Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
პოეზია
პოემა
პოეტური კრებული


პოეტური კრებული

გვედრი მარიამ

შენ, საქართველო დაიფარე, გვედრი მარიამ!

შენს სადიდებლად მე აღვმართე სვეტიცხოველი,

მე ჩემი სული შენთვის მსხვერპლად მომიტანია,

არ მსურს სამოთხე, შეწყალებას მე არ მოველი,

მხოლოდ სამშობლო დაიფარე გვედრი მარიამ!


ჩემი სამშობლო გააბრწყინე, დედაო ღვთისავ!

გთხოვ, მოყვასს ჩემსას დაუბრუნე ძველი იერი,

შენთვის ავაგე ნიკორწმინდა და ბეთანია.

ჩემი მამული, გთხოვ, გახადე კვლავ ბედნიერი,

ჩემი სამშობლო გააბრწყინე, დედაო ღვთისავ.


შენ, საქართველო დაიფარე, გვედრი მარიამ!

გადააფარე შენი კალთა მადლით ღვთიური.

მე ჩემს სიცოცხლეს შემოგწირავ შენ მეტანიად,

მხოლოდ ჩემს მოყვასს გაუთენე დილა მზიური;

შენ, საქართველო დაიფარე, გვედრი მარიამ!

















მე მიყვარს ლექსი


ლექსი მე მიყვარს უბრალო, სადა,

ისე უბრალო, როგორც დილის მზე,

რომელმაც მთები ააფერადა,

რომელს შეჰხარის მთებში პირიმზე.

მე მიყვარს ლექსი ისე უბრალო,

როგორც ოცნება გულში ფარული,

როგორც ღვთისმშობლის უბრალო კალთა,

მომტანი შვების და სიხარულის.

ლექსი მე მიყვარს უბრალო, სადა,

ვით ნაკადული გაზაფხულისა,

უბრალო, როგორც პატარა ვაზა

ჟასმინით სავე, მთრობელ სუნისა.



მე მიყვარს ლექსი, ისე უბრალო,

როგორც უბრალო მინდვრის ყვავილი.

უბრალო, მაგრამ გულში ჩამწვდომი,

როგორც მთებიდან ირმის ბღავილი.


მიყვარს არწივი გულანაძგერი,

ისე, ვით მიყვარს სიო მდელოსი.

მე მიყვარს ლექსი ცრემლით ნაწერი,

მადიდებელი საქართველოსი.


ლექსი მე მიყვარს უბრალო, სადა,

როგორც ოცნება გულში ფარული,

როგორც ღვთისმშობლის უბრალო კალთა,

მომტანი შვების და სიხარულის.











უძილო ღამეები


შენთან შეხვედრის იმედს მაძლევს ყოველი ღამე,

ბედს მინდობილი მეც მოვდივარ ხილვის წყურვილით.

მთოვარის შუქზე მსურს, ვიხილო ღიმილი შენი,

ეს არის ჩემი ერთადერთი წმინდა სურვილი.


მთვარე ანათებს და შენს ღიმილს გულში ვინახავ,

ვიდრე ღრუბლები გადაფარავს ზეცას უძიროს.

შინ მიმავალი ვეკითხები ჩემს თავს, ვინა ხარ?

და მელოდება შენზე ფიქრში ღამე უძილო.

იქნებ, უაზრო არის ჩემი შეხვედრა შენთან,

იქნებ ჯობდეს, რომ დაგივიწყო სამარადისოდ,

დამწუხრებული ვერ ვსაუბრობ საბრალო, ღმერთთან,

დღეს სული ჩემი გამომშრალი სევდით აივსო.


რა ვუთხრა დღეებს ნაღვლით სავსეს, ბნელში დაკარგულს,

ან რად ვაკავებ შვების მომცემ უხმო გრძელ ტირილს,

რით ვანუგეშებ ჩემს პატარა ჩვილივით ნაზ გულს,

გულს, რომელშიდაც მე ვინახავ შენს ლამაზ ღიმილს.




შინ მიმავალი ვეკითხები ჩემს თავს, ვინა ხარ?

წინ მელოდება შენზე ფიქრში ღამე უძილო,

და მეუბნება, სიყვარული თუ კი გინახავს,

ის ტანჯვის ზღვაა სისხლიანი, შმაგი, უძირო.











ყვითელი ბავშვი


მოვიდა ბავშვი, ყვითელი სიკვდილით,

თვალებწყლიანი...

შეხედა ატამს, მზისგან რომ ტირის,

არხევს ნიავი.

ვარდისფერ ფურცლებს გააყოლა ოცნება ლურჯი,

მზერა გვიანი...

და მის თვალებში აელვარდა სიკვდილის შუქი,

მშვიდ-სევდიანი...

შეირხა ტანი, ვით ქიმერა ედემის ბაღში,

ვაშლი და ევა...

კაენის მომავლით ჭრელი პერანგი გაჰფანტა ქარში

იდუმალ გველმა.

ბავშვი უმწეო ყველაფერთან, იდგა ფერმკრთალი,

ვით ანგელოსი.

ის იყო მგზავრი, ბედის მორჩილი უმანკო კრავი,

მწველი ტაროსი.

სისხლის წვეთებით შეიღება მზე, როგორც კვერცხი -

სიმბოლო ცდომის...

გრძელი ღიმილი აენთო თვალებში, მარადი ცეცხლი -

მოლურჯო კვდომის...

წავიდა ბავშვი... დარჩა სიკვდილი -

თვალებწყლიანი...

შეხედა ატამს – გაძარცვულ ტკივილს

არხევს ნიავი...














წვიმს


წვიმს... წვიმის წვეთები ეცემა სარკმელს.

წვიმს... ყოველი წვეთი ჩემი ცრემლია.

ვის... ვის გადავუშლი ჩემს გულის დარდებს?

ვის...

ვის დავანახებ ჩემს სულს სევდიანს?


ვინ... ვინ მოგინდომა გათელვა, გულო.

ვინ... ვინ გამოგტაცა სულო, სინაზე,

რად... რად არ დამინდე მე, სიყვარულო?

რად... რად ვარ ეული ამ ქვეყანაზე?

მინდოდა, მეც დავმტკბარიყავი აპრილის ფეთქვით,

მინდოდა, მეც შემოდგომის სურნელი მეგრძნო,

მაგრამ ვაზს ემუქრება ზეცა თეთრ სეტყვით,

რადგან შენ მარად დუმხარ, ქაოსის ღმერთო!


ვინ... ვინ მომიშუშებს მე სევდიან წყლულს,

როს... როს არსაიდან არ ჩანს ნუგეში,

მე...

მე ბედისაგან გზაზე დაცემულს,

რა... რა მომასვენებს ბნელ სამარეში.


ვის... ვის გადავუშლი ჩემს გულის დარდებს?

ვის... ვის დავანახებ ჩემს სულს სევდიანს?

წვიმს... წვიმის წვეთები ეცემა სარკმელს.

წვიმს... ყოველი წვეთი ჩემი ცრემლია.






უფალო გვედრი

ფეხმძიმე ცაო, დაიფარე ღრუბლის საბანი.

მომეცი, დაო, ტრფობით დამწვარს იასამანი.

პოეტური კრებული



უფალო, გვედრი, დაღლილია ლოცვით ხელები,

მზეო, შენ გეტრფი, შემიმშრალე თვალზე ცრემლები.

მღელვარე სულო, იკრიფება შენთვის ვარდები.

გზა უსასრულო, დაღლილია ჩემი დარდები.

ნისლია არე, დაბინდულან სამშობლოს მთები.

შორია მთვარე, თუ ოცნებას არა აქვს ფრთები.

რა არის ფიფქი, სიყვარულის ერთგვარი ლანდი,

მე ახლა მივხვდი, თუ რა არის ,,გემი დალანდი”

ფიქრია გული, იმედები ლურჯი ალებით,

ყველგან უფსკრული იხედება ბნელი თვალებით.

მინდვრის ყვავილში არის ცრემლი და ნეტარება,

კუბოს მანდილში იბადება სხვა შეყვარება.

სიკვდილის ტბაზე თავგანწირვით თუ მღერის გედი,

ნაოჭი ღაწვზე არის კვალი უმძიმეს სევდის.



დღეთა სრბოლებას მოაქვს ხშირი ტანჯვა-წამება,

ისმის გოდება, დუმილშია მხოლოდ სამება.

უფალო, გვედრი, დაღლილია ლოცვით ხელები,

მზეო, შენ გეტრფი, შემიმშრალე თვალზე ცრემლები.

აღელვდი, ზღვაო, გადალახე ბედის სამანი,

მომეცი, დაო, ტრფობით დამწვარს იასამანი.









ამაო ცდა

ჩემი სული შეშლილია,

ვტირი მის შეშლილობას.

ღამის ისე მეშინია,

ვაპირებ თვითმკვლელობას.

დაკივლების მესმის ხმები -

მწუხრზე რეკვნენ ზარები.

სულო! ვერ გაშალე ფრთები

და მეც არ მენანები.

დათოვლილა ლურჯი მთები,

გამიშეშდა თვალები.

თუ პოეტად არ ვითვლები,

რად მწვავს ლექსის ალები?!

ჩემს სამშობლოს ვენაცვალე,

ცრემლში ვალბე ბწკარები.

ბევრჯერ მისთვის ცრემლი ვღვარე,

მის მზეს დავედარები,

მაგრამ მესმის, მესმის ხმები -

დაიკივლებს ზარები.

სულო! ვერ გაშალე ფრთები

და მეც არ მენანები.












ირანული მოტივიდან

გული სევდით მედაღება,

Aროცა დღეებს ვაცილებ,

ვაჰმე, როგორ მენანება,

რა ეშმაკი მაცინებს!?

ვიცი ასე, რომ ჩემს კუბოს

ერთხელ გააცილებენ.

ჩამიშვებენ ჩემს სახლს მყუდროს,

სადაც ბნელი იმეფებს.




ვინ მოთოკა დროის ცხენი,

არ ედება ლაგამი,

ბედს წინ მე ვერ აღვუდგები,

მაშ, ჩემს სიკვდილს სალამი!


მაგრამ ვიდრე ვცოცხლობ ქვეყნად,

ღვინოს დავლევ, დავთვრები.

განა ვიცი, როდის წავალ?

მიწა როდის გავხდები.

















ჩემო თბილისო


ჩემო თბილისო, შენს სამსხვერპლოზე

მე სიყვარულის ზვარაკს მოვიტან,

შენი ქუჩების უძირო ზღვაში

გადავვარდები და თავს მოვიკლავ.


მე თბილისური სურნელი მათრობს,

პოეტის სულში დაწყდნენ სიმები,

ეგ ცა და ეგ მზე ძილშიდაც მათბობს,

შენ, მთაო წმინდავ, შენ მესიზმრები.


შენ მელანდები, მარად ქალწულო,

შენზე ოცნებით დღეს მე ვარ მთვრალი,

შენთან ალერსი ისე მომინდა,

შენა ხარ ჩემი ოცნების ქალი.


ჩემო თბილისო, შენს სამსხვერპლოზე

მე სიყვარულის ზვარაკს მოვიტან,

შენი ქუჩების უძირო ზღვაში

გადავვარდები და თავს მოვიკლავ.

















თყ სიყვარული არ ჩადგა გულში

გულში ფარული იელვებს ფიქრი,

თუ აფეთქდება ცაზე მირაჟი.

გადამხმარ დღეებს ტირილით ვითვლი

ჩამავალ მზესთან, ზღვაზე, სილაში.

ვით დავიბრუნო ჩემი წარსული?

დედაო ძისავ, მომეც ნუგეში!

გული, დარდებით წრეგადასული,

ვეღარ ისვენებს შენს თბილ უბეში.



წავალ დაღლილი, ლურჯი ოცნებით,

თუ დამაღონებს სულ სხვა ჰანგები,

სულო მბორგავო, ნუ გაოცდები.

ბოდლერის ბაღში მჭკნარი ვარდებით.

თუ სიყვარული არ ჩადგა გულში

და თუ სამშობლომ ჩარაზა კარი,

გადავვარდები, სადღაც უფსკრულში

მთვრალი ღვინით და ლექსებით მთვრალი.

შემდეგ შევჩივლებ მფარველ ანგელოზს,

რომ ეკლიანი გზებით მატარა.

მკერდზე მოვიგლეჯ ძოწის ავგაროზს,

ბედმა რომ ცრემლად გამომატანა.

განაწამები დღეთა ქარცეცხლით,

სულს ვერ მივუჩენ ცისფერ სავანეს,

რომ მე ფარულად უკვე ჯვარს ვეცვი,

რომ მე ფარულად დავესამარე.















სამარადისოდ წამყვება ქარში

ლანდად ქცეული თეთრი აჩრდილი,

რომ მე ცხოვრება მინდოდა ხალხში,

მაგრამ ხალხისგან ვიყავ დაჭრილი.

რომ მე ვუმღერდი თავისუფლებას,

სულს გაეშალა უმანკო ფრთები.

უფალო, ჩემი ტანჯვა თუ გნებავს

დაე დამტანჯე, ჰა, გევედრები.

თუ სიყვარული არ ჩადგა გულში

და თუ სამშობლომ ჩარაზა კარი,

გადავვარდები, სადღაც უფსკრულში

მთვრალი ღვინით და ლექსებით მთვრალი.


































კაცობრიობის გამოძახილი

დავეძებ რაღაცას და არ ვიცი, თუ რას დავეძებ,

მწყურია რაღაც და არ ვიცი, თუ რა მწყურია.

ასე მგონია, თითქოს, ვიყავი სულით საზღვართან,

თითქოს, მგონია, ჩემი გული სხვისი გულია.


ვიპოვე რაღაც და არ ვიცი, თუ რა ვიპოვე.

დავკარგე რაღაც, დაკარგული სევდის მანტია.

ვიგლოვე რაღაც, მრავალი გზის უკვე ნაგლოვი

და მქსელავს ბედი ვით ობობა ხაზთა ბადია.

მიყვარდა ვიღაც და არ ვიცი, თუ რად მიყვარდა.

ვცხოვრობდი უწინ და თითქოს, ვგრძნობ, არ მიცხოვრია.

სიმახინჯეში სილამაზის ნაკვთი მხიბლავდა,

სიბერის ველმა ყმაწვილად რომ ამიყოლია.

მესიზმრა რაღაც გარდასული მომავლის სიზმრად,

მოვკვდი და ვცოცხლობ, ვით აჩრდილი ჩონჩხის ლანდებად,

ვიმღერე, თითქოს, ხვალ რომ უნდა მემღერა რაღაც,

თითქოს, იწყება უვრცესი გზა, თითქოს, მთავრდება.

ავედ აღმართზე და მეგონა თითქოს დაღმართი,

გავხედე სივრცეს, მომეჩვენა დიდში პატარა

და უკუსვლებით ბიბლიიდან გავხდი წარმართი,

ეტლმა ჟამისამ თვით მზის სხივზე სწრაფად მატარა.

პოეტური კრებული



დაჰქროლე ქარო, ჯერ არ ქარო, მძლავრად ქარულად.

გაშლილ სცენაზე ნიღბები მსურს რომ გადავაგდო,

ჭიდილის ჟინით ვითამაშებ ღმერთთან მარულას,

რომ ეს თამაში არც მოვიგო და არც წავაგო.






















სამშობლო შოპენი

დიდი შოპენი მე მაგონებს ტანჯულ სამშობლოს,

სად ნარ-ეკალით დაფარულა მთები ზვიადი,

სადაც ქარიშხალს შეუცვლია ნარნარა სიო,

სადაც ნათელი გამქრალა და მეფობს წყვდიადი,

მაგრამ შორს...

შორს... შორს...

ბრწყინავს სხივი, სხივი ელვარე,

ის ჩემი გულის ძგერას უხმობს ციურ ლაჟვარდში

და ვით ზღვის ტალღა აქოჩრილი, შმაგი, მღელვარე,

სულის სარკმელზე ეხეთქება ქარის ნავარდში.

აი იმედი, აი რწმენა, ჰანგთა სუფევა.

აი შოპენი, სამშობლო და თავისუფლება!




























ტოტს მოსწყდა კვირტი


სიო ატოკდა და ქალის მკერდს ევნება ხელი,

ღამე დანებდა და შეიჭრა იქ გარიჟრაჟი.

გრძნობა შეცურდა მის სხეულში ალისებრ ნელი,

ნებდება ხორცი, წამი მარადის არის მირაჟი...

ხორცი უბიწო, ბიწიერი ეცემა მიწას,

ლორთქო ბალახი ითელება ცხელი სხეულით,

რასაც არ გრძნობდა, ყოველივე შეიგრძნო იმ წამს,

წამით მისია, მაგრამ წუთში არის ეული.

თავზე დააცხრა, აიტაცა წიწილა ძერამ,

წუთის სიამით ფართხალებს გული.

გაირღვა ბადე და თევზებიც მიჰყვება ჩქერალს

და დგას ზვირთებში უშიშარი იქ მებადური.

და კვდება წუთი იმ ბალახზე, როს ჰქრება ნამი

ეცლება სხეულს ნაბოძები ღვთიური ძალა.

ეს იყო თურმე სიზმარეთში სიცხადე წამის,

ტოტს მოსწყდა კვირტი და სურნელი წაიღო ქარმა.
















ტკივილი სურვილში


ნეტავ, როდესმე დამიბრუნდეს ბავშვობის წლები,

რომ მე ბავშვურად კვლავ აღვიქვა დედაბუნება.

მთა მეოცნებე, ყვავილებით მოფენილი ხასხასა ველი,

ხის ცხენზე ჯდომა, სიყრმის წლების ტკბილად ბრუნება.

შხაპუნა წვიმა, თევზაობა, ჯდომა ძველ ნავში,

დევებთან შებმა და ზღაპრები პატარა ჯუჯის,

ხილვა ვერტმფრენის, სიხარული განცდილი ცაში,

სილის გვირაბი და ფიფქების ფარფატი გუნდით.

ნაპოვნი ბარტყი, გამიფრინდა ბავშვობის წლები.

ფრთა, მოტეხილი, შეუხორცდა, აფრინდა ზეცას.

ახალგაზრდობაც ითელება ეკლიან გზებით,

მაგრამ მოხუცი ისევ ბავშვი ვიქნები, ეს მწამს.

ოჰ, სიბერემდე კიდევ დამრჩა რამდენი წელი,

რომ გაფრენილი სიყრმის დღენი ისევ მოფრინდეს.

მე მაშინ სულით ვიქნები ჩვილი,

ხოლო სხეულით ხრწნადი მეწყერი

და მხოლოდ მორფი დამიამებს საზარ ტკივილებს.




























გამოთხოვება გაზაფხულთან


შენ თეთრი კაბა გამშვენებდა ლურჯი იებით,

იყავ წარმტაცი, ვით თებერვლის შემოცისკრება,

შენი ღიმილი მომიტანეს დაბზარულ მარტად

თავისი ფრთებით თვალხატულა, ლამაზ ჩიტებმა.



აფეთქდა ნუში და ატმებსაც მოედო ალი,

ტყემლის სურნელით გაიჟღინთა ჰაერი ქვეყნად,

როგორც მარცვალი, დაბნეული აპრილის ქარში,

შენ გაიღვიძე, ვით ამურმა მთა-ბარად ყველგან.

შენს ლამაზ მკერდზე მზე აფენდა დაოფლილ სხივებს,

კაბის შრიალით გრილი სიო აამაისე

და ისე თრთოდი სარეცელზე, ვით ქალიშვილი,

წყურვილის თასი ოდეს შენი ვნებით ავივსე.

და არ ცხრებოდა ჩემი ლტოლვა მჩქეფარე სისხლად,

მაგრამ უღონოდ სარეცელზე ვიწექ დაღლილი.

ანაზდად ადექ, გაიხურე ზღვარის კარები...

და განშორება იყო შენთან ძალზედ ხანგრძლივი.

მე შენს თვალებში დავინახე მზე ჩირაღდნებად,

ამაცახცახა სევდამ ზღურბლთან დაუღვრელ ცრემლზე.

შენ დაბრუნდები, როგორც კახპა, ჟინით დამთვრალი,

მაგრამ მე იქნებ აღარ დაგვხვდე ნაზ სარეცელზე.





























საყმაწვილო

კაცით ამაყობს ქალი

ქუჩაში მიდის როცა,

თუკი უბერავს ქარი,

მაშინ აღარ ღირს მოცდა.

ორი მთრთოლვარე სიტყვა,

ერთი ტყუილი ფიცის,

რომ სიკვდილამდე გიყვარს

სუნთქვა ზეცის და მიწის,

შემდეგ ეშვება ფარდა

ტახტთან სიბნელის მგვრელი,

მაშინ ოცნებაც ახდა -

კოცნა მძაფრი და მწველი.



კაცით ამაყობს ქალი

ქუჩაში მიდის როცა,

თუკი ჩაგიკრეს თვალი,

მაშინ აღარ ღირს მოცდა.



















შემოდგომის ბაღში

შემოდგომის ბაღში

ფრთაფარფატა პეპლებს

გაიტაცებს ქარი,

ვით ჯადოსნურ ეტლებს,

გაიტაცებს ქარი,

ვით ჯადოსნურ ეტლებს,

შემოდგომის ბაღში

ფრთაფარფატა პეპლებს.


შემდეგ ფოთოლცვენა

დამავიწყებს ლოდინს,

ჩამჩურჩულებს ჩუმად:

,,სიყვარული მოდის!”

და მაშინვე ზეცას,

მივანათებ თვალებს,

გავიქარვებ სევდას,

ყვითელ თოვლის ფანტელს.

ბედნიერი მხატვრის

ფერს შემიცვლის ფუნჯი,

მერე მოვა ჩემთან

ჩემი სიყვარული.

ავფრინდებით ზეცას,

ვით ოცნება ლურჯი

და სინათლის ღმერთთან

მივალთ თაიგულით.

შემოდგომის ბაღში

ფრთაფარფატა პეპლებს

გაიტაცებს ქარი,

ვით ჯადოსნურ ეტლებს,

ვით ჯადოსნურ ეტლებს.

გაიტაცებს ქარი,

შემოდგომის ბაღში

ფრთაფარფატა პეპლებს.








ახლა ისევ მარტო ვარ

ახლა ისევ მარტო ვარ,

როგორც უწინ ვიყავი,

მზემ მდინარე დააშრო,

წვიმას ელის ხის ნავი.

