეგ... მანქანაში რომ ჩავჯექი ბოლო დღეს, მივხვდი, რომ ვეღარ გნახავდი, ვეღარ მოგეფერებოდი, თენდიიი, სადა ხარ, მენატრები. ჩემო სიცოცხლევ... ჩემო იმედო, ჩემო სიზმრის გოგო...


გკოცნი ულევს და ყველგან
შენი ნიკო



*****

აქ თოვლი დევს, თენდეის, გარეთ საშინლად, ამაზრზენად ცივა.

არ ღირს გასვლა. ზამთარი დაიწყო, ესეც უშენოდ, გრძელი, ბნელი, აუტანელი ზამთარი... არდადეგებმა, ამათმა ტრადიციებმა, რუსული ცხოვრების რაღაც სიახლეები შემოიტანა აქაურ ცხოვრებაში. ახალი გამოცდილებები, ახალი ხალხი, ახალი ცოდნა – ვის რაში სჭირდება? ვის რაში სჭირდება?...
თენდეის, ბევრს ვფიქრობ, ღირდა თუ არა ეს წვალება, _ წამდები, ტირიხარ, შორს ხარ, რატომ? რისთვის? ვისთვის? ჯერ გაბრაზების ცრემლებს ვერ გავცდი... როგორ მიჭირს უშენოდ, არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა, ვიცი, რომ სადღაც ხარ, მაგრამ რაღაც იდიოტური მიზეზების გამო, ერთად ვერ ვართ... ამას როგორ შევეგუო? რაც დრო გადის მეტად მენატრები, მეტად მიყვარხარ, მეტად მაგიჟებს შენი სუნი, შენი თმები, შენი კანი....

იმედია მიპასუხებ, და იმის იმედიც მაქვს, რომ შენი პასუხი არ გამაუბედურებს. ისეთი უინტერესო გავხდი გარე სამყაროსადმი, რომ მეშინია... ჩემი ცხოვრება, ჩემი ნახატები, ჩემი მუსიკა, ჩემი სიგარეტი... ჩემი ქალი, ჩემი თენდი!!! ხანდახან ისეთ რამეს შეხვდები აქაური ხალხის ხასიათში, რომ თავის დაცვა გჭირდება, ზედმეტი ემოციებისგან, უბრალოდ ცუდ ხასიათზე დგები, რატომ, რატომ გიწევს შენ, რომელსაც არაფერი საერთო არა გაქვს მათ პრობლემებთან, მათი გადაწყვეტა? შეუსაბამობაა! შეუსაბამობა! შენთან მინდა, შენთან მინდა!
თენდი, იმედი არ დაკარგო, რადგან საფუძველი არა გაქვს. არანაირი. დრო გადის, ყველაფერი ტრიალებს ისე, როგორც ჩვენს კალეიდოსკოპში. ყველაფერი იცვლება, ჭეშმარიტების გარდა.

ჭეშმარიტი კი ჩემთვის, მხოლოდ ჩემი გრძნობებია. მე არ ვიცვლები, თენდი, არ ვიცვლები, ისე როგორც ხე, რომელსაც ფოთლები გასცვივდა, აღარ არის ისეთი ბედნიერი და ლამაზი, მაგრამ მაინც ცოცხალია და გაზაფხულზე სითბოს, მზის წყალობით ისევ აყვავდება, ისევ ლამაზი და ბედნიერი გახდება... ისევ ცოცხალი. მიყვარხარ! (მაგრამ არა, როგორც ხეს!).  
თენდი, როგორ მინდა ვიცოდე, თუ გაგეხარდა საშობაო საჩუქარი? ახალი არომატი.... მინდა, რომ გაგეხარდეს, ჩემო სიყვარულო, როგორ მომენატრე! იმიტომ რომ მიყვარხარ, მიყვარხარ და მეყვარები. სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს.

რადგან... არ შეიძლება!
ჩემო სიცოცხლე, გემშვიდობები და ღმერთს ვთხოვ, რომ წერილებში, რომლებსაც მამაჩემი ჩამომიტანს, შენი წერილიც იყოს, ღმერთს ვთხოვ, რომ ძალა მოგცეს, რწმენა მოგცეს ჩემი, ისევე, როგორც მე მომცა უდიდესი, უჭეშმარიტესი რწმენა შენში. ჩემო თენდეის, გადამრიე, გადამრიე, გამოუსწორებლად გადამრიე, შენ მე ყველა სხვა ქალისთვის მომკალი... და იცი, როგორი ბედნიერი ვარ ამის გამო? მიყვარხარ!

გკოცნი ულევს, ულევს
შენი მოწყენილი ნიკო

ბოლო წერილი

“არ ვიცი შეიძლება და ალბათ ასეა კიდეც, რომ ჩემი გადაწყვეტილება ნაჩქარევია... გუშინ ღამე წყნარად დავჯექი , ვფიქრობდი და დავასკვენი, რომ ჩემი პრობლემა იმაშია, რომ მე სიყვარული საერთოდ არ შემიძლია. მე ასეთი ვარ და შეცვლაც, ალბათ გვიანია. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, იმის მიუხედავად ვართ თუ არა ერთად.

მაგრამ რადგანაც ჩემი მხრიდან შეკითხვა დაისვა, რადგანაც ბზარი გაჩნდა მის გამთლიანებაზე, ზრუნვას აზრი მართლა აღარა აქვს, იმიტომ, რომ ამ ზრუნვისას შესაძლოა ისიც გააფუჭო, რაც იყო. იყო მართლაც ძალიან ბევრი ბედნიერი და დაუვიწყარი წუთი. ისიც მაგრად მეჟუტკება, რომ უცბად, წვიმის წვეთივით შეწყდა ყველაფერი. თუმცა, ჩვენი აქაური, რუსული ურთიერთობა წერილით დაიწყო და წერილით დამთავრდა – ბუნებრივიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ ლოგიკურად ჟღერს. ძალიან კი მენანება, მაგრამ ალბათ `все к лучшему”... ყოველ შემთხვევაში, მე, შინაგანად ამის აუცილებლობას ვგრძნობ. ბევრი რამე ვერ მოვასწარით ცხოვრებაში, მაგრამ ничего, რაც იყო ულამაზესი ზღაპარივით მემახსოვრება და მინდა, რომ შენც ასე გახსოვდეს, ბუნებრივია ვერ დაგაძალებ, მაგრამ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რომ შენ არ ნანობ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე გაისეირნე ჩემთან ერთად, ჩემი ნანატრი თვითმფრინავით...


გკოცნი.”


ნიკოს განშორებიდან _ ოცდათორმეტ წლამდე

ნიკო ჩემი ცხოვრებიდან გაქრა, როგორც წვიმის ბოლო წვეთი, ისე აორთქლდა... თითქოს ოპერაცია გამიკეთეს და ნელ-ნელა, ნარკოზიდან გამოვდიოდი...

კალეიდოსკოპი

ქირურგიული ჩარევასავით, ხან მეგონა ხელები, ხან კი ფეხები მომაჭრეს. ბოლოდროინდელმა ემოციურმა შემოტევებმა, ნიკოსადმი ბრალდებების წაყენებამ, სიბრაზემ, წყენამ, გაბოროტებამ – ყველაფერმა უარყოფითმა გამიარა, დიდი დრო დამჭირდა, რომ ბოლომდე გამოვსულიყავი ამ სტრესიდან. რაც მერე დაიწყო, ყველაფერზე რთული აღმოჩნდა – უმძაფრესი შეგრძნებები, რომლებიც ადამიანს ანგრევს და ფსიქიკას უფუჭებს. მონატრება, სინანული და საკუთარი თავის დადანაშაულება. ერთი პერიოდი მეგონა ჭკუიდან შევიშალე, ქუჩაში გიჟივით ჩაცმული დავდიოდი.

ძალიან უცნაური ტანსაცმელი ამოვიჩემე, უცნაური მეგობრები გავიჩინე და როგორც ნიკოს შევპირდი, ერთხელ, მარიხუანას მოწევაც დავიწყე... მერე კიდევ სხვა რაღაცეებსაც მივეძალე და ასე... ეს ცხოვრება იმდენად მაინტრიგებდა, რომ ჩემი თავი მხოლოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მომწონდა, ტვინი მეხსნებოდა და ხანდახან ბურანში ნიკოსთან ერთად ყოფნასაც კი ვახერხებდი. იმათ, ვინც მსგავსად არ იქცეოდა, ამრეზით ვუყურებდი, დავცინოდი... მოკლედ, დაახლოებით ერთი წელი, ან მეტი სახლში არასოდეს მეძინა, ჩემს ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად, დავხეტიალებდი ერთი სოფლიდან მეორეში. ხან მთაში დავდიოდით, შენელებულ, მიძინებულ ლაშქრობებში და ხან ზღვისკენ, სადაც გვიღამდებოდა, იქ გვითენდებოდა. მოკლედ, სრულიად საზიზღარი ცხოვრება, სამოთხედ მიმაჩნდა, სწავლითაც არ ვსწავლობდი, მთელ საქართველოში დავხეტიალობდით, ხან რა უბედურებას გადავეყრებოდით, ხან რას...

ჩამოთვლადაც არ ღირს. უბრალოდ ფხიზელი ყოფნა არ მინდოდა, რაც მეტად შევდიოდი ასეთი სამყაროს ხიბლში, მით მეტად მითრევდა, მაგრამ ნაკლებად მათრობდა, ვგრძნობდი, რომ ჩემს ირგვლივ არავინ იქცეოდა მსგავსად, ჩემი `ბომჟი” მეგობრების გარდა, ხან ფილმის გადაღებას ვიგონებდი, ხან რას და ხან რას, ოღონდ კი სახლში არ ვყოფილიყავი და სულ ტყუილში ვცხოვრობდი, ტყუილში და ჭუჭყში... სახლში ყოფნას ვერ ვიტანდი, ყველასთან ვჩხუბობდი, ჩემი ოჯახი გაოცებული იყო, დილიდან თვალებში მიყურებდნენ, ვერ გაეგოთ რა მჭირდა, მაგრამ არავინ მაინტერესებდა, რომელიმე `ბომჟი” როგორც კი გამომივლიდა, იმ წუთასვე მეხსნებოდა ყველანაირი დაძაბულობა. ხანდახან კვირაც გადიოდა, სახლში არ მივიდოდი. დედაჩემი და მამაჩემი დატანჯული მყავდა, საცოდავები არც მაინტერესებდა რას განიცდიდნენ. ერთხელ, ერთ-ერთმა `ბომჟმა”, დედაჩემს საყურეებიც კი მოპარა. საძინებელში შევიდა და მოიპარა.

მახსოვს იმ საღამოს ისე ცუდად იყო დედა, კინაღამ გადაყვა ამ ამბავს. მაგრამ მე ისეთ სამყაროში ვცხოვრობდი, არაფერი მაღიზიანებდა და არაფერი მადარდებდა, გარდა ერთისა... ერთხელ, საღამოს _ აბაზანაში შევიკეტე და არ ვიცი რა მოხდა, ალბათ გავითიშე. თვალი რომ გავახილე თეთრი ოთახი დავინახე, თვალებში ვიღაც უცხო კაცი მიყურებდა, აქეთ-იქით გავიხედე, მივხვდი სადაც ვიყავი.  
_ პატარავ, რატომ იკლავ თავს?
_ სადა ვარ? ცოცხალი ვარ?
_ ახლა კი ცოცხალი ხარ, მაგრამ სიკვდილს ხელიდან გამოვგლიჯეთ შენი თავი, ძლივს გადარჩი... გთხოვ, ნუღარასოდეს გასინჯავ ნარკოტიკს... უბრალოდ სხვა ცხოვრება აირჩიე...

ლამაზი გოგო ხარ, ასეთი კარგი ოჯახი გყავს, იცი რა ლამაზია ცხოვრება და რამდენი რამე გელოდება, რისთვის იკლავ თავს?
_ დედაც აქ არის?
_ კი, აქ არის? ვეტყვი შემოვიდეს... – ექიმი რომ გავიდა და დედა უნდა შემოსულიყო, მივხვდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტი იქნებოდა იმის მერე, რაც მამაჩემმა სიგარეტზე წამასწრო. დედა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ მაინც ვერ გაიგებდა რამ დამაყენა ასეთ გზაზე... შემოვიდა, თავთან დამიდგა და თმებში მაკოცა...
_ მაპატიე, კარგი?
  ამოვიკვნესე და ვიგძენი, როგორ დამისველდა ყელში რაღაც... უკვე ოცი წლის ვხდებოდი, მთელი ოცი წლის, ვიცოდი რომ `თინეიჯერობა” მთავრდებოდა, და მე უფრო მეტი და მეტი მომეთხოვებოდა. ერთადერთი, დედას პატიება ვთხოვე, მეტი სიტყვა არ მითქვამს. დედა მთელი ღამე ჩემს ფეხებთან იწვა და ხმას არ იღებდა, ალბათ არც იცოდა რა ეთქვა, არ სჯეროდა რომ მისმა პატარა გოგომ ასეთი რამ ჩაიდინა.

კიდევ კარგი ყველაფერი არ იცოდა, საცოდავმა.
დილას საავადმყოფოდან გამოგვწერეს, მამა თბილისში არ იყო, და ვერაფერი გაიგო, ეს საიდუმლო ჩვენი ოჯახის კედლებში ჩაიმარხა...  
ნარკოტიკებისკენ აღარასოდეს გამიხედავს, საკუთარ თავს ცხოვრების ეგ ეტაპი ვაპატიე და გავთავისუფლდი. დედა ძალიან დამეხმარა, შემდგომი ორი წელი სწავლას მივუძღვენი. დაახლოებით ორი წელი ვსწავლობდი, მაგისტრატურაში ჩავაბარე – მენეჯმენტზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უფრო ჰუმანიტარული საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება, რატომღაც ძალიან დამაინტერესა ამ განხრამ. მენეჯმენტში ხარისხის მიღება მინდოდა და ბოლომდე მივიყვანე ეს საქმე.

ოცდაორი წლის ვიყავი, სამსახური რომ შემომთავაზეს. მახსოვს, დედას დაურეკა ერთმა თავისმა მეგობარმა და ჰკითხა, თარჯიმნად თუ გავყვებოდი ვიღაც ბრიტანელ ქალს რამდენიმე დღით, ბათუმსა და ფოთში.  
ასე გავიცანი მერი. პირველად რომ შევხვდი, აპრილის თბილი დღე იდგა, სასტუმრო `ბეთსიში” იყო გაჩერებული. მივედი და იმ წუთასვე მივხვდი, რომ ქალი, რომელიც იჯდა და მშვიდი სახით პაპიროსს ქაჩავდა _ მერი იყო. ოცდაორი წლის ასაკში, ბევრად პატარას ვგავდი, მერი კი დიდი ქალი იყო, სამოცი-სამოცდახუთის – ასე დავასკვენი. მივედი და ვინაობა ვკითხე.

`კარი გაიღო და პატარა, გამოუცდელი იხვის ჭუკი შემოვიდა”, _ ასე იხსენებდა ხოლმე, ჩვენს შეხვედრას მერი. დიდხანს მაკვირდებოდა, მერე მითხრა, რომ მეორე დილას, ბათუმში უნდა გავყოლოდი. არ ვიცი მოვეწონე თუ არა, მაგრამ სამსახურში კი ამიყვანა. მეორე დღეს, ბათუმში წავედით. მაშინ კარგად არ მესმოდა რა ხდებოდა მის თავს. ქმარი გარდაცვლოდა, რომელსაც ქართველ პარტნიორებთან ბიზნესი ჰქონდა, სწორედ ამ პარტნიორებთან შესახვედრად წავედით ბათუმში. ისინი თან დაგვყვებოდნენ, თავს გვევლებოდნენ, მაგრამ მათ ქცევაში რაღაც საეჭვო იყო.

თავიდანვე არ მომეწონა ეს ხალხი, ჩემი მოსაზრება მერის გავუზიარე, ისიც იმავეს ფიქრობდა, ამიტომაც მათ თავისი წილი დაუბრუნა და თბილისში წამოვედით. ამ ერთი ციდა ქალს მთელი ამხელა საქმე შერჩა. რატომღაც ბიზნესის საქართველოდან გატანა არ ისურვა, თბილისში `ოფისის” გახსნა გადაწყვიტა და ლონდონში გაემგზავრა. ორი თვის შემდეგ დაბრუნდა, ისევ დამირეკა, ერთად ავარჩიეთ საოფისე ფართი, დავიქირავეთ ნათელი, დიდი ბინა რუსთაველზე. და ასე დაიწყო საქმე, რომელსაც დღემდე ვემსახურები. უფრო სწორად, საქმე, რომელიც დღემდე მემსახურება.

კალეიდოსკოპი

ჩემთვის ეს ისეთი სამსახურია, რომელსაც ბევრი არც დრო მიაქვს და არც ენერგია.

მერე და მერე, მერი ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა, მეგობარი, რომელსაც არასოდეს ესმოდა ჩემი, მაგრამ მაფასებდა, რადგან დაუზარებლად და გულწრფელად ვეხმარებოდი. მახსოვს პირველი ხელფასი რომ ავიღე, გახარებულმა მერის დავურეკე.  
_ იხვის ჭუკო, რამდენჯერ უნდა გითხრა, არ არსებობს საკმარისი ხელფასი. ეგ თანხა სილამაზის სალონის ხარჯების დასაფარადაც კი არ მყოფნის, ამიტომ დიდად აღფრთოვანებულიც ნუ იქნები, სულ ეს არის ჯერ, რაც შენთვის გავიმეტე, რადგანაც მეტი არ ღირხარ!
  ხასიათით მაქსიმალისტი აღმოვჩნდი, ჩვენი ბიზნესიც კარგად აეწყო, მოგვიანებით, მერის ინგლისელი ადვოკატი და კონსულტანტიც ჩამოვიდნენ და აქ დასახლდნენ. დღემდე შერჩნენ თბილისს, ცოტა დრო რომ გავიდა, თანამშრომლების რაოდენობაც გავზარდეთ, შესანიშნავი ხალხი შეიყარა ერთად. ბიზნესი, ძალიან საინტერესოა დასაკვირვებლად, ორგანიზმივით ხან სუსტად სუნთქავს, ხან კი ისე ხშირად და ენერგიულად, რომ ვერ დაეწევი. არასოდეს მიფიქრია სამსახურის შეცვლა, მერის იმხელა შემოსავალი ჰქონდა, როგორზეც არც უოცნებია, ამიტომაც სულ მათამამებდა და ხან რა სიურპრიზს მიმზადებდა, ხან რას.

ხშირად მიწევდა ლონდონში მოლაპარაკებებზე ჩასვლა. ლონდონში ჩასულს, როგორც კი იქაურ ნესტიან-სველ ჰაერს ჩავისუნთაქავდი, ყველანაირი სტრესი და დაძაბულობა მეხსნებოდა...
 დადგა ის დღე, როდესაც ოცდაოთხი წლის გავხდი... ნიკოს მერე პირველად, გამიჩნდა სურვილი ვინმეს შევხვედროდი...  
 დაახლოებით შვიდი წელი გავუძელი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობას – `არაჩვეულებრივი გამოფენა”, – ერთიც კი არ იყო მათში გამორჩეული, ყველა ერთი ფერის, ერთი ჩამოსხმის, ერთი ფორმის და ერთი გემოსი. ზოგმა მე გამაგიჟა, – ზოგიც, მე გავაგიჟე. თეორიულად ვიცოდი, რომ ახალგაზრდა გოგო ვინმეს აუცილებლად უნდა ხვდებოდეს, ამიტომაც მივდიოდი ამა თუ იმ ურთიერთობაზე – სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გრძნობა არავის მიმართ გამჩენია, ყველა ეს შეხვედრა, და შემთხვევით ჩემს მკლავებში აღმოჩენილი ადამიანები დიდი თამაშის ნაწილი იყო, რომელიც ჩემი სურვილის მიუხედავად ხდებოდა.

როცა არ გიყვარს, ყველაფერი არც ადვილია, და არც ძნელი... ბოლოს ყველაფერი ერთნაირად,_ განშორებით მთავრდებოდა... ზოგზე გულიც კი მწყდებოდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. მე, ყოველთვის ერთი ადამიანი მედგა თვალწინ და მუდამ მასზე ვოცნებობდი. ის მახარებდა და მისით ვცოცხლობდი... მივდიოდი ვინმეს შესახვედრად, ჩავიცვამდი-დავიხურავდი – სახლში კი ცარიელი და დათრგუნული ვბრუნდებოდი. გრძნობით ვერავის ვეფერებოდი და ვერც სხვის გრძნობებს ვითავისებდი.

მათ ნიკოს ვადარებდი და ვხვდებოდი, რომ ჩემთვის ყველა უცხო იყო. ძნელი ასახსნელია, რამ შეიძლება გაიძულოს ათ წელზე მეტი, ერთი ადამიანი გიყვარდეს? ყველაფერში ნიკოს სითბო მეჩვენებოდა, მაგრამ მხოლოდ მეჩვენებოდა... აღარავინ მირჩევდა ბროწეულს შემოდგომაზე, გრეიფრუტს ზამთარში და არავინ აცლიდა კურკებს ალუბალს, ზაფხულის ცხელ დღეებში, ვერავინ შეძლო ჩემთვის იმდენი სითბოს მოცემა, არავის აღარ დაუკოცნია ჩემი ფეხისგულები და ტერფები, არავის აღარასოდეს გაუხეხია ბანაობისას ჩემთვის ზურგი და პატარა ბავშვივით დაუბანია თმები... ბევრი რამე იყო ჩვენს შორის, ისეთი ბუნებრივი, ისეთი ბავშვური, რასაც მერე დიდები არ იმეორებენ, რასაც მერე, აღარავინ აქცევს ყურადღებას, არადა ეს სიცოცხლისთვის ისეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც ჰაერი და წყალი...  
  ნიკოს სახელს და გვარს გამუდმებით ვეძებდი, ჟურნალებსა და გაზეთებში. მერე, ინტერნეტი რომ შემოვიდა, ინტერნეტში ვიჩხრიკებოდი. თუნდაც ერთი ნახატი რომ მენახა, ერთი პატარა გრაფიკული ნამუშევარი _ ვიცნობდი, ერთი პატარა რამ, რასაც ჩავეჭიდებოდი.

მაგრამ არაფერი იყო... ნიკო, იმ ღრუბლებივით აორთქლდა სამყაროდან, რომლებში ფრენასაც ნატრობდა... გამოგიტყდებით და ნიკოს საჰაერო ძალებში და სამოქალაქო ავიაციაშიც კი ვეძებდი... რა ხერხს აღარ მივმართე... არაფერი გამოვიდა... ისეთი დღეებიც მქონდა, როდესაც ყველაფერზე ხელს ჩავიქნევდი ხოლმე, თავს დავაჯერებდი, რომ სიყვარულისთვის დაბადებული არ ვიყავი, – ერთ წამში ვანგრევდი ბავშვობაში, ჩემივე ხელით პლაკატზე მიწერილ ფორმულას, – მერე ისევ მომდიოდა ძალა, რომელიც თავიდან მაწყებინებდა ძებნას, ყოველ დღე მაინც ველოდი მის გამოჩენას...  


დიდობა

ოცდაათი წლისას უკვე საკუთარი სახლი მქონდა.

დეიდამ დამიტოვა სოლოლაკის ერთ პატარა ქუჩაზე, უზარმაზარი აივანი თბილისს გადაჰყურებდა. ძვირფასი სახლი არ იყო, სულ პაწაწინა ეზო ჰქონდა წინ, მაგრამ მიყვარდა. პატარაობიდან დავდიოდი დეიდაჩემთან და ძალიან მიხაროდა იქ დარჩენა, მიჩვეულიც ვიყავი. ორი წელი ვარემონტებდით. დიზაინი ჩემს თავზე ავიღე, რაც კი ენერგია მქონდა ყველაფერი ამ სახლში ჩავდე, იქამდე, სანამ მის მორთვა-მოკაზმვამდე მივიდოდი, იმდენი სირთულე გადავლახე, რომ ხანდახან თვითონ ვხდებოდი მუშა და სახლში ხელებდასახიჩრებულიც დავბრუნებულვარ... ძალიან დიდი დრო წაიღო ჩემი სახლის ფეხზე დაყენებამ და გალამაზებამ,_ თითქმის ორი წელი. ეს ორი წელი არსად დამისვენია, ვერავის ვანდობდი ჩემი მომავალი პატარა სამყაროს მოწყობას.

სახლში გადასვლის დრო რომ მოვიდა, ენერგია თითქმის აღარ მქონდა. სამაგიეროდ, ისე სწრაფად შევეჩვიე მარტო ცხოვრებას, ვერც ვიგრძენი დიდი განსხვავება.
ჩემი ახალი სახლი ისე შემიყვარდა, არსად გასვლა აღარ მხიბლავდა, ის ადგილი, სადაც ცხოვრობ, ცოცხალი ადამიანივით არის, სულ რაღაცას გთხოვს და სულ რაღაც სჭირდება შენგან... სამსახურიც იქვე მქონდა, ხან ფეხითაც ჩავრბოდი ხოლმე. ბევრი ავეჯი არ მედგა, უფრო მარტივი დიზაინი ვარჩიე. ჩემს საძინებელში ერთი დიდი, მუქი ყავისფერი საწოლი და ტანსაცმლის კარადა დავდგი. მისაღებშიც, ჩემი პატარ-პატარა, საყვარელი ნივთების გარდა, რომლებსაც მთელს მსოფლიოში ვაგროვებდი, არაფერი იყო განსაკუთრებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სახლში მედგა, ჩემი და ნიკოს კალეიდოსკოპი იყო. კალეიდოსკოპს შესაბამისი ზომის სკამი შევუძინე. ძალიან ხშირად, თავს ჩემი ოპტიკური სათამაშოთი ვირთობდი. ის თითქოს ყოველდღიურად მახსენებდა, თავისი პაწაწინა ბრჭყვიალა ნაწილაკების ქაოტური და სიმეტრიული შენაცვლებით, რომ ცხოვრებაშიც ქაოსს მუდამ ჰარმონია მოჰყვება – და პირიქით. მისტიური ინსტრუმენტი გადაღლილს და პრობლემებით გადატვირთულს ყოველთვის მამშვიდებდა.

კალეიდოსკოპი

ის პაწაწინა, ფერად-ფერადი მძივები, ჩემი პატარ-პატარა საიდუმლოები იყო, რომლებიც ერთ მთლიან სივრცეში და ფერებში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და სხვადასხვა პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩემს წარსულს, აწმყოსა და ხანდახან მომავალს მანახებდნენ...  
 ოცდათორმეტის რომ გავხდი, დაბადების დღე რესტორანში ავღნიშნე.

ეს რესტორანი მიყვარდა, ძველი თბილისი ხელისგულზე ჩანდა, მე და ჩემი მეგობრები ვიყავით, ლამაზი სუფრა იყო გაშლილი – ყვავილებით და სანთლებით თავად მოვრთე, გარეთ ყვითელი შუქები ენთო, გოგოების ხმები მესმოდა, იქვე მუსიკა უკრავდა, მაგრამ ჩემი გონება თითქოს შორს, სადღაც სხვაგან გაიქცა, ფიქრები მეფანტებოდა და ვერაფრით მოვუყარე თავი. ალბათ მუსიკაც სევდიანი იყო. მახსოვს, როგორც ყოველთვის, მოწყენილი ვიყავი... ნებისმიერი დასასრული სევდას მგვრიდა, ზაფხულის, ზოგჯერ ზამთრის დასასრულიც კი... ახლაც ამ მაგიდასთან ვიცოდი, რომ რეალურად ეს დღე მთავრდებოდა, დაბადების დღის წვეულება, მაგრამ ჩემში შიგნით კიდევ ერთი რაღაც დამთავრდა, ვეღარ ვიტყოდი `ოცდათერთმეტი წლის ვარ”-მეთქი, ახლა ახალი ციფრი ‘’ოცდათორმეტი’’ უნდა მესწავლა და შემეთვისებინა. ოცდათორმეტი წელი – ნახევარი ცხოვრება, იქნებ მეოთხედი, ან სულაც ათი წელი დამრჩა. გამიგია კიდეც, ორმოცდაორი წლის ქალის დაღუპვის ამბავი.

