გური ანუ ტრადიციების გამგრძელებელი
გური ანუ ტრადიციების გამგრძელებელიმე მქვია გურამი. მამაჩემი გურის მეძახის, ის სპარსული ენის სპეციალისტია, სპარსულად კი ჩემი მოფერებითი სახელი ითარგმნება როგორც \"ლომის ბოკვერი\".
შესაბამისად მამაჩემს ლომობაზე აქვს პრეტენზია, ისე ცოტათი ჰგავს კიდეც ამ ცხოველს, ამაყია, მამაცი, ძლიერი, ლომის ფაფარის მსგავსი თმაც აქვს, უყვარს ხორცი და ღრიალი. დედაჩემი ნაზი და წყნარი ქალია, მისმა მშობლებმა, როგორც ჩანს, იყნოსეს როგორი შვილიც ეყოლებოდათ, ან უბრალოდ უნდოდათ ასეთი რომ ჰყოლოდათ და სახელად ნუკრი დაარქვეს. უფრო გვარიშვილობის თავისებური გენეტიკის ამბავია, თორემ ნუკრი კაცებსაც ხომ ჰქვიათ?.. ამის გამო ერთხელ დედაჩემს კომისარიატიდან მოწვევაც კი მოუვიდა: \"ბატონო ნუკრი, გთხოვთ ნუ აყოვნებთ ჯარის სავალდებულო კურსის გავლასო\". არადა რა ჯარი, ნუკრივით დიდი, წყლიანი და სათნო თვალები აქვს. მამაჩემი რომ სამსახურში მიდის, მოიწყენს და სულ ფანჯრიდან იყურება, ბებიაჩემი კი ბუზღუნ-ბუზღუნით აკეთებს სახლში ყველა საქმეს. მიუხედავად ამისა, ეზოს ჭორები ბებომ გაცილებით უკეთ იცის ვიდრე დედამ და საღამოს, ვახშამზე, როცა ბებია უბნის ამბების დაწვრილებით მოყოლას იწყებს, ჩვენ ხმას ვუწევთ ტელევიზორს, ის კი ისევ ბუზღუნებს: არაფერი გაინტერესებთ თქვენო...
ვის გაუჩნდით ასეთი უჯიშოებიო...
მოკლედ ბებო ბუზღუნისთვის არის გაჩენილი, დედა სიმშვიდისთვის, მამა სიამაყისთვის, აი, მე ჯერ არ ვიცი. ჯერ კიდევ თვეში ერთხელ მაინც მეცვლება ხასიათი, ამ ეტაპზე ვარ ჯიუტი, მიყვარს ძილი, დავდივარ ჭუჭყიანი, ჩაჩაჩული ტანსაცმლით და გაუწმენდავი ფეხსაცმლით, თუ ბებო გამირეცხავს ვეჩხუბები... საერთოდ ვჩხუბობ ბევრს, უმიზეზოდაც, მიყვარს გოგონები, უფრო ქალები, ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ, მამამ მითხრა ჩვიდმეტი წლის ღლაპი ხარ და ორი ღლაპის შენახვის თავი არ მაქვსო. ისე ცოლზე მიფიქრია ლამაზ და გრძელთმიანი ცოლი მინდა, ქალის ძალა ხომ თმაშია, ხოლო თუ მისი ძლიერება მომბეზრდა ავდგები და შევაჭრი, თუ შეჭრაზე უარი განაცხადა, ავდგები და ამ თმით ვითრევ, მოკლედ შემს ხელში იქნება რა. ბებო ამბობს: თმა თმაა, მთავარია ვინმე უჟმური და მახინჯი არ მოათრიოო, მამა ამბობს: სწორად მსჯელობს ბავშვი, ის მაინც არ გახსოვთ ქალღმერთ დალის თმის მოკვეთით როგორ წაართვა მონადირემ ძალაო. დედა სდუმს, საერთოდ ცხარე კამათის დროს დედა ყოველთვის ასე იქცევა.