ალბათ ყველას შევძულდი,

როგორც გველი მგესლავი.

სადღაც თოვლმა დათეთრა

ოცნებების ველები,

თქვენთვის თრთოლვით დამჭკნარა

გამოწვდილი ხელები.

სად შთაინთქა, სად გაჰქრა

მეგობრული ალერსი,

განწირულის ვედრება

დღეს არავის არ ესმის.

სტრიქონები ეულის

ქარს არ მიაქვს ტალღებად,

ხვალ არ ვიცი იუდა

რამდენ ვერცხლს დახარბდება.

ახლა ისევ მარტო ვარ,

როგორც უწინ ვიყავი,

მკერდზე მხოლოდ ლურჯმა ზღვამ

ჩამიხუტა მყვინთავი.

ათასფერად შემმოსა

მარგალიტის მძივებით,

მაგრამ აქაც მომეჭრნენ

მზის ვერაგი სხივები.

ქარმა ალვა შემოსა,

შემდეგ ისევ გაძარცვა.

სცივა უსამოსელოს,

რით გავათბო, რაღა ვქნა?!

ახლა ისევ მარტო ვარ,

როგორც უწინ ვიყავი,

ყველას გადაავიწყდა

სათამაშო ხის ნავი.

ახლა ისევ მარტო ვარ,

წლები სადღაც გამქრალა,

ახლა ისე მარტო ვარ,

მარტოობამ დამღალა.

პოეტური კრებული






მაპატიე


ქარი ქრის წვიმის წვეთებიც ქრიან,

და როიალის კლავიშებზე თრთიან თითები.

მე ამას მივხვდი, საყვარელო, ამ ღამით გვიან,

წითელ დეკოლტეს რად იცვამენ მარტში ტიტები.

მე გამახსენდა ძველი ლექსი, ძველი სიმღერა,

და მოგონებით ამიძგერდა პატარა გული.

მიმქრალმა მთვარემ თეთრი ყელი გადმოიღერა,

მითხრა _ “შორს არის ახლა შენგან შორს, სიყვარული!”

სისხლისფერია სიყვარული, ქარით მოსული,

წვიმის წვეთები ახლა ჩემი ცრემლის ფერია.

მდუმარებით ვარ მე ამ ღამეს გარემოცული

და ჩემი სევდა ამ ღამეზე უფრო გრძელია.

მშვენიერება ისე ჭკნება, როგორც ყვავილი,

ძალუძს სიცივეს, რომ დააჭკნოს ატმის კვირტები,

მე კი მეგონა მიჯნურობა უკვდავი იყო,

მაგრამ წარმავალს უმღერიან თურმე ჩიტები.

მარადიული მსურდა ქვეყნად მე სიყვარული,

მაგრამ ის ჭკნება თურმე, როგორც ხეთა კვირტები

და თუ მე შენ ვერ შეგიყვარე, ჩემო ძვირფასო,

ნუ გაკვირდები, სანუკვარო, ნუ გაკვირდები!

ქარი ქრის, წვიმის წვეთებიც ქრიან,

და როიალის კლავიშებზე თრთიან თითები.

მე ამას მივხვდი, საყვარელო, ამ ღამით გვიან,

წითელ დეკოლტეს რად იცვამენ მარტში ტიტები.










სურათი გრიგალში

გრიგალთან ბრძოლა არანაკლებ ღმერთთან ბრძოლაა,

ოდეს მოკვდავი შეეჭიდე მარადისობას

და ქარიშხალში თავდახრილი შვების მძებნელი,

სულს იავარქმნილს აწამებდი, როგორც სხვისობას.

სამშობლოს სევდით ნაოჭებით შემუსრე სახე.

ყინვის ნერვებით შეაჩერე ცრემლები თვალში,

უფსკრულთან მდგარმა განწირულად იყვირე: ,,გნახე!”

და გადაეშვი შენ საკუთარ ფიქრების ზღვაში.

ათას დაცინვას შეეგებე, როგორც გაზაფხულს.

ფარულ სიამეს ატარებდი სხვისთვის-ხილულ დარდს.

და უთქმელობით აწამებდი გულს ჯვარზე გაკრულს,

მაგრამ შენს ვარამს არ უმხელდი არცერთ მეგობარს.



ნაღველი ღრუბლად იშლებოდა ოცნების ცაზე,

მზისკენ კუბოთი მიიწევდი ხელებგაწვდილი,

გიჟის გვირგვინით გაიარე ურთულეს გზაზე

და გადაკვეთე ბრძენთა გზები მოკლე მანძილით.

სისხლის წვეთები დაიწურა შენი მელნიდან,

რომ დროის იქით ყოფილიყავ ბნელში სულმნათი.

შენ ხომ ცხოვრება ჩამოხსენი ზეცის კედლიდან

და გადააგდე მტვერში, როგორც ძველი სურათი.












თბილისი ჩემი პანაშვიდია

თბილისო, მე მიყვარს სურნელი შენი,

გაბრწყინებული მთაწმინდა მთვარით,

ქალწული სიოს მთრთოლვარე ფრთებით

მეტეხთან ფსალმუნს რომ ფურცლავს მტკვარი.

როცა ზარები ავსებენ ზეცას

სიონის გუმბათს მზე ავარაყებს,

ნისლი ეცლება შორს ქართლის დედას

და ნარიყალა ყვება არაკებს.

ფეხშიშველი მზე დაივლის ქუჩებს

რომ აამღეროს ვარდი ულევი,

თბილისის ქედებზე მტრედისფერ ბუჩქებს

მე სიყვარულზე ვეჩურჩულები.

თიბათვის ფერი გმოსავს გრძნეულად

მაისის წვიმა გამკობს მძივებით,

ბარათაშვილის ხიდზე ეულად

ჩემი ოცნება ოდადის სიმღერით,

ფიქრის გორაზე დავლანდე ია

სული ამევსო ზღვა სასწაულით,

თბილისი ჩემი პანაშვიდია

ჩემი სიკვდილის დღესასწაული,

იეთიმ გურჯივით დაგენაცვლები,

ლექსებს მოვყვები კარად და კარად,

თბილისო, შენი ტრფობით ვიწვები,

გიმღერებ ისე ვით საათნავა.

როცა ზარები ავსებენ ზეცას

სიონის გუმბათს მზე ავარაყებს,

ნისლი ეცლება შორს ქართლის დედას

და ნარიყალა ყვება არაკებს.

ფეხშიშველი მზე დაივლის ქუჩებს

რომ აამღეროს ვარდი ულევი,

თბილისის ქედებზე მტრედისფერ ბუჩქებს

მე სიყვარულზე ვეჩურჩულები.










დღეს შეშლილი ცზე მზეა

დღეს შეშლილი მზეა ცაზე,

მეც შეშლილი დავდივარ.

ეს რა წუთისოფელია,

ბნელ ტაძრიდან გავრბივარ.

გადატყორცნილ მთვარის სხივზე

სისხლით დანა ელვარებს,

და ხაზებით ქალის წვივზე

ლურჯი ნერვი მღელვარებს.

წამლის სუნით, სილურჯეში

კედელს ტვინი აკოცებს.

სახრჩობელას ეღიმება,

თოკზე სისხლი აოცებს.

და ნიჩაბი, მოღერილი,

მზიდან აბავს მთვარეს ძაფს

და სიცოცხლით გარდაცვლილი

ამსხვრევს ბედის სარკოფაგს;

და აპრილის იანვარი

ჰკივის ცისკრის ნამებზე,

იფურჩქნება შავი ვარდი

ნაჭრილობევ ღაწვებზე.



შვიდი თითი და ნახტომი,

ცხრა წამი და ცხრა ია,

ბნელ ვარსკვლავის ელვარებით

თრთის უგრძნო სიმფონია,

სისხლის ჰანგებს ანთხევს ზარი

და დემონი არხევს ფრთას.

შიშის შიშით, ვჭვრეტ ლაზარეს

მკვდარი ითხრის თავად თვალს.

კვლავ ლანდი თრთის დანის პირზე,

ხორხი მღერის, ხრიალებს

და სიცოცხლით გარდაცვლილის

სისხლი მზეზე თქრიალებს.

დღეს შეშლილი ცაზე მზეა,

მეც შეშლილი დავდივარ.

ეს რა წუთისოფელია,

არაფრისკენ გავრბივარ.









საღამო სექტემბრის


დაღალულ ხელებს დავიკრებ ნაზად,

თვალებს მივაპყრობ ზეცას დაღლილი.

გაივლის ქუჩას უცნობი მგზავრი,

სახლის სიშორეს იგრძნობს მანძილი.

ატყდება ქარი, წამოვა წვიმა,

სურვილი ქუჩას გაეკიდება,

შვება ოთახში დახუჭავს თვალებს

და ცივ სარკმელზე ჩამობინდდება.

მაგრამ კვლავ სული ვერ მოისვენებს,

ფიქრი ოცნებას მიწვდა ხელებით

და ჩუმად მოვა იდუმალ ძილი,

ტკბილი სიზმრით და საშინელებით.











წყაროსთან


ნეტავ, ვინ არის ეს ქალი

წყალზე რომ მოდის კოკითა.

ვერ მოვაცილე შმაგ თვალი

ღაწვზე ამბორი მომინდა.



რა სევდიანად იმზერის,

სატრფო ხომ არ ჰყავს შავეთში,

ვაჰ, გული როგორ მიძგერის,

რა ეშხის ქსელში გავები.

შროშანს ჰგავს ყელმოღერებულს,

ვარსკვლავს ზეცაზე ბრწყინვალეს,

ტაძარს ჰგავს ღვთისგან შენებულს,

ხატს ოქროთ ნაჭედს, ბზინვარეს.

პოეტური კრებული



ნეტავი წყალად მაქცია

მის კოკას ჩავეღვრებოდი,

ალვას ჰგავს, სუროდ მაქცია

ლერწმის ტანს დავეხვევოდი.

ან მომცა ჯადო თილისმა

სენს ავჰყრი სევდას კრულისას,

ვაამბობინებ ამბავსა

უცნობსა მის წარსულისას.

ნეტავ, ვინ არის ეს ქალი

წყალზე რომ მოდის კოკითა.

ვერ მოვაცილე შმაგ თვალი

ღაწვებზე კოცნა მომინდა.











როცა მოვკვდები

დღეები მიდიან... და მე არ მჯერა, თუ დამივიწყე...

დღეები მიდიან...

და მე ამჯერად ვარ ისევ მარტო...

უნათლეს წამებს ნაოცნებარ სევდით ვშორდები

და შენს სარკმელთან მდგარ ალვის ხეს

ლურჯისფრად ათოვს.

ვით დაგივიწყო, როცა შენი სახება თან მაქვს,

ვარდის სურნელი ნაწვიმარზე შენს თავს მაგონებს,

სულს პოეზიის ლურჯი სევდა იარად დააქვს,

რომ ცისფერ ცისკენ ანგელოზის ფრთებით გაქროლდეს.

როცა მოვკვდები და ვერ ნახავ ჩემს დაღლილ ღიმილს,

მაშინ შენ ძლიერ, ძლიერ, ძლიერ მოგენატრები!

მოგენატრება ჩემი ხმაც და დაიწყებ ტირილს,

რომ ვერ მიხილავ ვერასოდეს, შენ დანაღვლდები.

და იმ მოსაწყენ დღეთა დენას უჩემოდ მავალს

შენ სინანულით გააცილებ თვალცრემლიანი,

მოხვალ, დახედავ, ვით აჩრდილი მდუმარე საფლავს

და დაბრუნდები მაშინ სახლში შენ სევდიანი.

მოგონებებით აგევსება პატარა გული,

ჩემი თვალების მოგინდება მზერა წყლიანი,

მაგრამ ვიქნები სამუდამოდ მე დაკარგული,

გზას აცდენილი, ჩვილი ბავშვი, მგზავრი გვიანი.

დღეები მიდიან... და მე არ მჯერა, თუ დამივიწყე...

დღეები მიდიან...

და მე ამჯერად ვარ ისევ მარტო...

უნათლეს წამებს ნაოცნებარ სევდით ვშორდები

და მაგ შენს გულში ჩემს არ ყოფნას

წინასწარ ვდარდობ.












შემიბრალე ქალაო

ვით ოცნება, ჩემს სულში

შემოიჭერ, ქალაო.

მაგ თვალებით ჩემს გულში

გამიყარე დანაო.

ღვინო მე აღარ მათრობს,

შენით ალვისტანაო,

გულს ჭრილობა გამეხსნა

ვკვდები თანდათანაო.

ღმერთი, რჯული, გაგიწყდა

სილამაზით შენაო

რაც გიხილე მას შემდეგ

ვერ ვისვენებ მენაო.

ჩემთვის მზე აღარ მნათობს,

აღარ მესმის ნანაო,

შენთვის სიცოცხლეს დავთმობ,

სხვა რა გინდა, განაო?

ნუღარ მტანჯავ უბედურს,

შემიბრალე, ქალაო,

ან მაჩუქე ღიმილი,

ან დამარტყი დანაო.













და მაშინ გეტყვი

მე შენი სახე მომაგონდება,

როცა სიკვდილის მივალ კარებთან

და მაშინ გეტყვი, რომ მე მიყვარდი –

შენი მშვენება სულს მიამებდა.



რამდენი ღამე შენზე ფიქრებში

მე გავათენე მიმქრალ მთვარესთან

და მუხლმოყრილი ღვთისმშობლის ხატთან

ცრემლი მდიოდა ნიაღვარებად.

როს ალიონზე მე, ღონემიხდილს,

შენზე ოცნებით მეძინებოდა,

სიზმრად გვირილის გვირგვინს გიწნავდი,

შენ კი ბალღივით გეღიმებოდა.

გაშლილ მდელოზე მჭვირვალი კაბით

პეპლებს დასდევდი, თვითონ პეპელა

და ტანზე დაშლილს თმებს ჰაეროვანს

სიო გიწნავდა კრძალვით ნელ-ნელა.

ყვავილთა კონას მაღლა ისროდი,

მზე სხივებს ტანზე უხვად გაფენდა.

შემომხედავდი, გაიქცეოდი,

გსურდა ზეცაზე თითქოს აფრენა;

და მეც ღიმილით უკან მოგსდევდი,

მსურდა მკლავებში შენი მომწყვდევა,

მაგრამ უეცრად მეღვიძებოდა

და ჩემს სიხარულს სევდა მოსდევდა.

ოჰ, როცა გეტყვი – “მიყვარხარ ძლიერ!

შენით ვიცოცხლე ამდენი წელი,

მე შენს ღიმილის ალზე ფარულად

როგორც ფარვანა გარდავიცვლები...

მაგრამ თვალებზე თუ მე შეგნიშნე,

ცრემლთა ფარული აელვარება,

მაშინ ვინ იცის... ვინ იცის, მაშინ...



რომ მე სიკვდილი დამენანება.




სმენათა საუნჯე

სიტყვები ვატყვევე

უტყვი ბორკილებით,

გულის და გონისთვის

გავხდი მორკინალი.

ფერთა სავანე ავაიასამანე

ავაიასამანე ფერთა სავანე.

მეტრით ხაზები გადანახაზები,

გადანახაზები რიტმით ხაზები

რითმებს ვაუნჯე სმენათა საუნჯე,

სმენათა საუნჯე რითმებს ვაუნჯე.

ფიქრების ნამქერად ნიღბები ვანიავე,

ვაქციე დარდები ვარდების სანიავედ,

აზია მოსჩანს ნასხურევ აიაზმად,

ზარების რკალებში მესამე აილანდა.

გრძნობები გრაგნილზე გადანაბმულები.

ზუზუნებს ეპოქოს ხავსი მავთულები.

წამები აგორდა წუთებით და წლებით,

წლები დაგორდა, ის იქცა წამებად.

სიკვდილი სიზმარად ასილაჟვარდდება,

ასილაჟვარდდება სიცოცხლე ვარდებად.

ტალღად ადიდდება მარადი დიდება,

მარადი დიდება მარადში იფიტება.

ბრძოლაში სიკვდილი, უმღერი სიმღერა,

ალად აინთება წითელი ქიმერა.

სიტყვები ვატყვევე

უტყვი ბორკილებით,

გულის და გონისთვის

გავხდი მორკინალი.

ფერთა სავანე ავაიასამანე,

ავაიასამანე ფერთა სავანე.

















ამაოება

უფალო, შენი ნაპირია უნაპირობა,

მე კი წარმავალ სოფელში ვარ სევდის მეუღლე,

ჟამი მეწყერი მთლად წალეკავს თიხის გმირობას,

რომ მე მოკვდავი უკვდავებას ვერ შევეუღლე.

მე სხივს უნათლესს გადმონაღვარს ჩემზე გვირგვინად

მარადისობის ცაზე ვთვლიდი წყალობის ელდად

და რამაც ჩემში ტიტანურად მეხად იგრგვინა,

ის აღტაცება წამი იყო და იქცა ფერფლად.

მე მორკინალი ჟინი მწვავდა, სისხლი მხეცური,

მსურდა, შემექმნა არარისგან თვალი გიშერი

და რომ მეგონა ზღვას იტევდა პატარა გული,

ცვარის წინაშე მოდრეკილი ვდგავარ შიშველი.

შორით ელვრე თვალთან ახლოს ვეღარ გამოკრთის,

გიგანტურ ძალას უძრაობის დალეწავს გარსი

და ამ მშვენიერ ქანდაკებას მზეზე გამოთლილს,

ქარი შემუსრავს მწკვარამ ღამით შმორიან ხავსით.

პოეტური კრებული



ალმოდებული ფიქრი მწველი, შმაგი, მღელვარე, ჩემში რაც იძვრის ქაოსური და ბუმბერაზი,

დროთა სრბოლებას რომ გაჰყვება ახლა ელვარე,

ვერ შეითვისებს სხვა ეპოქის უბრალო კაცი.

გრძელი ოცნება ზვიადური მოკვდა მეფურად

და მიმავალმა უდაბნოში დავკარგე გული,

ამაოებამ იმედები ჩაკლა შლეგურად

და სინანულის ხედ ქცეული ვარ განძარცული.



უფალო, შენი ნაპირია უნაპირობა, მე კი წარმავალ სოფელში ვარ სევდის მეუღლე,

ჟამი მეწყერი მთლად წალეკავს თიხის გმირობას,

რომ მე მოკვდავი უკვდავებას ვერ შევეუღლე.







როგორც პიკასო

მოვა სიჩუმე უნაზესი, როგორც ზამბახი

და მე მომიტანს მკვდარ სატრფოს თვალებს.

მე დავბრმავდები მზის ძარღვებზე, როგორც ზღაპარში,

სხვა ქვეყანაში მე შევაღებ ულურჯეს კარებს.

დაჭრილ ანგელოზს დამიამებს ტკივილებს ქარი,

დამშრალ ტბის ძირზე გაბრწყინდება ობოლი ცრემლი,

მკერდზე მიმიკრავს მჭკნარ თითებით ოდესღაც მკვდარი

და ჩემს კოშკებში გავბრუვდები ლანდების ცქერით.

ჩემს ქვეყანაში ანგელოზის დადის აჩრდილი,

ქრისტეს პერანგში გადაცმული იუდა ქრება,

უკარებაა, ვით ყვავილი ღმერთის შექმნილი

ცოცხალი თითები თუ შეეხო მაშინვე ჭკნება.

ცისფერ ძარღვებზე ჩემი ცრემლი უფრო მტკნარია;

ფილტვებს აყრიან მიწის ნაცვლად გათხრილ სამარეს,

ჭლექით ანთება ჩამომჯდარა ყვითელ კუბოზე,

ხატავს სისხლისფრად უკვდავების ნათელ სავანეს.

გველის ჰანგები პირამიდის კედლებს ასკდება,

ვეზუვის ფერფლით ძაღლის ჩონჩხი დარაჯობს ქვესკნელს,

სატრფოს თვალები მწვანე ტბაზე მოსჩანს ხაზებად

და ვით პიკასო საოცარი მე ვხატავ ლექსებს.
















შენ გეტყვის ეს ღამე


საღამო უშენოდ გავიდა წვიმაში,

ღრუბლების იქით გამოჩნდა მთვარე,

ღამეულ ფიქრების მხურვალე ქვიშაში

გული უდაბნო იწვის მწუხარედ.



სადა ხარ... არ ვიცი... სევდა მომერია...

ვერ ვხედავ თაფლისფერ უძირო თვალებს.

ეხლა საათის ნეტავ რომელია?

რა სწრაფად მისდევენ წუთები წამებს.

ოცნება იფერფლება ღამის სიწყნარეში,

ოჰ, ბედს თუ მოუნდა, რომ კიდევ გიხილო,

მე მოვალ, ფერმკრთალი მთვარიან ღამეში,

რომ შენთან ფარულად უცრემლიდ ვიტირო.

დამღალა... დამღალა... უსაზღვრო ლოდინმა...

სიყვარულს ტაძართან ფიქრებით მივყავარ

და როცა შეგხვდები შორეულ ზმანებას

ჩაგიკრავ გულში და გეტყვი რომ მიყვარხარ!

გეტყვი, რომ შენი ვარ მარად და მარადის

და ვიცი, მაშინაც რომ ძლიერ იწვიმებს.

მე ვარდებს მოვპარავ წვიმების მარგალიტს

და ყელზე აგასხამ იმ წვეთებს ვით მძივებს.



და თუკი შენ მოხვალ და ვეღარ მიპოვი,

იცოდე, გელოდე ტანჯული დილამდი.

შენ გეტყვის ეს ღამე მთვარიან წვიმებით,

თუ როგორ... თუ როგორ... თუ როგორ მიყვარდი...

სევდა და დარდები როგორ მომერია,

ვერ ვხედავ... ვერ ვხედავ თაფლისფერ თვალებს...

ეხლა საათის ნეტავ რომელია?

რა სწრაფად მისდევენ წუთები წამებს.









თბილისის დილა


თენდება დილა შეუცნობელი, ტანჯვის მომტანი

და მეეზოვეს ცოცხს მიჰყვება ფიქრების გროვა.

მეტროს ნაღვლიან სახეებში, ბორბლის ხმაურში

გაისმის ბავშვის მათხოვრული წკრიალა გლოვა.