ჩემს ცხოვრებას გადავხედე, მივხვდი, რომ ჯერ ვერაფერი მოვასწარი. პატარაობიდან მიმაჩნდა, რომ იმ სიყვარულისთვის ვიყავი დაბადებული, რომელიც დავკარგე და რომელსაც ვერაფრით ვიბრუნებდი... ნიკოს სახლში გადახდილი ჩემი დაბადების დღე მახსენდებოდა... სანთლები რომ დამინთო, ნახატი მაჩუქა და ყველანი ერთად ვცეკვავდით და ვერთობოდით... გამახსენდა თხუთმეტი წლის რომ გავხდი, ნიკო მოვიდა და ვერცხლის ულამაზესი ჩარჩო მაჩუქა, ჩარჩოზე პეპლები ისხდნენ, ჩარჩოც და პეპლებიც ნიკომ გამოჭედა. მაშინ ვერცხლის ოსტატთან მუშაობდა, შეგირდად. ულამაზესი ჩარჩოა, ახლაც ჩემს ახალ სახლში, პიანინოზე მიდევს.

როცა ეს ჩარჩო მომიტანა, ვუთხარი, რომ მისი სურათი არ მქონდა, _ ”მე გაჩუქე ჩარჩო, რომელშიც ვერასოდეს ჩადებ ჩემს სურათს!” _ თითქოს იწინასწარმეტყველა, ჩარჩოში მისი სურათი ვერასოდეს ჩავდე. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მისი სურათი არ მქონდა... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ტელეფონმა დარეკა.
_ გისმენთ!
_ ნინკა, შენ ხარ, ჩემო კარგო? გილოცავ დღევანდელ, უძვირფასეს დღეს.
_ რომელი ხარ?
_ როგორ ვერ მცნობ?
_ გიგო! რა კარგი ბიჭი ხარ, რომ გაგახსენდი.
_ აბა, შენი დავიწყება იქნება, ახლა სუფრაზე ვარ და ამხანაგებთან წავიტრაბახე, _ ერთ ჩემ მეგობარ ქალს მინდა დაბადების დღე მივულოცო, ოცდათორმეტი წლის შესრულდა-მეთქი _ ვერ წარმოიდგენ რა დაემართათ, როცა გაიგეს,რომ ოცდათორმეტი წლის ქალებსაც ვიცნობ. მოკლედ, ნინკა, წარმატებებს გისურვებ! კარგი, ლამაზი ქალი ხარ, სულ ასეთი უნდა დარჩე, გკოცნი, გეხვევი...
_ გმადლობთ, კარგად იყავი!
აი, ეს ზარიც, თითქოს განგებ გამომიგზავნეს, რა დამთხვევაა, ვიღაცამ კიდევ შემახსენა, რომ ოცდათორმეტი წლის ვარ, `ქალი” ვარ, ქალი ვარ?ჯერ კიდევ მგონია_ გოგო ვარ, ქალს არ ვგავარ... ბებიაჩემიც კი თავის ოთხმოცი წლის მეგობრებს `გოგოებს” ეძახდა, და რაღა მე ვარ ქალი? აჰა, ეს დღეც დადგა, – ასაკმა შემაშინა. მაგრამ არა, ოცდათორმეტი წელი მშვენიერი ასაკი უნდა იყოს ქალისთვის, გააჩნია როგორ ცხოვრობ, ვინ გიყვარს, რითი ერთობი, რა მოგწონს.

ამას აქვს მნიშვნელობა და არა ასაკს. თითქოს ახლა მივხვდი, რომ ქალი ვარ, ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს გოგოშკობა. ამ ფიქრებიდანაც ჩემმა მეგობარმა გამომაფხიზლა.
_ ნინკა, წავედით, ვინ დაგირეკა, ასე რომ გაგეხარდა?
_ ზემოდან დამირეკეს, – გავიღიმე ორაზროვნად.  
დაბადების დღე დამთავრდა. ჩემს უსახურ `გოლფში” ჩავჯექი და მშობლების სახლში წავედი. ყველას ეძინა, დედაჩემის გარდა.

ერთად დავსხედით და საჩუქრები დავათვალიერეთ. მერე დედაც დაწვა და მარტო დავრჩი. მუსიკა ჩავრთე, ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ოცნებებში წავედი... რაღაცის შეცვლა მომინდა, არ ვიცოდი საით წავიდოდა ჩემი ფიქრები, მაგრამ მაინც ჩავფიქრდი. თითქოს, ჩემი სხეულიდან გამოვედი და სხვისი თვალით შევხედე ჩემს ცხოვრებას. თითქოს, მე ნინკა არ ვიყავი, არც არავინ სხვა, ვიღაც ვირტუალური ადამიანი, შორიდან შევაფასე ჩემი თავი – და დავინახე, რომ ძალიან მოწყენილი ვარ. რაღაც მჭირდება, სიახლე.

არ ვიცოდი როგორი უნდა ყოფილიყო ეს სიახლე, მაგრამ ერთს მივხვდი, – ეს არ უკავშირდებოდა სიყვარულს და გრძნობებს, ვხვდებოდი, რომ ეს გრძნობა ჩემთან არასოდეს მოვიდოდა... აღარ განმეორდებოდა... არასოდეს...
 ტელეფონი ავიღე და მერის დავურეკე. ის, როგორც ყოველთვის, კარგ გუნებაზე დამხვდა.
_ ნინა, _ იყვირა ძალიან ხმამაღლა, – ნეტავ დღეს ვისი დაბადების დღეა, ძვირფასო?!
_ ვისი და ჩემი, ოცდათორმეტი წლის გავხდი, მერი, გჯერა? ოცდათორმეტის, მთელი ცხრა წელიწადია შენს ხელში ვარ!
_ საოცარი ასაკია, – მითხრა მერიმ და სიმღერა დაიწყო, _ Hაპპყ Bირტჰდაყ ტო ყოუ… გადასარევი ხარ, ყველაზე კარგი ასაკია, ვიტირებ ახლა, მეც მინდა ოცდათორმეტის ვიყო, თუნდაც ორმოცდაორის. მაგრამ რატომღაც, შეცდომით სამოცდათოთხმეტი წლის ვხდები.


_ მერი, მომისმინე, დღეს დაბადების დღე რომ მთავრდებოდა, დეპრესიამ შემიპყრო. ძალიან დიდი ვარ, უკვე ქალი ვარ, და მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი გამიკეთებია.
_ რას გულისხმობ, უბედურო!
_ სერიოზულად გეუბნები, საერთოდ არაფერი.
_ რა უნდა გაგეკეთებინა? მე სამოცდათოთხმეტი წლის ვარ და არაფერი გამაჩნია, ჩემი პატარა სულელი ძაღლის გარდა, რას გულისხმობ, გამაგებინე, – `არაფერი არა მაქვს, არაფერი არა მაქვს!” ყველაფერიც გაქვს, უბრალოდ ვერ ხედავ.  
_ მერი, მომისმინე, ოცდათორმეტის ტყუილად გავხდი? ორმოცდაორის რომ გავხდები, მერეც მივხვდები, რომ არაფერი მაქვს.
_ ასეა, ძვირფასო! შიშველი იბადები და შიშველი კვდები ადამიანი. მარტო იბადები და მარტო კვდები. რა გიკვირს?
_ შენ როგორ მეუბნები მაგას, სამი შვილი, და თორმეტი შვილიშვილი გყავს.
_ თუ გინდა, დიდი სიამოვნებით გაჩუქებ ყველას, ყველა კი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც მარტო ვარ, სულ მარტო ვცხოვრობ და არც მაქვს სურვილი ვინმე შემოვისახლო. შენ, კიდევ იმ შენს პილოტზე ფიქრობ?
_ რა შეიცვლებოდა?
_ არაფერი, ჩამოდი ჩემთან, ერთი კარგად უნდა დაგამუშავო. ერთი კვირით დაგიტოვებ, ბილეთი უკვე გიყიდე საჩუქრად, დაბადების დღეზე, ჩამოდი დავილაპარაკოთ, რა გაკლია, რა გინდა, რისთვის ტანჯავ მაგ შენს ახალგაზრდა ტვინს და სხეულს.


_ მართლა მაქვს ბილეთი?
_ ფრენა ზეგ არის, გელოდები, უბრალოდ სხვა ბილეთი არ იყო, და ბიზნეს კლასით იმგზავრებ, ეგეც შენ!
_ მერი, რა არაჩვეულებრივი ხარ!
_ ვიცი, მიდი ხვალ დილას `ბრითიშ ეარვეიში” და გამოგიწერენ, აეროპორტში, ჩემი ახალი მანქანით დაგხვდები.

კალეიდოსკოპი


_ მეც გკოცნი, გმადლობთ!
კიდევ კარგი მერისთან დავრეკე, როგორ წავიდოდა ნეტავ ჩემი ცხოვრება, მერი რომ არ შემხვედროდა? ორ დღეში ლონდონში ჩავედი. მერისთან მივედი თუ არა, ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. დავისვენე, – ფიზიკურად და სულიერად, მერე კი თბილისში დავბრუნდი, სახლში რომ შევედი _ სული შემეხუთა, ნიკოს ნახატებით მორთული კედლები რომ დავინახე, ჩემი თავი შემეცოდა, არადა მათგან გათავისუფლება არასოდეს მიფიქრია. საწოლზე მივწექი, ისევ იგივე ცხოვრება გრძელდებოდა, ისევ არაფერი მინდოდა ისე ძალიან, როგორც ნიკოს ცალი თვალით დანახვა...  

მას შემდეგ, რაც ახალ სახლში გადავედი, არცერთ ბიჭს აღარ შევხვედრივარ, სულ სხვანაირად წარვმართე ჩემი ცხოვრება _ გართობა, წვალება, საკუთარ თავზე და მომავალზე ფიქრი, მეგობრები, მოგზაურობა, სხვადასხვა ინტერესები – ავეჯი, ტანსაცმელი, აქსესუარები, წიგნები, მუსიკა, ფილმები, სპექტაკლები, ფესტივალები, ამოჩემებული კაფეები და საჭმელი, – ამოჩემებული ღვინო, კონიაკი და ამოჩემებული სიმღერა, მანქანის მაგნიტოფონში. ერთი შეხედვით, მხოლოდ ეს იყო ჩემი ცხოვრება, ჩემი ყოველდღიურობა...

ჩვენ ყველას ისეთ საუკუნეში მოგვიწია ცხოვრება, სადაც წინა პლანზე მატერიალური ფასეულობებია წამოწეული. ხალხი იმისთვის შრომობს და წვალობს, რომ კომფორტი შეიქმნას, რაც შეიძლება მეტი ასიამოვნოს თავის თავს და სხვებს. ზოგი ხარბია. ყველაზე ნაკლებ სიამოვნებას ის იღებს ამ ცხოვრებაში, ვისაც ფული საკუთარ თავზე მეტად უყვარს, ზოგიც იმისთვის წვალობს, რომ უბრალოდ გადარჩეს. მე, უფრო იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ამ მხრივ გაუმართლა, ბევრი არასოდეს მიწვალია, მაგრამ საკმარისად მიშრომია იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება მემართა, და არც ვნანობ. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ დღეს ოფისში ვატარებ, იქიდან გამოსული სულაც არ ვემსგავსები `ბიზნეს-ვუმანს” – კოსტიუმებს არასოდეს ვიცვამ, სულ ვცდილობ ჩემი გემოვნება და ხასიათი სამსახურის გამო არ დავკარგო. სახლშიც და სამსახურშიც მუდამ სიახლეს ვეძებდი, ვყიდულობდი წიგნებს, ჟურნალებს, დავძვრებოდი ინტერნეტში, ვნახულობდი ახალ ფილმებს, მაქსიმალურად ვცდილობდი არ მოვწყვეტოდი ასეთ ცხოვრებას.

მუსიკა ისეთივე სიამოვნებას მგვრიდა, როგორც თინეიჯერობისას, მაგრამ ასე მგონია, იმაზე კარგი მუსიკა აღარ მომისმენია, რაც ჩემს ბავშვობაში შეიქმნა... ჩემს ბიბლიოთეკაში არც ერთი წიგნი არ მედო, რომელიც არ მიყვარდა ან არ მომწონდა, არც დისკი, არც ფილმი, ყველაზე მეტად უსარგებლო ნივთები არ მიყვარდა, ამიტომაც, თუკი შემთხვევით რამე ასეთი გაჩნდებოდა ჩემს სახლში, იმ წუთასვე გარეთ ვდებდი და ვიღაცას ყოველთვის მიჰქონდა... შაბათ-კვირას ცხოვრება მიხაროდა, დაახლოებით ორი წლის მანძილზე, განურჩევლად ყველა შაბათ-კვირა ერთმანეთს დავამსგავსე, კარგ ამინდში, აივანზე დავჯდებოდი, ყავას დავისხამდი, ამ აკვიატებულ დისკს ჩავრთავდი და ასე ვიჯექი იქამდე, სანამ ვინმე არ შემოიჭრებოდა ჩემს იდილიაში. ასე, დაახლოებით ორი წელი გავიდა... წლები ჩემზე უკვე აღარ მოქმედებდა, ამასობაში ოცდათოთხმეტისაც გავხდი, ვიცოდი, რომ არც ოცდათოთხმეტი იყო ბევრი...
ერთ დილას, აივანზე რომ ვიჯექი, ქვემოდან ვიღაცის ბოხი ხმა შემომესმა:  
_ პატარა შავი მანქანააა ვისიაააააა? – გადავიხედე და ახალგაზრდა მამაკაცი შემრჩა ხელში. მაისი იყო, შიშველ ფეხებზე ყავისფერი სანდლები ეცვა, – ეს იყო პირველი რაც დავინახე.
_ ჩემია, რაშია საქმე?
_ ჩემი მანქანის უკან დაგიყენებიათ, და ვერ გამოვდივარ.

თუ გნებავთ გასაღები გადმომიგდეთ და მე გადავაყენებ.
_ არა, არა, ჩამოვალ, – გადავძახე და სახლში შემოვბრუნდი, ჯინსი და მაისური ჩავიცვი და ეზოში ჩავედი.
_ დიდი ბოდიში, თუ თქვენს ადგილას დავაყენე მანქანა, მაგარი მთვრალი ვიყავი.
_ არა უშავს, ბედი თქვენი, რომ დილაუთენია არ გამაღვიძეთ, თორემ სერიოზულად გავბრაზდებოდი, – ვუთხარი და მანქანისკენ წავედი.
_ რა ბრაზიანი გოგოა, – ჩაილაპარაკა თავისთვის უცნობმა.
მანქანა ძლივსძლივობით გამოვიყვანე, სადღაც ჩავაკვეხე, გადმოვედი და ის-ის იყო სახლში უნდა ავსულიყავი, _ ისევ იმ კაცის ბოხი ხმა შემომესმა.
_ ქალბატონო, ქალბატონო, დიდი ბოდიში, კომპიუტერი გაითიშა და გასაღები დამიბლოკა, ძალიან გთხოვთ, დამარეკინეთ. მობილურიც დამიჯდა. ჯიბეში არც ერთი კაპიკი არ მიდევს, საფულე სად მივაკარგე, არავინ იცის.…
_ ტელეფონი თან არა მაქვს, თუ გნებავთ ჩამოგიტანთ.


_ არა, იყოს... ნუ შეწუხდებით.
_ კარგით, ნახვამდის, იმედია თქვენს საქმეს უჩემოდ მოაგვარებთ.
მოვაგვარებ, აბა რა, მოუგვარებელი არაფერია, მთავარია ცოცხალი ვარ... – თქვა უცნობმა და კიბეზე ჩამოჯდა. სახლში ამოვედი, სამზარეულოში მაცივრის კარი გამოვაღე და უცებ ქუჩიდან, ისევ ის ბოხი ხმა შემომესმა, ჩემს მეზობელ ფოტოგრაფ-სტილისტ თემოს, რაღაცას ელაპარაკებოდა. სათვალთვალოსთან ფეხაკრეფით მივიპარე და ყური დავუგდე:
_ სადღაც აქ ცხოვრობს ალბათ, შავი პატარა მანქანა ჰყავს, როგორ შეიძლება არ იცოდე ვინ არის, ნუ გადამრიე, ეგეთი საშინელი პატარა მანქანა, მეორე არ დადის ამ ქალაქში, აივანი იქით გამოდის, მეორე მხარეს და წესით შესასვლელი ეს უნდა იყოს, თქვი, რამ დაგამუნჯა.


_ არ ვიცი, იცით, აქ ეგეთი გოგო არ ცხოვრობს.…
_ თემო, ნუ ღელავ, მე მკითხულობენ, – კარი გამოვაღე და ცოტა შეშინებული თემო დავამშვიდე, არაფრით უნდოდა ჩემი ვინაობის გამჟღავნება...
_ ნინკა, გამარჯობა, არ ვიცოდი უნდა მეთქვა, თუ არა. უცხო კაცია და რა ვიცი რა უნდა, თან უშველებელი ძაღლი ჰყავს, ეს მგელია თუ ძაღლი, არც ვიცი, უიმეეეე, – გავიხედე და მგლის მსგავსი უშველებელი ძაღლი დავინახე, შავ-თეთრი, ცისფერთვალება და ძალიან ლამაზი...…
_ არაფერი არ უნდა, დამშვიდდი, გმადლობთ.
_ აბა, პაკა!
_ პაკა, თემო!
_ ესე იგი, ნინკა, არა? – შემომიტრიალდა სანდლებიანი.
_ დიახ! რა გნებავთ? კიდევ რა დაკარგეთ?
_ არაფერი, თუ დამარეკინებთ, გადამარჩენთ.
_ დამელოდეთ და მობილურს გამოგიტანთ.
_ შემოსვლას არ შემომთავაზებთ?
_ სახლში?
_ ჰო, რა მოხდა, შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ არც ქურდი ვარ, არც ბოროტმოქმედი და არც მანიაკი...
_ საიდან უნდა ვიცოდე ვინ ხართ? პირველად გხედავთ, არც სახელი ვიცი თქვენი და არც არაფერი!
_ იმით დავიწყოთ, რომ მესამედ მხედავთ, პირველად დილას აივნიდან დამინახეთ, მერე ქვემოთ შეგხვდით ეზოში და ეს უკვე მესამეა. სახელი – ლევანი – სასიამოვნოა! შეგიძლია, უბრალოდ ლევან! _ ასე დამიძახო. კიდევ არ შემიპატიჟებთ შინ? ბალთაზარ ко мне!
_ ვაიმე, ეს ძაღლი არ შემოიყვანოთ, ძალიან მეშინია ძაღლების.

კალეიდოსკოპი

ღმერთო, რა დავაშავე, – სანამ მე ვკიოდი, ბალთაზარი და მისი სულელი პატრონი, უკვე მამაჩემის ნაჩუქარ ხალიჩაზე, ტახტთან მოკალათებულიყვნენ.

 
_ კი მაგრამ, მე არც ერთი არ შემომიპატიჟებიხართ შინ, მითუმეტეს ეს კაციჭამია, გაუშვით ახლავე, ახლავე გააგდეთ აქედან, თორემ მოვკვდები, – ვკნაოდი საცოდავი ხმით, სამზარეულოდან.
_ კარგით, დამშვიდდით, ამ ძაღლმა კბენა, ჩხუბი, ეგეთი რაღაცეები არ იცის. ძალიან ჭკვიანია, ვერ ხედავთ სად მომაგნო, თქვენს ეზოში მომაკითხა, დილიდან მეძებდა ეტყობა, საწყალი ბალთუშა.
_ არ მაინტერესებს, გაუშვით აქედან და თქვენც ჩქარა დარეკეთ. – კედელზე აკრულმა გამოვიარე ოთახი და აივანზე გავსხლტი.
  უცნაური სტუმარი წამოდგა და ოთახში დაიწყო ბოდიალი, პირველი, რაც თვალში მოხვდა, ჩემი კალეიდოსკოპი იყო.  
_ ეს რა არის?
_ კალეიდოსკოპია.


_ ვა, რა მაგარია, მოიცა ჩავიხედო, – შემოსვლისთანავე ჩახტა ჩემს კალეიდოსკოპში, – საიდან გაქვს ამხელა კალეიდოსკოპი?
_ მაჩუქეს.
_ რა მაგარი ტიპშა ხარ? გიგანტური კალეიდოსკოპი გქონია, – იდგა და კარგა ხანს სრულიად დაუკითხავად იყურებოდა ჩემს კალეიდოსკოპში, მერე ძაღლს მოუხმო.
_ ბალთაზარ, მოდი, ნინკას ჩამოართვი ხელი, მოდი, ჩემი ბიჭი, მოდი –აივანზე ორივენი გამომედევნენ. ძაღლი მოვიდა და მიამიტი სახით თათი გამომიწოდა, შიშისაგან კინაღამ გული წამივიდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და კაციჭამიას ხელი გავუწოდე, მანაც წყნარად ჩამომართვა თათი და სასწრაფოდ, ჩემი სკამის ქვეშ მოიკალათა. _ აი, ხომ ხედავთ, რა უწყინარია, ზოროს ცხენივით ყველგან მპოულობს, სადაც ჩამეძინება, მომაკითხავს და მაღვიძებს, რამდენჯერ წამოუთრევივარ რესტორნებიდან, უკვე ყველა იცნობს, დაცვა და ოფიციანტებიც კი...
_ დარეკეთ? – შევეკითხე ნერვიულად.
_ არა, ახლა დავრეკავ, ტელეფონს თუ მათხოვებთ.
_ აი, გამომართვით.


_ ალო, სერგო შენ ხარ? შენ გაიხარე! სერგო, სოლოლაკში ვარ, ხომ ხვდები სადაც, გასაღები დამებლოკა, მომაკითხე რა.…
  არ ვიცი რა უპასუხა იმ სერგომ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს კაცი ადგილიდანაც კი არ აპირებდა დაძვრას.
_ ნინკა, ყავას დამალევინებ?
_ ყავას?
_ ჰო, რა ყავაში არის რამე უცნაური?
_ არა, რა თქმა უნდა, შაქარი? რძე?
_ არა, უბრალოდ შავი ყავა, დაპრესილი მირჩევნია, – თქვა ლევანმა და სივრცეს გახედა, მე გაოცებული გავემართე სამზარეულოსკენ და დაპრესილი ყავის მომზადებას შევუდექი, თან ჩემს თავზე ვბრაზობდი, რა მინდოდა, ვინ მთხოვა თემოს რომ გამოვეპასუხე, დაუსვამდა კიდევ ერთ-ორ კითხვას და დაანებებდა თავს, ამდენი თავსატეხი ხომ ამცდებოდა. ყავა მოვადუღე და აივანზე გავედი. ლევანი ისევ სივრცეს გაჰყურებდა.
_ მშვენიერ ადგილას ცხოვრობ... სიგარეტი გაქვს?
_ არა, არ ვეწევი, ამ სახლში არავის ვაწევინებ!
_ ჰო, მაგრამ, ახლა ჰაერზე ვართ, ჰაერი ხალხისაა, – თქვა ლევანმა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაძრო.
_ საფერფლე არა მაქვს.
_ ეგ არაფერი, ერთი სიგარეტის ფერფლი არავის არაფერს დაუშავებს.

ნინკა, ეს სახლი ვისი დაპროექტებულია?
_ რა მაგის პასუხია, და თქვენ, და თქვენი ძაღლი დიდხანს აპირებთ აქ დარჩენას?
_ რა ვიცი, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები.
_ მოვლენები? როგორ თუ როგორ განვითარდება? მე მაგვიანდება, უნდა მოვემზადო და წავიდე, მეგობარი მელოდება.
_ აჰა, ესე იგი, მეგობარიც გყავს?
_ მეგობარი ვის არა ჰყავს?
_ მეგობარი მამაკაცი ვიგულისხმე.
_ ეგ არ არის თქვენი საქმე. ტელეფონი მთხოვეთ, – დაგარეკინეთ, ყავა _ დაგალევინეთ, ძაღლის შემოყვანის ნება _ დაგრთეთ, თქვენი აზრით, ეს საკმარისი არ არის?
_ ნუ ნერვიულობ, სერგო სულ რაღაც სამ წუთში აქ იქნება და მეც ჩავალ.
_ მადლობა ღმერთს...
_ ბალთაზარს აქ არ დავტოვებ, გამორიცხულია!
_ პირველ რიგში, მე გამოვრიცხავ მაგ ძაღლის ჩემთან დატოვებას.
_ კარგი, დიდი მადლობა, ყავა გადასარევი იყო, აივანიც, სიგარეტიც, – აბა ბედნიერ დღეს გისურვებ! – თქვა ლევანმა და პირდაპირ კარებისკენ გაემართა, ბალთაზარიც კუდში მიჰყვა.


_ ნახვამდის! – მივაძახე კარებში გასულებს და შინ შემოვბრუნდი.  
  ცოტა ხანში გარეთ გავედი, მანქანაში ჩავჯექი და დედასთან წავედი. უკან საღამოს დავბრუნდი, შაბათი იყო, გვიან, კლუბში წასვლას ვაპირებდი, მანამდე კი კომპიუტერს მივუჯექი და ის-ის იყო უნდა ჩამერთო, რომ კარებზე უცნაური ფხაჭუნი შემომესმა. სათვალთვალოსთან ფეხაკრეფით მივიპარე და... კართან ის კაციჭამია ბალთაზარი დავინახე. კარი არ გამიღია, სამზარეულოში გავედი, ცივი წყალი დავისხი და კარს მივაყურადე. ბალთაზარი არ ჩუმდებოდა, ისევ და ისევ აფხაჭუნებდა კარზე.

,,ღმერთო ჩემო, რა დავაშავე, დილიდან ხან პატრონი, ხან ძაღლი!” კართან მივედი და ძაღლს შევუძახე: `ჩუმად, ბალთაზარ, тихо, тихо!” რუსულად მივმართე, გაუგებარი ეროვნების და ჯიშის ბალთაზარს. რატომღაც ქართველები ცხოველებს რუსულად მივმართავთ ხოლმე, დღემდე ვერ გამიგია, რატომ? ამაზე ძაღლი სულ გადაირია და წკმუტუნი დაიწყო, ბოლოს წკმუტუნი ტირილში გადაიზარდა. იწვა ჩემს კართან და გულისამაჩუყებლად ტიროდა. ტახტზე ვიჯექი, არ ვიცოდი რა მექნა? ამასობაში, ისევ თემოს ხმა შემომესმა – `რა გატირებს, ჩუ, ჩუ პატარა,” – ელაპარაკებოდა პატარა თემო, უზარმაზარ ბალთაზარს, რომელმაც უცბად ისეთი ყეფა ატეხა, რომ თემო უკანსვლით შევარდა თავის ქოხში, და ვიწრო სათვალთვალო დატოვა. კარი გავაღე და ბალთაზარს თვალი გავუსწორე, მანაც შემომხედა და კუდი გააქიცინა. ფეხი დავუბაკუნე და `пошел, пошел” დავიძახე. ძაღლი ისევ იდგა და კუდს აქიცინებდა.

მერე ცოცხი მოვუქნიე, `წადი აქედან, წადი, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს!” – ის კი პირიქით უფრო ახლოს მოვიდა, მერე ცოცხიც გამომტაცა, იქვე ჩემს ნოხთან მოიკალათა და ცოცხს გლეჯვა დაუწყო. ამასობაში, თემომ შემოაღო კარი.
_ ნინკა, ეს ძაღლი შენ გელოდებოდა?
_ არ ვიცი ვის ელოდებოდა, ხომ გახსოვს დილას იყო ჩემთან, პატრონთან ერთად, მაგრამ ახლა რას აკეთებს აქ, ვეღარ გამიგია.
_ მგონი შია.  
_ შია? მე რა უნდა ვაჭამო, არ ვიცი, რა დავაშავე ასეთი, წავიდეს რა, უთხარი.
_ ძაღლო, ახლავე წადი აქედან! – გამოენთო თემო, – წადი აქედაააან, – ბალთაზარი არც ამდგარა, ისე შეუღრინა თემოს, ლამის მთელმა უბანმა გაიგო.
_ რა ვქნა, თემო? პატრულს გამოვუძახო?
_ მერე რას ეტყვი, რომ ძაღლი გივარდება სახლში? არასერიოზული პრეტენზიაა.
_ აბა, მაშინ უპატრონო ძაღლებს რომ იჭერენ, იმ ორგანიზაციას დავუკავშირდები და ვეტყვი მომაშორონ.
_ უიმე, ნინიკო, აბა შეხედე რა ლამაზი ვიღაცაა, ამას როგორ მოაკვლევინებ ვიღაც პირუტყვებს.

