ელექტრონული ბიბლიოთეკა
» პროზა » პოეზია » ესსე » ფოლკლორი » ინტერვიუ » საბავშვო








 ნიკოლოზ  ბარათაშვილი
(ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...)           გაზიარება გადმოწერა
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,

პირველად ქმნილსა ფერს

და არ ამ ქვეყნიერს,

სიყრმიდგან ვეტრფოდი.


და ახლაც, როს სისხლი

მაქვს გაციებული,

ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო

არ ოდეს ფერსა სხვას.


თვალებში მშვენიერს

ვეტრფი მე ცისა ფერს;

მოსრული იგი ცით

გამოკრთის სიამით.


ფიქრი მე სანატრი

მიმიწვევს ცისა ქედს,

რომ ეშხით დამდნარი

შევერთო ლურჯსა ფერს.


მოვკვდები — ვერ ვნახავ

ცრემლსა მე მშობლიურს, —

მის ნაცვლად ცა ლურჯი

დამაფრქვევს ცვარს ციურს!


სამარეს ჩემსა, როს

გარს ნისლი მოეცვას —

იგიცა შესწიროს

ციაგმან ლურჯსა ცას!