ბაგეს ღიმილი შეხმობია, ვით ფურთხი ასფალტს,

დაწრწის ტრამვაი, სისხლიანი მიაქვს სიკვდილი;

და ირონიის ცრემლებს ნუსხავს მზარავი ბედი,

ისმის გამოწვდილ მჭკნარ თითების სიცილ-ტირილი.



სიმდიდრე დადის ბაზრის ბრბოში ყელმოღერებით

და სიღარიბე ამსხვრევს ფილტვებს ტუბერკულიოზს,

ცარიელდება ჯიბე ტახტის ავთა სულებით

და განწირული ხალხი უცქერს გიჟის კურიოზს.

ოჰ, ეს მზე ათბობს განურჩევლად ბოროტს და კეთილის,

მისი სხივები თამაშობენ სასახლის ბაღში,

ჰალსტუხიანი ბაყაყები ყიყინს იწყებენ,

სადღაც მზის სხივი ძუნწად შედის სნეულის სახლში.

ჯანსაღ წაღების ტროტუარზე ბრწყინავს ბალთები

და სეირნობენ გამზირებზე ბეწვის ქურქები,

დახეულ პერანგს და დაგლეჯილ წაღებს კი იზიდავენ

მივიწყებული ვიწრო, ძველი მყუდრო ქუჩები.

აყალმაყალში, ავტოს საყვირში, ბუზებში, მტვერში

დგას დღეს მთაწმინდა, მგლოვიარე, ღმერთების ნისლში

მეფობს სიკვდილი კაცი სმკვლელებით

და თვითმკვლელებით,

ასე თენდება საამო დილა ლამაზ თბილისში.











ერთხელ აგონიაში

დავდივარ გონება წართმეული,

ქუჩაში მზერა დაბნეული,

მაოცებს ხალხთა შეშლილი სახეები,

ყოველ მოსახვევში დამიგეს მახეები.

მაშინებს მოახლოვება სასტიკი ბრძოლების

და ვფიქრობ ეკლესიისგან წყევლა მომელის.

ქარი ქრის სახეში ფოთლები მეყრება

და ვიცი შორ დღეში სენი შემეყრება.

დიოსკურია შორს დარჩა მგზნებარი,

მზის საყდრის იქით მიმელის მეგობარი,

ასოებს დაბნეულს ერთად ვერ ვაგროვებ,

წვიმა ღამეში წაშლილ ფსალმუნებს მაგონებს.

თითები მივიდე შუბლზე იქნებ ვარ სიცხიანი?

ვხედავ დაჩეხილ სხეულებს ტროტუარზე,

ხვალ მივდივარ და მიმაქვს გული გახლეჩილი,

გული სისხლიანი,

სევდა უდაბნოში ეკლის გვირგვინს მომიმზადებს...

დასხდებიან მუხის სავარძლებში

ჩემი სიტყვების განსაქიქებლად

და ვერ უპოვნიან ჩემ ნათელ აზრებს მახინჯურ ზადებს.



Dდეკემბერს, გაჰყვა ჯვარცმა აპრილის, ლურჯი ფენიქსით,

ვხედავ ჯოჯოხეთში არის შუქი

და ვეკითხები მზეს გაგიჟებულს:

,,მთვარეს რად აძლევ სხივებს?”- მაგრამ ის ვერ მიხსნის.

თითები მივიდე შუბლზე, იქნებ ვარ სიცხიანი?

არა, არ არის კოშმარი უვნებოდ ვარ მე ცოცხალი,

მაგრამ წინ მიდევს მკვდარი და ვარ მისი ხორცის ნაწილი.

ჩემში დარჩა მისი სიცოცხლე ვაზნარმზიანი.

ჩემს სხეულს სხვისი ხელებით მივიტან სამარემდე,

მე ხვალ მივდივარ და მიმაქვს გული გახლეჩილი,

გული სისხლიანი.

პოეტური კრებული









მეძავი


ოჰ, შენ ცხოვრება გადააქციე ექსტაზად, ვნებად

და სარეცელზე დააწვინე ჟინით წყურვილი,

გსურდა ორგია მარადიულ ჟამთასვლის წლებად,

არ გამხმარიყო ალვაზე სურო, გნთქავდა სურვილი...

შენ მსხვერპლს წირავდი ფიქრით ბომონს,

ატეხილ სისხლად,

ღამის წყვდიადში ოდეს თრთოდა შენი სხეული,

შეყვარებული საკუთარ თავზე, შენ შიშვლდებოდი

და დიდ სარკის წინ იდექ მხოლოდ ვნებად ქცეული.

ანთებდი სანთლებს და საწოლში წვებოდი ისევ

და შენ გაღგზნებდა გაოფლილი თეთრი ზეწარი,

საკუთარ ხელებით, საკუთარ მკერდს გულში იკრავდი

და ველურ კაცად გესახებოდა ნეტარი წამი;

როს თენდებოდა შენი ვნება კვლავ არ ცხრებოდა

და დღის სინათლეს კვლავ მოსდევდა ღამე ბურვილი.

ოჰ, შენ ცხოვრება გადააქციე ექსტაზად, ვნებად

და სარეცელზე დააწვინე ჟინით წყურვილი.

























ხატად ჩემს გულში დასმულო


ქარი ქრის სულშიც ქარია...

ბაღში სველდება ვარდები.

დღეს ზეცა რა მწუხარეა,

რად ამეშალნენ დარდები.

შენ მაგონდები ასულო,

ამ ქარში, შუაღამისას.

ხატად ჩემს გულში დასმულო,

სინათლე ჩემო თვალისავ.



უმანკო შენი მშვენება,

ციდან მოსული მიწაზე,

ნისლებს რად შეუბურია

ეგ ღვთაებრივი სინაზე.

ან ის ღიმილი სად გაქრა,

ბაგეს გაშლილი კესანედ.

შენი ბულბულის გალობა

ახლა რად მესმის მკვნესარედ,

რად შევერცხლილა დალალნი,

ზღვას რომ ვადრიდი მღელვარეს,

ან ბროლის მკერდი რამ დაფშვნა

სხივზე ათასფრად ელვარე,

ჰოი, რად ქრები მშვენებავ,

ციდან მოსულო მიწაზე,

ნისლებმა რატომ შებურა

შენი ღვთიური სინაზე?

მწამს მალე ქარი ჩადგება,

თუ ღმერთმა მაღლით ინება

და ტურფავ, შენი მშვენება

ქვეყანას მოეფინება.



სულ შენზე ვფიქრობ, ასულო,

ამ ქარშიც შუაღამისას,

ხატად ჩემს გულში დასმულო,

სინათლე ჩემო თვალისავ.




მაგრამ ჯერ ისევ ქარი ქრის,

ბაღში სველდება ვარდები

და ზეცაც მწუხარე არის

ამშლელი ჩემი დარდების.











შენახარ ჩემი სიზმარი

შენახარ ჩემი სიზმარი და ჩემი ოცნება;

შენახარ ჩემი გაელვება კრიალა ცაზე;

შენახარ ჩემი შემოდგომის ფოთოლთა ცვენა;

შენახარ ჩემი მშვიდი ფიქრი მღელვარე ზღვაზე.

მე კი ვარ შენთვის არარა და უსივრცოება,

მე კი ვარ შენთვის სისხლიანი გზა ნაეკლარი,

და ჩემზე ფიქრით არ იღლება შენი გონება

და მე ვარ შენთვის საშინელი ტრამალის ქარი.

ოჰ, ჩვენი გზები დაყოფილი მდინარის ტოტად,

დაქსაქსულია ბედისწერის უცხო ხაზებით.

საშინელია, სიკვდილის შემდეგ მე მელის ბნელი,

შენ კი უმანკო, ღვთის წინაშე ზეცას წარსდგები.

მაგრამ მე იქაც თან გამყვება შენზე ოცნება

კუბოში ვარდი, მჭკნარ თითებში ლურჯი რითმები.

ჩემი ნუგეში მხოლოდ ის არს რომ ჯოჯოხეთის,

მე მარადიულ ცეცხლის ალშიც დამესიზმრები.

















საშინელი სიზმარი

ოთახში იდგა სუნი ჰაშიშის,

მეჩვენებოდა ხმლები ლეკური.

ეს ღამე იყო რაღაც საშიში,

რაღაც საშიში დოსტოევსკუერი.

გარეთ ძლიერი დაჰქროდა ქარი,

სარკმელს ღრუბლები გადაატარა,

კედლის ხაზებში ჩნდებოდა მკვდარი,

ბუხარში თვლემდა თითქოს სატანა.

არ მასვენებდა ფიქრი მაცდური_

სიკვდილ-სიცოცხლის მარად ბრძოლისა.

იყო იუდა, ჩემში, გამცემი,

ჰეროინული მეტეორისა.

მიხმობდა რაღაც არამქვეყნური,

ეპოქის ლოდი რომ ამეზიდა.

მე უბედობით ვიყავ ბედკრული

მესმოდა მუდამ წყევლა ზეციდან.

გარეთ ძლიერი დაჰქროდა ქარი,

სარკმელს ღრუბლები გადაატარა.

კედლის ხაზებში თვით ვიყავ მკვდარი

და მე ვიყავი თვითონ სატანა.

გამომაღვიძა ჰაშიშის სუნმა,

კვლავ მომეჩვენა ხმლები ლეკური,

სიზმარი იყო რაღაც საშიში,

რაღაც საშიში, დოსტოევსკური.










შენს ლამაზ ღიმილს

შენს ლამაზ ღიმილს

მე ვაჩუქებ მთელ ჩემს სიცოცხლეს

და ვარდისფერად მოელვარე მხურვალე ტუჩებს

ვეამბორები, ოცნებებში რომ ჩავიფერფლო.

რომ შენი ეშხის სამსხვერპლოზე ცრემლად ვიწვოდე.

შენს ლამაზ ღიმილს

მე ვაჩუქებ მთელ ჩემს სიცოცხლეს.

გული შენთვის ძგერს,

სული შენთვის სამოთხეს დათმობს,

ხატვას დავიწყებ

და შენს თვალებს დავხატავ ოდენ,

ზეცას ცეცხლს მივცემ

და ზეცაზე ჩავაქრობ მნათობს

რომ მხოლოდ შენ ერთს,

შენ გიცქერდნენ ჩემი თვალები

ასეთ ტრფობისთვის,

როგორც წარმართს ვიცი დამგმობენ,

მაგრამ არ ვნაღვლობ,

მხოლოდ შენს კერპს ვეთაყვანები.

მოვიდეს წარღვნა,

საშინელი ზათქით და ზვავით,

უფსკრულს წალეკოს

უნანებლად გული წამებით

ათ წმინდა მცნებას,

სახარებას და აპოკალიფსს,

მწამს შეუცდომლად

კვლავ დაწერენ ეგ წამწამები.

ხატვას დავიწყებ

და შენს თვალებს დავხატავ ოდენ,

რომ მხოლოდ შენ ერთს,

შენ გიცქერდნენ ჩემი თვალები,

ვარდების დარად

აწითლებულ მხურვალე ტუჩებს

ვეამბორები,

რომ ოცნებამ მფერფლოს ალებით,

რომ შენი ეშხის სამსხვერპლოზე ცრემლად ვიწვოდე

გული შენთვის ძგერს,

სული შენთვის სამოთხეს დათმობს,

რომ მხოლოდ შენ ერთს,

შენ გიცქერდნენ ჩემი თვალები,

შენს ლამაზ ღიმილს

მე ვაჩუქებ მთელ ჩემს სიცოცხლეს

შენი ტუჩების წითელ ვარდებს ვეთაყვანები

მეგრული ღამე

შენ, სამეგრელოს ცაო, უძირო,

მაგონებ დედის სევდიან თვალებს.

მეგრულ ოდაში მთვარეს უძილოდ

გაუთევია წუხელის ღამე.

პოეტური კრებული



,,დიდოუ ნანას’’ ქარი მღეროდა,

როცა ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე.

შორს, ბუმბერაზ მთებს თოვლი შვენოდათ

და შუქი კრთოდა ცაზე, მყინვარზე.

ათას ოცნებას მოვავლე თვალი

და სულში დარჩა მგზავრი გვიანი,

და ლანდშაპტების ნაცრისფერ რკალში

მომესმა ურმის კვნესა, ჭრიალი.

იდგა, ვით ლანდი, ღამე მდუმარე

და ჩემი გული აღარც კი ძგერდა.

მეგრულო ცაო, მეგრული ღამევ,

თქვენ დამიფარეთ უმწარეს დღეთგან.

შენ, სამეგრელოს ცაო, უძირო,

მაგონებ დედის სევდიან თვალებს.

მეგრულ ოდაში მთვარეს უძილოდ

გაუთევია წუხელის ღამე.

რად ქვითინებდა, ან რას გლოვობდა

არვინ იცოდა, მწუხარე მთვარე,

მხოლოდ შენ ხვდები პატარა ოდავ,

მხოლოდ შენ იცი, მეგრულო ღამევ.


















მგელი და ადამიანი


ერთხელ უკუნით შუაღამეს ვიწრო ბილიკზე

ძუნძულით, ხვნეშით, მოდიოდა ტყის რუხი მგელი

მისი ფიქრები იყო ხორცზე, მგზნებარე სისხლით,

თან ტყეს ნაძვნარსა საბნად ჰქონდა ფოლადის ნისლი.

თვალამღვრეულმა თითქოს რაღაც სუნი შეიგრძნო

და ბუჩქის უკან გაინაბა მშიერი მგელი.

,,სანამდე მე და ცხვარი ერთად მოვძოვდეთ ბალახს,

მანმადე მგლები მუსრს გავავლებთ ჩვენ ცხვრების ფარას.

ნეტავ, ამ ბილიკზე მოდიოდეს თეთრი ბატკანი’’

და ამ ბილიკზე მოდიოდა ადამიანი

ყველაფრის მომსწრე გუცივი და გულბოღმიანი.

მისმა სმენამაც გაიგონა ბუჩქში შრიალი

და სისხლის ღვრისთვის მოემზადა ადამიანი.

ტყემ შეარხია იდუმალი გული შავბნელი,

ქარმა კომბალით გადარეკა ღრუბლების ფარა,

და ბუჩქთან ნისლი გაიცრიცა უმალ როდესაც

მთვარემ სამყაროს ვერცხლის შუქი გადმოაღვარა.



,,ბუჩქში შრიალი გაიგონა ჩემმა სმენამა

ჩემმა თვალებმა შეამჩნიეს რაღაც არსება,

ამ შავბნელ ღამეს რას ეხეტები ჰეი, ვინა ხარ!

ღმერთის შექმნილო, გამოდი ბილიკზე მეჩვენე სახით”

ცხოველს განგებამ შთაუსახა გონება კაცის

და ამეტყველდა როგორც მოკვდავი.

თვალებში ცეცხლი ჩაეღველფა მხეცს დაუნდობელს

და ბუჩქებიდან გამოვიდა ფრთხილად ნელ-ნელა.

,, _ რა გინდა ადამიანო, წადი შენს შენსა გზაზედა

ჩემი საფარი არის ტყე, ცა რომ დაჰყურებს თავზედა.

მე ხორცი მინდა ყოველ წუთს

არ ვინდობ თვით ჩემს მოყმესა

ტანზე რომ სისხლი შევნიშნო

წამსვე გამოვჭამ მას ყელსა.

გინდ იყოს ბებერი მგელი და გინდ უმწეო ლეკვია.








შარშან მე ვიყავ მშობელი, ტყეს მივეც ერთი შვილია,

ერთიც წყლის პირზე მოვკალი, სისხლი ვადინე თბილია.

მიტომ მოვკალი ის პირმშო, არ იყო მგლური ჯიშისა,

წყალი ალოკა სულსწრაფმა, მგელძაღლა იყო ნიშნითა.

ეს ჩვევა მარტო მე არ მაქვს, ოდიდგანვევე მგლურია,

ხან მთაში ვარ და ხან ბარში, მუდამ საკბილოს ძებნაში,

ღამეა ჩემთვის საფარი, რომ ჩამოვიდე ბარშია,

მწყემსებს ცხვარს თუ ვერ მოვპარავ, სადღაც იქვე ხომ ცხენია

გავკრავ-გამოვკრავ კბილებსა და სტომაქს ხორცით ავივსებ.

რა ვქნა, ღმერთს ასე უნდოდა, რომ გავეჩინე მგელადა,

შეხედე, ჩემსა ცხოვრებას, თუ რაოდენად ძნელია,

ასეა, ადამიანო, ჩემი მხეცური ცხოვრება,

სადაც წავალ და წამოვალ

მგლურ ფიქრი თან არ მშორდება.

მე მგელი ვარ და მგლურადვე სადღაც მოვკვდები მგელია,

არ მეყოლება პატრონი, არ დამიტირებს შველია.

გამიშვი, ადამიანო, ჩემსა მხეცურსა გზაზედა,

არ გერჩი მე შენ არაფერს, გაიწი ცოტა განზედა”

,, _ მოიცა მგელო, შეჩერდი მეც გეტყვი ერთ-ორ სიტყვასა,

ჩემი სათქმელი შენს ნათქვამს ბევრით ვერაფრით ჯობია,

მეც გეტყვი მხოლოდ სიმართლეს ჯერ არრა მომიჭორია.

უწინ პატარა რომ ვიყავ სოფლად ჩამოწვა ზვავია,

დედ-მამა ზვავს შეეწირნენ დავრჩი უმწეო კრავია,

სახლი, ცხვარ, ძროხა, ვენახი არ დამრჩა არაფერია,

უსახლკაროდ და ობლად კი ქვეყნად ცხოვრება ძნელია.

ბევრი ზაფხული, ზამთარი შიმშილში მე გავატარე,

ბედო, მუხთალი რამახარ რამდენჯერ მე შენ მაწამე!

ჰაი, ეს წუთისოფელი არარაობა კრულია.

ვინა სთქვა კაცის ცხოვრება ტკბილი და საამურია.

დრო ხომ ისეთი რამეა კაცს დაგავიწყებს მწარე წარსულსა

და მომავალი თითქოს შენია, გაგახალისებს,

გგვრის სიხარულსა.

იმხანად მეც გავიზარდე ტოლებში დაჩაგრულია,

ცხვარ-ძროხა მოვაშენე და სახლ-კარიც კარგი გავმართე

ამ ყოფაში და შრომაში სიცოცხლეც გამიხალისდა,

მაგრამ შევატყვე ჩემს სახლ-კარს ხელი რომ აკლდა ქალისა.

უქალოდ კაცის ცხოვრება ფუჭი არის და ცუდია

და აქვე ახლოს სოფელში ვითხოვე ერთი ქალია,

ოჯახში რომ მოვიყვანე მტერსაც დავუვსე თვალია.

მტერი ვახსენე, მე ობოლს არცა მყოლია მტერია,

მაგრამ ეს წუთისოფელი შეუცნობელი ჭრელია,

ახლოს მოყვრულად გიყურებს, შორიდან შენი მტერია.

ხელში რომ მოგცემს შაქარსა, გულში ნაცარი მტვერი აქვს.





ღმერთმა ვაჟები მაჩუქა, მამულს ვუზრდიდი შვილადა,

მაგრამ ამ წუთისოფელში ლხინი იცვლება ჭირადა.

მტერი მოგვადგა საზღვრებზე, წავედი საბრძოლველადა,

ტომები ერთმანეთს ვხოცავდით, ეშმამ ჩათესა შხამია.

რაც იქ ვაშკაცი დაეცა საგლოვი და სანანია.

მტერი საზღვრიდან გავდევნეთ,

დავბრუნდით შინ მცირე ჯარია.

ამ სიკვდილმა და სისხლისღვრამ სულ გამიცივა გულია

განა მოკვდავის გულია მგელო არ არის მგლურია?

შინ რომ მივედი ოჯახში, დამიხვდა ჭირი შავია,

სიცოცხლეს გამოასალმა დედა და ორი ვაჟია

და დღეს კიდევ ვარ ცოცხალი ქვის არის ჩემი გულია

განა ეს ჩემი სიცოცხლე მგელო არ არის მგლურია?

და ახლა ჩვენთან სოფელში სუყველა დაფანტულია,

ზოგს სიმდიდრე აქვს იმდენი ვერ დაუთვლია ფულია,

ბევრნი არიან მშიერნი, რომ ენატრებათ პურია,

აბა ასეთი ცხოვრება განა არ არის მგლურია?

ევა ადამად გადიქცა, დაკარგა თვისი წესები,

არც ხატი ახსოვთ, არც რჯული და აღარც ადათ-წესები,

თითქოს ღმერთის სწამს სუყველას,

სანთლებს ანთებენ ტაძარში მკვდრეთით აღდგომას ახსენებ,

გიჟი ხარ ნამდვილი მათ თვალში.

უფალმა რომ შექმნა სამყარო

ჩვენც შეგვქმნა თავის ხატადა,

მაგრამ დღეს ჩვენი ქმედებით ღმერთი დავტოვედ სახტადა.

ჩემი გული და გონება მგელო გამხდარა მგლურია

ჩემს სხეულს აქვე დავტოვებ,

შენს ტყავში ცხოვრება მწყურია.

ჩვენი ცხოვრება დღეიდან განუყოფელი ძმურია.

წავიდეთ ერთად შევმუსროთ, რაც ქვეყნად საამურია.

და რაღაც ძალამ ინება, კაცი შეუშვა მგელშია.

ვაი, იმ ადამიანსა, ვინც ჩაუვარდებათ ყბებშია.

ასე დასრულდა ამბავი ლეგენდად ჩემგან თქმულია,

ადამიანის ცხოვრება მგელზედვე მეტი მგლურია.

პოეტური კრებული




















ფსალმუნი


დავბრმავდი, დავბრმავდი, დავბრმავდი, დავბრმავდი,

რაღაც შავ წინწკლებს ვხედავ შავ ფონზე.

მარადი სიბნელე და ზეცა ბინდებით,

თითქოს შავ ფიფქებად ჩემს თვალებს ათოვდეს.

წამები გადმექცა მე უკვე წამებად,

საზარი ფიქრების მე მიჭირს ატანა,

განვედი, განვედი, განვედი, განვედი,

განვედი, ჩემიდან შავბნელო სატანავ.

ზეციდან მაღვარე უფალო მირონი,

აღირსე ჩემს თვალებს კვლავ შენი სინათლე,

სნეული ჩავდგები, ჩავდგები რიონში,

ცოდვილი, ცოდვილი გამბანე იოანნე!