ეგ ყველაზე საშინელი ორგანიზაციაა მსოფლიოში, ძაღლების გესტაპო...

კალეიდოსკოპი


_ აბა რა ვქნა?
_ იწვეს აქ, თუ კიდევ იტირა, აივანზე გასვი.
_ როდემდე???
_ სანამ ის ტიპი არ დაბრუნდება.
_ ვინ ტიპი?
_ მაგის ნასტირნი პატრონი.
_ რა დილა გამითენდა, მაგის პატრონი რომ მანახა, არ ვიცი რას ვუზამ! –აივნის კედელზე მიყუდებული ცოცხი გაბრაზებულმა მოვიქნიე.
_ არა მგონი მაგის პატრონს შენი ეშინოდეს... არც ცოცხის მიშვერას ელოდება შენგან, – გადაიხარხარა თემომ.
_ აბა რას ელოდება?
_ რა გითხრა, ალბათ ცოტა მეტს, ვერა ხედავ ძაღლი გამოგიგზავნა, ეგ მხოლოდ მიზეზია იმისთვის, რომ დაბრუნდეს. ვითომ ძაღლი დაკარგა, – გესმის?
_ კარგი რა თემო, რეებს ამბობ? გირჩევნია დამეხმარო, მოდი რა, ძაღლი აივანზე გაიყვანე.
 როგორც იქნა, მე და თემომ ბალთაზარი აივანზე გასვლაზე დავიყოლიეთ და ჩვენც იქვე, მაგიდას შემოვუსხედით. თემომ ბალთაზარს საჭმელი გამოუტანა, წყალი დაალევინა.

სრული იდილია და კომფორტი მოვუწყვეთ ბინაში დაუპატიჟებლად შემოჭრილ სტუმარს.
_ ნინკა, ის ტიპი ვინ არის? იცნობ?
_ არა, საიდან უნდა ვიცნობდე, დილას დავინახე პირველად.
_ მის შესახებ არაფერი იცი?
_ არაფერი, რატომ მეკითხები, გინდა რომ ძაღლი დავუბრუნო?  
_ ჰო, აბა რა, იქნებ ეძებს და ნერვიულობს.
_ რა გავაკეთო? ის ვიცი მხოლოდ, რომ ლევანი ჰქვია.  
_ ვაა? რა უნდა ქნა კაცმა?
_ თემო, ეს რა ძაღლია, ხომ არ იცი? პირველად ვხედავ.
_ ლაიკაა, ნინკა, ჰასკი, რა არ გაგიგია?
_ არა, პირველად ვხედავ. მოვიფიქრე, სერგოს დავურეკავ.
_ სერგო ვინღაა?
_ არ ვიცი, დილას ჩემი მობილურიდან დაურეკა ვიღაც სერგოს, ნომერი ხომ შენახული იქნება ჩემს მობილურში, ჰოდა, იქ დავრეკავ და ვეტყვი მობრძანდნენ და თავიანთი ძაღლი წაათრიონ.
_ მართალი ხარ, მიდი, სასწრაფოდ დარეკე.
 მობილურში უცნობი ნომერი მოვძებნე და დავრეკე:
_ გამარჯობათ, სერგო ბრძანდებით? მე თქვენი ახლობლის, ლევანის ძაღლი მყავს, მგელს რომ ჰგავს, რა ჯიშია? – თემო კომპეტენტური და გაოცებული სახით მკარნახობდა ძაღლის ჯიშს, _ ჰასკი, ჰო ლაიკა...

ბალთაზარი, ხომ იცნობთ?... თვითონ მოვიდა ჩემთან, იქნებ წაიყვანოთ, ან მითხარით სად მივიყვანო.
_ ნინოჩკა, შენა ხარ?
_ დიახ.
_ მე იური ბიძია ვარ, სერგო ვინ არის? ან ძაღლი ვისია? ვერაფერი გავიგე?
_ ოჰ, ღმერთო, ბატონო იურა ბოდიში, ნომერი შემეშალა, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით.
_ არა უშავს შვილო, ვიფიქრე რაღაც ხომ არ უჭირს-მეთქი?
_ არა, არაფერი, ისეთი ნამდვილად არაფერი, ბოდიში, ნახვამდის. – თემო მიყურებდა და სიცილისგან იგუდებოდა, – დღეს ჩვეულებრივი დღე არა მაქვს. იურა, მამას მეგობარია, დილას დავურეკე, დაბადების დღე მივულოცე და როგორც ჩანს, მისი ნომერი გავიმეორე, იმ იდიოტი სერგოს ნომრის ნაცვლად.
_ ვიცი, მივხვდი, რომ რაღაც აურიე, _ მე და თემოს სიცილისგან სუნთქვა შეგვეკრა.
 _ დავაბნიე კაცი... ძაღლი მოვიდა...

წაიყვანეთ... ჰასკი, ლაიკაა, ბალთაზარი... რეებს ვეუბნებოდი, ალბათ გადაირია.
_ ჰო, მართალი ხარ, ახლა სანამ მოხსენებას წაუკითხავდე, კარგად გაარკვიე სერგოა თუ არა.
_ ჰო, ჰო, მოიცა, – ისევ რაღაც უცნობი ნომერი ავკრიფე, კაცმა აიღო, – უკაცრავად, სერგო ბრძანდებით?
_ დიახ.
_ თქვენი მეგობარი ლევანის ძაღლია ჩემთან, ბალთაზარი.
_ კი მაგრამ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
_ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ, გეუბნებით, რომ თქვენი ძაღლი მყავს და მინდა, სასწრაფოდ მომაშოროთ თავიდან.
_ ერთი წუთით მოიცადეთ ქალბატონო, ლევანი აქვეა, ტელეფონს მივაწვდი.
_ რაო, რას ამბობს, – არ ჩუმდებოდა თემო.
_ ტელეფონს აწვდის.
_ ვის?
_ პატრონს, – ტელეფონში ლევანის ხმა შემომესმა.
_ ალოოოოოო.
_ გამარჯობა, ლევან, ნინკა ვარ თუ გახსოვარ. შენი ძაღლი ჩემთანაა და მინდა ვინმემ მოაკითხოს და წაიყვანოს, – უცებ, ტელეფონიდან, პასუხის ნაცვლად სიმღერის ხმა შემომესმა.


_ შენ დაგეძეეეებ, დილაა თუ ბინდია...
_ მოიცა, რა გამღერებს, რა დროს სიმღერაა, მომაშორე შენი ძაღლი.
_ ავადა ვარ, გულში ცეცხლი მინთიიააა...
ტელეფონი გავთიშე.
_ რა ხდება, – მკითხა თემომ.
_ არაფერი, მღეროდა ეგ კრეტინი.
_ მთვრალი იყო?
_ ჰო, გაგლეჯილი.
_ აუ, ცუდადაა შენი საქმე, ბალთაზარს ამაღამ ვერაფერს მოუხერხებ.
_ რას ამბობ, მე გასართობად მივდივარ.
_ ვაი, რომ ვეღარ მიდიხარ. ამ ძაღლს, მარტო ხომ არ დატოვებ სახლში?
_ გარეთ გავსვამ.
_ თუ მოერევი, კი.
 შევეცადე ცისფერთვალება მუტანტი გარეთ გამეშვა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს თემოც წავიდა, აივნის კარი ჩავრაზე, ცხოველი იქ დავტოვე და მეც გავედი სახლიდან.

მანქანაში რომ ჩავჯექი და ცოტა გავიარე, უცებ წინა შუშაზე ვიღაც შემომიხტა და დამეჭყანა. ისე შემეშინდა, რომ ცოტა ხანი გონზე ვერ მოვედი, ჩემს აივანს ავხედე, ოდნავ საშიში სიჩუმე იყო. მანქანა თავიდან დავძარი და რუსთაველისკენ დავეშვი. მეგობრებთან ერთად ბარში ვიჯექი და მთელი საღამო აივანზე გამოკეტილ ძაღლზე ვდიქრობდი. მალე ავდექი, თავის ტკივილი და უძილობა მოვიმიზეზე და სახლში წამოვედი. კიბეზე ერთი ამოსუნთქვით ავირბინე და საკუთარ ბინაში ქურდივით შევიპარე. რას ველოდი თვითონაც არ ვიცოდი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი დამხვდა, – ძაღლი აივანზე იწვა და მშვიდად ეძინა.

შვებით ამოვისუნთქე, გადავწყვიტე მისთვის ტკბილი ძილი არ დამეფრთხო. ტელევიზორი ჩავრთე და შევწექი. ტელეფონის ხმა ძილში ჩამესმა, გულის ფანცქალით წამოვფრინდი და სიბნელეში მობილური მოვნახე.  
_ ნინკა, გეძინა არა, რა სლაბი ტიპშა ხარ!..
_ მოიცა, მოიცა, რა მომართვაა, რა ფამილარობაა, გამაგებინე?
_ ვაა, შენ რა სიტყვები გცოდნია? შემთხვევით, ძილის დროს ჰალსტუხი ხომ არ გეკეთა?
_ სასაცილოა?
_ აბა რას მეჩხუბები ვერ გავიგე, გირეკავ, ვიფიქრე, გოგოს დავურეკავ მომეფერება, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მეტყვის-თქო... შენ ისე იღრინები, მგონი ბალთაზარს გადაუჯოკრე...
_ იცი რა? დილის ხუთი საათია, მაგ შენმა ბალთაზარმა უკვე მთელი შაბათ-კვირა ჩამაშხამა... მოაკითხე და წაიყვანე, თორემ აივნიდან გადავაგდებ...
_ ბალთუშას ხელი არ ახლო, რამ გაგამწარა? ამ შუაღამისას, რატომ არ გძინავს, ჰა?
_ როგორ უნდა მეძინოს გამაღვიძე და...
_ უნდა დაიძინო, დაწყნარდი, დამშვიდდი, დილას მოვალ და ბალთუშკის წავიყვან, ახლა იყოს, კი არ შეგჭამს?
_ ვერ გამოუვლი? ქვემოთ ჩამოგიყვანდი?
_ ახლა ვერა, ერთ მეგობარ გოგოს უნდა შევუარო და არ მცალია, მელოდება.


_ მე, შენი ძაღლი დილამდე უნდა ვმწყემსო?
_ მწყემსვა რად უნდა? დაიძინეთ, ქალბატონო ნინკა.
_ კარგად ბრძანდებოდე!
 ტელეფონს რომ ვკიდებდი, ლევანის სიტყვები გავიგონე, _ „გიჟია ოხერი“-ო, – ჩემზე ამბობდა. საწოლზე ჩამოვჯექი და მძინარე ბალთაზარს გავხედე. ისე მშვიდად იწვა, არსადაც არ მომინდა მისი გაშვება, მით უმეტეს გადაგდება.

კალეიდოსკოპი

აივნის კარი შევაღე და ისევ საწოლში ჩავწექი. დილით ბალთაზარი ჩემს საწოლში იწვა... თვალი რომ გავახილე ცისფერი გამჭვირვალე თვალებით შემომხედა და თავი ფეხზე დამადო, გული კინაღამ შემიწუხდა, მაგრამ რაღას ვიზამდი. კვირა დილა იყო, არსად მეჩქარებოდა და ძილი შევიბრუნე.

შუადღისთვის ტელეფონმა გამაღვიძა. დედაჩემი იყო, მოვალ, სადილს მოგიტანო. ყურმილის დაკიდება ვერ მოვასწარი, კარზე ზარმა დარეკა. ზანტად წამოვდექი და კარი შევაღე. ლევანი ტყვიასავით შემოვარდა ოთახში, აივანზე გაიჭრა და ძაღლს დაუწყო ფერება.
_ დილა მშვიდობისა, ბატონო ლევან! – მეც აივანზე გავედი.
_ როდის აქეთ გახდით ასეთი ზრდილობიანი, ქალბატონო ნინკა?
_ ახლა დედაჩემი მოვა, და იქნებ მანამდე წახვიდეთ? – მორიდებით ვთხოვე ძაღლის პატრონს.
_ დედა? რა ბედნიერებაა, სწორედ დედაშენის გაცნობაზე ვოცნებობდი დილიდან.
_ რაა?
_ უნდა ვუთხრა, რა კარგი შვილი ჰყავს.
_ მომისმინე, ახლა მართლა მოვა დედაჩემი, სადილი უნდა მომიტანოს და მერე ერთად მივდივართ სადღაც, საქმეზე.
_ ძალიან კარგი, დედაშენს გავიცნობ, ყავას დავლევთ ერთად და მერე, მე და ბალთუშა წავალთ.
_ მე კი მინდა ახლავე წახვიდეთ, შენც და...

ბალთუშაც.
_ რას შეყოყმანდი, რომ შემეხვეწო, ბალთაზარს მაინც არ გაჩუქებ.
_ არც მინდა! ლევან, ძალიან გთხოვ, იქნებ წახვიდე, შეიძლება დედაჩემმა არასწორად გაიგოს ყველაფერი.
_ ჰოდა სწორიც იქნება, ყველაფერი არასწორად გაქვს და აბა სწორად როგორ უნდა გაიგოს?
_ რა მაქვს... არასწორად?
_ ყველაფერი, უაზროდ დაძაბული ახალგაზრდა ხარ, სილაღე გაკლია!
_ კი მაგრამ, როდის მოასწარი ჩემთან ასე დაახლოვება?
_ ადამიანს ერთი შეხედვით ეტყობა, რომ შინაგანად ჩაკეტილია, გულჩათხრობილი, რატომ გაქვს ასეთი მძიმე აურა?  
_ მძიმე აურა რატომ მაქვს?
_ ეგ, შენს თავს ჰკითხე, – ისე, ოჯახში ყველა კარგად გყავს?
_ კი.
_ სამსახური გაქვს? მატერიალურად არ გიჭირს?
_ არ მიჭირს.
_ გიჭირს კი არა, როგორც ვხედავ – გილხინს კიდეც.
_ რატომ მეკითხები?
_ რატომ და... ფული მინდა მასესხო, – შემომცინა ლევანმა, – შემთხვევით, ავად ხომ არა ხარ?
_ არა, – ღმერთმა დამიფაროს, – რა გინდა ჩემგან? ავადმყოფს რითი ვგავარ?
_ აბა, სატირალი თუ არა გაქვს არაფერი, რას ტირიხარ და გოდებ მთელი დღეები, ვერ გავიგე?
_ ვტირივარ? რას ამბობ? ბავშვობის მერე არ მიტირია...
_ კიდევ უარესი, ისე ტირიხარ, რომ ვერც ამჩნევ.  
_ ძალიან გთხოვ სულში ნუ მიძვრები, ბოლოსდაბოლოს გუშინ გაგიცანი, ისიც შემთხვევით, რას გადამეკიდე, მიპასუხე!
_ არ ვიცი, გადაგეკიდე და მორჩა...
_ ჰოდა, მე არ მსიამოვნებს, ძალიან გთხოვ, წადი!
_ არსადაც არ წავალ, ჯერ დედა მოვიდეს...
 ამ დროს ზარმა დარეკა და დედაჩემი, სახლში და ჩემი და აუტანელი ლევანის სულ ახლახანს დაწყებულ ურთიერთობაში, მთელი თავისი მომხიბვლელობით შემოიჭრა.  
_ გამარჯობათ, ქალბატონო!
_ გაგიმარჯოს! – მიუგო დედამ, გაკვირვება მალე ცნობისმოყვარეობამ შეცვალა, როცა ლევანი ფეხზე წამოდგა, დედას ხელზე აკოცა და თავის სკამზე დასვა.

`ნამდვილი აფერისტი, ლაველასი, ვერ ვიტან ასეთ ბიჭებს, კარგად რომ იციან დიდ ქალებს რითი მოაწონონ თავი...”  
_ ლევანი! – წარუდგინა საკუთარი თავი დედას, – ნინკას მეგობარი ვარ!
_ ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ჩემი გოგოს გვერდით ასეთი მომხიბვლელი ყმაწვილი არასოდეს მინახავს....
_ დედაააა – შევაწყვეტინე დედაჩემს.  
_ ნინუნა, რა იყო დედიკო, მართლა არ მინახავს. ისეთი მოხუციც კი არა ვარ, რომ არ მახსოვდეს. მარიამი, – სულ დამავიწყდა ჩემი სახელის თქმა, – მიუტრიალდა ლევანს დედა.
_ ძალიან სასიამოვნოა, ქალბატონო მარიამ! – კიდევ ერთხელ თავაზიანად უპასუხა ლევანმა, უკვე ისე მიშლიდა ნერვებს, მინდოდა ისიც და დედაჩემიც გამქრალიყვნენ ჩემი ულამაზესი კვირა დღიდან, რომელიც ყოველთვის ისე მალე მთავრდება...
_ თქვენი გოგო ძალიან მომწონს, თითქმის მიყვარს.
_ ეს რა მესმის, ნინუნა, აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი?
_ რა უნდა გცოდნოდა? – ისეთი გამწარებული სახით ვუთხარი დედას, თავი ჩემდაუნებურად, ბალთაზარს მივამსგავსე.
_ მოკლედ ასე, წავედი ახლა მე, ნინკა, მოდი გაკოცო – მოვიდა და თავზე მაკოცა, – საღამოს მოვალ, ბალთაზარი აქ იყოს, გამოგივლი სადმე წავიდეთ და ვისადილოთ.

ქალბატონო მარიამ, ძალიან გამეხარდა რომ გაგიცანით, სასიამოვნო დღეს გისურვებთ.
_ უკვე მიდიხართ? – გაეტირა დედაჩემი ამ ერთუჯრედიან არსებას.
_ დიახ, ნახვამდის, ნინკა არ გამაცილო, არ შეწუხდე, არ ადგე, – აი ასე გაიხურა კარი და წავიდა.
_ ეს ძაღლი წაათრიე აქედან, – ამოვიხავლე მე, ბალთაზარმა უწყინარი, ნაწყენი სახით შემომხედა, ადგილიდან წამოვხტი და ძაღლს მივუწექი ბოდიშის მოსახდელად, იმანაც თათი დამადო.
_ ადექი ერთი, ნუ წევხარ იატაკზე, გაცივდები. რატომ არაფერი მითხარი, რა ხდება გამაგებინე, ეს ლევანი, ვინ იყო?
_ ვინ იყო და გიჟი, გადარეული.
_ რა გვარია?
_ არ ვიცი, არა!
_ კაცი სახლში გყავდა და გვარი არ იცი?
_ სახლში არა ის კიდე, რა სახლში მყავდა, ძაღლის წასაყვანად მოვიდა და არ წაიყვანა, ხომ დაინახე?
_ ჰო, არ წაიყვანა, მაგრამ რომ გითხრა, რამე გავიგე-მეთქი, მოგატყუებ.
_ კაი რა დედა, ვიღაც ნაგიჟარია, ორი დღეა ასე მოდის-მიდის და ეს ძაღლი კი აქ ჩამისახლა.
_ ჰო, მაგრამ, პირველად საიდან მოვიდა?
_ დარეკვა მთხოვა...

არაა... დასარეკად მე ჩავედი მგონი... მოიცა, აქ პირველად რატომ მოვიდა? ყავაზე?.. აღარც მახსოვს.
_ რა უცნაური გოგო ხარ, ნინუნა? ეს რაღაა, როგორ თუ აღარ გახსოვს, კაცი ამბობს მიყვარსო და შენ კიდევ არც გახსოვს, როგორ გაიცანი.
_ ვის ვუყვარვარ?
_ ვის და მაგ ლევანს.
_ დედა, მოდი რა ვჭამოთ და დაივიწყე ლევანი, ჩათვალე რომ მოგეჩვენა, კარგი?
_ მომეჩვენა! არაფერიც არ მომჩვენებია, ორი წუთის წინ აქ იყო, რანაირად მომეჩვენა? კარგი, დავივიწყებ, ოღონდ შენ დაწყნარდი.
_ მე, წყნარად ვარ...
 სუფრა გავაწყვე, ბალთაზარს საჭმელი დავუდგი მე. დედამ და ძაღლმა ერთად ვისადილეთ. შიგადაშიგ ის ნაგიჟარი მახსენდებოდა და სიცილს ვერ ვიკავებდი.

მერე დედა წავიყვანე და ჩემს ამხანაგებთან ერთად კაფეში წავედი. სახლში რომ დავბრუნდი, ეზოში რაღაც სიურპრიზს ველოდი, მაგრამ არაფერი დამხვდა. ბალთაზარი აივანზე იწვა, რომ დამინახა სიხარულისგან ისე შემომახტა, კინაღამ წამაქცია. ცოტა ხანს აივანზე დავუჯექი, მერე კი დავწექი და მკვდარივით ჩამეძინა. მეორე დღეს, მთელი დღე საქმეები მქონდა, სამსახურიდან სახლში რომ მოვედი და ბალთაზარს საჭმელი დავუდგი, ტელეფონმა დარეკა.
_ ნინკა, როგორა ხარ?
_ კარგად, გმადლობთ, შენ?
_ კარგად, კარგად, დღეს ძლივს გამოვფხიზლდი, ერთი კვირა ვსვამდი.

კალეიდოსკოპი

გუშინ შუადღეზე შენგან რომ წამოვედი დავიძინე და, დღეს დილას აივანზე გაყინულს გამომეღვიძა.

იმდენი საქმე მქონდა, რომ ახლა უკვე ორ სიტყვას ვეღარ ვაბამ...
_ საინტერესოა, – მეგონა ჩემთვის გავიფიქრე, არადა ხმამაღლაც ვთქვი.
_ რა არის საინტერესო?
_ ა, არაფერი, ისე ვთქვი, – არადა ჩემთვის საინტერესო ის იყო, რომ ეს მოხეტიალე ლოთი, თურმე საქმეებითაც ყოფილა დაკავებული.
_ ჰოდა, რას გეუბნებოდი?
_ ბევრი საქმე გავაკეთეო.
_ ჰო, ათასი რამ, მოკლედ... დღეს საღამოს რას აპირებ?
_ არაფერს, სახლში ვარ, არ მიყვარს ორშაბათი.
_ რატომ?
_ აბა თუ მიხვდები?
_ წავიდეთ სადმე, ვჭამოთ, დავილაპარაკოთ.
_ არა, არა მაქვს მაგის თავი. მართლა, ძაღლი აღარ უნდა წაიყვანო?
_ არა, არ მეჩქარება, იყოს.
_ როგორ თუ იყოს, საკუთარი ძაღლი სხვას რატომ უნდა ათხოვო, არ მესმის! თან აქ მოწყენილია, თან არც მიფიქრია, ოდესმე ძაღლი მყოლოდა.
_ ჰოდა, რაც არ გიფიქრია, სწორედ ის გემართება ხოლმე ადამიანს. იყოს შენთან, კარგი ადამიანი ხარ, მოუვლი, გეყვარება.
_ შენ არ უვლიდი?
_ როგორ არა, აბა ჰკითხე ერთი, როგორ ვუვლიდი? – გაეცინა ლევანს.
_ არ მინდა ძაღლი, იცოდე გარეთ გავუშვებ და დაიკარგება.
_ არ გაუშვა, მაგის იმედი არ გქონდეს, რომ ბალთაზარი სადმე დაიკარგება.

შენთან იყოს, მარტო ცხოვრობ ამხელა სახლში, ძაღლი ცოტა მაინც შეავსებს შენს სიმარტოვეს. მოკლედ, ცხრისკენ გამოგივლი. აბა შენ იცი, გაემზადე.
_ რისთვის?
_ სადმე წავიდეთ, სადაც კარგი ხედია, – მითხრა ლევანმა და დამემშვიდობა.
 თითქოს უცნაურია, მაგრამ მაინც წავყევი. ახალ ადამიანთან შესახვედრად წავედი. აივანზე დავჯექი, ყავა დავისხი, სიგარეტს მოვუკიდე (ხანდახან ვეწეოდი, გასართობად) და ჩავფიქრდი. ფიქრებმა შორს წამიყვანა, რაც მეტს ვფიქრობდი და ვფიქრობდი, მით მეტად ვმძიმდებოდი – ისევე, როგორც ყველა ადამიანი.

უკვე დაშინებული, იმედგაცრუებული, გადაღლილი, ასაკოვანი, უხასიათო, უინტერესო ქალი – ასე მამაკაცის შესახვედრად წასვლა, ცოტა უსიამოვნო შეგრძნებას მიქმნიდა, მაგრამ ვიცოდი მაინც წავიდოდი, ამიტომაც, შხაპი ავტომატურად გადავივლე და ნელ-ნელა მომზადებაც დავიწყე, ისევ და ისევ იმას ვფიქრობდი, რომ ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილი არ მქონდა. ერთ მცირე მიზეზსაც კი ვერ მოვნახავდი იმისთვის, თუ რატომ უნდა წავსულიყავი სადილად, ჩემთვის უცხო მამაკაცთან. ყოველთვის წინასწარ ვიცოდი, რითი დასრულდებოდა ესა თუ ის ურთიერთობა... მაგრამ ახლა ერთი რამ არ ემთხვეოდა, არანაირი ინტუიცია არ მქონდა და არ ვიცოდი, რას მოასწავებდა ლევანის შემოჭრა ჩემს ცხოვრებაში. შავი შარვალი ჩავიცვი, შავი პერანგი და ღია, მოხდილი ფეხსაცმელი. ბალთაზარს დავემშვიდობე და დათქმულ დროს, ქვემოთ ჩავედი. ლევანი მოწყენილი მეჩვენა, ყოველ შემთხვევაში `კოპალამდე” ხმა არ ამოუღია.

მასაც შავი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, მანქანიდან რომ გადმოვედი და გვერდზე მომიდგა, შემომხედა თუ არა `ეე, ტყუპისცალ”, – მითხრა და გაეღიმა. მაგიდას მივუსხედით და უხერხულობის გასაქარწყლებლად ლაპარაკი პირველმა მე დავიწყე:
_ ბალთაზარს არ მოვწონვარ, იქნებ ახლა რომ მივალთ წაიყვანო.
_ მოსწონხარ, თან შენ აზრზე არა ხარ, როგორ მოსწონხარ, ყურში მითხრა, აქედან არ წამიყვანოო, ძალიან შევეჩვიეო. შენ თვითონ, არ მოგწონს ბალთაზარი? მთლად ისეთი გოგოც არ ჩანხარ, რომ ასეთი მშვენიერი ძაღლი არ შეგიყვარდეს.
_ კი, მაგრამ შენი ძაღლია და მე რატომ შევიყვარო?
_ ახლა უკვე შენია, გაჩუქე.
_ მართლა? რამდენი წლის არის?
_ თერთმეტი თვისაა, პატარა სულელია ჯერ.
_ არც ისე დიდი ყოფილა.
_ შევუკვეთოთ არა?
 ოფიციანტი მოვიდა და ვახშამი შევუკვეთეთ, მშვიდი საღამო იყო, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა თითქოს, უბრალოდ, თავს უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ სადღაც შიგნით, მაინც მომწონდა აქ ყოფნა. ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაზეც შეიძლებოდა ორ, ახლად გაცნობილ ადამიანს ესაუბრა ან არ ესაუბრა. მე ჩემს სამსახურზე მოვუყევი, მან თავის საქმიანობაზე. მითხრა, რომ მამამისის და დედამისის დაფუძნებულ პატარა კომპანიას იყო `შეკედლებული”. თან დოქტორის ხარისხზე მუშაობდა, სოციოლოგიაში.

მეცადინეობდა და არაფრის დრო არ ჰქონდა, უბრალოდ ხანდახან, როდესაც ძალიან მოსწყინდებოდა, საღამოობით ბარში, ან სადმე მეგობრებთან მიდიოდა – ეს ყველაფერი, ერთი ამოსუნთქვით მომაყარა:
_ კაბინეტში ჯდომა არ მიყვარს, სამსახურში თუ მივდივარ, იქაც ჩემი კომპიუტერი მიმაქვს და ჩემს თემაზე ვმუშაობ. ძალიან კი გადავიღალე, მომავალ მაისს, უკვე დაცვა მაქვს. ვნახოთ, როგორ იქნება საქმე.
_ სოციოლოგიას კარგად არ ვიცნობ, ალბათ საინტერესო საგანია.  
_ კი, საინტერესოა. ბევრი სხვადასხვა განხრა აქვს. დოქტორის ხარისხს რომ მივიღებ, ჩემი პროფესიით ვიმუშავებ, მამაჩემის ფირმა დიდად არ მაინტერესებს, განვითარების თვალსაზრისით, ახალს ვერაფერს ისწავლი. თან ისეთი კარგი მმართველი მაინც ვერ ვარ, როგორიც მამაჩემია.