მამას საქართველოს დედოფლები სწორედ მისნაირები წარმოუდგენია (თან გვარიშვილობაც უწყობს ხელს), ამიტომ თვლის რომ იდეალური მანერების ცოლი შეხვდა. დედა მაინცდამაინც არ ფიქრობს, რომ მისი მეუღლე მეფური ღირსებებით გამოირჩევა, მაგრამ მთავარია _ სდუმს. ბებო ამბობს: ყველა ცოლი უკმაყოფილოა საკუთარი ქმრით, ყველა შეყვარებული ქმარი კი კმაყოფილიო. ლადო ასათიანი კი წერს:
\"კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა,
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა.\"
მე არ ვიცი რომელს დავუჯერო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გრძელთმიანი ცოლი მინდააა. რატომღაც ძალიან ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩემთვის ამ გრძელ თმას. საერთოდ ოჯახში ძალიან გვეხერხება სიმბოლური საქციელები. მაგალითად ფანჯარასთან მჯდომი დედა ფიფქიას ზღაპრის რუსული ვერსიიდან ბაძავს პერსონაჟს, რომელიც იმის გამო, რომ დიდხანს გასცქეროდა თოვლს ულამაზესი იყო და შვილიც ულამაზესი გაუჩნდა, ჩემი გარეგნობისთვის ეს ეპითეტი ნაკლებდა გამოდგება, თუმცა დედა ასეთი საქციელით სიმბოლურად სამეფო და სააპარტამენტო განწყობას ნამდვილად იქმნის.
მამა ყველაზე თავგამოდებული \"სიმბოლისტია\", რომ ვთხოვ წყალი მომაწოდე- მეთქი, აუცილებლად ცარიელ ჭიქას გამომიწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, წყალი კი პატარისაა. ერთი ბებო მყავს რეალისტი, მაგრამ მე რა თქმა უნდა უფრო მშობლებს დავემსგავსე და ამიტომ მიყვარს სიმბოლოები, სამწუხაროა რომ ჩემს სიმბოლურ საქციელებს მშობლების გარდა ვერავინ იგებს. ერთხელ ერთ არაჩვეულებრივი თმის მქონე გოგონას სიყვარული ავუხსენი და მერე ვთხოვე ფრჩხილი ეჩუქებინა ჩემთვის, დაიბნა. რა მიხვედრა უნდოდა იმას, რომ მე ვგულისხმობდი ფრთოვან ფრაზას, რომელიც ასე ჟღერს: \"შენს ფრჩხილადაც არ ვღირვარ\", მერე ვიფიქრე, ალბათ ცოტა ძნელია მისთვის ასე ღრმა შრეების გახსნა და უფრო გავუმარტივე, ვეკვეთე იქვე დაგდებულ ლოდს და გადავაგორე, ვიფიქრე \"სიყვარულო ძალსა შენსა\" მაინც გაახსენდება-მეთქი, მაგრამ ისევ არ დაიბნა?.. ამ დროს დავინახე ონკანი, ბოლომდე მოვუშვი და წყალს ისეთი მიმართულება მივეცი, რომ ჩემსა და მას შორის გუბე დამდგარიყო, ვიფიქრე წიგნს თუ არ კითხულობს სიმღერა მაინც ექნება მოსმენილი-მეთქი:
"შენ იქით ხარ მე კი აქეთ ჭირიმე,
შუა გვიდევს კოჭებამდე მდინარე,
ცოტა ღრმა და ცოტა ფართე რომ იყოს,
იქნებ ვინმემ ზედ ხიდიც კი გაგვიგოს."
რა ხიდი, რის ხიდი, ყველა ისე უცნაურად მიყურებდა, თითქოს რაღაც საშინელება ჩამედინოს. ეს გოგო კიდევ არ ადგა და არ წავიდა. რა უცნაურია, გოგოს ასეთი თმა ჰქონდეს და ასეთი მიუხვედრელი იყოს, - გავიფიქრე მე და ლამის საკუთარ პრინციპებში შემეპარა ეჭვი.
მეორე დღეს ის გოგონა თმაშეკრეჭილი დავინახე იმავე ადგილას და მივხვდი რაშიც იყო საქმე, დავაგვიანე. როცა სიყვერული ავუხსენი, როგორც ჩანს, მას უკვე თმის მოკვეთა ჰქონდა გადაწყვეტილი, მისი გონება უკვე ფსიქოლოგიურად მზად იყო იმისთვის რომ ძალა დაეკარგა, შესუსტებულიყო, თორემ რომ არ დამეგვიანებინა, დარწმუნებული ვარ მისი მშვენიერი თმა წამში მიიღებდა და აღიქვამდა ჩემს მიერ მიწოდებულ სასიყვარულო იმპულსებს..