ვგრძნობ, რომ დღეს სადღაც საამო დარია

და ანგელოზი დაფრინავს ზეცაზე,

შენ გვედრი, შენ გვედრი, შენ გვედრი, მარიამ!

შვილად ამიყვანე ხელებით ფრესკაზე.



მიმტევებელო, ცოდვილთა უფალო;

ცოდვილი, ცოდვილი, ცოდვილი განმბანე,

მაკმარე ტანჯვა და მაკმარე წამება,

მაღირსე სიმშვიდე, მამათა სავანე.

მაღვარე უფალო, მირონი, მირონი,

მირონი, მირონი, მირონი, მირონი,

განმბანე იოანნე, განმბანე, განმბანე,

განმბანე, განმბანე მე ვდგავარ რიონში.

სიცოცხლე გადმექცა მე უკვე წამებად,

მაწუხებს ცოდვები, სულს უჭირს ატანა,

განვედი, განვედი, განვედი, განვედი,

განვედი ჩემიდან მაცდურო სატანავ!
















სხვა ჩემებური

არაამქვეყნიური გაოცების საგანი

არის ჩემი მკვდართა მზე,

პატიმარის საკანი.

ქარიშხალის აკვანი,

დარწეული ფარულად.

მე ხედვა მაქვს სხვაგვარი,

არა ვით ადამურად.

სულ სხვა მზერით ნამზერი,

ფერით ფერისცვალება,

სულ სხვა თოვლის ნამქერი,

სულ სხვა გარდაცვალება.

სუნი სხვაა ჟასმინის,

სხვაა რბენა ნილოსის,

ჩემი სმენა მეტია,

ვიდრე თვით მუსიკოსის.

არაამქვეყნიური გაოცების საგანი

ჩემში არის მკვდართა მზე

და ქარიშხლის აკვანი.




























უსათაურო

ტრიოლეტი

მთვარე ჩაესვენა ღრუბლების ბალდახინში.

ჩემი ოცნებების კარი ჩაირაზა,

დამრჩა ანათემა სისხლით გადაშლილი,

მთვარე ჩაესვენა ღრუბლების ბალდახინში.

უთქმელი განცდების დღეს მიპყრობს მე შიში,

მაგრამ ის წმინდაა, როგორც აიაზმა.

მთვარე ჩაესვენა ღრუბლების ბალდახინში,

ჩემი ოცნებების კარი ჩაირაზა.




































სიამაყე

ვიცი, გინდოდა ჩემი კოცნა, მძაფრი და მწველი,

შენი სურვილი ამოვიცან მბრწყინავ თვალებში.

,,შესდექ დობილო” _ ჩამჩურჩულა მე სიამაყემ,

თორემ მეც მსურდა შენთვის კოცნა, შენთან ალერსი.

ელოდი ჩემგან რომ გეტყოდი _ ,,მიყვარხარ ძლიერ”

და ამ ლოდინის შენ გტანჯავდა ფიქრი და დარდი,

,,შესდექ დობილო” _ ჩამჩურჩულა მე სიამაყემ

და მე დავდუმდი, თორემ ძლიერ, ძლიერ მიყვარდი...



შენი ფიალა მოთმინების აივსო უმალ,

მითხარ _ ,,გიყვარვარ?!” ოჰ, დუმილი, დუმილი კმარა.

,,შესდექ დობილო” _ ჩამჩურჩულა მე სიამაყემ

და მე ,,ჰოს” ნაცვლად უცებ დამცდა ,,არა და არა!”


































წავიდა ბავშვობა

ტრიოლეტი

დამთავრდა ჩვენი ბავშვობის დღეები,

ის წარსულს შერჩა, როგორც ზეცას მზე.

მიხვდი? ცხოვრება რომ ამაოა, ნუ აღელვდები

დამთავრდა ჩვენი ბავშვობის დღეები.

ქარიშხალს ებრძოდა ჭაბუკი ვერლენი

და უცხო მომავალს ჩვენ დარდით ვეწამეთ,

დამთავრდა ჩვენი ბავშვობის დღეები,

ის წარსულს შერჩა როგორც ზეცას მზე.




























როცა ყოველი არის ამაო

სული სიმშვიდის არსით მპოვნელი,

იქნებ დააცხრო ლოცვით, მამაო,

რა ავირჩიო ქვეყნად, რომელი?

როცა ყოველი არის ამაო.

კოღოვ, წყვდიადის პატარა ჩვილო,

სისხლით იზრდები როგორც სიკვდილი.

შენ, არ გაწუხებს რომ დავიჩივლო,

შენ, არ გაწუხებს სულის კივილი.

ვდგავარ წვიმიან დღის დასასრულში,

უიმედობა მიწამებს ფიქრებს.

დემონი თბილად ჩასახლდა გულში,

ცა მაყრის მხრებზე სისხლიან ფიფქებს.

ოჰ, მარტოობის იდუმალება

ღამით მეწვევა, როგორც სტუმარი,

სიკვდილის შემდეგ თუ იმალება,

ჩემი ბავშვობის ლურჯი სიზმარი.

თვით შუაღამე ჩემთან მოსული

ყვითელ ფიქრებით მელამუნება.

და ეს ხილვები შავბნელი სულის,

ოფლით საწოლში ტანჯვით ბრუნება.



სული სიმშვიდის არსით მპოვნელი,

იქნებ დააცხრო ლოცვით, მამაო,

რა ავირჩიო ქვეყნად, რომელი?

როცა ყოველი არის ამაო.

რამდენი ფიქრი დაბადა ღამემ

და ის სიხარულს ელის მწყურვალი,

ოჰ, მომავალო, მითხარი რამე,

არწყულე შენი შვილი მწყურვალი.

ლექსის წერის დროს სული წყნარდება,

სტრიქონი გრძნობის არის საფარი.

ხშირად განთიადს მირჩევნის ღამე,

მოყვასში ვერ ვპოვე თავშესაფარი.





ალიონიც კი ყინვით მაშინებს,

დღე ოცნებები მაცვია თბილი,

ჩემს გონებაში შევქმენ სამყარო_

მე, ლექსები და ღვთაება ლილი.

ასე ფიქრებით გაქრება წლები,

დღითაც დამტანჯავს, ღამით ვევნები,

მსურს, შენში ვიყო, ლურჯო ნირვანავ,

უსისხლოდ დაშრნენ ჩემი ვენები.

მსურს მე, დავიწვა თუთუნთან ერთად,

ბედო, გიხილო ჩემი წყევლის წინ,

დავეფერფლები სიყვითლეს თეთრად,

აღარ აღვსდგები, როგორც ფენიქსი.

ვიცი, ყოველი წარმავალია,

ფერი იცვალეს ჩემთვის ფერებმა,

ჩემი წამება ღმერთის ვალია,

მალე სიკვდილი მომეფერება.



სული სიმშვიდის არსით მპოვნელი,

იქნებ, დააცხრო ლოცვით, მამაო,

რა ავირჩიო ქვეყნად, რომელი?

როცა ყოველი არის ამაო!..

პოეტური კრებული































დრო არის ღმერთო

ნეტავ მას, ვისაც მოწყალე თვალით შეხედა ღმერთმა,

ნეტავ მას, ვისაც ღმერთმა გაუხსნა ცის კარი,

მიწაზე ვერ ვპოვე სულის შვება მხოლოდ მე ერთმა,

ისიც ვიცი, რომ დახშულია ჩემთვის ცის კარი.

მე ვარ იუდა - რომ გავეცი ქრისტე ფარულად,

მე ვარ ვარსქენი - შუშანიკს რომ ტანჯვა ვაწვნიე,

მე ვარ ატრევსი - საზარელი ცოდვის ჩამდენი,

მე ვარ მედიჩი - თვით ჩემივე შვილი მოვწამლე,

ელვირას მკვლელი, საზარელი, მე ვარ აგრიე,

მე ვარ კაენი - რომ დავღვარე აბელის სისხლი,

და ვერაგულად, წიწამურთან, მოვკალ ილია,

ღმერთო, შემრისხე, თორემ მოვსპობ მთელ დედამიწას,

სისხლით მოთხვრილი შენი ხატი გვედრი, ვსტირივარ.
































მხოლოდ ხსოვნას შერჩა

ქვეყნად უშენობით ძლიერ დავიღალე,

მხოლოდ ხსოვნას შერჩა ხსოვნა ნათელ დღეთა.

სულის მარტოობა სევდით იმოსება,

ჩემი კელაპტარი უკვე დაიღვენთა.

თეთრი აჩრდილი საწოლს არ სცილდება

და სანთლის შუქზე თრთის ჩემი სხეული.

ვიცი, მაჯისცემა უკვე შემიწყდება,

ოცნება ჩემი არს დღეს ჩონჩხად ქცეული.

ქარი ფოთლებს ტუქსავს, სულში ზამთარია;

სადღაც მზის სხივები სხეულს ეფინება.

ღიმილი დავივიწყე უკვე რახანია:

სადღაც, ველურ ვნებას მკერდზე ეღიმება.

ბუნება ცვალებადი ჩემში გარდიცვლება...

და ღაწვებს დამიდნობს სევდა მარტოსული,

სივრციდან მიწას სული ევლინება,

მიწიდან სივრცისკენ იწევს ჩემი სული.

კედლებს შეასკდება გულის აგონია,

მინას აკოცებენ მდუმარედ ტუჩები.

ქვეყნად უშენობით ძლიერ დავიღალე,

მე სახეტიალოდ მიხმობენ ქუჩები.



სულის მარტოობა სევდით იმოსება,

ჩემი კელაპტარი უკვე დაიღვენთა,

სუნთქვა გრძელდება და სახე იბურება,

მხოლოდ ხსოვნას შერჩა, ხსოვნა ნათელ დღეთა.


















ახლა აქ

ახლა აქ ჩემთან შემოდგომაა,

ქარმა შეცვალა ნიავი გრილი,

დამჭკნარ ფოთოლს ჰგავს ახლა ოცნება,

ვხვდები, თანდათან ვგიჟდები, ლილი.

ახლა სხვაგვარი გაჩნდა აზრები,

ახლა ცრემლები იბნევა ქარში.

ვეღარ ვგრძნობ, სად აქვს ფიქრებს სათავე

და რომელი გზით ჩავა ის ზღვაში.

ახლა აქ ჩემთან მეფობს დუმილი,

ხშირია სევდა, მტანჯველი ფიქრი.

ახლა აქ მალე მოვა ზამთარი,

იქნება ელვა, წვიმა და ფიფქი.

ახლა ცხოვრება მიდის სხვა სახით,

ახლა სხვაგვარად ვუყურებ არეს,

ახლა მზეს ვხედავ სულ პატარა ხნით,

ახლა დიდი ხნით შევცქერი მთვარეს.

ჩემი ცრემლები სევდამ გაყინა.

მდინარე კუბოს ზღვაში წაიღებს.

ახლა საყდარში იწყება წირვა,

აპოკალიფსს კი ვერვინ გაიგებს.

ახლა სხვა სახით მოვა მესია,

ჯვარცმა იქნება ახლა სხვაგვარი,

ახლა იწყება სხვა პოეზია,

ირწევა სულ სხვა რკინის აკვანი.



ახლა ქუჩაში მომწყინდა ყოფნა,

შენთან ვარ ფიქრით დღე და ღამ ახლა

და მე სხვა სიტყვით დავიწყებ ლოცვას,

რომ შენ სხვა თვალით სამზერი ჩანხარ.












წერილი დედას

დედავ, მიყვარხარ, მიყვარხარ ძლიერ,

მიყვარხარ დედავ, უტკბესო სულზე,

შენს ჭაღარაში მე მუზებს ვხედავ,

ლექსებს ვკითხულობ, შენს სპეტაკ გულზე.

რამდენი ტანჯვა გარგუნე ქვეყნად,

რამდენი ფიქრი, რამდენი დარდი.

შენ ნაადრევად დაბერდი ჩემთვის,

უწინ კი, დედავ, ღვთისმშობელს ჰგავდი.

ალბათ ეს ჩემი ბრალი არ არის,

მშობელს მუდამ სდევს თვის შვილზე სევდა,

მაგრამ მე ჩემით რაც გაწყენინე,

გთხოვ, მაპატიე, ჭაღარა დედავ!

როცა შენ ჩემზე ცრემლს აღარ დაღვრი,

ვოცნებობ მასზე, ამიხდეს ნეტავ?!

მე ხომ პოეტის ცხოვრებით ვცხოვრობ,

გთხოვ, რომ გამიგო, ნუ გიპყრობს სევდა.

დედავ, მიყვარხარ, სულზე უტკბესო,

და შენ მოგართმევ ლურჯთვალა იებს,

თუ გრძნობა ლექსით ვერ გამოვხატე,

იცოდე გულით მიყვარხარ ძლიერ!

შენ ხარ საწყისი ქვეყნად ყოველის,

დღესაც გინახავ იმ დამჭკნარ იებს,

შენს სითბოს დამწველს ახლაც ვგრძნობ, დედავ,

დედავ, მიყვარხარ, მიყვარხარ ძლიერ!



















ლილი გელი


შენ მზესავით ამოხვედი მთიდან

და სხივებით მიმიზიდე წელზე.

ხმები მესმის შორეული ზღვიდან,

გრილი სიო როს მე მკოცნის ყელზე.

მე დღეს ვფიქრობ იმ გარდასულ წელზე,

როს პირველად ბაღში მოგკარ თვალი,

მაშინ იყავ შენ პატარა გოგო,

ახლა კი ხარ ღვთაებრივი ქალი.

არვინ იცის, თუ ვინ იყო მერი,

რატომ იყო ის მტირალა ლირი,

არვინ იცის, მე დღეს ვისთვის ვმღერი,

ჩემს ლექსებში შენ რად გქვია ლილი.



ის დღე მიყვარს, როცა ძლიერ წვიმდა,

შენ რომ ქოლგით მიდიოდი სახლში,

კრძალვით ცრემლი დაედინა ღაწვებს,

ვწვიმდი, წვიმდა, ვსველდებოდი ბაღში.

მონატრება ვულკანივით ფეთქავს,

მზისკენ მიჰქრის პოეტური ცხენი.

მე სიზმრებში შენს ლერწმის ტანს ვხედავ

და სიზმრებით ვარ მე ბედნიერი.

სულ ერთია ჩემთვის ყველაფერი,

ცისარტყელა, ნამზერალი ველი,

მე ყველაფერს პოეტურად ვხედავ,

ლილი გელი, ლილი გელი, გელი...

შენ მზესავით ამოხვედი მთიდან

და სხივებით მიმიზიდე წელზე.

ხმები მესმის შორეული ზღვიდან,

გრილი სიო როს მე მკოცნის ყელზე.














დაუდევარი ქმარი

დაუფარია ლურჯი ზეცა მტრედისფერ ღრუბლებს,

მზისებრ სინათლე ოცნებაა სულის მარადი,

მე ვუღალატე ღვინით მთვრალმა ძვირფას მეუღლეს,

დამღუპველია საყვარელი ქალის ღალატი.

მივდივარ სახლში, მსურს, დავფარო ჩემი ცოდვები,

და საალერსო სიტყვებს ვეძებ ელდა ნაცემი,

დასწყევლოს ღმერთმა კახპა ქალის უცხო სუნამო,

რომელიც გახდა ავხორცობის ჩემი გამცემი.

პოეტური კრებული






































ქართველო ხელი ხმალს იკარ

ქართველო, ხელი ხმალს იკარ,

ადექი, ნუღარ გძინავსო!

არ შეუშინდე მტრის რისხვას,

ჭექა-ქუხილს და წვიმასო.



ომის წინ თამარ დაგლოცავს,

ომში დაგიცავს ნინოო,

მტრის სისხლით თასი აავსე

და შესვი, როგორც ღვინოო.

თუკი შეგიპყრო ურჯულომ,

ხორცი ნუ დაგენანება.

მუდამ გახსოვდეს ჩვენი მზის

წმინდა ქეთევნის წამება.

ხელი ხმალს იკარ, ქართველო,

მტერს დახვდი, როგორც მტერიო.

აბა შენ იცი, ვაჟკაცო,

არ დააღონო ერიო.

ომში გმირულად დაეცი,

შესძახე ჰერი, ჰერიო,

არ შეირცხვინო მარჯვენა,

ახარე წინაპრებიო.



ქართველო, ხელი ხმალს იკარ

ადექი, ნუღარ გძინავსო!

არ შეუშინდე მტრის რისხვას,

ჭექა-ქუხილს და წვიმასო!

















გიჟის სიყვარული

გამზირზე მიდის ქალი ამაყი,

ყელმოღერებით, დალალდაშლილი,

თითქოს, ქარია ფაფარაშლილი,

შემზარავია და თვალწარმტაცი.

როგორც დელფოსის ტაძრის იზიდას,

ამოუცნობი სიტყვა მაღელვებს,

რაღაც უცნობი ძალა მამღერებს,

მისი მშვენება ისე მიზიდავს.

რომ დადის, თითქოს, ცეკვავს ფლამინგოს,

მან დამატყვევა, როგორც დიანამ,

ოჰ, მისი მზერა თითქოს დანაა,

და ჩემი გული უნდა განგმიროს.

რა ნაზი არის მისი თითები,

მაგრამ მაშინებს ვით, ვეფხვის ჭანგი,

ვით ჯოჯოხეთის გრძნეული ჰანგი,

სულს მოეტმესნა შავი ფიქრები.



მარად ჩემშია ის, როგორც ქარი,

რომელიც ჩემს სულს მუდამ თან ახლავს,

მე ისე მიყვარს, არ მსურს დანახვა,

გაჰქრეს ეს დღე და მოკვდეს ეს ქალი.

























შემკრთალი პატიოსნება

შენ გაიარე დიდ სარკის წინ,

როგორც ნარცისმა,

და შეგიყვარდა შენი ტანის

თეძოთა რხევა,

თითქოს მაცდურმა, იდუმალმა

გველმა დაგგესლა,

შეკრთი ანაზდად, ხის წინ მდგარი,

ვით ბაღში ევა.

გითრთოდა მკერდი,

ყელს გდიოდა ოფლი ღვარული,

თეთრ ბარძაყებით

და სინაზით დაჩრდილე გედი.

მოგაწვა ჟინი,

რომ დაგეცხრო ვნება ქალური,

მაგრამ მოგენთო

სირცხვილისგან უცებ ალმური,

რომ დაინახე

შენ სარკეში თვით შემოქმედი.



























ობოლი მარტოობა

მოვიდა ზამთარი... სულში ყინვამ დაიდო ბინა,

და მწარე სევდამ ჩემი გული დაიდობილა.

აყეფდა ძაღლი, მიაჩერდა ვერცხლისფერ მთვარეს...

ცივი დღეების მარტოობამ დამამწუხარეს.

შევჩივლე ჩემს ბედს და იესოს ჯვარზე გაკრულსა,

მომეც ნუგეში, რომ სალბუნად დაედოს წყლულსა.

უცებ ვიღაცამ მომაძახა საშინელ ხმითა:

,,თვით აირჩიე ეგ ტანჯვის გზა, დამშვიდდე ვითა?”

ყური დავუგდე, მე ხმა იგი, მეუცნაურა,

თურმე ხმა გამცა თვით ჩემივე საბრალო გულმა;

მაშ, ვის შევჩივლო, დამნაშავემ, თუ ვძულვარ გულსა,

ახლა შენ გკითხავ, ყინვისაგან დაბზარულ სულსა.



“თვით აირჩიე გოლგოთის გზა, გზა ეკლიანი,

და მოემზადე საწამებლად, წაიღე ჯვარი.

გვიან ვიცანი, პოეზიავ, შენი ღიმილი,

მაგრამ გვიანზე გვიანია ჩემი ტირილი.

და მეც, ბავშვივით, ახლა შევცქერ ვერცხლისფერ მთვარეს,

ვთხოვ, გამითხაროს სულ პატარა ვიწრო სამარე.

მოსულა ზამთარი... სულში… ყინვას დაუდევს ბინა,

და მწარე სწევდამ ჩემი გული დაიდობილა.

აყეფდა ძაღლი, მიაჩერდა ვერცხლისფერ მთვარეს,

რომ მე ობოლი, მარტოობით დამასამარეს.


















გაზაფხულის მშვენიერი დღეა

ჩემს სარკმლის წინ აყვავილდა ბია,

მაგრამ გულში კვლავ ზამთარი მეფობს,

გაზაფხულის მშვენიერი დღეა,

და ჩემს სულში რად ვერ აღწევს, ღმერთო?!

ჩიტუნები უგალობენ აპრილს,

ვარდი იის ბუჩქთან მორცხვად მეფობს,

სიო დაჰქრის, დანავარდობს ბარში,

მაგრამ ჩემში ქარიშხალი მეფობს.



სიხარულით მზე დაჰხარის მიწას,

სიყვარული სიცოცხლესთან ღველფობს,

ცისარტყელა ცაზე ხარობს, ბრწყინავს,

მაგრამ ჩემში მწუხარება მეფობს.

გაზაფხულის მშვენიერი დღეა,

და ჩემს სულში რად ვერ აღწევს, ღმერთო?!

ჩემს სარკმლის წინ აყვავილდა ბია,

მაგრამ გულში კვლავ ზამთარი მეფობს.


























სამი მამულიშვილის ხსოვნას

სამივე ბედკრულ საქართველოს იყვნენ შვილები,

თავისუფლების გულისათვის დაღვარეს სისხლი,

და მათ სიკვდილზე იბერიის შემკრთალმა ზეცამ,

თავისი სახე დაიფარა ცრემლების ნისლით.

სამივეს გული განიგმირა მოშურნეს ისრით,

ბოროტმა ხელმა მოაკვდინა მათი სხეული,

და საქართველო, დარჩენილი მათგან ეული,

დგას გარინდული, ცრემლდენილი და დანგრეული.

ჰაი, ბედკრულო, მშობელ მხარის ტანჯულო შვილო,

შენი სამშობლოს ნოსტალგიით დალიე სული,

თავისუფლების მომღერალო, უზღვავი გრძნობით,

საკუთარი ძმის ხელითა ხარ შენ დაისრული.

შენ კი, საბრალოვ, იმერეთის უღელტეხილზე,

სად ვერაგულად ჩაგისაფრეს სიკვდილი ბნელი,

ხალხის ქომაგო, ახალგაზრდა ჭაღარა ბრძენო,

მიტომ გაგწირეს, რომ ნათლისკენ მიგყავდა ერი.