რა მაგის პასუხია და ნინკა, გათხოვილი არასოდეს ყოფილხარ?
_ არა, არასოდეს.
_ აუ, რა კარგია.
_ რატომ?
_ განათხოვარი ქალები სულ სხვანაირები არიან, შენ გეტყობა, რომ ეს რთული გზა ჯერ არ გაგივლია, _ გაშორებას ვგულისხმობ.  
_ ჰო, არც მივსულვარ არასოდეს ქორწინებამდე. უკვე შემაწუხეს _ რატომ არ თხოვდები? რატომ არ თხოვდები? – ისე რა უცნაურია, რატომ ვლაპარაკობთ მე და შენ ამ თემაზე?
_ რა ვიცი, რა მოხდა, ყველაფერზე შეიძლება ილაპარაკოს ორმა ჯანსაღმა ადამიანმა.
_ ჰოო, ალბათ...
_ მე, ორი შვილი მყავს, მაგრამ დიდი ხანია რაც ოჯახი დამენგრა, ბავშვებიც დიდები არიან უკვე.
_ მართლა?  
_ ჰო, ოცი წლის ვიყავი ცოლი რომ შევირთე და თხუთმეტი წლის შემდეგ, ყველაფერი დავანგრიე. ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდი, რთული იყო ძალიან, ბავშვები მეცოდებოდნენ, წარმოიდგინე, ბოლო რვა წელი, თითქმის ყოველი დღე ჩხუბით იწყებოდა და მთავრდებოდა. ასეა, როდესაც უკვე რაღაც დიდი ბზარი ჩნდება, გამთლიანება ძალიან ძნელია. ვეღარ გავამთლიანე ეს ბზარი და ძვირიც დამიჯდა, ბავშვებთან ვერ ვცხოვრობ, მაგრამ სამაგიეროდ, დასასვენებლად ყველგან ერთად დავდივართ, თითქმის ყოველ დღე ერთად ვართ, ძალიან კარგი მამა ვარ, ახლა უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ...

თხუთმეტი წელი – წარმოგიდგენია? აქედან, შეიძლება ითქვას, რომ რვა-ცხრა წელი არც ვცხოვრობდი საერთოდ. დილა უთენია გამოვრბოდი და შუაღამისას მივდიოდი შინ. ყველაფერი, ალბათ უფრო ჩემს გამო აირია, რაღაც პერიოდი ძალიან ბედნიერიც ვიყავი, მერე, თითქმის ათი წელი ვიყავი გაწამებული და ბოლოს წამოვედი...
_ ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს, ასეთ თემაზე რომ მელაპარაკები, თითქმის არ გიცნობ.
_ არაფერია, დამშვიდდი, დიდი ხანია ჩემი დარდი არავისთვის გამიზიარებია, ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხო, დღემდე არც იციან რა მოხდა, შენ გიყვები რატომღაც, ალბათ არ მინდა შენც ჩემნაირი შეცდომა დაუშვა.

კალეიდოსკოპი

თან მშურს შენი, ეგ ყველაფერი რომ არ განგიცდია, და ალბათ არც გამოცდი, სიყვარულით გათხოვდები და ყოველთვის გეყვარება, ის, ვისაც აირჩევ.
_ მაგაში ეჭვიც არ მეპარება, ისე არც ვაპირებ სერიოზული ნაბიჯის გადადგმას – უსიყვარულოდ ცხოვრებას რა აზრი აქვს, ადრე იყო მასე, კომუნისტების დროს, ქალი სახლში და კაცი ქალებში... დღეს, ევროპაშიც და ამერიკაშიც, ეგ სირცხვილია. ისე იქაც მაქსიმალურად ცდილობენ არ დაინგრეს ოჯახი, მაგრამ არავინ არის თანახმა დღეს-დღეობით, ქმრისგან ან ცოლისგან აიტანოს ის, რაც არ არის ასატანი და გასაძლები. ამიტომაც, შენ არ გამტყუნებ, ალბათ ეგ უფრო ღირსეული ნაბიჯია, ვიდრე ტყუილში ცხოვრება.
_ ჰო ვიცი, ძალიან ცუდად ვიქცეოდი, იცი რა საშინელი კაცი ვიყავი? სადაც მიღამდებოდა იქ მითენდებოდა, თითქოს გულს ვაყოლებდი, მერე ყველა ქალი მძულდა, ისევ ტატასთან მივირბენდი, ჩავეხუტებოდი, მეგონა ეს ბოლო იყო, მეტი აღარაფერი შემეშლებოდა...

მაგრამ არა, რაც დრო გადიოდა მით მეტი მეშლებოდა. მაგრამ რომანი არასოდეს გამიჩაღებია, ეგ უკვე მეტისმეტი იქნებოდა, ასე მგონია, სიყვარულითაც, ცხოვრებაში არავინ მყვარებია _ ბავშვობაში ტატა რომ მიყვარდა, მას მერე.
_ მეცოდები... რატომ არ ეცადე შეგენარჩუნებინა ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასი იყო?
_ რა გითხრა, არ იყო ალბათ ყველაზე ძვირფასი და იმიტომ. ბავშვობიდან, ნებისმიერ სიტუაციაში, საკუთარ თავზე მეტს ვზრუნავდი, ვიდრე სხვაზე. ამ შემთხვევაშიც ჩემს თავზე ვიფიქრე, და წამოვედი, გავთავისუფლდი და ტატაც გავათავისუფლე, დღეს ის ბედნიერია, ერთ კარგ კაცს გაჰყვა ცოლად. მე კი თავისუფალი ვარ და ჩემთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი თავიც ახლა გავიცანი, ბოლო ოთხი წელია, საკუთარი თავის შესწავლა დავიწყე... დღეს ისეთ უცნაურ რამეებში ვპოულობ ბედნიერებას, ადრე, რომ არც მიფიქრია.
_ მაგალითად...
_ მაგალითად, გუშინ დილას _ ავდექი, მაცივარი გამოვაღე, შუაზე გაჭრილ საზამთროში სახე ჩავყავი და ასე შევჭამე. საზამთროს წვენი ძირს დავასხი, ყველაფერი მოვსვარე, მერე ისევ საწოლში ჩავწექი, მუსიკა ავაღრიალე და ბოლო ხმაზე ვიმღერე ერთი ძველი სიმღერა. ჰო სასაცილოდ გეჩვენება, არადა, ადამიანებს გვჭირდება ასეთი აფრენები... მერე ეს მუსიკა ასე დავტოვე და დამეძინა, ბოლო ხანებში დავიწყე ასეთ რაღაცეებზე ფიქრი, უაზრო ნიუანსები მაბედნიერებს, გიჟი ვარ?
_ ადრე ასე ვერ ცხოვრობდი?
_ არა, ასე რომ მეცხოვრა მაშინვე დაიწყებოდა – ნუ, ლევან, რას შვრები, ამ საზამთროთი მთელი იატაკი დამისვარე, რა უსაქციელო ხარ, ჩაუწიე მაგ საშინელ მუსიკას, დილას ამდენს ვინ იპრანჭება? რომელი კაცი? სად ისწავლე სახლში ფეხსაცმელებით სიარული? საფერფლეს აქ რა უნდა? – ტატა იცი რა კარგი გოგოა, მაგრამ ერთმანეთისთვის არ ვიყავით დაბადებულნი, და ასეთი უაზრო ნიუანსების გამო, დილიდან ჩხუბს ვიწყებდით.
_ ჰო, ეგრეა, როდესაც დრო გადის, ყოველდღიური ყოფა ყველგან ერთნაირია. რა იცი? შეიძლება გიყვარს კიდეც, მაგრამ ვერ ხვდები.

უნდა გაგეძლო, მაქსიმალურად უნდა მოფრთხილებოდი ოჯახს. ბოლოს და ბოლოს ათი წლის მერე, არავის აღარ უყვარს ერთმანეთი ისე, როგორც თავიდან, გამორიცხულია...
_ ეგ არ დაიჯერო ნინკა, არის ისეთი სიყვარული და ისეთი ქორწინებაც, როდესაც შენი ცხოვრება სწორედ მაგიტომ გიყვარს, რომ მეორე ადამიანი დღითი-დღე გაბედნიერებს და ცხოვრებას გილამაზებს. ამავე დროს, არსებობს ისეთი წყვილებიც, რომლებიც ერთმანეთს უბრალოდ ანგრევენ, მაგრამ უაზრო საზოგადოებრივი აზრის თუ სტატუსის, თუ კიდევ არ ვიცი, რის გამო, – ოჯახს არ ანგრევენ. იცი, სიყვარული რა არის ჩემთვის, – დილას გაღვიძება რომ გიხარია, იმიტომ რომ იმ ადამიანს ხედავ, ვისთან ცხოვრებაც, უბრალოდ გიხარია... რომ უყურებ, არ გბეზრდება, ვისიც ყველაფერი მოგწონს – მოგწონს როგორ იცინის, როგორ ტირის, როგორ ცეკვავს, როგორ ჭამს...  
_ არ შეიძლება მაგის გამო გაშორდე ქმარს, რომ თურმე, არ მოგწონს როგორ ჭამს? რა ბოდვაა?
_ ადამიანი სიხარულს უნდა განიჭებდეს, ყოველდღიურობაც ისე უნდა შეგაყვაროს, როგორც დღესასწაული, მაგას ვგულისხმობ.
_ ეჰ, ეგეთი ცხოვრება, მხოლოდ ფილმებშია.
_ არა, არა, მე ძალიან ბევრ წყვილს ვიცნობ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი.

აი, დედაჩემი და მამაჩემი აიღე, სულ პატარაობიდან რა მახსოვს იცი? მამაჩემი, სამი საათით სახლიდან რომ გადიოდა, დედა ფანჯარასთან ათჯერ მაინც ჩაივლიდა და თვალით იმ ადგილს უმზერდა, საიდანაც მამას მანქანა უნდა გამოჩენილიყო. კიბეზე მისი ფეხის ხმას ცნობდა, სარკესთან დადგებოდა, გაიპრანჭებოდა, თმებს გადაივარცხნიდა და კარი რომ გაიღებოდა, პატარა ბავშვივით ჩამოეკიდებოდა მამას კისერზე, ეს დღემდე გრძელდება. მე ასეთ სიყვარულში ვარ გაზრდილი, გესმის? მამას, დედას ხელი თუ არ უჭირავს ხელში, მანქანას ვერ ატარებს, წარმოიდგინე, სულ ვეჩხუბებოდი „რულს მოკიდე ხელი“-თქო და მპასუხობდა _ „მირჩევნია დედაშენის ხელი მეჭიროს და მანქანა ცალი ხელით ვატარო, ასე დამტვრევის შანსი არ არის, დამიჯერე, ჩემხელა რომ გახდები, გაიგებო“, _ მაგრამ მე, ჯერ ვერაფერი გავიგე, უბრალოდ ვიცი, რომ ასეთი სიყვარული არსებობს და ძალიან ხშირადაც, საქმე იმაშია, რომ წყვილმა ერთმანეთი უნდა იპოვნოს. თუ შეგეშალა და ისე დაქორწინდი, ან კიდევ შენი მეორე ნახევარი შენთან ერთად არ განვითარდა, იმის მერე თუ არაფერი შეეცვალა _ უბედურება გარდაუვალია. ურთიერთობაში არაფერია სიყვარულზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც იმ ოჯახებში, სადაც სიყვარული აღარ არსებობს, ცხოვრება ჯოჯოხეთია, – არ უნდა დატანჯო შენი თავი და ის გაგაკეთო, რასაც გული გკარნახობს, გულმა ყოველთვის მეტი იცის. სიცოცხლეში არასოდეს აღარ დავქორწინდები, არასოდეს არ მომინდება მსგავსი კავშირი... ამხელა ბავშვები მყავს, ცოლი, არაფერში მჭირდება.


_ მაგას ნუ იტყვი, რა იცი, რას იზამ ადამიანი? შენ ცუდი გამოცდილება გალაპარაკებს, რა გგონია ამ ასაკში ისევ შეიძლება შეგეშალოს? ახლა თუ რამე სერიოზულს მოიფიქრებ, ეგ უკვე მთელი ცხოვრება იქნება.
_ ეჰ, ნინკა, მთელი ცხოვრება რა იქნება, ადამიანებმა არ ვიცით, ამიტომაც, არაფრის გამო არ უნდა დაიტანჯო თავი.
_ რა საინტერესოა ლევან, არც მიფიქრია, რომ ასეთი ღრმა ადამიანი ხარ.
_ შენზე მითხარი რამე, ამდენი, სულ ჩემს თავზე ვილაპარაკე. თუმცა, ბევრია ასეთ მდგომარეობაში და ვერ ხვდება, რომ ერთმანეთზე მიწებებული არავინ იბადება ქვეყანაზე და რომ ადამიანი თავად ქმნი შენს ბედს. იცი რამდენ რამეზე მაქვს ნაფიქრი ნინკა, ვწერ კიდეც, ჩემს დაკვირვებებს. აჰა, კიდევ ერთი მაგალითი, ღამე მომწყინდება, ავიღებ ჩემს კომპიუტერს, ვისკის დავისხამ, ჩავწვები და წერას ვიწყებ, მერე კი არ ვკითხულობ, უბრალოდ ნაწერები მაქვს, `შრომები” – აბა ძველი დრო რომ იყოს, ვინ გამახარებდა `რას წერ? ვისზე წერ? ვაი შენს პატრონს!” და ასე შემდეგ...

კალეიდოსკოპი


_ თავხედი, უზრდელი ტიპი მეგონე და შენ რა უცნაური ადამიანი აღმოჩნდი, მაპატიე თუ ცუდად გეპყრობოდი, უბრალოდ, ურთიერთობაში ძალიან ძნელად შევდივარ, არ მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, ერთი-ორი წელია ძალიან ჩავიკეტე. მაგრამ რაღაცეებში არ გეთანხმები, – იმის გამო, რომ ძირს საზამთროს წვენი დააქციო, ხმამაღლა იმღერო და ღამე მარტომ წერო, _ ოჯახი არ უნდა დაანგრიო...
_ ეგ, სულ სხვა თემაა, რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მაგრამ როდესაც ურთიერთობა ორივე ადამიანისთვის დამანგრეველი ხდება, ის ურთიერთობა, განწირულია...

მოკლედ, შევცვალოთ თემა _ კარგია არა ეს რესტორანი, მიყვარს აქ მოსვლა.
_ კი, ჩემი საყვარელი რესტორანია, ორი წლის წინ, დაბადების დღე აქ მქონდა.
_ რამდენი წლის ხარ ნინკა?
_ ოცდათოთხმეტის.
_ არა, არ ამბობ მართალს.
_ კი.
_ არ მეგონა, მაგრამ მშვენიერია.
_ რა?
_ ასაკი, ზუსტად ის ასაკია, როდესაც ქალი მშვენიერდება და მშვენიერდება.
_ რას ამბობ, მალე დავბერდები.
_ არ დაიჯერო, არა მგონია ეგრე ფიქრობდე, შენ დანამდვილებით იცი, რამდენად კარგი ხდება ქალი მაგ ასაკში, უბრალოდ არ ამხელ.
_ ჰო, შეიძლება...
_ ასე მგონია, სევდა სჭარბობს შენში, და სულ ცოტა ირონია... იმედია, ოდესმე გავიგებ მაგის მიზეზს, ახლა წავიდეთ, უკვე, გვიანაა, დილას ადრე უნდა ადგე, ბალთაზარიც მარტოა.
_ რა უცნაური ბიჭი ხარ, ლევან.
_ ნინკა, უკვე კაცი ვარ, დიდი კაცი, ოცდაცხრამეტი წლის.
_ და თმა, სრულებით არ გაგცვენია, – გავიფიქრე და იმ წუთასვე ნიკო დავუყენე გვერდით. ნიკო ახლა ოცდაჩვიდმეტის იქნება და შესაძლოა, თმა არც მას აქვს გაცვენილი.
_ რაზე ჩაფიქრდი, ნინკა?
_ არაფერზე, წავიდეთ, – გზაში ლევანმა რაღაც ძალიან ხმაურიანი მუსიკა ჩართო, სახლთან რომ მივედი, გადმოსვლისას ბალთაზართან მოკითხვა დამაბარა, დამელოდა სანამ სადარბაზოში შევედი და გაუჩინარდა.
 რამდენიმე ხანი ლევანი არ შემოგვხმიანებია, მე სამსახურის საქმეებით ვიყავი დაკავებული, საღამოობით კი სახლში ყოფნა მერჩივნა. არ ვიცი ბალთაზარის გამო, თუ იმის გამო, რომ მის ყოფილ პატრონს ველოდებოდი... ნიკოს გაკეთებულ ჩარჩოს ისევ დღეში რამდენჯერმე ვაყოლებდი თითს, ისევ ვიჩხრიკებოდი ინტერნეტში, რუსულ საიტებზე მისი გვარი შემყავდა, და ყოველ დღე, ყოველ ჯერზე ველოდებოდი, რომ რაღაცას ვიპოვნიდი, ისეთ რაღაცას რაც ნიკოს კვალზე გამიყვანდა. მაგრამ ახალი, კვლავ არაფერი იყო, ნიკოს გვარზე ინტერნეტი საერთოდ არ რეაგირებდა, ვერ წარმომედგინა, ისეთი მხატვარი, როგორიც ნიკო იყო, _ ცნობილი არ გამხდარიყო.

ან საკუთარი საიტი არ ჰქონოდა... მაგრამ არანაირი პროგრესი არ იყო. ვიცოდი, ნიკოს ბებია და ბაბუა დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, ბოლოს თურმე მოხუცებულთა სახლში გადაიყვანეს, რადგან მათი სანათესაოდან აქ არავინ იყო დარჩენილი. ნიკოს დედა, მელიის ქურქით თვითმფრინავის ტრაპზე რომ ავიდა, ღმერთმა იცის სად ჩამოვიდა და სად გააგრძელა მისი სნობური, მეშჩანური ცხოვრება – დიდი ბაბუა სულ ასე ეძახდა _ `мещанка ты редкая”-ო – მახსოვს მე და ნიკო ვერაფრით ვხვდებოდით რაზე ეჩხუბებოდა ბაბუ, თავის რძალს. მოკლედ, სრული ინფორმაციული ვაკუუმი გრძელდებოდა, მაგრამ მე მაინც ვეძებდი... გადმოვიღებდი წერილებს და ყველას სათითაოდ გადავიკითხავდი, დავჯდებოდი ჩემს საწოლზე, ირგვლივ სულ ნიკოს ნახატები მეკიდა, ჩავრთავდი ბავშვობის დროინდელ მუსიკას და გადავიჭრებოდი ძველ სამყაროში. არასოდეს მინანია, რომ ჩვიდმეტი წელი მის ლოდინში გავატარე, წინასწარ ვიცოდი, ეს ლოდინი, ბოლოს თავის ნაყოფს გამოიღებდა, და ჩემი ნანატრი დღეც, ოდესღაც დადგებოდა.

ერთხელაც, ასე ვიჯექი აივანზე და ალუბალს მივირთმევდი. ზარმა დარეკა, კარებში ლევანი იდგა, რომელსაც უშველებელი ქოთანი მოეთრია, ქოთანში ბზის ბუჩქი იყო ჩარგული, ძლივს შემოათრია და იქვე კართან დადგა.  
_ გავწყდი წელში.
_ მერე, რატომ წუხდებოდი? – ვკითხე ლევანს და გამახსენდა, ერთ დღეს, ნიკომაც, რომელიღაც მცენარე მაჩუქა.
_ აბა, შენს სახლს ფლორის და ფაუნის ენერგიის ნაკლებობა აქვს, აწი მოვიტან ხოლმე მცენარეებს. იქნებ ამ სახლს, რაღაც მოვუხერხოთ.
_ ცოტა სასაცილოდ ხომ არ გეჩვენება, ჩემს სახლზე რომ ზრუნავ?
_ არა, არა ნუ დაიძაბე, რემონტს კი არ გიკეთებ, სიცოცხლეს გიხალისებ, – ამ სიტყვებზე სიცილი ვერ შევიკავე.

_ რა გაცინებს, მარტო ცხოვრობდი მგელივით, ახლა ბზის ბუჩქი გაქვს და ბალთაზარი გყავს...
_ მგელივით?
_ ჰო, მგელივით, `ოდინოკი ვოლკი” ხარ! უფრო სწორად, რომ ვთქვათ, – იყავი.
 ეს თქვა და აივანზე გავიდა, მეც კუდივით უკან გავყევი, არ მინდოდა ჩემი წერილები დაენახა, მაგრამ ფეხის გადგმაც ვერ მოასწრო, რომ დაიწყო – ვა, ეს რეებია? ეს რა ძველმანი ფურცლებია ნინკა?
_ მოიცა ავალაგებ, ჩემი ძველი წერილებია, არ მინდა ნახო, გთხოვ!
_ არც მე მინდა შენი ხავსმოკიდებული წერილების წაკითხვა... – თითქოს ეწყინა ლევანს.
 წერილები კარადაში შევალაგე, ლევანიც უკან გამომყვა. ბებიაჩემის ნაჩუქარ პიანინოსთან მივიდა და ჩემს ვერცხლის ჩარჩოს ჩააშტერდა.
_ ნინკა, ამ ჩარჩოში რატომ არავისი სურათი არ გიდევს, და საერთოდ რა უცნაურია, ამ სახლში არც ერთი ფოტო არ არის?!
_ მაგ ჩარჩოში ვისი სურათიც უნდა მედოს, იმის სურათი არა მაქვს, ამიტომაც არის ცარიელი – `მე გჩუქნი ჩარჩოს, რომელშიც ვერასოდეს ჩადებ ჩემს სურათს და ბედს, რომელიც არასოდეს იქნება შენი!” – წარმოვთქვი ამაყად და ოდნავ მომერიდა.
_ ვაა, მხატვრულ კითხვაზე ხომ არ გგონია შენი თავი? ეგ რა სიტყვებია? ვინ გითხრა?
_ რა ვიცი, ერთმა ბიჭმა ჩამიდო თავში, და აქამდე ვერ ამომიგდია – გამეღიმა.
_ მომისმინე, ფოტოები რატომ არა გაქვს, არ გიყვარს?
_ კი, მიყვარს...
_ აბა ფოტოაპარატი არა გაქვს?
_ ჰო, აი ზუსტად, ფოტოაპარატი არა მაქვს...
_ მე გაჩუქებ, ადამიანმა აუცილებლად უნდა გადაიღო ფოტოები.

მიყვარს ფოტოგრაფია... აუცილებლად გაჩუქებ...
_ ნუ შეწუხდები, – ისევ გამეღიმა მე.
 _ რა გჭირს? მთელი საღამოა რაღაც საიდუმლოდ იღიმი?
_ მერე რა, ცუდია? გიღიმი, ხომ არ გიბღვერ?
_ ცუდი არ არის, წამო, გარეთ დავსხდეთ.
  აივანზე დავბრუნდით, საღამო იყო, ზაფხული იწყებოდა. თბილი და ვარდისფერი მზე ანათებდა... პატარაობიდან მეგონა ასეთ დღეებში, ყველას ყველა უყვარდა და ყველას ყველაფერი უხაროდა. ლევანი ისეთი მშვიდი სახით იჯდა ჩემს აივანზე, თითქოს თავის სახლში გრძნობდა თავს, ჩემდაუნებურად გამეღიმა.

 
_ წამოდი, ხვალ საღამოს ყაზბეგში წავიდეთ, ჩემი მანქანით სადამდეც ავალთ, მერე დილიდან ფეხით ვიაროთ, მოვიაროთ მთა, იცი რა ლამაზი ყვავილები იზრდება ამ დროს, ყველაფერი ყვავის.
_ ყაზბეგში ვერ წამოვალ, ბევრი ფეხით სიარულისათვის მე არ გამოგადგები, დიდი-დიდი კუს ტბაზე ამოგყვე და ისიც ახლა არ შემიძლია.

კალეიდოსკოპი


_ რა უმუღამო გოგო ხარ, ნინკა, რატომ ხარ ეგეთი პასიური? ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი გაქვს, მაგრამ არაფერი გინდა.
_ ვინ გითხრა, რომ არაფერი მინდა?
_ მაგას ვერ გამომაპარებ, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული, ქალებს კარგად ვცინობ. შენ რომ გიყურებ, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, თითქოს სულ რაღაცას გაძალებ, არ ვიცი, უცნაური ხარ, რაღაცნაირი. გამჭვირვალე ლანდივით, ისე დადიხარ, გეგონება მიწაზე ფეხს არ ადგამსო, არადა, თან მყარად კი დგახარ, – ყველაფერი აწყობილი გაქვს, სამსახური, სახლი, მატერიალური მხარე, არაჩვეულებრივი ოჯახი გყავს – რა ვიცი, რა გაკლია...
_ არ მითხრა ახლა, ძალიან გთხოვ, რომ ოჯახი უნდა შექმნაო, თორემ გავბრაზდები...
_ არა, არა, გგონია იმისათვის გაგიცანი, რომ შენს თავისუფლებებს დავესხა თავს? არა – ოჯახის შექმნა სავალდებულო სულაც არ არის, ეგ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიდის შენი ცხოვრება.

თუ არავინ გიყვარს, გათხოვებაც სისულელეა, იმ დღესაც ხომ გეუბნებოდი, ვინც არ გიყვარს, იმისგან ცხოვრების ყოველდღიურ ტვირთებს ძნელად უძლებ, ფსიქიკა გიზიანდება, სხვა ცხოვრება გინდა და სულ სხვაგან ცხოვრობ, მაგაზე ერთი წამით არ იფიქრო, – შენ თავზე იფიქრე მეტი, იმაზე, რაც შენ გინდა!  
 _ დღეს სამსახურში იყავი?
_ კი, მთელი დღე, ძალიან დავიღალე, წავიდეთ ვჭამოთ სადმე, თუ გინდა, გარეთ გავიდეთ და ბალთაზარიც თან წავიყვანოთ, ცოტა გავისეიროთ, შენი ფეხებისთვის შესაბამის ლანდშაფტებზე.
_ ნუ დამცინი! ხალხი დაფრთხება, ჩემი პატარა მონსტრის დანახვაზე.
_ არა, ასეთი უწყინარი არსება ქვეყნად არ არსებობს, ჩაიცვი და წავიდეთ...
  მე სანამ ვიცვამდი, ლევანი ჩემს წიგნებს ათვალიერებდა.
 – ეს, ხავიერ მარიასი ვინ არის, არ ვიცი, კარგია?
_ ჰო, მარიასი, თანამედროვეებიდან, ჩემი საყვარელი მწერალია.
_ არც გამიგია. `Белое Сердце”, – მათხოვებ?
_ წაიღე.
_ მერე დაგიბრუნებ და რამე სხვას წავიღებ, შენ ამირჩიე, მოკლედ, ამიერიდან შენ იზრუნე ჩემს ბიბლიოთეკაზე, რასაც მომცემ, წავიკითხავ, – გენდობი.
_ კარგი, წავედით?
 იმ საღამოს, გარეთ სასიამოვნოდ გრილოდა და ღია კაფეში დავსხედით. ბალთაზარს, მაგიდის ქვეშ, ჩუმად ვაჭმევდი, ლევანი მთელი საღამო ოხუნჯობდა, მე კი ვიჯექი და ჩემს ცხოვრებაში შემოსულ, ორ ახალ აღმოჩენას ვაკვირდებოდი... არასოდეს მიფიქრია, რომ ამ ქალაქში, ასეთი ადამიანი ცხოვრობდა.