შენ კი, ჭაბუკო, დაგასველეს ტყვიის წვიმებით,

რომ ქართლის დედას გადაეცვა შავი პერანგი,

მხდალს ვაჟკაცობის შეეშინდა, შენ რომ გაგაჩნდა,

და წმინდა სისხლით შეიღება ხელი ვერანი.



დრო რომ გაივლის, საუკუნეც ტალღებს წაჰყვება,

და ერის ხატად გაბრწყინდება თქვენი სახელი,

ხოლო ბოროტი ჯოჯოხეთში ჩაესახლება,

მარადიული მწუხარების გამომსახველი.




















ია და იამა*

ქროლა მაისის ლურჯმა ნიავმა,

ბაღში სურნელი მიძღვნა იამა,

სიცოცხლით ტკბობა ვიგრძენ, მეამა,

მაგრამ წამერთვა უცებ სიამე,

შენ რომ გიხილე ბაღში, იამა,

დამიწყევლია მე ეს სიამე,

იის სურნელი მტაცა ნიავმა.

პოეტური კრებული




*იამა – სიკვდილის ღმერთი ინდუისტურ პანთეონში




































ღვთაებრივი თვალები

ღვთიურ სიმშვიდეს გამოხატავენ,

ეგ მშვენიერი შენი თვალები,

ეგ მშვენიერი შენი თვალები,

შავ წამწამებით შემოჯარული.

მე მატყვევებენ ქედისმოხრამდე,

ჰიპნოზიური მდაღავს ღვარები,

ჰიპნოზიური მდაღავს ღვარები,

და მეკიდება ტანზე ალმური.

მსურს, ჟრუანტელმა დაზაროს ტანი,

როცა მანათებ ეშხიან თვალებს,

როცა მანათებ ეშხიან თვალებს,

როცა ჩემს ირგვლივ ბორგავს წყვდიადი,

მაშინ ოცნებას გადაყოლილი,

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს,

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს,

და მესალმება კვლავ განთიადი.

შენი თვალებით დნება ზამთარი,

და მე მპირდება ძოწის ივნისებს,

და მე მპირდება ძოწის ივნისებს,

ჩემს ეულ ბაღში ხე გადარგული.

სიცოცხლის ტრფობა შენაგუბარი,

შენი თვალებით ჩემში იღვიძებს,

შენი თვალებით ჩემში იღვიძებს,

უმანკოება და სიყვარული.
























სოდომელი ქალის სიყვარული

უყვარდა ერთი ქალი ლამაზი,

თვალებში კრთოდა ლურჯი ოცნება,

ის იყო მისთვის კერპი არმაზის,

და შორეული ცის საოცრება.

იდგა მდუმარედ გული – ტაძარი,

მაცდურის ღიმილს განუდგა ბერი,

ის ქალი იყო ძალზედ ლამაზი,

მაგრამ გარყვნილი, ვით სოდომელი.



და მან ცხოვრება ვერ აიტანა,

ბედთან გაყრისთვის დარჩა ეული,

და ვით ხეოფსმა, თან ჩაიტანა,

ის სიყვარული, ვით განძეული.






























პოეტი

ზამთარში ხატავს იგი გაზაფხულს,

შემოდგომაზე კი ხატავს ზაფხულს,

ახალ ბუნებას ის ქმნის ღმერთივით,

ლექსებად დაღვრის ნანახს, არ ნახულს.

ის სინამდვილეს ქმნის მოჩვენებად,

და მოჩვენებას ქმნის სინამდვილედ,

ის იტანჯება, როგორც იესო,

რომ სხვას ცხოვრება გაუადვილდეს.

ხან მოხუცია და ხანაც ბავშვი,

ხან იცინის და ხანდახან ტირის,

ის შეცურდება მღელვარე ზღვაში,

ქაღალდზე ნაწერ ლექსების ტივით.



ის ზღვის ნაპირზე აშენებს სილით

სასახლეებს და ცათამბრჯენ კოშკებს,

და ბეწვის ხიდზე გადასასვლელად,

ის იცვამს ფეხზე ხალიბურ ქოშებს.

უჩინმაჩინის ქუდს დაიხურავს,

ეხმაურება ლეგენდებს, მითებს,

რომ ქვას შთაბეროს სული ცხოველი,

არჩევს სიტყვისთვის ჯადოსნურ რითმებს.

ხან დაყრუვდება, ხან დამუნჯდება,

ხან დაბრმავდება, როგორც მილტონი,

ანგარებისთვის არ წერს ის ლექსებს,

და სიტყვა მისი არ არს ლიტონი.

ის დაიბადა ხალხის გულისთვის,

რომ მათ ცხოვრება გაუადვილდეთ,

ებრძვის წარსულს და ებრძვის მომავალს,

და ებრძვის აწმყოს ვეფხვს, სინამდვილეს.














ვდგავარ სიცოცხლის გაჩერებაზე

ვდგავარ სიცოცხლის გაჩერებაზე

და ველოდები უცხო მეგობარს,

ფეხზე დგომით და გრძელი ლოდინით,

გამომეცალა მუხლებში ძალა.

დღეები მიჰქრის, როგორც მერანი,

მე კი ლოდინმა ძლიერ დამღალა.

ძრწიან ქარები, კივის ზარები,

ნელა ტრიალებს ძველი წისქვილი,

ვდგავარ სიცოცხლის გაჩერებაზე,

და აგვიანებს ბნელი სიკვდილი.

მინდა, რომ შევხვდე, როგორც მეგობარს,

არ მინდა მასთან დავა-ჭიდილი.

მინდა, რომ შევხვდე, ვით ჩემს ძმას ნაფიცს,

გადავეხვიო მამაკაცურად,

არ მინდა სადმე რომ შემეყაროს,

და თავს დამესხას მუხანათურად.

სადახარ, ჩემო ნაზო ზმანებავ,

რად არ მოდიხარ, რად მემალები,

მინდა, რომ დავტკბე შენი ალერსით,

და დაგიკოცნო ცივი თვალები.

მტანჯავს ამაო წუთისოფელი,

და გულს მესობა ეჭვის ნემსები,

ჩემი არყოფნა ნუ დაგაღონებთ,

სიკვდილის შემდეგ მრჩება ლექსები.

არ გაგიკვირდეთ, რომ მსურს არყოფნა,

მინდა, დავტოვო სოფელი კრული,

მაგრამ მიჯნურის გრძელ მოლოდინში,

კვლავ ფეთქავს ჩემი დაღლილი გული.

მე ველოდები ქალიშვილ სიკვდილს,

რომ საქორწინო ზღვას მივცე ნავი,

ღმერთო, მომგვარე, ვით დედოფალი,

თუ გსურს, რომ შენთან მე დავდო ზავი.











უახლოეს მეგობრებს

ისევე ვუშვებ მე ძველ შეცდომებს,

ისევ მერევა ღვინით მე გონი,

უკვე შევძულდი მე ჩემს მეგობრებს,

მიმატოვებენ ალბათ, მე მგონი.



რა ვქნა, არ ვიცი, როგორ მოვიქცე,

დუმს სახრჩობელა, თრთის მონასტერი,

ისევ დაბნელდა ჩემი გონება,

მე ჩემი თავის კვლავ გავხდი მტერი.

გზაჯვარედინზე ვდგავარ, ვით ბავშვი,

და ნიღაბს მაწვდის მე ბედისწერა,

ოჰ, საშინელი ფიქრები მტანჯავს,

ოჰ, იქნებ, შეწყდეს ეს გულისძგერა.

რა ვქნა, არ ვიცი, როგორ მოვიქცე,

კვლავ დახმარებას თქვენგან მოველი,

გთხოვთ, დაივიწყეთ, გთხოვთ, დაივიწყეთ,

გთხოვთ, მაპატიეთ წყენა ყოველი.



























ჩაფიქრება

საშინელია ნავსი,

მეორედ მოსვლის ჟამი,

აჰა, მიირთვი თასი,

იგი სავსეა შხამით.

ცეცხლი ედება მთვარეს,

გადაბუგულა მდელო,

ვეტრფი საშინლად მწარეს,

ვუმეგობრდები დემონს.

ვარჩევ ყვავილთა რიგში,

ჟასმინს უნაზესს მხოლოდ,

და ავადმყოფი სისხლით,

ვკვებავ გულში მჯდარ ბოროტს.

დღეებს გავატან ჰაშიშს,

სიგიჟეს როს სურს წვლილი.

ასე უმიზნოდ ქარში,

ნეტავ, სანამდე ვივლი?!
































დავშორდი მოშიში

ლოდები ლოდინის ზეციდან მაცვივა,

წყეული სხეულის მაწუხებს წამება,

ფრთები ფაფუკი ციურებს დაცვივდა,

დავშორდი მოშიში სიმძიმეს სამებას.

პოეტური კრებული



მივენდე დობილებს ქართა ქიმერას,

ტალღათა ტოტებზე ფერთა სიფითრეს,

სიზმრად მესიზმრა სიყრმის სიმღერა,

ვიხილე ხილულად სიშორის სიმშვიდე.

დავშორდი მოშიში სიმძიმეს სამებას,

ცრემლების ცახცახით შაოსან სიშისვლეს,

წყეული სხეული დაადნო წამებმა,

ვეღირსე დაღლილი მშვენიერ სიმშვიდეს.






























ვიცი ამაოდ გელი

გავიდა რამდენი წელი,

მას შემდეგ, რაც მე გნახე,

მე ისევ ისე გელი,

ცრემლები ალტობს სახეს.

სევდამ დაფლითა სული,

ვიხრჩობი ცრემლის დარდში,

გეძებს შეყრისთვის გული,

ზამთრის ვარდების ბაღში.

ვიცი, ამაოდ გელი,

ვერსად ვერ გპოვებ, ვიცი,

მაგრამ რა იყო დღე ის,

როცა მომეცი ფიცი.

რომ მოხვიდოდი ბაღში,

ერთ მივიწყებულ ხესთან,

მას შემდეგ ცრემლი თვალში,

არ შემშრობია დღესაც.

ვიცი, გაფრინდი სადღაც,

ათოვს ოცნების ვერსალს,

მარად მტკივნეულ დარდად,

მრჩები, ვერ გპოვებ ვერსად.

ჩემი ოცნება მწველი,

დაეშვა ციდან მიწას,

ღმერთო, ერთ რამეს გვედრი,

ზამთრის ვარდების ბაღში,

ერთ მივიწყებულ ხესთან,

წყნარად სიკვდილი მინდა.



























ჰიმნი სამარეს

მე დავისვენებ, ოდეს სამარეს ჩავესვენები,

როცა შეწყვიტავს ჩემი გული მგზნებარე ფეთქვას,

მდორე სისხლისგან რომ დალპება ჩემი ვენები,

და ვეღარ ვიგრძნობ ელვას ცაზე, გრუხუნს და სეტყვას.

მზე გადმოაფრქვევს წუთისოფელს ელვარე სხივებს,

აბიბინდება მწვანე ბალახი ოქროცურვილი,

ობობას ქსელზე მთვარე ააცვამს ვერცხლისფერ მძივებს,

მე კი არ დამღრღნის გაღვიძების შმაგი სურვილი.

არ შემაწუხებს ფიქრი, სევდა, ოცნება, დარდი,

და ვერ შევხედავ ალიონზე ზღვას მოლივლივეს,

ეკალი იყვავებს ჩემს საფლავზე, ან თუ კი ვარდი,

ჩემთვის არარად გადიქცევა ეს ყოველივე.

მე ჩემს საფლავზე ვერ გავიგებ მშობლების ქვითინს,

ოდეს ცრემლებით დასველდება მიწა ფხვიერი,

ვერ გავიგონებ მე მიჯნურის გულსაკლავ ტირილს,

ვერ შემაშინებს მტერი ჩემი შმაგი ცბიერი.

და წელიწადის ოთხი დროის მონაცვლეობით,

ისევ იბრუნებს ბედის ჩარხით დედა ბუნება,

მზეს წვიმა შეცვლის, წვიმას თოვლი,

თოვლს კი ისევ მზე,

მე კი ვერ ვიგრძნობ სამარეში ჟამთა ბრუნებას.

ვერ შემაცივებს თოვლი, ყინვა და ზამთრის სუსხი,

და არც ივნისში მომინდება ცაცხვების ჩრდილი,

თუ გინდ, სიკვდილიც რომ მომადგეს მეორედ უტყვი,

ჩემი სხეულის ვეღარ ვიგრძნობ საშინელ ტკივილს.

მე არ დამწყდება განვლილ დღეებზე გული ამაოდ,

ვერ ვიგრძნობ შიმშილს და არც მარხვაში ვიქნები მთვრალი,

ვერ ვეზიარები და ვერც ცოდვებს ვეტყვი მამაოს,

რადგანაც ჩემში სინანული იქნება მკვდარი.















და არ შემრცხვება, რომ დავფარო სიშიშვლე ჩემი,

არ დამჭირდება საცვლები და განბანვა წყალში,

სამარის იქით ვერსად წავა დახრული ძვლები,

მკვდრეთით მეორედ ვერ აღვსდგები მიწაზე ხალხში.

ცაში სამოთხე არ არსებობს, არ არის ღმერთი,

და რელიგია მხოლოდ ბრბოსთვის არის შექმნილი,

სიკეთისთვის, თუ ავისათვის დღეს მიძგერს გული,

ეს სულერთია, ვარ სიკვდილის მაინც ტყვედქმნილი.

მე მიწის შვილი, ისევ მიწას დავუბრუნდები,

ოდეს სისხლისგან დაიცლება ლურჯი ვენები,

როცა შეწყვიტავს ჩემი გული მგზნებარე ფეთქვას,

დასვენებული მე სამარეს ჩავესვენები.































იანვრის იები


იდგა ზამთარი, ბუნებას ეცვა თეთრი სამოსი,

თეთრი გვირგვინი თავზე ედგა ზამთრის დედოფალს,

ვერხვის ტოტებში წიოდა ქარი გააფთრებული,

მომაკვდავი მზე სხივებს აფენდა ზანტად ბუნებას.

ყინვა ბრწყინავდა ვერცხლისფერად მთვლემარე მთებზე,

გაყინულიყო ნაკადულები, გაქვავებოდა სამყაროს სახე,

გარინდულიყო ცივი სიკვდილი დაუნდობელი

ყინვით და სუსხით.

ტყე იყო მკვდარი, დადუმებული და იგი ჰგავდა

ჩონჩხების გროვას.

ვიღაცა მოდის ეულ ბილიკზე,

თავჩაღუნული თრთის და ცახცახებს.

ცაცხვის ტოტებში წივის ქარი გაშმაგებული

როკავს და ბორგავს.

სადღაც შორიდან ისმის მგლების გრძელი ყმუილი,

ტყის თავზე ზეცა გაბზარულა, ვით ძველი სარკე,

გადაიფრინა ყორანმა და დაჩხავლა მწარედ,

ხეთა ტოტებში წივის ქარი, ქარი აფთარი.

გოგონა მოდის თავდახრილი და მთლად ცახცახებს.

ძონძებით არის შემოსილი საბრალო გოგო,

ჰოი, რას ვხედავ,

მშვენიერება შემოსილა სიღარიბეთი

და სილამაზეს მწუხარება შეკედლებია.

უცებ შეჩერდა პატარა გოგო და დაიხარა ეკლიან ბუჩქთან.

_ საიდან გაჩნდით ამ ზამთარში მარქვით, იებო?

მე თქვენ მაგონებთ მწუხარებაში გაშლილ სიხარულს,

თქვენც ჩემნაირად გჩაგრავთ ბედი მიუსაფარი,

რამ გაგახარათ ამ ზამთარში, ნაზო იებო?!

გათოშილ თითებით გულზე მიიკრა ყვავილები

და გზას გაუყვა.

მომაკვდავი მზე სხივებს აფენს ზანტად თეთრ არეს,

ხეთა ტოტებში წივის ქარი გააფთრებული,

სადღაც შორიდან ისმის მგლების გრძელი ყმუილი,

გოგონა მიდის თავდახრილი და მთლად ცახცახებს.

_მალე სოფელიც გამოჩნდება და ჩემი ქოხი ეულად მდგარი,

მაგრამ მე სახლში არვინ მიმელის

მდუმარების და სიცივის გარდა.

თუმც მაინც ჩემი კერა არის, ჩემი ქოხმახი,

მიცდის ბუხარი ჩანაცრული, ჩანავლებული,

ქონის სანთელი მთლად დამდნარი ობოლ ცრემლებად,

ცივი საწოლი, როგორც კუბო შიშისმომგვრელი,

ჭერი გახსნილი, დაბზარული, ჭვარტლით მოთხვრილი,

ოჰ, როგორც აკვანს ისე არწევს მას მძლავრი ქარი.

ძუნწო ცხოვრებავ! ჩემთვის ღიმილიც არ გემეტება,

ნაზო იებო, თქვენ რა გინდათ იმ წყეულ ქოხში?

იქ თქვენი ხილვა უფრო მომგვრის სულში კაეშანს,

მალე დაჭკნებით იმ ნესტიან მძიმე ჰაერში.

არა, იქ ბინას ვერ დაგიდებთ იმ საზარ სახლში.

ბრმავო იღბალო! ეჰ, რად მწირავ ასე უწყალოდ,

სიყრმის კვირტებიც არ გამშლია და უკვე ვჭკნები.

მე არ დავმტკბარვარ სიყვარულის ტკბილი ნექტარით,

ბედნიერება გაზაფხულით ჯერ არ მწვევია,

არც შემოდგომის დამიკრიფავს მე სიხარული,

სიყრმის კვირტები არ გამშლია და უკვე ვჭკნები.

მითხარ, უფალო, რა მაქვს ბარალი, რა დავაშავე?!

რად მომავლინე ამა ქვეყნად მწუხარებისთვის?

მე სხვას ვაჩუქებ ამ ნაზ იებს, სხვას გავახარებ,

დაე, სხვა იყოს ბედნიერი ამ საწუთროში.

აგერ სოფელიც, აი გამოჩნდა მყუდრო სოფელი,

მომაკვდავი მზე სხივებს აფენს ბოსლებს და სახლებს,

ხეთა ტოტებში წივის ქარი გააფთრებული,

გოგონა მოდის თავდახრილი და მთლად ცახცახებს.

_იანვრის იები, იანვრის იები, იანვრის იები;

წაიღეთ იები, სხვას აჩუქეთ, სხვა გაახარეთ,

ჰეი, ყმაწვილო, გამომართვი, არ გსურს იები?!

წაიღე სახლში, დედას აჩუქე, და გაახარე,

ფული არ მინდა, ისე წაიღე, ჰა, ნუ გრცხვენია.

იანვრის იები, იანვრის იები, ნაზი იები.

_არ მსურს, გოგონავ, მე რად მინდა მაგ ყვავილები,

ვის მივუტანო, ვის ვაჩუქო, ვინ გავახარო?

დედა არა მყავს, დედინაცვალს კი არ მივუტან,

მას ძუძუებით ჩემთვის შხამი უწოვებია,

ან დას რად უნდა ეგ იები, ნაზი იები,

მასში სინაზე დამშრალია, ვით ნაკადული.

განა დღეს კეკლუცს ყვავილებით მოხიბლავს ვინმე?

მათ არ უჩქროლებს გულს ხალისით მინდვრის ყვავილი,

თუ გსურს მათ თვალში რომ ბრწყინავდეს ბედნიერება,

ან სიხარულით, აღტაცებით რომ გიცქეროდნენ,

უნდა მიართვა ან ბეჭედი ანდა საყურე,

ანდა ნამცხვრები გემრიელი, ტკბილი ნუგბარი,

აი, რად არ მსურს მე, გოგონავ, შენი იები,

ვის მივუტანო, ვის ვაჩუქო, ვინ გავახარო?

არ მყავს მიჯნური, მე მარტო ვარ მიუსაფარი,

ჩემს მწუხარებას ყვავილები ვერ ანუგეშებს.

არა, არ მინდა, მე არ მინდა ნაზი იები,

უთხრა და შარას თავდახრილი გაჰყვა ყმაწვილი.

მომაკვდავი მზე სხივებს აფენს ბოსლებს და სახლებს,

ხეთა ტოტებში წივის ქარი გააფთრებული.

გოგონა კი დგას სიცივეში და მთლად ცახცახებს,

და გაიძახის _ იანვრის იები, იანვრის იები, იანვრის იები!

წაიღეთ იები, სხვას აჩუქეთ, სხვა გაახარეთ!

ჰეი, თქვენ ძიავ, გამომართვით, არ გსურთ იები?!

ფული არ მინდა, ისე წაიღეთ, უბრალოდ გჩუქნით,

წაიღეთ სახლში, ცოლს მიართვით, გაეხარდება.

_ რად მინდა ია, ჩემო კარგო, ან თუ კი ვარდი,

ოჰ, რომ იცოდე დღეს ჩემს გულში რა ქარ-ცეცხლია,

ლუკმა პურისთვის დამიგდია ბეჩავს ოჯახი,

შია ჩემს იმედს, ჩემს ძეს შია, ტირის საბრალო,

და მის გულისთვის ამ ყინვაში დავეხეტები,

რად მინდა ია, ჩემო კარგო, ანდა ვარდები,

ვის მივუტანო, ვის ვაჩუქო, ვინ გავახარო?!

ეგ ყვავილები ცოლს მივართვა? ქალს ეშმას დობილს?

მის გულს ხომ ნისლი სამუდამოდ შემოხვევია,

ვერ ჩაიხედავ, ვერ გაიგებ მის ფარულ ფიქრებს,

დღეს რა ახარებს, ხვალ რა უნდა და ზეგ რაზე სწუხს,

ოცნება მისი სხვაგან დაჰქრის, სხვის ხილს შენატრის,

თუ გაუჭირდა მიზეზს ეძებს, რომ მიგატოვოს,

წამსვე გაგწირავს, გიღალატებს, ცილსაც დაგწამებს

და სიყვარული მისთვის არის მხოლოდ ალერსი.

სახლის სიწმინდეს მაშინ იცავს, როცა არ შია,

პატიოსანი მაშინ არის, როცა თვითონ სურს,

მისთვის სიმართლეს ჩირის ფასი არა აქვს, თუ კი

თავის ნებას და თავის სურვილს არ შეისრულებს.

ოჰ, რომ იცოდე დღეს ჩემს სულში რა ქარ_ცეცხლია!

შია ჩემს იმედს, ჩემს ძეს შია, ტირის საბრალო,

რად მინდა ია, ჩემო კარგო, ან თუკი ვარდი,

ეგ ყვავილები ცოლს მივართვა? ქალს ეშმას დობილს?!

მის გულს ხომ ნისლი სამუდამოდ შემოხვევია.

ვერ ჩაიხედავ, ვერ გაიგებ მის ფარულ ფიქრებს,

დღეს რა ახარებს, ხვალ რა უნდა და ზეგ რაზე სწუხს.

არ მინდა ია, ჩემო კარგო ან თუკი ვარდი,

ეს თქვა კაცმა და უმალ სადღაც გაუჩინარდა.

რა უსიცოცხლო, უსინათლო, დაღლილი მზეა,

ხეთა ტოტებში ქარი წივის, ქარი აფთარი.

გოგონა კი დგას სიცივეში და მთლად ცახცახებს,

და გაიძახის _ იანვრის იები, იანვრის იები, იანვრის იები!

წაიღეთ იები, სხვას აჩუქეთ, სხვა გაახარეთ!

ფული არ მინდა, ისე წაიღეთ, უბრალოდ გჩუქნით.

ჰეი, გოგონავ, გამომართვი არ გსურს იები?

იანვრის იები, იანვრის იები, იანვრის იები,

ფული არ მინდა, ისე წაიღე, უბრალოდ გჩუქნი.

საქმროს წაუღე ლურჯი იები, გაეხარდება.

_ არა მყავს საქმრო და არც მინდა, რომ მყავდეს იგი.

კაცმა არ იცის, რაა ვარდი და ან რა ია,

მისთვის ერთია ყველა ქალი, თუა ლამაზი,

სინდისის ქენჯნას კაცის გულში არააქვს ბინა,

სამ ქალს შეჰფიცავს სიყვარულს და არც კი შერცხვება,

კაცი ქალებზე მონადირე ავი მხეცია,

ან სიყვარული სადღა არის, ჩემო დაიკო?!

ადამიანის გულში იგი გარდაცვლილია,

ამაში ბრალი მგოსნებს მიუძღვით, სულით შეშლილებს,

ლექსები ხომ ხანჯლებსა ჰგავს პირბასრ მახვილებს,

მათ კი სიყვარულს ისე უმღერეს, ვიდრე არ მოჰკლეს,

ვიდრე ლექსებით არ განგმირეს ეს ნაზი გრძნობა.

არა, ძვირფასო, მე არ მინდა ლურჯი იები,

არ ვარ ტრფიალი ყვავილების, არ მინდა ია?!@

ეს თქვა და სწრაფად გზას გაუყვა უცნობი გოგო.

_ მეგონა ვინმეს გავახარებდი ამ ყვავილებით,

მაგრამ უიღბლოს უფრო ჩაგრავს წუთისოფელი,

ბედმა თუ ერთხელ დაგაჩოქა ვეღარ ადგები,

ოჰ, ეს იები მე რად მინდა, რაში მარგია?!

უცებ გოგონამ მოისროლა შორს ყვავილები,

და გზას გაუყვა გულჩამწვარი ცივი ქოხისკენ.

მომაკვდავ მნათობს გადაეფარა ღრუბელთ სუდარა,

და ციდან თოვლი წამოვიდა ლურჯი, ირიბი,

ხეთა ტოტებში წივის ქარი, ქარი აფთარი,

და ფარფატებენ ქარში როკვით მთვრალი ფანტელნი,

უცებ, გამოჩნდა შარაგზაზე ეტლი რაშებით,

ნელ-ნელა მოდის, უჭირს ალბათ, სვლა გაბედულად,

ზედ ზის მოხუცი, წმინდა ბერი, თავჩაქინდრული,

ხანგამოშვებით მხნედ შესძახებს წინ, წინ, წინ გასწით,

ხეთა ტოტებში წივის ქარი გააფთრებული,

მზეც აღარა სჩანს, ის ღრუბლებს ჰყავთ დატყვევებული.

ანაზდად ბერმა შეაჩერა რაშები გზაზე,

დაიხარა და სწრაფად აიღო ლურჯი იები,

და კვლავ შესძახა - წინ, წინ გასწით, წინ გაბედულად,

ხეთა ტოტებში წივის ქარი, ქარი აფთარი,

და ფარფატებენ ქარში როკვით მთვრალი ფანტელნი,

მიჰქრის რაშები ჟინდამთვრალნი, ფაფარაშლილნი,

უკან კი კვალებს თოვლი ავსებს ქრება ნაკვალი.

ხეთა ტოტებში წივის ქარი, ქარი აფთარი,

და ფარფატებენ ქარში როკვით მთვრალი ფანტელნი.

აგერ გამოჩნდა სასაფლაო, მკვდართა საუფლო

სად განურჩევლად განისვენებს ცოდვილ-მართალნი,

აი, საყდარიც აგებული ღვთისმშობლის მიმართ

თითქოს აჭრილა ზეცისაკენ მხურვალე ლოცვით.

ბერმა რაშები დააოკა, შეჩერდა ეტლი,

და ძირს ჩამოხტა წმინდა მამა იებით ხელში,

საყდარ-საფლავზე ქარი დაჰქრის გააფთრებული,

და ფარფატებენ ქარში როკვით მთვრალი ფანტელნი,

უცებ პირჯვარი გარდისახა, ახედა ზეცას,

და მოკრძალებით შეაბიჯა მან ღვთის ტაძარში.

მუხლმოიყარა, ეთაყვანა, ჯვარცმას შეეხო

ღვთის სადიდებლად გახსნა ბაგე დადუმებული.

_ დიდება შენდა, მეუფეო, მკვიდრო ზეცისა,

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

უკეთურთაგან დამიფარე გლახაკი, მწირი,

ნუ მისცემ ბოროტს სულსა ჩემსა დასატანჯველად,

ნუ მიმცემ ეშმას ჯოჯოხეთის ცეცხლში რომ დამწვას.

გვედრი, უფალო, შეისმინე ვედრება ჩემი.

პოეტური კრებული







სასუფეველი დაუმკვიდრე აწგარდაცვლილთა,

ცოდვილთ გონება გაუნათე და მოაქციე,

რათა შეუდგნენ გზასა შენსა ჭეშმარიტსასა,

მოგვეც მშვიდობა, მეუფეო, მიწასა ზედა,

ჩემი სამშობლო კურთხეულ ჰყავ აწდა მარადის,

აწდა მარადის უკუნითი უკუნისამდე.

დაფარულია შენი სიბრძნე ჩემთვის, ძლიერო!

და მე ვერ ვხვდები, რად ახარე ია ზამთარში,

მაგრამ ეს ია მე მაგონებს ჩაგრულ სიმართლეს,

ოდეს ჯვარს გაცვეს, მეუფეო, ოდეს ჯვარს გაცვეს!

იანვრის იები საკურთხეველზე დააწყო ბერმა,

და შეჰღაღადა მან ისევ ღმერთს მუხლმოდრეკილმა

,,_ დიდება შენდა, მეუფეო მკვიდრო ზეცისა,

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!”

































იდუმალმა ანგელოზმა



ქარი ქროდა და ზეცაც მას ბანს აძლევდა მქუხარეს

და ფიალა ქართლის დედის სევდის შხამით აივსო,

იდუმალმა ანგელოზმა ჩამჩურჩულა მწუხარედ,

რომ თბილისმა თურმე ღამით მტკვარში თავი დაიხრჩო.

ახლა რა ვქნა, ობლად შთენილს, ვინღამ მითხრას ნუგეში?!

ვინ ჩამიკრავს ნაზად გულში, ვინ დამიწნავს მე გვირგვინს?

შენ შეშლილი სახით დარჩი ჩემი თვალის გუგებში

და შენს ვარდთა სურნელებას ვეღარა ვგრძნობ

ჩემს ირგვლივ.

ვინ გაიგებს, თუ რა სახით Dდღეს მეზმანე, თბილისო,

თითქოს იწვი მზის სხივებზე ჩრდილში ყოფნა გწყურია,

შენ ჩემს გულში ამოზრდილო, პაწაწინა ტირიფო,

გეძებ, გეძებ ცრემლის ზღვაში, ჩემო დიოსკურიავ.



მეთულუხჩე აღარ ყვირის,

მწვანილს ვინღა ატარებს,

მომენატრა ხმაც კი ვირის

მაწვნებს რომ დაატარებს.

ვეღარ ვხედავ მე ფიროსმანს

მტკვართან ფერად ფუნჯებით,

სადღა არის იაშვილის

მთები როგორც თუჯები.

და შეითან ბაზრის ახლოს

დილის საარს ვერ ვუსმენ,

თათრის ფოლორცს აღარ უკრავს

თვალს რუმბივით მედუქნე.

იეთიმ გურჯის სახლის კარზე

ლექსის კვალი გამქრალა,

ან სად არის გრიშაშვილი

ეხ, გაიყოლა ამქარმა.














არც აშუღი აღარა სჩანს,

ერთ დროს ჰანგის ქარბუქი,

გოგლაურას დავიწყნია

გზები ძველი ხარფუხის.

ნარიყალას ახლა სულ სხვა

ლექსი ხავსად ედება,

ტიციანის წითელ მიხაკს

აღარ ეიმედება

იმ მგოსანის ერთხელ თქმული,

თქვენ თუ გახსოვთ, წამებო,

შფოთიანი თბილისი -

პოეტების სამეფო.

იდუმალმა ანგელოზმა ჩამჩურჩულა მწუხარედ,

რომ თბილისმა, თურმე, ღამით მტკვარში თავი დაიხრჩო.

და ცრემლები ქარს მიჰყვება, ზეცაც ჭექავს მქუხარედ,

ვეღარ ვპოვე გულის სატრფო, სული სევდით აივსო.






























ჩემში ლილის მზეა


წვიმა მოდის ციდან, არემარეს აწვიმს,

სიყვარულით გამთბარს მხოლოდ მე არ მაწვიმს,

წვიმას მოაქვს ფიქრი, ოცნება კი ნიავს,

აწვიმს მთებს და ველებს მინდვრებს ყვავილიანს.

დასველდება წვიმით ენძელა და ია,

და რომ მე არ მაწვიმს ჩემში ლილის მზეა.

მოწყენილი ბაღი, სევდიანად ტირის.

მხოლოდ მე არ მაწვიმს და ღვთაებრივ ლილის.

ციდან წვიმის წვეთებს მოაქვს სველი დარდი,

მხოლოდ მე არ ვდარდობ, შენ რომ შემიყვარდი.

მიჯნურს აკრთობს ღამით წვიმა, ელეგია,

ჩემში ლილის მზეა, ჩემში მარად დღეა.

ეს ყვირილა შავი უერთდება რიონს,

მხოლოდ ჩვენ გვხვდა დაფნა, მე და გალაკტიონს.

ნისლში მიხვევს ფიქრებს კვამლი ღვთაებრივი,

რომ მომავალს ვრჩებით ლექსით მე და ლილი.

წვიმა მოდის, წვიმა და სველდება მდელო,

არ სველდება მხოლოდ ლილის საქართველო.

კაცის სული ღმერთის ან დემონის ტყვეა,

მე ვარ მონა მუზის, ჩემში ლილის მზეა.

და ეს მწვანე ფიქრი რომ შრიალებს ტყეა,

ჩემში ლილის მზეა, ჩემში მარად დღეა.

ბაღი წვიმით სველი, სევდიანად ტირის,

მხოლოდ მე არ მაწვიმს და შორეულ ლილის.
















მე და ღმერთი

მიტომ დაგშორდი, ღმერთო,

რომ ძლიერ მეტანჯა

და მე მსურს ტანჯვა...

რომ შენთან ვიყო ერთობლ.



მიტომ არ გირწმუნე, ღმერთო,

რომ ძლიერ მე მწამხარ!

მიტომ ვარ მე წყნარად,

რომ შენ მარად ღელვობ.

და მე არ ვლოცულობ.

არ მინდა მუხლის მოყრა,

ვარ მარად შენი მონა

და არასოდეს ორგგულობ.

არ მსურს მცნება შენი,

მე ჩემი მწამს მცნება.

უერთმანეთოდ მხოლოდ ვართ მტვერი...

ორი სახოვნება - მარად ერთი რჩება...

და ჩემს ტაძარს ვთელავ,

და შენს ტაძარს ვაგებ.

და მე გეტყვი, განგებ

ვარ მშვიდად, მაგრამ ვღელავ.























რკინიგზის სადგურიდან მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი.

გვირაბში ვაჭრებს დახლები დაედგათ და თამბაქოს ყიდდნენ.

რამდენიმე ვაჭარი ერთად მოქუჩებულიყო დახლთან და იცინოდნენ

და თან ერთხმად ყაყანებდნენ ,,ჰე მიდი დაუკარიო”. მათ სიცილში

დაცინვა და სიბრალული ერთმანეთში გადაწნულიყო. რაკი ცნობისმოყვარე

გახლავარ, წამით შევყოვნდი და მათ მივაცქერდი.

ვაჭრების შუაში

მოხუცი კაცი იდგა, მის თეთრ თმა-წვერს ყვითელი ფერი გადაჰკრავდა.

წყლიანი სევდიანი თვალებით კიდევ უფრო მეტად შესაბრალისად გამოიყურებოდა.

ტანზედ ძალზედ გახუმებული პიჯაკი და შარვალი ემოსა.

ფეხზედ დაღრეჯილი დახეული ფეხსაცმელი ეცვა და ხელში ზურნა ეჭირა.

თითქოს მის ჭუჭყიან თითებიდან წარსული სინატიფე მკვეთრად გამოკრთოდა.

მოხუცმა არაყი გადაჰკრა და ზურნა ბაგესთან მიიტანა.

მე რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი, კედელთან ჩავიმუხლე და სმენად ვიქეცი.

ეხლა შევეცდები გადმოვცე რა განვიცადე.

(მომიტევეთ, ჩემო მკითხველნო, ლექსის დიდი პროლოგისათვის)


მეზურნე

რა დამავიწყებს იმ მეზურნის სევდიან თვალებს,

ღაწვზე ცრემლები უბრწყინავდა, ვით ნამი დილის,

ზურნის ჰანგები აღვიძებდა შორეულ დარდებს

და წარმოსახვით აცოცხლებდა უძველეს თბილისს,

მამა დავითის ზარების ხმა მოჰყვება სიოს

და მას თან ერთვის ქაშუეთის ზართა ტირილი,

თითქოს ბანს აძლევს მათ სიონის დედა ზარები

და მეჩეთიდან ისმის მოლას გრძელი ყივილი.

დილის ჟუჟუნა წვიმა მოდის და ქუჩას ნამავს,

ნისლი იშლება, მზე ზეცაზე ანათებს მკრთალად,

შავმანდილიან მემაწვნის ხმაში ისმის თიხის ხმა,

ხმა მენავთისა, ჩახლეჩილი, აყრუებს ქალაქს.

ხის აივანზე სპარსულ ხალიჩას ბერტყავს კნეინა,

მოკირწყლულ ქუჩას მიუყვება ყარაჩოღელი

და კინტოები მალი ნაბიჯით უკან მისდევენ.

როს შეამჩნევენ ღია სარკმელთან მდგარ ქალბატონებს,

დარბაისლურად ბოხოხს იხდიან უმალ ყოველნი.

დაღლილ აქლემთა ქარავანი ზართა ჟღარუნით,

ხურჯინდატვირთულ ვირები და ცხენთა ამქარი.

მოიწევს ტალღად ბაზრისაკენ დიდი ხმაურით,

მყიდველიცა და უსაქმურიც, ძუნწი ვაჭარიც,

აღებს დარაბას მჭედელი და დალაქი ზანტად

და ღიპიანი მიკიტნები აღებენ დუქნებს.

ყველა ოსტატი თავის შრომით არის გართული.

მოგაგონებენ ლამაზ სკასთან ზუზუნა ფუტკრებს,






და ჰა, მოაწყდა ხალხის ტალღა ქუჩიდან ბაზარს,

ატყდა ხმაური, ღრიანცელი, აყალ-მაყალი,

ვინ სიტყვას ასჯერ იმეორებდა და კიდევ ასგზის

დუღდა სიცოცხლე, იყო ვაჭრობა, იყო ყაყანი.

ვინ გსურდათ თქვენ, რომ არ გენახათ ამ დიდ ბაზარში,

რუსი, ფრანცუზი, ანგლიჩანი, ბერძენი, თურქი,

ქართველი, ქისტი, ინდოელი, ჩეჩენი, სპარსი,

არ აწუხებდა აქ არავის სხვადასხვა რჯული,

მთავარი იყო აქ ბაზრობის იაფი ფასი.

არა, არ წყდება, ხალხის ისევ მოიწევს ტალღა,

უფრო გახშირდა ხმაური და აყალ-მაყალი,

თან შეწყდა წვიმა, მზე ზეცაზე აცურდა მაღლა

და ცეცხლის ალში გაეხვია მთელი ქალაქი.

თითქოს ვიგრძენი, რომ შედედდა ჰაერი წამით

და გაიჟღინთა ნივრის, ხაშის, ლავაშის სუნით.

,,ქორფა მწვანილი, წითელი ბოლოკი” ჰყვირის ვაჭარი,

კაცს მოგინდება, რომ შეჭამო მაძღარსაც გულით,

და ერთ დუქანთან წინ დაუდგამთ დიდი მაყალი,

შამფურზე შხივის კალმახი და თიკნის მწვადები,

ღვინო დოქებით დაუდგიათ, გათრობს სურნელი,

მუხის ტაბლაზე გაუშლიათ სუფრა ზაღაპარი.

მოხუცის მუხლზე კი გულამოსკვნით არღანი ტირის

და მეზურნენი აკვნესებენ სევდიან ჰანგებს,

ფიალით ხელში სადღეგრძელოს ამბობს თამადა

,,მოდი, ამ თასით გაუმარჯოს ჩვენ დედა თბილისს,

ვინ იცის, კიდევ გაჭირვებას გაუძლებს რამდენს”

შესვა ფიალა იეთიმ გურჯმა, თავდახრით ტირის

და მეზურნენი აკვნესებენ სევდიან ჰანგებს.

ბაზარში ისევ ისმის ხალხის ხმაური დიდი

,,თქვენ ამ ხალიჩას, ამ აბრეშუმს, ამ ჩითს და ატლასს,

ამ ვერცხლის ხანჯალს

და ოქროს ყელსაბამს რამდენად ჰყიდით?”

ბაზარში კი კვლავ არის ხალხის აყალ-მაყალი,

მთაწმინდის ბერმა გადმოხედა ქალაქს და უცებ,

უცებ შეჰყვირა: “მე ვხედავ ახლა ცხეხლის ალში

გახვეულ თბილისს”

ამ დროს ქალაქის გარეუბნებში და ხეივნებში

გასაოცარი იყო სიგრილე,

გულს ამშვიდებდა შადრევნები დაჩრდილულ ბაღში.

და სეირნობდნენ ახალგაზრდა დარდიმანდები

მჯდარი ეტლებში, დიდ ხეივნებში,

ხოლო თბილისი კი იწვოდა მზის ცეცხლის ალში,

მტკვარს სიბერისგან აღარ შეეძლო, ტალღათ გუგუნი.

პოეტური კრებული








მას ამძიმებდა წინაპრების სისხლი და ცრემლი,

მტკვარი დაღლილი, გადაღლილი, ჩუმი დუდუნით

მიდიოდა და თან მიჰქონდა ათასი წლები.

წყლის დაღლილ მკერდზე ყარაჩოღლებს დაედგათ ტივი,

იქაც ზურნა და საზანდარი მწარედ ტიროდა,

სადღეგრძელოებს ბაიათებით კითხულობდნენ

ყარაჩოღლები,

ხელიდან ხელში ღვინო თასით გადადიოდა,

და დრო გადიოდა, დრო მიჰქროდა, დრო მიდიოდა,

მზე გადაღლილი დასავლისკენ გადიხრებოდა

და ფიროსმანი მდგარი მეტეხთან

მშვიდად ხატავდა ქალაქის ხედებს.

ძველი თბილისი გაეხვეოდა ვერცხლის საბანში

და ნაზი სიო შეარხევდა თავდახრილ ვერხვებს.

მეზურნე ისევ აკვნესებდა ზურნას საბრალოდ

გულში ჩამწვდომი იღვრებოდა ჰანგები მწველი,

ვინ იცის, იქნებ მისტიროდა უძველეს თბილისს,

ვინ იცის, იქნებ სხვა წუხილით დიოდა ცრემლი.

რა დამავიწყებს იმ მეზურნის სევდიან თვალებს,

ღაწვებზე ცრემლი უბრწყინავდა, ვით ნამი დილის,

ზურნის ჰანგები აღვიძებდა შორეულ დარდებს

და წარმოსახვით მე ვხედავდი უძველეს თბილისს.































მწუხარე თვალებს

ტრიოლეტი

მწუხარე თვალებს, თვალებს უძილოს

უპეში ჩადგომია ცრემლების მორევი.

სევდა სიყვარულის აღშფოთებს უძირო...

მწუხარე თვალებს, თვალებს უძიროს.

ციური სიცივე დარდს ყინავს უიღბლოს;

დარდს-ობოლს, ფარულად წამწამთა მოლებში

მწუხარე თვალებს, თვალებს უძიროს

უპეში ჩადგომია ცრემლების მორევი.





































დედავ მიმღერე

მიმღერე, დედავ, ნანა,

მზე, ბალახი და ნამი.

ჩემი ბავშვობის ხანა...

უსპეტაკესი წამი,

შველი, ია და ვარდი,

უმწიკვლოების ხანა.

დღეს ჩემს გულს იავარქმნილს

უმღერე ნანი ნანა.

სისხლი, სიკვდილი, დანა,

ლურჯ პერგამენტებს შლიდა.

დედი, მიმღერე ნანა,

რომ დამეძინოს მშვიდად.



ძილში ბაგეზე ღიმილს

ჩემი ბავშვობა ეგრძნოს,

მიმღერე ნანი ნანა,

როგორც მიმღერდი ერთ დროს,

დედავ, მიმღერე ნანა,

მზე, ბალახი და ნამი,

ჩემი ბავშვობის ხანა...