ახლა კი, ჩემი მეგობარი გახდა, რაც მეტად და მეტად ვხვდებოდი ლევანს, მით მეტად მენატრებოდა და მინდოდა ხოლმე მისი ნახვა, ოღონდ ყოველგვარი ზედმეტი სიმპათიის და პრანჭვა-გრეხვის გარეშე. ნიკოს მერე, ლევანი პირველი ბიჭი იყო, რომელმაც ისეთი გამიცნო, როგორიც სიმანდვილეში ვიყავი, თანაც, ჩემთან სახლში. მალე ლევანი ისე შემომეჩვია, თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდა, ძაღლსაც უხაროდა, რომ დაინახავდა, შეახტებოდა და ეფერებოდა ხოლმე. ბევრს დავდიოდით ფეხით, ძაღლიც თან დაგვყავდა. თავისი ოჯახიც გამაცნო, ერთხელ ერთხელ ბავშვებტან ერთად მოვიდა, _ სალომეც და იკაც, მაშინვე მომეწონა. თბილისის ზღვაზე წავედით ერთად, ლევანის მეგობრის კატერით გავისეირნეთ. ბავშვებმა წყლის თხილამურებზე დგომა იცოდნენ კარგად, მეც შემომთავაზეს, მე იმდენად არა-სპორტული ადამიანი ვარ, რომ წყალთან ახლოს მისვლაც კი მეშინია, დიდი-დიდი ჩემზე ორი თავით დაბალ აუზში თუ ჩავალ, სულ ეს არის, მთელი ჩემი სპორტი.

ლევანიც კარგად იდგა თხილამურებზე, მას და ბავშვებს ერთად რომ ვუყურებდი, გული მიჩუყდებოდა. სალომეს, წყალი რომ მობეზრდა, მთხოვა საჭმელად გავყოლოდი, კაფეში დავსხედით, სახეზე მზისგან დასაცავი საშუალება წავუსვი, თმები ჩამოვვარცხნე... საჭმელი შეუკვეთა თუ არა, საუბარი დამიწყო:
_ ნინკა, შენ და მამა დიდი ხანია მეგობრობთ?
_ არა, ალბათ ერთი-ორი თვეა...
_ აა, მამა კარგია ხო?
_ კი ძალიან, ძალიან საყვარელი მამა გყავთ.
_ გიყვარს?
_ როგორ არ მიყვარს, ჩემი კარგი მეგობარია...
_ მაგას არ გეკითხები, ისე სხვანაირად? კაცს და ქალს რომ უყვართ ერთმანეთი, აი ისე?
_ არა, ისე არ მიყვარს, მხოლოდ მეგობრები ვართ.
_ ცუდია.
_ რატომ?
_ რა ვიცი, კარგი გოგო ხარ და ვიფიქრე იქნებ მამა გზაზე დაგეყენებინა, – ბებო ამბობს ხოლმე, – `ლევან, ნეტავ ერთი შენ ვინმე ქალი განახა და გზაზე დამდგარიყავი...”
_ ჰო, უფროსებს უყვართ მასეთი ლაპარაკი, – მამას არაფერი სჭირს გზაზე დასაყენებელი, კარგი პიროვნებაა და სწორ გზაზეც დგას.
_ ჰო, მაგრამ მარტოა, მარტო ცხოვრობს იმხელა სახლში, ეგ რა ცხოვრებაა, მარტოხელობა.
_ შენ ჯერ პატარა ხარ სალო, გაიზრდები და მიხვდები, მარტო ყოფნა ხანდახან კარგიც არის.
_ დედას რომ გაშორდა, ყოველ დღე ვტიროდით მე და იკა, მაგრამ ბოლო დროს სულ ჩხუბობდნენ, ღამე ისე ყვიროდნენ ხოლმე, იკასთან გადავძვრებოდი ლოგინში და შიშისაგან გული მისკდებოდა, მამა ისე ღრიალებდა, მთელს უბანს ესმოდა... დედა მალე, ერთ წელში დაქორწინდა, ახლა ქმარი ჰყავს, ბებერია, – მაგრამ კარგი კაცია, მე თუ არა ვარ მაგის ხასიათზე `ბაბუას” ვეძახი, იკას ძალიან უყვარს, სულ მაგათ დაჰყვება ყველგან, დასასვენებლად და რა ვიცი, კუნძულებზეც გაჰყვა და მერე ზამთარში სათხილამუროდ იყვნენ საფრანგეთში, ფულიანი `ბაბუაა”, – გაიცინა სალომემ – მე კიდევ მაგათთან ყოფნა არ მიყვარს, მამაჩემი მირჩევნია, ყველას და ყველაფერს.
_ სალო, რა დიდი გოგო ხარ?!
_ დიდი ვარ, უკვე ცამეტი წლის ვარ. მამა მადარდებს, ბავშვები განვიცდით, მაინც გვინდა დედა და მამა ერთად იყვნენ.

დაბნეული ვიყავი თავიდან, მერე შევეჩვიე. მე დედაც და მამაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მამა სულ მეცოდება. ახლა, იკა, სასწავლებლად გერმანიაში მიდის, მერე მეც წავალ ორ წელიწადში, მამიკო მარტო უნდა იყოს, იმდენს ვფიქრობ მაგაზე. იქაც ბებოსთან და ბაბუსთან არ უნდა ცხოვრება, არ ვიცი რა ეშველება.
_ რა კარგი გოგო ხარ, რა ბედნიერებაა ამხელა შვილები, ღმერთო ჩემო!
_ ლევანი არ შეგიყვარდება?  
_ შენი მამიკო, ჩემი მეგობარია და მართლა მიყვარს, მაგრამ არა როგორც მამაკაცი. გესმის ხომ?
_ კი მესმის, მესმის, ძალიანაც ცუდი. ლევანი მეც კარგი ამხანაგივით მყავს, – ჩემი სიცოცხლეა.

იმ დღეს თავის დაბადების დღეზე სულ მარტო იყო, წარმოიდგინე!
_ როდის იყო მისი დაბადების დღე? – გამიკვირდა მე.
_ სამი დღის წინ, არ იცოდი?
_ არა, უსინდისო, კი არ მითხრა.
_ ჰო, იყო და სულ მარტო იჯდა სახლში, მოწყენილი, თავის კომპიუტერთან...
 ამ დროს ლევანიც მოგვიახლოვდა, სალოს უკნიდან ჩაეკონა და ბუთქუნა ლოყებზე აკოცა.
_ რას მიირთმევთ, გოგოებო, მგელივით მომშივდა...
 მერე იკაც მოვიდა და ლევანის სხვა მეგობრებიც, გვიანობამდე ვისხედით კაფეში, მზე რომ ჩავიდა, ნელ-ნელა ავლაგდით, მანქანაში ჩავსხედით და ქალაქისკენ დავიძარით.

კალეიდოსკოპი

ბავშვები დავარიგეთ, ლევანი ჩემთან წამოვიდა, კინოგაქირავებიდან ფილმი გამოვიტანეთ, მე მიყვარდა ეგ ფილმი, ცოტა სენტიმენტალური და ჰოლივუდური, მაგრამ ძალიან საყვარელი და კარგი საყურებელი, ფილმი რომ დამთავრდა, ლევანმა სასოწარკვეთილმა გამომხედა.
_ ეს რაღა იყო? მოკვდა, ტო?
_ ჰო, რა საწყენია, არა?
_ აუ, რა იყო ეს? არ მომკვდარიყო რა, რა იქნებოდა? ეგრე რომ მიყვარდეს გოგო და მოკვდეს, ალბათ ვერ გავუძლებდი, რაღაც მომივიდოდა, თავს არ მოვიკლავდი, მაგრამ შესაძლოა ისედაც მოვმკვდარიყავი დარდისგან...
_ აბა, არ მინდა ვინმე მიყვარდესო?
_ ეგ როდის ვთქვი?
_ შენ არ თქვი, საზამთრო მინდა დავაქციო ძირს და როცა მინდა მაშინ ვიმღერო, მთელ ხმაზე, საწოლზე გაგორებულმაო?
_ ნინკა, რა სულელი ხარ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ მინდა.

ის ვიგულისხმე, რომ ცოლის მოყვანას აღარ ვაპირებ, არასოდეს, თორემ სიყვარული არ მინდა-თქო არ მითქვამს, ნეტავ მოვიდეს სიყვარული და სადღა გავუშვებ, ეგ უბრალოდ, ალბათ ისეთი უზენაესი გრძნობაა, რომელიც ჩემნაირ მდაბიო და უზნეო არსებამდე არ გამოუშვეს... _ იცინოდა ლევანი.
_ რეებს ამბობ შენს თავზე...
_ ნინკა, ძალიან უტაქტოდ ვიქცევი, ვიცი, ვეცადე არ მეკითხა, მაგრამ ვერ მოვითმენ. ვხედავ, რომ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ხარ, მაგრამ იქნებ მაინც მომიყვე შენზე რამე...
_ არ გვინდა რა ლევან, არ არის საინტერესო.
_ შენ არ წყვეტ, ეგ ჩემთვის საინტერესო იქნება თუ არა, რამე მაინც მომიყევი, მთელი ჩემი ცხოვრება ზეპირად იცი უკვე და შენ დეტექტივის პერსონაჟივით საიდუმლოებებით ხარ მოცული.
_ არ ვიცი, ლევან, რა მოგიყვე? სამსახურზე ყველაფერი იცი, მე, როგორც ხედავ, დღესდღეობით მაგითი ვცხოვრობ, მეტი კი საინტერესო არაფერი ხდება, თავადაც ხომ იცი?
_ ვიცი რომელია?! პირველივე დღეს აქ რომ მოვედი, შენი პიროვნების ფსიქოანალიზის გაკეთებას შევძლებდი.
_ მარტო ვარ, ეგ კი მართალია.
_ ჰო, მაგრამ არ შეიძლება ახალგაზრდა გოგომ, მთელი ცხოვრება აივანზე ჯდომაში და სამსახურზე ფიქრში გაატარო.

კიდევ კარგი, ახლა ცხოველი მაინც შემოიჩვიე, თორემ ამდენი მარტოობა ძალიან მოსაწყენია.
_ მარტო არა ვარ ხოლმე, მეგობრები მყავს, მათთან ყოფნა ძალიან მიყვარს.
_ მეგობრები სხვა რამეა. ნინკა, გინდა ხვალ დილით ადრე მოვალ, და სადმე ბუნებაში წავიდეთ. უშგულზე რომ არ წამომყვები, მაგას უკვე შევეგუე, მაგრამ სადმე ახლოს წამოხვალ? დავისვენოთ, ბუნებაში, წამოვწვეთ მიწაზე, იცი მიწის რა ნოსტალგია მაქვს, არა-ნაკლები ვიდრე ხანდახან ზღვის, ადამიანებს მეტი კონტაქტი გვჭირდება მიწასთან, ბუნებასთან. წავიდეთ და ფეხშიშველებმა ვიხეტიალოთ ტყეში...
_ ნიკო, რეებს იგონებ ხოლმე.
_ ნიკო ვინღაა?
_ ვინ ნიკო?
_ მე რა ვიცი, შენ დამიძახე და მე მეკითხები, ვინ არის ნიკო?
_ უი, ბოდიში, ლევან.
_ მოკლედ, ხვალ წავიდეთ, პატარა პიკნიკს მოვიწყობთ, ნიკოზეც მომიყვები.
_ არაფერსაც არ მოგიყვები.
_ კი, კი მომიყვები, აბა რას იზამ.
 დილას ადრე ავდექი, დაახლოებით თერთმეტი საათისთვის, უკვე კოჯრის ტყესთან ვიყავით, იქვე, დანამდვილებით არც ვიცი სად გავჩერდით, _ ისე ღრმად, ტყეში, რომ ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ არ შევიმჩნიე. ლევანმა მანქანა შედარებით მოშიშვლებულ ადგილას გააჩერა, მანქანიდან ორი საბანივით რაღაც გადმოიტანა, მაგნიტოფონიც, ფეხზე გაიხადა, და გაიარ-გამოიარა...

მე, პირდაპირ საბანზე დავჯექი და ტყეს დავუწყე ყურება, ამ ასაკში, პირველად ვნახე ნამდვილი ტყე. ვიჯექი და სიჩუმეს ვუსმენდი, შიგადაშიგ ჩიტების ხმა ისმოდა, ოღონდ იშვიათად, ტყეში თავისებური, უცნაური სიჩუმე იყო, რომელიც მალე ლევანმა დაარღვია:
_ გაიხადე ფეხზე და ცოტა გაიარ-გამოიარე.
_ არ მინდა, მეშინია რამე არ შემერჭოს.
_ რატომ ხარ ასეთი მშიშარა, მე თუ შემერჭობა შენც შეგერჭოს, არაფერი მოგივა, მერე, ერთმანეთს მაინც მოვუვლით, – კედები ძალით გამხადა ფეხზე.
_ რა აზრი აქვს ასე სეირნობას?
_ უდიდესი, აბა სულ სამსახურის კედლებში ხომ არ უნდა იყო გამომწყვდეული, ახალგაზრდა გოგო? ნინკა, ძალიან ბევრი რამ ხდება დღეს-დღეობით მსოფლიოში, ისეთი, რისთვისაც ღირს მაგ შენი ნაჭუჭიდან გამოძრომა და სხვა ცხოვრების დაწყება.
_ შენ რა იცი, ჩემი ცხოვრების შესახებ, წარმოდგენაც კი არა გაქვს.
_ ვიცი, რაღაც დიდი დაღი გაქვს დასმული, არ შეიძლება შენ ისეთი ზედაპირული ადამიანი იყო, როგორადაც თავს მაჩვენებ – ხომ იცი, თვალები არასოდეს ტყუიან, რატომ ხარ ასეთი შეშინებული, იცი როგორ იგრძნობა, ერთ მეტრზე ახლოს რომ მოვდივარ შენთან, მაშინვე კრთები, პატარა ბეღურასავით უკან გახტები, თითქოს ჩემი გეშინია.
_ შენი არ მეშინია, გეფიცები, პირიქით მოგენდე, და მგონია, იმაზე მეტ დროს ვატარებ შენთან, ვიდრე ვინმე სხვა ჩემს მეგობართან, რისი უნდა მეშინოდეს?
_ არ ვიცი, მაგრამ რას ვგრძნობ იცი, _ თითქოს აუცილებლად ვნებიანი, სიყვარულით და სიხარულით სავსე ადამიანი უნდა იყო, იმიტომ, რომ ზუსტად იმ ასაკში ხარ, როდესაც ეს გრძნობები და შეგრძნებები ყველაზე მნიშვნელოვანია... შენ კიდევ სევდიანი და მოწყენილი ხარ, არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი არ გინდოდეს, უბრალოდ მგონია, ხელოვნურად ხარ შებოჭილი და რაღაც ილუზიებიდან ვერ გამოდიხარ... ან კიდევ, დიდი ტკივილი მოგაყენა ვინმემ და სტრესი ვერ გადალახე? გრძნობები, სიყვარული, ვნება, – ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სევდის სამკურნალო წამალია.
_ მართალი ხარ, ალბათ რაღაც ასაკში მქონდა კიდეც ვნება, გრძნობები, სილაღე. ახლა რა დამემართა, არ ვიცი. ლევან, ცდილობ ყველაფრით მასიამოვნო, მე კი სანაცვლოდ ვერაფერს გიკეთებ და ამით ვითრგუნები, შენს გარდა არცერთ მამაკაცს არ ვხვდები, ჩემთვის ვარ, მარტო, შენ მხოლოდ იმიტომ დაგიახლოვდი, რომ ვგრძნობ, უბრალოდ მემეგობრები და სხვა არაფერი გინდა ჩემგან.

სხვანაირ ურთიერთობაზე არც ფიქრობ, ეგ ჩემთვის მთავარია...
_ ეგრე არ არის, შეიძლება ვფიქრობ კიდეც, მაგრამ ისეთი გადაკეტილი გაქვს შინაგანი სამყარო, შიგნით ვერაფრით შევაღწიე, მოძალადე არა ვარ... ვერც იმას ვხვდები, სხვანაირ ურთიერთობაში რას გულისხმობ?  
_ ნამდვილი ურთიერთობა – სიყვარულია. მაგრამ მე სიყვარულს არ ვეძებ და არც ველოდები.
_ ამბობენ, ყველაზე კარგი რამეები სწორედ მოულოდნელად ხდებაო და მართალიც არის. საერთოდ, მოლოდინი, ყველანაირ ურთიერთობებს აფუჭებს, როდესაც ადამიანებს შორის რაღაც იწყება, წინასწარ, არაფერს უნდა ელოდო. ურთიერთობებში ვალდებულებები არ არსებობს, ის სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც ვალდებულებებს არ გულისხმობს, ჩემთვის ასეა – წინასწარ მხოლოდ ის მაინტერესებს, რას მომიტანს ამ ადამიანთან ურთიერთობა...

კალეიდოსკოპი

ვალდებულებები, ყველაზე მძიმე ტვირთია. ისე უნდა გიყვარდეს, რომ არ გჭირდებოდეს ვალდებულებების აღება, მისთვის ყველაფერი სიამოვნებით უნდა აკეთო, გიხაროდეს და არა გამძიმებდეს. ასე არ არის?  
_ ჰო, ნამდვილად ასეა, სიყვარულიც ასეთი წარმომიდგენია. უბრალოდ, მე, ყველაფრისგან უკვე ძალიან გადავიღალე...  
_ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო. ის უნდა მიიღო, რასაც ცხოვრება გიგზავნის. მითხარი, გთხოვ, ვინმემ გული გატკინა?
_ არა, ეს ადვილად მოსაყოლი ამბავი არ არის, აგერ უკვე ჩვიდმეტი წელიწადია გრძელდება, ორი სიტყვით ვერ მოგიყვები.
_ ორი სიტყვით ნუ მომიყვები, დრო ბევრი გვაქვს...

საჭმელი წამოღებული მაქვს, ძალაზე მოხვალ და მომიყვები.
 _ შენგან, საშველი არ არის, – მივაძახე ლევანს. წინადადება არ მქონდა დასრულებული, რომ უკვე მანქანაში იყო შემძვრალი და იქიდან რაღაცეებს ეზიდებოდა.
_ ეგ, თავიდანვე უნდა გცოდნოდა, ქალბატონო ნინკა, – ჩემდაუნებურად გამეღიმა, ვუყურებდი ლევანის მზრუნველობას და ვერ ვხვდებოდი, რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი? მისგან სექსუალური იმპულსის ნასახიც კი არ მოდიოდა, რასაც აშკარად ვგრძნობდი, ამიტომაც არ მაღიზიანებდა და ვენდობოდი. ვჭამეთ, მერე კი ლევანი ფეხებმორთხმული დაჯდა ჩემს წინ და მიმიკით მანიშნა _ დაიწყეო.
_ რომ იცოდე, რამდენ ტკივილს მგვრი, არაფრით დამაძალებდი, ჩემი ამბების მოყოლას.
_ ტკივილი ბოლომდე უნდა იგრძნო, რომ ოდესღაც გაგიაროს, რაც უფრო ღრმად ჩაიმარხავ გულში, – მით მეტად გეტკინება, მიდი ნინ, გისმენ...
_ არ ვიცი საიდან დავიწყო... მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი მიყვარს ლევან, ვერ გეტყვი, რომ სხვასთან არ ვცადე ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ეს სიყვარული ვერაფერმა შეცვალა.

ნიკო რომ გავიცანი, ცხრა წლის ვიყავი, წარმოგიდგენია?
_ მერე შენ გგონია, ცხრა წლის ბავშვი ვერაფერს გრძნობს?! მეც, ნული კლასიდან მიყვარდა ერთი გოგო, იცი რა მაგრად მიყვარდა, სიცხეები მქონდა ხოლმე, – იცინოდა ლევანი.
_ ალბათ თავიდან ბავშვურად მიყვარდა, მიწებებულები ვიყავით ერთმანეთზე, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩემი პირველი კოცნა და ყველაფერი პირველი, მასთან მაკავშირებს... ნიკო მხატვარი იყო და თან მეოცნებე. თვითმფრინავის ტარებაზე ოცნებობდა, ნატრობდა საკუთარი თვითმფრინავი ჰყოლოდა, თავიდანვე ძალიან სხვანაირი სუფთა, სათუთი და რომანტიკული ბავშვი იყო, მეც იქვე ვიყავი, ხშირად მხატავდა, ხომ ნახე ჩემთან კედლებზე, სულ მაგისი ნახატებია. სირთულე არ გვქონია, ერთ წამში, ერთ პატარა მონაკვეთში გართულდა ყველაფერი, მთელი ჩვიდმეტი წელია დამტანჯა ფიქრებმა, ჩვენს განშორებას ჩემს თავს ვაბრალებ... ლევანს, ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, დაშორების ამბავიც.

_ ერთ დღესაც ნიკოსგან წერილი აღარ მოვიდა, დიდხანს ველოდე, მაგრამ მაინც არ მოდიოდა. საერთო საცხოვრებელში დავურეკე, მორიგემ მიპასუხა _“перееხал”-ო. თბილისში, მთაწმინდის სახლში მივედი მასთან, ჭიშკარს უშველებელი ბოქლომი ედო, კარებზე ეწერა – ` продается”. მას მერე, თუ რამე დაიკეტა _ კაფე, მაღაზია, სულ ერთია რა იკეტება, ცუდ ხასიათზე ვდგები... არ მიყვარს, როდესაც კარებზე ბოქლომი მხვდება დადებული... ძიმკას და გურიკოს მივაკითხე, ვცდილობდით გაგვერკვია სად გაქრა ნიკო, ან მისი ოჯახი. ვერაფერი გავიგეთ.

ჩემს კითხვებზე, პასუხი არ იყო. ერთ დღეს, დაახლოებით ცხრა ათი თვის შემდეგ, ეს წერილი მომივიდა, დღემდე ვფიქრობ, რომ რაღაც გამომრჩა ბოლოს, ჩვენს ურთიერთობაში, ვერაფრით ავხსენი, რამ აიძულა ნიკო, ასეთი წერილი მოეწერა ჩემთვის... ვერ ვიჯერებდი, რომ ეს, იმ ადამიანის დაწერილი იყო, ვისაც ვიცნობდი, ვინც ყველა ის წინა წერილი მომწერა... პასუხი არ მიმიწერია, რა უნდა მეპასუხა. ცნობიერების გაუცნობიერებელი ნაკადი... ნიკო თვითონ მიმტკიცებდა – „სიყვარული ანომალიააო“ – აქ კი ლოგიკა ჩართო, როგორ შეიძლება ლოგიკური იყოს, საკუთარი სიყვარულის მოკვლა, რაც დიდი დრო გადის, მით მეტად ვხვდები, რომ ნიკომ სწორედ ეს გააკეთა... ძალიან დიდ ხანს უზარმაზარი ძალა მატრიალებდა და მაბზრიალებდა.

წერილი კი, ყველანაირ ძალას მაცლიდა, ძალიან ხშირად ვკითხულობდი მის ბოლო სიტყვებს – ვერ ამეხსნა, რატომ მითხრა იმ ადამიანმა „სიყვარული არ შემიძლიაო“, ვინც ჩვენი ერთად ყოფნისას, დედამიწაზე ყველაზე მეტი სიყვარული და ის დაუვიწყარი დღეები მაჩუქა, როგორიც აღარასოდეს მეორდება... იცი ლევან, რამდენჯერ წამოვმხტარვარ ღამე და ნიკოსთან დიალოგი გამიმართავს: „ნიკო, როგორ მითხარი რომ სიყვარული არ შეგეძლო, მეტი რა გგონია სიყვარული, ჩემთვის ეგ სიყვარული საკმარისზე მეტი იყო და მენანები, ყველაფერი მენანება, როგორ მითხარი, უსინდისოდ, რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია?... ნუთუ ყველაფერი დაგავიწყდა?“ ყველაზე მეტად კი ეს სიტყვები მაგიჟებდა – „ ჩვენი დაშორების აუცილებლობას, მე შინაგანად ვგრძნობ“, – „როგორ ნიკო, ამას როდის გრძნობდი?“ რა გითხრა, ლევან, ეს კითხვები იცი, რამდენი ხანი ვერ ამოვიგდე თავიდან, ბოლოს მივხვდი, რომ პასუხებს იქამდე ვერ გავიგებ, სანამ ნიკოს არ შევხვდები, ეს ერთადერთი გამოსავალია, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მოვძებნო ნიკო...
ბოლო წერილი ყოველთვის საფულეში მქონდა, წერილი ლევანს მივეცი წასაკითხად, გაცვეთილი, ჩვიდმეტი წლის წინანდელი წერილი და გავჩუმდი.
_ დიდი უაზრო ნაწერია, ასეთ წერილს მეათე კლასში თუ დავწერდი, თანაც უფრო კარგად დავფიქრდებოდი და ისე ვიტყოდი ჩემს სათქმელს. ნახე რამდენ ერთმანეთის საპირისპირო რამეს ამბობს, სულელი...
_ ეგრე ნუ ამბობ, მიყვარს.
_ მოიცა, შენ გინდა მითხრა, რომ მას შემდეგ არასოდეს არავის შეხვედრიხარ?
_ კი, მაგრამ არასდროს არავინ მყვარებია. ხან ორსაც ვხვდებოდი ერთად, ორივეს ერთნაირად ვუხსნიდი სიყვარულს, არადა თითქოს დავცინოდი ორივეს, და ჩემს თავსაც, არასოდეს არავინ მყვარებია...

ბავშვობის მერე.
_ ბავშვობაში ნიკო ძალიან რომ შეგიყვარდა არ მიკვირს, მაგრამ ამდენ ხანს რას ელოდები, არ მესმის! იქნებ დაიღუპა? ან გადაუყვარდი? ან გაგიჟდა? ან ბერად აღიკვეცა? ან იქნებ მილიარდერია და ამერიკაში ცხოვრობს? ან ადამიანი მოკლა და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი? ეგ არ გეპატიება ნინკა, რამენაირად უნდა გაგერკვია, რა დაემართა, სად გაქრა?  
_ ვეცადე და დღემდე ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ, მე მაინც მგონია, რომ მისგან დიდი მხატვარი დადგა. ძალიან ნიჭიერი იყო ლევან, უნიჭიერესი ადამიანი, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან...
_ ნიჭიერი ადამიანი თუ იყო, არსად დაიკარგებოდა, თავისი ნიჭის გამოყენებას და რუსეთში ადაპტირებას, აუცილებლად მოახერხებდა.

კალეიდოსკოპი

კარგი მხატვარი თუ დადგა, მისი მოძებნა არ გაგიჭირდება. ისე, თანამედროვე მხატვრებში ნამდვილად არ არის, ცნობილი, მე არ გამიგია.
_ ვერ ვპოულობ, ყველა ღონე ვიხმარე, თვითონაც არასოდეს მოვუძებნივარ, არადა, ჩემი მოძებნა სულაც არ იყო რთული, იგივე მისამართი მქონდა... ის უფრო მიკლავს გულს, ადვილად რომ დამივიწყა, შენ წარმოგიდგენია, ნიკოს თუ ასე სწრაფად დავავიწყდი, სხვას ვიღას შევუყვარდები მთელი ცხოვრებით?
_ ეგ არაფერ შუაშია, შენი ნიკო, ვიღაც იდიოტი ყოფილა.
_ არა, ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო, დამიჯერე ლევან, უსუფთავესი და უკარგესი, უბრალოდ, არ ვიცი, იმ დღეს რა დაემართა, რატომ მომწერა ასეთი წერილი,_ `ჩვენი დაშორების აუცილებლობას შინაგანად ვგრძნობო”?
_ არც მე ვიცი, ბავშვი იყო და იმიტომ.

გეუბნები, გამოცდილება აკლდა, ეგონა კიდევ იპოვნიდა ასეთ სიყვარულს, რაც აბსურდია ნინკა, სიყვარული ძალიან იშვიათად მოდის, და როცა შენი მიზეზით კარგავ, უკან აღარასოდეს ბრუნდება, შეცდომა დაუშვა, თვითონ წავიდა პირველი, ამიტომაც მაგ საკითხში აღარ გაუმართლებდა, დამიჯერე, ოქროს კანონები – სულ ზეპირად ვიცი.
_ რატომ მითხრა, რომ `მე სიყვარული საერთოდ არ შემიძლიაო”, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ ვუყვარდი, ლევან!  
_ მოეჩვენა, რა იყო მიზეზი დანამდვილებით ვერ გეტყვი, – ლევანი მიხვდა, რომ ჩემთვის ძალიან სათუთ თემებზე მელაპარაკებოდა, და შეეცადა შეემსუბუქებინა ეს ტკივილი – მე მაინც მგონია, პატარა ბიჭი იყო, ალბათ ვიღაცასთან ურთიერთობა გააბა, ნუ ალბათ სექსი, ხომ იცი არა, როგორც ხდება, ჰოდა, თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, თუ ასეთ რაღაცეებზე წავიდა, შენს გარდა კიდევ გვერდზეც გაიხედა, _ `ესე იგი, არ მყვარებიაო” – ასე დაასკვნა... ეს იყო და ეს, დამიჯერე, ჩემი ინტუიცია ამას მეუბნება, არადა რა სულელი იყო. ეგ არასოდეს ნიშნავს იმას, რომ სიყვარული არ შეგიძლია, უყვარდი, უბრალოდ, რაღაც გარემოებებში მოექცა, სადაც შენ ვეღარ ჩაგსვა, კლასიკური სცენარია, გამოუცდელი კაცისა.  
_ იქ მე მიღალატა?
_ გიღალატა რა, შენ სექსს ან კაცის ნებისმიერ გაფართხალებას ცოდვის მორევში, ღალატად თვლი? – გაიცინა ლევანმა, – სამწუხაროდ, კაცები ასე არ თვლიან ნინკა, თუმცა ისეთი სიყვარულიც არსებობს, როდესაც არ ღალატობენ, ფიზიკურადაც კი, სადაც არ უნდა ჩააგდო, თავის საყვარელ ქალს არ უღალატებს, არის ასეთი შემთხვევებიც. ასეთმა ადამიანებმა, მართლა იციან სიყვარულის ფასი...
_ სხვანაირი ურთიერთობა არც მინდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მორალისტი არასოდეს ვყოფილვარ, უბრალოდ ასე მინდა და მორჩა.


_ მერე ის წერილები წამაკითხე, რომ მიყვებოდი, დამაინტერესა.
_ წაგაკითხებ.
_ რაზე ფიქრობ?
_ იმაზე, რომ უკვე ჩვიდმეტი წელი გავიდა, ალბათ ძალიან შეიცვალა... სულ ვეძებდი ლევან, მინდოდა ჩავხუტებოდი და მერე აღარასოდეს დავშორებოდით ერთმანეთს! რატომ გამიმეტა და დამკარგა, არაფერი გაითვალისწინა, მერე კარგად მოფიქრებული წერილიც მომწერა...  
_ ეგ არ იყო კარგად მოფიქრებული წერილი. უაზრო და ბავშვური, ბავშვის ტვინით ნაფიქრი ქაოსია. საკუთარ თავთან ბრძოლა და ჭიდილი, ის საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ უნდა დაგშორებოდა. საკუთარ თავს აჯერებდა, რომ სიყვარული არ შეეძლო, რადგან გვერდზე, რაღაც ახალი ჰქონდა მომზადებული, რის იმედადაც მიგატოვა, ადამიანები როდესაც მიდიან, ყოველთვის არის ამის მიზეზი, მასაც ექნებოდა მიზეზი, რა იცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში მას მერე?
_ რა მიზეზი უნდა ყოფილიყო?
_ ნებისმიერი.


_ მაინც?
_ არ ვიცი, როგორ გითხრა, მაგრამ ასე მგონია, რომ მიზეზი იყო, რომელსაც ვერ მოერია, ან რადიკალურად შეიცვალა, ადამიანები ხშირად იცვლებიან, შეიძლება, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდე, რომელმაც სრულიად გადაგასხვაფეროს. ეს მიზეზი რომ გცოდნოდა, ამდენ ხანს არ დაიტანჯებოდი.
_ საიდან იცი?
_ ვიცი, ასეა, ალბათ დრო მოვა და გაიგებ, ახლა კი წავედით აქედან, სანამ მგელი გამოგვეცხადა ან თუნდაც მელი, – ლევანმა გამიღიმა და მანქანის კარი გამიღო.  
 სახლში მარტო რომ დავრჩი, სიცარიელის შეგრძნება დამეუფლა, აივნის კარი გავაღე და ბალთაზარი შემოვიყვანე, ისიც არასოდეს ამბობდა უარს, ჩემს სიახლოვეს ყოფნაზე. გვერდში მომიწვა და თათი მუცელზე შემომადო. თითქოს გული მწყდებოდა, ლევანს რომ გავუზიარე ჩემი წარსული, თან იმ ახალ ვერსიებზე ვფიქრობდი, რომლებიც ლევანმა შემომთავაზა, ამდენი ხანი სიტყვაც კი არავის ურჩევია, არავის გამოუხატავს თავისი აზრი, ლევანმა შეძლო და ამალაპარაკა. ნიკოს ვიღაცამ ტვინი აურია, და ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ ვუყვარდი? რა სულელური მიზეზია, ამ გადმოსახედიდან.

რატომ გამიმეტა ასე ადვილად, რამ აიძულა...  
 ახლა ამ ყველაფერზე ფიქრს, ალბათ აზრიც არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე, კალეიდოსკოპს მივუჯექი და ვეცადე სხვა რამეებზე მეფიქრა. მერე რატომღაც ტელეფონი ავიღე და ლევანთან დავრეკე, მომეჩვენა, რომ ჩემი ხმის გაგონება ეუცნაურა:
_ გისმენ, ნინ!
_ ლევან, იმის მერე, რაც ყველაფერი მოგიყევი, თავს უცნაურად ვგრძნობ, ალბათ ჩემზე შთაბეჭდილება შეგეცვალა.
_ პირიქით გამეხარდა, ასეთი კარგი გოგო რომ ხარ, შთაბეჭდილება რატომ უნდა შემცვლოდა?
_ კარგი ადამიანი ხარ, მიხარია რომ დავმეგობრდით, გამაცოცხლე...
_ მართლა?
_ მართლა, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე, იმ დღეს სალომე მელაპარაკა, მერე მოგიყვები რომ გნახავ...
_ კარგი, ხვალ საღამოს მოვალ, წამაკითხე ერთი, შენი დონ ჟუანის წერილები, და მომიყევი რაო, სალომ.
_ კარგი, ცხრისკენ, ათისკენ მოდი, როგორც მოგიხერხდება.
_ ღამე მშვიდობისა, ნინ.
_ ტკბილ ძილს, ლევან...
ცოტა ხანში ჩემმა ტელეფონმა დარეკა:
_ ნინკა, არ გაგიკვირდეს რა, იმდენი რომ ვილაპარაკე დღეს, ეგეთი არა ვარ, ძირითადად ჩუმად ვარ ხოლმე, შენთან კი ენას არ ვაჩერებ, მინდა ის ფასეულობები გაგიზიარო, რაც მაქვს და ვთვლი, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ამიტომაც უადგილოდ და უაზროდ ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ, არაფერს გიმტკიცებ, უბრალოდ, ყოველთვის მაკლდა ადამიანი, ვისაც მსგავს რამეებს ვეტყოდი და ისიც მომისმენდა. შენ იცი როგორ მისმენ? თვალებში მიყურებ და მთელი გულით მისმენ, საოცრებაა, არა?
_ მართლა? არ დავკვირვებივარ, ისე კი ყველაფერი რასაც მეუბნები, მამახსოვრდება, მერე ჩემთვის მარტო რომ ვარ, ვაანალიზებ, დღეს სწორედ ერთ-ერთ პლაკატზე მივაწერე შენი ნათვამი.
_ რომელი?
_ `ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო რაღაცეები, სულ შემთხვევით ხდება”...
_ ეგ, ჩემი ნათქვამი არ არის.

მიხარია, თვალებში რომ მიყურებ ხოლმე, როდესაც გელაპარაკები... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

კალეიდოსკოპი


_ ლევან, კიდევ კარგი, მაშინ თემოს გამოვესარჩლე და სახლში შემოგიშვი...
_ კი არ შემომიშვი, შემოგივარდი, აღარც გახსოვს!
_ რა მნიშვნელობა აქვს, იმის თქმა მინდოდა, რომ კიდევ კარგი, ხელი არ გკარი , ახლა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ხარ.
_ შენ კართან მდგომ მათხოვარს გაუღე კარი, მაგრამ არა გულის კარი, – მეხუმრა ლევანი – გული, მთლიანად `ლიოტჩიკისაა”. კარგი, წავედი, გკოცნი.
_ გკოცნი, ტკბილ ძილს...  
 ლევანი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, თითქოს იქამდე, სანამ გავიცნობდი, არც კი არსებობდა საერთოდ, და მე აღმოვაჩინე. პირველად რომ დავინახე, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ პროფესორობას აპირებდა. არც ის მიფიქრია, ამდენი რამე თუ იცოდა ცხოვრებაზე, სიყვარულზე.

ზედაპირული ადამიანი მეგონა, არადა ყოველდღიურობა გამილამაზა, რა კარგი მეგობარი შემოვიჩვიე, და რა კარგი ცხოველი მაჩუქა – ბალთაზარს გავხედე, თათებში რაღაც მოექცია და იატაკს უბრაგუნებდა. მოგვიანებით, ლევანს, დაბადების დღისთვის, ჩარჩო ვუყიდე. მას მერე, რაც სალომ ლევანის დაბადების დღეზე მითხრა, სულ ვფიქრობდი რა მეჩუქებინა. გუშინწინ კი, მშრალ ხიდზე დავბოდიალობდი, ბევრი ვიწვალე, არ ვიცოდი რა ამერჩია. ჩემი ერთი ნაცნობი გამყიდველი, მოხუცი რუსის ქალი, ულამაზეს ძველებურ ჩარჩოს ყიდიდა. შემეხვეწა იყიდეო, ბოლოს დამითანხმა, საჩუქარიც ასე ავარჩიე.  
 მეორე დღეს, საღამო, ლევანი, თავისი კომპიუტერით გამომეცხადა, მე ჩემს საყვარელ სატელევიზიო `შოუს” ვუყურებდი, ისიც ჩაერთო. რომ დამთავრდა, აივანზე გავედით, აგვისტოს ცხელი საღამო იყო, ალუბლით სავსე თასი დავაცარიელეთ, თეთრ ქაღალდში შეფუთული საჩუქარი გამოვუტანე და წინ დავუდე.


_ ეს რა არის, ნინკა?
_ სალომ გამიმხილა, შენი დაბადების დღე რომ ყოფილა...  
_ მოვკლავ სალოს, რატომ გითხრა?
_ კარგია, რომ მითხრა, ნახე რა ლამაზი ჩარჩო გაჩუქე?
ლევანმა საჩუქარი გახსნა.
_ ჰო, ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს... ამ ბოლო დროს,სახლში ვიკეტები მარტო და ტელეფონსაც ვრთავ...
_ გაისად, ასე აღარ იქნება, აი ნახავ!
_ რატომ, რას მიპირებ?
_ გაისად ლამაზი და მხიარული დაბადების დღე გექნება.
_ საიდან იცი?
_ ვიცი, ხანდახან წინასწარ შემიძლია დავინახო რაღაც-რაღაცეები. აი ახლაც, შენს სახლს ვხედავ, რომელიც თვალითაც კი არ მინახავს, _ ვხედავ ბევრ თეთრ ყვავილს, მხიარულ სტუმრებს, უზარმაზარ ტორტს, რომელსაც ორმოცი სანთელი ამშვენებს, და რაც მთავარია, შენს გაბრწყინებულ სახეს ვხედავ, მუსიკაც კი მესმის... დამიჯერე... წინასწარმეტყველების ნიჭი მაქვს, – გამეცინა მე.
_ ძვირფასო ვანგა, თუ შეიძლება მითხარით...

– მეხუმრა ლევანი, – კარგი, დავივიწყოთ ჩემი დაბადების დღე, რაო სალომ? – სალოს ამბები დაწვრილებით მოვუყევი.  
_ ნუ უსმენ, სულელი გოგოა, პატარა შტერუკანა.
_ ჰო, მაგრამ ბავშვი ისეთი შეწუხებულია.
_ ვიცი, მართლა ვეცოდები, დიდი გოგოა უკვე, მაგრამ მათ თავიანთი გზა აქვთ. იმის მომხრე ვარ, სწავლის მერე, ბავშვებმა თავისი ცხოვრება თავად გაიკვლიონ, სწავლაში კი რა თქმა უნდა, მე დავეხმარები.
_ ის კაცი, კარგი მამობილია?
_ კი, ნორმალური, მამობილი რა სიტყვაა, დედის ქმარია. მამა მე ვარ, არ სჭირდებათ მამობილი.
_ შენ კარგი მამა ხარ!
_ სად არის წერილები?
_ ახლავე მოგიტან.

– წერილები მოვუტანე და წინ დავუდე.
 კარგა ხანს კითხულობდა, სახე არ შეცვლია, რომ დაამთავრა იმ წერილის მოტანა მთხოვა, ტყეში რომ ნახა, ვფიქრობ, ნიკოს ბოლო წერილი რამდენჯერმე მაინც წაიკითხა.
_ რა უცნაურია... ალბათ მართლა ძალიან შეყვარებული უნდა იყო, ასეთი სიტყვები რომ მოგივიდეს საიდანღაც. ძალიან ტკბილია, გადაშაქრული და გადათაფლული, მაგრამ ძალიან გულწრფელი და ალალი. ამ წერილების მჯერა, ახლა უკვე მეც დავიბენი, გეფიცები პირველად წავიკითხე ასეთი ნაწერები, თანაც ბიჭის? ეტყობა მართლა ძალიან რომანტიული და ემოციური იყო – სიცოცხლეში ვერასოდეს დავწერ მსგავს რამეს. იცი, შესაძლოა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მობრუნებაც უნდოდა, მაგრამ ალბათ უკვე გვიან იყო.

 
_ კიდევ მინდა, მისი ნახატები ვნახო, კიდევ მინდა ვუყვარდე, მერე რა რომ ჩვიდმეტი წელი გავიდა, თუ ნამდვილი სიყვარული იყო, მაინც დაიწყება თავიდან, ჰო?
_ კი, შეიძლება, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვიდმეტი წელი ბევრია ნინ, შენი ნახევარი ცხოვრებაა.
_ აქედან, ერთი წელი საერთოდ არ მიცხოვრია. ნარკომანის ცხოვრება ხომ ცხოვრებად არ ითვლება.
_ გიყურებ და არ მჯერა, რომ ოდესმე ნარკომანი იყავი.
_ ეგ წელი ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე დამამცირებელი, ყველაზე ჯოჯოხეთური იყო… მოკლედ... აღარ გვინდა ეგ თემა...  
_ ნამდვილად არ გვინდა… რას ფიქრობ, იქნებ, ეგ კაცი თავიდან ამოიგდო?
_ არა, უნდა ვიპოვნო.
_ როგორ?
_ არ ვიცი, დარწმუნებული ვარ ერთ დღესაც, ცხოვრება შემახვედრებს.


_ როგორ თუ შეგახვედრებს, ასე არ შეიძლება, – შენ აქ ხარ, ის, კაცმა არ იცის სად არის. როგორ შეგიძლია ამდენი ითმინო? იცი, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მართლა კარგი გოგო ხარ, შეგიძლია ადამიანს ულევი სიხარული მიანიჭო, მაგრამ თავს იკავებ, შებოჭილი ხარ. არ გეწყინოს, ძალიან გთხოვ, სწორად გამიგე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ილუზიებში ცხოვრობ. თუკი ნარკომანია სენი გგონია, ის არ არის სენი, რომ ვიღაცას, ჩვიდმეტი წელიწადია ელოდები? იგივე ნარკომანიაა... ნინ, მაშინ როდესაც ნიკო დაგშორდა, ეტყობა ძალიან დიდი სტრესი განიცადე. შენს თავში ჩაიკეტე... რა გითხრა? არ შეიძლება მთელი ცხოვრება ვიღაცას ელოდო.

ეს არაკანონზომიერია, ღმერთმა ამდენი კარგი რამ ჩადო შენში ერთად, შენ კი, შენი ცხოვრება დაფანტე და მტრედებს გადაუყარე საკენკად.
_ ჰო, სუსტი ვარ, შეიძლება უჭკუოდაც ვიცხოვრე, მაგრამ სულ ვოცნებობ და ამ ოცნებით ვცხოვრობ, ვიცი, ერთ დღესაც აუცილებლად ამისრულდება...
_ რამე უნდა მოვიფიქროთ, მე ასე არ მოვიქცეოდი, ამიტომაც არც შენ მოგცემ იმის უფლებას კიდევ დიდხანს იტანჯო, აუცილებლად რაღაც გამოსწორდება, ძალიან მალე, აგერ ნახავ...  
 წერილები შევიტანე და დიდ ხის ყუთში ჩავალაგე. ლევანი აივანზე იჯდა, მთელი საღამო ბავშვობის ამბებს ვიხსენებდით და ერთმანეთს დავცინოდით.
 _ ნინკა, ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ წარბშეუხრელი მენეჯერი ხარ, თუ რაც ხარ არ მახსოვს, ხელოვნებასთან მაინც ძალიან ახლო კავშირი გქონია?
_ რატომ დაასკვენი?
_ იმიტომ, რომ პატარაობიდან გქონდა ნიჭი რაღაცეები შეგეთხზა. არ გეჩვენება, რომ ნიკო და ჯუღუ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს?
_ კი, ჰგვანან, მეც მიფიქრია, განსაკუთრებით იმით, რომ ერთიც და მეორეც წვიმის წვეთივით აორთქლდა.


_ ბალთაზარი გიყვარს?  
_ როგორ არ მიყვარს, უკვე, ისე მიყვარს, როგორც ჩემი საკუთარი.

კალეიდოსკოპი

ბალთაზარს ვერსად გაგატან.
_ იცი, რატომ შეგიყვარდა ჩემი ძაღლი? იმიტომ რომ ჩემი იყო. ისე არ გირჩევნია, ცოტა ხანს მეც გადმოვბარგდე შენთან და იქვე ბალთაზართან ერთად დავწვე აივანზე.
_ რა სასაცილოა...
_ ეეჰ, კარგი ჰო, გეხუმრები, იქნებ ხუმრობაც ამიკრძალო?
_ არა, რას ამბობ, პირიქით, შენ როცა ჩემთან ხარ, სულ ვერთობი. ერთი რაღაც მინდა გკითხო, ლევან.
_ მიდი, მკითხე.
_ იმის თუ გჯერა, რომ ადამიანებს მეორე ნახევრები გვყავს?
_ რა ვიცი, ისე რა.
_ მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ნიკო, ჩემი მეორე ნახევარი იყო.

იმიტომ, რომ ბედმა ბავშვობაში შეგვახვედრა ერთმანეთს.
_ რა გგონია ადამიანმა, მეორე ნახევარი ორმოცი წლის ასაკში არ შიძლება იპოვნოს?
_ შეიძლება...
_ შეიძლება და მეტიც. სამწუხაროდ, ის რაც და ვინც ოცდაორი წლის ასაკში გიტაცებს, ათი თხუთმეტი წლის შემდეგ, სხვანაირად გეჩვენება.  
_ ყველაფერი,_ ნამდვილი სიყვარულის გარდა.
_ “ნამდვილი” სიყვარული, კი ყველაზე უფრო სწრაფად და გამოუსწორებლად კვდება, – თუ არ განვითარდა და უფრო მაღალ საფეხურებზე არ გადავიდა. სწორედ ეგ იყო ჩემი პრობლემა. ადამიანებს ყველაზე მეტად მაშინ უყვართ ერთმანეთი, როდესაც ერთად ვითარდებიან.
_ მეც ეგრე მგონია, მე და ნიკოც ეგეთი წყვილი ვიყავით, ერთად ვვითარდებოდით.


_ შენი გონება ბებიაჩემის ძველი სკივრივით, მხოლოდ ძველმანებით არის სავსე. დამიჯერე, ნიკოს თუ იგივე დახვდი, რაც ბავშვობაში იყავი, შეიძლება ვეღარც დაიბრუნო, არც დააინტერესო.
_ შენ ბევრი რამ არ იცი, ლევან.
_ დამიჯერე ნინკა, ტატას ძალიან ვუყვარდი. დროთა განმავლობაში ის დაიხვეწა და არაჩვეულებრივი ქალი დადგა. მე რომ ისეთივე შარლატანი დავრჩენილიყავი, როგორიც მაშინ ვიყავი, როცა გამიცნო, გგონია ვეყვარებოდი?
_ თუ ნამდვილად უყვარდი, კი. სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა დედამიწაზე. დაგავიწყდა, ქალის გამო ტროა დაინგრა...


_ რა შეუვალი ხარ... ტროა დაინგრა, ჰო, მაგრამ სხვა დრო იყო, დროსთან ერთად ფასეულობებიც იცვლება. მართალია, სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა, რასაც არაფერი ცვლის, მაგრამ დაუფიქრდი... მაშინ ადამიანები სხვა განზომილებაში იმყოფებოდნენ... დღეს ქალის გამო, ერთ კორპუსსაც ვერ დაანგრევ, დიდი დიდი საკუთარი სახლი დაანგრიო და ისიც რატომ? ისევ შენ იზარალებ... როგორ გინდა დღეს, როცა თვითმფრინავით ერთი კონტინენტიდან მეორეზე სამ საათში გადაფრინდები, როცა კომპიუტერის, მობილური ტელეფონის და აიპოდის გარეშე ერთი საათიც კი ვერ ძლებ, როდესაც ამდენი საშუალებებია, ერთ ადამიანს ელოდო მთელი ჩვიდმეტი წელი? გგონია მე სიყვარული არ შემიძლია? ალბათ ყველაზე ძალიან დღეს მინდა – სიყვარული მქონდეს, – მაგრამ არა უტოპიურად, არა ისე, როგორც შენ ხარ, –ადამიანის ლანდში შეყვარებული, რომელმაც მიგატოვა და შესაძლოა, საერთოდ აღარც ახსოვხარ... ეგ რა სიყვარულია? სიყვარული მაშინაა, როდესაც შენს საყვარელ ადამიანს უყურებ და გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ.

როდესაც ის დღითი დღე შენს ცხოვრებას ალამაზებს, სულ გვერდით გყავს.  
_ ვიცი, ვიცი, ვიციიიიიიი! რამდენჯერ უნდა გაიმეორო?
_ იქამდე, სანამ არ მიხვდები, რომ უნდა შეიცვალო.
_ ლევან, შეიძლება არასოდეს არ შევიცვალო, შენ გინდა მე ისეთი დამინახო, როგორიც გინდა, რომ ვიყო... მაგრამ შეიძლება ეს ვერასოდეს შეგისრულო...
_ ცხოვრება გვანახებს, წავედი ნინკა, და აბა შენ იცი, არ მოიწყინო – იმდენი სულიერი საგნები გაკრავს ირგვლივ – ბზის ბუჩქი, ნახატები, ჩარჩოები, კალეიდოსკოპი – მოკლედ, ყველაფერი და ყველა გყავს სრული ბედნიერებისთვის. ძილი ნებისა ჩემო კარგო, დაგირეკავ...
 ლევანი წავიდა... რამდენიმე დღე აღარ მინახავს.

ერთხელ დამირეკა და მთხოვა ნიკოს გვარი მეთქვა. სამ-ოთხ დღეში უკან დაბრუნდა, სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, რას მალავდა ვერ გავიგე, ბოლოს როგორც იქნა აღმოხდა:
_ გიპოვნე, ეგ შენი ნიკო.
_ რაა?
_ რაც გაიგე! საოცრება მოხდა, ვიპოვნეთ!
_ როგორ? სად? –კანკალმა ამიტანა და ლევანის სიგარეტს მოვუკიდე.
_ როგორ და ჩემს მეგობრებს ვთხოვე მოსკოვში. ჯერ ლენინგრადში ეძებეს, აკადემიიდან მოყოლებული, ყველაფერი გადაძებნა ერთმა ჩემმა მეგობარმა გოგომ. ბოლოს გაირკვა, რომ მოსკოვში ცხოვრობს, აი, ტელეფონის ნომერიც აქ წერია, შეგიძლია ახლავე დაურეკო...
_ არ მჯერა! მეხუმრები?
_ როგორ თუ გეხუმრები, ოთხი ხუთი დღეა ტელეფონის ხაზზე ვარ გაბმული.


_ მართლა?
_ ჰო, რა იყო? დღესდღეობით თუ მოგინდება, ნებისმიერ ცოცხალ ადამიანს იპოვნი. ერთს გეტყვი, სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თან, ნიკოლაი ჰქვია, არ ვიცი, ახლა უკვე ასე ჰქვია...
_ ცოლი ჰყავს?
_ კი, მაგრამ მეტი არაფერი ვიცით, შესაძლოა დღეს აღარც ჰყავს... ეს მობილურის ნომერია, მაგრამ თუკი ვინმე სხვამ აიღო ყურმილი, არ გაგიკვირდეს, კარგი?  
_ კარგი, არ გამიკვირდება... და რა უნდა ვუთხრა?
_ რაც გინდოდა, ყველაფერი უთხარი, არ გაგეხარდა?
_ კი, გამეხარდა, როგორ არა, ძალიან მიხარია...
_ ვფიქრობ, უნდა ნახო, ტელეფონზე ლაპარაკი კარგს არაფერს მოგიტანს. მოსკოვში ჩადი და ნახე.
_ მოსკოვში ნამყოფიც არა ვარ, იქნებ ვუთხრა აქ ჩამოვიდეს, მაგრამ ალბათ ვერ ჩამოვა, კარგი წავალ...
_ ჩადი, არ დაიკარგები, იქედან დაურეკე.
_ არა, თბილისიდან დავრეკავ...

არ ვიცი, როგორ უნდა ჩავიდე?
_ მოკლედ, ვიზა თუ დაგჭირდა, მე დაგეხმარები, შენ კიდევ გეყოს გამბედაობა ბოლოსდაბოლოს ხომ იპოვნე შენი დაკარგული სიყვარული.
_ საიდან ამდენი სარკაზმი, ლევან?
_ არის ჩემს სიტყვებში ირონიის გარკვეული წილი, მაგრამ იმას წყალი არ გაუვა, რომ უნდა ჩახვიდე და ნახო.
_ კარგი, დაგიჯერებ...
_ წავედი ნინკა, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, იცოდე არ მოგერიდოს.
_ ლევან, არ ვიცი რა გითხრა, მადლობა? თუ რა გითხრა, არ ვიცი?  
_ ნურაფერს ნუ მეტყვი ჯერ, რა იცი, რას იტყვის ის ნაგიჟარი მხატვარი თუ საჰაერო ძალების ოფიცერი, – გაეცინა ლევანს.
_ კარგი, დაგირეკავ, აუცილებლად.  
 ლევანი წავიდა და მარტო დავრჩი. მან ორ, თუ სამ დღეში იპოვნა ნიკო, გაოგნებული ვიყავი, უმოქმედო, არ ვიცოდი, რითი ამეხსნა საკუთარი პასიურობა? მე თვითონ რატომ ვერ ვიპოვნე?! ამ კითხვას პასუხი უცბად გავეცი, _ ერთადერთი, რაც ნიკოსთან დღემდე მაკავშირებდა, ჩვენი საიდუმლო იყო, საიდუმლო რომლის გახსნისაც არანორმალურად მეშინოდა, მეშინოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მის გამჟღავნებას შეიძლება ნაკუწებად ექცია ჩემი სიყვარულის ბოლო იმედი.ჩვიდმეტი წელი, გამიზნულად არასწორად ვეძებდი და ვცდილობდი არ მეპოვნა... საკუთარ თავს ვეთამაშებოდი `დახუჭობანას” იქამდე, სანამ ლევანი არ შემოიჭრა, და `არც-თუ ისე დიდი მონდომების” შედეგად, იპოვნა ჩემი დაკარგული სიყვარული.

კალეიდოსკოპი

ექოსავით ჩამესმოდა დედაჩემის, ლევანის, მერის, ჩემი მეგობრების სიტყვები: _ `ჩემი პატარა ილუზიონისტი გოგო... არ შეიძლება ასე, იქნებ ბერად აღიკვეცა... ისევ იმ შენს პილოტს ეძებ, პატარა იხვის ჭუკო, რას ათვალიერებ ასე გამწარებული მაგ ინტერნეტში? ნიკო, ნიკო, ნიკო – ბავშვობიდან ფანტაზიები – ჯუღუ – ნიკო... ასე არ შეიძლება, დიდი ხარ უკვე, გამოფხიზლდი...”
 მე კი მიზანმიმართულად არ გამოვფხიზლდი, და ისევ ჩემს სამყაროში ვაგრძელებდი ცხოვრებას, იმის შიშით, რომ `ჩვენი” საიდუმლო ერთ დღესაც გაიხსნებოდა, და დავრჩებოდი მხოლოდ ჩემი სახლის, სამსახურის და ახლა უკვე ბალთაზარის ამარა... ადამიანებს გვიყვარს საიდუმლოები, არც მე ვარ გამონაკლისი. უცებ საკუთარი შემოჩვეული შიშის შემეშინდა, რომელიც ყოველ წუთში უფრო და უფრო იზრდებოდა და უფრო და უფრო მგავდა. სულ ცოტა ხნის წინ ლევანსაც კი ვეკამათე, გარეთ ვისხედით კაფეში, წვიმდა, და ქოლგის ქვეშ ვკამათობდით.