ნანა, ნანინა, ნანი.




























ბავშვებად შევრჩებით


ცხოვრება ედრება უდაბნოს ეკლიანს,

დაღლილი მივყვები მას სევდის ამარად.

მე ვეტრფი იმ თითებს, იმ თითებს მტვერიანს,

რომლებმაც შეჰკრეს ღრუბლების კამარა.

თვალების უძირობა ვიხილე საოცარი

და ჩემი გასხვისება თითქოს შევიგრძენი.

ღმერთო, ამოვარდეს ჯოჯოხეთის ქარი

და ჩემი ფიქრების დალეწოს თეთრი ბჭენი.

ბავშვურ ნახატებზე ფერთა აღტკინება,

ღიმილად გაბნეული ღამის ალმურებზე,

სულთან შეხვედრა ბედმა დღეს ინება,

რომელსაც ვეძებდი უხსოვრობის გზებზე.

მე ამ ქვეყანაზე არ ვიყავ მოვლენილი,

მაგრამ შენ გიცნობდი, როგორც ღვთის ხატებას,

სიკვდილის ანგელოზსს შევხვდები მოდრეკილი

და შენი უცნობობა მარადჟამს გამყვება.

რაღაც ბორგნეული რად იძვრის დღეს ჩემში?!

შევრჩებით ბავშვებად ოცნებებს ჩვენ მარად,

ნირვანას მინდობით გადმოვალ მე შენში

და შენი ხმის ჰანგზე მოვკვდები მე წყნარად.

ცხოვრება ედრება უდაბნოს ეკლიანს,

დაღლილი მივყვები მას სევდის ამარად.

მე ვეტრფი იმ თითებს, იმ თითებს მტვერიანს,

რომლებმაც შეჰკრეს უგრძნობი კამარა.


















ისევ შენ მაგონდები

ლურჯ ცრემლების ბროლები

წამწამებზე მოება,

ისევ შენ მაგონდები,

როგორც ძველი პოემა.

მზეს ღრუბლები დასცილდა,

ამოვარდნენ ქარები,

რად მიცქერდნენ საშინლად

ეგ ლამაზი თვალები.

აგერ ხეზე ბუდეში

ჩიტთა ჟრიამულია,

გულს მოუნდა ნუგეში,

სულს ლაჟვარდი სწყურია.

მონატრება ამგვარი

ჯერ არასდროს მიგვრძვნია,

რასაც არ აქვს საზღვარი,

იქ მარადის ნისლია...

ლურჯ ცრემლების ბროლები

წამწამებზე მოება,

ისევ შენ მაგონდები,

როგორც ძველი პოემა.




















გიორგი ჭანტურიას

რა გითხრა, სული სულისთვის ტყვეა,

გულში იარად დამრჩა დარდები,

რომ შენ უწყალოდ გესროლეს ტყვია,

ვით იუბილარს კონა ვარდების.

ვისთვისაც გული გიძგერდა მარად,

მან აღიმართა იუდას ხელი,

და შენს სიცოცხლეს ცივ ნიაღვარად

გადაესხურა სიკვდილი ბნელი.



რისთვის... ან რატომ... გსურდა ზვარაკი,

დროვ, სისხლიანის დღეთა მნახველო,

მე დავიმოწმებ ნათელ აკაკის,

რომ “ფურთხის ღირსი ხარ, საქართველოვ!”

რა გითხრა, სული სულისთვის ტყვეა,

გულში იარად დამრჩა დარდები,

რომ შენ უწყალოდ გესროლეს ტყვია,

ვით იუბილარს კონა ვარდების.





























ფერშეცვლილი ქალაქი

მე ზესტაფონის ქუჩებში მინდა ვიხეტიალო,

ჩემი ქალაქის სიყვარულში დავლიო სული,

რომ ჩემი ყრმობა, მის ქუჩებში გატარებული

დღეს მოგონების სკივრში იყოს სულგანაბული.

ჩემი ჭადარი, ჩემი ცაცხვი, ჩემი ნაძვები _

ეს მოგონება ყვითელია, როგორც გვირილა.

მახსოვს ზაფხულის უდაბნოში ზამთრის ქალაქი,

ოდეს მე ანბანს მასწავლიდა შავი ყვირილა.

დიდი ხანია ფერი იცვალა ჩემმა ქალაქმა,

ცაცხვი გამხმარა

და ჭადარი ჭლექიანი ბოღმით ხრიალებს,

ზოგი მომკვდარა, ზოგიც უკვე აქვე სულს ღაფავს

და დედამიწა ძველებურად ისევ ტრიალებს.

ყველა შეცვლილა, იმათ სახეს ნიღბები ფარავს,

ვეღარ გავიგე წისქვილის ქვა საით ტრიალებს,

დიდი ხანია ფერი იცვალა ჩემმა ქალაქმა,

მე, ისევ ბავშვი მოგონებით, მის ქუჩებში დავხეტიალებ.

პოეტური კრებული



























მეწისქვილის სიზმარი

ჟორა გრიგალაშვილს

რახრახებს ძველი წისქვილი,

ტრიალებს, ვით დედამიწა;

და მეწისქვილემ ხმაურში

ჩათვლიმა ერთი წამითა.

თავს მოეხვია სიზმრები,

თითქოს ადამის შვილები

გავხდით მარცვლები სიმინდის,

ხოლო წისქვილის თეთრი ქვა

თავს გვადგას, როგორც სიკვდილი.

შეძრწუნდა ჭაღარა მოხუცი,

არ მოეწონა სიზმარი,

გამოეღვიძა ფერგამკრთალს,

ხედავს, კვლავ ბრუნავს წისქვილი.

კვლავ ბრუნავს როგორც საწუთრო,

ხან სწრაფად ხან ნელა ტრიალებს,

მოვა შავბნელი სიკვდილი,

და დაგვფქვავს ადმიანებს.






























კავკასიონის არწივი

ჰაერი შეგუბდა და შედედდა ამ დღის სინათლე,

წვიმას აპირებს და ჯერაც არ წვიმს,

კავკასიონის ნათელ მყინვარზე

ჩასძინებოდა შავფრთიან არწივს.

ეს იყო ძილი, არა, უფრო ეს გავდა თვლემას,

იყო ამ ძილში ღვთაებრივი იდუმალ კდემა,

უცებ შეინძრა, შეფრთხიალდა დიდი ფრინველი,

გაშალა ფრთები და ზეცაში მოხაზა რკალი.

გადაიშალა სანახაობა – უვრცესი ველი,

აქუხდა მთები და შესძახეს, - ჰა, მომავალი,

დაე, იცოდე, დღეს ყორნების ჟლეტვის დღე დგება,

იფრინე, მეფევ, შენ გეკუთვნის თავისუფლება.

































მზეს ამოსვლა დაავიწყდა

მზეს ამოსვლა დაავიწყდა,

როცა შენ დაგინახა,

ჩემზე ძლიერ რომ ანათებ,

შეგეკითხა – ვინა ხარ?

თუმც შენ სიტყვა არ უთხარი,

მიანათე თვალები,

შენი ეშხით მზე დაიწვა,

ღაწვს ედინა ღვარები.

მზეზე ტურფავ, სულზე კარგო,

თმადაწნულო ვაზითა,

მინდა, ზეცა მიმოვქარგო,

შენი სილამაზითა.

ფიროსმანის ნახატი ხარ,

ნუკრი ყელმოღერილი,

ავთანდილის ბარათი ხარ,

სატრფოსთან მიწერილი.

რას გადარო ქვეყნად, სულთქმავ,

ხარ დემონის ასული,

ვით ამ ლექსის ამოსუნთქვა,

ვით წერტილი დასმული.

მზეს ამოსვლა დაავიწყდა,

როცა შენ დაგინახა,

ჩემზე ძლიერ რომ ანათებ,

შეგეკითხა – ვინა ხარ?

თუმც შენ სიტყვა არ უთხარი,

მიანათე თვალები,

შენი ეშხით მზე დაიწვა,

ფერფლავს ტრფობის ალები.


















ლურჯი დარაბა

თეთრი ფარდები ჩამოეშვა სულის სარკმელზე

და დაიხურა ოცნებების ლურჯი დარაბა,

მოულოდნელად მიატოვე ჩემი კოშკები,

ეს იყო ჩემთვის ტრაგედია, მუზის დაკარგვა.



უცებ დაიმსხვრა ჩემი გული ალმასის ყუთში,

დავრჩი მე სევდით შეპყრობილი, თითქმის შეშლილი,

ოჰ, როგორ მინდა, დაგივიწყო, მაგრამ ამაოდ...

ისევ გაბრწყინდი შენ ჩემს ლექსში, ძვირფასო ლილი.

ერთხელ ფარულად მოვიპარე შენი ღიმილი,

შირაზის ვარდის სურნელებად ჩემს სულს ვაღვარე,

ცეცხლმოდებული ჩავაწვინე შროშნის კუბოში,

და დაფრულად ის ჩემს გულში დავასაფლავე.

თეთრმა დემონმა დამაფარა ბინდის სუდარა,

ჯვართან ბეჭედი ქარს მიქონდა ვარდით ფენილი,

ოჰ, მაპატიე, მე სიყვარული ვიცი უთქმელი,

და ვერასოდეს ვერ გითხარი – მიყვარხარ, ლილი...

თეთრი ფარდები ჩამოეშვა სულის სარკმელზე,

და დაიხურა ოცნებების ლურჯი დარაბა,

მზის საყდრის იქით ჩემს ქვეყანაში მე გავეშურე,

როცა ზეცაზე ვარდის სურნელი ალად ავარდა.























შემოდგომის ფრაგმენტი

სავსე მკერდი ქალწულის, მოვიდა შემოდგომა,

მზემ ნაწნავში ჩაწნული ვაზი შეაოქროვა.

დიონისეს ნაჟური აქაფდა და ატოკდა,

ბროწეულებს სიცილი უნებურად წამოსკდათ,

ხილეული უტკბესი მომწიფდა და დაბრძენდა,

დღეს მოაკლდა ნათელი, ღამე ბნელით გაგრძელდა.

სექტემბრის სარეცელზე ტყე, ორსული, გაშიშვლდა,

და, ღმერთისგან ნაბოძი, ფერთა გამა დაცვივდა,

მდელომ ფერი იცვალა მონავარდე ქარითა,

ყვავილების ფურცლები მერცხლებს გაყვა, გაფრინდა.

ზაფხულის სურნელება დაიწურა ნისლებად,

დაღლილი შემოდგომა ზამთრის ბილიკს მიჰყვება,

ასე ქრება ოცნებაც ჩემი შენსკენ მავალი,

როგორც შემოდგომის დღე მოკლე და სწრაფმავალი.

გაღვიძების ლოდინში ეს ბუნება იძინებს,

მაგრამ ჩემი ოცნება, ვიცი, არ გაიღვიძებს.

ვიცი, არ გაიღვიძებს, მოკვდა მარად ძილითა,

როგორც შემოდგომის მზე კვდება ზამთრის დილითა.


























იისფერი საღამო

იისფერ საღამოს შევხვდი მწუხარებით,

ოცნება, ძოწისფერი, წარსულს მაგონებდა,

დაკარგულ სიყვარულზე ტიროდა ტბაზე გედი

და სულის მარტოობა ჩემს თვალებს აღონებდა.

იყავი შორეული ჩემი სიზმარივით,

კუბოთა ყვავილებს გაშლა არ უნდოდა,

თვალებში კრთოდა ბროლები ცისკარივით,

დაისი, ბავშვივით, დუმილთან საუბრობდა.



მოვიდა ჩვენება უხილავ წამებით,

რომ გულში ალუბლის წვეთებით ეთოვა,

მოვიდა დემონი, მიხმობენ ზარებით,

ზარებით მიხმობენ, ის გამომეთხოვა.

დაეცა ცოდვები სასთუმლის წინაშე,

დაკარგა ჟასმინმა სურნელის მალამო,

სევდა აირეკლა დაბურულ მინაში,

შევხვდი მწუხარებით იისფერ საღამოს.

გათავდა, წავიდა, წავიდა მოწყენით...

დარდების ჩრდილები ლანდია მდუმარე,

მე მესმის მეძახის – მომყევი, მომყევი,

ქვითინი სხივების ცრემლებად მდუღარე.

თვალებში მუდარა ივსება ნამებით,

მომინდა, ამბორი რომ შენთვის მეთხოვა,

მოვიდა დემონი, მიხმობენ ზარები,

მიხმობენ ზარები, ის გამომეთხოვა.

იისფერ საღამოს შევხვდი მწუხარებით,

ოცნება, ძოწისფერი, წარსულს მაგონებდა,

დაკარგულ სიყვარულზე ტიროდა ტბაზე გედი

და სულის მარტოობა ჩემს თვალებს აღონებდა.

პოეტური კრებული














დაბრუნდი

გეძახი, მიყვარხარ, მიყვარხარ,

და ჩემი სიტყვები ქარს მიაქვს შორს,

იდუმალ ჩამესმის: - არ გიცნობ, ვინა ხარ!

და მწარედ ვტირივარ, ცა მაყრის თოვლს.

რა გითხრა, ძვირფასო, ძვირფასო,

შენ ჩემში ოცნებას ფერს ართმევ ლურჯს,

ღაწვებზე დაგორდა ცრემლები, ცრემლები,

რომ გული უთქმელად დაშორდა გულს.



მე სანთლებს ავანთებ ტაძარში ჯვარცმის წინ,

და ვეტყვი დაღლილი კვლავ შენზე მას,

რომ ძლიერ მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,

და ველი, ძვირფასო, შენს დაბრუნებას.

მაჩუქე თავიდან კოცნა ცეცხლოვანი,

რომ ისევ ვუმღერო იას და მზეს,

დაბრუნდი, ძვირფასო, დაბრუნდი, დაბრუნდი,

ეს გული გულს უცდის და მიტომ ძგერს.






























მტკივა გული

გული მტკივა, ვღონდები,

რად არ ახდნენ ნატვრები,

ისევ შენ მაგონდები,

ისევ შენ მენატრები.

ალუბლების საყურით,

ღაწვზე წვიმის ღვარებით,

გვირილების გვირგვინით,

და ჟუჟუნა თვალებით.

მთაში ხტოდნენ ირმები,

ბიბინებდნენ ველები,

მახსოვს კოცნა პირველი

და მთრთოლვარე ხელები.

ღამე, ტკბილი სიზმრები

და სურნელი ვარდთა დის

ფიცი _ რწმენით ნათქვამი

,,მეყვარები მარადის!”

მტკივა გული, ვღონდები,

რომ არ ახდნენ ნატვრები,

ნეტავ, თუ გაგონდები,

ნეტავ, თუ გენატრები.
























ჩემი სევდა

ჩემი სევდა არის მხოლოდ ქართული,

ქართლის დედას ჩემს გულში აქვს სახნავი.

საქართველოვ, ვარ შენში დამარხული,

ვით თამარის იდუმალი საფლავი.



დედაენავ, სულში თბილად ნაზარდო

და სააკაძის ხმალო, მძლეო მტერისავ,

მე სიცოცხლე ჩირად მიღირს, თუ თქვენთვის

თავგანწირვით სიკვდილი არ მეღირსა.

რუსთაველო, უკვდავი ხარ მარადის,

საუკუნოდ ქარ-ცეცხლებში გენათოს

ძლიერების სიმბოლო ხარ შენ, დავით!

ურყევო და უძლეველო გელათო.

ჩემი სევდა არის მხოლოდ ქართული,

ქართლის დედას ჩემს გულში აქვს სახნავი.

საქართველოვ, ვარ შენში დამარხული,

ვით თამარის იდუმალი საფლავი.



























ჩივილი ღმერთთან

რატომ გვასწავლე კითხვა,

რად წაგვაკითხე დანტე?!

ნუთუ ჩვენ უნდა მოვკვდეთ,

ნუთუ ჩვენ უნდა დავლპეთ?!

მინდა არ იყო, ღმერთო!..

მინდა, დემონო მოკვდე!..

მინდა, ხარობდე ვაზო,

მარად ფურჩქნიდე ყლორტებს!

გვინდა სიცოცხლე მარად,

ის კი ქარივით მიჰქრის,

უხსოვარ დროიდან გვტანჯავს

ამაოების ფიქრი...

მაშ, დაგვიბრუნე ის დრო,

როცა არ ვიყავთ ქვეყნად;

როცა არ გვყავდა მამა,

როცა არ გვყავდა დედა.

ოჰ, რად გვასწავლე კითხვა,

რად წაგვაკითხე დანტე?!

ნუთუ ჩვენ უნდა მოვკვდეთ,

ნუთუ ჩვენ უნდა დავლპეთ?...



























ჩემებური მუხამბაზი

ანგელოზის სადარო,

გაზაფხულის ვარდი ხარ,

გამომყევი, თორემ მარტო დავდივარ.

თვალი ცრემლით მევსება -

სიზმარშიც მელანდები,

ამერია ფიქრები და დარდები.

შენთვის მიძგერს გული მე,

მოტრფიალე ონავარს,

მშვენიერო, მხოლოდ შენი მონა ვარ.



მაგ ოქროსფერ დალალებს

და მაგ თვალებს ცისფერსა,

ვერ გავექეც, ვერ გავექეც ვერსად.

გაზაფხულის ვარდი ხარ,

ანგელოზის სადარო,

აღარ ვიცი, ქვეყნად რას შეგადარო?

შენზე ფიქრმა დამღალა,

სევდიანი დავდივარ,

გამომყევი, თორემ მარტო დარდი ვარ.






















თქვენ გეტრფით

ვარ შენზე მზრუნველი მარადის, - სიცოცხლევ,

ვით ჩვილი უმანკო, საოცრად - მიყვარხარ.

ოჰ, რარიგ მიზიდავ, მე გეტრფი შენ - ძლიერ

და შენთან ალერსი არ დამღლის - იცოდე.

იებს და შროშანებს, ვარდებს და - ზამბახებს

მთრთოლვარე თითებით ერთ კონად - მოგართმევ,

სიმბოლოდ ყვავილი გამშვენებს - სიკვდილო

და მიტომ შენც გეტრფი ქალწულო – ლამაზო

მიყვარხართ, მიყვარხართ, თქვენ გეტრფით, წარმტაცნო.



































ლექსებით მთვრალი

ერთხელ ქუჩაში მოვდიოდი მე, ღამით, მთვრალი,

ლექსს ვუყვებოდი მხოლოდ ჩემს თავს და მდუმარ ღამეს,

მე მოვდიოდი ლექსებით მთვრალი და ბედზე მწყრალი,

ჩემი ოცნების თეთრმა რაშებმა სარკოფაგისკენ მე გამაქანეს.

რად ერგო ჩემს სულ მარტოობის ყრუ მონასტერი?!

როცა მოყვასის სიყვარულით მწარედ ვტიროდი,

მე მოვდიოდი, მაგრამ ლექსებს არ ისმენდა რად ჩემი ერი,

მე ვბარბაცებდი, ღვინით მთვრალი,

ვტიროდი და თან მოვდიოდი.

ღაწვებს ცრემლები მისველებდა,

მე მოვდიოდი ლექსებით მთვრალი;

არვინ არ მახლდა ნუგეშისმთქმელი, ან ხმისგამცემი,

ან მეგობარი, ანდა თუნდაც მეძავი ქალი,

მე მომყვებოდა მარტოობის საზარი ღამე,

ჩემი დემონი ჩემი დამცველი.

მე მომყვებოდნენ ჩემი ლექსები, მძიმე სევდების თანაზიარნი,

ჩემი გოდება არვის ესმოდა, ან თუ ისმენდნენ, მთვლიდნენ სულელად,

მე მსურდა ჩემი მირაჟების აელვარება და ზიარება...

მინდოდა, ლექსით ყველა დამეთრო,

რომ ეგრძნოთ მათი მძაფრსურნელება.

თეთრმა რაშებმა გადაანარცხონ საუკუნეებს გოდება ჩემი,

რომ პოეზიას ახლა ყელს ჭრიან, უნდათ, დაშრიტონ ციური ალი,

დე, ერგოს ჩემს სულს მარტოობის ყრუ მონასტერი,

ოღონდ ვიდოდე მე ქუჩებში ლექსებით მთვრალი,

ლექსებით მთვრალი...























სევდის გვირგვინი

დამადგით თავზე სევდის გვირგვინი, დამადგით თავზე,

ტანჯვის ეკლებმა დე დამკაწროს, მადინოს სისხლი,

მწუხრის მეფე ვარ, უტახტოდ და უსასახლეოდ,

მე იდუმალი მესია ვარ, მოსილი ნისლით.

პოეტური კრებული



მე ვარ ფიქრი, მე ვარ დარდი და მე ვარ ცრემლი.

ვარ ზეცისათვის ამბროზია, მიწის კანაფი,

გამახსენდება უცნობი ქალი და ჩემი ლექსი,

გზა გორისაკენ მიმავალი კუბოს კარამდის.

შეიმოსება ზეცა საღამოს ალუბლის ფერით,

და დაღამდება მრუმე ღრუბლებით საშკვლავის ფერად,

იდუმალება გამიტაცებს იმედის ფრთებით,

ვხვდები, არ მესმის არ მიწიერი მე გულის ძგერა.



წლები ჩემს სხეულს ეტმასნება კახპა ქალივით,

მაგრამ გონება კვლავ ბავშვური ფიქრებით ელავს,

ვით მათხოვარი ქუჩაზე მდგარი, გამვლელ-გამოვლელს,

გულში ჩამიკრან, ვვედრი ყველას, ვით მშობელ დედას.

ძველ დედამიწას დაეცემა ზამთრის სიცივე,

მჭკნარ ფოთლებივით დასცვივდება პოეტს რითმები,

გამახსენდება ჩემი ლექსით უცნობი ქალი,

და განშორებას მე ზაფხულთან მაშინ მივხვდები.

ოჰ, დავიწყებავ, რად ჩასახლდი ადამის სულში,

რატომ ავიწყებ ადამიანს მოყვასს თავისას?!

მხოლოდ, პოეტო, შენ არ ძალგიძს, რომ დაივიწყო,

ერთხელ ხილული ის თვალები ლამაზ ქალისა.