_ ამდენ ხანს ერთი ადამიანის სიყვარული აბსურდია, – თითქმის ყვიროდა ლევანი, თან ცდილობდა წვიმის ხმა გადაეფარა, თან მგონი მართლაც მიყვიროდა, – ეგ მხოლოდ შეშლილმა შეიძლება გააკეთოს, შენ კი სრულიად ჩამოყალიბებული და ზრდასრული პიროვნება ხარ... არაჩვეულებრივი და ულამაზესი ქალი ხარ... როგორ გაუკეთე ასეთი უპატიებელი რამ შენს ცხოვრებას?
_ ლევან, რაც ყველაფერი მომაყოლე, მას შემდეგ სულ ჩემს გაკიცხვას ცდილობ, ჩემს გრძნობებს კი არაფრად თვლი, ყოველ ნახვაზე, იმას მიმტკიცებ, რაც შენზე უკეთ ვიცი, მაგრამ ვერ ვცვლი, ვერა... შენ არასოდეს არავინ გყვარებია, ამიტომაც არა გაქვს უფლება, ადამიანის გრძნობები გააკრიტიკო...
_ მენანები და იმიტომ. როგორც კი მაგ ადამიანისგან გათავისუფლდები, ახალი ეტაპი დაიწყება, ულამაზესი ცხოვრება გექნება...
_ როდის? – ვუყვიროდი მეც, მე მართლა წვიმის შხაპუნის გადაფარვას ვცდილობდი, – ამდენ ხანს თუ არ დაიწყო, ახლა რაღა დროსია?  
_ არ დაიწყო, იმიტომ რომ შენს გულში ნემსის წვერის ხელა ადგილიც კი არ არის.
_ არაფერიც არ დაიწყება ლევან, იქამდე, სანამ არ ვიპოვნი.
_ ჰოო, მე უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი...
_ რაში?
_ რა თქვი? – შემომიტრიალა კითხვა ლევანმა.
_ ეჭვი მეპარებაო შენ თქვი...
_ ეჭვი?
_ ჰოო, ეჭვი.
_ იმაში, რომ შენ სულ სხვა რაღაცას ეძებ, და ვერ ხვდები.
_ რას? რა უაზრობებს ლაპარაკობ.
_ მოვა დრო და მიხვდები ნინკა...


_ არ ვიცი, რას როდის მივხვდები, თითქმის ოცდაათი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი _ ბავშვობაში თევზები მამამ კი არ წაიყვანა, არამედ ჩემი გაუფრთხილებლობის გამო დავხოცე... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დამავიწყდა იმ დღეს თევზებისთვის მეჭმია და დაიხოცნენ, გესმის?!
_ არაფერი მესმის, რა თევზები?
_ ბავშვობაში მამამ თევზები მომიყვანა, მითხრა შეეჩვევი და შეგიყვარდებაო, მართლა მიყვარდნენ, ვუვლიდი და შენი თქმის არ იყოს, ცხოვრებაც მათით მიხაროდა. ერთ დილას, ბებომ მითხრა, მამამ თევზები წაიყვანაო, მაგრამ რატომ წაიყვანა არასოდეს მიკითხავს, თუ დამიჯერებ ჩემთვის ისეთი მტკივნეული თემა იყო, არასოდეს განმიხილავს ის მამაჩემთან. მახსოვს,იმ დილას პატარა გული როგორ ჩამწყდა და ტკივილიც მახსოვს, პატარა ბავშვის გულის ტკივილი, ახლა ვხვდები, რომ თევზები ჩემი მიზეზით დაიხოცნენ. ბებომ კი გული არ მატკინა და თავადვე გადააგდო ჩემი აკვარიუმი...
_ მერე?
_ არაფერი, ბავშვობიდან რასაც ვეჩვეოდი და მიყვარდა, ყველაფერი სადღაც ქრებოდა _ ეს ერთი შეხედვით, სინამდვილეში კი ყველაფერს თავადვე ვანადგურებდი.
_ ნიკოს ამ ყველაფერთან რა კავშირი აქვს? ნიკოს ხომ მოუფრთხილდი და გიყვარდა? ნიკოს გაქრობას თევზებს რატომ უკავშირებ?
_ არ მოვუფრთხილდი, ჩემი ბრალი იყო, ალბათ... ნიკოსთან ურთიერთობაში ბოლოს რაღაც გამომრჩა, ვიცი რაც.

მე თვითონ ავრიე ეგ ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა ამის აღიარება, ჩემს თავთანაც არ მინდა, გესმის?
_ რა არიე?
_ კარგად არ მოვიქეცი ლევან, ისევე როგორც თევზებს, ნიკოსაც არ მოვექეცი კარგად... ამიტომაც დავისაჯე... მაშინ მეგონა, მეპატიებოდა, ნიკო ვერაფერს გაიგებდა და ყველაფერი ასე ჩაივლიდა. ნიკომ ნამდვილად არაფერი იცის, მაგრამ ცხოვრებამ არ მაპატია... ამიტომაც ვერ გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან, რადგან ჩვენი განშორების ამბავს მთლიანად ჩემს თავს ვაბრალებ. ზემოთ ცაში გავწყვიტე რაღაც, ჩემს ნამდვილ სიყვარულს არ მოვუფრთხილდი...
_ უღალატე?
_ მნიშვნელობა არა აქვს რა გავაკეთე, მთავარი ის არის, ვიცი რომ ჩემი ბრალია, _ ამიტომაც აირია, სწორედ იმ პერიოდში აირია, და თვითონ მომწერა, „სიყვარული არ შემძლებიაო“...

გესმის? ყველაფერი მიზეზ_შედეგობრივია ამ ცხოვრებაში, ჩვენს განშორებასაც მიზეზი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე არ ვაღიარებდი, ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი...  
 ამას ყველაფერს ისეთი სასოწარკვეთილი ვლაპარაკობდი, მახსოვს ლევანი მიყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა, ხვდებოდა ალბათ, რომ ჩემთვის იმ წუთას რამის თქმას, არავითარი აზრი არ ექნებოდა, ამიტომაც ჩუმად იყო... რატომღაც, ეს წვიმიანი საღამო გამახსენდა ახლა. გადაჭარბებული ემოციებისგან და მოულოდნელობისგან ძალიან დაბნეული ვიყავი, არ მჯეროდა, რომ ნიკოსთან დაკავშირებას შევძლებდი. მთელი საღამო ვუმტკიცებდი ბალთაზარს, რომ აი ახლა დავრეკავდი და ყველაფერს ვეტყოდი, ამ ლაპარაკში დრო გავიდა, გვიანი ღამე იყო უკვე, ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი ყურმილი ამეღო და დამერეკა. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და დავრეკავდი. მოფიქრებულიც მქონდა რას ვეტყოდი, მთავარი ის იყო, რომ არ უნდა ავღელვებულიყავი, და ყველაფერი წყნარად და მშვიდად მეთქვა.

გეგმებს ვაწყობდი და ვანგრევდი, თან იმასაც ვფიქრობდი, რაიმე შეცდომა არ ყოფილიყო, იქნებ ლევანს შეეშალა, იქნებ სხვისი ნომერი მეწერა ერთი ციდა ქაღალდზე. ამიტომაც როგორც კი გათენდა, ტელეფონს ვეცი, ბალთაზარს ვთხოვე იქვე ჩემთან ყოფილიყო, ტელეფონი ავიღე და ლევანის აღმოჩენილ ნომერზე დავრეკე.  
_ ალო, – ეს ხმა უკვე ჩვიდმეტი წელია _ არ გამიგონია...
_ ნიკო, – ვთქვი და გავჩუმდი.
_ ალო, – ისევ გაიმეორა ხმამ.
_ ალო, მე ვარ, თენდეისი...
_ თენდეის... შენ ხარ?
_ ჰო, მე ვარ... როგორა ხარ?
_ კარგად... კარგად ვარ, შენ როგორა ხარ, ამ ნომერზე როგორ მომაგენი?
_ რა ვიცი, მოგაგენი, რაღაცნაირად, არც მე ვიცი.
_ გამიკვირდა, უცებ შენი ხმა რომ გავიგე...


_ იცი, იქით კვირაში მოსკოვში ვიქნები და მინდა გნახო!
_ ჩემი ნახვა გინდა?
_ ჰო, რატომ გიკვირს, შენ არ გინდა ჩემი ნახვა?
_ არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია.
_ მე მინდა შენი ნახვა, მინდა გნახო და დაგელაპარაკო, ტელეფონში აზრი არ აქვს...

კალეიდოსკოპი


_ კარგი, კი, კი გნახავ...
_ იქით კვირაში ჩამოვალ და დაგირეკავ.
_ კარგი, დარეკე...
_ აბა, შეხვედრამდე.
_ შეხვედრამდე, კარგად იყავი.
 ყურმილი დაკიდა. ჩემი სახე უცებ სარკეში დავინახე, ნერვიულობისგან სულ გაფითრებული ვიყავი. არ მჯეროდა, რომ ნიკოს ველაპარაკე. შეცვლილი ხმა ჰქონდა, გაზრდილი და ოდნავ გაოგნებული.

გასაკვირი არც იყო, ორი ადამიანი, ასეთ შორ დისტანციაზე, უერთმანეთოდ, უსაზღვროდ დიდი დროით დაშორებული შესაძლოა ორ `სრულიად განსხვავებულ ადამიანად”გადაიქცნენ...
 მთელი დღე გათიშული ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა და სად მივდიოდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ ნიკო უნდა მენახა, და ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ცხოვრება ამად ღირდა. ბოლოსდაბოლოს მოვიდა ის დრო, როდესაც ნიკო ვიპოვნე... საღამოს ლევანს დავურეკე, თხუთმეტ წუთში მოვიდა.
_ რა ხდება, დარეკე?
_ კი, ლევან, ნიკოა, ნამდვილად ის არის.
_ ვიცი, რომ ის არის, აბა სხვა ვინ უნდა ყოფილიყო.
_ ვნერვიულობდი მაინც.
_ რაო?
_ ჩემი ხმა რომ გაიგო ძალიან დაიბნა, მერე ჩვეულებრივად, რა ვიცი, ცოტა არ იყოს ცივად მელაპარაკა, ალბათ მარტო არ იყო, ან რაღაც შეუსაბამო დროს დავრეკე, არ ვიცი, მაგრამ ეგ არ მადარდებს, მთავარია იმის თქმა შევძელი, რომ იქით კვირაში მისი ნახვა მინდოდა, ასე რომ, მოსკოვში მივდივარ, ლევან...

და სულ შენი დამსახურებით...
_ კარგია, მიხარია, მოკლედ გზაზე დაგაყენე, ახლა კი უნდა წავიდე.
_ სად მიდიხარ?
_ საქმეები მაქვს ნინკა, შენ რა გეგმები გაქვს ხვალ? ვიზას გააკეთებ?
_ ხვალ უამრავი საქმე მაქვს, პასპორტს შევიტან, შემპირდნენ ვიზას ორ დღეში მოგცემთო, ვნახოთ.
_ ჰოდა ძალიან კარგი, აბა ბალთუშ წავედი, ნინკა გკოცნი, შემოგივლი წასვლამდე, ბალთაზარს წავიყვან, შენ დაბრუნებამდე ჩემთან იქნება.
_ ჰო, რა თქმა უნდა, მოდი, მეც დაგირეკავ. ლევან, კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრა, – რომ ვკითხე `შენ არ გინდა ჩემი ნახვა”-თქო, მიპასუხა `არ მიფიქრია მაგაზეო”. თითქოს სადღაც გული ჩამწყდა, ასე რომ მითხრა, `არ მიფიქრიაო”.
_ არ არის გასაკვირი, რომ არ უფიქრია, აბა ამდენი ხანი გავიდა, ის უფრო არაბუნებრივი იქნებოდა, რომ ეთქვა, ამაზე ვფიქრობ დღე და ღამეო, არა?
_ იცი? მას მერე, რაც ბოლო წერილი მომივიდა, სანამ დედასთან ვცხოვრობდი, ღამე თუ ტელეფონი დარეკავდა, როგორც შეშლილი წამოვფრინდებოდი, ხან ვინ შემრჩებოდა, ხან ვინ. ხომ გახსოვს წერილებში მწერს, `ღამე თუ ზარი გაიგონე, – მე ვარო”. – ჩემზე თუ ასე დამანგრეველად იმოქმედა ამ ურთიერთობამ, მასზე რატომ ვერ იმოქმედა? რატომ არ ფიქრობდა ჩემთან შეხვედრაზე?
_ დამანგრეველად – ძალიან მძიმე სიტყვაა. პირიქით ნინკა, შენ ის უნდა გაიგო, რომ ნიკო არ არის ერთადერთი ვინც შეიძლება გიყვარდეს.

ნიკომ დაგანახა, რომ შენ სიყვარული შეგძლებია, მთავარია ის გაიგო, რომ ნიკო უბრალოდ იმ დიდი სიყვარულის ნაწილი იყო, რომელიც შენ შინაგანად გაქვს _ ეს არ ნიშნავს, მხოლოდ კონკრეტული პიროვნების სიყვარულს.
_ შენ რატომ მოხვდი ჩემს ცხოვრებაში, თუკი ყველაფერი ამ ქვეყანაზე მიზეზ-შედეგობრივია – შენი მოსვლის მიზეზი რა იყო? ის, რომ ნიკო დამიბრუნე?
_ არა, ნინკა, ალბათ გავიგებთ, რა იყო ამის მიზეზი... ადრე გეხუმრე, `ოდინოკი ვოლკი” ხარ-მეთქი, გახსოვს?
_კი მახსოვს...
_ გეხუმრე, სინამდვილეში ყველა ადამიანი მარტოსულია, უბრალოდ, ცხოვრებაში არსებობს ეტაპები, რომლებსაც ვიღაც გივსებს. და მხოლოდ მაშინ გავიწყდება, რომ მარტოსული ხარ, თუ ეს შევსება სრულფასოვანი და სრულყოფილია...
_ ეგ კი მხოლოდ იმას შეუძლია გაგრძნობინოს, ვინც შენი მეორე ნახევარია...
_ მაშინ რომ შემეკითხე, მეორე ნახევრების თუ გჯერაო?
 ალბათ არასოდეს მჯეროდა, რომ სადღაც დედამიწაზე ცხოვრობს ერთადერთი ადამიანი, რომელიც უნდა თუ არა მას, მაინც ჩემი მეორე ნახევარია. არ მჯერა, რომ ასეთი ადამიანი ერთადერთია მთელს მსოფლიოში. უბრალოდ მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ის ადამიანი იპოვნო, ვინც სულიერად გამშვიდებს და გაწყნარებს, – და როდესაც მიხვდები, რომ იპოვნე, რატომღა უნდა დაკარგო? რატომ უნდა აღმოჩნდე ისევ იმ მოსაწყენ ყოველდღიურობაში, სადაც მანამდე იყავი? წარმოიდგინე ჩემთვის რა რთული იქნება – შენ წახვალ, და მე ისევ ჩემს ყოველდღიურობაში აღმოვჩნდები.

ძალიან მოსაწყენია შენი საკუთარი დაცარიელებული ცხოვრების თავიდან შეყვარება, ვინც არ უნდა იყო, და რანაირ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდე, გინდ ცნობილი მწერალი იყო, ან კინომსახიობი, გინდ პრეზიდენტი ან თუნდაც ნობელის პრემია გქონდეს მიღებული იმ დღეს – ყოველდღიური ცხოვრება თუ მოსაწყენი გაქვს, ძალიან ძნელია... ცოტა ხანს მეყოფა ბალთაზარის ენერგია, რომელსაც შენი სითბო ექნება, მერე კი ეს ენერგიაც გაილევა და მარტო დავრჩები, მოწყენილი. გაქრება ის მისტიური ძალა, რომელიც თითქმის ყოველ საღამოს მომაქანებდა შენთან, ვეღარ გავიგებ შენ წკრიალა სიცილს, იცი როგორ მიყვარს როცა იცინი, ყველა ნაკვთი სათითაოდ გიბწყინავს – მოკლედ, ამ ყველაფრის გარეშე მომიწევს ცხოვრება, ეგ, ძალიან მოსაწყენია, მენანება... თორემ გადატანით ყველაფერს გადაიტან კაცი, მაგაზე არ იდარდო...
_ მართალი გითხრა არც ვდარდობ და არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემს წასვლას ვერ გადაიტან. ძალიან უცნაური იყო ჩემთვის ახლა ამ ყველაფრის გაგება. ისე კი ვხვდები რასაც გულისხმობ.

მეც მომენატრები და გამიჭირდება უშენოდ...
_ შენ ვერაფერს ხვდები, ჯერჯერობით, ვერც კი მხედავ...
 ეს მითხრა და გულში ჩამიკრა, მეც მოვეხვიე, დიდხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები, თავი დახრილი მქონდა, არ ვიცი, როგორი სახე ჰქონდა ლევანს, მე კი გამათბო და გამაწონასწორა მისმა ჩახუტებამ. მერე თმებში მაკოცა და წავიდა. ვერაფერზე და ვერავისზე ვფიქრობდი, _ ნიკოსთან ლაპარაკის გარდა, შინაგანად ისე მღლიდა რაღაც, ძილის წამალიც კი დავლიე, ძლივს დავიძინე, მეორე დღიდან კი სულ თავდაყირა დადგა ჩემი გეგმები, დილას დედასთან მივედი და ვუთხარი ,რომ მოსკოვში მივდიოდი, ნიკოსთან შესახვედრად. დედა მოულოდნელობისგან სკამიდან წამოხტა.
 _ ისევ ნიკო, – ისევ ჯუღუ, რა დავაშავე, დამტანჯეს, მთელი ცხოვრებაა ამ ბავშვის ამოჩემებულმა პერსონაჟებმა... – ამოიკვნესა დედამ.
_ ბავშვი აღარა ვარ, დედა, ოცდათოთხმეტი წლის ქალი ვარ, სულ მალე ოცდათხუთმეტის ვიქნები... რატომ გიკვირს, მთელი ცხოვრება ველოდი ამ დღეს, რა უნდა ვქნა შენი აზრით, ისევ დავკარგო ჩემი ერთადერთი შანსი, ცხოვრებაში?
_ კარგი რა ნინუნა, ნუ წაიღე ტვინი ამ შენი ამოჩემებით, ვერ გავიგე სად მიდიხარ? კაცს ოჯახი ჰყავს! არ უნდოდა, თორემ თვითონ მოგძებნიდა! – არ ცხრებოდა დედა.
_ ჰო, მომძებნიდა, მომძებნიდა...

ეგ მეც ვიცი, მაგრამ ეტყობა ძალა არ ეყო...

კალეიდოსკოპი

ხომ იცი, კაცები სუსტები არიან...
_ ეგ შენი პრობლემა არ არის. ვინ გითხრა, რომ კაცები სუსტები ირიან?
_ ვიცი...
_ რამდენი ხნით მიდიხარ?
_ არ ვიცი, სამთვიან ვიზას ავიღებ, თუ მეტ ხანს დავრჩი, გავაგრძელებ. ვნახოთ.
_ გამაგიჟებ, – ანერვიულდა დედა, – როგორ თუ მეტ ხანს? სამი თვით მიდიხარ? სამსახური? ჩვენ? შენი სახლი? ყველაფერს ასე მიატოვებ?
_ ყველაფერს დედა, სიყვარულის გამო, ყველაფერს მივატოვებ, ფული ჯერ მეყოფა, მერე კი თუ გადასვლა და დარჩენა გადავწყვიტე, სახლს გავყიდი და იქ ვიყიდი რამეს, მერის დაველაპარაკები, ვინმე შემცვლელს მოვძებნი...
_ შენ,მგონი გაგიჟდი!
_ არა დედა, უნდა წავიდე და იმ ცხოვრებით ვიცხოვრო, რომელზეც ამდენ ხანს ვოცნებობდი... მაპატიე, მაგრამ ვეღარაფერს გავითვალისწინებ, უკვე ყველაფერი ამოვწურე, სხვა ინტერესი და სურვილი აღარ დამრჩა, ნიკოს ვეძებდი მთელი ცხოვრება და ძლივს ვიპოვნე.
_ კარგი, წადი სადაც გინდა, მე არ დაგაკავებ, ოღონდ ჯერ მერის ნუ დაელაპარაკები, უთხარი რომ ერთი კვირით მიდიხარ დასასვენებლად, მერე კი იქ რომ დაფუძნდები, დაელაპარაკე, ჯერ ნუ გადაწყვეტ ყველაფერს.
_ კარგი, მერის მერე მოსკოვიდან დავურეკავ, გამიგებს, მაგრამ დღეს მაგასაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის, მთავარია, ვისაც ვეძებდი ის ვიპოვნე...
_ რა გითხრა, ნინუნა, თავისუფალი ადამიანი ხარ, და როგორც გინდა ისე მოიქეცი, ნახე, რა ვიცი, სცადე, იქნებ ყველაფერი აგეწყოს... მე მარტო ის მინდა შენ იყო ბედნიერი, სად იქნები მაგას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.


_ ვიცი, დედა, იმიტომაც მიყვარხარ ასე.
 ეს ერთი კვირა სწორედ ისე გავატარე, როგორც მთელი ცხოვრება ვგეგმავდი. ვათვალიერებდი მაღაზიებს, ვარჩევდი ახალ ტანსაცმელს, ახალ კოსმეტიკას, დავდიოდი სალონებში... მოკლედ, არ მომიწყენია, წასვლის წინა დღეს მთელი დღე ვალაგებდი, ორი უზარმაზარი ჩემოდანი გავავსე ჩემთვის `საჭირო” ნივთებით, მერე მეგობრებს შევხვდი, არ მითქვამს სად და რატომ მივდიოდი. მთელი ტანით ვგრძნობდი, ის დღე ახლოვდებოდა, როცა ნიკო უნდა მენახა. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ნიკოს დავინახავდი, და გავიგებდი ყველაფრის მიზეზს, მომიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, მე ჩემსაზე, ჩავეხუტებოდი, თავს დავადებდი, და ასე ვიცხოვრებდით წყნარად და აუღელვებლად. მერე რა იქნებოდა მაგაზე აღარ ვფიქრობდი, ყველანაირი საშუალება მქონდა ისე მომეწყო ჩემი ცხოვრება, როგორც ამას მოვისურვებდი, მთავარი კი ის იყო, რომ ჩემი ნიკო მეყოლებოდა გვერდით, თუნდაც ნუ მიატოვებდა ოჯახს, თანახმა ვიყავი ასეთი ცხოვრება მქონოდა, ოღონდ კი იმის საშუალება მომცემოდა ჩემი სიყვარული, როცა მომინდებოდა ყოველთვის მენახა და მასთან ახლოს მეცხოვრა, ერთ ქალაქში, ერთი ჰაერით გვესუნთქა...


  წასვლის წინა საღამოს, ლევანს დავურეკე.
_ მზად ხარ გასაფრენად?
_ კი, მზად ვარ, უკვე ყველაფერი ჩავალაგე. დღეს შუაღამისას მივფრინავ, თუ გინდა მოდი, მე სახლში ვარ, ბალთაზარიც უნდა გაგატანო...
_ მოვალ, თან აეროპორტში გაგაცილებ, მარტო ხომ არ წახვალ?
_ წავალ, რა პრობლემაა, ტაქსი უკვე გამოვიძახე.
_ დარეკე და გააუქმე შეკვეთა, მე წაგიყვან. ცოტა ხანში მოვალ.
 სექტემბრის თბილი საღამო იდგა, ნიავი არ იძვროდა, ლევანი მალე მოვიდა, რატომღაც თვალებზე საკითხავი სათვალე ეკეთა, აივანზე ვისხედით, ყავა დავლიეთ, ბალთაზარიც იქვე იყო წამოგორებული და თავისი ცისფერი თვალებით გვჭამდა.  
_ როგორ გრძნობ თავს, ღელავ?
_ ისე რა.
_ სად უნდა გაჩერდე?
_ “ჰაიათში”, იქ ავიღე ნომერი ერთი კვირით, მერე ვნახოთ, ალბათ ბინას დავიქირავებ.
_ აჰა, ესე იგი დიდი ხნით მიდიხარ? – შეჭმუხნა წარბები ლევანმა.


_ სამი თვით მაინც, მერე, თუ დამჭირდება ვიზას გავაგრძელებ, ვნახოთ როგორ ავეწყობი.
_ ჰო, რა თქმა უნდა.
_ დაგირეკავ და მოგიყვები ყველაფერს.
_ რომ მოიცლი დამირეკე. სიყვარულის მავთულხლართებიდან თუ გამოებრდღვნები.
_ ისევ გეცინება ხომ ჩემზე?
_ არა, რას ამბობ. შეცვლილი მეჩვენები. თმა შეიღებე?
_ ჰო, შევიღებე, ნიკოს რომ ვიცნობდი ქერა ვიყავი, არა მგონია მუქი თმა მოეწონოს, ჰოდა ქერად გადავიღებე.  
_ ლამაზი ხარ, თვალს ვერ გწყვეტ, წარმომიდგენია ნიკოს სახე, რომ დაგინახავს, დადნება.
_ კარგი რა ლევან, ნუ დამცინი.
_ ვინ დაგცინის, დაგცინი კი არა, გაღმერთებ, – ეს უკანასკნელი სიტყვები რომ წარმოთქვა ლევანმა, ცოტა არ იყოს შეცბა.


_ რაა?
_ ერთი რაღაც მინდა გკითხო, გარეთ სადარბაზოში, შენი მანქანის საბარგულზე, შენს აივანზე, ნიკოს წერილებში, წიგნზე, რომელიც მათხოვე, ყველა პლაკატის და ნახატის ძირში, რაღაც ასოებს რომ ფხაჭნი, რას ნიშნავს?
_ ფორმულაა... ჩვენი სიყვარულის ფორმულა...
_ ნინკა! ნუ მაგიჟებ! სიტყვა `ჩვენი” შენი ლექსიკონიდან საერთოდ ამოაგდე, ძალიან გთხოვ. `ჩვენი” _ სუსტი და ბავშვური აზროვნების მქონე ადამიანის დამახასიათებელი სიტყვაა. იცი რისთვის ხარ ამ ქვეყნად მოსული? შენი თავის შესაცნობად და უსასრულო სიყვარულიც `ჩვენი” კი არა, მხოლოდ შენი უნდა იყოს. ადამიანს შეიძლება ბევრი სხვადასხვა დანიშნულება აქვს ამ ქვეყნად, მაგრამ ის დანარჩენი მარტივი და იოლი შესასრულებელია. შენ ქალი ხარ, დედა უნდა გახდე, შვილები გაზარდო, ქმარს მოეფერო... მაგრამ მაინც, გიმეორებ, ეგ ყველაფერი ადვილი შესასრულებელია...

ათი შვილიც რომ გყავდეს, მარტო იბადები და მარტო კვდები ადამიანი... ასეთია განგება, ასე დააწესა ღმერთმა. ის სიყვარული, რაც შენშია, სხვას არავის ეკუთვნის, `ჩვენი სიყვარული” მიწიერი გამოთქმაა, რაც სიყვარულს არ უხდება და არ შეჰფერის.
_ ლევან, ძალიან კარგი ხარ, მესმის შენი, ვიცი, რთული ცხოვრება გაქვს, ბევრი ფიქრი გიწევს, შეიძლება გგონია, რომ ჭეშმარიტებაც კი შეიცანი, მაგრამ ერთი რაღაც მინდა გკითხო: ცხოვრებაში სწორი რა არის, ამას როგორ ხვდები? ეს ყველაზე დამტანჯველი და ამოუხსნელი კითხვაა ჩემთვის... სწორი რა არის?
_ არ ვიცი, ვინ იცის? უბრალოდ არ მინდა შენი მესმოდეს, არ მინდა დავიჯერო, რომ დღემდე გეყო ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები. მინდა გათავისუფლდე ყველაფერი ზედმეტისაგან და შენი თავის შეცნება დაიწყო. მინდა დააფასო შენი ცხოვრება. მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ კარგი გოგო ხარ ნინკა, ძალიან კარგი...