მაგრამ ასეა, შენ კი ყველა გივიწყებს ქვეყნად,

რადგან დუმილის მესია ხარ, მოსილი ნისლით,

დაგადგამთ თავზე სევდის გვირგვინს, დაგადგამთ თავზე,

ტანჯვის ეკლებმა დე, დაგკაწროს, გადინოს სისხლი.













უფრო ნაზია მზე

დღეს რა ნაზია ცა,

უფრო ნაზია მზე,

და ახლა ერთის მწამს,

მიყვარხარ მხოლოდ შენ.

ამ ყვავილების გუნდს

ვჩუქნი ბავშვობის წლებს.

მხოლოდ შენ სურხარ გულს

და მხოლოდ შენთვის ძგერს.

ამ ციცარტყელას რკალს

შენთვის მოვტაცებ ფერს,

გიძღვნი საკუთარ თავს

და ჩემს სიცოცხლეს მთელს.



დღეს რა ნაზია ცა,

მიყვარხარ მხოლოდ შენ

და ახლა ერთი მწამს -

უფრო ნაზია მზე.































ბარხატი ფოთლები

ტრიოლეტი

ბარხატი ფოთლები შემოდგომის ბაღის

ნაზად ეფინება სამარეს ეულს.

გაყრია გულზე ცხოვრებით დაღლილს

ბარხატი ფოთლები შემოდგომის ბაღის.

აღარ აწუხებ ამ ქვეყნად არვის,

აღარც სულსა და გადაღლილ სხეულს,

ბარხატი ფოთლები შემოდგომის ბაღის

ნაზად ეფინება სამარეს ეულს.

































დრო

დრო მოკლავს სიხარულს,

დრო მოკლავს სიყვარულს,

დრო მოლკავს სილაღეს

და სილამაზეს,

დრო მოკლავს წარსულს და

დრო მოკლავს მომავალს,

დროს შევადარებ წასულ ორთქმავალს.

დროს ჩვენ მივყავართ შავ სიკვდილამდე,

დროს შეუძლია მოგვსპოს დილამდე.

დრო მოკლავს სიტურფეს,

დრო მოკლავს სიდამჭკნეს,

დრო მოკლავს საღსა და

დრო მოკლავს სიდამპლეს.

დრო მოკლავს პატარას,

დრო მოკლავს სიდიდეს,

დრო მოკლავს ცარიელს,

დრო მოკლავს სიმდიდრეს.

დრო შთანთქავს სასახლეს,

დრო შთანთქავს ქოხს,

დრო მოკლავს ბულბულს და

დრო მოკლავს ქორს.

დრო მოკლავს სიცილს და

დრო მოკლავს სიმწუხრეს,

დრო შთანთქავს ოქროს და

დრო მოკლავს სიმუხთლეს.

დრო მოკლავს უბედოს,

დრო მოკლავს ბედიანს,

დრო მოკლავს ჯანმრთელს და

დრო მოკლავს ბნედიანს.

დრო შთანთქავს თვითონ ცხოვრების ჟამსა...

და ჟამი გვშთანთქავს ყოველსა კაცსა.

დრო, დრო კი რა ცოტა გვქონია?!

დრო მოკლავს ყველაფერს...

რაც ჩვენ უკვდავი გვგონია.











რობაი

*

საბრალო არის უიმედო კაცი ამქვეყნად,

მაგრამ საბრალო უფრო მეტად ის მიმაჩნია,

უიმედოს რომ იმედს მისცემს მეორე კაცი,

მაგრამ რომ იცის სიტყვის გარდა

მას სხვა ძალა არ გააჩნია.

*

გამიგონია, პაპას ჩონგურზე უმღერია ეს სიმღერითო,

,,თუ ხარ ღარიბი, შენც ღარიბი უნდა შეირთო”

და თუ გგონია, მდიდარის შერთვით სიმდიდრეს ჰპოვებ,

ის რომ გახდება ბატონი შენი, ამას ძალზედ გვიან შეიცნობ.


*

ოჰ, რა ვართ კაცნი, ვფიქრობთ, ღმერთი გაგვააზატებს,

ჩვენ აღარ გვახსოვს, ბორკილები ხელებს ჩვენი ნებით დავადეთ.

მოგვცა ედემი, სიკეთე და სიცოცხლე ლაღი,

მცნება თიხაზე დაწერილი ჩვენვე უარვყვეთ და გადავაგდეთ.





*

შენ დედამიწა ჩვენთვის შექმენ და არა ზეცა,

ანგელოზთათვის კი შექმენი ფარული ზე ცა,

შენ, ანგელოზი აგიმხედრდა და ჩვენ რას გვერჩი,

რაა ამაში გასაკვირი, თუ კი ევა სულით დაეცა.

*

სულელია ფილოსოფოსი და ბრძენი გიჟი,

გული ხარბია, მამის ქონებით ვერ გაძღებიან მრავალი ძენი,

თუ გინდა ბრბო რომ მოიზიდო, უნდა იცრუო,

საქმე იოლი სხვისთვის უნდა გახადო ძნელი.



*


თიხას მოზელენ ზოგს დოქებად, ზოგსაც რქისებრივ.

რაში გვარგია, თუ არ ავავსებთ ჩვენ მათ სითხეთი,

თუ არ გავეცი, მაშ რად მინდა მე ის ქონება,

მიწაში ჩაფლული კაცს რას არგებს განძი ისეთი.


*

სიხარულსაც და მწუხარებას ერთი აქვს ფესვი,

ორივე თავბრუს დაგახვევს, თუ ღვინო არ შესვი.

ჩვენ ერთი რწმენით ვერ შევავსებთ ტვინის უჯრედებს,

გონებაში ხომ მრავლადა გვაქვს სხვადასხვა ფესვი.

*

ტანჯვის გარდა რა მოუტანა ჟამმა კაცის გულს,

უთევზო მდინარემ რა უნდა მისცეს საწყალ მებადურს,

როგორ არ სცოდო, როცა ვერაგი არის ბუნება.

უგნურებაა თუ უერთგულებ ქვეყნად შენ ორგულს.

*

ფარული მრუშობა ცოდვა არისო, არა გაქვს ნება,

სიცოცხლის ძაფი კაცმა არ იცი, როს გაგიწყდება.

ოჯახი შექმენო, არ ჩაგეთვლება მრუშობა ცოდვად,

მაგრამ არ ვიცი როდის გადაწყვეტს მას ბედისწერა.


*


მოწყალე არისო, შენზე ამბობენ, კეთილო ღმერთო,

წყურვილი მკლავდეს, დოქი სავსე წყლით მე წინ მედოს

რა ვქნა, ცდუნებას ვერ გავუძელ ადამიანმა

და ამისათვის გთხოვ, შემინდე, ცოდვილთა ღმერთო.

პოეტური კრებული



*

თუკი ამქვეყნად ყველაფერი ღმერთის შექმნილი არის,

ჰაერი, ცეცხლი, წყალი და ქარი.

მაშ, რად არ მიყვარდეს ჩემი სხეული?

ისიც ხომ ღვთისგან შექმნილი არის.



*

ამაო არის ყველა წმინდა წიგნის ბუნება,

მომწყინდა ქვეყნად ერთი აზრის ათად ბრუნება.

ამქვეყნად ერთი წიგნი არის მხოლოდ ამო,

ღმერთმა დაწერა და მას სახელად ჰქვია ბუნება.







*

წუთისოფელი მდინარეს ჰგავს, წამში მღვრივდება,

არ აქვს სათავე, ჩვენ ვერ ვხვდებით იგი თუ სად ჩაედინება.

სიცოცხლეც ასე ფარულია მოკვდავ თვალთათვის,

როდის ჩაქრება ჩვენ არ ვიცით, ანუ კიდევ როდის ინთება.

*

თუ მერწმუნებით ეს ნათქვამი რომ არის ქალის

ეჭვს მოერიდე, იგი არის, ვით ავი ძაღლი.

თუ დაგაეჭვა, სიმართლესაც ტყუილად მიიჩნევ,

გონს დაღრღნის ისე, ვით ხეს ფიტავს პატარა მატლი.










შეხსნილი საკინძე


შეგხსნია, გოგოვ, საკინძე,

მოგიჩანს ძუძუ ბროლისა,

ლამის მე გული გამისკდეს

მაგ შენი ეშხით პყრობილსა.

ვუცქერ სალ კლდეებს მდუმარეს

ცაში რომ თვლემენ ოცნებით,

ვუმზერ ძუძუზე წითელ ხალს

როგორც ყაყაჩოს მოცელილს,

ვუმზერ და გულიც ვერ ითმენს,

ნამი მწყურია მოლისა,

შეგხსნია, გოგოვ, საკინძე,

და გიჩანს ძუძუ ბროლისა.

















მთვარე იყო თუ მზე იყო

მე მინდოდა, ერთ მოსმით რომ შემექმნა სახე,

სიზმარში რომ წამიერად ნამთვრალებმა ვნახე.

სახე იყო ფერგამკრთალი, ძალზედ მიმზიდველი,

დემონური სილამაზე მიზიდავდა მწველი.



სურნელს მისას გადმონაფქვევს ვგრძნობდი არ მიწიერს,

მსურს, კვლავ ვნახო, თუგინდ შემდეგ წავყვე ალიგიერს.

ეს არ იყო არც სიცხადე, მგონი არც სიზმარი,

ალბათ ღმერთს არ შეუქმნია, ოჰ, ასეთი ქალი.

იმ დღის შემდეგ მძულს სიფხიზლე და არც მინდა ძილი,

რაც ის ვნახე გავმიჯნურდი, დავეჩვიე ტირილს.

სიზმარსა და ცხადის შორის ვგრძნობდი მოჩვენებას.

ჩემი სუსტი წერტილია, რომ ვერ ვთოკავ ვნებას.

გარინდული ვარ მას შემდეგ, აზრს ვერ ვუგებ სიტყვას,

ვით დემონი მომელანდა, მაგრამ მაინც მიყვარს.

ეს დღე თითქოს იდუმალად წარსულ ერთ დღესა ჰგავს

და მომავალს ვგრძნობ მე უგრძნოდ,

ვხედავ წლებთა ამქარს.

ფიქრთა ქაფი მდინარებას გაჰყვა ველურ ტახოს

და მე მინდა წამიერად კვლავ ის ქალი ვნახო.



იდუმალად მომეჩვენა, ვერ აღვიქვი სახე,

სიზმარში რომ ნამთვრალებმა იმ ბნელ ღამით ვნახე,

ტანს ლერწმისას უფარავდა ვარდისფერი არე,

მთვარე იყო, თუ მზე იყო, მზე იყო თუ მთვარე.
















ლალე

ლალე, ლალე, ლალეო,

დივლი დალალალეო.

შენს ძებნაში, საყვარელო,

ზღვა ცრემლები ვღვარეო.

ლალე, ლალე, ლალეო,

დივლი დალალალეო.

ეს ვარდობის ჭაბუკობა

ეკლად ჩამამწარეო.

ლალე, ლალე, ლალეო,

დივლი დალალალეო

ვერ ვიცანი მე სამშობლოს

უდაბური მხარეო.

ლალე, ლალე, ლალეო,

დივლი დალალალეო

მტერმა გულში დანა ჩამსცა,

რომ ვერ შევიყვარეო.

ლალე, ლალე, ლალეო,

დივლი დალალალეო.

დედავ, მიწის ნაცვლად, მე გთხოვ,

ცრემლი დამაყარეო.


შენს ძებნაში, საყვარელო,

ზღვა ცრემლები ვღვარეო.

ეს ვარდობის ჭაბუკობა

ეკლად ჩამამწარეო.



ლალე, ლალე, ლალეო,

დივლი დალალალეო.

















გული

გულო, მეძავი ქალი ხარ,

შმაგ სურვილებს რომ ნებდები.

ხან საშინელი ქარი ხარ,

ხან ელვარე მზეს ედრები.

ხან ცრემლების ზღვა აგავსებს,

დაგრთგუნავს ბნელი დარდები,

ხან ცის ნამივით ბრწყინდები,

გეშლება ველზე ვარდები.

ხან ღრუბლებს გავხარ მოქუფრულს,

ელვას ზეცაზე საშინელს,

ხან არად გიღირს სიკვდილი

და ხან სიცოცხლე გაშინებს.

გულო, მეძავი ქალი ხარ,

ათას სურვილს რომ ნებდები,

ყოველ წამს ახალგაზრდა ხარ,

მაგრამ ყოველ წუთს ბერდები.





















აგვისტოს ყვავილები

აგვისტოს ყვავილებს დაისზე მოცელილს

სიკვდილი ელოდა გაშლილი ხელებით.

პატარა ანგელოზს დაღლილს და მოწყენილს

თვალებზე ალმასის სცვივოდა ცრემლები.

დნებოდა ოცნება, დაქნილი სანთელი,

ის იყო მარადის სატრფოზე მგლოველი,

ლოცვებს დავიწყებულს და ცოდვებს გამხელილს

სიონში ისმენდა დედა ღვთისმშობელი.



იყო სინანული, წამება ერთგვარი,

სად იყო გოდება მოსათიბ ველების,

სიკვდილთან საომრად სულს ეცვა ბექთარი

და რეკვდნენ ზარები, ველური ცხენები.

და იყო სიზმრები, და იყო ლანდები,

დღეები, რომელიც მან ვეღარ იხილა,

გულს კლავდა ფიქრების ნოტიო ნაღველი,

არ სურდა გაფრენა მას დედამიწიდან.

ჩამქრალი თვალები უდაბნოს ქვიშაზე

ეყარა სამარეს ვით შავი ბელტები.

აგვისტოს ყვავილი, ვით უცხო სინაზე

უხმობდა სიცოცხლეს, სიცოცხლეს ვედრებით.

და მაინც აგვისტოს ყვავილებს მოცელილს

სიკვდილი ელოდა გაშლილი ხელებით.

ანგელოზს დაღლილს და ანგელოზს მოწყენილს

თვალებზე ღვართქაფით ცვივოდა ცრემლები.




















ოჰ ვინ გაიგებს

სონეტი


ყველას ჰგონია თითქოს, ღვინო შენ გიყვარს ძლიერ,

თიხის სასმისთან შენი სახე თითქოს ბრწყინდება.

ოჰ, ვინ გაიგებს, შენ რისთვის სვამ დემონის ცრემლებს

და თუ რატომ გსურს შენ ყველაფრის გადავიწყება.

ოჰ, ვინ რა იცის, დღეს შენს სულში რა ქარ-ცეცხლია,

მაისის გულში ენძელები თუ რატომ ჭკნება,

ფიქრი, წამება, ეშმა ჯვარზე და პოეზია,

შეშლამდე გტანჯავს ოცნებები ნისლში რომ ქრება.

გაწუხებს რატომ შეუცნობი ქრისტეს ოსანა,

სულ სხვა ფიალით და სხვა ღვინით რად ხარ დამთვრალი,

ან რატომ გაკრთობს მშობლიური შენ იავნანა

ან და რად გათრობს საქართველოს შენ მთა და ბარი

ოჰ, ვინ გაიგებს, რისთვის თვრები თავდავიწყებით

და შენ სულის ყანწს რატომ ავსებს მზის ნიაღვარი.

პოეტური კრებული





























უკანასკნელად

ერთხელ ხომ მაინც ატირდები ჩემთვის, ძვირფასო,

ერთხელ ხომ მაინც დამეყრება მკვდარს შენი ცრემლი,

ერთხელ ხომ მაინც იტყვი ჩემზე – ძლიერ მიყვარსო,

ოჰ, რა მაწარეა განშორების შენთან ეს დღენი.

უკანასკნელად ჩამჩრი ყვავილს გამჭკნარ თითებში,

უკანასკნელად გამიხურებს შუბლს შენი კოცნა,

ო, რა მშვიდი და უგრძნობელი ვიქნები მაშინ,

ჩუმად რომ იტყვი ჩემს კუბოსთან წარმართულ ლოცვას.

ჰეი, აჩქარდით ჩემი ყოფნის შმაგო დღეებო,

რომ მე სიკვდილმა მომიღეროს ელვარე ცელი,

იმ წამებისთვის მე სიცოცხლეც არ მენანება

უკანასკნელად რომ მაკოცებ გაყინულ შუბლზე,

როცა გარდაცვლილს დამეყრება მე შენი ცრემლი.

ერთხელ ხომ მაინც ატირდები ჩემთვის, ძვირფასო,

მოგაგონდება როცა ჩემი ღიმილი მწველი,

ერთხელ ხომ მაინც იტყვი ჩემზე _ ძლიერ მიყვარსო _

ერთხელ ხომ მაინც დამეყრება მკვდარს ცივი ცრემლი.


























დამრჩა იმედი

მთრთოლვარ თითებზე რომ შემახე

ფერმკრთალნი ღაწვნი,

მაშინ აძგერდა გული ტანჯული...

და ვეფერები ახლა ჩემს თითებს,

უიმედობით ჯვარზე გაკრული.

ოჰ, რატომ შერჩა ამ დაღლილ თითებს

ეს ნაზი სუნი, სულს რომ აწამებს.

გული მიკვდება, რომ მე ისევ ვგრძნობ

ჩემს ხელზე ცრემლით დახრილ წამწამებს.

თან მსდევს სურნელი და თითქოს მახრჩობს,

უნდა ღმერთს მისცეს ალბათ სარჩელი.

თვით ამ თითებით მოვიკლავ ჩემს თავს

და ეს იქნება ბედის სასჯელი.

რომ გულმა ვერ თქვა სანუგეშებლად

სიტყვები, თუმც კი გააჩნდა ბევრი.

იმ განშორებას თქვი, ვით გაუძელ,

სულო, როცა შენ გახრჩობდა ცრემლი.

ოჰ, რატომ შერჩა ამ დაღლილ თითებს

ეს ნაზი სუნი, სულს რომ აწამებს.

გული მიკვდება, რომ მე ისევ ვგრძნობ

ჩემს ხელზე ცრემლით დახრილ წამწამებს.

დამრჩა იმედი შენი, სიკვდილო,

მოდი, სიცოცხლით ვიგრძენი დაღლა!

უსიყვარულოდ, უსიხარულოდ,

რომ აზრი არ აქვს სიცოცხლეს ახლა.



















გამოთხოვება

მივდივარ შორით, უშორეს ცაში,

რომ დაივიწყო ჩემი წყრომები.

ნუ დამიტირებ საბრალოს ქარში,

სამარადისოდ გემშვიდობები!

მივდივარ, მიმაქვს თვალებით ცრემლი,

უკანასკნელი მზის ანდერძები,

მიხმობს სამშობლო ოდესღაც დევნილს,

ალისფერ ვაზის ლორთქო ლერწებით.

მივდივარ, მიმაქვს ლურჯი ოცნება,

რომ მიმოვფანტო ქარში ვარდები,

ჩემი ლოცვებიც აღარ მოგწვდება,

არ დაგაღონებს ჩემი დარდებიც.

მივდივარ შორით, ვხედავ სასთუმალს,

მორთული არის სხვა ჟასმინებით.

იქ მიცდის უხმო იდუმალება,

აისისფერი ცივი მინებით.

მივდივარ შორით ულურჯეს ცაში,

რომ დაივიწყო ჩემი წყრომები.

ნუ დამიტირებ უბედურს ქარში,

სამარადისოდ გემშვიდობები!

მიმაქვს სამსხვერპლოდ დღეთა ალები

უზიარებელ განსვენებისთვის.

მივდივარ, მართლა არ დანანებით,

იმ წუთისთვის და იმ წამებისთვის.

მივდივარ, მიმაქვს უგრძნობი კოცნა,

სხვა სიყვარულის გამოთხოვებით,

ჩემებრ ნაღველი უგრძვნია მოცარტს,

რასაც ვერ გრძნობდა თვით ბეთჰოვენი.














პოეტთა შორის მთელ საწუთროში

მე ვარ პოეტი Gუღარიბესი.

დღეს ჩემი ლექსი არა ღირს გროში,

არც მინდა, ღირდეს გროში ეს ლექსი.

მივდივარ იქეთ თან არრა მიმაქვს,

მივდივარ ისე, როგორც მოვედი,

შეხედე ლურჯ ცას, ვერცხლისფერ წვიმას -

იქ მიმოქროლავს სული პოეტის.



მივდივარ შორით, ულურჯეს ცაში,

რომ დაივიწყო ჩემი წყრომები.

ნუ დამიტირებ საბრალოს ქარში,

სამარადისოდ გემშვიდობები!..
































მიხმობს ზეცა

სულს ხიბლავდა ღამით მთვარე,

გული მზეზე იწვოდა.

თვისი ხელი სიმწუხარემ

თრთოლვით გამომიწოდა.

დამაობლა სიყვარულმა,

აღარ მინდა სიცოცხლე.

მსურს, შეწყვიტოს ფეთქვა გულმა,

მაღლით ზეცა მიხმობდეს.

გაქრნენ წლები სიყმაწვილის,

დაჭკნენ, როგორც ვარდები,

თან წაიღეს ოცნებებიც,

დამრჩა მხოლოდ დარდები.

მწვანე მდელო გადაყვითლდა,

ხმება ხეთა ლაშქარი,

სადღაც გაქრა გაზაფხული,

მოდის ცივი ზამთარი.

შორს, შორს დარჩა ლურჯი მთები -

აპრილს დახატულები,

ივერცხლება ახლა თმები,

შრება ნაკადულები.

მიხმობს, მიხმობს მდუმარება

მარტოობის უბეში,

მიხმობს ახლა მაღლით ზეცა -

ერთადერთი ნუგეში.



მოვალ, მოვალ, შენთან მოვალ,

იდუმალო სამყაროვ,

რომ მარადის შენთან ვიყო,

რომ ვერრა რამ გაგვყაროს.

თუმცა გაქრა სიყმაწვილე,

ცრემლები დგას უპეში,

მაგრამ მიხმობს მაღლით ზეცა -

ერთადერთი ნუგეში.














ეპიტაფია

მე ხომ დიდება არ მითხოვია,

მე ხომ უბრალო რამეს ვითხოვდი,

მე თანაგრძნობა მსურდა ხალხისგან,

ხელებგაწვდილი მათკენ ვილტვოდი.

მაგრამ ეს ლტოლვა ლტოლვად რჩებოდა,

რადგან ოცნება ვერ შევიცვალე.

ვცხოვრობდი ხალხთან, ვიყავი ხალხში,

მაგრამ ეულად გარდავიცვალე.








































სარჩევი.