მიუხედავად იმისა, რომ ქერა თმა, სრულებით არ გიხდება, – გაეცინა ლევანს, – იცი რამდენი რამე არ გითხარი? ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა მიმართულებით წარიმართა, არადა, რაც შენ გნახე, აი იქ რომ კალეიდოსკოპი დგას, იმისავით გადამიტრიალდა შინაგანად რაღაც...
_ რა გადაგიტრიალდა?
_ შიგნით რაღაცეები გადამიადგილდა, უცნაურად, კალეიდოსკოპის ფიგურებივით, ვერ ვისვენებ, ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ ნიკო გიპოვნე, მაგრამ ეს შენთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ნიკოს სანამ არ იპოვნიდი, შენთან სხვა რამეზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, პირველად დღეს დავინახე შენი გაბრწყინებული თვალები და სახე, ისიც იმის გამო, რომ მიდიხარ, ახლა ვხვდები სწორად მოვიქეცი, გაგიშვი, ეს ყველაზე სწორი საქციელია ალბათ, მერე ვნახოთ როგორ იქნება, რას გვიმზადებს ცხოვრება.
_ მე მოსკოვში მივდივარ, – ეგ დანამდვილებით ვიცი, სხვა ცხოვრება არ მინდა! შენ რა იმას ნანობ, ნიკო რომ მიპოვნე?
_ უშენოდ გატარებული წლები მენანება!
_ ლევან, ისედაც დაბნეული ვარ, გთხოვ კიდევ მეტად ნუ დამაბნევ, ამხელა გზაზე მივდივარ...

კალეიდოსკოპი


_ კარგი იქნება, თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც გვინდა, იცი რას მივხვდი, ცხოვრებაში ადამიანს ბევრი არაფრის შეცვლა შეგიძლია, უბრალოდ მთავარია დიდი შეცდომები არ დაუშვა...
_ ნიკოს გულისხმობ?
_ ამჯერად კი, და ისე ყველას. ამ წუთას ნიკო შენ გეხება და მაგიტომ მომყავს მაგალითად, მან, თავის დროზე, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ შენ შენს თავს აბრალებ ნიკოსთან განშორებას, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. სწორედ მან დაუშვა შეცდომა და ახლა შანსი აქვს გამოასწოროს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა...
_ ლევან ვიცი, ნიკო რომ დამინახავს და ჩამეხუტება, მერე აღარსად მოუნდება წასვლა, დამიჯერე... ასეთი სიყვარული არასდროს კვდება.
_ ჰო, ძალიან კარგი იქნება, იმედია ქორწილში დამპატიჟებ, – გაეცინა ლევანს.
_ ქორწილის რა გითხრა, შეიძლება ქორწილი სულაც არ იყოს, და უბრალოდ ერთად ყოფნა იყოს – ჩემთვის ეგ არის მთავარი.


_ რატომ, ქორწილი აუცილებლად უნდა გქონდეს – როგორ თუ არ იქნება?
_ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
_ უკვე თორმეტი საათია, არ წავიდეთ?
_ ჯერ ადრეა, თხუთმეტ წუთში გავიდეთ.
 _ნინ, არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ მაინც გეტყვი, – კარგი? თორემ მერე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ...
_ მითხარი, რა ხდება?
_ არაფერი ისეთი, უბრალოდ ვფიქრობ, რომ შემიყვარდი...
 ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც დიდ ხანს ვერ გავუძელი.
_ ლევან, გეხვეწები, აღარაფერი თქვა. დარწმუნებული ვარ, გეჩვენება.
_ შეიძლება მეჩვენება, მაგრამ რაღაც ძალიან კარგად მეჩვენება. ვერაფერს ვიზამ... ასე მოხდა... იმ წერილებზე, შენ რომ წამაკითხე ვიეჭვიანე კიდეც, თითქოს გავბრაზდი, ასეთი რამეები ვინ დაუწერა `ჩემს ნინკას-თქო”, – სულელი ვარ შეიძლება, მაგრამ მართლა ვიეჭვიანე. ასეთ სიტყვებს უბრალოდ ვერ დაწერ ადამიანი, ჰოდა იმაზეც ვეჭვიანობ, რომ იმ ადამიანთან მიგეჩქარება, ვინც ასეთ დაუჯერებელ რამეებს გწერდა...

 
_ მე მიყვარს ნიკო, მასთან ამის გამო მეჩქარება და არა მისი სიტყვების გამო... გულს ნუ მატკენ, შენ ჩემი მეგობარი ხარ, რომელიც ასე დამეხმარა, ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის, გეშლება, ეგ არ არის სიყვარული, უბრალოდ შემეჩვიე.
_ მიყვარხარ, ვიცი! იმის მერე რაც შენ გაგიცანი, ცხოვრება მიხარია დილას გაღვიძება მიხარია, სითბო და სიხარული მოგაქვს ჩემამდე, რაც არასოდეს მიგრძვნია მეორე ადამიანისგან, შენთან ყველაფრის კეთება მიხარია, _ სიყვარულიც ეგ არის, – სულიერი ჰარმონია და ცხოვრების ხალისი.
_ ნუღარაფერს მეტყვი, გთხოვ, – მოვიწყინე და სუნთქვაშეკრული ტახტის ზურგს მივეყრდენი.
_ რატომ? ჩემი გრძნობებია, რომლებსაც გიმხელ, რატომ ვიყო ჩუმად? იცი ნინ, რას მივხვდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც შიგნით მქონდა დიდი სიყვარული, ამას სულ ვგრძნობდი, მაგრამ ვერასოდეს ვუნაწილებდი ვისმეს, სხვისთვის მოსაწყენი და ზოგჯერ აუტანელი ადამიანიც ვიყავი. მთავარი ცხოვრებაში, მაინც ის არის, იმ ადამიანს მიაგნო, ვინც გაგაბედნიერებს და ვისაც გააბედნიერებ. ყველა წუთი, რაც შენთან გავატარე, ჯადოსნური იყო, ხომ არაფერი ყოფილა განსაკუთრებული ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ზუსტად შენთან მივხვდი, რომ შემიძლია ბედნიერი ვიყო, შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ... ახლა არ გჯერა ჩემი, მაგრამ ოდესღაც დაფიქრდები და მიხვდები, რომ მართალი ვიყავი...
_ ჩვენს შორის არასოდეს იქნება სხვა არაფერი, მეგობრობის გარდა...

ლევან.
_ ეგ არ თქვა... არავინ იცის, მომავალში რა შეიძლება მოხდეს. – ეგ შენი სიტყვებია, `კოპალაში” რომ თქვი, გახსოვს? დამამახსოვრდა.
_ მე ვიცი, ჩემი მომავალი... ყოველთვის ვიცოდი, რაც იქნებოდა,...
_ ჰო, მაგრამ, ხომ შეიძლება ცდებოდი?
_ არ ვცდებოდი. ამ წუთას ხომ ხედავ, იმ ადამიანთან მივემგზავრები, ვისაც ამდენი წელი, მთელი გულით ვეძებდი, ეს ჩემი ბოლო შანსია ცხოვრებაში, ლევან, ძალა არ მეყო არასოდეს, რომ იმას მოვრეოდი, რაც შინაგანად მქონდა. იმხელა სიყვარული იყო ჩემს და ნიკოს შორის, რომ დღემდე ვერ დავძლიე, როგორ შეიძლება ასეთი ქალი ვინმე სხვას მოეწონოს, თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩემს გულში ადგილი არ არის, _ გახსოვს, შენ თვითონ მითხარი...  
_ კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ, წინასწარ ნუ გადაუსვამ ხაზს, მინდა შენც იფიქრო იმაზე, რაზეც დღეს მე ვფიქრობ, – არ მეჩხუბო _ შენთან ქორწილიც მინდა, თეთრი კაბით მინდა დაგინახო, ეკლესიაში, ჩემს გვერდით, რა ლამაზი რიტუალია, არა? შვილებიც მინდა გაგვიჩნდეს, შენთან ერთად სამოგზაუროდ სიარული მინდა, ყველა ის ქვეყანა მოვიარო რაც აქამდე არ მინახავს და დღეს მომინდა, ფეხით ვიაროთ დილიდან დაღამებამდე, ტურისტებივით, რომი ვნახოთ, რომში თუ წავალ, მხოლოდ შენთან ერთად, მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ...

შენი დამსახურებაა, რომ დღეს ცხოვრება თავიდან მომინდა, იმიტომ რომ გაგიცანი და ის შევიგრძენი, რაც აქამდე არ მქონია, შენ წარმოდგენაც არა გაქვს, რა გარდატეხა მოხდა ჩემში, ჩემი კალეიდოსკოპი სულ სხვა მხარეს დატრიალდა, რასაც არასოდეს ველოდი და ახლა ასე მარტივად გიშვებ... მაგრამ შინაგანად მშვიდად ვარ _ ის, რაზეც ვოცნებობ, ყოველთვის მისრულდება! ეგ დაიმახსოვრე... – ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა თვალებში მიყურებდა, მე გაოგნებისგან ისევ და ისევ ტახტის ზურგს ვეყრდნობოდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ლევანისთვის, არ მინდოდა რამე სწყენოდა, მან ხომ ახალი ცხოვრების დაწყებაში შემიწყო ხელი, გული გადამიშალა, საკუთარ ცხოვრებაზე მიყვებოდა, ჩემსას ისმენდა, გულწრფელად დამეხმარა, სხვა კაცი მომაძებნინა და ახლა მეუბნება, _ მიყვარხარო... რა უნდა ვუთხრა...  
_ ლევან, გაჩუმდი თუ ღმერთის გწამს.
_ არ გავჩუმდები...
_ თუ მართლა გიყვარვარ, უნდა გაჩუმდე... წავედით, ჩავიდეთ, უკვე გვიანაა, თუ ვერ გაჩუმდები, ტაქსს გამოვიძახებ.


 ლევანმა ჩემოდნები გაიტანა სახლიდან. მე ბალთაზარი გამოვიყვანე, კარი ბოქლომზე ჩავკეტე, სამივენი მანქანაში ჩავსხედით. ლევანს აეროპორტამდე ხმა არ ამოუღია, არც იქ უთქვამს რამე, რეგისტრაცია რომ გავიარე, შემოვტრიალდი და ვაკოცე, მერე ძაღლს ჩავეხუტე, ვუთხარი, რომ ძალიან მომენატრებოდა, მერე ისევ ლევანს შემოვეხვიე, ის ხმას არ იღებდა, თვითონაც მაკოცა. პიჯაკის ჯიბიდან შავი პატარა ტყავის ჩანთა ამოიღო და კისერზე ჩამომკიდა.  
_ ეს რა არის? – ვკითხე მე.
_ ფოტოაპარატია, მე რომ დაგპირდი, ფოტოები გადაიღე და თუ დიდხანს დარჩი, შენი სურათი გამომიგზავნე, არ მინდა შენსავით ცარიელი ჩარჩო მქონდეს...  
_ აუცილებლად გადავიღებ და გამოგიგზავნი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, შეეცადე ბედნიერი იყო...

– შემოვტრიალდი და ესკალატორზე დავდექი, ზემოდან კიდევ ერთხელ გადმოვიხედე, სანამ კიბე ბოლომდე არ ავიდა, ლევანი და ბალთაზარი მიყურებდნენ...

კალეიდოსკოპი



 
მოსკოვი – შეხვედრა
   

მეათე სართულზე რომ ავედი, ექვსს ათი წუთი აკლდა. ბარში შევედი და კუთხის მაგიდასთან დავჯექი. ლამაზი ადგილი იყო, უზარმაზარ შუშებში მთელი მოსკოვი ჩანდა, ნაცრისფერი, შემოღამებული და რუსული საიდუმლოებებით სავსე მოსკოვი, რომელთაგანაც ერთ-ერთი, დღეს, ამ მაგიდასთან გაიხსნებოდა... ამას მას შემდეგ ველოდი, რაც რუსეთმა ჩემი ბედნიერება შთანთქა.
სულ ცოტა ხანში დავინახე, როგორ შემოვიდა რესტორანში, ვიღაც უცხო კაცი. ნელი და გაწონასწორებული მოძრაობით გაიხადა საწვიმარი და ოფიციანტს გაუწოდა.

მერე ფანჯარასთან მდგომი მაგიდისკენ გაემართა, სკამი გამოსწია, დაჯდა და ფანჯარაში ყურება დაიწყო. ოფიციანტი მიუახლოვდა, მენიუ არც აუღია, ისე უთხრა რაღაც. ცოტა ხანში ოფიციანტი დაბრუნდა, ხელში ორი ღვინის ბოთლი ეჭირა, სტუმარმა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ, ერთ-ერთი ამოირჩია, ღვინო დააგემოვნა და ჭიქა ისევ მაგიდაზე დადგა. ჩემთან ზურგით იჯდა, გაუნძრევლად, ნათურების შუქზე მუქი თმა უბრწყინავდა, ძალიან დახვეწილი და გამორჩეულად ჩაცმული იყო, სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, თვალს ვერ ვაშორებდი, ის ვერ მხედავდა, ცოტა ხანში წამოვდექი და მივუახლოვდი. მის მაგიდასთან რომ მივედი ადგილიდან წამოდგა და მოწიწებით გადამეხვია.  
_ Боже ты мой, да сколько лет не виделись! _ კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში, მერე სკამი გამომიწია, დამსვა, თვითონაც დაჯდა და ნიკაპი ხელებს დააყრდნო, სახეზე პატარა ბიჭივით ღიმილი დასთამაშებდა.  
_ რა კარგად ხარ, კარგად გამოიყურები! – ძლივს გამეხსნა შეწებებული ტუჩები და ხმა ამოვიღე.

ნიკომ ოფიციანტს ხელით ანიშნა _ ჩემთვისაც დაესხა წითელი ღვინო, მერე ჭიქა მომიჭახუნა და ღვინო მოსვა. მეც მოვსვი.
_ პატარა გოგოსავით ხარ, ასე მგონია ძველი თენდეისი მიზის წინ! მეც მასწავლე, რა ხერხები გაქვს, ასეთ კარგ ფორმას რომ ინარჩუნებ!
_ ჰო, ვცდილობ, – გამეღიმა და თავი დავხარე, ვერაფრით ვუსწორებდი ნიკოს თვალს, ის კი არ ჩუმდებოდა.
_ მოყევი რა ხდება, როგორ მიდის შენი საქმეები, აქ რამ ჩამოგიყვანა, სამსახურის საქმეზე ხარ?
_ მიზეზი მაქვს, – „ღმერთო, ვერც ხვდება, რამ ჩამომიყვანა“, – გავიფიქრე და წამით თვალებში ჩავხედე.  
_ ძალიან კი გამეხარდა შენი ნახვა, იცი, სულ ვიცოდი ერთ დღესაც სადმე შეგხვდებოდი, თბილისში მე არ ჩამოვდივარ, но ты ведь знаешь, мир тесен, вот и встретились.
_ შენ როგორ ხარ? რას საქმიანობ? – შევეკითხე მე, ამ დროს ტელეფონმა დარეკა, უპასუხა და უთხრა, რომ ცოტა ხანში თვითონ გადაურეკავდა.
_ Извини! საქმე ბევრია, დრო არასოდეს მაქვს, აი ახლაც заскочил на минут тридцать, ხომ ხვდები, მოსკოვში სულ ასეთ მდგომარეობაში ხარ, სულ გეჩქარება, სულ საათს უყურებ...
_ რუსული აქცენტით ლაპარაკობ, თითქოს ქართველი აღარც ხარ...
_ ჰო, წარმოიდგინე აქ მარტო რუსულად ვლაპარაკობ, თითქმის ოცი წელია აქეთ ვარ, ეჰ, ბავშვებს ვერ ვასწავლე ქართული, არ უნდათ, აქ რად უნდათ ქართული...

მარტო იმისთვის, რომ მე მელაპარაკონ, მისთვის, ალბათ ღირს... არ ვიცი...
_ რას საქმიანობ?
_ ძირითადად სადაზღვევო ბიზნესით ვარ დაკავებული, ჩემი უზარმაზარი კორპორაცია მაქვს, я генеральный директор, კიდევ ათასი რაღაცაა, რასაც ჩემი დრო და ყურადღება უნდა...  
_ და ოჯახი?
_ Ну даа, ოჯახი არის, ოთხი შვილი გვყავს, მე და ლუდას – ჩემს მეუღლეს.
_ ცოლი როდის შეირთე?
_ იმ წელს, აქ რომ ჩამოვედი, სასწავლო წლის ბოლოს.
_ მართლა? რატომ არაფერი მითხარი? წერილში რატომ არ მომწერე?  
_ წერილი რომ მოგწერე, მახსოვს... ცოლი რომ შევირთე, არ მომიწერია?
_ არა!
_ ალბათ არ მინდოდა გამენერვიულებინე, ახლა აღარც მახსოვს, ეგ როდის იყო, ძალიან დიდი ხნის წინ, როგორ მეხსომება ოცი წლის წინანდელი ამბავი...
_ ჰო...

მართალი ხარ... და... ჩემზე არ ფიქრობ ხოლმე?
_ ვფიქრობ, აბა ისე როგორ?.. –ისევ ტელეფონმა დარეკა, ბოდიში მომიხადა და სალაპარაკოდ გარეთ გავიდა, გაოგნებული ვიჯექი და ველოდებოდი. ცოტა ხანში შემობრუნდა, – ბოდიში, რას ვამბობდით?
_ აღარ მახსოვს... ხატავ?
_ რაც მოსკოვში ჩამოვედით, ვერაფერი დავხატე. ხანდახან კი მომინდება ხატვა, ტილოს გავშლი, საღებავებს შევურევ, Но не однои линии...

не однои точечки.  
_ ხატვა მიატოვე? რის გამო?
_ ჩემი მუზაც შენთან ერთად წავიდა. Обидел я свою музу. კარგი, აღარ გვინდა მოსაწყენი თემაა ჩემთვის, მოდი, შენ თავზე მომიყევი. ბავშვები, ქმარი გყავს?
_ არა, არ გავთხოვილვარ!
_ არაუშავს, ყველაფერი წინ არის, შენ ახლა ოცდათოთხმეტი წლის ხარ ხომ? Ну пустяки, ყველაფერი წინ არის, აქ მაგ ასაკში იწყებენ ცხოვრებას. სამსახური? სახლი? მომიყევი რამე, რამდენი ხანი ვერ გნახავ კიდევ, ვინ მეტყვის შენზე?
_ ჩემი სახლი მაქვს სოლოლაკში, სამსახურიც მაქვს.
_ შეყვარებული?
_ არა.


_ Не удивляй меня, ასეთი ლამაზი ქალი ვინ დატოვა ყურადღების გარეშე?
_ საერთოდ ვერ გცნობ, თითქოს გამოგცვალეს.
_ ჰო ალბათ, ძალიან დიდი დრო გავიდა იმის მერე, რაც არ მინახიხარ, მაგრამ ასეა, ცხოვრება ცვლის ადამიანს, თანაც ასეთი დიდი ქალაქი, სადაც ორჯერ და სამჯერ სწრაფად გადის დრო...
_ ძალიან უცნაურია, არ მეგონა, შენ, გამოუსწორებელი რომანტიკოსი, ასე გამოიცვლებოდი? ძალიან მიძნელდება ამის აღქმა.
_ იცი რას ვფიქრობდი იმ დღეს? ცაში ახედვის დროც აღარ მრჩება, ფიქრებით სულ სამსახურში ვარ, სულ ვიღაც რეკავს, სულ ერთი და იგივე, თუ გინდა რომ კარგი კარიერა და კარგი ცხოვრება გქონდეს, რომანტიკოსი და მეოცნებე ვერ იქნები, ეგ იმ ეტაპზე ხარ კაცი ეგეთი, როდესაც სხვა არაფერი გაქვს და არც გინდა გქონდეს, სიყვარულის და რომანტიკის გარდა. მერე რომ იზრდები, იმდენი პრობლემაა, იმდენი საფიქრალი, ხანდახან ღამე ფეხსაცმლის გახდის თავიც კი არა მაქვს.
_ რა ცუდია!
_ სულაც არ არის ცუდი, ასეთ დიდ საქმეს, რასაც ამ წუთას ვაკეთებ, ვერ მოვერეოდი, ისეთივე რომ დავრჩენილიყავი. ყველა და ყველაფერი იცვლება ცხოვრებაში, აქ თუ კარგად არ დგახარ ფეხზე, ისეთ ცხოვრებას აზრიც არა აქვს, არც მახსოვს როდის ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების ტემპით, გჯერა?
_ მჯერა, ახლა რომ გიყურებ, – მჯერა. – და მართლა მჯეროდა, ჩემს წინ სრულიად უცხო ადამიანი იჯდა, ბოლო წერილის ავტორი _ ნიკოლაი, წერილის, რომლის შინაარსიც, როგორც იქნა ამოვხსენი, რომლის ავტორსაც, მე, რეალურ დროში აღარ ვიცნობდი, რომელიც დრომ წაიყვანა ჩემგან, სხვა ქალაქში გადაასახლა და მომაშორა, ისევე როგორც ბავშვობაში მდინარეს მიჰყავს, ბავშვური პატარა ხელებით გაკეთებული ქაღალდის გემი...
_ ოთახში რაღაც დაგიტოვე, მერე ნახავ!
_ რა?
_ ტილო, რამდენჯერაც ხატვა მომინდა, იმდენჯერ ვეცადე, ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ვერ დავხატე, ალბათ იმიტომ, რომ შენ, იქვე არ იყავი...

კალეიდოსკოპი


 არ ვიცოდი რა მეთქვა, ვიჯექი ჩემთვის ჩუმად და დანით, თეთრ სუფრაზე წრეებს ვხაზავდი... თვალებში ისევ ვერ ვუყურებდი...  
_ უნდა წავიდე, სადაცაა შეხვედრა დაიწყება, არა მაქვს უფლება დავიგვიანო, შენ რა გეგმები გაქვს, როდის მიდიხარ თბილისში?
_ არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია, _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუთხარი ნიკოს.
_ ერთი რაღაც მინდა გკითხო, – რამე ხომ არ გჭირდება ამ ქალაქში? რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმარო?
_ არა... არა. გმადლობთ...
_ Ну ладно, კიდევ თუ იქნები ოდესმე აქეთ, დარეკე, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, ოღონდ უკვე მარტო არ უნდა იყო, შემპირდი!
_ გპირდები, – ვუპასუხე გაუაზრებლად, ფეხზე წამოვდექი, თბილად მომეხუტა, მხარზე ხელი მომიჭირა და კარებისკენ წავიდა, ორიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, შემობრუნდა და მითხრა:
_ თენდი, იცოდე რაც იყო, ყველაფერი ისეთივე ძვირფასია ჩემთვის, როგორც მაშინ, ბავშობაში, და მუდამ ასე დარჩება, მთავარია რომ იყო, და ყოველთვის, როდესაც რამე კარგი ან ცუდი ხდება, ჩემი ცხოვრების ეგ მონაკვეთი მახსენდება, ის ათი დღე, ჩემი თენდეისი...  


კალეიდოსკოპი

“და ერთი სიტყვის უშრეტი ძალით
ხელახლად ვიწყებ გასულ ცხოვრებას.
მე დავიბადე, რომ შენ შეგიცნო...
მე ვწერ შენს სახელს...
თავისუფლება...”

ოთახში ავედი, კარი შევაღე თუ არა, თეთრ ქაღალდში გახვეული ტილო მომხვდა თვალში.

ქაღალდები მოთმინებით შემოვაცალე... არსად მეჩქარებოდა... ნიკოს ბოლო ნახატი იყო, და მე მეკუთვნოდა... მაქსიმალურად გავწელე დრო, ქაღალდებს ნელ-ნელა, სათითაოდ ვაცლიდი.
რძისფერი ტილო სულ ცარიელი იყო, უკან წარწერა ამოვიკითხე – „თენდეისს, რომლის დახატვაც ვეღარასოდეს შევძელი...“ – მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, უცბად შინაგანი თავისუფლება ვიგრძენი, ყველაფერი აღსრულდა, აღარ არსებობდა საიდუმლო, ყველაფერი ერთ საათში, ასე მარტივად დამთავრდა... ვხვდებოდი, რომ ახალი ეტაპი აუცილებლად დაიწყებოდა, იმდენად დიდი ვიყავი, უკვე დანამდვილებით ვიცოდი ის, რომ ცხოვრება ეტაპებისგან შედგებოდა, ისეთი ეტაპებისგან, რომლებიც მუდმივად მეორდება, თითქოს სახეშეცვლილი, მაგრამ ზუსტად ისეთივე მწყობრით, თანმიმდევრობით... ამ წუთას არაფრის დამთავრება არ მსურდა.

ძირს დავჯექი, ფეხზე გავიხადე, კაბაზე შემოხვეული ქამარი მოვიხსენი, დავინახე როგორ დაეფინა ჩემი რძისფერი კაბა ნაცრისფერ ხალიჩას, თავი მუხლებში ჩავიდე და ავტირდი... ჩემს თავს ვეღარ შევეწინააღმდეგე... ვუყურებდი ჩემთვის დახატულ ნიკოს უკანასკნელ ცარიელ ნახატს, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და ჩემს ცრემლებში ისევ იმას ვხედავდი, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებდი და კიდევ ვინ იცის, რამდენ ხანს მომიწევდა ამის დანახვა... ტილო უზარმაზარი კალეიდოსკოპივით ტრიალებდა, ფერები ისევ ინთებოდა და ქრებოდა. შიგნით ისევ ჩვენი ბავშვობა, ისევ ის დღეები ჩანდა, ერთად რომ ვიყავით, ერთმანეთზე გეომეტრიული სიმეტრიით გადაბმული კრისტალური მძივების წყობა, იშლებოდა და იხურებოდა... ყველაზე ლამაზი, ყველაზე ფერადი ეტაპი _ ბავშვობა, ჯადოსნური ბრჭყვიალა დღეები... ტრიალებდა ნიკო, ფუნჯით ხელში, ისევ და ისევ მიხატავდა პეპლებს, ყვავილებს, კანფეტებს, მარაოებს, ქოლგებს და ჩემს წითელ და ოქროს თევზებს...

ტრიალებდა ნიკოს სახელოსნო, ჯორჯი ბიძია, მოსიარულე მაღაზია, გურიკო და ძიმკა, და ჩემი სანთლებიანი დაბადების დღე... ტრიალებდა ნიკოს სხვენში გათენებული პირველი ღამე, დანთებული ცხრა სანთელი, ჩვენი პირველი ღამე, ჩემი გრძელი, ოქროსფერი თმა ნიკოს მხრებზე ეფინებოდა და ერთად შეწებებულები ვტრიალებდით, ხან ქაოსში, ხან კი ჰარმონიაში... ტრიალებდა ბებო, ჯუღუ, ჩემი სოლოლაკის ბინა, ტყე, თბილისის ზღვა, მერი, დედაჩემი, ლონდონი, თბილისი, ბალთაზარი, ბზის ხე, აეროპორტი, ლევანი, მოსკოვის მდინარე, რომელიც სასტუმროს აივნიდან ჩანდა, მოსკოვის გაუგონარი ყინვა და ჩემი ნერვიულობა, მოსკოველი ნიკოლაი... და კიდევ ვინ ჩამოთვლის, რამდენი რამე ტრიალებდა... – ის ყველაფერი, რაც აქ არ, ან ვერ, გავბედე დამეწერა... გული მეუბნებოდა რომ ეს ტრიალი მუდმივად გაგრძელდებოდა, რომ არაფერი წაშლიდა იმ ჯადოსნურ გამოსახულებებს, რომლებსაც ჩემი წარსული, ჩემი აწმყო და ჩემი მომავალი ერთ დიდ წრეში აერთიანებდა და რომელსაც ცხოვრება, თავის უზარმაზარ კალეიდოსკოპში გეომეტრიული სიზუსტით, შიგადაშიგ ქაოტურად და მერე კი ისევ ჰარმონიულად ატრიალებდა. .

.  

   

2007 წელი

.